Wednesday, December 22, 2010

ივანე ჯავახიშვილი უწინდელი ბინადრობის ადგილიდან ამიერკავკასიაში ქართული (ქართველური) ტომების გადმოსახლების შესახებ

როგორც ცნობილია, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი ემხრობოდა იმ მოსაზრებას, რომ უძველესი ქართული ტომების ბინადრობის ადგილი (XIII-VII სს. ქრ. წ.) უნდა ყოფილიყო ასურეთის სამეფოს (შუამდინარეთის) ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მხარე, რის შესახებაც მოწმობს ასურეთის მეფეთა ბრძანებით გაკეთებულ წარწერებში ამოკითხული ინფორმაციები მუსკებისა და ტაბალების შესახებ. მცირე ზიაში ინდოევროპელი ხალხების დამკვიდრებისა და გაბატონების შემდეგ კი ქართველთა წინაპრებს გეზი უნდა აეღოთ ჩრდილოეთისკენ და თანდათანობით დამკვიდრებულიყვნენ ამიერკავკასიაში. იგი ჰყვება:

“ყველა ქართველი ტომების სამშობლო, როგორც ვიცით, ქალდია იყო მაშასადამე, კავკასიაში ქართველები იქიდან უნდა მოსულიყვნენ. ეს, რასაკვირველია, ისედაც ცხადია; მაგრამ საქმე ისაა, თუ როდის დაიძრნენ ისინი იქიდან, ან როდის დაბინავდნენ კავკასიაში. იქნებ ქართველები უუძველეს დროსვე წამოსულიყვნენ და კავკასიაში ისეთ დროს დასახლებულიყვნენ, როცა იქ ჯერ კიდევ სხვა არავინ მოსახლეობდა; მაშინ ხომ ქართველები კავკასიის თავდაპირველი მცხოვრებნი და მკვიდრნი იქნებოდნენ. მაგრამ შესაძლებელია ქართველებს კავკასია უკვე დასახლებულიც დახვედროდათ; მაშინ მათ კავკასიის პირვანდელნი მკვიდრნი ან უნდა დაემორჩილებინათ და გაექართველებინათ, ან არადა კავკასიის ქედს იქით გაერეკნათ. რასაკვირველია, მთელი ეს მოძრაობა ისეთ დროს უნდა მომხდარიყო, რომლის შესახებაც საისტორიო საბუთების აღმოჩენა შეუძლებელია; მხოლოდ არქეოლოგიას შეუძლია ამ ხანის და ზემოაღნიშნული საკითხის შესახებ ცნობები მოგვაწოდოს.

თუმცა არქეოლოგებს კავკასია ჯერ კიდევ ნაკლებად აქვთ შესწავლილი, მაგრამ ის მცირეოდენიც, რაც უკვე გამორკვეულია, ძვირფასს მასალებს გვაძლევს. ერთ დროს კავკასია კაცობრიობის კულტურის აკვნად ითვლებოდა, მაგრამ საარქეოლოგიო გამოკვლევამ დაამტკიცა, რომ წინანდელი შეხედულება სწორი არ იყო. რაკი კაცობრიობის პირვანდელი ისტორიის შესახებ არავითარი ქრონოლოგიური ცნობები არ მოიპოვება, ამიტომ, როცა მეცნიერს თარიღის გამორკვევა სურს, იგი დაახლოებითი ქრონოლოგიით ხელმძღვანელობს ხოლმე, იმისდა მიხედვით, თუ რომელ ხანას ეკუთვნის ნაპოვნი ან აღმოჩენილი ნივთი. ხანგრძლივმა და მრავალრიცხოვანმა დაკვირვებამ და მთელი ქვეყნიერების დედამიწის გულიდან ამოთხრილი ნაშთების შესწავლამ მეცნიერები დაარწმუნა, რომ კაცობრიობას დიდი მანძილი ჰქონდა გავლილი, სანამ იგი იმ საფეხურს მიაღწევდა, რომლის შესწავლაც ისტორიული საბუთების საშუალებით შეიძლება. ყველგან ადამიანი ნელის ნაბიჯით და თანდათანობით მიდიოდა წარმატების გზით. თავდაპირველად ადამიანს, როგორც ეს საფლავების შესწავლამ აღმოაჩინა ქვისა და ქვისნატეხებიდან გაკეთებული იარაღის მეტი არა ებადა-რა; მერე მრავალი საუკუნის შემდგომ, კაცობრიობამ ქვის გასიპვა ისწავლა და კარგად გაკეთებულ, გამოყვანილი ქვის იარაღების გამოყენება დაიწყო. მეცნიერებაში ამ ორ ხანას ქვის ხანას ეძახიან: პირველს _ ქვის უძველესი ხანა ჰქვია, ანუ ბერძნულად პალეოლითის ხანა (პალაჲოს _ ძველი, ლითოს _ ქვა), მეორე _ გასიპული ქვის ხანა, ანუ ნეოლითისა.

ბევრმა კოკა წყალმა ჩაიარა, მრავალმა საუკუნემ განვლო, ვიდრე ადამიანი მადნეულობის დამუშავებას ისწავლიდა. კაცობრიობის წარმატებისათვის მადნის გამოყენებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა; ამ გარემოებამ ადამიანის მთელი ყოფაცხოვრების მიმდინარეობა და თვისება შესცვალა და კაცობრიობის არსებობა გააადვილა. ყველაზე წინათ ადამიანმა თითბრისა და სპილენძის დამუშავება გამოიგონა, მერე ბრინჯაოსი, დასასრულ, რკინისა. რკინის აღმოჩენამ კაცობრიობას ბრწყინვალე მომავალი მიანიჭა და აწინდელ საისტორიო კულტურას საძირკველი ჩაუყარა. მთელ ამ ხანას მეცნიერებაში მადნეულობის ხანა ჰქვია; ხოლო იმისდა მიხედვით, თუ რომელი მადნის იარაღსა ხმარობდა ადამიანი, პირველს _ თითბრისა და სპილენძის, მეორეს ბრინჯაოს ხანას, უკანასკნელს კიდევ რკინის ხანას ეძახიან.

თუმცა კავკასიაში უუძველეს ხანის სპილოსი (Elephas antiquus) და მამონტის (Elephas primigenius) ძვლები აღმოჩნდა, ხოლო ამიერკავკასიაში Hippopotamus maior-ის ნაშთები მოიპოვება და ამით ცხადადა მტკიცდება, რომ სულდგმულებს ამ ქვეყანაში უკვე ყინულის ხანის დროსვე უცხოვრიათ, მაგრამ მაინც ჯერჯერობით მთელ კავკასიაში არც ერთი საყურადღებო და ეჭვმიუტანელი ქვის უძველესისა და გასიპული ქვის ხანების დროინდელი ნაშთები ნაპოვნი არ არის. რამდენიმე ქვის იარაღი კავკასიაშიც არის ნაპოვნი, მაგრამ რაკი ეს საგნები პირდაპირ მიწიდან არ არის ამოთხრილი, ამიტომ მეცნიერებისათვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს; მკვლევარს არ შეუძლია დანამდვილებით გაიგოს, მარტო ქვის იარაღები იყო იმ საფლავში, საიდანაც ეს ნივთებია ამოღებული, თუ ბრინჯაოს და რკინის საგნებს შორის ეწყო. ამ გარემოებას კი მეცნიერებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან დამტკიცებულია, რომ ადამიანი ზოგიერთს ქვის იარაღებს ბრინჯაოსა და რკნის ხანის დროსაც ხმარობდა ხოლმე, ზოგს საგნებს ჩვენს დროშიც შეხვდება ადამიანი. არც კაღზევნის (კულპის) ქვის უროებია დიდი ყურადღების ღირსი, არც ის უროები ეკუთვნიან უძველეს დროს. ერთი სიტყვით, საარქეოლოგიო ნაშთების შესწავლა ამკიცებს, რომ ქვის ხანის დროს ადამიანს კავკასიაში არ უცხოვრია [1]. როცა იქ ადამიანს პირველად ფეხი შეუდგამს, მას უკვე მადნის შემუშავება სცოდნია. მაშასდამე უძველესი და თავდაპირველი მოსახლეობა კავკასიაში მადნეულობის ხანის დროს გაჩენილა. ამ აზრს მისდევენ ყველა მეცნიერები; ხოლო მადნელობის რომელ ხანას ეკუთვნის სახელდობრ, ბრინჯაოსა თუ რკინის ხანას, ამის შესახებ მეცნიერები სხვადასხვა აზრისანი არიან: ბ ა ი ე რ ნ ი ფიქრობს, ამიერკავკასიაში ადამიანი პირველად ბრინჯაოს ხანას, ან ბრინჯაოს ხანა რომ რკინის ხანად იცვლებოდა იმ დროს გაჩნდაო; ამავე აზრს პროფ. ჰ ი ო რ ნ ე ს ი (Hörnes) და როგორც ეტყობა პროფ. დ. ა ნ უ ჩ ი ნ ი ც ემხრობა. განსვენებული პროფ. ვ ი რ ხ ო ვ ი კი ამტკიცებდა, კავკასიაში ყველა აღმოჩენილი საარქეოლოგიო ნაშთები მხოლოდ რკინის ხანის დასაწყისს ეკუთვნიანო. რაკი ყველგან სასაფლაოებში, საცა კი ბრინჯაოს იარაღი და ნივთები მრავლად არის ნაპოვნი, ისე არ იქნება, რომ თითო-ოროლა რკინის საგანი მაინც არ შეგვხვდესო, _ რიცხვს იმისთანა შემთხვევაში, სამართლიანად ფიქრობს პროფ. ვირხოვი, დიდი და არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, იმიტომ რომ რკინა მიწაში წყლისა და სინესტისაგან ადვილად ჟანგდება, იშლება და მტვრად იქცევა ხოლმეო, _ ამიტომ უეჭველია, რომ კავკასიის უუძველესი მოსახლეობა რკინის ხანს ეკუთვნისო. თუნდაც რომ თითოეულ საფლავში თითო რკინის ნივთის მეტი არ აღმოჩენილიყო, მაინც ცხადია, იმ დროს უკვე რკინის დამუშავება უნდა სცოდნოდათ; ამ საგნების სიმცირე მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ამ დროს ჯერ კიდევ რკინის ხანის დასაწყისი იყო. მაშასადამე იმ ერს, რომელიც კავკასიაში თავდაპირველად მოსულა და დაბინავებულა, ქვის ორივე ხანა და თითქმის ბრინჯაოსიც განვლილი და მოჭმული უნდა ჰქონოდა და რკინის შემუშავების შესწავლას შესდგომოდა.

კავკასიაში ნაპოვნი უძველესი საფლავები და საგნები ვირხოვის აზრით მეთერთმეტე, ან მეათე საუკუნეს უნდა ეკუთვნოდეს. დარწმუნებული რომ ვყოფილიყავით, რომ ამ საფლავებში სწორედ ქართველები იყვნენ დამარხულნი, მაშინ შეიძლებოდა გვეთქვა: ქართველები კავკასიაში XI საუკუნეზე ადრე მოსულან და იმ დროს უკვე ქვისა და ბრინჯაოს ხანა განვლილი ჰქონდათ, ხოლო რკინის შემუშავებას ის-ის იყო შესდგომოდნენო. ამგვარად, საკითხი გადაწყდებოდა და ქართველები კავკასიის თავდაპირველ მკვიდრებად უნდა აღგვეარა. მაგრამ ჯერ უნდა მეცნიერულად დამტკიცდეს, რომ სამთავროს უუძველეს საფლავებში მართლა ქართველები იყვნენ დამარხული და არა სხვა რომელიმე მოდგმის ხალხის შვილები, ხოლო ამის შემდეგ ზემოაღნიშნული დასკვნა ჭეშმარიტი იქნებოდა. ამ საკითხის გამორკვევა კი მხოლოდ ადამიანის თავის ქალების გაზომვის შემდეგ შეიძლება: სხვა რაიმე სამეცნერო საშუალება არ არსებობს. ანთროპოლოგია სხვადასხვა ერების თავის აგებულებისდა მიხედვით კაცობრიობას რამდენიმე შტოდ ჰყოფს: სხვათა შორის ერთ შტოს თავმოკლენი ანუ ბრახიკეფალები, მეორეს თავგრძელები, ანუ დოლიხოკეფალები შეადგენენ.

კავკასიის ყველა უუძველეს საფლავებში ნაპოვნ თავის ქალების გაზომვამ დაამტკიცა, რომ თავდაპირველად ჩვენს ქვეყანაში თავგრძელები ანუ დოლიხოკეფალები ცხოვრობდნენ. ხოლო უკვე განსვენებულმა პროფ. ვირხოვმა აღნიშნა, რომ თანამედროვე ქართველები და სომხები განსაკუთრებით თავმოკლენი ანუ ბრახიკეფალები არიან. ამიტომ ქართველებს და სომხებს კავკასიის უძველეს თავდაპირველ მცხოვრებლებთან საერთო არაფერი ჰქონიათ; მაშასადამე, ქარეთველნი და სომეხნი კავკასიის თავდაპირველნი მკვიდრნი არა ყოფილან; როცა ისინი ამ ქვეყანაში მოსულან, იქ სხვა მოდგმის ხალხი დაჰხვედრიათ დაბინავებული. მკვიდრთა ერთი წილი, როგორც ეტყობა, ქართველებს ჩრდილოეთისაკენ გადაურეკიათ; ზოგიერთი კავკასიელი მთიელები, მაგ., ნატუხელები და ავარელნი სწორედ თავგრძელები ანუ დოლიხოკეფალები არიან (იხ. Д. А н у ч и н, Доисторическая археология Кавказа; Журнал министерства народного просвещения, 1884 წ. იანვარი, გვ. 236). რასაკვირველია, კავკასიის თავდაპირველ მცხოვრებთა და შემოსეულ ერებს ერთმანეთში გამწვავებული ბრძოლა უნდა მოსვლოდათ და ბევრი ძლეული მკვიდრი გამოსალმებოდა წუთისოფელს. ეს კავკასიის თავდაპირველი მცხოვრებნი პროფ. ვირხოვს წმინდა არიელ ხალხად მიაჩნია, მაგრამ იქნებ ამაში გამოჩენილი გერმანელი მეცნიერი სცდებოდეს. თუ კი ვირხოვის ზემოაღნიშნული მოსაზრება, რომ კავკასიის უუძველესი საფლავები XI-X ს. ეკუთვნის, მართალი გამოდგა, მაშინ ქართველები, რასაკვირველია, IX ს. შემდეგ უნდა მოსდგომოდნენ კავკასიას, ჩაეგდოთ იგი ხელში და დაბინავებულიყვნენ. ეს დასკვნა შეურყეველი ჭეშარიტებაა; შეიძლება მხოლოდ თარიღი სწორი არ იყოს: იქნებ მომავალში, როცა კავკასიის უძველესი ნაშთები უკეთესად იქნება შესწავლილი, დამტკიცდეს, რომ სამთავროს სასაფლაო XI-X ს. კი არ ეკუთვნის, არამედ უფრო წინა დროს. თავდაპირველად კავკასიაში ქართველებს, როგორც ეტყობა, თითო-ოროლას დაუწყიათ შემოსვლა; ეს იქიდან ჩანს, რომ უკვე უძველეს საფლავებში აქა-იქ რამდენიმე თავმოკლის ანუ ბრახიკეფალის თავიც აღმოჩნდა.

რასკვირველია, ამ დასკვნას, რომელსაც ეხლა მეცნიერები ადგიან, თავის-თავადაც დიდი საისტორიო მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ქართველების უუძველეს კულტურისა და ყოფაცხოვრების შესწავლას ხომ მომავალში ახალი მიმართულება უნდა მიეცეს: თუ აქამდის ჩვენ გვეგონა, ვითომც ქართველების არსებობის უუძველესი ნაშთები საქართველოს მიწის გულშია დამარხული, ახლა ეს შეცდომა უნდა თავიდან მოვიშოროთ. ამისდა მიხედვით, როცა ჩვენ ჩვენი ხალხის თავდაპირველი ყოფაცხოვრებისა და მდგომარეობის შესწავლა გვსურს, ამის კვალი კავკასიაში კი არა, ამიერკავკასიის სამხრეთით უნდა ვეძიოთ, _ თუნდ იმ ადგილებში მაინც, სადაც ქართველები XI-VIII ს. ქრ. წ. ცხოვრობდნენ.

რაკი ჩვენ დავრწმუნდით, რომ ქართველთა ტომები უუძველეს დროს მცირე აზიაში ცხოვრობდნენ და მხოლოდ შემდეგში თანდათან ჩრდილოეთისაკენ წამოიწიეს და ამიერკავკასიის მიწა-წყალი დაიმკვიდრეს, ამიტომ უნებლიედ იბადება საკითხი, როგორ უნდა მომხდარიყო ეს უზარმაზარი გადმოსახლება და ახალ ადგილას დაბინავება, რომელი ქართველი ტომი უნდა დაძრულიყო პირველად და ვინ ვის მისდევნებია; ერთი სიტყვით, საგულისხმო იქნებოდა შეძლებისდაგვარად ქართველ ტომთა თანდათანობითი დასახლების ისტორია გამორკვეულიყო. თავისთავად ცხადია, რომ ამგვარი საკითხის დანამდვილებით გადაწყვეტა არ შეიძლება და ჯერჯერობით ჩვენს დასკვნას მხოლოდ ჰიპოთეზის მსგავსი მნიშვნელობა ექნება, რომელიც მომავალმა უფრო ზედმიწევნითმა და ხანგრძლივმა შესწავლამ შეიძლება გაამართლოს.

საფიქრებელია, რომ კავკასიაში პირველად ის ქართველი ტომები უნდა მოსულიყვნენ, რომელნიც ისტორიულად კარგად ცნობილს დროში დანარჩენებზე ჩრდილოეთით ბინადრობდნენ.

მაშასადამე, ჯერ აფხაზები _ აფშილები, სვანები, თუშები და სხვა მთიულები, შემდეგ კოლხები და კასხები. ამისდა მიხედვით, რასაკვირველია, აფხაზთა, აფშილთა და დანარჩენ ზემოაღნიშნულ ტომთა მოსახლეობა თავდაპირველად კავკასიაშიც ეხლანდელზე უფრო სამხრეთით იქნებოდა. როცა სხვა ქართველი ტომები მეგრელ-ლაზები და ქართები მტრებისაგან დევნილნი, მიაწვებოდნენ სამხრეთიდან, მაშინ ისინიც იძულებული იქნებოდნენ ჩრდილოეთისაკენ დაეხიათ. საქართველოს საგეოგრაფიო სახელებში აფხაზების და სხვათა წინანდელ ვრცელ მოსახლეობის კვალი, რასაკვირველია, უნდა შენახული იყოს და ვინც ამ საგანს გულდასმით შეისწავლის, ის უეჭველია საყურადღებო მასალას შეაგროვებს. ჯერჯერობით შეიძლება ორიოდე მაგალითი იყოს დასახელებული: გურიაში არსებობს სოფ. „დვაბზუ“, რომლის სახელი ნაწარმოებია იმგვარდვე, როგორც „ტუაფსე“ (დო _ აბზუ = ტუ _ აფსე); ორსავე შემთხვევაში „დო“ და „ტუ“ მეგრული თავსართია ადგილის აღმნიშვნელი, ხოლო „აბზუ“ და „აფსე“ უდრის აფსუას, ესე იგი აფხაზს; მაშასადამე ორივე სიტყვა აფხაზთა მოსახლეობას და სოფელს ჰნიშნავს და ეს გვიჩვენებს, რომ ერთ დროს ეხლანდელი გურიის მიწა-წყალი აფხაზებსა სჭერიათ (ნ. მ ა რ რ ი, История термина «абхаз»; ИАН, 1912 წ., გვ. 700, 702). ამას გარდა პროკოპი კესარიელის სიტყვით ჭანეთში შავი ზღვის ნაპირას იყო დაბა „აფსვირტ-ოს“; თუ ამ სიტყვას ჩვეულებრივ ბერძნულ ნაკვეცს „ოს“ მოვაშორებთ, დაგვრჩება „აფსვირტ“, რომელიც უდრის „აფსვირტა“-ს, ხოლო აფხაზურად „აფსვირ-ტა“ ჰნიშნავს აფხაზთა ადგილს. მაშასადამე, ეს საგეოგრაფიო სახელიც აფხაზთა წინანდელი ბინადრობის შერჩენილ კვალად უნდა ჩაითვალოს.

თუ გავიხსენეთ ქართველ ტომთა მოსახლეობის მდებარეობა IX-VII სს., რომ რომ ყველაზე სამხრეთით ტაბალის ტომსა ჰქონდა ბინადრობა, მათ ზემოთ ჩრდილოეთით მუსკები ცხოვრობდნენ, ხოლო მეზობლად აღმოსავლეთის მხრივ კასხები, ანუ კოლხები იყვნენ, ხოლო ამავ დროს არარატის სანახებში ქართები გვეგულებიან, მაშინ ჩვენთვის ცხადი იქნება, რომ დასავლეთ-სამხრეთით კიმმერიელთა მიერ ოტებული ტაბალები უმალ თავიანთ თავიანთ ჩრდილოეთის მეზობლებსა და მოძმეებს მიაწვებოდნენ და თავდაპირველად სწორედ მუსკები და კოლხები უნდა დაძრულიყვნენ და კავკასიის საზღვრებში შეჭრილიყვნენ; ამასთანავე მუსკები დაიძროდნენ დასავლეთით შავი ზღვის პირისაკენ, კოლხები _ აღმოსავლეთისაკენ. როგორც ჩანს, სწორედ ასეც მომხდარა: მუსკები აბასხებისა და მესხების სახელით იპყრობენ მერმინდელ დასავლეთ საქართველოს მთლად და აღმოსავლეთის ერთ ნაწილს არაგვის და მტკვრის შესართავამდე, აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ნაწილში კახეთსა და კოხეთში და დასავლეთ საქართველოს უკიდურეს სამხრეთში დასახლებულან კასკები და კოლხები. ვგონებ ამ პირვანდელ კასხურ-კოლხური მოსახლეობის ნაშთად უნდა ჩაითვალოს სახელები კახი და კუხი, რომელიც მერმინდელმა მოსახლეობამაც შეინარჩუნა.

ქართველ ტომთა ამოძრავების მეორე ტალღას ტაბალები უნდა წამოეწია ჩრდილოეთისაკენ. მათ თავის მხრივ აფხაზებიცა და მესხებიც უფრო ზევითკენ განუდევნიათ და კავკასიის ჩრდილოეთი ნაწილი მიუკუთვნებიათ, თითონ კი ლაზების, ჭანებისა და იბერების სახელით მათის მოსახლეობის მთელი სამხრეთი ნაწილი დაუსაკუთრებიათ. აღმოსავლეთ მესხებზე, როგორც ეტყობა, იბერებს გაუმარჯვნიათ ისე, რომ თითქმის მთელი ამ მხარისათვის თავიანთი სახელი მიუციათ. სულ უკანასკნელად არარატის მიდამოებიდან შემოხიზნულან ამიერკავკასიაში ქართები და დაუპყრიათ აღმოსავლეთ საქართველო. როდის უნდა მომხდრიყო ეს ქართების პირველი დასახლება კავკასიაში? სტრაბონმა და პროკოპი კესარიელმაც კი კარგად იციან, რომ მესხები ძველ დროსვე დაიმორჩილეს და დაეპატრონენ.

ზემოთ აღნიშნული იყო, რომ “დაბადების” შემდგენელს ქართები „კაშდების“ სახელით არარატის სანახებში ეგულება. ამას გარდა ჰეროდოტე მოგვითხრობს, რომ ფასისის მიდამოები კოლხებს უპყრიათ, ხოლო აღმოსავლეთ-სამხრეთის მხრივ მათ მეზობლდ სასპეჲრები ანუ ისპირელნი ჰყავდა, სამხრეთ-აღმოსავლეთით კიდევ მიდიელნი ბინადრობდნენ. ქართები დასახელებული არ არიან. მაშ, სად უნდა ყოფილიყვნენ ისინი? მათ შეეძლოთ ეცხოვრათ იქვე, სადაც წინათ იყვნენ, მაშასადამე, ქართები უნდა ჰეროდოტეს მიერ მოხსენებულ ალაროდებს შორის ყოფილიყვნენ, რომელნიც არარატის მიდამოებში ბინადრობდნენ, იმიტომ რომ მაშინ აქ არმენნი ჯერ არ ყოფილან, არამედ ისინი კილიკიის მახლობლად ბინადრობდნენ. მეტად საყურადღებოა, რომ ჩვენმა ძველმა მატიანემ, “მოქცევაჲ ქართლისაჲ”-მაც კარად იცის, რომ ქართველები კავკასიის თავდაპირველი მცხოვრებნი არ იყვნენ, იგი თვით მოგვითხრობს, როგორ და როდის მოვიდნენ ქართველები კავკასიაში და დასახლდნენ. “ქართლი და ქრთველთა სამეფო მაშინ მემატიანის აზრით კავკასიაში კი არ იყო, არამედ სამხრეთით. იგი ამტკიცებს, ვითომც ქართველები ალექსანდრე მაკედონელს შემოჰყოლოდნენ და იმ დროიდან მოეკიდებინათ აქ ბინა. ცნობილია, რომ ალექსანდრე მაკედონელი ამიერკავკასიაში არას დროს არა ყოფილა, მაშასადამე, ქართებს არ შეეძლოთ მას მიჰკედლებოდნენ, მაგრამ მაინც დაახლოებით მართლაც V-IV ს. ქრ. წ. უნდა შემოსულიყვნენ ქართები ამიერკავკასიაში და თანდათან აღმოსავლეთ საქართველო დაეპყრათ.

ამ თარიღს ჩვენ იმიტომა ვსდებთ, რომ ქსენოფონტეს ქართველი ტომების მეზობლად სამხრეთით უკვე არმენნი დაჰხვედრია; მაშასადამე, ამ დროიდან მოყოლებული ისინი თნდათან ალბათ ქართ-ალაროდების მიწა-წყალსაც დაისაკუთრებდნენ, თუმცა არმენთა გაერთიანება და გაძლიერებაც მხოლოდ II საუკ. ქრ. წ. იწყება. ქართების დაბინავებას უნდა კახებისა, კუხებისა და ქართების აღრევა მოჰყოლოდა. ამ აღრევის დროს ქართებს გაუმარჯვნიათ, ამგვარივე აღრევა ქართებს იბერნარევს მესხებთანაც მოსვლიათ. აქაც გამარჯვება ქართებს დარჩენიათ და მესხების სახელი მხოლოდ ერთს კუთხეში-ღა, სამცხეში, შერჩენილა”.

აქ მთავრდება ივ. ჯავახიშვილის მსჯელობა ქართულ (გნებავთ ქართველურ, წინაქართულ) ტომთა ამიერკავკსიისკენ მოძრაობისა და აქ დასახლების შესახებ. ჩვენთვის, დღევანდელი მკითხველისთვის მეტად საყურადღებო უნდა იყოს ის გარემოება, რომ ამ გამოჩენილ ქართველ ისტორიკოსს უძველესი აფხაზები და აფსუები (აფსარები) ერთი და იგივე ხალხად მიაჩნია, მათ იგი (ნიკო მარის მსგავსად) თვლის მესხური (მოსხური, მოსოხთა) ტომების ერთერთ განშტოებად, რომელთა ეთნონიმთან უნდა იყოს დაკავშირებული ტოპონიმებიც: ბასიანი, ფაზისი, მთა მასისი, აფსაროსი (რის შესახებაც საუბრობს VI ს. ქრ. შ. ბიზანტიელი ისტორიკოსი, პროკოპი კესარიელი). ივ. ჯავახიშვილი მოუწოდებდა ქართველ ისტორიკოსებს განეგრძოთ შემდგომი კვლევა-ძიება ამ მიმართულებით. მაგრამ, სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ამ მხრივ ჩვენში ბევრი რამ არ უნდა იყოს გაკეთებული; პირიქით, ქართულ საზოგადოებაში არსებული ცოდნითა და განწყობით, აფსუები (აფსარები) მთლიანად არიან გარიყული ქართული სამყაროდან და მიერთებული ადიღეურ-ჩერქეზულ სამყაროსთან, მათ აცხადებენ აფხაზეთში ჩამოსახლებულებად ძირითადად XVII ასწლეულის მეორე ნახევრიდან XIX-ის დასაწყისის ჩათვლით; ხოლო უძველესი კოლხეთი და მისი მთავარი მდინარე ფაზისი მთლიანად მეგრულ-ქართულად იქნა “პრივატიზებული”. არც იმას გაეწია არავითარი ანგარიში, რომ კოლხეთის მეფის აიეტის ძეს, მედეას ძმას ჰქვია აფსირტე, და მის სახელს ფუძედ აქვს ბგერათა შეხამება “აფს”. ხოლო ეს კი ნიშნავს, რომ, რაღაცა მანქანებით, თავად ქართველი ისტორიკოსები და ქართული განათლებული საზოგადოება არიან პასუხისმგენელნი, სხვა წრეებთან და ძალებთან ერთად, თანამედროვე აფხაზთა და ქართველთა შორის მტრობის ჩამოგდებასა და გაძლიერებაში, რაც საზარელი სისხლიანი ტრაგედიით იქნა დაგვირგვინებული.

მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

შ ე ნ ი შ ვ ნ ა

[1] შემდეგი დროის აღმოჩენება ეს დებულება გააბათილეს და თვით ივ. ჯავახიშვილიც სხვა დასკვნას დაადგა _ გამოცემის რედაქტორის აკადემიკოს სიმონ ყაუხჩიშვილის ამ შენიშვნაში მითითებული იყო, რომ დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია წაიკითხოს ამავე ტომის პირველი თავი „კავკასიისა და ქართველების ნივთიერი კულტურა“, და განსაკუთრებით მისი I ნაწილის „არქეოლოგიური ფაქტები“-ს დასაწყისი. ჩვენ ეს ადგილიც ამოვიწერეთ და ვთავაზობთ მკითხველს.

ივ. ჯავახიშვილი წერს: „კარგა ხანს ისე იყო მიღებული, რომ კავკასიაში ქვის ხანის დროს ადამიანი არ ყოფილა და მისი მისი პირველივე მკვიდრნი ლითონის მცოდნენი იყვნენ. ამის გამო უძველეს ხანად აქ ბრინჯაოს ხანა ითვლებოდა, რომლის დროსაც ქვის იარაღის ხმარებაც გვხვდება. ფრანგმა მეცნიერმა შ ა ნ ტ რ მ ა დაამტკიცა, რომ კავკასიაში ქვის უახლესი, ე. ი. დამუშავებული ქვის ხანაც იყო. მაგრამ მისი კვალი მეტად მცირე ჩანდა და ამის გამო ხანმოკლე პერიოდად იყო ცნობილი.

1916 წელს პოლონელმა მეცნიერმა სტეფ. კ რ უ კ ო ვ ს კ ი მ არგვეთში ს. რგანის მიდამოებში გვარჯილას კლდის გამოქვაბულში პალეოლითური, ე. ი. დაუმუშავებელი ქვის უძველეს ხანის ტალისა და სხვა ქვისაგან, ძვლისა და რქებისაგან გაკეთებული იარაღ-ნივთები აღმოაჩინა. იქ ნაპოვნი ნივთები ჩამოტანილია და საქართველოს მუზეუმში ინახება. თვით მონაპოვარის შესახებ მისი წინასწარი მოხსენება დაბეჭდილია კავკასიის მუზეუმის უწყებულებათა (Изв. Кавказского Музея, Bulletin du Musee du Caucase) X წიგნის მე-3 ნაკვეთში იმავე 1916 წელს (იხ. გვ. 253-259). შემდეგში ეს მასალა კ რ უ კ ო ვ ს კ ი მ მეცნიერულად შეისწავლა და მისი მონოგრაფია მოკლე ხანში „საქართველოს მუზეუმის მოამბეში“ უნდა გამოქვეყნდეს. პოლონელი მეცნიერის აღმოჩენამ კიდევ ერთხელ ცხადყო, თუ რაოდენი სიფრთხილე ჰმართებს მკვლევარს კავკასიის არქეოლოგიაზე მსჯელობის დროს“.

საქმის ვითარების ასეთი გადმოცემის შემდეგ ივ. ჯავახიშვილი აკეთებს დასკვნას, რომელიც ქვემოთ არის მოყვანილი:

„ამგვარად დამტკიცდა, რომ ქვის უძველესი ხანა კავკასიაშიც ყოფილა. მხოლოდ მომავალი მეთოდური კვლევა-ძიება ნათელ-ჰყოფს იმდროინდელი კულტურის გავრცელების ასპარეზსა და ხანგრძლივობას.

აქამდე არსებული მასალების მიხედვით კი ქვის ხანას კავკასიაში მაინც შედარებით ნაკლები მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს და მისი მოსახლეობის მთავარი კულტურული ხანა სწორედ ბრინჯაოს ხანით იწყება. თვით წმინდა სპილენძის ხანაც კი, ე. წ. ენეოლოთი კავკასიაში ჯერჯერობით აღმოჩენილი არ არის. ბრინჯაოს ხანა დაწყებისთანავე უხვად იზრდება და ფართოვდება და რკინის ხანაც ბრინჯაოს ხანას სწრაფად მისდევს. ეს ლითონის კულტურა კავკასიაში ახალმოსული ეროვნების ტომთა გადმოსახლებისა და დამკვიდრების წყალობით ჩანს შემოტანილი“.

ასე ამთავრებს ივ. ჯავახიშვილი მოკლე და ერთგვარად ზედაპირულ მსჯელობას ამიერკავკასიასა და საქართველოში იმ დროისთვის ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგების შესახებ. ჩვენთვის უცნობია, თუ რამდენად არის შენარჩუნებული დღესდღეობით ასეთი დამოკიდებულება, თუ მას შემდეგ ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა მნიშვნელოვნად შეცვალეს რაიმე ისტორიკოსთა ცოდნაში ამიერკავკასიაში წინაისტორიულ ხანაში მოსახლე ხალხებისა და ტომების წარმომავლობისა და ყოფა-ცხოვრების თაობაზე.

მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment