Friday, November 26, 2010

თანამედროვე რუსეთის სატკივარი მართლმადიდებელ ავტორთა თვალთახედვით და უკანასკნელი კონფლიქტი საქართველოსთან

(გამოქვეყნდა ჟურნალ „ქვაკუთხედის“ 2008 წლის დეკემბრისა და 2009 წლის იანვარ-თებერვლის ნომრებში)

აგვისტოს სისხლიანი მოვლენები საქართველოს ტერიტორიაზე წამოადგენს შედეგს იმ გაჭიანურებული კონფლიქტური ვითარებისა, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოსა და რუსეთს შორის ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან. ამ დაპირისპირებას გააჩნია როგორც ისტორიული შემადგენელი, ისე თანამედროვეც. ამჯერად რუსეთ-საქართველოს ისტორიულ ურთიერთობებს გვერდს ავუვლით, და შევეცდებით უფრო იმ საკითხების გაჟღერებას, რომლებიც ჩვენს თანამედროვე სატკივარს უდევს საფუძვლად, ან უშუალოდ შეეხება. თანაც ამ სატკივარს განვიხილავთ, ბუნებრივია, არა რუსეთის ოფიციოზთან დავის ან მისი პოზიციის მოწონების საფუძველზე, არამედ რუსული საზოგადოების მართლმადიდებელ-პატრიოტული ნაწილის გულისტკივილის გაჟღერებით ქართველი მკითხველის გასაგონად, რათა ამ კუთხითაც დაინახოს ჩვენმა მკითხველმა მთელი სიღრმე და სიმწვავე იმ პრობლემისა, რომელშიც სულ უფრო და უფრო მეტად ჩათრეული ხდებიან ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. ვნახოთ, რა სტკივა, რა აწუხებს რუსეთის მართლმადიდებელ საზოგადოებას, და ხომ არ შეგვეხება ეს სატკივარი ჩვენც? რუსეთთან მტრობით ხომ არ ვმტრობთ საკუთარ თავსაც და საკუთარ ეროვნულ ინტერესებსაც? ჩავწვდეთ იმას, თუ რა გვეშლება ამ ურთიერთმტრობაში ჩვენ, და რა ეშელება რუსეთის ხელისუფლებას, რუსულ საზოგადოებას.

2001 წელს სანკტ-პეტერბურგში გამოიცა გიორგი ემელიანენკოს წიგნი „რუსული აპოკალიფსისი და ისტორიის დასასრული“. მისი ავტორის შესახებ სწერია, რომ იგი არის ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი. მისი ძირითადი სპეციალობაა: ცეფალოგენეზი, ადამიანის თავის ტვინის ნახევარსფეროების ფუნქციური ასიმეტრიის განვითარება. სამეცნიერო ინტერესების სფეროა: ანთროპოლოგია და ფსიქოლოგია, ტვინის ენები, ფორმალური ენები, ფსიქოლინგვისტიკა, ფორმალური ლოგიკა, ინფორმატიკა, სემიოტიკა, სისტემური ანალიზი, ენთროპიული პროცესები ბიოლოგიურ და სოციალურ სისტემებში. უკანასკნელ ათ წელიწადში: სახარებისეული და წმინდა მამების სწავლება ადამიანის, ეკლესიისა და გადარჩენის (ცხონების) შესახებ“.

ავტორი რუსი ნაციონალისტია, ანუ საკუთარი სამშობლოს ტკივილით გულატკიებული ადამიანი, შესაძლოა მის ნათქვამში ერთი შეხედვით ბევრი რამე სადაოდ მოეჩვენოს ქართველ მკითხველს, მაგრამ ამჯერად გვინდა მხოლოდ მოვიყვანოთ ერთი ამონარიდი მისი წიგნიდან, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ამონარიდს თ. მ. დოსტოევსკის „მწერლის დღიურიდან“. დოსტოევსკი წერს: „სულის ძირითადი საუნჯეები არ არის დამოკიდებული ეკონომიკურ ძალაზე. ჩვენი ღატაკი მოუწყობელი მიწა, თავისი უმაღლესი ფენის გარდა, სულ მთლიანად არის ისე, როგორც ერთი ადამიანი. მთელი ოთხმოცი მილიონი მისი მოსახლეობისა წარმოადგენს ისეთ სულიერ ერთიანობას, როგორიც, რა თქმა უნდა, ევროპაში არსად არ არის და არც შეიძლება იყოს. პირიქით, ევროპაში, ამ ევროპაში, სადაც დაგროვებულია ამდენი სიმდიდრე, ყველაფერს ძირი აქვს გამოთხრილი, და, შესაძლოა, ხვალვე ჩაიქცეს უკვალოდ უკუნითი უკუნისამდე. და ევროპის მიერ დაგროვებული მთელი სიმდიდრე ვერ იხსნის მას დაცემისგან, რადგანაც „ერთ წამში გაქრება მთელი სიმდიდრე“.

...ნუთუ აქაც არ მისცემენ და არც ნებას დართავენ რუსულ ორგანიზმს ვითარდებოდეს ეროვნულად, თავისი ორგანული ძალით, არამედ აუცილებლად გაუსახურებულად, ლაქიისებური მიბაძვით ევროპისადმი? მაშინ სადღა წავიღოთ რუსული ორგანიზმი? ესმით თუ არა ამ ბატონებს, რა არის ორგანიზმი? და კიდევ ლაპარაკობენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესახებ! ამის უფლებას ხალხი არ მოგცემთ, _ ერთი რამის თაობაზე ორი წლის წინ უთხრა ერთმა თანამოსაუბრემ მეორეს, მგზნებარე მედასავლეთეს. _ თუ არა და ხალხს გავანადგურებთ! _ უპასუხა მედასავლეთემ მშვიდად და დიდებული გამომეტყველებით. და იყო იგი არ ვინ გინდა რა, არამედ ჩვენი ინტელიგენციის წარმომადგენელი.

აი რა შეუძლიათ თქვან (და ამბობენ კიდეც _ ციტირებული წიგნის გამომცემლობა) მედასავლეთეებს: ხალხის განათლებას ჩვენ დავიწყებთ იმით, რითაც თავად დავიწყეთ, ე. ი. მის მიერ მთელი თავისი წარსულის უარყოფითა და დაწყევლით, რომლითაც მან თავად უნდა დაწყევლოს თავისი წარსული. როგორც კი ვასწავლით ხალხის წრიდან გამოსულ ადამანს წერა-კითხვას, მაშინვე ვაიძულებთ მას უყნოსოს ევროპას, მაშინვე დავიწყებთ მის ცდუნებას ევროპით, თუნდაც ყოფაცხოვრების, ზრდილობის, კოსტიუმის, სასმელების, ცეკვების სინატიფით, _ ერთი სიტყვით, ვაიძულებთ მას შერცხვეს თავისი წარსული ქალამნებისა (ლაპტებისა) და ბურახის, შერცხვეს თავისი ძველი სიმღერების, და თუმცა კი მათ შორის არის რამდენიმე მშვენიერი და მუსიკალური, მაგრამ ჩვენ მაინც ვაიძულებთ მას მღეროდეს გარითმულ ვოდევილს, რამდენსაც არ უნდა ბრაზობდეთ თქვენ მანდ ამაზე... ვიმოქმედებთ უწინარეს ყოვლისა ხასიათის სუსტ სიმებზე, ისევე როგორც ჩვენ თავად გადაგვხდა, და მაშინ ხალხი _ ჩვენია. მას შერცხვა თავისი წარსულის და წყევლის მას. ხოლო ის ვინც წყევლის თავის წარსულს, უკვე ჩვენია! ხოლო თუკი ხალხი უუნარო აღმოჩნდება განათლებისადმი _ გავანადგუროთ ხალხი.

მილიონების რაოდენობით კი ჩვენ ვერ შეგვაშინებთ. ხომ არ შეგვიძლია ჩვენ თქვენთან ერთად ვლაპარაკობდეთ, მაგალითად, ისეთ უცნაურ საგნებზე, როგორიცაა le Pravoslavie და თითქოს რაღაცნაირი მისი განსაკუთრებული მნიშვნელობა. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ევროპისა და ევროპული მეცნიერების უკანასკნელი სიტყვაა ათეიზმი, განათლებული და ჰუმანური, ხოლო ჩვენ კი განა შეგვიძლია არ მივყვებოდეთ ევროპას?“.

ასეთია დიდი რუსი და საკაცობრიო მნიშვნელობის მწერლისა და მოაზროვნის, თ. მ. დოსტოევსკის საკუთარი სამშობლოს ბედისადმი გულისტკივილით დაწერილი სიტყვები. იმავე XIX საუკუნეში წმ. ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული აფრთხილებდა თავის სულიერ შვილებს, და გვაფრთხილებს ჩვენც: „ჩვენ გვხიბლავს და გვიტაცებს განათლებული ევროპა... დიახ, იქ პირველად არის აღდგენილი მანამდე მსოფლიოდან განდვნილი წარმართული სისაძაგლენი; იქიდან უკვე გადმოვიდა ისინი ჩვენთან და კვლავაც გადმოდის. ჩავისუნთქეთ რა ეს ჯოჯოხეთური მხუთრი, ჩვენ ვტრიალებთ, შეშლილივით, საკუთარი თავის კი არ გვახსოვს. მაგრამ გავიხსენოთ 1812 წელი: რატომ მოდიოდნენ ჩვენთან ფრანგები?
ასეთია ღვთის სიმართლის კანონი: იმით უნდა განვკურნავდეთ ცოდვისგან, რითაც ადამიანები მიილტვიან მისკენ.

დასავლეთით გვსჯიდა ჩვენ ღმერთი, და კვლავაც დაგვსჯის, ჩვენ კი ვერაფრით ვიგებთ ამას... ყურებამდე ჩავეფალით დასავლურ ჭუჭყში, და ყველაფერი კარგად გვგონია. გვაქვს თვალები, მაგრამ ვერ ვხედავთ; გვაქვს ყურები, მაგრამ არ გვესმის; ვერც გულისხმა ვჰყოფთ. უფალო შეგვიწყალე ჩვენ! მოგვივლინე ნათელი შენი და ჭეშმარიტება შენი!“.

მეტი რაღა გვეთქმის? მხოლოდ შეგვიძლია მკითხველის ყურადღება მივაპყროთ იმას, რომ რუსეთის მედასავლეთეობა მარტო გერცენის, ჩერნიშევსკისა და ბელინსკის მიერ გაკვალული გზებით კი არ შემოიფარგლება, მარქსიზმიც _ სოციალ-დემოკრატიაც სწორედ მედასავლეთური მოვლენა იყო და არის რუსეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, მისი მენშევიკური და ბოლშევიკური გამოვლინებებით. განა საფრანგეთის რევოლუციის ისტორიაში თუნდაც იაკობინელთა კლუბიდან გამოსული ჟირონდისტებისა და მონტინიარების მმართველობა და ურთიერთ ბრძოლა, უკანასკნელთა მიერ ქვეყანაში დამკვიდრებული სისხლიანი ოფიცილური ტერორი ბევრი რამით არ არის რუსეთის რევოლუციისა და ბოლშევიკური წითელი ტერორის წინამორბედი? განა რუსეში 1917 წლის მიწურულიდან გაბატონებული ბოლშევიკური ბანდა არ ზუსტად ისევე არ მიჰყვებოდა დემაგოგიას, ტყუილსა და სისხლიან ძალადობას, როგორც 1792 წლიდან საფრანგეთში გაბატონებული რობესპიერი, დანტონი და მარატი, თავინთი თანამზრახველებით _ თანაც ხალხისა და მისი კეთილდღეობის, ხალხის უმაღლესობისა და ხალხის მმართველობის სახელით? ასე აუხდათ რუს მედასავლეთეებს, ოღონდ არაბოლშევიკური მიმდინარეობისა (ლოჟისა), მათ მიერ ნაოცნებარი ის საშინელებანი, რომლებზედაც დოსტოევსკი წერდა ასე შეძრწუნებით თავის „მწერლის დღიურებში“. ასე აუხდათ ეს საშინელებანი რუსეთის იმ ნელთბილ ქრისტიანებს (მათ შორის ქართველებსაც), რომლებიც ყურად არ იღებდნენ თავიანთი წმინდანების გაფრთხილებებსა და შეგონებებს. და უნდა ვთქვათ, რომ არც ქართულ საზოგადოებაში აღმოჩნდნენ ისეთი გულისხმიერი მოღვაწენი XIX საუკუნეში, რომლებიც ილია ჭავჭავაძის (წმ. ილია მართლის) მიერ გაკვალული გზის გარდა, შეძლებდნენ დაენახათ და გულისხმა ეყოთ დიდი რუსი წმინდანების _ წმ. ეპისკოპოს ეგნატეს (ბრიანჩანინოვის), წმ. ფილარეტ მოსკოველის, წმ. თეოფანე დაყუდებულისა და სხვათა სწავლებანი, ასევე საკუთარი სამშობლოს ბედით შეშფოთებული ქრისტიანი მწერლების _ პუშკინის, ტიუტჩევის, დოსტოევსკის და სხვათა თხზულებებში გამოთქმული დასაბუთებული გულისტკივილი, მძიმე მდგომარეობიდან გამოსავლის ძიების გზა, და ეს ქართული მორწმუნე განათლებული საზოგდოების შესწავლისა და მსჯელობის საგნად ექციათ. მაშინ ჩვენც ბევრ ისტორიულ უკუღმართობას XX საუკუნეში ალბათ თავიდან ავიცილებდით.

გიორგი ემელიანენკოს ასევე მოჰყავს ბრიტანული ისტორიული აზრის პატრიარქის, არნოლდ ტოინბის ციტატა, რომელიც, ავტორის სიტყვით, დასავლეთსაცა და რუსეთშიც ყველაზე უფრო პატიოსან ისტორიკოსად არის მიჩნეული. ტოინბის უწერია: „დასავლეთი ურტყავდა რუსეთს ოთხას ორმოცდაათი წლის განმავლობაში, და დასავლეთი ყოველთვის იყო აგრესორი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით“.

თანამედროვე რუსი მეცნიერი და პოლიტიკოსი _ ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს წევრი ნატალია ნაროჩნიცკაიაც ასევე აჟღერებს თავის ნაშრომებში ა. ტოინბის მიერ გამოქვეყნებულ მოსაზრებებს. სახელდობრ, თავის ნაშრომში „რუსეთი და მსოფლიო აღმოსავლური საკითხი“, ნ. ნაროჩნიცკაია ამბობს: „მხოლოდ იალტამ და პოტსდამმა შეცვალეს მდგომარეობა, გადააქციეს რა აღმოსავლეთ ევროპის მთელი ტერიტორია ორმოცდაათი წლით სსრკ-ის გავლენის სფეროდ და, როგორც აღნიშნავდა ა. ტოინბი, „დასავლეთმა პირველად ათასი წლის მანძილზე იგრძნო საკუთარ თავზე რუსეთის ზეწოლა, რომელსაც იგი (რუსეთი _ ი. ხ.) განიცდიდა ყველა დროში დასავლეთისგან“. ხოლო ნაშრომში „ვატიკანის საქმიანობა რუსეთში: გეოპოლიტიკური ასპექტი“, ნატალია ნაროჩნიცკაია წერს: „ჯერ კიდევ ანგლოსაქსონური ისტორიული აზრის პატრიარქმა ა. ტოინბიმ აღიარა, რომ რუსეთი უცხოა დასავლეთისთვის... (მისთვის) „უცხო ცივილიზაციაში თავისი ჯიუტად დგომის გამო, და თვით 1917 წლის ბოლშევიკურ რევოლუციამდე ამ რუსულ „ბარბაროსულ ნიშანს“ წარმოადგენდა აღმოსავლურ-მართლმადიდებლური ქრისტიანობის ბიზანტიური ცივილიზაცია“. და ამას ამბობს ჩვენს დროში მოღვაწე ბრიტანელი ისტორიკოსი.

ასევე საინტერესოა 2002 წელს ქ. სარატოვში გამოცემული მღვდელმონაზონ აბელის (სემიონოვი) წიგნი „როგორ გადავიტანთ ღვთის რისხვას? (გლობალიზაციის ანტიქრისტიანული არსი)“, რომლის ფურცლებზეც ვკითხულობთ: „მსოფლიო ფორუმის კონფერენციაზე მოიწონეს მსოფლიოს მოსახლეობის რიცხოვნების „რეგულირების“ პროგრამა, რომელსაც ატარებს გაეროს მსოფლიო ბანკი აშშ-ის მთავრობასთან ერთობლივად. მისი მთავარი მიზანია _ უზრუნველყოს შობადობის მკვეთრი შემცირება იმ ქვეყნებში, რომლებიც არ მიეკუთვნებიან დასავლეთის ცივილიზაციას. (ამასთან დაკავშირებით გაიდარის მთავრობა, მაგალითად, მთელი სერიოზულობით განიხილავდა რუსეთის მოსახლეობის რიცხოვნების რამდენიმე ათეულ მილიონ ადამიანამდე შემცირების პროექტებს „ტერიტორიის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის“.) ეს ანტიჰუმანური პროგრამა მოიცავს დაახლოებით 100 ქვეყანას, და ითვალისწინებს სრულიად სხვადასხვანაირ ზომებს, თვით მამაკაცებისა და ქალების იძულებითი სტერილიზაციის ჩათვლით. მის გატარებაზე ერთერთი მთავარი პასუხისმგებელია მსოფლიო ბანკის დირექტორი დ. ვოლფენზონი, ბილდერბერგერთა კლუბის ერთერთი ხელმძღვანელთაგანი.

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიე-მინისტრმა ჯ. მეიჯორმა ასე ცინიკურად განსაზღვრა ჩვენი ბედი: „რუსეთის ამოცანაა... _ რესურსებით უზრუნველყოფდეს კეთილმოწყობილ ქვეყნებს. მაგრამ ამისთვის მათ სჭირდებათ სულ 50-60 მლნ. ადამიანი“. მაგრამ მეიჯორი ბევრად ჩამორჩება მის წინამორბედს მ. ტეტჩერს. ჯერ კიდევ 80-იანი წლების მიწურულს მან ერთერთ თავის ოფიციალურ მოხსენებაში განაცხადა: „სსრკ-ის ტერიტორიაზე ეკონომიკურად გამართლებულია 15 მლნ. ადამიანის ცხოვრება“.

უფრო ქვემოთ მღვდელმონაზონი აბელი წერს: „თუ რას ნიშნავს „ახალი მსოფლიო წესრიგი“ რუსეთისთვის, ღიად გვიჩვენა ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა, როდესაც 1995 წლის 24 ოქტომბერს სიტყვით გამოდიოდა აშშ შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტში: „გამოვიყენეთ რა საბჭოთა დიპლიმატიის შეცდომები, გორბაჩოვისა და მისი გარემოცვის განსაკუთრებული თვითდაჯერებულობა, მათ შორის იმათიც, რომელთაც ღიად ეკავათ პროამერიკული პოზიცია, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რის გაკეთებასაც ესწრაფოდა პრეზიდენტი ტრუმენი საბჭოთა კავშირთან ატომური ბომბის დახმარებით. მართალია, ერთი არსებითი განსხვავებით _ ჩვენ მივიღეთ ნედლეულის ნამატი, ატომით არდანგრეული სახელმწიფო... ოთხი წლის მანძილზე ჩვენ და ჩვენმა მოკავშირეებმა მივიღეთ 15 მლრდ. დოლარის სხვადასხვანაირი სტრატეგიული ნედლეული, ასეულობით ტონა ოქრო და ძვირფასი ქვები. არარსებული პროექტებით უმნიშვნელოდ მცირე თანხების საფასურად ჩვენ გადმოგვცეს 20 ათას ტ-ზე მეტი სპილენძი, თითქმის 50 ათასი ტ ალუმინი, 2 ათასი ტ ცეზიუმი, ბერილიუმი, სტრონციუმი და ა. შ. შემდეგ მან ჩამოაყალიბა უმნიშვნელოვანესი ამოცანები: „არ დავუშვათ ხელისუფლებაში კომუნისტები და უზრუნველვყოთ ელცინის მიერ პრეზიდენტობის მეორე ვადით დაკავება. თუკი ჩვენ გადავწყვეტთ ამ ორ ამოცანას, მაშინ უახლოეს ათწლეულში მოგვიწევს შემდეგი პრობლემების გადაწყვეტა: რუსეთის დანაწევრება მცირე სახელმწიფოებად რეგიონებს შორისი ომების გზით, იმის მსგავსად, რომელთა ორგანიზებაც ჩვენ მოვახდინეთ იუგოსლავიაში; რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და არმიის საბოლოოდ დანგრევა; რუსეთისგან ჩამოშორებულ რესპუბლიკებში ჩვენთვის საჭირო რეჟიმების დამყარება“. (ეს ციტატა მოყვანილია რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის ანალიტიკური ცენტრის მაშინდელი დირექტორის ა. დროზდოვის სტატიიდან // „როსსიისკაია ფედერაცია სეგოდნია“, # 22, 2000. გვ. 28).

რა რეჟიმი უნდა იქნას დამყარებული თავად რუსეთში? ეს ახლა ნათელია: გენოციდისა და მონობის რეჟიმი. ბილდერბერგერთა კლუბის 1998 წლის 14-17 მაისის სხდომაზე დიდ ბრიტანეთში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს რუსეთის დანაწევრების საკითხებს. ამ მიზნებით შესთავაზეს ჩვენი ქვეყანა დაიყოს რამდენიმე კონტროლის ზონად. განხილული სქემის მიხედვით, ცენტრი და ციმბირი უნდა დაუთმონ აშშ-ს, ჩრდილო-დასავლეთი _ გერმანიას, სამხრეთი და ვოლგისპირეთი _ თურქეთს, შორეული აღმოსავლეთი _ იაპონიას.

... ახლა აშკარაა, რომ იუგოსლავიის კვალდაკვალ, რომელმაც არ ისურვა გლობალიზაციის პროცესში შესვლა, _ რუსეთის ჯერია. ამერიკელები უკვე ეძებენ იდეოლოგიურ დასაბუთებას რუსეთში შემოსაჭრელად. ასე, 2001 წლის 7 თებერვალს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (ცდმ) დირექტორმა ჯორჯ ტენეტმა ამერიკული კონგრესისადმი თავის მოხსენებაში განაცხადა: „თითქმის ეჭვს არ იწვევს, რომ პუტინს სურს აღადგინოს საბჭოთა ეპოქის ზოგიერთი ელემენტი _ დიდი დერჟავის სტატუსი, ძლიერი ცენტრალიზებული ხელისუფლება და სტაბილური პროგნოზირებადი საზოგადოება... პუტინი ცდილობს წინ აღუდგეს აშშ-ის გავლენას ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში და აღადგინოს რუსეთი რეგიონის მთავარი დერჟავის ხარისხში“. ამრიგად, თვლის ცდმ-ის დირექტორი, რუსეთი წარმოადგენს სერიოზულ მუქარას ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. აი რას ნიშნავს „გეოპოლიტიკა“ და „ახალი მსოფლიო წესრიგი“ მათ რეალობაში მთელი მსოფლიოსა და რუსეთისთვის“.

ამ ვრცელი ციტატების ფონზე ძალზედ ავის მომასწავებელ შინაარსს იძენს თუნდაც საქართველოს ხელისუფალთა ჭარბი და ხაზგასმული აქტიურობა ბელორუსიის, უკრაინისა და შუა აზიის რესპუბლიკებში ჩატარებულ სახელისუფლებო არჩევნებში პროამერიკული კანდიდადების გასაყვანად, რასაც ალბათ უნდა შეექმნა უახლოესი წინაპირობები იქ ამერიკული და ნატო-ური სამხედრო ყოფნის უზრუნველსაყოფად (სამხედრო ბაზების შესაქმნელად) ზემოთ აღწერილი გეგმების შემდგომი რეალიზებისთვის _ სისხლიანი კონფლიქტების გაჩაღებისთვის, რომლებშიც დასავლეთის სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალები ჩარეოდნენ და წაიყვანდნენ მოვლენებს იმ სცენარების მიხედვით, რომლებზედაც ასე გულისტკივილით წერენ რუსი მამულიშვილები. და თუ ასეთ სიბინძურეში მონაწილეობისთვის რუსებისგან საპასუხო ან დამსწრებ (პრევენციულ) დარტყმებს ვღებულობთ, რატომ გვიკვირს ეს? განა ვაჟა ფშაველა არ ამბობს: „მაგრამ მტერს მტრულად მოექეც, თავად უფალმა ბრძანაო; ის სჯობს, რაც მალე ვეცდებით, გულში გავურჭოთ დანაო“. ჩვენ გვტკივა ჩვენთვის მოყენებული ეს ჭრილობა, მაგრამ რუსებისთვის არ იქნება მტკივნეული მათი საზღვრების მთელ გაყოლებაზე დასავლეთიდან და სამხრეთიდან ცეცხლითა და მახვილით შეჭრილი ამერიკული, ბრიტანული, ფრანგული, გერმანული, იტალიური, თურქული, კანადური, ჰოლანდიური, ბელგიური, ნორვეგიული, პოლონური, ჩეხური, უნგრული და სხვა დასავლური, აგრეთვე პაკისტანური, ავსტრალიური საჰაერო და საველე არმიების მიერ დატრიალებული რბევა-თარეში? განა ჩინეთი და ირანი ასე ადვილად დათმობენ მათთვის სასურველ ლუკმას ციმბირში, შუა აზიასა და ამიერკავკასიაში? განა ინდოეთი განზე დარჩება ასეთი მასშტაბის ომისგან? და განა ეს არ იციან აშშ-ისა და ნატო-ს ბლოკის ხელმძღვანელობაში? რა თქმა უნდა, იციან და როგორც ვხედავთ, ამ მსოფლიო მასშტაბის უბედურებას მიზანმიმართულად თანდათანობით ამზადებენ.

ახლახანს საქართველოს ტელეეთერით განაცხადეს, რომ დასავლეთში მიდის მეორე მსოფლიო ომის ისტორიის გადაწერა, რადგანაც საბჭოთა პერიოდში ეს ისტორია შუქდებოდა ცალმხრივად, ტენდენციურად, და ბევრი რამე ხელახლა არის გადასახედი. მაგრამ განა ასეა საქმე? განა დასავლთში მეორე მსოფლიო ომს საბჭოთა თვალსაზრისით იკვლევდნენ და აფასებდნენ? ამ ომის შესახებ ხომ თავიანთი მოგონებები დაგვიტოვეს უ. ჩერჩილმა, დ. ეიზენჰაუერმა, შ. დე-გოლმა; ჰიტლერული გერმანიის ისეთმა ოფიცრებმა და გენერლებმა, როგორებიც იყვნენ: ე. ფონ მანშტაინი, ე. რომელი, ჰ. გუდერიანი, ფ. ჰალდერი, ვ.-ფ. ფონ მელენტინი, ა. კესელრინგი, ფონ ბუტლარი, ტიპელსკირხი, ა. გალანდი, ა. მიდელდორფი და სხვები; ამერიკული არმიის გენერლებმა: ო. ბრედლიმ და ჯ. პატონმა, ბრიტანელმა ფელდმარშალმა მ. მონტგომერიმ; ცნობილმა ბრიტანელმა სამხედრო ისტორიკოსმა ბ. ლიდელ-ჰარტმა, ამერიკელმა ჩ. მაკდონალდმა და სხვებმა. ნუთუ ყველა ისინი საბჭოთა ხელმძღვანელობის კარნახით სწრდნენ თავიანთ მემუარებსა და ისტორიულ ნაშრომებს? რა თქმა უნდა, არა. მაგრამ ისინი თავად იყვნენ იმ ბრძოლების მონაწილენი, ან სახელმწიფოებს ედგნენ სათავეში, ან კიდევ ბავშვობისას გადაიტანეს ის ქარცეცხლიანი მოვლენები; ასევე ჯერ კიდევ მრავლად იყვნენ ამ ომის ცოცხალი მონაწილეები, რომლებიც სულ სხვანაირი მოლოდინით ელოდებოდნენ ცნობებს სტალინგრადიდან და კურსკის რკალიდან, რადგანაც იქ გერმანელების დამარცხება მათთვისაც იმედის მომცემი იყო ჩრდილოეთ აფრიკის ქვიშებში და შემდეგ იტალიის ფრონტზე, წყნარი ოკეანის კუნძულებზე. შემდეგ ისინი საბჭოელებთან ერთად ებრძოდნენ ფაშისტურ გერმანიას ევროპაში, სიხარულით ეხვეოდნენ და გამარჯვებას ულოცავდნენ მათ მდ. ელბაზე. ამ ადამიანებს თავიანთი ცოცხალი მოგონებები ჰქონდათ მეორე მსოფლიო ომის შესახებ, ბევრი ვეტერანი სახლში ინახავდა იმდროინდელი პრესიდან გაკეთებულ ამონაჭრევებს, და მათ დღევანდელი უტიფარი გაყალბებებით ვერ მოატყუებდით. დღეს კი ვითარება მნიშვნელოვნად არის შეცვლილი, ომის ვეტერანთა რიგები _ საგრძნობლადაა შეთხელებული, მხოლოდ ცოტა მათგანი თუ ინარჩუნებს აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობის უნარს. და ასეთ პირობებში ხდება, როგორც გვითხრეს იმ ომის ისტორიის ხელახლა გადაწერა. მაგრამ ქართულ საზოგადოებას ხომ უნდა ესმოდეს, რომ ასეთი მასშტაბის შეიარაღებულ დაპირისპირებაში ჩართვა საბედისწერო შეიძლება იყოს საქართველოსთვის, რომ ასეთ სიყალბეში მონაწილეობა, ასეთი უსინდისობით გახარება, ასეთი უზნეობა ჩვენს ქვეყანას სტოვებს უმთავრესი იმედის _ ღვთის მფარველობის გარეშე, და რას აპირებს იგი ამ უკანასკნელ იმედს მოკლებული? თუკი მას სარწმუნოება გააჩნია? განა დაიფარავს ნაძირალასა და ცილისმწამებელს ღმერთი გასაჭირში? არ დაიფარავს. ომში კი ხდება ის, რაც ხდება ომში, ანუ როგორც ფრანგები ამბობენ _ „ა ლა გერ, კომ ა ლა გერ“ („ომში, როგორც ომში“). ჩვენ ეს შედარებით მცირე მასშტაბებში და გარკვეულ წილად უკვე გამოვცადეთ საკუთარ თავზე აფხაზეთის ომშიც და სულ ახლახანს აგვისტოს მოვლენებშიც. სათანადო დასკვნების ვერგაკეთების შემთხვევაში, გვექნება გაცილებით უფრო მძიმე და მასშტაბური განსაცდელები _ ომი, სისხლი, ნგრევა და უბედურება. მაგრამ ეს საკითხის მხოლოდ ერთი მხარეა.

ყოველივე ამას აქვს სხვა ასპექტიც _ რელიგიური. ისევ მამა აბელის (სემიონოვის) წიგნიდან მოვიყვანთ ამონარიდს: „ქრისტიანობა _ მასონობის შეურიგებელი მტერია. დემოკრატიის საბაბით ახორციელებენ მსოფლიოს დექრისტიანიზაციას. 1904 წელს საფრანგეთში „ორდენის საბჭოს“ მეთაურმა ლაფერმა გამოაცხადა: „ჩვენ არა უბრალოდ ანტიკლერიკალები ვართ, არამედ ჩვენ ვართ ყველა დოგმისა და ყველა რელიგიის მოწინააღმდეგენი... ნამდვილი მიზანი, რომელსაც ჩვენ მივყვებით, არის ყველა დოგმისა და ყველა რელიგიის დანგრევა“. ისინი ამტკიცებენ, რომ ქრისტიანობა არის მონების რელიგია. ზ. ბჟეზინსკი საშიშროებას ხედავს ტრადიციულ მართლმადიდებლობაში. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი ს. ჰანტინგტონი წერს, რომ რუსეთი მისი ცივილიზაციით უვარგისია „ახალი მსოფლიო წესრიგისთვის“ და საჭიროა მისი შეცვლა. ხოლო „საფრანგეთის დიდი აღმოსავლეთის“ ორდენის მეთაური შეშფოთებულია „ეკლესიის მისწრაფებით განახორციელოს ახალი ევანგელიზაცია“ რუსეთში (ТАСС, 09. 09. 1991).

...ზ. ბჟეზინსკი რომის კლუბის შეკვეთით დაწერილ თავის წიგნში „ტექნოტრონული ერა“ წერს: „იმავე დროს გაიზრდება პიროვნებაზე სოციალური და პოლიტიკური კონტროლის შესაძლებლობები. მალე შესაძლებელი გახდება თითქმის უწყვეტი კონტროლის განხორციელება ნებისმიერ მოქალაქეზე და მუდმივდ განახლებადი კომპიუტერული ფაილების წარმოება, რომლებშიც ჩვეულებრივი ინფორმციის გარდა იქნება სრულიად კონფიდენციალური დაწყვრილებითი ცნობები თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ქცევების შესახებ... შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს მყისიერად შეეძლებათ ამ ფაილების გაცნობა. ძალაუფლება თავმოყრილი იქნება იმათ ხელში, ვინც აკონტროლებს ინფორმაციას“. შემდეგ ზ. ბჟეზინსკი აღნიშნავს, რომ დამდეგი ტექნოტრონული ერა მიიყვანს კაცობრიობას დიქტატურამდე, რომლის დროსაც თითქმის სრულიად გაუქმდება ახლა არსებული პოლიტიკური პროცედურები“ (სხვა სიტყვებით, გაუქმებულ იქნება ყველა ეროვნული სუვერენული ხელისუფლება _ მღვდელმონაზონი აბელი). ზ. ბჟეზინსკის მსჯელობით, პრაქტიკულად შესაძლებელი გახდება ბიოქიმიური კონტროლი შემეცნებაზე და გენეტიკური მანიპულაციები ადამიანებზე, „ისეთი არსებების შექმნის ჩათვლით, რომლებიც არა მხოლოდ იმოქმედებენ ადამიანებივით, არამედ იმსჯელებენ კიდეც“.

ამის შემდეგ მამა აბელი ასკვნის, რომ „პლანეტის თითოეულ ადამიანს თავს მოხვეული „ახალი მსოფლიო წესრიგი“ უმზადებს არა მხოლოდ ყოველგვარი სულიერების დაკარგვას, არამედ ინდივიდუალურობისაც. ქრისტიანული ეკლესიის შესახებ გლობალისტები არც კი ლაპარაკობენ, მათ უკვე „ჩამოწერეს იგი ანგარიშიდან“ და ღვთის რწმენის ნაცვლად მთელ მსოფლიოს უმზადებენ მომავალი ცრუ მესიის, ანუ ანტიქრისტეს აღიარებასა და შემდეგ კი მის თაყვანისცემას... ამიტომაც გაეროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დეკლარაციაშიც კი პირდაპირაა ლაპარაკი იმაზე, რომ „რათა მივიდეთ ერთიანი მსოფლიოს მთავრობის შექმნამდე აუცილებელია გავანთავისუფლოთ ადამიანები მათი ინდივიდუალობისგან, ოჯახისადმი სიყვარულისგან, ეროვნული პატრიოტიზმისა და რელიგიისგან, რომელსაც ისინი აღიარებენ“.

ამის გამო მღვდელმონაზონი აბელი ასკვნის, რომ გლობალიზაცია რომ არ ყოფილიყო, მსოფლიო მთავრობას იგი უნდა მოეგონებინა, რათა იდეოლოგიურად გაემართლებინა ტრადიციული საზოგადოებრივი სტრუქტურების ნგრევა, და მათთან ერთად, მასზე დაფუძნებული, ღვთის მიერ დადგენილი სარწმუნოებისა და კულტურისაც...

„მეორე მსოფლიო ომის ბოლოს აშშ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს ერთერთმა მთავარმა მოღვაწემ, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დამაარსებელმა და მისმა პირველმა დირექტორმა ალენ დალესმა განაცხადა: „ჩვენ მივმართავთ ყველაფერს, რაც გაგვაჩნია, მთელ ოქროს, მთელ მატერიალურ სიძლიერესა და რესურსებს ადამიანთა გამოთაყვანებასა და გასულელებაზე. ადამიანის ტვინს, ადამიანთა შეგნებას აქვს ცვლილებების უნარი. დავთესავთ რა იქ ქაოსს, ჩვენ შეუმჩნევლად შევუცვლით მათ ფასეულობებს ყალბი ფასეულობებით, და ვაიძულებთ მათ ამ ფასეულობებისა სჯეროდეთ. ასე ჩვენ ვიპოვნით ჩვენს თანამოაზრეებს, ჩვენს თანაშემწეებსსა და მოკავშირეებს თავად რუსეთში. ნაბიჯ-ნაბიჯ, ეპიზოდ-ეპიზოდად გათამაშებულ იქნებას დედამიწაზე ყველაზე უფრო დაუმორჩილებელი ხალხის (ე. ი. რუსების _ ი. ხ.) დაღუპვის, მისი თვითშეგნების საბოლოოდ, შეუქცევადად ჩაქრობის თავისი მასშტაბის მიხედვით გრანდიოზული ტრაგედია... ლიტერატურა, თეატრი, კინო _ ყველაფერი ასახავს და განადიდებს ყველაზე უფრო სულმდაბალ ადამიანურ გრძნობებს. ჩვენ ყველანაირად მხარს დავუჭერთ და წინ წამოვწევთ ე. წ. მხატვრებს, რომლებიც ადამიანთა შეგნებაში დანერგავენ და ჩატენიან სექსის, ძალადობის, სადიზმის, გამყიდველობის კულტს _ ერთი სიტყვით, ყველანაირი უზნეობისა. სახელმწიფოს მართვაში ჩვენ შევქმნით ქაოსსა და გაურკვევლობას...

პატიოსნებასა და წესიერებას დასცინებენ და ისინი არავისთვის საჭირო აღარ იქნება, გადაიქცევა წარსულის გადმონაშთად. უზრდელობას, თავხედობას, სიცრუესა და ტყუილს (ложь и обман), ლოთობასა და ნარკომანიას, ერთმანეთის წინაშე ცხოველურ შიშსა და უსირცხვილობას, გამყიდველობას, ნაციონალიზმსა და ხალხების მტრობას _ ყოველივე ამას ჩვენ დავნერგავთ (თავს მოვახვევთ, будем насаждать) მოხერხებულად და შეუმჩნევლად...

ჩვენ ასეთნაირად მოვარყევთ ერთმანეთის მიყოლებით თაობებს. ადამიანებს ხელს ჩავავლებთ ბავშვობის, ყმაწვილობის წლებიდანვე, ყოველთვის მთავარ ფსონს გავაკეთებთ ახალგაზრდობაზე, გავხრწნით, გავრყვნით, დავანგრევთ მას. ჩვენ მათგან შევქმნით ჯაშუშებს, კოსმოპოლიტებს. ჩვენ ამას სწორედ ასე გავაკეთებთ“.

ამ ციტატის მოყვანის შემდეგ მამა აბელი ამბობს: „სულის პირველი რეაქცია ამ სიტყვებზე არის _ მდუმარება. ამ სიტყვებს ხომ ამბობდა არა ადამიანი, მათ ამბობდა თვითონ ეშმაკი. ეშმაკი პირდაპირ, თავხედურად და ღიად, პოლიტიკის, ეკონომიკის მეშვეობით, ფსევდოკულტურისა და უზნეობის მეშვეობით, ყოყოჩი და იძულებით თავსმოხვეული „ახალი მსოფლიო წესრიგის“ მეშვეობით ცდილობს დაანგრიოს ერის ქრისტიანული შეგნება და შეარყიოს „წმიდათა წმიდა“ _ ჩვენი ეკლესია და ჩვენი რწმენა, და ქრისტეს შვილები ჩამოაშოროს ხსნის (სულის ცხონების) გზას“.

ბოლოს ისევ არაშესაშური მომავლის სურათი შევავსოთ მამა აბელის მიერ მოყვანილი მოკლე მოთხრობით დოქტორ დ. კოლემანის მიერ თავის წიგნში „300-თა კომიტეტი“ განხილული ჰ. უელსის წიგნიდან „ღია შეთქმულება: მსოფლიო რევოლუციის გეგმები“ (H. G. Wells, The Open conspiracy – Plans for a World revolution). ჰერბერტ უელსი თავის დროზე იყო მსოფლიო მთავრობის წევრი და თავის ფანტასტიკურ ნაწარმოებებში ხშირად აჟღერებდა იმ გეგმებს, რომლებიც გააჩნდა სამომავლოდ სწორედ მსოფლიო მთავრობას. აი რას წერს იგი:

„იქნება ე რ თ ი ა ნ ი მსოფლიო მოსახლობის შემცირებული რიცხოვნებით 1 მლრდ. ადამიანამდე, რომლებიც სარგებლობას მოუტანენ მმართველ კლასს. საშუალო კლასი აღარ იქნება, იქნებიან მხოლოდ ბ ა ტ ო ნ ე ბ ი და მ ო ნ ე ბ ი. ყველა კანონი იქნება უნიფიცირებული მსოფლიო სასამართლოების იურიდიული სისტემის ფარგლებში, მათ აღსრულებას კი თვალყურს მიადევნებს მსოფლიო მთავრობის პოლიცია, ხოლო მთავრობის გაერთიანებული ძალები (ნატო) ძალადობრივად დანერგავს ამ კანონებს ყველა ქვეყანაში, რომლებიც აღარ იქნებიან გაყოფილი საზღვრებით. ვინც დაემორჩილა და ემსახურება მსოფლიო მთავრობას დაჯილდოებული იქნება სასიცოცხლო სახსრებით, ვინც აჯანყდება, უბრალოდ შიმშილით მოკვდება ან გამოცხადებულ იქნება კანონგარეშე, რითაც იქცევა სამიზნედ ყველასთვის, ვინც კი მოისურვებს მის მოკვლას.

ნებადართული იქნება მხოლოდ ე რ თ ი რ ე ლ ი გ ი ა მსოფლიო მთავრობის ეკლესიის (ე. ი. მასონური ლოჟის) ფორმით. სატანიზმი, ლუციფერობა და შავი მაგია აღიარებული იქნება სწავლების კანონიერ საგნებად, კერძო ან საეკლესიო სკოლების აკრძალვით. ყველა ქრისტიანულ ეკლესიას დაანგრევენ, ხოლო თავად ქრისტიანობა გადავა წარსულში. თვით რაიმენაირ გაგებასაც კი თავისუფლების, ეროვნების, სუვერენიტეტის შესახებ დევნას დაუწყებენ. თითოეულს ჩააგონებენ რომ ის არის ერთიანი მსოფლიო მთავრობის ქმნილება, თითოეულ ადამიანზე შემოიღებენ საიდენტიფიკაციო ნომერს, რომელთა არსებობაც ადვილად შესამოწმებელი იქნება. ამ ნომრებს შეიყვანენ ბრიუსლში ნატო-ს კომპიუტერის ნაკრებ ფაილში, რომელთანაც მსოფლიო მთავრობის ყველა სტრუქტურას მყისიერი დაშვება ექნება ნებისმიერ დროს.

ქორწინება და ოჯახური ცხოვრება იქნება კ ა ნ ო ნ გ ა რ ე შ ე. მშობლებს ბავშვებს ჩამოართმევენ ადრეულ ასაკში და მათ გაზრდიან ზედამხედველები, როგორც სახელმწიფო ქონებას. თუკი ქალი შობს ორზე მეტ შვილს, მას ჩაუტარებენ ძალდატანებით სტერილიზაციას. პორნოგრაფია არა მხოლოდ დაკანონებული იქნება, არამედ მას ყოველმხრივ თავს მოახვევენ, მათ შორის სქესობრივ სიმახინჯეებსაც. ნარკოტიკების გამოყენება აუცილებელი იქნება შეგნების შეცვლის მიზნით.

ამრიგად, მსოფლიო ელიტიდან გარიცხული ადამიანების მასები დაკნინებული იქნებიან გაწვრთნილი ცხოველების დონესა და ქცევამდე, საკუთარი ნების გარეშე, ადვილად დაქვემდებარებადი და მართვადები. თითოეულს ჩააგონებენ, რომ იგი მთლიანად დამოკიდებულია მსოფლიო მთავრობაზე. სასიკვდილოდ დაავადებულებისა და მოხუცების ევთანაცია (უმტკივნეულოდ მოკვლა) აუცილებელი იქნება. XXI საუკუნის შუახანებისთვის გეგმავენ დედამიწის მისახლეობის რიცხოვნების ოთხი მილიარდი ადამიანით შემცირებას.

ნაღდი ფული არ იქნება. მთელ ანგარიშსწორებებს შეასრულებენ სმარტ-ბარათის მეშვეობით, რომელზედაც იქნება პირადი საიდენტიფიკაციო კოდი. ნებისმიერ პირს, რომელიც დაარღვევს „ნორმებსა და წესებს“, შეუჩერებენ მისი საიდენტიფიკაციო ბარათის მოქმედებას, ან ჩამოართმევენ მას ან მისი ნომრის ბლოკირებას მოახდენენ კომპიუტერში.

აი ასეთი გეგმები აქვთ ყველაზე უფრო ნამდვილ სატანისტ-არისტოკრატებს. მაინც რა იქნება, თუკი წინ აღვუდგებით ან შევეცდებით წინ აღვუდგეთ მათ? აურელიო პეჩეი, რომის კლუბის ერთერთი ლიდერთაგანი, თავის წიგნში „უფსკრულის პირას“ (The Chasm Ahead) გვაფრთხილებს, რომ მსოფლიო გადაეშვება ქაოსში, თუკი მას არ დაუწყებს მართვას ერთიანი მსოფლიო მთავრობა“ (დ. კოლემანი „სამასთა კომიტეტი“).

ყოველივე ამის შემდეგ მღვდელმონაზონი აბელი ამბობს, რომ მონდიალიზმის (გლობალიზაციის, ფრანგულად „ლე მონდ“ ნიშნავს „მსოფლიოს“ _ ი. ხ.) მეთოდები და მსოფლიო მთავრობის მიზნები უბრალოდ ფანტასტიურია, თუ არა უტოპიური, მაგრამ ისინი უკვე იძენენ რეალურ მოხაზულობებს ქვეყნებისა და ხალხების ცხოვრებაში. „გულწრფელად რომ ვთქვათ, _ ასკვნის იგი, _ ენაც კი ვერ მოგვიბრუნდება მათ დასახასიათებლად ან მათთვის განსაზღვრების მისაცემად. ასეთ რამეს ადამიანი თვითონ ვერ მოიგონებდა და სავსებით რეალურად გვეჩვენება, რომ მსოფლიო კულისებს მიღმა ძალები დავალებებსა და მოქმედებების გეგმას ღებულობენ უშუალოდ სატანისგან თავიანთი ლოჟების შავ რიტუალებში. ამის შესახებ თავის ერთერთ წერილში ათონის წმ. მთიდან ლაპარაკობს იერო სქიმონაზონი რაფაელი (ბერესტოვი): „მასონები თავიანთი ლოჟების ზედა სართულებზე სატანისტებია. მასთან აქვთ პირადი კონტაქტები და მისგან ღებულობენ მითითებებს, თუ როგორ იმოქმედონ ჩვენს, მართლმადიდებელი ქრისტიანების წინააღმდეგ“. ჭეშმარიტად, ვერანაირი ლოგიკით ვერ ავხსნით იმ მიზნებს, რომელთა მიღწევაც სურს მსოფლიო მთავრობას, ვინაიდან ყველასთვის ნათელია, რომ კაცობრიობის მართვის ასეთი „მეთოდები“ უახლოეს ათწლეულებში მიგვიყვანს მის განადგურებამდე, ამასთან არა მხოლოდ ზნეობრივი და რელიგიური თვალსაზრისით, არამედ ეკოლოგიურითაც.

ერთი რამ ძალზედ მკაფიოდ მოჩანს: „ახალი მსოფლიო წესრიგის“ დამკვიდრების ყველა მეთოდი დესტრუქციულია, მიმართულია კაცობრიობისა და პლანეტის განადგურებაზე, თავად ადამიანის. როგორც პიროვნების ნგრევაზე“. ეს ვრცელი ამონარიდი მამა აბელის წიგნიდან კიდევ ვერ ამოწურავს მასში არსებულ ინფორმაციასა და სწავლებას თანამედროვე მსოფლიოს მმართველი წრეების ანტიქრისტიანული ბუნების შესახებ. და მეტად სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფალნიც, როგორც ჩანს, თავგამოდებით მიისწრაფიან ამ ბოროტისეულ ფერხულში უფრო გულდაგულ ჩასაბმელად. მათ დავიწყებიათ მაცხოვრის სიტყვები, რომ რა სარგებელია კაცისთვის, თუნდაც მან მთელი ქვეყნის სიმდიდრე შეიძინოს, და ამისთვის საკუთარი სული წარიწყმიდოს? აქ, ამ ქვეყნად ხომ დროებითა ვართ მოსული, და განა კი ღირს ასეთი ფერხულის სანაცვლოდ მარადისობაში, უკუნითი უკუნისამდე, აუტანელ ტანჯვა-წამებასა და უიმედობაში, უნუგეშობაში ყოფნა?

და თუკი საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი საზოგადოების პოლიტიკურად აქტიური ნაწილი სულის ცხონების გზაზე სიარულს ამჯობინებდნენ, თუკი ამქვეყნიური დროებითი სარგებლის ნაცვლად მარადიულ ნეტარებაში სამარადისოდ უფალთან ყოფნას ისურვებდნენ, ნუთუ მაშინაც ჩვენი ქვეყნის საშინაო ცხოვრება და საგარეო პოლიტიკა ასეთივე იქნებოდა? ნუთუ მაშინაც ასეთი მტრული დამოკიდებულება გვექნებოდა რუსეთთან? განა ირანის სახელმწიფოს მატერიალური კეთილდღეობის თვალსაზრისით, თუნდაც შაჰ აბასის დროს, არ ჰქონდა ბევრი რამ იმაზე უკეთესი, ვიდრე ქართლისა და კახეთის სამეფოებში იყო? მაშინ რატომ იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები საკუთარი სამშობლოსა და სარწმუნოების, საკუთარი თვითმყოფადობის დასაცავად? რატომ ამჯობინეს ლუარსაბ მეორემ და ქეთევანმა წამებულმა, ბიძინა ჩოლოყაშვილმა, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავებმა წამებით სიკვდილი გამაჰმადიანებასა და სულიერ სიკვდილს? განა სეფევიდი შაჰები არ მოუწოდებდნენ მათ ირანის იმპერიის ფარგლებში „გობალიზაციისკენ“, საკუთარი საუნჯის მიტოვებისა საერთოიმპერიული ფასეულობების აღიარებისკენ, ხოლო სამაგიეროდ სიმდიდრესა და ფუფუნებას ჰპირდებოდნენ? ხოლო ამ დიდმა ქართველებმა უარყვეს ამქვეყნიური ამაოება და ღვთის სასუფეველში დამკვიდრებისთვის ღვაწლი ამჯობინეს, უფალმა კი მოწამეობის სანაცვლოდ მათ წმინდანის გვირგვინები უბოძა.

დღესდღეობით კი, როგორც ვხედავთ, მატერიალურ კეთილდღეობას გამოკიდებული ქართველობის პოლიტიკურად აქტიური ნაწილის უდიდესი უმეტესობა სრულიად სხვა გზას დასდგომია და თანამედროვე გლობალიზაციის იმ საშინელებაში, რომელზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი, თბილად მოწყობის იმედით დაუვიწყებია საკუთარი თვითმყოფადობის, ზნეობის, კულტურისა და დამოუკიდებლობისთვის ზრუნვა. უკანასკნელი სისხლიანი კონფლიქტის ფონზე რატომღაც სხვა პროამერიკული წრეები მხოლოდ ხელისუფლებისკენ იშვერენ ხელს და მას ადანაშაულებენ მომხდარ უბედურებაში. მაგრამ განა ისინი თავად არ საქმიანობენ წლების მანძილზე იმისთვის, რათა ძირითადად მართლმადიდებლური აღმსარებლობის საქართველოს კანონმდებლობა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კულტურული ცხოვრება „ჰარმონიზაციაში მოვიდეს“ კალვინისტურ-ლუთერანულ-კათოლიკური დასავლეთის კანონმდებლობასა და ცხოვრებასთან, ქართული ზნეობა გადაკეთებულ იქნას დასავლურ ყაიდაზე, განა ისინი ხელისუფლებასთან ერთად არ არიან ჩართული საქართველოს ნატო-ს ბლოკში გაწევრიანების საქმეში? განა ისინი არ ეწეოდნენ სრულიად ცალმხრივ აგიტაციასა და პროპაგანდას ა. წ. 5 იანრის პლებისციტზე საქართველოს ამომრჩევლების მიერ ჩვენი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სასარგებლოდ ხმის მისაცემად?

რუსეთის ხელისუფლება, ჯერ კიდევ დაწყებული 1992 წლიდან, როდესაც აქ სახელმწიფოს მეთაურად ჩამოვიდა შევარდნაძე, სულ იმას მოითხოვდა ჩვენგან, რომ მხარი დაგვეჭირა მისთვის ნატო-ს აღმოსავლეთისკენ გაფართოების წინააღმდეგ. ამაზე უარის სანაცვლოდ მივიღეთ ომი აფხაზეთში, შემდეგ კი ორი ყოფილი ავტონომიის დაკარგვა, იმედია დროებით დაკარგვა. ვამბობთ, რომ ნატო საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გარანტია, მაგრამ გვავიწყდება, რომ რუსეთის მეზობელი ფინეთი და შვედეთი მთელი ცივი ომის პერიოდში არ შესულან ნატო-ში, მაგრამ რუსეთს მათი დაპყრობა და დამორჩილება არ დაუწყია.

ქართველი პროამერიკელები და პრონატოელები დაჟინებით იმეორებენ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ვერსიას, ხოლო მის გაჩაღებას რუსეთის მხრიდან დაგებულ ხაფანგსა და საქართველოს ხელისუფლების წინდაუხედაობას, ქარაფშუტობას აბრალებენ. შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ მეტად საეჭვოა, რომ თუნდაც ასეთ ხელისუფლებას რუსეთის ფედერაციასთან დაეწყო შეიარაღებული კონფლიქტი რომელიმე სხვა დიდი სახელმწიფოს მხრიდან წაქეზების გარეშე. ბუნებრივია, ვგულისხმობთ აშშ-ის ადმინისტრაციას. გვინდა გავახსენოთ ჩვენს მკითხველებს, რომ კონფლიქტის კვალდაკვალ უკრაინაში ჩატარებულ იქნა საპარლამენტო გამოძიება ამ ქვეყნის მიერ საქართველოსთვის უკანასკნელ ხანებში მოყიდული შეიარაღების თაობაზე. გამოირკვა, რომ უშუალოდ კონფლიქტის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოს უკრაინისგან უყიდია დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალები _ ვაზნები, საარტილერიო გასროლები, რომლებიც უნდა დაიხარჯოს საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას. უკრაინელი დეპუტატები აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტ იუშჩენკოს გარეშე ასეთ გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებდა. ხოლო იუშჩენკოსა და სააკაშვილს კი პირველ რიგში ერთმანეთთან აკავშირებს სწორედ მათი პროამერიკული და პრონატოური საგარეოპოლიტიკური კურსი. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფალნი დაჟინებით იმეორებდნენ, რომ აფრთხილებდნენ დასავლეთს რუსეთის მზაკვრული გეგმების შესახებ, ამერიკული ადმინისტრაციის წარმომადგენლები კი ასევე იმეორებდნენ, რომ აფრთხილებდნენ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის მოსალოდნელი მზაკვრობის თაობაზე. მაშინ რატომ ვერ იმუშავეს ამ ორმხრივმა გაფრთხილებებმა? როგორ მოახერხა რუსეთის ხელმძღვანელობამ ასეთი ფრთხილი და თანაც ამერიკელების მიერ გაფრთხილებული საქართველოს ხელისუფლების მოტყუება? ყოველივე ეს ბევრ კითხვას ბადებს, მაგრამ არა პროამერიკელ ქართველთა გონებაში.

მაინც რაში შეიძლებოდა დასჭირებოდათ ვაშინგტონის თეთრ სახლში ასეთი კონფლიქტის ინიცირება, თუკი ეს მათგან იყო? არის ასეთი ცნება სამხედრო ხელოვნებაში _ დაზვერვა ბრძოლით. სახელდობრ, თანამედროვე საბრძოლო ბატალიონის შემადგენლობაში შედის სადაზვერვო ოცეული; ბრიგადის შემადგენლობაში საბრძოლო ბატალიონებთან და საარტილერიო დივიზიონთან ერთად შედის უკვე სადაზვერვო ასეულიც; დივიზიაში კი, საბრძოლო ბრიგადების გარდა, შედიან სადივიზიო დაქვემდებარების ნაწილები და ქვედანაყოფები, მათ შორის სადაზვერვო ბატალიონიც; რამდენიმე დივიზიისგან შემდგარი საარმიო კორპუსის ინტერესებში დაზვერვას აწარმოებს უკვე სადაზვერვო პოლკი ან ბრიგადა. ეს საჯარისო ერთეულები დაზვერვას აწარმოებენ მეთვალყურეობითა და სადაზვერვო რაზმებით, ხოლო სადაც მხოლოდ ასეთნაირად მოწინააღმდეგეზე საჭირო ინფორმაციის მიღება ვერ ხერხდება, მაშინ დაზვერვა წარმოებს ბრძოლით. ანუ დივიზიის სადაზვერვო ბატალიონი იწყებს ბრძოლას მოწინააღმდეგის ჯარებთან გარკვეულ უბანზე, რათა დივიზიის მეთაურმა უფრო კარგად შეისწავლოს ამ უბანზე მოწინააღმდეგის შესაძლებლობები, და ისე დაგეგმოს თავისი შემდგომი მოქმედებები. რაც აგვისტოს თვეში ცხინვალის რეგიონში ხდებოდა, ძალზედ ჰგავს სწორედ დაზვერვას ბრძოლით, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებდა აშშ-ის ინტერესებში. მაშინ უკვე ჩვეულებრივი ადამიანური გონების ფარგლებში ჯდება მიმდინარე მოვლენები, თუმცა კი გაუგებარია, რატომ კისრულობს საქართველოს ხელისუფლება ამერიკული ადმინისტრაციის ინტერესებში რუსეთის სუსტი მხარეების გამოვლენის მიზნით ბრძოლით დაზვერვის ამოცანის შესრულებას? თუ ვცდებით და ტყუილად ვაბრალებთ ამერიკულ ადმინისტრაციას ასეთ მზაკვრულ გეგმებს, უფალს ვთხოვთ მოგვიტეოს ამისთვის, ჩვენ ხომ მხოლოდ ვარაუდს გამოვთქვამთ, რომელიც გვგონია რომ გონებასთან ახლოსაა; მაგრამ თუკი ეს მართლაც იყო ის, რაზედაც ვლაპარაკობდით, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ დაზვერვას შესაძლოა მოჰყვეს მთავარი ძალების ამოქმედებაც.

ირაკლი ხართიშვილი


გვიანდელი შენიშვნა:

ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს ხელისუფლება მომხდარის გამო პასუხისმგებლობას აკისრებს რუსეთის მმართველ წრეებს, რომელთა ვერაგული ჩანაფიქრიც ქართულმა ჯარებმა თავიანთი გმირობითა და ვაჟკაცობით ჩაფუშეს. მაგრამ თუკი ასეა, მაშინ რატომ ვერ დააფასეს სათანადოდ ქართველი ჯარისკაცებისა და ოფიცრების განსწავლულობა და გმირობა საფრანგეთის, გერმანიის, ბრიტანეთის, იტალიის, თურქეთის, აშშ-ისა სხვა ქვეყნების სამხედრო სარდლობებმა? განა მათ ბევრნი ჰყავთ ისეთი სამხედრო მოსამსხურეები, რომლებსაც შეეძლებათ რიცხობრივად გაცილებით უფრო აღმატებული და უკეთ შეიარაღებული რუსული ჯარების გაჩერება და უკუგდება? თუკი კარგად მოასპარეზე ფეხბურთელებს, კალათბურთელებს, მოჭიდავეებსა და სხვა სპორტსმენებს დიდი ხალისით იწვევენ ეს ქვეყნები თავისთან და სათანადო პირობებსაც უქმნიან, მაშინ რაღატომ დაუბნელდათ გონება იმათი თავდაცვის სამინისტროებისა და გენერალური შტაბების პასუხისმგებელ ოფიცრებსა და ხელმძღვანელებს, რომ ვერ მოისაზრეს და ვერც მოახერხეს ასეთი გამორჩეული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების თავისკენ გადაბირება? მართლაც გასაოცარია, სასაცილო რომ არ იყოს.
სინამდვილეში კი, ჩვენ იმ მოსაზრებაზე ვრჩებით, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ გადადგავდა ასეთ ნაბიჯს აშშ-ის მაღალჩინოსნების მხრიდან წაქეზების, უფრო სწორად კი, შესაბამისი დავალების მიღების გარეშე, რაც გულისხმობდა იმის მოსინჯვას, მზად იქნებოდა თუ არა რუსეთი იარაღის ძალით დაეცვა თავისი სასიცოცხლო ინტერესები, ხოლო პერეპექტივაში კი ტერიტორიული მთლიანობაც შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების შემოტევის შემთხვევაში. რუსეთის ხელისუფლებამ გადაჭრით დაანახა ყველას, რომ დაიცავს თავის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებს. ამიტომ სინამდვილეში ეს გახლდათ არა რუსულ-ქართული კონფლიქტი, არამედ რუსულ-ამერიკული. ამეზე ადრეც დავწერე, ამიტომ აქ მეტს აღარ გავაგრძელებ. იმავე დღეებში, როდესაც საქართველოს ხელისუფლების მოწოდებით ბევრი თბილისელი გამოვიდა ჩვენი ქალაქის ქუჩებში „ამერიკა-ამერიკისა“ და „ნატო-ნატოს“ ძახილით, მაშინ მე სახლში დარჩენილმა დავწერე პატარა ლექსი, რომელსაც ახლა ვაცნობ ჩვენს მკითხველებს:

აბა ძმურად, მეგობრებო,
ვიმღეროთ და დავცხოთ ტაში,
ჩვენ არ გვინდა საქართველო
ამერიკის უკანალში!

No comments:

Post a Comment