Thursday, December 29, 2011

აშშ შეიარაღებული ძალების მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები

(წერილი გამოქვეყნებულ იქნა 1994 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტის კვლევითი სამსახურის ბიულეტენის სახით /სამხედრო-პოლიტიკური ინფორმაციის ბიულეტენი, # 11/, ხოლო ტექნიკურად ეს განხორციელდა “ტექინფორმის” მიერ, რომელიც იმ ხანებში მჭიდროდ თანამშრომლობდა აღნიშნულ სამსახურთან. ეს გახლდათ ჩემს მიერ პირველი მომზადებული ნაშრომი პარლამენტისთვის. ვინაიდან მე მაშინ განწყობილი ვიყავი სიმპატიებითა და კეთილგანწყობით აშშ-ისა და დასავლეთისადმი, და სრულიად საწინააღმდეგოდ ისტორიული რუსეთისა და საბჭოთა კავშირისადმი, ამიტომ ეს განწყობა ასახულია ამ წერილშიც და სსრკ რამდენჯერმე მოხსენიებულია პოტენციურ აგრესორად. დღესდღეობით ასეთ შეფასებებს უკვე აღარ ვიზიარებ, და ამის შესახებ მკითხველი ჩემს ახლანდელ შეხედულებებს ნახავს სხვა წერილებში, რომლებიც გამოქვეყნებულ იქნა 1999 წლის შემდეგ, და განსაკუთრებით 2003-05 წლებიდან. ნაშრომი გადმოტანილია მცირეოდენი სარედაქციო შესწორებებით.)

აშშ შეიარაღებული ძალები 80-იანი წლების დასასრულს

აშშ შეიარაღებული ძალები (შძ) შედგება შძ-ის სამი სახეობისგან – სახმელეთო ჯარების, საჰაერო ძალებისა და საზღვაო ძალებისგან, რომლებიც თავის მხრივ იყოფა ჯართა გვარეობებად და სამსახურებად.

სახმელეთო ჯარები (არმია) თავისი ორგანიზაციისა და აღჭურვილობის მიხედვით, განკუთვნილია საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის ომის თეატრებზე, დამოუკიდებლად და საჰაერო ძალებთან, ხოლო ზღვსპირა მიმართულებებზე კი, საზღვაო ძალებთან ერთობლივად, ბირთვული იარაღის გამოყენებით ან მის გარეშე. იგი მოიცავს საარმიო და საჰაერო-სადესანტო კორპუსებს, ჯავშანსატანკო, მექანიზებულ, ქვეით, მსუბუქ ქვეით, საჰაერო-სადესანტო და საჰაერო-საიერიშო დივიზიებს, საველე არტილერიის, საარმიო ავიაციის, სადაზვერვო და რადიოელექტრონული ბრძოლის (რებ), მექანიზებულ, ქვეით და სხვა სახეობათა ბრიგადებს, ცალკეულ ჯავშანსაკავალერიო პოლკებს, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების, საზენიტო საშუალებათა დივიზიონებს, სპეციალური დანიშნულების ჯარების ფორმირებებს, აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილებსა და ქვედანაყოფებს.

80-იანი წლების დასასრულს აშშ სახმელეთო ჯარების რიცხოვნება აღემატებოდა 1.500.000 ადამიანს, რომელთაგან 770.000 მსახურობდა რეგულარულ ჯარებში, დანარჩენი ეროვნული გვარდიის სახმელეთო ჯარებსა და არმიის რეზერვში. მათ შეიარაღებაში საომარი დროისთვის გადადებული მარაგისა და სარეზერვო კომპონენტების გათვალისწინებით, იყო საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების “პერშინგ-2” 117 გასაშვები დანადგარი (გდ), ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების “ლანსი” 50 გდ, 15.000-ზე მეტი ტანკი, 16.000-მდე საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების 17.000-ზე მეტი გდ, საარმიო ავიაციის დაახლოებით 11.000 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, რომელთაგან დხლოებით 1.500 ვერტმფრენი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებით იყო აღჭურვილი.

საჰაერო ძალები აშშ შძ-ის ძირითადი დამრტყმელი ძალაა, როგორც ბირთვულ ისე ჩვეულებრივ ომებსა და ლოკალურ კონფლიქტებში. მნიშვნელოვანი მოქნილობისა და მაღალი მობილურობის გამო იგი განკუთვნილია მოწინააღმდეგის საბრძოლო განლაგების მთელ სიღრმეში ბირთვული და ჩვეულებრივი დარტყმების მიყენებისთვის, აგრეთვე ჰაერში უპირატესობის მოპოვების, სახმელეთო ჯარებისა და საზღვაო ძალებისთვის (ზღვისპირა მიმართულებებზე) საავიაციო მხარდაჭერის აღმოჩენის, საჰაერო დაზვერვის წარმოების, ოკეანსგაღმა საომარ მოქმედებათა თეატრებზე (ომთ) და ამ თეატრების შიგნით ჯარებისა და ტვირთების გადასროლებისთვის.

აშშ საჰაერო ძალებს გააჩნია საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები (სკბრ), სტრატეგიული, ტაქტიკური და სამხედრო-სატრანსპორტო ავიაცია, აგრეთვე მთელი რიგი სამსახურები (საძიებო-სამაშველო, მეტეოროლოგიური და სხვა). ორგანიზაციულად აშშ ჰძ შეყვანილია საავიაციო სარდლობებში, საჰაერო არმიებში, საავიაციო დივიზიებში, საავიაციო ფრთებსა და სკბრ ფრთებში.

80-იანი წლების ბოლოს აშშ ჰძ-ის პირადი შემადგენლობა მოითვლიდა 760.000 ადამიანს, რომელთა შეიარაღებაშიც იყო სკბრ-ების 1.000 გასაშვები დანადგარი, მიწისზედა ბაზირების ფრთოსანი რაკეტების 256 გდ, დაახლოებით 5.000 საბრძოლო თვითმფრინავი.

საზღვაო ძალები (ზძ) წარმოადგენს შეიარაღებული ძალების უნივერსალურ სახეობას, რომელსაც გააჩნია მაღალი მობილურობა, დაზიანების მძლავრი საშუალებები, ბირთვულის ჩათვლით, და განკუთვნილია საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის სხვადასხვა მასშტაბისა და ხასიათის ომებში.

აშშ ზძ მოიცავს ფლოტს, ავიაციასა და საზღვაო ქვეით ჯარს, რომლებიც ორგანიზაციულად შეყვანილია ატლანტისა და წყნარი ოკეანის ფლოტებში. ფლოტები თავის მხრივ შედგება წყალქვეშა, წყალზედა და საჰაერო ძალებისგან, საზღვაო ქვეითი ჯარის ძალებისგან, ცენტრალური დაქვემდებარების სანაპირო სარდლობებისა და ფლოტთაშორისი სარდლობებისგან.

სულ აშშ ზძ 80-იანი წლების ბოლოს, ორგანიზებული რეზერვის ჩათვლით, მოითვლიდა 980.000 პირად შემადგენლობას, 500-ზე მეტ საბრძოლო ხომალდს (რომელთაგან დაახლოებით 80 იყო ფრთოსანი რაკეტებით “ტომაჰოკი” აღჭურვილი წყალზედა ხომალდი და წყალქვეშა ნავი), 3.000-ზე მეტ საბრძოლო თვითმფრინავსა და ვერტმფრენს; აქედან დაახლოებით 1.000 თვითმფრინავი ბირთვული იარაღის მატარებელია.

სულ აშშ შეიარაღებულ ძალებში 80-იანი იმყოფებოდა 3.300.000 სამხედრო და 1.100.000 სამოქალაქო მოსამსახურე, ამათგან 2.168.000 რეგულარულ შძ-ძი. საომარი დროისთვის გადადებული მარაგისა და სარეზერვო კომპონენტების ჩათვლით, შეიარაღებაში მათ გააჩნდათ: სკბრ-ების, წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტების, საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტებისა და მიწისზედა ბაზირების ფრთოსანი რაკეტების 2.000-ზე მეტი გასაშვები დანადგარი, დაახლოებით 15.000 ტანკი, 16.000-ზე მეტი საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორეცნი, დაახლოებით 9.600 თვითმფრინავი, 1.000-ზე მეტი ხომალდი და დამხმარე გემი (მათ შორის 500-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი).

მიზნობრივი დანიშნულებისა და გადასაწყვეტი ამოცანების მიხედვით აშშ შძ იყოფა: 1) სტრატეგიულ ძალებად, 2) ზოგადი დანიშნულების ძალებად, 3) ჯარების სტრატეგიული გადასროლების ძალებად და საშუალებებად და 4) რეზერვებად.

1) სტრატეგიული ძალები მოიცავს სტრატეგიულ შეტევით და სტრატეგიულ თავდაცვით ძალებს. პირველი მათგანი აშშ სამხედრო ძლიერებისა და პირველ რიგში მისი ბირთვული პოტენციალის საფუძველია. იგი შედგება საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების, სტრატეგიული ბომბდამშენი ავიაციისა და ატომური წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტებისგან.

80-იანი წლების ბოლოს აშშ-ის სტრატეგიული შეტევითი ძალები მოითვლიდა დაახლოებით 2.000 მატარებელს (носитель), რომლებზედაც განთავსებული იყო 50 კტ-დან 1,5 მგტ-მდე სიმძლავრის 14 ათასამდე ბირთვული მუხტი. ამათგან მიწისზედა ბაზირების სტრატეგიულ სარაკეტო ძალებში იყო აშშ-ის კონტინენტურ ნაწილში განლაგებული 500 სკბრ “მინითმენ-3”, 450 სკბრ “მინითმენ-2” და 50 ახალი სკბრ MX “ფისქიფერი”.

სტრატეგიული ბომბდამშენი ავიაცია, რომლის წილადაც მოდის სტრატეგიული ბირთვული საბრძოლო მასალების ჯამური სიმძლავრის ნახევარზე მეტი, 80-იანი წლების მიწურულს მოითვლიდა 370-ზე მეტ მძიმე და საშუალო ბომბდამშენს B-1B, B-52 და FB-111. ამავე დროს გამოჩნდა “სთელთ” ტექნოლოგიით შექმნილი სტრატეგიული ბომბდამშენი B-2. გარდა ამისა, სტრატეგიულ შეტევით ძალებში შედიოდა 55-ზე მეტი თვითმფრინავ-გამწყობი (ფრენის დროს ჰაერში თვითმფრინავების საწვავით გაწყობისთვის), დაახლოებით 70 სტრატეგიული თვითმფრინავ-მზვერავი და 30-ზე მეტი თვითმფრინავი – საჰაერო საკომანდო პუნქტი.

საზღვაო ბაზირების სტრატეგიული სარაკეტო ძალები აშშ სტრატეგიული ტრიადის ყველაზე უფრო ნაკლებმოწყვლადი ელემენტია და საუკეთესოდაა მომზადებული ხანგრძლივი ბირთვული ომის წარმოებისთვის. 80-იანი წლების ბოლოს მას გააჩნდა ბალისტიკური რაკეტევით შეიარაღებული 63 ატომური წყალქვეშა ნავი, 640 რაკეტა “თრაიდენთ-1” და “პოსეიდონ-C3” 5.600-ზე მეტი ბირთვული მუხტით.

სტრატეგიული თავდაცვითი ძალები მოიცავს სარაკეტო-ბირთვული დარტყმების არიდების, კოსმოსური სივრცის კონტროლისა და ჩრდილოამერიკული კონტინენტის საჰაერო თავდაცვის სისტემებს.

2) ზოგადი დანიშნულების ძალები აშშ შეიარაღებული ძალების ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი და უნივერსალური კომპონენტია. იგი მოიცავს სახმელეთო ჯარებს (არმიას), საჰაერო ძალების ტაქტიკურ ავიაციას, ასევე საზღვაო ძალებს ბალისტიკური რაკეტებით შეიარაღებული ატომური წყალქვეშა ნავების გარეშე. ბირთვული იარაღითა და დაზიანების ჩვეულებრივი საშუალებებით, თანამედროვე სამხედრო ტექნიკით შეიარაღებულ ზოგადი დანიშნულების ძალებს გააჩნია მაღალი დარტყმითი და საცეცხლე სიმძლავრე, მობილურობა და სხვადასხვაგვარი ამოცანების გადაწყვეტის უნარი. მას შეუძლია დამოუკიდებლად ან მოკავშირეთა ჯარებთან ერთობლივად აწარმოებდეს ოპერაციებს სახმელეთო და საოკეანო (საზღვაო) ომის თეატრებზე, ახდენდეს სამხედრო ძლიერების დემონტრაციას, გამოყენებულ იქნას კრიზისულ სიტუაციებში.

ყოფილი საბჭოთა კავშირის აგრესიის შეკავების მიზნით და ქვეყნის სხვა სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ მიღებული “მეწინავე ბაზირების” სტრატეგიული კონცეფციის შესაბამისად, ზოგადი დანიშნულების ძალების მნიშვნელოვანი დაჯგუფებები განლაგებულია ევროპაში, ატლანტისა და წყნარი ოკეანეების ზონებში, აგრეთვე ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ზონაში. ხოლო აშშ-ის კონტინენტურ ნაწილში მყოფი ზოგადი დანიშნულების ძალები ქმნის სტრატეგიულ რეზერვს, საჭიროების შემთხვევაში ოკეანსგაღმა ტერიტორიებზე განლაგებული მეწინავე დაჯგუფებების გაძლიერებისთვის ან ახლების გასაშლელად.

ოკეანსგაღმა ტერიტორიებზე განლაგებული აშშ ზოგადი დანიშნულების ძალების ყველაზე უფრო მძლავრი დაჯგუფება გაშლილია ევროპულ ომის თეატრზე. თანამედროვე შეტევითი იარაღით აღჭურვილი ეს დაჯგუფება მუდმივად მაღალ საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფება და გფრ-ის ჯარებთან ერთად წარმოადგენს ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარ დამრტყმელ ძალას.

80-იანი წლების ბოლოს ეს დაჯგუფება მოითვლიდა 0,5 მლნ. ადამიანს, 5.000 თანამედროვე ტანკს, 3.100-ზე მეტ საველე არტილერიის ქვემეხსა და ნაღმსატყორცნს, საარმიო ავიაციის 1.600 თვითმფრინავსა და ვერტმფრენს, საჰაერო ძალების 700-ზე მეტ თვითმფრინავს, 200-ზე მეტ საბრძოლო ხომალდს, მათ შორის 9 მრავალმიზნობრივ ავიამზიდს, დაახლოებით 70 ატომურ წყალქვეშა ნავსა და საზღვაო ძალების ავიაციის 900 საბრძოლო თვითმფრინავს.

საჭიროების შემთხვევაში იგეგმებოდა ევროპაში შეიარაღებული ძალების დაჯგუფების ნიშვნელოვანი და სწრაფი გაძლიერება აშშ კონტინენტური ნაწილიდან ძალებისა და საშუალებების სწრაფად გადასროლის ხარჯზე, რისთვისაც ზოგიერთი დასავლეთევროპული ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებულ საწყობებში წინასწარ ინახებოდა მძიმე იარაღი და საბრძოლო ტექნიკა ექვსი ზოგადსაჯარისო დივიზიისა და საზღვაო ქვეითი ჯარის ერთი საექსპედიციო ბრიგადისთვის.

ზოგადი დანიშნულების ძალების მნიშვნელობით მეორე დაჯგუფება გაშლილია წყნარი ოკეანის ზონაში (სამხრეთ კორეა, იაპონია, ჰავაის კუნძულები და სხვა). 80-იანი წლების მიწურულს იგი მოითვლიდა 600.000 ადამიანს, 1.800-ზე მეტ საბრძოლო თვითმფრინავს, 200-ზე მეტ საბრძოლო ხომალდს.

აშშ-ის ზოგადი დანიშნულების ძალები ინდოეთის ოკეანეში, ახლო და შუა აღმოსავლეთის რეგიონში მოითვლიდა 15-მდე საბრძოლო ხომალდს, 90 საბრძოლო თვითმფრნავით შეიარაღებული ერთი ავიამზდის ჩათვლით. ა რეგიონში ამერიკეული დაჯგუფების სწრაფი გაზრდის მიზნითკუნძულ დიეგო-გარსიასთან (ჩაგოსის არქიპელაგი) გამუდმებით იმყოფებოდა საზღვაო ქვეითი ჯარისთვის განკუთვნილი მძიმე იარაღითა და მომარაგების საგნებით დატვირთული გემ-საწყობები.

აშშ-ის ზოგადი დანიშნულების ძალების დაჯგუფება ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ზონაში 80-იანი წლების ბოლოს მოიცავდა 15.000-ზე მეტ ადამიანს.

აშშ-ის კონტინენტურ ნაწილში განლაგებული ზოგადი დანიშნულების ძალები წარმოადგენს ოკეანსგაღმა საომარ მოქმედებათა თეატრებზე შეიარაღებული ძალების მეწინავე დაჯგუფებების გასაძლიერებლად ან ახლის გასაშლელად განკუთვნილ სტრატეგიულ რეზერვს. მისივე შემადგენლობიდან გამოიყოფა სწრაფი გაშლის ძალებიც, რომელსაც ახასიათებს მაღალი მობილურობა და მანევრული მოქმედებების უნარი.

3) ჯარების სტრატეგიული გადასროლის ძალები და საშუალებები განკუთვნილია პირადი შემადგენლობის, შეიარაღებისა და მატერიალურ საშუალებათა გადასროლისთვის აშშ კონტინენტური ნაწილიდან ოკეანსიქითა ომის თეატრებზე ან ერთი ომის თეატრიდან მეორეზე. იგი წარმოადგენს ჯარების სტრატეგიული მობილურობის ერთერთ ძირითად საშუალებას და უზრუნველყოფს შეიარაღებული ძალების დაჯგუფებათა დროულად გაძლიერებისა და შეუფერხებელი მომარაგების ორგანიზაციას.

80-იანი წლების მიწურულს სტრატეგიული საჰაერო გადასროლებისთვის შეიძლებოდა გამოეყენებინათ 700-მდე მძიმე სატრანსპორტო თვითმფრინავი (350-ზე მეტი საჰაერო ძალებიდან და 340 სამოქალაქო ავიაციის ფართოფუზელაჟიანი ლაინერი). სტრატეგიული სატრანსპორტო თვითმფრინავების მოდერნიზაციის პროგრამის რეალიზაციისა და 50 C-5B თვითმფრინავის შესყიდვის შემდეგ აშშ საჰაერო ძალების შესაძლებლობები საჰაერო გადასროლებში 29,6 მლნ. ტონა-მილიდან გაიზარდა 44,3 მლნ. ტონა-მილამდე დღეღამეში. აღნიშნული პროგრამის დასრულების შემდეგ 1992 წლისთვის ეს მაჩვენებელი უნდა გაზრდილიყო 51,5 მლნ. ტონა-მილამდე დღეღამეში, ხოლო შემდეგში (2000 წლამდე) 220 პერსპექტიული თვითმფრინავის C-17 შესყიდვის ხარჯზე, იგეგმებოდა სტრატეგიული სატრანსპორტო ავიაციის საერთო პოტენციალის გაზრდა 66 მლ. ტონა-მილამდე დღეღამეში.

80-იანი წლების ბოლოს საზღვაო სატრანსპორტო სტრატეგიული გადასროლების უზრუნველსაყოფად ყოველდღიური საქმიანობისთვის გამოიყენებოდა 150 გემი და კიდევ 50 გემიც – ჯარების სტრატეგული გაშლის უზრუნველსაყოფად.

ჯარების სტრატეგიული გადასროლისა და გაშლის ყველა პროგრამა მიზნად ისახავს ერთდროულად ევროპაში, სამხრეთ-დასავლეთ აზიასა და წყნარი ოკეანის ზონაში აუცილებელი სამხედრო კონტინგენტების გაშლის შესაძლებლობათა შექმნას.

4) აშშ შეიარაღებული ძალების რეზერვები წარმოადგენს მშვიდობიანობის დროს შექმნილ სამხედრო ფორმირებებს, აგრეთვე მომზადებულ ან მზადებაში მყოფ პირადი შემადგენლობის კონტინგენტებს, რომლებიც აუცილებლობის შემთხვევაში განკუთვნილია სწრაფად მობილიზაციისა და შეიარაღებული ძალების გაშლისათვის. მობილიზაციის ვადების მიხედვით, რეზერვები იყოფა პირველი, მეორე და მესამე რიგის რეზერვებად. პირველი რიგის რეზერვის საფუძველია ეროვნული გვარდიისა და შეიარაღებულ ძალთა რეზერვების ფორმირებები, რომლებიც ქმნიან ე. წ. ორგანიზებულ (ან მომზადებულ) რეზერვს, ამასთან სახმელეთო ჯარებსა და საჰაერო ძალებში არის როგორც ეროვნული გვარდიის, ისე არმიისა და საჰაერო ძალების რეზერვის ფორმირებები, საზღვაო ძალებში კი – ფლოტის რეზერვი. 80-იანი წლების ბოლოს მათი საერთო რიცხოვნება გახლდათ 1.150.000 ადამიანი.

ეროვნული გვარდია წარმოადგენს ბრძოლისათვის მზადმყოფ, მიწერილი პირადი შემადგენლობით დაკომპლექტებულ, იარაღითა და სამხედრო ტექნიკით აღჭურვილ და რეგულარული ჯარების სტრუქტურის მიხედვით ორგანიზებულ სახმელეთო ჯარებისა და საჰაერო ძალების შენაერთებს, ნაწილებსა და ქვედანაყოფებს.

შეიარაღებული ძალების სახეობათა რეზერვები მოიცავს რეგულარული ჯარების შტატების მიხედვით ორგანიზებულ რეზერვის შენაერთებს, ნაწილებსა და ქვედანაყოფებს, აგრეთვე ბრძოლისთვის მზადმყოფ ინდივიდუალურ რეზერვისტებს, რომლებიც განკუთვნილია რეგულარული ფორმირებების საომარი დროის შტატებამდე შევსებისთვის, უმთავრესად მათ შემადგენლობაში საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილებისა და ქვედანაყოფების შეყვანით, აგრეთვე პირადი შემადგენლობის მოსამზადებელი სასწავლო-სამობილიზაციო ბაზის გასაშლელად.

80-იანი წლების ბოლოს ეროვნული გვარდია მოითვლიდა პირადი შემადგენლობის 570.000 ადამიანს, ხოლო შეიარაღებული ძალების სახეობათა რეზერვები 580.000 ადამიანს, სათანადო შეიარაღებითა და საბრძოლო ტექნიკით.

მეორე და მესამე რიგის რეზერვისტები წარმოადგენენ სამხედრო სწავლება გავლილ ადამიანებს, რომლებიც მშვიდობიანობის დროს სამხედრო სამსახურში არ გაიწვევიან.

აშშ შეიარაღებული ძალების განვითარების პერსპექტივები

90-იანი წლების დასაწყისში აშშ-სა და სსრკ-ს (შემდეგ რუსეთს) შორის ურთიერთობათა გარკვეულმა ნორმალიზაციამ, აღმოსავლეთ ევროპასა და სსრკ-ში მიმდინარე მოვლენებმა – ვარშავის ხელშეკრულებისა და შემდეგ სსრკ-ის დაშლამ, სტრატეგიულ შეტევით შეიარაღებათა შემცირებაზე ხელშეკრულებების დადებამ (რუსული აბრევიატურით СНВ-1 და СНВ-2) მნიშვნელოვნად შეამცირა რუსეთის მხრიდან აგრესიის შესაძლებლობა და შეანელა ევროპაში სამხედრო დაპირისპირება. შესაბამისად შეიცვალა აშშ სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის გეგმები და ამოცანები, რასაც ქვეყნის შეიარაღებული ძალების სტრუქტურის გადასინჯვა უნდა მოჰყოლოდა.

აშშ მომავლის შეიარაღებული ძალების დანიშნულებისა და სტრუქტურის შესახებ ჩვენ ხელთ გვაქვს ორი დოკუმენტი: აშშ თავდაცვის სამინისტროს მიერ 1993 წლის 1 სექტემბერს გავრცელებული მოხსენება “შეიარაღებული ძალების სტრუქტურის კარდინალური გადასინჯვა” და თავდაცვის მინისტრის ლეს ესპინის მიერ 12 სექტემბერს ბრიუსელში სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტში წარმოთქმული სიტყვა “შეიარაღებული ძალები და სამხედრო კავშირები ახალ ეპოქაში”.

ამ დოკუმენტებში გატარებულია აზრი, რომ დღეს საბჭოთა მუქარა ფაქტიურად აღარ არსებობს და, შესავამისად, მსოფლიო ომის საშიშროებაც თავიდან აცილებულია, მაგრამ შესაძლებელია აშშ-ის სახელმწიფო ინტერესებს დაემუქროს მსხვილმასშტაბიანი რეგიონული კონფლიქტები, რომელთა რეალური კერაა სამხრეთ-დასავლეთ აზია (სპარსეთის ყურის რაიონი) და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზია (კორეის ნახევარკუნძული). შესაბამისად აშშ-სა და მის მოკავშირეებს უნდა გააჩნდეთ საკმარისი ძალები ამ კონფლიქტების დროულად ლოკალიზებისა და ჩაქრობისთვის.

გარდა ამისა, აშშ შეიარაღებულ ძალებს უნდა შეეძლოს მოკავშირეებთან ერთობლივად მონაწილეობა მიიღოს სამშვიდობო ოპერაციებში, ძალის გამოყენებით მშვიდობის განმტკიცებასა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაში. აშშ-ის შეიარაღებული ძალები უნდა იყოს საკმასრისად მრავალრიცხოვანი, მაგრამ მაღალმობილური, მოქნილი და შეეძლოს კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი გაშლა.

მესამე ფაქტორი, რაც განსაზღვრავს აშშ შეიარაღებული ძალების რიცხოვნებასა და სტრუქტურას, არის საზღვარგარეთ სამხედრო ყოფნის გაგრძელება.

და ბოლოს, აშშ-ს უნდა ჰყავდეს საკმარისი სტრატეგიული შეტევითი ძალები, რათა СНВ-2 შეთანხმების დარღვევის გარეშე უზრუნველყოს ეფექტური ბირთვული შეკავება, ხოლო მოვლენების სახიფათო შემობრუნების შემთხვევაში – შექმნას დამატებითი ძალებიც.

პირველ საკითხთან დაკავშირებით აშშ თავდაცვის სამინისტროს მიაჩნია, რომ აუცილებელია თითქმის ერთდროულად მიმდინარე ორ მსხვილ რეგიონალ კონფლიქტში მონაწილეობისთვის საკმარისი ჯარების (ძალების) შენახვა, რათა პოტენციურ აგრესორებს არ მიეცეთ საშუალება თავს დაესხან თავიანთ მეზობლებს იმ დროს, როდესაც ამერიკული ძალების რიცხვი ამ რეგიონში შემცირდება სხვა რეგიონში წამოჭრილ კონფლიქტში მონაწილეობის მისაღებად გადასროლის გამო. თითქმის ერთდროულად ორი ომის წარმოებისთვის საკმარისი შეიარაღებული ძალების შენახვა მნიშვნელოვნად შეამცირებს თვით ამ ომების წამოწყების ალბათობას, თანაც იძლევა გარანტიას, რომ მომავალი მოწინააღმდეგე ან მოწინააღმდეგეთა კოალიცია ვერავითარ სერიოზულ და მოულოდნელ მუქარას ვერ შეუქმნიან შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს ამ რეგიონში.

შეიარაღებული ძალების მოქნილობისა და ძლიერების ამაღლებისთვის აშშ თავდაცვის სამინისტრო გეგმავს საკმარისი რაოდენობის სტრატეგიული სატრანსპორტო საშუალებების ყოლას ჯარების გადასასროლად იქ, სადაც ისინი საჭირო იქნება, და მაშინ, როდესაც ამის საჭიროება დადგება. გარდა ამისა, ზოგიერთმა მაღალსპეციალიზებულმა ნაწილმა შეიძლება შეასრულოს “ორმაგი ამოცანაც”, ე. ი. მონაწილეობა მიიღოს ერთდროულად ორ რეგიონალ კონფლიქტში. ამათ მიეკუთვნება, მაგალითად, ზოგიერთი ტიპის თანამედროვე თვითმფრინავი: სტრატეგიული ბომბდამშენი B-2, ტაქტიკური გამანადგურებელი F-117, JSTAR, შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენის თვითმფრინავი E-3 სისტემით AWACS და რადიოელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავი EF-111.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჯარების მიერ წარმატებული თავდაცვითი მოქმედებების წარმოების უნარს ნებისმიერი მსხვილი რეგიონული კონფლიქტის საწყის ეტაპზე. ამ მიზნით თავდაცვის სამინისტრო ატარებს ღონისძიებებს: 1) ჯარების (ძალების) სტრატეგიული მობილურობის ამაღლებისთვის, მათი უფრო ოპტიმალური წინასწარი განლაგების, აგრეთვე საჰაერო და საზღვაო სატრანსპორტო ძალების სტრუქტურის ოპტიმიზაციის გზით; 2) ავიამზიდების დამრტყმელი პოტენციალის ამაღლებისთვის; 3) სახმელეთო ჯარების საცეცხლე სიმძლავრის დამაზიანებელ მოქმედებათა ამაღლებისთვის; 4) სტრატეგიული ბომბდამშენი თვითმფრინავების მაღალი სიზუსტის უბირთვო დაზიანების საშუალებებით შეიარაღებისთვის.

კერძოდ, სტრატეგიული მობილურობის ამაღლების მიზნით თავდაცვის სამინისტრო: ა) შეისყიდის და განალაგებს სატრანსპორტო თვითმფრინავს C-17 ან სხვა სატრანსპორტო თვითმფრინავებს უკვე მოძველებული C-141-ის ნაცვლად; ბ) აშშ ტერიტორიული წყლების გარეთ განალაგებს საბრიგადო სატანკო ნაწილებს, რომელთა გაგზავნაც სპარსეთის ყურეში ან ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში დაუყოვნებლივ იქნება შესაძლებელი; გ) დამატებითი ტრაილერების (?) შესყიდვით აამაღლებს საზღვაო სატრანსპორტო ფლოტის პოტენციალს აშშ კონტინენტური ნაწილიდან მოშორებულ რეგიონებში ძალებისა და საშუალებების სწრაფი გადასროლის მიზნით; დ) აამაღლებს ორგანიზებული რეზერვის ძალების საბრძოლო მზადყოფნასა და რეაგირების სისწრაფეს; ე) გამოყოფს სახსრებს რიგი ღონისძიებებისთვის შეერთებულ შტატებში პირადი შემადგენლობის, საბრძოლო და მატერიალურ საშუალებათა გემებზე დატვირთვის ოპერატიულობის ასამაღლებლად.

საზღვაო ძალების ხელმძღვანელობა ავიამზიდების საცეცხლე ძლიერების ამაღლებისთვის გეგმავს F-14 საგემბანო გამანადგურებლების აღჭურვას მაღალი სიზუსტის საიერიშო საშუალებებით, და აგრეთვე მეწინავე ბაზირების ავიამზიდებზე F/A-18 გამანადგურებლების დამატებითი ესკადრილიების გადასროლას, რაც აამაღლებს ავიამზიდების სიმძლავრეს კონფლიქტის ადრეულ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე.

სახმელეთო ჯარები შეიმუშავებს მაღალი სიზუსტის მცირე საბრძოლო საშუალებებს, რომელთაც მიზნამდე მიიტანენ რაკეტებით ATACMS (ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები მოქმედების სიშორით 150 კმ-მდე), . . . (?) მრავალლულიანი სარაკეტო გასაშვები დანადგარების, “ჰაერი-ზედაპირი” კლასის უნივერსალური რაკეტისა (რომელსაც ახლა შეიმუშავებენ) და ლულიანი არტილერიის მეშვეობით. AH-64 “აპაჩი” დამრტყმელი ვერტმფრენების ეფექტურობასა და სიცოცხლისუნარიანობას აამაღლებს ცეცხლის მართვის რადიოლოკაციური სისტემის “ლონგბოუს” გამოყენება. ამასთანავე სამინისტრო განიხილავს ATACMS-ისა და მრავალლულიანი სარაკეტო გასაშვები დანადგარების გაფართოებული წინასწარი განლაგების, აგრეთვე საზღვარგარეთული ბაზებიდან (?) AH-64 “აპაჩი” ვერტმფრენების წინასწარ გადასროლის შესაძლებლობებს კონფლიქტის პირველ ეტაპზე გამოყენების მიზნით.

საჰაერო ძალები გეგმავს სტრატეგიული ბომბდამშენების B-1 და B-2 მოდიფიკაციასა და მათთვის მაღალი სიზუსტის უბირთვო დაზიანების საშუალებების შემუშავებას (სახელდობრ, შეიმუშავებენ მცირე ზომის ტანკსაწინააღმდეგო დაზიანების საშუალებებით აღჭურვილი ტაქტიკური საბრძოლო მასალების მართვის პაკეტს ნებისმიერ ამინდში გამოყენებისთვის), რამაც მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს მოწინააღმდეგის შემტევი ძალებისა და სტაციონარული მიზნების განადგურებაში კონფლიქტის უმნიშვნელოვანეს პირველ დღეებში.

იგეგმება ღონისძიებები ეროვნული გვარდიის სახმელეთო ჯარების საბრძოლო ნაწილებისა და რეზერვის სხვა ძალების საბრძოლო მზადყოფნისა და მოქნილობის ამაღლებისთვის, რათა მათ შეძლონ მსხვილ რეგიონალ კონფლიქტებში შემკავებელ მოქმედებებში მონაწილეობა და სხვა ამოცანების შესრულება. ეროვნული გვარდიის სახმელეთო ჯარების საბრძოლო ნაწილებს ევალებათ გამოყონ ძალები დივიზიების გაძლიერებისთვის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში კი გაზარდონ სახმელეთო ჯარების საბრძოლო ძალები მეორე მასშტაბური რეგიონული კონფლიქტის დაწყების აღსაკვეთად, ან მასში მონაწილეობის მიღებისთვის. კონფლიქტის ადრეულ სტადიაზე მობილიზაციის შემთხვევაში ბრიგადული დონის ნაწილები შეძლებდნენ საიმედობისა და მოქნილობის ამაღლებას მეორე კონფლიქტის წარმოშობისას იმ დროს, როცა პირველი ჯერ არ იქნებოდა დამთავრებული. გარდა ამისა საზღვაო ძალების ხელმძღვანელობა გეგმავს საზღვაო ფლოტისა და საზღვაო ქვეითი ჯარის რეზერვის საავიაციო ფრთის სიმძლავრისა და ეფექტურობის ამაღლებას კიდევ ერთი სარეზერვო-სასწავლო ავიამზიდის მწყობრში შეყვანით.

აშშ კვლავაც დაეხმარება საკვანძო რეგიონებში თავის მოკავშირეებს საბრძოლო პოტენციალის ამაღლებაში. კერძოდ, იგი ეხმარება სამხრეთ კორეას შეიარაღებული ძალების მოდერნიზებასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში. ამ მიზნით დაიდო ხელშეკრულება F-16 თვითმფრინავების ერთობლივი წარმოების შესახებ.

სამხრეთ-დასავლეთ აზიაში აშშ განაგრძობს კავშირების განმტკიცებას პარტნიორებთან და მოკავშირეებთან თავდაცვის სფეროში, ატარებს გაერთიანებული ძალების ერთობლივ სწავლებებსა და მანევრებს, წინასწარ განალაგებს ჯარებსა და საბრძოლო საშუალებებს. გარდა ამისა, ამარაგებს მათ თანამედროვე შეიარაღებით. სახელდობრ, ქუვეითს აწვდის ტანკებს M1A2 “აბრამსი”, ხოლო ქუვეითსა და საუდის არაბეთს – სისტემა “პეტრიოტს”.

ოპერაციათა კიდევ ერთი სახეობა, რომელიც უნდა განსაზღვრავდეს აშშ შეიარაღებული ძალების სტრუქტურასა და რიცხოვნებას, არის სამშვიდობო ოპერაციები და შეიარაღებული ჩარევა. ასეთ ღონისძიებებს ართულებს ის, რომ მოსალოდნელია კონფლიქტში მონაწილე პოტენციური მოწინააღმდეგის ხელში არსებულ იარაღის სახეობათა სირთულის ხარისხისა და არსენალის ზომების მნიშვნელოვანი განსხვავება. უმრავლეს შემთხვევებში აშშ სამშვიდობო ოპერაციებში უნდა მონაწილეობდეს სხვა ქვეყნების ძალებთან ერთად, გაერო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით.

მასშტაბურ შეიარაღებულ ჩარევასა ან სამშვიდობო ოპერაციებში გონივრულია შემდეგი ძალების მონაწილეობის დაგეგმვა: ერთი საჰაერო სადესანტო დივიზიის, ერთი მსუბუქი ქვეითი დივიზიის, საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსის ერთი საექსპედიციო ბრიგადის, ერთი-ორი საავიამზიდო საბრძოლო ჯგუფის, საჰაერო ძალების ერთი-ორი შერეული საავიაციო ფრთის. სპეციალური ძალების: სამოქალაქო ადმინისტრაციის ნაწილების, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტის ძალების. საბრძოლო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ნაწილებისა და ქვედანაყოფების, საბრძოლო ნაწილებისა და მხარდაჭერის ნაწილების პირადი შიმადგენლობისა 50 ათასი ადამიანის რიცხოვნებით.

ამ პოტენციალის უზრუნველყოფა შესაძლებელია ზოგადი დანიშნულების ძალების იმავე შეხამებით, რომელიც აუცილებელია მსხვილ რეგიონალ კონფლიქტებში მონაწილეობისთვის, თუკი ეს ძალები გაივლიან სპეციალურ წვრთნას. ეს კი ნიშნავს, რომ აშშ-ს მოუწევდა უარი ეთქვა მნიშვნელოვანი სამშვიდობო ოპერაციების ან შეიარაღებული ჩარევის წარმოებაზე იმ დროს, როცა ერთდროულად მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები ორ მსხვილ რეგიონალურ კონფლიქტში.

და ბოლოს, ზოგადი დანიშნულების ძალების საერთო რიცხვის განსაზღვრისას, თავდაცვის სამინისტრო ითვალისწინებს ოკეანსმიღმა ტერიტორიებზე აშშ სამხედრო ყოფნისთვის აუცილებელ ძალებს.

ევროპაში შეერთებული შტატები განაგრძობს წამყვანი როლის შესრულებას განახლებული ნატო-ს შემადგენლობაში, სადაც დაგეგმილია დაახლოებით 100 ათასამდე პირადი შემადგენლობის შენარჩუნება, რაც საშუალებას მისცემს აშშ-ს წამყვანი როლი ითამაშოს ნატო-ში და უზრუნველყოს მძლავრი პოტენციალი კრიზისული რეაგირების მრავალეროვნული ძალების მომზადებისთვის. ამ ძალებში შევლენ საჰაერო ძალების გამანადგურებლები, ორი სახმელეთო დივიზიის მსხვილი ნაწილები შტაბ-ბინით, და მხარდაჭერის სხვა ნაწილები და ქვედანაყოფები.

აშშ-ის სახმელეთო ძალები გერმანიის ძალებთან ერთად შევლენ ორი მრავალეროვნული კორპუსის შემადგენლობაში. ცენტრალურ ევროპაში სტაბილურობის უზრუნველყოფის გარდა, მათი მომზადებისას ძირითადი ადგილი დაეთმობა სწრაფი გაშლის ამოცანების გადაწყვეტას ცენტრალური ევროპის ფარგლებს გარეთ და “არასტანდარტულ ოპერაციებში”, მაგალითად, სამშვიდობო ოპერაციებში, მოქმედებათა დამუშავებას. დროთა განმავლობაში ამ ამოცანებით შესაძლოა შეცვლილ იქნას ევროპაში განლაგებული სახმელეთო ჯარების ნაწილებისა და ქვედანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური ნაწილი და სტრუქტურა. საჰაერო ძალები განაგრძობს სადაზვერვო მონაცემების მოპოვების, გადასროლის საშუალებების და დამრტყმელი თვითმფრინავების გამოყენებას აშშ-ისა და ნატო-ს ძალების მიერ საბრძოლო ამოცანების შესრულებისას. აშშ საზღვაო ძალების ხომალდები განაგრძობენ ხმელთაშუა ზღვისა და ევროპის გარშემო არსებული სხვა საზღვაო აუზების წყლების პატრულირებას.

ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში დაგეგმილია 100 ათასამდე ჯარების შენარჩუნება. კერძოდ, აშშ კვლავაც განაგრძობს სამხრეთ კორეის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ენერგიული ზომების მიღებას და შეინარჩუნებს აქ ორბრიგადიანი შემადგენლობის ერთ ქვეით დივიზიასა და საჰაერო ძალების საბრძოლო ავიაციის ქვედანაყოფებს. გარდა ამისა, შეერთებული შტატები განიხილავს სამხრეთ კორეაში წინასწარ განთავსებული მატერიალური ნაწლის გაფართოების შესაძლებლობას თავისი კრიზისული რეაგრების პოტენციალის ამაღლებისთვის.

კუნძულ ოკინავაზე აშშ შეინარჩუნებს საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსის საექსპედიციო ძალებსა და სახმელეთო ჯარების სპეციალურ ბატალიონს. იაპონიის პორტებზე მიწერილია ავიამზიდი “ინდეფენდენსი”, სადესანტო ხომალდი “ბელო ვუდი” და მათი დამხმარე გემები. გარდა ამისა, იაპონიაში ოკინავაზე დარჩება საჰაერო ძალების საბრძოლო ავიაციის რამდენიმე ქვედანაყოფი, ხოლო საზღვაო ძალების მე-7 ფლოტი განაგრძობს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილის რეგულარულ პატრულირებას.

სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით, უმთავრესი ყურადღება უნდა მიექცეს ძალების პერიოდულ გაგზავნას ამ რეგიონში და არა მათ განლაგებას რეგულარულ საფუძველზე. საზღვაო ფლოტის ოთხი-ექვსი ხომალდი, რომლებიც მეორე სოფლიო ომის შემდეგ მუდმივად პატრულირებენ სპარსეთის ყურეში, განაგრძობენ თავიას საქმიანობას. გარდა ამისა, დაგეგმილია მატერიალური ნაწილის განთავსება ქუვეითში და კიდევ სხვაგან არაბეთის ნახევარკუნძულზე.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მატერიალურ ნაწილს წინასწარ განალაგებენ კუნძულ დიეგო-გარსიას მახლობლად მცურავ გემებზე. საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსის მატერიალურ ნაწილზე დამატებით რეგიონში წინასწარ განლაგებულია შვიდი ხომალდი სახელეთო ჯარების, საჰაერო და საზღვაო ძალების მხარდაჭერისთვის.

აშშ შეინარჩუნებს სამხედრო ყოფნას ლათინურ ამერიკაში, კერძოდ კი პანამაში, სადაც იგი იმოქმედებს არხის ექსპლუატაციასა და დაცვაში პანამის პარტნიორის სახით 1999 წელში პანამისთვის არხის სრულ გადაცემამდე.

საზღვარგარეთ აშშ-ის სამხედრო ყოფნის მოთხოვნილებათა გათვალისწინებით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საზღვაო ძალებს, განსაკუთრებით კი ავიამზიდებს, რომელთა მოქნილობა და სახმელეთო ბაზებისგან ავტონომიურად მოქმედების უნარი მნიშვნელოვანწილად უზრუნველყოფს საზღვარგარეთ ყოფნასთან დაკავშირებული ოპერაციების ჩატარების კარგ შესაძლებლობებს, განსაკუთრებით სპარსეთის ყურეში, სადაც აშშ სახმელეთო ჯარების ინფრასტრუქტურა შედარებით განუვითარებელია. ამიტომ შეერთებული შტატების სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ცდილობს უზრუნველყოს საავიამზიდო საბრძოლო ჯგუფებისა და სადესანტო ხომალდების მეტ-ნაკლებად მუდმივი სამხედრო-საზღვაო ყოფნა სამხრეთ-დასავლეთ აზიის, ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიისა და ევროპის (უმეტესად ხმელთაშუა ზღვის) წყლებში. ამ მხრივ აშშ სტრატეგიის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შესაძლებელია 11 საბრძოლო და ერთი სარეზერვო-სასწავლო ავიამზიდისგან შემდგარი ფლოტის დახმარებით.

სტრატეგიული ბირთვული ძალების სტრუქტურის დაგეგმვისას დღესდღეობით წამოიჭრება განუზღვრელობის მრავალი ფაქტორი. სახელდობრ, ვარშავის ბლოკისა და სსრკ-ის დაშლის, СНВ-1 და СНВ-2 ხელშეკრულებათა დადების, აგრეთვე შეერთებული შტატების რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების შემდეგ მსხვილმასშტაბიანი ბირთვული დარტყმის საშიშროება ნაკლებ რეალურია, მაგრამ ამასთანავე რუსეთისა და ყოფილი სამი საბჭოთა რესპუბლიკის (უკრაინის, ბელორუსიისა და ყაზახეთის) ტერიტორიაზე რჩება ბირთვული იარაღის ათასობით ერთეული. СНВ-2 ხელშეკრულების პირობებითაც კი რუსეთი ინარჩუნებს მნიშვნელოვან ბირთვულ არსენალს. და ბოლოს, დამაიმედებელი ტენდენციების მიუხედავად, პოლიტიკური სიტუაცია რუსეთში მეტად გაურკვეველი რჩება. ყველა წინააღმდეგობის დაძლევაც რომ მოხერხდეს, მაინც СНВ-1 და СНВ-2 ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ შემცირებათა რეალიზაციას თითქმის 10 წელი დასჭირდება. ამიტომ, თუმცა კი შეერთებულმა შტატებმა უკვე მოხსნა ბალისტიკური რაკეტებიდან 3,5 ათასზე მეტი ბირთვული საბრძოლო ნაწილი (СНВ-1 შეთანხმებით განსაზღვრული საერთო რაოდენობის თითქმის 90%), მაინც არსებული განუზღვრელობის ფაქტორის გათვალისწინებით, იგი მეტად ანგარიშიანად უნდა მიუდგეს შემდგომ შემცირებებს.

აშშ-ის მომავალ მოთხოვნილებებს ბირთვულ სტრატეგიულ ძალებში განსაზღვრავს ორი შემდეგი ამოცანა: ა) СНВ-1 და СНВ-2 ხელშეკრულებათა ფარგლებიდან გამოუსვლელად განახორციელოს ეფექტური ბირთვული შეკავება და ბ) საფუძველი ჩაუყაროს ახალი ძალების შექმნას მოვლენათა სახიფათო შემობრუნების შემთხვევაში.

თავდაცვის სამინისტროს მოხსენებაში არ არის მოცემული ბირთვული ძალების სტრუქტურის დეტალური სურათი, ვინაიდან ამჟამად მიმდინარეობს აშშ-ის ბირთვული ძალების კომპლექსური შესწავლა, რომლის შედეგებიც გამოქვეყნდება მოხსენებაზე დამატების სახით. მომავალ სტრატეგიულ ბირთვულ ძალებს 2003 წლისთვის ეყოლება:

– C-4 და C-5 რაკეტებით შეიარაღებული 18 წყალქვეშა ნავი “თრაიდენთი”;

– 500 რაკეტა “მინითმენ-3”, რომელთაგან თითოეულს ექნება თითო საბრძოლო ქობინი;

– საავიაციო ფრთოსანი რაკეტებით შეიარაღებული 94-მდე ბომბდამშენი B-52H და 20 ბომბდამშენი B-2.

ირაკლი ხართიშვილი
1994 წლის თებერვალი

ლიტერატურულ წყაროებად სტატიის პირველი ნაწილისთვის გამოყენებულ იქნა ჟურნალ «Зарубежное Военное Обозрение»-ში 1980-იან წლებში გამოქვეყნებული წერილები, ხოლო მეორე ნაწილისთვის კი საქართველოში აშშ საელჩოს მიერ გავრცელებული მასალები (U. S. Information Service).

ზემოთ მოყვანილი სტატია მომზადდა “საინფორმაციო ბიულეტენის” ნაბეჭდი ეგზემპლარის საფუძველზე, და მასში ძალაუნებურად გადმოვიდა იმხანად დაშვებული გარკვეული შეცდომებიც, რაც აქ რიგ ადგილებში მინიშნებულია აღნიშვნით – (?).

Sunday, December 25, 2011

მამისთვალი (მოთხრობა)

(ეძღვნება ფილოსოფოს ნანა სულიაშვილს)

გამარჯობა, მკითხველო, ჩვენ ერთმანეთისთვის უცხონი არ ვართ, ჩვენ ერთმანეთის ახლობლები, ნათესავებიც ვართ. მაშინ, ადრე, მეც მარტო მკითხველი რომ ვიყავი, მეც სითბოთო მესალმებოდნენ და უამრავ ამბებს არა მარტო მაგებინებდნენ, მოვლენებში წვდომასაც მასწავლიდნენ. ახლა მეც სიყვარულით გეცნობით, მეც დავიწყე წერა, მაგრამ არ გეგონოთ, ჩემთვის შემოქმედება, საერთოდ, უცხო იყოს. მე მხატვარი გახლავართ, ეფემია ფიჭაძე. ვფლობ უნიკალურ პორტრეტთა გალერეას და აქედან ჩემი სერიები პორტრეტებისა საზოგადოებისთვის რამდენჯერმე გახდა ცნობილი, მაგრამ გარკვეული წრისათვის, რადგან ფართო გაშუქებისათვის დიდი პროჟექტურაა საჭირო, რაც ჩვენს გალერეათა გაერთიანებას დღესდღეობით არ გააჩნია. არც ის გეგონოთ, რაღა ამჟამად მოუნდა მოთხრობების წერაო; მე მივყვებოდი, როგორც უკვე გითხარით, პორტრეტის ჟანრს, და თუ ლესინგის ესთეტიურ შეხედულებას მხატვრობისა და ლიტერატურის დანიშნულებაზე გავიხსენებთ, არც ის იქნება გასაკვირი, რომ პორტრეტში დატეული თემა გავხსნათ და წარმოგიდგინოთ ჩემს მიერ შესრულებული ერთ-ერთი სახასიათო სახე “მამისთვალი”. დრომ მოიტანა და იმასაც გეტყვით, რომ საიდანღაც მოსული და სადღაც ამორფული არ გეგონოთ, რამეთუ ახლა უამრავი გალერეაა და იმდენად ზღვარგადასული თავისი უნაყოფობით, რომ ჩემს შესახებ ცოტა რამის ცოდნაც საჭიროა. ეს შესავალი მოთხრობის ერთგვარი ჩარჩოცაა, რათა სათქმელი შიგნით მოვაქციო. მახსენდება სტუდენტობაში დამუშავებული საკმაოდ ცნობილი ნაშრომი, რუსი ხელოვნებათმცოდნის, ბახტინისა, ჩარჩოს შესახებ. ახლა ამის გამოყენება ჩემთვისაც საჭირო შეიქნა. ესე იგი, შევდივარ გალერიის ცოცხალ კომპიუტერში და ვძებნი “მამისთვალს”.

მამისთვალს სახელი მამის უმცროსმა ძმამ დაარქვა. იგი, საშუალოზე მაღალი, ძლიერი მხარ-ბეჭითა და ხორბლისფერი, სწორ ნაკვთებიანი სახით, თაფლისფერი თმებითა და ოდნავ ჭროღა, დიდრონი თვალებით, არც არაფრით გამოირჩეოდა სხვებისგან ნამეტანად, მაგრამ თავისთავადი კი გახლდათ. იგი ჩემი ბაღისდროინდელი მეგობარია და დღემდე არ გამიწყვეტია მასთან კავშირი. საბავშვო ბაღში მასწავლებლები გაოცებულნი რჩებოდნენ, ჩვენ რომ ერთხელ რამეს წავიკითხავთ, ყველაფერს ზეპირად ამბობსო. ყველაზე თვალი ეჭირა, თუ ვინმე ვერ ჭამდა, ვერ იძინებდა, ვერ იცვამდა, ყველას ეხმარებოდა, ჩხუბის თავებს აშველებდა და როცა იმასაც წაუყირავდებოდნენ, მათ ერთი კარგად მისცხებდა და გვერდზე გასწევდა ხოლმე. ერთხელ მასწავლებელსაც მიეშველა. ერთ შავგვრემან გინებამოყვარულ ბიჭს გარეცხილი სიპი ქვით კბილები საგულდაგულოდ ჩაუჩეჩქვა, რადგან მასწავლებლის მუქარის დროს სულ ესმოდა, ერთსაც იტყვი უწმაწურ სიტყვას და კბილებს ქვით ჩაგიმტვრევო. თვითონაც გაუკვირდა, სისხლმა დენა რომ დაიწყო პირიდან და თავის დასჯასაც აღარ შეხვედრია გაუგებრად. ერთხელაც კიდევ – გაურკვევლად არ მიუღია ხელების აჭრელება და დიდ ხანს ბჟუილი. ერთმა ბიჭმა, თითქმის სულ ერთად რომ დადიოდნენ, ხელი დაუჭირა, წინ წაიყვანა, მოკაშკაშე მზით განათებული ცისკენ აახედა და უთხრა, შეხედე, შეხედე მზე როგორ მომყვება, მარტო მე ვუყვარვარ, შენ კი არ დაგდევსო. მაშინვე დაფიქრებულმა გაოცებით მიუგო, ის ხომ ერთია, ჩვენ ბევრნი ვართ, ზემოთ ვინც ავიხედებით, ყველას წამოგვყვება, ეს რამ გაფიქრებინაო. ის კი თავისას არ იშლიდა, გაიძახოდა, მზე მარტო მე მიყურებს, თან უმატებდა, მამაჩემსაც ყველა იცნობს, მამაშენს არაო. ამაზეც ბევრი უმტკიცა და მაგალითებიც მოუყვანა, მაგრამ რომ არაფერმა გასჭრა, ხელი ჩაავლო წინ გადმოწეულ ფაფუკ ქოჩორში და ხელში ბღუჯა თმა შერჩა. პატარა ბიჭი ისევ შეწუხდა, ეს რად მინდოდაო.

ასე იზრდებოდა აკაციებით გარს შემოვლებულ უზარმაზარ ეზოში, გაზაფხულზე მათი რძისფერი ყვავილების თბილი სურნელით რომ ბრუვდებოდა, შიგნით ჩარიგებული ყვავილნარი თვალს რომ სტაცებდა – ზამბახი, ველური მიხაკი და დევისპირა, მათი ხავერდოვანი მუქი ფერადი ყვავილების ფურცლებითა და ნელი სურნელებით, დღესაც სიზმარივით რომ ახსენებს ყველაფერს.

ბაღში თუ შურისგებას ხანდახან ვერ ასცდებოდა, სკოლაში წყნარად და მდუმარედ უღიმოდა ყველას, განსაკუთრებით გონებაგახსნილი ბავშვები ახარებდნენ, მათთან ხუმრობდა და იცინოდა, მაგრამ ბეჩავი და ოდნავ გლახა თუ გამოერეოდა, ეს გულსა სტკენდა, იმას გაუცინებდა, სახელს მოფერებით დაუძახებდა. სკოლაში მისმა ნიჭმა ბევრი აბეზარი და გულბოღმა გააწბილა, აშინებდნენ დაბალ კლასებში, დავალებას გადაგვაწერინებ თუ არაო, ესეც თავის ჩანთას გადასცემდა და ზარის დარეკვის შემდეგ ხანდახან თვითონ უწევდა მისი ძებნა. მათემატიკა და ქართული ისე ეხერხებოდა, ჯერ რამდენიმე თემას სხვას დაუწერდა და გაუგზავნიდა ჩუმად, შემდეგ თავისთვის წერდა. ვერ იტანდა, თუ ვინმე მოძალადის ტონით ელაპარაკებოდა და სძულდა მისი შემოხედვა. მოწაფეებისა რა იყოს და მასწავლებლებიც დაუპირისპირდნენ. ერთნი ჩამორჩენილებს შეეკვრნენ და მის წინააღმდეგ ალიანსი შექმნეს – სულ მაგას რომ აქებენ, ეგ ვინ წითელი კოჭიაო. ერთი მოენაბლუო მასწავლებელი, სხვა ტომისა რომ ჩანდა, მიჩუმათებულად გაპრანჭული და მასთან კი მამა აბრამის ბატკანივით მოქმედი, მოწაფეთა ამ ალიანსს სათავეში ჩაუდგა და ამ ჩამორჩენილთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების მიზნით, მათი კლასში დაწინაურება გადაწყვიტა, მაგრამ რა გამოუვიდოდა? ერთხელაც სამინისტროდან ერთი უხუცესი მეთოდისტი მიბრძანდა სკოლაში მისი გაკვეთილის შესამოწმებლად. მისგან განებივრებულმა და მასთან განდობილმა მოწაფეებმა პატივცემული ადამიანი თავისი გრძელი პალტოს კალთებით მერხზე ისე დააბეს, რომ ჯერ ძლივს იქ შეტეული, ამ მახეს თავს ვეღარ აღწევდა. მამისთვალი შორიდან უყურებდა ამ სცენას წინ, კედელთან კუხეში მჯდომი და მაინც აოცებდა თითოეული მათგანის მოქმედება.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ასეთ მოსაყოლს რა გამოლევს, ამ ყმაწვილის კვალს მივყვეთ. როცა მეორე მხარის წარმომადგენელზე დაიწყო ოცნება, სახე ცისკენ მიაქცია და ღრუბლების გაჩენას, გარდასახვას, მიმსგავსებას, მილევას უყურებდა და მას წელიწადის ყველა დროს ყველა ამინდში აკვირდებოდა. რა ტერენტისავით თავი აგიწევიაო, ეხუმრებოდნენ ტოლ-ამხანაგები.

უმაღლესის გამოცდებმა მისთვის ბუნებრივად ჩაიარა. დიდი წარმატებით ჩააბარა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გზებისა და ხიდების მშენებლობის ფაკულტეტზე. სკოლის მასწავლებელი, ერთ-ერთი უგამოჩენილესი მწერლის ნათესავი, აფრთხილებდა, უწიგნური ხარ და ვშიშობ უმაღლესში ჩაჭრის შემდეგ სკოლას სამარცხვინო ბარათი არ მოუვიდესო. რაკიღა სიტყვამ მოიტანა, იგივემ და სკოლის დირექტორმა მას ქართული ენისა და ლიტერატურის რესპუბლიკურ კონკურსში გამარჯვებისათვის I ხარისხის დიპლომი დაუმალეს და ორი წლის შემდეგ გამოაჩინეს ატესტატთან ერთად, სათითაოდ რომ გასცემდნენ. და ეს სიგელი ბატონ ჰალსტუხ-კოსტუმიან საზოგადოებათმცოდნე დირექტორს თავზე გადაუფრიალა და უთხრა: ამას მაშინ ველოდი, როცა თემა დავწერეო. ამ თემის “ქართველ სამოციანელთა შეხედულება პოეზიისა და პოეტის დანიშნულებაზე” წარმატება მისმა მეგობარმა, ვუნდერკინდად წოდებულმა რეზომ, წინასწარ განსაზღვრა და მას უთხრა, ეს თემა წყალვით იკითხება, აზრიანი და პოეტურია, ასე ვერავინ დაწერდაო. შემდეგში კი როგორ ნანობდა ეს მეგობარი, მე ვუთხარი ქართულის მასწავლებელს შენი ნიჭის შესახებ და მე გადაგამტერე, ახლა თვალში ამოგიღებსო. ამ მასწავლებლის შიში მისი გაწითლებითა და დამალვით დამთავრდა, როცა იმ წელს უმაღლესში ორი სკოლადამთავრებული მოეწყო, ერთი რეზო და მეორეც მამისთვალი.

უმაღლესში ყველასთან მეგობრობდა, მაგრამ გულწრფელ და სულიერი სიღრმის ამხანაგებს თავისთავად ერთმანეთისკენ ეზიდებოდათ. საბუნებისმეტყველო დისციპლინების გავლისას ხშირად გაიხმობდა ხოლმე მას სხვადასხვა ლექტორი და შესთავაზებდა, არ გინდა ჩვენს განყოფილებაზე გადაგიყვანო, ანდა არ გინდა ესა თუ ის თემა დაწეროო. მაგრამ ის ბოლომდე არჩეულ პროფესიას გაჰყვა. დაეძებდა ნამდვილ პროფესორებს და საოცარი მოწიწებით აფასებდა მათ. ბუტაფორია საგნების უამრავ მათგანს კი ისე უყურებდა, კარიკატურები ეგონა. და იგი ამ გარემოებამ ისე დაადუმა, რომ მხოლოდ მათი განსახიერება დაიწყო ახლო ნაცნობთა წრეში და იქამდე შევიდა ამ პროფესორთა როლებში, რომ ერთხელ დეკანმა სტუდენტებთან ერთად უფლისციხეში გასვლის დროს უთხრა, შენი სახით დიდ მსახიობს ვკარგავთო, მაგრამ ეს იყო რაღაც მონაკვეთი, შემდეგში სირცხვილითაც კი იხსენებს ამას.

საკურსოებისა და დიპლომის ერთხმად აღიარების შემდეგ, ის კი არა და, საუბარი იყო ამ ბოლო პროექტის შესაბამის სამინისტროსათვის გადაცემის თაობაზე, რომელიც უშუამდგომლებდა ქალაქის საბჭოში მის წარდგენასა და შემდეგ განხორციელებას, მაგრამ სამი წლის მანძილზე იქით-აქეთ დაბარების შემდეგ მას აღარ შეეძლო ამ საქმეს მიჰყოლოდა. პროფესიას ისე შინაგანად შეეთვისა, თუმცა არც ერთ შესაბამის ინსტანციაში სერიოზულად არ მიუღიათ სამუშაოდ, რომ მთელი ცხოვრება წიგნებში, პროექტებში იყო განუწყვეტლივ ჩარგული.

მამისთვალი რისი მამისთვალი იყო, იმედი რომ დაეკარგა. იგი გულისხმას მისდევდა და გარეგნულ წარმატებებს მაინც და მაინც არ ესწრაფვოდა, რამეთუ იცოდა, საქმით ყოველივე გამოჩნდებოდა, მაგრამ ეს იოლი გზა არ იყო. და თანაც ხვდებოდა, რომ ყველას უნდა შესძლებოდა თავისი ნიჭის ნამდვილად გამოვლენა. მისი დიპლომის რეცენზენტმა, დიდმა მეცნიერმა, პროექტის შეფასებისას აღნიშნა, რომ ასეთი პროექტი ორმოცი წელია აქ არ მოსულაო. ეს თუ ასეა, ესე იგი, ერთმა თაობამ თითქმის გაიარა და ასე რად გაუძნელდათ მისი მიღება და განხორციელება? თუ კი ეს ბუნებრივად იშვა, მიეცეს თავისი ადგილი, სხვებს რაღად ამუშვებენ ამ გეგმაზე? მათ სხვა დაავალონ და იქნებ ყველამ პატიოსნად ის აკეთოს, რისი გაკეთებაც შეუძლია და რისი უნარიც შესწევს? ახალგაზრდა ბიჭი იყო, ტოლები, ცხადია, უყვარდა, მაგრამ იმდენი რამ ჰქონდა გასაგები და მოსაპოვებელი ცოდნის სფეროში, როგორც სპეციალობით, ასევე ზოგადად, რომ მასთან შემხვედრ ყველა მასზე უფროს, საინტერესო და კარგ ადამიანს უკავშირდებოდა და ბევრთანაც მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, თუ კი თავისთავად ეს აეწყობოდა.

ცხოვრების გზაზე ბევრიც ეღობებოდა წინ, თუმცა დათმენის, მისი დიდი ნიჭის მიუხედავად, მაინც ბრძოლები და გულისტკივილები გაიარა, რასაც ხანდახან წლები, ხანდახან გარკვეული პერიოდებიც დასჭირდა. ცოდნას აგროვებდა, მაგრამ მასთან თავის ხასიათსა და ინტერესს ახამებდა, საკუთარს პოულობდა. ამ ძაფს არ წყვეტდა, ცოდნასთან თანხმობაში უნდა ყოფილიყო, და ამის მოპოვებას დრო სჭირდებოდა. იგი შინაგან ადამიანად და პროფესიონალად ყალიბდებოდა, თუმცა გარეგნულად ამ ყოვლივეს არც ვინ უფასებდა და არც ვის ეხვეწებოდა და ფეხ-ქვეშ არ ეგებოდა, დამიფასეთო. პირველ რიგში მიხვდა, მთავარი უზენაესთან თანხმობა იყო, რაც დღითი-დღე გამოცდილებითა და დაკვირვებით მოდიოდა და მეორე – განუწყვეტელი შრომა და ღვაწლი. ხვდებოდა, დადგებოდა დრო და ყველაფერი გაირკვეოდა. ერთ-ერთ ინსტიტუტში ხაზვის მასწავლებლად მუშაობდა მოკრძალებულ ანაზღაურებაზე და თან შემოქმედებით ძიებას არ შორდებოდა, რადგან ეს მისთვის შინაგანი მოთხოვნილება იყო და მთელი ათეული წელი მოანდომა პროექტების კომპლექტს. და ოჯახური პასუხისმგებლობის დაკისრების გამო იმდენს შრომობდა და კერძო მეცადინეობებს ატარებდა, რომ ეს პროექტი კიდეც გადაავიწყდებოდა, მის ერთ-ერთ საუკეთესო მეგობარს რომ არ შეეტყობინებინა, საპროექტო ინსტიტუტი პროექტებს ყიდულობს და შეკვეთებსაც იძლევაო. ამ ნამუშევრის წარდგენის შემდეგ მან გარკვეული ჰონორარი მიიღო, მისი პირობებისათვის საუკეთესო, ისე რომ ექვს თვეს ერთ კაცს თავის სარჩენად ეყოფოდა. გავიდა ხანი და მისი პროექტი განხორციელდა, და წარმოუდგენელი შეფასებით საპროექტომ უცხოელს მიჰყიდა და ავტორს ისღა უხაროდა, თავის ქალაქში რომ აიგო სამი ხიდი ქალაქის გარეუბანში. ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ გაძარცვეს, თუმცა გარკვეულწილად ულოცავდნენ პროფესიონალები და აფასებდნენ კიდეც. ჯილდოებიც გადასცეს, უცხოეთშიც მიიწვიეს, მაგრამ მას ეს საქმე არ იზიდავდა. აქ ეძებდა ოჯახის სარჩენ სახსრებს, მის ცოდნასთან შეუსაბამო ინსტიტიტში რომ მუშაობდა, არც ესმოდათ მისი ფასი; რამდენჯერმე დეკანის მოადგილემ პირდაპირ კარი შეუღო ლექციაზე იმ მიზნით, რომ შეემოწმებინა, რამდენად მუშაობდა სტუდენტებთან და რამდენად პროფესიონალი იყო, როცა სალექციო თემებთან ერთად სტუდენტებს რწმენასა და საზოგადოების ცოდნაში გარკვევის მიზნით და მასთან პატიოსან დამოკიდებულებაზე ესაუბრებოდა ხოლმე და კიდევ მრავალ მისთანაზე. ჩვენ ზღაპრები არ გვინდა, მარტო ლექცია წაიკითხეო, ეუბნებოდნენ, როცა, მაგალითად, სტუდენტებმა არ იცოდნენ 14 ოქტომბერს რად ისვენებდნენ, სახელდახელოდ შექმნილ უმაღლესში მის რექტორთან, ცნობილ პროფესორთან შევიდა ერთხელ კაბინეტში და აუხსნა, პედაგოგები მინიმუმს ვიღებთ გასამრჯელოდო. რექტორმა თავგამოდებით დაიცვა სტუდენტთა მშობლები, პატიოსანი ოჯახებიდან არიანო. მასაც უნდოდა მიეგო, რომ არც პედაგოგები იყვნენ არაპატიოსანი ოჯახებიდან, მაგრამ გაჩუმდა, რადგან თუ იტყოდა, უნდა წამოსულიყო კიდეც, და მუდამ გარკვეულ დროს მიცემული ხელფასი მაინც რაღაცას ნიშნავდა ოჯახში მისატანად, რადგან მას ჯერ საკუთარი არ ჰქონდა და ძმებს იყო გადაყოლილი მამის გარდაცვალების შემდეგ, და არც ქვეყანაში იყო დალაგებულად საქმე, რამეთუ არსებობა და ყოფნა, თითოეულის სიცოცხლე იცოდა, რომ ბევრს ნიშნავდა, და ყოველი შემოსავალი მისთვის აუცილებელს წარმოადგენდა, რათა გაგრძელებულიყო მომავალი, არამც და არამც ეს არ იყო ამაოსთვის საზრუნავი და იგი ხედავდა, რომ თითოეული კაცი თავისი ქვეყნისათვის ყველაზე ძვირფასი იყო და აღემატებოდა ყველანაირ მატერიალურ ღირებულებას, რაც საჭირო იყო მხოლოდ ისევ ადამიანთა სიცოცხლისა და ადამიანური ღირსებისათვის. და უცოდინრად მიაჩნდა ყოველი, ვინც ამას ადამიანზე მეტად აღამატებდა.

მისი სულიერი მეგობრის ძიების გზაზეც მოგიყვებით. მამისთვალი თვითონ სტუდენტობაში, როცა მასში ჯერ არ იყო გამჯდარი სარწმუნოებრივი ცოდნა და სიმყარე, გატაცებული იყო ერთი გოგონათი, რომლის ცოდნა ლიტერატურასა და კლასიკურ მუსიკაში მეტად მოსწონდა და ბევრ საერთოს ნახულობდა მასთან. მასზე დააშენა მთელი თავისი ოცნება და როცა ეს ამბავი გამჟღავნდა, კარგად განათლებულმა გოგონამ ყველა ეს გატაცება ფროიდის ფსიქოანალიზით ახსნა. კარგა ხნის შემდეგ როცა მოუბოდიშეს, მაინც გაურკვეველი დარჩა ბევრი რამ და ერთმა ჩასაფრებულმა ამხანაგმა სულაც მოაშორა მას. პირველი იმედის გაცრუება მძიმე იყო, მაგრამ სხვა ნაყოფი გამოიღო შინაგანად. იგი არავის მიაგებდა სამაგიეროს, მიატოვებდა და მიდიოდა. მიყვებოდა თავის გზას, მაგრამ როცა ფიქრდება ხოლმე ამ ხალხზე, რცხვენია კიდეც მათი – როგორ შეუძლიათ პირდაპირ ცუდი გაუკეთონ სხვას. კეთილი კაცი ხომ თავისთვისაა, განა სცალია იმ გეგმებისათვის, რასაც მთელ დროს ავისმზრახველი ანდომებს? ამაზე ხომ ბევრი თქვენგანიც მუდამ დაფიქრებულა. მოგვიანებით მისი ერთ-ერთი სულიერი მეგობარი მისი ცხოვრების თანამგზავრი გახდა. მათმა შეკავშირებამ ორივეს სულიერი საქმიანობა დახვეწა და გაამდიდრა.

სამაგიეროდ, ახლო მეგობრები დრო და დრო გაურკვეველი მიზეზით ხან თავს ესხმოდნენ, ხანაც შორდებოდნენ, ადანაშაულებდნენ თითქმის უმნიშვნელო საქმეში, რაც მარტივად გაირკვეოდა კეთილმოსურნეობაში, და ბოდიშის მოხდასაც სთხოვდნენ. ზოგმა საზოგადოებაში, როგორც მათ ჰგონიათ, ადგილი მოიპოვა, ზოგს ხელი მოეცარა, ზოგსაც დიდი სურვილი გაუჩნდა, ცნობილი გამხდარიყო სხვაზე გადავლით. უერთმანეთოდ ორივე მხარე გასძლებს, მაგრამ ერთმანეთის სიხარული დაიკარგა. მას კი დღესაც ისევე სიყვარულით შეუძლია მათი მიღება, თუკიღა ამას ნამდვილად მიხვდებიან. სამაგიეროდ, გაიზარდა ძველი თუ ახალი წრიდან პროფესიული თუ საზოგადოების აღმშენებლობითი ცოდნით გამოცდილი და ერთგული ხალხის სიახლოვე. ეს წრე ნამდვილად ფართოვდება. ხომ გითხარი, მკითხველო, შენც და ჩვენც ერთად ვართ-მეთქი. ვინც მართლა მოქალაქე გახდა, ერთად უნდა ვიყოთ, უნდა ერთმანეთით გავძლიერდეთ. მე ასე მწამს. აი, რად მჭირდებოდა ჩარჩოს კონსტრუქციაზე ლაპარაკი, თქვენც გამომიჭერდით, მკითხველო, მე აქ გამოვვარდი მისი ფარგლებიდან, გამახსენდა ერთი-ორი სურათი, როცა ჩარჩოს გარეთ, მაგალითად, ცხენების ფეხთა ფლოქვები მოჩანს. მეც ასე მომივიდა.

მამისთვალი ვიდრე ოჯახს შექმნიდა, თითქოს მხოლოდ საკუთარი თავის ზნეობრივ ჩამოყალიბებას ანდომებდა დროს. შეძლებისდაგვარად წრფელი ლოცვა და თავგადადებული შრომა არ შეუწყვეტია. ოჯახის შექმნის შემდეგ საზოგადოებრივი გახდა. ისტორია ასე რომ უყვარდა, ცხადად განიცადა, სულის ცრემლები სდიოდა, დღევანდელი ყველა უპოვარი და გაჭირვებული ახსენდებოდა და გულს უძრავდა წაშლილი სახე. მასში მაინც გრძნობიერი ჭარბობდა, თუმცა გონების სინათლე მუდამ გამოარჩევდა მას.

თავი ყოველთვის ღირსეულად ეჭირა და ეს არ ყოფილა მოჩვენებითი, რამეთუ თავმდაბალი იყო ბუნებით. ქედს უხრიდა უფალს და სხვადასხვა მრავალ, მასზე მოწეულ უგვანობაზე მაღლდებოდა მოთმინებით და ისევ მოთმინებით. მამისთვალს ბევრი საქმე აქვს, არ ებმება, არ იბლარძნება, სასტიკად ერიდება ბლანტე გარემოს, ეშინია და თავს იცავს ამ უაზრო განცდისაგან, რადგან დრო არ ითმენს. ასეთ ხალხს ყურსაც არ უგდებს, რადგან მათ უყვართ ამ საქმეთა რყევა, მაგრამ არა, ურყევია მისი შთაგონება. საიქიოდან მამის თვალი უყურებს, შვილო, უფროსი ხარ, მტკიცედ იდექი, შენს ძმებს მიეხმარე, დედისიმედა უთქმელია, მახარე – თქვენზე გამოუცდელიო. მაღლიდან კი მამა ღმერთის თვალი დასცქერის, ჰოი, ერთადერთი, რა ტკბილად და მაამებლად, იცავს და აძლიერებს.

მოგეწონათ? თუ თქვენ მოგინდებათ ჩემი სხვა პორტრეტების წაკითხვა, შეგიძლიათ მომმართოთ, მე თავს შეგაქცევინებთ არც თუ ისე ურიგოდ, რდგან ამაში ჩემი საგვარეულოც მიწყობს ხელს, თანაც ჩემი გალერეა მუდმივ მოქმედი და მუდმივ მოძრავია და მისი გადაადგილება ხდება ხშირად ახლობლებთან ერთად, ხან ფეხით, ხან ცხენებითაც, რამეთუ მე ტექნიკას არ ვიყენებ სხვადასხვა მიზეზთა გამოისობით.

მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი13 ნოემბერი 2011 წელი.

1944: ტრაგიკული წელი ესტონეთის ისტორიაში

(ესტონური ტრაგედიის 60 წელიწადი. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მასალები)

საიტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის რუსეთის ფედერაციის საელჩოს ესტონეთის რესპუბლიკაში მოწოდებული მასალებისთვის.

1944 წელს საბჭოთა და გერმანული ჯარები ესტონეთში აწარმოებდნენ გააფთრებულ ბრძოლებს, რომლებშიც ორივე მხარე განიცდიდა მძიმე დანაკარგებს. გერმანული არმიის შემადგენლობასა და წითელი არმიის საბრძოლო ნაწილებში იბრძოდნენ ათასობით ესტონელისგან ჩამოყალიბებული ქვედანაყოფებიც, რომლებიც არცთუ იშვიათად ერთიმეორის პირისპირ იდგნენ ფრონტის ხაზის სხვადასხვა მხარეზე.

ესტონელები ფრონტზე მიდიოდნენ ომის დასრულების შემდეგ ესტონეთის დამოუკიდებლობის აღდგენის იმედით.

2004 წელს ესტონეთი აღნიშნავს ესტონეთში 1944 წლის ბრძოლებისა და ესტონეთის რესპუბლიკის აღდგენის მცდელობის 60 წლისთავს. ესტონეთი ხსოვნის ხარკს უხდის ყველა მსხვერპლს, რომლებიც იბრძოდნენ დამოუკიდებლობის სახელით, იტანჯებოდნენ ბანაკებში და დაიღუპნენ.

ქვემოთ მოგვყავს 1944 წლის უმნიშვნელოვანესი თარიღები და მოვლენები.

საბჭოთა და გერმანული ოკუპაცია ესტონეთში

– საბჭოთა კავშირმა მოახდინა ესტონეთის ანექსირება 1940 წლის ივნისში. 1941 წლის ზაფხულში საბჭოთა რეჟიმმა განახორციელა ესტონეტში მასობრივი რეპრესიები, 1941 წლის ივნისში ციმბირში დეპორტირებულ იქნა 10.000 ადამიანზე მეტი, თავიანთი უმრავლესობით მოხუცები, ქალები და ბავშვები. დემოკრატიული ქვეყნები არასდროს არ აღიარებდნენ საბჭოთა ოკუპაციას.

– გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის ომის დაწყების შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ შეკრიბა გასაწვევი ასაკის 50.000 მამაკაცი. მათმა ნაწილმა მოახერხა გაქცევა. დაახლოებით 32.000 გაგზავნილ იქნა რუსეთში მუშათა ბატალიონებში, სადაც ისინი გააჩერეს 1942 წლის ბოლომდე. იქ ათასობით დაიხოცნენ შიმშილის, მძიმე შრომისა და ეპიდემიებისგან. 1942 წელს რუსეთში გაყვანილი, აგრეთვე სსრკ-ში მცხოვრები ესტონელებისგან ჩამოყალიბებულ იქნა წითელი არმიის ესტონური მსროლელთა კორპუსი.

– საბჭოთა ოკუპაციის კვალდაკვალ 1941 წლის ივლისში დამყარებულ იქნა გერმანული, რომელიც გრძელდებოდა 1944 წლამდე. აღნიშნული დროის მანძილზე მოკლულ იქნა ესტონეთის დაახლოებით 8.000 მცხოვრები და მოქალაქე. ესტონეთის ტერიტორიაზე მოკლულ იქნა ან ბანაკებში დაიხოცა 20.000-ზე მეტი საბჭოთა სამხედრო ტყვე და სხვა ევროპული სახელმწიფოების მოქალაქე.

– უკვე 1941 წლის ივნისში ესტონეთის ტყეებში იმალებოდა ათასობით მამაკაცი, რათა არ მოხდინათ მათი მობილიზაცია და არ გაეგზავნათ როგორც სამხედროვალდებულები რუსეთში. ათასობით მამაკაცი გაიქცა ფინეთში, სადაც შევიდნენ სამხედრო სამსახურში. იყვნენ პირები, რომლებიც თანამშრომლობდნენ გერმანულ საოკუპაციო რეჟიმთან, ისევე როგორც პირებიც, რომლებიც თანამშრომლობდნენ საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმთან.

– 1942 წლის აგვისტოში ჰიტლერმა მისცა მითითება, რომ ჩამოეყალიბებინათ შშ-ის ესტონური ლეგიონი. ომის საერთაშორისო კანონების საწინააღმდეგოდ დაიწყო ესტონელთა მობილიზაცია.

– 1944 წლის იანვარში საბჭოთა კავშირმა დაიწყო შემოტევა (ლენინგრად-ნოვგოროდის ოპერაცია) ბალტიისპირეთის დასაპყრობად. იანვრის ბოლოს დაიწყო ესტონელთა მობილიზაცია გერმანულ არმიაში. 1944 წლის 7 თებერვალს ესტონეთის რესპუბლიკის უკანასკნელმა პრემიერ-მინისტრმა იური ულუოტსმა (Юри Улуотс) მოუწოდა ესტონელებს, რომ ეასულიყვნენ გასაწვევ პუნქტებში. ისევე როგორც სხვა ესტონელმა პოლიტიკოსებმაც, ულუოტსმა აუცილებლად ჩათვალა, რომ ხელი შეეშალა საბჭოთა ოკუპაციის დაბრუნებისთვის, იმედოვნებდა რა ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენას ომის დასრულების შემდეგ.

– 1944 წლის გაზაფხულისთვის გერმანულ არმიაში მობილიზებულ იქნა დაახლოებით 32.000 ესტონელი, რომელთაგად ჩამოაყალიბეს 7 ე. წ. სასაზღვრო დაცვის პოლკა და შშ-ის 20-ე ესტონური დივიზია (15 ათასი ადამიანი) საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის. აგვისტოში მობილიზებულ იქნენ 1926 წელს დაბადებული ჭაბუკები, რომლებსაც ძირითადად უშვებდნენ შშ-ის 20-ე დივიზიაში. ითვლება, რომ 1944 წელს ესტონეთში სულ მობილიზებულ იქნა დახლოებით 38.000 ადამიანი.

საბრძოლო მოქმედებები აღმოსავლეთის ფრონტზე

– 1944 წლის 2 თებერვალს წითელმა არმიამ მოხდინა მდინარე ნარვის ფორსირება და შექმნა რამდენიმე პლაცდარმი, ემზადებოდა რა შემოტევის განვითარებისთვის. 1944 წლის 11 თებერვალს წითელმა არმიამ მიმართა ნარვის დაპყრობის მცდელობას, მაგრამ გერმანულმა ჯარებმა შეძლეს მისი შეჩერება. ივლისის ბოლოს წითელმა არმიამ დაიწყო ახალი შემოტევა და 1944 წლის 26 ივლისს დაიპყრო ქალაქი.

– ნარვის დაცემის შემდეგ გერმანულმა ჯარებმა უკან დაიხიეს ე. წ. ტანენბერგის ხაზზე ნარვასთან (ე. წ. ლურჯი მთები), სადაც დაახლოებით სამი კვირის მანძილზე მიდიოდა სისხლისმღვრელი ბრძოლები, რომლებშიც ფრონტის ხაზის ორივე მხარეზე მონაწილეობდა ათასობით ესტონელი. წითელმა არმიამ ვერ მოახერხა ფრონტის გარღვევა, რომელსაც ინარჩუნებდნენ გერმანული ჯარები.

– აგვისტოს შუახანებში წითელმა არმიამ დაიწყო შემოტევა სამხრეთ-აღმოსავლეთ ესტონეთში და დაიპყრო ვირა და ტარტუ. გერმანულმა სამხედრო სარდლობამ მოახერხა წითელი არმიის წინსვლის შეჩერება მდინარე ემაიგიზე (Эмайыги). სექტემბრის დასაწყისში წითელი არმიის სარდლობამ ემაიგისთან მოზიდა ახალი ძალები, მათ შორის წითელი არმიის მე-8 ესტონური მსროლელი კორპუსი. 1944 წლის 16 სექტემბერს ჰიტლერმა გასცა ნებართვა, რომ შედგომოდნენ ესტონეთიდან ევაკუაციას. 1944 წლის 17 სექტემბერს წითელმა არმიამ დაიწყო შემოტევა ემაიგის მიჯნაზე. 17-22 სექტებერს ესტონური ნაწილები, რომლებიც იბრძოდნენ როგორც გერმანული, ასევე საბჭოთა ჯარების შემადგენლობაში, არაერთხელ ჩაებნენ საბრძოლო შეჯახებებში ერთიმეორესთან. მათში დაიღუპა ასეულობით ადამიანი.

დამოუკიდებლობის აღდგენის მცდელობა

– 1944 წლის 24 მარტს შეიქმნა სრულიად ესტონეთის საკოორდინაციო ცენტრი – ესტონეთის რესპუბლიკის ეროვნული კომიტეტი, რომელმაც გააერთიანა საბჭოთა და გერმანული ოკუპაციის დროს გადარჩენილი 30-იანი წლების პროსამთავრობო და ოპოზიციური წრეები. ეროვნულმა კომიტეტმა თავის მიზნად დაისახა აღედგინა ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა ესტონეთის რესპუბლიკის სამართლებრივი მემკვიდრეობითობის პრინციპებზე და ატლანტიკური ქარტიის პრინციპების შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებდა იმ ქვეყნების დამოუკიდებლობის აღდგენას, რომელთაც დაკარგეს იგი მეორე მსოფლიო ომის დროს.

– 1944 წლის 1 აგვისტოს ეროვნულმა კომიტეტმა საკუთარი თავი გამოაცხადა ესტონეთში უმაღლესი ძალაუფლების მატარებლად. 1944 წლის 18 სექტემბერს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ულუოტსმა (იგი გახლდათ აგრეთვე ესტონეთის რესპუბლიკის უკანასკნელი პრემიერ-მინისტრი საბჭოთა ოკუპაციამდე) დანიშნა ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობა ოტო ტიფის (Отто Тиф) მეთაურობით. მიზნად ისახავდნენ ესარგებლათ წარმოქმნილი შესაძლებლობით საერთო გაურკვევლობის ვითარებაში, როდესაც გერმანელები უკვე წავიდნენ, ხოლო წითელი არმია ჯერ კიდევ არ მოსულა.

– მთავრობამ განკარგულება გასცა, რომ გამოეცათ პირველი “სახელმწიფო უწყებანი”, რადიოთი ინგლისურ ენაზე გადაცემულ იქნა შეტყობინება ესტონეთის ნეიტრალიტეტის შესახებ ამ ომში. როდესაც გერმანული ჯარები ტოვებდნენ ტალინს, კოშკზე გრძელი ჰერმანი აღმართულ იქნა ესტონური დროშა.

– იმის წინ, სანამ საბჭოთა ჯარებმა დაიკავეს ტალინი, მთავრობის წევრება დატოვეს ქალაქი. მათი უმრავლესობა დაპატიმრებულ იქნა სახელმწიფო უშიშროების საბჭოთა ორგანოების მიერ და გაგზავნილი ციმბირში შრომით ბანაკებში. მძიმედ დაავადებულმა იური ულუოტსმა მიაღწია სტოქჰოლმამდე, სადაც მალევე მოკვდა.

საბჭოთა ოკუპაციის აღდგენა

– 1944 წლის 22 სექტემბერს წითელი არმიის ნაწილებმა დაიპყრეს ტალინი, კოშკზე გრძელი ჰერმანი აღმართულ იქნა წითელი დროშა, როგორც ახალი ოკუპაციის სიმბოლო. სისხლიოსმღვრელი ბრძოლები დასავლეთ-ესტონური არქიპელაგის კუნძულებზე გრძელდებოდა ნოემბრის ბოლომდე. კუნძულ საარემაას სამხრეთ დაბოლოება დაეცა 1944 წლის 24 ნოემბერს.

– დაახლოებით 70.000 ესტონელი იძულებული იყო დაეტოვებინა სამშობლო. ათეულობით ათასი გაემართა შვედეთისკენ, დანარჩენები უკანდახეულ გერმანულ ჯარებთან ერთად გაიქცნენ გერმანიაში, სადაც განთავსებულ იქნენ ლტოლვილთა ბანაკებში. ათასობით დაიღუპნენ ზღვით გაქცევის დროს. და მხოლოდ ცოტანი დაბრუნდნენ 90-იან წლებში.

– საბჭოთა ხელისუფალნი მოვიდნენ ტალინში 1944 წლის 25 სექტემბერს. საბჭოთა ხელისუფლებამ მიზნად დაისახა ესტონური სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული ელიტის სრული განადგურება. 1944-1953 წლებში ათასობით ესტონელი გაგზავნილ იქნა ბანაკებში ან დეპორტირებული.

– საბჭოთა ოკუპაციის მიუხედავად, დემოკრატიული ქვეყნები აგრძელებდნენ ესტონეთის რესპუბლიკისა და მის საზღვარგარეთულ წარმომადგენლობათა აღიარებას აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. 1991 წელს ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღდგენილ იქნა სამართალმემკვიდრეობითობის პრინციპზე, და ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, კანადამ, ევროკავშირის წევრებმა, აღადგინეს მასთან დიპლომატიური ურთიერთობები. 1991 წელი ესტონეთისთვის ნიშნავს მეორე მსოფლიო ომის დასრულებას. Uკანასკნელი საოკუპაციო ჯარები გაყვანილ იქნენ ესტონეთიდან 1994 წლის 31 აგვისტოს.

ესტონეთის დანაკარგები მეორე მსოფლიო ომში

ესტონეთის მოსახლეობა

1940 წლის 1 იანვარს: 1.121.939 (წყარო: ცენტრალური სახელმწიფო სტატისტიკური ბიურო)

1944 წლის 30 ნოემბერს: 885.414 (წყარო: ესტონეთის სსრ-ის სახალხო კომისართა საბჭო).

ოკუპაციის შედეგად ესტონეთმა დაკარგა თავისი მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედი ნაწილი (19,1%).

საინფორმაციო ფურცლის შედგენაში დახმარება აღმოგვიჩინეს ტინუ ტანბერგმა (Тыну Таннберг), ტოომას ჰიიომ (Тоомас Хийо) და სხვებმა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
თარგმანი ი. ისრაელიანისა (И. Исраэлян), რუსეთის ფედერაციის საელჩო ესტონეთში
საიტზე გამოქვეყნდა: 04. 03. 05.

ქართულ ენაზე თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

აღნიშნული საკითხების შესახებ ასევე იხილეთ ჩვენს ბლოგზე ნატალია ნაროჩნიცკაიას წერილები:

“ბალტიისპირეთის დამოუკიდებლობა: საკითხი რჩება საკითხად”;

“კალინინგრადის ოლქის პრობლემისადმი”;

აგრეთვე წერილი „ანგლოსაქსონური გეოპოლიტიკური გეგმების მემკვიდრეობითობა ევროპასთან მიმართებით“
განსაკუთრებით მისი თავები:
“პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის”
და
“რეალური პოლიტიკა და იდეოლოგია სამხედრო თანამშრომლობის კულისებს მიღმა და ‘ცივი ომის’ პერიოდში”.

ისლამური სამყარო: გეოპოლიტიკური და ცივილიზაციური მეტოქეობა

მსოფლიო ისლამი განიცდის არნახულ აღმავლობას. მისი ცენტრები უწყვეტად ვითარდებოდა და აგროვებდა სულიერ და ინტელექტუალურ პოტენციალს პასუხებისთვის ყოფიერების საკითხებზე XXI საუკუნეში. მისი დემოგრაფიული და ფინანსური პოტენციალი კოლოსარულად გაიზარდა და წარმოდგენილია ახლა აღმოსავლეთის სანავთობე გიგანტებით. ისლამი, როგორც შენიშნა თანამედროვე ეთნოპოლიტოლოგიის ერთერთმა ბურჯმა ე. ჰელნერმა, “სავსეა როგორც გარეგანი, ისე შინაგანი მისიონერული გულმოდგინებით (рвение) და წარმოადგენს რაღაც პერმანენტული რეფორმაციის მსგავსს”. ისლამური სამყაროს სახელმწიფოებრივი და სოციალური სტრუქტურების ჩამოყალიბებამ და ფეხზე დადგომა საშუალება მისცა მისთვის იმანენტურად დამახასიათებელ “შინაგან ჯიჰადს” ისარგებლოს თანამედროვე ადმინისტრაციული, სამხედრო და საწარმოო ტექნოლოგიით და გადაიქცეს მსოფლიოს თანამედროვე განვითარების სერიოზულ პოლიტიკურ ფაქტორად.

ისლამური ცივილიზაციის სახელმწიფოთა სხვადასხვა ჯგუფების გლობალური გეოპოლიტიკური და სულიერი მისწრაფებების გამოვლინება სულაც არ არის ერთიანი. აქ როლს თამაშობს ამა თუ იმ ქვეყნის ჩართულობა დაპირისპირებათა სხვადასხვანაირ თანამედროვე სტრატეგიულ კვნძებში (არაბ-ისრაელის, ირან-ერაყის, კვიპროს-თურქეთის), თანხმობა ან დაპირისპირება აშშ-თან რომლებიც არც თუ მცირედ აძლევს ფერს ისლამური ქვეყნების პოლიტიკას. თავის ზემოქმედებას ახდენს მოგონებაც დაკარგული გეოპოლიტიკური ბატონობის შესახებ, მეტი ან ნაკლები რელიგიური და ეროვნული შემწყნარებლობის ისტორიული ტრადიციები, ისლამისა და ქრისტიანობის სახელმწიფოებრიობაში ურთიერთობების ისტორიული გამოცდილება.

ავღანეთში ამერიკული მასშტაბური აქციის შემდეგ ქრისტიანულ და ისლამურ სამყაროებს შორის ურთიერთობათა მკვეთრად გამწვავების სიტუაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უფრო ღრმად გავიგოთ ნამდვილად რეალური და საზღვრების არმცოდნე ტერორიზმის წამახალისებელი მოტივები, რომელიც მოქმედებს ვაჰაბიზმისა და თალიბანის დროშებქვეშ.

საჭიროა შევნიშნოთ, რომ სხვა ცივილიზაციების სულიერი დაქვეიებისა და “ნელთბილობის” ფონზე, ბობოქრულად (бурно) განვითარებად ცივილიზაციაში გაფართოებისკენ პოტენციალისა და შინაგანი ენერგიის დაგროვების მომენტში ჩვეულებრივ წარმოიქმნება კიდეც რადიკალური ექსპანსიონსტური მიმდინარეობები, რომლებიც ავსებული არიან რელგიური ფანატიზმით.

ბობოქრულად მზარდ ევროპასაც ახალი დროების ზღურბლზე არყევდა პროტესტანტებისა და კათოლიკების სისხლიანი ბრძოლები. გავიხსენოთ ოლივერ კრომველი პურიტანების ლოზუნგით “მახვილი და ბიბლია”, მის მიერ მღვდელმსახურთა ხოცვა-ჟლეტა დროგჰედში, სიკვდილით სასჯელის შიშის ქვეშ შობის დღესასწაულობის აკრძალვა. გავიხსენოთ ანაბაპტისტებისა და მათ მოწინააღმდეგეთა მოწოდებები ქრისტეს დროშის ქვეშ: “მოკალით ყველა მიყოლებით, დაე თავად უფალმა გამოარჩიოს თავისები და უცხოები”. მათ, ისევე როგორც ვაჰაბიტებსაც, საკუთარი თავი შეერაცხათ “ღმერთის იარაღად”.

XXI საუკუნის ზღურბლზე სიტუაციის გამწვავების სხვა სტიმული – ეს არის დასავლური ლიბერალური და რაციონალისტური ცივილიზაციის, აგრეთვე ამერიკული გლობალიზმის ახალი უკვე უსულო ექსპანსიონიზმი, და რუსეთის, როგორც წონასწორობის დამჭერის დანგრევა.

არსებითად ისლამური და მართლმადიდებლური სამყაროები არ არიან აბსოლუტური მეტოქეები და შეუძლიათ თანაარსებობა გეოპოლიტიკურ წონასწორობაში. რუსეთს თავად გააჩნია მუსლიმანთა და ქრისტიანების კონსტრუქციული ურთიერთმოქმედებისა და სახელმწიფოებრივი ცხოვრების უნიკალური გამოცდილება. არეულობის დროს, როდესაც “ცივილიზებული” ევროპა კათოლიკი პოლონელების სახით მძვინვარებდა (безчинствовала) კრემლის ტაძრებში, თათარ უხუცესებს ჯერ კიდევ ახსოვდათ ივანე მრისხანის მიერ ყაზანის დაპყრობა. მაგრამ მათ არა თუ არ გამოუცხადებიათ გამოყოფა მოსკოვის სამეფოსგან და არ გამოუცხადებიათ ჯიჰადი, არამედ ხალხითა და სახსრებით დახმარება გამოუგზავნეს მინინსა და პოჟარსკის. თავად რუსეთს არ უწარმოებია რელიგიური ომები ევროპისგან განსხვავებით, სადაც პროტესტანტებსა და კათოლიკებს შორის სისხლიანი ხოცვა-ჟლეტებით მკვიდრდებოდა 1555 წლის აუგსბურგის რელიგიური ზავის პრინციპი: “Cojus regio ejus religio” (“ვისიცაა ძალაუფლება, იმისია სარწმუნოებაც”).

არაბული ქვეყნები არ ესაზღვრებიან სლავურებს და გააჩნიათ უმცირესი დაპირისპირებები მათთან, ბერძნებთან და სომხებთან, როგორც გეოპოლიტიკურ სუბიექტებთან. ისლამი ჩაისახა არაბულ სამყაროში, სადაც არაბების ნაწილს უკვე მიღებული ჰქონდა ქრისტიანობა და ინარჩუნებდა მას. ისლამის დროშის ქვეშ ისტორიული არაბული დაპყრობები განიცადეს სხვა სარწმუნოების არაბულმა ხალხებმაც. არაბებისთვის ისლამი გახლდათ არა რელიგია ახალი დროის დასავლეთევროპული სეკულარული გაგებით, არამედ შეგნება, სამყაროს სურათი, ცხოვრების წესი, და უმეტეს ხარისხად, ვიდრე ეთნოცენტრიზმი, იქცა არაბი ერის ჩამოყალიბების ღერძად. არაბულმა ცივილიზაციამ როგორც მსოფლიო კულტურის მსხვილმა მოვლენამ თვითდამკვიდრების შემდეგ მოგვცა არაბთა ჰალიფატის მაგალითი, რომელმაც თავისი დროისთვის გამოავლინა დასავლეთში უნახავი რელიგიური და ეროვნული შემწყნარებლობა და კულტურათა ურთიერთმოქმედება. არაბულ ისლამურ სამყაროს ყოველთვის ჰყავდა ქრისტიანების გარკვეული რაოდენობა თავის ტომელთა შორის. არაბული ქვეყნების – ლიბანის, სირიის, ეგვიპტის ტერიტორიაზე, პალესტინაში ცხოვრობენ აღმოსავლეთის ქრისტიანული ეკლესიების ქრისტიანი არაბები – კოპტები, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის საპატრიარქოთა მართლმადიდებლები, უნიატი-მარონიტები.

XX საუკუნეში ბევრ ისლამურ სახელმწიფოში მოხდა შეგნების ლიბერალიზაცია, დასავლური ნიმუშის მიხედვით, მესამე მსოფლიოსათვის ომისშემდგომი მეტოქეობის პერიოდში. სხვებში, რომლებიც ყველაზე უფრო ძლიერები იყვნენ თავიანთი ისტორიული სულიერი ტრადიციებით, როგორებიც არიან, მაგალითად, ირანი, ლიბერალურ-მედასავლეთურმა რაციონალისტურმა დოქტრინამ, რომელიც აგრესიულად ანგრევდა ძირეულ ფასეულობებს, აგრეთვე უნიადაგო ათეისტურმა კომუნიზმმა, განიცადეს მარცხი და გაააქტიურეს რადიკალური ფუნდამენტალისტური ძალები. “დემოისლამი” წარმოდგენილია პროდასავლური ატლანტიკური თურქეთით, ხოლო ფუნდამენტალისტური ისლამი ძლიერი ანტიდასავლური და ანტიამერიკული აქცენტით, ვლინდებოდა ირანში, ავღანეთსა და ვაჰაბისტური სულისკვეთების არაბეთში.

მაგრამ ობიექტური პირობა მსოფლო ისლამის ყველა ტოტისთვის (მიმდინარეობისთვის) ერთია: ისტორიული რუსეთის ფიზიკური, ეკონომიკური და სამხედრო დასუსტება, და, რაც მთავარია, უარის თქმა თავის ეროვნულ-რელიგიურ სახეზე, დასავლეთში არშემავალი მსოფლიოს ამ უზარმაზარი ნაწილის მიერ, ეთნიკური და კონფესიური წონასწორობის ნგრევა ბალკანეთში, რომელიც მოხდა დასავლეთის დახმარებით, დასავლურ-ლიბერალურ სამყაროში ჩათრევის მიზნებით, მსოფლიო ისლამს უხსნის იმის შესაძლებლობას, რომ თავისი როგორც არასდროს ისეთი ძლიერი გავლენის სფეროში ჩართოს ბიზანტიური სივრცის ტერიტორიები.

მართლმადიდებლური სამყაროს, და განსაკუთრებით სლავების დაჯახება ისლამთან სრულად მოხდა მეორე ათასწლეულის შუახანებში, კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ და ოსმალეთის მიერ ბალკანეთის, ხმელთაშუა ზღვისპირეთის უმეტესი ნაწილის, ჩრდილოეთ აფრიკის სწრაფი საპყრობის მსვლელობისას. თურქებმა, გვიან მიიღეს რა ისლამი, ნაკლები ხარისხით შეითვისეს არაბული ჰალიფატის კულტურისა და სახელმწიფოებრივი ცხოვრების მრავალწახნაგოვნება. ლოზუნგით “სიკვდილი ურწმუნოებს” ისინი იმონებდნენ არა მხოლოდ ქრისტიანებს, არამედ ერთმორწმუნეებსაც – მუსლიმან არაბებს, სპარსელებს. თურქულ სახელმწიფოებრივ იდეებს, სხვათა შორის, ყოველთვის გააჩნდა უფრო ეთნოცენტრული და ნაციონალისტური ხასიათი. როდესაც საუკუნის დასაწყისში ახალგაზრდა თურქებმა, ხოლო შემდეგ კი მათმა შემცვლელმა ქემალისტებმა, განახორციელეს რევოლუცია ნგრევის პირას მისულ ოსმალურ იმპერიაში, მათ მიერ შეთვისებულმა დასავლურ-ლიბერალურმა ფასეულობებმა და სეკულარული საზოგადოების იდეებმა ხელი შეუწყეს თურქული იმპერიული ნაციონალიზმის საბოლოო გაფორმებას, რომელიც ურწმუნოებთან ბრძოლის პათოსს უხამებდა დასავლეთევროპული ტიპის ეთნოცენტრიზმს.

თუკი XX საუკუნის დასაწყისის ახალგაზრდა თურქების იდეას – ოტომანიზმს – ჰქონდა ერთიანი ოსმალური ერის შექმნის მიზანი (სლავებისა და ბერძნების გათურქების გზით), თუმცა კი აცხადებდა ყველა ქვეშევრდომის თანასწორობას, ქემალ ათათურქის მიმდევრებმა – ქემალისტებმა შეცვალეს იგი პანთურქიზმითა და პანთურანიზმით. მათ საფუძვლად ფორმალურად ედო პანისლამიზი, რომლის უკანაც აღმოჩნდა იმპერიული თურქეთულ-თურქული (турецко-тюркский) ნაციონალიზმი. ქემალიზმი გახლდათ მემარცხენე მსოფლმხედველობის იდეოლოგია ძლიერი ნაციონალისტური აქცენტით. ქემალისტებმა მოაწყეს სომხების საშინელი ხოცვა-ჟლეტა, რომელსაც ძნელად თუ განახორციელებდნენ XIX საუკუნის ოსმალურ იმპერიაში, და რაც სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა არაბული ჰალიფატის აყვავების პერიოდში. შევნიშნავთ, რომ ამ ვესტერნიზებული თურქების ბელადები, რომლებმაც ამოჟლიტეს დაახლოებით ორი მილიონი სომეხი ქრისტიანი, იყვნენ მასონები, ხოლო გენოციდის ხელმძღვანელი თალაათ-ფაშა, 1913-1917 წლებში თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, იყო (მასონური ლოჟის) “თურქეთის დიდი აღმოსავლეთის” გროსმაისტერი.

ბოლშევიკებმა პირველებმა აღიარეს ქემალისტების სახელმწიფო ქემალ მუსტაფას – ათათურქის მეთაურობით. 1921 წელს ლენინმა დადო მასთან ხელშეკრულება “მეგობრობისა და ძმობის შესახებ”, აღმოუჩინა დახმარება იარაღითა და ფულებით (10 მლნ. მანეთზე მეტი ოქროთი), იმედოვნებდა რა ათათურქის “შემობრუნებას მსოფლიო რევოლუციის რელსებზე”, აგრეთვე გადაუხადა ამიერკავკასიის გასაბჭოებისადმი ლოიალურობისთვის მიწებით, რომლებიც რუსეთს გადმოეცა ბერლინის ტრაქტატის მიხედვით, ასევე თვალები დახუჭა სომეხი ხალხის გენოციდზე.

“ბრწყინვალე პორტა” – რუსული პოლიტიკის ისტორიული მეტოქეა მის სამხრეთ მიმართულებაზე. ეს გახლავთ ობიექტური გეოპოლიტიკური რეალობა. ისტორიული რევანშის იდეები არათუ არასდროს არ ტოვებდა თურქეთს, არამედ თურქული პოლიტიკური აზროვნების ფონადაც კი იქცა, როგორც ისლამისტურის, ისე ლიბერალურისაც. რუსეთისა და თურქეთის გეოპოლიტიკური ამოცანების დაჯახება შავი ზღვისპირეთსა და კავკასიაში ობიექტურია, თურქული თვითშეგნება კი განმსჭვალულია პანთურქიზმის იდეებით, რომლებიც ყოველთვის გამოცოცხლდება ხოლმე რუსეთის დასუსტების მომენტში, რომლის ზოგიერთი ტერიტორიაც დასახლებულია თურქული ხალხებით. თურქული გეოსტრატეგია ბევრწილად ხორციელდება პანთურქიზმის დოქტრინის ბაზაზე.

“პანთურქიზმი” როგორც ეთნოკულტურული იდეა დოქტრინის სახით პირველად ჩამოყალიბებულ იქნა რუსეთში თათარი ინტელექტუალების (ისმაილ გასპრინსკისა და სხვების) მიერ გასული საუკუნის ბოლოს, რომლებიც “ხალხთა საპყრობილეში” თავისუფლად აღიარებდნენ მას ყაზანის, ბაქოს გაზეთებში და თვით სახელმწიფო სათათბიროშიც. რევოლუციის შემდეგ კი იდეები და მათი მატარებლები განდევნილ იქნენ თურქეთში, სადაც ჰპოვეს ნაყოფიერი ნიადაგი ქემალისტების სახით, რომლებმაც მათ მისცეს ექსპანსიონისტური იმპერიული აქცენტი. პანთურქიზმის სპეციალისტები მოგვიწოდებენ განვასხვავებდეთ პოლიტიკურ პროგრამებს პანთურქისტული ისტორიის ფილოსოფიისგან, რომელშიც “თურქების” განსახლების გეოპოლიტიკური კონცეფციების პრიზმაში ხდება ევრაზიის ისტორიისა და პოლიტიკური გეოგრაფიის შეფასება.

ანალიზის დროს აუცილებელია გვახსოვდეს, რომ თურქეთი ყოველთვის იყო დასავლეთის ინსტრუმენტი, როგორც ანგლოსაქსონური, ისე ავსტრიულ-გერმანული ძალებისაც, სრუტეების რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში, რუსეთის წინააღმდეგ. ეს ობიექტური გეოპოლიტიკური კანონზომიერება ვლინდებოდა XX საუკუნეშიც. დასავლეთის სახელმწიფოთა წყალობით თურქეთს, პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული სახელმწიფოებიდან ერთადერთს, არათუ არ დაუკარგავს ტერიტორია, არამედ 1919 წელშიც მოახდინა იმ მიწების ოკუპაცია, რომლებიც 1878 წლის ბერლინის ტრაქტატის მიხედვით გადმოეცა რუსეთს [*]. არც 1920 წელს რუსეთის მიერ მიცემულ 10 მლნ. ოქროს მანეთს, არც რუსი ჯარისკაცებისა და სომეხი მოწამეების სისხლით მორწყულ მიწებს, არ გადაუქცევიათ “დემოკრატიული” თურქეთი საბჭოთა რუსეთის მოკავშირედ. “თურქთა მამის” საგარეოპოლიტიკური კურსი 30-იანი წლების განმავლობაში ირყეოდა, და ყოველთვის გახლდათ სსრკ-ის ყურადღების ობიექტი. მაგრამ თურქეთის ნეიტრალიზაციის მცდელობებიც უკვე რევოლუციური იდეების გარეშე ასევე ვერ იქნა დასრულებული წარმატებით. ამ დროს გერმანია უკვე ემზადებოდა მსოფლიოს ახალი გადანაწილებისთვის, რასთან დაკავშირებითაც შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მოხსენებითი წერილი “თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობის შესახებ” პირდაპირ მიუთითებდა, რომ “გერმანიასა და სსრკ-ს შორის საომარი მოქმედებების სავარაუდო წარმოქმნის შემთხვევაში თურქებს განზრახული აქვთ გამოვიდნენ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ კავკასიის ჩამოშორებისა და მის ტერიტორიაზე მეორე კავკასიური ფედერაციის შექმნის მიზნით”. ეს დაადასტურა მეორე მსოფლიო ომმა, რომლის მსვლელობისას თურქეთმა სამჯერ შეცვალა თავისი ორიენტაცია და ჰიტლერთან ნეიტრალიტეტის შესახებ ხელშეკრულების პერიოდში გერმანიას აღმოუჩენდა მხარდაჭერას სტრატეგიული მასალებითა და სურსათით, შავ ზღვაში გერმანული სამხედრო ხომალდების შემოშვებით.

ამისდა მიუხედავად ანტიჰიტლერული კოალიციის ანგლოსაქსონელი მონაწილეები ფსონს აკეთებდნენ თურქეთზე, რაც გამოვლინდა ომისშემდგომ მოწყობაში მისი გამოყენების გეგმებში. ყველაზე პირველ ოფიციალურ წინადადებაში შეექმნათ უსაფრთხოების მსოფლიო ორგანიზაცია, სტალინისადმი წერილში ჩერჩილმა აგრძნობინა, რომ ევროპის ომისშემდგომ კოსტრუქციაში მონაწილეობას მიიღებს თურქეთიც: ევროპის მართვის ორგანოს შემადგენელი ნაწილები იქნებიან “ევროპისა და მცირე აზიის დიდი ერები”. ომისა და ყოფილ მოკავშირეებს შორის ურთიერთობათა მკვეთრად შეცვლის შემდეგ თურქეთი დაუყოვნებლივ იქნა გადაქცეული დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის დასაყრდენად, ხოლო გახდა რა ნატო-ს წევრი, – მათ მთავარ ინსტრუმენტად ხმელთაშუა ზღვასა და ახლო აღმოსავლეთში.

თურქეთის სტრატეგიული ფასეულობა დასავლეთისთვის დიდია, და კვიპროსის ნაწილის ოკუპაცია 1974 წელს, საბერძნეთის საჰაერო სივრცის მუდმივი დარღვევები ხელს არ უშლის თურქეთს იმაში, რომ სარგებლობდეს ატლანტიკური ხელმძღვანელობის ყველანაირი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო დახმარებით. შემთხვევითი არ არის ანტისლავური განწყობილებებიც, რომლებიც ფესვებით მიდის მრავალსაუკუნოვან თურქულ უღელოში. ბოსნიური ომის მსვლელობისას ანკარამ დაუყოვნებლივ დაუჭირა მხარი აშშ-ის გადაწყვეტილებას ნატო-ს სამხედრო ჩარევის შესახებ და სერბული პოზიციების დაბომბვებს. თურქი მოხალისეები მონაწილეობდნენ ბრძოლებში ბოსნიელი მუსლიმანების მხარეზე. თურქეთის როლი მაკედონიისა და კოსოვოს ალბანელების უზრუნველყოფაში ასევე არ იწვევს ეჭვებს.

სტამბული მიისწრაფვის ისტორიული რევანშისკენ. შავი ზღვის სრუტეების შესახებ კონვენციის (მონტრე, 1936 წ.) ნაწინასწარმეტყველები დარღვევა ყირიმსა და სევასტოპოლში პოზიციების დათმობის შემთხვევაში უკვე ფაქტად იქცა. თურქეთი უკვე ღიად დაობს ეგეოსის ზღვის საერთაშორისო-სამართლებრივი რეჟიმის თაობაზე, მოითხოვს რა დოდეკანეზის კუნძულების შესახებ 1923 წლის ლოზანის კონვენციის გადასინჯვასა და ახალ საზღვაო საზღვრებს. სტამბული წავიდა უპეცედენტო მუქარებზე კვიპროსზე რუსული საზენიტო დანადგარების С-300 – წმინდა თავდაცვითი სისტემის მიწოდებასთან დაკავშირებით.

ანკარის მუქარების შემდეგ კვიპროსზე С-300-ების განლაგების შემთხვევაში რეაგირება მოეხდინა სამხედრო დარტყმებით, აგრთვე აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან მასირებული ზეწოლის შემდეგაც, ერთობლივი თავდაცვითი დოქტრინით დაკავშირებული ათენი და ნიქოზია იძულებული იყვნენ რაკეტების დისლოკაციის ადგილად განესაზღვრათ კუნძული კრეტა, რომლიდანაც რადარულ სისტემებს შეუძლიათ მოიცვან თურქეთის მოშორებული უბნები, თუმცა კი ნაკლებად, ვიდრე კვიპროსიდან.

თურქეთი შორს გადის “ატლანტიკური როლის” ფარგლებს გარეთ, რომელსაც დასავლეთი წინდაუხედავად ფიქრობს (იმედოვნებს) რომ აკონტროლებდეს თავის ინტერესებში, რის შესახებაც მოწმობდა ბოსნიელი მუსლიმანების გაშმაგებული (ярая) მხარდაჭერა, რომელთა ლიდერმაც, ა. იზიტბეგოვიჩმა ჩამოაყალიბა გეოპოლიტიკური ისლამური სარტყელის იდეა “ადრიატიკიდან ჩინეთის დიდ კედლამდე”. ეს არის საპროგრამო სტრატეგია მისი ცნობილი მანიფესტიდან – “ისლამური დეკლარაცია”. მაგრამ პოტენციური გეოპოლიტიკური გამოწვევის ასეთი რეალური სიმპტომებიც არ ცვლის დასავლეთის მუდმივ მისწრაფებას იქითკენ, რომ იყენებდეს თურქეთს პოსტბიზანტიურ სივრცეზე რუსეთის კონტროლის წინააღმდეგ, თვით “ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების” საუკუნეშიც კი. თუმცა თურქული რაკეტები კვიპროსის ტერიტორიას აღწევენ 5 წუთში, ბერძნულები კი – მხოლოდ 25 წუთში, დასავლელი პოლიტოლოგები მაინც ერთსულოვნად ამტკიცებდნენ, რომ (С-300) რაკეტების განლაგება “წარმოადგენს განსაზღვრულ გამოწვევას როგორც თავად რეგიონული დერჟავის, ისე თვით აშშ-თვისაც”, რამდენადაც საბერძნეთმა გაბედა რომ ჩამოერთვა თურქეთისთვის კონტროლი კვიპროსის საჰაერო სივრცეზე, და განიხილავდნენ ამ გარემოებას ურთიერთკავშირში რუსეთის მიერ გატარებულ ლიბიისა და სირიის არმიების მოდერნიზაცისთან”. ვ. ჰუმპელი იმასაც კი ამტკიცებდა, რომ მისი აზრით, “რუსეთის კონტროლის ქვეშ მოქცევის საშიშროება ემუქრება არა მხოლოდ ხმელთაშუა ზღვას, რომლის მიმართულებითაც გაიყვანენ ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენს, არამედ ამერიკული ფირმების მიერ კასპიის ზღვაში დაზვერილი ნავთობის მარაგებსაც”.

სსრკ-ის დაშლის შემდეგ წარმოიშვა რუსეთის ისტორიული სახელმწიფოს მუსლიმანური ნაწილების ორიენტაციის საკითხი. ისინი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შემოვიდნენ სხვადასხვანაირ გარემოებებში, ისტორიული წინასწარგანსაზღვრულობის (предопределённость) სხვადასხვა ხარისხითა და გარეშე ძალების სხვადასხვანაირი ზემოქმედებით. თუკი ყაზახი ჟუზები თხოულობდნენ რუსი მეფის ეგიდის ქვეშ შემოსვლას, მაგალითად, ყირიმელი თათრები იმყოფებოდნენ სპარსეთისა და თურქეთის გეოპოლიტიკურ ორბიტაში, რომლებიც ძლიერ ზეწოლას ახდენდნენ რუსეთზე.

დღეს პანთურქიზმი, რომელმაც მნიშვნელოვანი განვითარება განიცადა ისტორიულ-ფილოსოფიური მოძღვრებიდან პოლიტიკურ პროგრამებამდე, – წარმოადგენს თურქულენოვან მუსლიმანურ ხალხებზე ზემოქმედების ერთერთ ძლიერ იდეოლოგიურ და პოლიტიკურ ინსტრუმენტთაგანს არა მხოლოდ დსთ-ში, არამედ თავად რუსეთშიც. თურქული პოლიტიკის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ არა მხოლოდ პარტიული პროგრამები, არამედ ბეჭდურ გამოცემებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში გაჩაღებული ფართო კამპანია ასაბუთებს თურქეთის უფლებებს სხვა ქვეყნების თურქული მოდგმის ხალხებზე, და არცთუ იშვიათად ამ კამპანიაში ერთვება ოფიციალური ხელისუფლებაც. ამას გააჩნია ობიექტური წინაპირობები, ვინაიდან თურქეთი შთაგონებულია თავისი ისტორიული მეტოქის დაშლითა და დასუსტებით, ხოლო რუსეთის პასიური პოლიტიკა, რომელსაც არ სურს გაიაზროს არც თავისი უახლოესი ინტერესები, არც მათი პერსპექტიული განზომილება, რომელმაც ვერ შეიგნო თავისი გეოპოლიტიკური როლი, ასევე ხელს უწყობს თურქულ ამბიციებს.

თურქეთის მსგავსი მისწრაფებები აქცევენ მას აშშ-თვის მეტად შესაფერის ინსტრუმენტად, რომელსაც აშინებს ფუნდამენტალისტური, ხშირად ანტიამერიკული განწყობები დანარჩენ ისლამურ სამყაროში, აგრეთვე რომელიც იმედოვნებს ახლებურად მოახდინოს ისლამური სამყაროს კონსტრუირება, მიიზიდავს რა მას თავისი საყრდენისკენ, რომელსაც წარმოადგენს სტამბული.

ის ფაქტი, რომ თურქული გეოპოლიტიკური ინტერესები ობიექტურად რუსულის საწინააღმდეგოა, არ ნიშნავს, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები არ შეიძლება იყოს სტაბილური, მშვიდობიანი და საკმარისად კეთილმეზობლური, რომ არაფერი ვთქვათ ურთიერთმომგებიანობაზე. მსგავს გეოპოლიტიკურ სიტუაციებში ისტორიაში აუცილებელია ერთი პირობა – რუსეთის ძალა, მისი პოზიციების განუხრელობა შავ ზღვაზე, ყირიმსა და კავკასიაში, ისტორიულად მემკვიდრეობითი პოლიტიკის თანამიმდევრულობა ბალკანეთში, პოლიტიკური ნება, ვინაიდან სწორედ ეს ობიექტურად მოახდენს მეზობლის პოლიტიკური პოტენციალის გადაორიენტირებას სხვა, არამტრულ მიზნებზე. მაგრამ აშკარაა, რომ აღწერილ ისტორიულ და გეოპოლიტიკურ ფონზე ჩეჩნეთი დაუყოვნებლივ გადაიქცა არასტაბილურობის გეოპოლიტიკური რკალის საყრდენ პუნქტად ცივილიზაციებს შორისა და სახელმწიფოებს შორის მეტოქეობის პირაპირზე (на стыке).

მაგრამ აშშ-ისა და ბრიტანეთის სტრატეგია იგრძნობა მთელ ისლამურ რკალზე – ახლო აღმოსავლეთიდან პაკისტანამდე ყოფილი რუსული შუა აზიის გავლით. რუსეთი კი სამასი წლის განმავლობაში ითრევდა (втягивала) კავკასიელ და შუააზიელ ხალხებს თავის ორბიტაში, რათა წინ აღდგომოდა სამხრეთ მიჯნების აფეთქების ბრიტანულ მცდელობებს. მხოლოდ 2001 წლის შემოდგომაზე საბოოოდ გახდა ნათელი, რომ ტაჯიკეთიდან წამოსვლა, რისკენაც თავის დროზე მოგვიწოდებდნენ რუსეთის ლიბერალები, დიდი ხანია გამოიწვევდა აქ თალიბების შემოღწევას (проникновение). ამ ექსპანსიას, რომელსაც პაკისტანის მეშვეობით ოსტატურად (უნარიანად) აძლევდნენ მიმართულებას სულაც არა ისლამური დირიჟორები, ექნებოდა არა მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობა. მოსაზღვრე ავღანეთის, პაკისტანის, ჩინეთისა და სულ რამდენიმე ათეული კილომეტრით დაშორებული ინდოეთის ინტერესების გორგალს (клубок) გააჩნია გლობალური ხასიათი.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ წრტილში XIX საუკუნეში, XX საუკუნის დასაწყისის ბრწყინვალე რუსი პოლიტიკური გეოგრაფისა და აღმოსავლეთმცოდნის ა. სნესარევის სიტყვებით: “ჰინდიყუშის რაიონში, პამირის სამხრეთში, მოხდა გეოგრაფიული შეხება (соприкосновение)” რუსეთის იმპერიისა ინგლისთან, ვინაიდან “თურქესტანის სამხედრო ოლქის ცნობებით, 1903 წელს ბუხარის ყიშლაყ ნამათგუთიდან შით-რაქას უღელტეხილის სიმაღლემდე აღმოსავლეთ ჰინდიყუშში, რომლის თხემზეც გადის ინდოეთ-ავღანეთის საზღვარი – ‘სამთო ქვეითი სვლის’ ერთი დღის სავალია, 12-15 ვერსი”. ეს ეგრეთ წოდებული შუა-აზიური საკითხი წყდებოდა პირველი მსოფლიო ომის ველებზე. ინდოეთისა და პაკისტანის მიერ ბირთვული იარაღის შეძენა ცვლის სიტუაციას, გადააქცევს რა ცენტრალურ და სამხრეთ აზიას მსოფლიო პოლიტიკის ერთერთ ცენტრად.

ფუნდამენტალისტური ირანი მისი 70-იანი წლების რელიგიური მესიანიზმით უკანასკნელ წლებში გაცილებით უფრო ფრთხილი გახდა თავისი გლობალური მისწრაფებების გარეგნულ გამოვლინებებში. იგი არ აცხადებს ეთნიკურად მისთვის მახლობელი ხალხების სხვა სახელმწიფოებისგან მოწყვეტის ამოცანას და არ ახდენს რუსეთის ტერიტორიის შემდგომ დეზინტეგრაციაში დაინტერესებულობის დემონსტრირებას. რუსეთი უკანასკნელ წლებში სჭირდება ირანს როგორც ამერიკის, თურქეთისა და ისრაელის საპირწონე.

მაგრამ ძლიერი რუსეთი დაბრკოლება (преграда) იქნებოდა როგორც დასავლეთისთვის, ისე აღმოსავლეთისთვისაც, და მისი გეოპოლიტიკური მისიის აღორძინება გრძელვადიან პლანში მომგებიანი არ არის არც ლიბერალურ-ნაციონალისტური თურქიზმისთვის მისი იმპერიული პანთურანიზმით, არც შიიტური ფუნდამენტალიზმისა და ნეო პანისლამიზმისთვის. შემთხვევითი არ არის, რომ ევროპის ცენტრში მუსლიმანური სახელმწიფოს – ბოსნიის შექმნას, თავის დაუძინებელ მტერ აშშ-თან ერთად, მხარი დაუჭირეს როგორც ირანის “ისლამური რევოლუციის დარაჯებმა”, ისე მათ მიერ მოძულებულმა “დეკადენტურმა” თურქეთმაც, სტამბულსა და თეირანს შორის სიცივის მიუხედავად.

გლობალური სულიერი, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები სახეზეა. მაგრამ ერთთა იმპულსი ექსპანსიონიზმისკენ განიზომება ბევრწილად მაპროვოცირებელი სხვების სულიერი, ისტორიული და პოლიტიკური ნების ვაკუუმით. მეტოქეობის გამწვავების ერთერთი მიზეზი და მისი (ამ გამწვავების) ახალი ობიექტი აშკარაა – ბიძგი მისცა ისტორიული რუსეთის ნგრევამ, ხოლო ბრძოლის საგანი – სხვა არაფერია, თუ არა თავად რუსეთი და პოსტბიზანტიური სივრცე, გავლენის სფეროები და პოზიციები ბალკანეთში.

* * *
ასეთ ისტორიულ და გეოპოლიტიკურ ფონზე ვითარდება აშშ-ის ახლანდელი ევრაზიული სტრატეგია, მხარდაჭერილი ბრიტანეთის მიერ, რომელიც მხოლოდ მიჰყვება თავისი პოლიტიკის ძველ კომპონენტებს. ამ ფონზე ლიბერაური გლობალიზაციის იდეოლოგია და პრეტენზიები გლობალურ მმართველობაზე იწვევს წინააღმდეგობის სხვადასხვანირი ფორმების გაჩენას – ავტორიტარული ტიპის არაბული რეჟიმების მიერ ამერიკული დოქტრინის არაღიარების სახელმწიფო პოლიტიკიდან, რელიგიურად დასაბუთებულ ტერორიზმამდე, რომელსაც ვერ აკონტროლებენ იმ ქვეყნების მთავრობები, სადაც განლაგებულია მისი ფინანსური და იდეური ცენტრები.

აშკარაა, რომ დასავლური ცივილიზაცია, რომელიც იმყოფება თავისი მატერიალური და სამხედრო ძლიერების პიკზე, შევიდა სულიერი დაქვეითების (დაცემის) პერიოდში. დასავლური ცივილიზაციის “ნელთბილობასა” და სულიერი მიზანგანზრახულობის (целеполагание) არარასებობას, მისი ადრეული უდაო კულტურტრეგერული და სულიერი იმპულსის მიბრუნებას მხოლოდ მატერიალურ სფეროში აღნიშნავდა არნოლდ ტოინბი – თავად სკეპტიკოსი და აგნოსტიკოსი, რომელმაც გულგრილად გააკეთა დასკვნა ქრისტიანული კულტურის დასასრულის შესახებ.

ესვრის რა ტექნოლოგიურ და სამხედრო გამოწვევას სხვა ცივილიზაციებს, რომლებსაც არ დაუკრგავთ სულიერი მიზნები ადამიანური მიწიერი ყოფიერების ფარგლებს გარეთ, დასავლეთი თავად სულიერად განიარაღებულია ჯვაროსნულ ლაშქრობათა დროებისგან განსხვავებით. ამერიკის, რომელიც პრეტენზიას აცხადებს მსოფლიოს ხელმძღვანელობაზე, დამარცხება ტექნოლოგიური და სამხედრო საშუალებებით შეუძლებელია. ამიტომ მერკანტილური ცივილიზაციის სულიერ ანტიპოდად გამოდის დიამეტრულად საწინააღმდეგო ასკეტური სწავლებები. ა. ტოინბიმ იწინასწარმეტყველა ეს პროტესტი, რომელსაც მან უწოდა “ზელოტიზმი”, გაატარა რა პარალელი იუდეველთა აჯანყებასთან რომის იმპერიის წინააღმდეგ. ტოინბიმ კიდეც ივარაუდა, რომ თანამედროვე ისლამურ სამყაროში ეს იქნება “პურიტანული მიმართულების” პროტესტი, და დაასახელა ასევე “ჩრდილოაფრიკელი სენუსიტები და ცენტრალური არაბეთის ვაჰაბიტები”.

ყოველივე ეს გვახალისებს, რომ კიდევ ერთხელ დავაფასოთ სამხრეთში რუსეთის წინა ორასწლიანი მუშაობის ზოგადსაკაცობრიო სიდიადე. არ ყოფილა რა ჩამოყალიბებული რაიმენაირ დოქტრინად, მას მაინც გააჩნდა ისეთი ინტიუტიური სისტემური მთლიანობა, რომელიც უძლებდა მისი გარემომცველი ინტერესებისა და ცივილიზაციების ზეწოლას. სახელდობრ პოლიტიკის ასეთი მთლიანობა სჭირდება ახლა რუსეთს.

რუსეთისთვის აუცილებელია, რომ შეიგნოს ისტორიული და გეოპოლიტიკური კონტექსტის მთელი სირთულე, რომელშიც მას აშკარად უმზადებენ მსხვერპლისა ტერიტორიული რეზერვის როლს ისლამური სამყაროს დამშვიდებისთვის, რომელსაც (ისლამურ სამყაროს) თავად უტევს ოქროს მილიარდის ცივილიზაცია. უკანასკნელში კი რუსეთისთვის უკვე ნამდვილად არ არის გამოყოფილი არანაირი ადგილი.

ნატალია ნაროჩნიცკაიასაიტზე pravoslavie.ru გამოქვეყნდა 19/03/2003
შემდგომში განახლეულ იქნა საიტზე narochnitskaia.ru


თარგმნა და შენიშვნა დაურთო ირაკლი ხართიშვილმა
[*] შენიშვნა: 1878 წლის ბერლინის ტრაქტატის მიხედვით, რუსეთის იმპერიას გადმოეცა ის ოლქები, რომლებიც ისტორიულად წარმოადგენდა სომხეთისა (არზრუმი, ყარსი) და საქართველოს (აჭარა /ბათუმის ოკრუგი/, ფოცხოვი, ართვინი, არტაანი) ნაწილებს, თუმცა კი მანამდე დაახლოებით ოთხი საუკუნის მანძილზე იმყოფებოდა ოსმალთა იმპერიის შემადგენლობაში. აქედან ბათუმისა და ართვინის ოკრუგები შემოდიოდა ქუთაისის გუბერნიაში, ხოლო ფოცხოვი და არტაანი, სომხურ ოლქებთან ერთად – ყარსის გუბერნიაში (ამას ვწერთ მეხსიერებით, ამჟამად წერილობითი მასალები ხელთ არა გვაქვს, და შესაძლოა რაიმე დეტალები შეგვეშალოს, რისთვისაც მკითხველს ბოდიშს მოვუხდით, მაგრამ ძირითადში ვგონებთ რომ ჩვენი მსჯელობა სიმართლეს მიუყვება). ამ მიწების თურქეთისთვის გადაცემა მოხდა 1918 წლის ბრესტ-ლიტოვსკის ზავით, ვინაიდან იმ ომში თურქეთი გახლდათ გერმანულ-ავსტრიული ბლოკის მოკავშირე, რომელთანაც ბოლშევიკებმა დადეს კიდეც ეს სამშვიდობო ხელშეკრულება და მშვიდობა მოიპოვეს ტერიტორიული დათმობების სანაცვლოდ.

ამის წინ, პეტროგრადში, ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ძალის მუქარით გარეკა სრულიად რუსეთის დამფუძნებელი კრება, რომელიც არჩეული იყო რუსეთის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ამიერკავკასიასა და საქართველოშიც, საყოველთაო სახალხო არჩევნების შედეგად და მის მუშაობაში მონაწილებდნენ საქართველოდან ჩასული დეპუტატებიც, ძირითადად სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მენშევიკური ფრთის წარმომადგენლები, რომლებსაც უდიდესი უმრავლესობით დაუჭირეს მხარი მაშინდელი საქართველოს (ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიების) ამომრჩევლებმა. სომხეთში ასეთი უპირატესი მხარდაჭერა გააჩნდა, რამდენადაც ვიცით, დაშნაკ-ცუტჲუნის პარტიას, აზერბაიჯანში კი – პარტია მუსავატს. დამფუძნებელი კრების გარეკვის შემდეგ, ამიერკავკასიის ხალხებმა თავიანთი მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა საბჭოების მეთაურობით, რომლებიც მაშინ მთავარ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდნენ, და სადაც წამყვანი ადგილი ეკავათ საქართველოს მენშევიკებს ნოე ჟორდანიას მეთაურობით, რუსეთის ცენტრალური ხელისუფლებისგან მოახდინეს მკაფიოდ იზოლირება და გამოაცხადეს ამიერკავკასიის გამოყოფა /обособление/ რუსეთის კომუნისტური მმართველობისგან. თუმცა კი ეს არ გახლდათ კლასიკური გამოყოფა რუსეთის სახელმწიფოსგან, რაზეც ჩვენში ახლა უფრო მეტად აკეთებენ ხოლმე აქცენტს, ვინაიდან საკუთრივ რუსულ ოლქებში მოსახლეობის ძლიერი მხარდაჭერა ჰქონდათ სოციალისტ-რევოლუციონერებისა (ესერების) და სოციალ-დემოკრატების (მენშევიკების) პარტიებს, რომლებიც სრულიად რუსეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატთა უმრავლესობას შეადგენდნენ და მჭიდრო სიახლოვე ჰქონდათ ზემოაღნიშნულ ამიერკავკასიურ პარტიებთანაც. შეიქმნა ამიერკავკასიის სეიმი, წარმომადგენლობითი ორგანო, რომელშიც საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დეპუტაციები მსჯელობდნენ და გადაწყვეტილებას ღებულობდნენ მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო და სხვა საკითხებზე.

ამავე პერიოდში, საკუთრივ რუსულ ოლქებში დაიწყო თეთრგვარდიული მოძრაობა ბოლშევიკური ხელისუფლების დამხობის მიზნით, რის შემდეგაც კვლავ უნდა მოეწვიათ ახალი დამფუძნებელი კრება, რომელიც განსაზღვრავდა შემდგომში რუსეთის სახელმწიფოს მოწყობის საკითხებს. თავისთავად ცხადია, რომ თუკი მოვლენები განვითარდებოდა გარედან ძალისმიერი ჩარევის გარეშე, მაშინ საქართველოს მენშევიკები, ასევე ალბათ სომხეთისა და აზერბაიჯანის ძირითადი რევოლუციური პარტიები, წავიდოდნენ დაახლოებასა და თანამშრომლობაზე თეთრგვარდიული მოძრაობის სულისჩამდგმელ რუსეთის ესერებთან და მენშევიკებთან. მაგრამ ბრესტ-ლიტოვსკის ზავმა (1918 წლის მარტი), რომელმაც 1877-78 წწ. რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ, 1878 წელს დადებული ბერლინის ტრაქტატით, რუსეთისთვის გადმოცემული ზემოხსენებული თურქული ოლქები (არზრუმი, ტარსი, არტაანი, ბათუმი, ართვინი, ფოცხოვი) კვლავ თურქეთს დაუბრუნა, ეს ბუნებრივად მოსალოდნელი პროცესები სხვაგვარად წარმართა. ამიერკავკასიის სეიმში საქართველოსა და სომხეთის წარმომადგენლები აყენებდნენ ბრესტის ზავზე არდათანხმებისა და აღნიშნული მიწების იარაღის ძალით დაცვის მოთხოვნებს, მაგრამ Aზერბაიჯანის დეპუტაცია ამას არ დაეთანხმა, ვინაიდან არ მოისურვა მაჰმადიანური თურქული სახელმწიფოს წინააღმდეგ იარაღით წასვლა. მაშინ სომხებმა და ქართველებმა სცადეს თურქული ჯარების შემოტევის მოგერიება, მაგრამ ფრონტებზე მარცხს განიცდიდნენ. საქართველოს მიმართულებაზე თურქებმა დაიკავეს ბრესტის ზავის ძალით მათთვის მიკუთვნებული ოლქები და ახლა თბილისზე აპირებდნენ შემოტევას. სწორედ მაშინ მიმართეს ქართველემა ლიდერებმა გერმანულ სარდლობას, რათა ეშუამდგომლა თურქებთან, რომ ისინი დაკმაყოფილებულიყვნენ ბრესტის ზავის პირობებით და შემდგომ ტერიტორიულ შენაძენებზე საქართველოში ხელი აეღოთ. გერმანული სარდლობის წარმომადგენლები ამას დაეთანხმენ, რა თქმა უნდა საქართველოს გერმანიისადმი მოკავშირეობის, უფრო სწორად, სატელიტობის სანაცვლოდ. იმავე გერმანელთა წინადადებით, ვინაიდან ამიერკავკასიაში ისედაც გამოიკვეთა ინტერესთა განსხვავებანი ასეთ მნიშვნელოვან საკითხებში, ამიტომ სჯობდა, რომ საქრთველოს გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა და, გერმანელთა შუამდგომლობით, აზერბაიჯანელებისა და სომხებისგან ცალკე, ეწარმოებინა მოლაპარაკებები თურქეთის მთავრობასთან.

სწორედ ეს იქცა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის საფუძვლად 1918 წლის 26 მაისს. მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადა ნეიტრალიტეტი, მაგრამ ჩვენს პრესაში ეროვნული მოძრაობის წლებში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ გერმანელების მიერ განიხილებოდა საქართველოში მონარქიის აღდგენის საკითხიც, მხოლოდ ტახტზე კაიზერ ვილჰელმ II-ის ერთერთი ვაჟის აყვანით, ანუ საქართველოში ჰოჰენცოლერნთა დინასტიის დამკვიდრებით, რაც შემდგომში საქართველოს სახელმწიფო ნეიტრალიტეტს ალბათ გერმანიასთან მოკავშირეობისა და მისი სატელიტობის მუხლით შეცვლიდა. მაგრამ 1918 წლის ნოემბერში გერმანიის მთავრობამ დამარცხებულად სცნო თავი პირველ მსოფლიო ომში და კაპიტულაცია გამოაცხადა, რასაც შედეგად მოჰყვა გერმანელთა წასვლა ამიერკავკასიიდან და მათი ჩანაცვლება ანტანტის მიერ, სახელდობრ კი დიდი ბრიტანეთისა, რომელიც განსაკუთრებით მონდომებული იყო რუსეთის დაშლისთვის, მაგრამ ამას აკეთებდა არა ღიად, არამედ კონკრეტულ საკითხებში ნაცადი ორმაგი სტანდარტების გამოყენებით. ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა, რომლებიც წარმოადგენდნენ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პატრიის მენშევიკების ფრაქციის შემადგენელ ნაწილს, და რომლებიც მანამდე თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში თავგამოდებით იცავდნენ ცარიზმის წინააღმდეგ ერთიანი სრულიად რუსული რევოლუციური ფრონტის მთლიანობის შენარჩუნებას და წმ. ილია მართალს (ილია ჭავჭავაძეს) უკიჟინებდნენ ეროვნული საკითხის ზედმეტად წინწამოწევასა და ეროვნული სეპარატიზმის გაღვივებას, ახლა ბრიტანელების კარნახით ზურგი აქციეს თავისსავე ძველ რევოლუციონერ თანამოძმეებს, აგრეთვე მათ მოკავშირე ესერებს, მათ მიერ დაფუძნებულ თეთრგვარდიულ მოძრაობას, და არა თუ არ იცავდნენ თუნდაც საკუთარ დოკუმენტებშივე დეკლარირებულ ნეიტრალიტეტს, არამედ სერიოზულად ერეოდნენ დენიკინის მოხალისეთა არმიის წინააღმდეგ საქმიანობაში, რითაც ფაქტიურად ხელს უშლიდნენ თეთრგვარდიულ მოძრაობას, რომ დროულად მოეხდინა რუსეთში ბოლშევიკური (კომუნისტური) ხელისუფლების ლიკვიდაცია – ბრიტანელებს აწყობდათ, რომ რუსეთის ევროპული ნაწილის ჩრდილოეთში ყოფილიყვნენ ბოლშევიკები, სამხრეთში დენიკინი, ციმბირში კოლჩაკი და ა. შ., რომლებიც მუდმივად ომის მდგომარეობაში იქნებოდნენ ურთიერთშორის. და ასეთ თამაშებში ბრიტანელთა სასარგებლოდ მოქმედებდა “ნეიტრალური” საქართველოს ხელისუფლება, და ამას ჩვენში ეძახიან დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. ჩვენი აზრით, ეს ელემენტარულად უსინდისობა და თვალთმაქცობაა იმათი მხრიდან, ვინც ეს საკითხი იცის, და უმეცრება ქართული საზოგადოების ურავლესობის მხრიდან; ხოლო ამ უმეცრებაში ჩვენს საზოგადოებას ისევ ეს უსინდისოთა და თვალთმაქცების ჯგუფი აყენებს, მისი ეროვნული გრძნობებით მანიპულირებს, მასვე სწირავს იმ უბედურებების, ნგრევებისა და სისხლისღვრისათვის, რაც უკანასკნელი 20-25 წლის მანძილზე გადავიტანეთ. ამ შემთხვევაში პირადად ჩვენი გულისწყრომა მიმართულია არა ეროვნული გრძნობების გაღვივებისა და გაძლიერებისადმი, არამედ მავანთა და მავანთა მიერ ამ წმინდა და სათუთ გრძნობებში ბინძურად ხელების ფათურისადმი.

რაც შეეხება ნატალია ნაროჩნიცკაიას სიტყვებს, რომ “დასავლეთის სახელმწიფოთა წყალობით თურქეთს, პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული სახელმწიფოებიდან ერთადერთს, არათუ არ დაუკარგავს ტერიტორია, არამედ 1919 წელშიც მოახდინა იმ მიწების ოკუპაცია, რომლებიც 1878 წლის ბერლინის ტრაქტატის მიხედვით გადმოეცა რუსეთს”, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, 1918 წლის ნოემბერში ვერსალის ზავის დადების შემდეგ, თურქებს მოუხდათ ზემოხსენებული ისტორიული ქართული ოლქებიდან თავიანთი ჯარების გაყვანა და 1918-20 წლების განმავლობაში მიდიოდა მოლაპარაკებები იმის შესახებ, თუ ვის უნდა დარჩენოდა არზრუმის, ყარსის, ფოცხოვისა და არტაანის ოლქები – აზერბაიჯანს, სომხეთსა თუ საქართველოს. ამის შესახებ დაწვრილებით მოგვითხრობს ზურაბ ავალიშვილი, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ამ მოლაპარაკებებში. ამის პარალელურად, 1919 თუ 1920 წელს ისტორიულ “ოსმალოს საქართველოში” დაიწყო მაჰმადიანთა აჯანყება სარვარ-ბეგ ჯაყელის მეთაურობით, რომელმაც გარკვეული გაქანება კი მიიღო, მაგრამ შემდეგ ჩახშობილ იქნა ქართული ჯარების მიერ, რის შესახებაც დაწვრილებით საუბრობს საქართველოს შეიარაღებული ძალების მაშინდელი მთავარსარდალი, გენერალი გიორგი კვინიტაძე თავის წიგნში «Мои воспоминания», აგრეთვე სხვა ავტორები ქართული ემიგრაციიდან. მხოლოდ 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთი ჯარების საქართველოში შემოჭრის შემდეგ, საქართველოს კომუნისტურად გასაბჭოების პროცესში, შესთავაზეს კვლავ თურქეთის ხელისუფლებმა ჟორდანიას მთავრობას ჯარებით დახმარება წითელი არმიის წინააღმდეგ, რისთვისაც მათ ითხოვეს საქართველოს მაჰმადიანურ მხარეებში მათი ჯარების შემოშვება, და საქართველოს მთავრობამ შექმნილ ვითარებაში ეს წინადადება მიიღო. მაგრამ თურქულ ჯარებს საქართველოსთვის დახმარება არ აღმოუჩენიათ, მათ უბრალოდ დაიკავეს ზემოხსენებული ოლქები, ბათუმიდან კი ქართული ჯარების მიერ ძალით იქნენ გაყრილნი (გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით), ხოლო შემდეგ საბჭოთა რუსეთის ხელისუფლებასთან დადებული ხელშეკრულებით ოფიციალურად გაიფორმეს ეს მდგომარეობა. აჭარა და სამცხე-ჯავახეთი დარჩა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში, ხოლო ართვინის, არტაანისა და ფოცხოვის ოლქები გადაეცა თურქეთს.

Tuesday, December 13, 2011

გიორგი XII საქართველოს უკანასკნელი მეფე და მისი შემოერთება რუსეთთან

ნ ა წ ი ლ ი VIII

(გამოქვეყნებული მასალა წარმოადგენს აკადემიკოს ნიკოლოზ დუბროვინის ამავე სახელწოდების წიგნის შესაბამისი თავის თარგმანს)

თავი X

ზეიმი მანიფესტის გამოცხადებისა საქართველოს რუსეთთან შემოერთების შესახებ. – შემთხვევები საქართველოში მანიფესტის გამოცხადების შემდეგ. – საქართველოს ახალი ადმინისტრაციული დაყოფა. – იმპერატორ პავლეს გარდაცვალება. – გრენადერთა ტუჩკოვ მე-2-ის, მუშკეტერთა ლეონტიევისა და კაზაკთა პოლკების საქართველოში გაგზავნა. – ჯარების განლაგება, მოხდენილი ლაზარევის მიერ.
16 თებერვალს, ლაზარევის მოწოდების მიხედვით, სიონის ტაძარში შეიკრიბნენ ტფილისის მცხოვრებნი საღვთო ლიტურგიის მოსასმენად. მისი დასრულების შემდეგ, ლაზარევმა გამოუცხადა იქ მყოფთ მათი მოპატიჟების მიზეზის შესახებ. ორ ენაზე – რუსულსა და ქართულზე – ხალხისთვის წაკითხულ იქნა 1800 წლის 18 დეკემბრის მანიფესტი, რომლის მიხედვითაც საქართველო სამარადისოდ (на вечныя времена) უერთდებოდა რუსეთს.

საქართველოს კათოლიკოსმა, ანტონ ბატონიშვილმა, გადაიხადა სამადლობელი ლოცვა მუხლმოდრეკით. მთელი დღის განმავლობაში ეკლესიათა ზარების რეკვა გაისმოდა ტფილისის ქუჩებში, რომლებიც ამჯერად გამოცოცხლებული იყო ხალხის მნიშვნელოვანი შეკრებით, რომელთაც უხაროდათ, “რომ მათმა სურვილებმა მიაღწია სანუკვარ დასასრულს” (Кнорингъ гр. Ростопчину 3-го марта 1801 г.).
მეორე დღეს, 17 რიცხვში, კვირას, ხდებოდა ამავე მანიფესტის გამოცხადება ყველა სომხისთვის, რომლებიც ცხოვრობდნენ საქართველოს დედაქალაქში. სრულიად სომხეთის პატრიარქმა, თავადმა იოსებ არღუთინსკი-დოლგორუკოვმა, რომელიც შემთხვევით იმყოფებოდა ტფილისში, პირველსატახტო ეჩმიაძინის მონასტერში მგზავრობისას, თავისი მონაწილეობით ცერემონიაში მნიშვნელოვნად გაზარდა საზეიმობა მანიფესტის გამოცხადებისა.

ციხესიმაგრის სომხურ ეკლესიაში შეიკრიბა ხალხი და, მასში დილის ლიტურგიის მოსმენის შემდეგ, ჯვრიანი სვლით გაემართა მთელი ქალაქის გავლით ქალაქგარეთ აგებულ ვანქის სომხურ ეკლესიაში.

მღვდელმსხურები, დიაკვნები და მედავითნეები ჯვრებით, დროშებითა და ანთებული სანთლებით წინ უძღოდნენ 74 მღვდელმსახურს, რომლებიც მიემართებოდნენ ორ რიგად. მღვდელმსახურთა უკან მიდიოდა 8 არქიმანდრიტი, მათ უკან კი სამი დიაკვანი, რომელთაგან ერთს მიჰქონდა დიდი ვერცხლის ჯვარი, ხოლო ორს კი ანთებული სანთლები. დიაკვნების უკან მიდიოდა ორი ყველაზე უფრო დიდგვაროვანი სომხებიდან, პავლე იმპერატორის პორტრეტით, რომელსაც მიჰყვებოდა მიტროპოლიტი შესამოსელში, მაგრამ მიტრის გარეშე, რომელსაც თავზე დაედო ვერცხლის სინი უმაღლესი მანიფესტით, და მას კი ზემოდან ეფარა წითელი ფლერი. ორ დიაკვანს მიჰქონდა: ერთს მიტროპოლიტის მიტრა, მეორეს მისი კვერთხი. მანიფესტის უკან ორ არქიმანდრიტს მიჰქონდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც კვალდაკვალ მიჰყვებოდა მთელ ტფილისელ სომეხთა მთავარეპისკოპოსი სერგი, ჯვრით ხელში.

ხალხი უზარმაზარი ბრბოს სახით მიჰყვებოდა ჯვრით მსვლელობას.

ციხესიმაგრის კარებიდან პროცესიის გამოსვლისას მას შეუერთდა დავით ბატონიშვილი თავისი ძმებითა და ბევრი თავადით, გენერალ-მაიორები ლაზარევი და გულიაკოვი და ჩვენი ჯარების ყველა ოფიცერი, რომლებიც იმ დროს ტფილისში იმყოფებოდნენ.

პატრიარქი იოსები, სრულ შესამოსელში, ოთხი მთავარეპისკოპოსითა და ოთხი ეპისკოპოსით (архiереями) შეხვდა საზეიმო პროცესიას ვანქის სომხური ეკლესიის გალავანში.

პატრიარქმა თავისი ჯვარი და კვერთხი მისცა მის მიმყოლ ეპისკოპოსებს, მიუახლოვდა იმპერატორ პავლეს პორტრეტს, უკმია მას (окадилъ его), შემდეგ მცირე მეტანიით თაყვანი სცა მის პორტრეტს, ემთხია მას და, ასწია რა იქ მყოფთა თავებზე მაღლა, მქუხარე ხმით წარმოსთქვა:

– იდღეგრძელოს დიდმა უავგუსტესმა მონარქმა მთელი თავისი საგვარეულოთი!

– იდღეგრძელოს, იდღეგრძელოს! ამინ! პასუხობდა მას ხალხი.

პროცესია შევიდა ეკლესიაში. იქ, საკურთხევლის წინ, მდიდრული ფარჩით გადაფარებულ მაგიდაზე დადებულ იქნა მანიფესტი და დაყენებულ – იმპერატორ პავლეს პორტრეტი.

პატრიარქმა აღასრულა ლიტურგია. ეკლესიაში შეკრებილი ხალხის სიმრავლის გარდა, აქ ესწრებოდა ტფილისის მოსახლეობის მთელი ნაღები: მეფის ძენი, მეფის ასულები, დარეჯან დედოფალი, საქართველოს კათოლიკოსი მეფის ძე ანტონი, თავადები და მთელი უმაღლესი სასულიერო წოდება. ეკლესია ვერ იტევდა მთელ ხალხს, რომელსაც სურდა დასწრებოდა ამ ცერემონიას.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ, პარიარქი გამოვიდა ხალხთან, სთხოვა მას შეენახა რუსეთის ტახტისადმი ერთგულება და იმპერატორისადმი თავდადება.

– როგორი სიხარულია დაწერილი თქვენს სახეებზე, ღვთისმოსავო ქრისტიანო ხალხო! ამბობდა იოსები. – მე, ვიხილე რა იგი, ვხალისდები იმისთვის, რათა მოწიწებით, რომლითაც ახლა აღვსებულია ჩემი გული, აღვიარო: ო ჩვენი გადარჩენის დღეო, დღეო, რომელსაც მივყავართ ჩვენ ნამდვილ ნეტარებასა და სიმშვიდეში! ო ჩვენი კეთილდღეობითი ხვედრის განმტკიცების დღეო! დღეო, რომელსაც ვერ ეღირსნენ ჩვენი წინაპრები. რას მივიტანთ ჩვენ ყოვლადმაღალ შემოქმედთან? მადლობას, ლოცვას, ჩვენთა სულთა მდაბალ მოკრძალებას ყველაფრისთვის რაც მის მიერ ხდება?... არ შევწყვეტთ ცრემლის ღვრას, არ შევწყვეტთ მისი ყოვლადპატიოსანი სახელის განდიდებას, მივემსგავსებით რა კაცთმოყვარე იმპერატორის პავლეს გულუხვობას, რომელიც, ჩამოვიდა რა ჩვენს უმდაბლეს თხოვნამდე ქვეშევრდომობაში ჩვენი მიღების შესახებ, არა თუ არ უარგვყოფს, არამედ გვპირდება ჩვენ კეთილდღეობასა და სიმშვიდეს, არ მოელის რა ჩვენგან სხვას არაფერს, თუ არა მხოლოდ ერთგულებას ღვთივდაცული მისი ტახტისადმი.

– მე, უმდაბლესი მწყემსი თქვენი – აგრძელებდა პატრიარქი – გაუთავებლად ვთხოვ ყოვლადკეთილ ღმერთს, დაე გაახანგრძლივოს ჩვენი მონარქის დღენი მის მთელ ძოწეულშემოსილ საგვარეულოსთან ერთად.

– დაე გააძლიეროს ღმერთმა ჩვენი ხელმწიფის დიდი პავლეს დღენი, სრულიად რუსეთის იმპერატორისა! პასუხობდა ხალხი.

პატრიარქის სიტყვის დასრულების შემდეგ წაკითხულ იქნა მანიფესტი რუსულ, სომხურ და ქართულ ენებზე, და აღსრულებულ სამადლობელი ღვთისმსახურება.

სწორედ იმავე დროს ეგერთა პოლკის კაპიტანი ტაგანოვი 24 კაზაკით ცხენზე ამხედრებული დადიოდა ტფილისის ქუჩებში და კითხულობდა მანიფესტს რუსულ, ქართულ, სომხურ და თათრულ ენებზე.

საეკლესიო მსახურების შემდეგ, პატრიარქი იოსები უმასპინძლდებოდა უგამორჩეულეს პირებს სადილის სუფრით, რომელიც გაშლილი იყო ეკლესიის გალავნის შიგნით დადგმულ კარვებში. ზარების რეკვამ მთელი დღის განმავლობაში, საღამოს კი ქალაქის ილუმინაციამ დაასრულეს მანიფესტის გამოცხადების ზეიმი.

მანიფესტის გამოცხადებამ ხალხზე მოახდინა ყველაზე უფრო სასიხარულო შთაბეჭდილება.

“ვცხოვრობ რა აქ წელიწადნახევარს – წერდა ლაზარევი (Письмо Лазарева Кнорингу 21-го февраля 1801 г. Тифл. арх. канц. нам.) – ჯერ არ მინახავს ისეთი სრულყოფილი კმაყოფილება, როგორიც ახლა არსებობს. მანიფესტის მიღების დღიდან თითქოს ყველაფერი ხელახლა დაიბადა და გაცოცხლდა: შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ ბრაზობენ, თუკი მათ დაუძახებენ ქართველებს, და არ ამბობენ, რომ ისინი რუსები არიან” («… даже можно сказать, что сердятся, если ихъ назовутъ грузинами, а не говорятъ, что они русскiе»).

გ. ზოლოტარიოვს, კნორინგის მიერ გამოგზავნილს მანიფესტით საქართველოში, თან მოჰქონდა წერილებიც ბატონიშვილებისადმი, რომელთა მიხედვითაც ისინი მოპატიჟებულნი იყვნენ ს.-პეტერბურგში. მოუწოდებდა რა სამეფო სახლის პირებს რუსეთში გამომგზავრებისკენ, იმპერატორი ჰპირდებოდა ქალებს სრულ მატერიალურ უზრუნველყოფას, მეფის ძეებს კი ჯილდოებსა და სოფლებს. სამსახურში შესვლის მსურველებს მიეცათ პირობა, რომ მიღებული იქნებოდნენ მათი წოდებისადმი შესაფერისი ჩინებით (Изъ записки Лашкарёва министерству 5-го марта 1801 г. Арх. мин. внутр. делъ).

ბატონიშვილებმა იოანემ, ბაგრატმა და მიხეილმა, გარდაცვლილი გიორგის შვილებმა, მაშინვე გამოთქვეს ჩვენს დედაქალაქში გამომგზავრების სურვილი.

ისინი გამოემგზავრნენ ტფილისიდან 9 მარტს. 15 მარტს გამოემგზავრა მირიან ბატონიშვილიც. მოვიდნენ რა კავკასიის ხაზზე, ბატონიშვილები სთხოვდნენ კნორინგს, რათა მათი კუთვნილი მთელი მამულები დარჩენილიყო აუცილებლად იმავე მდგომარეობაში, რათა გლეხები ყოფილიყვნენ დამჯერნი მათი ოჯახებისადმი და შეესრულებინათ ყველა ბრძანება. კნორინგმა დაავალა ლაზარევს, რომ თვალი ედევნებინა ბატონიშვილთა თხოვნის აღსრულებისთვის (Предписанiе Кноринга Лазареву 12-го марта 1801 г. Тифл. арх. канц. нам.).

23 მარტს ბატონიშვილები გამოემგზავნენ გეორგიევსკიდან, ხოლო 12 მაისს კი ჩამოვიდნენ პეტერბურგში.

გარდაცვლილი მეფის ძმები კი ტფილისში არ ყოფილან. თეიმურაზი ცხოვრობდა გორში* (თეიმურაზ ბატონიშვილი იყო არა გიორგი XII-ის ძმა, არამედ მისი ძე. იგი ამასთანავე გახლდათ ოთარ ამილახვრის სიძე. ერთ პერიოდში იგი გაემგზავრა ალექსანდრე ბატონიშვილთან ირანში და იქ შაჰის არტილერიის უფროსადაც კი იყო დანიშნული. მაგრამ შემდეგ ისევ დაბრუნდა საქართველოში და გაემგზავრა ს.-პეტერბურგში. მის შესახებ ცნობებს გვაწვდის პლატონ იოსელიანი თავის წგნში “ცხოვრება გიორგი მეცამეტისა” /ი. ხ./), ვახტანგი დუშეთში, დანარჩენები კი იმერეთში, სადაც წავიდნენ ისინი 296-კაციანი ამალით.

მხოლოდ ვახტანგმა მიიღო სიხარულით – თუმცა კი, რა თქმა უნდა, მხოლოდ გარეგნულად – ცნობა საქართველოს რუსეთთან შემოერთების შესახებ და დარეჯან დედოფალთან ერთად წერილები გაუგზავნა იმერეთში წასულ ბატონიშვილებს, თხოვნით, რომ თავიანთ მამულში დაბრუნებულიყვნენ (съ просьбою возвратиться въ своё отечество). რუსეთში გამომგზავრების წინადადებისგან კი იგი თავს არიდებდა იმით, ვითომ კნორინგმა მას დაავალა ეზრუნა საქართველოში გამავალი რუსული ჯარების სურსათით მომარაგებაზე (Изъ донесенიя Лазарева Кнорингу отъ 2-го марта 1802 г. Тифл. арх. канц. наместника). არსებითად იგი ფიქრობდა მიეღწია გაზაფხულამდე და მოეხდინა საქართველოში ახალი არეულობა, მეზობელი მფლობელების დახმარებით (Изъ рапорта Лазарева Кнорингу отъ 8-го марта 1801 г. Тамъ же). ბატონიშვილებთან იულონთან, ფარნაოზთან და ალექსანდრესთან გაგზავნილ იქნა ასევე მოპატიჟება, რომ გამომგზავრებულიყვნენ ჩვენს დედაქალაქში. თავადმა მაჩაბელმა, ვისი ხელითაც გაგზავნილ იქნა მოპატიჟება, ბატონიშვილები იპოვნა სოფელ ჭალაში, ქუთაისამდე ერთი დღის სავალზე. ისინი განლაგდნენ ბანაკად, რომელსაც შემორტყმული ჰქონდა წნელის ღობე. მათი ამალა ადიოდა 300 ადამიანამდე ორივე სქესისა. არ ჰქონდათ რა საარსებო საშუალებები, ბაქტონიშვილებმა ამის შესახებ თხოვნით მიმართეს იმერეთის მეფეს სოლომონს, თავიანთ ნათესავს. მეფემ მთელ იმერეთს დააკისრა ხარკი, რომელიც ცნობილია სახელით “ხარკი ქართველებისთვის” («подать для грузинъ»). თითოეულ კომლს უნდა მიეცა ორი ფუთი პური და რვა თუნგი ღვინო.

მიიღეს რა თავად მაჩაბლისგან წერილები, ბატონიშვილები გულდასმით მალავდნენ მათ თავიანთი ახლობლებისგან, რომელთა შეკითხვებზეც პასუხობდნენ, რომ ეს ყველაფერი ძველია, რომ ყველაფერი შეთხზულია ლაზარევის მიერ, და რომ ხელმწიფემ არაფერი არ იცის იმის შესახებ, რაც კეთდება საქართველოში.

იმერეთის მეფემ სოლომონმა, რომელიც იმ დროს ბატონიშვილებთან იყო, წერილების წაკითხვის შემდეგ, მეორე დღესვე დატოვა ბანაკი და გაემგზავრა ქუთაისში. მოუწოდა რა თავისთან გამგზავრების წინ მაჩაბელს, სოლომონ II-მ გამოუცხადა მას, რომ არასოდეს არ მოუპატიჟებია თავისთან ბატონიშვილები, მაგრამ როდესაც ისინი თავად ჩამოვიდნენ მასთან, მაშინ, როგორც ახლო ნათესავი, თავს მოვალედ თვლის რომ მისცეს საშუალებები მათი არსებობისთვის.

მაჩაბლის მოლაპარაკებები ბატონიშვილებთან დიდხანს არ გაგრძელებულა. მათ გამოუცხადეს, რომ მათთვის უკეთესია დაიხოცონ იმერეთში, “ვიდრე გამოემგზავრონ საქართველოში ან გაემართნენ რუსეთისკენ” (Изъ письма Лазарева Кнорингу 16-го марта 1801 г.).

იულონ ბატონიშვლმა უბრძანა ეთქვათ დავითისთვის, რომ ამაოდ ისულელებს თავს – “მხიარულობს მემკვიდრის ტიტულით და კარგავს მეფობას”. მეფობა 1700 წელია იმყოფება მის საგვარეულოში, იგი კი მას კარგავს. იულონი ამბობდა, რომ ახლა მათ ეძახიან რუსეთში, და მალე კი დავითი თავადაც იქნება იქ მოწოდებული. სამეფო საგვარეულოს დანარჩენი პირებიც, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ, ასევე არაკეთილმოსურნეობით უყურებდნენ ამას. თვით საქართველოს კათოლიკოსსაც, ბატონიშვილ ანტონს, რომელმაც აღასრულა სადღესასწაულო მსახურება, მანიფესტის კითხვისას “არ შეეძლო დაემალა თავისი უკმაყოფილება, რომელიც სახეზე ჰქონდა გამოხატული” (Письмо Лазарева Кнорингу от 21-го февраля 1801 г. Тифл. арх. канц. наместника).

არ უხაროდა სამეფო სახლის ზოგიერთ წევრს, სამაგიეროდ უხაროდა ხალხს. მანიფესტით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაგზავნილებმა ყოველი მხრიდან მოიტანეს ცნობა, რომ ხალხმა იგი მიიღო სიხარულით; მხოლოდ ბამბაკში მაჰმადიანებს არ გამოუხატავთ განსაკუთრებული აღტაცება.

საქართველოში ყოველივე დამშვიდდა, “ისე, რომ უკეთესს ვერ ისურვებდი”. ბევრი თავადი, რომლებიც ბატონიშვილებთან ერთად იმერეთში გაიხიზნენ, შეიტყვეს რა მანიფესტის გამოქვეყნების შესახებ, ყოველდღიურად ბრუნდებოდნენ თავიანთ სახლებში და გზავნიდნენ წერილებს თხოვნით პატიების შესახებ. თავადებმა საქართველოში ყველაზე უფრო მეტი გავლენის მქონე საგვარეულოებიდან, როგორებიც იყვნენ სარდალი ორბელიანი, თუმანიშვილები, მელიქი ბებუთაშვილი, არღუთაშვილი-მხარგრძელი (Аргутинскiй-Долгоруковъ), გამოავლინეს გულწრფელი ერთგულება რუსეთისადმი. “თავადების ჭავჭავაძისა და ავალიშვილის სახლის შესახებ კი, რომელთა ოჯახიც მეტად დიდია და დიდი გავლენაც გააჩნია აქაურ ხალხზე, რუსეთის მიმართ მეტად ერთგული და მისი მომხრე რომ იქნებოდა, ამაზე სალაპარაკოც უკვე არაფერია”.

ასეთი ერთსულოვნების დროს, რა თქმა უნდა, არ შეიძლებოდა რომ გამონაკლისებიც არ ყოფილიყო. პირები, რომლებიც მანამდე სარგებლობდნენ გავლენით მმართველობაში, ეკავათ მნიშვნელოვანი ადგილები, რომლებიც ხშირად მემკვიდრეობითი იყო მათ საგვარეულოში, “და ჰქონდათ ხერხები ძარცვისა და გამდიდრებისთვის”, არ შეიძლებოდა რომ ყოფილიყვნენ კმაყოფილნი საქართველოს ახალი ბედით, რადგანაც იცოდნენ, რომ მათი საქციელი არ დარჩებოდა დაუსჯელი და მათი თვითნებობა შეიზღუდებოდა. ასეთი პირები აღმოჩნდნენ არც თუ ბევრნი და ისინი ყველანი ცნობილი იყვნენ...

ასეთ პირთა მეტად შეზღუდული რიცხვის მიუხედავად, მათ მაინც მოახერხეს ზემოქმედების მოხდენა დავით ბატონიშვილზე, რათა მას პირდაპირი გზიდან გადაეხვია. ლაზარევისგან საიდუმლოდ მან დაიწყო მამულების ჩამორთმევა ერთთაგან და მათი მიცემა სხვებისთვის, მათდამი თავისი კეთილგანწყობის და მიხედვით. მარიამ დედოფალი შესჩიოდა ლაზარევს თავის გერზე, რომ, მისი ბრძანებით, მოურავებმა სცემეს მის ადამიანს, რომელიც გაგზავნილი იყო დედოფლის მამულებში შემოსავლების შეგროვებისთვის, და გამოაგდეს იგი.

დავითმა ჩამოართვა მუხრანბატონის ქვრივს წილკნის საეპისკოპოსო (цилканское архiерейство). სომეხთა მღვდელმთავრის სიკვდილის შემდეგ, იმავე ბატონიშვილმა თვითნებურად გაჰყო მისი მამული სამ ნაწილად: ერთი აიღო თავისთვის, მეორე მისცა ერთერთ თავადს, მესამე კი დაუთმო მონასტერს* (“კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის აქტებში” დაბეჭდილია იმ პირთა გრძელი სია, რომელთაც ჩამოერთვათ მამულები და მიეცათ სხვებს. იხ. ტ. I, გვ. 301-304). ეს თვითნებობა იმდენად მძიმე იყო ხალხისთვის, რომ ქართველებს ყოველ ჯერზე უხაროდათ, როდესაც გებულობდნენ, რომ რომელიმემ ბატონიშვილთაგან დატოვა საქართველო და გაემგზავრა რუსეთში. “ხალხსა და ერთგულებს იმდენად უხარიათ ბატონიშვილების გამომგზავრება – მოახსენებდა ლაზარევი – რომ მე ამის აღწერა არ შემიძლია, და ზოგიერთი თითქმის ხმამაღლა ყვირის, რომ ხელმწიფის დიდი წყალობა იქნებოდა უკანასკნელი მათგანის აქედან წაყვანაც” («… что большая государева милость была бы последнихъ всехъ взять») (Изъ письма Лазарева Кнорингу 18-го марта 1801 г.).

ამასობაში, დავით ბატონიშვილი აგრძელებდა თავის ხრიკებს. დავითი ეუბნებოდა თავადებს, რომ ახალი მმართველობის შემოღებისას, მიეწერათ იმპერატორისთვის და გამოეცხადებინათ, რომ სურთ დავითი ჰყავდეთ მეფედ. იმისთვის, რათა ისინი თავის მხარეზე გადაეხარა, დავითმა, სარგებლობდა რა საქართველოს მმართველის დროებითი ძალაუფლებით, ბევრ მათგანს დაურიგა სოფლები, რომლებიც მანამდე ეკუთვნოდათ იმერეთში წასულ ბატონიშვილებს (Изъ предписанiя Кноринга Лазареву 2-го iюля 1801 г., № 1324). წარუმატებლობის შემთხვევაში იგი ფიქრობდა წასვლას მთებში და ამიტომ საჩუქრებით ეფერებოდა ლეკებს, ურიგებდა რა მათ თავის ნივთებს (Рапортъ Лазарева Кнорингу 24-го марта 1801 г.).

ხოლო როდესაც დავითის საქციელები ცნობილი გახდა, მაშინ დავითი მისთვის გაკეთებულ შენიშვნაზე უარობდა და არწმუნებდა, რომ არაფერი მსგავსი არ გაუკეთებია. მან გარს შემოიყარა ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც არ იმსახურებდნენ არანაირ ყურადღებას (Рапортъ Лазарева Кнорингу 2-го марта 1801 г.) და არ სარგებლობდნენ საზოგადოების საკმარისი პატივისცემით. რჩევებს ეკითხებოდა რა მუდმივად მათ, ბატონიშვილს ხშირად მოსდიოდა შეცდომები და თავის წინააღმდეგ არასასიკეთოდ განაწყობდა ქართველებს (возбуждалъ къ себе нерасположенiе грузинъ). ჯერ კიდევ ეძიებდა ტახტზე დამტკიცებას, მაგრამ ცოტაღა ჰქონდა რა ამაზე იმედი, დავითი შეიქნა მოღუშული, სხვათაგან გარიდებული და საკუთარ თავში ჩაკეტილი. იგი ნათლად ხედავდა, რომ მისი იმედები და ანგარეშები ვერ გამართლდა, რომ საქმეები მიდის სულაც არა ისე, როგორც იგი ვარაუდობდა...

დავითი არაერთხელ ეუბნებოდა ლაზარევს, რომ ხედავს ცვლილებას ჩვენი მთავრობის საქციელში გარდაცვლილი მეფის გიორგის თხოვნის საწინააღმდეგოდ; რომ თუკი იულონი იქნება დამტკიცებული საქართველოს მეფედ, მაშინ იგი თურქებთან წავა. ბატონიშვილის გარემოცვაში მყფნი, ხედავდნენ რა, რომ მათი მმართველობა და გავლენა გაგრძელდება არცთუ დიდხანს, სარგებლობდნენ მისი სისუსტით, ქეიფისა და გარყვნილებისადმი მიდრეკილებით და მეტად ხელსაყრელ შემთხვევას პოულობდნენ ძარცვისა და ჯიბეების გასქელებისთვის.

“წესიერი ადამიანები კი – წერდა ლაზარევი – ყველანი მოუთმენლად მოელიან, რათა აქ რაც შეიძლება მალე იქნას შემოღებული ჩვენი წესრიგი”.

ამაზე ზრუნავდა აგრეთვე პეტერბურგის კაბინეტიც.

შემოუერთა რა საქართველოს სამეფო სამარადისოდ თავის დერჟავას, იმპერატორი პავლე დაპირდა შეენარჩუნებინა მის მცხოვრებთათვის მთელი უფლებები, უპირატესობანი, თითოეულის საკუთრების სრული უზრუნველყოფა და მოეზღუდა (დაეცვა, огородить) ხალხი ყოველგვარი გარეშე თავდასხმებისა და შინაგანი მოუწყობლობისგან (Манифестъ о присоединенიи Грузiи).

უკანასკნელი დაპირების შესრულება მოითხოვდა საქართველოში ჯარების აუცილებლად შეყვანას. ქართველთა საკუთარ ძალებზე იმედის დამყარება არ შეიძლებოდა: თუმცა კი, იმ პირთა სიტყვების მიხედვით, რომლებიც იდგნენ სამეფოს მმართველობის სათავეში, ქართველებს კიდეც შეეძლოთ 50.000-მდე ჯარის გამოყვანა, მაგრამ ეს ციფრი უკიდურესად გადაჭარბებული გახლდათ. მაშინდელი შინააშლილობისა და ქვეყნის მოუწყობლობის დროს, მეფე ამ რიცხვის მესამედის მოგროვებასაც კი ვერ შეძლებდა. მართალია, თუმცა კი დავადთაგან ბევრი იყო კარგი და საკმარისად მამაცი მხედარი, მაგრამ საქართველოს ქვეითი ჯარი, რომელიც გლეხებისგან შედგებოდა, “არაფრად არ ვარგოდა, თუშების, ფშავლებისა და ხევსურების გამოკლებით, რომლებიც მთებში ცხოვრობდნენ”. გარდა ამისა, მთელი ეს ჯარები ისე იყვნენ “დაშინებულნი, რომ გაძლიერების გარეშე, თვით ყველაზე უფრო სუსტ მოწინააღმდეგესთანაც კი, საქმის დაჭერა არ შეეძლოთ” (Акты кавк. археогр. ком. Т. I, стр. 186).
მთელი ეს მიზეზები მოითხოვდა რუსული ჯარების ახალ შემოყვენას საქართველოში. ახალი პოლკების მოძრაობაზე განკარგულების გაცემამდე, წინასწარ, აუცილებელი იყო მათი უზრუნველყოფა სურსათით იმდენად, რომ მათ არ ჰქონოდათ ამ მხრივ უკმარისობა. ამ უკანასკნელი პირობის შესრულება, საქართველოს მაშინდელი მდგომარეობისა და მისი ადმინისტრაციული მმართველობის დროს, დადებითად შეუძლებელი იყო. ამიტომ უწინარეს ყოვლისა წარმოიქმნა ქვეყნის ადმინისტრაციული გარდაქმნების მოთხოვნილება, რომლებიც შეადგენდა ჩვენი მთავრობის მთავარ საზრუნავს. მმართველობის უსწრაფესად გახსნისთვის ახალისებდათ კიდევ ის გარემოებაც, ლაზარევის მოხსენების მიხედვით, “რომ ახლა ყველანი ერთი-მეორის მიყოლებით ძარცვავენ, და მათი შეკავება არაფრით შესაძლებელი არ არის”... “მეტად საჭიროა – წერდა ლაზარევი სხვა მოხსენებაში კნორინგს (Акты кавк. археогр. ком. Т. I, стр. 332) – ჩვენი წესრიგის უფრო სწრაფად შემოღება, ხოლო ამის გარეშე კი მეშინია, რომ გული არ დავწყვიტოთ ხალხს. სიტყვები მანიფესტში: ყველა შეინარჩუნებს თავის ქონებას, რომელიც კანონიერად ეკუთვნის თითოეულს, აქაურმა უხეშმა ხალხმა თავისთვის განმარტა სულ სხვაგვარად, რომ თითქოს ისინი ხელმწიფემ ყველაფრისგან გაათავისუფლა და რომ მათ ახლა არანაირი ხარკის გადახდა აღარ ეკისრებათ და არაფერზე პასუხიც აღარ მოეთხოვებათ...

“... ვფიქრობ, რომ მეტად საჭიროა საჩქაროდ ფიცის მიღება, როგორც ყველაზე უფრო მყარი საფუძველი, და მეორე კი რაიმენაირი კანონდებულებანი, ვინაიდან ახლა არავინ არაფერი არ იცის, და ამიტომ ძალზედ ბევრს აკეთებენ არასათანადოს” (Донесенiе Лазарева Кнорингу отъ 16-го марта 1801 г. Акты кавк. археогр. ком. Т. I, стр. 334). ისინი, რომლებიც ღებულობდნენ ფულების ნაწილს შემოსავლებიდან და ახლა, არ ჰქონდათ რა ისინი, დაკავებულნი იყვნენ ცილისწამებითა და დაბეზღებებით, რათა მიეღოთ, ქვეყნის ადათების მიხედვით, საჯარიმო ფულების ნაწილი თავიანთ სასარგებლოდ (Изъ письма Лазарева Кнорингу 8-го марта 1801 г.). ბატონიშვილები, თავის მხრივ, თავს არ ანებებდნენ ხალხის აღელვებასა და ძარცვას, რომელსაც სურდა, რომ ყველა ბატონიშვილი “მათგან წაეყვანათ, ასევე დარეჯან დედოფალიც, რომელიც ყველა ბოროტებისა და გაჩანაგების ფესვი” გახლდათ.

ქვეყნის მდგომარეობა ისეთი იყო, რომ არაკეთილისმოსურნე ადამიანებისთვის ადვილი იყო მღვრიე წყალში თევზის ჭერა. ქართველთაგან ბევრი, რომლებიც დაყენებული იყვნენ ხალხის მმართველობისთვის, თავიანთი საქციელით ზრდიდნენ საერთო უბედურებას. ისინი თავად ეპატიჟებოდნენ ლეკებს მტაცებლობისთვის, უჩვენებდნენ მათ გზებს და ატყობინებდნენ იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში (См. донесенiе Алексеева Лазареву от 3-го августа 1803 г. Акты кавк. археогр. ком. Т. I, стр. 340). არანაირი მმართველობა არ არსებობდა: “ქართულს დაშორდნენ, ჩვენსას კი ვერ მოადგნენ...” – “მეტად საჭიროა – წერდა ლაზარევი – რათა იქნას გადამწყვეტი დებულება, რათა უკვე ყველამ იცოდეს, თუ რა გზას მიჰყვნენ, ხოლო ამის გარეშე ყველანი ჯერ კიდევ შიშსა და იმედს შორის არიან. ვინც უფრო ჭკვიანია, იმათ ესმით, მაგრამ უგუნურებად გვაჩვენებენ თავს, ხოლო ვინც უფრო მარტივია, ისინი სრულებით ვერ გებულობენ, რამდენსაც არ უნდა განვუმარტავდე მე მათ” (Письмо Лазарева Кнорингу 12-го марта 1801 г.).
ჩვენი მთავრობის ხელთ არსებული ცნობები ქვეყნის შესახებ განსაკუთრებით მწირი იყო ყველა მიმართებით. ცნობების ამ უკმარისობამ აიძულა რომ ბევრ შემთხვევაში ემოქმედათ ვარაუდით, ხელის ცეცებით და, არ იცნობდნენ რა ქვეყანას, შემოფარგლულიყვნენ მისდამი იმ წესრიგის გამოყენებით, რომელიც არსებობდა რუსეთში. სენატისადმი 1801 წლის 6 მარტის ბრძანებულებით (Арх. мин. внутр. делъ по департ. общ. делъ. Дела груз. Кн. I), მთელმა ქვეყანამ შეადგინა ერთი საქართველოს გუბერნია და, ასეთნაირად, შემოვიდა რუსეთის შემადგენლობაში.

ახლანდელი ამიერკავკასიის ცენტრალური სამფლობელო, საქართველო ჩრდილოეთით შემოსაზღვრული იყო კავკასიონის ქედით, დასავლეთისკენ იმერეთით, რომლისგანაც გამოყოფილი იყო ხოფინის ხევით, ახალციხის საფაშოსგან მთებით, რომლებიც თავფარავნის ხეობიდან გრძელდებოდა ახბაბამდე. სამხრეთში ყარსის საფაშოსგან იგი გამოყოფილი იყო მდინარე, არპაჩაით, ხოლო ერევნის სახანოსგან გოქჩის ტბით. აღმოსავლეთისკენ მდინარე ჯაგორი საქართველოს გამოჰყოფდა განჯის სახანოსგან, ხოლო მდ. ალაზანი – ჭარ-ბელაქანისგან.

რუსეთთან შემოერთებული ქვეყანა საკუთარ თავში შეიცავდა ქართლსა და კახეთს, რომლებიც ერთი-მეორისგან გაყოფილი იყვნენ მდ. არაგვის დინებით (კალაპოტით). ქართლში მაშინ მოითვლებოდა 1.682 სოფელი (деревни и села), კახეთში 324; ყველა ისინი უმეტეს წილად იყო დარბეული (разорены) (Акты кавк. археогр. ком. Т. I, стр. 193). ქართლი იყოფოდა ზემო და შუა საქართველოდ და სომხითად (რომელიც შედგებოდა თრიალეთისა და ბორჩალოსგან), ყაზახად, შამშადილად, ბამბაკად და შურაგელად. ხევსურების, ფშავლების, თუშებისა და ოსების მიწებიც ასევე შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში. მთელი მისი სივრცე არ აღემატებოდა 280 ვერსს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და 300 ვერსს ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. ხალხმოსახლეობა იყო დაახლოებით 160.000 სული* (ქართველებმა თავად არ იცოდნენ თავიანთი მოსახლეობის ზუსტი რიცხვი. “მცხოვრებთა ნამდვილი ანგარიში არ გააჩნიათ – წერდა ლაზარევი – ერთმა ჩემმა ახლობელთაგანმა მე თავად მითხრა, რომ აქამდე ცხრა წლით ადრე გაგზავნილ იქნა აღწერისთვის, მაგრამ როდესაც ერთერთ სოფელში მივიდა, იქ მისი მოკვლა მოინდომეს და არ დაუშვეს აღსაწერად, ხოლო თავისთან მან თვითონ არ აჩვენა 15 კომლი. მე ვკითხე მიზეზი; მან ამაზე მიპასუხა, რომ ყველაფერი რომ ეჩვენებინა, მაშინ უფრო მეტად გაძარცვული დარჩებოდა. ამის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ ბევრმაც იგივე გააკეთა; მაგრამ ვარაუდობენ, რომ მთელს მათ სამეფოში იმყოფება 40.000-მდე კომლი. თუ ვივარაუდებთ თითოეულშო ოთხ სულს, უნდა იყოს 160.000 სული”. Акты кавк. археогр. ком. Т. I, стр. 183. აი მთელი ის მონაცემები, რომელთა საფუძველზეც განისაზღვრებოდა მცხოვრებთა რიცხვი საქართველოში).

ახალმა მდგომარეობამ საქართველოსი, როგორც რუსეთის შემადგენელი ნაწილისა, მისცა მას ახალი ადმინისტრაციული დაყოფაც.

მდინარე იორმა გაჰყო ახლა იგი ორ პროვინციად: ქართლისა და კახეთისა. ქართლში საგუბერნიო ქალაქად დანიშნულ იქნა ტფილისი, რომელიც ამასთან ერთად გადაქცეულ იქნა მთელი საქართველოს საგუბერნიო ქალაქადაც; კახეთში – ქალაქი თელავი.

ქართლის პროვინციაში დაწესდა ექვსი ქალაქი ოკრუგებით: ტფილისი, დუშეთი, გორი, სურამი, ლორე და Кайкулы; კახეთის პროვინციაში ორი ქალაქი: თელავი და სიღნაღი. ამ ქალაქებზე მიწერილ იქნა რამდენიმე სოფელი, რომლებიც შეადგენდნენ კიდეც თითოეულის ოკრუგს. დანარჩენი ქალაქები კი, რომლებიც იმყოფებოდა საქართველოში რუსეთთან მის შემოერთებამდე, დატოვებულ იქნენ იმ მდგომარეობაში, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ.

მთელი გუბერნია უნდა ემართა გენერალ-გუბერნატორს, ხოლო თითოეული პროვინცია კი – ვიცე-გუბერნატორს. მთავარ სადამსწრებო ადგილად (Главнымъ присутственнымъ местомъ) დანიშნულ იქნა გუბერნიის მმართველობა. მმართველობას ექვემდებარებოდა საპროვინციო კანცელარიები, “რომლებიც უნდა იყვნენ ტფილისი და თელავი, საქმეების გაყოფით მათში ორ დეპატრამენტზე: პირველი – სასამართლო (суда и расправы), მეორე კი – კამერალური ანუ სახაზინო საქმეებისა. ამ კანცელარიებზე დამოკიდებულია სამაზრო სასამართლოები და ადგილობრივი (земская) პოლიცია, რომლებიც უნდა იყოს ყველა სამაზრო ქალაქში. სამაზრო ქალაქების ყველა მაგისტრატი და არასამაზრო ქალაქების ყველა ратуша ведаются въ ратгаузахъ, რომლებიც უნდა იყოს ორ საპროვინციო ქალაქში” (Указъ сенату 6-го марта 1801 г. П. С. З. Т. XXVI, № 19770).

სასულიერო მმართველობასთან მიმართებაში საქართველოში ვარაუდობდნენ ორი ეპარქიის დაწესებას: ტფილის-ქართლისა და თელავ-კახეთის, პირველისა მეორე კლასში და უკანასკნელისა მესამეში. ორივე ეპარქიაში ნავარაუდევი იყო დიკასტერიისა და სემინარიის დაარსება, ხოლო ქალაქებში კი სასულიერო მმართველობებისა. ტფილის-ქართლის ეპარქიაში უნდა დაეწესებინათ კოადიუტორი, გორის ეპისკოპოსის სახელწოდებით. ჯამაგირი სასულიერი პირებისთვის დადგენილ იქნა ისეთივე, როგორსაც ღებულობდნენ რუსეთის ეპარქიათა პირები (Записка Хвостова 11-го марта 1801 г. Арх. мин. внутр. делъ).

იმპერატორ პავლეს გარდაცვალებამ მთელი ეს ვარაუდები აღუსრულებელი დატოვა და დროებით შეაჩერა საკითხის გადაწყვეტა საქართველოს რუსეთისადმი შემოერთების შესახებ.

ტფილისში მიღებულმა ცნობამ იმპერატორის სიკვდილის შესახებ დაამწუხრა ქართველები, რომლებთაც ეგონათ, რომ მმართველობაში ცვლილებასთან დაკავშირებით, წინა წლების მაგალითის მიხედვით, საქართველოდან გაყვანილი იქნება რუსული ჯარები და ქვეყანა კვლავ მიეცემა ძარცვა-რბევასა და ბატონიშვილთა ურთიერთშორის ბრძოლებს (Рапортъ Лазарева Кнорингу 8-го апреля 1801 г.).
ხალხის შიში მით უფრო მეტად იყო საფუძვლიანი, რომ პარტიამ ქართველებისა, რომელთაც არ უნდოდათ რუსეთთან შემოერთება, დაიწყო ხმების გავრცელება იმის შესახებ, ვითომ რუსული ჯარები სულ მალე, მოკლე ვადებში დატოვებენ ამიერკავკასიას. ამ გარემოებამ მოახდია მღელვარება ხალხში. რუსეთისადმი ერთგული რამდენიმე პირის დახმარებით ლაზარევმა მოახერხა ქართველთა დარწმუნება ხმების სიცრუეში და იმაშიც, რომ ჯარები არა თუ არ დატოვებენ საქართველოს, არამედ, პირიქით, მათი რიცხვი გაიზრდება და ახალი ჯარების ნაწილი უკვე გზაში იმყოფება. ხალხი დამშვიდდა და დაუჯერა ლაზარევს მით უფრო ხალისიანად, რომ ტფილისში უკვე მოვიდა ცნობა საქართველოს დედაქალაქში გრენადერთა ტუჩკოვ მე-2-ის პოლკის მალე მოსვლის შესახებ, რომელიც აქ გამოგზავნილ იქნა ჯერ კიდევ იმპერატორ პავლეს ბრძანებით.

ჩვენ გვქონდა შემთხვევა მოგვეთითებინა იმაზე, რომ ჩვენს მთავრობას შეგნებული ჰქონდა ჩვენი ჯარების რიცხვის გაზრდის აუცილებლობა ახლად შემოერთებულ ქვეყანაში. ასეთი გაზრდის გარეშე საქართველოს დაცვა მტაცებელთა შემოჭრებისგან შეუძლებელი იყო. კნორინგმა მიიღო ბრძანება ახალი პოლკების გამოგზავნაზე საქართველოში. კავკასიის ხაზის სარდალს სიძნელეები ჰქონდა მხოლოდ გზაში სურსათით უზრუნველყოფისა და ზამთარში მთებზე გადასვლის საკითხებში. იგი თავის სიძნელეების შესახებ ეუბნებოდა იმპერატორ პავლეს, რომელიც ამაზე საპასუხოდ წერდა:

“თქვენ მეუბნებით მე შეუძლებლობათა შესახებ. მე ისინი ვიცი, მაგრამ მათ ვზომავ ჩემი ჯარების ჩემდა მომართ გულმოდგინებით, ხოლო ისინი კი თავიანთ დამსახურებებს უნდა ზომავდნენ ჩემი მადლიერებისა და გულუხვობის ზომის მიხედვით. გენერალი რასტოპჩინი თქვენ ამის შესახებ უფრო დაწვრილებით აგიხსნით”.

რასტოპჩინი დაპირდა იმპერატორის სახელით ჯილდოს ყველა ჩინს ამ ძნელი ლაშქრობისთვის. მოუწოდა რა თავისთან ტუჩკოვ მე-2-ს, კნორინგმა უჩვენა მას იმპერატორ პავლეს რესკრიპტი და უბრძანა დაძრულიყო საქართველოსკენ გრენადერთა მისი სახელობის პოლკით.

გადავიდა რა ქ. მოზდოკში მდ. თერგის მეორე ნაპირზე, 16 მარტს, ტუჩკოვი თავისი სახელობის ბატალიონთან ერთად მიდიოდა მცირე ყაბარდოს გავლით, რომლის ბოლოშიც საზღვარზე მას დახვდნენ ოსებისა და თაგაურელთა ბელადები, რომლებიც წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულნი ლაშქრობის თაობაზე. ხალხთა ამ წარმომადგენლების თანხლებით იგი მივიდა ბალთამდე (до Балты), მათ პირველ სოფლამდე.

გზა ვლადიკავკაზიდან ბალთამდე მიემართებოდა მდ. თერგის ნაპირის გაყოლებით, რომელიც აღწევდა კავკასიონის მთების ვიწრობებში. ხეობა, რომელიც ბალთასთან იწყებოდა, იქ ჯერ კიდევ განიერი იყო, მაგრამ ბალთადან მაშინ დარბეულ დარიალის ციხესიმაგრემდე იწყებოდა მთელი სიძნელეები, რომლებსაც წარმოუქმნიდნენ კავკასიონის უზარმაზარი მთები ჩვენს რაზმს. ზამთრის დრო კიდევ უფრო მეტად აძლიერებდა სიძნელეებს. ექვსი ქვემეხი* (სამი 12-გირვანქიანი ზარბაზანი და სამი 24-გირვანქიანი მარტორქა /единороги/), რომლებიც იყო რაზმში, შეადგენდა ტუჩკოვ მე-2-ის მთავარ საზრუნავს. აღალი უკან იქნა დატოვებული; ცხენების უმეტესი ნაწილი შებმული იყვნენ ქვემეხების საზიდრებში, და, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის გარდა ეხმარებოდნენ ადამიანებიც, რაზმს არ შეეძლო სამ ვერსზე მეტის გავლა დღეში. მიაღწია რა ასეთი სიძნელეებით დარიალს, ტუჩკოვი აქ გაჩერდა, რათა დასვენება მიეცა ხალხისთვის და დალოდებოდა აღალს.

აქ მოუსწრო რაზმს კნორინგის მიერ გამოგზავნილმა შიკრიკმა ცნობით პავლე I-ის გარდაცვალებისა და ალექსანდრე I-ის ტახტზე ასვლის შესახებ. მისცა რა გზაში ფიცი ახალ იმპერატორს, პოლკი დაიძრა დარიალიდან სოფელ ყაზბეგისკენ, რომელიც მდებარეობს კავკასიონის ქედის იმავე სახელწოდების ერთი უდიდესი მთის შორიახლოს. რაზმი ამ გზაზე განიცდიდა ნაკლებ სიძნელეებს: მთათა ხეობები უფრო მეტად ვრცელი ხდებოდა, აღმართები და დაღმართები უკვე ისეთი მაღალი და ციცაბო აღარ იყო, ხოლო გზაზე მდებარე ქვები ნაკლებად იყო მსხვილი.

“მოვედი რა ყაზბეგში – წერს ტუჩკოვი თავის ჩანაწერებში (Записки Тучкова. Арх. главн. шт. въ С.-Петербурге) – მოვისურვე ვსტუმრებოდი მონასტერს, რომელიც მთის წვერზე მდებარეობს. დავპატიჟე ჩემთან პოლკოვნიკი სიმონოვიჩი და ჩემი პოლკის რამდენიმე ოფიცერი და ცხენებით გავემგზავრეთ ბანაკიდან. მოვედით რა სოფელში მთაზე ასასვლელის დასაწყისში, სადაც ცხოვრობდა მღვდელმსახური, რომელსაც ებარა მონასტრის გასაღები, ჩვენ უნდა დაგვეტოვებინა ცხენები და ავსულიყავით მთაზე ფეხით მიხვეულ-მოხვეული ბილიკით, რომელიც უსაშინლეს ხრამებს მიუყვებოდა. რამდენჯერმე დასვენებით ბოლოს მაინც მივაღწიეთ მონასტერს. მის წინ იშლებოდა მინდორი, გლუვ სწორ ადგილზე, რომელიც მთავრდებოდა მაღალი ნაძვების ტყით. ჩვენ ცნობისმოყვარეობით დავათვალიერეთ ამ შენობის შიდა მხარე, და, შევედით რა ეკლესიაში, მღვდელმსახურმა გადაიხადა ჩვენთვის ლოცვა (отслужилъ нам молебень). ჩვენი ლოცვის დროს, რომელიც ნახევარ საათზე მეტ ხანს არ გაგრძელებულა, ამინდი განუწყვეტლივ იცვლებოდა: თოვლი, წვიმა, სეტყვა, ქარიშხალი, მზის დიდებული ბრწყინვალება ერთიმეორეს ენაცვლებოდა”.

მონასტრიდან დაბრუნების შემდეგ, რაზმი ადგილიდან დაიძრა და მოვიდა სოფელ სიონში, სადაც განლაგდა კიდეც ბანაკად. რამდენიმე საათის შემდეგ, ნახავდით რა ბანაკს, ძნელი იქნებოდა იმის თქმა, რომ ჯარისკაცები დაიღალნენ. ბანაკში მოხდა განგაში. ჯარისკაცები რაც შეიძლებოდა სწრაფად და სიჩქარით ეზიდებოდნენ უახლოესი მაღლობებისკენ კარვებს, პროვიანტს, ეკიპაჟებსა და ყველანაირ ბარგს. ყველაფერი გარბოდა მთაში გაცოფებული თერგისგან, რომელიც ნაპირებზე გადმოვიდა თოვლის სამი ზვავის ჩამოწოლის გამო, ერთიმეორის მიყოლებით, მაგრამ, საბედნიეროდ, მნიშვნელოვან მანძილზე სოფ. სიონიდან, სადაც განლაგებული იყო ჩვენი ბანაკი.

ერთი საათის შემდეგ წყალმა კლება დაიწყო და მალევე ამის მერე ცოფიანი მდინარე თავის ნაპირებს დაუბრუნდა. გაჩერდა რა სამ დღეს ბანაკად, რათა მოემარაგებინა მარხილები კავკასიონის მთების თოვლიან ქედზე არტილერიისა და აღალის გადასატანად, ტუჩკოვი წინ წამოვიდა და მოაღწია სოფ. კობამდე, უკანასკნელ სოფლამდე, რომელიც ქედის ჩრდილოთ მხარეზე მდებარეობს. აქ რაზმი უნდა დალოდებოდა ცნობას თოვლიანი მთების გავლით მოძრაობის შესაძლებლობის შესახებ. არაუადრეს ხუთი დღისა შეატყობინეს, რომ შესაძლებელი იყო შესდგმოდნენ გზის გაწმენდას ჩამოწოლილი ზვავებისგან. სამი დღეღამის მანზილზე 800 ოსი ადამიანი დაკავებული გახლდათ ამ სამუშაოთი და მათ იმდენი მოახერხეს, რომ შესაძლებელი შეიქნა მთებზე გადასვლის დაწყება პოლკის მცირე ნაწილებით.

თავიდან ტუჩკოვმა გაგზავნა ორი ასეული კაიშაურის დაკავებისთვის, პირველი სოფლისა, რომელიც მდებარეობს ქედის სამხრეთ კალთებზე. შემდეგ მან აქ გამოგზავნა მთელი ბატალიონი და არტილერია, რომელიც წინასწარ დაშლილი და მარხილებში ჩალაგებული გახლდათ. პირველი ეშელონი მშვიდობიანად მოვიდა დანიშნულების ადგილამდე; მაგრამ როგორც კი თვალს მიეფარა მეორე რაზმი, ბანაკში გაიგონეს თოვლის ახალი ზვავის ჩამოწოლის ქუხილი.

“ჩვენ დიდად შეშფოთებულნი ვიყავით – წერს ტუჩკოვი – მანამდე, სანამ ჩემს მიერ იქ გაგზავნილმა მაცხოვრებლებმა არ მომიტანეს ცნობა, რომ ბატალიონმა და ზარბაზნებმა მშვიდობიანად მიაღწიეს სოფლამდე; რომ ზვავი ჩამოწვა ზარბაზნებსა და უკან ჩამორჩენილ აღალს შორის და გზა დაფარა სამ ვერსზე თოვლის უზარმაზარი გორებით”.

ორ დღეს გრძელდებოდა მუშაობა კობში დარჩენილი ჯარებისთვის გზის გასაწმენდად. გადმოვიდა რა ბოლოს და ბოლოს მთელი რაზმით კაიშაურში, ტუჩკოვმა დაასვენა ჯარისკაცები, შეაკეთებინა აღალში დაზიანებები და შედეგ დაიძრა კიდეც მდ. არაგვის ნაპირის გაყოლებაზე და მოაღწია სოფელ ანანურამდე, შემდეგ კი დუშეთისა და მცხეთის გამოვლით, ცერემონიით შემოვიდა ტფილისში* (რაზმში შედგებოდა: 3 შტაბ-ოფიცერი, 22 ობერ-ოფიცერი, 4 მოხელე (чиновникъ), 54 უნტერ-ოფიცერი, 616 რიგითი, 105 არასამწყობრო ადამიანი. 4 ქვემეხი და მათთან 2 ობერ-ოფიცერი, 10 უნტერ-ოფიცერი, 63 კანონირი (მეზარბაზნე – ი. ხ.) და 42 არასამწყობრო. 162 ცხენი და 41 სხვადასხვა საზიდარი. იხ. Рапортъ Тучкова Лазареву 28-го марта 1801 г., № 259. Тифл. арх. канц. нам.).

ახალი ჯარების მოსვლა საქართველოში ზუსტად საჭირო დროს მოხდა (было как нельзя более кстати) და დიდად შეუწყო ხელი მხარეში სიმშვიდის დამყარებას.

გრენადერთა ტუჩკოვ მე-2-ის პოლკი განლაგდა გორში, სურამსა და ცხინვალში (Рапорты Лазарева Кнорингу 7-го и 26-го апреля 1801 г.). ამ პუნქტების დაკავებამ აიძულა იმერეთის მეფე სოლომონი რომ დაეშალა თავისი ჯარები, რომლებიც შეკრებილი ჰყავდა პირველივე ცნობის მიღების შემდეგ იმის თაობაზე, რომ რუსები ტოვებენ საქართველოს. გაქცეული ბატონიშვილების მიერ წაქეზებული მეფე ფიქრობდა საქართველოში შემოჭრასა და ქართლის დარბევას. ბატონიშვილთა განზრახვები აღუსრულებელი დარჩა. მათი იმედი მიეღწიათ რაიმე დადებითისთვის კიდევ უფრო მეტად დაეცა, როდესაც, ტუჩკოვ მე-2-ის პოლკის კვალდაკვალ, გამოგზავნილ იქნენ მუშკეტერთა ლეონტიევისა და ერთი კაზაკთა პოლკებიც, რომლებიც თუმცა კი საქართველოში მოვიდნენ მხოლოდ მაისის თვეში (Предписанiе Кноринга Лазареву 23-го марта 1801 г., № 649).

ჯარების მოსვლასთან ერთად, უკვე გამოჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ უზრუნველეყოთ ქვეყანა მისი მეზობლების საგარეო შემოჭრებისგან, რომლებიც უმეტეს წილად იყვნენ ვერაგები და მიჰყვებოდნენ საკუთარ ინტერესებს. მუშკეტერთა ერთი ბატალიონი ჩაყენებულ იქნა, დაწყებული სიღნაღის ციხესიმაგრიდან, სოფლებში, მდ. ალაზნის გაყოლებაზე, “რომლებიც 15 ვერსზე საკმარისად იყო ჩარიგებული”. ყარაღაჩის ციხესიმაგრიდან მდ. მტკვრამდე, რომელიც სოფელ შიქალოს მახლობლად მიედინებოდა, ებრძანათ დაეყენებინათ კაზაკთა ბეკეტები, და მათ მოვალეობად დაეკისრათ ცხენოსანი პატრულების ხშირად დაგზავნა (… делать частые разъезды). ამ ჯაჭვის გაძლიერებისთვის, ლეკების მიერ მისი გარღვევის შემთხვევაში, იმავე პოლკის მუშკეტერთა ერთი ბატალიონი უნდა დამდგარიყო სოფლებში მარტყოფიდან კაკაბეთამდე და შეედგინა, ამგვარად, მეორე ჯაჭვი.

ამდენად ძლიერი კორდონი აღიარებულ იქნა აუცილებლად იმისთვის, რომ ლეკები, საქართველოში მათი შემოჭრების დროს, უმეტეს წილად გადმოლახავდნენ ხოლმე მდ. ალაზანს დანგრეული ციხესიმაგრის კარაგოს (სიღნაღის მახლობლად) ცოტათი ქვემოთ და, მოჰყვებოდნენ რა მდ. იორის ხეობას, აღწევდნენ საგურამოს დანგრეულ ციხესიმაგრემდე. აქ შექმნიდნენ რა თავიანთ ბანაკს, ისინი გზავნიდნენ ცალკეულ პარტიებს ქართლში და წყვეტდნენ შეტყობინებას დუშეთიდან მცხეთამდე, გადააქცევდნენ რა მას მეტად სახიფათოდ მგზავრებისთვის.

შეწყვიტეს რა ლეკების შემოჭრის შესაძლებლობა ამ მხრიდან, არ შეიძლებოდა დარწმუნებული ყოფილიყვნენ იმაში, რომ საქართველო სრულიად დაცული იყო მათი თავდასხმებისგან. ლეკებს შეეძლოთ აერჩიათ სხვა გზაც. გადმოლახავდნენ რა მდინარეებს ალაზანსა და მტკვარს, ისინი გვერდით ჩაუვლიდნენ განჯისა და ერევნის ხანების სამფლობელოებს და ჩავიდოდნენ ახალციხეში, ხოლო იქიდან კი შეეძლოთ თავდასხმების მოხდენა როგორც ქართლზე, ისე კახეთზეც. განვალაგეთ რა ბატალიონი, გარკვეული რიცხვის კაზაკებით, ბამბაკის პროვინციის სოფლებში, ჩვენ ვუსპობდით ლეკებს უკანასკნელ შესაძლებლობასაც საქართველოში შემოსაჭრელად. ამ ბატალიონს იმავე დროს შესაძლო იყო გაეწია ავანგარდის სამსახურიც მოქმედებებისთვის ბაბა-ხანის ყოველგვარი თავდასხმების წინააღმდეგ.

ერთი გრენადერთა ბატალიონი დატოვებულ იქნა ტფილისში, მეორე კი განლაგდა გორში, რომელმაც თავისი შემადგენლობიდან გამოყო თითი-თითო ასეული სურამისა და ცხინვალის ციხესიმაგრეებში ჩასაყენებლად. ეს პოსტი აუცილებელი გახლდათ როგორც სასაზღვრო მაცხოვრებლებზე მეთვალყურეობისთვის, ისე ძარცვა-რბევისგან დასაცავადაც, რასაც ხშირად მიმართავდნენ ოსები და იმერლები.

ოსები, რომლებიც სხვადასხვა ქართველი თავადების ძალაუფლების ქვეშ იმყოფებოდნენ, ახდენდნენ, როგორც გამოთქვამდა ლაზარევი, “ყველანაირ ჩხუბსა და შფოთს” («всякiя озорничества») (Акты кавк. археогр. ком. Т. I, стр. 381), მიჰყავდათ ადამიანები, ძარცვავდნენ და სრულებით არ ემორჩილებოდნენ თავიანთ მემამულეებს. წაქეზებულები იმერეთში მყოფ ბატონიშვილთაგან, ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ რუსული ჯარები დაბრუნდებიან კავკასიის ხაზზე. მათი დაწყნარებისთვის ლაზარევი ითხოვდა ნებართვას იმაზე, რომ გამოეყენებინა იარაღი (Тамъ же, стр. 382).

შამშადილში განჯის ხანის შემოჭრებისგან უზრუნველყოფისთვის, ეგერთა პოლკის ერთი ბატალიონი განლაგდა ბორჩალოში. იმავე პოლკის მეორე ბატალიონის ორი ასეული განლაგებული გახლდათ დუშეთში კავკასიის ხაზის საქართველოსთან შეტყობინების შენარჩუნებისთვის, ხოლო დანარჩენ სამ ასეულს კი უნდა შეენახა პოსტები (საგუშაგოები) მთელ სივრცეზე დუშეთიდან მცხეთამდე.

“სურამის ციხესიმაგრიდან მდინარე ალგეთის სათავეებამდე, და იქიდან მდინარე მატავერას სათავეებამდე, ხოლო იქიდან კი ბამბაკამდე დაწესებული უნდა იქნას ქართული ან კაზაკთა ბეკეტები” (Изъ рапорта Лазарева Кнорингу 8-го апреля 1801 г., № 200).

ჯარების ასეთი განთავსების დროს შესაძლო იყო იმედი ჰქონოდათ ლეკებისა და მომიჯნავე ხანების მოგერიებაზე, რომლებიც იჭრებოდნენ საქართველოში მტაცებლობის, ძარცვისა და მცხოვრებთა ტყვედ წაყვანისთვის.

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა