Wednesday, December 22, 2010

ივანე ჯავახიშვილის შეხედულებები ურარტელებისა და ხეტების შესახებ

“ცნობები ქართველი ტომების უძველესი ბინდრობის შესახებ სრული არ იქნებოდა, თუ რომ ურარტელებისა და ხეტების ვინაობას არ შევეხეთ. კასკების ანუ კოლხების აღმოსავლეთით, მდ. ევფრატისა და ტიგროსის სათავეებში, ვანის ტბის, მდ. არაქსისა და არარატის მიდამოების ქვეყნებში ნაირის, ვანისა და ურარტუს სამეფოები იყო. ამ სამ სახელმწიფოთა შორის ყველაზე სამხრეთი ნაწილი ნაირის ქვეყანას ეჭირა, მერე ვანი, ანუ ბიანა მისდევდა, შემდეგ კი ყველაზე ჩრდილოეთით ურარტუს სამეფო იდო. VIII საუკუნეში ქრ. წ., იმ დროს, როცა ასურეთი თავის თავს აღმოსალეთის უმეტესი ნაწილის ბატონად სთვლიდა, ზემოაღნიშნული სამეფოები ურარტუს მეთაურობით ძლიერ მეტოქეობას უწევდნენ.

სიტყვები ნაირი, ბიაჲნა და ურარტუ მხოლოდ ქვეყნების საკუთარი სახელებია, თითონ ხალხი კი თავის თავს ქალდის ანუ ხალდის უძახდა. ჩვენ ვიცით, რომ ეს სახელი ქართველი ტომების საზოგადო სახელწოდება იყო (ქართუ-ელი, კარდუ-ხი); ამიტომ საფიქრებელი იყო, რომ ეს ქალდები ქართველების ღვიძლი ძმები ყოფილიყვნენ. მართლაც თითქმის ყველა თანამედროვე მეცნიერებს ურარტელები ან ქართველების წინაპრებად, ან მონათესავე ერად მიაჩნიათ (ლენორმანი, სეისი, მასპერო და ფ. ჰომმელი); მაგრამ მათი რწმენა ამ ხალხის წარწერების ენის თვისებაზეა დამყარებული. ურარტელები ისეთსავე ლურსულ ანბანს ხმარობდნენ, რომელიც ნინევიაში IX საუკუნეში იყო გავრცელებული, მაგრამ ეს ანბანი მათ თავიანთი ენის ბგერათა თვისებებისდა შესაფერისად შეუცვლიათ. ერთ ხანს ამ წარწერებს სრულებით ვერ არჩევდნენ; თუმცა ცალცალკე თითოეული ასოს წაკითხვა შეეძლოთ, მაგრამ რაკი უცხო, უცნობი ენით იყო ნაწერი, აზრს ვერ მიმხვდარიყვნენ; არც იცოდნენ რა ენას ეკუთვნოდა ამ წარწერებს ენა. მხოლოდ 1880 წლის შემდგომ, როცა ფრანგმა მეცნიერმა სტ. გ ი ა რ მ ა (S. Guyard) ფრანგულ სააზიო ჟურნალში თავისი პატარა, მაგრამ საყურადღებო წერილი დაბეჭდა, ვანის წარწერების ამოკითხვა ცოტა არ იყოს გაადვილდა; მან გარკვეული გზა უჩვენა მკვლევარებს, რომლის საშუალებითაც დაახლოებით მაინც წარწერების შინაარსის გაგება შეიძლებოდა. სტ. გიარმა იფიქრა, რომ რაკი ვანის წარწერებში გადაკეთებული ლურსმული ანბანია ნახმარი, შესაძლებელია იდეოგრამებიც, _ ე. ი. ისეთი ასოები, რომელიც მთელ სიტყვას ნიშნავენ მაგ., ხალხს, ღმერთს, მეფეს და სხვა, _ ასურული იყოს, ან არა და ასურულს მიაგავდესო. იმისი აზრი მართალი გამოდგა. ხოლო ამ იდეოგრამების საშუალებით ხოლო, სამართლიანად ფიქრობდა გიარი, მკვლევარი შეატყობდა, რომ ვანის წარწერებიც ასურული წარწერების მსგავსად არის შეთხზული და ამ საშუალებით თვით ძეგლის შინაარსსა და აზრს მიუხვდებოდა. ასურული საისტორიო წარწერები ჩვეულებრივ ღვთაების სახელის ხსენებით იწყება, მერე მეფე თავის სახელს ამჟღავნებს და იმ ქვეყნებისა და ქალაქების სახელებს, რომელიც კი მას დაუპყრია, ჩამოსთვლის ხოლმე: ესა და ეს დავანგრიე და გადავწვიო, ან იხსენიებს ვის რამდენი წაართვა ოქროდ თუ ვერცხლად, რამდენი წამოიყვანა ტყვედ, ხარის ან ცხენის ჯოგები წამოასხა და სხვა და სხვა; დასასრულ, მეფე სწყევლის ან ჰკრულავს ყველას, ვინც კი გასტეხავს, დააქცევს, წაიღებს, წყალში ან ცეცხლში ჩააგდებს, ან არადა მიწაში ჩაჰფლავს იმის წარწერას: ღმერთმა საშვილიშვილოდ აღხოცოს სახსენებელი მისი და ნათესაობითურთ აღმოფხვრას დედამიწის ზურგიდანაო. ამგვარ წარწერებში ღვთაებისა, მეფეებისა, ადამიანებისა და სხვა სახელები ყოველთვის ერთისა და იმავე იდეოგრამით არის ხოლმე აღნიშნული. ვანის წარწერების შესწავლამ გიარი მართლაც დარწმუნა, რომ იქაც იდეოგრამები ერთი-ერთმანეთს იმავე რიგზე მისდევდნენ, რა რიგზედაც ისინი ასურულ წარწერებშია ხოლმე დალაგებული. მაგალითად, ქალაქების იდეოგრამას მისდევს ის იდეოგრამა, რომელიც ზმნა “გადაწვა”-სა ნიშნავს, ამ იდეოგრამას მიმატებული აქვს საკვეცი “ბი”, რაც გიარის აზრით, წარსული დროის მხოლოობითი რიცხვის პირველი პირის ნიშანი უნდა იყოს. ამ მეთოდის საშუალებით წარწერების მნიშვნელობის გამორკვევას შეუდგნენ. ვანის წარწერების წაკითხვაში განსაკუთრებული ღვაწლი გიარსა და ლენორმანს გარდა ინგლისელ მეცნიერს ა. ჰ. ს ე ი ს ს (A. H. Sayce) მიუძღვის, რომელმაც ასურული წყაროებისა და ვანის წარწერების ცნობების საშუალებით ამ ქვეყნის გეოგრაფია, ისტორია და სარწმუნოება გამოარკვია, ეცადა აგრეთვე ამ ენის გრამატიკა და ლექსიკონი შეედგინა. ვანის წარწერების ენა ყველაზე წინათ ქართულს ფ. ლ ე ნ ო რ მ ა ნ მ ა შეადარა და თავის გამოკვლევაში “Lettrs assyriologiques sur l’histoire et les antiquites de l’Asie anterieure” ამტკიცებდა ურარტელების ენა ძველი ქართული ენააო; თავის აზრს იგი სახელარსებითის ბრუნვებისა და ნაცვალსახელების შედარებასა და მსგავსებაზე ამყარებდა.

პირუთვნელი მეცნიერი მოვალეა აღიაროს, რომ იდეოგრამების გარდა ნამდვილ ქალდურ ან ურარტულად დაწერილი სიტყვების წაკითხვასა და მნიშვნელობის ახსნას, ისე როგორც ეხლა ზემოანიშნული მეცნიერები კითხულობენ და ხსნიან, შეუძლებელია ადამიანი ენდოს. რომ სიტყვების მნიშვნელობის ახსნაში მათ შეცდომები უნდა მოსდიოდეთ, ამას ის ურარტული წარწერაც ამტკიცებს, რომელსაც ასურული თარგმანი თან ახლავს: ის ზმნა “ნუნაბი”, რომელსაც წინათ სთარგმნიდნენ “მე თავს დავეცი, დავესხიო”, თურმე “მე მივედი”-სა ნიშნავდა. ვინ დაიფიცავს, რომ ვანის წარწერების მკვლევარებს დანარჩენი წარწერების წაკითხვის დროს ამნაირი და უფრო მსხვილი შეცდომები არ მოსდიოდეთ? ესეც რომ არ იყოს, თვით შედარების მეთოდიც, რომლის საშუალებითაც ისინი თავიანთ აზრს ამტკიცებენ, მეცნიერების მკაცრს მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს; ლენორმანიცა და სხვებიც ამ წარწერების ენას თანამედროვე ქართულს ადარებენ, თითქოს ქართული ველური ენა იყოს და მრავალი საუკუნის განმავლობაში მწერლობა არა ჰქონდეს, თითქოს შესაძლებელი იყოს, რომ ქართველებს VIII საუკუნეში ქრ. წ. ისე ელაპარაკათ, როგორც XIX საუკუნეში ქრ. შ. ლაპარაკობენ. შეუძლებელია რომელსამე ენას ორი ათას შვიდასის (2700) წლის განმავლობაში დიდი ცვლილება არ გამოეაროს. ამიტომ შესადარებელ მასალად თანამედროვე კი არა, არამედ ძველი ქართული ენა აიღონ ხოლმე; ამ ბოლო დროს ბევრი ძველი ქართული სიტყვიერების ძეგლი დაიბეჭდა და ამ თხზულებათა ენის შესწავლა ამტკიცებს, რომ ქართულს საუკუნეთა განმავლობაში მრავალი ძველი სიტყვა და ზოგიერთი საგრამატიკო ფორმებიც დაუკარგავს; ამნაირი მაგალითები უფრო მეტი იქნებოდა ძველი მწერლობის ნაშთები რომ ბლომად ყოფილიყო გამოქვეყნებული და შესწავლილი. ხოლო ეს გარემოება ცხადად გვიჩვენებს, რომ თანამედროვე ქართულთან ურარტული წარწერების ენის შედარება არ შეიძლება. თავდაპირველად ძველი ქართული მწერლობის ენისა და ძველი ქართული ენა-კილოკავების მიხედვით ქართული ენის უძველესი სახე უნდა აღდგენილ იქნას, და, თუ ამის შემდეგ, ვანის წარწერების ენას მკვლევარი ქართულს შეადარებს, მხოლოდ მაშინ შესაძლებელია გამოკვლევამ ნაყოფიერი შედეგი მოიტანოს. ერთი სიტყვით ვანის წარწერების ენის გამოსარკვევად ასურულს გარდა მეცნიერმა ძველი ქართული და საზოგადოდ ქართული ენათმეცნიერებაც ზედმიწევნით უნდა იცოდეს. მაგრამ საქმე ის არის, სწორედ კითხულობენ კი მკვლევარნი ვანის წარწერებს თუ არა? ერთი სიტყვით, პირუთვნელს მეცნიერს ჯერჯერობით არ შეუძლია ვანის წარწერების ენის აგებულებასა და ნათესაობაზე გადაჭრილი აზრი გამოსთქვას. ამ ძეგლების შესწავლა სულ ახალი საქმეა და მიუდგომლობა გვავალებდა აღგვენიშნა, რომ იმ გზით, რომლითაც ვანის წარწერების წამკითხველებს ამ საკითხის გამორკვევა სურთ, შეუძლებელია ნაყოფიერ დასასრულს მიაღწიონ.

ურარტელებსა და ტაბალ-მუსკებზე გაცილებით უფრო ადრე, უუძველეს დროიდანვე მოყოლებული, შუამდინარესა და მცირე აზიაში მამაცობით, განათლებითა და საკუთარი მწერლობით განთქმული იყო ხეტების ერი, რომელსაც ეგვიპტელები “ხეტა”-ს, ხოლო ასურელები “ხეტტი”-ს ეძახდნენ; ეს ხალხის სახელი კი არა, ქვეყნის სახელია: რა სახელს ატარებდნენ თითონ ისინი, ჯერ გამორკვეული არ არის. თითქმის ყველა მეცნიერებს (იენსენის გარდა), რომელნიც კი ხეტების ენის შესწავლას შესდგომიან (მასპერო, სეისი, ჰომელი), ხეტები ტაბალისა და მუსკების ანუ ქართველების მონათესავე ერად მიაჩნიათ. სამწუხაროდ ხეტების რიცხვმრავალი წარწერები ჯერ წაკითხული არ არის; ეს წარწერები ხატოვან, ანუ იეროგლიფიან ანბანით არის ნაწერი, მაგრა ამ ხატოვან ანბანს ეგვიპტელების ხატოვან ანბანთან საერთო არაფერი აქვს. მეცნიერებს ხეტელების წარწერების წაკითხვა ჯერ იმიტომ ვერ მოუხერხებიათ, რომ მეფე ტარკუდიმმეს ბეჭედს გარდა, რომელზედაც წარწერა ხეტურად და ასურულად არის ამოჭრილი, სხვა ამ ორ ენაზე ნაწერი ძეგლი ჯერ არსად არ აღმოჩენილა; ხოლო ტარკუდიმმეს ბეჭდის წარწერა იმდენად მოკლეა, რომ იმის საშუალებით რთული ხატოვანი ანბანის გამოცნობა შეუძლებელია, თუმცა კი გამოჩენილი ინგლისელი მეცნიერი სეისი თითონ დარწმუნებულია, რომ იმის ცდას ნაყოფოდ არ ჩაუვლია. ხეტების ენის ნიმუშები ასურული ანბანითაც არის ნაწერი, სახელდობრ ორი ტელ-ამარნას ნაპოვნი ხეტელი მეფის ტუშრატისა და ტურხუნდარაბის წერილები, და ამ ორი საბუთის საშუალებით ხეტების ენის გარეგანი აგებულების შეტყობა შეიძლება, მაგრამ ჯერჯერობით გარკვეულ აზრის გამოთქმა ძალიან ძნელია. ყურადღების ღირსია, რომ ანთროპოლოგიურად ხეტები, როგორც ე. შანტრს აღნიშნული აქვს, ქართველებსავით თავმოკლენი, ანუ ბრახიკეფალები ყოფილან, მაშასადამე, ამ მხრივ ქართველებისა და ხეტების ნათესაობას წინ არაფერი არ ეღობება; მაგრამ მარტო ეს გარემოება, რასაკვირველია, არა კმარა.

თუ შემდეგში ურარტელებისა და ხეტების ენის შესწავლამ გაამართლა მეცნიერების აზრი, რომ მათი ენა ქართულს ან მონათესავე ენათა ჯგუფს ეკუთვნის, მაშინ უეჭველი გახდება, რომ მთელი შუამდინარე, ერანი და მცირე აზია მთლად ქართველებისა და მათი მონათესავე მოდგმის ეროვნებას, იაფეტიანთა რასას, ჰქონია დაპყრობილი უკვე 2000 წ. (ქრ. წ.) მოყოლებული; თავდაპირველად ძლიერება და უპირატესობა ამათა ჰქონიათ, მაგრამ თანდათან ამ ადგილებს ახლანდელი ჯერ სემიანთა, ხოლო მერე არიელთა მოდგმის ერები შემოესივნენ და ქართველთა მოდგმის ერები ჩრდილოეთისაკენ განდევნეს; უცხო ერები კვალდაკვალ მისდევდნენ ქართველების წინაპრებს და მათ მიწა-წყალს იპყრობდნენ, სანამ ისინი კავკასიაში არ შეიხიზნენ და იქ ზურგი არ გაიმაგრეს. რომ უუძველეს დროს მცირე აზიაშიც და შუამდინარეშიც ერთი მოდგმის ხალხი ბინდრობდნენ, ამას თავის მეცნიერების მხრივ მეცნიერი ანთროპოლოგები ცნობილი პროფ. ფონ-ლუშანი (R e i s e n in Lykien: Archiv. f. Anthropol. XIX, 31 და სხვა) და ამ ახლო ხანში გ. ა. ჯავახიშვილი (К вопросу об этнологии Малой Азии и Закавказья) ამტკიცებენ.

დასასრულ, თუ ურარტელების ენა მართლა ქართული ჯგუფის ენა გამოდგა, მაშინ პროფ. ვ ი რ ხ ო ვ ი ს თარიღი, ვითომც ქართველები X საუკუნის შემდეგ უნდა მოსულიყვნენ კავკასიაში, ცრუვდება; ასურული წყაროებიდან ჩანს, რომ ურარტელებს IX-VIII ს. ძლიერი სახელმწიფო ჰქონიათ, მაშასადამე, ადგილობრივ ბინადრობა დიდი ხანია მოკიდებული უნდა ჰქონოდათ და X ს.-ზე გაცილებით ადრე უნდა მოსულიყვნენ”.

მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment