Monday, December 6, 2010

მეფის ძის გიორგის დავაჟკაცება, დრო გეორგივსკის ტრაქტატის დადებამდე

(პლატონ იოსელიანის წიგნიდან "ცხოვრება გიორგი მეცამეტისა")

1767 წელსა შეირთო ცოლად ქეთევან, ქალი პაპუნა ქიზიყის მოურავისა ანდრონიკაშვლისა 13 წლისა. ქორწილი გადაიხადეს ქალაქსა თფილისსა დიდისა დღესასწაულობითა ენკენისთვის 20. იტყვიან ქალისა ამისთვის რომელ, ოდეს მეფის ძე გიორგი მოვიდა კახეთსა და ეწვია სოფელსა ვეჯინსა ანდრონიკაშვილსა რევაზსა, მაშინ მოხდა დევნა ლეკთა, რომელნიცა გამოჩნდნენ ალაზნის გაღმა. რევაზ და სხვანი თანადამსწრენი ომისა ლეკებთა თანა, ესრეთ მხნედ გამოჩნდნენ, რომელ მეფის ძე თვით, მუნ დამსწრე, გაჰკვირდა ოდეს იხილა რევაზ ანდრონიკაშვილი მუხლსა მძიმედ დაჭრილი, მოვიდა რა სახლსა, მაშინ გამოაცხადა დაჭრილობა თვისი. განკვირვებულმან მეფის ძემან გამოუცხადა მას გმირსა რევაზს სურვილი დისა მისისა ქეთევანის შერთვა ცოლად. დროსა ამას ქალსა მას არღა ჰყვანდა მამა ცოცხალი. ამბავსა მისსა მიუთხრობდა ხშირად აზნაური ბერო პავლიაშვილი, რომლისათვისცა დავსწერე და დავბეჭდეცა სიტყვა გარდაცვალებისა გამო მისისა, ვითარცა რედაკტორმან გაზეთისა (1).

18 წლიდამ ცხოვრებისა თანა-ჰყვის მამასა თვისსა სადაცა წარვიდის ანუ საომრად ანუ მოსახილველად სამძღვართა. 1770 წ. იყო ასპინძის ომში და დიდად უსიამოვნოდ მოექცა რუსეთისა ღენერალსა ტოტლებენსა, ოდეს არა ინება შებმოდა ოსმალის ჯარსა, და გაიმარჯვა ომსა ამას თვით მეფემან ირაკლი თავისისა ჯარითა.

„ღენერალო! სირცხვილია ამისთანა დროსა ღალატი მეფისა, _ ჰრქვა მეფის ძემან. – „არა მაქვს ბრძანება, _ უპასუხა ღენერალმან, _ იმპერატრიცისა რომ შევება ჯარითა ესრეთ მცირითა მტერსა დიდსა უსარგებლოდ“. _ „მაგითი, ღენერალო, არცხვენ რუსეთისა ჯარსა, _ ეტყოდა მეფის ძე გიორგი, _ და უტეხ სახელსა დიდსა რუსეთსა. ღმერთი ჩვენკენ იქნება, ჩვენ შევებმით, გავიმარჯვებთ და მოვახსენებთ იმპერატრიცასა შენსა სიმხდალესა“.

მამასა ირაკლის მოახსენეს ესე საუბარი მეფის ძისა ღენერალისადმი; არ მოიწონა ზრდილობითა ესე, და უმეტეს გამოცდილი საქმეთა შინა საომართა, ერიდებოდა რუსეთისა წყენასა, კვალადცა საიმედოს ქრისტიანობისა გამო. იტყვიან მტერნი მეფის ძისა გიორგისა, არ მიაშველა ჯარი 900 კაცისა მამასაო. რაზედ აფუძნებენ თქმულობასა ამას? არ ვიცი. დროსა ამას ასპინძის ომისსა, ჯერეთ არ იყო შფოთი მეფისა ირაკლისა სახლში და არცა ძმანი მისნი, დედის ნაცვლისაგან ნაშობნი, იყვნენ სრულსა ჰასაკსა მოსულნი. ერთობა მეფისა სახლისა იყო მტკიცედ დამყარებული სიყვარულისა ერთისა მეორისადმი ერთობითა. (მაშინ, ანუ 1770 წ. მაისის თვეში, მეფის ძე გიორგი იქნებოდა 24 წლამდე ასაკისა _ ი. ხ.)

მეორესა დღესა, მიმავალმან საქართველოდამ იმერეთსა ბაღდადისა გზით ღენერალმან ტოტლებენმან სცნო დიდი გამარჯვება ირაკლისა ოსმალისა ჯარზედ, და მართლად სირცხვილეული, დაეშურა და მალე გარდავლო მთა და გარდავიდა იმერეთსა. მეფის ძემან თვით ითხოვა მეფისაგან ნება, რათა წარავლინოს რუსეთად და მისისა ელჩობითა მოახსენოს ყოველივე საქმე საქართველოისა დიდსა იმპერატრიცასა. მეფემან არ ინება და ნაცვლად მისსა წარავლინნა სხვანი. _ (თავი VI).

ვიტყვი კვალად ქეთევანისათვის. ესე ქეთევან იყო თვით იგი, რომელიცა მიმავალმან ქართლად 300 ცხენოსნითა ღართის კარისა ვიწროებში, ჰქმნა სახელოვანი ძლევა ლეკთა, რომელნიცა იყვნენ ხუთასნი. თვით მიუძღვა ჯარსა და გატეხა სამგზის გამაგრებულნი ლეკნი. უკუქცეული, შემდგომად თვისა ერთისა, მუხრანით, მიიღო ირაკლიმან გმირი რძალი თვისი ქ. თფილისს დიდის დღესასწაულობითა, ზარბაზანთა ციხიდამ სროლითა და ჩირაღითა. ესე იყო 1779 წელსა. (ქეთევანი მაშინ იქნებოდა დაახლოებით 24 წლისა _ ი. ხ.)

მეფის რძალსა ამას ესვნეს შვილნი:

ძ ე ნ ი: დავით, იოანე, ბაგრატ, თეიმურაზ.

ა ს უ ლ ნ ი: ბარბარე, სოფიო, ნინო, რიფსიმე, გაიანე (2).

3 ივნისსა 1782 წელსა მშობიარობისა გამო თეიმურაზზედ, მეფის რძალი ქეთევან, გარდაიცვალა და დასაფლავდა დავით გარესჯისა მონასტერსა იოანე მახარებელისა დიდსა ეკკლესიაში წინაშე აღსავლისა კარისა, მუნ სადაცა მარხია ალექსანდრე, მეფე კახეთისა (3). მუნვე მონასტერსა ბერად ანუ მონოზონად შემდგარი და გარდაცვალებული. მეფემან ირაკლი მწუხარემან სიკვდილისა გამო რძლისა თვისისა, წარსთქვა ოხვრითა შემდეგი სიტყვა: „ა ხ ლ ა დ ა ი ღ უ პ ა ჩ ე მ ი ო ჯ ა ხ ი ო“. გამიგონია თვით მეფის ძის თეიმურაზისაგან: „მომკვდავმან დედამან ჩემმან ჰქმნა სიტყვითი ანდერძი, ვეცხლეური წარუვლინონ იერუსალიმისა პატრიარქსა მოსახსენებლად და აღასრულესცა ესე“. _ ესრეთ მტკიცედ იყო განთესილი საყოველთაოდ, სასოება იერუსალიმსა ზედა ქართველთა შორის! შუქი ნათლისა ღვთისა ქალაქით, მნათობდა მეფეთა სახლსა შინა და გლეხთა ფაცხათა. ლექსი „იერუსალიმი“ მზეობდა ქართველთა ერის გულთა და გონებათა შინა. _ (თავი VII).

დიდად დღესასწაულობითა იყო დასაფლავება გვამისა ამის ღირსისა, სანატრელისა სამეფოჲსა სახლისათვის და სასიქადულო ქართველთა ერისათვის. _ მეფის ძემან ინება დასაფლავება გვამისა დავით გარესჯისა მონასტერსა. თვე იყო ივნისისა. მწუხარებისა ხმამან შესძრა თებაიდა ქართველთა. ნინოწმინდელი საბა ბავრაყითა თვისითა და დროშითა, დავით რუსთველი და დანიილ ბოდბელი მიტროპოლიტნი შეერთდნენ და მიგებნენ ლოცვითა და ვედრებითა ღვთისადმი წინარუს (აწ თაქლა), სადაცა იწყება სივრცე და სიგანე თებაიდისა ანუ გარესჯის უდაბნოთა სადგური. 1000 ცხენოსანი და 500 ქვეითნი მიუძღოდენ მიცვალებულს: ხაშმი, ნინოწმინდა და ბოდბე ეკკლესიისა სოფელნი და ყმანი უმასპინძლებდენ მიმავალთა უდაბნოდ პურითა, ღვინითა, საკლავითა და თევზითა და ესე ვითარითა მოსახმარითა. _ ნათლისმცემელისა უდაბნოსა და დავით გარესჯისა ლავრისა წინამძღვარნი ონოფრე და სერაპიონ მოეგებნენ შორს მრავალ მთისა ამის კალთებთა, სადაცა ძველად იყვნენ სამხოლოონი მამათა მეუდაბნოეთა (სკიტნი). ხმა ტირილისა, ხმა გოდებისა, ვითარცა ხმა ლოცვისა ისმოდა ველთა ზედა უხმოთა კაცთათვის და ხმოვანთა მხოლოდ ქურციკთა (ჯეირანი) და პირუტყვთათვის. ნეშტნი სიკვდილისა და სოფლისა ამის ხრწნილებისა, _ მეტყველებდენ ადგილთა ამათ არა მეტყველთათვის დანიშნულთა. ენა მეტყველი აქა იყო ენა სოფლისა მის მერმისისა. მეუდაბნოენი არმნახავნი სიყრმიდგან ქალაქისა და სოფელთა, იხილვიდენ აქა მოქლაქობისა მათისა ჩვეულებათა, მათთვის საოცართა, გაუგებელთა, განუმარტებელთა. სხვაობა სანოვაგეთა მიღებისა, სხვაობა ძილისა მოიყვანებდნენ განცვიფრებასა შინა მემხოლოეთა მოსულთა აქა, რათა წარიკითხონ წიგნი იგი ამაოებისა; და სიკვდილისა ხედვითა, შეისწავონ სიკვდილი, რომელიცა მიელის თვითოეულსა მოსაპოვებელად უკვდავებისა გარეთ სოფლისა ამის ხრწნილებადისა.

შემდეგ ათისა დღისა, დადუმდა ხმა სოფლისა მეშფოთისა, უდაბნოთა ზედა დაწყნარებულთა. ყოველნივე უკუ-იქცნენ თვისთა სადგურად და დაშთა მუნ მხოლოდ ნეშტი მეფის რძლისა სახსენებლად საუკუნოდ. _ (თავი VIII).

მასვე 1782 წელსა მეფის ძემან შეირთო ცოლად ციციშვილის გიორგის ქალი 14 წლის მარიამ, მშვენიერებითა ქალთა შორის ბრწყინვალე (მეფის ძე გიორგი იმ წელს გახდებოდა 36 წლისა _ ი. ხ.). მეფისა ირაკლისა კურთხევითა დაიწერეს ჯვარი არა დღესასწაულობითა იოანე ნათლისმცემელისა ეკკლესიაში, რომელიცა იყო მეტოქი უდაბნოჲსა თფილისში. ჯვარისწერა იქმნა შემდგომად 40 დღისა და ამისთვის დიდად ზრახავდენ მეფის ძესა ესრეთისა დაშურებისა და აჩქარებისათვის. ყოველგნით ჰგმობდენ უგრძნობელობისათვის, რომელ დაკარგა ცოლი პირველი მხნე და გონიერი, და დამტევებელი ძეთა და ასულთა, და არა იგლოვა საკმაოდ; სხვანი ამართლებდნენ იტყოდნენ: „მეფემანცა თეიმურაზმან, პაპამან მისმან ჰქმნა ესრეთო, ოდესცა შეირთო შემდეგ თამარისა ცოლად ანახანუმ დედოფალი“.

ამა ქორწილიდამ ესვნეს მას _

ძ ე ნ ი: მიხაილ, ჯიბრაილ, ილია, იოსებ, სფირიდონ (ეს ორნი მოკვდნენ ყრმად), ოქროპირი, სვიმეონ (მოკვდა ყრმად), ირაკლი.

ქ ა ლ ნ ი: თამარ, ანნა (7 წლისა მიიცვალა), ანნა მეორე. _ (თავი IX).

სიმრავლე ძეთა და ასულთა მეფისა ძისა გოირგისა და ესრეთივე სიმრავლე სამთა ცოლთაგან ძეთა და ასულთა ირაკლისა, იყო მიზეზი სამეფოჲსა სახლისათვის კეთილისა და ბოროტისა. ნაყოფი კეთილი ესრეთისა შვილთა სიმრავლისა იყო ესე, რომელ დაშორებული ძველად ქართლი და კახეთი შეერთდა უფრო მტკიცედ. სასახლემან მეფისამან მოითხოვა ქართლიდამ, რომელიცა უწოდებდა აქამდე მეფესა ირაკლის კ ა ხ თ - ბ ა ტ ო ნ ს ა, და ა რ ა მ ე ფ ე ს ა, სასძლონი და მეფისა ასულნი მოიძიებდენ თვისთა საქმროთა ქართლისა თავადთა სახლთაგან. დაჲ მეფისა ირაკლისა ანნა, იყო ცოლი დიმიტრისა ყაფლანიშვილისა; მეფის ასული, დაჲ გიორგისა თამარ, მიათხოვეს სარდარსა დავით ორბელიანსა; ქეთევან მეფის ირაკლის ასული მუხრანის ბატონსა იოანეს, მეფის ირაკლის ასული მარიამ დავით ციციშვილსა; მეფის ძის გიორგის ასული სოფიო თარხნიშვილსა ლუარსაბს; მისივე ქალი რიფსიმე ჩოლოყაშვილსა დიმიტრის. ესრეთვე მიიყვანეს მეფის ძეთა ცოლად: თეიმურაზმან ოთარ ამილახვრისა ქალი ელენე; ფარნაოზმან ელიზბარ ერისთავის ასული ანნა.

ესრეთ დაკავშირდა ქართლი და კახეთი ერთობითა თავადთა და სამეფოჲსა სახლისა მძახლობითა და მოყვრობითა. ამან კავშირმან დაავიწყა ქართლისა მეფისა გვარი, დაშთენილი რუსეთსა 1724 წლიდამ; ამან ერთობამან ნათესაობითმან მოსპო თქმულობა ქართლისა ერისა: ი რ ა კ ლ ი მ ა მ ა კ ა ხ ე თ ი ს ა დ ა მ ა მ ი ნ ა ც ვ ა ლ ი ქ ა რ თ ლ ი ს ა. მეორის მხრითა სიმრავლემან ძეთა და ასულთა დაბადეს ურჩება და მედიდურება სახლისა მწევრთა შორის, სადაცა იყოფოდა მეფის ასული რძლად და ანუ რომლისაგანცა წარიყვანდნენ მეფის ძენი ქალთა სასძლოდ თვისად. თავადნი ესენი, დამოკიდებულნი მოყვრობითა მეფეთა თანა, არღა ემორჩილებოდენ მეფისა მოხელეთა, რომელნიცა იყვნენ მდივან-ბეგად, მდივნად, მოურავად, ციხეთა მცველად და სხვად სამეფოჲსა საქმეთა განმგედ. დასუსტდა ჰაზრი და მნიშვნელობა პირმშოობისა; ეცინოდენ მემკვიდრეობასა; არა პატივსცემდენ პირველობასა და თვითეული წევრი სამეფოჲსა სახლისა გონებდა თავსა თვისსა მეფობისათვის განმზადებულად. სჯული არღა სჯულობდა სამეფოში, სადაცა უფლებდენ მეფის ძენი და კარისკაცნი მათნი.

განმრავლებულთა ძეთა თვისთა (ერეკლე II-მ) დაუნიშნა საცხოვრებელად და განსაგებელად ადგილნი და თემნი: მეფის ძეს გიორგის ბორჩალო და ყაზახისა ნაწილი; იულონსა ქსნის ადგილები (რადგანაც ერისთავიანთ მიეღოთ ქსანი); ვახტანგსა ანუ ალმასხანსა არაგვი და სხვათა სხვანი ადგილნი. თვით მიზეზი მეფის ძისა ალექსანდრესი ლტოლვისა სპარსეთად, ჯერეთ პირველად მამისავე თვისსა დროსა, იყო ესე, რომელ არა უბოძა მამამან ირაკლი საკმაო საცხოვრებელად საუფლისწულო.

ესრეთსა უსწოროსა განწილვასა შეუდგნენ უწესობანი, შფოთნი და დიდნი აღრეულობანი. მეფის ძე გიორგი, ვითარცა მეკვიდრე, მორიდებული შფოთთა, მიენდობოდა მამისა ნებასა და შორით ხედვიდა ძმათა სისუსტესა მიტაცებისათვის მემკვიდრეობისა და აღრეულობათა მათ, რომელნიცა ამწარებდნენ მოხუცსა მამასა; თვით ირაკლი მოხუცებისა გამო და დედოფლისა გამო დედინაცვლისა პირმშოჲსა გიორგისათვის იმყოფებოდა მერყეობასა და აგრილებდენ გულსა მისსა გიორგისადმი. ესრეთსა მდგომარეობასა მყოფი მეფის ძე გიორგი, დაშორებული ძმათა, ცხოვრობდა ცალკედ და მყუდროდ. შთაგონებითა დედოფლისა და ძეთა მისთა, მეფეცა ირაკლი მიიყვანეს მას მდგომარეობასა, რომე სიძესა მისსა სარდალსა და სალთხუცესსა დავით ყაფლანიშვილსა, თამარის მეუღლეს, მოუღო მეფემან სალთხუცობა და მიუბოძა ესე სიძესა თვისსა მუხრანის-ბატონსა იოანეს (4). ესრეთმან მეფისა მოქცევამან მოსწყლო გული მეფის ასულისა თამარისა, რომელიცა მწუხარებისა ელდითა გარდაიცვალა 1786 წელსა. _ (თავი XIV).

მეფის ძე გიორგი დროთაგან ყმაწვილობისა, ვიდრე 40 წლამდე ცხოვრებისა თვისისა, იყო ტანით წვრილი, მაღალი და ბრგე. 1785 წელიწადიდამ შევიდა სიმსუქნეში, განსქელდა დიდად და თუმცა ესრეთმან სიმსუქნემან უფრო ახოვან ჰყო იგი, გარნა ვეღარ ჯდებოდა ცხენსა თავისუფლად და ვერცა იქმნებოდა მარდი, ვითარცა პირველ.... (და შემდგომი ამბებიც ეხება უფრო გვიანდელ ხანას.) _ (თავი XIV).

მოსრული სრულსა ჰასაკსა მოისურვებდა ფილოსოფოსთა ძველთა სწავლისა მოსმენასა. კათოლიკოსი ანტონი, გარდმომღები რუსულით ქართულსა ენასა ბაუმეისტრისა ფილოსოფოსისა, განუმარტებდა ჰაზრთა და ლექსთა მნიშვნელობათა. მეფის ძესა უნებდა გაგება მათი და ვერა რაი გამოსწურა თქმათაგან მათთა მაღალთა, საგანთათვის მაღალთა. _ დაუტევა სწავლა ესე და იტყოდა: „არა მესმის ესე; ვნაყავ წყალსა. „სწავლასა და სიბრძნესა საჭიროსა სახმარსა, სასარგებლოსა და ტკბილსა ვჰპოვებთ ქრისტეს მცნებათა შინა ნამდვილთა და განსვენებისადმი გულისა და გონებისა მიმყვანთა და სულისა დამატკბობელთა. _ შევუდგეთ მცნებათა ამათ და გვეკმავება“. _ ესე ვითარი მისი ჰაზრი იყო მიზეზი, რომელ არა უყვარდნენ მას არცა ფილოსოფოსად წოდებულნი, დროთა მისთა ზაქარია გაბაშვილი, ამბროსი ნეკრესელი, იოანე ოსეს ძე და სხვანი სისტემისა მათისა კაცნი, დაღალულნი კატიღორიითა, დიალეკტიკითა, ტოპიკებითა და სილლოღიზმებითა. „სწავლა ესე თქვენი – უბრძანებდა მათ ხშირად სიცილითა, _ ვითარცა ყინული, ხელში დნება, და გასდის, ვითარცა ფლავისა საწურავსა წყალი“. ესრეთსა მეფისა ამის თქმასა შვილნი მისნი და ძმანი მოიგონებდიან და მეტყოდიან პეტერბურღსა, სადაცა ვსწავლობდი მეცა ფილოსოფიასა, მეფისა ძმანი მირიან, ფარნაოზ, და ძენი მეფისა ბაგრატ, თეიმურაზ და მიხაილ. _ (თავი XX).

განმაახლებელმან წმინდისა გიორგის ეკკლესიისა, აღშენებულისა სვიმონ ზანიშინისაგან, დასდვა იგი კარის ეკკლესიად; მას შინა დაასვენა დროშა თვისი და შესწირა ბარძიმ-ფეშხუმი ვეცხლისა შემდეგისა ზედა წარწერითა:

„ქ. შენ მოწამეთა შორის მხნესა და ღვაწლით შემოსილსა, უძლეველს მთავარ-მოწამესა წმინდასა გიორგის შემოგწირე მცირე ესე შესაწირავი ბარძიმი ესე მე ყოვლად უღისრმან და ცოდვილმან ბატონისშვილმან გიორგიმ, რათა მეოხ მექმნა საშინელსა მას მეორედ მოსვლასა ქრისტესა მეუფისასა. ამინ. 1768. ქრისტეს აქეთ ჩღჲჱ, მისხალი ტ (300)“.

ესრეთივე ზედა წარწერა არის ფეშხუმზედ, რომლისაცა წონა არის დანიშნული: „რა (101) მისხალი“.

კვირას და დღესასწაულისა დღეთა შინა, მოსმენადმდე საღმრთოჲსა ლიტურღიისა, არა რასა მიირთმევდა. შემდგომად წირვისა მოართმევდენ ეკკლესიასა მასვე სეფსკვერსა და ზედაშესა. ესრეთი იყო ჩვეულება ძველთა ქართველთა და მრავალთა შორის ჰგიეს ესევე დღემდემცა მრავალთათვის. ვიტყვი „მრავალთათვის“ ამისთვის, რომელ შესრულთა რეცა ევროპიისა ჩვეულებათა და განათლებულად საგონებელთა, არღა დიცვეს კანონი ესე მერყეობისა გამო სარწმუნოებასა ზედა. _ (თავი XXIII).

დიდად დატკბებოდის მეფის ძე მამათ ცხოვრებისა კითხვითა უდაბნოთა შინა სადილისა და ვახშამისა ჟამსა ძმათა სატრაპეზოსა. რაოდენჯერმე განმამეორებინა სიტყვა ანტონი დიდისა მეგვიპტელისა, _ მეტყოდა მოძღვარი ჩემი, მღვდელ-მონოზონი გაიოს, მოხუცი (გარდაიცვალა თფილისს 1864 წელსა) _ „თევზი მიიძინებს, ოდეს აღმოიყვან მას წყლიდამ: ესრეთვე მეუდაბნოე უძლურებს, ოდეს შევალს სოფელსა და ჰგიებს ქალაქთა შინა: ვისწრაფოთ და ვრბიოდეთ მთათადმი ჩვენთა სამონოზნოთა, ვითარცა თევზნი წყალთადმი“. _ მეფე განამხნევებდა თვით მეუდაბნოეთა კეთილმსახურებითა თვისითა. მარხულობითა თვისითა აჩვენებდა მარხულობისა სიმტკიცესა; ლოცვითა თვისითა ამრჩობლებდა ლოცვასა და ვედრებასა მათსა ღვთისადმი; ცრემლსა თვისსა შეაერთებდა ცრემლსა მათსა და სარწმუნოებითა თვისითა განამტკიცებდა მორწმუნეობასა მათსა, ვითარცა მერცხალი უდაბნოსი, შესრული ბუდესა შინა თვისსა, გალობდა ღვთისა გალობასა. ვინ იტყვის უცოდველად ბოროტსა მეუდაბნოეთათვის: არიანო უსარგებლონი. ყრმანი ჩვენნი, თავადთა, აზნაურთა და გლეხთა, სწავლობენ აქა წერასა, კითხვასა, გალობასა, ღრამმატიკასა, რიტორებასა, ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებასა; აქა ინახებიან ობოლნი და გლახაკნი; აქა იკურნებიან სნეულნი; აქა იკვებებიან მშიერნი; აქა სნეულნი სულითა მიიღებენ სიმრთელესა; აქა მწუხარენი, ვითარცა სასნეულოსა, ნუგეშ იცემებიან და ჰპოვებენ სიხარულსა და შვებასა, რომელსაცა ხშირად დავნატრით სოფლისა მდიდარნი და ნეტარად საგონებელნი. ბრძოლისა ჟამსა, სიტყვითა და ჯარითა შველიან ქვეყანასა; სიმშილისა დროსა გვიძღვნიან პურსა და ღვინოსა, საკლავსა და ცხენსა, ურემსა და მეურმეთა. _ ნუუმე კვალად იტყვის ვინმე უსარგებლობასა მათსა ქვეყანისათვის. მეუდაბნოენი სძულთ მხოლოდ არა წმინდათა, მრუშთა, ამპარტავანთა, მტაცებელთა, მეშფოთეთა, რომელთაცა სდევნიან იგინი თვისითა ცხოვრებითა, ეპისტოლეებითა და ქადაგებითა. ეშინის ბოროტთა მათი, ვითარცა ეშმაკსა ღვთისა; ვითარცა ცუდთა მონათა უფლისა თვისისა კეთილისა; ვითარცა სჯულისა გარდამავალსა მსაჯულისა ჭეშმარიტისა. მეუდაბნოეთა შეყენებულთა სამხოლოოთა შინა, არა რაჲ აქვსთ საკუთრებად. სიმდიდრე მათი არა არის დაფარული ჩვენგან; საუნჯე მათი არა არის ჩვენთვის უხილავი. ესე ყოველი შემოდის ჩვენკენ, ვითარცა ნაკადი წყაროსი, ყოველგან მიმომდინარე. ნათელი სწავლისა მათისა მოიფინების ჩვენდა, ვითარცა შუქი მზისა. ნაყოფი ნაშრომთა მათთა ჩვენთვის არის უშურველი. რომელი არა განასწავლეს მათ? რომელი არა განაძღეს? ვინ არა განკურნეს, მისრული მათდა სამკურნალოდ? რომელსა დაუხშეს კარი სტუმართ-მოყვარებისა, უცხოთ შეწყნარებისა, მტერთა სიყვარულისა? მოძულენო ქრისტესნო და ეკკლესიისა წესდებისა, სდუმენით; იკდემდით და ირცხვენდით კადნიერად მოუბარნო წინააღმდეგ ქრისტეს სახარებისა (5). _ (თავი XXV).

ოდეს ქსნისა ერისთავთა დაჰკარგეს რწმუნება მეფისა და არღა მიენდობოდა ერთგულობისა მათსა სიტყვასა, და აქვნდათ მარადის დაახლოება ლეკთა ბელადთა თანა, დაღესტნით ახალციხედ მიმავალთა და ახალციხით დაღესტანსავე უკუქცეულთა, _ მაშინ მეფემან ირაკლი განიზრახა მოღება მათგან ქსნის ხეობისა და სრულად აღხოცვა ქსნის საერისთაოსი. ესე უნებდა მას ერთობისათვის მეფობისა და სიმტკიცისათვის ერთმთავრობისა დაასუსტოს თემთა მთავარნი ანუ სრულად აღფხვრას იგინი, მაგალითითა მით, რომელიცა დიდისა სიბრძნით ჰქმნა მეფემან თეიმურაზ, ოდეს განაქარვა სამუდამოდ ერისთავობა არაგვისა. შეგროვილთა მეფისა სასახლესა შინა მდივანბეგთა განიხილეს საქმე და ორგულობა, რომელთაცა შესწამებდნენ ერისთავთა. ჭაბუა ორბელიანმან და იოსებ თუმანიშვილმან და სხვათა სძლეს სხვათა და განაჩინეს სრულიად უკუნითი უკუნისამდე მიეღოს მათ საერისთაო. სიმტკიცისათვის და შეუცვალებლობისათვის ესრეთისა განჩინებისა იქმნა კრება, დაიწერა ძეგლის წერა, და მოსწერდა ხელი დაესვათ ბეჭედნი მეფისა და სამეფოჲსა სახლისა წევრთა, კათოლიკოსისა და მღვდელმთავართა რვათა. კირილე მთავარეპისკოპოსმან მისცა ხმა მიემატოს ძეგლის წერას ესეცა: „იყავნ კრული თვით მეფეცა, რომელმანცა გახსნას შეკრულება ესე და სცვალოს განჩინება“.

მეფის ძესა გიორგის არ უნებდა არც ხელის მოწერა, არცა ბეჭდის დასმა. აქედამ სცნეს პირველად ჰაზრი მეფის ძისა. იწყინა მეფემან: დაიბარა შვილი თვისი, ჰყვედრა მას ურჩება გამოცხადებული და უბრძანა დასვას ბეჭედი. მეფის ძე მორჩილ ექმნა მამასა, გარნა გაიმეგობრა ერისთავნი და მთის მკვიდრნი, რომელთაცა სურდათ ერისთავნი თვისნი, გალაღებულნი მათგან. ესე სიყვარული მათ შორის დასცხრა და განქარდა მაშინ, ოდესცა ერისთავმან რევაზ 1800 წელსა შეირთო ცოლად ანასტასია, ქალი ირაკლისა და ოდეს ფარნაოზ მეფის ძემან იდუმალვე მამისა თვისისა მიიყვანა ცოლად ანნა ქალი ყულარაღასისა ერისთავისა. _ (თავი LII).

ესრეთივე იყო მოქცევა მის მეფის ძისა გიორგისა, ოდეს მეფემან ირაკლი დასწვა მოღალატენი მისნი პაატა ბაგრატიონი, თაქთაქიშვილი და დააჭრა ფერხთა ძარღვნი ამილახვარსა ალექსანდრეს. მეფის ძეს გიორგის არ უნებდა ასრულება ესე ვითარისა სასტიკისა განჩინებისა. მოქმედებითა ამით უჩვენა ქართველთა ერსა გულჩვილობა თვისი და ესე იყო მიზეზი, რომელ თვით ალექსანდრე ამილახვარმან რუსეთსა წარსულმან დაბეჭდა წიგნი რუსულად (6). და მას შინა მაგიებელი მეფისა ირაკლისა, ადიდებდა მეფის ძეს გიორგისა და აღწერდა მას კაცად კეთილად, ბრძნად და სათნოებათა მრავალ მექონად. _ მეფესა მოახსნეს წიგნისა ამისთვის დაბეჭდილისა და მან მისწერა იმპერატრიცასა ცუდკაცობა დასჯილის ამილახვრისა. რუსეთმან სურვილისამებრ მეფისა აკრძალა წიგნი იგი და აცნობა მეფეს, რათა მან განუსვენოს მას. იგი იყო ნათესავი ათანასი თფილელისა, დაშთომილისა რუსეთსა და მუნ გარდაცვლილისა (ალექსანდრე ამილახვრის წიგნის შესახებ საუბარი იყო ზემოთ, LI თავში). _ (თავი LIII).

მოახსენეს მეფის ძესა წიგნისათვის ამილახვარისა, დაბეჭდილისა რუსეთსა. ინება მეფისა ძემან თარგმნილისა ქართულად წარკითხვა. სთხოვა მთარგმნელსა მისსა, წარუკითხოს მას იგი. მთარგმნელმან პეტრე ყიზლარელმან კოტიევმან მოახსენა, არა ქონვა მისი ქართულად. თარგმნილი მივართვი მეფესაო. მეფის ძემან ვერ გაბედა თხოვნა მისი და უბრძანა პეტრესა, ხელახლა სთარგმნოს ქართულად. მაშინ გარდმოიღო ქართულად არა მრთელი წიგნი, არამედ 14 ადგილი საგიობელი მეფის ირაკლისა და სხვანი ქებითნი სიტყვანი მეფის ძისა გიორგისათვის. უბრძანა მადლობა მას, გარნა ირაკლი მცნობმან, რომელ დაარღვია ბრძანება მისი, რათა არა ვისთვისმე ეჩვენებინა იგი, გაუწყრა მას და განაძია თფილისით. ესრეთი იყო კავშირი შორის მამისა და შვილისა. მტერთა განიხარეს და განძლიერდენ წინააღმდეგნი და მეტოქნი გიორგისა! _ ესენი რავდენნიმე წიგნისა ამის ფურცელნი ცუდად ნათარგმნი და სომეხთა ენისად მიქცეულნი მეცა მინახვიან (სჩანს იყო მთარგმნელი სომეხი), ვნახე და წარვიკითხე ნიკოლოოზ დავითის ძე ჩუბინოვისა წიგნთა საცავსა. ვგონებ გამოსთხოვა შემდეგ იგი ამას მთავარმან მეგრელიისა დავით ლეონის ძემან დადიანმან, _ დიდათ მოყვარემან ქართველთა მწიგნობრობისა.

ამას შინა რვეულსა იდვა სხვაცა ფურცელი ლურჯ ქაღალდზედ ნაწერი, რომლითაცა სთხოვა მეფესა, მისცეს ნება ორისა თთვითა წარვიდეს ეჩმიაწინსა სანახავად დროთა ამათ სომეხთა კათოლიკოსისა ლუკასი. მეფე ირაკლი უწერს მას ფურცელზედა უარსა დროთა გარემოებათა გამო: ოქმივით დაწერილსა, უარის პასუხსა უზის პატარა ბეჭედი მეფისა ირაკლისა. _ (თავი LI).

დღესა მესამესა შემდგომად შერთვისა მეფის ძისაგან მარიამ გიორგი ციციშვილის ქალისა, წარვიდა მეფე ირაკლი და ნახა რძალი თვისი სავსე მშვენირებითა, ჯერეთ ყმაწვილი 14 წლისა. მეფემან მიართვა პირის სანახავად ხატი ღვთისმშობლისა, ამბარჯა ძვირფასი თვლებითა, მარგარიტითა და იაგუნდებითა მორთული, რომელიცა ჰფასობდა იტყვიან ას თუმანთა, ქარხანა ზეთის სახდელი მტკვრის ხიდის გაღმა, მეტეხისა კლდისა ძირში ავლაბრისა გზისა მარჯვნით. მასვე დღესა მეფისავე მუნ ყოფნასა მიბრძანდა დედინაცვალი და დედოფალი დარეჯან, და ამანცა პირის სანახავად უბოძა რძალსა თვისსა ძეწკვი ოქროსი და გულსაკიდი ამბარჯა, საკაბე მძიმის ფარჩისა, შალი ინდოეთისა, კრიანესული 70 მარგარიტისა ასხმული და 30 იაგუნდისა თვალი.

არა გამოჩენილი ქორწილი მეფის ძისა მოითხოვდა რათა არა გამოჩენილადცა ყოფილიყო მიღება სასახლესა შინა ახალისა სძლისა. ამისთვის თვითოეულად მოვიდოდნენ და წარდგებოდნენ სასხლისა კარისა კაცნი თავადნი და აზნაურნი და თვით კათოლიკოსი და სამღვდელონი თფილისელნი. დროთა ამათ თფილელი ათანასი მივიდა და მიართვა მყოობადსა თვისსა დედოფალსა ხატი ღვთისმშობლისა ვეცხლმოქსოვილი, დაუჯდომელი, დაბეჭილი ქაიხოსრო მეფისა დროსა 1709 წელსა თფილისს, დალოცა და აკურთხა იგი პარაკლისისა გარდახდითა მუნვე სახლსა. ესრეთი იყო ძველადე ჩვეულება თფილელთაგან, რადგანაცა თფილელი და მროველი თვისითა ეპარქიებითა იყვნენ ძველადვე სადედოფლოდ დანიშნულნი. მაშინ შესწირა თვით დედოფალმან სიონისა ეკკლესიასა ბარძიმ-ფეშხუმი, რომლსაცა აქვნდა შთასხმული სამი დიდი ალმასი გარემო გამოკვეთილისა მაცხოვრისა ხატისა. ესე დაიკარგა თფილისისა აღებისა დღესა 1795 წელსა. ისაკ კანდელაკმან სიონისა, კაცმან მრავალთა საეკკლესიოთა წიგნთა და გულანთა აღმწერელმან მიართვა თვისგან დაწერილი მშვენიერად ხუცურად დაუჯდომელი და პარაკლისი ღვთისა დედისა. თავსა ხატია ღვთისმშობლისა ხატი და შთაურთო მუნ 18 სახე ღვთისავე დედისა ქებათა გამომეტყველი, თანახმად 9 ხმისა დაუჯდომელისა საგალობელთა და ესოდენისავე ხმისა პარაკლისისა საგალობელთა; დასასრულ წიგნსა ეწერა ესე: „მე ისაკ ხუცესმან სიონისა, მივართვი წიგნი ესე მეფის რძალსა მარიამსა, მეუღლესა პირმშოისა მეფის ძისა გიორგისა. ღმერთმან მშვიდობაში მოახმაროს. ქ~კ~ს (ქორონიკონსა) 1783“.

მხატვრობაები მუნ მშვენივრად ნახატნი ოქროსა და ვეცხლისა ვარაყითა შემკულნი განაბრწყინვიდენ თვით წიგნსა, სალოცავად მეფის რძლისათვის მომზადებულსა. დასასრულსავე წიგნისა ეწრა ესე: „ღვთისა დედაო მადიდე სულითა მხატვარი სახეთა შენთა ნიკოლოოზ“, _ გამოვიძიე ვინაობა მხატვრისა ამის და ვსცან, რომელ იყო იგი თავადი ნიკოლოოზ აფხაზი, კნიაზად ხმობილი, რუსეთსაც მეფისაგან სხვათა თანა დესპანთა წარგზავნილი, მამა ბრძნისა და მხნეობითა გამოჩენილისა ღენერალ-მაიორისა ივან ნიკოლაიჩისა (გარდაიცვალა ხოლერითა ვარშავას 1831 წელსა) და ორთა სხვათა, ძმათა უშვილოდ ამოწყვეტილთა. _ ესე ნიკოლოოზ მარხია სიონისა საკათედროს ეკკლესიასა, ვითარცა მიამბო თვით შვილმან მისმან ივანე ნიკოლოოზის ძემან, რომელმანცა პირველად გამამგზავრა რუსეთად სწავლისათვის.

ხატი ესე აქვნდა მეფის ძესა მიხაილსა, ხოლო დაუჯდომელი თვით დედოფალსა მარიამს, რომელმანცა თვით მიჩვენა მე მოსკოვს 1835 წელსა. დაბრუნებულსა რუსეთიდამ საქართველოს, მასვე დროსა მასთანავე გადმოვსწერე ზედა წარწერა წიგნისა. ვის აქვნან აწ ესენი და რომელთა მემკვიდრეთაგან მისთა, არა ვუწყი. _ (თავი LV).

მუხრანისა მოხილვის დროსა, მტკვრისა ციხიდამ ეკვირებოდა ადგილთა მშვენიერებასა, ქსნისა ერთის მხრით და არაგვისა მეორით მდინარეობასა, ვენახთა სიმრავლესა, მინდორთა მოსავალითა სავსეთა, ეკკლესიათა და კოშკთა და ნაშენობათა ძველთა ახალთა ადგილ-ადგილ თვალსაჩინოდ მდებარეთა. დიდად დამტკბარსა ესრეთითა ხილვითა მეფის ძესა, მუხრანის ბატონმან იოანე, სიძემან თვისმან, გარნა არასაყვარელმან, მოახსენა: „ეს, რასაც ხედავთ ქსნიდამ არაგვამდინ და მთიდამ იმა მთამდე ჩემიაო“. მაშინ სწრაფლ უბრძანა მეფის ძემან: ნუ, ნუ, მუხრანის-ბატონო, ნუ ბრძანებ მაგას, ეგე გვარი თქმა სატანამ მოახსენა მაცხოვარსა: „ესე ყოველი ჩემიაო, მოგცემ შენ სამეფოსა მას, უკეთუ თაყვანის მცემო. ნუ ვიქადით სახელითა ჩვენითა. არა ჩვენ, არა ჩვენ, არამედ სახელსა შენსა ეც პატივი“, მხლებელთა გაეღიმათ, მუხრანის-ბატონმან სდუმა და სხვათა მეცნთა კაცთა და წილკნელმან ამბროსი განიკვირვეს მარჯვე პასუხი წმინდისა სახარებიდამ მარჯვედვე და თვისსა დროსა სათქმელად მოღებული.

დასატკბობელად მუხრანის-ბატონისა, თვით ბრძანა ქებითი სიტყვა მუხრანისათვის სამთავროჲსა: „დიდი საუფლისწულო შეხვდათ მუხრანის ბატონთა, მეფეთა ტომთა, _ იტყოდა მეფე, _ მუხრანის ბატონი ჭეშმარიტად არის მთავრი მდიდრად მექონი პურისა, ღვინისა, საკლავისა, ტყისა და ნადირთა. მეტადრე ორაგულთა, მცურავთა მარჯვნივ და მარცხნივ მისისა სახლისა. არაგვი და ქსანი, _ ორნი აქვნან ორაგულისა, თევზთა ბატონისა, მდინარენი მუხრანისა ბატონსა, 1200 კომლის ბატონსა და ვითარცა მემარჯვენესა ემორჩილების 6000 მეომარი. ეპისკოპოსი წილკნელი და წინამძღვარი შიო მღვიმისა მისთვის ილოცვენ. ძვალნი წმინდისა შიოსი და საფლავი წმინდისა იესე წილკნელისა, აქვნან მას საფარველად. აი, ბატონო მუხრან-ბატონო სიმდიდრე თქვენი, სიქადული და სასოება მტკიცე. _ ორნივე ესენი არიან ეკკლესიისა სვეტნი და მეფეთა გვირგვინისა სამკაულნი“.

ამასვე დროსა პირველსა წელიწადსა მეორედ ქორწინებისა მეფის ძისა (ე. ი. 1782 ან 1783 წელს _ ი. ხ.) დამან მისმან მეფის ასულმან ქეთევან, მიიპატიჟა მუხრანსა რძალი თვისი მარიამ, მიღებული დიდისა პატივითა და თექვსმეტითა ქალითა დიდთა გვართაგან, დახვდებოდა ვითარცა მათ, ეგრეთვე მეფის ძესა გიორგის ცოლის ძმასა თვისსა. მომთხრობი ამბავთა ამათ ზაალ გურამიშვილის ცოლი ნინა, დღესაცა ცოცხალი, თვით იყო დამსწრე წვეულებისა და დაასახელა შვიდნი ქალნი საჩენად მორთულნი, მშვენიერებითა მბრწყინავნი, ტკბილად მოუბარნი, საოცრად მროკველნი. ესენი იყვნენ პაატა ციციშვილის ქალი სოფიო, გასათხოვარი 13 წლისა; თუმანიშვილის ცოლი ქეთევან, დიდად კეკლუცი; მაყაშვილის ქალი ნინო, 14 წლისა დანიშნული... ანდრონიკაშვილზედ, გარნა გათხოვებადმდე გარდაცვლილი, საყვარელი მეფის ძისა გიორგისა, რომელსაცა დიდად ეალერსებოდა თვით მეფე ირაკლი. თინათინ, ქალი ამილახვრისა ამირინდოსი, გასათხოვარი და დედამისი თამარ მშვენიერი და მეფეთა ალერსი; ელენე დაჲ მისივე თინათინისა, ცოლი ახლად ჯვარდაწერილისა მასზედ აბაშიძისა დავითისა; ბარბარე ყაფლანიშვილი; ელისაბედ ციციშვილის ცოლი, სიტყვა მარჯვე, მოხუმარი და ზმათა მთქმელი შესაქცევად მრავალთა.

ათი დღე დაჰყვეს მუნ; _ კარვებითა იყო სავსე მუხრანისა გარემონი. 300 კაცი შეჭურვილი ახლდნენ სტუმართა. წვეულება ესე იყო ენკენისთვისა 8 რიცხვსა თთვესა ამას, რომელსაცა არის დღესასწაული წილკნისა ტაძრისა აღშენებულისა ღვთისმშობლისა შობისა სახელზედ; დაჰპატიჟა თვით წილკნელმან, ჰქმნა სახელოვანი სტუმრობა და მუნითგან, კურთხევითა მაღვდელმთავრისა ამბროსისა, წარვიდენ მცხეთისა გზით ქვემო ავჭალას და მივიდნენ მეფის ძე გიორგი და მეუღლე მისი მარიამ, ქალნი და კაცნი მხლებელნი მათნი და ისადგურეს მუნ 4 დღე და, აქა მასპინძლობდა მათ ზაალ გურამიშვილი, მეფის ძისა განსაკუთრებით ერთგული და ცოლი მისი ნინო ანდრონიკაანთ ქალი, ნათესავი პირველისა მეფის ძის ცოლისა ქეთევანისა და მომთხრობი ამბავთა ამათ. ამისაგანვე ვსცან მრავალნი ამბავნი, აქ მოხსენებულნი მეფისათვის, თვით მოხუცი 103 წლისა ვერ მიგებდა პასუხსა უსმენელობისა გამო ყურთა მისთა შეკითხვათა ჩემთა; ამისთვის გარდასცემდა მას შვილიშვილი მისი კნეინა ოლგა ჭავჭავაძისა, ქალი კ. თადეოზ გურამოვისა და ცოლი კ. ილიასი, ქართველთა პოეტისა, _ ჩაბერვითა მაღლად მოხუცისა ყურთა და ესრეთ მეტყოდა პასუხსა და მომითხრობდა ძლიერად, გონიერად და სრულითა მეხსიერებითა. „არ არიო წერასა შინა ამბავი ჩემგან ნახულისა, _ იტყოდა მოხუცი, _ და ამბავი გაგონილისა ჩემგანვე. მეისტორიე ფრთხილად უნდა წერდესო“. _ (თავი XLVIII).

1778 წელსა წარვიდა ზაფხულისა თთვეთათვის თრიალეთისაკენ და აქედამ გარდავიდა 300 კაცითა და დაიბანაკა თაფარავანის ტბისა პირზედ. _ სცნო ესე ფაშამან ახალქალაქისა, მივიდა და არა ესტუმრა მეფის ძესა გიორგის. „მე გიახელ გიმასპინძლო ჩემსა ქვეყანასა“, _ რქვა ფაშამან. ესრეთ დიდისა პატივითა მიღებული გიორგი იყო წვეული თთვესა ერთსა თურქთა წესითა. თან ახლდა მას თავადი იოანე ანდრონიკაშვილი, ეგნატი იოსელიანი, თურქისტანიშვილი დავით, ბარათაშვილი იასონ და სხვანი. მღვდელნი დღე ყოველ ულოცავდენ სასახლისა ჩვეულებითა ცისკარსა და მწუხრსა და ოდესმე აღასრულებდენ წირვასაცა ნაკურთხსა კარავში, რომელსაცა არა მოიშორებდა თვისაგან გიორგი მოგზაურობისა დროსაცა. _ ძველნი სამესხოჲსა ქართველნი დროთა ამათ გათათრებულნი, ქალნი და კაცნი, _ დიდისა ლმობიერებითა ისმენდნენ ლოცვასა და ვედრებასა სიტყვათა მათსა ენასა ზედა, მათგან არ დავიწყებულთა ვიდრე დღეინდელად დღედ. ერთი მათ შორის იპოებოდა ყმაწვილი ლეკი, რომელსაცა მეფის ძე უალერსებდა; მოახსენეს რომელ არა უვის მას არცა მამა და არცა დედა და არს ობლად დარჩომილი და გამოიკვებება სამადლოდ სხვათაგან. მეფის ძემან ითხოვა იგი, მისცენ მას, უბოძა ცხენი და წამოიყვანა 10 წლისა თვისდა. შემდეგ 20 წლისა მონათლეს იგი; იყო მიმქმელად თვით მეფისა რძალი ელენე, მეუღლე მეფის ძისა და მემკვიდრისა, და სცხოვრობდა მასთან ს. პ. ბ. (სანკტ-პეტერბურგში) და მუნ გარდაიცვალა 1854 წელსა დამტოვებელი შვილთა. მას ერქვა სახელად სვიმონ. გვარი მისი არა მახსოვს.

ესე მიამბო თვით მეფის ასულმან ელენე, ემბაზით მიმქმელმან ჩემმან 1809 წელსა, ოდეს მისულმან პირველად რუსეთსა, ვიხილე იგი 1831 წელსა.

თაფარავანით გადმოვლო მთა საციციანო და მოვიდა ქარელსა; აქედამ მიიწვია მროველმან ეპისკოპოსმან რუისისა; განვლო მტკვარი ტივით, დაჰყო მასთან სამი დღე. აქედამ ამილახვარმან ოთარ ისტუმრა ტივით ოთარაშენსა, მისგან დადგინებულსა სოფელსა და სასახლესა; მოსრული გორსა მანვე მოიწვია ამილახვარმან, ვითარცა გორის მოურავმან. აქედამ ღამისთევითა განატარა გორისჯვრის ეკკლესიაში მწუხრი, ცისკარი და წირვა. _ ამასვე დღესა დაწინდეს მისსა ქალსა ელენეზედ მეფის ძე თეიმურაზ, რომელსაცა არა სურდა იგი ცოლად მიზეზისათვის მის, რომელ იგი იყო პირველ დანიშნული მის ძმაზედ მემკვიდრეზედ დავით, რომელმანცა მამისა არა უთანხმოებით შეირთო ცოლად სომეხთა აბიმელიქის სვიმონისა ქალი. _ შემდეგ ორისა დღისა მთაზედ ყოფნისა, მეფე შეიქმნა ავად, და წარმოვიდა მუნით რა ცხენით, დასვეს ტივზედ და ესრეთ მოიყვანეს ქალაქს თფილისს. (აქ პლატონ იოსელიანს როგორც ჩანს ერთმანეთზე გადაბმული აქვს ორი სხვადასხვა ამბავი, ვინაიდან დავით ბატონიშვილის ქორწინება სვიმონ აბიმელიქის ქალზე ელენეზე, შედგა არა 1778 წელს, არამედ დაახლოებით ოცი წლის შემდეგ, 1790-იანების ბოლოს _ ი. ხ.).

ტკბილია ტივზედ ჯდომა და სიარული მტკვრისა გზითა. კნიაზმან გრიგორი გაგარინმან აწ ღოфმეისტერმან, მოინდომა წამოსვლა გორიდამ თფილისს და ვიარეთ ამ გზით მე და მან 1851 წელსა სეკდემბრის თთვეში. _ დილით წამოსული მოვედით ს. გომსა, და მეორესა დღესა 8 რიცხვსა, ქალაქსა თფილისსა. ტივზედ მჯდომელნი თავისუფლად და დაუბრკოლებლივ ვიკითხავდით წიგნთა ვსწერდით. ესე ჰქმნა მან, რათა შეაჩვიოს ქართველნი ტივითა ჩამოსვლასა ქართლით თფილისად, მაგალითითა მით, რომელ ტიროლში მდინარითა ი ზ ა რ, მოვლენან ესრეთ ტივითავე მიუნხენში, ესრეთმან ჩვენმა მგზავრობამან მისცა საგანი კომედიისა მწერალსა ანტონოვსა და დასწერა ტივით სიარული. კ. ვორანცოვმან, დამბადებელმან ქართულისა თეატრისა, დააჯილდოა მწერალი და მიიღო თვისდა ყოველივე დასაბეჭდავად წარსაგებელი. _ (თავი LVII).

ოდეს მეფემან ირაკლი დაადგინნა შვილნი თვისნი სხვათა და სხვათა ადგილთა ზედა საქართველოსა სამეფოსა, და მისცა განსაგებელად არაგვი _ შვილსა თვისსა ალმასხანს, _ მაშინ უმცროსი ძე ირაკლისა ფარნაოზ ჯერეთ 15 წლისა დარჩა უადგილოდ. მეფემან ბრძანა, რათა დრომდე იყოს და სცხოვრობდეს ესეც დუშეთს ძმისა მისისა ალმასხანისა თანა. ესრეთითა ბრძანებითა წარვიდა იგი დუშეთს და ალმასხან ადრევე ცნობილი ესრეთისა მეფისა განჩინებისა გამო, შესწუხდა და ოდეს მივიდა დუშეთს ფარნაოზ, მან ძმამან იგი არ მიიღო. თანამხლებელთა უქადეს თობისა გავარდნა და აზნაურნი არაგვისა, შთაგონებულნი ალმასხანისაგან, იტყოდენ სიტყვათა მკვახეთა. ამისთვის მასვე დღესა უკუმოიქცა ფარნაოზ და მოვიდა ტინის გზით მჭადის-ჯვარს და ისადგურა რამდენსამე კვირასა სახლსა დისა თვისისა მეფის ასულისა ქეთევანისა, მეუღლისა თავადის იოანე მუხრანის ბატონისა.

მეფემ ირაკლიმ სცნო ესე და დიდად შესწუხნა. დედოფალი დარეჯან მრისხანებდა შვილზედ და უნებდათ მეფესა და დედოფალსა გამოდევნა არაგვიდამ ალმასხანისა; მაშინ ჭაბუა ორბელიანისა რჩევითა შევიდნენ შუამდგომლობასა კათოლიკოსი ანტონი და თვით მეფის ძე მემკვიდრე გიორგი და მათთან მახლობელი დეკანოზი სიონისა იოანე ოსეს ძე. ორნივე ესენი წარვიდენ მუხრანის გზით დუშეთს, წარიყვანეს თვისთანა მეფის ძე ფარნაოზ და დროებით დაასადგურეს ალმასხანთან. ექვსსა დღეს შექცევითა განატარეს მუნ დრო სიყვარულისა. აზნაურთა დამშვიდებისათვის და ნიშნად ჭეშმარიტისა კავშირისა შეჰფიცეს ყოველთა ბოდორნისა ეკკლესიასა შინა დღესა 8 სექტემბერსა, რომელსაცა არის დღესასწაული თვით ტაძრის ამის გუმბეთიანისა, მაღალსა ბორძვსა ზედა. აქა სწირა თვით კათოლიკოსმან ანტონი და გარემო ეკკლესიისა დიდისა სერისა დაგებითა თავადთა და აზნაურთა არაგვისა. მხიარულებდენ მემკვიდრე გიორგი და ძმანი მისნი. _ გარნა ფარნაოზმან თვით შემდგომად 6 თთვისა არა ინება მუნ დგომა და მივიდა მამისა სახლსა თფილისსავე. _ (თავი XXXI).

1783 წელსა ოდესცა იწყეს საეკკლესიოთა წიგნთა ბეჭდვა ქ. თფილისს, მაშინ მოახსენეს მეფესა, რათა რუსთა წესითა შემდგომად სიტყვათა: „დროსა კეთილმორწმუნისა მეფისა ირაკლი მეორისა და დედოფლისა დარეჯანისა“ დაემატოს ესეცა „და მემკვიდრისა მათისა მეფისა ძისა გიორგისა“, სურვილისამებრ თვით მეფის ძისა და განსასვენებელად ძმათა, რომელნიცა მარადის განიზრახვიდენ მეფობისა მიტაცებასა, იწყინა ესე მეფემან და უბრძანა სტამბისა ზედამხედველსა... არღა მოახსენებდეს მას ესრეთსა უშვერსა მოხსენებასა. კათოლიკოსმან ანტონი სტუქსა კეჟერაშვილი მღვდელი და აბრამ ურიათ-ყოფილი და... მღვდელივე... მბეჭდავნი წიგნთა. დაბეჭდილნი რავდენნიმე დაწყებითნი ფურცელნი, მოითხოვა და ბრძანა მისცენ ცეცხლსა და არღა იქმნეს ესე. ტრიფილე არქიდიაკონსა ებრძანა კათოლიკოსისა პირითა საყვედური დიდი და მოძღვარმან მეფისა ზაქარია სულხანიშვილმან მბეჭდავმანვე გამოუცხადა მას ტრიფილეს ბრალისა მიტევება გაბედვისათვის ბეჭდვისა და დასტამბვისა რისამე. _ არ ნებართულისა მეფისაგან და თვით კათოლიკოსისა. ერთი ესრეთი ფურცელი ვნახე დავით რექტორისა წიგნებში; მომსყიდავი რავდენთამე მისთა წიგნთა. _ არა ვიცი სადა მიეფარა ეს ფურცელი დასამტკიცებელად ესრეთისა ჩემისა მოთხრობისა. _ (თავი LIV).

მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი:
(1) ესე ბერო პავლიაშვილი, მხლებელი მეფის რძლისა და მზითევში მოყოლებული, გარდაიცვალა ქ. თფილისს 15 აგვისტოს 1845 წელსა 107 წლისა. მისთვის დავბეჭდე მასვე წელსა ვითარცა რედაკტორმან ჟურნალსა შინა: «Закавказскій Вестнікъ», 1845 годъ №18, часть неоффиц.

(2) გვერდით გადაშლილია: სოლომონ, სალომე, ლუარსაბ _ გარდაცვლილნი ყრმად.

(3) საფლავი ესე არის დიდსა და ვრცელსა გამოკვეთილსა კლდესა შინა იოანე ღვთისმეტყველისა ეკკლესიასა. დღესა არღაა მუნ წირვა. თაღი 1830 წლიდამ ჩაიქცა და დიდნი კლდისა დანახეთქნი ღორღად აწევს საფლავსა ამას და კახთა მეფისაცა ალექსანდრესსა, გარდაცვლილსა მუნ. ზედა წარწერა პირველისა არ ვიცი რა იყო, და მეორისა არის შემდეგი, ადრიდვე ჩემსა ქაღალდებში შენახული:

„ჩვენ ალექსანდრე მეფემან, სახელსა ზედა ღვთისასა,
აქა შევვარდი საფლავსა, ღირსისა დავითისასა;
სიყვრულითა შევამკე, მსგავსადვე სამოთხისასა,
და მეოხ-გვეყოს და მფარველ, წინაშე მეუფისასა“.

საქართველოს შინა მყოფი 1772 წელსა მეცნიერი გულდენშტედტი სწერს: „გიორგი 1772 წელსა იყო 28 წლისა (უფრო სწორად 26-ის გამოდის _ ი. ხ.). მეუღლე მისი არის ქეთევან, ქიზიყის მოურავისა, თავადის პაპუნა ანდრონიკაშვილის ასული, შვილი მისი დავით 4 წლისა (ე. ი. უნდა დაბადებულიყო 1768 წელს _ ი. ხ.); იოანე 2 წლისა (1770) და ჰყვანან ორნი ქალნიო“ (Reisen durch Russland und ins Caucasischen Gebütge, S. P. B., 1787, ნაწილი 1, გვ. 337).

აქავე იტყვის, რომელ დროსა ამას მეორე შვილი ლეონ ანუ ლევან იყო 20 წლისა (ე. ი. უნდა დაბადებულიყო 1752 წ.), რომელსაცა ჰყვანდა ცოლად ქალი დიამბეგისა ქაიხოსრო ანდრონიკაშვილისაო. იულონ იყო 12 წლისა (1760), ვახტანგ 10 წლისა (1762), თეიმურაზ იგივე შემდგომად კათოლიკოსი ანტონი მეორე 8 წლისა (1764), მირიან 7 წლისა (1765), ალექსანდრე 2 წლისა (1770) და ლუარსაბ ექვსის თვისაო.

ქ ა ლ ნ ი ი რ ა კ ლ ი ს ა:

1) თამარ, ცოლი სალთხუცისა ორბელიანისა.
2) ელენე, ცოლი არჩილისა, რომელიცა იყო ძმა სოლომონ მეფისა დიდისა;
3) მარიამ, ცოლი ქალაქის მოურავისა დავით ციციშვილისა;
4) ქეთევან, ცოლი მუხრანის ბატონისა;
5) ხორეშან 4 წლისა და
6) ანასტასია 3 წლისა.

ამავე დროს ცხოვრობდაო დედინაცვლი ირაკლისა და ქვრივი თეიმურაზის მეფისა ანახანუმ თაქალთოიანი. ამისი ასული მოკვდა ვითარცა მეუღლე მეგრელთა დადიანისაო.

დაჲ ირაკლისა არის ქვრივი ეშიკის-ბაშის დიმიტრი ორბელიანისა. დაიბადა 1722 წელსა.

(4) მაშინ ისიხი მწიგნობარმან შუა მღვიმელმან უქმნა მუხრან-ბატონსა იოანეს ზედაწერილი ბეჭდისა:

ერთი მწრამს ღმერთი,
ერთი ბატონი,
სარდალ-სალთხუცეს
მუხრან-ბატონი.

(5) დროთა ამათ იყვნენ გამოჩენილად და ბრწყინავდნენ ვითარცა მნათობნი უდაბნოთა:

ს ა ბ ა, ბერი მწირი, მოსული დავით გარესჯას იმერეთით, საყვარელი მეფის ძისა გიორგისა, მხნე სულითა და ხორცითა. ესე იყო ნათლია ანუ მიმქმელი მეფის ძის მიხაილისა.

ს ე რ ა პ ი ო ნ, ნათესავით იმერელი. 28 წლისამ დაუტევა სოფელი და ისწავა მორჩილმან უდაბნოისა ნათლისმცემელისა წერა და კითხვა. მეფემან თეიმურაზ უბოძა წინამძღვრობა და 120 წლისა გარდაიცვალა 1762 წელსა. მოღვაწებასა მისსა ამსგავსებდნენ ძველთა თებაიდისა და პალესტინისა მეუდაბნოეთა.

დღესა ერთსა ბერი სნეული მიიცვალებოდა და მოისურვებდა წინამძღვრისა თვისისა ნახვასა. მოახსენეს ესე სერაპიონს, და ამან არა გაწყვიტა კითხვა ლოცვანთა და ბერი გარდაიცვალა. იქმნა დრტვინვა ძმათა. მაშინ შევიდა სენაკსა მას გარდაცვლილისა ბერისა და ხმამაღლა უბრძანა ბერსა: „ს ა ხ ე ლ ი თ ა უ ფ ლ ი ს ა თ ა ა ღ ს დ გ ე ს“. აღდგენილსა მკვდრეთით, აღუთქვა, კვალად სიცოცხლე ერთსა წელსა. ესე მომითხრა მე მოხუცმან მღვდელმან ლაზარემ საგარეჯოელმანო, _ მეტყოდა მე მეფის ძე მიხაილ.

გ ა ბ რ ი ი ლ ნათლისმცემელისა უდაბნოჲსა მოღვაწე. ამან 1779 წელსა უანდერძა მეფის ძეს გიორგის ხატი სასწაულმოქმედი ღვთისმშობლისა, ოქროთ მოჭედილი. ესე ხატი შემდგომად მეფისა გიორგისა აქვნდა მეფის ძეს მიხაილს. ვის დარჩა ესე შემდგომად მიხაილისა, არ ვიცი.

გ ე ნ ნ ა დ ი 140 წლისა მწირი ბერი ნათლისმცემელისა, გვარით თულაშვილი, დიდი მოღვაწე. კვირისკვირამდე მმარხველი, სალთხუცეს ყოფილი დავით ერისთავისა. 60 წელი არ ენახა სოფელი, არც არავის ეჩვენებოდა მოსრულთა მონასტერსა შინა, გარნა ოდესმე ეპისკოპოსთა და მეფეთა მუნ მისრულთა. გარდაიცვალა 1721 წელსა.

ი ლ ა რ ი ო ნ ხევსურელი, კაცი მართალი და წრფელი, მღვდელ-მონოზონი. 80 წლისა მიიცვალა დავით გარესჯას.

დ ა ნ ი ი ლ ბერი, მოწაფე სერაპიონისა, 4 წლიდამ უდაბნოსა შესრული.

გ ა ბ რ ი ი ლ ბერი, მოწაფე სერაპიონისავე, 120 წლისა, პირველად დოდოს მონასტერსა ყოფილი. მოკლეს ლეკთა 1802 წელსა. ამან იმარხვა 40 დღე, რათა ჰპოვოს ხატი ღვთაებისა წმინდის ანტონის მარტომყოფის მონასტერსა.

ვ ე ნ ე დ ი კ ტ ე ფავლენიშვილი, მოკლული ოსთაგან 1822 წელსა.

თ ო მ ა გარსევანიშვილი, წინამძღვარი დავით გარესჯისა; ამას წაართო წინამძღვრობა დავით ბატონიშვილმან, და მისცა ილარიონ ბებურიშვილსა, და გარდაიცვალა 1802 წელსა 120 წლისა; მასწავლებელი მრავალთა თავადთა და აზნაურთა.

(6) იგულისხმება წიგნი: История георгианская о юноше князе Амилахорове с кратким прибавлением истории тамошней земли от начала до нынешняго века, которую рассказывает Усим, купец Анатолииский сотоварищам своим между разными известиями. 1 часть. Переведена на российский язык И. С. Спб. 1771 г. Типогр. Х. Ф. Клеэна (რაც ქართულად ასე ჟღერს: გეორგიანული ისტორია ჭაბუკი თავადის ამილახვრის შესახებ იქაური ქვეყნის ისტორიის მოკლე დამატებით დასაწყისიდან ამ საუკუნემდე, რომელსაც უსიმი, ანატოლიელი ვაჭარი უყვება თავის ამხანაგებს სხვადასხვანაირ ცნობებს შორის. 1 ნაწილი. რუსულ ენაზე თარგმნილია ი. ს.-ის მირ. ს. პ. ბ. 1772 წ. ჰ. ფ. კლეენის ტიპოგრაფია) (წიგნი წარმოადგენს პამფლეტს ერეკლე მეორეზე).

No comments:

Post a Comment