Monday, December 6, 2010

გიორგი XIII-ის გარდაცვალება და მისი შემდგომი ამბები – ნაწილი I

(პლატონ იოსელიანის წიგნიდან "ცხოვრება გიორგი მეცამეტისა")

22 დეკემბერს სნეულმან მეფემან თვით მოინება რათა აღასრულონ მას ზედა საიდუმლო ზეთის კურთხევისა, ამისთვის შეკრბენ სახლსა მისსა კათოლიკოსი ანტონი, მთავარ ეპისკოპოსი იუსტინე, მიტროპოლიტი იოანე ბოდბელი, არქიეპისკოპოსი რუსთველი სტეფანე, მიტროპოლიტი თფილელი არსენი, არქიმანდრიტი და მოძღვარი მეფისა ევთიმი და მღვდელი სასახლისა ონისიმე იოსელიანი. მოყვარე ქრისტესი მეფე გიორგი, მდებარე ცხედარსა ზედა, ილოცვიდა და ევედრებოდა ღმერთსა, რათა სცეს მას კურნება სულიერი და ხორცილი. ცრემლთა დენითა თვალთაგან, ცოდვათათვის მტირალთა, მოიყვანდა ლმობიერებასა თვით მვერდებელთა განკურნებისათვის სნეულისა. შემდგომად სრულყოფისა ზეთის კურთხევისა მოეცა შვება მეფესა მწუხარესა. განატარა ღამე მშვიდობით და დღესა მეორესა დილით, ოდეს შებრძანდა დედოფალი მარიამ, სანახავად მეფისა, იხილა მეფე თვალებ შერეული და რეცა მატრიალებელი თვალთა უჩვეულოისა მისთვის სახითა. შესწუხდა და მოახსენა გაბედვით ცრემლმორეულმან მეფესა:

„ბატონო, რას უბრძანებთ შვილებსა ამათ? ვის აბარებთ, თუ გვეწვია უბედურება რაიმე? დავით უნდა იყოს ამათი პატრონი? ანუ თქვენი ძმები? ანუ დედოფალი (დ ა რ ე ჯ ა ნ, _ არღა ახსენა სახელით, ქართველთა ზრდილობისა გამო)? _ „ბატონო დედოფალო. გაიგონე რა გიამბო; მე აუჩენ ამათ პატრონსა დიდსა და ძლიერსა, _ უბრძანა პასუხად დედოფალსა ცოლსა თვისსა. _ ბარათაშვილო გიორგი! მომგვარე ღენერალი“, _ ბრძანა მეფემან. მსწრაფლ აცნობეს ღენერალსა და მოვიდა მეფესთან, მეფემან სთხოვა დაწეროს წერილი იმპერატორსა პავლესთან, აცნობოს უკანასკნელი დღე მისისა ცხოვრებისა, და ესეცა, რომელ: ჩამიბარებია ანდერძად ცოლ-შვილი ჩემი და საქართველო. _ ეხლავ დასწერეთ წერილი ჩემ მაგიერ მოკლე! _ დაუწერეს წერილი მოკლე, და მოაწერა ხელი და დაასვა ბეჭედი თვისი.

ესე ამბავი მიამბო ექიმმა ყარაევმან, მუნ დილით საღამომდინ მყოფმან და ყოვლისა ამისა ამბავისა მცოდნემან და თანადამსწრემან. _ მაშინვე იოანე ყარაევი დაუმატებდა მხიარულებით და ყელ-მოღერებით სიტყვათა: „სწორე მეფე იყო, უხვი, ძლიერი სიტყვით, მლოცველი, უტყველი, წმინდა ფიქრითა, ბევრით უკეთესი მამაზედ ქცევითა, თუმცა არა სიმხნითა“. _ (თავი CXLII).

26 საღამოს იქმნა შეყრილობა 40-დმდე კაცთა თავადთა და აზნაურთა სარდლისა სახლში. სარდალმან იოანე ორბლიანმან სთქვა: „ბატონებო! ძნელსა მდგომარეობაში არის დღეს ქვეყანა ჩვენი. ბატონი მეფე უკურნებელითა სენითა მწოლარე, დღეს ანუ ხვალ მიგვეცვალების. მემკვიდრე მისი დავით გვექადის მეცა და მუხრანის ბატონსა შეურაცხებით განდევნასა ჩვენისა ღირსებისაგან. მე მყვანან ნამდვილნი სარდალნიო, არა ერთხელ ბრძანა დავითმან საეროდ და გასაგონად. _ იგივე დავით ექადის ცუდად დედინაცვალსა თვისსა, დედოფალსა მარიამს და იგიცა მწუხარე, დნება ვითარცა სანთელი და არ იცის რა ჰქმნას. _ მგონია დამშვიდებისათვის ქვეყანისა და ჩვენისა საკუთარისა პატივისა დასაცველად, ვისურვოთ, _ დაშთეს რუსეთისა მეფობა: ნურღა გვინდა მეფედ დავით“. _ დროსა ამას შევიდა მუნ მუხრანის-ბატონი, ჯერეთ ჭაბუკი კონსტანტინე, კაცი გვარ-შთამოებით სალთ-ხუცესი, გარნა გამოუცდელი, ვითარცა სარდალი. მიიღეს პატივითა დიდითა და დაითანხმა იგი სარდალმან იოანე ორბელიანმან, ვითარცა უფროსმან უმცროსი. მუხრანის-ბატონსა თანა ახლდენ დროსა ამას ზედგინიძე, ვითარცა ლალა ანუ მრჩეველი და ერთგული სახლისა მისისა, და რატიშვილი... მუხრანის-ბატონისავე აზნაურიშვილი. ესენი ადრევე ჩაგონებულნი მეფის ასულის ქეთევანისაგან, დედისა მუხრან-ბატონის კონსტანტინესსა _ იტყოდენ და წარმოსთქმიდენ სიტყვათა მკვახეთა დავითისათვის. მაშინ მუნ მყოფმან მღვდელმან თურქისტანიშვილმან იოსებ გაბედვიტ სტუქსა რატიშვილი და აყვედრა მას კადნიერებითა მის მეფის ძის დავითისათვის სიტყვა. _ ზრდილობითი საუბარიცა დაიკარგა დროთა ამათ შინაო, _ იტყოდა ეგნატი იოსელიანი. ვერვის გაებედნა ჭეშმარიტების თქმა. სოლომონ ლიონიძე, ვითარცა ლომი გარემოცული მტერთაგან, იბრძოდა ქვეყნისათვის, მეფობისა დაუკარგვლობისათვის. ლექსი „მეფე“ დადუმდა აქა? ბატონებო, იყვენით ფხიზლად: ჯვარცმულისა მადლმა, იღუპება ქვეყანა უშველებელად. იქით სარდლები იწევენ, აქეთ მეფის ძენი; მელიქი და სომხობა გველურად იქცევიან. მოდით გონებასა. დაფიქრდით და შედით საქმისა ბჭობაში. დავითისა მემკვიდრისა მტერობისათვის, რათ უნდა შეექმნათ მტერი ქვეყანასა! ნამუსიანად უნდა ვიყვნეთ ქვეყანისათვის და მეფობისათვის. დასაწყობელად საქმეთა და შინა აღრეულობათა კმარან რუსნი და ტრაქტატი მეფისა გიორგისა. ღვთის გულისათვის მოითმინეთ და სულგრძელებით და დამშვიდებით მოვილაპარაკოთ და დავაწყოთ საქმე საქვეყნო თვით დავით მემკვიდრისა სახლში“.

სარდალმან არ უსმინა ლიონიძესა, კაცსა მას მხოლოსა, რომელსაცა ესმოდა ყოველივე და რომელიცა ხედავდა შორს. ხმა მისი იყო ნამდვილი ხმა ღაღადებისა უდაბნოსა. ვერა რაისა მოქმედი მივიდა ლიონიძე დავითთან; ესაუბრა მას და ვითარცა მეგობარსა ურჩია მრავალი რაიმე. _ დავით, მერყევი ჰაზრითა და აღშფოთებული, არ ისმენდა სიტყვათა ბრძნისა თვისისა მეგობრისა. მან არა ინება მიეწოდა თვისთანა სარდალი და სხვანი პირნი საქვეყნონი; არცა აჩვენა ვითამც თავი თვისი სუსტად და მოკლებულად მეფობითისა ძალისა, ვითარცა ჯერეთ მემკვიდრე და მომლოდინე მეფობისა გვირგვინისა, ტრაქტატისა ძალითა რუსეთისა ხელმწიფესთან. „ამიერიდგან, _ იტყოდა დავით, _ ჩემი სახლი დახშულია სარდლისათვის და მისთა მეგობართათვის, ვითარცა ქვეყანისა მტერთათვის. მე გავხდი მას მელიქისა სარდლად და დავანახებ მას მალე, _ ვარ ანუ არა მეფე ნამდვილი?“ _ კათოლიკოსი ანტონი, დროსა ამას მიბრძანდა მეფი ძეს დავითთან და სთხოვა, რა სურს მას იმა დროისათვის, უკეთუ არღა იქმნება მამა მისი მეფე, უიმედო ცხოვრებისა? დავითმან პასუხ უგო მას: „თვით იცით ვინ ვარ და რა მეკუთვნის, მოვალეობა თქვენი გაქმნევინებსთ მას რაცა იქმნება საქმნელი. წინათ ვერა რას მოგახსენებ“. იოანემან ძმამან დავითისა მუნ დამსწრემან დაუმატა ესეცა: „როგორ უნდა წაერთვას მეფობა დავითსა, ჩემსა ძმასა, არ ვიცი? არ არის პირმშო მეფისა? როგორც მამა ჩემი გამეფდა, გამეფდება დავით შემდეგ მამისა თვისისა. _ საწყენი იქმნება ესე ანუ სასიამოვნო მრავალთათვის, საქმე ესე ესრეთ მოხდება. მეფისა გიორგისა შემდეგ არის დავით მეფე საქართველოისა“.

კათოლიკოსი იქცეოდა დროსაცა ამას და შემდეგცა ესრეთ, ვითარცა ეკიდებოდა მისსა ხარისხსა. ვერ სძლია ჰაზრი მისი ვერცა დედოფალმან დარეჯან, ე. ი. დედამან მისმან, ვერცა ზმათა და ვერცა სხვათა მეფისა გიორგისა წინააღმდეგთა. _ ესრეთ მტკიცედ და შეურყეველად იყო კათოლიკოსი, აღმასრულებელი მხოლოდ მოვალეობისა თვისისა კათოლიკოსობისა. _ (თავი CXLIV).

28 დილით მეფესა, გონებისა არა დამკარგავსა, ულოცეს ცისკარი და მერეთ წირვაცა და 11 საათსა დილით შემდგომად ჩამოლოცვისა განუტევა სული. _ ვითარცა ცხოვრება მისი იყო ქრისტიანებრი, იტყოდენ ხშირად მუნ დამსწრენი, ეგრთვე აღსასრულიცა მისი იყო ქრისტიანეთა ვედრებისა გვარი: „ქრისტიანობითი აღსასრული ცხოვრებისა ჩვენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშვიდობითნი, _ უფლისა მიერ თხოვნილნი“ (უფრო სწორია ეწეროს: „... უფლისა მიმართ თხოვნილნი“) (1) _ ნამდვილ მიენიჭა მეფესა ქრისტეს მოყვარესა.

აცნობეს გარდაცვალება მეფისა ლაზარევსა და სასახლისა კაცთა: წარგზავნეს კაცნი საუწყებელად ქართლისა და კახეთისა; და კურიერი მასვე დილით გაიგზავნა ს. პ. ბ. საუწყებელად იმპერატორისა პავლესსა. ლაზარევმან აცნობა ესე წერილითავე თვისითა ქალაქისა მელიქისა დარჩია ბებუთაშვილისა და ყოველგანცა და მისწერა საცნობელად, რომელ ყოველივე განკარგულება და ბრძანებაები, _ დამტკიცებადმდე მემკვიდრისა დავითისა მეფედ იმპერტორისაგნ _ იქმნება ბეჭედ სმულნი სამთა პირთაგან, ე. ი. მეფის ძის იოანესი, ეგნატე მდივნისა თუმანიშვილისა და ჩემისაო.
მასვე დღესა მოძღვარმან მისმან ევთიმი გამოუცხადა ანდერძი მეფისა დასაფლავებისა გამო მისისა, რომელიცა იყო დაცული ვეცხლისა კანდელსა შინა, კიდულსა წინაშე იოანე ნათლისმცემელისა ხატისა უდაბნოსა შინა იოანე ნთლისმცემელისა. წარავლინეს კაცნი და მოიტანეს ანდერძი თვით მეფისა ბეჭდითა დაბეჭდილი და მისგან დაწერილი და ხელმოწრილი. კანდელი ესე ვეცხლისა შეწირული მეფის ძის გიორგისაგან, არის დღესაცა მუნ კიდულად (2). ლაზარევმან აღრეულობისა გამო სამეფოისა, ვერ გაბედა რათა მიეცა ჯარი უდაბნოდმდე: მეფის ძე ალექსანდრე მიმალული თვით დავით გარესჯის მონასტერსა, შემდგომად ნიახურას დამარცხებისა, ჰგონებდა თფილისად ჯარითა მოსვლასა და უწოდდა ძმათაცა თვისთა: იულონს, ვახტანგს და ფარნაოზს ჯარებითავე. ამისთვის დაეკითხაცა კნორრინგსა. ესრეთ დაგვიანდა დასაფლავება მეფისა.

მაშინ დედოფალმან, მეუღლემან მისმან, თვით რუსეთისა ღენერალმან და კარისა კაცთა, _ არღა ინებეს აღსრულება ანდერძისა სურვილისამებრ თვით მეფისა და დასდვეს, რათა მეფეთა საძვალესა შინა იქმნას გვამი მისი დასაფლავებული. _ (თავი CXLVI).

30 დეკემბერსა გვამი მეფისა, მდიდრად კუბოსა შინა მორთული, მიასვენეს სიონისა სამღდლმთავროსა ეკკლესიასა. მიცვალებულსა მიუძღოდა ჯარი რუსთა და ქართველთა, ზარბაზნები, დროშა სამეფო და ღერბი სამეფო და იკვროდა მუზიკა საგლოველი. გარემოადგნენ კუბოსა რუსთა სალდათნი და ქართველთა ქეშიკნი. ყოველ დღეს გარდაიხდებოდა პანაშვიდი; მდივანბეგთა ძველთა წესითა, დაჰყარნეს ეკკლესიისა იატაკსა, საწერელნი და ყალამნი, _ ნიშნად შეყენებულისა ბრძანებათა მწერლობისა; ხელ-ჯოხიანთა სასახლისა კვერთხნი, _ ნიშნად გაუქმებულისა მათისა ხელობისა; მზარეულთა _ ქვაბი, ფლავის საწურავი და ესე ვითარნი, _ ნიშნად უქმთაღა მათთვის ნივთთა; პირის მწდემან მეფისა ოქროსა და ვეცხლისა და სხვათა გვარისა სასმელისა ჭურჭელნი, _ ნიშნად არღა სახმართა მათგან; მილახვარმან ძვირფასნი აღვირნი ცხენთა. თვით ადგნენ თავსა, ნივთთა ამათ მიყრილთა გუნდ-გუნდად აქა იქა. ეკკლესია გალობდა პანაშვიდისა საგალობელთა. სასახლისა კარისკაცნი იგლოვდენ მეფესა; დედოფალი მარიამ და შვილნი სტიროდენ ობლობისა მწუხარებასა; რუსთა ჯარი დაიცვამდა ქალაქსა; ძმანი მეფისა, მტერნი მისნი, განბნეულნი სხვათა და სხვათა სამეფოისა კერძოთა, ეხაროდენ დროთა ცვლილებასა; დედოფალი დარეჯან მწუხარებდა არა ეგოდენ მეფისა გიორგისათვის, რაოდენ შვილთათვის თვისთა განბნეულთა და მისთვისცა უმეტეს, რომელ არა იცოდა რაი შეუდგებოდა ქვეყანასა რუსთაგან დაცულსა, მეფისა ძისა დავითისაგან, რუსთა იმედითა, დაპყრობილსა. დავით მემკვიდრე მეფისა, გარე ქალაქისა თვისსა სასახლესა, განიზრახვიდა მეფობასა და ელოდა მეფისა დასაფლავებასა. სარდალნი და თავნი კაცნი მეფობისა, დამთვრალნი ურჩებითა დავითისადმი მემკვიდრისა, უკეთესისა მომლოდნენი, მეფეთა არღა მოსურნენი, იყვნენ დუმილსა შინა. _ მღვიძარენი დაუკარგველობისათვის მეფობისა მეფის ძენი იოანე, ბაგრატ, თეიმურაზ და მიხაილ, სარდალი იოანე ყაფლანიშვილი, ალექსანდრე მაყაშვილი, იოანე ანდრონიკაშვილი, ეგნატი იოსელიანი, მეითარი თარხნიშვილი და მათ შორის უბრძნესი და ნათლად მხედველი მყოობადისა და მომავალისა სოლომონ ლიონიძე, _ დიდი მტერი და მოძულე ლაზარევისა, სთხოვდნენ დ ევედრებოდენ დავითსა წარვიდეს მცხეთას და დაგვირგვინდეს მეფედ. დავითმან ესე არა ინება, ელოდა სამეფოთა ნიშანთა რუსეთიდამ, და მიიღო მოსვლადმდე ბრძანებისა, მხოლოდ წოდება ნაცვლად მეფისა, რ ე ღ ე ნ ტ ო ბ ი ს ა ანუ სამფოის გ ა ნ მ გ ი ს ა. შემდგომად სამისა დღისა მემკვიდრე დავით აშფოთდა იოანე სარდალზედ და მუხრანის-ბატონს კონსტანტინზედ, რომელთაცა უგვანად მოეხსენებინათ დავით საუბარსა შინა მეფობისათვის. მაშინ წარვიდა სოლომონ ლიონიძე და მოახსენა დავითს; „დასამშვიდებელად მეფობის და აღრეულობისა დასაცხრომელად, მიიღეთ ზომა მტკიცე. ჰქმენით რაცა არის საქმნელი. აჩვენეთ ძალა და ძლიერება თქვენი. გმართებსთ აწ გმირობა; დუმილი თქვენი და სისუსტე, რაცაღა აძლიერებს თქვენთა მეტოქეთა. დაეც ზარი და მეხი შიშისა მუხრანის-ბატონსა და სარდალსა, ეხლავ უბრძანე დაიფიცონ მორჩილებაზედ. ნუ ჰკარგავ მეფობასა და ნუ ღუპავ ქვეყანასა. ვინ არის მოცილე მეფობისა? რუსეთმან ადრევე აღგიარა მემკვიდრედ და პირმშოობითა გაქვს უფლება მიიღო კვერთხი მეფობისა“. _ ესრეთ მტერნი იდუმალ მოქმედებდენ; თვით ღენერალი ლაზარევი არა მეგობრად ხადილი, არ ურჩევდა რათა მიეღო წოდება მეფისა. ურჩება განდიდდებოდა; მოხელენი გაუქმდებოდნენ და თვით ზედა წარწერაცა ამილახვარისა ბეჭდისა: „მეფისა მტრისა ლახვარი, ვამტკიცებ ამილახვარი!“ _ შეიქმნა საცინელად. თვით მხლებელნი მისნი და მრჩეველნი სუსტდებოდნენ. ვითარცა მეხცემულნი, ვერასადა ჰპოობდენ კურნებასა. არცა ოქმთა ზედა და ბრძანებათა დავითისაგან ბეჭდილთა, არცა ეკკლესიასა შინა მოხსენების ადგილთა, არცა მოედანთა და არცა სახლსა შინა არღა ისმოდა ლექსი „მ ე ფ ე“. დაუშთა ესე წოდება გარდაცვალებულსა გიორგისა და ისტორიისა შემდეგთა დროთათვის საუწყებელად იგივე წოდება „მ ე ფ ი ს ა“ დამატებით „უ კ ა ნ ა ს კ ნ ე ლ ი ს ა“. . . . . . . . . . . . .

მტერნო, გიხაროდენ! იწყო გლოვისა ხმამან, ვაებამან მეფობისათვის. დაუშთა ღვთისა განგებასა, რათა კეთილად სცვალოს ბოროტი, ბნელი გარდააქციოს ნათლად, და წყლული ჰკურნოს!

რუსეთისა მეფეთა, მეფობისა მფარველთა ხვდა წილად, მოსცეს ღირსებითი მნიშვნელობა ქართველსა ერსა მორწმუნესა; და ესე იწყო დღიდგან გარდაცვალებისა „უ კ ა ნ ა ს კ ნ ე ლ ა დ“ წოდებულისა მეფისა გიორგი მეათცამეტისა და მომდინარეობს დიდებად, ერისა სიმრავლითა, სიმდიდრითა და სწავლითა, _ ვიდრე დღეინდელად დღედმდე. _ (თავი CXLVII).

დაყუდებულმან ბერთუბანისა კოშკსა ზედა იოანიკემან კახმან, მბაძავმან სვიმონ დიდისა მესვეტისა, სცნო გარდაცვალება მეფისა და მოსწერა დედოფალსა მარიამს შემდეგი წერილი:

„... სიკვდილი მეფისა ქრისტეს მოყვარისა, არის ვაება ქვეყანისა. საგლოველი ეკკლესიისაგან წმინდისა; გარნა ბატონო დედოფალო! მიიღე ნუგეშად და ირწმუნე ესე, რომელ დაახლოებული ღმერთთან, უმეტესად ექმნების მფარველად სამეფოსა თვისსა. ლოცვა მისი, ვითარცა კიბე იაკობისა, შთამოიყვანს ზეგარდამო კურთხევასა თქვენზედა და შვილთა თქვენთა ზედა, ქვეყანასა ზედა საქრისტიანოსა. შეუდეგით კვალსა მისსა ლოცვითსა; იყვენით პატრონად ობოლთა და ქვრივთა და ამით იხილავთ და იყოლიებთ ცოცხლად მეფესა გიორგის, არა ვითარცა არა მყოფსა, არამედ, ვითარცა გარდასრულსა ამიერ სოფლით, მას სოფელსა მზე დაუვალსა. ჩვენ ცოდვილნი ვერ დავივიწყებთ მას მოხსენებითა სახელისა მისისა და სულისა მისისა საღმრთოისა უსისხლოისა მსხვერპლისა შეწირვისა დროსა. მრავალი კეთილი გვახსოვან მისგან მამათა და ძმათა მეუდაბნოეთა. კურთხევა უფლისა იყოს თქვენთანა; მადლი და მშვიდობა უხვად ნუ მოგაკლოსთ თქვენ... მდაბალი და უნდოი სულითა გლახაკი ბერი იოანიკე“.

ბერი ესე იყო ჭოტორისა სოფლიდამ; სიყრმიდგან ახლდა ზაქარია მოძღვარსა გაბაშვილსა და მასთანა მოესმინა ფილოსოფია და ღვთისმეტყველება. განდევნილსა ზაქარიასა გადაჰყოლოდა იმერეთს და მუნით მღვდელ-მონოზნათ შემოსილი წარვიდა ცხოვრებად ბერთუბანსა დიდისა მოღვაწებითა. იტყვიან მისთვინ, ვითარცა კაცისათვის წმინდისა და ღირსისა, გულთა და ჰაზრთა გამომთარგმანებელისა. მამანი მონასტერთა ხადოდენ მას, ვითარცა ახალთა დროთა ქართველთა ეკკლესიისა მნათობსა. გარდა ლოცვათა ლოცვანთა შინა მოღებულთა თვით სადამე დღე და ღამე თხზვიდა და შეადგენდა ზეპირად გონებითა ლოცვათა და იტყოდა მათ. ესრეთ განატარა ცხოვრება თვისი და სარბიელი სოფლისა მწირობისა. 1802 წელსა ღრმად მოხუცებულმან ბოდბელმან იოანე, დროსა მას ნათლის-მცემელისა მონასტერსა ყოფილმან, დაასაფლავა მუნვე მისსავე სასვეტოსა. გაბრიილ მონოზონმან ნათლისმცემელისა, აღმწერელმან „ჯვარ-მოსილისა“, ცრემლით წარსთქვა ქებითი მისთვის სიტყვა, რომელიცა მინახავს იოანე რუსთავისა არქიეპისკოპოსთან. ვისა აქვს იგი დღეს, არა ვუწყი. _ (თავი CXLVIII).

გარდაცვალებულისა მეფისათვის სამწუხრონი ანუ სამძიმარისა წერილნი მრავლად სადამე მოერთვნენ დედოფალსა: გურიიდამ, მეგრელიიდამ და იმერეთიდამ. ხანთა ერევნისა, ყარაბაღისა იბრაიმმან, ჯავათხნმან განჯისა, მუსტაფა-ხანმან შაქი-შირვანისა მოართვეს წერილინი და ძღვენნი, რომელთაცა უწოდებდენ ძველთავე ლექსითა „შესაწევარად“. დღესაცა არს ადგილ-ადგილ ჩვეულება ესე ძველივე. ამასვე დროსა მოუვიდა წერილი ომარ ხანისა, რომელსცა ყოველწლივ ეძლეოდა მეფისაგან 5000 მანეთი ჯამაგირისა სახითა.

ესრეთივე წერილი მოეწერათ ახალციხის ფაშასა, ძველთა ათაბაგთაგან გვარისა ჩამომავალთა, რომელთანაც იყო მეფე დაკავშირებული მეგობრობითითა მიწერ-მოწერითა.

მოსრულთა თფილისად მიუტირეს მეფე-დედოფალსა; იხილეს დავით განმგედ მეფობისა და ჯერეთ არა მეფედ. სამეფო ქართველთა ეჩვენებოდათ მათ უდაბნოდ, _ მოკლებულად მცხოვრებთა ხმაურობისა; მინდვრად თვალთათვის მიუწვდომელად და დასაღალველად; გვამად კაცისა, _ თავმოკვეთილისა; მზედ ზამთრისა, _ არ მათბობელისა; ტყედ მაღნარისა, _ ცულით დაკოდილისა და მკვიდრად არღა მფშვინავად. მწუხარებისა ამისა დღეებში მიიღო დედოფალმან დაწერილი იმპერატორისა პავლესი, მეფე გიორგისთან მოწერილი 23 ნოემბერსა 1800 წელსა, რომლითაცა უცხადებს მეფესა უსიამოვნებასა თვისსა სნეულებისა და უძლებობისა გამო თვით მეფისა. წერილი ესე წარუკითხეს დედოფალს 14 იანვარს.

ნეშტნი მეფობისა და კარისა სამეფოისა ფიქრმორეულნი, ვიდოდნენ ვითარცა აჩრდილნი მთვარისა ღამისა. საუბარი მათი იყო ვითარცა ბგერა ზარისა, ჰაერისა მხოლოდ შემარყეველისა; საქმე მათი და დაწყობანი საქვეყნოთ, იყვნენ ვითარცა ქსელნი ბაბაჭუისა სუსტთა ბუზთათვის გაბმულისა და ქსოვილისა. შეყრილება მათი მოსაზღველად უმჯობესისა, დაბადებდა შფოთსა და უთანხმოებასა.

საბატიონი კაცნი შეირყნენ და დაეცნენ, ვითარცა სვეტნი შენობათა ძვრისაგან შერყეულნი და დაცემულნი. მაშინ ვითარცა მიძინებულთა განიღვიძეს, იხილეს და იგრძნეს მრავალთა უბედურობა თვისი მაშინ, ოდეს მწუხარებამან, ვითარცა მახვილმან განვლო გულთა მათთა. ურჩებამან დაბადა სინანული ესე; ჭამეს კაწახი და მოსჭრნეს კბილნი, _ სიტყვისამებრ წინასწარმეტყველისა. _ (თავი CXLIX).

რუსთა მთავრობა, რუსთა ენა, სჯული და წესი მათი დაშთა იმედად. იმედითა ამით სასოებს ქვეყანა განმტკიცდეს მშვიდობა, დაეცხროს მტერი შინა და გარე, მოეძიოს სამზღვარი თვისი ძველი, ჯერეთ თურქთაგან პყრობილი; განახლდეს ვაჭრობითი ერთობა, ვითარცა ძველად, ფინიკიელთა ტვიროს და სიდონისა, ფრიღიისა და კაპპადოკიისაა, მისირისა და ეგვიპტისა, ლიბანისა და ბაღდადისა, ლიბიისა და ბაკტრისა, სამარყანდისა და ინდოეთისა, ბიზანტიისა და ათინისა; აღყვავდეს სწავლა და ხელოვნება; დაფუძნდეს ძირმტკიცედ ქრისტიანობა მართლმადიდებლობითი მკლავითა მტკიცითა დაცული, კვალად შეიმკოს მეფობითი გვირგვინი ქვეყანისა, ვითარცა ქრისტეს ვენახისა, მეფეთა და წამებულთა ურიცხვთა სისხლითა მორწყულისა, და ესრეთ დიდებასა, სიმდიდრესა, ერთა სიმრავლესა და ქართველთა თემთა და ტომთა ერთობასა მოყვანითა განახლდეს ვითარცა ორბისა სიჭაბუკე მისი და მოიგონონ ძველნი სამეფოსათვის მოღვაწენი მეფენი. _ (თავი CL).

დიდი იყო აღრეულობა დროთა ამათ ამბოხისა და შფოთთა, და ამასთანავე დიდი სიცილი და შექცევა ქართველთა დიდთა და მცირეთა. არ ეკვირვებოდენ ამას მრავალნი და არცა ჰგონებდენ ამას უშვერად. ჭირსა და ლხინსა აერთებდენ. ესრეთ იყო მაშინ და ესრეთვე არს დღეს. ქართველთა ერი ძველი და მრავალთა ჭირთა და შეიწროებათა მნახველი, ადვილად მიიღებდა მწუხარებასა და ადვილად განიკურნებდა თავსა, ვითარცა ჭირნახადი. გავლილი ცეცხლსა, ვითარცა ბრძმედსა შინა, ოქრო იყო ნათლად და წმინდად საჩვენებელი: ქსერქსისავე დროსა 400 წლით წინათ ქრისტესსა, შეეჩვია სპარსთა უფლებასა და ჰქელავდა მათთანა ერთად ეგვიპტისა და ატტიკისა მთათა და ბართა, ვითარცა სწერს ღეროდოტი. ხმალი ქართველთა ღელავდა ომსა და ბრძოლასა პირისპირ მაკედონელთა დროსა გმირისა მეფისა მათის ალექსანდრესსა. შეჩვულნი არაბთა უფლებასა, ვერ დამორჩილდა მათ სრულითა მონებითა. მორჩილი ქრისტეს მცნებათა, იყო ურჩი ბერძენთა ანუ ბიზანტიისა იმპერატორთა, რომელნიცა იპყრობდენ ზღვისა შავისა პირთა, მოსცემდენ მეფეთა ქალთა და წარიყვანდნენ მეფისა ქალთა თვისთა სასძლოდ. ჩინგიზი და თემურლენგი უქცევდნენ ქართველთა მეფობასა და ქართველნი კვალად განახლდებოდნენ. მიძინებულნი მტერთა და უცხო ნათესავთა ზედა დასმისაგან, კვალად განიღვიძებდენ. პოლიტიკა შაჰ-აბაზისა ამოფხვრისათვის ქრისტიანობისა ქართველთა შორის, რომელთაცა მოსცემდა 200 წლისა განგრძობასა მეფეთა მაჰმადიანთა, _ დაშთა უნაყოფოდ. ხმალი ქართველთა ტრიალებდა ავგანისტანისა მთებზედ, ვაჟკაცობა მათი და გმირობა განაკვირვებდა სპარსთა და ყაენთა. ყანდაარი და ხორასანი ერიდებოდა მათ, ვითარცა კავკასიისა გმირთა. თვით ყაენი მოუწოდებდა ქართველთა მეფესა დასასჯელად მეამბოხეთა ავგანთა. თურქნი მეზობლად მოკრულნი ქართველთა, იშიშვოდენ შემოსვლასა შინა ქართლსა და კახეთსა შეუვალსა. ქართველთა ესრეთ მრავალ საუკუნობითა, გამოცდილთა და ცეცხლში ვითარცა პური გამომცხვართა, ვერ ერეოდა ვერცა შინაგანი, ვერცა გარეგანი მწუხარება. გაღელებული თავისუფლებითა და განლაღებული მთებითა, ეცინოდა ბედსაცა და უბედობასაცა. ქართველთა გამოსწოვეს ტვინი სპარსთა, შეჭამეს იმპერია რომისა, ვითარცა იტყვის პლინიოს, შეწამეს ბიზანტია და თვით დაშთა შეუჭმელად მათთვის, რომელნიცა ჰგონებდენ მათსა შეჭმასა.

მახესა დაგებულსა მტერთაგან, თვით მტერნი გაებნენ. საბრხე შეიმუსრა და ჩვენ განვერენით, _ იტყოდენ და იტყვიან ქართველნი დღედმდე, წერილისა სიტყვასა.

ესრეთი არს თვისება და ხასიათი ქართველთა ნათესავისა, ძველისა კაცთა ნათესავთა შორის. _ (თავი CLI).

მეფის ძე იულონ აღიარებდა თავსა თვისსა მეფედ შემდგომად ძმისა თვისისა გიორგისა. დარეჯან დედოფალი სიტყვითა და საქმითა და წერილითა რუსთა ღენერალთა თანა, მეცადინებდა მისსა დადგინებასა. ამისთვის მისწერა წერილნი ქალაქისა მელიქსა დარჩიას და ოთარ ამილახვარსა და კახეთსა, აღიარონ იგი მეფედ. ამასვე დროსა მოსწერაცა წერილი ბელოტიდამ, სადაცა სადგურებდა იგი, თვით ლაზარევსა. ლაზარევი ფრთხილი ჰყვედრიდა მას წერილითავე და სთხოვდა კათოლიკოსსა ანტონის აღუკრძალოს ქართლისა მღვდელთა მოხსენება მისი მეფედ. ამასვე დროსა 9 იანვარსა 1801 წელსა მისწერა წერილნი იულონსა, ვახტანგსა, მირიანს და ფარნაოზს მოვიდნენ თფილისს და მოისმინონ ბრძანება იმპერატორისა პავლესი დადგინებისა გამო მეფის ძისა დავითისა განმგედ საქართველოისა და არა მეფედ. გრამატა ესე მოიტანეს ს. პ.-ბურღით დესპანთა გიორგი ავალიშვილმან და ელიაზარ ფალავანდიშვილმან 8 იანვრსა. 14 იანვარსა წმინდისა ნინოს დღესასწაულის დღესა გამოცხადდა გრამატა ესე თფილისს და სცნესცა ყოველგან, გარნა არა მიიღეს არცა ბიძათა მისთა, და არცა დედოფალმან დარეჯან. „როდესაც დაიწერა გრამატა, მაშინ იმპერატორმან პავლე არ იცოდა გარდაცვალება მეფისა გიორგისაო _ იტყოდენ იგინი, _ და არცა იყო ცნობილი ჯერეთ ანდერძი განსვენებულისა ირაკლისა. მეფის ძენი იულონი, ვახტანგი, მირიან, ფარნოზ შეგროვდენ დუშეთს, აქედამ მივიდნენ მუხრანს და უნებდათ დაეგვირგვინებინათ მეფედ იულონ მცხეთას. ლაზარევმან, რჩვითა თვით მემკვიდრისა დავითისა, წარგზავნა მუნ 250 სალდათი. ამან დააბრკოლა განზრახვა მათი, ამისთვის წარვიდენ მარტყოფისა გზით კახეთსა და მუნით ბოდბესა. აქედამ მოუწოდებდენ ომარ-ხანსა და ლეკთა. მეფის ძე იოანე სდევდა მათ თვისისა და რუსისა ჯარითა. ლეკნი ვერ შეერთდნენ მათ და მეფის ძე ალექსანდრე, მაშფოთებელი ყაზახისა, ვეღარას ბედავდა. ესე იყო მიზეზი, რომელ მეფის ძენი იულონ და ძმანი მისნი წარვიდენ დუშეთისა გზით ქართლადვე და ამბოხებდნენ მუნ. მეფის ძემან დავით გამოსთხოვა ჯარი და აპირებდა თვით სლვასა და წარიყვანა ღენერალი ლაზარევიც დასამშვიდებელად ქართლისა და დასასჯელად მათ, რომელნიცა ღალატობდენ მას. მაშინ იულონ და ფარნაოზ გავიდენ 18 ფებერვალსა 1801 წელსა იმერეთსა და შეეხიზნენ სოლომონს.

გადასვლამან მათმან იმერეთად დაამშვიდა ქართლი მცირედ, მისცა დრო მეფის ძეთა მეფისა დასაფლავებისა, რომელიცა იქმნა 20 ფებერვალსა. მეფის ძე ალექსანდრე ჰგონებდა შეიწიოს მეფე სოლომონ სუსტი ძალითა, ანუ თურქნი, ანუ ლეკნი, ანუ სპარსთა ჯარი. ესე ყოველი დაშთა უნყოფოდ. ბრძანება დავითისა მრავლად განთესილი 15 იანვრიდამ ქართლსა და კახეთსა, დადგინებისა გამო მისისა განმგედ, აშინებდა მრავალთა, გარნა ვერ დაუმორჩილებდა დიდთა და მცირეთა. მომლოდინე თვით რეგალიისა სამეფოისა, არა ინებდა მეფედ წოდებასა და არცა აძლევდა ნებასა ღენერალი ლაზარევი მოსვლადმდე იმპერატორისა სურვილისა და განჩინებისა. ლაზარევი სძაგდა მეფის ძეს დავითს და თვით ლაზარევს არ უყვარდა დავითი, მოძულე მისი და მაყვედრებელი მრავლად უშვერთა რომელთამე საქმეთათვის.

დროთა ამათ მოიყვანეს მარტყოფით პყრობილი სიონის დეკანოზი იოანე ოსეშვილი, ერთგული მეფის ძისა ვახტანგისა და სტუქსეს დიდად, რომელ დაუტევა მოვალეობა თვისი და ლტოლვილი დუშეთს, ერეოდა ქვეყნისა ორგულობასა.

მრავალთა მეცადინებითა თვით დედოფლისა დარეჯანისა, გამოიყვანეს საპყრობილით დეკანოზი იოანე და იხილა თვით დედოფალმან. ამიერიდგან არღა იქმნებოდა დედოფალი დუმილითა. სწერდა ყოველგან წერილთა, მიუხდველდ, რუსთა ჯარისა, გაამეფონ იულონ ანუ ითხოვონ რუსთაგან დამტკიცება იულონისა მეფედ. ამას იტყოდა და სწერდა დაუცხრომელად.

დედოფალი განფიცხდა უმეტეს მაშინ, ოდესცა რუსთა ღენერალი არ აძლევდა ნებასა, რათა წარსულიყო თფილისით სოფლად შვილთა თვისთადმი და არცა უშვებდენ შვილთა მისთა დედისადმი ჯარით მომავალთა მისსა წასაყვანად. მხოლოდ მეფის ძე მირიან იყოფოდის მისთანა ოდესმე. სიტყვითა მისითა აშფოთდა კახეთი, გადვიდენ იულონისაკენ ბოდბელი იოანე და დიდნი თავადნი. ესენი ითხოვდენ რუსთა ღენერლისაგან იმპერატორისა უფლებისა ქვეშე მეფესა და მოსწერესცა წერილი, რათა უმეტეს 1000 წლისა ჰყოლიათ მეფე ბაგრატიონთა გვარისა, რომელთაცა მათთან ერთად იყვნენ ქვეყანისათვის თავდადებულნი, წმინდანი და მოწამენი და რათა არ მოეღოსთ მათ მეფე.

განმგემან მეფობისა, მიწერითა კათოლიკოსისადმი, ჩამოართვა მღვდელმთავრობა ამბროსი ნეკრესელსა და სტუქსა ნიკოლოოზ ხარჭაშნელი. მასვე დროსა შეიპყრეს და მისცეს პყრობილებას ოთარ ამილახვარი, ვითარცა მოურავი გორისა და ივანე ამილახვარი, არქიმანდრიტი ბარსანოფე ავალიშვილი, ნათლისმცემლის უდაბნოსა შინა მყოფი, ელევთერი მღვდელი, იოსებ ჭავჭავაძე და თვით დავით ალექსიშვილი, რექტორი თელავის სემინარიისა.

დესპანნი გიორგი ავალიშვილი და ელეაზარ ფალავანდიშვილი წარსულნი თფილისით 20 იანვარსა და 12 სხვანი, _ დაშთენ ქართველთა საუბრად და გამოცანად: „რაი უნდა შეუდგეს ქვეყანისა მდგომარეობასაო?“ _ მოლოდინი კახელთა და ქართლისა ითხოვდა მეფედ იულონსა ანდერძისამებრ ირაკლისა; განმგე დავით თვისსა სამეფოისა რეგალიასა, ვითარცა ადრევე აღსარებული მემკვიდრედ თვით რუსეთისაგან და თვით კნორრინგი და ლაზარევი (ცდილობდენ) დამშვიდებისათვის ქვეყანისა გუბერნიისა გახსნასა, ყოვლადობით რუსეთისა მმართველობისა დადგინებასა და სამეფოისა სახლისა წევრთა კაცთა და ქალთა გარდაყვანასა რუსეთად, _ დაწყნარებისათვის და განქარვებისათვისვე ამბოხისა ქართველთაგან.

ჰაზრი ესე დაბოლოებითი იყო რუსთა განმგეთა აქა და მასვე ჰაზრსა შეუდგნენ მრავალნიცა ქართველთაგანნი, მტერნი მეფისა სახლისა. _ (თავი CLII).

ესრეთსა მდგომარეობასა შინა მოსრული ქვეყანა ელოდდა პატრონსა. მეფის ძენი იულონ, ვახტნგ, მირიან, ალექსანდრე, იოანე და ბაგრატ დაიყვნენ: თვითოულსა ამათგანსა ჰყვანდნენ ოც-ოცნი დიდთა კაცთაგანნი მხლებელნი. ერთი წილი, განსრულთა ერთობისაგან, ერიდებოდა მეორესა; ერთი მეორესა ეწინააღმდეგებოდა; ერთი მეორესა ეცინოდა. ვიეთთამე უნებდათ მეფედ იულონ, ვითთამე დავით, ვიეთთამე სურდათ აღსრულებულიყო მეფისა ირაკლისა უგვანი ანდერძი დასაღუპავად ქვეყანისა შედგენილი. ანდერძითა ამით უნდა მისცემოდა მეფობა პირველად იულონსა, მერეთ ვახტანგსა, მერეთ მირიანსა, მერეთ ალექსანდრეს, მერეთ უკანასკნელს შვილსა ირაკლისსა ფარნაოზს. _ შემდეგ ამათსა უნდა გარდასულიყო გვირგვინი მეფობისა მეფისა გიორგისა შვილებზედ ე. ი. პირველად უნდა მისცემოდა მეფობა დავითს, მერეთ იოანეს, მერეთ ბაგრატს, მერეთ თეიმურაზს, მერეთ მიხაილს და სხვათა. შემდგ ამათსა მეფობა უნდა გადასულიყო იულონის შვილზედ, მერეთ ვახტანგისა შვილზედ და სხვა.

იტყვიან, ანდერძი ესე შეადგინა ოსეფა ყორღანაშვილმანო და იყო თანახმა თვით დედოფალიცაო. დარეჯანს დედოფალსა მხოლოდ სურდა დასამშვიდებელად შფოთისა თვით ემეფა, ვითარცა იყო ოდესმე რუსეთსა იმპერატრიცა ეკატერინა მეორე.

მეფესა გიორგის სხვაცა აქვნდა ანდერძი მამისგან დაწერილი. ამა ანდერძითა ირღვეოდა ანდერძი, გამოცხადებული დარეჯან დედოფლისაგან. ესე იყო მიზეზი, რომელმანცა დაბადა შფოთი ძმათა შორის და გადაუყენა ერთგულობიდამ მრავალნი. ესრეთ, რომელ დიდისა მეცადინებითა მეფის ძემან თეიმურაზ დაუახლოვა მემკვიდრესა დავითს სიმამრი თვისი სარდალი ოთარ ამილახვრიშვილი. ესე ოთარ, ადრითვე ემდუროდა მეფის ძესა დავითს, რომელიცა იყო დანიშნული მისსა ქალზედ და არღა დაიწერა მასზედ ჯვარი. გარნა შემდეგ მისცა საპყრობილესაცა დროებით, სხვათა თანა, და ესრე იქმნა მიზეზად, რომელ მეფის ძე თეიმურაზ, სიძე ოთარისა, გაიქცა სპარსეთსა და ეახლა ყეენსა. _ (თავი CLIII).

უთანხმოებისა დროთა ამათ ქალაქი თფილისი ღელავდა. გაჩნდნენ მეამბოხენი, რომელთაცა ზოგთა სურდათ რუსნი, ზოგთა უნებდათ მემკვიდრე დავით, ზოგტა არცა იულონ და არცა სხვანი, ზოგთა უნებდათ იყვნეს აღრჩევით მეფე მიუხედავად პირმშოობისა; და ვიეთთამე დასაწყნარებელად შფოთისა სურდათ მეფედ დედოფალი დარეჯან.

იოანე სარდალი, განღვიძებული სხვათაგან და დამშვიდებული მეფის ძის იოანესაგან და ალექსანდრე მაყაშვილისაგან, მივიდა და წარსდგა დავით მემკვიდრესთან და მოახსენა: „ბატონიშვილო და ბიძავ! ნუ ჰკარგავ მეფობასა, მიბრძანე და გამოუცხადებ რუსისა აქა ჯარსა წარვიდეს რუსეთად და თუ არა იქმს რუსისა ღენერალი, ადვილია მისი აქდამ განდევნა. დავიცვათ მეფობა და განვამტკიცოთ მეფობითი სახელი ჩვენი. როგორც გვიმეფნია, ისვე ვიმეფოთ“. მეფის ძემან დავით, მიუთხრა ესე ამბავი ღენერალსა ლაზარევსა და კოვალენსკის. მათ დაიბარეს იოანე სარდალი და გამოჰკითხეს ესე. სარდალმან აღიარა, არა ბრალი თვისი, არამედ სიტყვა თვისი. „მე მოვახსენეო, _ იტყოდა სარდალი, _ დავითს ჩემი რჩევა დასაცველად მეფობისა, ნიშნად ერთგულობისა, ვითარცა ფიცით შეკრული მეფეთათვის ქართველთა. რადგანაც არა სურს მას დავითს მეფობა, როდესაც მივსცემ ფიცსა რუსეთისა იმპერატორსა, ვექმნები ერთგული და მოვკვდები მისთვის ერთგულობაშიო“. _ ესე იკმავეს ღენერალთა რუსეთისა. სარდალი იოანე ამიერიდგან უკუ-უდგა მემკვიდრესა დავითს. არღა გაერია არა რასამე საქმეში, არცა შევიდა იმა შეთქმულობაში, რომელიცა ჰქნეს თავადმან დუცალ ბარათაშვილმან და სხვათა. დასარღვეველად ესრეთისა შეთქმულობისა და სხვათა შფოთთა დასაწყნარებელად განეფინა საქართველოს მიწერილი ყველგან შემდეგი ეპისტოლე:

„ბატონნო საქართველოს თავადნო და აზნაურნო! თქვენი მუჯალობა გვებოძა და მართებული ესე იყო, რადგან მეფე გიორგი მიიცვალა, აქა შემოყრილიყავით და გეტირნათ, წაგეხურათ და მერე დიდნი დიდად შეყრილიყავით და მცირენი მცირედ და საზოგადო ქვეყნისა კეთილმდგომოობა გამოგერჩიათ. ამ ჟამად ზოგიერთნი სხვანი და როსტომ ბეგთაბეგიშვილი, ელიზბარ თუმანიშვილი და დუცალ (3) შეგიყრიათ და რესპუბლიკის თავად გაგიკეთებიათ. აბა სად მივიდეთ. ეს თქვენის კეთილშობილებისათვის დიდად აუგია და სათაკილო. თუმცაღა ჩვენ ქართველთა მეფე გვყოლია, მაგრამ ოდესმე საბერძნეთის ყმანი ვყოფილვართ და ოდესმე სპარსეთისა, და ახლა მეფე თეიმურაზმან, მეფე ერეკლემ და მეფე გიორგიმ ეს ქვეყანა რუსეთის ხელმწიფეს მისცა. დაგიჟინიათ მეფის ერეკლეს ანდერძზედ დავდგეთო. მეფე ერეკლემ დასტოვა თავისის ანდერძის დამარღვეველი ანდერძი, რომელიც მეფეს გიორგის მისცა, ის ანდერძი გარსევანმა წაიღო იმპერატორთან. მოიცადეთ, ნუ აჩქარებულხართ, ნურც თქვენს სოფლებს ახდენთ, და ნურც ჩვენი ბატონიშვილების ოჯახს აქცევთ და სისხლს უგდებთ ერთი ერთმანეთში. რაც იმპერატორის ნება და ბრძანება მოვა, თქვენც იმაზედ დასდექით, და ჩვენც იმის პირდაპირი, ხომ იცით, არავის შეუძლიან. და მერმე ერთი რამ რომ გარდამავალობა ვქმნათ და ძალით გვაქმნვინონ, სირცხვილი იქმნება საზოგადოებისათვის, ჩვენი რჩევა ეს არის და ახლა ნება თქვენია იანვრის ია (11) ქ(ორონიკონ)ს უპთ (489) (4).

(ბეჭედსმულია _ ვახტანგ, იოანე, ზაალ მორდალი, სოლომონ) _ (თავი CLIV).

მეფის ძე და მემკვიდრე დავით, ვითარცა რეგენტი ანუ განმგე საქართველოისა ელოდდა წერილთა თვისთა მიწერილთა იმპერატორისადმი პავლესა, პასუხთა. შესული, რეცა სრულსა განმგეობითსა ძალსა, იქმოდა სამართალსა, მიიღებდა მოჩივართა და უძღვიდა სამეფოსა. განრისხებულმან ვიეთთამე გვამთა ზედა ვითამცა ურჩთა, ბრძანა და მისცა საპყრობილესა სარდალი ოთარ ამილახვარი და სხვანიცა. ამათ შორის იყო თვით უუგონიერესი სოლომონ ლიონიძე. ესე თვით საპყრობილესა შინა არა დასცხრებოდა სიტყვითა და თქმითა გლოვითითა: „დავითმან დაღუპა ოჯახი მეფეთა, გამოსჭრა ყელი მეფობასა და დაამცირა ერი თვისი და თვით თავი თვისი“. დასადუმებელად მწარედ მოუბარისა ენისა ამის ურჩივეს მემკვიდრესა დავითს, მისცეს მას შემთხვევა ლტოლვისა საპყრობილიდამ. მაშინ მიუჩინეს იდუმალ კაცნი და აღუთქვეს გააპარონ იგი იმერეთსა. ეთანხმა სოლომონ ლიონიძე, გამოვიდა იდუმალ ციხიდამ და წარვიდა ქუთაისს და შეეხიზნა იმერეთისა მეფესა სოლომონს.

ვუწოდებ მას, პატიოსნებისა გამო მაღალისა დროთა ამათ, ფაბრიციოდ ქართველთა; და ვითარცა მტკიცე და შეურყეველი, იქმნა ნამდვილ ქართველთა ერისა ისტორიისა კატონად. _ (თავი CLVIII).

შეერთების რესკრიპტი

14 ფებერვალსა მოვიდა რუსეთით ორი რესკრიპტი იმპერატორისა პავლესი: ერთი ქართველთა სახელზედ და ერთი სახელსა ზედა დავით მემკვიდრისა, ესრეთ ქართულად თარგმნილი მასვე დღესა (5):

რ ე ს კ რ ი პ ტ ი 1
„წყალობითა ღვთისათა ჩვენ პავლე პირველი იმპერატორი და თვითმპყრობელი ყოვლისა როსსიისა და სხვათა.

ადრით დროთაგან საქართველოისა სამეფო შეჭირვებულიყო უცხო თესლთაგან, რომელთაცა მეზობლობით განელიათ ძალი დაუცხრომელითა ბრძოლითა საკუთარითა დამცველობისა თავისა თვისისათა და განმხილველნი განულტოლველობისა შედგომილებაი აქვნდათ უბედურად. ამასთანავე შეერთდა უთანხმოება სახლსა შინა სამეფოსა სამუქაროი სრულყოფად დაცემისა სამეფოისა და ამისდა იშვა ურთიერთარს შორის ბრძოლაი, მეფემან გიორგი ირაკლის ძემან იხილა მოახლოვება დასასრული ღვთისა (თუ: სიცოცხლისა?) თვისისა. ჩინებულნი გვამნი და თვით ერი საქართველოისა მოლტოლვილი იქმნეს საფარველსა ქვეშე ჩვენსა და არა რაიმე განიხილეს განრინებისათვის თვისისა დაუსრულებელისაგან წარწყმედისა და დამორჩილებისადმი მტერთა თვისთა, ითხოვეს წარმოგზავნილთა მიერ ელჩთა სხვისა (თუ: სრულისა?) ძალისა მქონებელთაგან (რუს. полномочные) უსაშვალოდ, მონებაი იმპერატორისა ყოვლისა რუსეთისა ტახტისა. ამისთვის ყურად-ვიღევით თხოვა მათი მებრ-თან-შობილისა მოწყალებისა ჩვენისა ერთმორწმუნეთა ერთა ზედა. და სამარადისოთა ზრუნვითა სარგებლობისათვის საქართველოსა ერთასა, განვსაზრეთ ჩვენ აღსრულება სურვილისა მეფისა გიორგისა ირაკლისა ძისა და ერისა თვისისა. და ამისთვის ვბრძანეთ რაოდენ დაპყრობისათვის შინაურისა დაწყნარებისა, ეგოდენ გარე მოზღუდვისათვის მისივე გარეგანთაგან დაცემათა და ვუბრძანეთ შეყვანება მხედრობისა ჩვენისა საპყრობელოსა (რუს. держава) საქართველოსა და ამით გამოუცხადებთ იმპერატორულისა ჩვენისა სიტყვითა ვითარმედ შეერთებისაზე სამეფოსა ქართლოსისა საუკუნოობითითა დროითა, მპყრობელობასა ქვეშე ჩვენსა. არა თუ ოდენ დატყვევებულ იქმნებიან (საყვარელ სიმრთელესა შინა დაცვისა ჩვენისასა კანონნი მათნი) საყვარელ სარწმუნოითა ახალნი ყმანი ჩვენნი სამეფო ქართლოსა და სამფლობელონი მისნი; არამედ წარმატებულება და საკუთრად სჯულიერი თითოეული შესაბამობა, რომლისაგანცა თვითოეულსა დროსა დანიშნულება შედგომილება ერისა სამფლობელოსაცა აქვს სარგებლობად ყოვლითა მით კანონითა, რომლითაცა რუსეთისა ძველნი ყმანი წყალობითა ჩვენითა წინაპართათა და ჩვენითა დატკბებოდნენ თავისუფლებითა და წამატებულებითა საფარველსა ქვეშე ჩვენსა. სხვებრ ვეგებით რწმუნებულნი, ვითარმედ ესე ახალნი ყმანი ჩვენნი და შემდგომნი ძენი მათნი დაცულ იქმნებიან შეურყეველითა დარწმუნებითა ჩვენთა და მოსაყდრეთა ჩვენთაგან და ვიმედოვნებთ, რომელ იქმნებიან მცდელ ერთგულებისა ჩვენისა და სარგებლობისა იმპერიისა ჩვენისა ყოვლისა უმაღლესისა განზრახვითა და მონარქიულისა კეთილმნებებელობისა ჩვენისა. გამოცხადდა სანკტპეტერბურღსა შინა წელსა 1801 იანვრის 18 დღესა. წელსა მეფობისა ჩვენისა 5 და დიდისა მაგისტრობისა ჩვენისა წელსა 3.

პ ა ვ ლ ე“.

რ ე ს კ რ ი პ ტ ი 2.
„უფალო ღენერალ-ლეიტენანტო, მეფის ძეო დავით! წერილნი თქვენნი ოცდა ოთხით და ოცდა რვით დეკემბრით ჩვენგან მირებულ იქმნეს. თანა აძს უწყებად უგანათლებულესობასა თქვენსა თხოვა ნეტარხსენებულისა მამისა თქვენისა, დიდებულთა და ერთა საქართველოსათა ჩვენდამი გამოცხადებულისა მიღებისათვის სამეფოსა საქართველოსასა საუკუნოობითსა მონებასა შინა იმპერიისა ჩვენისასა, რომლისათვისცა გამოცხადებულ იქმნების ნება ჩვენი მდებარითა ამას უკვე წერილსა შინა გამოცხადებულითა მანიფესტითა, რომელნიცა თვის (სიც) ეყვიან პატივცემულსა გვამსა თქვენსა, წარმოგზავნილთა აქდგან სრულისა ძალისა მქონებელთა საქართველოსა დესპანთა ძალ-ედვათ უწყებად თქვენდა წინადადებულთათვის ჩვენთა, რომელთაცა შინა ჰპოებთ თქვენ საკუთარსა მტკიცედ დამტკიცებასა მზრუნველობისა ჩვენისასა თქვენდამი, ვით თქვენთვის, ეგრეთვე საზოგადოდ კეთილობისათვის საქართველოისა განკუთვნილთა მოწყალებითა, თქვენდამი კეთილმნებებელობითა.

პ ა ვ ლ ე“.

რესკრიპტი პავლესი წარიკითხეს სიონისა ეკკლესიასა შინა. შემდგომად წირვისა აღსრულებულისა არსენი თფილელისაგან. კათოლიკოსმან ანტონი აღასრულა პარაკლისი. მუნ დაესწრნენ მეფის ძენი: დავით, იოანე, ბაგრატ, მიხაილ და სარდალნი სამეფონი და მოხელენი. მასვე დროსა იმპერატორმან მოსწერა ღენერალსა კნორრინგსა, რათა სიმტკიცისათვის ერთგულობისა, წარგზავნოს ს. პ. ბ. ქართველთაგან დეპუტატნი, დასაფიცებელად მათისა მუნ. _ (თავი CLIX).

მეფის ძე დავით, დაშთომილი განმგედ საქართველოისა, ვითარცა მოადგილე იმპერატორისა, განაგრძელებდა მოქმედებასა თვისსა დაწყობისათვის ქვეყანისა. მეფის ძენი (6) იოანე, ბაგრატ და მიხაილ წარვიდნენ რუსეთად და გზაზედ გიორგიევსკის სცნეს გარდაცვალება იმპერატორისა პავლესი 11 მარტსა 1801 წელსა. მოვიდა ამბავი ესე თფილისსა და შემოვიდაცა თფილისს დასაწყობელად საქმეთა და დასაცველად სამეფოისა საქართველოისა ღენერალი კარლე თეოდორეს ძე კნორრინგი 9 აპრილს, 1802 წელსა. ამან იხილა დიდი და დაუბოლოებელი აღრეულობა ქართველთა და მოახსენა იმპერატორს ალექსანდრე პირველსა მდგომარეობა ქვეყნისა. ალექსანდრე, მზრუნველი ქვეყნისათვის, ჰგონებდა რუსთა ჯარისა შემოსვლითა შფოთთა დაცხრომასა. კნორრინგმა კვალად მოახსნა დაუცხრომელობა ამბოხთა, უსურველობა ქართველთაგან თვისთა მეფის ძეთა და წადილი დიდთა და მცირედთა, რათა განცხადდეს საქართველოსა შინა ყოვლადი მმართველობა რუსეთისა. რუსთა დაადგინეს დავით და განხსნეს მმართველობა დროებითი, სადაცა ისხდნენ ღენერალ-მაიორი ლაზარევი და თავადნი: ზაალ ბარათოვი, იოანე ჩოლაყაევი, სულხან მდივანი თუმანოვი და ეგნატი მდივანი თუმანოვი.

მაშინ იმპერატორმან ალექსანდრემ გამოსცა მანიფესტი, რომლითაცა საუკუნოდ შეერთდა საქართველო რუსთა იმპერიასა. მანიფესტი ესე მაშინვე ითარგმნა ქართულად და დაიბეჭდაცა. აჰა თვით ნამდვილი რუსულად და ქართულადაცა თარგმნილი (მოგვყავს ქართული თარგმანი):

წ ყ ა ლ ო ბ ი თ ა ღ ვ თ ი ს ა თ ა ჩ ვ ე ნ
ალექსანდრე პირველიი მ პ ე რ ა ტ ო რ ი დ ა თ ვ ი თ მ პ ყ რ ო ბ ე ლ ი
ყ ო ვ ლ ი ს ა რ უ ს ე თ ი ს ა

და სხვათა, და სხვათა, და სხვათა.

განუცხადებთ ყოველთა საქართვლოისა სამეფოსა შინა მყოფთა ვისდამიცა სათანადო არს ცნობად მისთვის.

მფარველობა და უზენაესი ხელმწიფება რუსეთისა იმპერიისა სამეფოსა ზედა ქართველთასა, სდებენ მარადის ერთ მთავართა ზედა როსიელთასა, ვალსაცა ხელისა აპყრობისასა. ჩღჟვ (1796) წელსა პირისპირ ძლიერად დაცემისა თქვენზედა აღა-მაჰმად-ხანისა ღვთისადმი განსვენებულმან დიდმან ხელმწიფა იმპერატრიცა ეკატერინა ალექსეევნამ წარგზავნა ნაწილი მხედრობათა თვისთა. ესე ოდენი წარმატებაი, მაშინ არა თუ ოდენ განარინებდა საქართველოისა სამეფოსა, არამედ ბედნიერებითი დაპყრობა ყოველთა სამფლობელოთა და ერთა კიდურსა ზედა კასპიის ზღვისასა მდებარეთა ვიდრე მტკვრად და არეზადმდე, შემოგზღუდვიდენ თქვენ ყოველთა საშიშოთა გამო; დაშთებოდა ოდენ შინაგანითა კეთილ დაწესებითა დამყარება კეთილდღეობისა თქვენისა საუკუნოდ. გარნა მეყვსეულად მსწრაფლ მოწევნითმან გამოსვლამან რუსეთისა მხედრობისამან სპარსეთით, სომხითით და საზღვრით გამო თქვენით აღმოფხვრა სამართლიანი ლოდინი თქვენი. შემდგომად ყოველმან თქვენ მიერ მოთმენილმან განსაცდელმან, მოსვლამან სხვათა სარწმუნოებისა ერთამან, დაქცევამან ქალაქთა და შენობათა, და მონებამან და წარზიდვამან მამათა, დედათა, ცოლთა და შვილთა თქვენთა; უკანასკნელ უთანხმოებამან მეფისა სქესთამან (უფრო სწორად: საგვარეულოთამან, რუს. царской фамилии) და განყოფამან ერთა სხვათა და სხვათა მეფობისა ღირსებისა მეძიებელთა შორის მიგზიდნეს თქვენ ურთიერთისა საბრძოლველად. გარემოსნი თქვენნი წარმტაცნი ერნი იყვნენ მზა დაცემად სამეფოსა ზედა თქვენსა და დაუსჯელად განგლეჯად დაშთომილთა მისთა. შეერთებითა ყოვლისა მის ბოროტებისათა არა თუ ოდენ ერი, არამედ თითქმის სახელითა ქართლოსანთა (ე. ი. სახელიცა ქართველი ხალხისა, რუს. и имя народа грузинскаго) პირველივე გულოვნობითა დიდებული ყოველსა აზიასა შინა, აღიფხვრებოდაცა პირისაგან ქვეყანისა, მდგომელნი უფსკრულსა ამას შინა არა ერთგზის უწოდდით თქვენ მფარველობასა როსსიისასა. შესვლამან სპათა ჩვენთა და დაწყვლამან ომარ-ხან ავარიისა დააყენა წარწყმენდა თქვენნი. შეაძრწუნნა ყოველნი წარმტაცნი კავკასიის მთათა აღმავსებელნი, და იგინიცა რომელნიცა ჰკრეხენ (ე. ი. არბევენ, ძარცვავენ, რუს. раздирают) სამფლობელოსა სპარსეთისა და დიდისა სომხითისასა; დამყუდრდა შორის თქვენსა მიმგვრიობა (რუს. крамолы) და თქვენ ყოველთაცა ერთსულობითა და დღესასწაულობითა ღაღადჰყავით, რათა ხელმწიფება რუსეთისა გმართებდესთ თქვენ უსაშვალოდ. ჩვენ აღსრულთა ყოვლისა რუსეთისა საყდარსა ზედა ვჰპოეთ სამეფო საქართველოისა, შეერთებული რუსეთისადმი, რომლისათვისცა გამოცხადება იყო უკვე იანვრის იჱ (18) დღესა წელსა ჩყა (1801), საყოველთაოდ ცნობისა; მიმწთომან მდგომარობისა თქვენისა, და მხილველმან ვიღარმედ ღონიერება და ყოფნა რუსეთისა მხედრობათა საქართველოსა შინა იპყრობს მხოლოდ იგი დათხევასა ჩვენთა ერთსარწმუნოთასა სისხლსა და ნამდვილსა წაწყმედასა განმზადებულსა თქვენთვის სხვათა ნათესავთა მესაზღვრეთა თქვენთა ერთაგან, _ და ვისურვეთ ჩვენ გამოცდა, ვალად არს შეძლება აღდგინებად პირველისა მმართებელობისა მფარველობასა ქვეშე ჩვენსა და მით დაცვად თქვენდა უშიშრებასა და განსვენებასა შინა. _ გარნა უახლოესმან გამოძიებამან ამისმან მიგვიზიდნეს ჩვენ, ვითარმედ პირად პირადი ნაწილი საქართველოს ერისა, თანასწორ უძვირფასესი ჩვენთვის კაცობრიობისა ძლით, იშიშვის სამართლად დევნულებისა და ნაცვალგებისა მის, რომელიცა მეძიებელი მეფობისა ღირსებისა შეიძლებდაცა მიწდომასა ხელმწიფებისა მისისასა; ვინაიდგან პირისპირ ყოველთა მათ უფროსმან ნაწილმან ერთაგან ესოდენ ცხად-ჰყო თავი თვისი; მხოლო მან ეჭვმან და შიშმან შესადგომელთა ამათ ჰშვა განუსვენებელობა, და უცილობელად იქმნებოდაცა წყაროდ ურთიერთისა შორის სისხლთ მთხეველობისა; გარდა ამისა მმართებლობამანცა მეფობასა შინა მეფის ირაკლისასა, რომელმანცა სულითა და ღირსებითა თვისითა შეაერთა ყოველი ხელმწიფებასა ქვეშე თვისსა, ვერ ხელიეწიფა (sic) დამტკიცება ვერცა გარეგანისა და ვერცა შინაგანისა უშიშროებისა. პირისპირ ესოდენ გზის მიგზიდნათ თქვენ ფსკერსა შინა ბოროტებისასა, რომლისა კიდურსა ზედაცა დღეს სდგეხართ თქვენ, და რომელსა შინა ყოველთა გამოხატვათამებრ გშვენისთ თქვენ შთაცვივნა, უკეთუ ძლიერი ხელი მართლისა ხელმწიფებისა არა შეგიპყრობსთ თქვენ დაცემისა ამისაგან. ძალმან გარემოებათა ამათ, ზოგად ამის ძლით გრძნობამან თქვენმან, და ხმამან საქართველოისა ერისამან, მოგვიზიდნეს ჩვენ, არა დაუტეოთ და არა მივსცეთ მსხვერპლად განსაცდელისა ენა ერთმორწმუნეთა, მომცემელთა ხვედრისა თვისისა დიდ სულისა რუსთისა საფარველისადმი. განღვიძებული იმედი თქვენი არა იქმნების მოტყუებული ამ გზის. არა აღორძინებისათვის ძალთა, არა ნივთათათვის, არა განვრცელებისათვის საზღვართა, და ესრეთცა უკვე ვრცელისა ქვეყანასა ზედა იმპერიასა შინა, მივიღებთ ჩვენთვის ზედა ტვირთსა საქართველოს სამეფოსა მართებელობისასა. მხოლოდ პატივი და კაცობრიობა სდებენ ჩვენზედა საღმრთოსა ვალსა. მსმენმან ვნებულთა ვედრებისა განსადევნელად შეჭირვებათა მათთა დავაწესო საქართველოსა შინა მმართებლობა, რომელსაცა ეძლოსცა დამყარება მართლმსაჯულებისა, ნივთისა და საქონლისა უშიშროებისა (ე. ი. პირადი და ქონებრივი უსაფრთხოებისა, რუს. личную и имущественную безопасность), და მიცემად თვითოეულისა დაცვა სჯულისა (ე. ი. კანონისა, რუს. закона). ხოლო ამისათვის გამომრჩეველმან ჩვენისა ღენერალ-ლეიტენანტისა კნორრინღისა, რათა იყოს უპირატეს მმართებელად თქვენ შორის, მივეცით ჩვენ მას სრული მოძღვრება გამოაცხადოს მმართებლობა ესე საკუთრად სახელითა ჩვენითა და მოიყვანოს ძალსა და მოქმედებასა შინა ჩვენ მიერ დათხზული განწესებაი, რომლისა სრული საყოფელადცა უზიარებთ (ე. ი. რომლისა აღსრულებისთვისცა თანავაზიარებთ, რუს. к исполнению коего приобщая) თქვენ მიერ ღირსებათა და საზოგადოდ ნდობათამებრ გამორჩეულთა, ვსასოებთ, ვითარმედ თქვენ მორწმუნენი მმართებლობისა ამის უეჭველად სიგრილისა ქვეშე მის დასაბამსავე მოიპოვებთ განსვენებასა და უშიშროებასა და შემდგომად, კეთილდღეობასა და უხვებასა.

ყოველნი ხარკნი თქვენისა ქვეყანისანი, ვუბრძანებთ ჩვენ, რათა მიაქციონ სასარგებლოდ თქვენდა და რაიცა სახარჯოდ მმართებლობისა დარჩების აღსადგინებელად დაქცეულთა ქალაქთა და შენობათა. თვითოეული დარჩების უპირატესობათა თანამდგომარეობისა თვისისათა, თავისუფლად და შეუხებელად სარწმუნოებისა და საკუთრისა თვისისა თან. მეფის ძენი დასცვენ (უფრო სწორად: შეინარჩუნებენ, რუს. сохранят) მამულთა თვისთა, გარდა განშორვებულთა, და განშორვებულთა მათ მიეცემისთ მამულთა თვისთა გამოსავალი ყოველ წლივ თეთრად, სადაცა იქმნებიან იგინი, ოდენცა სცვიდენ ვალსა ფიცისასა. _ ნაცვლად დიდსულობითთა ზრუნვათა ამათ ჩვენთვის, ვითხოვთ ჩვენ თქვენგან, რათამცა თქვენ დამტკიცებისათვის თქვენზედ დაწესებულისა ხელმწიფებისა ჰყოთ ფიცი ერთგულებასა ზედა, ამასთანა მდებარისა სახისამებრ. სამღვდელოთა ვითარცა მწყემსთა სულისა თანა პირველად შვენისთ მიცემა მაგალითისა.

უკანასკნელ, რათა სცნათ თქვენ ფასი კეთილად მმართებლობისა, რათა დაეშენოს შორის თქვენსა მშვიდობა, მართლმსაჯულება, რწმუნება, ვითარცა ნივთთა, ესრეთვე საქონლისაცა (ე. ი. პირადი და ქონებრივი), რათა მოისპოს თვითმმართებლობაი (უფრო სწორად: თვითნებობაი, რუს. самоуправство) და მხეცებრივი უთანხმოება, რათა იქცეოდეს თვითოეული უმჯობესთა სარგებელთა თვისთა და საზოგადოებისადმი თავისუფლად დაუბრკოლებელად, შრომის მოყვარებდეს მიწისა მუშაკობასა, განზრახვათა (უფრო სწორად: რეწვათა, მრეწველობათა, რუს. в промислах), ვაჭრობათა და ხელთსაქმეთა შინა, საგრილსა ქვეშე სჯულთა (ე. ი. კანონთა, რუს. законов) ყოველთა თანასწორ მფარველთასა. ნაშთი და კეთილდღეობა თქვენი იქმნების მხოლოდ ჯილდოდ ჩვენთვის. მიეცა საყდროსანსა ქალაქსა მოსკოვს სეკდემბრის იბ (12) დღესა ჩყა (1801) წელსა.

ნამდვილზედ ქვემო წერილ არს, საკუთარითა ხელითა მათისა იმპერატორების დიდებულებისათა ესრეთ:

ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე“.
(ადგილი ბეჭდისა) _ (თავი CLX).

მანიფესტისა ამის გამოცემისა დროსა, დაესწრნენ მოსკოვსა დესპანნი, მეფის გიორგისავე გაგზვნილნი გიორგი ავალიშვილი და ელიაზარ ფალავანდიშვილი. მუნვე იყვნენ 12 დეპუტატად ქართველთაგან მისრულნი თავადნი და აზნაურნი გიორგი თუმანიშვილი (7), გიორგი ერისთვიშვილი (8), გლახა ვაჩნაძე, ოთარ ქობულიშვილი, აბესალომ ბებუთოვი, გაბრიილ რატიშვილი, რომელიცა ახლდა იოანე მეფის ძეს, იაია ავალიშვილი, ძმა გიორგი ავალიშვილისა, იოანე მაღალოვი; პავლე წინამძღვრიშვილი, დავით ზანდუკელი, გიორგი ოქრომჭედლიშვილი, ნიკოლოოზ ონიკოვი.

ამათგან ორთა გიორგი ავალიშვილმან და ელიზარ ფალავანდიშვილმან იმპერატორისა ბრძანებითა წარმოიღეს საქართველოდ მანიფესტი ესე, რათა მიართონ მემკვიდრესა დავითს I საცნობელად ქართველთა. _ (თავი CLXI).

მასვე დროსა კნორრინგმან, განმგემან საქართველოისა გამოსცა ქართულად დაბეჭდილი თფილისს თვისი გამოცხადება ქართველთადმი შემდეგი:

„მისის იმპერატორებითისა დიდებულებისა თვითმპყრობელისა ყოვლისა როსიისა ღენერალ-ლიტენანტი, კავკასიისა ინსპექციისა ინსპექტორი, უპირატეს მმართებელი საქარველოისა, ასტრახანისა მხედრობითა ღუბერნატორი, მემთავრე ასტრახანისა ღუბერნიასა შინა საქმეთაცა სამოქალაქოთა, კაზანის მუშკეტერის პოლკისა შეფი და ორდენთა: წმინდისა ალექსანდრე ნეველისა, წმინდისა ანნასი პირველი ხარისხისა, სამხედროსა წმინდისა დიდისა მოწამისა და ძლევამოსილისა გიორგისა მეოთხისა ხრისხისა, და მპყრობელობითისა წმინდისა იოანე იერუსალიმელისა უფროსისა ჯვარისა კავალერი.

განვუცხადებ ყოველთა საზოგადოდ ქართლსა და კახეთსა შინა მცხოვრებთა:

ვიწყევ რა აღსრულებად მოყვანება უმაღლესისა ნებისა მისისა დიდებულებისა ყოვლისა როსიისა იმპერატორისა, მაქვს მე ვალი და შეკრულება, რათა განვაწესო კვლავ ჟამადმდე თფილისსა შინა უზენაესი საქართველოისა მმართებლობა ჩემსა ქვეშე პირველ მჯდომარეობასა; ხოლო ქალაქთა შინა და მაზრათა, ვითარცა სასამართლო და განმგებლობა, ეგრეთვე კეთილწესობაცა, რომლისა გამო, განმცემი ან საყოველთაო უწყებად განწესებისა შინაგანისა საქრთველოისა მმართებლობისა, რომელიცა დამტკიცებულ არს საღმრთოთა ნებითა ხელმწიფისა იმპერატორისათა, შეკრულ ვარ მე, რათა შევზღუდო სამფლობელონი ესე გარეშეთა დაცემათა გამო, დავიცვა მცხოვრებელნი მათნი უშიშროებასა სინა თვით თავისა მათისა და ქონებისაცა, და მივაწიო ყოველთადმი დაფარვა, რწმუნება და განსვენება მმართებელობითა მღვიძარითა და ძლიერითა, მარადის განმზადებულითა, რათა მისცეს მართლმსაჯულება დაჩაგრულსა, შემწე ექმნას არა ბრალულებასა, და სამაგალითოდ ბოროტთა დასაჯოს კანონთ გარდამავალი. ამისთვის უკვე ნუ ვინმე იკადნიეროსმცა თავ-ნებად და მძლავრებით კმაყოფილება საძიებელისა თვისისა, არამედ თვითოეულმან წარადგინოს საჩივარი თვისი განწესებულთა მისთვის ადგილსა შინა, მსასოებელმან უეჭველად, რომელ მიიღებს მსწრაფლსა და პირ-მიუფერებელსა სამართალსა. მოგონებანი განსაცდელთა მათ, რომელნიცა განზავებულ იყვნენ საქართველოისა შინა, წარმოადგენენ სარწმუნოსა ყოველთა მისთა მცხოვრებელთათვის თავდებობასა, რომელ იგინი სავსითა სასოებითა აღიარებენ ხელმწიფებასა განმზადებულისა მფარველობისასა, რომელიცა განსდევნის მათგან უფსკრულისა ბოროტებისა მათდა გარერტყმულსა და ყოველთა მათთა საზღვართა ზედა განაპყრობს დაფარვასა მშვიდობისა და უშიშროებისასა, რომელ მიჩნევა საკუთრისა კეთილდღეობისა თვისისა აღსძრავს გულთა მათთა საუკუნოსადმი მადლობის ჩემისა და შევრდომილებისა, და რომელ სრულიადითა მორჩილებითა განამართლებენ იგინი ზრუნვათა ნებისა კეთილმდგომარეობისა მათისა დამამყარებელისათა. მოყვარენი მშვიდობისა და კაცობრივობისანი იძულებულ იქმნან, რომელ მოხალისობა და შრომანი და არა მანქანებანი; უხვება მცხოვრებელთა, და არა სიგლახავე მათი; მტკიცე და შეურყეველი სასოება სახიერებისადმი უფლისა, და არა სასოწარკვეთილება; უკანასკნელ არა მზაკვრობა, სისხლისა თხევა, სულელობა, უწყალოება და არცა სიგლისპე; არამედ წრფელ სულიერობა, კაცთმოყვარება და შებრალება, ქველის მოქმედებანი, რომელთაცამებრ შვენის ქრისტიანესა ჩინებულ ყოფა, არიან წყაროდ ერთა განსვენებისა და კეთილდღეობისა. მიცემულ არს თფილისსა მაისის ზ (7) დღესა, ჩყბ (1802) წელსა.

მოწერილ არს: კ ნ ო რ რ ი ნ გ ი“. _ (თავი CLXII).

4000 ეგზმპლარი გამოცხადებისა ამის და ესოდენივე რიცხვი იმპერტორისა მანიფესტისა მხოლოდ ქართულად დაბეჭდილი თფილისს მეფის გიორგისაგანვე გამართულსა სტამბაში, _ განეფინა და განითესა ქართლ-კახეთისა ადგილთა.

სცნეს ესე დიდთა და მცირეთა, მოხარულთა და არა მოხარულთა დროთა ცვლილებისა. სცნო ყაენმან და ფათალიშაჰმან და სულთანმან თურქთა სელიმმან, ხანთა და ფაშათა მეზობელთა. მეფე იმრეთისა სოლომონ შედგა და შესწუხდა: იწყო გამაგრება სამზღვართა თვისთა და დაკავშირება თურქთა ფაშებთა თანა მესამზღვრეთა. დაღესტანი შეძრწუნდა რუსთა მეზობლობითა.

მეფის ძენი იულონ და ფარნაოზ, მოძულენი ძმისწულისა თვისისა დავითისა, იყვნენ ქართლსა და განიზრახვიდენ რუსთა მთავრობის ურჩებასა. ვერა-რაის მქმნელნი, ვერცა იმერთა მეფისა შეწევნითა, რომელსაცა შეეხიზნენ ცოლ-შვილითა, და ვერცა ერთა აშფოთებითა, _ მოეცნენ რუსთა და წარვიდენ რუსეთად 1805 წელსა და აღსრულდენ ს. პ. ბ. იულონ 23 აგვისტოს 1816 წელსა და ფარნაოზ ახლოს 1844 წელსა.

მეფის ძე ალექსანდრე გაქცეული მეფისავე დროსა სპარსეთად, დაშთა მუნ; ვითარცა მითრიდატე ქართველთა ისტორიისა _ სიძულვილითა რუსთა მთავრობისა და დაუძინებელითა მათდამი მტერობითა, აღსრულდა თავრიზის ახლოს 1844 წელსა.

დედოფალი დარეჯან გარდავიდა 1804 წელსა რუსთსა და, მიღებული პატივითა იმპერატრიცასაგან, გარდაიცვალა ს. პ. ბ. 1807 წელსა და დასაფლავდა ალექსანდრე ნეველის მონასტრისა ხარებისა ეკკლესიასა, თვით საფლავსა მას, რომელიცა იყო უქმი და ცარიელი შემდგომად გარდასვენებისა მუნით იმპერატორთა საძვალესა გვამისა იმპერატორისა პეტრე მესამისა იმპერატორისა პავლესაგან 1796 წელსა. _ (თავი CLXIII).

აღსრულებად ესრეთისა მანიფესტისა, განმგემან საქართველოისა კნორრინგმან, შეჰყარა თავადნი და აზნაურნი ქართლისა და კახეთისა ქ. თფილისს და გამოუცხადა მათ ნება იმპერატორისა. სიონისა საკათედროსა ეკკლესიასა შინა კათოლიკოსმან ანტონი წარაკითხა ქართულად არქიმანდრიტსა თვისსა ტრიფილეს. შემდგომად წარკითხვისა დასდვეს საწიგნე და მასზედა დაბეჭდილი პეტერბურღსავე რუსულად და ქართულად ფიცითი აღთქმა შემდეგი:

ფიცითი აღთქმა
მე ქვემო სახელდებული აღვსთქვავ და ვფუცავ ყოვლისა შემძლებელითა ღვთითა წინაშე წმიდისა სახარებისა მისისა მას შინა, ვითარმედ მნებავს და თანამაძს მათის იმპერატორების დიდებულებისა ალექსანდრე პავლოვიჩისა თვითმპყრობელისა ყოვლისა რუსეთისა და მათის იმპერატორების დიდებულების ყოვლისა რუსეთის საყდრისა მემკვიდრისა, რომელიც იქმნების დანიშნულ, ერთგულად და პირუთვნელად ვმსახურო და დავემორჩილო ყოველსა შინა უმაღლესსა ნებასა მისსა, არა დავზოგო ცხოვრება თვისი ვიდრე უკანასკნელ წვეთად სისხლისა. ყოვლი მოცმული და შემდგომად მოსაცემელი მათის დიდებულების დადგინებულისა ხელმწიფისაგან სჯულის დება ანუ განწესებაი მივიღო სათანადოითა მორჩილებითა, და მათცა უკიდურესისა გულისხმისყოფისა, ძალისა და შესაძლებლობისამებრ გავუფრთხილდე და მივაქციო; აღდგინებულისა მათის იმპერატორების დიდებულებისაგან მამულსა შინა ჩემსა განსვენება და მყუდროება უკიდურესისა შეძლებისამებრ ჩემისა დავიცვა და არავითარი მიწერ-მოწერა ამღვრეველთადმი ჩემისა მამულისათა სწორედ ანუ საშუავლით, საიდუმლოდ ანუ ცხადად არა თუ ოდენ საქმით, არამედ მხილებითცა ანუ სხვითა რაითამე მოქმედებითა და განზრახვითა არა ვიქონიო. ხოლო ვნებასაცა მათის დიდებულების სარგებლისა, ანუ საზოგადოსა შესამატისასა, ვითარცა ვსცნობ რა, არა თუ ოდენ ცხად ვჰყოფ აღმსთობითვე, არამედ ყოვლითა ზომითა გარე ვაქცევ და არა მიუშვებ და ესე ვითარითა ხატითა მოვაქცევ თავსა, ვითარცა სარწმუნოსა მათის იმპერატორების დიდებულების ჩემზედა დადგინებულისა ხელმწიფებისადმი და მშვიდისა მოქალაქისა კეთილშესაბამ და თანამდებ არს, და ვითარცა ჯერმიჩნს მე წინაშე ღვთისა და საშინელისა მსჯავრისა მისისა მარადის მას შინა სიტყვის გება, რომელსა შინაცა მწე მეყოს მე უფალი ღმერთი სულიერად და ხორციელად. დასამტკიცებელადცა ფიცისა ამის ჩემისა ამბორსუყოფ სიტყვასა და ჯვარსა მაცხოვრისა ჩემისასა. ამინ.

ფიცითსა აღთქმისა ფურცელზედ მოაწერეს ხელი კათოლიკოსმან ანტონი, მთავარეპისკოპოსმან იუსტინე, თფილელმან არსენი, ბოდბელმან იოანე, რუსთვლმან სტეფანე, წილკნელმან გერვასი, ნეკრესელმან ამბროსი, ნიქოზელმან ათანასი, წინმძღვარმან ნათლისმცემელისა ევთიმემან და სხვათა სამღვდელოთა. მათ შეუდგნენ მუხრანის-ბატონი კონსტანტინე, სარდალი იოანე ორბელიანი, მორდალი ზაალ ბარათაშვილი, აბელ ჩოლოყაშვილი, ალექსანდრე მაყაშვილი, სვიმონ და იოანე ანდრონიკაშვილები, გიორგი ავალიშვილი, ელიაზარ ფალავანდიშვილი და სხვა.

კნორრინგი თვით დაესწრო მუნ და ღენერალნი რუსთა ჯარისა ლაზარევი, გულიაკოვი, კარიაგინი და კოვალენსკიცა ადრითვე ელჩად რუსეთისა ყოფილი თფილისს მეფისა კარზედ. 10000 რუსეთისა ჯარი იდგა და იცვევდა საქართველოსა.

1803 წელსა, აპრილის 18 წარიყვანეს რუსეთსა დედოფალი მარიამ, მეუღლე მეფისა გიორგისა მოკვლისა გამო ღენერალისა ლაზარევისა. თანა ჰყვნენ მას შვილნი: ჯიბრაილ, ილია, ოქროპირ, ირაკლი და ქალნი ანნა და თამარ. თვით დედოფალი ვითარცა პყრობილი, დააბინავეს კურსკისა გუბერნიისა ბელგოროდისა დედათა მონასტერსში, სადაცა დაჰყო 1811 წლადმდე. მერეთ მივიდა მოსკოვს, გარდაიცვალა 30 მარტსა, 1850 წელსა. მოასვენეს გვამი მისი საქართველოს და დაასაფლავეს მცხეთას.

მეფის ძე თეიმურაზ წავიდა სპარსეთსა და ეახლა ყაენსა. მოიქცა მუნით და წარვიდა რუსეთად 1810 და მუნ გარდაიცვალა 25 ოკდომბერსა 1846 წელსა.

თვით მეფის ძე და მემკვიდრე დავით და ბიძა მისი ვახტანგ წარვიდნენ რუსეთად 18 თებერვალსა 1803 წელსა. მისრულთა მცხეთას, მოეგებნენ შიომღვიმისა ბერნი და მათ უბოძა თოფი თვისი „გველტუჩა“, რათა დასდვან უდაბნოსა და გაემგზავრა. ვახტანგ გარდაიცვალა ს. პ.-ბურღს 23 ოკდომბერს 1814 წელსა, ხოლო თვით დავით ს. პ. ბ. 50 წლისა, 13 მაისს, 1819 წელსა. _ (თავი CLXIV).

მოხუცმან 75 წლისა მღვდელ-მონოზონმან ათანასი შიო-მღვიმელმან, გვარითა ამილახვარმან, 1846 წელსა მომითხრო ამბავი მეფის გიორგისათვის შემდგი:

მეფის ძე გიორგი ექვსის წლისა წინათ ქალაქისა წახდენისა (1789 წელსა) მობრძანდა შიო მღვიმეს და თანჰყვნენ კათოლიკოსი ანტონი, მთავარ ეპისკოპოსი ბესარიონ გარსევანაშვილი (8 თვე იყო კათედრასა) და თეოდორე ბერძენი, წინამძღვარი მთავარ-ანგელოსისა ეკვდერისა, მცხეთისა ეკკლესიისადმი მიდგმულისა... დროსა მას იყვნენ კრებულად 28 მამანი, 4 მწირნი ბერნი, 10 საბერონი, ოცდაოთხნი მსახურნი და 30 მეთოფენი მცველნი. ლეკნი ერეოდენ გარემოთა მცხოვრებთა, და ვერ უძლო უდაბნომან. ამისთვის მორესავე წელსა (ე. ი. 1790 წელს) დაიცალა უდბნო. ბერნი წარვიდნენ სხვათა მონასტრებში და ხატნი და ჯვარნი წარიღეს ამილახვრიანთ ჭალასა დასაცველად. დღესაცა მისნი ძველნი ხატნი და ჯვარი მუნ იპოვებიან, თუმცა უდაბნო კვალად გაშენდა და შევიდნენ ბერები 1802 წელსა. _ (ამონარიდი თავიდან XIX).

ესე ათანასი იქმნა შემდეგ არქიმანდრიტად; იყო კაცი განსწავლული ანტონისაგან პირველისა კათოლიკოსისა; გვარით მიქელისშვილი კახელი. 1802 კვალად შევიდა შიო მღვიმეში ლეკთა შიშითა გაოხრებულსა. 1803 ოდეს მოეგება მემკვიდრესა დავითს ქ. მცხეთას ფებერვალს 19, სთხოვა თანა წარყვეს მას რუსეთსა. ათანასი მასვე დღესა თან ჰყვა მას და წარიყვანა რუსეთსა კერძო დიაკონად მომზადებული შიო მღვიმეს ზაქარია იოსელიანი, ბიძა ჩემი, გარდაცვალებული ღენერალ-მიორის ჩინითა 1865 წელსა ს.-პ. ბურღს. თვით ათანასი უკუ მოიქცა მუნით და დასაფლავდა კახეთს. _ (თავი XCIX).

... დაკავშირებისათვის ქართველთა თანა სომეხთა მეფემან გიორგიმ მისცა ნება ვართაპეტსა მათსა, რათა იორდანეზედ განსვლა მათი იყოს ერთობითი ქართველთა თანა. ესე იყო მეფობისა მისისა ორსა წელსა. შემდგომადცა 1803 წლამდე. კნიაზმან ციციანოვმან, განმგემან საქართველოისა, სომეხთა მოძულემან, ბრძანა, რათა სომეხნი არა აღირეოდენ ქართველთა მართლმადიდებელთა თანა და ამისთვის სრულიად განაშორა იგინი. _ (დასასრული თავისა LXXV).

ტრაქტატსა ამას (9) შეუდგნენ განმარტებანი ვრცლად, რომელთაცა ეწოდება დიპლომატიისა ევროპისა ენითა ნ ო ტ ა ნ ი და დაიწერა ესენი თვით დესპანთაგან, შემდგომად გარდაცვალებისა მეფისა გიორგისა. აჰა თვით ნოტანი ნამდვილნი:

1.

პყრობილებისამებრ ჰაზრისა პირველისა მის პუნქტისა, რომელიცა მიცემულ იქმნა ჩვენგან ვიდრე სიკვდილადმდე მისისა სიმაღლისა მეფისა საქართველოისა ხელმწიფისა ჩვენისა სახელითავე მისითა მაღლისა მინისტრისადმი, რომელიცა ბრძანებისამებრ მისისა ს ა ნ ა ტ რ ე ლ ი ს ა იმპერატორობის დიდებულებისაგან წარგზავნილ იქმნა საქართველოსა შინა წერილებით. ამისთვის გვაქვს ჩვენ პატივად ქვეშევრდომობით მოხსენება ამისი, რომელ დიდ შემძლებელნი საქართველოისანი, სამღვდელონი, და საერონი ერნი, ყოველნივე მოსწრაფე არიან და სურთ ყოფად ერთა ამით მოქმედებითა სამარადისოსა შინა მონებასა მაღლად-განდიდებულისა იმპერიისა რუსეთისასა, და შეკრულჰყოფენ თავსა თვისსა ამით, რომელ წმიდათ აღასრულონ ყოველივე იგი, რაივესაცა აღასრულებენ მონანი მისნი, და არა უარ-ჰყონ არა რომელიმე სჯული (ე. ი. კანონი), და ბრძანება რაოდენიცა სამეფოსა მისგან იქმნების შესაძლო, და მცნობელცა იყვნენ ყოვლისა რუსეთისა იმპერატორისა თვისად შთამომავლობითად ხელმწიფედ, და თვითმპყრობელად; და ესრეთ ვინაითგან ზემო დანიშნულნი იგი ნოტანი, და სხვანიცა პუნქტნი ყოველნი მისის იმპერატორობის დიდებულებისაგან პირველივე მაღალ-მნებელობით განხილულ იქმნა, და სამეფო იგი საუკუნო ჟამობით მონად ყოვლისა რუსთისა საიმპერატოროსა ტახტისად, მიღებულ იქმნა, ამისთვის ამის შედგომილებისამებრ ყოვლად უმონებრივესად ვითხოვთ მისის დიდებულებისა ყოვლად მოწყალისა ხელმწიფისა ჩვენისაგან, რათა დამტკიცებულ ჰყოს მიღება სამეფოსა მის დღესასწაულობითითა დამტკიცებითა ორითავე მხრით საიმპერატოროსა აქტსა შინა, რომელსაცა შინა ჟამსა იქმნენ იგინი იმედოვანად ამისა, რომელ ვითარცა თვით ეგრეთვე შემდგომნი ამისნი მემკვიდრენი იპყრობენ მათ მარადის მამობრივს კეთილმხდველობასა შინა, და საკუთრად იქმნებიანცა მღწველ კეთილდღეობათათვის მათ ერთასა, რომელთაცა ნებით თვისით მისცეს თავი თვისი საუკუნოსა მონებასა, და ესრეთვე მიენიჭოსთ მათ ყოველივე წესი, სარგებლობა და ჩინებულება ესე ვითარი, რომლითაცა ძველნი ყმანი მისის იმპერატორებისა დიდებულებისანი სარგებლობენ, და დაცულ იქმნას, ვითარცა სამეფო, ესრეთვე სამზღვარნი მისნი ყოველთა მეზობელთა მათ მტერთ თავდასხმისაგან, და ვნებისა, და ყოველთა მათთა წინააღმდგომობათაგან და განუწესებს ყოველსა მას მსახურებასა ესე გვარსა რომლისაცა შემძლებელ იქმნენ ახლისამებრ მონებისა თვისსა ტვირთვად, დაცვად და აღსრულებად.

2.

პუნქტსა ამას შინა კვალადცა აწ დამტკიცებულ ვჰყოფთ, და ყოვლითურთ განვრცელებით მივიღებთ ამას, რომელ რომელიცა კეთილნებებულ იქმნას მისის იმპერატორებითის დიდებულებისაგან, და დანიშნულ მმართველად საქართველოჲსა სამეფოსად ერთად რომელიმე მეფის ძეთაგანი, იგი იწოდებოდეს იმპერატორისა მოადგილედ (10), და იხსენებოდეს მეფედ საქართველოჲსად, და მიეცეს მას თანაშემწედ მარადის მუნ მყოფად ერთი, რომელიმე დიდის რუსეთის დიდ-შემძლებელთაგანი, რათა მან მმართველობასა შინა მისსა განუმარტოს მას მისდამი მიცემულნი იმპერატორებითნი სჯულნი (ე. ი. კანონნი) ბრძანებანი, და სხვანიცა ესე გვარნი, და რათა თვინიერ თანხმობისა მისისა მან იმპერატორის მოადგილემან, და მუნ მეფედ წოდებულმან არა რომელითამე სახითა თვით თავით თვისით არა კადნიერ იქმნეს განწსებათა რომელისამე სჯულისა, ბრძანებისა და რიგთა. და რათა არა მოაწეროს ხელი მან მხოლოდ თვინიერ ხელმოწერისა მისდამი განწესებულისა მის თანაშემწისა, ამისთვის ჯერ არს რათა თვითოეულთა მათ ბრძანებათა ანუ განწესებათა ზედა სჯულიერისა ძალიას მექონეთასა პირველად მოაწეროს ხელი დიდის რუსეთის დიდშემძლებელმან, რომელმანვე დააგდოს ზემორე ადგილი ხელმოწერისათვის მეფისა მის, და ამას მოხსენებასა ვიკადნირებთ ყოვლად უმონებრივეთითა სახითა, _ ამისთვის, რომელ პირველსა ამას შეხდომილებასა შინა მიუცილებელად საჭირო არს, რათა ამით განმხიარულებულ და განმხნობილ იქმნენ ერნი იგი, ვიდრე პირველ განჩვევადმდე. და მას მეფესა აქვნდეს მხოლოდ სახელი მეფობისა, და სხვებრ ყოველსა ჩვენ, ვითარცა სარწმუნონი მონანი მივანდობთ უდიდებულესობისა კეთილმნებელობასა, და ვითხოვთ, რათა მოგვეტეოს უკეთუ ვჰყავთ მეტნი და უადგილონი წინადადებანი ვითარცა ახლად და სრულობით იმპერატორსა სრულიად რუსეთისა ტახტისა ქვეშევრდომილებისა ჩვენისათვის კადნიერ ქმნილთა.

ესე კვალადვე განხილვებასა შინა საჭიროთ იჩვენების, რათა სხვანიცა მუნებრნი თავადნი და აზნაურნი მნებებელობითა ყოვლად უდიდებულესისათა განწესებულ იქმნენ სხვადასხვათა სასამართლოთა შინა ადგილთა და მათ შორის იგინი იყვნენ პირველნი და მეორენი იყვნენ შემდგომნი მათნი რუსეთისა მოხელეთაგანნი თანამდებობითითა ამით შეკრულობითა, და ყოველსავე მას რაოდენგზის სათანადო იქმნების მათ სასამართლოთა ადგილთაგან მოხსენებად არა ჯერ არს, რათა მხოლოდ ერთისა იმპერატორისა მოადგილესა მას, და მეფესა მახსენებდენ, არამედ ორთავე ზემოთქმულთა მათ გვამთა, რომელთადმიცა ჯერ არსვე, რათა ყოველსავე მოახსენებდენ უმცირესნი ადგილნი უპირველესთა, და ყოველნი თანამდებ არიან მოხსენებად სრულისადმი შეკრულებისა.

ხოლო სიმცირისათვის ადგილთა საქართველოისათა დავსდებთ ესრეთ, რომელ საკმაო იქმნების ხუთნი სასამართლონი ადგილნი, რომელთაგანცა პირველი იწოდებოდის ესრეთ ვითარცა კეთილ მნებებელ იქმნების სოვეტად, ანუ დეპარტამენტად სენათისა, სადაცა ჯერ არს, რათა იმყოფებოდეს ზმოხსენებული იგი მოადგილე, ანუ მეფე, და შემდგომად მიცემული მისდა თანაშემწე დიდის რუსეთისა დიდშემძლებელთაგანი, და სამნი მუნებურთა თავადთა და აზნაურთაგანი. მუნვე სათანადო არს, რათა იმყოფებოდეს უპირველესი შეფი რუსეთისა მუნ მყოფთაგანისა მხედრობისა, რომელიცა შეკრულ არს უფრორე მათ კერძოთა ღვწისადმი, და სხვანიცა მოხელენი, ვითარცა ქართველნი, ეგრეთვე დიდისა რუსეთისაგანი წერილთა მცოდნენი განწესებულ იქმნენ ეგოდენნი, რაოდენიცა განხილვისამებრ საჭირო იქმნების.

მეორე ადგილი, რომელიც სათანადო არს, რათა იყოს ბრძანებასა ქვეშე პირვლისასა, ჯერ არს, რათა იწოდებოდეს სამეფოსა მმართველობად, რომლისაგანცა სხვანი იგი სამთა მათ პროვონციათა შინა მყოფნი განიყოფებიან თვითოეულად, და მათ ყოველთავე ეწოდებოდეს უეზდნი, _ ანუ თუ ვითარცა კეთილმნებებელ იქმნეს, ვინაიდგან სიმცირისათვის სამპყრობელოსა (რუს. დერჟავა) სამეფოსა მას საქართველოსა ესენი ყოვლითურთ საკმაო იქმნებიან, ამად რომელ უკეთუ რომლისადმიცა მცხოვრებისა გარეგან სატახტოსა მის ქალაქისა მოუნდეს დამჭირნეობა მიუცილებელად, და წარმოვიდეს რომელთამე საჩივრითა სატახტოსა მას ქალაქსა შინა თფილისსა, ამისთვის არა არს ადგილი ესე ვითარი, რომელიცა განშორებით მდებარე იყოს უფროს ოთხისა დღისა სავალისა.

3.

ქალაქსა შინა თფილისსა ჯერ არს, რათა განწესდეს წესი პოლიციისა, და განიწესოს ერთი მუნებურთა ჩინებულთაგანი ობერ-პოლიცმაისტრად, და მას მიეცეს თანაშემწედ ერთი დიდის რუსეთისა ხარისხისა მქონებელთაგანი ვინმე, ამად რომელ მუნებურთა მათ ერთათვის დიდად საჭირო არს ესე, რათა მით ღარიბნი მუნ მოსახლენი შემძლებელ იყვნენ ქალაქსა მას შინა განსვენებით ცხოვრებად, და რათა გლეხთა მათ მოაქვნდესთ სახმარნი ნივთნი ქალაქთათვის თვინიერ ყოვლისა სხვათაგან შევიწროებისა, და რათავე იმოქმედონ თვითოეულმან თავისუფლებით ხელოვნება თვისი, და არა ესრეთ, ვითარცა არს აზიის ჩვეულება, რომელ რომელიცა არს ძლიერ, მას აქვს სავაჭროსა მას შინა ყოველივე მძლავრება, მოსახლეთადმი ჰყოფს შეიწრებასა.

თვით მასვე ქალაქსა შინა თფილისს სათანადო არს, რათა განწესდეს კვალადცა ერთი სასამართლო, და იწოდებოდეს სლოვესნად, სადაცა ჯერ არს, რათა იყოს პირველად მსაჯულად ერთი ქართველთა აზნაურთაგანი, და მეორე მუნებურთა ვაჭართაგანი, და მესამე ასნაფთაგანი ვინმე, რათა მათ, ოდესცა შეხვდეთ საქმე სიტყვით საჩივარი, მაშინ განარჩიონ, განასამართლონ და გარდასწყვიტონ. თვით მასვე დღესა, რომელსაცა შინა მოჩივარი მოვალს საჩივრითა თვისითა და უკეთუ არ ექმნების მათ ძალი, რათა განასამართლონ, და სიყვარულითა შეარიგონ, მაშინ წარიგზავნონ ორნივე იგი სამეფოსა მმართველობასა, ანუ პოლიციასა შინა განხილვისამებრ საქმეთასა.

4.

მქონებელთა საქართველოსა შინა ვაჭრობისათა მეზობელთა მათ ერთადმი განეწესოს სახელმწიფოსა შემოსავალთა სარგებლობისათვის ბაჟნი, რომელსაცა შინა პირველ დერეხტორად ჯერ არს, რათა იყოს შთამომავლობით საქართველოსა თავადთაგანი, და ორნი შემდგომნი მისნი იყვნენ ერთი მუნებურთა აზნაურთაგანი, და ერთი დიდისა რუსეთისაგანი, და ეს საბაჟო იყოს თფილისსა შინა და მათთაგან სამზღვართა ზედა მთის ერთა სპარსთა, და თურქთასა დაინიშნოდეს სამყოფად თვითოეულნი ქართველთა მოხელეთაგანი, და თვითოეულნი რუსთაგანი, და თუ რომელთა სამზღვართა ზედა ჯერ არს დადგენა მათი და აგრეთვე იმერეთისა მხრით, ვიდრემდისცა არ იქმნების უკანასკნელისა დესპანისა წარგზავნა პორტისადმი, და სახელობით განწესება ფორპოსტთა, მანდამდის ჩვენ აწ თქმად არა ძალგვიძს მათ განწესებისათვის. და ესრეთ ოდესცა მივიწევით ჩვენ მუნ, სათანადო არს რათა ესრეთგზის დამტკიცებით იქმნეს საუკუნოდ თანხმობით განწესება ადგილთა მათ სადაცა ჯერ არს დაყენება, რათა არა ვლონ მუნ ვაჭართა საქონლითა თვისითა, და სადაცა ჯერ არს რათა მუნ აქვნდეს თავისუფალი სვლა, რომ ამით სახით მიეცნენ ერთგზის სამზღვართა ზედა ბაჟი, და მიიღონ ბილეთი, და მიიტანონ იგი თფილისსა, ანუ რომლსამე უეზდის სასამართლოსა შინა, რომელ მეორეთ აღარ გარდაიხადონ ბაჟი იგი. ხოლო უკეთუ როგორმე მოულოდნელად, და უმეცრებით გამოატარებს, რომელსამე საქონელსა მათ ადგილთა ზედა, და სამზღვართა, სადაცა დაყენებულ იქმნების სვლა ვაჭართა, მაშინ ვიდრემდისცა დაეჩვეოდენ, თუ რომელთა ადგილთა ჯერ არს სვლა საქონლითა ამის პირველისა შეხდომისამებრ, არა მიადგეს მათ არა რომელიმე დასჯა, და გამოერთვას ბაჟი იგი თფილისსა შინა, ხოლო ვინაიდგან სამეფო საქართველოსი, აწ შეერთებულ იქმნა იმპერიასა თანა ყოვლისა რუსეთისა და მუნებრივნი მცხოვრებნი იქმნენ ყმათა ყოვლად უავღუსტესისა მონარქისად, მაშინსადამე, ამის შედგომისამებრ ებრძანოს ვისდამიცა ჯერ არს, რათა მომტანელთა საქონლისათა მოზდოკსა შინა ქართველთა და სხვათაცა ვაჭართა საქართველოზე მოსულთა, და მუნ საქართველოსა შინა გარდამხდელთა განწესებულისა ბაჟისათა, მეორედ მოზდოკსა შინა არღა გამოერთვას და ეგრეთვე მოზდოკით საქართველოსა შინა მისრულთა, ვინადგან თანამდებ არიან განსრულნი თფილისით.

და ესრეთვე მრავალნი ვაჭარნი მისის დიდებულებისა, და აწ ჩვენის ყოვლად მოწყალის ხელმწიფისა მონანი რუსნი, ქართველნი, სომეხნი და სხვანი, რომელნიცა გამოვლიან რა ყიზლარსა, მოზდოკსა და სხვათაცა ადგილთა, და მოიწევიან რა ოვსთა შორის, მაშინ არა თუ მხოლოდ აძლევენ მათ განწესებულთა მათთა მისაცემელთა საქონელთა ზედა, არამედ ესეცა ფრიად ხშირად იქმნების, რომელ ისინი მომწყურნობითა ნივთ მოყვარებისათა, მოაკლებენ მათ ყოველსავე ნაქონებსა თვისსა და ამისთვის ვრაცხ თანამდებად ჩვენდა მოხსენებასა ამას, რომელ პირველსა ამას წარმოსვლასა რომლსამე დიდ შემძლებელისასა, რომელიცა რაოდენსამე ჟამსა დაინიშვნის სამყოფად საქართველოსა შინა მუნებურთა განწესებულებათათვის, მისდამი სახმარ არს, რათა მუნ განვლასა შინა ჰქმნას მათდამი, ესე იგი, ოვსთადმი მტკიცე განწესებულება ამა საქმეთათვის, და შემდგომად ამისა მცირესა შინა ჟამსა შესაძლო არს, რათა იგი მცირედ სარაცხნი ერნი ძველთაგან დამონებულნი საქართველოთა მეფეთაგან ფრიად სუბუქად მოყვანილ იქმნენ კვალადცა თანამდებობითა მორჩილებასა და მონებასა შინა და რათავე საშვალ მოზდოკისა და საქართველოსა, სადაცა არს საჭირო, განწესდეს რაოდენიმე ფორპოსტნი, და დაიყენოს სამყოფნი კამანდნი.

არა მცირედრე ვრაცხთ თანამდებობადვე ჩვენდა ყოვლათ ქვეშევრდომობითსა ამას მოხსენებასა, რომელ თვითოეულნი მეფის ძეთაგანნი, თავადნი, აზნაურნი და სამღვდელონი ართმევენ გამოსაღებთა განმვლელთა მათ, რომელნიცა ვაჭარნი გაივლიან სამფლობელოთა მათთა ზედა ანუ ადგილის ფასთა მსგავსად ბაჟთა და ესე სათანადო არს რათა იქმნეს დაყენებულ, ამად რომელ ვაჭარი გარდამხდელი ერთგზის ბაჟისა საქართვლოსა შინა შემდგომად, სადაცა განვრცელებულებასა სამპყრობელო ჩვენისა ყოვლად უავღუსტესისა ხელმწიფისა სათანადო არს, რათა მუნ იყვნენ თავისუფლად მეორედ გამოსაღებთაგან ბაჟთასა; კვალად მათ სრულყოფისათვის კადნიერ ვიქმნებით შეერთებად მოხსენებისა ამის, რომელ საზოგადოდ მობირებისათვის ვითარცა ქართველთა ეგრეთვე მეზობელთა მათთა ვაჭართაცა განვრცელებისადმი ბაჟთასა, და განმხნობისათვის მათისა, არა კეთილნებებულ იქმნების განწესება ამისა, რათა დებულებათამებრ ათამანისა პორტიისათა აღიღებდეს სამი ასსა ზედა, დაფასებისამებრ საქონლისა; და უკეთუ რომელიმე ვაჭართაგანი დაფარვისა სახითა იქმნების მომტანელ რომლისამე ნივთისა საქართველოსა შინა, რომლისა ნივთისა დამფარველთა, მაშინ გადახდესთ ესრეთ, რომელ გამოერთვას მას ორი წილი ნაცვლად ერთისა, რათა ამით სუბუქითა დასჯითა უმეტეს ადრე მოიქცეს ერი ახლად შემოსრული მაღლისა მის იმპერატორებითისა დიდებულებისა მონებასა შინა, და თვით ესევე ჰყოს ამას, რომელ მოიქცნენ მამულსავე შინა მოსახელეთადმი, და შესაძლო იმნებისცა, რათა მომგონებლობითა თვისითა განავრცელონ ვაჭრობა თვისი ბასრას, ბაღდადს და უშორეს ინდიასა შინა.

მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა
შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი:

(1) ლიტურღია იოანე ოქროპირისა ან ვასილისა. კ ვ ე რ ე ქ ს ი პ ი რ ვ ე ლ ი.

(2) საფლავსა შინა დანიშნულსა მეფისათვის, დასაფლავდა თვით ევთიმი მოძღვარი მისი. ზედ-წარწერა თვით ვეცხლის კანდელისა მის ოქროდ დაფერილისა, დღედმდე კიდულისა წინაშე ნათლისმცმელისა ხატისა არის შემდეგი:
„ქ. წინამძღვრობასა ევთიმისასა. ჩვენ ყოვლად უღირსმან საქართველოსა მეფის ძემ გიორგიმ, შემოგწირე მცირე ესე შესაწირავი კანდლი ვეცხლისა შენ, სასოსა და მეოხსა ჩვენსა, ნათლისმცემელის მონასტერს, მრავალ-მთისასა, რათა მფარველ მექმნა მრჩობლსავე ცხოვრებასა შინა მეუღლით ჩემით, ძეებითა და ასულებითა. წელსა ჩღპბ (1782). მისხალი ო (70)“.

სხვანი იტყვიან, რომელ ვეცხლისა ხომლისა ბუშტში იყო ჩადებული ანდერძი მეფისაო- ხომლსა ამას აქვს ზედა-წერილი შემდეგი: „ქ. ვინადგან ყოვლნი მორწმუნენი ქრისტეს-მიერნი, ქრისტეს მიმართ აღსულად მოსწრფე არიან თვითოეულნი სიმკაცრისამებრ თვისისა, ამათ ხატისა მიმხედველმან, ყოვლისა საქართველოსა მეფისა ირაკლისა ძემან გიორგი, მეცა ვიგულსმოდგინე შეწირვად შენდა ზეცათა მეფისა წინამსრბოლო, ხომლი ვეცხლისა კეთილად ქმნილი სახსენებელად საუკუნოდ, სულისა ჩემისა და სხეულთაცა ჩემთა სიმრთელედ და ეგრეთვე მეფის რძლის, ქეთევანისა მეუღლისა ჩემისა სადღეგრძელოდ, და ძეთა და ასულთა ჩემთათვის, _ შეიწირე ესე მცირედი წვლილი ქრისტეს წინამორბედო და შენ გვაგენ ნაცვალი ბევრ წილად მერმესა მას ცხოვრებასა და აქა სამარადისო საფარველი შენი; _ და რომელმან ამის დაშლად ხელ-ჰყოს ან წარიღოს იგიმცა შეიშლების რისხვითა ღვთისათა. ნოემბრის 29. ქრისტეს აქეთ 1776 მისხალი ტნა (351), გარესჯის ნათლისმცემელის უდაბნოსია ეს ხომლი“.
ესე მშვენიერი ხომლი აწ ორად გაუყვია ვიღაცას და ესრეთ ჰკიდიან მუნ ნათლისმცემელისა ეკკლესიაში.

(3) როსტომ ბეგთაბეგიშვილი გარდაიცვალა 1836 წელსა. ელიზბარ თუმანიშვილი . . . წელსა და დუცალ იყო თავადი იოანე ბარათოვი, ზედ დამატებით დუცალიშვილი, ესე გარდაიცვალა 1810 წელსა.

(4) ნამდვილი ესე, რომელიცა მე მაქვს არის ბეჭედ-სმულნი. _ ზოგიერთი ძნელი გასარჩევია და რამდენიმე მხოლოდ წარვიკითხე. გვამნი ესენი არიან:
მეფის ძე იოანე
მონა ღვთისა გაბრიელ.
დიმიტრი (თუმანიშვილი მდივანი).
ალექსანდრე (მაყაშვილი, ეშიკაღაბაში მეფისა).
სოლომონ მეითარი (თარხნიშვილი).
ზაალ მორდალი (ბარათაშვილი, მოკლული ყმათაგან თვისთა 1810 წელსა).
ვახტანგ (ორბელიანი, ქმარი მეფის ასულის თეკლასი).
დავით (რექტორი ალექსიშვილი).
ნიკოლოოზ.
ფარსადან.
დავით (მიმბაში, თარხნიშვილი).

(5) ორივე ესე რესკრიპტი მაქვს მე მამისავე ჩემისა ხელითა ნაწერი. რუსული ვერ ვპოვე. ვინ სთარგმნა ქართულად, არ ვიცი. ამისთვის ისევე დავწერე, როგორც იყო დაწერილი და არა შევეხე გასწორებასა.

(6) წერილი მეფის ძის მიხაილისა ს. პ.-ბურღით მამაჩემთან, რომელიცა იყო მასწვლებელი მისი და ძმისა მისისა მეფის ძის ილიასი:

„უფალო პროთოდიაკონო ეგნატი!

მრავალი კითხვა მოგახსენესთ. ჩვენ მშვიდობით გახლავართ, შენ ფილონს დიმიტრი თუმანოვი მოგიტანს. ესე მარტივი წიგნი ანუ პროსტოი არ გეწყინოს. თუ მეგობრად არ გრაცხდე, ასე არ მოგწერდი.

თქვენი მეგობარი მეფის ძე მ ი ხ ა ი ლ“.
1806 9/5

წერილსა ამას მოხსენებული თუმანიშვილი არის ძე მდივნისა იოსებისა, მოლექსე და მწერალი. გარდაიცვალა თფილისს 1921 წელსა. თვით მამაჩემი გარდაიცვალა 77 წლისა 22 ივლისს 1844 წელსა.

(7) ესე იყო შვილი ეგნატი თუმანიშვილისა, მოლექსე და მოყვარე ქართველთა მწერლობისა, გარდაიცვალა სტატსკი სოვეტნიკად 1837 წელსა.

(8) გიორგი იესეს ძე ერისთოვი. ამან შეირთო ცოლად მეფის გიორგის ქალი გაიანე. მექონი ღენერალ-ოტინფანტერიისა ჩინისა და ლურჯისა წმინდის ანდრიასი ლენტისა. გარდაიცვალა 1863 წელსა.

(შ ე ნ ი შ. გ. ი. ერისთავი გარდ. 1864 . რ ე დ.)

(9) იგულისხმება 1799 წლის 23 ნოემბერს პეტერბურგში დადებული ტრაქტატი პავლე პირველსა და გიორგი XIII-ს შორის, რომლის ტექსტიც არის შემდეგი:

„1799 წელსა, 23 ნოემბერსა, შედგა ახალი ტრაქტატი შორის პავლე იმპერატორისა და გიორგი მეფისა შემდეგი:

1.
მისი დიდებულება იმპერატორი ყოვლისა რუსეთისა მიიღებს ტიტულსა „მეფე საქართველოისა და შემდეგნი მისნი მემკვიდრენი“.

2.
ძე მეფისა გიორგისა დავით ტიტულსა „განმგე საქართველოისა“ და გარდავალს ესე შთამომავლობითა პირმშოდამ პირმშომდის.

3.
საქართველოისა ერი და მუნ მსახლობელნი 12 წლისა განგრძობასა, არ გაიღებენ არასა ხარჯსა, რათა დაეწყვნენ თვისსა მდგომარეობასა შემდეგ ესოდენთა ბრძოლათა. განმგე საქართველოისა მიიღებს რუსეთიდამ 12 წელსა მისთვის და სამეფოსა სახლისა წევრთათვის 20.000 თუმანს (200.000).

4.
მადანი ოქროისა და ვერცხლისა ახტალას და მისხანასა (მიშხანასა), შევა რუსთა განმგებაში და იმითი აივსება ზემო თქმული ჯამი ფულისა.

5.
6.000 რუსისა ჯარი სრულისა კომპლექტითა იდგება საქართველოში. ქართველნი გამოვლენ ცხენოსნად ამა ქვეითისა ჯარისათვის.

6.
ქართველნივე მოაგროვებენ ჯარსა ესოდენსა, რაოდენიცა საჭირო იქმნების დასაცველად სამზღვრებისა.

7.
რუსნი წარმოგზავნიან ინჟენერთა თვისთა აღსაშენებელად და განსაახლებელად ციხეთა მათ ადგილთა ზედა, სადაცა დაინახება საჭიროდ.

8.
ფულსა, მოჭრილსა თფილისში, ექმნება ერთსა მხარეს ღერბი რუსეთისა და მეორეს საქართველოისა.

9.
საზრდო რუსეთისა ჯარისათვის მოიყიდება იმავე ფასითა, რომელიცა იქმნება დანიშნული ადგილობრივთა მცხოვრებთათვის.

10.
როდესაც მოხდება აღწერა ხალხისა, უნდა იქმნას კომლეურად და არა თვითო სულად .
(ხელმოწერილია):

რუსეთისა მხრით რ ო ს ტ ო პ ჩ ი ნ ი ღ რ ა ფ ი.
საქართველოისა მხრით ა ვ ა ლ ო ვ ი.
ფ ა ლ ა ვ ა ნ დ ო ვ ი.

(10) თანახმად ტრაქტატისა და წერილისაცა მეფისა გიორგისა, დესპანთადმი მიწერილისა: რ ა თ ა ს ა ხ ლ ს ა შ ი ნ ა ჩ ე მ ს ა ა რ ა ა ღ ა ყ ე ნ ო ს მ ე ფ ო ბ ა ე. ი. რათა არა გაუქმდეს მეფობა ანუ მოადგილეობა ხელმწიფე იმპერატორისა მეფეთა გვარშია. _ ესე უნებდა იმა წესითა ვითარცა ძველადცა იწოდებოდა საქართველო ვ ა ლ ი ს ტ ა ნ ა დ ს პ ა რ ს თ ა ყ ა ე ნ ე ბ ი ს ა და თვით მეფესა საქრთველოისას უწოდებდენ ყაენნი _ ვ ა ლ ი გ უ რ ჯ ი ს ტ ა ნ ი ს ა.

No comments:

Post a Comment