Monday, December 6, 2010

გიორგი XIII-ის მეფობის ხანა – ნაწილი I

(პლატონ იოსელიანის წიგნიდან "ცხოვრება გიორგი მეცამეტისა")

გარდაიცვალა მეფე ირაკლი თელავსა 11 იანვარს 1798 წელსა. დროსა ამას მემკვიდრესა პირმშოსა ძესა მისსა აცნობეს ესე ბორჩალოს და ყაზახსა, სადაცა იყო წასრული თათრებისა ელჩისა საჩივართა გამო. აქავე მიულოცეს მას მეფობა დიდთა თავადთა და მოხელეთა ქართლისა და კახეთისა. 22 ფებერვალსა მიბრძანდა მეფე თელავს და თან ახლდა 130 თავადი და აზნაური ქართლისა და კახეთისა. იტირა მეფე-მამა; გარდაახდევინა პანაშვიდი მღვდელმთავართა მუნ მყოფთა ბოდბელს იოანეს, რუსთველსა სტეფანეს და ნინოწმინდელსა მიხაილს. შემდეგ შევიდა დედოფალთან დარეჯანთან, თვისსა დედინაცვალთან და მოახსენა სიტყვანი გლოვისა; მერეთ უბრძანა მღვდელმთავართა და კარისკაცთა, დასდვან ეკკლესიაში საწიგნე და მასზედ ჯვარი, სახარება და ფიცისა ფურცელი (აქავე ეკკლესიისა შინა ესვენა გვამი ირაკლისა) და შეჰფიცონ მას წერილითა, ვითარცა მეფესა და სჯულიერსა მემკვიდრესა, დამტკიცებულსა პირმშოობითა რუსეთისაგანცა: „ძალითა არა, _ იტყოდა მეფე, _ ვისაც სურს ჰფიცონ ერთგულად და აღმიარონ მეფედ“. მეფის ძე ბაგრატ განაგებდა საქმესა ამას. ჰფიცეს მღვდელმთავართა და თავადთა და აზნაურთა. დარეჯან დედოფალი ცხადად არ აღიარებდა მას მეფედ: „მე მინდა, _ იტყოდა იგი, _ მეფობა, ვითარცა ეკატერინა იყო დედოფლად რუსეთში“. მეფემ სცნო ესე და არ ათხოვა ყური. ფარნაოზ ძე მეფისა ირაკლისა, აპირებდა ხლმითა მიხდომასა, გარნა მეფემან შეუთვალა ტუქსვა და უბრძანა დუმილი. მივიდა მეფესთან ამბავი, რეცა ამილახვარი დედოფლისა ყორღანაშვილი გაბედვითა იტყოდა უჯეროთა სიტყვათა მეფისათვის. განრისხდა მეფე და ინება შეპყრობა მისი. აცნობეს ყორღანაშვილსა ოსეფას და დაიმალა დედოფალთან. მოახსენეს მეფეს მიმალვა მისი მუნ. მაშინ ბრძანა: „რა ვქმნა, გამოვათრევინო დედოფლისა სადგომიდგან მყრალი ყორღანაშვილი, შესწუხდება დედაჩემი, მოხუცი განიგმირება და იტყვიან, მეფე გიორგი ნერონი არისო: დედა შეურაცხყოო. უტევეთ, იყოს მუნ პყრობილად“. დედოფალმან მიუგზავნა მეფესა ელევთერი სიტყვითა: ეკკლესიაში მოხსენებითა შემდეგ მეფისა მე მომიხსენონო. შესწუხდა მეფე და ბრძანა მოახსენონ დედოფალსა: „მეწაღე და ცოლი მისი, მექუდე და ცოლი მისი ერთნი არიან ქორწინებითა. არა შეიძლება მათი დაშორება, და ნუ აშფოთებს ერსა მას და თავსა თვისსა უსამართლოჲთა თხოვნითა“. სდუმნა დედოფალმან და დაწყნარდენ. დროთა შფოთისა დღეთა ამათ იყო ჭირი დიდი ქალაქსა თფილისსა და გარემო სოფლებთა. _ (თავი XXXIV).

მეორესა დღესა შემდგომად მეფისა ირაკლისა გარდაცვალებისა, მეფემან გიორგი ბორჩალოდამ მოუწოდა ჩოლაყაშვილსა დავით ჯიმშერისაშვილსა, კაცსა სიტყვა მარჯვესა და კვალად ატტიკურად მწერალსა და უბრძანა ოქმისა ზედა წარწერა ბეჭედსა მისსა მეფობითსა. დღისა მეორისათვის უბრძანა მას წარწერა ბეჭდისა ოქმითა და ბრძანებათათვის შემდეგი:

„სიმდაბლით გარდამოსრულსა,
იესოს ვაქებ ღმერთკაცსა სრულსა“.

მუნიდგანვე წარმოგზავნა კაცი თფილისს დ ოქრომჭედელსა კოსტას... ამოაჭრევინეს ვეცხლზედ. მიერთვა მეფეს თელავსა და მოეწონა. ამა ბეჭდით გამოვიდა პირველი ოქმი მეფისა, რომლითაცა მეფემან გიორგი მიართვა ძღვნად თელავისა კარის ეკკლესიასა ორი კომლი კაცი მათის მამულითა და ზვრითა. მასვე დროსა უქმნეს დედოფლობისა ბეჭედი მეუღლესა მისსა მარიამს მარტივითა ზედაწერილითა: „დედოფლი მარიამ“.

მტერნი მიეცნენ დუმილსა; მხლებელნი და ერთგულნი მეფისა დღესასწულობდენ. _ (თავი XCVI).

დღესა მას, ოდესცა იქმნა დაფიცება თავადთა და აზნაურთა და ფიცისა ფურცელზედ ხელმოწერა მეფისა ერთგულობაზედ, მაშინ დავით, რექტორმან თელავისა სემინარიისა, _ შემდგომად წირვისა აღსრულებისა, მოახსენა მეფესა იამბიკოდ ლექსი. წარკითხვით თვით რექტორმან წარსთქვა ესე და მერეთ აგალობა რვათა თვისთა მოწაფეთა თავადთა ჯერეთ ყრმათა. კიდურ წერილობა ანუ აკროსტიხი იამბიკოთა იყო: „მეფეს გიორგის უგალობს რექტორი დავით“.

მეფემან პტივი სცა მას მადლობითა და ამცნო ერთგულობისა მოვალეობა მეფისდმი: „ცხებულია მეფე ღვთისაგან; პატივმცემელი მეფისა, პატივ-იცემების ღვთისაგანო. ორგული მეფისა არ იქმნების არაოდეს ერთგული ღვთისა. _ თვალი მეფისა არს თვალი ღვთისა. გული მეფისა ხელთა შინა უფლისათა: _ მეფე, რომელიცა, ვიტყვი ამას უეჭველად, _ მიენდობა ღმერთსა, მტკიცედ იქმნება თვისსა ტახტზედ და იკურთხევა ღვთისაგან. ვინ უნდა მყვანდეს ღმერთზედ მეტი პატრონიო და მფარველი, მე მეფესა, რომელზედაც დამიძს სასოება ჩემი“.

ვიეთთამე ლექსთა ამათთვის წართქმულთა დავით რექტორისაგან, ჰგმეს იგი დედოფლისა დარეჯანისა მხლებელთა და შვილმან მისმან ფარნაოზ მუნ მყოფმან თელავს აიგდეს მასხრად. მეფემან სცნო ესე და ბრძანა: „დედოფალი დედაა ჩემი, _ ვალი მაქვს დუმილისა. ხოლო სხვათა, კადნიერად მოუბართა, პასუხს უგებს მეფე გიორგი“, _ იტყოდა თავისა თვისისათვის. _ (თავი C).

მასვე დღეს ხოდაშნისა წინამძღვარი იოანიკე ბერძენი, თაზოს ჭალაკელი და მხნე და მეომარი და ამისთვის პატივცემული გარდაცვალებულისა მეფისაგან, მოვიდა თელავს და მოართვა სეფისკვერი. განმხიარულებულმან მეფემან მიიღო ხელთაგან მისთა კურთხევა და ჩვეულებისამებრ მეფისა შემდგომად სიტყვათა: სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, _ თვით იტყოდა და ბრძანა: „ამინ“ ხმითა დიდითა.

მიიწვია წინამძღვარი სადილად და ესაუბრა მრავლად ბრძოლათათვის მისგან ნახულთა პირისპირ ლეკთა. 25 წელიწადსა სადმე იმყოფებოდა კახეთსა და იყო ყოვლად ქართველი. „მამაო იოანიკე, _ უბრძანა მეფემ. _ იყავ ერთგული ჩემიცა, ვითარცა იყავ მამისა ჩემისა, არა ვინ გამოგიცვალოს გული ჩემზედა; ნუ მიეტაცინები მტერთა ჩემთა“.

მწუხრისა შემდგომად წარვიდა იოანიკე და იხილა დედოფალი დარეჯან ძაძითა მოსილი და მგლოვარე მეფისათვის. დედოფალმან უბრძანა ყვედრებად საგონებელი სიტყვა, დავიწყებისათვის მეფისა გარდაცვალებულისა წყალობათა; და იგი იმართლებდა თავსა და მოახსენებდა სიტყვათა შესაბამთა: „ერთგული მეფისა ირაკლისა ჩემისა მწყალობელისა, _ იტყოდა იოანიკე, _ ვარ ერთგული პირმშოჲსა მისისა შვილისა; ბატონო დედოფალო, ნუ ამღვრევთ მეფობასა, მოგახსენებთ ერთგულობით: მეფობა არის პირმშოჲსა შვილისა, ესრეთ ყოფილა და არის ყოველგან. როგორ გნებავსთ, უმცროსი ძმა ექმნეს მეფედ და უფროსსა წაერთვას. _ მტერი გარეგანი კარსა გადგიან და ახლა აპირებ, მტრობა და შფოთი შინაცა დაბადონ; _ ესენი მრჩეველნი არიან ცუდნი კაცნი. ინებეთ და დატუქსეთ იგინი. _ საუბარსა მისსა ზედა იყო დუმილი ქალთა და კაცთა, დედოფლისა მეინახეთა და თვით დედოფალმან არა ბრძანა არა რაიმე წინააღმდეგი მეფის გიორგისათვის. _ (თავი CI).

მეფის ძენი იულონ, ვახტანგ და მირიან მარტისა თთვესა მივიდნენ თელავსავე და შეჰფიცეს არა სიწრფელით. თვით დედოფალიცა დარეჯან, კათოლიკოსისა ჩაგონებითა ვეღარას ბედავდა. ჭირი დასცხრა და ამისთვის შემდგომად 40 დღისა წაასვენეს გვამი მცხთას დასასაფლავებლად და თვით მეფე მობრძანდა ქალაქსა თფილისსა, სადაცა არღა იყო ჭირი, და დაბინავდა მუნ. შემდგომად ერთისა კვირისა მობრძანდა დედოფალიცა დარეჯან და დასდგა ავლაბრისა სასახლესა, რომელსაცა აწ ეწოდების ფერისცვალებისა მონასტერი.

დედოფალი დარეჯან და შვილნი მისნი, არა მოსურნენი მეფისა გიორგისა, მეცადინებდენ იდუმალ, რათა სიტყვითა და საქმითა აღაფუონ შფოთი, ამბოხი, ურჩება და უწესობა და გარემოსდვან მეფისა გიორგისა ტახტსა ცეცხლი და სისხლი განსაფიცხებელად მეფისა, გარნა ბუნებით და სიბრძნით აუჩქარებელისა. გამოსთქვეს სიმღერანი, რომელსაცა შინა ცრემლითა და გოდებითა იქებოდა ირაკლი და იგლოვებოდა მეფობა ახალი, არღა რეცა მექონისა ძალისა, ჭკუისა და გონებისა. ესრეთისავე ჰაზრითა დედოფლისა დარეჯანისა და შვილთა მისთა სურვილითა დაიწერა და განითესა ქართლსა და კახეთსა მრავლად გადაწერილი, გლოვისა ესე სიტყვა, არა საწყენად მეფისა გიორგისა დაწერილი.

მეფემან გიორგი სცნო ესე და, რათა არცხვინოს მოხარულნი მწერაობისა ამის, თვით ინება ქონვა მისი და ავქსონსა მისსა სოლომან ლიონიძეს უბოძა საკაბე მაუდისა და საახალუხე ფარჩისა.

მაშინ ქალაქისა ქუჩებსა, სამწუხაროდ მეფისა მტერთა, იწყეს შემდეგი სიმღერა ორმუხლიანი:

ვისთვისაცა ვსწერე, ისი მტერად მომექცა;
ვინცა ვლანძღე, ის მეგობრად მომექცა.

აჰა თვით გლოვისა სიტყვა:

„მოთქმით ტირილი საქართველოს მეფისა, ღერკულესის ნეტარებისა ღირსისა

დღეს ქვეყანა აღსრული გულის წყრომისა ტახტსა ზედა, ცხებული სისხლითა ცესარიისა დიდისა ეკატირინასითა, დღეს იცხებს კვალად უფასოსა სისხლსა, სახსარსა ივერიელთა გვარისასა.

დღეს ციურთა საკვირველება მემშურნე ექმნა ქვეყანასა საკვირველსა. ცამან მისტაცა ქვეყანასა სიმდიდრე, ძლიერთა ძალი, ბრძენთა გონიერება, ერთა გვირგვინი, მხედართმთვართა სარდლობა და თვითმპყრობელთა სახელმწიფო ზრდილობა.

დიდნო მფლობელნო, დიდნო იმპერატორნო! სტიროდეთ ახლად ქვეყანისა დიდებასა, სტიროდეთ სახლსა უავღუსტესსა თქვენსა, შერაცხეთ ცუდად სოფლისა დიდება. ისმინეთ ეს სახსოვრად სასმინარი: მოკვდა ღერკულეს, უძლეველი მეფეთა მზესა ქვეშე, და იხილეთ ყოველი ამაო.

თქვენ მტირალნო ნათესავნო ქართლოსიანნო, სარკინოზთაგან უძლეველნო მხედარნო! გიძღოდათ მეფე მოსებრ ისრაელთა, გესმოდათ ხმაჲ პატრონისა თქვენისა. მახარებელად თქვენდა იყო ბიბლია: არ მოაკლდესო მთავარი იუდასაგან, იუდას ლომი.

სახლსა სადავითოსა ზარის სახდელად მტერთა თქვენთა მყვირალი დღედმდე ლაშქარი სამთა იმპერიათა: ოსმანთა, სპარსთა და კავკასიისა ერთა. დღეს გაილაშქრა ციურთ ურიცხვთა ზედა, ერთმან მარტომან უძლეველმან რაინდმან.

ძველი ღერკულეს ძველის ახილესითურთ იყვნენ ძლიერნი ქვეყანისანი მოკვდავ. ესე უკვდავი მეფე პატრონი თქვენი ციურთა ძალთა უკვდავითა ძალითა სძლევდა და განვლო სამყარონი ცათანი. თუმცა დააკლდით საზოგადოსა მამასა და სახსოვარსა მეფესა და პატრონს, გარნა კმა იყო ესე დიდებად თქვენდა და ვიდრემდის იყო იგი და საიგო აქა ადიდა სახლი, ადიდა გვარი თვისი, ადიდა სიმხნე თქვენი ქართველთა ცათამდე და აღვიდა ანღელთა ღვთისა თანა; გარნა აქაცა და მუნ ცოცხალ არს იგი. რად სტირით, ძენო, ობოლნო მამისაგან? და შენ, შესაკრებელო სახლო ივერიელთ ნათესავთაო, ტაძარო ათორმეტისა სკიპტრისაო?

რად სტირი, სადავითოვ სახლო?!

დიდის მეფის ალექსანდრესაგან დიდებულო სახლო, თეიმურაზ პირველისაგან ამაღლებულო სახლო, წმინდის ქეთევან დედოფლის სისხლით ცხებულო სახლო, _ სადაც ხმა იყო სიხარულისა და ცხოვრებისა და იყავ საყოფელი მართალთა, რომელშიაც სანატრელი მეფე თეიმურაზ და დედოფალი თამარ მეფის ირაკლის შობაზედ იხარებდენ, რომლისაც საწოლში მეფის ერეკლს სადღესასწაულო შობა იდიდებოდა; და სადა სახსრად ქართველთა ნათესავთა მეფე ერეკლე _ ლომი იუდასი _ დავითის სახლში იზრდებოდა, რომელშიაც ჩვეულება იყო ტაძრობისა, სადაც ხმა ისმოდა დავითის ქნარისა, _ აქამდის შენს მეჯლიშში მეფის ერეკლეს სახსოვარი ყმაწვილკაცობა ქვეყანასა აკვირვებდა, რომლისაც სიჭაბუკე ქვეყნის ძლიერთა სჩაგრავდა; აქამდის შენს მეჯლიშში მეფის ერეკლეს ტახტზედ ჯდომა იხილვებოდა, იმისი ხელმწიფური დარბაისელთ ხუმრობა მიმოითქმოდა, მეფე ერეკლეს მრავალსაგალობელი სდღეგრძელო ისმოდა.

რად სტირი, სადავითოვ სახლო?!

თუ ოსმანთ დაიპყრეს საყდარი მეფობისა შენისა, საკურთხეველი წმინდა ღმთისა, _ მეფე ირაკლი სიმრთელით ბძანდებოდეს, რომელმაც ხერთვისის დამპყრობელისა და ასპინძას მტრის სისხლში გამოწრთობილისა ხმლით ხვანთქარს სპარსეთის ხელმწიფეს ქარიმ-ხანთან საჩივარი მიაწერინა: „მეფე ერეკლე სარათის ქვეყნებს მართმევს და შენ დაუშალეო“. ქარიმ-ხან იტყოდა: „მეფე ერეკლე ასეთი რამ ბძანდება, რომ ხვანთქარი ჩემთან საჩივლელად დაამუხლაო“, მაშინვე უძლეველობის ნიშნად სახელმწიფო ხმალი მოართვა!

რად სტირი, სადავითოვ სახლო?!

თუ სპარსთ დაიპყრეს შენი უმაღლესი ტახტი, _ შენგან წინაპართ შობილთ მეფე შარავანდედი _ მეფე ერეკლე ცოცხლობდინ საუკუნოდ, რომელმაც საქართველო ნადირ-ავშარისაგან გამოიხსნა და ფათალი ხან, ავშარის მეფე აზათ-ხან ათასი ერთით წარიქცია, რომლისაც დიდება მეორემ ალექსანდრემ _ პრუსიის მეფემ ფიდერიკოს _ თეთრზე დაწერა: „ევროპაში მე ვარო და აზიაში _ ღერკულეს უძლევლი, საქართველოს გიორგიანთ მეფეო“.

რად სტირი, სადავითოვ სახლო?!

ვინემდის ახალი მოსე, ისრალთა მეფე, ერეკლე საქართველოს მხედრობას წინა უძღვის და საქართველოს (რად ვამბობ ამ სახელოვან სახელს!) დიდის როსიიდამ გამოჰყავს ლაშქარი, ციმბირიდამ მოჰყავს სამხედრო გუნდი, ვის შეუძლიან შენი დამდაბლება?! როდესაც მეფის ერეკლეს ბედნიერი დროშა გაიშლება, დაღისტნელნი ლაშქრად მორბიან, ოვსნი და ჩერქეზნი მეფის ერეკლეს წინ სისხლის დათხევას ხალისობენ.

რად სტირი, სადავითოვ სახლო?!

როდესაც მეფის ერეკლეს ბედნიერი ტახტზე ჯდომა გეღირსა, ყოველს წინა საუკუნეზე უფრო იდიდე, ამაღლდი, უფრო გაბედნიერდი; ცანი ქუხილით გრგვინვიდენ ძალსა შენსა, სფერა ქვეყანისა გერწოდა ფერხთა ქვეშე.

მაგრამ ვაი თუ დიდება ესე შენი ღერკულეს მეფეს საფლავად მიეცვალოს! ვაი თუ საქართველოს საფარველად გადახურვილი მეფის ერეკლეს ბედნიერი დროშის კალთები აგვეხადა! ვაი თუ ის უმაღლესი თავი, რომელიც იაკობის კიბედ ზეცას მისდგომოდა და მზესა ქვეშე ქვეყანაზე არ ეტეოდა, საფლავისა სიღრმეში დაეფაროს.

ეს ძლიერი თვალები, რომლისაც ზეით ახედვა ცებს აჰკეცდა და ღმთაების საყდარს მიედგმოდა; რომელიც სამსხვერპლოსა ზედა აბრაჰამისსა განკვირვებით მდგომარე, მუხასა ქვეშე სამებასა ისტუმრებდა და, რომლისაც დახედვა ქვეყანასა გახსნიდა და უფსკრულში ღმთის საკვირველებას უყურებდა. სფერა ქვეყნისა ერთს გუგაში გარეშეეცვა და ცასა და ქვეყანას ორს ფურცლად კითხულობდა, _ ვაი თუ საკუდავად დაერულოს!

ვაი თუ უძლეველი ხელები, რომლისაც ხმლის ვადაზედ დადება სიკვდილს მახარობლობდა, ტრფიალით სატკივრად გულზედ დაკრეფილ იყოს!

ვაი თუ ის მაღალი და ზეცას ანგელოზთაგან სამწიგნობრო სახელი _ მეფე ერეკლე _ რომელიც ცის კალთებზედ იწერებოდა და ქვეყანის მპყრობელთა ხელმწიფეთა ფხიზელად აძინებდა და მძინარეთ საშიშრად ესიზმრებოდა, ამ სადღესასწაულოს სახელის მოხსენებას საქართველოს ეკკლესიები მოჰკლებოდეს!

მაგრამ ცა და ქვეყანა მეფის ერეკლეს მახსოვარნი არიან. მზე და მთოვარე იმისს ბედნიერს ლაშქრობაში ხანდაზმულნი არიან. დღისით მზე იყო მეწინავე სარდალი და ღამით მთოვარე მეფის ერეკლეს გამარჯვებულს დროშას წინა უძღოდენ; სისხლით მტერთათა შეღებილი მთა და მინდორი მეფეს ერეკლეს მოუთხრობენ. ვის შეუძლიან დავიწყება?! ვის მოსვლია კეისართაგან ტახტი, გვირგვინი, პორფირი და ბავრაყი?!

მაგრამ ხელმწიფევ, რად გვიხაროდა შენი ხელმწიფედ ცხებულება, თუ კი სამკვდროს ზეთს იცხებდი?! რად გინდოდა სახელმწიფო პორფირი _ თუკი დასამიწებელს სუდარს გარს მოიხვევდი?! რად გინდოდა განსაგებელი სკიპტრა _ თუკი სკიპტრის მპყრობელს ხელებს გულზე დაიკრეფდი?! რად გინდოდა ქვეყნის მაჩრდილებელი დროშა _ თუკი მტერზე გარდახურვილს შენის შიშის ფარდას აჰხდიდი?! რად გინდოდა სახელმწიფო ტახტი _ თუკი დასამიწებელს საფლავს იშენებდი?!

იგლოვდი, ქვეყანავ, რომელიც უძვირფასესითა სპეკალითა ამდიდრებ სიტყვიერთა, გარნა სიმდიდრე გრძნობადთა და საცნაურთა _ მეფე ერეკლე _ შენს სიღრმეში დაჰფარე!

განკრთი, განჰკვირდი, სტიროდე, ცაო, რომ შენის სითალხისა და ვარსკულავთაცა აბრაჰამისებრ განკვირვებით მხედველი მეფის ერეკლეს უმაღლესი თვალები საუკუნოდ დაბნელდა.

დაბნელდი მზეო, რომელსაც გაქვს მომასწავებელი დაბნელებით ჭირისუფლობა, რომ მზე მიწიერი ღამიანის ქართლისა _ მეფე ერეკლე _ შენს ბრწყინვალებას ვეღარა ჰხედავს!

ზეციურნო ძალნო! აქამდის თქვენი დღესასწაულობით მასპინძელი, ახლა თქვენი სამღთო სტუმარი _ მეფე ერეკლე გესტუმრათ. თუმცა სამეფოს დიდებით ვეღარ ნახავთ, საფლავის ტუსაღი გევედრებათ, მაგრამ თქვენ, როგორც თავისის ბებიის ქეთევან დედოფლის სისხლი, ისე შეიწყნარეთ, ისე ისტუმრეთ, როგორც დიდს კონსტანტინეს, ისე მოეგებენით.

მაღალო და ძლიერო ღმერთო!

დავაკლდით ერნი ქრისტეანენი მემკვიდრესა პატრონსა და საზოგადოსა მამასა. ძლიერსა და მხნესა მამაკაცსა ჩვენ ვსტირით, და მეფე ერეკლე: თავი _ განმგებელი ერისა, ხელი _ მზრდელი ობოლთა, მკლავი _ მომგერებელი მტერთა და გვამი _ შრომისა მოყვარე მისი საფლავში ირღვევა. შენ გევედრებით; იესოს სისხლით ცხებულს მეფის ერეკლეს კაცთმოყვარეს სულს ნუ შეაწუხებ, იმისგან დაობლებულს საქართველოს მოხედე.

სად დაჰხედ, მზეო, სამეფოთა სირათა და პანკრატითთ გვართაო, რომლისა დისკოსა ნათელს იღებდნენ გონიერნი?! სად არის, ხლმწიფევ, შენი ხელმწიფური განგება?! რად შემოიხსენ ხმალი, რომლისაც სადღესასწაულო გამარჯვება რიცხვით ხსოვნას ასცილდა?! რად შემოსწყერ სახელოვანს დროშას, რომლისაც ჰაერში მომცურავი კალთები ქვეყანას აჩრდილებდა და სამესისხლოდ განჭიმულის ზორტებით ცის კალთებს ეჩხუბებოდა, სადა ღერკულეს მეფის უძლეველობის სტამბა ზეცას იბეჭდებოდა?!

რად ადიდე სახლი უმაღლესი, თუკი საუკუნოდ დასცილდი?! რად მიეც სიამაყე დედოფლობისა შენს უმაღლეს ფერცხალს, თუ ასე დასჩაგრავდი?! რა გაწყინა დედოფლის დარეჯანის დიდებულმა სამშობლომ? რად მოსტაცე დიდება დადიანის ოჯახს?! რად ადიდე შენს უმაღლესს ტახტზე?! თუ ადიდე, რადღა დაამიწე?! რად უღალატე ხელმწიფეს ქმრითა და შვილებით ბედნიერს?! რად ატირებ, რად დააქვრივე, უწყალოვ?! რად მოუკალ ხელმწიფე ქმარი, უწყალოვ?! სად ამიწებ კეისართაგან გვირგვინოსანს შენს უმაღლესს თავს?! სად გაწყვია უქმად ეგ ძლიერი ხელები, რომლითაც თავეთს შემაღლებულს კამარაში მფრინველთ სიცოცხლეს მისტაცებდი?! რად ასწავლე საყვარელს ქალებს საქალო კრძალულება, თუკი თავმოხდით ატირებდი? რად გაათამამე გული ლომებრთა მემკვიდრეთა, თუკი სიმყარე უძლეველი მოეშლებოდი? რად გვასწავლე ზრდილობა მხედრობისა ვაჟკაცობითურთ, თუკი შენს წინ სისხლსა არ დაგვაქცვინებდი?

ჩემს უღირსად, შენგან მოწყალებით გაზრდილი, შენის კარგის ბატონყმობის ტრფიალი სოლომონ აქამდის რად მაცოცხლე, თუ ასე ოხრად დამაგდებდი?!

ხელმწიფევ! რად დაგიკარგავს ხელმწიფეთაგან საშურველი ზრდილობა?! ამ დუმილით პატივსაცემელს სასახლეში რა ამბავია უჩვეველი ხმის შემაღლება?! რას ნიშნავს ამისთანა უბედური სალამი?! გადმოხედე ხელმწფურად შენს მეჯლიშში მეინახეთ დარბაისელთ, სახელოვანს სარდლებს. ხელმწიფევ! ვიცი, რომ საქართველოს ხალხი მეფის ერეკლეს ტახტზედ ასვლით გულამაყნი არიან.

ქვეყანას უკვირდა: „სოლომონის გული მწუხარებამ ვერ შესცვალაო, არ დაიჩაგრაო“. ჩემი სიამაყე პირველად სიმართლე და მეორედ მეფის ერეკლეს სიმრთელე იყო; მეფეს ერეკლეს ცოცხალს უყურებდი _ მტერი და განსაცდელი სათამაშოდ მიმაჩნდა. ახლა იმისის მტრის გული დაიჩაგროს, როგორც მეფის ერეკლეს სიკვდილით სოლომონის გული დაიჩაგრა. იმისი ტკბილი ბატონყმობა ვიტირო, თუ თავის უნებურად ჩემის შეწუხების შენანება, რომელიც თავისის უმაღლესის ხელით მომწერა და სოფელმან აღარ დააცალა?

ხელმწიფევ, დედოფალო და მეფის ძენო! გაფიცებთ მეფის ერეკლეს დღეგრძელობას, სიმრთელეს და გამარჯვებას, _ ორში ერთი მოწყალება მოიღეთ: ან მომაკვლევინეთ და მეფის ერეკლეს უმაღლესის ცხედრის ფიცრად დამდევით, რომ იმისი სანატრელი კუბო ჩემს გულზედ იდგეს, მეფის ერეკლეს ძლიერი ტანი ჩემს გულზედ ირღვეოდეს, _ ჩემთვის ის დღე იქნება, რომ დღე და ღამე ათი და თხუთმეტი საათი სახსოვარს მეფეს ნიადაგ მარტოკა ვახლდი ხოლმე; იქ ბატონყმობა სადღა იყო, იქ გაუვლელი ბატონყმობის სიკეთე როგორღა დარჩებოდა! უღრმესად იფიქრეთ, უმაღლესნო, ისე შემიბრალეთ, ან ამ ქვეყნიდამ დამკარგეთ, რომ სადაც მეფის ერეკლეს რაინდობაზე თვალი დამრჩომია, სადაც იმისის გამარჯვებულის დროშისათვის მიმსახურნია, თუ სადმე იმის წინ სისხლი დამიქცევია, სადაც მეფის ერეკლეს ბედნირი სალამი შემყვარებია და იმის სახსოვარს მეჯლიშში ჩემთვის უღირსის ხელმწიფურის ალერსით ჩემგან ხუმრობა ჰყვარებია და თუ სადმე სახელმწიფოს მასლაათით მიმსახურნია, _ ის ადგილები აღარა ვნახო, ამ ცეცხლებით აღარ დავიწვა.

ხელმწიფევ მფლობელო, საზოგადოვ მამავ, მეფევ ირაკლი! ვის მივსცე შენის უმაღლესის თავისა და უძლეველის ტანის უზომო ტრფიალება?! ვის დროშას ვემსახურო?! ვინ შევიყვარო?! ვისთვის მოვკუდე?! ვისთვის ვიცოცხლო შენს უკან სიცოცხლე საზრახავად გამწარებულმან!“. _ (თავი XXXV).

ოდეს მეფე ირაკლი მწუხარე გარდაიცვალა თელავს, ჭირი ესე იყო მიზეზი, რომელ მცირედითა კაცითა და არა დღესასწაულებით გარდაიტანეს გვამი მეფისა მცხეთასა დასასაფლავებლად. არაგვისა პირსა დადებული კუბო მეფისა მიიღეს მცხეთელთა და დაასაფლავეს და კახნი, არღა გასრულნი არაგვსა, უკუ იქცენ კახეთად. გამეფებულმან მეფემან გიორგი 1798 წელსა მოინება, რათა ძველთა ჩვეულებათა გამო მოსთხოვონ სომეხთა კათოლიკოსსა ლუკას მოსვენება ლახვრისა. წარგზავნეს კაცნი და მოსცეს იგი გარნა სიფრთხილითა დიდითა და შიშითა, რათა ქართველთა მეფემან არ მიითვისოს თვისად საუნჯე ესე ეჩმიაწინისა. ვართაპეტმან გრიგორი ოშაკანმან და ათთა სხვათა მოასვენეს და დაასვენეს იგი პირველ სიონისა საკათედროსა ეკკლესიასა ნუგეშად ერისა. დღისით დაშთებოდა აქა და ღამით მიასვენებდენ ვანქისა სომეხთა ეკკლესიაში. ინება ღმერთმან და განქარდა ჭირი. მეფე ვერ ბედავდა შესვლას ქალაქად და ლახვრისა მომტანნი ეჩქარებოდენ წასვლასა. მოვიდა ბრძანება მეფისა, რათა დაშთეს იგი თფილისსა მოსვლადმდე მისისა. სომეხნი სთხოვდენ ქალაქისა მელიქსა დარჩიას უშველოს მათ ესრეთსა გაჭირვებაში. ამან დააღონა მელიქი, მოქალაქენი, სომეხნი თფილისელნი და თვით ვართაპეტი მათი თფილისისა, დროთა ამათ ეპისკოპოსი ოჰანეზ, თვით წარვიდა მეფესთან და ევედრებოდა რათა ინებოს დაუბრუნოს ლახვარი ეჩმიაწინსა. მეფემან დაარწმუნა იგი, რომელ არარაჲ აქვს ბოროტი გულსა შინა განზრახვა ლახვრისათვის წმინდისა და უბრძანებს პატივითა ჯეროვანითა, საჩუქრისა ბოძებითა და მადლობისა წერილისა მიწერითა კათოლიკოსისადმი წარუვლინოს თვისსა ადგილსა, მაშინ, ოდესცა თვით და სახლობა მისი ნახვენ მას, ილოცვენ და ემთხვევიან. ეპისკოპოსმან ოჰანეზ მოსულმან მოიტანა ესრეთი ამბავი სამწუხარო სომეხთათვის, რომელნიცა დიდად ამბოხებდნენ, თუმცა ვერ ჰბედავდნენ ცხადად თავისა გამოდებასა მეფისა რიდითა. დღე და ღამე სწუხდა მელიქი, შესრული თვითცა დიდსა იჭვსა, თუმცა არწმუნებდა ყოველთა, რომელ მეფე არა ინებებს ლახვრისა მიტაცებასა. კათოლიკოსი ანტონი, თხოვილი სომეხთაგან, რათა ინებოს და მოსთხოვოს მეფესა ძმასა თვისსა დათხოვნა მათი ლახვრისა, უარჰყოფდა შუამდგომელობასა, რათა არა აწყენინოს მეფესა; ამისთვის მიმართეს არსენი თფილელსა და ამანცა ვერ ჰბედა მისვლა მეფესთან, რომელიცა მას ვერ სწყალობდა. დაღონებულთა და მოთმინებისაგან დაღალულთა მიმართეს ევთიმის, მეფისა მოძღვარსა და ესე მოქალაქეთა თხოვნითა განღვიძებული წარვიდა და მოახსენა ვედრება ეჩმიაწინელთა მამათა, ლახვრისა მომსვენებელთა. მეფე განრისხდა და უბრძანა ევთიმის: უბრძანოს მელიქსა შთაგონება ვართაპეტისა, რათა შეიცადონ ერთიცა კვირა. შეძრწუნებულმან მელიქმან (1) მისწერა მეფესა წერილი თავისა თვისისა განსამართლებელი, აღუწერა ეჩმიაწინლთა მოუთმენლობა და სულსწრაფობა მათი, და დაარწმუნა მეფე, რომელ მარადის ეცინის მათ მათსა მიუნდობელობასა, რომელსაცა შეაჩვიეს სომეხნი მზაკვართა და მატყუართა სპარსთა. მსწრაფლ განვიდა ხმა ყოველგან, რომელ მეფე გიორგი იგდებს თვისდა ლახვარსა. შეიპირეს ექვსნი მარჯვენი კაცნი სომეხთაგანნი და ორი ერევნელი თათარი ვაჭარი და შეითქვნენ იდუმალ წარიღონ ლახვარი ეჩმიაწინსა. მელიქმან დარჩიამ სცნო ესე და შესწუხდა ფრიად; მისცა საპყრობილესა შეთქმულნი მეამბოხენი და უჩინა მცველად ლახვრისა ქართველნი და სომეხნი აზნაურიშვილნი, და მასვე დროსა აცნობა მეფესაცა გიორგის ამბავი ესე. ესე იწყინა მეფემან, მეორესა დღესა ქალაქისაკენ განმზადებულმან ტივითა, რომელიცა ელოდა მას მტკვრისა პირსა ავჭალასა და უბრძანა თვით დასაჯოს მეამბოხენი ქალაქისა ლახვრისა გამო, ვითარცა სურს და ელოდდეს მას. 15 აგვისტოს დღესა მიცვალებისა ღვთისა დედისა დღესასწაულსა, მობძანდა თფილისს სახლობით, შევიდა პირდაპირ სიონისა ეკკლესიასა და მოისმინა საღმრთო ლიტურღია მუნ, სადაცა ესვენა ლახვარიცა საშუალ ეკკლესიისა წინაშე ამბიონისა. შემდგომად წირვისა, მივიდა ლახვართან, თაყვანი სცა, ემთხვია დიდისა ლმობიერებითა, ილოცა მხურვალებითა და მასვე დროსა სთქვა ქადაგება დეკანოზმა სიონისა იოანე ოსეს ძემან, მცოდნემან სომხურისაცა ენისა მწიგნობრობათა.

მეორესა დღესა უნებდა გაემგზავრებინა ლახვარი სომეხთა კათოლიკოსისადმი საჩუქრებითა, გარნა მოახსენეს ჭირისა გამოჩენა ახლო თფილისსა. მეფემან ბრძანა შეაყენონ ლახვრის წარვლენა. მხოლოდ მისწერა წერილი ოქევარტერსა ეჩმიაწინსა. გაუგზავნა იაგუნდისა ბეჭედი და აღუთქმიდა ლახვარსა, დროსა მას მოერთვა მეფესა გიორგის ეჩმიაწინიდამ წერილი შემდეგი, რომლისა ნამდვილი მაქვს მე სომხურად, დაწერილი 29 იანვარს 1800 წელსა:

„ბატონო მეფევ! თქვენმა უმაღლესობამ 1798 წელსა ითხოვა წმინდა ლახვარი განსაკურნებელად ჭირისა და უწმინდესმან პატრიარქმან ჩვენმან აღიღეს იგი საშინელისა მის ადგილისაგან ნოემბრისა თთვისა დაწყებითსა რიცხვებში ხელითა საყვარელისა ძმისა ჩვენისა იოანე არქიპისკოპოსისა და ოდეს მოაწია მან თქვენამდე, ქრისტეს მოწყალებითა განქარდაცა ჭირი. წარსულთა დროთა ჟამსა სულგანათლებულისა მეფისა მამისა თქვენისაცა რავდენჯრმე იყო წარმოვლენილი იგი და შემდგომად ჭირისა განქარვებისაცა, უკუქცეულიცა მსწრაფლ ჩვენკენ. ამისთვის თქვენის უმაღლესობისადმი ჯერ იყო რათა ენება დაბრუნება მის ლახვრისა შემდგომად განქარვებისა მის ჭირისა. თუმცა რავდენჯერმე მოიწერა თქვენისა უმაღლესობისადმი სულგანათლებულმან პატრიაქმან, და თქვენ აღუთქმიდით და არა გვიგზავნიდით ესრეთ, რომელ აღსრულდაცა თვით კათოლიკოსი. ჩვენ, დაშთომილნი ობლად, მწუხარედ და შემუსრილნი გულითა, _ გვეჭირვებიან, ვითარცა წმინდა ლახვარი, ეგრეთვე მცველი მისი ძმა ჩვენი იოანე არქიეპისკოპოსი, რომელმანცა ჩინებულად იცის უცხოთა ქვეყანათა ენები და სიტყვა ნიჭებული დიდ სახმარია წმინდისა ამის სადგურისათვის და ჩვენთვისაცა გაჭირვებულთა დროთა ამათ გამო. აგერ წელიწადი და სამი თთვეა, რაც მოდიან მლოცველნი შორის ქვეყნებიდამ და ვერ მხედველნი წმინდისა ლახვრისა ტირიან და უკუიქცევიან. დღითი დღედ განიფინების ხმა ყოველგან, რომელ წმინდა ლახვარი დატყვევდა თფილისსა. ესრეთისა ამბავისა მიზეზად არ ხართ თქვენ, თქვენო უმაღლესობავ: ამისთვის, რომელ არა ეთანხმება მეგობრობასა და მფარველობასა თქვენსა, რომელნიცა მამაპაპათაგან თქვენთა გაქვსთ მოცემულნი ერთადმი ჰაოსიანთა და წმინდისა ეჩმიაწინისა. ამისთვის მე მწუხარე მოხუცი მინას ეპისოპოსი და კრება სულიერი წმინდის მონასტრისა ეპისკოპოსნი, ბერნი და სხვანი ძმანი ვედრებითა და ცრემლითა გთხოვთ თქვენ ჯვარ-გვირგვინოსანსა, სიყვარულისათვის ქრისტესისა, ნუ დაგვიტევებთ ნურცა ჩვენ, ნურცა სახლსა ჩვენსა უნუგეშოდ. სასიხარულოდ ჩვენდა გვიბრუნეთ წმინდა ლახვარი იოანე ეპისკოპოსითურთ, რომელნიცა ესოდენესა დროსა ტყვეობასა შინა არიან. ესრეთ აღსრულებითა თხოვისა ჩვენისა, ყოვლად ძლიერი ღმერთი წყალობითა აღასრულებს თქვენსაცა თხოვნასა და დაგიცვამს თქვენ და შვილთა თქვენთა მშვიდობითა და კეთილცხოვრებითითა მფარველობითა. იყვენით სიმრთელით, დიდებულო მეფევ, სადიდებელად მეფეთ მეფისა ქრისტესსა და სასიხარულოდ მორწმუნეთა, და ნუგეშად გულისა კეთილად მავედრებელისა თქვენისა ღვთისადმი, უმდაბლესი მინას არქიეპისკოპოსი, მსახური ნათელმოსილისა წმ. ეჩმიაწინისა ტახტისა 1800 წელსა, 29 იანვარსა“.

ლახვარი ვერ წარუვლინეს; წარუვლინეს იმედისა წერილი დაუკარგველობისათვის საუნჯისა ამის წმინდისა ეჩმიაწინისათვის წმინდისა.

ესრეთ დასცხრა დრობით ყოველივე ამბოხი ლახვრისა გამო, რომლითაცა, ჰგონებენ, განიგმირა უფალი ჯვარსა ზედა. ხოლო მე ვიტყვი მისთვის მასვე, რასაც იტყვიან სომეხთა მეისტორიენი და თვით ჩამჩიანი თვისისა წიგნისა ტომსა მეორესა, გვერდსა 344. წერილთა ამათგან სჩანს, რომელ ლახვარი ესე იყო თვით იგი, რომლითაცა განიგმირა დავით დვინელი 693 წელსა და არა ქრისტესი, ვრცლად დავსწერე მას ზედა რუსულად წიგნსა ჩემსა «Жизнь святых Грузинской церкви». Тифлис, 1850 года.

შეიმეცნონ ესეცა მათ, რომელნიცა ზღაპრობით უწოდებენ მას ლახვრად ქრისტესსა. ოდეს ჰპოვეს ჯვარი ქრისტესი და ლურსმანნი იერუსალიმსა, მწერალთა მედროვეთა და თვალით მხილველთა, აღირიცხესცა ნივთნი ნაპოვნი მიწისა ქვეშე და რიცხვთა ამათ შორის არა არს მოხსენებული ლახვარი, და, გარდა ამისა, არცა ერთი ძველთა მწერალთაგანი არა მოიხსენებენ ლახვარსა ამას ლახვრად ქრისტესსა. ხოლო მწერალნი სომეხთა და თვით ჩამჩიანი აღწერენ ლახვარსა ამას ვითარცა მას, რომლითაცა განიგმირა და მოიკლა წმინდა დავით დვინელი და არა თვით ქრისტე.

მრავალი რამე აქვსთ სომეხთა ეკკლესიასა, მიღებული წესდება და არა ჭეშმარიტი წმინდათათვის მოთხრობა, არა არის განსაკვირველი! ესრეთ განბნეულთა სომეხთა არ შეუძლიანთ სხვად მყოფობა. ეძიებენ საგანთა მრავალთა დამტკიცებასა და ვერ დაუკავშირებიათ, რადგანაც არ არის მათ შორის ერთობა არცა ეკკლესიისა, _ ერთისა მეორისაგან დაშორებულისა, არცა ხალხთა ერთობისა, რადგანაც არა აქვსთ დგომა ერთსა სამეფოსა ანუ ქვეყანასა. დაკავშირებისათვის ქართველთა თანა სომეხთა მეფემან გიორგიმ მისცა ნება ვართაპეტსა მათსა, რათა იორდანეზედ განსვლა მათი იყოს ერთობითი ქართველთა თანა. ესე იყო მეფობისა მისისა ორსა წელსა. შემდგომადცა 1803 წლამდე. კნიაზმან ციციანოვმან, განმგემან საქართველოჲსა, სომეხთა მოძულემან, ბრძანა, რათა სომეხნი არა აღირეოდენ ქართველთა მართლმადიდებელთა თანა და ამისთვის სრულიად განაშორა იგინი. _ (თავი LXXV).

ამავე დროსა გარდაიცვალა სომეხთა კათალიკოსი ლუკა. აცნობეს ესე მეფესა გიორგის იოსებ მიშკარბაშისა ხელითა, რომელიცა იყო მამა ვასილისა ბებუთოვისა, ღენერალ ოტინფანტერიისა ჩინითა გარდაცვალებულისა 1859 წელსა (2). იმავე წერილითა უბრძანებდა მეფე სომეხთა ეჩმიაწინისა კრებასა (ძველთა მეფეთა ჩვეულებითა ქართველნი დაამტკიცებდენ მათსა კათოლიკოსსა) აღირჩიონ იოსებ არღუთაშვილი რუსეთსა მყოფი. აჰა ნამდვილი წერილი სომხურად და თვით თარგმნილი ქართულად, ვითარცა წარუკითხეს მეფესა გიორგის. ეს თვით მამისა ჩემისაგან იყო თარგმნილი და მისგანვე დაწერილი ქართულად:

„ნათელ აღგებულისა სასწაულ აღდგმულისა საყდრისა წმინდისა ამის ეჩმიაწინისა მსახურთა, სამღვდელოთა მოწესეთა, კრებულთა ძმათა, ესე იგი ეპისკოპოსთა, მოძღვართა და მოწესეთაგან დიდისა წადილითა ქრისტეს მიერ ლოცვა და კურთხევა უხვი მოწყალება და დამცველობითი მადლი, და წმინდათა ამათ ნაწილთა შეწევნა მოგხსენდესთ, ყოვლად უპატიონესო, უმაღლესო მეფეო ყოვლისა საქართველოჲსაო გიორგი! იყავნ კურთხევა წმინდისა ამის საყდრისა ძეთა, ასულთა და ყოველთა სახლეულთა თქვენთა ზედა. იცოდეს კეთილ მსახურებამან თქვენმან, რომელ დასწერს ბრძენი სოლომონ: „ვითარმედ გულნი მეფეთანი ხელთა შინა ღვთისათა და რომლისა მიერ კერძოსა ენებოს, მიერ მისდრიკოს“. ეგრეთვე თქვენისა უმაღლესობისა გული მნებელობს ჩვენ მტირალთა და მგლოვარეთათვის ნუგეშისცემასა; ვინადგან უმაღლესობა თქვენი დამდაბლებულა ჩვენდამდე და გებოძებინათ ჩვენ უმეცართა მონათათვის წერილი სიყვარულისა და მოწყალებისა, ხელითა სარწმუნოთა თქვენისა მირიშქარბაშისა იოსებისათა და ტერ-არაქილ დეკანოზისათა, რომელიცა ჩვენ წერილი იგი თავსა ზედა ჩვენსა მივიღეთ და სიყვარულით წარვიკითხეთ და ნუგეშინის ცემა იგი მიცვალებისათვის სანატრელისა მამათმთავრისა ჩვენისა უფლისა ლუკა უწმინდესისა კათოლიკოსისა, და ფრიად ნუგეშინის ცემულ ვიქმენით, და ვითარმედ ნიშნად ჩვენისა სიყვარულისა და ნიშნად თქვენისა მწუხარებისა გებოძებინათ მშვენიერ ნათხზი გარდასახურავი, რომელიცა დიდისა მადლობითა მივიღეთ, და მისთვის საკრებულოდ წარვსთქვით კურთხევა თქვენისათვის უმაღლესობისა; რომლისათვის ვსთხოვეთ და კვალად ვთხოვთ, რათა მეუფემან მეუფეთამან, და უფალმან უფლებათამან მოგანიჭოს თქვენ ცხოვრება გრძელი და ნაცვლად ამა ჩვენდამო ბოძებულისა ნიჭისა, მოგანიჭოს ნიჭი საუკუნო, მარადის კურთხევითა და განძლიერებითა თქვენითა, და გყოსთ საშინელ მტერთა ზედა ჯავრისა თვისისათა. ხოლო რომელიც სულიერისა მამისა ჩვენისა იოსებ არქიეპისკოპოსისათვის გებრძანათ კათალიკოსად წმინდისა ამის საყდრისა, ეგრეთ ვითარცა მამათმთავრისა საყვარელისა არქიეპისკოპოსისა მინასისათვისცა მოგეწერათ, სამართლად ფრიად კეთილ არს ბრძანება თქვენი და თან კმაობა არს ნებისა ჩვენისა. ვინადგან ორგზის ვქმენით ჩვენ კრება წმინდასა ამას შინა ტაძარსა გამორჩევისათვის კათოლიკოსისა, და მას შინა აღვრიცხეთ დიდპატივით იოსებ არქიეპისკოპოსი და ღირსად ვსაჯეთ საჭეთმპყრობელად წმინდისა ამის საყდრისა. გარნა შემდგომად შეშინებულთა რაოდენთამე საშინელთა მიზეზთა, ვერღარა ვიკადნიერეთ ჩაწერად მუჯალამასშინა; მაგრამ შემდგომად თქვენისა ბრძანებისა, შევმზადეთ მუჯალამა იოსებ არქიეპისკოპოსისათვისცა და კონსტანტინოპოლისა პატრიარქისა დანიელისა თანა. ესეცა ჩავსწერეთ, ვითარცა დაგვეწერა მინას ვართაპეტისათვისცა; აწ ჭეშმარიტებით ჯერ არს თქმა, რომ იოსებ არქიეპისკოპოსი არს კრებული წმინდისა ამის საყდრისა, და ეჩმიაწინისათვის მრავალსა შინა წელსა მრავალგზის შემმატებელი და ყოველთაგან აქ მოსაწონებელი არის მაგისი კათოლიკოსობა, რომ არა აქვს ყოვლითურთ ნაკლებობა რაიმე არცა კეთილის მოქმედებითა, არცა ჰასაკითა და არცა გვაროვნებითა; მაშა კურთხეულმან გვარმან ჩვენმან მოუწოდონ მას და დაპატიჟონ კათოლიკოსობა უკეთუ მასცა არა აქვნდეს შიში რაიმე განსაცდელი მიზეზად, მოვიდეს, ინებოს, მობრძანდეს; მიიღოს ჩვენი საჭერჩინებო და სანებებელი და შესაწყნარებელი არის.

უკანასკნელ გევედრებით, რომ ქრისტეს შემხები წმინდა ლახვარი ეგე ოჰანნეს ვართაპეტითურთ გვიბოძოთ.

მლოცველნი თქვენნი ქვემო აღმბეჭდველნი: მინას არქიეპისკოპოსი, გრიქურ, სიმეონ ათურაკალ., ალექსანდრე ლოცვის დამწყები, იოაკიმ არქიეპიკოპოსი, სტეფან არქიეპისკოპოსი, ასტვაწატურ, ანდრია, ბარსიღ, თადეოს.

წელსა 1800, იანვარს კთ (29), ეჩმიაწინს.

პასუხად ესრეთისა თხოვისა ლახვრისათვის, აცნობა მეფემან რომელ წარიღებს მას ახლად დანიშნული ოქევარტერი იოსებ ეჩმიაწინს რომელსაცა ელოდდენ ქალაქსა თფილისს, რუსეთისა გზით. ვერცა ამან იოსებ, არ მნახავმან თვისისა ტახტისა, ვერცა სხვათა, ვერ წარიღეს ლახვარი იგი. მხოლოდ შემდგომად გარდაცვალებისა მეფისა, მინისტრმან რუსეთისა კოვალენსკიმ სომეხთა თხოვითა უბრძანა ანუ ურჩივა წარვლენა მისი ეჩმიაწინად. _ (თავი LXXVI).

შფოთისა დღეთა ამათ მიჰგვარეს და მიულოცეს მეფესა გიორგის თელავსა 8 წლისა მოზრდილი შვილიშვილი მეფის ძისა იოანესი გრიგორი 12 მარტსა. მიმყვანებელად იყო გაგზავნილი თვით მეფის ძის იოანესაგან, რომელიცა იყო დროთა ამათ არა საჩხერესა თვისსა სიმამრთან ზურაბ წერეთელთან, არამედ იცავდა ქ. თფილისს, _ აზნაური გიორგი ფიცხელაური (ქეთევან მუღლე მეფის ძის იოანესი გარდაიცვალა ს. პ. ბ. 10 მარტს 1823 წ.). მაშინ მეფემან ინება და განუახლა ჩამორთმული ადრევე ერისთავთაგან ქსანზედ ისროლის ხევისა მოურავობა საშვილიშვილოდ. ბოძებული ოქმი 13 აპრილსა 1798 წელსა, დღესაცა აქვსთ მემკვიდრეთა მისთა... რადგანაც დიდად უყვარდა წიგნი „გრიგორი ნოსელისა“, ამისთვის ბრძანა უწოდონ სახელად ახალშობილსა „გრიგორი“ და ისურვა რათა მიმქმელად წმინდისა ემბაზიდამ, ექმნას გამალიელი წინამძღვარი იკორთისა. _ ესე ყოველი მიამბო მე გაბრიელ ფიცხელაურმან (მოკვდა 1837 წელსა, თფილისს), რომელიცა იყო ძმა არქიეპისკოპოსისა დოსითეოსის (ერისკაცობაში დიმიტრი)..... _ (დასაწყისი თავისა XXXVII).

მოსრულსა ქალაქად თფილისად მეფესა ეახლნენ თფილისისავე მცხოვრებნი თავადნი, აზნაურნი და სამღვდლონი, რომელთაცა მოსვლადმდე მისსა დაეფიცათ ერთგულებასა ზედა სასახლისა ეკკლესიასა, რომელიცა იყო ნაკურთხი კვართისა საუფლოჲსა სახელზედ. დიდად ერთგულად შერჩნენ მეფესა იოანე ჯანდიერიშვილი, რომელსაცა უბოძა მოურაობა კაკაბეთისა და იყო მასთან თან-შეზრდილი. _ შემდეგ უბოძა მორდალობა დედოფლისა. შემდეგ მისსა იყვნენ ერთგულადვე და თავგამოდებულდ პაატა ჭავჭავაძე და სვიმონ ჯანდიერიშვილი, რომელსაცა უბოძა მოურაობა ველისციხისა.

მასვე დროსა თავადთა და აზნაურთა ცოლნი მიულოცავდენ დედოფალსა მარიამსა. მეორესა დღესა წარდგნენ სომეხთა ვარდაპეტი ვანქისა ოჰანეზ, სამღვდელოჲთა, მელიქი ქალაქისა და სხვანი მოხელნი ქალაქისავე. კათოლიკოსმან და არსენი თფილელმან და რუსთველმან სტეფანე სწირეს სიონის ეკკლესიასა, თანა დასწრებითა მეფისა, დედოფლისა, სამეფოჲსა სახლისა წევრთა და ქალთა წარჩინებულთა და დიდებულთა; გარდაიხადეს პანაშვიდი გარდაცვალებულისა ირაკლისათვის. მეფე სტიროდა და ვითარცა აქვნდა ჩვეულება ცრემლითა მოსმენა წირვისა, იტყოდნენ ვიეთნიმე არაკეთილთა სიტყვათა მეფისათვის, რეცა სახილველად მგლოვარისა. გარნა მეფე იყო ნამდვილ კეთილმსახური და მორწმუნე, მოვიდა ლმობიერებასა და გამოვიდა ეკკლესიიდამ მწუხარე. _ (თავი XCVII).

მეორესა დღესა მობრძანდა მუხრან-ბატონი იოანე, წარსდგა მეფესთან და მეფემან ცნობილმან, რომელ არ არის მისგან კმაყოფილი და არცა მისდა კერძოდ, არამედ ძმათადმი უმეტეს განწყობილი, _ უბრძანებდა სიტყვათა ტკბილთა და დიდად დაწყნარებითა, _ იყოს მისდა ერთგული მოვლეობისამებრ მისისა მეფისადმი. მუხრანის ბატონმან აღიარა ნამდვილ მოვალეობა თვისი და დაამტკიცა ფიცითა, რომლითაცა მასვე დღესა თფილისს მოსვლისა მისცა ფიცითი ერთგულობა სხვათა შორის. „მეუღლესა მისსა, მეფის ირაკლისა ასულსა ქეთევანსა, აქვნდა დიდი რიდი შიშისაო მეფისაგან მისსა სახლზედ გაიჭვიანებულისაო“, _ მეტყოდა მოხუცი გიორგი ერისთოვი, _ ამისათვის მოჰყვა თანა ქმარსა თვისსა მუხრანის ბატონსა იოანეს; წარვიდა და წარდგენ პირველად დედოფალთან და შეუგზავნა კაცი მოკითხვისა მეფესა. მეფე თვით მიბრძანდა და ნახა დაჲ თვისი, ორივენი სტიროდენ და ორთავე ატირეს მუნ მყოფნი ქალნი და კაცნი.

ესრეთ ამა დროთაგან უკანასკნელადმდე ქმარიცა და ცოლიცა იყვნენ მარადის დუმილითა, ფრფთხილნი არა აწყინონ რა მეფესა, თუმცა გულითა არა აქვნდათ მეფისა სიყვარულიო, _ იტყოდა იგივე გიორგი ერისთოვი. _ (თავი XCVIII).

მასვე დღესა წარგზავნა ეპისტოლენი მონასტერთა და უდაბნოთა, რათა უწირონ გარდაცვალებულსა მეფესა, წესისამებრ ეკკლესიისა ორმოცი და წლისა წირვა და აღუთქვა სანუგეშოდ ძმათა თვისთა დროსა საწირავი ესრეთი ოქმი, მიწერილი ეპისტოლედ მეფისაგან ბეჭედსმული, სახელსა ზედა ათანასი შიო მღვიმელისა წოდებითა ხოლო და არა ნამდვილ წინამძღვრობითა, მაქვს მეც. აჰა პირი მისი:

„შიო მღვიმის წინამძღვარო ათანასი და უდბნოჲსა ძმანო!

ინებეთ გარდაცვალებულისა მეფისა ირაკლისათვის შვიდისა, ორმოცისა და წლისა წირვა გარდაიხდეთ. თვისსა დროსა ეს ჩვენი ოქმი წარმოგვიდგინეთ, რომ ძმათა სანუგეშო აღვსრულოთ. წელსა 1798 აპრილის 30 დღესა“.

მეფე გიორგი.

ესე ათანასი იქმნა შემდეგ არქიმანდრიტად; იყო კაცი განსწავლული ანტონისაგან პირველისა კათოლიკოსისა; გვარით მიქელისშვილი კახელი. 1802 კვალად შევიდა შიო მღვიმეში ლეკთა შიშითა გაოხრებულსა. 1803 ოდეს მოეგება მემკვიდრესა დავითს ქ. მცხეთას ფებერვალს 19, სთხოვა თანა წარყვეს მას რუსეთსა. ათანასი მასვე დღესა თან ჰყვა მას და წარიყვანა რუსეთსა კერძო დიაკონად მომზადებული შიო მღვიმეს ზაქარია იოსელიანი, ბიძა ჩემი, გარდაცვალებული ღენერალ-მიორის ჩინითა 1865 წელსა ს.-პ. ბურღს. თვით ათანასი უკუ მოიქცა მუნით და დასაფლავდა კახეთს. _ (თავი XCIX).

დროსა გამეფებისა, მეფე გიორგი მწუხარე ქალაქის თფილისისა გაოხრებისა გამო სპარსთაგან და მცხოვრებთათვის, რომელნიცა კვალად შემოვიდოდენ თვისთა სახლთა გარდამწვართა, მისწერა თხოვითა წერილი სომეხთა კათოლიკოსსა ლუკას, რათა ასესხოს მას ფული. კათოლიკოსმან მოართვა სესხად ათასი თუმანი, და ფული ესე განანაწილა მათზედ, რომელნიცა იყვნენ მოკლებულნი ღონეზედ აღშენებისათვის ანუ განახლებისათვის სახლთა თვისთა: _ ქალაქი თფილისი, მეცადინებითა მელიქის დარჩიასითა აძლევდა ამა დროსა სამეფოდ დღეში 18 მანეთსა, ვითარცა მიამბო ღენერალმან ვასილი იოსების ძე ბებუთოვმან. დიდი მოღვაწე ქალაქისა განახლებაზედ, არა ზოგავდა არარას ობოლთა, ქვრივთა და შეუძლებელთათვის. ჯიბე მისი, იტყოდენ მხლებელნი მისნი, არის შიოს მარანიო.

დღესა ერთსა მეფე ბრძანდებოდა ჩარდახზედ სასახლისა თვისისა წმინდისა გიორგისა ეკკლესიისა გვერდზედ და იხილა მუნ ყმაწვილი 15 წლისა, რომელიცა დგას შორს და უმზერის მეფესა. მფემან მაღალისა ხმითა ჰკითხა მას: „ვინა ხარ ყმაწვილო?“ იგი წარსდგა მსწრაფლ და მოახსენა: „ვარ შვილი სიონის კანდელაკისა იოანესი“... „ოჰ! _ ბრძანა მეფემან, _ მოკლულისა სპარსთაგან, წამებულისა ქრისტესთვის. შენ ხარ შვილი ჩემისა ნათლის-დედისა. მოდი, მოდი, რა გქვიან სახელი? გაბრიელ, შენი ჭირიმე! _ მოდი, დაჯეგ, დაჯეგ. სადა დგეხარ ეხლა? _ „მეზობლისა სახლში“; _ მაშინ შევიდა ოთახში, გამოიტანა თვით პატარა თალათინისა ყუთი, ამოიღო ჯიბიდამ გასაღები, გააღო ყუთი და ლურჯის ქისიდამ თვით თავის ხელითა იწყო თვლა აბაზებისა, „ოცდაათისა მანეთის აბაზი მიბოძა და რადგანაც არ მქონდა ხელსახოცი, თვით ამოიღო მისისავე ყუთიდამ ქაღალდი ლურჯი და ნახევარ თაბახში გახვია და მიბრძანა: „მიუტანე ესე ფული ჩემსა ნათლი-დედასა, დედასა შენსა და უთხარ ეხლავე გაიახლოს სახლი სადგურად ობოლთა“. _ ამა ფულითა დროთა მათ, _ მეტყოდა სიონის დეკანოზი გაბრიილ ქართველოვი, გარდაცვლილი 1866 წელსა, _ აღვაშენეთ სახლიო, რადგანაცა იყო დიდი იეფობა მასალისა, მუშისა, კალატოზისა და აგურისა“. _ (თავი LXXX).

მხნე და გულოვანი, გმირი ვაჟკაცობისა და პატივცემული მეფისა ირაკლისაგან ზაალ ყაფლანიშვილი, _ ობლად, ვითარცა თვით იტყოდა, დაშთენილი, _ შემდეგ მეფისა ირაკლისა, წარვიდა სოფლად და გოდებდა მუნ ქვეყანისათვის აღრეულისა. _ ოდეს გამეფებული მეფე გიორგი თელავსა, მობრძანდა თფილისსა და მოითხოვა სიონისა ეკკლესიაში ფიცი თავადთა და აზნაურთაგან, მაშინ ერთგული მამულისა და მეფობისა ზაალ მოვიდა თფილისსა და ჰფიცა მას ერთგულობა და წარვიდა მოხუცი 84 წლისა სოფლადვე. ვითარცა მოხუცი და არღა სახმარი ომთათვის და ბრძოლათათვის, ჰგონებდა თავსა თვისსა უსარგებლოდ ქვეყანისათვის და არცაღა მოელოდა შემდგომად ირაკლისა ხმალთა ტრიალსა ვისგანმე, სიტყისამებრ შემდეგ თქმულისა კ. გრიგოლ დიმიტრის ძის (ქართულად ნამდვილ „ზურაბის ძისა“) ორბელიანისა:

„მამული ვერღა იხილავს ირაკლის ხმალსა მღელვარეს,
დიდება ივერიისა მასთან მარხია სამარეს“.

მეფე გიორგი დამფასებელი ზაალის გმირობისა, სწუხდა მისსა უნახაობასა. მაშინ წარავლინა გოგია ბარათაშვილი, ხელჯოხიანი და უბრძანა სთხოვოს ჩამოსვლა ქალაქად. ზაალმან მოსულმან თფილისად, იხილა მეფე და ტირილით მოიგონა გარდაცვალებულისა მეფისა მასთან ალერსი, ვითარცა მეგობრული მასთან. მეფემა სცა ნუგეში, აღუთქვა სიყვარული და დაჰპირდა სამსახურთღა მისთა დაუვიწყებელობა. დროსა ამას მუნ მყოფმან მეფისა თანა სარდალმან იოანე ორბელიანმან, აღიმაღლა ხმა და, ვითარცა სარდალმან, ჰრქვა მას: „გმირად გსახვენ ზაალ! და იყავცა ვიცით ესე; პატივი არ მიგეღების არავისგანაო“. მაშინ ზაალმან, შინაურთა დავებითა მამულთა გამო დამდურებულმან და ადრევე სიყვარულისა ერთობითა არა შეკრულმან, პასუხ-უგო გმირულად: „დიახ, ბატონო სარდალო, გმირსა გმირი უნდა აფასებდეს, მაშინ ვიქმნები სწორე გმირად სათქმელი. _ ჩემი სამსახური მაშინ იყო, როდესაც ხმალი მეფისა წინ მიძღოდა. ახლა მოხუცი და სნეული, რაღას გამოსადეგი ვარ. აბა სარდალო! მეფეს და ქვეყანას გვიჩვენე ხმალი შენი ლესული, და გვათქმევინე გმირობაცა შენი“.

სარდალსა იოანეს ეწყინა და მეფესა გაეღიმა და იამა: იცოდენ სარდლისა იოანესი არა ვაჟკაცობა და ნეტარებითა მოიხსენებდენ მამასა მისსა, სარდალსა დავითს, მხნესა და გულოვანსა, ნამდვილ დიდკაცსა და მეფეთა თანა შელაღებულსა.

ზაალ გმირთა გმირი, გარდაიცვალა 1808 წელსა და დასაფლავდა სიონისა თფილისს ეკკლესიასა. სიკვდილადმდე იყო დაუვიწყებელი ანახანუმ დედოფლისა და ყოველ წლივ წარვიდოდა მცხეთას და გარდაუხდიდა მას პანაშვიდსა (3). _ (თავი CXI).

განჯის ხანი (4) და მეფის ძე გიორგი იყვნენ მეგობარნი. განჯის ხანი, აღზრდილი თფილისსა, ხშირად მყოფი სასახლეში, არ ივიწყებდა მეფისა ძის პურ-მარილსა. დროსა მას, როდესაც მოუძღვა აღა-მაჰმად-ხანს ასაღებად თფილისისა, დაიცვა მან ბოროტმან რეცა მეგობრობა: და არ გადააწვევინა სასახლე მცირედი, სადგური მეფისა მის. გამეფებისა დღეებსა, სცნა რა მან სიკვდილი ირაკლისა, მოსწერა წერილი ნუგეშინის ცემითი, აზიელთა მთავართა ჩვეულებრივი. მეფემან გიორგი მიუგო პასუხი, გარნა არა ეგოდენ ტკბილი, რომელსაც მოელოდა მისგან ხანი. _ ხანსა ეშინოდა მეფის ძისა მარადის; ელოდა დაცემასა განჯაზედ ჯარითა; ამისთვის ხანმან მოგებისათვის მეფისა გულისა, საშიშისა მეზობლისა, არა მიხედნა წყენასა, კვალად მოსწერა წერილი, წარმოგზავნა ორი შეკაზმული მძიმედ ცხენი, 20 ჯორი, 40 აქლემი, 4 ძვირფასი შალი და ერთი თოფი ინგლისისა მაუდი, _ მეფემან მისწერა მადლობა და აუწყა გამოცხადებით, რომელ რუსთა ხელმწიფე მფარველია მისი, და იტყოდა, ვისაც სურს მეგობრობა ჩემი, უნდა ჰსურდეს მას კავშირიცა რუსთა ხელმწიფისა და მფარველობა მისი. ესე იყო უკანასკნელი ხანთან წერილი, მას ხანთან, რომელიც შემდეგ მეფისა მოიკლა რუსთაგან თვით განჯის ციხესა 1803 წელსა. _ (თავი XXXIX).

თთვესა მეოთხესა შემდგომად გამეფებისა მოხდა ამბოხი ძმათაგან მეფისა გიორგისა მეორისა დედიდან. იულონ, გამეფებული ქართლსა, აღიარებდა უფლებასა თვისსა მეფობისა ტახტისათვის, ანდერძისა გამო მეფის ირაკლისა. ვახტანგ ანუ ალმასხან (ორ-სახელოვანი) არაგვისა განმგე, ჰგონებდა თავსა თვისსა არა დამოკიდებულად მეფისაგან, ვითარცა ბატონი და ერისთავი, ძველთა წესითა არაგვისა. მირიან გაბატონდა მარტყოფსა და ფარნაოზ სურამსა. ალექსანდრე ივლტოდა სპარსეთსა და შეევედრა ყეენსა, რეცა მტერი რუსეთისა. ანდერძისა ძალითა ნამდვილ ხელმოწერილითა მეფისა ირაკლისაგან ოთხისა დღისა წინათ სიკვდილისა, თხოვისამებრ დედოფლისა, _ ჯერ იყო, რათა ემეფა პირველად პირმშოსა ძესა მისსა გიორგის, შემდეგ ძმასა მისსა იულონს, შემდეგ ამისა ძმასა მისსა მირიანს, მერეთ ვახტანგსა, მერეთ ალექსანდრესა და მერეთვე ფარნაოზსა. შემდგომ ფარნაოზისა მეფობითი უფლება გარდავიდოდა მეფის გიორგისა შვილზედ დავითზედ, მერეთ იოანეზედ, ბაგრატზედ, თეიმურაზზედ, მიხაილ და სხვა. შემდეგ ამათისა მოვიდოდა ჯერი მეფობისა შვილზედ და შვილთა ზედა შემდგომთა მისთა ძმათა და სხვანი. _ ესრეთმან უგვანმან ანდერძმან, დაწერილმან ყორღანაშვილისა ოსეფასაგან, აღსძრა შფოთი ძმათა შორის. მეფე გიორგი იძულებული იყო მოსვლადმდე რუსეთისა ჯარისა, მიეღო ღონე დამშვიდებისათვის ქვეყანისა. ძლიერი ხელითა განაგებდა საქმეთა კეთილად მინდობითა ღვთისადმი, ვითარცა ხშირად იტყოდა თვით. მოითხოვა ავარიისა ხანიდამ 3000 ლეკი ფასითა ნაქირავნი. ესენი დააყენა მცველად ქალაქისა ავლაბარსა და მეტეხისა ხიდისა გარეთ. დღესა ერთსა ბელადი მათი მურად, მარადის მეფესთან მყოფი და ერთგული, ეტყოდა მეფესა: „ბატონო მეფევ, თქვენი ძმები მეცადინებენ მომისყიდონ მეცა და ჯარიცა და გიღალატოთ თქვენ“. განრისხნა მეფე და დიდისა ხმითა ბრძანა შეპყრობა ტუსაღად დედოფლისა დედინაცვლისა თვისისა, სადაცა იქმნებოდა რჩევა ესე ღალატობისა. ხმამან მეფისა მქუხავისა შეაძრწუნა თვით მხლებელნი მეფისა. გარნა ღვთისა მოშიში მეფე შედგა და შეაყენა მსჯავრი თვისი. მაშინ ბრძანა მეფემან: „კმარა! მოახსნეთ დედოფალსა დააწყნაროს ღელვა შფოთისა! _ შეჰკივლა მეფემან: _ წარვედ ელევთერ! და თფილელსა არსენის აუწყე სიტყვა ჩემი და ერთად მასთან მოახსენეთ დედასა ჩემსა, ნუ გამომიყვანს მოთმინებიდამ; შეიბრალოს ქვეყანა, ქრისტიანობა და ვებრალებოდე მეცა, ვითარცა მეფე და პატრონი ქვეყანისა, რომელსაცა მაქვს ვალი ზრუნვისა სიმართლისა მეფობისა გამო, ზეგარდამო მონიჭებულისა ჩემდა“. წარვიდენ და მოახსენეს დედოფალსა, რომელმანცა მოიხადა ბოდიში, ვითარცა შეშინებულმან ნამდვილ, და ითხოვა მხოლოდ, რათა შვილთა მისთა და ძმათა თვისთა განუსვენოს და დააკმაყოფილოს სარჩოთი და პატივცემითა ღირსებითითა. მოისმინა მეფემან ესე ყოველი და ბრძანა: „მადლობა ღმერთსა, რომ დამაცხრო სიტყვამან დედისა ჩემისა. ახლა ვიზრუნოთ ძმათათვის ჩემთა“, _ სთქვა მეფემან. დაიბარა შვილნი თვისნი დავით და იოანე. უბრძანა მათ რათა _ „ქართლისა ჯარითა ხვალვე წარვედით სურამისაკენ და გამაგრებულსა სურამისა ციხეში ფარნაოზს, გამოუცხადეთ გამოვიდეს და იყოს მორჩილებით, _ და თუ არა ჰქმნას, აიღეთ უთუოთ ციხე, გამოიყვანეთ და დასთხარეთ თვალები“. _ ესრეთ სურამის ციხესა შემოადგნენ მაისის 20-ს და შეუგზავნეს ამირეჯიბი დავით მოციქულად. ფარნაოზ შეშინებული გამოვიდა ციხიდამ და წარვიდა ქსანზედ ცოლეულთან, მიმცემი სიტყვისა არღა შფოთობისა პირისპირ მეფისა და მოსვლისა მეფესთან მალე ქალაქსა თფილისს. სამ თვეს ტრიალებდა ფარნაოზ სურამის გარშემო და აქა შეიგროვებდა ჯარსა და ლეკთაცა მიიწოდებდა ახალციხისა მხარეთაგან. მე თვით მინახავს მცირე ოქმი, სურამს ნაბოძები ფარნაოზისაგან, სადაცა იწოდებოდა ბეჭედიჭა სმულითა: მ ე ფ ე ფ ა რ ნ ა ო ზ და სხვა ბეჭედი შემდეგითა წარწერითა: დ ე დ ო ფ ა ლ ი ა ნ ნ ა. ესე ამბავი ბეჭედისა მოვახსენე ფარნაოზს 1844 წელსა ს. პ. ბ. და იცინოდა კურთხეული ამისთვის: „ჩემო პლატონ, _ მიბრძანა მან, _ დროება მრავალსა რასმე აქმნევინებს კაცსა!“

1803 ანგლიისა სასახლეში პეტერღოფს შეყრილნი მეფის ძენი და მეფეთა ასულნი მიუთხრობდენ სადამე წარსულთა დროთა შემთხვევათა. მუნ იყო დროსა ამას სიმამრი მეფისა გიორგისა გიორგი ციციშვილი (ხათა გოგიად წოდებული), და ოდეს იტყოდენ ამბოხისა და მეფობისა დაცემისა მიზეზთა, მაშინ ვიეთნიმე ბრალსა დიდსა მიაწერდნენ ფარნაოზსაცა მეფის ძესა, ძმათა შორის უმცროსსა, რომელიცა ეძებდავე ტახტსა და მეფობასა საუბედუროდ ქვეყანისა. მაშინ გიორგი ციციშვილი იტყოდა: „რას ჩააცივდით თქვენ კურთხეულს ფარნაოზსა? რას ბრალს სდებთ მას? ფარნაოზი იტყოდა ამას: „მამისა ჩემისა ანდერძითა, ხომ უნდა ვიმეფოო ოდესმე, _ მე ჩემი წილი ეხლა მინდა ვიმეფოო!“ _ ესრეთ სიცილითა მოიგონებდენ საქმეთა წარსულთა ქართველნი და მხიარულებითა განაზავებდენ მეფობისა ღირსებათა თვისთა და პატივისა დაკარგვისა სიმწარესა! _ (თავი XXXVI).

დედოფალმან დარეჯან, მჯდომარემან დედოფლისა მარიამისა თანა რძლისა თვისისა, რომელიცა მშობიარედ იყო ირაკლიზედ, უკანასკნელსა შვილზედ, მოახსენა მეფესა სამდურავი კარისა კაცთათვის, რომელნიცა ატარებენ ენათა და იქმონენ ამბოხთა. „იმ დღესაც მოგართვი ხოხბებიო და კარისა კაცთა გაებედნათ ეთქვათ არა მიირთოთ, მოწამლულნი იქნებიანო. აბა რა სათქმელია და როგორ მოსათმენია? უნდა მოვკლა და ვინა? შვილი ჩემი და მეფე? შვილი ხარ ჩემი და რა პასუხი უნდა მივსცე ღმერთსა, რომ ეს ვიფიქრო? _ იმდურებით ჩემს შვილებზედ. რა ვჰქმნა, აგერ ორი თვეა ალექსანდრე გამექცა. მიხარიან ესე? მიმართა თათარსა და მე ხელს მოუმართავ როგორმე? რომელი შვილი დავწყევლო? რომელი შვილი მოვჰკლა? თქვენცა გყვანან შვილები. რომელსა გაიმეტებთ მოსაკლავად და შესაძულებლად?“ _ მეფე შესწუხდა და მოვიდა ლმობიერებასა და იტყოდა დედოფლისა დასამშვიდებლად სიტყვათა.

დედოფალი დარეჯან ჰგონებდა მეამბოხედ და აღმაშფოთებელად სამეფოჲსა სახლისა მაყაშვილსა ალექსანდრეს, რომელიცა იყო დიდად მიჩნეული მეფისა გიორგისაგან და მისგან მეგობრად ხადილი.

მეფემან შემდგომად ვრცელისა საუბრისა ინება და სთხოვა დედოფალსა დედინაცვალსა თვისსა, დაშთეს მათთან სადილად და განატაროს მათთან დღე. დედოფალმან პატივსცა და დაშთა სადილად. სადილზედ განმხიარულებულმან დარეჯანმან უბრძანა მეფესა: „შვილო ჩემო! 4 წლისა დამხვდი, როდესაც შემოვედ სამეფოსა სახლსა, შვილი იყავ ჩემი და მე დედა ვიყავ, არ უნდა მალე დაივიწყო წარსული დრო, და არცა ალერსი ჩემი შენდა ყმაწვილობისა დღეთა. სხვა რომ არა მქონდეს რა შენთან ამაგი, ეს ხომ არის დაუვიწყებელი ჩემგან. ავად შეიქმენ 4 წლისა და რა გვარითა მეცადინეობითა, მოგიარე და მოგარჩინე. არც ერთ ჩემს შვილზედ ესოდენი ამაგი არ მიმიძღვის“. მაშინ, დედოფლისა დარეჯანისა მუნ მეფესთან ყოფნისა დროსა, მოართვეს მეფესა ბრძანება იულონთან, აახლოს ეშიკაბაშსა თვისსა ალექსანდრე მაყაშვილსა დავით აბაზაძე, რომელიცა მიდიოდა იმერეთსა წერილითა სოლომონ მეფესთან. იკითხა დედოფალმან ჰაზრი დესპანობისა; მეფემან მრისხანედ უბრძანა პასუხად: „სოლომონ მეფესა წაურთმევია ხატი ჩემისა სიძისა დადიანისათვის ხატი ვლახერნისა. და თუ არ უბრუნა და არ დასცხრა სოლომონ, ამოვაგდებ მეფესა იმერეთიდამ“. დიდი ფიცხელი მიწერა იყო ესე მეფისა გიორგისაგან, და კვალად უფიცხელესი თვით იულონთან, მე პირნი მათნი არა მაქვს და წამიკითხავს იულონის შვილთან ლუარსაბთან, რომელსაცა აქვნდა იგი. დამსწრე ამა მოთხრობისა ეგნატი იოსელიანი იტყოდა: ამოიოხრა მეფემან და მოახსნა დედოფალსა დარეჯანს: „მაწუხებენ და მოთმინებიდამ გავყავარ ამათაო“. _ (თავი CXXXVII).

1798 წელსა უბრძანა შვილსა თვისსა ბაგრატს, ისადგუროს თელავს და აქედამ განაგებდეს ზემო კახეთისა საქმეთა. მიანდო მას მასვე დროსა გამაგრება ციხისა შილდისა, ლალის ყურისა და სხვათა ლეკთათვის დაღესტანით გამოსავალთა ხეობათა. წარუვლინა ამისთვის მუნ 600 ლიტრა თოფის წამალი და ჩამოსხმული სათოფე და სადამბაჩე ტყვია 300 ლიტრა. ოქმითა მიწერილითა მისდა მეფისაგან, მიეცა მეფის ძესა ბაგრატს სრული ნება თავადთა ურჩთა შეპყრობისა და უკეთუ არ დამორჩილდეს ვინმე და შეეხიზნოს ლეკთა, ვითარცა ორგულსა მოექცეს: _ ესრეთმან ბრძანებამან ძლიერმან მეფისა, დაუმორჩილნა ძლიერნი, გამოცხადებულნი და არა გამოცხადებულნი მტერნი. ვერც ერთმან თავადთაგან ვერ გაბედა მიდგომა მეფისა ძმათა განზრახვითა, მოსურნეთა რათა აუშფოთონ თავადნი მეფესა. _ მეფისა ბრძანებითა, თთვე ყოველ, მოხსენდებოდა მისგან მდგომარეობა კახეთისა დაწვლილებით საქმეთა, ვითარცა ლეკთა მისთა, ეგრეთვე თავადთა გამო, რომელთაცა ჰგონებდა არა სრულიად ერთგულად.

ელევთერი გამოგზავნილი თელავსა მეფისაგან, მოძღვრიდა ეპისკოპოსთა და წინამძღვართა სიფრთხილითა ყოფნასა; თავადთა და სოფლისა მოთავეთა კაცთა მშვიდობით ყოფნასა და არა გარევასა არა რომელსამე მეფისა წინააღმდეგსა საქმესა.

ესრეთ ძმათა მეფისა, კახეთისა თავადთა თანა მოყვრობითა დაკავშირებულთა, ვერ ჰპოვეს ვერც ერთი თვისისა ჰაზრისა კაცი. დიდად შეშინებული იყო მეფისაგან კახეთი: დიდად მორიდებული თვით საუბრისაგანცა მეფესა ზედა და მისსა განმგეობასა ზედა. _ (თავი LXI).

გამეფებულმან გიორგი, მრავლად მწუხარემან ძმათაგან შფოთისათვის, სცნო სიტყვა, თქმული მღვდლისა იოსებ თურქესტანიშვილისაგან საცინელად მეფეზედ: ეს აბაზიც ყალბიაო! _ მეფემან მეორეს დღესა დიბარა მღვდელი, იკითხა, გამოჰკითხა ამბავი ქალაქისა და უბრძანა მიუტანოს და მიართოს ოქმი რავდენთამე კომლთა კაცთა, ბოძებულთა წინათ მეფეთაგან, რათა დაამტკიცოს მანცა, ვითარცა ახალმან მეფემან, _ ჩვეულებითისა წესითა. მეორესა დღესა მიართვა ოქმი, აიღო მეფემან ოქმი და უკუაგდო ცეცხლსა, რომელიცა ინთებოდა ბუხარში, და დაუმატა სიტყვა მისივე მღვდლისაგანვე თქმული: ეს აბაზიც ყალბიაო!

მრავალნი მრავლად ბოროტად ანუ უშვერად განმარტებენ მეფისა ესრეთსა მოქმედებასა. საქმე ეს იქმნა სასჯელად მღვდლისა, უშვერად მეფისა მომხსენებელისა. რა უწესობაა ესე დროთა მიხედვითა? ნუუმე სხვებრი, სჯულისამებრ, სასჯელი, განკიცხვისათვის მეფისა იქმნებოდა უმეტეს მსუბუქი? განიხილონ ესე მკითხავთა და მსმენელთა.

შემდეგ რავდენსამე ჟამისა, მასვე მეფესა შეეწყალა მღვდელი იგი თურქესტანიშვილი ხუმარი და ადრითვე მეფესთან დაახლოებული და უბოძა ახლისა ოქმითა ყმანი და მამულნი ძველსა წერილში მოხსენებულნი. _ მაშინ მღვდელმან განმხიარულებულმან მოახსენა სიტყვა ფსალმუნისა: „წყალობასა და სამართალსა გაქებდენ შენ, უფალო“.

მღვდელი ესე ღრმად მოხუცი გარდაიცვალა 1820 წელსა თფილისს, და მარადის კეთილად მომხსენებელი მეფისა აკურთხევდა მეფობასა მისსა და შვილთა მისთა. _ (თავი XCII).

დროსა ამას მოახსენეს მეფესა, მეფისა ძენი დავით და იოანე დიდად დაახლოვდნენ იულონსა და ალმასხანსაო, ძმათა მეფისა და მეტოქთა მისთა. უწყოდა მეფემან, რომელ ესრეთი მათი მათთანა დაახლოვება არის სავნო თვით შვილთათვის თვისთა. „შვილსა ჩემსა დავითს შეაცთენენ გულარძნილნი ძმანი ჩემნი, _ იტყოდა მეფე, _ და ვერცა იგი, და ვერცა შვილი ჩემი იოანე ნაყოფსა კეთილსა ვერ იხილვენ მეგობრობითა მათთან. _ მტერნი მათისა მამისა, როგორ შეიქმნებიან შვილთა მისთა მყვარებელნი. ავი ნიშანია ეს, _ იტყოდა კვალად მეფე, _ ოდეს ღმერთი სჯის მამასა ვითარცა მე, მაშინ წინააღუდგენს შვილთა მისთა. ჩემსა სახლსა დაცემენ ეგენი ესრეთითა მამისადმი მოქცევითა“. მეფის ძე იოანე ოდესმე ეახლებოდა მამასა და იამებოდაცა მას მისი ნახვა. გარნა მეფის ძე დავით მემკვიდრე არცა ერთგზის არ ნახავდა მამასა, გარდა დროთა მათ, როდესაც მეფე დაიბარებდა მას საქმეთათვის. _ მეფე, განრისხებული მასზედ ხსნილისა ჭამისათვის მარხვის დღეთა და არა მომსმენი ხშირად წირვისა და ლოცვისა წესისამებრ მართლმადიდებელისა ეკკლესიისა, სთხოვდა ხშირად საიდუმლოდ შთააგონონ დავითს სიყვარული ქრისტესი და ეკკლესიისა. მეფესა დიდად უყვარდა შვილი თვისი დავით, ყოველთა შვილთა და ძმათა შორის უუგონიერესი, ცქვიტი, ფხიზელი და მარჯვე სიტყვითა და საქმითა. მეფის ძენი ორნივე დავით და იოანე იყვნენ გონიერნი, მხნენი და საქმისა კაცნი: თვით მეფე ირაკლისთან დიდად თამამად და თავისუფლად შედიოდნენ და დიდად უყვარდენ ესენი პაპასა მათსა. ყოველთვის ორთავეს გვერდით მოისვამდა, თუმცა დავით მამასა მათსა გიორგის არა ნახავდა ხოლმე. სხვანი შვილნი მეფისა იყვნენ არა ეგოდენ ვარგისნი და არცა სამეფოდ აღზრდილნი, ვითარცა ორნი ზემორე თქმულნი. _ (თავი XLIII).

დღესა ერთსა მეფესთან, განრისხებულსა ძმათაგან თვისთა შფოთთა გამო, შეიყვანეს წვრილნი შვილნი მისნი: ოქროპირ და ირაკლი. _ გამდელთა მათთა დაუსვეს იგინი ახლოს მეფისა დაფიქრებულისა. ლალა მეფის ძის ილიასი დავით აბაშიძე და გოგია ბარათაშვილი უალერსებდნენ და ეთამაშებოდენ ყმაწვილთა. ესრეთსა ალერსსა შეუდგა თქმა წყობითი „იწილო-ბიწილოსი“. სავსებისათვის მოთხრობისა ამის მართლივ დავსწერ ამასაც აქავე:

იწილო, ბიწილო,
შროშანო გვრიტინო,
ალხო-მალხო,
ჩიტმა გნახო,
შენი ფესვი
ფესმანდუკი,
აბდა უბდა
გადასკუბდა,
აჯეგ მაჯეგ,
მეფევ დაჯეგ.

ჩვეულებისამებრ ქართველთა, იტყოდენ ამას რავდენჯერმე და დაასწავლიდენ ყრმათა განმახვილებისათვის და დალესვისათვის მეხსიერებისა; ეგრეთვე ძლიერისა მტკიცისა და წყობითისა ლექსთა და სიტყვათა წარმოთქმისათვის.

დროსა ამას, როდესაც მეფე დუმილითა დაღრმობილი, ტრფიალებდა შვილთა სიყვარულითა, შევიდა მეფესთან მემკვიდრე მისი დავით. ამას გამოჰკითხა ქვეყანისა საქმენი და რავდენისამე მოხსენებისა საქმეთათვის უპასუხა დიდად მკვახედ. დავითს არ იამა ესე და დაფიქრებული გამოეთხოვა მამასა და გამოვიდა. _ გამოვიდა დავით და შევიდა იოანე ძმა მისი. მეფემან შესჩივლა დავითისაგან უჯერონი მოხსენებაები და უბრძანა სიფრთხილით მოქცევა: „ქვეყანისა გაოხრებულისა მეფე ვარ, დიდი ჭკუა გვინდა ამისთანა დროებაშიო. უფროსნი შვილნი ხართ ჩემნი და უნდა მეცა მპატრონებდეთო“. რაჲ იყო საგანი ესე მათის საუბრისა, არღა დახსოვნებოდა გოგია ბარათაშვილსა, გარდაცვალებულსა 1850 წელსა, რომელმანცა მომითხრა ამბავი ესე.

მეორესა დღესა განვიდა ხმა ქალაქში: მეფე იწილო-ბიწილოსა შეექცევაო. სცნო ესე მეფემან, გარნა არ განრისხდა; შვილებსა დასდვა ეჭვი და სდუმნა. _ დედოფალმან მარიამ შეიტყო ესე და შესჩივლა მამასა თვისსა გოგიას. აჩქარებული გოგია დაამშვიდა თვით მეფემან და უბრძანა დუმილი. ამავე დროსა შევიდნენ მეფესთან სარდალი იოანე, ალექსანდრე მაყაშვილი, ელიაზარ ფალავანდიშვილი და მელიქი ქალაქისა დარჩია; თან შეჰყვა მათ წირვისა შემდგომად მღვდელი ონისიმე იოსელიანი და მიართვა მეფესა სეფისკვერი. მაშინ უბრძანა შეიყვანონ მასთან ყმაწვილები ილია, ოქროპირი და ირაკლი. „გოგიავ, _ ბრძანა მეფემან, _ თუ გიყვარდე, შეაქციე ყმაწვილები იწილო-ბიწილოთი, დასხედით ონისიმესთან: მაგასაც ეცოდინება იწილო-ბიწილო“. _ ამითი უნებდა ეჩვენებინა რომელ მეფობისა საქმეთაცა განვაგებო და ალერსსაც ყმაწვილებთან დროს ვუპოვნიო.
ესრეთითა მოქცევითა ამხილა და არცხვინა დამცინებელნი. განვიდა კვალად ხმა ყოველგან და მიჩუმდენ ენანი, ბოროტისა მეფეზედ მეტყველნი. _ (თავი CXII).

ამბავსა ამას დაურთო ამბავი მანვე გოგია ბარათაშვილმან _ ქალაქი ამ დროს დამშეული იყო და პური ვერ შემოდიოდა ადვილად ამ ქალაქშიო. მეფესა გაეგზვნა ეშიკასბაში გიორგი ციციშვილი და მალხაზ ამირეჯიბი, ნაზირი კათოლიკოსისა ნიკოლოოზ ელიოზიშვილი მოსაშველებელად პურისა; ეგრეთვე ყაზახ-ბორჩალოში გაგზავნა იოსებ კალატოზიშვილი, თარუა არღუთაშვილი და ჰუსეინ-ჰაჯი. ამათ თითქოს განგებ შეთქმითა, ერთ დღეს შემოიტანეს თფილისში 320 ურემი ქართლიდამ და 400 ყაზახ-ბორჩალოდამ. გაივსო ბაზარი პურითა, ჩამოვარდა სიიაფე, და გაიძღო ქალაქმა კუჭი. მცხოვრებნი თფილისელნი ადიდებდენ მეფესა და ჰგიობდენ მაგიებელთა მისთა. _ მარილიცა შეძვირებული იყო და ამისთვის წარგზავნა პავლე მელიქიშვილი და ქალაქისა ნაცვალი სურგუნაშვილი ყულფისაკენ, რომელთაცა წარიღეს ბრძანება მეფისა ყაზახისა და ბორჩალოს სულთნებთან. ესენი წარუძღვენ და მოიტანეს ერთს თვეზედ 200 ურემი და 700 აქლემებითა მარილი მრავლად. „დიდად ბეჯითად მეფობდა, _ იტყოდა იგი გოგია, _ მაგრამ ძმები და მხლებელნი მათნი აშფოთებდნენო. ძრწოდენ ყოველნივე, მეფისაგან იშიშოდენ ძლიერ, მაგრამ არ დასცხრებოდენ ხოლმეო. მიკვირს ეხლაცა მოთმინება და სულგრძელობა მეფისაო. ყმაწვილი ვიყავი, ხმა არ მქონდა დიდკაცებშიო, მაგრამ მესმოდა კარგად ყოველივეო და ბევრჯერ დავფიქრდები ეხლაც და ვიტყვი: რად სჩადიოდენ ასეო? რა კაცნი იყვნენო? რას ეძიებდნენო? სამგლე გოჭივით ატეხილი იყო დიდი და პატარაო!

მართლად იტყვიანო: ღმერთი რომ კაცსა გაუწყრება, პირველად ჭკვას წაართმევსო. იმ დროს აღარვინ იყო რიგიანი კაცი, აღარც სარდალი, აღარც სალთხუცესი, აღარც მწერალი, აღარც მდივანბეგი და აღარც მღვდლმთავარი. ჭეშმარიტად ვიტყვი მხოლოდ ამას, რომ მეფე გიორგი თვით იყო სწორეთ ჭკვიანი, თვით სარდალი, თვით მსაჯული და თვით მღვდელმთავარიო“.

ამბავი ესე მიამბო თვით გოგიამან _ (არა ვუწოდებ გიორგი, რადგან ამა სახელითა „გოგია“ იგი იყო ცნობილი); როდესაც 1847 წელსა მიჩვენა მან ბირთვისისა ციხე დაწვრილებით და ვიყავი მასთან სტუმრად ერთსა ღამესა, ოხვრითა მითხრა მან: „ესრეთისა სიმაგრისა მქონე ქვეყანა, და რავდენი ამისთანა არიან სომხითისაკენ, როგორ უნდა წამხდარიყოო. ჭეშმარიტად ცოდვისა მოგვევლინაო და მტერმან ასე გაგვაქროო!“

ჭეშმარიტია თქმულობა მისი ესე უკანასკნელი და აქა მოსძებნის მეისტორიე წახდენისა მიზეზსა. წინასწარმეტყველისა პირითა მასვე იტყვის ღმერთი, განმგე მეფეთა და მეფობისა. წარვედი და არქვი, _ უბრძანა ღმერთმან ისაიას, _ ერსა ჩემსა ისრაილსა: „არა ვიყო მე წინამძღვრად ერისა ჩემისა: რამეთუ ენანი მათნი უსჯულოებენ და უფლისა მიმართ ურწმუნოებენ“.

ნუ დამცინებენ თქმასა ამას მკითხველნი შრომის ამის ჩემისა. მიიღონ ჰაზრი ესე ანუ თქმულად ტაციტისაგან, რომელიცა ვითარცა წარმართი _ ესრეთვე ეძიებდა რომელთამე დაცემისა მიზეზთა; ანუ თქმულად გიბბონისაგან მეისტორიეს დეისტისა, ანუ თქმულად ბოსვეტისაგან და მიშლესაგან _ ისტორიისა ფილოსოფიურად მწერალთა. მე ვიტყვი წინასწარმეტყველისაგან თქმულსა: მიიღონ სარწმუნოებასა ზედა მერყევთა ანუ ურწმუნოთა ჰაზრი მისი, ვითარცა თქმული კაცისაგან გონიერისა, მამულისა თვისისა მოყვარისა, შორს მხედველისა, დაწვრილებით ყოვლისავე გამომეძიებელისა, მთრთოლარისა სამეფოჲსა და მეფეთათვის თავგანწირულისა, რათა არა გამქრალიყო სარწმუნოება მტკიცე აბრაამისა, ვარსკვლავი ისრაილისა, ძალი და ძლიერება დავითისა, სიბრძნე და მართლმსაჯულება სოლომონისა. აქა კვალად ვსდუმებ. უძლურებამან და დუმილმან კალმისა ჩემისა განაღვიძონ და ასაუბრონ სხვანი... _ (თავი CXIII).

დავით მოსრული რუსეთით, ვერ იქცეოდა სურვილისამებრ მამისა. ამისთვის სწუხდა ურწმუნოებისათვის მისისა წესისამებრ წმინდისა ეკკლესიისა. აჰა საუბარი მისთვის მეფისა პატრთან, რომელიცა ახლდა მას ვითარცა მეგობარი და მახლობელი:

_ პ ა ტ რ ო ნ ი კ ო ლ ა! სადაა ეხლა დიდი სარდალი ბონოპარტე?

_ ებრძვის რუსეთსა და კეისარსა, _ მოახსნა პტრმან, _ ესენი ცდილობენ დაიცვან ფრანგისტანში ქრისტიანობა. არღაა მუნ აგერ მრავალი წელიწადია არცა წირვა, არცა ლოცვა, არცა მღვდელი და ეპისკოპოსი; 25 მილიონი წარმართად არიან ქცეულნი. ვინ ჰქმნა ესე? უკეთურთა მწერალთა ვოლტერმან და სხვათა, მეფევ!

მ ე ფ ე: ვოლტერი! მეგობარი ჩემის შვილისა დავითისა, ჩემის მემკვიდრისა. ვაჲ შენსა გიორგის! რუსეთში მყოფმან ჩემმან შვილმან შეისწვლა მისი უსჯულო სწავლა; მომიტანა აქა მისი სახე, რომელიცა სამართლად დავსწვი ცეცხლსა. ღმერთი წარუმართებს რუსთა და კეისარსა. თვით მაცხოვარი ჩემი შეეწევა მათ. ქრიტეს გარეთ რაღაა კაცი? უკეთესსა ვინ გვასწავებს. მეორე არიოს ყოფილა. უნდა იყოს ის შეჩვენებული.

პ ა ტ რ ი: წმინდისა პაპის ლოცვითა ვერ გაიმარჯვებს მტერი.

მ ე ფ ე: ეკკლესიასა ქრისტესა, ჩემო პატრო, ვერა სძლევს ბჭე ჯოჯოხეთისა.

პ ა ტ რ ი: მრავალი უნახავთ დევნა ქრისტიანეთა.

მ ე ფ ე: დიოკლეტიანემან, ნერონმან, ივლიანემან ან და სხვათა ვერ სძლიეს ქრისტესა, რას იქმს ვოლტერი ბოროტითა სიტყვებითა! თვით ბონოპარტე რაღაა, პატრო?

პ ა ტ რ ი: დიდად მორწმუნე კათოლიკე, გარნა აღზრდილი ფრანგისტანში, კორსიკანელი, თუ არა ქრისტიანე არ იქმნება. ფიქრობს აღადგინოს ტრაპეზი ქრისტესი. პატივსცემს დიდად პაპასა წმინდასა.

მ ე ფ ე: ღმერთმან წარუმართოს და დაუთრგუნოს მტერნი და განუბნიოს იგინი. ჩვენ ვლოცულობთ მათთვის.

პ ა ტ რ ი: აგერ 8 წელია, რაც უკეთურთა ფრანგისტანელთა დაფლეს მიწაში ჯვარი და სახარება ქრისტესი.

მ ე ფ ე: წყეულიმც არს მათი სახელი. ღმერთო და მაცხოვარო ჩემო, შენ აპატიე შვილსა ჩემსა დავითს დანაშაული მისი. ნუ ჰკითხავ მას. შენ მოაქციე ჭეშმარიტსა გზაზედ და დაამკვიდრე შენსა სიყვარულზედ. ამინ, ამინ. _ რა იქმნება მეფე არა მორწმუნე ქრისტესი, მოძულე ღვთისა დედისა, წმინდათა და წამებულთა. ვაჲ შენსა მეფესა გიორგის. მამაშვილობას, პატრო, შეაყვარე ქრისტე ჩემსა შვილსა, გამოიყვანე ცოდვიდამ; ამცენ, შენ უფრო დაგიჯერებს. _ თუ არა, ვერ იმეფებს, დაკარგავს ტახტსა და სამეფოსა ღვთისმშობელისა წილხვდომილსა. ქრისტიანობითა გვაქვს პატივი და დიდება ესრეთ, ჩემო პატრო, ჩემო მეგობარო. ვალიცა გაქვს, ქრისტესთვის სიტყვასა იტყოდე. განმხნევდი, მეც მაამე და მცნებაცა ქრისტესი აღასრულე. მოიძიე ცხოვარი წყმენდული და შეაერთე ქრისტეს სამწყსოსა.

პატრი ნამდვილი საყვარელი იყო დავითისაცა მემკვიდრისა. უამბო ესე ყოველი დავითს? ვერ ვსცან კაცთა მედროვეთაგან. „მეფეთა-თანა საუბარი სიფრთხილითა უნდაო, _ მეტყოდა ხშირად მეფისავე ექიმი იოანე იოსების ძე ყარაევი, მომთხრობი ამბავთა ამათ და თვით სარწმუნოებით კათოლიკე. _ თვით მამა შენი ენატი, მიჩნეული მეფისაგან, მამაო ჩვენოს თქმით შევიდოდა მასთანაო“. _ (თავი XLIV).

მეფის ძემან და მემკვიდრემან დავით რუსეთსა ყოფნისა დროსა გაიცნა და მოინება შერთვა ცოლად რომლისაღაცა ტატიშჩევის ქალისა. მობრუნებულმან საქართველოდ იწყო მიწერ-მოწერა წერილთა გარსევან ჭავჭავაძის ძესთან და ვარლამ მიტროპოლიტთან (ერისთვისშვილთან), დროთა ამათ ს. პ. ბ. ჩლენად სინოდისა მცხოვრებთან. მეფესა გიორგის დიდად სურდა შერთვა ქალისა მის რუსთა გვარისა და აჩქარებდა საქმისა მის დაბოლოებასა, რათა მაგალითითა ამით დაკავშირდეს რუსეთთან თვით და ერიცა მისი და რათა ამით მოაშოროს არაწმინდებით ცხოვრებასა: _ ბაყალ ავტიქას ქალთან დაუმალველად. ერთი ესე ვითართა წერილთაგანი ნამდვილი, რომელიცა მე მაქვს, არის მიწერილი მეფის ძეს დავითთან ვარლაამისა; აჰა პირი ნამდვილიდამ მრთელისა ამის წერილისა.

„მათს უგანათლებულესობას, მეფის ძეს და საქართველოს მემკვიდრეს,
ჩემს მოწყალეს ხელმწიფეს!

ქვევრდომით თაყვანისმცემელი მათს მშვიდობას ღმერთსა ვსთხოვ.

ხელმწიფეო ჩემო! თქვენი წიგნი მებოძა, და როგორც მმართებდა ისე ვიხარე თქვენის მშვიდობის ამბის სმენისათვის. ბატონს მეფეს წიგნი მივართვი, და მათს უმაღლესობას მოვახსნე, და თქვენც მოგახსენებ: ტატიშჩოები ჭეშმარიტს პასუხს ითხოვენ, ამისთვის რომ ბევრნი თხოულობენ, და გათხოება უნდათ და თქვენ ბრძანებას ელიან.

აქაური ამბავი ეს არის, ევროპაში დიდი ბრძოლაა. სუაროვს შვეიცარიაში საშინელს მთაში უღაღსა და უვალს ადგილებში, რომის იმპერატორის ღენერალთ ცხენები დაუგვიანეს და ოთხი დღე იქ მოუხდა დგომა. იმ დღეებში საშინელი ქუხილი და ელვა, მძაფრი წვიმა თურმე იყო, და იმ დროს ფრანცუსნი განეწყვნენ, და დიდის სიმხნით, და ძლიერებით იმ საშინელის ადგილიდამ გამოვიდა სუაროვი, მოკლედ მოგახსენებ, სუაროვი ასე სწერს ხელმწიფეს, რომ ახლა რომ მოვიგონებთ იმ დღეს, ჩვენი სული შეძრწუნდება ხოლმეო. ხელმწიფის შვილი კონსტანტინე პავლოვიჩიც იქ ყოფილიყო. და ამისთვის ხელმწიფემ სუაროვს გენერალისიმუსობა უბოძა, და თავისი შვილი ცესარევიჩად გამოაცხადა. კნიაზ პეტრე ბაგრატიონიც დიახ კარგა გაისარჯა, და კიდეც დასჭრეს. ბუნაპარტემ ჯარი მისირში დააგდო და თითონ ფრანციაში მივიდა.

სხვებრ გევედრები, მოწყალეო ხელმწიფეო, არ დამივიწყო, მონა ერთგული.

თქვენის უგანათლებულების მონა ერთგული, არქიერი ვ ა რ ლ ა ა მ.

ნოემბრის 18
წელს 1799. _ (თავი LXXXI).

რავდენისამე წლითა წინათ წერილისა ამის ვარლაამ მიტროპოლიტისა (რომელიცა იქმნა 1811 ექსარხად საქართველოჲსა) გარსევან ჭავჭავაძემან აცნობა მეფესა მიწერილი პტერბურღსა ამბავი დავითისათვის მემკვიდრისა, დანიშნულისა ოთარ ამილახვარისა ქალზედ ელენეზედ. მეფე, მოსურნე რძლად ტატიშჩევის ქალისა, სწერს, სხვათა შორის, შემდეგსა პასუხსა. ჯერეთ მეფის ძეობაში და მემკვიდრეობაში:

„მათს ბრწყინვალებას
ჩემს საკუთარ მეგობარს,

რა აქედგან თქვენი ბრწყინვალება წავიდა, მას უკან თქვენი წიგნი არ მოგვსვლია და თქვენი ამბავი გარჩევით არ გვსმენია და თქვენმა გონებამ უწყის, რომ თქვენის წიგნის დაგვიანება და ამბავის უცნობელობა დიდად მოგვაწყენს, და ვინც წამოვიდეს თქვენს წიგნსა და ამბავს არ უნდა დაგვაკლებდეთ ხოლმე. მშვიდობა არის, ღვთის მოწყალებით... დავითის ცოლის შერთვა და ქორწილის ამბავი გეკითხათ: იოანე ფეტიაშვილმა გვიანბო და

თქვენი გული ამაზედ სარწმუნო ბრძანდებოდეს, რომ დავითს არც ცოლი შეერთოს, არც ქორწილი ექმნას და ვიზედაც დავითისაგან შერთვის ეჭვი არის, არც დავითისაგან იმის შერთვა იქმნეს და დიდი სიცრუვე და ტყუვილიც არის და დაჯერებულიც ბრძანდებოდეთ, ამაზედ ასე შორს არის და თვით აქედგან პეტერბურღი როგორც შორს არის ისე ის საქმე. და უჩვენოთ ხომ ვერ დაიჭერდა დავით ამ საქმესა და ჩვენგან სარწმუნო იქმენ, რომ სიცრუვისა და ჭორის ამბავის მეტი არაფერი არ არის რა, და თქვენც დიახ კარგად იცით, რომ ტყუილის მეტი არა არის რა და გთხოვთ შენგან დაუვიწყებელნი ვიყვნეთ ყოველს საქმეში.

თქვენის ბრწყინვალების საკუთარი მეგობარი საქართველოს მეფის ირაკლის პირმშო ძე გ ი ო რ გ ი.

წელსა ჩღჟდ (1794),
მარტის კჱ (28).
თ ფ ი ლ ი ს ს... _ (თავი LXXXII).

1799 წელსა მეფის ძე და მემკვიდრე დავით, ურჩი მამისა, თვითნება და მგონებელი ბრძნად თავისა თვისისა, უმეტეს მამისა, ვითარცა მხილვლი რუსეთისა, _ შევიდა განსაცდელსა ძნელსა. სიხარბემან ფულისა და ნივთთა და მოლოდებამან, სნეულებისა გამო მამისა თვისისა უკურნებელისა, მეფობისა, რომელ არღა ინება შერთვა დანიშნულისა მასზედა ელენეს ამილახვრის სარდლის ოთარის ქალისა, არცა ტატიშჩევის ქალისა რუსეთს, და შეირთო სურვილისამებრ მამისა სვიმონ, აღად წოდებულისა აბიმელიქის ქალი ხამფერვან, რომელსაცა ნათელსცეს მართლმადიდებელისა ეკკლესიისა წესითა (5) და უწოდეს სახელად ელენე. _ ქალსა ამას აქვნდა ფულად 8000 მანეთი, ფული დროთა ამათ დიდძალი და ესოდენივე ფულისა ნივთნი და სამკაულნი. მეფე თვით დაესწრა რძლისა თვისისა მირონცხებასა სასახლისა წმინდის გიორგის ეკკლესიასა შინა. თანაშემწეთა აღსრულებისათვის ესრეთისა საქმისა იოანე ნდრონიკაშვილსა, დუცალ ბარათაშვილსა და ეგნატი იოსელიანსა, რომელიცა ასწავებდა მას ქალსა ადრევე ქართულსა, წერასა და საუბარსა, უბრძანებდა მეფე იდუმალ დააახლოვონ მისდა შვილი მისი დავით.

დღესა მესამესა შემდგომად ქორწილისა მეფემან, რათა მტერთა არა მისცეს მეტად მიზეზი დღესასწაულობისა, დასუსტებისათვის მეფობითისა ღირსებისა, _ თვით წარვიდა, ნახა რძალი თვისი, ამბორსუყო და აკურთხა და უბოძა პირისანახავად ქარვასლა სახასო ქ. თფილისს ძველად როსტომ მეფისაგან აშენებული და სოფელი გურჯაანი სახასო ყმებითა დ მამულითა და ოქმისა ბოძებითა, მასვე დღესა მეფისაგან დამტკიცებულითა. ჰგონებდა მეფე, რომელ ესრეთითა ქორწინებითა ძე მისი დავით გამოვიდოდა ცოდვიდამ და განუტევებდა ბაყალ ავეტიქას ქალსა, შეყვარებულსა ადრითვე, რომელიცა შემდეგ წარიყვანა რუსეთსაცა და მუნ მოკვდა. მტერთა სდუმნეს. გარნა, თვით დავით მოსული გონებასა, შევიდა სინანულსა. არცა გვარი თავადობისა, არცა სიძველე და ჩინებულება გვარისავე, არცა კავშირი რაიმე დიდკცობათა ქვეყანისა, არცა მეფობითი აღზრდა ჰაზრითა და ქცევითა, _ არა აქვნდა მეფის რძალსა და მემკვიდრისა ცოლსა სადედოფლოდ ბაგრატიონისა ტახტისათვის მომზადებულსა. მეფემან, განსადიდებელად გვარისა მისისა, მიუბოძა მისსა გვარსა თავადობისა ღირსება (6), გარნა არა ეკმაებოდა ესე სომეხთა ქალსა, რომლისა მოყვარენი და ნათესავნი იყვნენ ვაჭარნი და დაბლისა ხელობისანი. დაიცა ერთი მისივე მეფის რძლისა, სახელად მაია, სომხადვე დაშთენილი, ჰყვანდა ცოლად მოქალაქესა თფილისელსა... გულასპოვსა ვაჭარსა. ამილახვარი ოთარ, ეცინოდა მეფისა სახლსა დაწუნებისათვის მისისა ქალისა, შეიძულა ოთარმან იუსტინე მთავარ ეპისკოპოსი, რომელსაცა პატივს სცემდა მეფის რძალი და სწყალობდა დიდად (7). ამისთვის მეფემან ინება და შერთო უმცროსსა პირველისა ცოლიდამ, შვილსა თვისსა თეიმურაზს. თვით მეფის რძალი ელენე იყოფოდა გარდაცვალებადმდე მეფისა თვისსა ქმართან არა პატივცემულად მისგან და შემდეგ გარდაცვალებისა განაძიაცა თვისგან და ჰგონებდა გაშვებასა. იწყო საქმე მან დეკასტერიაში და არღარა გამეფებულმან მიიღო საქართველოსა კონსისტორიიდამ, კათოლიკოსის გარდაწყვეტილებითი უარი დახსნისათვის ქორწინებისა. დავით წარვიდა რუსეთს 1803 წელსა და მეფის რძალი ელენე, ბრძანებითა იმპერატორისა ალექსანდრესისა, მივიდა პეტერბურღსა 1810 წელსა და გარდაიცვალა მუნ 1836 წელსა.

თვით ელენე მეფის რძალი და მემკვიდრისა ცოლი იყო ემბაზით მიმქმელი ჩემი. ამისთვის ვიცნობდი მოკლედ მას, მოარული მასთან 4 წელსა ს. პ. ბ. (1831-1835); იყო პატიოსნებითა სავსე, მოშიში ღვთისა, მორწმუნე ქრისტიანე, გარნა არა დამტევებლი სრულიად სომეხთა სარწმუნოებისა: საუბარი მისი, მიქცეული სომხურად, არა იყო დიდკაცური ქართული; ქცევა არა ქართველთა დიდთა გვარისა ქალთა ჩვეულებრივი; არა მოყვარე მეფისა სახლისა წევრთა და არცა მათგან ყვარებული; _ უნებდა მას დასაფლავება თვისი... სოფელსა (8)... მდებარესა პეტერბურღით ცარსკის სელოსა მიმავალთათვის აღშენებულსა ეკკლესიასა და არა თვისსა ქმართან ნევსკის მონსტერსა. ამისთვის მოჭედა მან მკვრუვისა ოქროთი ხატი ღვთისმშობლისა და ამკობინებდა მას მრავლითა თვალით და მარგალიტითა და ნებავდა დადებულიყო ხატი იგი თვით მასვე ეკკლესიასა საძვალედ მისდა დანიშნულსა. მიბრძანა და გავუკეთე რუსულად და ქართულად ზედაწარწერა. წარმოსულმან რუსეთიდამ, ვერ ვსცან, სადა დაიდვა ხატი ესე, რადგანაცა თვით დასაფლავდა ნევსკის მონასტერსა.

აჰა ორიცა მისი წერილი, მოწერილი მამისა ჩემისადმი:

(1)

წელსა ჩყიგ (1813).
ღვინობისთვის კვ-სა (26).
პეტერბურხით.

„მაღალ-ღირსო უფალო ეგნატი,
ჩემო სულისა მამავ!

მერმეთ ჩემს მაკურთხველ მარჯვენას ანბორს მოვახსენებ და თქვენ მშვიდობას და თქვენის ცოლ-შვილის ღმერთსა ვთხოვ. ვიცით რომ ჩემს ანბავს იკითხავთ, ესრეთ იცოდე ჩემი ანბავი. მარიამობის თოთხმეტს აქეთ, მე ჩემს ძმას დავითთან ვარ. თავისის ხასების რჩევით ისრე ინება ჩემმა ქმარმა. ახლა კი დიდად წუხს და დიდათაც მეხვეწება, რომ შეურიგდე, მაგრამ მე არ ურიგდები. ამ დილით მოციქულების გზავნით და წიგნების წერით ილაჯი აღარა მაქვს, მაგრამ მე არ ურიგდები; ღვთითაც, თუ ხელმწიფე მშვიდობით მობრძანდება, ღვთით ჩემი საქმე ყველა კარგათ მოხდება. იმას კი თავისი ხასები ვეღარას უშველიან. ესრედ იცოდე ჩემი ანბავი. ამაზედ მეტს ვერას მოგწერ. მერმეთ გთხოვ ჩემო ეგნატი, დიდათაც დაგიმადლებ; ეგ ჩემი ოცი თუმანი ბატონიშვილს თეკლას გამოართვი, და დუქნების ქირა... ხომ იცი და მომიწერია კიდეც მე, რომ აქ ვალი მქონდა ოთხასი თუმანი, ზოგი მივეცი და ზოგი კიდევაც დამრჩა მისაცემი... თუ სტეფანე სახლში დგას, გავლილის თვეების ქირაც გამოართვი, ისიც გამოგზავნე. ახლა შენ იცი, როგორ გაირჯები ჩემს მამულებზედ გურჯაანზედ, ან ქარვასლაზედ როგორც კაის ფასად გასცემთ... ახლა შენ იცი, ამაზედ მეტს ვეღარას მოგწერ ახლა და ამის იქით სხვას წერილით მოგწერ ჩემს ანბავს.

თქვენი მშვიდობის მოსურნე მეფის რძალი ე ლ ე ნ ე“.

(2)

„მაღალ ღირსო უფალი მღვდელო ეგნატი ონისიმოვიჩ,
ჩემო სულის მამავ!

მერმეთ დიდი ხანია თქვენი ამბავი არა შემიტყვია. მგონია რომ მემდურებით. ჯვარი გეთხოვნა, არ გამოგიგზავნეთ. შენ იცი რომ ერთი დღის შესვენება არა მქონია მწუხარების გამო ჩემის მეუღლისაგან: ცოცხალი იყო და მტანჯავდა, მკვდარი უარესად მტანჯავს. მგონია რომ შენც შეიტყობდი კაჭკაჭოვის ჩივილსა, აქ მინისტრისათვის მოეწერა ერმალოვს, რომელიც იმის პასუხი მოუა, ახლა იქნება კიდევ სასამართლოდ შეიქნას...

თქვენის მშვიდობის ამბის მოსურნე მეფის რძალი ე ლ ე ნ ე.

დიდათ ავათა ვარ. ეს წიგნი ავანტყოფმა დავსწერე. ამ საჭიროებისათვის, თორემ არ შემეძლო წერა.
დეკმბრის ი-ს (10),
წელსა ჩყკ-ს (1820). _ (თავი LXXXIII).

თვით მეფის ძე დავით ესრეთისა ქორწინებითა ჰგონებდა დაკავშირებასა სომეხთა მდიდართა ქართველთა თანა და მოყვანასა მათსა ერთობისადმი ეკკლესიისა. გარნა შესცდა. სომეხნი განბნეულნი სპარსეთისა, ოსმალისა და სხვათა ადგილთა არიან ყოვლად დაცემულნი ზდილობითა; _ უქონელნი მამულისა არიან, უქონელნი სიყვარულისა თვით კეთილისა მოქმედთადმი მათისა; დამვიწყებელნი თვისისა ენისა ვერ სცნობენ რასათვის არს მშვენიერება ლექსთა და ჰაზრთა გამოხატვისა; არა უწყიან რა უყვარდეს, ვინ უყვარდეს, სად უყვარდეს, რას ეტრფოდეს. განვარდნილნი ერთობისაგან სარწმუნოებისა აღმოსავლეთისა და კვალად შეხიზნულნი ლათინთა _ ეკკლესიასა, არა უწყიან თვითცა რასა შინა მდგომარეობს მათი ეკკლესიისა ღირსება. მილიონიდგან განბნეულისა სომეხთაგან ერისა კნინღა ნახევარი წარიტაცეს ლათინთა: დანაშთენი ერთ-ნახევარი დაცინებულნი ყოველგან, გინებულნი სპარსთა და თურქთაგან, არიან სრულად ცივად მხედველნი გულგრილნი. სახლი მათი სხვათა ადგილზედ, ვაჭრობა მათი უცხოსა ნათესავთან, მეგობრობა სიცრუითა _ შესაძინებელად რასამე! _ ვერსადა განიზრახვენ მეფობასა თვისსა, ვერვისთან იტყვიან მეფეთა თვისთა ტახტისათვის; თვით მწერლობა მათი, ლათინთა მოძღვართაგან ნამუშაკევი, არის მათთვის ანუ ვერ გასაგონი, ანუ სავნოდ მათისა ეკკლესიისა მისაღები. სომეხთა ეკკლესიისათვის იტყოდა ბესარიონ კათოლიკოსი, _ სირცხვილიც არის ვისაუბროთ და სადაა ეკკლესია ეს და რა ღირსება უნდა აქვნდეს მას, სადაცა ორი დიდი ეკკლესია აღმოსავლეთისა და დასავლეთისა საუბრობს, და მესამეცა ეკკლესია დიდი ლუტერისა ჰყვავის მეტობითა მათვე ორთა დიდთა ეკკლესიათა. თვით გონიერნი სომეხნი სადამე მოიხსენებდენ ანუ მართლისა გულითა ანუ ცბიერობით თავთა თვისთათვის: ნუუმე ვინცა საჯინიბოს შინა დაიბადება, არის იგი ცხენი? ესრეთ სძაგთ სხვათა თანა თქმა, რომელ არს იგი სომეხი. _ (თავი LXXXIV).

მეფის ძესა გიორგის არ უყვარდა სომეხნი, ვითარცა დამკარგველი ძველადვე მეფობისა, ვითარცა არღა მექონი მამულისა და განბნეულნი ქვეყანად, ვითარცა ენისა არღა მექონი და სხვათა ენათა ზედა ცუდად მოუბარნი, ვითარცა განვარდნილნი ადრითვე მართლმადიდებელისა ეკკლესიიდამ, _ ერი ესე ახალ ისრაილად წოდებულ იქმნა. ვაჭარი, მსყიდავი და გამსყიდავი, ცრუ, მატყუარი, უპირო და უპურო. ერთგული მისი, ვისგანაც აქვს გამოსარჩენი და რომელიცა მას შეისყიდის ანუ ფულითა, ანუ პატივითა, ანუ სხვითა საჩუქრითა. დავით აღმაშენებელი, რომელმანცა შემოიხიზნა იგინი და დაასახლნა გორსა, თვით ინანოდა, ოდეს იხილა გარყვნილი თესლი, მეფობისა დამკარგველი. კრებისა კანონთა შინა, რომელიცა იქმნა ქალაქსა მცხეთას მის დროსა, იტყვის სხვათა შორის: რათა ერი მისი ქრისტიანე იყოს მოძულე ცოდვისა მის სოდომელთა, რომელმანცა წარწყმიდნა ბაბილონი და რომელმანცა დაუკარგა მეფობა სომეხთა. თამარისაცა დროსა სძაგდენ იგინი ქართველთა. ამისთვის ჰგონებდენ ერთობითა სარწმუნოებისა, მოეყვანათ სულისა ერთობასაცა ქართველთა თანა.

ჰაზრსა ამას გამოხატავს მოლექსე დედოფლისა თამარისა შავთელი... ოდეს იტყვის:

სომეხთა მეფენი, მტერთ სისხლ-მჩქეფენი,
ღმერთმან არ ღირს-ჰყო უფლებათასა.

(მ უ ხ ლ ი 85) _ (თავი LXXXV).

მეფის ძე გიორგი ხშირად იტყოდა ორგულობითა მოქცევასა ყორღანაშვილისაგან, აღწერილსა ვახუშტისაგან, მწუხარისა ხმითა მოუთხრობდა, ვითარ განსცა მან მეფე სვიმონ და შთააგდო თურქთა ტყვეობასა, და ვითარცა მემკვიდრემან მისმან ამოწყვიტა ყოვლადი გვარი ყორღანაშვილთა დიდით მცირემდინ, და ვითარცა ერთისა ყრმისაგან, ძიძასთან გაბარებულისა, კვალად გაბევრდა გვარი ყორღანაშვილთა. ყორღანაშვილისა მილახვრისა გამო დარეჯან დედოფლისა იტყოდა შემდეგსა:

გაიგონე რა გიამბო! დღესა ერთსა გროვამან ათასმან მგელთა მშიერთა, ვერ ჰპოვა საზრდელი. ერთმან მათგანმან ჰპოვა მძორი მინდორსა. _ წარვიდა და აცნობა შეშინებულთა მგელთა და ფრთხილთა გაგზავნეს ერთი გამბედავი თვისაგან აცნობოს რა არის ეს მძოვრი მყრალი უმაგალითოთ, უჩვეულო მათდა. მისულმან მგელმან იხილა მძორი, დასუნა და ნახა მძორი კაცისა მყრალი; უკუმოიქცა და უამბო: ეს მძორი ყორღანაშვილისა არისო. გაექცნენ მგელნი და მოერიდენ მძორსა ცუდსა. _ (თავი LXXXVI).

სომეხთა შეაწერდა ხარჯსა ოდესმე მძიმედ; და ოდეს გაახსენებდენ შეუძლებლობასა მათსა, მაშინ ეტყოდა: გაიგონე რა გიამბო! სომეხსა შეარჩინე ერთი ბისტი; ერთს თვეზედ გახდის ერთ თუმნად. ერთსა ბისტსა! _ როგორ? ბატონო მეფეო? _ ჩვენვე, _ იტყოდა მეფე, მოგვატყუებს და ჩვენითვე გამდიდრდება. _ (თავი LXXXVII).

ვითარცა მართლმადიდებლობისა მოყვარე, ერთობისათვის ეკკლესიისა, მრავლად მეცადინებდა მათსა მოქცევასა. არა სძაგდა ეკკლესია მათი, არცა წესი მათისა ეკკლესიისა, არცა ხმა მათისა გალობისა, _ მოქცევა მათი, საჭიროა, ეტყოდა რუსეთისაცა ელჩსა კოვალენსკისა, ქვეყანისათვის. ადვილად გამცემი ქვეყანისა სომეხი, ერთს გროშზე ჰყიდის მეფესა და მეფობასა. აქა და სხვათაცა ქვეყანაში არა აქვს რა შესატკივარი გულისა, არცა კოშკი მამა-პაპათა, არცა ციხე ძველი, არცა ხმალი წინაპართა, არცა დროშა, არცა მატური მეფეთა. _ დღესცა მოსაცთუნებელად სპარსთა და თურქთა, სადაცა არიან განბნეულნი მათნი სომეხნივე, _ მარადის მოვისყიდით ჯაშუშად სომეხთა მუნებურთა, და თვით სპარსნი და თურქნი მოისყიდიან ჩემთა სომეხთა. ასეა მათი ბუნება. დიდად სავნოა ჩემისა სამეფოსათვის თესლი ესე განბნეული და მოშორებული ჩვენგან სარწმუნოებითა, ენითა, ზნეობითა და უცხოჲთა ნათესაობითა. _ ვითარცა ვაჭარნი, საჭირონი არიან, და ვითარცა ქვეყნისა მცხოვრებნი, დიდად საშიშნი და მოსარიდებელნი: არა მეომარნი, მხდალნი და მაყურებელნი სასწორისა, სადა და ოდეს დაედევნენ და ვისა მიმართონ: ოსმალოსა ანუ ყიზილბაშსა. თვით უპატივცემულესი მათ შორის ჩემსა კარზედ, პატივსცემს ფულსა და გამოსარჩენსა, ეს არის მათი ღმერთი და მას თაყვანსა სცემს. ეკკლესია სომეხთა არის დანახეთქი რაიმე ძველად დაწყობილისა შენობისა; ნეშტი გოდლისა დაცემულისა, რომელიცა ჯერეთ არ იყო შესრულებული, _ დროთა მათ ოდეს სომეხნი განვარდნენ ერთობისაგან მართლმადიდებლობისა, ე. ი. რომაელთა და ბერძენთა ანუ აღმოსავლეთსა და დასავლეთსა, _ დიდნი ეკკლესიისა სვეტნი ვასილი დიდი, იოანე ოქროპირი, გრიგორი ღვთისმეტყველი და სხვანი აწყობდენ ეკკლესიასა 318 წლიდამ განთავისუფლებულსა დევნისაგან იმპერატორთა და წარმართთაგან. _ ეკკლესიასა მიეცემოდა წესი და რიგი, მშვენიერება და სამკაული შენობათა გარე და შინაგან; მოიძიებდენ ძველად მოციქულთა დროთაგან მიღებულთა კანონთა და მცნებათა დღესასწულთათვის; აღიწერებოდენ მოთხრობანი მოწამეთა და ღირსთა და სხვანი. _ ესე ყოველ იყო მიზეზი, რომელ სომეხთა ეკკლესია დაშთენილი გარე ერთობისა დიდ ეკლესიათა თანა ზღუდისა, ვითარცა შვილი უძღები, ჰრბის ველსა ბრმად და უპატრონოდ; _ უპყრია წესდება ძველისა დაფუძნებულისა, დაუწესებელისა ჯერეთ ეკკლესიისა, ე. ი. შობა და ნათლისღება დღესა ერთსა, მარხვათა დღენი ნებსითნი და მოვალეობითნი; და ბეჭედი მღვდლმთავართა ხელთა ზედა, ვითარცა აქვნდათ არიოზელთა ოდესმე; უცომოთა ზედა შეწირვა, სამწმინდაობისა გალობასა ზედა დამატება: „რომელი ჯვარს ეცვა ჩვენთვის პეტრე მკაწვრალისა (ფულლონისა)“; ლიტურღია არცა ვასილისა, არცა ოქროპირისა, არცა გრიგორისა ღვთისმეტყველისა; დიდსა შაბათსა განხსნილება თევზითა და ერბოთი, ერთის სიტყვითა არღა ესმათ ხმა და სწავლა აღსარებათა, რომლითაცა დაფუძნდა ეკკლესია მსოფლიო, ე. ი. აღმოსავლეთისა და დასავლეთისა.

განშორებულმან ქრისტიანობისა დედა ქალაქთა, _ რომსა, კონსტანტინოპოლეს, ანტიოქიას, ალექსანდრიას და იერუსალიმსა, _ სომხითმა არღა ისმინა რამე, და ვითრცა ყრუ, დაშთა ბრმად მჯდომი შორის ორთა სამეფოთა სპარსეთისა და საქართველოჲსა. შემდეგ განბნეულმან პირსა ქვეყანისასა, ვითარცა ახალთა ისრაილთა, არღა რა მიიღეს მათი და მხოლოდ დროთი დროდ დასუსტებისა გამო თვით საბერძნეთისა, _ წარიტაცეს ლათინთა მისირში, ლიბანსა, ტურციასა და თვით ევროპიისა ნაწილებშიაც, სადაცა იგინი შეიხიზნეს პაპისა მოსავთა.

დღესაცა ჰგალობს შარაკანთა შინა თვისთა, ე. ი. საგალობელთა გიობასა და შეურაცხებასა ხალკიდონისა კრებისა კანონთა; _ უწოდებს მათ მგელთა ხროვად, ფლავიანეს მოწამესა ჰგონებს მწვალებელად; ადიდებს და აღიარებს წმინდანად დიოსკორესა და ევტიქისა და რად? თვით სომეხთა ეკკლესიამან არა უწყის. მაგინებელი ხალკიდონისა კრებისა, აღიარებს სწავლათა და დოღმატთა, მუნ დამტკიცებულთა; აღმსარებელი წმინდანად დიოსკორესა და ევტიქისა, _ არა აღიარებს დღეს მათთა წვალებათა, რომელთათვისცა განიდევნენ იგინი და შეჩვენდნენ. _ ესე ვითარნი უწესობანი აქვს სომეხთა ეკკლესიასა, _ ობლად, გარედ დაშთენილსა და მტერთაგან შინაგანთა (ნახევარ სომეხთა, ე. ი. გაფრანგებულთა) და გარეგანთაგან დაჩაგრულსა და დაცინებულსა სიმცირისა გამო სარწმუნობისა მათისა აღმსარებელთა. თვით რიცხვი ესე არის განბნეული, მიფანტული სხვათა და სხვათა ქვეყანისა კერძოთა, არა მექონი მამულისა და დედაქალაქისა; არცა კათედრის ერთობისა. სხვა არის კათოლიკოსი ეჩმიაწინისა, სხვა არის კონსტანტინოპოლისა და სხვა მისირისა ადგილთა, რომელნიცა ერთი მეორესა არა მორჩილებენ და არცა ვისგანმე დამოეკიდებიან. კატეხიზმოცა ანუ სისტემაცა ღვთისმეტყველებისა მათისა ეკკლესიისა, არს კათოლიკეთაგან შედგენილი რომისა ეკკლესიისა წესდებითა, და საკუთარი რაიცა აქვსთ, ანუ რუსთაგან შედგენილი, ანუ არა სრულიად და ნათლად გამომეძიებელი მათთა დოღმატთა. _ (თავი LXXXVIII).

თთვეში ერთგზის უყვარდა აბანოში მისვლა, სახელდობრ სიონის აბანოსა, რომელსაცა მაშინ ეწოდებოდა სამშაბათისა, _ რადგანაცა დედაკაცთათვის იყო დღე ესე დანიშნული. _ მოემზადებოდნენ დიდისა მზადებითა და ჩრდილოეთის მხრით პატარა აუზი დღედმდე მყოფი, იყო მისთვის დანიშნული. _ ბანვისა დროსა ერთსა საათსა განატარებდა დუმილისა ლოცვითა დედისადმი ღვთისა, რომლისადცა იყო ძველად მეფეთაგან შეწირული. მეაბანოე თათარი მამადი, დღესაცა ცოცხალი 98 წლისა, ახლდა მას და უყვარდა მეფესა ალერსითა მასთან თათრულად საუბარი.

აბანოსა შემდგომად, ჩაცმულსა მეფეს მიერთმეოდა შაქრიანი წყალ-ღვინო; ეს სიყრმითგანვე აქვნდა მას ჩვეულებად და ბრძანებდა: „ნადირ-შაჰ-ყაენმა ასწავლა ესე პაპასა ჩემსა თეიმურაზსა და მე მისგან მაქვს გაგონილიო“. ესრეთ იტყოდა მამადი, მადიდებელი მეფისა და კურთხვით მომხსენებელი მისი.

მეფობისა პირველსა ორსა წელიწადსა მიბრძანდებოდა აბანოსა ცხენითა და მესამესა წელსა, ვითარცა სნეულსა მიიყვანდნენ ტახტრევანითა. ტახტრევანითავე მიბრძანდებოდა ხარებისა ეკკლესიასა, სადაცა ხშირად უყვარდა მოსმენა წირვისა და თაყვანისცემა და ჭვრეტა წმინდისა ხარებისა ხატისა, _ რომისა ქალაქსა ნახატსა, და მუნით მოსვენებულსა ტაძრისა ხატად თფილისსა ლათინთა ეკკლესიისა. ხატსა ამას ეწერა ქვემოთ ლათინურად წელიწადი ეკკლესიისა მის აღშენებისა და გამოძიებით დღესაცა დაშთენილისა ქვასა ზედა წარწერითა სჩანს 1714 წელი (9). _ (თავი XLVI).

ჯერეთ მეფისა ირაკლისავე დროსა 1787 წელსა კათოლიკოსმან ანტონი მეორემან რჩევითა და საზოგადოჲსა ბერთა და მღვდელთა თხოვითა, ინება შეგროება, განხილვა და დამოწმება გრამატათა და ოქმებთა დაძველებულთა. ტრიფილე არქიმანდრიტი, ისაკ მწერალი და მწიგნობარი სიონისა საკათედროისა თფილისისა ტაძრისა, სოლომონ დეკანოზი ანჩისხატისა და მამა მისი ალექსი დაინიშნენ განსახილველად პირველად მცხეთის ეკკლესიისა გუჯრებისა. _ ძველნი და დროთაგან გამქრალისა მელნითა ნაწერნი და ძნიად წარსაკითხნი შეწირულობათა ყმისა და მამულისა გუჯარნი, წარიკითხეს და გარდაწერეს კერძო წიგნად ხუცურად, უმეტნაკლებოდ და გარკვევით. კათოლიკოსმან ანტონი მიართვა ესე მამასა თვისსა და სთხოვა ინებოს და განსაახლებელად დაძველებულთა ასვას თვითეულსა სამეფო თვისი ბეჭედი. მეფემან ირაკლი, განმხილველმან წიგნისა ამის, არა ინება დამტკიცება მათი ბეჭდითა თვისითა: მრავალი მათთაგანთა გუჯრებთა ყმანი და მამულნი დროთი დროდ ანუ იყვნენ სხვათადმი გარდაცემულნი, ანუ სრულიად დაკარგულნი და სხვათა მფლობელობაში შესულნი, ხოლო სხვანი საიჭონი და სადაოდ მისაღებელნი დასაცხრომელად კათოლიკოსისა თხოვათა, ბრძანა სახალხოდ და ყოველთათვის გასაგონად: „როგორც ყორანსა არა დავამტკიცებ, ისე ამათ ბეჭედსა ჩემსა არა დაუსვამ“. ესრეთ დაშთა მიუღებელად და შეუწყნარებელად წიგნი ესე, რომელსაცა უწოდეს სახელად და დღესაც ეწოდების: „რაორტაგი“ (სომხურისა ენისა ლექსითა). კათოლიკოსმან ანტონი განუმეორა თხოვა ესე მეფესა გიორგის ძმასა თვისსა. მეფემან უბრძანა დაუტეოს მას წიგნი იგი წარსაკითხავად. მამაჩემი ეგნატი, მიწოდებული მეფისაგან, სამსა დღესა უკითხავდა მას და დიდის ყურისგდებითა მოისმენდა ძველთა წერილთა. 300-დმდე მათგანი წარუკითხა მეფეს და ბრძანა: „მიერთოს ბატონსა კათოლიკოსსა და მოხსენდეს, რომ კურთხეულისა მამისა ჩემისა სწორესა ჰაზრსა ამა წიგნზედ მე ვერ შევსცვლი და ნურცა ეწყინება, რომ ბეჭედს ჩემსა ვერ იხილავენ წიგნისა ამისა მუხლნი“.

ესრეთ დაბოლოვდა მეცადინება კეთილი თავით თვისით კათოლიკოსისა, შეკრებისათვის ერთად გრამატათა და გუჯართა, გარნა უაზრო და სავნოდ მართლად დავათა გამო, რომელნიცა აღდგებოდენ, უკეთუ დამტკიცდებოდა წიგნი ესე. _ (თავი LIX).

ამასვე დროსა პატრმან დამიანე ანკონელმან, მოსრულმან რომითა თფილისად, მიართვა მეფესა წერილი პაპისა პიოს მეექვსისა. წერილითა ამით სთხოვდა პაპა მაგალითისამებრ მამის მისისა გარდაცვალებულისა, აქვნდეს მფარველობა მღვდელთა ზედა გამოგზავნილთა მოციქულთა ქალაქიდამ საქართველოს. სწერდა მადლობასა პატივისცემისათვის მათისა კათოლიკეთა სამწყსოჲსა და ეკკლესიისა განმგეთა. ლათინთა ზედა ენასა დაწერილი ეპისტოლე ანუ ბულლა გარდმოიღეს ქართულად ექიმმან რომში აღზრდილმან კათოლიკემან სომეხთა გვარისა შარიმანაშვილმან (10), რომელიცა მოკვდა თფილისსა 1836 წელსა. წერილი ესე ნამდვილი და თარგმნილიცა ქართულად აქვნდა დავით თუმანიშვილსა, ეგნატი თუმანიშვილისა ძმასა (გარდაიცვალა 1832 წ.). ვის დაშთა იგი არა ვუწყი.

იოანე ყარაევმან კათოლიკემან ექიმმან მეფისა გიორგისა, მომითხრო ამბავი ესე და სთქვა: „დიდად იამა მეფესა წერილი პაპისაო, და იკითხა, რატომ არ იციან ხატითა ანუ ჯვარითა დალოცვაო. თუმცა არა ვარ პაპისა სარწმუნოებისა, გარნა ვარ მეფე ქრისტიანეო და თვით პაპა არის მღვდელმთავარიო. რიგია იცოდეს მეფეთა პატივიო“.

პატრი დამიანე, მომრთმევი წერილისა შეწუხდა მეტად ესრეთითა სიტყვათა გამო. მაშინ მეფემან განამხნო და ბრძანა ნუგეშად პატრისა აცნობონ თვისსა ენაზედ პატრსა, რომელ მეფესა დიდათ ეყოლები პატივითა და სიყვარულითა. „არა ვარ თქვენისა სარწმუნოებისა, _ ბრძანა მეფემან, _ ვარ ო რ თ ო დ ო ქ ს ი (ხშირად ხმარობდა ლექსსა ამას ბერძულსა, რომელიცა ნიშნავს „მართლ-მადიდებელსა“). გარნა მიყვარან პატრნი სიწმინდითისა მათისა ცხოვრებისათვის, გულისა კეთილისა ქონვისათვის, ქველის მოქმედებათათვის, რომელსაცა იქონიებენ გლახაკთა, ობოლთა და სნეულთა მზრუნველობისათვის. _ ჩემო პატრო, იყავ განსვენებით, დაახლოებით ჩემისა კარისა, შემიწიე თუ საჭიროება რაიმე გაქვნდეს“.

განმხიარულებული პატრი წარვიდა სახლად თვისსა და შემდგომად გარდაცვალებისა მისისა, მწუხარე და კურთხევითა მომხსენებელი მეფისა, 1801 წელსა თვითცა გარდაიცვალა ქ. თფილისსა.

მისსა მოადგილედ დაშთა პატრი ფილიპე, კაცი მაღლისა სათნოებისა და აღმაშენებელი ლათინთა ეკკლესიისა თფილისსა და დამაფუძნებელი სასწავლებელისა ყრმათათვის ფრანგთა, სასტუმროჲსა სახლისა, _ შესაწყნარებელად უცხოთა კაცთა და სასნეულოჲსა, _ საკურნებელად სნეულთა უპოვართა. 1859 წელსა გარდაიცვალა 77 წლისა და დასაფლავდა აღშენებულსა მისგანვე მცირესა ქვა-კუთხიანსა ეკკლესიასა ზოგადსა ფრანგთათვის სასაფლაოსა სოლოლაკის მთისაკენ მშვენირსა და თვალსაჩენსა ადგილსა. _ (თავი CXXXII).

ამბოხთა დიდთა დამაცხრობელი მეფე, არა დასცხრებოდა მიწერ-მოწერითა ყოველგან. დესპანსა თვისსა თავადს გარსევან ჭავჭავაძეს უბრძანა წერილითა აცნობებდეს მხოლოდ მას და არა სხვათა მოქმედებათა თვისთა რუსეთისა კარზედ. აჰა ერთი ესე ვითართა წერილთაგანი საცნობელად რუსეთისა გარემოებათათვის სპარსთისა მხრით.

„მის ბრწყინვალებას თავადს, ჩვენს სარწმუნო მეგობარს.

როდესაც ჩვენს სჯულიერს სამეფო ტახტზედ ავედით, მაშინვე მაგათს დიდებულებასაც მოვახსენეთ და უგანათლებულესს კნიაზსაც (11) და შენც მოგწერეთ და ბრწყინვალეს ღრაფს ღუდოვიჩს გამოვუგზავნეთ ლინიაზედ, მაგრამ იქ აღარ ბრძანებულიყო და არ ვიცით ის წერილები რა იქმნა. და შემდგომად მისა კვალად მაგათ დიდებულებასაც მოვახსენეთ და უგანათლებულესს კნიაზსაც და შენც მოგწერეთ და ჩვენს შვილს დავითთანაც გამოვაგზავნეთ წიგნები და გზაზედ ასცდენოდა ისიცა და არ ვიცით რა იქნა (12). ახლა ამას გწერთ კიდევ და აქაური ამბავიც ასე სცან, რომ ბაბახანის ბიძა სულეიმან სარდარი თავრიზს მოვიდა და თვითონ ბაბახანცა წამოსულა ზემოთ ადრი ბეჟანისაკენ და იმისი კაციც ჩვენთან გამოგზვნილი ნასახჩიბაში თფილის ქალაქში მოვიდა და დღეს რომ ამ თვის კზ (27), კვირა დღე არის კაცნი გავგზავნეთ, დავიბარეთ ქიზიყს, ჩვენც იქ ჩავალთ და ვნახავთ ამას და რაც ამბავი იქნება იმის სრულის ამბავითაც და სხვა ამბავითაც შენს მოყვარეს კნიაზ ავალოვს (13) გიორგის გამოვისტუმრებთ მსწრაფლის სიარულით და ყველას მაშინ სცნობთ და თქვენი ღონისძიება რაც არის, ეხლავ უნდა ეცადოთ. გ ი ო რ გ ი“ (14). _ (თავი LVIII).

გამეფებისა შემდგომად მეფესა მოერთვა წერილი რუსეთით გარსევან ჭავჭავაძისა. წერილითა ამით აცნობებს სამეფოჲსა რეგალიათა წარმოვლენასა იმპერატორისა პავლესაგან. მაშინ მეფემან მისწერა მას გარსევანს შემდეგი წერილი:

„ბრწყინვალეო თავადო მანდატურთ-უხუცესო გარსევან!

შენის ბრწყინვალებისაგან მოწერილი წიგნი მოგვივიდა და რომელიც უმაღლესის კარიდამ ჩვენზედ მოსასვლელი მოწყალებაები გიბრძანებდა, ყოველივე შენის წერილით ვსცანით და შემდგომი რაც მაგათის დიდებულების წინაშე ჩვენი მოხსენება არის, ყოველივე წერილით მოგვიხსენებია და შენთვისაც თითოეულად მოგვიწერია და რომელიც შენს წინაპართა და შენს აქამომდე ნამსახურობასა და ერთგულებასა შეეფერებოდეს, ყოველს საქმეზედ ასე გაისარჯე ჩვენთვისა და ქვეყანისა ჩვენისათვის და მოიმედენიც ასე ვართ, რომ რასაც აქამომდე გარჯილხარ ჩვენის ერთგულობისა და შენის მშობლის ქვეყნისათვის, ახლა ერთისა წილ ათას წილ გაირჯები. ვიცით, რომ ყოვლის სასიკეთოსა და ჩვენისა და ჩვენის ქვეყნის წარსამატებელს საქმეს ეცდები. ამაზედ ჩვენგან განმხნობა აღარ გეჭირება და ახლა დაუყოვნებლად სისრულეს ეცდები და ყოველსავე საქმისა სრულსა პასუხს ადრე გვაცნობებ და შემდგომად ყოვლისავე შენის მშვიდობის ამბავსაც.

მ ე ფ ე ს რ უ ლ ი ა დ ქ ა რ თ ლ ი ს ა დ ა
კ ა ხ ე თ ი ს ა დ ა ს ხ ვ ა თ ა გ ი ო რ გ ი

ოკტონბრის ია (11)
წელს ჩღჟჱ (1798)
თელავს. _ (თავი LXIII).

სცნო პეტერბურღსა იმპერატორმან პავლე აღსვლა საქართველოჲსა ტახტსა ზედა მეფისა გიორგისა. გარსევან ჭავჭავაძემან აუწყა მინისტრსა, რომელ გვირგვინი სამეფო, ბოძებული იმპერატრიცისა ეკატერინა მეორისაგან ირაკლისადმი, დაიკარგა თფილისისა გაოხრებისა დროსა სპარსთაგან. მაშინ ბრძანა იმპერატორმან პავლე უქმნან სხვა გვირგვინი და წარმოუვლინეს კოვალენსკისა (15) ხელითა და თვით ჭავჭავაძისა თან მოსვლითა თფილისს სამეფონი ნიშანნი. აჰა წერილიცა ვიკტორ კოჩუბეისა მეფისადმი 22 აპრილს 1799 წელსა წარმოგზავნილი.

„უგანათლებულესო მეფეო
ჩემო პატივ-საცემო კეთილმოსურნევ!

განსაკუთრებითითა სიამოვნითა ვჰგზავნი უმაღლესობისადმი თქვენისა ყოვლად უმაღლესსა მისის იმპერატორებითის დიდებულებისა, ჩემისა ყოვლად მოწყალისა ხელმწიფისა გრამატასა სხვათა თანა ინვესტიტურისა ნიშნებითა დასამყარებელად თქვენისა ტახტსა ზედა სამეფოსა და შემდეგ თქვენსა უგანათლებულესისა მემკვიდრისა თქვენისა. ნიშანნი ესენი მოერთმევათ უმაღლესობასა თქვენსა დანიშნულისა კარსა ზედა თქვენსა მინისტრისა მიერ მისის იმპერატორებითის დიდებულებისა უფლისა სტატსკის სოვეტნიკის კოვალენსკისა, რომლისა დასწრებითა აღსრულდება ყოველივე სიწმინდით წესდება მეფობასა ზედა დამტკიცებისა. მასთანავე ერთად მომგზავრობს სრულისა უფლებისა მექონი მინისტრი თქვენი თავადი გარსევან ჭავჭავაძე, რომელმანცა ისურვა, რათა იქმნეს თანაზიარი ესრეთისა მხიარულებითისა თქვენთვის შემთხვევისა. ამასთან მოვალეობად ჩემდა მივიღებ, წერილთა გამო თქვენთა მისის უგანათლებულებისადმი განსველებულისა კანცლერისა კნიაზის ბეზბოროდკოსადმი, მოგერთვათ პასუხი, რომელ ყოველთა თხოვათა თქვენთა ზედა სიკვდილადმდე თვისისა გამოითხოვა მისის იმპერატორებითის დიდებულებისა კეთილნებობა. ამათ გამო ეცნობაცა ნოტა მინისტრსა თქვენსა და მე არღა ვრაცხ საჭიროდ განვამეორო. გულისა სიწრფელითა მოგილოცავ თქვენო უმაღლესობავ, მიღებისა გამო მათ, მისის დიდებულების ყოვლად მოწყალისა ხელმწიფისა მოწყალებითა, გარწმუნებ, რომელ განსაკუთრებითისა მისის დიდებულებისა თქვენდამი განწყობილებისა გამო შემდეგცა არა მოაკლდებით მოწყალებათა. დასამტკიცებელად ამისა საჭიროდ ვხედავ მოვახსენო უმაღლესობასა თქვენსა წარმოდგენითა, რათა არა განაგრძობდეთ შემდეგთა დროთათვის თქვენ მიერსა პირად მიწერ-მოწერათა მესამზღვრეთა მეზობელთა ზედა დადგინებულთა მოხელეთადმი, მისი იმოერატორებითი დიდებულება მოანდობს თქვენსა ნებასა, უფრორე ამისთვის, რომელ ყოველნივე მიწერ-მოწერანი თქვენნი შეიძლება იქმნებოდეს მინისტრისა მიერ მისის დიდებულებისა, რომელიცა იმყოფება თქვენთან. _ უკანასკნელ სურვილითა ვმოწმობ საუწყებელად თქვენისა უმაღლესობისა, რომელ დესპანი თქვენი კნიაზი გარსევან ჭავჭავაძე ყოველსავე დროსა ყოფნისა მისისა აქა, იქცეოდა სახითა მით, რომლისათვისცა მისის იმპერატორისა დიდებულებისა იქმნა ღირსი პატივისცემისა ამასთან დამმატებელი სიისა, ნივთთა წარმოვლენილთა მისის იმპერატორებითისა დიდებულებისა ბრძანებითა _ ვჰგიე უმაღლესობისა თქვენისა მარადის კეთილმოსურნე და მზა მსახურებისა.

ღრაფი ვ ი კ ტ ო რ კ ო ჩ უ ბ ე ი
ს-პეტერბურღით,
აპრილსა 22 დღესა,
1799 წელსა.

აგვისტოსა 10-ს 1799 წელსა, შემოვიდნენ თფილისს კოვალენსკი და თვით გარსევან ჭავჭავაძე; წარდგნენ წინაშე მეფისა, მიულოცეს წყალობაები და დანიშნეს დღე დაფიცებისა და წყალობითა გამოცხადებისა 1 დეკემბერი..... _ (პირველი ნახვარი თავისა LXX).

მფარველობა რუსეთისა, 1783 წლიდან დამტკიცებული ტრქტატითა, აქვნდა იმედათ პირისპირ სპარსთა. ამისთვის სწერდა წერილთა ელჩსა თვისსა გარსევან ჭავჭავაძეს და მით არწმუნებდა რუსეთსა თვისსა ერთგულებასა. გარსევან ჭავჭავაძე, სათნო და საიმედო მეფისა ირაკლისა, იყო ერთგულად მიჩნეული მეფისა გიორგისაგანცა. სძულობდენ მას მეშურნეობით რავდენნიმე პირნი კარისკაცნი; გარნა ვერ გაბედავდნენ მეფესთან რასმე მასზედ უშვერისა თქმასა. ელიაზარ ფალავანდოვსა სურდა დანიშნულიყო ნაცვლად მისა რუსეთისა კარზედ; მოახსენეს ესე მეფესა და დიდად შორს დაიჭირა. ერთგულობასა ზედა გარსევანისსა სრულიად იყო მეფე დარწმუნებული. და მისისა შვილისა ალექსანდრესაგან ვიცი არა ერთგზის თქმულად, რომელ მამაჩემი გარსევან იყოო შემადგენელი ტრაქტატისა მის, რომლითაცა შეეკრა რუსეთსა მეფე გიორგი 1799 წელსა. „მამასა ჩემსო, _ მეტყოდა ალექსანდრე, _ სძაგდენ მეფისა ძმანიო, და თუმცა არ უყვარდა მეფე გიორგი, სუსტად დროთა ამათთვის გასაჭირთა საგონებელი ძმათაგან, გარნა დიდად ესვიდა, ვითარცა კაცსა სვინიდისიანსა, ქვეყნისათვის მზრუნველსა და გონიერსა ჰაზრითა და მოქმედებითა. ორმოცამდინ მეფის წერილი, რომელნიცა აქვნდა ალექსანდრეს, მიწერილი მამისა მისისადმი, დიდად მოწმობენ მეფის გონიერებასა და სამეფოჲსა თვისისა დაწყებასა და განმგეობასა“. წერილნი ესენი არღარა არიან შემდგომად აოხრებისა წინანდალს მისისა სახლისა ლეკთაგან, რომელთაცა 1855 წელსა დაუწვეს სახლი და წარასხეს სახლობა ჭავჭავაძისა დავითისა, ძისა მის ალექსანდრესსა. ავალიშვილი გიორგი, ცოლის ძმა გარსევან ჭავჭავაძისა, ხშირად განმხნევდებოდა მეფისaგან, რათა ჰპატრონობდეს მისსა სამკვიდრებელსა კახეთსა დროდმდე შესრულებისა საქმეთა რუსეთისა თანა. მეფემან დღესა ერთსა უბრძანა ავალიშვილსა: „ეცადე, იყო ერთგულად სიძისა შენისა გარსევანისაო, შემიწიე მეცა და ნუ დამზოგავ, თუ ვიქმნები საჭირო შენთვის. გარსევან ჩვენთვის ჭირნახულობს რუსეთში და ჩვენ მისთვის ვიჭირნახულოთ აქა. იმას იქ არა უჭირს რა. შვილი მისი ალექსანდრე, ნათლული იმპერატრიცა ეკატერინასი და კეთილად აღზრდილი, შვილია ჩემიცა და გამოსადეგი ქვეყნისათვის. მოუწერია, ვგზავნიო საქართველოდ, დიდად მიამება მისი ნახვა“. _ ეს ამბავი მიამბო თვით გიორგი ავალიშვილმან მოსკოვს. იყო მეგობარი მამისა ჩემისა, და აქვნდა მასთან მიწერ-მოწერა სიკვდილადმდე და იამა ჩემი ნახვა, ჩემთან საუბარი და გაცნობა. იყო თვით მწერალი და გადმომღები რუსულით ქართულად წიგნთა მრავალთა. ამავე დროსა ვნახე პირველად და უკანასკნელად მასთან სანახავად შემოსულნი _ გიორგი ალექსანდრეს ძე გრუზინსკი, რომელმანცა მიართვა ჯვარი წმინდის ნინასი იმპერატორსა პავლეს (ალექსანდრეს) და კონსტანტინე ბატონიშვილი, ძე იმერთა მეფისა დავითისა, _ მეფისა ირაკლისაგან იმერეთით განდევნილისა. _ (თავი XC).

მოუთმენლად ელოდა მეფე გარსევანისა წერილთა მეფე გიორგი, _ იტყოდა დავით მიმბაში თარხნიშვილი, _ როდესაც მოვიდოდა მისი წერილი, შეჰყრიდა მდივანბეგთა ეგნატი თუმანიშვილსა, თეიმურაზ ციციშვილსა და მდივანთა, რომელთა შორის იყო ესავ ბეგთაბეგიშვილი სომეხი და დიმტრი (ქართველი) თუმანიშვილი, მოლექსე, ესრეთმან მოლოდებითგან მარადის მეფისაგან, გარსევანის წერილთა მიღებასა, მიაწერდეს სხვანი მიუნდობელობას და შიშსა განცემითსა გარსევანისაგან. მეფე ფრთხილი და მღვიძარე საქმეთა შინა, არასა ჰგონებდა ცუდად ელჩისათვის თვისისა და ამისთვის ოდესმე დროთი-დროთ შეიყვანდა სირცხვილსა და კდემაში. გარსევანისა მტერთა სურდათ, მეფისა მიმალულთა წინააღმდეგთა, დაეშორებინათ გარსევან მეფისაგან, რომლისაცა გული ვერ გაიგრილეს მასზედ, ვერცა კარისკაცთა, ვერცა იმათა. ცუდად მისთვის მოსაუბრეთა, ვერც დედოფალმან დარეჯან, რომელიცა სწყალობდა მას წყალობათა გამო მეფისა ირაკლისა და ჰგონებდა, რომელ შერჩებოდა მას და შვილთა მისთა ერთგულად დროთა შფოთისა და ამბოხთა, რომლითაცა ამწარებდენ მეფესა გიორგის. გარსევან, უმეტეს გამოცდილი საქმეთა შინა, მეტისა მნახავი და უკეთ მზრახველი, იყო მტკიცედ და შეურყეველად თვისსა მოვალეობასა ზედა. ჰაზრი მისი იყო ემსახურნა მამულისათვის, ჰფიქრობდა მეფისათვის და დამშვიდებისათვის აღრეულთა ქართველთა. მოკლედ იცნობდა მეფის ძმათა და შვილთა; ოდესმე ასმენდა მათ და ამხილებდა. თვით დედოფალსა დარეჯანსა, მწყალობელსა თვისს, მოსწერა წერილი მკვახე სადამე შფოთთათვის დაუცხრომელთა და დიდად არა მოეწონა არცა ანდერძი მეფისა ირაკლისა, არცა მეცადინება თვით დედოფლისა, რათა აღვიდეს ტახტსა და მეფობდეს მაგალითისამებრ ეკატერინასსა. წერილისა ამის პირი თვით გარსევანმა წარუდგინა მეფესა და ოდეს სცნო ესე დედოფალმან, დიდად იწყინა და დააბრალა პირმოთნეობასა. მხლებელნი დედოფლისა ეცინოდნენ გარსევანსა, ჰყვედრიდენ მას და ოდესმე ურიგოდცა მოიხსენებდენ.

დრო და არქივი რუსეთისა გამოაჩენს, რაოდენ მაღლად იდგა გარსევან გონიერებითა და საქმითა სხვათა ზედა ქართველთა. რაჲცა მე ვიცი არქივისა საქმეთაგან, _ რომელთაცა მე, აღმწერელი მეფისა ცხოვრებისა, არა შევეხები _ ვიტყვი გარსევანისათვის, რომელ დროთა ამათ იყო სვეტად მტკიცედ მეფობისა, ერთგულად მეფისა და მამულისა. მგმობელი მის სცოდავს. _ (თავი XCI).

ოკდომბრის თთვესა სვეტიცხოვლობისა დღესასწაულისა გამო მიბრძანდა მეფე ქ. მცხეთას, ჩამოხდა ცხენიდამ და იხილა კაცი ცხენოსანი, რომელიცა მოაჭენებდა შორით მცხეთისაკენ. _ მოახსენეს მეფესა, მუხრან-ბატონი მობრძანდებაო. შემდგომ სხურებისა აიაზმისა შევიდა დიდსა ეკკლესისა და ხმითა მაღლითა წარმოსთქვა: „სვეტო ცხოველო! შენ მიაგე მტერთა ჩემთა; შენდა დამიცს ყოველი სასოება ჩემი“. _ იწყეს მწუხრი და შემდგომად მწუხრისა, _ მოვიდა კაცი და მოახსენეს: ცხენიდამ გადმოვარდა და გარდაიცვალა მუხრანის ბატონიო! _ შესწუხდნენ მეფე და კათოლიკოსი, დაიწერეს პირჯვარნი და ეკვირვებოდნენ ესრეთსა უეცარსა ამბავსა.

კაცთა მოსრულთა და მოამბეთა მოახსენეს: ფონთხელას რომ გამოსცილდა ბატონი იოანე მუხრანის ბატონი, დიძახეს მდევარიო. 50 კაცითა მხლებელითა გამოუდგნენ ლეკთა არაგვის პირზედ მიმალულთა და ოდეს მიახლოვდნენ, დაუწყეს თოფთა სროლა, უკუქცეულთა არაგვისაკენ მდინარისა გზითა. მაშინ დაბრუნებული მუხრანის ბატონი გადმოვარდა ცხენიდამ, წვეთითა ვნებული, და მსწრაფლ განუტევა სული. _ მუხრანის ბატონმა არა იცოდა მიბრძანება მეფისა და არცა ჰგონებდა ჯერეთ მეფისა ნახვასა, რომელიცა მას არა სწყალობდა. მან სცნო ესე უკუქცეულისა კაცისაგან, რომლიცა წინათ იყო გამოგზავნილი მოსამზადებელად ბინისა მისთვის მცხეთას. ზოგთა მიაწერეს ესე უეცარი და მოულოდებელი სიკვდილი ძლიერსა წყენასა, მოულოდინებელად მეფისა მიბრძნებისა გამო მცხეთას, ზოგთა მეფისაგან წყევითა წართქმულთა სიტყვასა და ზოგთა დაღალვასა დევნისა გამო ლეკთა დასისა და ვითარცა ბრგესა, სისხლ ჭარბსა კაცსა, მარადის ეშინოდის სადმე დამბლისა.

მასვე დროსა არღა მოასვენეს მცხეთას გვამი, წაასვენეს იგი მუხრანსა; თვით მეფემან მისწერა სამძიმრისა წერილი დასა თვისსა, მეუღლესა მისსა ქეთევანს და შემდგომად სამისა დღისა მოიტანეს გვამი და დაასაფლავეს მცხეთას, ვითარცა საძვალესა მათსა. მუხრანბატონობა უბოძა და დაუმტკიცა შვილსა მისსა კონსტანტინეს. _ (თავი XCIII).

შეწუხებული მეფე სამეფოსათვის დაუწყნარებელისა შინა შფოთთაგან და მტერთა ლეკთაგან გაქელვისაგან, _ ჰფიქრობდა და განიზრახვიდა რუსეთისადმი ქვეყნისა გარდაცემასა. პატრმან ნიკოლა, გვარით „რუტილიანო“ (ესე განაძიეს ქართლით მინისტრის ბრძანებითა 22 ნოემბ. 1801 წელსა), მოახსენა მეფესა: „ევროპიისა მეფეთა ვერ უძლებს სამეფო შენი ტკბილი. წესდება მათი და ჩვეულება იქმნება სამძიმო თქვენთვის. დამონებული სხვათაგან მეფობა არის უბედური და მარადის სამწუხარო. სხვათაგან დამოკიდებული ქვეყანა იქნება დაცინებული და საკიცხველი. უცხო ნათესავი პატრონად ქვეყანისა მოყვანილი, შეექმნება ერსა მტერად და მდევნელად, და მაწუხებელად. მამაშვილური მთავრობა მეფეთა, _ გარდაიქცევა მამინაცვლისა და დედინაცვლისა სახედ სიყვარულისა უგვანისა და ბუნებისაგან არაოდეს აღსაარებულისა. რუსნი შემოიტანენ პირველადვე მძიმესა უღელსა და დასდებენ ქვეყანისა კისერსა; მოითხოვენ დიდთა ხარკთა, რომელთაცა თქვენ ვერ შესძლებთ. მაშინ თქვნი მამულნი და ყმანი განიყიდებიან ბარაბანითა და მკვდარნი თქვენნი დაიმარხებიან მუზიკითა“ (დღესაცა სიტყვასა ამას, პატრისაგან თქმულსა, მოიგონებენ თფილისისა მცხოვრებნი, ოდეს მუზიკითა უძღვიან საფლავადმდე მიცვალებულთა).

„ _ ჩემო პატრო! _ უპასუხა მეფემან, _ დავსუსტდით, გაქრება ქრისტიანობა ურუსოთ. მეტად მოგვერია მტერი და რა მტერი? ქრისტესი. თუ არ მკლავი რუსთა ხელმწიფისა, ვერ ვინ დაიცვამს საქრისტიანოსა. მესმის სიმძიმე რუსთა ჩემზედ მბრძანებლობისა. რა ვქმნა? ვის მივმართო? რა პასუხი გავსცე ქრისტესა! ვერ წავიწყმედ სულსა. შევსწირავ ცოლ-შვილსა და შეუდგები ქრისტესა და ჯვარისა თაყვანისმცემელთა მოვიყვან მწედ ქვეყანისა. ესე იყო სურვილი ძველთა მამა-პაპათა ჩემთა; და ესე იყო ჰაზრი მამისა ჩემისა და მეც დავადგრები მასზედ. ჩემი პირობაები რუსეთისა მეფესთან, _ საკეთილონი არიან ქვეყანისათვის“.

მაშინ ათანასი ჯვარის მამამან, რომელიცა შემდეგ იქმნა პატრიარქად იერუსალიმისა, დასამატებელად პატრისა რჩევათა, ბრძანა მოიტანონ დაბადება და წარიკითხონ ისაია წინასწარმეტყველისა თავი 3 და იხილონ რას იტყვის ღმერთი წინასწარმეტყველისა პირითა ერისათვის, რომელიცა ესრეთ დამოეკიდება უცხოსა ნათესავისა უფლებასა. ეგნატი იოსელიანმან, ჯერეთ ერისკაცმან და მამამან ჩემმან წარიკითხა იგი:

„ეჰა მეფე უფალი საბაოთ მოსპოლავს იერუსალიმისაგან და იუდეასაგან ძალსა და მისაყრდნობელსა, პურისა ძალსა და წყალისა ძალსა, გმირსა და მძლეს კაცსა მბრძოლელსა, და მსაჯულსა, და მდიდარსა, და წინასწარმეტყველსა და მოაზრესა, და მოხუცებულსა, და ერგასის თავსა, და საჩინოსა თანამზრახველსა, და ბრძენსა ხუროთმოძღვარსა და გულის ხმიერსა მოძღვარსა მსმენელსა. დავადგენ ჭაბუკთა მთავრად მათთა, და ყრმათა უფლად მათთა... ყრმასა დავუდგენ, რათა ებრძოდეს მოხუცსა და დრკუსა მოწინააღმდეგედ კაცისა პატიონისა...

შეიპყრას კაცმან ძმა თვისი ანუ სახლეული მამისა თვისისა, მეტყველმან: შესამოსელი გაქვს, იყავ ჩვენდა წინამძღვრად და ჭამადი ჩემი განაგე, ვითარცა გენებოს. და პასუხად ჰრქვას დღეთა ამათ: არა ვიქმნები თქვენდა წინამძღვრად; არცა არს სახლსა ჩემსა პური, არცა სამოსელი, რამეთუ დატევებული იქმნა იერუსალიმი და იუდეა დაეცა, რამეთუ ენანი მათნი და ქცევა მათი არიან წინააღმდეგ უფლისა და აღაშფოთებენ ღვთისა დიდებისა თვალთა... ერო ჩემო, კაცნი რომელნიცა მთავრობენ შენზედა, გაცთუნებენ შენ, დაჰკარგვენ გზისა შენისა კვალთა... დროთა ამათ უფალი მოუღებს სამკულთა, და სარკეთა და შემოსავს საგლოველსა სამოსსა; მოხსნის სარტყელთა, მოხდის ქუდთა და ქაჩლად სახილველ-ჰყოფს თავისა მათისა თხემთა; განასწორებს მათ მიწასთან“... შეჰსწუხნა მეფე, ამოიოხრა და ბრძანა: „ღმერთო დაგვიფარე; ღმერთო დაგვიცევ; ღვთისა დედაო, ნუ მიგვცემ ჩვენ კაცობრივს განზრახვასა, არმედ წილხდომილთა შენთა გვექმენ პატრონი და მფარველი“.

ევთიმისა წინამძღვარსა და მოძღვარსა მოახსენეს ესე ამბავი. მოვიდა მონასტრიდამ და კვალად განამხნევებდა მეფესა, რათა არა სცვალოს ჰაზრი თვისი პირველი და მისცეს სამეფო რუსეთისა ხელმწიფეთა მფარველობასა. დამყარდა მეფე მისსა რჩევაზედ და სთქვა: „სხვა ბატონი არა გვყავს ჩვენ გარდა რუსთა ხელმწიფეთა“. _ (თავი XCIV).

შემდეგ გარდაცვალებისა მეფისა, რუსთა დაივიწყეს ევთიმი, ჰყვანდათ უპატიოდ და ვერცა დაიცვეს დევნათაგან, რომელნიცა აღუდგინეს მას ძმათა. გაგზავნილმან ჩინოვნიკმან საჩივართა გამო მასზედ, მრავლად საგიო და უპატიო ჰყო, სტუქსა უშვერად, მოიხსენა მწარედ და განაჩინა განშორება მისი წინამძღვრობისაგან უდაბნოჲსა. ევთიმი არა იგლოვდა ესრეთსა განჩინებასა. მოიხსენებდა პატრისა და ათანასის სიტყვათა და იტყოდა: „ჭეშმარიტად ღირსი არს მუშაკი სასყიდლისა; მომეგო მეც ჯერისაებრ. სოფელსა შინა მყოფსა, მომხვდა მე სოფლისა მათრახი, ღმერთო ჩემო! ნუ მიმცემ მე უმეტესსა სასჯელსა; მოქმედება ჩემი და მეცადინება რუსთა მოყვანისა არა იყო ორგულება ქვეყანისა“.

1844 წელსა ს.-პეტერბურღსა ყოფნასა ჩემსა მეფის ძემან ფარნაოზ, არა კმაყოფილმან, რომელ ვადიდე ჩემგან დაბეჭდილსა მუნ ისტორიასა ეკკლესიისა მეფე გიორგი, _ მიმცემი რუსეთისადმი საქართველოჲსა, მიბრძანა: ჩემო პლატონ, მეფე გიორგი და ძმა ჩემი არ არის საგიობელი შენგან. შენ ჰხადი მას გამცემელად ქვეყანისა. არა! იგი ვერ გასცემდა ქვეყანასა; ვერ განსყიდდა მას; ვერ შეექმნებოდა ორგული ტახტსა და სკიპტრასა. შეიმეცნე სიტყვანი ესე ჩემნი და თვით დაამატე, ვითარცა მეისტორიემან, ჰაზრი შენი. _ სიტყვათა ამათ ზედა მე ვსდუმნე: ვიხილე, რომელ მრისხანედ მიბრძანა ესე... _ (თავი XCV).

დროსა ამას ლეკთა აქვნდათ შეკრული ზედაძნის მთა ტყიანი. მეფემან მოუწოდა ქიზიყელნი, რათა მიუხდენ მუნ მთისა წვერსა და მოუშალონ მათ ბინა-სადგური მათი. 300 კაცი და ქიზიყისა მოურავი ზაქარია ენდრონიკაშვილი წარვიდენ და იხილს სიმაგრე მათი ციხესა და გალავანი კოშკიანსა ზედაძნისა ადრევე გუქმებულსა უდაბნოსა. სცნეს ესე ლეკთა 600 კაცთა მუნ მარადის დაბუდებულთა და გადმოუდგნენ ციხისა და გალავნებისა კერძოთაგან. ქიზიყელთა ვაჟკაცთა ვერ გაბედეს მისვლა იერიშითა: იყვნენ უცნობნი ადგილისა და არა ჰგონებდენ ესრეთ მიუვალად. სირცხვილეულნი უკუ იქცნენ და წარვიდენ თვის-თვისად. მაშინ შეწუხებულმან მეფემან ამოიოხრა და უბრძანა ზაალ გურმიშვილსა და მაყაშვილს ოხვრითა: „მეუბნებიან, ნუ მოიშველიებ რუსთაო!“

ეს მთა ზედაძნის არაგვისა პირსა ზედა დამყარებული პირისპირ მცხეთისა და ღართის-კარისა ანუ ძველად კანონიერად ქართლისა კარისა იყო კლდედ და კარად დაღესტანისა, და აქედამ დაეცემოდიან ლეკნი ღართის კარსა და დატაცებით ტყვეთა, _ განვლიდენ ქართლსა და ავიდოდნენ ახალციხეს. დაბრუნებულნი მუნით, აქავე მოვიდიან და დაბინავდებიან უშიშრად. _ ესრეთ მდგომარეობასა შინა იყო საქართველო დროთაგან მეფისა ვახტანგისა 1710-გან, როგორცა სჩანს წერილითგანცა, და ვიდრე 1817-დმდე. ამა წელიწდიდამ შეწყდა ლეკი და შევიდა თვისთა კლდეთა შინა და ხეობათა, სადაცა ეწია მას ძალი რუსეთისა და შემდგომად გრძელ-ჟამითისა ბრძოლისა დაამორჩილა და დაამშვიდა, დაიმონა და შეაერთა კვალად ქართველთა ვაჭრობითა, მათთანა მუშაკობითა და არს საიმედო, რომელ იქმს ერთობასაცა სარწმუნოებითსა დანერგვითა მათ შორის ქრისტიანობისა, გარე რომლისა არა არს არცა სარწმუნოება, არცა მოქალაქობა და არცა კაცობრიობა. _ (თავი L).

1799 წელსა მოვიდა ელჩი ყაენისა და წერილი მისი მეგობრული. სთხოვდა მეფესა _ არა დაარღვიოს კავშირი ძველთა საქართველოჲსა მეფეთა ერანის ყაენთანა, რათა არა დაივიწყოს წყალობაები, რომლითაცა სავსე იყო საქართველო, რათა რუსთა არა მიანდონ სვე და ბედი თვისი. ყაენი აღუთქმიდა მფარველობასა თვისსა საქართველოსა ვალისტანზედა, სარწმუნოებისა მათისა არა დევნასა, უფლებასა სახანოებთა ზედა ერევნისა, განჯისა და ყარაბაღისა, ვითარცა იყო მეფისა ირაკლისა დროსა, და უკეთუ ისაჭიროებს მეფე ჯარისაცა გამოგზავნასა 6000 კაცისა ყაენისა ხარჯითა დასაცველად გზათა, რომელნიცა აქვდენ სავლელად ლეკთა, ქვეყანისა ამაოხრებელთა. _ მეფემან მიიღო ელჩი პატივითა და მაშინვე მისწერა წერილი, რომლითაც დაუმალველად და გამოცხადებულად აღიარა საჭიროება ქვეყანისა დასაცველად მინდობით და მიმართვით რუსთა ხელმწიფისადმი. მისწერა მეფემან: „ირანი შეგვექმნა მდევნელად და მტერად ჩვენდა; დაივიწყა სისხლი მეფეთა ქართველთა ჯარისა დაღვრილისა ავგანისტანსა. ირანმან აღწყვიტა ერი და გააოხრა სამეფო ჩვენი. ირანმა აღძრა ლეკი ასაკლებად ჩვენდა. ერთიდაიგივე სარწმუნოება რუსთა ხელმწიფეთა თანა მაიმედებს ქვეყანისა დამშვიდებასა. დარღვევა მათთან კავშირისა, არ შემიძლიან და ვერცა შევირცხვენ პირსა და ვერც გავტეხავ სიტყვასა მიცემულსა. ყოველნივე სასულიერონი და საერონი გვამნი თხოულობენ რუსეთისა ხელმწიფისა მფარველობასა“.

პასუხითა ამით წერილითითა წარვიდა ელჩი. მაშინ ყაენმან მოსწერა წერილი ყარაბაღისა, განჯისა და შაქიშირვანისა ხანთა დასაპყრობად საქართველოჲსა იქონიონ მზად საგზალი და იყოლიონ ჯარი. მეფის ძე ალექსანდრე დროთა ამათ იყო თავრიზსა და იმედეულებდნენ შეწევნითა მისითა, შემოვიდნენ ქართლსა განჯისა გზითა და ფულითა ნაქირავნითა ლეკთა ჯარითა შემოვიდნენ კახეთსა, გარდააგდონ ტახტიდან მეფე გიორგი, შეუკრან და გაამაგრონ გზები რუსეთისა მხრით და გაამეფონ ალექსანდრე, ანუ უფროსი ძმა მისი იულონ. მეფის ძეს ახლდენ ქართველნი: ზაქარია ხერხეულიძე, ადამ ბებურიშვილი, როსტომ საგინაშვილი, თადია ჩოლაყაშვილი და სხვანი. ხანმან ყარაბაღისა აცნობა ესე მეფესა გიორგის და თვით მეფემან დამყარებულმან რუსთა იმედსა ზედა, არ მისცა პასუხი ხანსა, თუმცა მეგობარსა თვისსა. ჰუსეინ-ბეგი ყარაბაღისა, ელჩად გამოგზავნილი ევედრებოდა მეფესა, უბოძოს წერილი ხანსა და მეფე უბრძანებდა სიტყვითა: „რუსთა ჯარი ექვსის დღისა სავალზედ შორავს ჩემგან, დაბარება და მოსვლა მისი აქა ადვილია. ესრეთ აცნობე ხანსა. მე წერილსა ვერ მივწერ; არცა არის რიგი დაუკითხავად რუსთა ხელმწიფისა მქონდეს მიწერ-მოწერა. ზაკვითსა მოქმედებასა ინანებს ირანი, არ შერჩება ყაენთა თფილისისა აოხრება, და სისხლი მცხოვრებთა დაღვრილი აქა. ირანმან წაგვახდინა: რუსეთი გარდაუხდის მაგიერსა ირანსა“. უწერილოდ მისულმან ელჩმან რომელიცა მივიდა უწერილოდ მეფისაგან, განარისხა ხანი ყარაბაღისა და მოიყვანა განცვიფრებასა ესრეთი მეფისა მასთან მოქცევა. აცნობა ესეცა ყაენსა და აღუთქვა მზა ყოფნა თვისი შეერთებისათვის მისისა ყაენისა ჯართან შესასვლელად საქართველოსა და დასასჯელად გაამაყებულისა მეფისა. ორისა თთვისა შემდეგ, სცნო ყარაბაღისა ხანმან და თვით ყაენმან რუსთა ჯარისა შემოსვლა თფილისსა. _ (თავი CXIV).

ლეკნი წოდებულნი ქალაქსა მეფისა მცველად, ითხოვდენ დანიშნულსა ჯამაგირსა. თფილისისა ქალაქისა შემოსავალი არა ეკმავა ამათ. ამისთვის ებრძანა მელიქსა დარჩიას შეაწეროს მოქალაქეთა და უფრორე შემძლეთა კაცთა ფული. სომეხნი დრტვინვიდენ, გარნა მისცეს საკმაოდ და არა გაწერილისამებრ. მეფემან უბრძანა მელიქსა, გამოუცხადოს სომეხთა ვაჭართა რომელ „შემოხიზნულნი საქართვლოსა დაიცვებიან ქართველთა ძალითა. აქვსთ ვალი ეწეოდენ გულითა ქვეყანასა გაჭირვებისა დროსა. შეუწუხებლივ არა იქმნება რა: ერბო-კვერცხისა ჭამისა მოსურნემან უნდა გატეხოს კვერცხი. _ გამოუცხადე მათ არ იყვნენ უმადლონი ქართველთა“.

ჰგონებდა სადამე მეფე, რომელ სომეხთა შფოთისა იქნებოდა თანაზიარი ყორღანაშვილი ოსეფა, ამილახვარი დედოფლისა დარეჯანისა. მაშინ მოახსენეს მეფესა, რომელ თვით ყორღანაშვილმან მოსცა მელიქსა ოთხი თუმანი. სდუმნა მეფემან და არა მომლოდინემან მისგან ესრეთისა მოქცევისა, _ რათა არა აწყინოს დედოფალსა უბრძანა საიდუმლოდ მელიქსა: „გულითა ჰქმნა ესე, თუ ჩემსა მოსტყუებლად?“. პატივცემულად მეფისაგან იყვნენ მოქალაქენი გურგინბეგი სტეფანე, ფითუაშვილი და მენთუაშვილი. სომეხთა გვარი ემდურვოდა ამათ, ვითარცა მეფისადმი დაახლოებულთა კაცთა და მჩაგვრელთა დანაშთენთა სომეხთა. _ ხშირად სადამე ეტყოდა სომეხთა თფილისელთა ფითუაშვილი უფრო მიჩნეული: „ძალი ქართველთა მეფისა ჩვენი ღონიერებაც არისო, რატომ არა ხედავთ და არა სინჯავთ: ერთს ბედნიერებაში ვართ ჩვენ სომეხნი აქა, სპარსეთსა და ოსმალოში?“

ესრეთ ლეკთა ჯარითა დაცული მეფე იყო მწუხარედ და მაშინ შევიდა კოვალენსკი და მიართვა წერილი იმპერატორისა პვლესი. წერილითა ამით სთხოვეს მეფესა სომეხთა მელიქსა ჯიმშიდ შახნაზაროვსა და ფრიდონ ბეგლაროვსა, სურვილისმებრ მათისა ებოძოს ადგილი ყაზახში, რათა დაასახლონ თვისნი ყმანი სომეხნი, დევნილნი სპარსთაგან. „ამისთვის იკვრიან ესენი პირობითაო, _ სწერს პავლე, _ დაიცვან ძალითა თვისითა სამეფო თქვენიო, კეთილობისათვის სამეფოჲსა თქვენისა და სიბრალულისა გამო ვითარცა ქრისტიანეთა მივიღე მე ესენი ჩემდა ქვეშევრდომად და მოვაჩემებ საქმესა ამას, მიიღო იგინი ვითარცა სტუმარნი და უბოძოთ დასასახლებელად ადგილი თხოვილი და უფლებაცა თვისთა სომეხთა ზედა, ვითარცა აქვნდათ მათ თვისსა ქვეყანასა. 3 ივნისს 1799 წელსა“. _ მეფემან ესე ვერ ჰქმნა და უბრძანა მინისტრსა სიძნელე საქმისა და ესეცა, რომელ თვით სომეხთა არა სურდათ მათი ბატონობა ჩემს ქვეყანაშიო. გარნა აღსასრულებელად პავლეს სურვილისა უბოძა გრამატა, რომლითაცა აძლევს ლორესა, შამირაღისათვის კალკუტელისა სომხისა. თუ ეს შამირ-აღა მოვა, ანუ მისი შვილიო, მაშინ, _ სწერს მეფე, _ ლორეს მას მივცემ და სამგიეროსა თქვენაო. _ (თავი CXXXIV).

მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი:
(1) მელიქსა ამას დარჩი ბებუთაშვილსა კ უ ზ ი ა ნ მ ე ლ ი ქ ა დ უწოდებდენ დიდისა კუზისა გამო. მოკვდა 1836 წელსა.

(2) გენ. ვასილ ბებუთოვი გარდაიცვალა 1858 წ. 10 მარტს. რ ე დ.

(3) ესე ა ნ ა ხ ა ნ უ მ იყო მეორე ცოლი თეიმურაზ მეორისა, ასული ბარათაანთი, ქვრივი ქაიხოსრო ციციშვილისა. ოდეს მოკვდა ცოლი თამარ, მეექვსესა თთვესა შეირთო იგი მშვენიერებისა გამო. სძულდათ ირაკლის და ანნას, ვითარცა დედინაცვალი და არ უნებდათ ხილვა მისი, რადგან ეცვათ ჯერეთ შავი. გლოვისა შემდგომად რავდენისამე ჟამისა, მივიდა ირაკლი სანახავად მისისა. დედოფალი ანახანუმ, რათა არა ეჩვენოს მას უზდელად, მოირთო ვითარცა დედოფალი, ყელსა და თმათა, ხელთა და გულსა მოიფინა თვალი და მარგალიტი, წამოისხა ხამი ანუ ფლევრი ინდოეთისა ნაქსოვი და, ამით, რეცა იფარვიდა და მალავდა მათ სამკაულთა. ესრეთი ეჩვენა ირაკლის და ესრეთვე მეფის ასულს ანნას. იყო დიდი მორწმუნე და ქრისტეს მოყვარე. მრავლად შეამკო ეკკლესიანი ქართლსა და კახეთსა. დიდად ზრუნვიდა მონასტერთათვის. შემდგომად სიკვდილისა თეიმურაზისა რუსეთს, სცხოვრობდა თფილისს და უკანასკნელთა ცხოვრებისა თვისისა, წელთა, იკურთხა ჩოხა სამონოზნო და ატირა მრავლად მუნ მყოფნი და დამსწრენი კურთხევისა დედოფალი დარეჯან და სასახლისა ქალნი. ჩოხა უკურთხა კათოლიკოსმან ანტონი პირველმან ნათლისმცემელისა ეკკლესიასა შინა პირისპირ სასახლისა. გარდაიცვალა შემდგომად რვისა დღისა გარდაცვალებიდგან თვით კათოლიკოსისა ანტონისა... სიკვდილი ანტონისა ჩვეულებისამებრ ქართველთა, ჩასძახეს მომაკვდავსა ანახანუმს. დაასაფლავეს მცხეთისა ეკკლესიასა მეფეთა სამარხსა.

(4) იგულისხმება ჯავათ-ხანი განჯის მფლობელი, მოკლული პ. ციციშვილის მიერ განჯის აღებისას, 1804 წ.

(5) მონათვლა კანონისაებრ ანტიოქიისა კრებისა სომეხთა და მირონცხება იყო წმ. გიორგის სასახლისა ეკკლესიაში. თვით მეფე სკამზე მჯდომი დაესწრო მუნ. ნათლიად ანუ მიმქმელად იყო თავადი დავით თარხნიშვილი, მიმბაში. ესე ამბვი მითხრა შვილმან მისმან, ვითარცა მამისაგან გაგონილი, ღენ.-ლეიტენანტმან იოსებ თარხანოვმან. (პლ. იოს.)

(6) მამა მისი აღა ანუ სვიმონ ცხოვრობდა ასტრახანსა და ვაჭრობდა შვილთა შეწევნითა. შვილნი ესე იყვნენ ზურაბ, სვიმონ, დავით და იოანე. თუმცა უხაროდათ მეფისათანა მოყვრობა და გვარის შოვნა, გარნა შესწუხდენ ოდეს მდიდრად გათხოვებისა გამო დისა თვისა, შევარდენ ვალში და დასუსტდნენ ქონებითა. აჰა ერთი წერილთაგანი სვიმონისაგან მამისა ჩემისადმი მოწერილი 19 მარტსა 1800 წელსა, შემდეგ ჯვარის წერისა, რომელიცა იქმნა 1799 წელსა: (წერლი პლ. იოსელიანს მოყვანილი არა აქვს, ცარიელი ადგილია დატოვებული).

(7) აქა ვიტყვი რავდენთამე მთავარეპისკოპოსთათვის, რაიცა გავიგონე მეფის ძის მიხაილისგან.

1) კ ი რ ი ლ ე, გვარით ციციშვილი, ბიძა გიორგი სარდლისა სიმამრისა თვით მეფისა გიორგისა, დროსა დომენტის ტყვეობისსა ოსმალოსა, მიანდვეს მას კათოლიკოსობა. ოდეს მოვიდნენ ოსმალნი ასაკლებად მცხეთისა და სხვათა ეკკლესიისა საუნჯეთა, სცემეს მას მრავლად, რათა აჩვენოს მათ სამკაულნი, და თაბალითა დააყრევინეს ფერხთა ფრჩხილები. შემდგომად დაბრუნებისა დომენტისა სტამბოლიდამ ჩააბარა მას კათოლიკოსობა და თვით იწყო ცხოვრება მარტივისა ბერისა. იყო მცოდნე სპარსულისა და თათრულისა, საყვარელი მეფისა, ნასწავლი, მჭერმეთქვი და სიტყვა მარჯვე, მიწერ-მოწერა მისი ანასტასიასთან (წიგნმან ამან არ მოაწია ჩვენადმდე) მეფისა ირაკლისა დედინაცვალთან მოწმობს მისსა სიბრძნესა. იტყოდა სადმე, მეფისა ვახტანგისა დაჲ ნათესავი მისი მასწავებდა დიაკონობისა დროსა კმევასაო. რავდენჯერმე აღიყვანეს ხარისხსა და გამოძიესო დროთა ამბოხისა გამო. გარდაიცვალა 90 წლისა 1774 წელსა. მის შემდეგ იყვნენ:

2) ტ ი მ ო თ ე.

3) ი ო ს ა ფ ყაფლანიშვილი, ძმა დავით სარდლისა.

4) ბ ე ს ა რ ი ო ნ გოსტაშაბიშვილი, ალმასხან ბატონიშვილის ნათლია, რომელიცა კიტრისა ჭამითა დაირჩო და განითქო: ე შ მ ა კ ე ბ მ ა დ ა ა რ ჩ ვ ე ს ო.

5) პ ა ი ს ო ს გარსევანიშვილი, ნამღვდლევი, რომელსაცა სწამებდნენ ფრანგობასა, _ მეფე გიორგი არ მიენდობოდა მას ფრანგობისათვის.

6) ი ო ა ნ ე ქარუმიძე, ონოფრე ბერის შვილი, კაცისა დიდად წმიდისა და მოღვაწისა. გარესჯას გარდაიყვანეს წილკნიდამ.

7) ი უ ს ტ ი ნ ე მაღალაშვილი, უკანასკნელი, გადაიყვანეს რუისიდამ.

(8) მგონია პულკოვო ერქვა სოფელსა ამას; მუნ არის ეკკლესია ბორცვსა ზედა. აქა უნებდა დასაფლავება (პ. ი.).

(9) სხვა თავში პლატონ იოსელიანს უწერია, რომ 1755 წელს მეფემ თეიმურაზ მეორემ ეს ეკკლესია ჩამოართვა კათოლიკებს და იგი გადასცა საქრთველოს საპატრიარქოს, და მას შემდეგ იქ ტარდებოდა მართლმადიდებლური მსახურება. (ი. ხ.)

(10) ვჰგონებ ერქვა მას სტეფანე, ამან შეადგინა ლექსიკონი ბოტანიკური მცირე ბალახთა და მცენარეთათვის სამკურნალოთა. შემდეგ იოანე მეფის ძემან დაურთო ესე თვისგან ქმნილსა ლექსიკონსა. ნ. დ. ჩუბინოვმან შეიტანა ლექსნი ესენი თვისსა ლექსიკონსა, რომელიცა დაბეჭდა შემდეგ დავით ჩუბინოვმან.

(11) ეს უგანათლებულესი კნიაზი უნდა იყოს, მგონია, ბეზბოროდკო კანცლერი.

(12) დავით მემკვიდრე ლინიაზედ იყო ამ დროს სამსახურში.

(13) ესე იყო თვით გიორგი ავალოვი მოსკოვს გარდაცვლილი დეისტვიტელნი სტატსკის სოვეტნიკის ჩინითა, და ცოლის ძმა გარსევან ჭავჭავაძისა.

(14) ნამდვილსა ამას მეფისა ქაღალდსა არ ჰქონდა რიცხვი წლისა და თთვისა. მხოლოდ ჭავჭავაძის ხელითა არის დანიშნული რიცხვი დროჲსა, ოდეს მისვლია მას პეტერბურღს, ე. ი. 5 აგვისტო, 1798 წელსა.

(15) ესე კოვალენსკი 1803 წელსა კნიაზმან ციციანოვმან დიდისა შეურაცხებითა განდევნა თფილისიდამ რუსეთად.

No comments:

Post a Comment