Friday, November 19, 2010

რამდენად რეალურია მესამე მსოფლიო ომის საშიშროება?

(ინტერვიუ ირაკლი ხართიშვილთან)
(გამოქვეყნდა ჟურნალ “ქვაკუთხედის” 2008 წლის მაის-ივლისის ნომრებში)

_ როგორ აფასებთ აშშ-ის შესაძლო აგრესიას ირანის წინააღმდეგ?

_ უარყოფითად, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა აგრესიას ნებისმიერი სხვა ქვეყნის წინააღმდეგ. მაცხოვარი გვასწავლის, რომ არ ვუსურვებდეთ სხვას ისეთ რამეს, რასაც საკუთარ თავს არ ვუსურვებდით; არ ვუკეთებდეთ სხვას ისეთ რამეს, რასაც არ ვისურვებდით, რომ ჩვენთვის გაეკეთებინათ; პირიქით, ვუსურვებდეთ და ვუკეთებდეთ სხვას ისეთ რამეს, რასაც ვისურვებდით ჩვენივე საკუთარი თავისთვის.

აშშ-ის სულიერი ცხოვრების განმსაზღვრელ ელემენტად იმთავითვე იქცნენ ქრისტიანობაში ერთერთი პროტესტანტული სექტის, კალვინიზმის უკიდურესად რადიკალური ფრთის _ ბრიტანული პურიტანიზმის მიმდევრები, რომელთა ზეობის ხანას შეადგენს ოლივერ კრომველის სისხლიანი დიქტატურა ლოზუნგით „ბიბლია და მახვილი“. მისი დამარცხების შემდეგ პურიტანები ორგანიზებულად გადვიდნენ ამერიკის კონტინენტზე და იქ დაიწყეს მათი სწავლების შესაბამისი ცხოვრების მოწყობა.

მე წამიკითხავს, რომ, რომ საერთოდ კალვინისტები, და მათ შორის პურიტანებიც, ამქვეყნიურ სიმდიდრესა და მატერიალურ წარმატებას თვლიან ადამიანზე ღვთის წყალობის ნიშნად, ხოლო თუ რა გზებითა და საშუალებებით აქვს მას ეს სიმდიდრე და ეს წარმატება მოპოვებული, ამას ისინი მეორეხარისხოვან მნიშვნელობას ანიჭებენ. ცნობილი სოციოლოგი, მაქს ვებერი, რომელმაც შეისწავლა პურიტანების ეკონომიკური და სამეურნეო ცხოვრების მოტივაცია და წესი, ასკვნიდა, რომ იგი ეწინააღმდეგება მთაზე მაცხოვრის ქადაგებას, ანუ სახარებას, წმინდა წერილს; მაგრამ ვებერი თვლიდა, რომ სახარება მოძველდა, ხოლო პურიტანული მეურნეობის წესი და რიგი კი უფრო პროგრესულ მოვლენას წარმოადგენს, და ამიტომ სიმპათიით იყო მისდამი განწყობილი.

ჩვენ, მართლმადიდებლებმა, უნდა ვიცოდეთ, რომ სახარება არასდროს არ მოძველდება, ხოლო რაც მას ეწინააღმდეგება, ის ბოროტისგანაა. ამის მიუხედავად ჩვენში ასეთ აღტაცებას ნერგავენ ხელოვნურად ამერიკით, მოგვიწოდებენ მისი მიბაძვისა და მის კუდში მიყოლისკენ, რაც ერთხელაც ცუდად დამთავრდება, და პირველ რიგში იმათთვის, ვინც ასეთ მრუდე გზაზე ცდილობს ქართველობის დაყენებას.

რაც შეეხება ირანზე შესაძლო თავდასხმის საკითხს, როგორც ვნახეთ, ამისგან შემაკავებელ ქრისტიანულ მცნებას ამერიკელები პატივს არ სცემენ, არამედ ისინი მისდევენ ასეთი აგრესიების წამახალისებელ კალვინისტურ სწავლებას, საკუთარი პირადი გამორჩენიდან გამომდინარე.

_ რა საშიშროება არსებობს ჩვენთვის ამ კუთხით?

_ რატომ ვლაპარაკობთ უწინარეს ყოვლისა ჩვენთვის არსებულ საშიშროებებზე? რატომ არ ვიწყებთ ლაპარაკს იმით _ რა დააშავეს ირანელებმა? რატომ უნდა იხოცებოდნენ ისინი ამერიკული რაკეტების, ბომბების, ჭურვების ქვეშ, რატომ უნდა იჭყლიტებოდნენ ისინი ამერიკული ტანკების მუხლუხებით? ნუთუ იმიტომ, რომ მათ აქვთ ნავთობი, ან იმიტომ, რომ მათ არ სურთ ამერიკული დიქტატით ცხოვრება და უნდათ ისტორიის გზაზე ისე იარონ, როგორც ამას მათ კარნახობს მათი რელიგია, მათი ზნე-ჩვეულებანი და ადათ-წესები? ნავთობის გარდა თითოეულ ადამიანსა და მთლიანად ქვეყანას ბევრი რამ სხვაც სჭირდება, რომლებიც ირანში არ არის და რომელთაც იგი ყიდულობს, რაც ქვეყნებს შორის ჯანსაღი ვაჭრობის საფუძველს წარმოადგენს. ამერიკასაც შეეძლო ასეთი ჯანსაღი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები დაემყარებინა ირანთან, და ასე შეეძინა მისგან ნავთობი. მაგრამ, ეტყობა ამერიკას ასეთი სავაჭრო ურთიერთობები არ აწყობს, არამედ მას ესმის მხოლოდ ყაჩაღობისა და ძარცვის ენა. კი მაგრამ ჩვენ რაღა გვრჯის იმისთვის, რომ ამ მსოფლიო შარაგზის ყაჩაღს ველაქუცებით, ყოველთვის მის გამართლებასა და მაამებლობას ვცდილობთ? ღმერთი კი გვავიწყდება?

რაც შეეხება ირანის თვითმყოფადობასა და ისტორიის გზაზე საკუთარი ფასეულობების შესაბამისად სიარულის სურვილს, ასეთი სურვილები საკუთარ თავთან მიმართებით ჩვენც გაგვაჩნია, მცირერიცხოვანი „გრანტიჭამიების“, აგრეთვე ფულებისა და სკამების შოვნაზე გადაგებული, ასე ვთქვათ, ადამიანების გარდა. ჩვენი პატრიარქიც ხშირად გვიქადაგებს ქართველების ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების აუცილებლობაზე. მით უმეტეს პატივს უნდა ვცემდეთ სხვა ქვეყნების, ერებისა და ხალხების თვითმყოფადობას. ამ საკითხშიც საქართველოს ხელისუფლებისა და ამერიკელთაგან გასუქებული დანარჩენი სპექტრის დამოკიდებულება, ჩემი აზრით, ანტიქრისტიანული და ანტიქართულია. და სწორედ ეს არის მთავრი საშიშროებაც ჩვენთვის.

_ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა პლაცდარმად სთავაზობს საქართველოს ტერიტორიას ამერიკას. რას იტყვით ამაზე?

_ აშშ-ს ამისთვის სამხედრო აუცილებლობა არ უნდა გააჩნდეს, ვინაიდან აქვე, ირანისა და საქართველოს მეზობლად არის ამერიკის ნაცადი მოკავშირე თურქეთი, სადაც დასავლეთის დახმარებით „ცივი ომის“ წლებში შექმნილია განვითარებული სამხედრო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საავიაციო ბაზების სისტემაც. რატომ მის გამოყენებაზე არ ზრუნავს პენტაგონი. თუკი თურქეთი არის უარზე, ეს არ უნდა იყო გამოწვეული მხოლოდ მუსლიმანური სოლიდარობით, ვინაიდან 1990-1991 წლების ომში ერაყის წინააღმდეგ, სადაც შიიტური უმრავლესობის მიუხედავად, ხელისფლებაში ტრადიციულად სუნიტი მუსლიმანები არიან, თურქეთმა დაუთმო ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალებს თავისი საავიაციო ბაზები, და ამისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური და სამხედრო-ტექნიკური დახმარებაც მიიღო. თუ ახლა უარს ამბობენ თურქები, მათდამი ისტორიულად დაპირისპირებული შიიტური ირანის წინააღმდეგ ამერიკელების დახმარებაზე, და აწბილებენ მათ, რა სარჩული აქვს ყოველივე ამას? ხოლო თუ ეს არის ამერიკელთა ინიციატივა, რომ ახალ და უფრო დიდ უბედურებაში ჩაითრიონ საქართველო, მაშინ ეს უბედურება შესაძლოა თავსაც დაგვატყდეს, მაგრამ იგი ალბათ ძირითადად შეეხება ქართული საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც უამრავი გაფრთხილების მიუხედავად ჯიუტად დგას ამერიკული დიქტატის საქართველოში დანერგვა-დამყარების პოზიციაზე, დანარჩენ ქართულ საზოგადოებას კი ალბათ უფალი დაიფარავს. ამ გაჯიუტებულ ადამიანებსაც ვურჩევდით, რომ ჯიბესა და სკამზე უფრო მნიშვნელოვანი და ღირებული ადამიანს აქვს ღვთის მიერ ბოძებული უკვდავი სული და სინდისი. ჩვენმა დიდმა წინაპრებმა ეს იცოდნენ, და ამიტომ ქრისტესთვის სიკვდილს ამჯობინებდნენ ურჯულოთა ხელში გალაღებასა და გადიდკაცებას. მიგვებაძოს მათთვის, და მაშინ ნუღარ გვექნება შიში ჩვენი სამშობლოს ბედის გამო.

_ როგორ აფასებთ ერაყსა და კოსოვოში ამერიკის პოლიტიკას?

_ კოსოვო-მეტოხია მდებარეობს ვარდარო-მორავას დაბლობზე, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ დაბლობ ადგილს ბალკანეთის ნახევარკუნძულის მთიან ჩრდილოეთში, სადაც შესაძლებელია ჯარების და მიწისზედა ტრანსპორტის მოძრაობა (მნიშვნელოვანია სამხედრო-სტრატეგიულად და ეკონომიკურად) და სადაც გადის გზა დასავლეთ ევროპიდან ეგეოსის ზღვამდე, და შემდეგ თურქეთის (მცირე აზიის) გავლით _ ახლო აღმოსავლეთის, ცენტალური აზიისა და ინდოეთისკენ. ამ ადგილის ძირითად მოსახლეობას ძველი წელთაღრიცხვის XI საუკუნიდან შეადგენდნენ ილირიელები, რომლებიც შემდეგ მოექცნენ მაკედონიის სამეფოსა და რომის იმპერიის (ბიზანტიის) შემადგენლობაში. რანაირ კავშირში არიან დღევანდელი ალბანელები იმ ძველ ილირიელებთან, ეს ჩემთვის უცნობია. გერმანული და სლავური ტომების სამხრეთისა და დასავლეთისკენ მიგრაციის პერიოდში (ხალხთა დიდი გადასახლება), ახალი წელთაღრიცხვის X საუკუნისთვის აქ ემკვიდრებიან სამხრეთელი სლავები, მათ შორის დღევანდელი სერბების წინაპრებიც.

კოსოვო და მეტოხია წარმოადგენს სერბული სახელმწიფოებრიობის აკვანსა და მართლმადიდებლობის უმნიშვნელოვანეს კერას, ნემანიჩების სამეფო დინასტიის სამკვიდრებელსა და წმინდა საბა სერბელის სამშობლოს. XV საუკუნეში სერბეთის ნაწილში გაბატონებული იყვნენ უნგრელები, რომლებმაც ძალადობრივად გააკათოლიკეს სერბთა ნაწილი, და აქციეს ისინი ხორვატებად. მეორეს მხრივ, თურქებმა გაამუსლიმანეს ბოსნიელი სერბების ერთი ნაწილიც. სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 2000 წელს ბალკანეთში ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე სახლობდა დაახლოებით 8,44 მლნ. მართლმადიდებელი სერბი (ჩრენოგორიელებთან ერთად; მათგან დაახლ. 7,8 მლნ. _ სერბეთ-ჩერნოგორიაში); 4,95 მლნ. ხორვატი (ძირითადად ხორვატიაში); 1,6 მლნ. მუსლიმანი სერბი (ძირითადად ბოსნია-ჰეროგოვინაში); ხოლო საკუთრივ ალბანეთში, სერბეთ-ჩერნოგორიასა და მაკედონიაში ცხოვრობდა 6,21 მლნ. ალბანელი (ძირითადად მუსლიმანები, მათგან ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე _ 2,24 მლნ. ალბანელი, საკუთრივ კოსოვოს ავტონომიაში კი _ 1,68 მლნ. ალბანელი, ისინი შეადგენენ ავტონომიის მოსახლეობის უმეტესობას).

როგორც ვხედავთ, სერბების ისტორიული ბედი და ეროვნულ-კონფესიური შემადგენლობა ძალზედ ჰგავს ქართველებისას. ჩვენც გვყავს მართლმადიდებელი, მუსლიმანი და კათოლიკი ქართველები, 1878 წლის მუჰაჯირობის შემდეგ ცენტრალურ და ჩრდილოეთ აფხაზეთში ჩასახლებული და 1993 წლიდან იქიდან გამოყრილი ქართული მოსახლეობა; ამის საპირისპიროდ ახალციხის საფაშოდან ლეკთა თარეშის შედეგად დაცარიელებულ ქვემო ქართლში ერეკლე II-ის მიერ ჩამოსახლებული თათრობა, ხოლო XIX საუკუნეში რუსული ხელისუფლების ხელშეწყობით ჩამოსახლებული სომხობა სამცხე-ჯავახეთში და ოსური მოსახლეობა ცხინვალსა და მის რეგიონში. ჩვენ ბევრს ვსაყვედურობთ მეფის რუსეთის მთავრობას, და სამართლიანადაც, საქართველოს მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობის ხელოვნურად აჭრელების გამო, სხვადასხვანაირ სასწავლებლებში ქართული ენის პერიოდულად დევნა-შევიწროვების გამო; მაგრამ, მიუხედავად ამისა, რუსეთის იმპერიის პირობებში არ ყოფილა ისეთი ურთიერთ ზიზღის, მტრობისა და სისასტიკის ხელოვნურად გაღვივებისა და წახალისების პრაქტიკა, როგორიც, როგორც ჩანს, იყო ავსტრიის იმპერიაში ჰაბსბურგების მეფობის ხანაში. ამის დადასტურებას წარმოადგენს ის საქვეყნოდ ცნობილი დაუნდობელი და სასტიკი დამოკიდებულება ხორვატებისა თავიანთი თანამოძმე სერბების მიმართ, რასაც ბუნებრივია, მოჰყვებოდა სერბთა საპასუხო მოქმედებებიც. ასევე კათოლიკი პოლონელებისა და ბერძენ-კათოლიკი უნიატების სისასტიკე და დაუნდობლობა მართლმადიდებები რუსების მიმართ ისტორიული რუსული სახელმწიფოს დასავლეთ რაიონებში.

ჩვენი სატკივარის მქონეთ თითქოს უნდა გვესმოდეს სერბების გულისტკივილიც, მაგრამ სამწუხაროდ ასე სულაც არ არის. ბრალსა ვდებთ რუსებს აფხაზეთში კონფლიქტის ზონაში მათი სამშვიდობო ჯარების უმოქმედობისა და სულაც აფხაზებისადმი მიმხრობის გამო, და ვმონაწილეობთ ასეთსავე ოპერაციაში კოსოვოსა და მეტოხიაში, სადაც ნატო-ს ბლოკის სამშვიდობო ძალების გვერდით და მათი წაყრუების პირობებში მუსლიმანი კოსოვარები ძალადობენ მართლმადიდებელ სერბებზე, ხოცავენ მათ და მათი მოჭრილი თავებით კამერების წინ პოზიორობენ, აუპატიურებენ ქალებსა და გოგონებს, ბილწავენ და ანგრევენ, ან სულაც აფეთქებენ მართლმადიდებლურ ეკლესია-მონასტრებსა და სხვა სიწმინდეებს. და ღმერთს კი რა პასუხს ვაძლევთ, თუ გვგონია, რომ პასუხისგება ამისთვის არ მოგვიწევს? მოგვიწევს, და ძალზედ მწარედაც, და შესაძლოა საკუთარ ქვეყანაში ვიხილოთ ის, რასაც ფულებსა და სკამებს გამოკიდებული, სხვებს ვუკეთებთ. ანუ ვიხილოთ ასეთივე სასტიკი დამოკიდებულება მართლმადიდებელ, კათოლიკ და მუსლიმან ქართველებს შორის, ხოლო თუკი ეს არ გვინდა, მაშინ არც სერბებს უნდა ვექცეოდეთ ასე გულქვად და მხოლოდ ამერიკელთა მაამებლობაში არ უნდა ამოგვდიოდეს სული.

იგივე ითქმის ერაყთან მიმართებითაც. თავიდან ამერიკელებსა და ბრიტანელებს ნატო-ს სხვა სახელმწიფოებმა არც კი დაუჭირეს მხარი ამ ოპერაციაში, და ამ მხრივ გამორჩეულად აქტიურობდნენ გერმანია და საფრანგეთი. ნუთუ გერმანულ-რომანულ ევროპას XXI საუკუნის დასაწყისში დემოკრატიისა და სამართლიანობის, ცივილიზაციისა და ჰუმანიზმის შეგნება სადღაც დაეკარგა და სადამის დესპოტიას დაუჭირა მხარი, ხოლო ანგლოსაქსები კი ბოლომდე დასავლური ფასეულობების ერთგული დარჩნენ? თანაც ახლო-აღმოსავლეთი და სამხრეთ-დასავლეთ აზია ბირთვული ომის საშიშროებისგან იხსნეს? მხატვრული ფილმიც კი მინახავს ტელევიზორში, თუ როგორ გადასხეს ამერიკული საზღვაო ქვეითი ჯარის სპეცდანიშნულების პატარა ქვედანაყოფი ერაყში სადამ ჰუსეინის ბირთვული იარაღის მწარმოებელი ცენტრის აღმოსაჩენად, როგორ ნიღბავდნენ ერაყელები ამ მიწისქვეშა ცენტრს ისტორიული ქალაქის ნანგრევების სახით, მაგრამ ამერიკელმა სამხედროებმა მაინც შეძლეს მათი ვერაგული ჩანაფიქრის ამოცნობა, შემდეგ თავი დააღწიეს განსაცდელებს, გავიდნენ სამშვიდობოზე, ამ ცენტრის კოორდინატები გადასცეს სპარსეთის ყურეში მყოფ თავიანთ ავიამზიდზე, საიდანაც აფრინდნენ მოიერიშე თვითმფრინავები, დაბომბეს და გაანადგურეს სადამ ჰუსეინის ეს უკანასკნელი იმედი _ ბირთვული იარაღის კვლევისა და წარმოების ცენტრი.

კი მაგრამ, შემდეგ ერაყის დაპყრობისა და მისი ყველა კუთხე-კუნჭულის მოძიების მერეც, არა ფილმში, არამედ რეალურ ცხოვრებაში, რომ ვერსად ნახეს ვერც ბირთვული და ვერც ქიმიური ირაღის წარმოების კვალიც. შემდეგ ალაპარაკდნენ ერაყში დემოკრატიის დამყარების აუცილებლობაზე, სინამდვილეში კი ნავთობის საბადოების დაუფლება აინტერესებდათ. და აი, ასეთ „ოპერაციაში“ მონაწილეობენ ქართველი, ასე ვთქვათ, სამხედროებიც, თუმცა კი შესაძლოა მათ „ამერიკელთა ჩაფრები“ ან „ბოქაულები“ ვუწოდოთ. დადიან ამერიკული სამხედრო მანქანებით ერაყის ქალაქების ქუჩებში, ტყვიამფრქვევებს უშვერენ ადგილობრივ მოსახლეობას, ძირშივე სპობენ იქ რაიმენაირი ეროვნული წინააღმდეგობის განვითარების შესაძლებლობას და ამაში ღებულობენ ფულად დანამატებს. კი მაგრამ, განა უფალს, ქვეყნის შემოქმედს, ერაყელებიც ისევე არ უყვარს, როგორც ნებისმიერი სხვა ხალხი; განა მისთვის გულსატკენი არ არის ერაყის ასეთი დარბევა-დაყაჩაღება უცხო ძალების მხრიდან? განა არ უნდა მოველოდეთ იმას, რომ ასეთი საქციელის გამო ჩვენც შესაძლოა მოვესწროთ ისეთ დროს, როდესაც საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ივლიან უცხო ჯარები, მოაწყობენ პატრულირებებს და უკვე ჩვენსკენ ექნებათ მოშვერილი თავიანთი ტყვიმფრქვევები, უკვე ჩვენ დაგვიწყებენ, იჭვით, მტრობითა და ზიზღით ყურებას. რასაც სხვას უკეთებ, უნდა მოელოდე, რომ ის თავად შენც გადგხდება, და ქარის დამთესავი ქარიშხალს მოიმკი.

ამბობენ იმასაც, რომ ერაყში ჩვენი სამხედროები უფრო კარგად ეცნობიან და სწავლობენ სამხედრო საქმეს. ესეც ტყუილია: ნუთუ ისინი იქ სწავლობენ შეტევით და თავდაცვით მოქმედებებს, სატანკო იერიშების წარმოებასა და მოტოქვეითი ჯარების მიერ მათ მხარდაჭერას, ან პირიქით ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის ორგანიზებასა და წარმოებას, საარტილერიო მხარდაჭერას, ავიაციის მოქმედებებსა და საჰაერო თავდაცვის წარმოებას, აერომობილური და საჰაერო-სადესანტო ოპერაციების წარმოებას, უზრუნველყოფის სხვადასხვანაირ მოქმედებებს? რა თქმა უნდა არა. ისინი იქ პატრულირებენ ერაყის დასახლებული პუნქტების ქუჩებში და ეჩვევიან ამერიკელი ძიების ხელის ბიჭებად სამსახურს _ ჩხრეკენ მანქანებს, აშინებენ და ატერორებენ მოსახლეობას (თუმცა კი როგორც ამბობენ, მას ამერიკელებთან შედარებით უფრო ადამიანურად ექცევიან), შეტაკება უხდებათ მათზე გაცილებით უფრო ცუდად შეიარაღებულ ადამიანებთან, და ა. შ. ამერიკის მაამებელთა დამაიმედებელი განცხადებების მიუხედავად, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, მაშინ უკვე ნამდვილად გამოჩნდება ქართული ჯარების შესაძლებლობები (უფრო სწორედ მათი სიმწირე) საკუთარი ქვეყნის თავდაცვის მხრივ.

_ თუ არის თქვენთვის ცნობილი ამერიკული ჯარების სხვა ქვეყნებში ყოფნის ნეგატიური შედეგები (ფილიპინებისა და სხვა ქვეყნების მაგალითზე)?

_ არის ერთი ამერიკული ფილმი, რომელსაც ჰქვია „ომის უკუღმართობანი“. მასში ნაჩვენებია, რომ სამხრეთ ვიეტნამში ყოფნისას ერთ ამერიკულ წვრილ ქვედანაყოფს დაავალეს ფარულად მოეხდინა ჩასაფრება მთის ფერდობზე ტყეში იმ გზის თავზე, რომლითაც ვიეტნამის წინააღმდეგობის მოძრაობის სარდლობას თავისი ჯარებისთვის იარაღი, საბრძოლო მასალები და მომარაგების საგნები გადაჰქონდა. ამერიკელმა ჯარისკაცებმა რეიდზე გასვლის წინ, ღამით, შეიარეს ვიეტნამელთა სოფელში, რომელსაც ვითომდა ისინი იცავდნენ, და ჩასაფრების პერიოდში მოწყენილად რომ არ ყოფილიყვნენ, ერთი მძინარე გოგონა გაიტაცეს, ხოლო მისი ოჯახის წევრები წინააღმდეგობის გაწევისას ჩაცხრილეს. შემდეგ ისინი რიგ-რიგობით ძალადობდნენ სასოწარქვეთილ ხელებშეკრულ და პირაკრულ გოგონაზე. თუმცა კი თანამებრძოლთა საქციელი თავიდანვე არ მოსწონდა ერთერთ ამერიკელ ჯარისკაცს, რომელიც საბოლოოდ დაეხმარა მას გაქცევაში. შემდეგ უკან დაბრუნებულსაც დიდი წინააღმდეგობების გადალახვა მოუხდა, რათა დამნაშავეებისთვის პასუხი ეგებინებინა, სასოწარკვეთილებაშიც კი იყო ჩავარდნილი და ლოთობდა, და მხოლოდ დივიზიის კაპელანის დახმარებით მოახერხა მათი სასამართლოსთვის გადაცემა.

მეორე ამერიკულ ფილმში „ოცეული“, რომელიც ასევე ვიეტნამის ომს ეხება, ერთერთ სოფელში შესული ამერიკელი ჯრისკაცების ერთი ჯგუფი აუპატიურებს გოგონას, რომელსაც ასევე გამოექომაგება ერთი ჯარისკაცი, რომელსაც სხვები პედერასტობას წამოაძახებენ. ასევე 80-იან წლებში იაპონიის კუნძულ ოკინავაზე, სადაც განლაგებულია ამერიკული საზღვაო ქვეითი ჯარის საექსპედიციო დივიზია, ორმა ამერიკელმა ჯარისკაცმა გააუპატიურა პატარა იაპონელი გოგონა, რასაც იაპონიაში დიდი პროტესტები მოჰყვა. გარდა ამისა, როდესაც ჩვენში იწყებოდა „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამა, მახსოვს ტელევიზორში თქვეს, რომ ესპანური გაზეთების ცნობებით, ამერიკული სამხედრო ბაზების სიახლოვეში იზრდება ბავშვების პროსტიტუციის მაჩვენებელიო. ანუ ამერიკელი ჯარისკაცები, როგორც ჩანს, ბრჭყვიალ-ბრჭყვიალა სათამაშოებითა და ტკბილეულით იტყუებენ ბავშვებს თავიანთ ყაზარმებში და იქ ძალადობენ მათზე, ხოლო შემდეგ ბავშვები ამას ეჩვევიან და პროსტიტუციაში ერთვებიან. აი, რისი თქმა შემიძლია დანამდვილებით ამ საკითხზე.

_ რამდენად რეალურია თქვენი აზრით, რომ პროვოკაცია ირანთან გადაიზარდოს III მსოფლიო ომში, ანუ მაჰმადიანურ სამყაროსთან გლობალურ დაპირისპირებაში?

_ გლობალური ანუ მსოფლიო ომი ტერორიზმის წინააღმდეგ აშშ-ის კონგრესს უკვე გამოცხადებული აქვს 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ, ხოლო თუ რამდენად ერთსულოვნად და ორგანიზებულად დაუდგება მუსლიმანური სამყარო ირანს მხარში, ამის შესახებ მე არანაირი ინფორმაცია და ცოდნა არ გამაჩნია. ამის შესახებ რამდენჯერმე ტელევიზიით მინახავს ქ-ნ ირინა სარიშვილის საინტერესო გამოსვლა. ვფიქრობ მასთან უფრო საინტერესო იქნებოდა ამ მხრივ საუბარი. შესაძლოა იყვნენ სხვებიც.

_ რა ნეგატიური მოვლენები შეუძლია მოუტანოს საქართველოს ნატო-ში შესვლამ?

_ ჩრდილოატლანტიკური სახელშეკრულებო ორგანიზაცია ანუ ნატო _ NATO შეიქმნა შეერთებული შტატების განსაკუთრებული მონდომებითა და ინიციატივით 1949 წლის აპრილში. დაახლოებით ამავე პერიოდში ამერიკელებმა ჩამოაყალიბეს კიდევ ორი რეგიონული სამხედრო-პოლირიკური ბლოკი: ცენტრალური სახელშეკრულებო ორგანიზაცია (ანუ იგივე „ბაღდადის პაქტი“) _ CENTO და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელშეკრულებო ორგანიზაცია _ SEATO. ორი უკანასკნელი ალიანსი შემდგომში დაიშალა მათ წევრებს შორის არსებული წინააღმდეგობების გამო, ნატო-ს ბლოკი კი უფრო სიცოცხლისუნარიანი გამოდგა. ჩვენში გახმაურებული ვერსიით, საბჭოთა კავშირი აპირებდა მთელი დასავლეთ ევროპის გაწითლება-გაკომუნისტებას, და ამიტომ დასავლეთი იძულებული შეიქმნა ამ ნაბიჯზე წასულიყო. სინამდვილეში კი, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობას სურდა ხმელთაშუა ზღვის ნაპირას თუნდაც ერთი პუნქტის მიღება თავის დაქვემდებარებაში ჰიტლერული გერმანიის მოკავშირე ფაშისტური იტალიის კოლონიებიდან. ამის შესახებ 1945-1947 წლებში მსჯელობდნენ გამარჯვებულ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომებზე და მუდმივად დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები უარს ამბობდნენ მოსკოვისთვის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე თუნდაც ერთი რომელიმე პუნქტის დათმობაზე, რადგანაც ამაში ხედავდნენ ბრიტანეთის იმპერიის შუაში გახლეჩვის პოტენციურ საფრთხეს.

მოკავშირეთა ასეთი წინააღმდეგობის ფონზე, როგორც ჩანს, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ ჩაიფიქრა თურქეთის ოკუპირება, და საამისო საფუძველიც ჰქონდა, რადგანაც თურქეთი ომის დროს მის მიერ გამოცხადებული ნეიტრალიტეტისა და შავი ზღვის სრუტეების რეჟიმის შესახებ ხელშეკრულების დარღვევით, ატარებდა ჰიტლერული გერმანიის საბრძოლო ხომალდებს ხმელთაშუა ზღვიდან, ბოსფორ-დარდანელის სრუტეების გამოვლით, შავ ზღვაში, საზღვაო ოპერაციების წარმოებისთვის.

საბჭოთა კავშირის სურვილზე ძალით დაეკავებინა თურქეთის ტერიტორია, უკვე ატომური ბომბის მქონე და იაპონიასთან ომში მისმა გამომყენებელმა შეერთებულმა შტატებმა 1947 წელს სამხედრო თანმშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულება დადო თურქეთთან, ხოლო ჩერჩილმა ფულტონში წაიკითხა თავისი სიტყვა, რომლითაც აღინიშნა „ცივი ომის“ დასაწყისი. ასეთია ნატო-ს ბლოკის შექმნის წინაისტორია, რომელსაც დასავლეთში არ მალავენ, მაგრამ დასავლეთის სამსახურში ჩამდგარი ქართველები კი ჩვენ გვიმალავენ, რადგანაც იციან, რომ ნორმალურ პირობებში მყოფი ქართველი ალბათ სულ სხვანაირად აღიქვამდა ამ სიტუაციას.

საბჭოთა კავშირის მიერ 1947 წელს თურქეთის ოკუპირების შემთხვევაში რომ მცირე აზიის ისტორიული ქართული და სომხური ტერიტორიები და ხალხები რაიმენაირი ფორმით კვლავ დაუბრუნდებოდნენ დედა სამშობლოს, ეს თავისთავად ცხადი უნდა იყოს. ჩვენმა მოსახლეობამ ეს ნაკლებად იცის, მაგრამ დასავლეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების, პარტიებისა და სხვა ჯგუფების თანმშრომლებმა და წევრებმა ხომ მაინც იციან, თუ როგორი პერსპექტივა იშლებოდა მაშინ ისტორიული საქართველოს მიწების შემოკრებისთვის, ოჯახებში ხომ აღიზარდნენ ისინი, სკოლაში ხომ დადიოდნენ, მეგობრებში ხომ ულაპარაკიათ და უოცნებიათ, სუფრაზე ხომ უთქვამთ სადრეგრძელო საქართველოს გაერთიანებისთვის? მაშინ რატომ აფასებენ და ჩვენს საზოგადოებასაც ასე ცალსახად სჩრიან თვალებში „ცივი ომის“ დაწყებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შექმნის ისტორიას? იმათ ხომ ჰყავთ დედები, მამები, უახლოესი ნათესავები, რომელთაც უნდა ესირცხვებოდეთ თავიანთი ღვიძლი შვილების, დებისა და ძმების, მეუღლეთა ასეთი ქვეყნის ინტერესების გამყიდველური საქმიანობა; მაგრამ, ესირცხვებათ კი? იქნებ ჩაკლული აქვთ, ან კიდევ ყოველდღიურად იკლავენ სინდისის ძახილს, რათა შემდეგ ასეთი გამყიდველობით აღებული ფულებით გააგრძელონ ცხოვრება? და განა არ ამოშხამდებათ ეს ფულები, ერთხელაც იქნება? რატომ არ ახსენდებათ ჭირისა და ლხინის უხვად გამომცდელი ქართველი მამულიშვილისა და პოეტის, დავით გურამიშვილის ბრძნული სიტყვები: „თავს სინანული სჯობია, ბოლო ჟამს დანანებასა...“-ო?

მთავარი, რაც მიუღებელი უნდა იყოს ჩვენთვის ნატო-ში, ევროპულ კავშირსა და სხვა მსგავს ორგანიზაციებში, არის მათი ანტიქრისტიანული ბუნება. კათოლიკურ, ანგლიკანურ, ლუთერანულ, კალვინისტური ან სულაც ათეისტური ევროატლანტიკური დასავლეთი მართლმადიდებლურ ქრისტიანულ სამყაროზე შემოტევას ახორციელებდა უკვე XI_XII საუკუნეებიდან. ამის ნათელ დადასტურებას წარმოადგენს ჯვაროსნების მიერ პალესტინისკენ მიმავალ გზაზე ბიზანტიის ქალაქების არა მარტო დარბევა-დაწიოკება და გაძარცვა, არამედ მართლმადიდებლური სიწმინდეების _ ხატების, ტაძრების შებილწვა და შეურაცხყოფა, ათონის წმინდა მთის სიწმინდეების არაერთხელ შეურაცხყოფა, კათოლიკობის მიღებაზე უარის მთქმელი ბერებისა და მონოზვნების საშინელი წამებით დახოცვა. თესალონიკში, მაგალითად, მემატიანის ცნობით, ჯვაროსნები მათგან გაძარცვულ და შებილწულ ხატებს პირდაპირ გზაჯვარედინებზე ჰყრიდნენ და ბერძნებს აიძულებდნენ ფეხით ევლოთ მათზე (რაც თბილისში გააკეთა ჯალალედინმა, და მადლობა უფალს, რომ ასიათასმა ქართველმა სიკვდილი ამჯობინა წმინდა ხატების შეურაცხყოფას). როდესაც ხალხმა შეაფარა თავი წმ. დიმიტრი თესალონიკელის ტაძარს (რომელსაც ბერძნები ისეთსავე თაყვანს სცემენ, როგორც ჩვენ წმინდა გიორგის), ჯვაროსნები იქაც შეცვივდნენ, მახვილებითა და ხანჯლებით ხოცავდნენ ლოცვად დაჩოქილ ქრისტიანებს და დასძახოდნენ: აი, თქვენი „კირიე ელეისონ“ ეს არისო. რიჩარდ ლომგულმა, რომლის შესახებაც ასეთი დიდებული რომანი დაგვიტოვა ვალტერ სკოტმა, თავის თანამოლაშქრეებთან, მათ შორის რობინ ლოქსლისთან (რობინ გუდთან) ერთად, პლესტინისკენ მიმავალ გზაზე ჯერ აიღო და სასტიკად დაარბია კუნძული კვიპროსი.

ცნობილი იტალიელი პოეტი ფრანჩესკო პეტრარკა მოუწოდებდა გენუელ ვაჭარ-მეკობრეებს გაენადგურებინათ ბიზანტიის „ცდომილებათა სამარცხვინო ბუდე“, ასევე, XVIII საუკუნის გერმანული განმანათლებლობის ერთერთმა ბურჯმა კლასიკურ ლიტერატურაში „ქარიშხლისა და შეტევის“ წარმომადგენელმა იოჰან გოტლიბ ჰერდერმა ბიზანტიის ისტორიას უწოდა „საზიზღარი“, ხოლო (საეკლესიო და საერო) ხელისუფლებათა სიმფონიას _ „ორთავიანი ურჩხული“. ჰეგელმა თავის ისტორიის ფილოსოფიაში მხოლოდ დასავლეთს მიანიჭა „თავისუფლად ქმნადობის“ უფლება სუბიექტური შეგნების საფუძველზე, ვერ მონახა რა მის გარდა მსოფლიო ისტორიული ხალხები _ წერს თავის ერთერთ ნაშრომში თანამედროვე რუსი მეცნიერი და პოლიტიკოსი ნატალია ნაროჩნიცკაია. ჩემი მხრიდან დავუმატებ ძირითადად გერმანიაში განსწავლული ცნობილი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას ზიზღსა და იქედნურ დამოკიდებულებას ბიზანტიის იმპერიის მიმართ, რაც გამოვლინდა მის რომანებშიც „დიდოსტატის მარჯვენა“ და „დავით აღმაშენებელი“. ამის დადასტურება წარმოადგენს თუნდაც ზემოთ მოყვანილი ბიზანტიელი თვალითმხილველების ცნობები ჯვაროსნების მხეცობისა და ანტიქრისტიანული საქციელის შესახებ, რაზედაც ქართველი მწერალი დუმს თავის რომანში, თუმცა კი ჯვაროსნების ჰეროიკული საქმეების შესახებ უხვად ლაპარაკობს, ბიზანტიელებს კი მხოლოდ სასახლის ინტრიგებითა და მათი ვერცხლისმოყვარეობით გვაცნოს. შემდგომში ამის შესახებ მინდა საგანგებო წერილიც დავწერო თქვენი ჟურნალისთვის, თუკი მას გამოაქვეყნებთ.

მონღოლობის ხანის დასაწყისში მართლმადიდებლური რუსეთის წინააღმდეგ კათოლიკური კრაკოვის ეპისკოპოსის წინადადებითა და რომის პაპის კურთხევით 1240 წელს შვედებმა, ხოლო 1242-ში გერმანელმა რაინდებმა ორჯერ მოაწყვეს ლაშქრობა ნოვგოროდისა და ფსკოვის დაპყრობისა და კათოლიკურ არეალში მათი შეყვანის მიზნით, მაგრამ ორივეჯერ წმ. კეთილმსახური მთავრის ალექსანდრე ნეველის მიერ დამარცხებული და განდევნილი იქმნენ. შემდგომში მონღოლური უღლისგან შევიწროვებული დასავლეთ რუსული სამთავროები ნებაყოფლობით გადავიდნენ ლიტვის დიდი სამთავროს დაქვემდებარებაში, რომელიც მოგვიანებით პოლონეთის სამეფოს (რჟეჩ პოსპოლიტას) დაემორჩილა. XV საუკუნეში ბრესტის უნიის დადებისა და რომის პაპის ეგიდით ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის დაარსების შემდეგ განსაკუთრებული გააფთრებითა და სისასტიკით დაიწყეს პოლონელებმა დასავლეთ რუსების ძალადობრივად გაკათოლიკება.

ისტორიულ თემატიკაში მომუშავე თანამედროვე რუს ავტორებთან მე წამიკითხავს, რომ პოლონელები რუსეთის მათდამი დაქვემდებარებულ ოლქებში, შვილების თვალწინ მშობლებს აწამებდნენ, რათა კათოლიკობის მიღებაზე დაეთანხმებინათ, მშობლების თვალწინ კი _ შვილებს; ასო-ასო ჭრიდნენ მართლმადიდებლებს სარწმუნოების შეცვლაზე დასაყოლიებლად. ანუ აკეთებდნენ სწორედ იმას, რაც XVII საუკუნის 60-იან წლებში ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების მეთაურობით ირანის წინააღმდეგ აჯანყებული ქართველების მიერ კახეთში ჩამოსახლებული თურქმენების დედა-წულიანად ამოწყვეტის შემდეგ, ამ ამოწყვეტილთა გამწარებულმა და შეურაცხყოფილმა ნათესავებმა გაუკეთეს ირანში ჩასულ აჯანყების მეთაურებს, განსაკუთრებით კი ბიძინა ჩოლოყაშვილს.

პოლონელთაგან თავდაღწეული და მოსკოვის სამეფოში უკან მობრუნებული რუსი მთავრები აცხადებდნენ, რომ სწორედ გაუსაძლისმა რელიგიურმა დევნამ აიძულა ისინი იარაღისთვის ხელის მოკიდებისა და ძალით უკან დაბრუნებისკენ. მანამდე XVII საუკუნის შუახანებში პოლონელები მოსკოვშიც კი იყვნენ მოკალათებული და ცხენებით შედიოდნენ კრემლის ტაძრებში, ბილწავდნენ ხატებსა და სხვა სიწმინდეებს. ძალზედ სამწუხაროა, რომ დღესდღეობით სწორედ პოლონეთი გადაქცეულა ნატო-ს ბლოკისკენ გაშმაგებულად მიმსწრაფი ფულისა და სკამების მოსურნე ქართველების მოკავშირედ და გზამკვლევად, რომ არაფერი ვთქავათ უკრაინის ანუ ისტორიული მალოროსიის (სწორედ იმ ისტორიული დასავლეთ რუსეთის) შესახებ. საინტერესო და საგულისხმოა ისიც, რომ 2003 წელს გამოცემულ საქართველოს ისტორიულ ატლასში“, რომლის ავტორები არიან მ. სანაძე, თ. ბერაძე და კ. თოფურია, ხოლო ერთერთი რეცენზენტი კი არის საქართველოს ამჟმინდელი პრეზიდენტის დედა, პროფ. გიული ალასანია, 19-ე რუკად მოთავსებულია ევრაზიის რუკა XIII საუკუნის დასაწყისში (ანუ მონღოლების შემოსევის წინ), რომელშიც ისტორიული რუსეთის დასავლეთ საზღვარი პოლონეთთან გადის დაახლოებით იმ ადგილებში, სადაც ამჟამად გადის ბელორუსიისა და უკრაინის დასავლეთ საზღვრები, რაც გონიერი, პატიოსანი და კეთილსინდისიერი ადამიანისთვის ბევრი რამის მიმანიშნებელი უნდა იყოს რუსების ყბადაღებულ დამპყრობლობასთან მიმართებით. იქვე 23- და 26-ე რუკებზე ნაჩვენებია, რომ XV საუკუნის ბოლოსა და VII საუკუნის პირველ ნახევარში დასავლეთ რუსეთის მიწები ქალაქებით კიევი, მინსკი და სმოლენსკი შედიოდა თავიდან ლიტვის დიდი სამთავროს, ხოლო შემდეგ პოლონეთის სამეფოს შემადგენლობაში, რაზედაც ზემოთაც გვქონდა საუბარი. აქვე დავუმატებ, რომ მე ინტერნეტის მასალებში წამიკითხავს რუსულად თარგმნილი ერთი პოლონელი ისტორიკოსის ინტერვიუ გაზეთ „რჟეჩ პოსპოლიტადან“, სადაც იგი ნანობს, რომ თავის დროზე პოლონეთი არ შეეკრა ჰიტლერულ გერმანიას, და მაშინ პოლონელები გერმანელებთან ერთად წითელ მოედანზე მიიღებდნენ თავიანთი ჯარების პარადს დამარცხებულ მოსკოვში. აქედანაც ხომ ჩანს, თუ რა დაპირისპირებაში და ვის მხარეზე ერთვება საქართველოს ხელისუფლება?

ჩვენს დროში შეგვიძლია აღვნიშნოთ სულ რამდენიმე წლის წინათ გახმაურებული ფაქტი იმის თაობაზე, რომ ევროპარლამენტმა მიიღო დოკუმენტი საბერძნეთის მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის დაგმობის თაობაზე იმის გამო, რომ ათონის წმინდა მთაზე არ უშვებს ტურისტებს, და მათ შორის ქალებს. ამის საპასუხოდ კოლექტიური საპროტესტო წერილით გამოვიდნენ ათონელი მამები, მისი მმართველი ორგანო _ კინოტი, ხოლო საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საყვედურობდა ევროკავშირის ხელმძღვანელობას და ამბობდა, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპულ კავშირში შემოვიდა იმ პირობით, რომ ათონის წმინდა მთის ავტონომიის საკითხს ხელს არ შეახებდითო, თქვენ მაშინ ამაზე პირობა მოგვეცით, ახლა კი რაღატომ გვედავებით ამაზეო? ეს საკითხი შემდგომში, როგორც ჩანს, მიაჩუმათეს, მაგრამ განა ხელსაყრელ დროს ან სათანადო ნიდაგის მომზადებისა და ვიღაც-ვიღაცეების კიდევ უფრო მოქრთამვა-დაგრანტვის, ან ვიღაც-ვიღაცეების თავიდან მოცილების შემდეგ აღარ მიუბრუნდებიან მას? ღმერთმა დაგვიფაროს მაგათი მზაკვრობისა და მოძალებისგან, ან თუ ეს გადასატანი გვაქვს _ გაგვაძლებინოს და გადაგვატანინოს.

გარდა ამისა, ასევე უკანასკნელ წლებში, ევროპარლამენტი განიხილავდა ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს _ ევროკომისიის შემადგენლობას მომდევნო წლისთვის დასამტკიცებლად. დეპუტატებმა დაიწუნეს იუსტიციის ევროკომისრის თანამდებობის დასაკავებლად იტალიის მიერ წარდგენილი როკო ბუტილიონეს კანდიდატურა მხოლოდ იმის გამო, რომ იგი აცხადებდა _ ჰომოსექსუალიზმი ცოდვად მიმაჩნიაო, თანაც დიდი პატივისცემით არ ეკიდებოდა მარტოხელა დედებს (რომლებიც გაურბიან ოჯახურ მოვალეობებს და შვილების უკანონოდ გაჩენას ამჯობინებენ). კანონმდებლობის თანახმად, თუკი ევროპარლამენტი დაიწუნებს ევროკომისიის წევრობის რომელიმე კანდიდატს, ხოლო ეს უკანასკნელი არ მოხსნის საკუთარ კანდიდატურას, მაშინ ხელახლა უნდა შედგეს სხვა კომისია და ხელახლა მთლიანობაში უნდა ეყაროს კენჭი. მიუხედავად იმისა, რომ ბუტილიონეს წარდგენით იტალიის მთავრობა კისრულობდა თავის წილ ვალდებულებას მისი წარმომადგენლის მიერ კანონების სრული დაცვის ფარგლებში საქმეების წაყვანაზე, მიუხედავად იმისა, რომ დასამტკიცებელი ევროკომისიის ხელმძღვანელი ბაროზო განუმარტავდა ევროდეპუტატებს ბუტილიონეს ღირსებებსა და მის მიერ კანონიერების სრული დაცვით მოქმედების პირობას, იგივეს ამბობდა თავად ბუტილიონეც, მაინც ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანო ჯიუტად უარყოფდა მის დამტკიცებას. ამაზე საბოლოოდ ბუტილიონემ განაცხადა, რომ იგი თავისი მრწამსით კათოლიკი ქრისტიანია და არანაირი თანამდებობის სანაცვლოდ არ სურს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ წასვლა, ამიტომ ხსნის თავის კანდიდატურას და გააგრძელებს საქმიანობას იტალიაში. მის სანაცვლოდ იტალიამ წამოაყენა ახალი კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებდა ევროპარლამენტის ჰომოსექსუალისტების მხარდამჭერ (ან თავადაც ამ საქმით დაკავებულ) უმრავლესობას, და მისი კანდიდატურა დამტკიცებულ იქნა. აი, ასეთი მდგომარეობა და იდეებია იმ სტრუქტურებში საითკენაც ფულებსა და სკამებს დახარბებული აქტიური უმცირესობა ქართული საზოგადოებისა, დასავლეთის წაქეზებითა და მხარდაჭერით, გაშმაგებით ერეკება ჩვენს ქვეყანასაც.

ჩვენ რუსებს ვსაყვედურთობთ, რომ ისინი სათანადო პატივისცემითა და გაგებით არ გვეპყრობიან ჩვენს შორის არსებული კონფლიქტური და სადაო საკითხების გადაწყვეტისას, მაგრამ თითოეულმა ვთქვათ, განა კი რაიმე დავის დროს მეძავსა და ჰომოსექსუალისტს ისეთივე პატივისცემით მოვეპყრობით თავად ჩვენ, როგორც ზნეობრივ ადამიანს, განა ისევე გავითვალისწინებთ მის აზრს? ალბათ არა, თუნდაც ის რაიმე კონკრეტულ შემთხვევაში მართალიც იყოს, მაინც რაღაც დაეჭვებით ვაღიარებთ ამას. ალბათ ასევე აკეთებენ რუსებიც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველოს მხარე აჟღერებს არა საკუთარ ინტერესებს, როგორც პატარა ქვეყნისა, არამედ ამერიკის, გნებავთ ევროატლანტიკური დასავლეთის ინტერესებს. სახელდობრ, როდესაც რუსეთის ხელმძღვანელობის ოფიციალური წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ ვიყოთ ფინეთის მსგავსად ნეიტრალური სახელმწიფო, ნუ ჩავერევით რუსეთ-დასავლეთის ისტორიულ დაპირისპირებაში, რომელიც აგერ უკვე მონღოლობის დროიდან (XIII საუკუნიდან გრძელდება), ნუ დავუთმობთ ჩვენს ტერიტორიას აშშ-სა და ნატო-ს ბლოკს სამხედრო ბაზებისთვის, ნუ შევუწყობთ ხელს წყლის ამღვრევას უკრაინაში, ბელორუსიაში, ყოფილი საბჭოთა შუა აზიის ქვეყნებში, ვიყოთ რუსეთთან კეთილმეზობლურად და მეგობრულად (ხოლო ნეიტრალიტეტი დსთ-დან გამოსვლასაც ნიშნავს, ვისაც ეს აუცილებლად მიაჩნია), ეს უნდა შედიოდეს საქართველოს, როგორც მცირე სახელმწიფოს ინტერესებში, რომელიც მისწრაფებული იქნება მშვიდობის, სამართლიანობის, ცივილიზებული ურთიერთობების, სტაბილურობისა და კეთილდღეობისკენ. ამავე ფარგლებში რუსეთი გვპირდება ქმედით თანადგომას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეშიც.

როდესაც ამის სანაცვლოდ საქართველოს მხარე ჯიქურ აცხადებს, რომ მას სურს მხოლოდ და მხოლოდ ნატო-ს ბლოკსა და სხვა დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანება, ანუ ორიენტირებულია თავის ტერიტორიაზე დასავლეთის სამხედრო ყოფნის ოფიციალურად დაკანონებაზე, და ამისთვის მზად არის (არა საკუთარი, არამედ) თავისი მოსახლეობის გაჭირვების, შიმშილის, სიცივის, სისხლისა და სირცხვილის, ასე ვთქვათ, გადასატანად (რადგანაც ეს ვაჟ- და ქალბატონები თვითონ კი არ გადაიტანენ ამას, არამედ თავიანთ მოსახლეობას გადაატანინებენ), ეს უკვე არ არის საქართველოს, როგორც მცირე სახელმწიფოს ინტერესები, არამედ დასავლეთის ინტერესები, რომლის გაჟღერებაც თავად დასავლეთის მმართველ წრეებს არ შეუძლიათ, ვინაიდან აშკარად გამოჩნდებოდა მათი აგრესიული მისწრაფეფები, და ამიტომ, მათ შესანიღბად, აღჟერებინებენ ქართული წარმოშობისა და საბუთების მქონე თავიანთ პოლიტიკურ კახპებს, და მათი მეშვეობით ოფიციალურად ამას აძლევენ საქართველოს ინტერესების შეფერილობას. ასეთ შემთხვევაში რუსეთს, ცხადია, ვერ ექნება საქართველოს მხარის მიმართ პატივისცემა, და მართალიც იქნება.

_ ჩვენთან დახურეს აკადემია და შეზღუდვებია. თქვენ რა შეფასებას მისცემდით ამ საკითს? რატომ არის ეს შეზღუდვები?

_ ალბათ ლაპარაკია გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაზე, თუმცა თქვენთან ჟურნალში დაიბეჭდა წერილი უშიშროების აკადემიაში არსებული პრობლემების შესახებაც, რაც არსებითად უახლოვდება სამხედრო მშენებლობაში არსებულ მანკიერებებს, და ამიტომ ერთი საკითხის გაშუქებით, მეორეც გარკვეულწილად გაირკვევა. 1990-იანი წლების დასაწყისში პარიზისა და ტაშკენტის ხელშეკრულებებით განისაზღვრა საქართველოსთვის ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების მშვიდობიანობის დროს მუდმივად გასალაგებელი მაქსიმალური რაოდენობა, ანუ კვოტები, არაუმეტეს 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 285 საველე საარტილერიო სისტემის (100 მმ და მეტი ყალიბისა), 100 საბრძოლო თვითმფრინავის და 50 დამრტყმელი ვერტმფრენის რაოდენობით.

საავიაციო ტექნიკას რომ თავი დავანებოთ, აქ ნებადართული ჯავშანსატანკო ტექნიკა და საარტილერიო შეიარაღება საკმარისია მხოლოდ თანამედროვე ტიპის ორი ჯავშანსატანკო და ორი ქვეითი ბრიგადის დაკომპლექტებისთვის, ფაქტიურად, სარეზერვო არტილერიის გარეშე. 100 მმ-ზე ნაკლები ყალიბის ნაღმსატყორცნები ასევე გამოდგება სამთოქვეით ქვედანაყოფებშიც. თითოეულ საბრძოლო ბრიგადაში თუ ვიგულისხმებთ დაახლოებით ექვსი ათას ადამიანს, მაშინ ჯამში ომიანობის დროის სახმელეთო ჯარებში, უზრუნველყოფის ნაწილებთან და ქვედანაყოფებთან ერთად, შესაძლოა ვივარაუდოთ 35-40 ათასი ადამიანი. ამაზე მეტი შეიარაღებული იქნება მხოლოდ მსუბუქი იარაღით, რომლებსაც შეეძლებათ მხოლოდ ზურგში საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა, ბრძოლის ველზე კი პრაქტიკულად გამოუსადეგარი იქნებიან (აქ იგულისხმება ის 100-ათასიანი რეზერვი, რომელსაც ასეთ აფიშირებას უკეთებენ დღეს ჩვენში).

შედარებისთვის ვიტყვი, რომ 90-იანი წლების დასაწყისში 5-მილიონიანი ფინეთის სარდლობა გეგმავდა ომიანობის დროს სახმელეთო ჯარებში 460 ათასი ადამიანის მობილიზებას; 6,5-მილიონიანი შვეიცარიისა _ 565 ათასის; 4,8-მილიონიანი ისრაელისა _ 598 ათასი ადამიანის, და რა თქმა უნდა, მათ შესაბამისი სამხედრო ტექნიკაცა და შეიარაღებაც გააჩნიათ. ასევ ბუნებრივია, რომ, მრავალრიცხოვანი ჯარებისთვის საჭიროა მრავალრიცხოვანი ოფიცერთა კორპუსიც. აქ, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ მრავალრიცხოვნებას სარეზერვო კომპონენტების ჩათვლით, რომელთა პირადი შემადგენლობა მშვიდობიანობის დროს დასაქმებულია სამოქალაქო სექტორში და პერიოდულად გადის მოკლევადიან შეკრებებს (რასაც ჩვენთან დღესდღეობით ფორმალურად აკეთებენ რეზერვისტები), ხოლო ომიანობის დროს კი გაწვეულ იქნება სამშობლოს დასაცავად. სახელდობრ, ფინეთში რეგულარულ სახმელეთო ჯარებში მშვიდობიანობის დროს იმავე 90-იანი წლების დასაწყისში მსახურობდა სულ 27,3 ათასი ადამიანი, ისრაელში კი, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე _ 104 ათასი (შესაბამისად ისრაელს გაცილებით უფრო მეტი სამხედრო ხარჯების აქვს).

ამრიგად, მაგალითად, ფინეთის სახმელეთო ჯარებში 27 300-კაციან რეგულარულ ჯარებსა და 460 000-კაციან რეზერვს სჭირდებათ შესაბამისი რიცხოვნების სერჟანტები, უნთერ-ოფიცრები, უმცროსი, უფროსი და უმაღლესი რანგის ოფიცრები. ამათ უნდა დავუმატოთ სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურთა შემადგენლობაც. ასევე რომ ზრუნავდნენ ქვეყნის თავდაცვისთვის საქართველოშიც, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენც დაგვჭირდებოდა მრავალრიცხოვანი უნთერ-ოფიცერთა და ოფიცერთა კორპუსებიც, და მაშინ საჭირო იქნებოდა არა მხოლოდ გაერთიანებული სამხედრო აკადემია, არამედ უმაღლეს სასწავლებლებში სამხედრო კათედრებიც, სადაც სათანადო პირობებს მართლა შექმნიდნენ, და არა მხოლოდ სტუდენტების მისაზიდად. ახლა კი, სანამდე შეიარაღებაზე ასეთი დაბალი კვოტები გვაქვს, ბევრი ოფიცრის გამოშვებას აზრი არა აქვს, ვინაიდან მათი სამსახურის ადგილები მეტად შეზღუდულია.

გარდა ამისა, როდესაც ლეიტენატს ამზადებენ ოთხი-ხუთი წლის მანძილზე, მას აძლევენ კარგ საფუძველს სამხედრო საქმის ისტორიის, სამხედრო ხელოვნების ისტორიის, სახელმწიფოთა სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების ისტორიის, შეიარაღებული ძალებისა და მის სახეობათა _ სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების _ განვითარების ისტორიის, თანამედროვე მდგომარეობისა და კონკრეტული სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების სწავლებით, ხოლო შემდგომში გარკვეული წლების ნამსახურებისა და სამსახურში დაწინაურების შემდეგ მისცემენ ცოდნას ბატალიონი-პოლკი-ბრიგადა და დივიზია-კორპუსი-საველე არმია რგოლებში, რისთვისაც არის შედარებით უფრო მოკლევადიანი სამხედრო-სასწავლო დაწესებულებები. ასეთნაირად მომზადებულ სამხედრო სპეციალისტებს კარგი საფუძველი ექნებათ თავიანთ საქმეში და ისინი ჩამოყალიბდებიან და განვითარდებიან საკუთარი აზრის მქონე პიროვნებებად. ხოლო ისინი, ვინც გაივლიან მოკლევადიან კურსებს, ვერ მოახერხებენ თავიანთ საქმეში ფესვების გადგმას და იქნებიან მხოლოდ უფროსობის ნების ბრმა შემსრულებლები. ასეთ უფროსობას დღეს თავის თავზე იღებს აშშ-ის ხელისუფლება, და მას არ სჭირდება ხელქვეით პიროვნებები, მას სჭირდება მხოლოდ შემსრულებელი მექანიზმები, რომელთა ერთადერთი წამახალისებელი ინტერესი იქნება თავიანთი მატერიალური კეთილდღეობა.

_ როგორც მორწმუნეს, მინდა გკითხოთ: შეიძლება თუ არა მოხდეს პროვოცირება III მსოფლიო ომის? რეალურია თუ არა აპოკალიფსური მოვლენების განვითარება?
_ როგორ მორწმუნეს, მახსენდება ამ რამოდენიმე წლის წინ ერთი საეკლესიო სატელევიზიო გადაცემა მოსკოვიდან, როდესაც ჩვენი ტელევიზიით იმ არხს უჩვენებდნენ, რომელშიც რუსი ეპისკოპოსი გვესაუბრებოდა. შეკითხვაზე აპოკალიფსური მოვლენების შესახებ მეუფემ ბრძანა, რომ არ არის საჭირო ამ საშინელი და მძიმე მოვლენების დაჩქარება, მათზე გამუდმებული ფიქრი. რაც უფრო მეტად ქრისტიანულად მოვექცევით ერთმანეთს, ეს მოვლენები უფრო შორს გადაიწევს და ჩვენ მათი გადატანა აგვერიდება, ხოლო რაც უფრო მეტად ვუმტრობთ მოყვასს, სამშობლოსა და უფალს, ეს დრო უფრო მეტად მოახლოვდებაო. მე სწორედ ამ პრინციპით ვხელმძღვანელობდი იმ ბოლო წლებში, როდესაც ვმსახურობდი საქართველოს ერთერთ სახელმწიფო სტრუქტურაში, როდესც უფროსობა მაინცა და მაინც ხალისით არ ისმენდა ჩემს ასეთ დამოკიდებულებას, მაგრამ ჯერ კიდევ რაღაც დონით ეს ცოდნა სჭირდებოდა, და მეც იქ მაჩერებდა. ერთ წელიწადზე მეტია მათ ასეთი საჭიროება, სამწუხაროდ, უკვე აღარა აქვთ. არც იმ, ასე ვთქვათ, ოპოზიციას, რომელიც დიდ განგაშს ტეხს ხელისუფლების მიერ მისთვის მიცემული ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ცალკეულ შემთხვევებზე, მაგრამ მონაწილეობს აშშ-ის მიერ ჩვენს რეგიონში რუსეთთან, ამ ბოლო დროს კი ირანთანაც, ომის მზადებაში, რომელსაც (ვგულისხმობ ომს რუსეთთან) აუცილებლად მოჰყვება უდიდესი მსხვერპლი, ნგრევა და სხვა თანამდევი განსაცდელები. მაშინ ერთი და ორი მსხვერპლი კი არ იქნება, არამედ ათასობითა და ათი ათასობით.

თუ რატომ უშვებს უფალი ადამიანებზე ომებსა და მათ თანამდევ განსაცდელებს, ამის შესახებ ამ რამდენიმე წლის წინ გაზეთში „საპატრიარქოს უწყებანი“ წავიკითხე ერთი რუსი მოძღვრის წერილის თარგმანი, რომელშიც ეს მოძღვარი ამბობდა, რომ მშვიდობიანობის დროს ადამიანები უფრო უგულისხმონი ხდებიან, ზრუნავენ მხოლოდ თავიანთი საჭიროებებისთვის, იწყობენ თავიანთ კეთილდღეობას, ავიწყდებათ მეგობარი, ნათესავი, უბრალოდ გაჭირვებული ადამიანი. ხშირად ფულს შოულობენ დანაშაულებრივი და უზნეო გზებით, და ა. შ. ხოლო ომის დროს, როდესაც დაენგრევათ, გაუნადგურდებათ, რაც ასეთი გზებით შეუძენიათ, დაეხოცებათ ან დაუსახიჩრდებათ ახლობლები, ან თავადაც დასახიჩრდებიან, მოაკლდებათ საჭმელ-სასმელი და ფუფუნება, მაშინღა იწყებენ სულზე ზრუნვას, ერთმანეთის დახმარებასა და გატანას, ეს რომ ადრე გაეკეთებინათ, მაშინ ამ უბედურებებსაც გადარჩებოდნენ.

მე პირადად, ამ ბოლო პერიოდში ინტერნეტის მასალებში ვნახე ინტერვიუ ზბიგნევ ბჟეზინსკისთან, რომელიც ფრანგულმა ჟურნალმა „ნუველ ობსერვატერმა“ გამოაქვეყნა 1998 წელს, ხოლო შემდეგ თარგმნეს რუსულადაც. ინტერვიუს მიზეზს წარმოადგენდა იმ ხანად აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორის რობერტ გეიტსის მემუარებში გამოქვეყნებული ცნობა იმის შესახებ, რომ ამერიკის დაზვერვამ ავღანეთში იმხანად არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ საიდუმლო ოპერაციების წარმოება და ანტისამთავრობო ჯგუფების შეიარაღება დაიწყო 1979 წელს საბჭოთა ჯარების ავღანეთში შეყვანამდე ნახევარი წლით ადრე. მაშინ ბჟეზინსკი იყო პრეზიდენტ კარტერის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და ამაშიც კარგად იქნებოდა გარკვეული. ჟურნალის კითხვაზე ბჟეზინსკიმ უპასუხა: „ისტორიის ოფიციალური ვერსიის თანახმად აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დახმარება მოჯაჰედებისთვის დაიწყო 1980-იანი წლების განმავლობაში, ე. ი. მას შემდეგ, რაც საბჭოთა არმია შეიჭრა ავღანეთში 1979 წლის 24 დეკემბერს. მაგრამ რეალობა, რომელსაც დღევანდელ დღემდე საიდუმლოდ ვინახავდით, სხვანაირია: სინამდვილეში პრეზიდენტმა კარტერმა ხელი მოაწერა პირველ დირექტივას ქაბულში პროსაბჭოური რეჟიმის მოწინააღმდეგეებისთვის საიდუმლო დახმარების შესახებ 1979 წლის 3 ივლისს. და იმავე დღეს მე დავწერე მოხსენებითი ბარათი პრეზიდენტისთვის, რომელშიც მე მას ავუხსენი, რომ ჩემი აზრით ეს დახმარება გამოიწვევს საბჭოთა სამხედრო ჩარევას... ჩვენ არ ვაიძულეთ რუსები ჩარეულიყვნენ, ჩვენ უბრალოდ შეგნებულად გავზარდეთ იმის შესაძლებლობა, რომ ისინი ამას გააკეთებენ... ეს საიდუმლო ოპერაცია ჩინებული იდეა იყო. მის მიზანს შეადგენდა რუსების შეტყუება ავღანურ ხაფანგში... იმ დღეს, როდესაც საბჭოებმა ოფიციალურად გადალახეს საზღვარი, მე მოკლედ მივწერე პრეზიდენტ კარტერს: „ახლა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მივცეთ სსრკ-ს თავისი ვიეტნამის ომი“.

ჟურნალის კორესპონდენტის შეკითხვაზე, ხომ არ ნანობდა ბჟეზინსკი იმის გამო, რომ ხელს უწყობდა ისლამურ ფუნდამენტალიზმს, რომ იარაღით ამარაგებდა და კონსულტაციებს უწევდა მომავალ ტერორისტებს, ზ. ბჟეზინსკიმ უპასუხა: „რა უფრო მნიშვნელოვანია მსოფლიოს ისტორიის თვალსაზრისით? თალიბები თუ საბჭოთა იმპერიის დაცემა? რამოდენიმე აწრიალებული ისლამისტი თუ ცენტრალური ევროპის განთავისუფლება და ცივი ომის დასრულება?“

მე პირადად იმათ შორის ვიყავი, ვისაც არ სჯეროდა საბჭოთა ხელმძღვანელობის განცხადებებისა იმის შესახებ, რომ სსრკ-მ გადადგა საპასუხო ნაბიჯი ამერიკული საიდუმლო შეიარაღებული ჩარევების საპასუხოდ, საბჭოთა კავშირი უპირობოდ აგრესორი მიმაჩნდა და არანაირ სხვა შეხედულებას არ ვღებულობდი, შედეგად კი ის მივიღე, რომ ახლა იგივე ამერიკელები უკვე ჩემს სახლში მკარნახობენ უტიფრად თავიანთ ინტერესებს, და ჩემი ქვეყნის ხელისუფლება ყურმოჭრილად ემორჩილება მათ დიქტატს. ამიტომ ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას, ვისაც თავის დროზე არ ვუჯერებდი, და ასევე მათაც, ვინც ჩემი მაშინდელი და შემდგომი უგუნურებით, ჩემდა უნებურად, დღევანდელ განსახცდელებსა და გაჭირვებულ მდგომარეობაში ჩავაყენე. იმედი მაქვს ღვთის შეწევნით გადავიტანთ და თავიდანაც მოვიშორებთ ამ უღელს.

იგივე უნდა ითქვას იმის შესახებაც, რომ ბევრი ჩვენთაგანი უგულისყუროდ ეკიდებოდა 1970-80იან წლებში საბჭოთა ტელევიზიების მიერ მომზადებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებსა და პუბლიცისტურ-დოკუმენტურ ფილმებს, რომლებშიც ასახული იყო დასავლური, და განსაკუთრებით, ამერიკული იმპერიალიზმის მიერ ჩადენილი დანაშაულებანი და მხეცობები, ლათინურ ამერიკაში, აზიაში, აფრიკაში. მხოლოდ საკუთარ გასაჭირს გამოკიდებულებს არ გვსურდა დაგვენახა ამ კონტინენტების განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის უმძიმესი მდგომარეობა, სატკივარი, იმედები. ალბათ ესეც არის იმის მიზეზი, რომ ასეთსავე მდგომარეობაში ჩვენც. მე ასვე მინდა ვთხოვო პატიება უფალსა და იმ ქვეყნების ხალხებს (ერებს), რომელთა სატკივარიც ისე არ მიძრავდა გულს, როგორც ეს საჭირო იყო.

გავიხსენოთ თუნდაც 1973 წლის შემოდგომის ჩილეს მოვლენები. მაშინ მე მე-7 კლასში ვიყავი. ისინი ძალზედ მტკივნეულად განვიცადე, წმინდა ადამიანური, ბავშვური გრძნობებიდან გამომდინარე. 70-იანი წლების მიწურულს კი, როგორც ვთქვი, მათი ასეთი სატკივარი გულს უკვე ისე აღარ მიძრავდა, რადგან ანტისაბჭოთა განწყობილებებმა დაჩრდილა ყოველივე დანარჩენი. მაგრამ სულ ახლახანს ვთარგმნე იმ დროს საბჭოთა სამხედრო პერიოდიკაში გამოქვეყნებული ერთი წერილი, რომელშიც ჩილეს მოვლენებია ასახული. ცხადია, რომ საბჭოთა პროპაგანდას თავისი ტენდენციურობა ექნებოდა, ამიტომ მოკლედ გავიხსენებ მხოლოდ ფაქტებს. 1960-იანი წლების ბოლოს ჩილეს მოსახლეობამ არჩევნებში დემოკრატიულად ხმა მისცა და ქვეყნის პარლამენტში უმრავლესობით მოიყვანა სახალხო ერთიანობის მოძრაობა, რომელიც შედგებოდა რამდენიმე სოციალურად ორიენტირებული პარტიისგან, მათ შორის კომუნისტებისგან, მაგრამ მასში ხელმძღვანელი როლი ეკუთვნოდა შედარებით ზომიერ პარტიას, სოციალისტებსა და მათ მეთაურს სალვადორ ალიენდეს.

სახალხო ერთიანობის მოძრაობას პარლამენტში მხარი დაუჭირეს სხვა ფრაქციებმაც და ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს ალიენდე. ახალი მმართველი ძალის ინიციატივით ჩილეში დაიწყო სპილენძის მოპოვების ნაციონალიზაცია, რაც მანამდე ამერიკული კომპანიების ხელში იყო, ასევე სხვა სოციალურად და ეროვნულად ორიენტირებული ეკონომიკური ღონისძიებების გატარება. აშშ-ის ელჩი ქვეყანაში თავიდანვე მხარს უჭერდა ადგილობრივი უკმაყოფილო ფენების წახალისებითა და პირობების მომზადებით, სამხედრო ან შეიარაღებული გადატრიალების ორგანიზებას. მაგრამ ვაშინგტონში არ ჩქარობდნენ, რადგან ეკონომიკური მექანიზმებით ჩილეში მიმდინარე რეფორმების მოღრჩობის იმედი ჰქონდათ.

მართლაც, საერთაშორისო სავალუტო ორგანიზაციებმა, რომელთაგანაც ჩილეს მნიშვნელოვანი სესხები ჰქონდა აღებული მრავალი წლის მანძილზე, უცებ ალიენდეს მთავრობას მოთხოვეს ქვეყნის მთელი სესხების უმოკლეს დროში დაფარვა, ატარებდნენ სხვა ხელისშემშლელ ღონისძიებებსაც. ქვეყანაში მსხვილმა მეპატრონეებმა უარი თქვეს ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე, მათ შორის სატვირთო ავტომობილების ფარეხების მეპატრონეებმაც, რომლებითაც სოფლის მაცხოვრებელ გლეხობას მიეწოდებოდა მეურნეობისთვის აუცილებელი საგნები, დასათესად სხვადასხვანაირი თესლები და ა. შ. ხოლო თუკი ცალკეული მძღოლები გარისკავდნენ და მაინც გავიდოდნენ რეისში, შესაძლოა დაქირავებული მკვლელების მსხვერპლნიც გამხდარიყვნენ. მახსოვს, ტელევიზორში აჩვენებდნენ კადრებს, რომლებშიც ჩილელი გლეხები, ქალები და კაცები, ცხარე ცრემლით დასტიროდნენ მათი სოფლებისკენ მიმავალი მძღოლების არაკაცთაგან დასახიჩრებულ და წამებით სულამოხდილ გვამებს. რა თქმა უნდა, ამას არ აკეთებდნენ ამერიკელი „მწვანე ბერეტები“ ან საზღვაო ქვეითი ჯარის შესაბამისი სპეციალისტები, რასაც ასე ხშირად გვაჩვენებენ ხოლმე ამერიკულ „ბოევიკებში“, ამას აკეთებდნენ ჩილელები, მაგრამ ყოველივე ამაში ბინძურად აფათურებდა ხელს ამერიკის ცენტრალური დაზვერვა. ამის შესახებ მოგვიანებით თავად ამერიკელი და სხვა დასავლელი ავტორები აქვეყნებდნენ დოკუმენტურ და ანალიტიკურ ნაშრომებს. გარდა ამისა, იმავე ამერიკულ-ჩილური ძალების წაქეზებით, სახლების კუთხეებს ამოფარებული დაქირავებული მკვლელები ცეცხლს უშენდნენ სახალხო ერთიანობის მოძრაობის მხარდასაჭერად მოწყობილ დემონსტრაციებსა და მიტინგებს, ღვრიდნენ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობის მიერ არჩეული ხელისუფლების მხარდასაჭერად ქუჩაში გამოსულ თანამემამულეთა სისხლს.

მსგავსი ამბები ხდებოდა ჩვენთანაც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების უკანასკნელ პერიოდში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოსული აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი და ზვიად გამსახურდია ვერ შეთანხმდნენ საქართველოს მომავალი განვითარების მიმართულებებზე, ხოლო აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯ. ბუშმა (უფროსმა) განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო პოლიტიკის დინების საწინააღმდეგოდ მიდისო. მაშინ პირადად მე ამერიკისა და საერთოდ დასავლეთის მიმართ დიდი სიმპათიები მქონდა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილ ბანაკში ვიყავი. ამიტომ დღეს მინდა პატიება ვთხოვო იმათ, ვისაც გული ვატკინე და ცხოვრება გავუმრუდე მე და იმ ბანაკმაც, რომლის წიაღშიც ვსაქმიანობდი.

ჩილეში, ამერიკული დაზვერვის აქტიური მცდელობების მიუხედავად, მოსახლეობამ შემდგომ არჩევნებშიც უმრავლესობა არგუნა სახალხო ერთიანობის მოძრაობას, ხოლო პარლამენტმა კი პრეზიდენტად ისევ ალიენდე აირჩია. აი მაშინ კი, აშშ-ის თეთრ სახლსა და ცენტრალური დაზვერვის ხელმძღვანელობაში გადაწყვიტეს კურსის აღება სამხედრო გადატრიალებით ჩილეს ხელისუფლების დამხობაზე, რადგანაც ამერიკულ კომპანიებსა და კორპორაციებს ისევ ჩილეს სპილენძის მადნებზე კონტროლის დაბრუნება სურდათ, რადგანაც მცირე ქვეყნებთან მათ არ ესმით ურთიერთხელსაყრელი სავაჭრო ურთიერთობების ენა, მათ უფრო მეტად ესმით ძალადობისა და ყაჩაღობის ენა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია. ასევე მეტად სამწუხაროა ის, რომ ასეთი ძალადობრივი საგარეოპოლიტური ბაგაჟის მქონე სახელმწიფოს ქართველი მლიქვნელები დემოკრატიისა და სამართლიანობის ბურჯად გვისახავენ. მოვა დრო და, ისინი ჩვენზე უფრო მეტად გამწარებული დარჩებიან ამერიკელებისგან. რასაც დაიმსახურებენ, იმას მიიღებენ; რასაც დასთესენ, იმას მოიმკიან. სჯობს სიკეთე დათესონ, რომ სიკეთე მოიმკონ, მაგრამ განა ესმით ეს?

შემდგომში, 1970-იანი წლების მიწურულსა და 80-იან წლებში, როდესაც გავიგე და დავიჯერე რუსული სახელმწიფოს მიერ საქართველოს მოტყუებით დაპყრობის ამბავი, რასაც არ შეეძლო ნორმალურ ქართველ ახალგაზრდაში არ გამოეწვია მტრობისა და ზიზღის გრძნობა დამპყრობლის მიმართ, გამოეჩინა ასევე იქედნური დამოკიდებულება რუსებისადმი დასავლეთთან დაპირისპირებაში, და, სამწუხაროდ, იმ ხალხების მიმართაც, რომლებსაც საბჭოთა პროპაგანდა გულშემატკივრობდა. დღესდღეობით, ღვთის წყალობით, ისტორიული დოკუმენტებისა და ნაშრომების გაცნობით, ვიცი, რომ ბევრ რამეში მცდარია საქართველოს ისტორიოგრაფიასა და საზოგადოებაში არსებული წარმოდგენა რუსების მზაკვრობისა და დამპყრობლობის შესახებ საქართველოს მიმართ, ასევე ვხედავ, რომ ამერიკული ნეოკოლონიალიზმი და იმპერიალიზმი საქართველოსაც მძიმე უღლად აწვება კისერზე. ამიტომ ისევ პატიება მინდა ვთხოვო უფალს იმ უგულისხმობის გამო, როგორითაც ამერიკული ბნელი ძალების მსხვერპლთა მიმართ ვიყავი განმსჭვალული (რა თქმა უნდა, ამერიკაში მხოლოდ ბნელი ძალები არ არიან, და იქ სიკეთეც ბევრია, მაგრამ ამჯერად ამაზე არა მაქვს საუბარი), აგრეთვე რუსების მიმართ იმ ხანად გამოჩენილი ზიზღისა და მტრობის გამოც.

იგივეს ვთავაზობ ჩვენს მკითხველსაც, რომ თუკი გვინდა მოახლოებული განსაცდელების ჟამს უფალმა დაგვიცვას და დაგვიფაროს, გავიხსენოთ ჩვენს მიერ ჩადენილი დანაშაულებანი, რომელთა გამო არ დავსჯილვართ, ცოდვები რომელთა მონანიებაც საჭიროდ არ ჩაგვითვლია, რადგან მათი სიმძიმე მაშინ ვერ დაგვინახავს, ვერ გვიგრძვნია, ახლა შევინანოთ, ახლა განვიწმინდოთ და განვთავისუფლდეთ მათგან, რათა უფალმა შეგვინდოს და შესაძლებლად დაინახოს ჩვენი დაფარვა და დაცვა მოსალოდნელი დიდი უბედურებებისგან. ასეთი იქნება ჩემი პასუხი თქვენს ბოლო შეკითხვაზე. ღმერთი შეგვეწიოს.

ირაკლი ხართიშვილს
ესაუბრა ხათუნა საგინაშვილი


გარდა ამისა, მეტად საულისხმოა ჟურნალის მე-5 და -6 ნომრებში რედაქციის მიერ გამოქვეყნებული მცირე წერილები, რომლებიც თემატურად ეხმიანება ინტერვიუს ძირითად საკითხებს. სახელდობრ, მაისის ნომერში (№ 5) დაბეჭდილია მამა დავითის (გოცირიძე) მოგონება მამა გაბრიელის შესახებ, სადაც ვკითხულობთ:

„ერთხელ მამა გაბრიელთან ერთად სვეტიცხოველში მივდიოდით... ლაღობდა... უხაროდა ჩვენთან ყოფნა... მეფეთა საძვალე... მთელი საქართველო და... ერეკლე II-ის საფლავთან დაიჩოქა და ხამაღლა თქვა: „დიდო მეფეო, ყოველი შენი ქმედება ქვეყნის წინაშე მართალი იყო. სხვა გზა ერის დაღუპვა იქნებოდა“. მერე წამოგა და ომახიანი ხმით ბრძანა: „დაეცით მისი საფლავის წინაშე და შეევედრეთ. მე ვიცი, ერეკლე კიდევ გადაარჩენს საქართველოს“.

ყველამ დაიჩოქა... მე არ დავიჩოქე. გამახსენდა გიორგი ჭანტურიას სიტყვები: სვეტიცხოველში ყველას წინაშე დავიჩოქებ, ერეკლე მეფის წინაშე კი _ არასოდეს, რატომ შეუერთა საქართველო რუსეთსო. მე ხალხში გავერიე... ვიფიქრე _ რას შემნიშნავს მეთქი. მამა გაბრიელმა თავი ნელა მოაბრუნა და ისეთი მზერა მესროლა, კინაღა ადგილზე გავშეშდი. მიყურებდა მკაცრი თვალებით. ვიგრძენი რომ ჩემი ფიქრები ამოიკითხა. „თქვენ ძალზე ცდებით _ მომიგო მკვახედ _ გიბრძანებ ქრისტეს სახელით _ დაიჩოქე, თაყვანი ეცი საქართველოს დიდ მეფეს“. შენდობა ვთხოვე და მისი კურთხეა შევასრულე (საპატრიარქოს დიდ დარბაზში ცენტრალურ ფრესკაზე წმინდა მეფეებს შორის გამოსახულია უშარავანდედო ერეკლე მეფეც _ რედ.).

ივნისის ნომერში კი (№ 6) ჟურნალის რედაქციამ გააჟღერა ათონელი ბერის პაისის წინასწარმეტყველური ხედვა ბოლო ჟამის მოვლენებთან დაკავშირებით. სახელდობრ, მამა პაისი ამბობს:
„_ ჩემი გულისხმა მკარნახობს, რომ ბევრი რამ მოხდება: რუსები დაიკავებენ თურქეთს _ თურქეთი რუკიდან გაქრება, რადგან თურქების 1/3 გახდება ქრისტიანი, 1/3 _ დაიღუპება და 1/3 გაემგზავრება მესოპოტამიაში.

შუა აღმსავლეთი ომების ასპარეზად იქცევა, რომელშიც მონაწილეობას რუსებიც მიიღებენ. ბევრი სისხლი დაიღვრება. ჩინელებიც კი გადალახავენ ევფრატს 200.000.000-იანი ჯარით და იერუსალიმამდე მივლენ. იმის არსებითი ნიშანი, რომ ეს მოვლენები მოახლოებულია, იქნება ომარის მეჩეთის დანგრევა, რაც მოასწავებს სოლომონის ტაძრის აღდგენის სამუშაოების დასაწყისს, რომელიც სწორედ მეჩეთის ადგილზე უნდა აშენდეს.

კონსტანტინოპოლში უდიდესი ბრძოლა მოხდება რუსებსა და ევროპელებს შორის, რომელიც დიდ სისხლისღვრას მოიტანს. საბერძნეთს არ ექნება გადამწყვეტი როლი ამ ომში, მაგრამ შედეგად მას გადასცემენ კონსტანტინოპოლს, არა იმიტომ, რომ რუსები ჩვენს წინაშე მოწიწებით იქნებიან აღვსილნი, არამედ იმიტომ, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილებად მოეჩვენებათ. ამდენად, მოელაპარაკებიან საბერძნეთს, ამასთან, მათზე ზეწოლას მოახდენს მძიმე ვითარებანი. ბერძნული არმია მიახლოვებას ვერ მოასწრებს, რომ ქალაქს უკვე გადასცემენ. ებრაელები ევროპული ხელისუფლების დახმარების მეშვეობით გათავხედდებიან და უსირცხვილოდ და ამპარტავნულად ეცდებიან ევროპის მართვას. მაშინ ებრაელთა 2/3 ქრისტიანი გახდება.

ისინი მრავალ განსაცდელს შეუქმნიან ქრისტიანებს, მაგრამ დევნილებანი ქრისტიანებს უფრო გააერთიანებს. ისე კი არა, მავანნი რომ ცდილობენ სხვადასხვა მაქინაციით გააერთიანონ მსოფლიო ეკლესიები, რადგან სურთ მის სათავეში ერთიანი რელიგიური ხელმძღვანელობა მოაქციონ. ქრისტიანები გაერთიანდებიან იმიტომ, რომ შექმნილ ვითარებაში მოხდება ცხვრების თხებისგან გამოცალკევება. თითოეული ცხოვარი ეცდება სხვა ცხოვარის გვერდით ყოფნას და მაშინ განხორციელდება „ერთიანი სამწყსოსა და ერთი მწყემსის“ იდეა. გულისხმაჰყავთ. ვხედავთ, რომ ეს ნაწილობრივ უკვე მიმდინარეობს: ქრისტიანები უკვე გრძნობენ, რომ ისინი იმყოფებიან არაჯანსაღ ატმოსფეროში, ცდილობენ განერიდონ მტკივნეულ სიტუაციებს და ათასობით მიელტვიან მონასტრებსა და ეკლესიებს. მალე ნახავთ, რომ ქალაქში ადამიანთა ორი ჯგუფი იქნება: ისინი, ვინც მრუშული, ქრისტესგან დაშორებული ცხოვრებით იცხოვრებენ და ისინი, რომელნიც ფხიზელ ცხოვრებას ირჩევენ და თაყვანისცემის ადგილებში გაეშურებიან. საშუალო მდგომარეობა, როგორც ახლა, შეუძლებელი გახდება...

No comments:

Post a Comment