Monday, November 1, 2010

საფრანგეთის რევოლუცია - ნაწილი II

(წერილი მომზადებულია ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის /ლაიფციგი _ სანკტ-პეტერბურგი/ მასალებიდან; კონკრეტული საკითხების გამო ტექსტში აღნიშნული მითითებანი გულისხობს ამავე ენციკლოპედიური ლექსიკონის ტომებში გამოქვეყნებული შესაბამისი წერილიების დამატებით გაცნობას; ამავე დროს, წერილზე მუშაობისას ქართველ მკითხველს გვინდა ვურჩიოთ გაითვალისწინოს, რომ მისი რუსი ავტორი გახლავთ, თუმცა კი განათლებული და კომპეტენტური სპეციალისტი, მაგრამ მაინც რუსული „მედასავლეთეობის“ /западничество-ს/ წარმომადგენელი, რომლისთვისაც უფრო ახლობელია ისტორიული და კულტურული პროცესების არა მართლმადიდებლურ-ქრისტიანული ხედვა, არამედ ლიბერალურ-ჰუმანისტური, რომელიც იმ ხანად ფესვგადგმული გახლდათ კათოლიკურ-პროტესტანტულ დასავლეთ-ევროპულ საზოგადოებაში)

II ნაწილის შინაარსი

IV. რევოლუციის უშუალო გავლენა საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების შიდა ისტორიაზე
V. საფრანგეთის რევოლუციის ისტორიოგრაფია და ნარკვევი მასზე მთავარი მსჯელობების შესახებ

IV. რევოლუციის უშუალო გავლენა საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების შინაგან ისტორიაზე

დამფუძნებელი კრების რეფორმებმა 1789-1791 წწ.-ში სრულიად შეცვალა საფრანგეთის საზოგადოებრივი წყობილება. რევოლუციის შემდგომმა განვითარებამ ვერც ერთი ახალი ნიშანი ვერ მიუმატა იმ სოციალურ მოწყობას, რომელიც წარმოადგენდა წოდებათა გაუქმების შედეგს, მათი პრივილეგიებითა და ტიტულებით, აგრეთვე ფეოდალური უფლებების გაუქმებისა, ბატონყმობითა და კანონის წინაშე უთანასწორობის სხვა გამოვლენების გაუქმების შედეგსაც. სრულებით არ არის სწორი ზოგიერთი ისტორიკოსის მოსაზრება, თითქოს კონვენტი თავის წინაშე სვამდა რომელიღაც სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობილების დამყარების ამოცანას, განსხვავებულისა იმისგან, რომელიც შექმნილი იყო რევოლუციის პირველი ორი წლის განმავლობაში. ფრანგების უზარმაზარი უმრავლესობა იგებდა სოციალური პრივილეგიების სამოქალაქო თანასწორობით ამ შეცვლის შედეგად; უკმაყოფილონი იყვნენ მხოლოდ უწინდელი პრივილეგირებული ადამიანები, რომელთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა დატოვა კიდეც საფრანგეთი; სამშობლოში დარჩენილები საკმარისად იყვნენ დაშინებულნი რათა შესაბამის დრომდე არ შეეხსენებიათ თავიანთი არსებობის შესახებ.

პრივილეგირებული წოდებების დაცემის შემდეგ ბურჟუაზია იქცა ყველაზე უფრო მდიდარ, ყველაზე უფრო გავლენიან საზოგადოებრივ კლასად, და რადგანაც იაკობინელთა რეჟიმს არ სურდა ამისთვის ანგარიშის გაწევა, ამიტომ ბურჟუაზია მონაცვლეობით მიჰყვებოდა ტერმიდორიანელებსაც, რომლებმაც დაამხეს იაკობინელთა დიქტატურა, და როიალისტებსაც, რომლებმაც თავი წამოსწიეს უკიდურესად რევოლუციური პარტიების დამარცხების შემდეგ, და ბოლოს, წაჰყვა ბედნიერ მხედართმთავარსაც, რომლის მტკიცე ხელისუფლება იცავდა ბურჟუაზიის ახალ სოციალურ მდგომარეობას როგორც „ძველი წესრიგის“ დაბრუნებისგან, ისე იაკობინიზმის აღორძინებისგანაც.

მმართველობის ფორმამ ამ დროს უკანა პლანზე გადაინაცვლა.

ამასთან ერთად გლეხების მასაც, რომელიც განთავისუფლდა ფეოდალური უფლებებისგან, საეკლესიო მეათედისგან და სახელმწიფო გადასახადების უსამართლო განაწილებისგან, ზრუნავდა მხოლოდ თავის სასარგებლო რევოლუციური სიკეთეების განმტკიცებისთვის, და ბურჟუაზიაზე კიდევ უფრო ნაკლებად აქცევდა ყურადღებას მმართველობის ფორმას. რაც შეეხება ქალაქის პროლეტარიატს, მისი აქტიური როლის ეპოქა მეტად არახანგრძლივი იყო, თანაც მისი საკუთარი ინტერესებიც ზარალდებოდა საქმეების გაჩერების, უმუშევრობისა და სიძვირისგან, რომლებიც გამოწვეული იყო საზოგადოების არანორმალური მდგომარეობით. პოლიტიკურმა ცხოვრებამ ჯერ კიდევ ვერ წამოსწია მაშინ სოციალური რეფორმების პროგრამა, ხოლო იაკობინელთა დიქტატურის დროის მანძილზე, რომელიც ეყრდნობოდა ქალაქის მოსახლეობის უმდაბლეს კლასებს, ვერაფრით ვერ იქნა შეცვლილი მათი მდგომარეობა: იაკობინიზმის დაცემის შემდეგ აქაც ძალზედ სწრაფად დადგა იმედგაცრუება, ასე რომ რესპუბლიკამ, რომლისგანაც მოელოდნენ ხალხისთვის უკეთესი დროების დადგომას, მალევე დაკარგა თავისი უწინდელი მომხიბვლელობა.

1790-იანი წლების ბოლოს ფრანგების უმეტესობა, რომელთათვისაც ძვირფასი იყო რევოლუციის სოციალური შენაძენები, სრულებით გულგრილად იყო განწყობილი რესპუბლიკისადმი, როგორც სახელმწიფოებრივი ფორმისადმი. საერთოდ 1792 წ. რესპუბლიკა დაარსებულ იქნა საფრანგეთში განსაკუთრებული გარემოებების პირობებში, ენერგიული უმცირესობის მიერ, რომელმაც ხელში ჩაიგდო ძალაუფლება, და ერიც დაემორჩილა მმართველობის ამ ახალ ფორმას, როგორც პოლიტიკურ აუცილებლობას. ქვეყანაში არ იყო არც ერთი საზოგადოებრივი კლასი, რომელსაც ექნებოდა განსაკუთრებული და საკმარისად მტკიცე ინტერესი ჰყვარებოდა და დაეცვა მმართველობის ეს ფორმა. პირიქით, სუკუნოებრივი მონარქიული ტრადიციის გარდა, რომელიც ყოველ ადგილას იწვევდა როიალიზმის ხშირ და ძლიერ გამოღვიძებას, იყო კიდევ განსაკუთრებული მიზეზებიც, რომლებიც რესპუბლიკას გადააქცევდა საძულველად ერთთათვის, სახიფათოდ მეორეთათვის და არც თუ განსაკუთრებულად ძვირფასად მესამეთათვის. სასულიერო პირნი და თავადაზნაურები ისწრაფვოდნენ მონარქიის აღდგენისკენ, ბურჟუაზია ვერ ენდობოდა დემოკრატიას იაკობინიზმთან დაკავშირებული სამწუხარო გამოცდილების შემდეგ, პროლეტარიატმა კი დაკარგა რწმენა რესპუბლიკური რეჟიმის მაგიურ თვისებებში.

პირველი რესპუბლიკა საფრანგეთში იყო რესპუბლიკა რესპუბლიკელების გარეშე, და ამაში მდგომარეობდა მისი დაცემის ძირეული მიზეზი. 1789 წ. დარიგებებში (დავალებებში) ერი გამოდიოდა მონარქიის მომხრედ, მხოლოდ მეფისთვის აბსოლუტური ძალაუფლების ჩამორთმევის პირობით; დამფუძნებელი კრებაც ასევე განწყობილი იყო მონარქისტულად. რესპუბლიკური ტენდენცია გამოჩნდა უფრო მოგვიანებით, და ისიც მეფის ხელისუფლების მიერ დაშვებული მთელი რიგი პოლიტიკური შეცდომების შემდეგ, და იმის გათვალისწინებითაც, რომ მონარქიის შესახებ წარმოდგენას უერთდებოდა შიში ძველ სოციალურ წყობილებაში დაბრუნების თაობაზე. მეორეს მხრივ, რესპუბლიკამ ვერ მოიტანა ნამდვილი თავისუფლება; იაკობინელთა რესპუბლიკური დიქტატურა ბევრი მიმართებით იყო მხოლოდ ძველი მონარქიის დესპოტიზმის განახლება, ხოლო ის, რაც ჩაფიქრებული იყო თავისუფლების აზრით (სულისკვეთებით), პრაქტიკაში აღმოჩნდა უსრულესი შინაგანი დეზორგანიზაციის წყაროდ, რომელსაც ბევრი თვლიდა რესპუბლიკის ცოდვების რიცხვში.

ერთერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ფაქტს 1789 წ. ისტორიაში წარმოადგენს ფრანგების გულწრფელი აღტყინება თავისუფლებისკენ, რომელიც ნათლად გამოიხატა დარიგებებში (დავალებებში). დამფუძნებელი კრებაც ამის თანაბრად აღსავსე იყო მისწრაფებით მიეცა ქვეყნისთვის ყველაზე უფრო ვრცელი თავისუფლება. მაგრამ იმ დროის სხვადასხვა გვარ განცხადებებსა და ღონისძიებებში სულაც არც თუ ყოველთვის ვლინდებოდა იმის გაგება, თუ რაში უნდა მდგომარეობდეს ნამდვილი თავისუფლება და როგორია მისი განხორციელებისთვის აუცილებელი პირობები. გარემოებების ზეწოლით თავად დამფუძნებელი კრება ამბობდა უარს ბევრ შემთხვევაში პირადი თავისუფლების პრინციპის გატარებაზე, განსაკუთრებით როდესაც წარმოიქმნებოდა იმის საშიშროებანი, რომ პირადი თავისუფლების გამოყენებას დაიწყებენ საგანთა ახალი წესრიგის ან საზოგადოებრივი სიმშვიდისადმი საზიანოდ. რაც უფრო მეტად ვითარდებოდა რევოლუცია, მით სულ უფრო და უფრო მეტად მსგავსი ხასიათის მოსაზრებანი აიძულებდათ უკანა პლანზე გადაეწიათ თავისუფლების მოთხოვნები. ერის ძველი ჩვევები, რომელიც საუკუნეების მანძილზე აღზრდილი იყო აბსოლუტური მონარქიის პირობებში და უეცრად მოწოდებულ იქნა ყველაზე უფრო ფართო თვითმმართველობისკენ, ხალხის თავისუფლების არასწორად გაიგივება ხალხის ხელისუფლებასთან, რომლის სახელითაც ფარავდნენ ყველაზე უფრო დესპოტურ დიქტატურას, ეპოქის გარემოებები, რომლებიც ქვეყნის გადარჩენისთვის აუცილებლად ხდიდა ხელისუფლების თავმოყრასა და გაძლიერებას, დაბოლოს, ცოტ-ცოტად განვითარებული უნდობლობა თავისუფლებისადმი, მას შემდეგ, რაც მისი სახელით ჩადენილ იქნა ამდენი ძალადობა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, _ ყოველივე ეს ხდიდა იმ ეპოქის ფრანგებს უფრო მეტად უნარის მქონედ ეცხოვრათ შეუზღუდავი მმართველობის რეჟიმის ქვეშ, ვიდრე ესარგებლათ თავისუფლების სიკეთეებით.

1791 წ. კონსტიტუცია იყო მონარქიული საწყისის შეხამების მცდელობა პოლიტიკურ თავისუფლებასთან, მაგრამ სამეფო ხელისუფლებისადმი უნდობლობის სულისკვეთებით. პირიქით, VIII წლის კონსტიტუცია, რომელმაც ძალაუფლება გადასცა ნაპოლეონს, ჩაფიქრებულ იქნა რესპუბლიკური პრინციპის შეხამების აზრით ძლიერ ერთპიროვნულ ხელისუფლებასთან, თავისუფლებისადმი მეტად გადამწყვეტი უნდობლობის პირობებში. შემდეგ, ვერც 1791 წ. კონსტიტუციამ, ვერც რევოლუციურმა მთავრობამ, ვერც დირექტორიამ ვერ შექმნეს საფრანგეთში ორგანიზაცია სიცოცხლისუნარიანობისა და სიმტკიცის საწყისებით (ნიშნებით). ძველი სახელმწიფოებრივი წესრიგი, რომელიც თრგუნავდა საზოგადოებრივ ძალებს, სცოდავდა სამთავრობო მოქმედების სიჭარბით. დამფუძნებელი კრება, რომელსაც სურდა მიეცა სივრცე სწორედ ამ ძალებისთვის, ჩავარდა საპირისპირო უკიდურესობაში: მან უკანასკნელ ხარისხამდე შეზღუდა ცენტრალური აღმასრულებელი ხელისუფლების როლი, გადასცა რა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ბევრი ისეთი საქმის განკარგვა, რომლებიც თავიანთი არსით უნდა ყოფილიყო სამთავრობო აგენტების ხელში. ამით ახალმა მთავრობამ საკუთარი თავი დააუძლურა, და საზოგადოებაში, რომელიც მიჩვეული იყო ყველაფერზე დალოდებოდა მითითებებს ზემოდან, კანონიერი მთავრობის ადგილას გარკვეული დროით დადგა, ასე რომ ვთქვათ, თვითმარქვია მთავრობა _ იაკობინელთა კლუბი თავისი პროვინციული განყოფილებებით.

1791 წ. კონსტიტუციამ უკანასნელ უკიდურესობამდე მოახდინა საფრანგეთის დეცენტრალიზაცია; იაკობინელთა კლუბი, პირიქით, აძლევდა მას ცენტრალიზაციას, რასაც მიჩვეული იყო და რასაც საჭიროებდა ქვეყანა. ამ კლუბიდან გამოსული რევოლუციური მთავრობა, ისე რომ არ მოუსპია პრინციპში დამფუძნებელი კრების მიერ შექმნილი სისტემა, პრაქტიკაში მოქმედებდა სწორედ უკიდურესი ცენტრალიზაციის სულისკვეთებით. დასრულდა იაკობინელთა ტერორის პერიოდი _ და ისევ, დირექორიის რეჟიმის ქვეშ დაიწყო წარმოქმნა მოვლენებისა, რომლებიც წარმოადგენდა დამფუძნებელი კრების სისტემის შედეგს. რევოლუციური მთავრობის დამყარებამდეც, და დირექტორიის ეპქაშიც არჩევითი ადგილობრივი ადმინისტრაციები არც თუ იშვიათად მოქმედებდნენ ცენტრალური მთავრობის შეხედულებების, მისწრაფებებისა და პირდაპირი დავალებებისგან დამოუკიდებლად, რომელსაც ჰქონდა მუნიციპალური და სადეპარტამენტო ხელისუფლებების მხრიდან მორჩილების მიღწევის ერთადერთი საშუალება _ არჩევნების ხელოვნურად მოწყობა, მათი თავისუფლების სრული დარღვევით. თვითმმართველობა დაიყვანებოდა იმაზე, რომ დაცალცალკევებული და დაშინებული უმრავლესობა არცთუ იშვიათად თავს არიდებდა არჩევნებს, და ემორჩილებოდა შეკრულ და გაბედულ უმცირესობას, ხოლო ეს უკანასკნელი, შედიოდა რა იაკობინელთა კლუბის განყოფილებების შემადგენლობაში, არსებითად მხოლოდ ასრულებდა პარიზელი რევოლუციური ბელადების ბრძანებებს. იაკობინური მთავრობის საგანგებო ზომები, მისი კომისრების ძალადობრივი მოქმედებანი დეპარტამენტებში, იაკობინიზმის ადგილობრივი მიმდევრების უცერემონიულობა მაინც ინარჩუნებდნენ ერთიანობას ქვეყნის მმართველობაში: საკმარისი იყო დაცემულიყო ტერორიზმი, რომ ყველაფერმა ისევ დაიწყო აქეთ-იქით გადინება, და შინაგანი არეულ-დარეულობანი ბევრს ჩააგონებდა იმ აზრს, რომ ასე ცხოვრება შემდგომში შეუძლებელი იქნებოდა.

წარუმატებლობათა, იმედგაცრუებათა და საშიშროებათა გავლენით საფრანგეთში XVIII ს. მიწურულისთვის ძლიერად შეიცვალა საზოგადოებრივი განწყობილება. 1789 წ. სულიერმა აღმაფრენამ, ოპტიმიზმმა და სიმხნევემ ადგილი დაუთმო რაღაცნაირ სულიერ დათრგუნულობას, პესიმიზმსა და გულგრილობას. იდეალურმა მისწრაფებებმა და პრინციპებმა, რომლებიც მათ აღაგზნებდა, დაკარგეს თავიანთი ძალა გონებასა და გულებზე; წინა პლანზე გადმოვიდა ანგარებიანი ინსტინქტები და მატერიალური ინტერესებები. ამასთან ერთად საზოგადოებაში ისახებოდა კულტურული რეაქცია საერთო მტრის _ XVIII ს. ფილოსოფიის სულისკვეთების წინააღმდეგ. ამ ფილოსოფიის მიერ საზოგადოებრივი აღორძინებისა და გარდაქმნისთვის გაკეთებული თანდათანობით დავიწყებას მიეცა; უფრო მეტი ყურადღების მიქცევას იწყებდნენ XVIII ს. იდეური განწყობილებების სუსტ მხარეებზე (ნამდვილზე ან მოჩვენებითზე), მიაწერდნენ რა მათ რევოლუციის მთელ საშინელებებსა და უბედურებებს. საზოგადოების მიერ გადატანილმა საშინელმა განსაცდელებმა და რელიგიურმა დევნამ, რომლებიც არ წყდებოდა რევოლუციის მთელი დროის მანძილზე, გამოაცოცხლა ერის კათოლიკური გრძნობები. ერთთ სურდათ ეკლესიის აღდგენა მის უფლებებში თავიანთი რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის; სხვები მიუთითებდნენ რელიგიის, როგორც საზოგადოებრივი წესრიგის ყველაზე უფრო უკეთესი საყრდენის, პოლიტიკურ აუცილებლობაზე. იმ რეაქციის გვერდით, რომელიც თავის დასაწყისს იღებდა უწინდელი კონსერვატიული ოპოზიციისგან ჩაფიქრებული და გატარებული რეფორმების წინააღმდეგ, წარმოიქმნა სხვა რეაქციაც, ამჯერად საზოგადოების იმ კლასებს შორის, რომლებიც იყვნენ მოძრაობის ინიციატორები, ერთ დროს მიდიოდნენ წინა რიგებში, მაგრამ მას უკვე ეკიდებოდნენ უნდობლობით მას მერე, რაც რევოლუცია გადავიდა ცნობილ საზღვრებს. გაეჩერებინა მოძრაობის შემდგომი განვითარება, არ მიეცა ახლო წარსულის ზოგიერთი ფაქტის განმეორების საშუალება, შეენარჩუნებინა მოპოვებული შედეგები, თუნდაც თავისუფლების დაკარგვის ხარჯზე _ ყოველივე ეს იქცა ბურჟუაზიის პროგრამად, რომელიც, გადაიტანა რა იაკობინური რეჟიმი, მაინც რჩებოდა ყველაზე უფრო გავლენიან კლასად საზოგადოების ახალ წყობილებაში.

ხალხების განთავისუფლების სახელით ტირანიასთან დაწყებული ომი ცოტ-ცოტად გადაიქცა უბრალო დამპყრობლურ ომად; უკვე რესპუბლიკის უკანასნელ წლებში დავიწყებულ იქნა დამფუძნებელი კრების საზეიმო განცხადებაც, რომელშიც ახალი საფრანგეთი უარს ამბობდა დამპყრობლურ პოლიტიკაზე და სხვა ხალხების თავისუფლებაზე ხელის აღმართვაზე, და 1793 წ. არანაკლებ საზეიმო დაპირებაც, რომელმაც გამოაცხადა სხვათა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპი. ორი ფაქტი იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას ამ ურთიერთობების ისტორიაში: თანაგრძნობა, რომელსაც ხვდებოდა საფრანგეთის რევოლუცია და ფრანგული დაპყრობა საზოგადოების ცნობილ ფენებში საფრანგეთის საზღვრებს გარეთ, და რევოლუციისა და დამპყრობლური პოლიტიკისადმი გაწეული წინააღმდეგობის სისუსტე ევროპული „ძველი წესრიგის“ წარმომადგენელთა მხრიდან. პირველი მნიშვნელოვანი წარმატება ელოდებოდა ფრანგებს სავოიაში, სადაც ჯერ კიდევ რევოლუციური არმიის შესვლამდე (1792 წ. 21 სექტემბერს) მოქმედებდნენ ადგილობრივი და ჩასული აგიტატორები. „ჩემი არმიის წინსვლა _ წერდა სამხედრო მინისტრს გენერალი მონტესკიუ, _ შედგება რიგი ტრიუმფებისგან. სოფლისა და ქალაქის მოსახლეობა გამორბის ჩვენს შესახვედრად“.

მალევე რევოლუციური არმიის გამოჩენის შემდეგ სავოიაში დანიშნეს სახალხო კრებები ქვეყნის ყველა თემში (იმათ გარდა, სადაც ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო სარდინიის ძალაუფლება) ეროვნულ კრებაში დეპუტატების ასარჩევად (15 ოქტომბერს). 685 თემიდან 583-მა გამოთქვა სურვილი საფრანგეთთან შეერთებაზე, ხოლო 72-მა ამ საკითხის გადაწყვეტა დეპუტატებს მიანდო. „ალობროგების ეროვნულმა სუვერენულმა კრებამ“ შამბერიში სავოიაში მოსპო სარდინიის სამეფო ხელისუფლება, ფეოდალური უფლებები, საეკლესიო მიწათმფლობელობა და ა. შ. _ და მთელი რევოლუცია მოხდენილ იქნა ერთ კვირაზე ნაკლებ დროში. შემდეგ მიმართეს სავოიის დამოუკიდებელ რესპუბლიკად ორგანიზების მცდელობას, მაგრამ მალევე მოძრაობის ბელადებმა მიმართეს კონვენტს თხოვნით საფრანგეთთან შეერთებაზე. ამავდროულად რევოლუციური იდეების გავრცელება დაიწყეს გერმანელებს შორის რაინის მარცხენა ნაპირზე; ბევრმა პირდაპირ დაიწყო ფრანგების მოწვევა მოეხდინათ რაინის მარცხენა ნაპირის განთავისუფლება და ურჩევდნენ მხარის მოსახლეობას დახმარება აღმოეჩინათ საფრანგეთისთვის. კიუსტინმა, ისე ადვილად, რომ თავადაც კი უკვირდა, მოკლე დროში დაიკავა შპაიერი, ვორმსტი და მაინცი. „ქალაქები _ წერდა იმ დროის ერთერთი დიპლომატი _ ნებდებიან წინააღმდეგობის გარეშე, და უფლებების დეკლარაცია ახდენს ისეთ მოქმედებას, რომელიც მსგავსია იესო ნავეს ძის საყვირის მოქმედებისა“ (რაინისპირა გერმანელების განწყობა მათ შორის ფრანგების გამოჩენის დროს მხატვრულად აღწერა და საუკუნეებს შემოუნახა გოეთემ თავის „ჰერმანსა და დოროთეაში“). მაინცში შეიქმნა „თავისუფლებისა და თანასწორობის მეგობრების“ წრე; სხვა ქალაქებშიც ასევე გამოჩნდა კლუბები. და აქაც, ისევე როგორც სავოიაში, თავიდან მიმართეს დამოუკიდებელ რესპუბლიკად ორგანიზების მცდელობას, მაგრამ ბოლოსა და ბოლოს გადაწყვიტეს საფრანგეთს შეერთებოდნენ (1793 წ. 21 მარტს). და ბოლოს, იმავე წელს ფრანგებმა მოახდინეს ბელგიის რევოლუციონირებაც; მასში უფრო ადრე დაიწყო აჯანყება (1787), რომელიც გამოწვეული იყო კონსერვატიული ოპოზიციის მიერ იოზეფ II-ის რეფორმების წინააღმდეგ; მალევე ჩაისახა მეორე მოძრაობაც _ დემოკრატიული, სამოქალაქო თანასწორობისა და ხალხის უმაღლესობის ფრანგული იდეების სულისკვეთებით. უკმაყოფილოებს სათავეში ჩაუდგა ორი ადვოკატი, ვან-დერ-ნოოტი და ვონკი, პირველი როგორც ძველი ტრადიციების წარმომადგენელი, მეორე _ ახალი იდეების მხარდამჭერის სახით. ბელგია მზად იყო სავსებით ჩამოშორებოდა ავსტრიას; 1790 წ. იანვარში ბრიუსელში შეიკრიბა „შეერთებული ბელგიური შტატების“ კონგრესი.

თუკი ავსტრიის მთავრობამ მოახერხა დასაწყისში თავიდან აეცილებინა ბელგიური რევოლუციის ასეთი შედეგი, ეს მოხდა მხოლოდ კლერიკალურ-ფეოდალურ და დემოკრატიულ პარტიებს შორის უთანხმოებათა შედეგად. სახალხო მასის ფანატიზმზე დაყრდნობით, კონსერვატორებმა გაიმარჯვეს; ავსტრიამ, ამჯერად დიდი წინააღმდეგობის გარეშე, აღადგინა ბელგიაში უწინდელი რეჟიმი. დემოკრატები გაიქცნენ საფრანგეთში, რათა სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ ფრანგული ჯარებით. აქ ისინი შეუერთდნენ ლიუტიხიდან გამოსულებს, რომელიც ეკუთვნოდა მფლობელ ეპისკოპოსს, გერმანიის იმპერიის წევრს. ამ სასულიერო სამთავროში დიდი ხანია მიდიოდა ქვეშევრდომთა დავები თავიანთ ხელმწიფესთან, რომლებმაც 1789 წ., პარიზული მოვლენების გავლენით, ასევე გამოიწვია პატარა რევოლუცია. ეპისკოპოსი თავიდან დაეთანხმა ქვეშევრდომთა მოთხოვნებს, მაგრამ შემდეგ გაიქცა; მისი თხოვნით ავსტრამ დაიკავა ლიუტიხი (1791), ხოლო აჯანყებაში შემჩნეულები პარიზში გაიქცნენ. როდესაც დაიწყო რევოლუციური ომები, დიუმურიეს გამარჯვებამ ჟემაპთან (ლიუტუხის ახლოს) გზა გაუხსნა ფრანგებს ბელგიაში, სადაც ქალაქებმა ერთი მეორის მიყოლებით დაიწყეს გადასვლა ფრანგების მხარეზე. ხედავდნენ რა მათში თავიანთ მხსნელებს.

ჰოლანდია ბელგიაზე არანაკლებ იყო მომზადებული რევოლუციისთვის. ამ ქვეყანაში მოქმედი ორი პოლიტიკური პარტიის (XXI, 21) ძველმა მტრობამ ახალი იდეებისა და ამერიკული რევოლუციის მაგალითის გავლენით მიიღო კონსერვატიულ-ოლიგარქიულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს შორის ბრძოლის ხასიათი, და ორივე მხარე იმავე დროს უნდობლად ეკიდებოდა შტატჰალტერულ ხელისუფლებას. XVIII ს. 80-იანი წლების შუახანებში ურთიერთობები მტრულ პოლიტიკურ ძალებს შორის მნიშვნელოვნად გამწვავდა; 1786 წ. საქმე მივიდა მკვეთრ დაჯახებამდე შტატჰალტერსა და „პატრიოტებს“ შორის. შტატჰალტერის გამარჯვების შემდეგ, რომელსაც მხარი დაუჭირეს პრუსიელებმა, მისი მოწინააღმდეგეები გაიქცნენ საზღვარგარეთ და ბევრმა მათგანმა თავშესაფარი ჰპოვა საფრანგეთში. როგორც კი 1794 წ. ფრანგებმა შედარებით მტკიცედ მოიკიდეს ფეხი ბელგიაში, ჰოლანდიაში ისევ დაიწყო პატრიოტული პარტიის მოძრაობა, რომელმაც თავის მიზნად დაისახა ორანული მფლობელობის დამხობა. უფრო ადრე ბელგიაში მოქმედ ფრანგულ ჯარში იყო ცალკეული ბატავიური რაზმი. პარიზში შეიქმნა ჰოლანდიელი პატრიოტების რევოლუციური კომიტეტი, რომელიც ნიდერლანდების ქალაქებსა და სოფლებში გზავნიდა აგენტებსა და ბროშურებს; ქვეყანაში დაიწყეს რწვოლუციური კლუბების წარმოქმნა. შტატჰალტერული მთავრობა წარუმატებლად ცდილობდა მოხალისეთა რაზმების შექმნას ქვეყნის დასაცავად. 1794 წ. ბოლოს რევოლუციური არმია პიშეგრიუს სარდლობით შევიდა ჰოლანდიაში, რამაც საშუალება მისცა ქვეყანაში დაბრუნებულ პატრიოტებსა და ადგილობრივ დემოკრატიულ კლუბებს ხელში ჩაეგდოთ ძალაუფლება და შესდგომოდნენ მთელი ქვყნის ორგანიზებას საფრანგეთის რესპუბლიკის ნიმუშის მიხედვით. ახალმა რესპუბლიკამ მიიღო ბატავიის რესპუბლიკის სახელწოდება (1795). ცოტათი მოგვიანებით იგივე მოხდა ჩრდილოეთ იტალიის არისტოკრატიულ რესპუბლიკებშიც _ ვენეციასა და გენუაში. ვენეციის კუთვნილ მიწებში ჯერ კიდევ უფრო ადრე შეიმჩნეოდა მისწრაფება რეფორმებისა და კონსტიტუციის შეცვლისკენ უფრო დემოკრატიული სულისკვეთებით; მთავრობა სახალხო მღელვარებების ჩახშობას ახერხებდა მხოლოდ სამხედრო ძალის გამოყენებით. ავსტრიასთან ომის დროს ფრანგებმა ვენეციის ოლქის ქალაქებში ნახეს მრავალრიცხოვანი მოკავშირეები ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ დედაქალაქის ოლიგარქიითა და ამიტომ დაიწყეს რევოლუციური კლუბების დაარსება და დაწყებული 1797 წ. მარტის შუახანებიდან ერთი-მეორის მიყოლებით ქალაქებში აღაგზნებდნენ სახალხო აჯანყებებს. ძველ წესრიგს იცავდნენ გლეხები, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ ფრანგული რეკვიზიციებით; მათ დაიწყეს კიდეც კონტრრევოლუცია, მაგრამ ეს მოძრაობა ფრანგებმა ჩაახშეს დიდი სისასტიკით. თავად ვენეციაში გამოჩნდა დემოკრატიული კლუბი, რომელმაც მოახერხა მთავრობისგან მიეღწია გადადგომისთვის და სრულიად სახალხო კენჭისყრის საფუძველზე დროებითი მთავრობისა და ქალაქის საბჭოს არჩევაზე თანხმობისთვის. მაგრამ ახალმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დიდხანს ვერ იარსება, რადგანაც მისი სამფლობელოები განაწილებულ იქნა ავსტრიასა და ციზალპინურ რესპუბლიკას შორის.

ამავდროულად გენუაშიც ასევე წარმოიქმნა დემოკრატიული კლუბი, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ არა მხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებლები, არამედ პიემონტიდან, ლომბარდიიდან, რომიდან და ნეაპოლიდან ჩასული ემიგრანტებიც. როდესაც გენუის მთავრობამ დააპატიმრა რამდენიმე დემოკრატი, დანარჩენებმა მოახდინეს აჯანყება, გამოაცხადეს ხალხის უმაღლესობა და სამოქალაქო თანასწორობა და დაეუფლნენ ქალაქს, თუმცა კი ამით თავიანთ საწინააღმდეგოდ აამხედრეს სოფლელები, რომლებიც ინსურგენტებში ხედავდნენ რელიგიისა და ეკლესიის მტრებს. ფრანგებმა ქმედითი მხარდაჭერა აღმოუჩინეს გენუის რევოლუციას, და საქმე დასრულდა გენუის გარდაქმნით დემოკრატიულ რესპუბლიკად (1797 წ. ივნისი) ლიგურიის რესპუბლიკის სახელწოდებით. შვეიცარიის კავშირის რომანული ნაწილის ერთტომობრიობამ საფრანგეთთან განსაკუთრებულად შეუწყო ხელი მასში ახალი პოლიტიკური და სოციალური იდეების გავრცელებას. შვეიცარიის კანტონებს შორის არ იყო სრული თანასწორობა; მთელი დიდი ოლქების დადებითი (ან მდგომარეობრივი) დამოკიდებულებაც კი არსებობდა მმართველ კანტონებზე. ვაადტლანდი ექვემდებარებოდა ბერნს; ტიჩინოს ველი იმყოფებოდა ურის კანტონის ძალაუფლების ქვეშ. დიდ ქალაქებში მართავდა პატრიციატი, დანარჩენი მოსახლეობა, ძველი კორპორაციული წყობილებით, დანაწილებული იყო ცალკეულ ჯგუფებად, რომლებიც სარგებლობდნენ ძალზედ არათანაბარი უფლებებით. შვეიცარიის მოსახლეობაში ჯერ კიდევ საფრანგეთის რევოლუციის დაწყებამდე დემოკრტიული მისწრაფებები, მაგრამ მმართველი ხელისუფალნი ახშობდნენ საგანთა არსებული წესრიგით უკმაყოფილების უმცირეს გამოვლინებებსაც კი, ყველანაირად დევნიდნენ რა პატრიოტული „გელვეტური კავშირის“ წევრებს. განსაკუთრებით ძლიერი იყო ფრანგული იდეების გავლენა ჟენევაში, სადაც XVIII ს. მიმდინარეობდა ბრძოლა არისტოკრატიასა და დემოკრატიას შორის და საიდანაც საფრანგეთში მიდიოდა არცთუ ცოტა დამარცხებული დემოკრატი, რომლებმაც შემდეგ თავინთი როლი ითამაშეს რევოლუციის მოვლენებში. უკვე რევოლიციური ჯარების მიერ სავოიის, რაინის მარცხენა ნაპირისა და ბელგიის პირველი დაკავების დროს, ფრანგებმა მიმართეს მცდელობას მხარი დაეჭირათ ჟენეველი დემოკრატებისთვის, მაგრამ ეს მცდელობა დაიმსხვრა ბერნის წინააღმდეგობაზე, რომელიც დაეხმარა ჟენევის მმართველ ოლიგარქიას ხელისუფლების თავის ხელში შენარჩუნებაში. არანაკლებ ძლიერი იყო რევოლუციური განწყობა ვაადტლანდშიც, რომელსაც მძიმე უღლად ადგა ბერნის მმართველობა: აქ მოძრაობას სათავეში ჩაუდგა ცნობილი ლაგარპი. ლოზანასა და ოლქის სხვა ადგილებში საფრანგეთის რევოლუციის დაწყების შემდეგ წარმოიქმნა კლუბები, რომლებმაც თავიანთ ამოცანად დაისახეს შვეიცარიის ახალ საწყისებზე გარდაქმნა. მოძრაობამ გრდა ამისა მოიცვა ვალისი, ფრაიბურგი და ბაზელი, სადაც უკვე ძლიერი იყო ძველი კავშირის „ერთიან და განუყოველ (საფრანგეთის ნიმუშის მიხედვით) გელვეტურ რესპუბლიკად“ გარდაქმნის იდეა.

1798 წ. იანვარში ვაადტლანდი, ფრანგული ჯარების დაცვის ქვეშ, გადაიქცა ლემანის რესპუბლიკად, რის შემდეგაც ბერნში შეიქმნა პარტია, რომელიც სთავაზობდა კანტონის კონსტიტუციის შეცვლას თანასწორობის დამყარების აზრით. ციურიხის სამფლობელოებში სასოფლო თემებმა იარაღით ხელში დაიწყეს ქალაქის მაცხოვრებლებთან თანასწორუფლებიანობის მოთხოვნა; ფრაიბურგსა და ზოლოტურნში მოხდენილ იქნა დემოკრატიული გარდაქმნები. მალევე ამის შემდეგ საფრანგეთის გამარჯვებებმა საქმე მიიყვანა გელვეტური რესპუბლიკის დამყარებამდე, ხუთი დირექტორის მმართველობით, რომელთა რიცხვშიც იმყოფებოდა ლაგარპიც. ჰოლანდია, ვენეცია, გენუა და შვეიცარია უკვე უფრო ადრე იყვნენ რესპუბლიკები, მაგრამ ეს იყო შუა საუკუნეების ხანის რესპუბლიკები, პოლიტიკური უფლებებისგან ხალხის მასის ჩამოშორებითა და ერთი მოქალაქეების მეორეებზე სრული ბატონობით; ამ ოთხი რესპუბლიკიდან ორი, დამატებით, იყო ფედერაციული. საფრანგეთს ახლა შეჰქონდა მათში ხალხის მმართველობა, წოდებრიობის გარეშე მოქალაქეობა და მკაცრი სახელმწიფოებრივი ერთიანობა. ძველი რესპუბლიკების გარდაქმნის გარდა საფრანგეთი ვარაუდობდა ახლების დაარსებასაც, იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც მანამდე მართავდნენ მონარქიულად: ლომბარდიაში, პაპის ოლქსა და ნეაპოლის სამეფოში.

ლომბარდიაში ავსტრიული მფლობელობა საძულველი იყო მოსახლეობისთვის; გენერალ ბონაპარტეს მილანში შესვლას (1796 წ. გაზაფხულზე) აღტაცებული შეძახილებით შეხვდა ქალაქის მოსახლეობა. მართალია, მალევე ფრანგების გამომძალველობამ დაიწყო მოსახლეობის გაღიზიანება, რომელიც ადგილ-ადგილ ჯანყდებოდა; მაგრამ მსგავს აფეთქებებს სწრაფად აწყნარებდნენ. ჩრდილოეთ იტალიაში ციზალპინური რესპუბლიკის შექმნის მომზადებისას ფრანგები, შეძლებისდა გვარად, ყველანაირად, უკანა პლანზე ავიწროვებდნენ საზოგადოების კათოლიკურ-ფეოდალურ ელემენტებს, ემყარებოდნენ რა უპირატესად ქალაქების ლიბერალურ მოსახლეობას, რომელიც თანაგრძნობით ეკიდებოდა ახალ იდეებსა და წესებს. ფრანგულ არმიას დიდი წარმატება ჰქონდა პაპის ოლქის იმ ნაწილის მოსახლეობაში (ქალაქებით ფერარათი და ბოლონიით), რომელიც დაიკავა 1796 წ. ზაფხულის დასაწყისში, ხოლო შემდეგ პაპი აიძულა დაეთმო იგი საფრანგეთისთვის. რევოლუციური მოძრაობა გავრცელდა მთელ იტალიაზე. 1797-1798 წ. ზამთარში რომსა და პაპის ოლქის სხვა ქალაქებში დაიწყო რესპუბლიკური ხასიათის ქუჩის დემონსტრაციები. პოლიციამ და ჯარებმა დაიწყეს ამ დემონსტრაციების მონაწილეთა დარბევები. უკანასკნელთაგან ბევრმა თავშესაფარი ჰპოვა საფრანგეთის დესპანის ჟოზეფ ბონაპარტეს სასახლეში; ამის გამო მოხდა შეჯახება, რომლის დროსაც დაიღუპა ერთერთი ფრანგი გენერალი. ამის შედეგად იქცა გენერალ ბერტიეს მიერ რომის დაკავება და პაპის დედაქალაქში მოხდა დემოკრატიული რევოლუცია.

პიემონტი ყოველი მხრიდან გარშემორტყმული აღმოჩნდა დემოკრატიული რესპუბლიკებით; ლიგურიისა და ციზალპინური რესპუბლიკებიდან იქ შეჭრები დაიწყეს რევოლუციურმა ბანდებმა, რომლებსაც შეხვდათ ძლიერი წინააღმდეგობა სოფლების მოსახლეობის მხრიდან, სასულიერო წოდების ხელმძღვანელობით, მაგრამ ამავე დროს ისინი თანაგრძნობას პოულობდნენ ქალაქების მოსახლეობაში. მეფის (კარლ-ემანუილის) ხელისუფლებას, რომელიც საფრანგეთთან კავშირში იმყოფებოდა, ინარჩუნებდნენ მხოლოდ ფრანგული გარნიზონები, რომლებმაც ქვეყანა დაიკავეს ევროპულ კოალიციასთან ახალი ომის გამო. ტოსკანას ქალაქების მოსახლეობაშიც იგივე ხდებოდა, რაც პიემონტში. დაბოლოს, ნეაპოლშიც არცთუ ცოტა უკმყოფილო იყო, მაგრამ ფრანგულ იდეებს აქ იზიარებდა მხოლოდ ინტელიგენცია; ხალხი სიძულვილით ეკიდებოდა „უღვთო“ რევოლუციას, თუმცა კი თავადაც ძალზედ მიდრეკილი იყო ამბოხებისკენ. როდესაც პაპის ოლქში წმინდა ტახტის თავის უფლებებში აღსადგენად გაგზავნილმა ნეაპოლიტანურმა ჯარმა განიცადა დამარცხება, მეფე გაიქცა კ. სიცილიაზე, გადასცა რა ძალაუფლება თავის მოადგილეს. დედაქალაქის საქალაქო თემის არჩევითმა წარმომადგენლებმა მოახდინეს მუნიციპალური გვარდიის ორგანიზება, ლაცარონის მხრიდან მოსალოდნელი ანარქიის მუქარის გათვალისწინებით, და უკვე ფიქრობდნენ ხელისუფლების თავიანთ ხელში აღებას, როდესაც მეფის მოადგილემ საჩქაროდ იყიდა ფრანგებისგან ზავი, დაუთმო რა მათ კაპუა და ნეაპოლის სიმაგრეები და დაეთანხმა რა ფულის დიდი თანხის გადახდას. ამის შესახებ ცნობამ გამოიწვია ქალაქის მდაბიოთა ფენის ამბოხება. ქალაქის საბჭომ მიმართა ფრანგებს თხოვნით დაეკავებინათ დედაქალაქი და მოეხდინათ ახალი მმართველობის ორგანიზება, რაც დაუყოვნებლივ იქნა აღსრულებული ნეაპოლიტანური მოსახლეობის უმდაბლესი კლასების მიერ აღმოჩენილი წინააღმდეგობის მიუხედავად (რომელმაც, თუმცა, მეტად მალევე შეცვალა თავისი დამოკიდებულება ახალი წესრიგისადმი). 1799 წ. იანვარში ნეაპოლის სამეფო გადაქცეულ იქნა პარტენოპეის რესპუბლიკად.

რესპუბლიკური საფრანგეთის წინააღმდეგ მონარქიული კოალიციების დამარცხების მთავარი მიზეზები იყო ურთიერთ უნდობლობანი, დავები და ანგარებიანი მისწრაფებები ამ კოალიციების წევრებს შორის. კოალიცია პირველებმა დატოვეს ტოსკანამ და პრუსიამ. 1795 წ. 5 აპრილს საფრანგეთსა და პრუსიას შორის ბაზელში ხელმოწერილ იქნა სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც პრუსიას ჰპირდებოდნენ ტერიტორიულ ანაზღაურებას რაინის მარჯვენა ნაპირზე და ფრანგულმა მთავრობამ ვალდებულება იკისრა ეცხოვრა მშვიდობით პრუსიასთან კავშირში მყოფ იმპერიის მთავრებთან, საფრანგეთის რესპუბლიკას კი უმტკიცდებოდა რაინის მარცხენა ნაპირი. გერმანელ მთავრებსაც ასევე ემძიმებოდათ ომი, თითოეული ეძიებდა თავის სარგებელს და მზად იყო ჩამოშორებოდა კოალიციას: ჩრდილოეთ გერმანია შევიდა კავშირში პრუსიასთან და შეწყვიტა ბრძოლა რევოლუციის წინააღმდეგ, მაშინ როდესაც სამხრეთ გერმანია აგრძელებდა კავშირში ყოფნას ავსტრიასთან და ფორმალურად გამოირიცხებოდა სამშვიდობო ხელშეკრულებიდან. ამის შედეგად იქცა რაინის მარცხენა ნაპირის იმპერიისგან ჩამოშორება, ხოლო ეს მდინარე აღიარეს „ბუნებრივ საზღვრად საფრანგეთთან“; ასევე თავად იმპერიის ორ ნაწილად დაშლა, რომელთაგან ერთი დგებოდა გამარჯვებული რესპუბლიკის მოკავშირის მდგომარეობაში.

პრუსიის მაგალითს მიჰყნენ ჰანოვერი, ესპანეთი, სარდინია, ვიურთემბერგი, ბადენი, საქსონია, ბავარია, სხვადასხვაგვარი ანაზღაურებებისა და დაპირებების სანაცვლოდ. ამრიგად, ჯვაროსნული ლაშქრობა რევოლუციის წინააღმდეგ იშლებოდა, და 1795 წ. სავსებით ნათელი იყო, რომ მონარქიული პრინციპი, რომლის სახელითაც მიმართეს ომს, საკმაოდ სუსტი კავშირი ყოფილა ძველი ევროპის სხვადასხვანაირი პოლიტიკური ინტერესებისთვის. თუმცა კი გერმანერლ ხალხში იფეთქა სიძულვილმა ფანგებისადმი, გერმანელი ხელმწიფეები საერთოდ ამჯობინებდნენ დათმობებზე წასვლას, იმედოვნებდნენ რა ტერიტორიულ შენაძენებზე სეკულარიზებული საეკლესიო სამფლობელოებიდან და ასეთნაირად ამზადებდნენ შუასაუკუნოებრივი საღვთო რომის იმპერიის ნგრევას. 1797 წ. 18 აპრილს ავსტრიასა და საფრანგეთს შორის დადებულ იქნა ლეობენის პრელიმინარული ხელშეკრულება, ხოლო 18 ოქტომბერს _ ზავიც კამპო ფორმიოში. ავსტრიამ უარი თქვა ბელგიასა და ლომბარდიაზე, მაგრამ სამგიეროდ მიიღო სხვადასხვანაირი ანაზღაურებები, რითაც ემზადებოდა თავის მხრივ ხელის შესაშველებლად საღვთო რომის იმპერიის დანგრევისთვის.

ფრანგული იარაღისა და ფრანგული დიპლომატიის ამ წარმატებების შემდეგ გერმანია გადაიქცა ტერიტორიად, რომელიც განკუთვნილი იყო ანაზღაურების მისაცემად ყველასთვის, ვინც კი დაზარლდა საფრანგეთის რესპუბლიკასთან ბრძოლაში. გერმანელი მთავრები ერთმანეთის მიყოლებით ჩქარობდნენ სიდუმლო სეპარატული ხელშეკრულებების დადებას საფრანგეთთან, გულისხმობდნენ რა შესდგომოდნენ გერმანიის დანაწილებას. XVIII ს. სხვისი უფლებისადმი სარეთო უპატივცემულობამ შექმნა უფრო სუსტი სახელმწიფოების უფრო ძლიერ სახელმწიფოებს შორის დანაწილების პოლიტიკა: საფრანგეთის რევოლუცია დაადგა იმავე გზას, და რევოლუციის წინააღმდეგ შეიარაღებული მონარქიული ევროპა ახლა ხალისით წავიდა მის შესახვედრად (ნაპოლეონის იმპერია ყველაზე უფრო ფართო ზომებით აგრძელებდა იმავე პოლიტიკას: ეს იყო მისი სამხედრო და დიპლომატიური წარმატებების ერთერთი მიზეზთაგანი). რაშტატის კონგრესი, რომელზედაც უნდა მომხდარიყო გერმანიის რუკის გადაკეთება, გაიხსნა 1797 წ. ბოლოს.

გერმანია, საფრანგეთის რევოლუციის წინ, თავისი მოწყობით, წარმოადგენდა ყველაზე უფრო ჩამორჩენილ სახელმწიფოს ევროპაში, რომელიც შუასაუკუნოებრივი პოლიტიკური ყოფიერების დროიდან ინარჩუნებდა იმას, რაც გერმანიის გარეთ იმ დროს უკვე აღარსად არ არსებობდა: საეკლესიო სამთავროებსა და პოლიტიკურ ფეოდალიზმს. პირველებმა გადაიტანეს რეფორმაციული ეპოქის კრიზისი, მისი სეკულარიზაციული მისწრაფებებით, და ეპისკოპოს-მთავრები შენარჩუნებულ იქნენ გერმანიაში რევოლუციურ ქარიშხლამდე. საფრანგეთის რევოლუციისა და მის მიერ გამოწვეული ომების გავლენით, გერმანელი ეპისკოპოსებისა და აბატების სამფლობელოები, XIX საუკუნის დასაწყისში, წავიდა საერო მთავრების ანაზღაურებაზე მათი ტერიტორიული დათმობების სანაცვლოდ _ და რესტავრაციის ეპოქაში სასულიერო სამთავროები გერმნიაში არ აღუდგენიათ. სასულიერო სამთავროების გაქრობის გვერდით შესაძლოა დავაყენოთ საეკლესიო საკუთრების ის სეკულარიზაციაც, რომელსაც ამ ეპოქაში ატარებდნენ საფრანგეთის გავლენის ქვეშ მყოფ ზოგიერთ კათოლიკურ ქვეყანაში. შუასაუკუნოებრივი სიძველის მეორე ნარჩენს გერმნიაში წარმოადგნდა პოლიტიკური ფეოდალიზმი. თავისი დანგრევის წინ საღვთო რომის იმპერია შედგებოდა სამნახევარი ასეული მსხვილი, საშუალო და წვრილი სამფლობელოსგან (სამთავროებისა და თავისუფალი ქალაქებისგან), საიმპერიო რაინდობის ერთნახევარი ათასი მამულების ჩათვლით, რომელიც უშუალო ურთიერთობებში იმყოფებოდა იმპერატორთან.

შუასაუკუნოებრივი იმპერიის დაცემას თან ახლდა მთავართა და თავადთა სახლების უმეტესობის მედიატიზაცია: იმპერიის უშუალო (იმედიატური) ჩინოსნებიდნ ისინი საშუალო (მედიატურ) ჩინოსნებად, ე. ი. ქვეშევრდომებად გადაიქცნენ (საიმპერიო რაინდებთან ერთად, რომლებსაც ასევე არ შეეძლოთ თავიანთი უწინდელი მდგომარეობის შენარჩუნება). ნამდვილი სახით ბატონყმობის მოსპობა გერმანიაში დაიწყო მხოლოდ ფრანგული ბატონობის ეპოქაში. 1789 წ. პრინციპების მომხრეები გამოჩნდნენ პრუსიულ საზოგადოებას შორისაც, რომლებიც მიესალმენ რევოლუციას, როგორც ახალ ერას კაცობრიობის ისტორიაში. ახალი იდეები ბატონობდა მთელი რიგი სამთავრობო პირების გონებაშიც (შენი, ჰარდენბერგი, სტრუენზე, ვილჰელმ ფ.-ჰუმბოლტი და სხვები). პრუსიაში იწყებოდა პროგრესული პარტიის ჩამოყალიბება; ტახტზე ფრიდრიხ-ვილჰელმ III-ის ასვლის დროიდან პრუსიული მონარქია თითქოსდა უარზე არ იყო შესდგომოდა გარდაქმნების გზას, მაგრამ ამას აკეთებდა ძალზედ მორცხვად, გაუბედავად, ნათლად გაცნობიერებული გეგმისა და გამოჩენილი ხელმძღვანელების გარეშე. ადამიანთა მცირე ჯგუფს, რომელსაც ესმოდა, თუმცა კი ზოგჯერ არცთუ ისე ნათლად, რეფორმების აუცილებლობა, არაფრის გაკეთება არ შეეძლო იმ სამთავრობო სისტემის პირობებში, რომელიც გაბატონებული იყო პრუსიაში და კლავდა ინიციატივის სულისკვეთებას, სამოქალაქო გრძნობას, საერთო საქმისადმი ინტერესს. მხოლოდ ნაპოლეონთან ომში პრუსიის დამარცხებამ აიძულა ეს სახელმწიფო გასულიყო რეფორმების გზაზე.

ინგლისში მხოლოდ განათლებულ ადამიანთა მეტად უმნიშვნელო უმცირესობა მოეკიდა თანაგრძნობით საფრანგეთის რევოლუციას. მისდამი იმ სიძულვილში, რომელიც გამოავლინა ინგლისურმა საზოგადოებამ, მოქმედებდა ეროვნული მეტოქეობაც, ფრანგების მისწრაფებაც ჩარეულიყვნენ ინგლისის საშინაო საქმეებში, რევოლუციის მიერ მიღებულმა ანტირელიგიურმა ხასიათმაც, და იმ სისასტიკემაც, რომელიც თან ახლდა რევოლუციას; ხოლო როდესაც ინგლისსა და რესპუბლიკას შორის დაიწყო ომი, მაშინ პარიზელი რევოლუციონერები იქცნენ სიძულვილის საგნად საშიში გარეშე მტრის სახითაც. ამ შერეულმა გრძნობამ პირველივე ხანებში ჰპოვა თავისი გამოხატულება ბიორკის სახელგანთქმულ პამფლეტში „ფიქრები რევოლუციის შესახებ საფრანგეთში“ (Reflexions on the revolution in France), რომელიც გამოქვეყნდა 1790 წ. და მაშინვე უჩვეულოდ პოპულარული გახდა ინგლისურ საზოგადოებაში. თითქმის მთელმა ინგლისურმა საზოგადოებამ საფრანგეთის რევოლუციას ყურება დაუწყო ბიორკის თვალით, რომლის შეხედულებაც დიდი ხნით დამკვიდრდა ინგლისურ მმართველ კლასებში. მიუხედავად ამისა, ინგლისშიც არ იყო რევოლუციის მომხრეთა ნაკლებობა. ისინი იყვნენ ვიგების რიცხვში (ფოქსი, შერიდანი, სტენჰოპი, ლანსდოუნი), თუმცა კი პარტიის უმეტესობა გაჰყვა ბიორკს; მაგრამ განსაკუთრებული თანაგრძნობა რევოლუციამ ჰპოვა მანამდე ცოტა ხნით ადრე ჩასახულ დემოკრატიულ პარტიებში. ზოგიერთი თვალსაჩინო მოღვაწე იცავდა კიდეც საფრანგეთის რევოლუციას ბეჭდურ გამოცემებში (მაკინტოში, პენი, პრისტლი, პრაისი). მთელი პოლიტიკური ასოციაციებიც კი შეიქმნა რეფორმატორული პროგრამებით. უკვე 1789 წ. შემოდგომაზე ლონდონურმა „რევოლუციის საზოგადოებამ“, ლორდ სტენჰოპის თავმჯდომარეობით, მისასალმებელი ადრესი გაუგზავნა პარიზულ დამფუძნებელ კრებას.

უფრო ადრე 1780 წ. ინგლისში წარმოიქმნა დიდი ასოციაცია (Sosiety for promoting Constitutional information), რომელმაც მიზნად დაისახა ხალხში პოლიტიკური განათლების გავრცელება წიგნებისა და ბროშურების გამოცემის მეშვეობით, რომლებშიც გატარებული იყო საყოველთაო კენჭისყრის, ხმების ფარულად მიცემისა და სხვა მსგავსი იდეები. 1791 წ. საპარლამენტო რეფორმის მისაღწევად ლონდონსა და სხვა ქალაქებში შეიქმნა რამდენიმე საზოგადოება, რომელთაგან ყველაზე უფრო ქმედითი იყო ლონდონური Corresponding Sosiety. რამდენიმე თვის შემდეგ (1792) წარმოიქმნა „ხალხის მეგობრების საზოგადოება“, რომელმაც მიზნად დაისახა მიეღწია მშვიდობიანი გზებით საპარლამენტო რეფორმისთვის და ამით წინ აღდგომოდა რევოლუციურ ხრიკებს. როდესაც ამ საზოგადოებებისგან უძველესმა ერთხელ გადაწყვიტა ადრესი გაეგზავნა იაკობინელთა კლუბისთვის პარიზში, მთავრობა შეშფოთდა და გამოსცა „პროკლამაცია“ მავნე და ამბოხების მთესავი თხზულებების გავრცელების ყველა მცდელობის მკაცრად ჩახშობის აუცილებლობის შესახებ. მიუხედავად ამისა სამივე საზოგადოება აგრძელებდა აგიტაციას რეფორმის სასარგებლოდ და 1793 წ. მოაწყო ლონდონში პირველი ორი საჯარო მიტინგი ღია ცის ქვეშ. დედაქალაქის მაგალითს მიბაძეს სხვა ქალაქებმაც. ერთერთ ასეთ შეკრებაზე დაადგინეს კიდეც, რომ ხალხს შეუძლია მოითხოვდეს ხმების საყოველთაო მიცემას, როგორც თავის უფლებას, და რომ არ არის აუცილებლობა იმისა, რომ ამას ითხოვდნენ როგორც რაღაც წყალობას; საფრანგეთის რევოლუციის მაგალითით მოხიბლული ზოგიერთი ორატორი პირდაპირ დაჟინებით მოითხოვდა იმას, რომ მოწვეული ყოფილიყო ეროვნული კონვენტი, რომელიც მოახდენდა სპარლამენტო რეფორმას. მაგრამ ყოველივე ამან მხოლოდ გააძლიერა საერთო რეაქცია.

გაცილებით უფრო ძლიერი იყო საფრანგეთის რევოლუციით გატაცება ირლანდიაში. აქ უკვე უფრო ადრე არსებობდა „შეერთებული ირლანდიელების“ საზოგადოება, რომელიც თავიდან ფიქრობდა მხოლოდ საშინაო რეფორმების შესახებ, მაგრამ 1789 წ. მოვლენების შემდეგ გადავიდა აზრზე ირლანდიის ბრიტანეთისგან ჩამოშორების თაობაზე მასში დამოუკიდებელი რესპუბლიკის წარმოქმნისთვის. 1794-1795 წწ. ქვეყანაში დაიწყო სახალხო ამბოხებები, ხოლო შემდგომ წლებში ირლანდიელი პატრიოტები ფორმალურ მოლაპარაკებებში შევიდნენ საფრანგეთთან საერთო მოქმედებების შესახებ ინგლისელების წინააღმდეგ. მაგრამ ირლანდიური აჯანყება 1798 წ. ჩახშობილ იქნა მისთვის დირექტორიის მიერ აღმოჩენილი დახმარების მიუხედავად.

საფრანგეთის რევოლუციაზე დიდ იმედებს ამყარებდნენ პოლონელებიც. 1788 წ. ვარშავაში შეიკრიბა ცნობილი ოთხწლიანი სეიმი (იხ.), რომელმაც მოახდინა 1791 წ. 3 მაისის რევოლუცია. პოლონეთსა და საფრანგეთს ერთნაირად მოუწიათ საკუთარი თავის დაცვა ახალი წესების გარე და შიდა მტრებისგან, და ამან გააერთიანა ორივე რევოლუცია. უკვე ოთხწლიანი სეიმის ეპოქაში ფრანგების მაგალითი ძლიერად ახალისებდა პოლონელებსაც, მაგრამ განსაკუთრებით ძლიერი გავლენა საფრანგეთის რევოლუციამ მოახდინა კოსტიუშკოს აჯანყებაზე; ვარშავაში თავიანთი იაკობინელებიც კი გამოჩნდნენ. პოლონეთის მესამე გაყოფის შემდეგ მისი დამოუკიდებლობის ბევრი დამცველი ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში, სადაც შევიდა მის რევოლუციურ არმიაში.

V. საფრანგეთის რევოლუციის ისტორიოგრაფია და ნარკვევი მასზე მთავარი მსჯელობების შესახებ

აქამდე არ არსებობს საფრანგეთის რევოლუციის გარჩევის რამდენადმე საფუძვლიანი მიმოხილვა. ჟანეს თავისებურად ერთადერთი წიგნი მოძველდა და მასზე დამატებად შესაძლებელია გამოდგეს ზოგიერთი სხვა მწერლის მხოლოდ ზოგიერთი ისტორიოგრაფიული ნარკვევი. ამასობაში ლიტერატურა საფრანგეთის რევოლუციაში გვაოცებს თავისი უზარმაზარობით. ამ მოვლენამ უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა თანამედროვეებზე, რომელთაგან ბევრმა (იხ. ქვემოთ) დაგვიტოვა მის შესახებ მთელი რიგი მემუარებისა, რომლებსაც დიდ ხანს იყენებდნენ მთავარ წყაროებად საფრანგეთის რევოლუციით დაკავებული ისტორიკოსები. არც თუ იშვიათად თანამედროვენი მიმართავდნენ ამ მოვლენის ნამდვილი ისტორიის შედგენის მცდელობებსაც, რომლებიც ამჟამად, მცირე გამონაკლისების გარდა, დავიწყებულია. რევოლუციის შესახებ მსჯელობების ისტორიისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ თხზულებებს, რომლებიც სპეციალურადაა მიძღვნილი მისი შეფასებისადმი. მათ შორის პირველი ადგილი ეკუთვნის ინგლისელ პოლიტიკურ მოღვაწეს ე. ბიორკს, რომლის „ფიქრებმაც“ (იხ. ზემოთ) დიდი ხნით განსაზღვრა ინგლისური საზოგადოების დამოკიდებულება საფრანგეთის რევოლუციისადმი.

პოლიტიკური თავისუფლების მომხრე, 1688 წ. რევოლუციის თაყვანისმცემელი და ჩრდილო-ამერიკელი კოლონისტების დამცველი მათ დავაში მეტროპოლიასთან, ბიორკი 1789 და შემდგომი წლების მოვლენებს მიუდგა უკიდურესად არმოწონებით, შეურია რა ბევრ სწორ შენიშვნას მასა შეხედულებებისა, რომლებიც ნაკარნახევი იყო მტრობითა და ცრურწმენებით. მისი მთავარი აზრი ის არის, რომ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი წესების შეცვლა (გამოსწორება) საჭიროა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში და დადგენილი წესრიგიდან შეძლებისდა გვარად უმცირესი გადახრით. განსაკუთრებით ავსებდა ბიორკს შიშითა და აღშფოთებით ფიქრი საგანთა ახალი წესრიგის ხელოვნურად შექმნის (fabrication) შესახებ. მისმა წიგნმა თავის დროზე გამოიწვია მთელი პოლემიკა, რომელშიც განსაკუთრებით თვალსაჩინო ადგილი დაიკავა შოტლანდიელმა მაკინტოშმა, რომელიც დადგა ბუნებრივი სამართლის სახელით საფრანგეთში მომხდარი გადატრიალების მხარეს.

საფრანგეთში უკვე XVIII ს. ბოლოს წარმოიქმნა მთელი რეაქციული სკოლა მწერლებისა, რომლებმაც, შეშინებული იყვნენ რა ტერორით, თავიანთ ამოცანად დაისახეს 1789 წ. პრინციპების დისკრედიტირება. მათ შორის თვალსაჩინო ადგილი ეკუთვნის ჟ. დე მესტრს, რომელიც აღიარებდა რა რევოლუციის „სატანისტურ“ ხასიათს, ამავე დროს ხედავდა მასში ღვთის სასჯელსაც ცოდვებისა და თავისუფლად მოაზროვნეობისთვის. დაახლოებით იმავე დროს გამოსცა თავისი პირველი ლიტერატურული ნაწარმოები შატობრიანმაც, რომელიც XVIII ს. ფილოსოფოსებს ბრალს სდებდა იმისთვის, რომ მათ წაართვეს ხალხს ღვთისმოსაობა, რომლის გარეშეც არ შეიძლება იყოს კარგი და კეთილი წესრიგი. თავდასხმები „ფილოსოფიაზე“ იქცა XVIII ს. ბოლოსა და XIX ს. რევოლუციის წინააღმდეგ მიმართული ყველა თხზულების საერთო ადგილად. ამან მაშინვე მისცა საბაბი ზოგიერთ მწერალს გამოსულიყვნენ XVIII ს. ფილოსოფიის დასაცავად მსგავსი ბრალდებების წინააღმდეგ. ასეთია, მაგალითად, გაგში რუსეთის დესპანის თავად დ. ა. გოლიცინის ფრანგული თხზულება (IX, 52), რომელშიც გამართლებულია ფიზიოკრატები. შესანიშნავია ასევე გერმანელი ფილოსოფოსის ფიხტეს „მსჯელობების შესწორება საფრანგეთის რევოლუციის შესახებ“, რომელიც ამტკიცებდა ფრანგული გადატრიალების მართლზომიერებას თავისუფალი სახელმწიფოს კანტისეული იდეის საფუძველზე. რევოლუციის გამართლების სულისკვეთებით დაწერილ იქნა მოგვიანებით (1818) ნეკერის ქალიშვილის ქ-ნ სტალის თხზულებაც.

საფრანგეთის რევოლუციის ისტორიის ნამდვილი შემუშავება შესაძლებელი გახდა მხოლოდ მაშინ, როდესაც 1789-1799 წწ. მოვლენები საკმარისად გადავიდა წარსულის სფეროში და მათზე წერა დაიწყეს იმ ადამიანებმა, რომლებიც არ იყვნენ ამ მოვლენების თანამედროვენი. პიერველი ასეთი ისტორიული თხზულებები გამოჩნდა რესტავრაციის ეპოქაში, როდესაც ლიბერალური ბურჟუაზია ბრძოლას აწარმოებდა კლერიკალურ-არისტოკრატიულ რეაქციასთან და პოლიტიკური თავისუფლების დამცველთა გარემოდან გამოვიდა რამდენიმე ისტორიკოსი, რომლებიც განსაკუთრებული ინტერესით იყვნენ დაკავებული მესამე წოდების, წარმომადგენლობითი დაწესებულებებისა და ინგლისის, როგორც მათი მთავარი წარმომადგენლის, წარსულით (გიზო, ოგ. ტიერი, არმან კარელი და სხვები). ტიერისა და მისი მეგობრის მინიეს მიერ საფრანგეთის რევოლუციის შესახებ დაწერელი ორივე ნაწარმოები გამოქვეყნდა XIX ს. ოციან წლებში (1823-1827 და 1824), ერომელთაგან ერთი უფრო ვრცელია, მეორე კი _ შედარებით მოკლე. ორივე მათგანი დაწერილია საფრანგეთის რევოლუციის აპოლოგიის ხასიათით მაშინდელი ბურჟუაზიის ლიბერალური თვალსაზრისით. მხოლოდ ტიერის თხზულებაში გამოსჭვივის თავისებური თვალსაზრისი წარმატებისადმი თაყვანისცემისა: გამარჯვებულები მასთან ყოველთვის მართლები არიან, დამარცხებულები კი ყოველთვის აღმოჩნდებიან მცდარად მოქმედნი. ამიტომ ტიერი ამართლებს 18 ბრიუმერის გადატრიალებასც, რომელშიც იგი ხედავს რევოლუციის შენაძენების კონსოლიდაციის პარიოდის დასაწყისს. მოგვიანებით მან დაწერა „საკონსულოსა და იმპერიის ისტორია“ (1845-1862), რომელშიც მიჰყვება იმავე ოპორტუნისტულ შეხედულებას. ორივე წიგნს აქამდე ხელახლა გამოსცემენ საფრანგეთში. 1830 წ. რევოლუციამ მოიტანა ტიერისა და მინიეს იდეების ზეიმი, მაგრამ ბურჟუაზიის ბატონობის პერიოდში საფრანგეთში წარმოიშვა დემოკრატიული ოპოზიცია, პოლიტიკური და სოციალური პროგრამებით, და საფრანგეთის რევოლუციის ისტორიოგრაფია გამდიდრდა ახალი შრომებით ამ ოპოზიციის სულისკვეთებით.

1834-1838 წწ. ცნობილმა სოციალისტმა ბიუშემ რუსთან თანამშრომლობით გამოსცა მასალების 40 ტომი სათაურით „საფრანგეთის რევოლუციის საპარლამენტო ისტორია“; ისინი დიდხანს წარმოადგენდა დოკუმენტური წყაროების მთავარ კრებულს რევოლუციის ისტორიაში, სანამ მათ ნაცვლად არ გამოჩნდა „Archives parlamentaires“ (იხ. ქვემოთ). თავისი კოლექციის ზოგიერთ ტომს ბიუშემ წარუმძღვარა წინასიტყვაობანი, განავითარა რა მათში თავისებური შეხედულება რევოლუციის ისტორიის შესახებ. სოციალისტ და იმავე დროს მგზნებარე, თუმცა კი არა ორთოდოქსალურ კათოლიკ, ბუშეს 1789 წ. პრინციპები გამოჰყავდა სახარების მცნებებიდან და ხედავდა რევოლუციაში თანასწორობისა და ძმობის ქრისტიანული პრინციპების განხორციელებისკენ მისწრაფებას. მისი წარმოადგენით რევოლუციის დროს მიმდინარეობდა ბრძოლა ინდივიდუალიზმსა, რომელიც მას გამოჰყავდა ეგოიზმიდან, და ძმობას შორის, რომელიც გამომდინარეობს რელიგიური გრძნობიდან: ერთ მხარეზე იდგა ბურჟუაზია, მეორეზე _ ხალხი; პირველის მხარეს იყვნენ _ ჟირონდისტები, მეორის მხარეს _ იაკობინელები. ამ დროიდან საფრანგეთში განახლდა იაკობინური ტრადიცია, რომელმაც დიდი როლი ითამაშა 1848 წ. მოვლენებში. იაკობინელებს, რომლებიც არსებითად იყვნენ მხოლოდ პოლიტიკური რადიკალები, ახლა მიაწერდნენ ოცდაათიანი და ორმოციანი წლების სოციალისტურ მისწრაფებებს.

საფრანგეთის რევოლუციის ისტორიის ბიუშესეულმა ფილოსოფიამ გავლენა იქონია ლუი ბლანზე, რომელმაც 1847-1862 წწ. დაწერა საფრანგეთის რევოლუციის მრავალტომიანი ისტორია. მასში გატარებულია ის აზრი, რომ მსოფლიოსა და ისტორიაში ბატონობს სამი დიდი პრიბციპი: ავტორიტეტი, ინდივიდუალიზმი და ძმობა. პირველი მათგანი განხორციელებულია ძველი წესრიგის დაწესებულებებში, მეორეს აქვს მხოლოდ უარყოფითი მნიშვნელობა, მომავალი ეკუთვნის მესამეს. რევოლუციაში ლუი ბლანი განასხვავებდა ორ მიმდინარეობას, რომლებიც მასთანაც წარმოდგენილი იყვნენ ჟირონდისტებითა და იაკობინელებით, ბურჟუაზიითა და ხალხით; იაკობინელებიც მასთან დახატულია არა ავტორიტეტის პრინციპის მომხრეებად, როგორებიც ისინი იყვნენ სინამდვილეში, არამედ ძმობის პრინციპის მომხრეებად, სოციალური რესპუბლიკის აზრით; ხალხი მას წარმოუდგება მისი თანამედროვე პროლეტარიატის სახით. უფრო გვიანდელი კრიტიკა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ 1789 წ. საფრანგეთში არ არსებობდა პროლეტარიატი თანამედროვე ხასიათით, და რომ იაკობინელებიც წვრილი ბურჟუაზიის ისეთივე იდეოლოგები იყვნენ, როგორებიც ჟირონდისტები. განსხვავება იყო არა იმაში, რაშიც ხედავდა ლუი ბლანი, არამედ წმინდად პოლიტიკური საკითხების სხვადასხვანაირ გაგებასა და პრაქტიკული პოლიტიკის სხვადასხვანაირ მეთოდებში. არა მხოლოდ ტიერისა და მინიეს შემდეგ, არამედ ბიუშეს შემდეგაც ლუი ბლანმა შეაგროვა ბევრი ახალი მასალა, რაშიც მას დაეხმარა ლონდონში ყოფნა საფრანგეთიდან განდევნის დროს.

ლუი ბლანთან ერთდროულად ლამარტინმა გამოუშვა „ჟირონდისტების ისტორია“ _ უფრო ამ პარტიის ელეგიური აპოლოგია, ვიდრე სერიოზული სამეცნიერო შრომა. განუზომელად უფრო მეტი მნიშვნელობა გააჩნია მიშლეს „საფრანგეთის რევოლუციის ისტორიას“, რომელიც გამოქვეყნდა 1846-1853 წწ. ეს ფრანგი „ხალხოსანი“, გლეხებისა და მუშების მეგობარი, იყო სოციალიზმის მოწინააღმდეგე, მაგრამ მისი წიგნიც დაწერილია 1830-1848 წწ. ბურჟუაზიული რეჟიმისადმი ოპოზიციის თვალსაზრისით. ბიუშესა და ლუი ბლანის საპირისპიროდ, მას არ უნდოდა ეღიარებინა კლასობრივი წინააღმდეგობანი 1789 წ. მესამე წოდებაში და ერი წარმოდგენილი ჰყავდა როგორიღაც ერთგვაროვანი მასის სახით, რომელსაც ჰქონდა მხოლოდ საერთო ინტერესები პრივილეგირებულებთან ბრძოლაში. კერძოდ იგი წინააღმდეგი იყო რევოლუციის გაიგივებისა კათოლიციზმთან (როგორც ეს ბიუშესთანაა), რომელიც მასთან, როგორც კლერიკალების მოწინააღმდეგესთან, წარმოადგენს, პირიქით, რევოლუციის სულ საპირისპიროს. იგი ერთნაირად მოეკიდა ჟირონდისტებსაც და იაკობინელებსაც, როგორც პარტიებს, რომლებიც იდგნენ ხალხის სათავეში განათლებული ადამიანების (lettres) სახით. რევოლუციის ნამდვილი გმირია _ სიყვარულის უხვად მქონე, დიდსულოვანი, სამართლიანი ხალხი, რომელმაც შექმნა ყოველივე ჭეშმარიტად დიადი. ცალკეული პირები სხვადასხვა პარტიებიდან _ მხოლოდ „პატივმოყვარე მარიონეტები“ იყვნენ, რომლებიც ფიქრობდნენ ეხელმძღვანელათ მოძრაობისთვის და, უმორჩილებდნენ რა მას თავიანთ ცრუ თეორიებს, მიმართავდნენ მას არა საჭირო მხარეს. მხოლოდ ისინი არიან პასუხისმგებელნი რევოლუციის საშინელებების გამო.

განსაკუთრებით ჯანყდებოდა მიშლე იაკობინური თეორიისა და პრაქტიკის წინააღმდეგ. იდეალიზებული ხალხი წარმოადგენდა მიშლესთან რევოლუციის საუკეთესო მსაჯულსაც: „მას უყვარს მირაბო მთელი მისი მანკიერებების მიუხედავად, და გმობს რობესპიერს, მთელი მისი სათნოებების მიუხედავად“. ბიუშეს, ლუი ბლანის, ლამარტინისა და მიშლეს თხზულებები, რომლებიც ერთნაირად ახდენდნენ საფრანგეთის რევოლუციის სხვადასხვა მხარის იდეალიზებას, საერთოდ იდგნენ მჭიდრო კავშირში მთელ იმ დემოკრატიულ ლიტერატურასთან, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა 1848 წ. მოვლენების მომზადებაში. მეორე რესპუბლიკის ხანმოკლე პერიოდს მოჰყვა მეორე იმპერია _ და ბევრს ბუნებრივად გაუჩნდა კითხვა, თუ რატომ მოხდა, რომ ფრანგები, რომლებმაც ამდენი მსხვერპლი გაიღეს თავისუფლების მიღწევის გულისთვის, კვლავ აღმოჩნდნენ სრულიად აბსოლუტური რეჟიმის ქვეშ. ამის შესახებ დაწერა მიშლეს მეგობარმა, ე. კინემ, თავისი „Revolution“ (1866), რომელშიც ახსნა აღნიშნული მოვლენა ფრანგების პატივისცემის უკმარისობით ინდივიდუალური თავისუფლებისადმი, რაც თავის მხრივ შეადგენდა ძველი წესრიგის ერთერთ მემკვიდრეობათაგანს.

ყველაზე უფრო მნიშვნელოვან შრომას საფრანგეთის რევოლუციის ისტორიის შესწავლის სფეროში ნაპოლეონ III-ის ეპოქაში წარმოადგენს ტოკვილის „ძველი წესრიგი და რევოლუცია“, რომლის გამოჩენითაც 1856 წ. იწყება ახალი პერიოდი რევოლუციის ისტორიის სამეცნიერო შემუშავებაში. ტოკვილის თხზულება ჩაფიქრებული იყო სამ ტომად, მაგრამ სიკვდილმა შეწყვიტა ავტორის მუშაობა მეორე ტომის დასრულებამდე. ტოკვილმა აღადგინა მკითხველის თვალწინ საფრანგეთის მთელი ძველი წესრიგი, რისთვისაც იგი ბევრს იქექებოდა არქივებში და იქიდან ამოიღო რევოლუციამდელი საფრანგეთის დავიწყებული ნიშნების მასა. ახალი წესრიგის ძველთან შეპირისპირებით მან გვიჩვენა, თუ ერის მიერ თავის წარსულთან კავშირის ხილულად გაწყვეტის პირობებშიც ათასობით ძაფი აერთიანებს რევოლუციის შემდგომ საფრანგეთს ძველთან, რომელიც, როგორც მანამდე ფიქრობდნენ, უკანმოუბრუნებლად იყო დამარხული 1789 წ. პასუხობს რა კითხვაზე, რომელსაც მის შემდეგ წყვეტდა კინეც, ტოკვილი განასხვავებს 1789 წ. მისწრაფებას თავისუფლებისკენ და მისწრაფებას თანასწორობისკენ და მიუთითებს იმაზე, რომ ძველი წესრიგი უკვე თავად ამზადებდა საზოგადოებას თანასწორობისთვის, ხელს უშლიდა რა მას აღზრდილიყო თავისუფლების სულისკვეთებით. ტოკვილის თვალში რევოლუცია არ იყო მაგრად გაწყვეტა წარსულთან, არამედ ჰქონდა მასში ღრმა ფესვები. იშვიათ თხზულებას თუ ჰქონია ისთი გავლენა ისტორიული შეხედულებების განვითარებაზე მოცემულ ეპოქასთან მიმართებით, როგორც ტოკვილის პატარა წიგნს; შემდგომ ისტორიკოსებს მოუხდათ მხოლოდ განევითარებინათ, შეევსოთ და დაესაბუთებინათ ტოკვილის მიერ გამოთქმული მსჯელობები და ყოველ შემთხვევაში ანგარიში გაეწიათ მისთვის მის დასკვნებთან უთანხმოების შემთხვევაში.

ტოკვილის შემდეგ ფრანგულმა ისტორიოგრაფიამ გაძლიერებით დაიწყო ახალი მასალის ძიება დედაქალაქისა და პროვინციულ არქივებში, ცდილობდა რა ამასთან ერთად მიჰყოლოდა ტოკვილის მეთოდს, თუმცა ეს ყოველთვის ვერც ხერხდებოდა კიდეც. მის შრომაში არ არის არაფერი მსგავსი არც რევოლუციის ოპორტუნისტული გამართლების და არც კიდევ მისი იდეალიზებისა; მისი მშვიდი, ობიექტური კრიტიკა მკვეთრ საზღვარს დებს მასსა და იმ მწერლებს შორის, რომლებსაც თავიანთ მსჯელობებში რევოლუციის შესახებ შეჰქონდათ უფრო მეტი პოლიტიკური ვნებები, ვიდრე სამეცნიერო გაგება. ტოკვილისა და კინეს თხზულებები არ იყო ისტორიები მოვლენების შესახებ თხრობის აზრით: ეს უფრო მეტად ისტორიულ-ფილოსოფიური მსჯელობებია რევოლუციის მიზეზების, ხასიათის, საერთო მსვლელობის, მისგან გამომდინარე პროცესებისა და შედეგების შესახებ. შრომების იმავე კატეგორიას მიეკუთვნება შასენის წიგნი „Le genie de la revolution“ (1865). უკვე ტოკვილმა მიუთითა 1789 წ. დავალებების (დარიგებების) დიდ მნიშვნელობაზე საფრანგეთის რევოლუციის შესწავლისას _ და შასენმა მიმართა ამ მდიდარი მასალის გამოყენების პირველ მცდელობას. მაგრამ მას არ ეყო ობიექტივიზმი, რათა დაეხატა 1789 წ. საფრანგეთის ნამდვილი სურათი: მას იმდენად რევოლუციის ახსნა კი არ უნდოდა, რამდენადაც მისი გამართლება მისი შესაბამისობის მითითებებით „დესპოტიზმის ბორკილებისგან თავდაღწეული განათლებული ხალხის“ სურვილებთან.

საერთოდ ტოკვილის შემდეგ დაიწყო ძველი წესრიგის ისტორიის უფრო ქმედითი შემუშავება ბაბოს, ბუატოს, გულიეს, გომელეს, როკენის, შტურმის, ვალონისა და სხვათა ნაშრომებში. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა რეფორმების წარუმატებელ მცდელობას ლუდოვიკო XVI-ის დროს (ლიუსეს, სემიშონის, ლავერნიესა და სხვათა თხზულებებში). გაძლიერდა ასევე მუშაობა რევოლუციის ცალკეულ საკითხებსა და ეპიზოდებზე. მეორე იმპერიის სულ დასასრულში საფრანგეთში მოახდინეს რევოლუციის ისტორიისთვის მასალების უზარმაზარი გამოცემა საერთო სათაურით „საპარლამენტო არქივები“, რომელიც ასევე სულაც არ აღმოჩნდა დასმული ამოცანის მნიშვნელობებისადმი შესაბამისი, თუმცა კი მაშინვე შეცვალა ბიუშესა და რუს მიერ გამოცემული დოკუმენტების ნაკლებად უხვი კრებული, რომლებიც ამასთანავე მასალებს არჩევდნენ ტენდენციურად იაკობინელთა უფრო მეტად განდიდების მიზნით. „Archives parlamentaires“-ში პირველად გამოჩნდა დიდი რაოდენობით დარიგებები (დავალებები).

მესამე რესპუბლიკის ეპოქაში საფრანგეთის რევოლუციისადმი მიძღვნილი ზოგადი თხზულებების რიცხვი გაიზარდა; ყოველმა მათგანმა რაიმე ახალი შემოიტანა ჩვენს ცოდნაში ამ ეპოქის შესახებ. 1876 წ. გამოქვეყნდა ტენის „თანამედროვე საფრანგეთის წარმოშობა“, რომელიც თავის თავში შეიცავს ძველი რეჟიმის ბრწყინვალე სურათს; მას კვალდაკვალ მოჰყვა რევოლუციის ისტორიის სამი ტომი და, ავტორის სიკვდილის გამო, დაუსრულებელი შრომა „ახალი წესრიგის“ შესახებ. ტენი თავის სამუშაოს შეუდგა სერიოზული ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური და ლიტერატურული მომზადებით, მაგრამ ძალზედ ზედაპირული ცოდნით პოლიტიკის, იურისპრუდენციისა და ეკონომიკის სფეროებში, რაც აისახა კიდეც რევოლუციის მიმართ მის ზოგად დამოკიდებულებაზე: ეს არის _ ეპოქის ბრწყინვალე ფსიქოლოგია, მაგრამ ძალზედ მცირე სიღრმით მისი სოციოლიგია. რევოლუციის თავად გამოხატვაშიც ტენმა ვერ შეძლო დარჩენილიყო სამეცნიერო ობიექტივიზმის სიმაღლეზე. პირველი ტომის წინასიტყვაობაში მან განაცხადა, რომ საფრანგეთის გარდაქმნებს განიხილავს ისე, როგორც ნატურალისტი განიხილავს მწერის მეტამორფოზას _ საქმით კი ეს არის უწყვეტი საბრალდებო აქტი რევოლუციისა და მისი მოღვაწეების წინააღმდეგ, რომელშიც ზოგჯერ მომქანცველი ერთსახოვნებით, რომელიც შელამაზებულია მხოლოდ სტილის მშვენიერებით, შერჩეულია ისეთი ფაქტები, რომლებიც მეტყველებს რევოლუციის წინააღმდეგ. მისი დადებითი მხარე თითქოსდა იფანტება ტენის თვალსაწიერიდან. მიუხედავად ამისა, ახალი ფაქტების, შეპირისპირებების, შენიშვნების, დახასიათებების მასა, რომლებსაც მკითხველი პოულობს წიგნში, რჩება, როგორც ისტორიული მეცნიერების მნიშვნელოვანი შენაძენი. როდესაც ვკითხულობთ ტენს, არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ ავტორმა თავისი შრომა დაიწყო პესიმისტური განწყობილების გავლენით, რომელიც გამოწვეული იყო 1870 წ. კატასტროფით, 1871 წ. სამოქალაქო ომითა და მესამე რესპუბლიკის პირველ წლებში მდგომარეობის განუსაზღვრელობით.

ტენის კრიტიკოსების უმეტესობა მის ნაშრომს მოეკიდა როგორც თავისებურ ისტორიულ პამფლეტს; მაგრამ იქ, სადაც ტენი დგას სამეცნიერო ნიადაგზე, იგი მხოლოდ აგრძელებს ტოკვილს. ტენის სრულიად საწინააღმდეგოს რევოლუციასთან მიმართებით წარმოადგენს შერე, ავტორი დაუსრულებლად დარჩენილი ნაშრომისა „ძველი წესრიგის დაცემა“ (1884 და შემდგ.) ეს იყო კონსერვატიული ბანაკის ერთერთი მეორეხარისხოვანი პოლიტიკურ მოღვაწეთაგანი, რომელიც დაკავებული იყო თავისი პროვინციის ადგილობრივი ისტორიით და მხოლოდ სიბერეში მიმართა ისეთ ვრცელ თემას, როგორიცაა საფრანგეთის რევოლუცია. მისი თავდაპირველი განზრახვა იყო დაემტკიცებინა, რომ რევოლუცია საჭირო არ იყო, რომ საფრანგეთს შეეძლო მშვიდობიანი გზით გადასულიყო არსებობის ახალ ფაზაში; მაგრამ როდესაც მან დაიწყო წყაროებთან გაცნობა, მისი თვალსაზრისი შეიცვალა, და იგი არა მხოლოდ მივიდა დასკვნამდე, რომ თეზისის დაცვა ძველი წესრიგის თანდათანობით გაუმჯობესების შესახებ _ უიმედო საქმეა, არამედ პირდაპირ მიუთითა იმაზე, თუ როგორ გახდა რევოლუცია გარდაუვალი და როგორ დაიწყეს თავად პრივილეგირებულებმა ამბოხება ხელისუფლების წინააღმდეგ. შერეს ნაშრომთან ერთად თითქმის ერთდროულად გამოჩნდა სორელის თხზულების „ევროპა და საფრანგეთის რევოლუცია“ პირველი ტომები (1885 წ.; სულ გამოვიდა ოთხი ტომი). სორელმა მიზნად დაისახა გამოეყენებინა ტოკვილის თვალსაზრისი მთელ ევროპასთან მიმართებით, უჩვენებდა რა, რომ „საფრანგეთის რევოლუცია, რომელიც ერთ ნაწილს წარმოუდგება როგორც ძველი ევროპული სამყაროს დამხობა, ხოლო მეორეს _ მისი აღორძინება, სხვა არაფერია, თუ არა ევროპის ისტორიის ბუნებრივი და აუცილებელი გაგრძელება (suite)“; „რევოლუციას არ ჰქონია არც ერთი შედეგი, თვით ყველაზე უჩვეულოც კი, რომელიც არ იყო გამომდინარე ამ ისტორიიდან, და არ აიხსნებოდა ძველი წესრიგის პრეცედენტებით“. ამ თავის წიგნში სორელი შეიმუშავებს, მაგრამ უფრო წარმატებით, გერმანელი ისტორიკოსის ზიბელის (იხ. ქვემოთ) თემას: იგი განიხილავს საფრანგეთის რევოლუციას საერთოევროპული თვალთა ხედვით, ე. ი. მისი დამოკიდებულებით სხვა სახელმწიფოებთან. ეს არის _ საფრანგეთის რევოლუციის მოქმედების ისტორია არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც, რევოლუციური საფრანგეთისა და ევროპის ურთიერთ დამოკიდებულების ისტორია. სორელს დამსახურებად უნდა ჩავუთვალოთ ხედვის სიფართოვე, ანალიზის სიღრმე და მეცნიერული მიუკერძოებლობა.

საერთოდ უკანასკნელი 20-25 წლის მანძილზე საფრანგეთის რევოლუციის ისტორიოგრაფიაში სულ უფრო და უფრო მეტად აღწევს სამეცნიერო სულისკვეთება. რევოლუციის მიუკერძოებლად შესწავლის მიზნით ამჟამად საფრანგეთში არსებობს საგანგებო სამეცნიერო საზოგადოება (Societe de l’histoire de la rev. fr. 1888 წ.-დან) და სპეციალური ჟურნალი („La Rev. fr., revue historique“), რომელთა სიახლოვეშიც დაჯგუფდა ბევრი სერიოზული მეცნიერი. საზოგადოებამ უკვე გამოიჩინა თავი დოკუმენტური გამოცემების მასით, მეტოქეობს რა ამ მიმართებით სხვა დაწესებულებებთან, რომლებიც 1889 წ. საფრანგეთის რეფოლუციის ასწლიან იუბილესთან დაკავშირებით, შეუდგნენ საარქივო დოკუმენტების ბეჭდვას; ჟურნალმა გამოაქვეყნა მსხვილი და წვრილი დეტალური შრომების უზარმაზარი რაოდენობა, საერთო მიმართულება საზოგადოებისაც და ჟურნალისაც _ სავსებით სამეცნიეროა. ერთერთ ყველაზე უფრო ქმედით მუშაკს ამ სარბიელზე წარმოადგენს ოლარი (XXI, 854), ამჟამად საზოგადოების ერთერთი ვიცეპრეზიდენტთაგანი, საფრანგეთის რევოლუციის ჟურნალის რედაქტორი, დოკუმენტების მრავალრიცხოვანი გამოცემების რედაქტორი (სხვა გამომცემლებია _ ბრეტი, შარავე და ა. შ.) და საფრანგეთის რევოლუციის ისტორიის კათედრის პროფესორი, რომელიც საგანგებოდ ამ საგნისთვის დააარსა სორბონაში პარიზის მუნიციპლურმა საბჭომ და რომელიც ასევე გამოსცემს საარქივო დოკუმენტებს. ოლარსავე ეკუთვნის ერთერთი უკანასკნელ მსხვილ ნაშრომთაგანი: „საფრანგეთის რევოლუციის პოლიტიკური ისტორია“ (1901), რომელიც დაწერილია დოკუმენტური მასალების საფუძველზე, აშკარა უნდობლობით მემუარების მიმართ, რომლებითაც განსაკუთრებით ხალისით სარგებლობდნენ მთელი ისტორიკოსები, რომლებიც დაკავებული იყვნენ საკუთრივ რევოლუციის მოვლენების აღდგენით. ოლარი შეუდგა საერთო მუშაობას მას შემდეგ, რაც წაიკითხა სორბონაში რიგი კურსებისა და გამოქვეყნა დიდი რაოდენობით კერძო გამოკვლევები. თავის წიგნში მან მიზნად დაისახა გვიჩვენოს, თუ როგორ იყენებდნენ პრაქტიკაში 1789-დან 1804 წ.-მდე პერიოდში უფლებათა დეკლარაციის პრინციპებს, ე. ი. პოლიტიკური თანასწორობისა და ხალხის უმაღლესი ხელისუფლების პრინციპებს; ამიტომ იგი მოგვითხრობს არსებითად მხოლოდ დემოკრატიისა და რესპუბლიკის წარმოშობის ისტორიას, და ჩერდება მხოლოდ და განსაკუთრებით იმ ფაქტებზე, რომლებმაც აშკარა და პირდაპირი გავლენა იქონიეს საფრანგეთის პოლიტიკურ ცხოვრებაზე (დაწესებულებებზე, სამთავრობო სისტემებზე, პარტიებზე და ა. შ.), განზე იტოვებს რა ეპოქის სამხედრო, დიპლომატიურ და საფინანსო ისტორიას. წიგნში არის მასა ახალი შეხედულებებისა და უფრო ნაკლებად შესწორებანი ძველ შეხედულებებში, რომლებიც ტრადიციულად გადადიოდა ერთი ავტორიდან მეორესთან.

ყველაზე უკანასკნელ ზოგად ნაშრომს საფრანგეთის რევოლუციაზე ჯერჯერობით წარმოადგენს ჟორესის „დამფუძნებელი კრება“ (1902), რომელიც ხსნის დიდ კოლექციას „Histoire Sicialiste“. ავტორი მიზნად ისახავს გააცნოს ხალხს, მუშებსა და გლეხებს რევოლუციის პირველი პერიოდი, რომელშიც ჟორესი ხედავს თანამედროვე სოციალური მოძრაობის საწყის მომზადებას. წიგნი ძალზედ ვრცელია (756 გვ.), რათა ემსახურებოდეს მხოლოდ პოლიტიკური პროპაგანდის მიზნებს, და ამიტომ მის მიმართ სავსებით შეგვიძლია გამოვიყენოთ ის საზომი, რომელსაც ჩვეულებრივ წავუყენებთ ხოლმე სერიოზულ სამეცნიერო შრომებს. ჟორესის თვალსაზრისი _ სოციალისტურია, რამდენადმე მარქსისტული; მაგრამ, აღიარებს რა ძირითადად ეკონომიკურ მატერიალიზმს, ავტორი ამბობს, რომ ეკონომიკური ძალები მოქმედებს ვნებებისა და იდეების მქონე ადამიანებზე, და ამიტომ „ადამიანთა ცხოვრება არ შეიძლება უხეშად, მექანიკურად იყოს შეყვანილი რომელიღაც ეკონომიკურ ფორმულაში“. პირველ პლანზე წამოწეულია რევოლუციის ეკონომიკური მხარე, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმ დროის ფსიქოლოგიის, კულტურისა და პოლიტიკის გამოსახვას. გამოსახავს რა „ბურჟუაზიულ“ რევოლუციას, რომელსაც უნდა დაენგრია ფეოდალური წყობილება, ჟორესი ყველგან ატარებს იმ აზრს, რომ ბურჟუაზია იმ დროს გამოხატავდა მთელი ერის ინტერესებს, ე. ი. გლეხებისაც და მუშებისაც. მასალა, რომლის საფუძველზეც მუშაობდა ჟორესი, მეტად ვრცელი იყო (სხვათა შორის საარქივოც), მაგრამ წყაროებზე მითითება წიგნში არ არის. საფრანგეთის რევოლუციის სოციალიზმთან მიმართების შესახებ საკითხში ჟორესი მიუყვება იმ აზრს, რომ ახლანდელი სოციალისტური აზრის არაფერი მსგავსი იმ ეპოქაში არ არსებობდა მუშათა მასების შეგნებაში, ხოლო XVIII ს. მწერლებში ამ აზრს ჰქონდა მხოლოდ უკიდურესად განყენებული და ამასთან უფრო მეტად მორალური, ვიდრე ეკონომიკური, ელფერი. ოლარისა და ჟორესის შრომებში ბატონობს კრიტიკული სულისკვეთება, რომლისთვისაც უცხოა რაიმენაირი იდეალიზაცია და მიდრეკილება (მიმხრობა).

საფრანგეთის რევოლუციის ისტორიოგრაფია ვითარდებოდა უმთავრესად თავად საფრანგეთში, მაგრამ ამ მოვლენის განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობის გამო, მისით დაკავებული იყვნენ უცხოელი ისტორიკოსებიც. დიდ ყურადღებას იმსახურებს ბელგიელი მეცნიერის ლორანის უზარმაზარი თხზულების „Etudes sur l’histoire de l’humanite“ XIII და XIV ტომები, რომლებიც ამ ეპოქისადმი არის მიძღვნილი; აქ განსაკუთრებულად შემუშავებულია საფრანგეთის რევოლუციის რელიგიური ისტორია. ინგლისში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს კარლეილის საფრანგეთის რევოლუციის ისტორია _ უფრო პოემა, ვიდრე ისტორია. ნაკლებად მნიშვნელოვანია სტეფენსის წიგნი. იმავე საგნის შესახებ ვაქსმუთის, დალმანის, ანდრას, ზიბელის, ჰაისერისა და სხვათა გერმანული შრომებიდან ყველაზე უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს ზიბელის თხზულება, რომელიც საფრანგეთის ისტორიას განიხილავს კავშირში მის თანამედროვე ორ გადატრიალებასთან _ პოლონეთის დაცემასა და გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის ნგრევასთან; მაგრამ ეპოქის თავისეულ გამოსახვაში მას შეაქვს ძალზედ პრუსიული თვალსაზრისი, ხოლო საფრანგეთის საშინაო საქმეებს განიხილავს თავისი პარტიის (ნაციონალ-ლიბერალების) თვალთახედვით. საფრანგეთის რევოლუციის შინაგანი აზრი უფრო ღრმად გაიგო ლორენც შტაინმა, რომელიც ჯერ კიდევ 40-იანი წლების დასაწყისში შეუდგა იმდროინდელი საფრანგეთის სოციალიზმისა და კომუნიზმის კვლევას, ხოლო 1850 წ. გამოსცა „სოციალური მოძრაობის ისტორია საფრანგეთში“, რომელშიც მოგვცა საფრანგეთის რევოლუციის ზოგადი ნარკვევი, ხედავდა რა მასში კლასთა ბრძოლის გამოვლენას. ასეთი შეხედულება შეითვისა მარქსმა, რომელიც XIX ს. შუახანებში სწავლობდა კლასობრივ ბრძოლას, რომელიც იმ დროს მიმდინარეობდა საფრანგეთში. საფრანგეთის რევოლუციის შესახებ საკითხი მან დააყენა იმ თვალსაზრისზე, რომლიდანაც განიხილავს მას ახლა ჟორესი. თანამედროვე გერმანიაში საფრანგეთის რევოლუციის თაობაზე თავიანთ თხზულებებში მას ატარებენ ბლოსი, კაუტსკი და სხვები, რომლებსაც საერთოდ შეაქვთ დიდი შესწორებები სოციალისტების მიერ რევოლუციის მსვლელობის გაგებაში.

რუსეთში საფრანგეთის რევოლუციის დამოუკიდებელი შესწავლა დაიწყო მხოლოდ 70-იანი წლების ბოლოდან (XXVIII, 805). აქ განსაკუთრებით ბედმა გაუღიმა გლეხების (კარეევის, კოვალევსკის, ლუჩიცკის შრომები), 1789 წ. დავალებების (დარიგებების) (გერიე, ონუ, ხოროშუნი), ძველი წესრიგის ადმინისტრაციის (არდაშევი) ისტორიას; ზოგადი თხზულებები საფრანგეთის რევოლუციის შესახებ დაწერეს მხოლოდ ლიუბიმოვმა და მაქს. კოვალევსკიმ. პირველმა (ფიზიკის პროფესორმა მოსკოვის უნივერსიტეტში) 1893 წ. გამოსცა წიგნი სათაურით «Крушеніе монархіи во Франціи», რომელიც შეიქმნა მის მიერ გამოქვეყნებული უფრო ადრეული (1879) წერილების საფუძველზე, რომელთაც ჰქონდათ სათაური «Против теченія»; მაგრამ ეს ისტორიული კვლევა კი არ არის, არამედ პოლიტიკური პამფლეტი, რომელიც რუსულ მთავრობასა და საზოგადოებას აფრთხილებს იმ საშიშროებების თაობაზე, რომლებიც მათ ემუქრებათ რევოლუციისგან. მ. მ. კოვალევსკის ოთხტომეული ნაშრომი «Происхожденіе современной демократіи» (1895-1899) თავის თავში შეიცავს ძველი წესრიგის საფუძვლიან გამოსახვასა და XVIII ს.-თვის ახალი იდეების გადმოცემას (ტ. I), დამფუძნებელი კრების მიერ პოლიტიკური და სოციალური კანონმდებლობის შემუშავების შესახებ დაწვრილებით თხრობასა (ტ. II) და ამ კანონმდებლობის ისტორიას (ტ. III), აგრეთვე საფრანგეთის რევოლუციის გავლენით ვენეციის რესპუბლიკის დაცემის ისტორიას (ტ. IV). რევოლუციის რუსი ისტორიკოსების ზოგიერთი შრომა გადათარგმნილია ფრანგულ ენაზე.

(ნაშრომში ცალკე VI თავად მოყვანილია საფრანგეთის რევოლუციის ისტორიოგრაფიაში XX ს. დასაწყისისთვის არსებული ლიტერატურის ბიბლიოგრაფიული მაჩვენებელი).

ნიკოლოზ ივანეს ძე კარეევი

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment