Tuesday, April 9, 2024

ზელიმხან მაღრაძის მოთხრობა „ქვაკაცა“

(გამოქვეყნებულია ზ. მაღრაძის წიგნში „მთვლემარე რაინდები“, თბილისი, 2016 წ. ქვემოთ შემოგთავაზებთ ავტორის მიერ კიდევ უფრო შევსებულ ვარიანტს) 


                          მცირე რეცენზია მოთხრობაზე

აქ წარმოგიდგენთ ზელიმხან მაღრაძის მოთხრობას „ქვაკაცა“. გარდა იმისა, რომ ნაწარმოები გამოირჩევა საოცარი სიწრფელითა და მშობლიურის დაცვის დიდი გრძნობით, – რაც აგრძელებს ქართული ლიტერატურის ტრადიციას, – იგი იმავ დროს, შესაძლოა, მივაკუთვნოთ თანამედროვე მოთხრობას. რას ნიშნავს ეს: აღწერა რა მოხრობის გმირის – სიმონა ბერიძის – მოწამეობრივი ამბავი, რაც გამოიხატება ქრისტეს რჯულის მტკიცე რწმენითა და მისდამი გაუტეხელობით, მწერალი, როგორც ანტიკური და კლასიკური ლიტერატურის პერიოდის შემოქმედივით, მოთხრობის ბოლოში წერტილს არ სვამს. იგი თანამედროვე, ბრეხტისეულ ანალიზს მიმართავს თავისი მოთხრობის გმირისას. მოთხრობას ფაქტიურად მეორე ესსე-მოთხრობა მიებმის, როცა პერსონაჟის თვალით თანამედროვე ცხოვრებას გაფილტრავს და სტოვებს მკითხველისათვის შეურყვნელ, მინარევების გარეშე სუფთა მასალას, რაც ბუნებრივია, რაც ძვალსა და რბილში აქვს ქართველს გამჯდარი. 

იმასაც დავსძენ, ეს ხერხი – ბრეხტისეული – მთხრობელისათვის თავისთავადია გარკვეული სახეცვლილებით, როცა იგი პერსონაჟს თავად არ აამბობინებს თავის თავგადასავალს, არამედ თვითონ მწერალი აგრძელებს მის სიცოცხლეს დღემდე. 

ლევან გოთუას მოწაფე ვარო, აღნიშნავს, და მართლაც, ასე სულში და გულში გაგიჯდეს შენი წინაპრის ცხოვრება და მისმა მძიმე ვითარებამ განწმენდის ცრემლები გადინოს, მე იშვიათად მინახავს. ვფიქრობ, ახალგაზრდები უნდა სწავლობდნენ ამგვარ, ახლად ქმნილ ნაწარმოებებს. 

                                                                                                მარიამ ქსოვრელი 





                                               ზელიმხან მაღრაძე 
                                                         = ქვაკაცა= 

ზარების რეკვამ შესძრა მთასავით მაღალი და მხრებგანიერი, ქოსა თარაქამა. თავის დღეში არ სმენია ზარის რეკვა, ასე ახლოს არასოდეს მდგარა ტაძრის სამრეკლოსთან. რომ ვერ გაუძლო ზარის რეკვას, ყურებზე ხელები აიფარა და თავი მხრებში ჩარგო, ბოლოს ცხენს დეზი ჰკრა და ეკლესიის ეზოდან გამოვარდა გაოგნებული. მასთან ცხენზე ამხედრებული, იარაღმომარჯვებული, მხრებში მოხრილი, 50 წელს გადაცილებული გრძელწვერა თარაქამა მიიჭრა და ჩასძახა: თუ მიბრძანებ, ამ ზარს ახლავე გავაჩუმებო. მათრახი გადაჰკრა მთელი ძალით ქოსა გოლიათმა მის ცხენს; წვეროსანს თითქოს ფეხქვეშ მიწა გამოეცალაო, თავი რომ ვერ შეიკავა, ცხენიდან ჩამოვარდა და დაენარცხა მიწაზე. 

– მაგის დროც მოვა, კუზიანო ბებერო. ახლა ზარის რეკვა ჩვენი ხეირია, ზარის რეკვაზე ხალხი ეკლესიას აწყდება ყოველი მხრიდან, მე კი აქ ხალხის წასაყვანად წამოვედი. ხვალ აღდგომა უნდა იზეიმონ გურჯებმა და ხალხი ზარის რეკვაზე აქ, ეკლესიაში მოდის და არა მინდორში; შენ რა გენაღვლება, აქ პირველად ხარ, მე კი მესამედ ვლაშქრავ ამ სოფელს. ერთხელ 24 კაცი დავმარხეთ, აი იმ ბექობზე. მეორედ 8 კაცი მივუწვინეთ გვერდით და ერთი კაციც ვერ მოვკალით სამაგიეროდ; დახოცილ ხალხს აღარ ვჩივი, ამდენი ტყვია-წამალი შევახარჯე ამ სოფელს და ერთი ტყვეც ვერ წავიყვანე აქედან. ვერც საქონელი წავასხით საკმარისი, რაც წავასხით, ისიც გზაში შემოგვეჭამა და ხელცარიელი დავბრუნდით. ახლა რადაც არ უნდა დამიჯდეს გადაწყვეტილი მაქვს, სულ ცოტა 100 კაცი უნდა წავიმძღვანო წინ, 100 ტყვე – ქალიან-კაციანად, თუ არა, ჩემსა და შენს ტყავს იქ ბაზარში გამოჰფენენ; იმ ტყვია-წამალს არავინ გვაპატიებს, ახლა სხვა დროა, სხვა... 

ეს დრო კი 1919 წლის 18 აპრილი იყო, მესამე დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული უნდა გათენებულიყო. ირგვლივ შფოთი და გმინვა სუფევდა, ეს ბოლო ორი წელიწადი განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა სამცხე-საჯავახოში მცხოვრები მართლმადიდებელი ქართველებისთვის. გასული წელი ხომ მოსაგონრადაც შემზარავი იყო, ზედიზედ ორი თავდასხმა გადაიტანეს ზედა თმოგველებმა. ორჯერვე სოფლიდან გაიხიზნენ, ერთი გაზაფხულზე, ხოლო მეორედ შემოდგომაზე. პირველად ვანის ქვაბებს შეაფარეს თავი და თითქმის ერთი თვე იყვნენ გამოქვაბულებში. მეორედ შემოსევისას მთლიანად აიყარა ქართველი მოსახლეობა და თრიალეთის ქედს მიღმა, დედა ქართლს შეაფარა თავი. გაზაფხულზე მაინც დაბრუნდნენ, ვერ გაძლეს მშობლიური სოფლის გარეშე. აი, სოფლიდან გასვლას კი, ერიდებოდნენ. მაქსა – სოფლის ქომაგი. – ვისზეც მიყუდებული იყო სოფელი – თრიალეთიდან დაბრუნებულს, ტიფი შეეყარა და დამარხეს. ადგილობრივმა თურქმა მოსახლეობამ, მაქსას სიკვდილი ზეიმით აღნიშნა და ახლა თამამად დაძრწოდნენ სოფლის გარშემო მიდამოებში. ისედაც ერთიათად, რომ ჭარბობდა ქართველ მოსახლეობას, მაგრამ რიდი მაინც ჰქონდათ და სოფელში შესვლას ვერ ბედავდნენ. ყველამ კარგად იცოდა, თუ რა ზიანი მიაყენა ზედა თმოგველებმა გასულ წელს მომხდურთ, ამიტომ გაურბოდნენ, მათთვის ეს სოფელი და იქ მცხოვრები ხალხი – ლეგენდა ხალხი იყო. ყველას სჯეროდა, რომ ზედა თმოგვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მფარველობდა სოფელს. მის გარშემო ოთხ მხრივ აღმართული სალოცავები: – ამაღლების, გუგუმჯვარი წმინდა დანიელის და წმინდა ბარბარეს სახელობის სალოცავი იცავდა სოფელს. სოფლის მადლიანი მღვდელი, გვარად ავალიანი, დღე და ღამ ლოცვაში ატარებდა, მის თვალზე ცრემლი არც შემშრალა ამ ერთი წლის განმავლობაში; სოფლად არც ერთი ბავშვი ახალშობილი- ცოცხალი არ გადარჩენილა და არავის უქორწინია; ყველა მას შეჰყურებდა ხელში, თვალი და ყური მისკენ ჰქონდათ მიმარჯვებული, ყველას სჯეროდა მისი სიბრძნის და ახლაც მის ღერძზე ტრიალებდა მთელი სოფლის ბედი. 

ჯავახეთში სომხები იყვნენ აღრენილები; თბილისში კოჯორთან რომ დამარცხდნენ მათი თანამოძმენი, აი იმ რაზმში დაშნაკებთან ერთად ჯავახეთში მცხოვრებ სომეხთა უმრავლესობა – ჯავახი სომხობა იბრძოდა ქართველების წინააღმდეგ. მერე თავქუდმოგლეჯილები გარბოდნენ თბილისიდან და ახლა, – გულში ბოღმაჩადებულები – ცდილობდნენ შური ეძიათ, ქართულ მოდგმაზე ისინი ყველანაირ ღონეს ხმარობდნენ, რომ რაიმე ზიანი მიეყენებინათ ქართველებისთვის, მაგრამ ქურდულად, ზურგში ჩარტყმით. სომხებთან შედარებით თათრები უფრო ღირსეულად გამოიყურებოდნენ, მათ მტერი ერქვათ და მტრობდნენ, მტერს ან ებრძვი, ან ერიდები; – ჰოდა ორ წყალს შუა მყოფი ზედა თმოგველები დიდი თათბირის შემდეგ, რადგან ჯავახეთისკენ გზა აღარ არსებობდა, და ტყვია-წამალიც ფაქტიურად აღარ ჰქონდათ – იქვე, ტყეში გაიხიზნენ. სოფლის მღვდელი, თაობდა ამ საქმესაც. 

რაც მათთვის ძვირფასი იყო; ან რა ექნებოდათ 1 წელიწადში ორჯერ აწიოკებულ და გახიზნულ ხალხს – ყველაფერი საგულდაგულოდ გადამალეს. პური მათი მარჩენალი ზედა თმოგველებს ყოველთვის მინდვრად, ორმოებში ჰქონდათ შენახული. ასე რომ ახლა სოფლის ბედი ტყეს მიაბარებს, მაგრამ მოხუცებმა უარი თქვეს სოფლიდან წასვლაზე, არც მღვდელმა მიატოვა ისინი და მათთან დარჩა. 

სოფლის რჩეული ახალგაზრდობა, ღამღამობით შემოდიოდა სოფელში, ამბავს გებულობდა და თან გადამალული სანოვაგით ამარაგებდნენ ტყეში მცხოვრებ ხალხს. ფიაში მცხოვრებ თარაქამებს ვერ დაევიწყებინათ წყენა, მაქსას სიკვდილით წაქეზებულებმა, ახლა თურქეთიდან შემოსული რაზმების იმედით, იარაღს მოჰკიდეს ხელი და გაიგეს რა ზედა თმოგვი სოფლიდან გაიხიზნაო, თავი გამოიდეს და ტყეში დაუწყეს ძებნა. ტყეში ამოსულ კვამლს ეძებდნენ, რომ მერე დაებეზღებინათ მომხდურებთან. ტყეში შესვლას კი ვერ ბედავდნენ, ეშინოდათ, ამიტომ სოფლიდან სოფელში შარა გზებზე დაწანწალებდნენ. იმ მადლიან დილას სოფლიდან ტყეში მიმავალი 4 ახალგაზრდა, რომლებმაც ის-ის იყო ტყიდან სახლამდე გააცილეს მღვდელი, ავადმყოფის საზიარებლად რომ ჰყავდათ ტყეში შეხიზნულ სოფელთან მიწვეული თან სააღდგომოდ აღსარება ჩაიბარა და დაარიგა და გაამხნევა, სულ უიმედობას რომ ხელი არ დაერია ხალხისთვის ხელი და აი უკან დაბრუნებისას, საგომოს ტყის თავში გადაეყარნენ ფიელ თურქებს, 8 თოფიან კაცს. სამმა მოასწრო შეუმჩნევლად მიმალვა იქვე ბუჩქებში და ტყეს მისცეს თავი, ხოლო ერთი მათთაგანი პირდაპირ შეეფეთა თოფმომარჯვებულ ფიელებს და იძულებული გახდა ტყვედ ჩაბარებოდა. არადა იქვე სულ ახლოს იყვნენ სოფლის კაცები საკმარისი იყო ერთი დაძახება და იქვე ტყის თავზე შესძლებდნენ მათ განიარაღებას და ბიჭსაც იხსნიდნენ ტყვეობიდან, მაგრამ თავიანთი უნიათობა რომ დაეფარათ გაჩუმება არჩიეს, რადგან დარწმუნებულები იყვნენ რომ ის, ვინც ტყვედ ჩავარდა ცოცხალი აღარ გადარჩებოდა, ამიტომგაჩუმდნენ... 

ქოსა გოლიათი აღტაცებას ვერ მალავდა ჭაბუკი კაცის ხელში ჩაგდებით, იფიქრა საიდუმლო სამალავს დავტყუებო და ჯერ როგორც თანასწორი და თანატოლი გვერდით მოისვა კოცონთან და სოფლის ამბავი ჰკითხა. ჭაბუკმა ხერხი იხმარა და მე ამ სოფლელი არა ვარო, უთხრა. აი გაღმა ჯავახეთიდან გამოვედი, გავიგე სოფელი გაქცეულა, ხარი მაკლია, ერთი, ცალუღელა ხარი მყავს და ვიფიქრე, სადმე მიტოვებულ ხარს თუ წავაწყდები, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფსო, მაგრამ ამ ხალხს გადავეყარე და აქ მომიყვანესო. თარაქამამ დაიჯერა კიდეც ჭაბუკი კაცის ზღაპრები. 

– თუ ასეა, მაშ, მოდი ჩემ რაზმში, მაჰმადის რჯული იწამე და საქონელი რამდენიც გინდა იმდენი გეყოლება, – შესთავაზა ჭაბუკს ქოსა გოლიათმა. 

– თოფს და ცხენს თუ მომცემ, რატომაც არა – უპასუხა ჭაბუკმა, მაგრამ რჯულს ვერ შევიცვლი, არც არავის მოეწონება ერთ დაძახებაზე კაცი რჯულიდან რომ გადავა, არ არი ვაჟკაცის წესი. 

ისეთი დამაჯერებლობით უთხრა, ქოსა დააჯერა კიდევაც და ის – ის იყო ხელების გახსნა უბრძანა ქვეშევრდომებს, რომ კალოზე ამოსულმა იშიღაანთ დედაბერმა, რა დაინახა მისი მოკეთე ხელებშეკრული, მოჰყვა ვაისა და ვიშს, ფეხებში ჩაუვარდა მომხდურთ და ეხვეწებოდა: მე მომკალით, ოღონდაც ეს ბიჭი გაუშვითო. სულ წაახდინა ყველაფერი გულუბრყვილო დედაბერმა. მის მოთქმაზე სოფელში დარჩენილი მოხუცებიც გამოვიდნენ მღვდელთან ერთად. სიმონამ ყველაზე უარი თქვა, არავის ვიცნობო. მღვდელი მიხვდა რა თამაშსაც ეწეოდა ბიჭი და ხალხი დაარიგა; – ისე მოქცეულიყვნენ ვითომც არ იცნობთო, მაგრამ გვიანღა იყო... 

– ხვალ, როგორც ვიცი აღდგომა უნდა გათენდეს თქვენთვის, ჰოდა აი ეგ ჯვარი მოიხსენი მაგ გულიდან და მაჰმადის რჯულზე რომ გადმოხვალ მაშინ ჩემ რაზმშიც დაბრკოლების გარეშე ჩაგრიცხავ და მერე სოფლის ძირითად მოსახლეობის ადგილ-სამყოფელსაც თუ მიმასწავლი – ჩემი მარჯვენა ხელიც შენ იქნები და შენ ბედს ყველა შენატროდეს იქნებ – ხელი წაატანა კიდეც ჯვარს, რომ მოეწყვიტა ყელიდან, მაგრამ ჭაბუკი გველნაკბენივით წამოხტა ფეხზე და გაშორდა მოძალადეს. მერე ჯვარს დიდი მოწიწებით ეამბორა და ახლა, პირიქით ნაბიჯიც წინ წადგა ნიშნად იმისა, რომ მე მზად ვარ თავი გავწირო საპირწონედ შენი წადილისაო. 

იმ წუთიდან დაიწყო საშინელი წამება ჭაბუკი კაცისა, ყველამ თავისი წამების მეთოდი სცადა ახალგაზრდა კაცზე – თან ჩასძახოდნენ, – უარჰყავ ქრისტე და გადმოდი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, თუ გინდა ღმერთი შეიცნოო. სულის მოთქმის საშუალებას არ აძლევდნენ ხოლო ჭაბუკი მოწამე უარზე იდგა, რითაც განცვიფრებაში მოჰყავდა მტერი. 

მთელი დღე აწამებდნენ ვაჟკაცს თარაქამები. სულ ახალ-ახალ წამებას იგონებდნენ, ნეკნები ჩაუმტვრიეს და ცხელი შამფურებით დადაღული ჰქონდა მთელი ტანი, დადაღულ სხეულზე მარილს აყრიდნენ და პასუხს ელოდნენ. სიმონას გმინვის გარდა ერთი სიტყვაც არ წამოსცდენია. ვინ იცის, მერამდენედ დაკარგა გონი წამების დროს, მაგრამ გონს მოვიდოდა თუ არა, ხელახლა იწყებოდა მისთვის ჯოჯოხეთი. 

მღვდელმა მოხუცები კალოდან გარეკა, რომ ვინმეს; სიმონას შემყურეს, არ გაეცა სოფლის ხალხი. თვითონ ხმამაღლა წარმოსთქვამდა ლოცვას და ამით ამხნევებდა ჭაბუკ მოწამეს. ახლა მოხუცი მღვდელი დააგდეს მიწაზე და გაშოლტეს. ჯვარი ჩამოგლიჯეს და მოისროლეს მერე ორივეს ფეხზე საბელი მოაბეს და ჭაში ჩაჰკიდეს თავქვე. ჭიდან ამოყვანილი მღვდელი გონზე ვეღარ მოიყვანეს და მოხუცებს მიუგდეს. ისევ ჭაბუკს დაუწყეს წამება. 

ქოსა მის სიცოცხლეზეც ზრუნავდა, ეშინოდა წამებაში არ შემოჰკვდომოდათ, იმედი ჰქონდა, რამეს დავაცდენო, მაგრამ ჭაბუკი სდუმდა, იგი შეუვალი იყო. საღამოსთვის,უკვე ყველა იმედი გადაეწურა თარაქამას და მიხვდა, რომ სიმონა აღარაფერს აღარ იტყოდა ამდენი წამების შემდეგ. გონზე მოსულმა სიმონამ ქოსას სახეში შეაფურთხა. გააფთრებულმა თარაქამამ სიმონას მათრახი სახეში გადაარტყა და ბრძანა, პირდაპირ შიშველი ფეხებით ნაკვერჩხალზე დაეყენებინათ. 

შემწვარი ხორცის სუნი ავარდა ზეცაში კვამლთან ერთად. ტყვე ჭაბუკი ერთხანს გმინავდა, მერე კვლავ გული წაუვიდა. კოჭის თავთან ძარღვი გახეთქოდა ვაჟკაცს და იქიდან წამოსული სისხლი ნაკვერჩხალზე დუღდა. ქოსამ ვერ გაუძლო, ძალა არ ეყო, ამისთვის ეცქირა და ბრძანა, გადაათრიეთო. ბერიკაცები მისცვივდნენ და უმალ ნაკვერცხალიდან გამოათრიეს გულწასული მოკეთე. ვიღაცამ თოფის დახლა მოინდომა, აქაც ქოსამ იხსნა, ეგ მაინც ამ ქვეყნისა აღარ არის და დაე, აგრე ძაღლივით ტანჯვაში მოკვდესო. კვლავ წყალი დაასხეს სახეზე, გონზე მოსული სიმონა მუხლებზე წამოდგა, უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და რადგან სოფელში თურქული ენა ყველამ კარგად იცოდა სუფთა თურქულ ენაზე ძლივსგასაგონად წაროთქვა: 

– ამაზე მეტი რაღა უნდა დამიშავო, შე აქოთებულო არამზადავ! ვიცი, რომ ჩემი სიცოცხლე ჩემს ენაზე ჰკიდია, თუ გავცემ სოფლის მოსახლეობას, მე მათთვის მოვკვდები და შენ სულაც ოქროს ტახტზე რომ დამსვა, აზრი არ ექნება ჩემს სიცოცხლეს, რადგან მშობელი დედისგან დაწყევლილი ვიქნები და დამტირებელი არ მეყოლება, ხოლო თუ მომკლავ, მე მათ გულებში ვიცოცხლებ და არასოდეს მოვკვდები. აჰა ჩემი ენა, შენ თუ არ მომკვეთ მე თვითონ მოვიჭამ, რომ არაფერი წამომცდეს. რატომ გგონია, რომ შენი აქოთებული მძორის მსახური უფრო ვიქნები, ვიდრე იმ ხალხისა, ვინც ძუძუ მაწოვა და უბეში გამათბო. მე მათ ასეთი გამზარდეს და ასეთად მოვკვდები. წყეულიმც იყოს შენი მოდგმა და ჯიში, თქვენ გგონიათ, რომ ვაჟკაცები ხართ? თფუ თქვენ ვაჟკაცობას, შარშან ათჯერ მეტნი იყავით და იარაღიც ათჯერ მეტი გქონდათ, მაგრამ რა წაიღეთ აქედან? – ვერაფერი გარდა იმისა, რომ საჭურისებად იქეცით თქვენ და თქვენი მოდგმის ხალხი, ვინც ჩვენი დამონება მოინდომა, აგერ აი, იქ განისვენებენ ფერდობზე, ოცდათორმეტი მძორი დატოვეთ ამ მიწის გასანოყიერებლად. თახსირია თქვენი ვაჟკაცობა და თქვენი შთამომავალიც, ვიდრე მათ ნაძარცვი პურით ჰკვებავთ. ასეთივე მახინჯი იქნება თქვენი მოდგმაც და ისინი უკვე წყეულნი არიან ჩემი თანამოძმეებისგან. 

ერთი კია, თქვენგან დანთებულ ცეცხლში ჩვენი სოფელი ვიწრთობოდით და რომ არა თქვენ, – ჩვენი კაცობაც მოლბებოდა, როგორც უწრთობი რკინა და პირველივე შემოსევა გაგვტეხდა. ჩვენი ძალა მარტო ჩვენს მკლავში კი არა, ამ მიწის სიყვარულშია, რომელსაც ჩავცქერით და ოფლს ვაკმევთ. აი ამ პურით გაზრდილი შვილები, სიყვარულის შვილები ვართ და ამიტომ ვართ თქვენზე ძლიერნი. სიყვარული მტაცებელმა მხეცმაც იცის, თქვენ კი, ვერ გაიგებთ რა არის მიწისა და სამშობლოს სიყვარული, თქვენი ძალისხმევა, რომ მე რამე დამაცდევინოთ, ფუჭია. ამიტომ სჯობია მომკლათ, მე მაინც არაფერს გეტყვით.... პირი გაშრობოდა ახალცაზრდა მოწამეს, ვიღაცამ წყალი მიაწოდა, ხარბად დაეწაფა ვაჟკაცი წყალს, მერე სული მოითქვა, მერე კვლავ გონი დაკარგა და რომ გადაბრუნდა კვლავ ნაკვერცხალზე დაეცა. ქოსა მბრძანებელი თვითონ წამოვარდა ფეხზე, ჭაბუკი ცეცხლიდან გადაათრია, მისი თავი თავისსავე ფეხზე დაასვენა, სახიდან სისხლი მოსწმინდა და კარგახანს ასე ჩაშტერებოდა სახეში, მერე იქვე მოფუსფუსე დედაბერს გადააბარა ვაჟკაცის გულწასული გვამი და კალოზე მოჰყვა წინ და უკან სიარულს.... 

– ეს კაცი კი არა, ქვაკაცა ყოფილა, ქვაკაცა, აფსუს!!! 

მერე დიდხანს სდუმდა თარაქამა, არაფრით არ ეგონა, რომ ტყვე აქეთ შემოუტევდა, ამდენი წამების შემდეგ იფიქრა მუდარას დამიწყებს და შენდობას მთხოვსო, მაგრამ შეცდა. ჩქარობდა, ამბავი მოუტანეს, რომ ქართული ჯარი სადაცაა მალე მოადგებოდა სოფელს და ამიტომ ეშურებოდა სოფლის სამალავის გაგებას. დილამდე კოცონთან, გმინვაში გაატარა ბიჭმა ღამე, არც ქოსა გოლიათს მოუხუჭავს თვალი. განთიადისას რაზმის შეკრება ბრძანა გოლიათმა და ყველანი ცხენზე ამხედრებულნი კალოზე დაეწყვნენ. ქოსა ცხენზე არ შემჯდარა, კოცონის გარშემო დიდხანს სცემდა ბოლთას, ბოლოს თავი ასწია და რაზმს მიმართა: 

– აი ამ ქვაკაცის მაგალითზე მინდა გითხრათ ორიოდ სიტყვა... – მერე დადუმდა და კარგახანს დაშტერებოდა, მომაკვდავ ჭაბუკს, მერე თითქოს ძალა მოიკრიბაო წელში გასწორდა და განაგრძო: – თუ ამ ჭაბუკის ნახევარი კაცები მაინც დარჩენილან ამ სოფელში, და ეს რომ ასეა, მე ორგზის გამოვცადე ჩემს ტყავზე, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ აქ არაფერი გვესაქმება, ამ ქვაკაცამ, რომელმაც ამდენი წამება ისე აიტანა, როგორც ნეტარება და ერთი სიტყვაც არ დასცდენია ჩვენს სასარგებლოდ – ჩვენ ბრძოლა მოგვიგო. მთელი ღამე ვფიქრობდი ამაზე. ან რა ძალაა ამ კაცში, ან როგორ გაუძლო... თქვენი არ ვიცი, მე კი, სახლში ვბრუნდები, ჩემი დარჩენილი ცხოვრება ჩემი შრომით უნდა ვარჩინო ოჯახი. თუ თქვენ ჩემთან წამოხვალთ, კარგია, თუ არა, გირჩევთ სხვაგან ეძიოთ ბედი, ამ სოფლიდან თქვენ ვერაფერს წაიღებთ. ერთ ჩხირსაც რომ ხელი მოჰკიდოთ, პირველ ტყვიას მე დაგახლით. ან ვინმემ ამ მოხუცებს რაიმე აწყენინოს... ეს სოფელი და დღევანდელი მშვიდობიანი დღე აი ამ ჭაბუკის ვაჟკაცობისთვის მიჩუქნია. ახლა კი გთხოვთ ცხენებიდან ჩამოდით და თავი დახარეთ, რომ ამ ჭაბუკს პატივი მივაგოთ და ჩვენი ვაჟკაცობაც გავიხსენოთ, თუ კი ოდესმე ვყოფილვართ ვაჟკაცები, იმ ჩვენ ვაჟკაცობასაც პატივი მივაგოთ. ეს ჩვენ შვილებსაც გამოადგებათ... მე როგორც ლეგენდას, ისე მოვუთხრობ ჩემ შვილებს ამ ვაჟკაცის გმირობას. აი აქ ამეხილა თვალი, თურმე აქამდე ბრმა დავიარებოდი, აფსუს, რომ არ შემიძლია აქ დავრჩე და ამ ხალხის გვერდით ვიცხოვრო, ხევის გადასახედიდან მტერს ვეკვეთო და მოვკვდე, ჩემი შვილისთვის მოვკვდე, ჩემი მიწისთვის მოვკვდე.... თარაქამა მუხლებზე დაეცა და მიწას ემთხვია. მერე მკვირცხლად წამოდგა და ცხენს გაუძღვა წინ, რაზმი უკან აედევნა, ასე იარა ცოტა ხანს, მერე ტაძრის წინ გაჩერდა, დიდხანს უყურა დიდებულ ტაძარს, თითქოს ცოტაც და მუხლს მოიყრიდა ეკლესიის წინაშე, ბოლოს ცხენზე ამხედრდა და ბრძანა, ჩრდილო-დასავლეთისაკენ დაძრულიყო რაზმი... 

ზარს შემოჰკრეს. უკვე ეკლესიის წინ მიმავალმა ქოსამ, კვლავ ყურებზე აიფარა ხელი. ფიელი თარაქამა მივარდა ზარის მრეკველს მოხუცს და ხელი ჰკრა. ორი ბერდენკა ტყვია ესროლა ზარს; ერთმა გახვრიტა ზარი და გაიარა, მეორემ თავი ვერ გაიტანა და გაიჭედა ზარში, ოღონდ გაბზარა. როგორც სულიერი, ისე „ტიროდა“ ზარი. 

საღამოს კი, უკვე თამამად რეკდა სამრეკლოდან, გაიგეს რა, მომხვდურნი სოფლიდან გავიდნენო, როგორც ერთი ისე მოსწყდა ტყის თავშესაფარს ხალხი და მოაწყდა ეკლესიას. სოფლის მისადგომებს გუშაგები დაუყენეს და დაიწყო სააღდგომო წირვა. საკურთხეველთან მარჯვენა მხარეს, სამმეუფეო ტახტზე მიესვენებინათ ნაწამები და ნატანჯი ჭაბუკი და მის დამწვარ-დაწყლულებულ მკერდზე წინადღით ნაცემ-ნაგვემი მღვდელი კვეთას აღასრულებდა. 

გათავდა წირვა და პირველი ზიარებაც მოწამემ მიიღო... 

სიმონა ბერიძე, აი ვინ იყო ეს გმირი, რომელსაც თარაქამებმა ქვაკაცა უწოდეს. 

ბერიძეები ზედა თმოგვში ჯავახეთიდან მოსულან, ასპინძის ომის შემდეგ, ვინც ასპინძის ომში მიიღო მონაწილეობმა, თითქმის ყველა დაბეზღებული იქნა ახალციხის ფაშასთან. ერეკლე მეფე ომის შემდეგ თბილისში ეშურებოდა, კარგად არც დაუსვენია არც მეფეს, არც ჯარს. ნადიმი ხიზაბავრაში გადაიხადეს,. ამ ნადიმზე შეიკრიბნენ მთელი მესხეთის რჩეულნი. გულანთებული მესხები მოეშურებოდნენ ერეკლესკენ. ნადიმზე 300 ხარი დაიკლა ეს იმას ნიშნავს, რომ აქ მთელი მესხეთი იყო შეკრებილი. ახალციხის ფაშა, რომელიც ახალციხის ციხეში იყო გამოკეტილი ნახა რა ერეკლე თბილისისკენ მიმავალი, გარეთ გამოვიდა და მთელი ორი წელიწადი დასდევდა მათ, ვინც გაბედა და ერეკლეს გვერდში ამოუდგა. 1772 წელს თითქმის მთელი მესხეთის მართლმადიდებლური მოსახლეობა, ქართლში და ახლანდელ ხარაგაულის ტერიტორიაზე გადასახლდა, ვეღარ გაუძლო ახალციხის ფაშის დევნას. თითქმის ნახევარი ზედათმოგვიც მაშინ გაიქცა. უფრო უარესი მერე მოხდა; ყველა ქართულ სოფელში დააგზავნა ფაშამ მოლები და კატეგორიულად მოითხოვა ყველა გათათრებულიყო. ზედათმოგვშიც მოავლინეს ახალგაზრდა მოლა, მაგრამ რადგან მარტო იყო და სოფელში არცერთი თურქი არ ცხოვრობდა და არც არასოდეს უცხოვრია, მოლას საქმიანობა ყურანის სიდიადეზე ქადაგებით შემოიფარგლებოდა. არც არავინ უსმენდა მას. მაგრამ გრძნობდნენ ზედა თმოგველები, რომ საშიშროება ახლოს იყო და რაღაცა უნდა ეღონათ; ბევრი ფიქრის შემდეგ ასეთი გამოსავალი მოძებნა სოფელმა: მაისურაძეების – ქეაანთ ქალი შერთეს მოლას ცოლად. ამ ქალბატონმა აუწერელი როლი ითამაშა სოფელ ზედათმოგვისათვის. ქმარი კეთილად განაწყო სოფლისთვის და დაარწმუნა იმაში, რომ სოფლელები უფრო დაიხოცებიან, ვიდრე მაჰმადის რჯულს მიიღებენ. „ თუ შენ მათ დააბეზღებ, მაშინ მათი და შენი შვილების სისხლიც შენს კისერზე იქნება, იმიტომ რომ შვილებს აი იმ ხრამში გადავყრი და მეც თან გადავყვები.“ ასეთი დამაჯერებლობით ნათქვამი მოლას ენიშნა და განუცხადა მეუღლეს: 

– კარგი, რადგანაც ასეა, თქვენ როგორც გიწირიათ. ისე სწირეთ, ოღონდ თუ ვინმე მოვიდა ამ სოფელში შესამოწმებლად და გკითხოთ ვის რა გქვიათ, – შენ აბდალა იქნები, შენ ისმაილი, შენ ესა და ესაო და ჩამოურიგა თურქული სახელები ყველას. 

40 წელსაც არ იყო მიღწეული ეს მოლა, რომ გარდაიცვალა. ვიღაცები ამბობდნენ რომ სოფლის მღვდელმა ის მართლმადიდებლურად მონათლაო; მეორენი უარყოფდნენ, მაგრამ ამ კაცმა აშკარად დიდი ღვაწლი დასდო სოფელს, ქართველების ქართველებად დარჩენაში. 

რომ არა ეს მოლა ახლა ზედათმოგვის ნაშიერი თურქული კულტურის მატარებელი იქნებოდა და ვინ იცის, სად და რამდენი იქნებოდნენ. მოლა დიდი მოწიწებით დამარხეს და ცოტა ხანში, მის ქვრივზე დაქორწინდა ჯავახეთიდან მოსული ბერიძე. მოლას ორი შვილი დარჩა. ამ კაცმა ეს ბავშვებიც ბერიძედ დაწერა და ახლა ვინც ზედათმოგველი ბერიძეა, ამ ორ კაცის ნაშიერია. მოლას ნაშიერს ჰასრათაანთ ეძახიან, ჯავახეთიდან მოსული ბერიძის ნაშიერს – იშიღაანთ. 

აი ამ იშიღაანთ შთამომავალი იყო სიმონა ბერიძე, რომელმაც თითქმის 140 წლის შემდეგ, კიდევ ერთი აწიოკებისა და ფიზიკური განადგურება-გადაშენებისგან იხსნა ზედა თმოგვი, არ გასცა, საკუთარი თავი დადო სამსხვერპლოზე სანაცვლოდ. 

მალე კომუნისტური იდეოლოგიით თავბრუდახვეული სოფელი კოლექტიური მეურნეობის ფერხულში ჩაება, იქამდე კი სიმონა სოფლის მღვდელმა თავისი მალამოთი და მხურვალე ლოცვით განკურნა, თუმცა კოჭლობდა, მაგრამ თავისი შრომით არჩენდა ცოლ-შვილს. 

1937 წელს კომკავშირლები გამოეყვნენ თურმე, სოფელს, და გადაწყვიტეს მკაში გასჯიბრებოდნენ დანარჩენ სოფლელებს. სიმონას გაუვლია შუადღისით, სამხრობისას მათკენ და ხედავს, კომკავშირლებს, ჯერ კიდევ გაულეწავ ხორბალზე მიუშვიათ უღლიდან გამოშვებული ხარები თვითონ კი იქვე არხეინად სძინავთ. გაუღვიძებია სიმონას და უთქვამს: 

– ეგ ნამჯა ან შენი რომ იყოს ან შენი, ხარებს ზედ ხომ არ მიუშვებდით? 

– არა-ო – უპასუხნიათ კომკავშირლებს. 

– თუ ასეთია თქვენი კომკავშირი და მაგას გასწავლით, ვაი თქვენს კომკავშირსა და თქვენს კომკავშირლობასაცო. ერთი გვარიანად შეუკურთხავს და წასულა. 

კომკავშირლები საგონებელში ჩავარდნენ, ამან, რომ სადმე გვიჩივლოს ან დაგვაბეზღოს, ვაი ჩვენი ბრალიო. არა და სიმონა მაბეზღარა რომ ყოფილიყო, კოცონზე რომ იდგა მაშინ დააბეზღებდა სოფელს, მის სხეულში ხომ ნათელი და წაუბილწავი სული სახლობდა, რომლისთვისაც უცხო იყო მაბეზღარობა, ღალატი და გამცემლობა. კომკავშირლებმა ითათბირეს და შექმნეს, გასაკვირი დოკუმენტი, აქეთ გაედავნენ სიმონას, რომ თავიანთი უნიათობა დაეფარათ. სიმონას ალალმა ძმისშვილმა – ბერიძე მირიანმა, მაისურაძე ერეკლემ და ოთანაძე კოლამ დაწერეს საჩივარი, – სიმონა ბერიძემ მთავრობა და პარტია გვიგინა და მერე ჩვენც ზედ მიგვაყოლაო. ახალციხის რაიკომიდან ამოსულ ჩინოვნიკს ჩააბარეს ეს ოქმი. სოფელი წინ გადაუდგა ამ კაცს მუდარით, ნუ იზამ მაგ საქმეს, დოკუმენტს ნუ წაიღებო. იმ კაცმა კი მიუგო: ვიცი რომ სიმონა უბრალოა და ეს ვირიშვილები გაშოლტვის ღირსებიც არიან, მაგრამ მე რომ ეს დოკუმენტი ახალციხეში არ ჩავიტანო, მაშინ ჩემ ტყავს ციმბირში ყორნები შეჭამენო. 

ორ დღეში სიმონა სოფლიდან წაიყვანეს, როგორც მოღალატე, როგორც ქურდი, გამყიდველი და ნაძირალა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. არც მისი საფლავი იცის არავინ, მისი სახელის ხსენებაზე აქეთ-იქით იყურებოდნენ ჩვენი მამა-პაპანი და მის სახელს ჩურჩულით მოიხსენიებდნენ ზედათმოგველები. 

მაისურძე ერეკლე საეჭვო ვითარებაში სოფლიდან გაქრა, არავინ იცის მისი არც ავი, არც კარგი. მირიანმა ომი მოიარა და მთელი დარჩენილი ცხოვრება ჯოხით დადიოდა. ბრუდე მირიანას სახელით. სოფლის სააჯო ადგილას ხმამაღალი სიტყვა არასოდეს უთქვამს, ისე წავიდა ამ სოფლიდან. არც კოლა ოთანაძეს დაუტოვებია ნაშიერი, მისი სახელის მახსენებელი არავინ დარჩა. 

გავა დრო და მერე სიმონას ნაშიერი გაიკეთებს წითელ ყელსახვევს და პიონერხელმძღვანელთან ერთად, შუბლზე ხელმიდებული პატაკს ჩააბარებს პარტიას, რომ იგი მზადაა შეასრულოს ყველა დავალება რასაც პარტია უბრძანებს. პავლიკ მოროზოვის სახელობის რაზმს შექმნიან და წითელ კუთხეში სადაც თამარ მეფის და ქეთევან წამებულის ხატები უნდა ყოფილიყო თუნდაც, სიმონა ბერიძის სურათი – მეძავთა ფოტოების წინ – კლარა ცეტკინის და როზა ლუქსემბურგის ფოტოებთან დასდებენ ფიცს, არა სამშობლოს ერთგულებაზე, არამედ კომკავშირის, პარტიის და პიონერთა ორგანიზაციის სამსახურისათვის თავდასადებად. ზედა თმოგვის ეკლესიიდან გამოასვენებენ ხატებს, უძვირფასეს ისტორიულ დოკუმენტებს, წიგნებს და მღვდლის ტანსაცმელს; შეჰყრიან სადღაც ბოსელში, სადაც უნებლიეთ კოლმეურნეობის ყანაში შესულ ვირებს ამწყვდევდნენ, როგორც საპატიმროში და ეს ძვირფასი ქონება, მშიერ ვირებს შემოეჭმევათ, იგივე ხალხი მოსდგება და სოფლის ეკლესიის გარშემო, საფლავის ქვებს მარილს მოაყრის საქონლის საჭმელად. პირუტყვის ნაკელითა თუ ჩლიქებით სოფლის ისტორიას ამოძირკვავენ. ეს შედეგი იქნება იმ პიონერული აღზრდისა, სადაც მთავარია, კაცი მარტო პარტიის მსახური ყოფილიყო. სამშობლო და ქართველობა უგულებელჰყვეს. მათთვის არარაობა იყო წინაპართა საფლავები, სიმონა ბერიძის გმირობას გადაჰფარავს კინოს ყალბი გმირები, ჯიშით და მოდგმით უცხონი და არაფრის მთქმელნი, ვინმე სტალონე და ვანდამი, შვარცენეგერი და სხვა, ახლა მათი დაკუნთული სხეულის დიდი პორტრეტები დაიკავებენ ხატების ადგილს, სადაც აღმაშენებლის, თამარ მეფის, ლუარსაბ მეფის, სვიმონ მეფის, ილია ჭავჭავაძის მამულიშვილთა ხატები უნდა ყოფილიყო. არარაობად იქცევა 9 ძმა ხერხეულიძე და მათი დედა, სამაგიეროდ ვიღაცა მეძავის და ლესბოსელის, ვითომ მომღერალის სურათს ჩამოჰკიდებენ, თვალებგაბრწყინებული ჭაბუკები. გაუფასურდება ხევსურთა, კახთა, თუშთა და მესხთა გმირობა. ასპინძის ომი, ბასიანი და დიდგორი უხერხულად გამოიყურება ფილმის გმირებთან, სადაც მთელ ბატალიონს ერთი კაცი ჟლეტს. მერე მამაკაცი სადღაც კუთხეში მიგდებულ საგნად იქცევა „გმირი ქალის“ ფონზე, რომელიც ეკრანზე ერთი ხელის მოსმით ათ და ოც მამაკაცს ისე უსწორდება, როგორც უსუსურ თაგვებს. აი ამ ყალბი და ცრუ გმირების თუ გმირობებებით გაუფასურდება მამაკაცის და წინაპართა ფენომენი. 

სოფელს პატრონი არ ეყოლება, ყველა გაუნათლებელი და გუშინდელი ოროსანი, სოფლის თავკაცობას გასწევს, უპრინციპონი და მარიონეტნი აიღებენ თავის თავზე სოფლის მართვას. ასეთი დამცირებისა და გადაგვარებული ჭკუის მოწმეს, კიდევ როგორ უდგას სოფელს სული, მართლაც საკვირველია. აკი დაიცალა კიდეც... 

ზედა თმოგვში გიოაანთ ჭაზე წყალს თუ დალევ, ის წყალი ჯერ წინაპრების ძვლებს გაივლის ვიდრე ჭაში მოხვდება. ვისაც ეს წყალი დაულევია და იცის რა არის ზედა თმოგვი, ისიც იცის, რომ ეს სოფელი გმირების სავანე იყო, მოთმინებისა და ამტანიანობის ბუდე. აქ სხვა დედები ცხოვრობდნენ, აქ ამ ბუდიდან ამოფრინდა სიმონა, მაქსა და ანდია, ბადრი მელიქიძე. სიმონა – სოფლის სინდისის მომწმენდელი, სადღაც სხვაგან განისვენებს. აი ამ გმირების საქმენი, რომ არა სოფელი აღარ იარსებებდა. 

როცა რწმენა იყო, სოფელს ბარძიმი აერთიანებდა და გაჰქონდათ ერთმანეთი. ახლა ბარძიმთან რამდენინე დედაკაცი და ბავშვი თუ მივა, კაცებს ღორებივით ჯამში ჩაურგვიათ ცხვირი და საჭმლის მიღმა ვერაფერს ხედავენ. სოფლისა არავის არაფერი სტკივა. ტკივილი ხომ სიყვარულს შობს, ეგ კი არა, ქალებს მშობიარობა აღარ უნდათ, გაბერწდა სოფელი, გათახსირების პირზეა, მაგრამ რა, განა სულ ერთი არ არის თიხის დოქი დავარდება ქვაზე, თუ ქვა მოხვდება დოქს? ორივე შემთხვევაში დოქია განწირული! 

სხვისი სახელით ვერ იცოცხლებს კაცი, ვერც სხვისი სახელით მოკვდება ადამიანი. ღირსეული კაცის საფლავის ქვაც რომ დაიდო, ის მაინც იმ კაცის კუთვნილება იქნება ვინც იქ ასვენია და არა შენი. ყველას თავისი გვირგვინი უნდა ედგას. მერე ხალხმა უნდა განსაჯოს, ვისი გვირგვინია უპირატესი. კაცის სახელი აძლევს სიდიადეს საფლავის ქვასაც და გვირგვინსაც. ადამიანს დატოვებული სახელი უკვდავჰყოფს. სიმონას სახელი ჩვენს სოფელში უპირატესია. 

                                            2013 – 2024 წელი. თბილისი – ნაქალაქევი.

 

Monday, March 18, 2024

ПП (Путин vs Пиночет )

ზელიმხან მაღრაძის მოთხრობა „ლუკა“, მარიამ ქსოვრელის თარგმანით გერმანულ ენაზე


უკა 

თმოგვის ციხის თავზე ერთი უზარმაზარი, ასე, ოცტონიანი ლოდი იდო. ჩვეულებრივ ადამიანს შეეძლო მისწოლოდა და ამხელა მასა დაეძრა. იგი ლიტრაძივით (ლიტრაძი – ადგა ბიჭი) ქანაობდა და ტრიალ მინდორში პაპანაქება სიცხეში ერთადერთ საჩრდილობელს წარმოადგენდა. 

ახლაც იქ მივაშურეთ. ვირს საპალნე მოვხსენით და საბლით საბალახოდ მივუშვით. ჩავიმუხლეთ და ხეობის სიოს მივემარჯვეთ, თან საგზლად წამოღებულ თუთას დავუწყე კიკნა, რომელზეც პაპამ უარი მითხრა. მერე გულაღმა გავიშოთე და ცას გავუშტერე თვალი. პაპაჩემს ჩაეცინა. თავი მოვაბრუნე, გადავხედე, ფიქრს მისცემოდა. ასეთ დროს საჩვენებელსა და ცერა თითებს გაშლიდა და ხელის მტევანს აქეთ-იქით აშკარა გაკვირვება-დაუჯერებლობის გამომხატველი ჟესტით აბრუნებდა. მიუხედავად მისი პიქუშობისა, ახლაც შევბედე, – რა გაგახსენდა მეთქი. ის ძალიან ნიჭიერი მთხრობელი გახლდათ და ძნელი იყო ცდუნება დაგეოკებინა, ასეთ დროს და არ გამოლაპარაკებოდი. არც რა, მიპასუხა, მერე ჩუმად თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკო: 

– ეგ არის, შვილო, ყველაზე მთავარი გამარჯვება კაცისა, – საკუთარ თავთან გამარჯვებაო. – თქვა და ფიქრი განაგრძო. 

მერე ერთი გამომხედა, დამაშტერდა, ისევ ასე გაკვირვებით გადაიბრუნ-გადმოიბრუნა ხელის მტევანი, ახლა ჩემი უკვირდა, რა ვერ გაიგო, რა განცვიფრებული მიყურებსო, მერმე ხელი ჩაიქნია, ვირს გახედა, ახლა მზეს გაუყოლა მზერა, ეტყობა დრო დაიგუმანა და თხრობა ისე დაიწყო, თითქოს დაწყებულ ამბავს აგრძელებსო, ისე, უბრალოდ, ჩუმად. 

– ჰო, დედა, აი აქედან გაღმა მარგასტანში, (თმოგვს რქმევიყო მარგასტანი-მარნისთავი) ლუკამ ნავთზე მიმავალ ქურთს თოფი ესროლა და თოკზე ჩამოკიდებული ყაბი გააგდებინა ერთი გასროლით, ყაბი სანავთეა, დასძინა და დადუმდა. 

– დაუჯერებელია. – ვუპასუხე და გაეცინა. ამ მიდამოებში დაუჯერებელი არაფერიაო. თვალი და მკლავი უჭრიდათ, ლუკას კი ისეთი გული ჰქონდა, ნეტამც მისი ნახევარი შენი გქონდესო. 

წამოდგა, ქუდი გაისწორა, მზის თაკარა სხივებს მოშორდა, რომ ლოდისთვის მზერა გაემართა, ისევ ჩაიმუხლა და თხრობა განაგრძო. 

– აი, ამ ციხის მიდამოებიდან უთვალთვალებდა თურქსა. – სახელი კი ახსენა, მე ვეღარ მომიგონია. 

ჰოდა უთვალთვალებდა თურქსა, რომელსაც ჩვენი სისხლი ემართა. ნათხოვარი თოფი ჰქონდა, თორმეტი ძროხა საღირალი, დაეკარგებოდა, – უნდა ეზღო, იდგა და უთვალთვალებდა. 

მთელი შემოდგომა, ყოველ დღე ჩამოდიოდა ცხენითა, იდგა და ელოდა. ერთი საბედისწერო გასროლით უპირებდა მოკვლას, ვერ კი მოიხელთა და ეგ იყო. ეს თურქმაც კარგად იცოდა და ღამღამობით გამოდიოდა შინიდან. 

ლუკა თავს გავიდა, რა თვალთვალი, დღისით-მზისით შეიარაღებული შედიოდა სოფლის მიდამოებში, შედიოდა და ხან ერთ საფარს აირჩევდა, ხან მეორეს. ეს კი წარმოუდგენელი იყო მაშინ... 

თურქი სოფლიდან გადაიხვეწა და ციხი გადაღმა უზარმაზარ ლოდებს მისცა თავი. ღამღამობით დაბრუნდებოდა ოჯახში. სოფელი გარინდებული ელოდა რაღაცას. 

სოფელში სიარული რაა, მოსისხლის ბანზე გავიდა ერთ საღამოს ლუკა და ერდოში ჩაიხედა, ხედავს ცეცხლთან მჯდომ თურქს ეჩხუბება ცოლი. ის კიდევ უხმოდ ჭამს და უსმენს, ლუკამ თოფი ფეხზე შეაყენა და ბავშვების სუფრიდან აშლას დაელოდა. 

– შენ სულ აღარაფრად აგდებ მოშუღლეს. შინ მოსვლას უმატე. ერთხელ იქნება და მოგკლავს. ჯანდაბას შენი თავი, მე კი შვილები მაფიქრებს, რით გავზარდო, რით გამოვკვებო? – მოესმა მოსისხლეს მოსისხლის ცოლის ხმა. 

თურქმა თავი ასწია და ამდენი ხნის დუმილის შემდეგ გამოსცრა. 

– შენ მართლა უჭკუო ხარ დედაკაცო. როგორ ფიქრობ, არ ვიცი ვისთან მაქვს საქმე? თუ ლუკა ჩემნაირი და შენნაირი გგონია? ის უბადლო ვაჟკაცია და წარმოუდგენელიც კია ცოლ-შვილის თვალწინ მესროლოს, ნურც მე გგონივარ ჯაბანი, რომ უნამუსო მტერი ვიყოლიო. ლუკა, ლუკაა, ამად ვერიდები, თორემ შიშით კი არ ვუფრთხი მას ზურგშიც ვერ ესვრის კაცი, იმის შიშით, რომ დაგიცდეს მერე? 

ამის გაგონებაზე თოფი ხელში შეაცივდა ლუკას. სუნთქვა შეეკრა და დიდხანს გაუნძრევლად იწვა, მერე თითქოს მტრობის გონებადაბინდებულობის ბურანიდან გამოერკვია, გამოცოცხლდა, ბანიდან ფეხაკრეფით ჩამოძვრა, კარს მიადგა, ერთი პირობა შიგ შესვლა უნდოდა, მერე ის ძვირად ღირებული თოფი და ნაბადი ზღურბლთან დატოვა, ეზოს გამოსცდა და გაუჩინარდა. 

დილით სამი ურემი მიუყვებოდა აღმართს. ერთში თურქების უხუცესნი ისხდნენ, ორში აუარება ხორაგი იყო ჩატვირთული, ხოლო სულ უკან, ფეხით მიჰყვებოდა წინა ღამით გადარჩენილი თურქი. წინა ურმის კოფოზე ლუკასეული ნაბადი და თოფი დაეწყოთ. 

ამასაც კაცობა უნდოდა, ლუკას კაცობაზე არანაკლები კაცობა. 

ამად გითხარ შვილო, ყველაზე დიდი გამარჯვება საკუთარ თავთან გამარჯვებაა-თქო. – თქვა პაპაჩემმა, წამოიმართა და სახედრისკენ გაიხედა. 

– ავიყაროთ, წავიდეთ აწი! – გამოსცრა ჩუმად. კარგი ვაჟკაცი იყო პაპაჩემიც, მამამისი ლუკასავით კარგი. 


ზელიმხან მაღრაძე 
საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემიის ძირითადი საბჭოს წევრი, 
გამოჩენილი ქართველი მწერლის ლევან გოთუას მოწაფე 


Luka 

Auf der Thmogwiburg lag ein riesiger, so ein 20 tonniger Klumpen. Der gewöhnliche Mensch könnte an ihn lehnen und sich solche große Masse in Bewegung setzen. Der schwankte wie ein auf die Beine aufgestandener Knabe und auf dem fern weitem Feld war eine einzige Schattenstelle in der Hitze. 

Nun zogen wir hin, trugen von dem Esel seine Traglast hirunter und ließen ihn mit dem Seil zum Weiden. Wir hockten und dem Windtal entgegen ruhten uns aus, dabei begann ich mit dem Picken der Maulbeeren, die zum Wegesessen mitgenommen hatten, auf die mein Opa verzichtet hatte. Dann streckte ich mich zum Himmel mit der Brust hinauf starrend. Mein Opa lächelte für sich. Ich habe mich den Kopf gewandt, sah ich ihn hinüber, der in seinen Gedanken versunken war. Zu dieser Zeit breitete er den Zeigefinger und den Daumen weithin und drehte die volle Hand hin und her mit der anscheinend ausdrückenden Gebärde des Glauben-Unglaubens. Troz seiner Düsterheit könnte ich ihn kühn fragen, woran er sich erinnerte. Er war sehr begabter Geschichtenerzähler und es war schwer, sich sein eigenes starkes Verlangen zu stillen, und in dieser Zeit mit ihm nicht anzureden. Er antwortete mir nicht. Dann sprach er leise, als ob für sich selbst hin. 

– Es ist, mein Kind, der Hauptsieg des Mannes, – der Sieg gegen sich selbst, – sagte er und setzte sich fort nachzudenken. 

Dann blickte er mich hin, starrte mich und wieder drehte die volle Hand erstaunt zurück, jetzt war er über mich bewurdert, was ich nicht verstanden habe, warum ich ihn so erstaunlich sah, dann schwang er die Hand hinab, schaute nach dem Esel, blickte danach die Sonne an, versuchte etwas anzufangen, und erzählte so, als ob die begonnene Geschichte so einfach still weitersetzte. 

– Oh, Mutter, von hier, drüben in Margastsn (So hatte es Thmogwi als Margastan – also, georgisch Marani, Weinkeller geheißen). 

Luka schoß das Gewehr dem zum Erdöl weggehenden Kurden und ließ ihn das auf dem Seil herunter gehangene Ölfaß mit einem Schoß wegwerfen. Er schwieg. 

– Das ist unglaublich, – antwortete ich ihm, der lächelte. In diesen Gegenden sei nichts unglaublich. Man hatte scharfen Blick und gescheiten Arm. Und Luka hatte solches Herz, hättest du die Hälfte seines Herzens! 

Er richtete auf, brachte sich die Mütze in Ordnung, von den glänzenden Sonnen strahlen trennte er sich beiseite, um den Klumpen den Blick hinzurichten, hockte er wieder und setzte weiter zu erzählen: 

– Von diesen Burggegenden lauerte er den Türken. – Er erwähnte seinen Namen, aber ich selbst kann mich daran nicht erinnern. 

Also lauerte er den Türken, dessen Blut wir wegnehmen sollten. Er hatte geliehenes Gewehr, das 12 Kühe kostete; wenn er das verloren hätte, könnte es stattdessen bezahlen, er stand und ließ er ihn nicht aus den Augen. 

Den ganzen Herbst, jeden Tag kam er mit dem Pferd hinunter. Stand da und er wartete. Mit einem Schicksalschoß möchte er ihn töten. Aber ihm geling es nicht und das war dies. Darüber wusste selbst der Türke auch gut, und er ging nachts aus dem Haus. 

Luka benahm sich freiwillig, schon keine Beobachtung mehr, im Tageslicht, wandelte er bewaffret in die Dorfsgegenden ein und wählte sich was hie und da als seine Unterkunft. Aber es war damals unvorstellbar. 

Der Türke wanderte aus dem Dorf aus und drüben, hinter der Burg versteckte er sich in den riesigen Großsteinen. Abends kehrte er ins Heim, zur Familie zurück. Das Dorf wartete stilllebend auf irgendetwas. 

Nicht nur ins Dorf ging er ein, sondern auch auf einmal geriet er eines Abends auf dem flachen Dach des Blutfeindes und schaute in den Wohnraum hinunter, er sieht am Feuer sitzenden Turken, mit dem seine Frau stritt; Er aber isst stimmelos und hört. Luka stellte das Gewehr auf seinen Fuß und wartete, bis die Kinder vom Tisch weggingen. 

Du achtest auf den Feind nicht mehr, nach Hause kommst du auch oft. Es würde er doch einmal dich töten. Um dich kümmre ich mich nicht so mehr, über die Kinder bin ich aber nachdenklich. Womit kann ich sie erziehen, wie ich ihre Nahrung schaffe – hörte der Blutgegner die Stimme der Frau seines Blutfeindes. 

Der Türke hob den Kopf hinauf und nach so langem Schweigen brachte die Wörter durch die Zähne hitzig: 

– Du bist wirklich unvernünftig, Weib, –wie denkst du, weißt du nicht, mit wem ich die Sache habe? Oder glaubst du, dass Luka meines – oder deinesgleicher ist. Er ist ausergewönlicher Mann, und es ist doch unvorstellbar, mich vor der Frau und den Kindern zu schießen. Meinst du auch nicht, dass ich so untaugbar bin, und einen gewissenlosen Feind habe. Luka ist Luka. Darum vermeide ich ihn, sonst habe ich keinen Schreck. Ihn wird der Mann auch nicht gegen den Rücken schießen, veilleicht entzielt der Schoß von ihm? Und dann? 

Als Luka das gehört hatte, wurde das Gewehr in seiner Hand halt gestoppt. Er konnte nicht mehr ausatmen, und lag lange unbeweglich, danach, als ob er sich aus der Unbestimmtheit der Feindschaft bei der Vernunftsdämmerung herauskam, wurde frisch, schliech von der flachen Dach leise und still herab, stand gegen die Tür. Erst wollte er hinein, dann verließ jenes kostbare Gewehr da und den langen wollenen Wnterüberzug (Nabadi heißt georgisch) an der Schwelle, entfernte sich von dem Hof und verschwand. 

Am Morgen fuhren drei Wagen auf den Hugel. In einem saßen die Ältesten von den Türken, zwei Wagen waren mit den unzähligen Ernteprodukten geladen. Aber hinter denen ging der in der vorigen Nacht überlebter Türke. Auf dem vorigen Wagen, vorne, hatte man Lukas Nabadi, und das Gewehr hingelegt. 

Das hieß Menschenwürde, nicht minder als Menschenwürde von Lukas. 

Darum habe ich dir, mein Kind, gesagt. Der größte Sieg sei der Sieg gegen sich selbst, – sagte mein Opa, richtete sich auf und schaute nach dem Esel. 

– Gehen wir jetzt zurück, – sprach rasch leise. Ein tapfer Mann war auch mein Opa, sein Vater auch gut, wie Luka. 


Selimchan Maghradse 
Das Mitglied des Grundrates der nationalen Akademie der Schriftsteller von Georgien, 
der Schüler des berühmten georgischen Sriftstellers Levan Gothua 


Auf deutsch übersetzt von Mariam Ksowreli-Chartischwili