Wednesday, December 22, 2010

ივანე ჯავახიშვილი ბიზანტიელი ავტორების მიერ ქართული ტომების მოხსენიების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის მოწმობით მთელი კოლხეთი ფ ლ ა ბ ი ო ს ა რ რ ი ა ნ ე ს დროს (II ასწლეული ქრ. შ.) “რომის ხელმწიფის ან მფარველობას, ან არა და ბატონობას ემორჩილებოდა. წვრილ-წვრილ სამთავროებად დაქუცმაცებული ქართველი ტომები ზოგი შინაურ საქმეებში დამოუკიდებელი იყვნენ, ზოგს კიდევ იმპერატორის დანიშნული მოხელე განაგებდა (ლ ა ტ ი შ ე ვ ი, I, 219-222). ტრაპიზონის მახლობლად მიუვალ ადგილებში მცხოვრები ჭანები ტრაპიზონელების დაუძინებლი მტრები ყოფილან და თუმცა კეისრისათვის აღუთქვამთ, ხარკს მოგცემთ ხოლმეო, მაგრამ თურმე თავის დროზე არ იხდიდნენ. ამ დროს ჭანებს საკუთარი მეფეები არა ჰყოლიათ”.

შემდეგ იგი გადადის უკვე აღმოსავლეთ რომის (ბიზანტიის) იმპერიის ხანის ისტორიული წყაროების მიმოხილვაზე და ამბობს:

“როგორც პ რ ო კ ო პ ი კ ე ს ა რ ი ე ლ ი ს სიტყვებიდან ჩანს, VI ს. (ქრ. შ.) ჭანებს ასევე ტრაპიზონის მახლობლად უცხოვრიათ (ისევე როგორც არრიანეს დროს _ ი. ხ.) და მიუვალი მთიანი ტყით მოცული, მაგრამ მწირი ადგილები ეჭირათ; მათ მეზობლად აღმოსავლეთით სომხები ყოფილან (პ რ ო კ ო პ ი, De bello gothico, წიგნი IV, თ. 1, § 8-10). ჭანეთის მთის გასწვრივ ზღვის პირას ტრაპიზონის დასავლეთით იდო დაბები სუსურმენა (ეხლანდელი სვირმენე) და რიძაიონი (ეხლანდელი რიზე) (იქვე, წ. IV, თ. 2, § 3). ჭანეთის მთებში იყო მდ. “ბოას”-ის სათავე, ლაზიკისაკენ მიიქცევა და შავ ზღვას ერთვის, მაგრამ ბოასის სახელით კი არა, აკამფსის უწოდებენ ახლობელნი მცხოვრებნიო. აქ ბიზანტიელს ისტორიკოსს, ვგონებ, მდ. ჭოროხი უნდა ჰქონდეს ნაგულისხმევი. რიზეს შემდგომ ლაზისტანისაკენ იყო დაბა ათინა, რომელიც ეკუთვნოდა რომაელთა და ლაზებისაგან დამოუკიდებელ, ავტონომის მქონე მცხოვრებთ. მერე მისდევს დაბა არქაბი და ძველი ქალაქი აფსარი, რომელიც წინათ “აფსჳრტოს”-ად იწოდებოდაო. ეს ქალაქი სამი დღის სავალით ჰშორავს რიზესაო (იქვე, წ. IV, თ. 2, § 10-12). ჭანები ამ დროს უკვე სრულებით თავისუფალი იყვნენ და არც ბიზანტიის კეისარს, არც ლაზთა მეფეს აღარ ემორჩილებოდნენ, მაგრამ ბიზანტიელებთანაცა და ლაზებთანაც მეგობრული განწყობილება ჰქონდათო (იქვე, წ. IV, თ. 2, § 17-19).

ჭანები, პროკოპი კესარიელის სიტყვით, ორ ჯგუფად იყოფოდნენ: ერთს ეწოდებოდა “ჭანნი ოკაენელნი”, და მეორეს _ “ჭანნი ქოქსჳლინელნი”; ზემოდასახელებულ დაბა-ქალაქებს გარდა, შუაგულ ჭანეთში კიდევ შემდეგი დაბა-ციხეები ყოფილა: სქამალინიხონ (სხამალინიხონ), რომელიც ჯვარედინ გზაზე დგას, _ ხართონ, კენა, სისილისონი, ბურგუ, ჭანჭახა (ტძანძაკონ) (პ რ ო კ ო პ ი, De aed, III, 6; ნ. ადონცი, Армения, 61)”.

შემდეგ ივ. ჯავახიშვილი მსჯელობს ზემოთ მოხსენიებული გეოგრაფიული და ეთნიკური სახელწოდებების წარმომავლობის თაობაზე. სახელდობრ, იგი ამბობს: “პირველი გეოგრაფიული სახელი ნამდვილად ჭანურია და შეიძლება წარმომდგარიყოს “შქა-მალი-ნოღა”-სგან, “შქა” ჭანურად შუასა ჰნიშნავს, ხოლო “ნოღა” საბაზრო ადგილს, ქალაქს, მაშასადამე “შქამალი ნოღა” შეიძლება “შუაქალაქად” გადმოვთარგმნოთ, რაც მის მდებარეობასაც შეეფერება; ხართონ უდრის “ღართს”, ეხლაც ამგვარი სახელი შენახულია ქართლში, შეადარეთ, მაგალითად, “ღართის კარი”; “ბურღე” წარმომდგარი უნდა იყოს “ბურღი”-საგან, რაც ჭანურად ტყის ერთს მრავალფურცლიან მცენარესა ჰქვია (ნ. მ ა რ რ ი, ჭანური გრამატიკა, 132) და ამავე ფესვისა უნდა იყოს მეორე ჭანური გეოგრაფიული სახელი “მურღული”-ც (მურღულის ხეობა); “ჭანჭახა”, როგორც საგეოგრაფიო სახელი სამცხეში და ქართლშიც არის და ვგონებ უნდა წარმომდგარი იყოს “ჭანჭი”-საგან, რაც ნოტიო, ჭაობიან ადგილსა ჰნიშნავს. დასასრულ კენა უდრის “კაენ”-ს და სწორედ ასე კაენა პარემბოლა იწოდება იგი ლათინურად (ნ. ა დ ო ნ ც ი, Армения, 100). “ოკაენელი” მეგრული აგებულების სიტყვაა და “ო” ჩვეულებრივი მეგრულ-ჭანური თავსართია; მაშასადამე, “ჭანნი ოკაენელნი” ჰნიშნავს კაენელ ჭანებს; ეს იმ ჭანების ნაშთი იქნება, რომელთა წინაპარად დაბადებაში “ტუბალ-კაენია” დასახელებული. ერთი სიტყვით, იმდროინდელი ჭანების ყველა საგეოგრაფიო სახელების ახსნა ჭანურ-ქართულით შეიძლება” _ ასკვნის ივ. ჯავახიშვილი. შემდეგ იგი განაგრძობს:

“შემდეგ საუკუნეებში თითქმის ყველა ზემოაღნიშნული ტომები ბიზანტიის კეისარს ემორჩილებოდნენ; ყველას მოუხარეს ქედი იმ ჭანების გარდა, რომელნიც მთა ადგილებში ბინადრობდნენ. მხოლოდ იმათი სახელი-ღა ისმის საისტორიო თხზულებებში, მაგრამ ისიც იმიტომ, რომ მეზობლებს მოსვენებას არ აძლევდნენ. პ რ ო კ ო პ ი კ ე ს ა რ ი ე ლ ი მოგვითხრობს, ჭანები თავიანთ მაღალ-მთიან ადგილებიდან მინდვრად ჩამოდიან და ბარის მცხოვრებ ბერძნებს სცარცვავენო; კეისარი ყოველწლივ მათ ოქროს უგზავნის, ეგებ ამით მაინც ჩემი სამფლობელო თავდასხმასა და ტყვევნას ავაცდინოო. მაგრამ ჭანებს ოქრო მიჰქონდათ, ფიცსაც სდებდნენ, ეხლა კი ხელს არ გახლებთო, დროგამოშვებით კი მაინც ფიცს ივიწყებდნენ და მთელ ზღვის ნაპირს ცარცვა-გლეჯით იკლებდნენ ხოლმე (Bell. goth., VI, 1; პროფ. დესტუნისის რუსული თარგმანი, I, 190-196). ქრისტიანობის საშუალებით ბიზანტიელებმა ბევრი ლაზები და ჭანები გააბერძნეს და ქართველებს საბოლოოდ მოსწყვიტეს. ჩვენს წყაროებში, თუ არ ვცდები, მხოლოდ სამჯერა გვხვდება ხალიბების სახელი; პირველად აბო თბილელის ცხოვრებაში, სადაც ნათქვაია: ქალდია ქ. ტრაპეზუნტითურთ ქრისტიანებით სავსეა და იონთა, ანუ ბერძნების მეფეთა საბრძანებელს ეკუთვნისო (საეკლესიო მუზეუმის გამოცემა, გვ. 19). მეორედ ს უ მ ბ ა ტ ი ს ქრონიკაში, სადაც აღნიშნულია: ბასილი კეისარმა, რომელიც გიორგი მეფეს ებრძოლებოდა, დაიზამთრა ქვეყანასა ხალდიასა, მახლობლად ქალაქსა ტრაპიზონთასა (სამი ისტორიული ქრონიკა, გვ. 69). მაშასადამე, VIII-XI საუკუნეებშიც ეს ქვეყანა კვლავინდებურად ბიზანტიის კეისრის ხელში ყოფილა. ქართველებმა მხოლოდ XIII საუკუნის დასაწყისს ჩაიგდეს მთელი ეს ქვეყანა ხელში; როცა ბიზანტიის კეისარმა ალექსი III-მ (1195-1203) ბერებს თამარ მეფის ნაჩუქარი ოქრო წაართვა, მაშინ თამარმა ანგარ კეისრის დასასჯელად ჯარი გაგზავნა და “წარუღეს ლაზია, ტრაპიზონი, ლიმანი, სამისონი, კერასუნდი, კიტორა (= კოტიორას), ამასტია, არაკლია და ყოველნი ადგილნი ფებლაღონიისა და პონტოისანი” (ქართლის ცხოვრება, ზ. ჭიჭინაძის გამოცემა, გვ. 473). მაგრამ იმის მაგივრად, რომ მრავალ საუკუნის განმავლობაში ქართველებზე დაშორებული და მოწყვეტილი ღვიძლი ძმები ლაზები და ჭანები ქართველობისაკენ მოებრუნებინა და დაპყრობილი ქვეყანა საქართველოს სამეფოსათვის მიემატებინა, თამარ მეფემ ტრაპიზონს სამეფო დააარსა და თავის ნათესავს ალექსი კომნენს ანდრონიკეს შვილს უბოძა. როცა შემდეგში ეს სამეფო ოსმალებმა დაიპყრეს, მაჰმადიანობამ ლაზებს შორის ფეხი მოიკიდა და გადაგვარებას ხელი შეუწყო. ამისდა მიუხედავად ბევრს მათგანს ეხლაც კი თავისი დედაენა არ დაუკარგავს და ლაზურად ლაპარაკობს. ინგლისის კონსული ვ. ჯ ი ფ ფ ო რ დ ი პ ა ლ ჰ ე რ ი თავის 1868 წელს ტრაპიზონში დაწერილ მოხსენებაში ამბობს: ტრაპიზონის ვილაიეტში, რომელიც შეკვეთილიდან იწყება და ყიზილ ირმაყამდის (ძველი ღალისი) გასტანს, ოფიციალურის ცნობებით 850.000-მდე მცხოვრებია, მათ შორის 56.000 ქრისტიანია (ორი მესამედი თავის თავს ბერძნებს ეძახის, ხოლო დანარჩენი სომხები არიან); მაჰმადიანები განსაკუთრებით ლაზები არიან; ხოლო თვით ლაზისტანში ლაზების მეტი არავინა ცხოვრობს, თერევას კაიმაკანში (ოლქი) ქ. კერასუნდისკენ ერთს მაზრაში (კაზა) განსაკუთრებით ლაზები ცხოვრობენო (Известия Кавказского отдела географического общества, 1881 წ., წიგნი VII, # 1, დამატება, გვ. 15, 17, 59-60 და 68). როგორც ნ. მარრის მოგზაურობიდან ჩანს, ეხლა ლაზების, ანუ ჭანების რიცხვი ძალიან შემცირებულია. ამგვარად, თუმცა ლაზურ-ჭანური შტოს ერთმა წილმა დედაენა შეინარჩუნა, მაგრამ ქართველი ტომების საერთო სახელმწიფოს და საზოგადოებრივ ცხოვრებას მოსწყდა და ამის გამო საქართველოს მერმინდელი ისტორიისათვის მათმა არსებობამ უნაყოფოდ ჩაიარა.

ეს გარემოება განსაკუთრებული ყურადღების ღირსია. VII საუკუნიდან ქრ. წ. მოყოლებული, შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაპირებსა და მის მოსაზღვრე ქვეყანაში არას დროს, თამარ მეფის ლაშქრობის გარდა, ქართველების ბატონობას ხანგრძლივ ფეხი არ შეუდგამს და არ მოუკიდია; მაშასადამე, ქართველებს არც შეეძლოთ, რომ აქ თავიანთი ენაკილოკავები რაიმე გზით გაევრცელებინათ; პირიქით, სპარსების, ბერძნებისა, რომაელებისა, ბიზანტიელებისა, სელჯუკებისა და ოსმალების ხანგრძლივ ბატონობას თავისი კვალი უნდა დაეტოვებინა ადგილობრივ მკვიდრთა დედაენაში და მოსალოდნელიც იყო, რომ მათ თავიანთი დედაენა დაევიწყნათ. თუ მრავალ უცხოელთა ბატონობისდა მიუხედავად აქ მაინც ლაზურ-ჭანური ლაპარაკი ეხლაც ისმის, ეს მხოლოდ იმის დამამტკიცებელი და მომასწავებელი საბუთია, რომ ლაზურ-ჭანური აქ იმთავითვე სუფევდა, რომ ხალიბები, ტიბარენნი, მოსსვინიკები, დრილები და სხვანი სწორედ ლაზურ-ჭანურს ლაპარაკობდნენ, რომ ყველანი ისინი ქართველ ეროვნებას ეკუთვნოდნენ”.

შემდეგ ივ. ჯავახიშვილი ეხება უკვე შავი ზღვის აღმოსავლეთით მცხოვრებ ხალხებს. როგორც გვახსოვს, ჯერ კიდევ სტრაბონისა და ფლაბიოს არრიანეს თხზულებებში, ანუ ამიერკავკასიაში რომაელთა ბატონობის დასაწყის ხანაში, I და II ასწლეულებში ქრ. შ., ჭანეთიდან ჩრდილოეთისკენ კავკასიონის მთავარი ქედის კალთებამდე ცხოვრობდნენ ჭანების გვერდით მაკრონები და ჰენიოხები, შემდეგ ზიდრიტები, ლაზები, აფშილები, აბასხები და სანიგები (თუ ჭანიგები?). ქალაქები პიტიუნტი (ბიჭვინთა) და დიოსკურიადა სწორედ სანიგების მიწაზე მდებარეობდა (ამის შესახებ უკვე გვქონდა უფრო დეტალურად საუბარი მე-3 წერილში, როცა გადმოვცემდით ივ. ჯავახიშვილისეულ თხრობას ძველი ბერძენი ავტორების თხზულებების თანახმად ქართულ ტომთა განსახლების თაობაზე).

აღვნიშნეთ ასევე, რომ სტრაბონის მიხედვით, თავიდან I ს. ქრ. შ. ჭანეთიდან (ტრაპიზონიდან) კავკასიონის სამხრეთ კალთებამდე (ბიჭვინთამდე) მდებარეობდა კოლხეთის სამეფო, რომელსაც თავისი მეფე ჰყავდა და ეს უკანასკნელი რომის იმპერატორებს ემორჩილებოდა; მაგრამ უკვე II ს. დასაწყისში ფლავიოს არრიანე ასახელებს ოთხ უფრო მცირე სამეფოს _ ლაზების, აფშილების, აბასხებისა და სანიგების, რომელთაგან თითოეულს თავისი მეფე ჰყავს და ყველა ისინი რომის იმპერატორებს ემორჩილებიან. ივ. ჯავახიშვილი ამის მიზეზად მიიჩნევს ჯერ კიდევ რომის რესპუბლიკიდან ცნობილ დამპყრობლურ ფორმულას divide et impera _ “დაყავი და იბატონე”. შემდეგ იგი აგრძელებს თხრობას უფრო გვიანდელი ისტორიკოსების ნაშრომების საფუძველზე და ამბობს:

“პროკოპი კესარიელის თხზულებიდან ჩანს, რომ V-VI ს. ქრ. შემდეგაც კოლხეთს, ანუ როგორც მაშინ ეძახდნენ ხოლმე ლაზიკას, იგივე საზღვრები ჰქონია, რაც სტრაბონის დროს: აღმოსავლეთით ისევ შორაპანთან თავდებოდა საზღვარი (პ რ ო კ ო პ ი, De bello persico, II, თავი 29, დესტუნისის თარგმანის II, გვ. 225-6). სამხრეთით კოლხეთის მიჯნა ქ. პეტრასთან იდო და იქვე ბიზანტიის კეისრის საბრძანებელი იწყებოდა (იქვე, II, თავი 29, გვ. 229). ჩრდილოეთის საზღვარიც იგივე დარჩენილა: პიტიუნტი და სებასტოპოლი (იგივე დიოსკურიადა) წინანდებურად ლაზებს ეკუთვნოდათ თურმე (იქვე, II, თ. 29, გვ. 225).

სტრაბონის, პლინიუსის, პტოლემაჲოსის და პროკოპი კესარიელის თხზულებებში კოლხეთის შემდეგი მდინარეებია მოხსენებული: რიონი, რომელსაც სტრაბონი ფაზისს ეძახის, პლინიუსი კი როანს. ერთსაცა და მეორესაც რიონის სათავე სამხრეთით ჰგონიათ (სტრაბონს სომხეთში Geogr. lib. XI, cap. II, 17; პლინიუსს მესხეთში _ პლინიუსი ჭოროხსა და რიონს ერთმანეთში რევს, Naturalis Historia, lib. VI, §11), მაგრამ სტრაბონი ერთს ალაგას თავის შეცდომას ასწორებს და ამბობს, ფაზისს იბერიის ზემოთ მდებარე მთებში აქვს სათავეო (ს ტ რ ა ბ ო ნ ი, Geogr. lib. XI, cap. III, 4). პროკოპი კესარიელი კი ამ მდინარეს “რეონ”-ს უძახის. რიონს ერთვის ყვირილა (გლაჳკოს) და ცხენის წყალი (ჰიპპოს). პლინიუსი ხოფის წყალსაც იხსენიებს, კავკასიის მთებიდან ჩამოდის და სათავე სვანეთში აქვსო. სტრაბონი მოგვითხრობს, რომ ფაზისის ზღვაში შესართავთან ამავე სახელის ქალაქი და ნავთსადგური ძევს; მას ერთი მხრით ზღვა აკრავს, მეორე მხრით მდინარე, მესამე მხრით ტბაო. აღწერილობა იმდენად ცხადია, რომ შეუძლებელია იგი ეხლანდელ ფოთად არ აღვიაროთ, რომელსაც პალეოსტომი, რიონი და ზღვა არტყია. სტრაბონი მოგვითხრობს, რომ კოლხებს მესხების ერთი რომელიღაც ქვეყანა ჰქონდათ დაპყრობილი, მაგრამ სამწუხაროდ სახელს არ იხსენიებს (ს ტ რ ა ბ ო ნ ი, Gepgr. lib. XI, cap. II, 18).

პროკოპი კესარიელს კოლხეთის ქალაქების შესახებ, რასაკვირველია, უფრო მეტი ცნობები აქვს: აღმოსავლეთით, იბერიის საზღვარზე ციხე შორაპანს გარდა, მეორე ძნელად მისადგომ ადგილას აშენებული მაგარი ციხეც ყოფილა სკანდა (პ რ ო კ ო პ ი, De bello gothico, წ. IV, თ. 13, § 15). შემდეგ იბერიიდან მიმავალი პირველად მიადგებოდა სავაჭრო გზაზე ბარად მდებარე ქალაქს ვარდციხეს (როდოპოლისს); იქვე ქალაქს მდინარე ჩამოუდის. რიონის მხარმარჯვნივ ლაზიკის უპირველესი და უდიდესი ქალაქი, ძველი ქალაქი (არხაჲპოლის) მდებარეობდა (იქვე, წ. IV, თ. 13, § 3). ამ ქალაქიდან ერთი დღის სავალზე შორავდა მუხერისის (მუხურის) სანახები, რომელიც რიონის ხეობაში იყო და თავისი ნაყოფიერებით, ხშირი მოსახლეობით და მრავალი დაბა-სოფლებით იყო განთქმული (იქვე, წ. IV, თ. 13, § 3). ამ სანახებს ეკუთვნოდა ციხე “ქოთაის”-ი, რომლის მახლობლად მაგარი უქიმერიონის ციხე დგას. ამ ციხეში იყვნენ ჩაყენებული ლაზთა მეციხოვნენი (იქვე, წ. IV, თ. 14, § 48-52).

კოლხეთის მოსახლეობა, თუ პლინიუსსა და პტოლემაჲოსს დავუჯერეთ, მეგრულ-ლაზურ შტოს ეკუთვნოდა. პ ლ ი ნ ი უ ს ი ამბობს: “ზღვის პირას ჰენიოხები (რომელთაც იგი სანების ანუ ზანების ტომადა სთვლის), ამპრევტები, ლაზები... და შემდეგ კოლხების ტომები ცხოვრობენო” (პ ლ ი ნ ი უ ს ი, Natur. historia, lib. V, § 11). პტოლემაჲოსის სიტყვით ზღვის პირას კოლხეთში ლაზები ცხოვრობდნენ, იმათ ზემოთ მეგრელები (“მანრალოჲ”) და ეგრისში მოსახლე ტომებიო. მაგრამ პ რ ო კ ო პ ი კ ე ს ა რ ი ე ლ ი ს აღწერილობა ამტკიცებს, რომ პტოლემაჲოსისა და პლინიუსის ცნობები სრული არ არის. გამოჩენილი ბიზანტიელი ისტორიკოსი, რომელსაც ლაზიკა თავისი ფეხით აქვს მოვლილი, ვრცელს ცნობებს გვაძლევს კოლხეთის იმდროინდელი მოსახლეობის ვითარებაზე და იქიდან ჩანს, რომ მეგრელ-ლაზებს გარდა სხვებსაც ბევრს ჰქონიათ მაშინ იქ ბინადრობა. პროკოპი კესარიელი უხსნის თავის მკითხველს, რომ ლაზები და კოლხები ერთი და იგივენი არიანო. კოლხეთის ან ლაზიკის სამხრეთის საზღვარი ქ. პეტრას მიდამოები იყო, აქედან მოყოლებული მთელი ქვეყანა ლაზიკაა და ლაზიკად იწოდებაო (პ რ ო კ ო პ ი, De bello gothico, წ. IV, თ. 1, § 10 და თ. 2, § 21-23).

ლაზიკის გვერდით, რასაკვირველია, სამხრეთ-აღმოსავლეთ მოსაზღვრედ, სამცხეა და მესხები, რომელნიც იბერიის სამეფოს ეკუთვნიანო (იქვე. წ. IV, თ. 2, § 24). ლაზიკის შემდგომ შუაქვეყნისაკენ სკჳმნია და სვანეთი (სუანია) მდებარეობსო. უფრო ზედმიწევნით საზღვრები აღნიშნული არ არის, მაგრამ სხვა ცნობებისდა მიხედვით ცოტა უკეთ შეიძლება განისაზღვროს. პროკოპი კესარიელი ამბობს, ფასისი ანუ რიონი კავკასიონის უღელტეხილიდან გამომდინარე, უქცევს და შავი ზღვის მთვარის მსგავსად მოხრილ ყურეს შიგ შუაში ერთვისო. ეს მდინარე საზღვრად ითვლებოდა: რიონის მარჯვნივ მდებარე ქვეყანა ევროპად ითვლება, მარცხენა ნაპირი კი აზიას ეკუთვნისო. ლაზების მთელი მოსახლეობა რიონის მარჯვნივ, ევროპაში მდებარეობს და მხარმარცხნივ, აზიაში, არც ერთი, არც ქალაქი, არც დაბა და არც ციხე, პეტრას გარდა, მათ არ მოეპოვებათო (პ რ ო კ ო პ ი, De bello gothico, წ. II, თ. 2, § 27-30). მაშასადმე, მოსახლეობა რიონის ჩრდილოეთით ყოფილა.

რიონს ჩრდილოეთითვე, ევროპაში მდებარეობს აფშილეთი (“აფსილიონ ხორა” აფსილების ქვეყანა), რომელიც ლაზებს ემორჩილება (იქვე, წ. IV, თ. 2, § 32-33). აფშილეთის ჩრდილოეთის საზღვრის გამორკვევა ცოტადაც მაინც იმით შეიძლება, რომ პროკოპი კესარიელის სიტყვით, თურმე, მაგარი ციხე “წიბელი” (ტძიბილე), ეხლანდელი “წებელდა” აფშილების ქვეყანაში ყოფილა (იქვე, წ. IV, თ. 10, § 1). აფშილებს ჩრდილოეთით ვიდრე კავკასიონის ქედამდის აფხაზები (“აბასგოჲ”) მოსახლეობდნენ, რომელთა ქვეყანა ორ ნაწილად აღმოსავლეთ და დასავლეთისად იყოფებოდა (იქვე, წ. IV, თ. 3, § 12-13).

აფხაზეთი მთიანი და მიუვალი ქვეყანაა, კავკასიონიდან კიბურად წამოსული მთები შავს ზღვამდის აღწევენო. ამ მიუვალს ალაგას აფხაზებს ერთი ძლიერი ციხე ჰქონიათ, რომლისაკენაც მიმავალი გზა იმდენად ვიწრო ყოფილა რომ მარტო ერთს ადამიანს ქვეითი შეეძლო ეარნა (იქვე, წ. IV, თ. 9, § 15-20). აფხაზებიც აფშილებივით ლაზთა მეფეებს ემორჩილებოდნენ, თუმცა საკუთარი მთავრებიცა ჰყავდათ” (იქვე, წ. IV, თ. 2, § 33 და თ. 3, § 12).

როგორც ივ. ჯავახიშვილის თხრობიდან ვხედავთ, VI ასწლეულში უკვე აღარ არის დასავლეთ საქართველოს ისეთი ძლიერი დამოკიდებულება ბიზანტიაზე, როგორიც ეს იყო II საუკუნეში ფლვიოს არრიანეს დროს ერთიანი რომის იმპერიის მიმართ. მაშინ ლაზთა მეფეს წართმეული ჰქონდა ჰეგემონობა დასავლეთ საქართველოში და ისიც აფშილების, აფხაზებისა და სანიგების მეფეთა თანატოლად უშუალოდ ემორჩილებოდა რომის იმპერატორს (კეისარს); VI ს. კი, პროკოპი კესარიელის სიტყვებით, აფხაზებისა და აფშილების მთავრები კვლავინდებურად ლაზთა მეფეს ემორჩილებოდნენ, ხოლო ეს უკანასკნელი, ცხადია, კეისრის დაქვემდებარებაში იქნებოდა. შემდეგ ივ. ჯავახიშვილი განაგრძობს:

“აფხაზთა ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით აფხაზთა და ალანთა შუა “ბრუხები” (ბრუხოჲ) ბინადრობდნენ, ხოლო ჩრდილოეთ-დასავლეთით, ზღვის პირას, ჯიქნი (ძეხოჲ = ეხლანდელს “აბა-ძეხი”-ს); წინათ რომის კეისარი უნიშნავდა მეფესა, ეხლა-კიო, ამბობს პროკოპი კესარიელი, რომაელებს ყურს არავინ უგდებსო (იქვე, წ. 4, თ. 4, § 1-2).

ჯიქებს ზემოთ საგინები (“საგინაჲ”) ცხოვრობდნენ. ზღვის პირას ორი ნავთსადგური იყო, სებასტოპოლისი და ბიჭვინტა (“პიტიუნტა”), რომელნიც ერთი-ერთმანეთს ორი დღის სავალზე ჰშორავდნენ (იქვე, წ. IV, თ. 4, § 3-4).

საგინებს ზემოდან კიდევ ვიდრე მაჲოტიის ყურემდე და მდ. ტანაისამდე სულ ჰუნების სხვადასხვა ტომები ბინადრობდნენ, რომელთაც წინათ კიმმერიელებს ეძახდნენ, ეხლა კი უტიგურებს (ან უტურგურებს) უწოდებენო (იქვე, წ. IV, თ. 4, § 7-9).

ჰუნნების ერთ-ერთ ტომად “საბეირები” იყვნენ, რომელთაც კავკასიის მთები ეპყრათ; ზოგი მათგანი სპარსებს ემხრობოდა, ზოგი კიდევ ბიზანტიელებს მეგობრობდა” (იქვე, წ. IV, თ. 11, § 23-25).

ხალხთა განსახლების ამ სურათის გადმოცემის შემდეგ ივ. ჯავახიშვილი აგრძელებს:

“თუ პროკოპი კესარიელისა და სხვათა ზემომოყვანილ ცნობებს დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ კოლხეთში ლაზებს სამხრეთ ნაწილი, ზღვის პირას, ეკავათ და მათი მოსახლეობა რიონის ჩრდილოეთითაც ყოფილა, მაგრამ V-VI სს. ლაზების სოფლები და ქალაქები რიონს სამხრეთით სრულებით ამოვარდნილი ყოფილა და მცხოვრებნი მხოლოდ რიონის პირიქით ბინადრობდნენ. ლაზების აღმოსავლეთით და თვით ლაზთა შორისაც მეგრელები იქნებოდნენ, მათი მოსახლეობა, ალბათ, იბერიის საზღვარს ციხე სკანდა-შორაპნამდე აღწევდა. კოლხეთის ჩრდილოეთი მაღლობი ადგილები აფშილებსა და აფხაზებს სჭერიათ; პირველთა ქვეყანაში ციხე წიფელდა ყოფილა, ხოლო უკანასკნელებს მთა ადგილებში უცხოვრიათ. აფშილთა და აფხაზთა აღმოსავლეთით მდებარეობდა სვანეთი და სკვიმნია. როგორც ვხედავთ, კოლხეთის მოსახლეობა ქართველთა სამ შტოს ეკუთვნოდა: ლაზ-მეგრელებს, აფშილ-აფხაზებს და სვანებს. პოლიტიკური ბატონობა ლაზთა ანუ მეგრელთა ხელში ყოფილა და ყველანი მათის მეფეების უზენაესს უფლებას ემორჩილებოდნენ, თუმცა თითოეულს ტომს საკუთარი მთავარიცა ჰყოლია. ძველად, როგორც ეტყობა, უპირატესობა და ძალა კოლხების ხელში იქმნებოდა, _ ეს იქიდან ჩანს, რომ მთელ ამ ქვეყანას მათ თავიანთი სატომო სახელი _ კოლხეთი _ მიანიჭეს; ლაზები მერე გაძლიერებულან.

პლინიუსისა, პტოლემაჲოსისა და პროკოპი კესარიელის ცნობები ამტკიცებენ, რომ კოლხეთის სამხრეთსა და აღმოსავლეთს ნაწილში მხოლოდ მეგრელ-ლაზების ტომები ცხოვრობდნენ, მაგრამ ამას ცოტა არ იყოს ის გარემოება არღვევს, რომ ახლა იმ ადგილებში, სახელდობრ გურიასა და იმერეთში მეგრული კი არა, ქართულია გაბატონებული. გურულები და იმერლები მეგრელ-ლაზების მიწა-წყლის შიგ შუაგულში არიან შეჭრილნი და მეგრელებსა და ლაზებს ერთი-ერთმანეთისაგან აშორებენ. ამისდა მიუხედავად ჩვენი ზემოაღნიშნული დასკვნა იმის შესახებ, რომ თავდაპირველად კოლხეთის ის მიწა-წყალი მხოლოდ მეგრელ-ლაზებს ეკუთვნოდა, მაინც შეურყეველი რჩება იმიტომ, რომ გურიის საგეოგრაფიო სახელების დაკვირვება გვიმტკიცებს, რომ იმ ადგილას, სადაც ეხლა გურულები ცხოვრობენ, წინათ მეგრულად მოსაუბრე ტომი უნდა სახლებულიყო; ბევრ სოფლებისა და მდნარეების სახელების ახსნა მხოლოდ მეგრულის საშუალებით შეიძლება, ან არადა მათ ცხადი მეგრული დამახასიათებელი თვისებები აქვთ, მაგალითად: მთა ჯიხანჯირი (ჯიხა _ ციხე), ჯუმათი, ჭყონგვარი (ჭყონი _ მუხა), მდ. ოჩხომური (ო + ჩხომური, ჩხომი _ თევზი, როგორც ოკალმახე) (А. Цагарели, Этюды, II, 71), ოჭილაური (ო + ჭილა + ური = საჭილავო), ჭყვიში, ჭყვიშაური, ჭანიეთი, მდ. გუბაზეული, მდ. კინტრიში, ონჭიკეთი, ს. ოცხანა გურიაში და სხვა. ამგვარი სახელების დარქმევა მთებისა და მდინარეებისათვის, ცხადია, მხოლოდ მეგრელ-ლაზების ტომებს შეეძლოთ, მაშასადამე, ძირითადი და თავდაპირველი მოსახლეობა გურიაში მეგრელებისა უნდა ყოფილიყო. მაგრამ მარტო გურიაში კი არა; ეხლა ცხენის-წყალი სამეგრელოს აღმოსავლეთის საზღვრად ითვლება (იქვე); საგეოგრაფიო სახელები კი ამტკიცებენ, რომ ამ მდინარის აღმოსავლეთითაც თავდაპირველად მეგრელებს უცხოვრიათ; მაგალითად: სოფ. ჯიხაიში (ჯიხა = ციხე), ჩხენიში, კულაში, ნაჯიხევი (= ნაციხევი), ქუთაისში არქიელის გორას “უქიმერიონს” ეძახიან და ეს სახელი, როგორც პროკოპი კესარიელის ისტორიიდან ჩანს, VI ს. უკვე ყოფილა; უქიმერიონი უდრის მეგრულს “ოხვამერი”-ს და სალოცავსა ჰნიშნავს. ქუთაისის ჩრდილოეთითაც მდ. რიონის მიდამოებიც ძველად მეგრლებს უნდა სჭეროდათ; იქაც ასეთი საგეოგრფიო სახელები გვხვდება, როგორც მაგალითად: ჯიმასვარა (ჯიმა = ძმა), ოფურჩხეთი, ვანჭეიში, ტყვიში, ნაკოროლეში, გვერიში, კორენიში, ოკრიბა და სხვა. თვით პლინიუსიც ამბობს: რიონი მეგრელების მიწაზე დიოდაო (პ ლ ი ნ ი უ ს ი, Natur. hist. lib. VI, § 11; ლ ა ტ ი შ ე ვ ი, Известия, II, 179). საგეოგრაფიო სახელების შესწავლა, მაშასადამე, უეჭველ ჰყოფს, რომ მთელი ეს მიწა-წყალი მხოლოდ მეგრულ-ლაზური შტოს ტომებს ეკუთვნოდა. ასე იყო, როგორც ჩანს სტრაბონის, პლინიუსისა და პტოლემაჲოსის თხზულებებიდან, პირველს ორს საუკუნეში. შემდეგ, როგორც ეტყობა, ერთ-ერთი ქართველ ტომთაგანი, ან აღმოსავლეთით, ან არა და სამხრეთ-აღმოსავლეთით შიგ შუაგულში შეჭრილა და მეგრელები და ლაზები ერთი-ერთმანეთს დაუშორებია, ხოლო დაპყრობილი ადგილების მცხოვრებლებს ქართული შეუთვისებიათ. ამის გამო ეხლანდელი გურულები და იმერლები გაქართებულ მეგრელ-ლაზებად უნდა ჩავთვალოთ.

როდის უნდა მომხდარიყო ეს? პროკოპი კესარიელის სიტყვით, რიონის სამხრეთით მდებარე ქვეყანა იმის დროს (V-VI ს.) მეტად ნაკლებად ყოფილა დასახლებული, თითქის სრულებით უკაცური ყოფილა (პ რ ო კ ო პ ი, De bell. per. II, თავი 29, დესტუნისი II, გვ. 224-226 შენიშ. 14, გვ. 226-228). ეს სწორედ ის ადგილია, რომელსაც გურია ეწოდება. მაშასადამე ცხადია, რომ გურიის მერმინდელი მცხოვრებნი ადგილობრივი მკვიდრნი არა ყოფილან და, როგორც ჩანს, იბერიიდან და ქართლიდან უნდა ყოფილიყვნენ გადმოსახლებულნი. სპარსელ-ბიზანტიელთა ომიანობისა და იქნებ სხვა მიზეზების წყალობით, ადგილობრივი თავდაპირველი მეგრულ-ლაზური მოსახლეობა ამოწყვეტილა და VI ს. ეს მხარე ცარიელი ყოფილა. ამგვარად გურიის ახალი მოსახლეობა შეიძლება გაჩენილიყო VI საუკუნის შემდგომ, VII, განსაკუთრებით VII-VIII ს., მაშინ როცა აღმოსავლეთი საქართველო იბერია არაბთა მძლავრ და მკაცრ ბატონობის ქვეშ იყო და ხალხი აუტანელ მოხარკეობას გაურბოდა. ახალშენებს რიცხვმრავლობით მცირერიცხოვანი მკვიდრნი გაუქართებიათ, მაგრამ თითონაც შეუთვისებიათ მათგან ბევრი რამ და ნარევ მოსახლეობას შეუქმნია ახალი ენა-კილო.

იგივე უნდა ითქვას კოლხეთის ჩრდილოეთით მდებარე სვანეთის შესახებ: სვანებს, სტრაბონის სიტყვით, ეპყრათ კავკასიის უღელტეხილი დიოსკურიადადან მოყოლებული (S t r a b o, XI cap. 19). აღმოსავლეთისა და სამხრეთის საზღვრები ბერძნებისა და რომაელების მწერლებს ნაჩვენები არა აქვთ, მაგრამ უეჭველია ძველად სვანები გაცილებით უფრო სამხრეთით ბინდრობდნენ, ვიდრე ახლა ცხოვრობენ; პლინიუსი, მაგალითად, მოგვითხრობს, მდინარე ხობი კავკასიის მთიდან ჩამომდინარეობს და სვანეთის მიწაზე დისო (Flumen Chobum e Caucasum per Suanos fluens: პ ლ ი ნ ი უ ს ი, Natur. hist. lib. VI, § 11); ამასვე ამტკიცებს საგეოგრაფიო სახელების დაკვირვებაც, მაგ., ლეჩხუმი, ლებაჩილე და სხვა. შემდეგ სვანების მიწები კოლხებს ანუ მეგრელებს დაუპყრიათ, ისინი კი კავკასიის უღელტეხილზე მოუმწყვდევიათ; დაპყრობილ სვანებს მეგრული შეუთვისებიათ; მაშასადამე, მეგრელებსა და სვანებს შორისაც ნარევი ტომი უნდა გაჩენილიყო. ამას პტოლემეს ცნობაც ამტკიცებს; თავის გეოგრაფიაში იგი სვან-კოლხების (სუანნო-კოლხოჲ) ტომს ასახელებს (ს ტ რ ა ბ ო ნ ი, Geogr. lib. V, cap. VIII, 25); ამავე ნარევ ტომს, სომხების ისტორიკოსი ფ ა უ ს ტ ი ბ ი ზ ა ნ ტ ი ე ლ ი ც იხსენიებს (III, 7).

კოლხეთის აღმოსავლეთით, სტრაბონისა და პტოლემაიოსის სიტყვებით, იბერია, ანუ ივერია მდებარეობდა. ჩრდილოეთით კავკასიის უღელტეხილი უდარაჯებდა ამ ქვეყანას. იმიერკავკასიას და იბერიას ერთი-ერთმანეთთან ერთი უღელტეხილზე მიმავალი გზა აერთებდა. “ჯერ სამი დღის სავალი საძნელო გზა არისო, ამბობს სტრაბონი, მერე არაგვის ვიწრო ხეობაზე ერთი კაცისთვის ოთხი დღის სავალი გზაა, რომელსაც ბოლოს ციხე უდარაჯებსო” (იქვე, lib. XI, III, 5). ეს გზა ისე ნიშანდობლივ არის აღწერილი, რომ შეუძლებელია ადამიანი ვერ მიხვდეს, რომ სტრაბონს ძველი სამხედრო საქართველოს გზა აქვს მხედველობაში. აღმოსავლეთით იბერიას ალბანია საზღვრავდა; მომიჯნავე ქვეყნად, როგორც სტრაბონი სწერს, კამბჳზენე იყო, იგი ქართულს კამბეჩოვანს უდრის (ვახუშტი, გეოგრაფია, ჯანაშვილის გამოც., 155), ხოლო სომხურს “ქამბეჭან”-ს (VII ს. სომხ. უსახელო გეოგრაფია, პროფ. პატკანოვის გამოც. სომხ. ტექსტის გვ. 17). იბერიიდან ალბანიაში მიმავალი გზა უწყლო და უსწორმასწორო კამბეჩოანზე ძევსო (ს ტ რ ა ბ ო ნ ი, lib. XI, cap. IV, 5). შესაძლებელია ეს ადგილი ეხლანდელი შირაქის მინდვრები იყოს. კამბეჩოანს დიდი სივრცე ჰქონია და სამად ყოფილა დანაწილებული: ერთი იბერებსა სჭერიათ, მეორე ალბანელებს, მესამე კიდევ სომხებს. იბერიის აღმოსავლეთის საზღვარი პლინიუსს უფრო ნიშანდობლივ აქვს აღწერილი: მდინარე მტკვრიდან მოყოლებული (ავტორი კასპიის ზღვიდან იწყებს) მთელ მინდვრებზე ალბანელები მოსახლეობენ; შემდეგ კი იბერნი; ალბანელებსა და იბერებს მდინარე ალაზანი ჰყოფს, რომელიც კავკასიის მთებიდან ჩამოდის და მდინარე მტკვარს ერთვისო, მოგვითხრობს პლინიუსი (პ ლ ი ნ ი უ ს ი, Natur. hist. lib. VI, § 26; ლ ა ტ ი შ ე ვ ი, II, 181, იქ შეცდომით სწერია “ოკაზანე” “ალაზანე”-ს მაგიერ), მაშასადამე, იბერიისა და ალბანიის აღმოსავლეთის საზღვრად მდ. ალაზანი და კამბეჩოანი ყოფილა. სამხრეთ-აღმოსავლეთით სომხეთი იდო; სამხრეთის საზღვარი არც სტრაბონს, არც პლინიუსს გარკვეულად აღნიშნული არა აქვთ, მხოლოდ პტოლემაჲოსს 67 გრად.-სა და 44 გრად. 40 მინ.-ს შორის აქვს ნაჩვენები. სამხრეთ-დასავლეთით მესხების ქვეყანა, კოლხიდის ერთი ნაწილი და მცირე სომხეთი იყო. სტრაბონი ამბობს, მტკვარს სათავე სომხეთში აქვსო (ს ტ რ ა ბ ო ნ ი, Geogr. lib. XI, cap. 14, 5), მაგრამ ეს სწორედ ის ადგილია, სადაც მტკვრის სათავე იყო; იქნებ ეს ადგილი სამცხის იმ ნაწილს ეკუთვნოდეს, რომელიც სტრაბონის სიტყვით სომხებმა დაიპყრეს.

იგივე ავტორი მოგვითხრობს, რომ იბერიას თავდაპირველად გაცილებით უფრო მეტი ადგილი სჭერია: პარიადრის მთები, ხორძინა და გუგარქიც მას ჰკუთვნებია. მერე ეს სამივე მაზრა იბერებს სომხებმა წაართვეს და თავიანთი ენა გაავრცელესო (იქვე, lib. XI, cap. 14, 5). ეს ამბავი 191 წლის შემდგომ (ქრ. წ.) მომხდარა, ანტიოქოს დიდის დამარცხების შემდეგ, როცა მისა ორმა სარდალმა არტაქსიმ და ზარიადრმა სომხეთი დაიპყრეს და თავიანთ სამფლობელოს გადიდებას შეუდგნენ. პარიადრის ბედიღბლის შესახებ, რამდენადაც ვიცით, არავითარი საისტორიო ცნობები არ მოიპოვება; ხორძინა კი სომხებს შერჩათ და VII ს. სომეხ გეოგრაფის სიტყვით მეოთხე სომხეთის ერთ-ერთ მაზრად ითვლებოდა (იხ. პატკანოვის გამ. ს. ტ. გვ. 18), ხოლო გუგარქი იბერებს თავიანთთვის დაუბრუნებიათ; იმავე გეოგრაფის მოწმობით იგი ქართველებს ეკუთვნოდა. “გუგარქი უტის მახლობლადა დევს და ცხრა ხეობას შეიცავს, რომელნიც ქართველებს უჭირავთ: ძოროფორი, კოლფისჴევი, ტაშირი, თრიალეთი, კანგარი, არტაანი, ჯავახეთი და კლარჯეთი”-ო (იქვე, გვ. 20). მაგრამ IX საუკუნეში კოლფაქარი და ტაშირი ისევ სომხეთის ხევებად ითვლებოდნენ (გობრონის ცხოვრება, საქართველოს სამოთხე, 394). პლინიუსის სიტყვებიდან მგონი იმ დასკვნის გამოყვანა შეიძლება, რომ თეზი და თრიალეთი (regio Thasie et Thriarie) პირველ საუკუნეშიც ქრ. შ. იბერთ ეკუთვნოდა (პ ლ ი ნ ი უ ს ი, Natur. hist. cap. VI, § 26). მხოლოდ სტრაბონის დროს, როგორც ეტყობა, გუგარქი ისეთი დიდი არ ყოფილა და იმდენი ხეობა არ ჰკუთვნებია, როგორც შემდეგ.

იბერიასა და კოლხეთს გარდა იყო აგრეთვე მესხეთი ანუ სამცხე, მაგრამ უკვე პირველს საუკუნეს ქრ. წ. მათი მიწა-წყალი, სტრაბონის სიტყვით, რამდენიმე ნაწილად იყო დაქუცმაცებული: ერთი კოლხებსა ჰქონდათ დაპყრობილი, მეორე იბერებს, მესამე კიდევ სომხებს (ს ტ რ ა ბ ო ნ ი, Geogr. lib. XI, cap. II, 18). პროკოპი კესარიელის მოწმობით მესხები (“მესხოჲ”) ძველი დროიდანვე იბერთა მოჩილნი იყვნენ. მათი ქვეყანა მთიანი და მიუვალიაო; სახლებიც მესხებს მაღლობზე აქვთ, მაგრამ თვით ქვეყანა ყოვლის სიკეთითა და ნაყოფიერებით არისო სავსე (პ რ ო კ ო პ ი, De Bello gothico, წ. IV, თ. 2, § 24-26).

იბერიის ხალხს სტრაბონი ორ ნაწილად ჰყოფს: ერთს ბარის მცხოვრებნი ეკუთვნოდნენ, მეორეს _ მთიელნი; ყოფაცხოვრებითა და ზნე-ჩვეულებითაც ერთი-ერთმანეთისაგან ისინი იმდენად განსხვავდებოდნენ, რომ სტრაბონს მთიელები სკვითებისა და სარმატების მონათესავედ, ე. ი. სხვა ეროვნების ჩამომავლობის ტომად მიაჩნია. ბარის მცხოვრებნი მიწის მოქმედებას მისდევდნენ, მთიელნი კი უფრო ომსა და ნავარდობასაო. სამწუხაროდ სტრაბონი არას ამბობს, რა და რა ტომები ბინადრობდნენ მაშინ იბერიაში; პლინიუსი მხოლოდ მთიულებს იხსენიებს (gens Silvorum; პ ლ ი ნ ი უ ს ი, Natur. hist. lib. VI, § 26), მაგრამ მათი ბინადრობა სწორად ვერა აქვს ნაჩვენები. რასაკვირველია, ბარად სხვების გარდა სამი უმთავრესი ტომი უნდა ყოფილიყო: კახნი, ქართველნი, რომელთა ენაც შემდეგ ყველა ქართული მოდგმის ტომის საზოგადო და სამწერლობო ენად გადაიქცა, და იბერნი, რომელთა სატომო სახელით პირველ საუკუნეში ქრ. წ. მთელი ეს ქვეყანა იწოდებოდა. ჩვენ ვიცით, რომ იბერნი, ანუ იმერელნი მეგრულ-ლაზურ შტოს ეკუთვნოდნენ, მაგრამ შემდეგ, როგორც ზემოთ იყო გამორკვეული, რომელღამაც ქართლით შემოსულმა ტომმა ქართული შეათვისებინა. ცხადია, იბერებს ანუ იმერლებს მეგრელებსა და ქართებს შორის უნდა ეცხოვრათ, სწორედ ამ იბერთა ტომს ეკუთვნოდა I საუკუნეში ქრ. წ. და შ. უპირატესობა: მან მიანიჭა თავისი სახელი მთელ ამ ქვეყანას; შესაძლებელია მხოლოდ, რომ ეს იბერნი ამ დროს, გაქართებულნი არა ყოფილიყვნენ. შემდეგ ქართლელნი გაძლიერდნენ და ყველა თანამოძმე ტომების მწერლობისა და ცხოვრების სათავეში ჩადგნენ.

ზემოთ აღნიშნული იყო, რომ კავკასიის მკვიდრთა შესახებ ცნობები პირველ საუკუნეზე წინათ თითქმის სრულებით არ მოიპოვება; განსაკუთრებით იბერიისა და ალბანიის შესახებ ხომ არც ერთს გეოგრაფს კრინტი არ დაუძრავს. ეს გარემოება, რასაკვირველია, სამეცნიერო კვლევის საგანს მეტად ართულებს და ბევრი დიდმნიშვნელოვანი საკითხის გამორკვევას აძნელებს. იმთავითვე ქართველები კავკასიაში ცხოვრობდნენ, თუ შემდეგ დროს გადმოსახლდნენ საიდანმე? აი ერთი ასეთ უმთავრეს საკითხთაგანი. ჰეროდოტეს ცნობებიდან ჩანს, რომ V ს. ქრ. წ. კოლხები კავკასიაში ცხოვრობდნენ. მეოტიდის ტბიდან მოყოლებული მდინარე ფასისისა და კოლხების სამფლობელომდე ოცდაათი დღის სავალი გზაა კარგი მოსიარულისთვისაო, ამბობს იგი (ჰ ე რ ო დ ო ტ ე, Historia, I, 104), თუნდაც რომ ფაზისი ამ შემთხვევაში ჭოროხსა ნიშნავდეს, ცხადია მაინც, რომ ჰეროდოტეს დროს კოლხებს შავი ზღვის აღმოსავლეთის ნაპირას უცხოვრიათ”...

ამის შემდეგ ივ. ჯავახიშვილი საუბრობს იმაზე, რომ “ყველა ქართველი ტომის სამშობლო... ქალდია იყო (და), მაშასადამე, კავკასიაში ქართველები იქიდან უნდა მოსულიყვნენ”. მაგრამ ეს უკვე სხვა წერილის თემაა და ჩვენ ამ საკითხს შესაბამის ადგილას შევეხებით.

მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment