Wednesday, December 22, 2010

ქართველების პოლიტიკური მდგომარეობა XI-I სს. ქრ. წ.

ივანე ჯავახიშვილის “ქართველი ერის ისტორიის” I ტომის II ბ) დამატებას წარმოადგენს შედარებით მცირე წერილი “ქართველების პოლიტიკური მდგომარეობა XI-I ს. ს. ქრ. წ.” (გვ. 441-445, 1960 წ. აკად. სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით გამოცემული წიგნისა _ ივ. ჯავახიშვილი, “ქართველი ერის ისტორია”, ტ. I), რომელშიც ავტორი ეხება იმავე ტომის II ა) დამატებაში გადმოცემული ქართული (გნებავთ წინაქართული, პროტოქართული) ტომების ბინადრობისა და უძველესი ისტორიიული ცხოვრების განმსაზღვრელ ერთერთ მნიშვნელოვან მხარეს _ ქართული ტომების, ტომთა გაერთიანებებისა და სახელმწიფო წარმონაქმნების უძველეს პოლიტიკურ მდგომარეობას. სახელდობრ, ივ. ჯავახიშვილი ამბობს:

“რამდენადაც ასურული წარწერებიდანა ჩანს, ქართველები 1100 წლამდე ქრ. წ., ვიდრე მათ ასურეთის ბატონი ტიგლატ-პილესარ I დაამარცხებდა, უძლეველ ერად ითვლებოდნენ. თვით ასურეთის მეფე ამბობს, მუსკები ჯერ არც ერთ მეფეს არასდროს არ დაემარცხებინაო (KB, I, 19). მაშასადამე, წინათ ქართველები არამცთუ დამოუკიდებელნი უნდა ყოფილიყვნენ, ძლევამოსილი ერის სახელიცა ჰქონიათ მოხვეჭილი. ტიგლატ-პილესარ I ტახტზე რომ ავიდა, 1100 წლის ახლო ხანებში, 20.000 მუსკი და მათი ხუთი მეფე, გათამამებული, აქაოდა 50 წლის წინათ ასურეთის მოხარკე ქვეყნები ალძი და პურუკუცცი დავიპყარითო, ჩამოვიდნენ და კუმმუხიც დაიჭირეს; ჯერ არც ერთ მეფეს არასდროს ისინი არ დაემორჩილებინაო. “შევკრიბე მაშინვე ჩემი ნაომარი ეტლები და ჯარი და კუმმუხში გავემგზავრეო, მოგვითხრობს ასურეთის ბატონი, ის 20.000 მუსკი და მათი ხუთი მეფე საშინლად დავამარცხეო. მათი ჯარისკაცების გვამები გრიგალისავით მივფანტ-მოვფანტე, მათი სისხლი ხევებსა და კლდის ვიწროებზე ვადინე, თავები მოვჭერ და მათი ქალაქების მახლობლად დავყარე. ნატყვენავი ქონება და ავლა-დიდებაც ბლომად წამოვიღე. მათი ლაშქრისაგან გადარჩენილი 6.000 ჯარისკაცი, რომელიც ჩემს იარაღს გაექცა, მერე ფეხებზე მომეხვია და დამემორჩილა, ჩემთან წამოვიყვანე და ჩემი ქვეყნის მცხოვრებად ჩავთვალეო” (იქვე). ასე კვეხულობს თავის გამარჯვებას ასურეთის ბატონი. ამავე ტიგლატ-პილესარმა დაიმორჩილა კოლხებიც, ანუ კასკები, როგორც ასურელები ეძახიან; როცა 4.000 კაცმა კასკებმა ჩემი ძლევამოსილების ამბავი შეიტყესო, ჩემი მამაცობის შიშის ზარი დაეცათ, ბრძოლა ვეღარ გაბედეს და მუხლებზე (ფეხებზე) მომეხვივნენო. მეც ყველა ისინი 120 საომარი ეტლითა და ქონებითურთ თან წავასხი და ჩემი სამფლობელოს მცხოვრებად ჩავთვალეო” (იქვე, I, 25), ასე დაიწყო ბრძოლა ქართველებსა და ასურელებს შორის. ერთ დროს უძლეველი მესხები ტიგლატ-პილესარ I-მა დაამარცხა და უკვე აშურ-ნასირ-აბალის დროს (885-860 წ. ქრ. წ.) ასურელების მოხარკედ იყვნენ (KB, I, 65). 837 წელს მეფე სალმანასარ II ტაბალის ანუ იბერების ქვეყანასაც მიადგა და 24-მა ტაბალელმა მეფემ ასურეთის ბატონი საჩუქრებით მოიშორა თავიდან. მეფემ ტაბალელების ვერცხლისა და ლითონის მაღაროები ჩაიგდო ხელში (იქვე, 143). ამიერიდან ასურეთის ბატონის წინაშე მოიხარეს ამაყი ქედი და 883 წელს მათმა მეფეებმა სალმანასარის სიტყვით ასურეთის ბატონს ხარკი მიართვეს (იქვე, 143), ტიგლატ-პილესარ III-ის დროსაც (745-727) ტაბალები კვლავინდებურად ხარკს იხდიდნენ (იქვე, II, 19, 21, 31). მაგრამ, როგორც ეტყობა, ამის შემდეგ ასურელებისათვის ურჩობა გაუწევიათ, ყმობისაგან თავი დაუხსნიათ და, როგორც ეს სარგონ მეფის (722-705) სიტყვებიდანა ჩანს, იგი იძულებული ყოფილა ტაბალისა და მუსკების წინააღმდეგ ამხედრებულიყო, რომ ხელმეორედ დაემორჩილებინა; მეფეს თავისი წადილი აუსრულებია კიდეც. კიაკკი (თუ კაკი?) ტაბალის მეფე ტყვედ წაუყვანია, ხოლო მუსკების ქედზე მონობის მძიმე უღელი დაუდვია (იქვე, II, 39). როგორც სხვა თავის მოხარკე ქვეყნებში, ისე კასკების ანუ კოლხების, ტაბალების და მუსკების სამეფოებში სარგონს საკუთარი მოხელეები და მოადგილეები დაუყენებია; ხარკი და გადასახადი დაუწესებია (იქვე, II, 41), მაშასადამე ცოტა აკლდა, რომ მათ შინაურ საქმეებშიც ჩარეულიყო.

რამდენადაც სარგონ მეფის სიტყვებიდან ჩანს, იგი მაინც თავდაპირველად პატივისცემით და მეგობრულად ეპყრობოდა ტაბალებს. როცა ტაბალელ მეფის ჰჳლლის შვილი ამბარისი ტახტზე ასულა, სარგონს მისთვის ცოლად თავისი ქალი მიუთხოვებია და მზითვად კილიკია გაუტანებია; ამგვარად ამბარისის სამფლობელო შესამჩნევად გადიდდებოდა, მაგრამ ტაბალელ მეფეს ასურეთის ბატონობა არაფრად მოსწონდა, თუმცა სარგონი მისი სიმამრი იყო და დიდი მფარველობაც გაუწია, მაინც მან რუსა (ან ურსა) ურარტელ მეფესა და მუსკების მეფეს მიტას კაცები მიუგზავნა, ასურეთის ბატონის წინააღმდეგ პირი შევკრათ და ქვეყანა წავართვათო. ეს რომ სარგონმა შეიტყო, 709 წელს ამბარისი თავისი ნათესავებითა და ტაბალელი დიდებულებითურთ ასურეთში წაასხა და მისი ასი ეტლი თან წაიყოლა. ასურეთის ბატონი ამბობს, იმათ ადგილას მე ჩემი მორჩილი ასურელები დავასახლეო, ხოლო ქვეყნის გამგედ ჩემი მოხელე დავნიშნე, თანაც ხარკი და გადასახადები დავადეო (Sargons Die Gros. Prunkinschriift: KB, II, 57). ასე დასრულდა ტაბალების, მუსკებისა და ურარტელების შეთქმულება: განრისხებულმა სარგონმა სამეფოს დამოუკიდებლობა მოსპო და ქვეყნის შინაურ საქმეებში ჩაერია. ამის შემდეგ ტაბალისა და მუსკების მდგომარეობა თანდათან სულ უკან-უკან მიდიოდა. 1100 წლიდან მოყოლებული, მაშასადამე, ქართველ ტომებსა და ასურეთს შორის მუდივი დაუცხრომელი ბრძოლა ყოფილა. ქართველი ტომებისა და მუსკების ძლევამოსილების ხანა 1100 წლის წინა დროს ეკუთვნის. ამის შემდეგ ისინი თანდათან ძლიერებასა ჰკარგავენ.

მაგრამ სწორედ ამ დროს ჩრდილოეთით ძლიერდება და ასურელებს ჯერ მეტოქეობას უწევს, ხოლო მერე სიცოცხლეს უმწარებს ტაბალისა და მუსკის მოძმე ურარტელი ტომები. მათი ამაღლება და დაწინაურება სალმანასარ II-ის (860-825) დროს იწყება. ურარტელების მეთაურად მეფე არამე ანუ არამუ იდგა. სამჯერ ზედიზედ გაილაშქრა სალმანასარ მეფემ მის წინააღმდეგ. ასურეთის ბატონმა პირველად 860 წ. ციხე სუგუნია აიღო. მეორედ 857 წ. დედაქალაქი არზაშკუ ანუ არზაშკუნუ დაიპყრო. მესამედ 844 წელს მარტო დაÁანების მეფე დაიმორჩილა; იმის იქით წაწევა სალმანასარს, ეტყობა, ვეღარ მოუხერხებია. არამეს მოადგილემ მეფემ სარდურიმ თავისი დედაქლაქი ვანის ტბის ნაპირზე გადაიტანა, ქალაქ ტუსპაში (ეხლანდელი ქ. ვანი). აქედან უფრო ადვილი იყო ასურელების უკუქცევა და დამარცხება. ასურეთის მეფეები შამს-რამანისა (825-812) და რამან-ნირარის (812-783) დროს ურარტელების წინააღმდეგ ლაშქრობას ვეღარ ბედავდნენ. ურარტელების ძლიერებამ სარდურ I-ის შვილის მეფე იშპუინისა და მისი ძის მენუას დროს უმაღლეს წერტილამდე მიაღწია. იშპუინიმ ასურული ანბანი თავისი დედაენის ბგერების გამოსახვისათვის მოაგვარა და გამოიყენა და თავის წარწერებს ეროვნულ ენაზე აწერინებდა. როცა მენუას შვილმა არგიშტიმ ყველა თავის თანამოძმე ტომები გარშემო შემოიკრიბა, ასურეთის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო; შეერთებულის ძლიერი ლაშქრით მიეჭრებოდა ხოლმე ასურეთის ბატონს და მოსვენებას არ აძლევდა, სანამ ქედფიცხელ ასურეთს არა სძლია. ეს ხანა ურარტელების ძლიერების დრო იყო. მაგრამ ასეთმა მდგომარეობამ დიდხანს არ გასტანა: ავიდა თუ არა 745 წელს ტიგლატ-პილესარ III სამეფო ტახტზე, სამი წელიწადი არ გასულა, რომ 743 წელს ურარტელების წინააღმდეგ ამხედრდა. ამ დროს ურარტელების სამეფო ტახტი სარდურ II-ს ეპყრა. ასურეთის მეფეს ურარტელ ტომების სამხედრო კავშირი დაუხვდა წინ, მაგრამ სძლია. მარტო 72.950 კაცი ტიგლატ-პილესარ III-მ ტყვედ წაიყვანა; თვით სარდური მთებში შეიხიზნა და ამით დააღწია თავი სამარცხვინო ტყვეობას. 735 წელს ასურეთის ბატონი ხელმეორედ შეესია ურარტუს და ზედ დედაქალაქ ტუსპას მიადგა, ვითომც აღებას ლამობდა, მაგრამ ამაოდ. დანარჩენი ქვეყანა კი დაიპყრო და თავისი მოხელე დააყენა გამგედ. თხუთმეტი წლის შემდეგ ურარტელებმა ისევ ძალა მოიკრიბეს და თავის თანამოძმე ერებთან, ტაბალსა და მუსკებთან, პირი შეჰკრეს, ასურეთის ბატონობა თავიდან მოვიშოროთო. ამ კავშირის მომგონი, როგორც ზემოთ ნათქვამი იყო, ტაბალელი მეფე ამბარისი იყო. ხოლო ურარტელებს ამ დროს მეფედ რუსა ანუ ურსა ჰყავდათ. როგორც ვიცით, ასურეთის ძლიერმა ხელმწიფემ სარგონმა კავშირის ამბავი შეიტყო თუ არა, მოკავშირენი ცალ-ცალკე დაამარცხა და განზრახული შეთქმულება გააქარწყლა. ასე დაბოლოვდა იაფეტიანთა და ქართველი მოდგმის ტომებისა და ასურელების მრავალ-საუკუნეების განუწყვეტლი ბრძოლა და მეტოქეობა; ბრძოლის ველი ასურელებს დარჩათ”.

მაგრამ შემდეგ დადგა კიდევ უფრო მძიმე განსაცდელების ხანა იმდროინდელი ქართველობის (ქართული ტომებისა და ხალხების) ცხოვრებაში. და ეს განსაცდელები განპირობებული გახლდათ ახალი ძლიერი დამპყრობლების, ინდოევროპელი ველური ხალხების შემოსევით. ამის შესახებ ივ. ჯავახიშვილი წერს:

“ქართველი ტომების არსებობას კაპპადუკიასა და პონტოში ინდოევროპული ველური ხალხების შემოსევამ მოუღო ბოლო, განსაკუთრებით კიმმერიელებმა. ჯერ ლიდიელებს დაეცნენ, მერე ჯერი ქართველ ტომებზე მიდგა და ყველაფერი მირეგვ-მორეგვეს. ეზეკიელს ამ განადგურების სურათი ასე აქვს აწერილი: მოსოხი და თუბალი, რომელნიც მთელ ქვეყნიერებას შიშის ზარსა ჰგვრიდნენ, მახვილით დახოცილნი მთელი თავისი სიმრავლითურთ მიწაში არიან დაფლული (XXXII, 26). ხოლო ვინც სიკვდილს გადარჩა, ის გოგის მონობას უნდა დამორჩილებოდაო (იქვე, XXXVIII, 2, 3); ამ დროს ინდოევროპული ტომის, სკვითების, ერთობლივი შემოსევა იწყება მცირე აზიისა, შუამდინარეთისა და ერანის ქვეყნებში; სკვითები კვალდაკვალ მისდევენ ადგილობრივ მცხოვრებთ და მათ მიწა-წყალს იპყრობენ. ამ საერთო მოძრაობამ, სხვათა შორის, იმსხვერპლა მცირეაზიელი ქართველებიც.

ამ საშინელ წამლეკველ ტალღას ქართველი ტომების მხოლოდ ის ნაწილი გადაურჩა, რომელთაც ბინადრობა შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაპირებზე ჰქონდათ და რომელთაც თავი მიერკავკასიაში შეაფარეს.

ძლიერმა ასურეთმა ჯერ მიდიელებს, ხოლო მერე ერანს დაუთმო თავისი ადგილი. ახემენელთა ძლევამოსილი სამეფო ბევრ იმ ქვეყანას დაეპატრონა, რომელიც წინათ ასურეთის სამფლობელოს ეკუთვნოდა; იგი შეუჩერებლივ მიდიოდა წინ და ახალ-ახალ სამეფოებს იმორჩილებდა. ბერძნების გამოჩენილი ისტორიკოსის ჰ ე რ ო დ ო ტ ე ს თხზულებიდანა ჩანს, რომ მოსხები, ტიბარენნი, მაკრონები და მოსინიკებიც სპარსეთის ხელმწიფეს ემორჩილებოდნენ; მათი ქვეყანა 19-ე საგამგეო მაზრად ითვლებოდა სპარსეთში და წლიურად 300 ქანქარს (ტალანტს) ხარკს იხდიდა ხოლმე (ჰ ე რ ო დ ო ტ ე, ისტორია, III, 94). თუმცა კოლხები დამოუკიდებელნი იყვნენ, მაგრამ სპარსელებს ნებაყოფლობით აძლევდნენ ხარკსა; მაშასადამე, ახემენელი ხელმწიფის მფარველობა და მეთაურობა შეუწყნარებიათ (იქვე, III, 97). ყველა ჩამოთვლილი ქართველი ტომები მოვალე იყვნენ სპარსეთს ჯარით მიშველებოდნენ. თითოეული ტომი ცალ-ცალკე გამოდიოდა ხოლმე, ხოლო ორ-ორ ტომს ერთი სარდალი ჰყავდათ; მოსხებისა და ტიბარენების სპასალარად, მაგალითად, დარიოზის შვილი არიომარდი იყო, მაკრონებსა და მოსინიკებს კი ხორასმის შვილი არტანკეს, ხოლო მარებისა და კოლხების ჯარის უფროსად თეასპის შვილი ფარანდატი იყო (იქვე, III, 78-79). ყველა სარდლები სპარსელები ყოფილან და, რასაკვირველია, ახემენელი ხელმწიფეების დანიშნულები იქნებოდნენ. მშვიდობიანობის დროს სპარსეთის მთავრობა იქნებ მაგრე რიგად არ ჩარეულიყო ქართველი ტომების შინაურ საქმეებში, მაგრამ მაინც ქართველებზე ერანს დიდი გავლენა ექნებოდა.

ეს კია, მეოთხე საუკუნეში ყველა ქართველი ტომები _ ხალიბები, ხალდები, მაკრონები, კოლხები, მოსინიკები და ტიბარენნი _ სპარსეთის მეფისაგან დამოუკიდებელნი იყვნენ: ეტყობა ახემენელი მეფისაგან თავი დაუღწევიათ. ამ დროს შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსვლეთის ნაპირას მცხოვრები ქართველები პატარ-პატარა, ერთი-ერთმანეთისაგნ დამოუკიდებელ სამთავროებად იყვნენ დანაწილებული, ეროვნული შემეცნება ან მიჩლუნგებული ან არა და თითქოს დაკარგული უნდა ჰქონოდათ: არამც თუ ისინი ერთობასა კავშირზე არა ფიქრობდნენ, პირიქით, ცდილობდნენ კიდეც, რომ ბერძნების დახმარებით თავიანთი თანამოძმეებისათვის როგორმე ევნოთ და რამე წაეგლიჯათ; დრილები მუდმივ კოლხებს სცარცვავდნენ, ბარის მოსინიკები და მთიელი მოსინიკებიც ერთი-ერთმანეთის მოსისხლე მტრები იყვნენ. ქსენოფონტემ არც კი იცოდა, რომ ყველა ეს ტომები ღვიძლი ძმები იყვნენ; იქნებ ეს თვით ამ ქართველ ტომებსაც დავიწყებული ჰქონდათ?... ჰ ე კ ა ტ ე ს დროს, რომელიც დარიოზის (521-486) თანამედროვე იყო, როგორც ეტყობა, ეს ჯერ კიდევ ხსომებიათ. იგი ამბობს: “მოსხები კოლხების ტომიაო” (ლ ა ტ ი შ ე ვ ი, I, 3). ხოლო ეს იმას ნიშნავს, რომ ჰეკატეს მოსხებისა და კოლხების ნათესაობის ამბავი სცოდნია; ამის შემდეგ როგორც ჩანს, ქართველი ტომები უფრო დაქვეითებულან და ეროვნული შემეცნება თითქოს დაუკარგავთ, თუმცა კი პოლიტიკურად ამ დროს სრულებით დამოუკიდებელნი იყვნენ.

რა უნდა მომხდარიყო შემდეგი საუკუნეების განმავლობაში, ბერძენი მწერლების ცნობებიდან არა ჩანს. ს ტ რ ა ბ ო ნ ი მოგვითხრობს მხოლოდ რომ II საუკუნეში (ქრ. წ.), 191 წლის შემდეგ, მცირე სომხეთისა და სოფენის მფლობელებმა, ანტიოქოზ დიდის ორმა სარდალმა არტაქსიმ და ზარიადრმა, თავიანთი ქვეყნები გააძლიერეს და ქართველი ტომები ტიბარენნი და ხალდები დაჩაგრეს: ორი მაზრა ჩამოართვეს და დაიმორჩილესო (ს ტ რ ა ბ ო ნ ი, Geogr. VII, cap. 3, 28). ამგვარად, ქართველი ტომების პოლიტიკური მდგომარეობა შავი ზღვის სამხრეთ ნაპირას მეტად შერყეული იყო. მცირე სომხეთისა და სოფენის მფლობელების ბატონობას ტიბარენებისა და ხალდების ქვეყნებში მითრიდატ ევპატორმა მოუღო ბოლო, ვგონებ 88-84 წლებს შორის; მაგრამ არც იმას უბატონნია დიდხანს. ამ დროს რომის ძლევამოსილმა ლაშქარმა პომპეიუსის მეთაურობით ფეხი შემოსდგა მცირე აზიაში და მითრიდატის დიდებას ბოლო მოუღო. 66 წელს ქრ. წ. პომპეიუსმა მეფე მითრიდატი საშინლად დაამარცხა. მეფე ბრძოლის ველიდან გაიქცა და კავკასიაში შეაფარა თავი. ამიერიდან იწყება რომის ბატონობისა და გავლენის ხანა მთელ მცირე აზიასა და კავკასიაშიც. ბერძნების ახალშენები, რომლებიც მრავლად იყვნენ შავი ზღვის ნაპირებზე გაფანტული, რომაელების ბატონობას ხელს უწყობდნენ და ნიადაგს უმტკიცებდნენ”.

ასეთი ისტორიული გზა განვლეს პოლიტიკურად ქართულმა (წინაქართულმა) ტომებმა ახალი წელთაღრიცხვის დადგომამდე, რის შემდეგაც დიდი პოლიტიკის განვითარება ამირკავკასიაში აღინიშნებოდა რომის (შემდგომში ბიზანტიის) იმპერიისა და ირანის ძლიერი სამეფოს მეტოქეობითა და შეიარაღებული დაპირისპირებით, სისხლისმღვრელი ომებითა და მშვიდობიანი ცხოვრების პერიოდებით. და ქართველობაც ამ ომებში ხან ნებსით და ხანაც იძულებით მონაწილეობდა ერთერთი დაპირისპირებული მხარის რიგებში; ხოლო უფრო ხშირად კი, დასავლეთ-საქართველო შედიოდა რომის (ბიზანტიის) დაქვემდებარებაში, აღმოსავლეთ-საქართველო კი _ ირანისა. და ამ ეპოქის შესახებ მნიშვნელოვნად უფრო მდიდარი ისტორიული წყაროები მოგვეპოვება, რაც ჩვენს ისტორიკოსებს აძლევს უფრო მკაფიო და სრული სურათის დადგენის შესაძლებლობას, წინაანტიკურ და ანტიკურ პერიოდებთან შედარებით.

მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment