Wednesday, December 22, 2010

ივანე ჯავახიშვილი აფხაზეთის შესახებ III-XI საუკუნეებში

მომდევნო „III საუკუნეშივე, 256-260 წლების განმავლობაში, _ ივ. ჯავახიშვილის სიტყვით, _ დასავლეთ საქართველოში, ლაზიკასა და მთელ შავი ზღვის ნაპირებს სკვითები ეწვივნენ. საცა კი ისინი გაჩნდებოდნენ და შეესეოდნენ, ყველაფერს იკლებდნენ და ანადგურებდნენ. ყველაზე მეტად იმ დროს ფაზისი, ანუ ფოთი და პიტიუნი, ანუ ბიჭვინტა დაზიანდა. ფოთში ადგილობრივი ღვთაების ტაძარი კი ვერ ჩაიგდეს ხელში. დიდი კედლებით გარემოზღუდული და კარგ ნავსადგურიანი პიტიუნი კი მეორედ ადვილად აიღეს და მთელი იქ მყოფი რომაელების ჯარი ამოწყვიტეს. ადგილობრივი მცხოვრებნი მიუვალ ადგილებში იყვნენ შეხიზნული“.

ამავე პერიოდში და შემდეგ საუკუნეებშიც, რომის (ბიზანტიის) იმპერიასა და ირანს შორის დაპირისპირებაში მონაწილეობს არა იმდენად აფხაზთა სამეფო, რამდენადაც იბერიისა და ლაზიკის სამეფოები. აფხაზები, როგორც უფრო ჩრდიოელთით მოსახლე ხალხი, ამ დაპირისპირებებში ნაკლებად მონაწილეობენ. სახელდობრ, ივ. ჯავახიშვილი ამის შესახებ წერს, რომ ამ დაპირისპირების ხანაში, „523 წელს ლაზთა მეფე წათე ბიზანტიაში გაემგზავრა და იქ კეისარს იუსტინეს აუწყა, რომ მას გაქრისტიანება ჰსურს და უნდა, რომ ლაზთა მეფედ იყოს დამტკიცებული. იუსტინე კეისარი, რასაკვირველია, ამ ამბავმა მეტად ასიამოვნა და სიხარულით მონათლა მეფე წათე და შვილად გამოაცხადა. წათემ ბიზანტიაში თანამეცხედრედ რომაელი დიდებულის ქალი შეირთო, პატრიკიოსისა და აპოკურაპალატის ნომის ასული. სამეფო გვირგვინითა და ძვირფასი სამოსელითა და სამკაულით მორთული, მრავალი საჩუქრებით დატვირთული წათე სამშობლოში დაბრუნდა“.

შემდეგ ივ. ჯავხიშვილი აგრძელებს: „რაკი დიდიხანია, რაც ლაზიკაში ქრისტიანობა გავრცელებული იყო, ამიტომ წათეს გაქრისტიანებას პირადული მნიშვნელობა ჰქონდა, და ლაზიკაში ამიერიდან ქრისტიანობა, ვითარცა სახელმწიფო სარწმუნოება, საბოლოოდ განმტკიცებული იქმნებოდა“. მაგრამ, განა სამეფო ოჯახის მოქცევა ქრისტიანობაში მხოლოდ პირადული საქმე იყო, თუნდაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უკვე ქრისტიანი ყოფილიყო? განა ლაზიკის სამეფო კარზე არ იყო გარკვეული ეთიკეტი? და განა მოსახლეობის დიდი ნაწილი არ შეჰყურებდა სამეფო სახლს ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების საკითხში? ვფიქრობთ, რომ ლაზიკის მეფის გაქრისტიანებას მაინც დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა მისი ქვეშევრდომების ქრისტიანობაზე საბოლოოდ მოქცევის საქმეში.

შემდეგ ივ. ჯავახიშვილი წერს, რომ ლაზიკაში, თავიანთი გავლენის დამკვიდრებისა თუ განმტკიცებისთვის, ჯარები გამოგზავნეს ბიზანტიამაც და ირანმაც. რომ ბიზანტიელები ლაზების დასახმარებლდ იყვნენ ჩამოსული და დაინტერესებული იყვნენ ლაზთა მეზობელი ტომების თავისკენ მომხრობაში, მაგრამ „კონსტანტინოპოლიდან გამოგზავნილმა სოტერიხმა, რომელსაც უტიგურებისა, ალანებისა და სხვა, ლაზიკის მეზობელი, ტომებისათვის ფული უნდა დაერიგებინა, რაკი ისინი სპარსელებს არ მიუდგნენ, თავისი მედიდური ქცევით მისიმიელთა ტომი ააჯანყა. მ ი ს ი მ ი ე ლ ნ ი აფშილეთის ჩრდილოეთით ბინადრობდნენ და ლაზიკის მეფის მოყმენი იყვნენ, მაგრამ საკუთარი ენა და ადათები ჰქონდათ. როცა სოტერიხი მოვიდა, მათ ეგონათ, რომ ბიზანტიელები იმათ ქვეყანაში ბინის გაჩენას აპირებდნენ, მივიდნენ და წინააღმდეგობა გამოუცხადეს. ეს იწყინა მოხელემ და მოგზავნილი კაცები დააჭერინა, აცემინა და ცოცხლ-მკვდარნი შინ გაისტუმრა. ამ ამბავმა ხალხი იმდენად ააღელვა, რომ მაშინვე იგრიალეს და ღამე მძინარე სოტერიხს მიადგნენ და თავისი ოთხი შვილითურთ ამოხოცეს, მოკლული გაძარცვეს, გაიტაცეს მათი ბარგი და მოტანილი ფული. შინ რომ დაბრუნდნენ და დამშვიდდნენ, მაშინ კი შეფიქრიანდნენ და შეშინდნენ, კეისარი ხომ ამას არ შეგვარჩენს და ისევ სჯობია სპარსელებს მივემხროთ და დახმარება ვთხოვოთო“.

მაგრამ სპარსელები (ირანელები) ბიზანტიელებთან და ლაზებთან ომში დამარცხდნენ და „ამის შემდეგ ბიზანტიელებმა 555 წელს მისიმიელების დასასჯელად გაილაშქრეს“. ივ. ჯავხიშვილის თქმით, „მათი მხედრობა დაბანაკდა აფშილებისა და მისიმიელთა ქვეყნის საზღვარზე მდებარე ციხე წიბელდაში (წიბელიოს). აფშილებს უნდოდათ თავიანთი მეზობლები განადგურებისაგან გადაერჩინათ და ამიტომ მათ თავის მხრივ მოციქულები მიუგზავნეს, ბიზანტიელებთან შერიგდითო. მისიმიელნი კი იმდენად გამხეცდნენ, რომ ეს მოციქულებიც დახოცეს. ამაზე გულმოსულმა ბიზანტიელებმა მისიმიელთა ქვეყანა გაანადგურეს და გადაბუგეს, ხალხს პირუტყვსავით ხოცდნენ. ღონემიხდილმა და შეშინებულმა მისიმიელებმა მაშინ კი იკადრეს და თითონ შეეხვეწნენ ბიზანტიელებს, გვაპატიეთ, კმარა რაც გადაგვხვდა, ქრისტიანები ვართ, ნუ გაგვწყვეტთო, იმათაც შეისმინეს, სოტერიხის მკვლელობისა და გატაცებული ფულის ასანაზღაურებელი გადაახდევინეს და ისევ ლაზიკაში დაბრუნდნენ“.

ზემოთ მოყვანილი ამონარიდებიდან ასევე ჩანს, რომ ლაზიკის ჩრდილოეთით, დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრივ აფხაზების (აფსუების, აფსართა) გარდა სახლობდნენ აფშილები, მისიმიელები, შესაძლოა სხვა თემებიც (ტომებიც). თანაც მისიმიელები, როგორც ჩანს, მდ. კოდორის ხეობის შუა და ზემო ნაწილში სახლობდნენ. ჩვენში სახელწოდებას აფსარი ჩვეულებრივ იყენებენ ხოლმე იმის გამოსახატავად, რომ აფხაზი და აფსარი სხვადასხვა ცნებებია, და რომ ძველი აფხაზები იყვნენ, ვთქვათ, ქართების ან ეგრების მსგავსი ქართველები და სწორედ მათ შეესაბამება ტერმინი აფხაზი. აფსარი კი აღნიშნავდა ჩრდილო-კავკასიური ადიღეურ-ჩერქეზული მოდგმის ხალხს, რომელთა ენზეც სწორედ „ლაშა“ („ალაშარა“) ნიშნავს „ნათელს“ და ეს სახელი დაარქვეს თამარ მეფის ძეს გიორგი-ლაშას, რასაც აღნიშნავს კიდეც თამარის მემატიანე. ასეთ მოსაზრებას თავის საჯარო ლექციებზე, კერძოდ, გამოთქვამდა აკაკი ბაქრაძე, ხოლო თამარ მეფის ძის გიორგისთვის მეორე სახელის _ ლაშას დარქმევას იგი ხსნიდა ქართული სახელმწიფოს საგარეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ჩრდილოეთ კავკასიაში.

მაგრამ ივ. ჯავახიშვილის მსჯელობებიდან შესაძლოა გაკეთდეს სხვანაირი დასკვნაც: რომ აფსარები (აფსუები) იგივე აფხაზები არიან, თამარის დროსაც ცხოვრობდნენ მდ. კოდორის ჩრდილოეთით (ან ცხუმის /დიოსკურიის, სებასტოპოლისის/ ჩრდილოეთით, თუკი ეს ქალაქი აფშილებს ეკუთვნოდა), მაგრამ სახელწოდებას „აფხაზი“ შესაძლო იყო აღიქვამდნენ კიდევ აფსარის (აფსუას), აფშილის, მისიმიელისა და სხვა თემების (ტომების) კრებსითი მნიშვნელობით. ანუ ყველა მათ ზოგადად (მთლიანობაში) ეწოდებოდათ აფხაზები, ხოლო თემობრივი განსხვავებების აღსანიშნავად კი იტყოდნენ აფსარი, აფშილი, მისიმიელი და სხვა. როგორც მაგალითად ქართლელი წარმოადგენს კრებსით სახელს მუხრანელებისაც, მცხეთელებისაც, არაგველებისაც, გორელებისაც, ქსნის ხეობის ქართველებისთვისაც, ლიახვის ხეობის ქართველებისთვისაც და ა. შ.

VII ასწლეულის შუახანებისთვის ამიერკავკასიასა და საქართველოშიც გამოჩნდნენ ახალი დამპყრობლები _ არაბები (643-645 წწ.-დან), რომლებიც შემოიფარგლნენ აღმოსავლეთ საქართველოს (აღმოსავლეთ ამიერკავკასიის) დამორჩილებით და ბიზანტიის იმპერიის წინა აზიის მთელ რიგ სამფლობელოებში კი თავიანთი ბატონობის გავრცელება ვერ შეძლეს. ამჯერად უკვე ამიერკავკასიაში ბრძოლა დაიწყო არაბებსა და ბიზანტიელებს შორის. 689 წელს ლაზიკის პატრიკიოსი სერგი ბარნუკის ძე აუჯანყდა ბიზანტიელებს და თავისი სამფლობელო არაბებს დაუმორჩილა, ხოლო კონსტანტინოპოლის ერთგულად დარჩენილ აფხაზებს კი ზურგს უმაგრებდნენ აგრეთვე ჩრდილო-კავკასიაში მცხოვრები ხაზარებიც (თურქული მოდგმის ხალხი).

ქართველი მემატიანის ჯუანშერის სიტყვით, ხალიფა ჰიშამის ბრძანებით „მოიწია ამირა აგარიანი ქართლად, რომელსა ერქუა მურვან ყრუ ძე მომადისა... და ყოველნი მთავარნი, პიტიახშნი, ნათესავნი ერისთავთანი და წარჩინებულნი შევიდოდეს კავკასიად და დაიმალნეს კლდეთა და ღრეთა და მოვლო ყრუ მურვან ყოველი კავკასია და დაიპყრა კარი დარიალანისა და დარუბანდისა და შემუსრნა ყოველნი ქალაქნი და უმრავლესნი ციხენი ყოველთა საზღუართა ქართლისათა... და შემუსრნა ყოველნი ქალაქნი და სიმაგრენი ქვეყანისა ეგრისისანი“... ივ. ჯავახიშვილი ამ და სხვა წყაროებზე დაყრდნობით ჰყვება, რომ მურვან ყრუ 729-730 წ. შემოსულა საქართველოში, „მთელი თავისი მხედრობით ქსნით დარიალის ხეობა და კარი გაუვლია და ხაზარნი დაუმარცხებია, იმიერ კავკასიითგან ერთი ტომი გადმოუყვანია და კახეთში დაუსახლებია, ხოლო 737-742 წლებში ძლევამოსილი ლაშქრობა ჰქონია კავკასიაში და იმიერ-კავკასიაში, ისე რომ დაუმორჩილები და გაუმაჰმადიანებია, რასაკვირველია იძულებით, ხაზარნი, აუღია დაღესტნის მთელი ქვეყანა, სამურის სანახები და შაბირანი, ლეკეთი, ტაბასარანი და დიდოელნი“. ჯუანშერი ასევე მოგვითხრობს, რომ მურვანს დაუპყრია აგრეთვე ეგრისის ციხეები და აუღია „კლისურა, რომელ მას ჟამსა იყო საზღუარი საბერძნეთისა და საქართველოჲსა, შემუსრა ქალაქი აფშილეთისა ცხუმი, მოადგა ციხესა ანაკოფიისასა... და ერისთავი კეისრისა ლეონ შესრულ იყო ციხესა შინა სობღისსა, რომელ არს გარდასავალსა ოვსეთისასა და ვერავინ შემძლებელ იყო წყობად“ მისაო.

VIII საუკუნეში, ქართლში არაბების მძლავრობის ხანაში, „ბიზანტიის კეისრების მფარველობის ქვეშ მყოფ დასავლეთ საქართველოში მშვიდობიანობა და მყუდროება იყო, ისე რომ მათს აღმოსავლეთის თანამოძმეებს მათი მდგომარეობა სანეტაროდ ეჩვენებოდათ. მარტო ის რად ღირდა, რომ აფხაზეთში მაშინ მყუდროება სუფევდა „კრძალულ იყო ქუეყანაი იგი შიშისაგან სარკინოზთაჲსა“ (იოანე საბანისძე, „ცხოვრება აბო ტფილელისაჲ“), _ არაბთა თავდასხმისაგან უზრუნველყოფილი იყო ისე, რომ როდესაც ქართველებს ქართლ-კახეთში მეტის-მეტად გუჭირდებოდათ ხოლმე, დასავლეთ საქართველოში, ეგრისში და აფხაზეთში გადაიხიზნებოდნენ და იქ ეძიებდნენ მყუდრო თავშესაფარს“. იოანე საბანისძის სიტყვით: დასავლეთ საქართველო „იყო ქუეყანაჲ იგი სავსეჲ ქრისტეჲს სარწმუნოებითა და არავინ ურწმუნოთაგანი მკვიდრ იპოების საზღუართა მათთა“-ო. მთელი ამ ქვეყნის საზღვრად „არს ზღუაჲ იგი პონტოჲსა... მისაზღურადმდე ქალდიასა“. სადაც ქ. ტრაპიზონი და აფსარტაჲ დევს, აქ უკვე ბერძენთა, ან როგორც იოანე საბანისძე ამბობს, „იონთა მეფისა“ საბრძანებელი იწყებოდა. ამ საზღვრებს შუა მთელი მიწა-წყალი მაშინ უკვე ყოფილა „სამკვიდრებელი ყოვლადვე ქრისტიანეთაჲ“. თვით აფხაზეთის მთავარმა თუ ეპისკოპოსებმა და მღვდლებმა, ან „კაცთა მათ მის ადგილისაჲთა გარდამეტებული ღმრთის მსახურებაჲ და ლოცვაჲ“ იცოდნენ.

VIII საუკუნის მეორე ნახევრიდან, „საქართველომ გამოცოცხლება დაიწყო და მოსულიერდა. ამ მოძრაობას ხელს უწყობდა, რასაკვირველია, თვით არაბების თანდათანი დასუსტება. ჩვენი ქვეყნის გამოცოცხლება ერთბაშად და უცბად არ მომხდრა; საქართველოს ყველა კუთხეში ერთ დროს ვერ ამოძრავდებოდნენ; ზოგმა უფრო ადრე დაიწყო მოღონიერება, ზოგ მხარეს კი მცხოვრებთა მოქმედებას გარეშე, განსაკუთრებული პოლიტიკური, გარემოებანი აფერხებდნენ...

პირველად თავი დასავლეთ საქართველომ წამოყო, სახელდობრ VIII საუკუნის მეორე ნახევარში. აფხაზეთი არაბთა ბატონობას იმთავითვე გადაურჩა და კვლავინდებურად ბიზანტიის კეისრისაგან იყო დამოკიდებული; მაგრამ სწორედ VIII სუკუნეში ბიზანტია დასუსტებული იყო და არაბებთან ბრძოლითა და შინაური საეკლესიო უთანხმოებისა და გამწვავებული ბრძოლისა გამო ხატის თაყვანისმცემლებსა და უარმყოფელთა შორის. ამით უსარგებლია აფხაზეთის იმდროინდელ ერისთავს. მემატიანის სიტყვით: „რა ჟამს მოუძლურდეს ბერძენნი, გადგა მათგან ერისთავი აფხაზთა, სახელით ლ ე ო ნ, ძმისწული ლეონ ერისთავისა, რომელსა მიეცა სამკვიდროდ აფხაზეთი; ესე მეორე ლეონ ასულის წული იყო ხაზართა მეფისა და ძალითა მათითა გაადგა ბერძენთა, დ ა ი პ ყ რ ა ა ფ ხ ა ზ ე თ ი დ ა ე გ რ ი ს ი ვ ი დ რ ე ლ ი ხ ა დ მ დ ე, ს ა ხ ე ლ ი დ ვ ა მ ე ფ ე ა ფ ხ ა ზ თ ა“-ო. ისტორიული წყაროების ანალიზის საფუძველზე ივ. ჯავახიშვილი ასკვნის, რომ ლეონ I გამეფდა 746 წელს და იმეფა 791 წლამდე. სწორედ მაშინ დაიწყო აფხაზეთმა, აფხაზთა სამეფომ, მთლიანად დასავლეთ საქართველოს მნიშვნელობის შეძენა, რომელიც განმტკიცებულ იქნა შემდგომ საუკუნეებშიც. მაგრამ არსად არ ჩანს, რომ აფხაზთა სამეფოში აღიარებული სახელმწიფო (გნებავთ, ოფიციალური) ენა ყოფილიყო აფსუების (აფსართა) ენა, ან მეგრულ-ლაზური (ეგრთა) ენა. რა თქმა უნდა, ამ ენებს თავისი კუთვნილი ადგილი ექნებოდა აფხაზთა სამეფოში, მაგრამ საეკლესიო მსახურებისა და სახელმწიფო დოკუმენტაციის წარმოების ენა უნდა ყოფილიყო ქართული (ქართების ენა), რომელიც უწინვე აღიარებული იყო მთელს საქართველოში. ამავე დროს თავისი ადგილი ეჭირა ბერძნულ ენასაც, რომელიც წარმოადგენდა კონსტანტინოპოლთან ურთიერთობის ენას.

ამავე დროს ქართლის ერისთავმა ა შ ო ტ კ უ რ ა პ ა ლ ა ტ მ ა (786-826) ვერ გაუძლო არაბების მკაცრ და იჭვიან ბატონობას „და ივლტოდა მათგან და წარემართა რათა წარვიდეს საბერძნეთად“. იგი დაესახლა არტანუჯში და „მისცა ღმერთმა გამარჯვება და ახელმწიფა იგი შავშეთ-კლარჯეთსა ზედა“; ხოლო აქ „განემტკიცა ხელმწიფება მისი ნებითა ბერძენთა მეფისათა“. თავისი კეთილი განწყობა და მფარველობა კეისარმა იმითაც დაამტკიცა, რომ „ბერძენთა მეფემან მ ი უ ბ ო ძ ა კ უ რ ა პ ა ლ ა ტ ო ბ ა ა შ ო ტ ს ა“.

VIII საუკუნის დასასრულს თვით მაჰმადიანნიც უკვე საშიშარნი აღარ იყვნენ, „მოუძლურებულ იყვნეს სარკინოზნი“ და „ტფილისს არავინ დარჩა სარკინოზთაგან თვინიერ ალი შუბის ძისა“ („მატიანეჲ ქართლისაჲ“). თანდათან თბილისის ამირები ცდილობდნენ ხალიფასაგან დამოუკიდებლები გამხდარიყვნენ. ასევე VIII საუკუნის დასასრულისთვის დაწინაურდა და მოღონიერდა კახეთის სამთავროც, სადაც მთავრობდა გრიგოლი, ხოლო კახეთის მთავართა წოდება იყო ქორეპისკოპოსი.

ივ. ჯავხიშვილის სიტყვით: „VIII საუკუნის დასასრულს, მაშასადამე, საქართველოს მიწა-წყალი ოთხ სხვადასხვა მფლობელს ეჭირა: თბილისი მისი მიდამოებით და ქართლის სამხრეთი ნაწილი, ანუ საქართველოს შუაგული, არაბ ამირას, ალი შუბის ძეს ჰქონდა; საქართველოს აღმოსავლეთი ნაწილი კახთა მთავარს ეპყრა, რომელსაც „ქორეპისკოპოსი“ ეწოდებოდა; დასავლეთი ორად იყო გაყოფილი: ჩრდილოეთის მხარე აფხაზთა მეფეს ეკუთვნოდა, სამხრეთი აშოტ კურაპალატსა და მის ჩამომავლობას. ამათ გარდა საქართველოს სამხრეთით, მოსაზღვრე სომხეთშიაც აღმოცენდა თანდათან ადგილობრივი სამთავროები.

სწორედ ამ მთავრებს შორის იყო გამწვავებული ბრძოლა უპირატესობისა და ბატონობის გამო; თითოეული მათგანი ყოველ ღონეს ხმარობდა, სულ იმის საგონებელში იყო, თუ როგორ გაეფართოვებინა თავისი სამფლობელო და სხვისი ხელში ჩაეგდო, როგორ შეეერთებინა სხვადასხვა სამფლობელოები და თითონ ერთადერთ ბატონად გამხდარიყო... დიდი ყურდღების ღირსია ეს შეუჩერებელი, ზოგჯერ ჩუმი, ზოგჯერ პირდაპირი ბრძოლა ბატონობის მოპოვებისა და ქვეყნის გაერთინების გულისათვის!..

სწორედ იმ დროს, როცა არაბებისაგან დევნილი ქ ა რ თ ლ ი ს ე რ ი ს თ ა ვ ი ა შ ო ტ ი, შემდეგ კურაპალატად სახელდებული, იძულებული იყო ქართლისათვის თავი დაენებებინა და კლარჯეთში დაბინავებულიყო, როგორც ეტყობა, კ ა ხ ე თ ი ს მ თ ა ვ ა რ ი გ რ ი გ ო ლ ი დაძრულა და ქართლის ერთი ნაწილი, ქსნის ხეობა და ქსნის დასავლეთით მდებარე დანარჩენი შიდა ქართლი დაუპყრია... კახთა ბატონის საბრძანებლის ასეთი გაფართოება და ქართლის ერთი ნაწილის დაჩემება, რასაკვირველია, არაფრად მოეწონებოდა აშოტ კურაპლატს, რომელიც თავის თავს ქართლის კანონიერ მთავრად სთვლიდა. არც მაშინდელს აფხაზთა მეფეს თეოდოსის (791-818) მოსვლია ჭკუაში კახთა ქორეპისკოპოზის გაძლიერება. ამიტომ „გამოილაშქრა აშოტ კურაპალატმან და უშუელა თეოდოსი, აფხაზთა მეფემან, ძემან მეორის ლეონისამან, რომელი იგი იყო სიძე აშოტ კურაპალატისა. გრიგოლს უშუელეს მთიულთა და წანართა და ამირამან ტფილისისამან. შეიბნეს ქსანსა ზედა აშოტ და გრიგოლ, გააქციეს მთავარი კახეთისა და დააყრეინეს ქუეყანა, რომელი ჰქონდა ქართლისაგან და დაიპყრა აშოტ კლარჯეთითგან ვიდრე ქსნამდის“-ო.

მაგრამ არც აშოტ კურაპალტის გამარჯვება და ბატონობა ყოფილა ქართლში ხანგრძლივი: „მოვიდა ხალიდ იაზიდის ძე არაბი და დაიპყრა სომხითი, ქართლი და ჰერეთი“. მალე ჯერი აშოტზეც მიდგა. იმ დროს, როდესაც იგი ცდილობდა „რათამც შეიკრიბა ლაშქარი ბრძოლისათვის სარკინოზთასა“, და ომის სამზადისში იყო, „დაესხნენ მას სარკინოზნი უცნაურად და აოტეს იგი“; გაქცეულს კურაპალატს არაბები კვალ-და-კვალ დაედევნენ, მიეწივნენ და 29 იანვარს 826 წელს ეკლესიაში ზედ საკურთხეველზე მახვილით მოჰკლეს... მოკლული კურაპალატის მცირეწლოვან შვილებს „რომელ გარეთ-ქუეყანა ჰქონდა წაუღეს სარკინოზთა“; ანუ, „ეუფლნეს სარკინოზნი ქართლსა“ და ამავე დროს „იყუნეს ხარკის მიმცემელ სარკინოზთა ყოველნივე ხევნი შავშეთ-კლარჯეთ-ნიგალისანი“.

აშოტის შემდეგ ბიზანტიის იმპერატორმა კურაპალტობა უწყალობა მის შუათანა ძეს ბაგრატს; ხოლო „ძმანი მისნი ყოველნი და დიდებულნი ხელმწიფენი ადარნასე, უხუცესი, და გუარამ, მრწემი, მშუვალესა მას ძმასა მორჩილ ექმნეს საღმრთოჲსა ძმობისა სიყუარულითა“. თანდათან შვილები იბრუნებდნენ არაბების მიერ მამისათვის წართმეულ სამფლობელოს, ქართლში შემოერთებულ მიწებს, „ხოლო რაჟამს სრულ ჰასაკ იქმნეს იგინი, კუალადცა მისცა ღმერთმან მათვე იგი ნაქონი მამისა მათისა“.

ივანე ჯავახიშვილი მოგვითხრობს, რომ „ბაგრატ კურაპალატი მოხერხებულად იქცეოდა და არაბების ურთიერთშორის მტრობითა და უთანხმოებით თავისთვის სარგებლობდა. მაგრამ თუ არაბების ძალის დახმარებით და მფარველობით ბაგრატ კურაპალატი კარგად აფართოვებდა თავის სამფლობელოს და ამავე დროს აფხაზთა მეფის მოძრაობას აღმოსავლეთისაკენ გზაზე ეღობებოდა, ცალკე, თითონ შავშეთ-კლარჯეთის ბატონს მისი წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო. აკი ამიტომაც იყო, რომ „მას ჟამსა გამოვიდა იგი აფხაზთა მეფე გიორგი, ძმა თეოდოსესი და დიმიტრისი, ძე ლეონისი, დაიპყრა ქართლი და დაუტევა ერისთავი ჩიხა ძე დიმიტრისი“ (მატიანე ქართლისაჲ) და ბაგრატი იძულებული იყო გაჩუმებულიყო.

ამ დროს სომხეთშიაც მოიკრიბეს ძალი ადგილობრივმა ერისთავებმა; სხვებზე უფრო ძლიერი იყო ერისთავთ-ერისთავი ა შ ო ტ ბ ა გ რ ა ტ უ ნ ი, რომელსაც, როგორც ეტყობა, თავისი სამფლობელოს გასაფართოებლად ჩრდილოეთისაკენ გამოულაშქრია და ქართლის დაპყრობა დაუპირებია. ხოლო ქართლში მაშინ აფხაზთა მეფე ბატონობდა და სომეხთა ერისთავთ-ერისთავს ჯერ აფხაზები უნდა დაემარცხებინა“. აფხაზთა მეფის დასუსტების მიზნით, ბაგრატ კურაპალატის ძე დავით კურაპალატი სომეხთა ერისთავთ-ერისთავს მიემხრო, ხოლო „ნასრ ძე გუარამისი და გურგენ იყუნეს აფხაზთა კერძ“, და „იბრძოდეს სომეხნი და აფხაზნი ქართლსა ზედა“-ო (მატიანე ქართლისაჲ).

ამგვარად, საქმე უფრო გართულდა; მებრძოლთ კიდევ ერთი მონაწილე მოემატათ. თუ აქამდის ერთიერთმანეთს მხოლოდ ქართველი მთავრები ეცილებოდნენ, ამიერითგან სომეხთა მთავრის ჩარევამ ბრძოლის საზღვრები და ასპარეზი გააფართოვა; თუ წინათ ბრძოლას უნდა გადაეწყვიტა, თუ რომელ ქართველ მთავარს დარჩებოდა საქართველოს მეთაურობა, ამიერითგან ბრძოლას უნდა გამოერკვია, ვის ჩაუვარდებოდა ხელში საქართველოსი და სომხეთის, ანუ მთელი კავკასიის მეთაურობა. ქართლი ქვეყნის შუაგული იყო და თითოეული მთავრის მომავლისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ეს ადგილი იმას დარჩენოდა“.

904 წელს „გადმოვიდა კონსტანტინე აფხაზთა მეფე“ და „დაიპყრა ქართლი“, რომელიც იმ დროს ქართლის აზნაურების ხელთ იყო. ამის გამო „დაემტერა სომეხთა მეფე სუმბატ ტიეზერაკალი და მოილაშქრა სპითა დიდითა და მოადგა უფლის-ციხესა... და წარიღეს ციხე ხერხითა“. სომეხთა ისტორიკოსის იოანე კათალიკოზის სიტყვით, სუმბატ სომეხთა მეფეს ბრძოლაში აფხაზთა მეფის წინააღმდეგ ქართლის მეფე ადარნასე (888-923) ეხმარებოდა, თუმცა აფხაზთა მეფე ადარნასეს სიძე იყო. ასე იქცეოდნენ ხოლმე... ყოველთვის ტაო-კლარჯეთ-შავშეთის ბატონები, აწ უკვე „ქართველთა მეფედ“ წოდებულნი, ოღონდ კი როგორმე აფხაზთა მეფეების გაძლიერება შეეჩერებინათ. ამ დაპირისპირებაში აფხაზთა მეფე დამარცხდა, თუმცა კი სომეხთა მეფემ შემდგომში მასთან მეგობრობა და დანათესავება არჩია: „კეთილად იმზახნეს სუმბტ და კონსტანტინე და უკუსცა უფლისციხე და ქართლი“-ო. მაგრამ ამიერიდან ადარნასე ქართველთა მეფემ დაიწყო სომეხთა მეფის მტრობა.

„ამიტომ შემოესია თუ არა სომხეთს ამირა აბულ კასიმ ძე იუსუფ აბუსაჯისი, სუმბატის მტრობით, რომ მისი გაძლიერება შეეფერხებინა, ადარნასე დაუყოვნებლივ არაბთა სარდალს მიემხრო; რაკი ადარნასე ქართველთა მეფე, გაგიკ ვასპურაკანის მთავარი და სუმბატ სომეხთა მეფის ძმისწული აშოტი თავინთი მხედრობითურთ სომეხთა მეფის მტერს მიეშველნენ, მას, რასაკვირველია, წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო და „მიმართა მთათა აფხაზეთისათა“. უკან დადევნებულმა ამირამ როგორც იყო სომეხთა მეფე სუმბატი შეიპყრა და 914 წელს ქ. დვინში „ჩამოჰკიდა ძელსა“; მაგრამ თუ სომხეთი დაზიანდა, არც ქართლსა, სამცხესა და ჯავახეთს დაჰყრია არაბების ლაშქრისაგან ხეირი“.

მაგრამ სომეხთა მეფობის მარცხით ადარნასე ქართველთა მეფემ კი ვერ ისარგებლა, არამედ აფხაზთა მეფემ კონსტანტინემ, რომელმაც კახეთის ქორეპისკოპოზის კვირიკეს მიწვევით და მასთან ერთობლივად, დალაშქრა ჰერეთი და იქაც ფეხი მოიკიდა. ამიერითგან საქართველოში უპირატესობა და მეთაურობა აფხაზთა მეფეების ხელთ იყო. ამის მერე „შემდგომად მცირედთა დღეთა“ კონსტანტინე მეფეც მიიცვალა, და მისი მემკვიდრეების ურთიერთ მტრობის გამო არეულობაც დაიწყო, „იშლებოდა ქუეყანა აფხაზეთისა ჟამ რაოდენმე“, ბოლოს კი უმცროსი ძმის ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ, კონსტანტინეს უფროსი შვილის გიორგის ხელში, კვლავ მშვიდობიანობა ჩამოვარდა, ხოლო ესე გიორგი იყო „სრული ყოვლითა სიკეთითა, სიმხნითა და ახოვნებითა“.

გიორგი აფხაზთა მეფემ ქართლის გამგეობა თავის უფროს ძეს კონსტანტინეს მისცა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა: სამი წლის შემდეგ ბატონიშვილმა „იწყო მტრობად მამისა თვისისა და ძებნად მეფობისა“, მომხრედ მას „ტბელნი და სხუანი მრავალნი აზნაურნი“ ჰყავდა (მატიანე ქართლისაჲ). ყურადღების ღირსია ეს უკანასკნელი გარემოება. დიდებული აზნაურები, უმეტესი ნაწილი მაინც საქართველოს გაერთიანების წინააღმდეგნი იყვნენ; თითოეული კუთხის აზნაურები თვიანთი მეფისა და მთავრის დამოუკიდებელი არსებობის მონატრულნი იყვნენ იმიტომ, რომ გაერთიანების შემდეგ მათ კვლავინდებური ძალა და გავლენა დაეკარგებოდათ და მეფეს წინანდებურად თავის ნებაზე ვეღარ ათამაშებდნენ. თუ აქამდის საქართველოს სახელმწიფო ცხოვრების უმთავრეს მოვლენად ქართველ მეფეთა ერთიერთმანეთთან ბრძოლა იყო, ბატონობისა და მეთაურობის მოსაპოვებლად, ამიერითგან, როცა გამარჯვება აფხაზთა მეფეებს ერგოთ, ამ მეფეთა შორის, ბრძოლაში დიდებული აზნაურებიც დიდ მონაწილეობას იღებდნენ, განსაკუთრებით უმეფობას მიჩვეული ქ ა რ თ ლ ი ს ა ზ ნ ა უ რ ე ბ ი, და უმეტეს შემთხვევაში ა ფ ხ ა ზ თ ა მ ე ფ ე ე ბ ი ს გ ა ე რ თ ი ა ნ ე ბ ი ს პ ო ლ ი ტ ი კ ი ს წ ი ნ ა ა ღ მ დ ე გ დ ა ა დ გ ი ლ ო ბ რ ი ვ ი მ ე ფ ი ს დ ა მ ო უ კ ი დ ე ბ ე ლ ი ა რ ს ე ბ ო ბ ი ს დ ა ს ა ც ა ვ ა დ ი რ ჯ ე ბ ო დ ნ ე ნ.

კონსტანტინე ბატონიშვილის განდგომილებაში მამის წინააღმდეგ „მრავალნი აზნაურნი“ ქართლელნი იღებდნენ მონაწილეობას, რასაკვირველია, იმავე მიზნითა და განზრახვით. გიორგი აფხაზთა მეფემ „მოიყუანნა ტაოელნი მეფენი და ფადლა ქორეპისკოპოზი“ და მედგარის ბრძოლის შემდეგ გაიმარჯვა.

ამგვარადვე აფხაზთა მეფის საზიანოდ და მისი მოწინააღმდეგის სასარგებლოდ მოქმედებდნენ ქართლის აზნაურნი, როცა კვირიკე ეპისკოპოზის წინააღმდეგ „გადგეს აზნურნი გარდაბანელნი, იწყეს ზრახვად გიორგი მეფისა“ და აფხაზთა მეფემ ერთგზობით კახეთის აოხრების შემდეგ, მეორედ თვით კვირიკე შეიპყრა; გიორგი მეფის შვილს ლეონს, რომელიც ქართლის ერისთავად იყო დანიშნული, უნდოდა კახთა ბატონის სახლობაც ხელთ ეგდო, მაგრამ ვიდრე იგი თავის წადილს აასრულებდა „აცნობეს ა ზ ნ ა უ რ თ ა ქ ა რ თ ლ ი ს ა თ ა და გარდაეხუეწნეს“... გიორგი მეფის მხედარნი „ეუფლნეს (უჯარმას და) სხუათაცა ციხეთა კახეთისათა, თვინიერ სამთა ციხეთა ნახჭევანისა, ბოჭორმისა და ლოწობანთა“. გამარჯვება აფხაზთა მეფეს დარჩა. ამის მცნობელმა „იხილა კვირიკე ქორეპისკოპოზმან, არღარა იყო ღონე მისი, ითხოვა სიმტკიცე ცოცხლებით გაგზავნისა და დაულოცა კახეთი გიორგი მეფესა“ (მატიანე ქართლისაჲ). გიორგი მეფემ მართლაც კვირიკე განათავისუფლა, ხოლო მძევლად უმცროსი შვილი ჩამოართვა იმ პირობით, რომ იგი აღვსების შემდეგ ბოჭორმის ციხეს მოშორდებოდა. სწორედ ასეც აპირებდა კვირიკე, მაგრამ „შეეზრახნეს ა ზ ნ ა უ რ ნ ი ქ ა რ თ უ ე ლ ნ ი და მათთანა კახნი; გოდერძიანი მგდეური, ყანჩაელი მამა, დაჩი კორინთალი, დაჩი და იოანე სხუილოსელნი, სარა და გრიგოლ ძმანი ფხვენელნი და მათთანა ორმეოცდაათი აზნაური სხუა, და მიერთნეს კვირიკეს და უწყეს ბრძოლად ციხეთა და მცირეთა დღეთა წარიხუნეს ციხენი ყოველნი“.

„ამ შემთხვევაშიც მეთაურებადა და კახეთში ამბოხების ამტეხად ქართლელი აზნაურები იყვნენ, კახელები მათ მიემხრნენ... კახეთის დამოუკიდებლობის მოსპობა მათ, რასაკვირველია, არ ენდომებოდათ. ეს ხომ აფხაზთა მეფის გაძლიერებას მოასწავებდა! ხოლო რაკი იგი ამავე დროს ქართლის ბატონიც იყო, მისი უფლების გაფართოება და განმტკიცება ქართლის დიდებულ აზნაურთა წინანდელი პარპაშობისა და თვისნება მოქმედების ფრთების შეკვეცას უქადდა; ამიტომაც იყო, რომ ქართლის აზნაურებმა იმის მაგიერ, რომ თავიანთი მეფისათვის ხელი შეეწყოთ და კახეთის შემოერთებაში მოჰხმარებოდნენ, იმათ, პირიქით, მოწყობილი და გათავებული საქმე ხელმეორედ ჩუშალეს, კახთა ბატონი აფხაზთა მეფის საწინააღმდეგოდ წააქეზეს და თითონაც ატეხილ ამბოხებაში მხურვალე მონაწილეობა მიიღეს.

უფრო მოგვიანებითაც, როცა გიორგი აფხაზთა მეფის ძის ლეონის (957-967) გარდაცვალების შემდეგ ტახტზე დემეტრე (967-975) დაჯდა, მის საწინააღმდეგოდ ტახტის მოსაპოვებლად ბიზანტიით დემეტრეს ძმა თეოდოსი მოვიდა; მაგრამ მოულოდნელი თავდასხმით დემეტრე მეფის ლაშქარმა ბატონიშვილი გააქცია. „წარვიდა ქ ა რ თ ლ ს და მიმართა ადარნასეს ძამელსა მთავარსა. შეიყუანეს იგი ძამის ციხესა და მუნით გამოღმართ ეძიებდა საქმესა თვისსა“. ერთი სიტყვით, აქაც ქართლის აზნაურებმა აფხაზთა მეფის მეტოქესა და მტერს ხელი შეუწყეს და თავშესაფარი მისცეს, რომ ამით თავიანთი ბატონი დაეუძლურებინათ, ან არა და თავიანთი მომხრე აეყვანათ სამეფო ტახტზე.

თუმცა ფიცით მინდობილი თეოდოსი მისმა ძმამ დემეტრემ შეიპყრა და თვალები დასწვა, რომ მეფობა ვეღარ შესძლებოდა, მაგრამ რაკი დემეტრე მეფე უძეო იყო და მისი სიკვდილის შემდეგ „აღარა დარჩა მკვიდრი აფხაზეთისა და ქართლისა“, „მკვიდრნი ქუეყანისანი“ იძულებული იყვნენ ისევ თეოდოსი (975-978) დაესვათ მეფედ. რასაკვირველია, უსინათლო მეფე დიდებულ აზნაურთა სათამაშოდ უნდა გამხდარიყო და გახდა კიდეც. ქვეყანა აიშალა და წესიერება შეირყა. ეხლა კი საქართველოს მომავალი განსაცდელში იყო და უსინათლო თეოდოსის მეფობა ქვეყანას კეთილს არ უქადდა. კახთა მეფე გამხნევდა, ქართლის წართმევა განიზრახა და ჯარითურთ უფლისციხეს მოადგა. ერთი სიტყვით, საქმე ისე დატრიალდა, თითქოს საქართველოს გაერთიანება ხელახლად უნდა დაწყებულიყო“.

შემდეგ ივ. ჯავახიშვილი ამბობს, რომ „საქართველოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინვე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი, რომელსაც ქვეყნის კეთილდღეობისათვის გული შესტკიოდა. ამ წრის საუკეთესო წარმომადგენელი, მისი სულის ჩამდგმელი და წადიერებათა თავგამოდებული განმახორციელებელი ი ო ა ნ ე მ ა რ უ შ ი ს ძ ე ყოფილა. მას ნათლად ჰქონდა წარმოდგენილი, რამდენად საუბედურო იქნებოდა საქართველოსათვის უსინათლო, უძლური კაცის მეფობა და ამიტომ „ამან წარავლინა მოციქული წინაშე დავით კურაპალატისა, აწვია, რათა მოილაშქროს ძალითა მისითა, აღიღოს ქართლი, ანუ დაიმჭიროს თვით, ანუ უბოძოს ბაგრატს ძესა გურგენისსა, ასულის წულსა გიორგი აფხაზთა მეფისასა, რომელსა ეყოლა დედულად აფხაზეთი და ქართლი ესევე“ (მატიანე ქართლისაჲ)“.

დავით კურაპალატი გახლდათ იმ ხანად გაძლიერებული ტაო-კლარჯეთის მეფე, რომელიც კონსტანტინოპოლის სამეფო კარსაც კი დაეხმარა ამბოხებული დიდმოხელის ბარდა სკლიაროსის დამარცხებაში. ხოლო ქართლის ერისმთავრის გურგენის ძე ბაგრატი ამავე დროს იყო აფხაზთა მეფის გიორგის ასულისა და უსინათლო თეოდოსის დისწული. შემდეგ ივ. ჯავახიშვილი ჰყვება: „იოანე მარუშის ძეს საქართველოს გაერთიანების გარკვეული და მტკიცე სურვილი ჰქონდა და ამის განსახორციელებლად საუკეთესო გზაც აირჩია. ტაოს მფლობელს დავით კურაპალატზე უკეთესად არავის შეეძლო ეს განეხორციელებინა: იგი სახელგანთქმული იყო ყველგან, როგორც შინ საქართველოში, ისე გარეთ სომხებსა, ბერძნებსა და არაბებს შორის ძლიერებითა და მაღალი სულიერი და ზნეობრივი თვისებებით; ამასთანავე მტკიცე და ძლიერი ხასიათის პატრონი იყო და თავის თავს არავის დააჩაგვრინებდა. რაკი მას შვილი არ ებადა, ამიტომ თავისი მახლობელი ნათესავი „ბაგრატ ძე გურგენისი გაეზარდა შვილად თვისად“; მაშასადამე იგი არამც თუ ქართველთა მეფეთა სამფლობელოს მემკვიდრე იყო, არამედ ტაოსიც; ხოლო თუ აფხაზთა მეფეების ტახტზე მართლაც ბაგრატს დასვამდნენ, მაშინ იგი გახდებოდა თითქმის მთელი გაერთიანებული საქართველოს ხელმწიფედ, კახეთისა და ჰერეთის ერთი ნაწილის გარდა. სწორედ ამიტომაც იოანე მარუშის ძე „ეძებდა მეფედ ბაგრატს“.

დავით დიდ კურაპალატს მოეწონა იოანე მარუშის ძის წინადადება და თავისი ჯარითურთ საჩქაროდ ქართლისაკენ გამოეშურა. ეს რომ კახელებმა გაიგეს, ქართლს უჩუმრივ თავი მიანებეს და როცა დავით კურაპალატი მობრძანდა და ქუახრელთან დადგა, იოანე მარუშის ძე მიეგება და უფლისციხე მას გადასცა, ხოლო დავითმა „მიუბოძა ბაგრატს და მამასა მისსა გურგენ“-ს... დავით კურაპალატმა ქართლიდან წასვლის წინათ შეკრიბა ადგილობრივი აზნაურები და გამოუცხადა: „ესე (ბაგრატ) არს მკვიდრი ტაოსა, ქართლისა და აფხაზეთისა, შვილი გაზრდილი ჩემი, და მე ვარ მოურავი მისი და თანაშემწე, ამას დაემორჩილენით ყოველნი“-ო. თუმცა კი ამის შემდეგაც ქართლის აზნაურები განაგრძობდნენ ურჩობას, მაგრამ დავით კურაპალატის დახმარებით გურგენი და ძე მისი ბაგრატი კვლავაც იმტკიცებდნენ ქართლის ტახტს.

იოანე მარუშის ძის გეგმა და ნატვრა, რომ ბაგრატი გაერთიანებული საქართველოს მეფედ გამხდარიყო, მალე განხორციელდა. აფხაზეთში უსინათლო თეოდოსის წყალობით ისე აიწეწა საქმეები და გაირყვნა ქვეყანა, რომ „შეიცვალა ყოველი წესი მისი და განგება პირველთა მეფეთა განწესებული“; ხალხი შეწუხდა; აფხაზეთის დიდებულ აზნაურებმაც დაინახეს, თუ რამდენად საზარალოა ხოლმე ქვეყნისათვის სუსტი ადამიანის მეფობა. აფხაზეთის ამისთანა მდგომარეობით ისარგებლა შორს გამჭვრეტელმა იოანე მარუშის ძემ და „ინება რათა მოიყუანოს ბაგრატ მეფედ აფხაზეთისა და მის თანა ყოველთა დიდებულთა ერისთავთა და აზნაურთა აფხაზეთისა და ქართლისათა გამოითხოვეს ბაგრატ მეფედ დავით კურაპალატისაგან“ (მატიანე ქართლისაი). დავით კურაპალატი ფრთხილად მოიქცა და ვიდრე მძევლები არ ჩამოართვა, თხოვნა არ აუსრულა. ახალგაზრდა ბაგრატი აფხაზეთში ჩაიყვანეს და „დალოცეს მეფედ“. ბაგრატ III აფხაზეთში გამეფებულა 978 წელს. მას შემდეგში (დაახლოებით 1002 წლისათვის) ეწოდა „ა ფ ხ ა ზ თ ა მ ე ფ ე დ ა ქ ა რ თ უ ე ლ თ ა კ უ რ ა პ ა ლ ა ტ ი“ (იქვე).

1001 წელს გარდაიცვალა დიდი დავით კურაპალატი და მისი სამფლობელო, ტაო-კლარჯეთი, მანამდე არსებული შეთანხმების საფუძველზე, ბიზანტიის კეისარს ბასილის დარჩა. საქმე იმაშია, რომ, ივ. ჯავახიშვილის თხრობის მიხედვით, ბარდა სკლიაროსის აჯანყების დამარცხებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, კოსტანტინოპოლის წინააღმდეგ აჯანყდა უკვე სხვა ბიზანტიელი დიდებული, ბარდა ფოკა, რომელსაც მიემხრო დავით კურაპალატიც. ბასილი კეისრის წინააღმდეგ დიდი ძალა გამოდიოდა, მაგრამ ბარდა ფოკა მოულოდნელად გარდაიცვალა, აჯანყებულთა ერთიანობა დაირღვა და ბასილი კეისარმა ცალ-ცალკე დაიწყო მათი დასჯა. იგი თავისი ლაშქრით წამოვიდა ტაო-კლარჯეთის სამეფოს ასაოხრებლადაც, მაგრამ დავით კურაპალატმა მას გზაში თავისი ელჩები მიუგზავნა და სთხოვა, რომ სიცოცხლის ბოლომდე დაეტოვებინა იგი ტაო-კლარჯეთის მეფედ, ხოლო თავისი გარდაცვალების შემდეგ კი, როგორც უძეოდ დარჩენილი მფლობელი, მთელ ტაო-კლარჯეთს ბიზანტიას დაუთმობდა. ბასილი კეისარმა შესაბამისი შეთანხმება დაუდო დავით კურაპალატს და უკან გაბრუნდა, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ კი თავისი კუთვნილი სამეფო დაიჭირა. მაგრამ ბაგრატის მამის, ქართლის ერისმთავრის, გურგენის (გ უ რ გ ე ნ მ ა გ ი ს ტ რ ო ს ი ს) შეუპოვარი ბრძოლის შედეგად, კეისარმა მას დაუთმო ბიზანტიასთან მშვიდობის დაცვის პირობით. 1008 წელს გურგენ მეფე გარდაიცვალა და ბაგრატი „ეუფლა ტაოს“-აც. ეხლა კი ბაგრატ III გახდა მეფეთა-მეფედ, აფხაზთა და ქართუელთა მეფედ. შემდეგ მან შემოიერთა კახეთი და ჰერეთი, თუმცა კი ტაშირი და „ქართველთა ველი“, ბოლნის-დმანისის ხეობანი სომეხთა ხელში რჩებოდა. შემდეგ მან სომეხთა მეფე გაგიკთან ერთად ილაშქრა რანში განძის ამირა ფადლონის წინააღმდეგ, რომელმაც მანამდე „იწყო კირთებად ერისთავთა ჰერეთისა და კახეთისათა, ჟამითი-ჟამად მეკობრობით და პარვით რბევად და ტყუენვად ადგილითი ადგილად“. მოკავშირეებმა დაამარცხეს განძის ამირა და მშვიდობის დაცვის პირობით დაუზავდნენ მას. ბაგრტ III-მ იმეფა 1014 წლის ზაფხულამდე.

„ბაგრატ მეფის მტკიცე ხასიათმა, ბრძნულმა და წინდახედულმა მმართველობამ, ვაჟკაცურმა გულადობამ და შორსგამჭვრეტელმა პოლიტიკამ საქართველო გააერთიანა და მის ძლიერებას მკვიდრი საფუძველი დაუდვა. არც გასაკვირველია, თუ რომ იმდროინდელი ქართველი ისტორიკოსები მისის მოღვაწეობით აღტაცებულნი ცოტა არ იყოს გაზვიადებით გვისურათებენ მისის მეფობის ნაჭირნახულევს: ბაგრატ მეფემ, მოგვითხრობს მაგ. სუმბატი, „დაიპყრა ყოვლი კავკასია თვითმპყრობელობითა ჯიქეთითგან ვიდრე გურგანადმდე, ხოლო ადარბადაგანი და შარვანი მოხარკე ყო, სომხითისა ხელმწიფობითა ნებიერად განაგებდა, მეფე სპარსთა თვის მეგობრად და ერთგულ ჰყო სიბრძნითა და ძლიერებითა თვისითა და უფროს სახლეულთა თვისთასა, და რამეთუ ბერძენთა მეფესაცა შიში აქუნდა ამისი ყოვლადვე“-ო (ცხოვრება და უწყება ბაგრატიონიანთა).

„მატიანე ქართლისაჲ“-ც ცხოველის მჭერმეტყველებით გვიხატავს დიდებული მეფის სურათს: „ესე ბაგრატ აფხაზთა და ქართუელთა მეფე წარემართა ყოველთავე ხელმწიფეთა ყოვლითა განგებითა, ამისად მოაჯედ და შემპოვნედ შეიქმნეს ყოველნი ხელმწიფენი მახლობელნი და მოთაულნი მამულისა და სამეფოსა მისისანი და მოლაშქრედ, ვითარცა თვისნი დიდებულნი და მისანდობელნი, დაუმორჩილნა ღმერთმან ყოველნი მტერნი წინააღმდგომნი, მომადლა დღეთა მისთა მშვიდობა და დიდი დაწყნარება ქუეყნისა“-ო. ბაგრატ III „მეფობდა ოცდა ათექუსმეტ წელ“, იგი უკვე ხანში იყო შესული „მხცითა მშვენიერითა შემკული“, როდესაც ტაოში, ციხესა ფანასკერტისასა მყოფი, გარდაიცვალა 1014 წ. მაისის 7, დღესა პარასკევსა. ზვიად ერისთავთ-ერისთავმა მეფე ბაგრატის გვამი წამოიღო ფანასკერტითგან და „დამარხა ბედიას“.

ასე მოგვითხრობს ივანე ჯავახიშვილი „ქართველი ერის ისტორია“-ში ერთიანი საქართველოს სამეფოს, აფხაზთა და ქართველთა სამეფოს ჩამოყალიბების ისტორიას, მისი სახელმწიფოებრივი ცხოვრების დასაწყისს XI საუკუნის დამდეგიდან. ამის შემდეგ იყო აღმავლობისა და დაცემის პერიოდები, იყო წმინდა კეთილმსახური მეფეების დავით აღმაშენებლისა (1089-1125) და თამარის (1184--1214) მმართველობა, „საქართველოს ოქროს ხანა“, როდესც საქართველოს სასულიერო, სამეურნეო, ეკონომიკური, სამხედრო და კულტურული ცხოვრების დონე დიდად იყო დაწინაურებული, და აფხზეთიც, რომელიც მანამდეც საქართველოს ერთიანი კულტურული ცხოვრების შემადგენელი ნაწილი იყო, უთუოდ ბერძნულ-ბიზანტიური გავლენის გათვალისწინებით, განსხვავებით ქართლ-კახეთ-ჰერეთისგან, სადაც ირანული და არაბული გავლენა სჭარბობდა, მაგრამ მაინც საქართველოს, ქართული (ქართველური) სამყაროს ზნეობისა და კულტურის ხის ტანსა და ფესვებს შეადგენდნენ მართლმდიდებელი (ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო) ქრისტიანობა, საერთო ისტორიული ეთნოგენეზისი, რომლებსაც ხელს არ უშლიდა აფხაზურ-სვანურ-ლაზურ-ქართული ენების ლექსიკური აპარატის განსხვავებულობა, საერთო ისტორიული ბედისა და ცხოვრების უტყუარი განცდა და ყველაზე უფრო აქტიური და ქმედითი მონაწილეობა ერთიანი ქართული სამეფოს სახელმწიფოებრივი ცხოვრების მოწყობის საქმეში როგორც ეგრის-აფხაზეთის, ისე ქართლის, ტაო-კლარჯეთისა და კახეთ-ჰერეთის მხრიდან, აგრეთვე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ქმედითი თანამონაწილეობით. ასეთმა ერთიანობამ გაუძლო მონღოლების ბატონობის ხანას, თუმცა კი ამავე დროს საგრძნობლად დასუსტდა და XVI საუკუნიდან დაიშალა ცალკეულ სამეფო-სამთავროებად, რომელთა ბუნებრივ ხელახალ გაერთიანებას შემდგომში გზაზე გადაეღობა საქართველოსა და საერთოდ ამიერკავკასიის ორად გაყოფა ახალი ძლიერი დამპყრობლების ოტომანთა იმპერიისა (ოსმალეთისა) და ირანის მიერ. მაგრამ ეს უკვე სხვა თხრობის საგანია და ჩვენს დღევანდელ საკითხს სცილდება.

მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment