Wednesday, April 27, 2011

აშშ–ის შეიარაღებული ძალები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში

შ ი ნ ა ა რ ს ი

შესავალი
I. აშშ-ის შეიარაღებული ძალები 1970-იან წლებსა და 1980-იანების დასაწყისში
II. აშშ-ის შეიარაღებული ძალების განვითარების თავისებურებები 1970-იან წლებში
III. აშშ-ის შეიარაღებული ძალების დაჯგუფება ევროპაში 1970-იან წლებში
IV. აშშ-ის შეიარაღებული ძალები სამხრეთ კორეაში 1970-იან წლებში
V. აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ცენტრალური სარდლობა 1980-იანი წლების დასაწყისში
VI. აშშ-ის შეიარაღებული ძალების რეზერვები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში
VII. აშშ-ის უმაღლესი სამხედრო ორგანოები 1970-იანი წლების მეორე ნახევარში
VIII. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 1970-იან წლებში
IX. აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტი 1970-იან წლებში
X. აშშ-ის შეიარაღებული ძალების მართვა 1970-იან წლებსა და 1980-იანების დასაწყისში
XI. აშშ-ის შეიარაღებული ძალების მართვის ავტომატიზაცია 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში
XII. აშშ-ის შეიარაღებული ძალების განვითარების დაგეგმვა 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში
XIII. აშშ-ის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული მობილურობის უზრუნველყოფა 1970-იან წლებში (ჯარების სტრატეგიული გადასროლების ძალებისა და საშუალებების განვითარება)
XIV. აშშ-ის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული მობილურობის უზრუნველყოფა 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში (ამერიკული შეიარაღების დასაწყობება)
XV. მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევები პენტაგონის სამსახურში 1970-იან წლებში
XVI. სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ორგანიზაცია აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში 1970-იან წლებში
XVII. აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი 1970-იან წლებში

(ნ ა წ ი ლ ი I)

შ ე ს ა ვ ა ლ ი

აშშ-ის შეიარაღებული ძალები წარმოადგენს ქვეყნის სამხედრო ძლიერების საფუძველს, ხოლო ამერიკული სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა განიხილავს მას ერთერთ უმნიშვნელოვანეს საშუალებად საერთაშორისო არენაზე თავისი პოლიტიკური მიზნების მიღწევისთვის. მისი მნიშვნელობა განსაკუთრებით მაღალი იყო ცივი ომის პერიოდში, როდესაც საბჭოთა კავშირის მეთაურობით ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებული შეიარაღებული ძალები სერიოზულ სავარაუდო მოწინააღმდეგეს წარმოადგენდა აშშ-ისა და ნატო-ს ბლოკის კოალიციური სამხედრო მანქანისთვის.

ქვემოთ შევეხებით აშშ-ის შეიარაღებული ძალების განვითარებას 1970-იან წლებსა და 1980-იანების დასაწყისში. კონკრეტულ თემებს კი გადმოვცემთ ძირითადად სსრკ-ის თავდაცვის სამინისტროს ჟურნალის «Зарубежное военное обозрение»-ს მასალების მიხედვით. ნაშრომის თითოეული თავი წარმოადგენს პრაქტიკულად შესაბამისი რუსული სტატიის თარგმანს, გადმოცემულს წარსულ დროში და გარკვეული კომენტარებით. წარსულ დროში არის ლაპარაკი ისეთ საკითხებზე, რომლებიც დღესაც აქტუალურია აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში, მაგრამ ვინაიდან ისე დეტალურად აღარ არის ცნობილი პირადად ჩვენთვის, მაგალითად, სამხედრო მმართველობის ამა თუ იმ სტრუქტურული რგოლის დღესდღეობით არსებობის, ან მისი ფუნქიური დანიშნულებისა და უფლება-მოვალეობების შესახებ, ამიტომ ვამჯობინეთ მთლიანად თხრობა გადაგვეტანა წარსულ დროში. აშშ-ის სამხედრო სტრატეგიის განვითარებაზე გამოქვეყნებული ნაშრომის შესავალში უკვე გვქონდა აღნიშნული, რომ ჟურნალ «Зарубежное военное обозрение»-ს ავტორები თავაინთ წერილებს ამზადებენ ღია დასავლურ სამხედრო გამოცემებში გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე, ხოლო ქვემოთ ჩვენს მიერ წყაროებად გამოყენებული წერილების ავტორები გახლდნენ კომპეტენტური საბჭოთა სამხედრო სპეციალისტები: გენერალ-მაიორ-ინჟენერი ი. ანურეევი, პროფესორი, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, გენერალ-მაიორი ვ. ალექსანდროვი, გენერალ-მაიორი ვ. გიდასპოვი; პოლკოვნიკი ი. არხიპოვი, პოლკოვნიკი ი. დმიტრიევი, პოლკოვნიკი ი. ბისტროვი, სამხედრო მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი, თადარიგის პოლკოვნიკი პ. მასლენნიკოვი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, თადარიგის პოლკოვნიკი ი. მიშინი, თადარიგის პოლკოვნიკი ვ. კრონოვი, პოლკოვნიკი ი. ვიკტოროვი, 1-ლი რანგის კაპიტანი ა. კორაბლიოვი, პოდპოლკოვნიკი ვ. ფილიპოვი, პოდპოლკოვნიკი ვ. ლარიონოვი, პოდპოლკოვნიკი გ. ვასილიევი, პოდპოლკოვნიკ-ინჟენერი ვ. ტამანსკი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი; კაპიტანი ი. მიხაილოვი. ქვემოთ ქართველ მკითხველს ვთავაზობთ პრაქტიკულად ამ სამხედრო სპეციალისტების მიერ თავის დროზე გამოქვეყნებული წერილების თარგმანს, რომლებიც მოყვანილია ერთმანეთთან ბუნებრივ კავშირში და მთლიანობაში ქმნიან კარგ სურათს აშშ-ის სამხედრო მშენებლობის უმთავრეს საკითხებში 1970-იან წლებსა და 80-იანებს დასაწყისში.

დასასრულს ვიტყვით, რომ ტექსტში მოყვანილი უნდა ყოფილიყო ათი ნახატი აშშ–ის შეიარაღებული ძალების მმართველობის სტრუქტურის, ან კიდევ მისი ცალკეული ორგანოების (თავდაცვის სამინისტრო, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, შტაბების უფროსთა კომიტეტი და სხვა) სტრუქტურების ჩვენებით, მაგრამ ბლოგის ფორმატში ამის გაკეთება ვერ მოხერხდა და ამიტომ შესაბამის ადგილებში ნახატების ნაცვლად მომყავს მათი სიტყვიერი აღწერილობა, რისთვისაც მკითხველს ბოდიშს მოვუხდი, თუმცა კი ამ აღწერილობებიდანაც შეიძლება ნახატების აღდგენა.

I. აშშ-ის შეიარაღებული ძალები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, აშშ-ის მილიტარისტული წრეები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში თავიანთი აგრესიული მიზნების მიღწევისა და მსოფლიო ბატონობის მოპოვების გეგმების განხორციელების მთავარ საშუალებად თვლიდნენ სამხედრო ძლიერებას, რომლის საფუძველსაც შეადგენდა შეიარაღებული ძალები. მათი სიტყვით, აშშ-ის თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა რამსფელდმა პირდაპირ განაცხადა, რომ “სამხედრო ძლიერება და პოლიტიკურ წრეებში მისი შეფასება განმსაზღვრელ ფაქტორად რჩება საერთაშორისო დავებში და ჩვენი შესაძლებლობების მთავარ განმსაზღვრელადაც აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მიზნების მიღწევაში”. ასეთივე შეხედულებებისა გახლდათ პრეზიდენტ ჯ. კარტერის ადმინისტრაციაც.

აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ბასრი პირი, საბჭოთა ავტორების აღნიშვნით, მომართული იყო უწინარეს ყოვლისა საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური თანამეგობრობის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. არცთუ შემთხვევით, ამერიკულ სამხედრო წესდებებსა და დარიგებებში აღინიშნებოდა, რომ საბრძოლო მოქმედებების წარმოება ცენტრალურ ევროპაში ვარშავის ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოთა წინააღმდეგ წარმოადგენდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების უმნიშვნელოვანეს ამოცანას. შეერთებული შტატები იმ ხანად უკვე აღარ თვლიდა ჩინეთს თავის სავარაუდო მოწინააღმდეგედ, რადგანაც, საბჭოთა ავტორების შეფასებით, პეკინის ხელმძღვანელობა მოქმედებდა ერთად შებმული იპერიალიზმთან და ყველაზე უფრო გაშიშვლებულ რეაქციასთან.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მშენებლობას 70-იან წლებში საფუძვლად ედო ე. წ. “რეალისტური დაშინების” სტრატეგია, რომელიც გამოხატავდა მითითებას სხვა სახელმწიფოთა წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე, როგორც ამერიკული საგარეო პოლიტიკის ერთერთი უმნიშვნელოვანესი საშუალებისა.

საბჭოთა ავტორების სიტყვით, ვაშინგტონის ადმინისტრაციის პირველი რიგის ამოცანად, 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში, აცხადებდნენ შეერთებული შტატებისა და მის მოკავშირეთა სამხედრო ძლიერების შემდგომ ზრდას. ახორციელებდნენ ფართო მილიტარისტულ მზადებებს შეიარაღებული ძალების ყველა სახეობისა და შეიარაღებათა კატეგორიების მიხედვით. ძირითად საყრდენს უწინდებურად აკეთებდნენ როგორც სტრატეგიული, ისე ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო-ბირთვული ძალები გაძლიერებაზე.

შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მშენებლობასა და განვითარებას აწარმოებდნენ სახეობებად _ სახმელეთო ჯარებად, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალებად მისი ტრადიციული დაყოფის შესაბამისად, ხოლო 1962 წლიდან მას ახორციელებდნენ ასევე მიზნობრივი დანიშნულების მიხედვითაც, რომლის შესაბამისადაც გამოიყოფოდა სტრატეგიული ძალები, ზოგადი დანიშნულების ძალები, ჯარების სტრატეგიული გადასროლების ძალები და სარეზერვო კომპონენტები. სტრატეგიული ძალები გათვლილი იყო უმთავრსად სტრატეგიული ბირთვული ომის წარმოებაზე, ხოლო ზოგადი დანიშნულების ძალები _ სხვა სახეობათა ომებისაც.

ეროვნული უსაფრთხოების შესახებ 1947 წლის კანონის თანახმად აშშ-ის შეიარაღებული ძალები შედგება სამი სახეობისგან: სახმელეთო ჯარების (არმიის), სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალებისგან. თითოეული სახეობა კი შეიცავს რეგულარულ ჯარებსა (ძალებსა) და სარეზერვო კომპონენტებს.

რეგულარული ჯარები (ძალები), “ცივი ომის” წლებში, წარმოადგენდა შეიარაღებული ძალების საფუძველს, იგი წარმოადგენდა საკადრო ჯარებს (ძალებს), რომელიც აღჭურვილი გახლდათ უახლესი იარაღითა და სამხედრო ტექნიკით, კარგად იყო განსწავლული და იმყოფებოდა მუდმივ მზადყოფნაში საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის.

სარეზერვო კომპონენტები მოიცავს შეიარაღებული ძალების სახეობთა რეზერვებსა და ეროვნულ გვარდიას (სამხედრო-საზღვაო ძალებში ეროვნული გვარდია არ არის, არამედ მხოლოდ რეზერვი). საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურის მიხედვით იგი იყოფა ორგანიზებულ (შენაერთებში, ნაწილებსა და ქვედანაყოფებში შეყვანილ) და არაორგანიზებულ (ინდივიდუალურ) რეზერვებად. მისი საერთო რიცხოვნება 1980-იანი წლების დასაწყისში შეადგენდა დახლოებით 2,5 მლნ. ადამიანს. რეზერვები წარმოადგენდა შეიარაღებული ძალების სახეობათა შემადგენელ ნაწილებს, ემორჩილებოდა შესაბამის სამინისტროებს და მათ მთლიანად ინახავდნენ სართო-სახელმწიფოებრივი (ფედერალური) ბიუჯეტის ხარჯზე.

ეროვნული გვარდია მიეკუთვნება სამილიციო ჯარებს, რომლებიც დგანან თითოეულ შტატში, ფედერალურ ოლქ კოლუმბიასა და კ. პუერტო-რიკოზე. მშვიდობიანობის დროს ეროვნული გვარდიის ნაწილები და ქვედანაყოფები ექვემდებარებიან შტატების გუბერნატორებს და ფინანსდებიან როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის, ისე შტატების ბიუჯეტის ხარჯზეც. 1870-იან წლებში ეროვნული გვარდიის შენაერთები და ნაწილები ითვლებოდა პირველი რიგის ორგანიზებულ საბრძოლველად მზადმყოფ რეზერვად, რომელიც მობილიზაციის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას დაუყოვნებლივ გადადიოდა სახმელეთო ჯარებისა (არმიისა) და სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობათა სრულ განკარგულებაში.

1973 წლამდე აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს პირადი შემადგენლობით აკომპლექტებდნენ საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონის შესაბამისად სამხედროვალდებული ახალგაზრდობის ვადიან სამხედრო სამსახურში გაწვევის საფუძველზე. 1973 წლის 1 იანვრიდან კი შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება დაიწყეს უპირატესად ნებაყოფლობით საფუძველზე მოხალისეთა მიღების ხარჯზე. კონტრაქტებს დებდნენ ძირითადად არანაკლებ ოთხი წლის ვადით. სამსახურის ხანგრძლივი ვადები ხელს უწყობდა შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზაციას, სამხედრო მოსამსახურეთა კავშირების შესუსტებას მოსახლეობის მშრომელ ფენებთან, საზოგადოებისგან მათ იზოლაციას, რითაც, საბჭოთა ავტორების შეფასებით, უფრო მეტად მკვრივდებოდა ბარიერები პროგრესული იდეების ყაზარმებში შეღწევის გზაზე.

შეიარაღებული ძალების საერთო რიცხოვნებას, უცხოურ ბეჭდურ გამოცემათა შეტყობინებებით, 1970-იანი წლების მიწურულში ინარჩუნებდნენ დაახლოებით 3 მლნ. ადამიანის დონეზე, რომელთაგან რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში იმყოფებოდა 2 მლნ. ადამიანზე მეტი, მზადმყოფ რეზერვში კი _ დაახლოებით 800 ათასი ადამიანი.

სახმელეთო ჯარები წარმოადგენს შეიარაღებული ძალების ყველაზე უფრო მრავალრიცხოვან სახეობას. “მოქნილი რეაგირებისა” და შემდეგ უკვე “რეალისტური დაშინების” სტრატეგიების თანახმად, იგი განკუთვნილი იყო საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის დამოუკიდებლად ან სჰძ-თან და სზძ-თან ურთიერთმოქმედებებით სხვადასხვა ომთ-ზე ბირთვული იარაღის გამოყენებით ან მის გარეშე, მოწინააღმდეგის ჯართა დაჯგუფების განადგურების, მისი ტერიტორიის დაპყრობისა და შენარჩუნების ამოცანათა გადაწყვეტისთვის.

სტრატეგიულ (საყოველთაო) ბირთვულ ომში სახმელეთო ჯარებს 1970-იან წლებში ეკისრებოდა აქტიური საბრძოლო მოქმედებების წარმოებისა და ომის თეატრზე ბირთვულ დარტყმაში მონაწილეობის ამოცანები ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების საკუთარი საშუალებების გამოყენებით. სტრატეგიული ოპერაციების ჩატარების მსვლელობისას მას უნდა დაესრულებინა მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალების ძირითადი მიწისზედა დაჯგუფებების განადგურება და დაეპყრო მისი ტერიტორია.

სახმელეთო ჯარებს მნიშვნელოვან როლს უთმობდნენ შეზღუდულ ომებშიც. მასვე, საბჭოთა ავტორების სიტყვით, ეკისრებოდა აგრეთვე მცირე და დამოკიდებულ ქვეყნებში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩახშობისა და სხვა პოლიციური ფუნქციების შესრულების ამოცანები, რომლებიც დაკავშირებული იყო ამერიკული იმპერიალიზმის ინტერესების დაცვასთან დედამიწის სხვადასხვა ნაწილსა და თავად შეერთებულ შტატებშიც.

რეგულარული სახმელეთო ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში 1970-იანი წლების ბოლოსა და 80-იანების დასაწყისში შედიოდა 16 დივიზია (ოთხი ჯავშანსატანკო, ექვსი მექანიზებული ქვეითი, ოთხი ქვეითი, თითო-თითო საჰაერო-სადესანტო და საჰაერო-საიერიშო), შვიდი ცალკეული ბრიგადა, სამი ჯავშანსაკავალერიო პოლკი, აგრეთვე სხვადასხვა დანიშნულების ცალკეული ბატალიონები და დივიზიონები. მის შეიარაღებაში იმ ხანად შედგებოდა “პერშინგის” ტიპის მართვადი რაკეტები (სროლის სიშორე 500 კმ-მდე (?), მათ შორის 108 გასაშვები დანადგარი /გდ/ დასვლეთ გერმანიის ტერიტორიაზე), “ლანსის” ტიპის მართვადი რაკეტები (სროლის სიშორე 120 კმ-მდე, მათგან 36 გდ ევროპაში), 10900 საშუალო ტანკი (1825 M48A5, 1555 M60, 6195 M60A1, 540 M60A2, 615 M60A3 და 152 XM1 “აბრამსი”), 1400 მსუბუქი ტანკი M551 “შერიდანი”, დაახლოებით 6500 ბუქსირებადი და თვითმავალი ქვემეხი, 5500 ნაღმსატყორცნი, 6 ათასი უუკუცემო ქვემეხი, აგრეთვე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები “თოუ” და “დრაკონი” (დაახლოებით 114 ათასი). საარმიო ავიაციის ნაწილებსა და ქვედანაყოფებში მოითვლებოდა 9 ათასზე მეტი თვითმფრინავი და ვერტმფრენი.

სახმელეთო ჯარების სარეზერვო კომპონენტებს 1970-80იანი წლების მიჯნაზე ჰქონდა შემდეგი შემადგენლობა: ეროვნულ გვარდიაში შედიოდა რვა დივიზია (ხუთი ქვეითი, ორი ჯავშანსატანკო, ერთიც მექანიზებული ქვეითი), 21 ცალკეული ბრიგადა (ათი ქვეითი, რვა მექანიზებული ქვეითი, სამი ჯავშანსატანკო), ოთხი ჯავშანსაკავალერიო პოლკი, აგრეთვე სხვა ნაწილები და ქვედანაყოფები; არმიის რეზერვში მოითვლებოდა 12 სასწავლო დივიზია და სამი ცალკეული საბრძოლო ბრიგადა.

ამერიკული ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, ეროვნული გვარდიის სახელეთო ჯარების შეიარაღებაში იმყოფებოდა რეგულარული ნაწილებისა და შენაერთების საშუალო ტანკების საერთო რაოდენობის 28%, თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების 31%, ლულიანი არტილერიის 35% და ჯავშანტრანსპორტერების 33%.

სამხედრო-საჰაერო ძალებს (სჰძ), ამერიკული სარდლობის აზრით, გააჩნდა ყველაზე უფრო მეტი შესაძლებლობები სტრატეგიული (საყოველთაო) ბირთვული ომის ამოცანების გადაწყვეტისთვის, რამდენადაც იგი შეიარაღებული გახლდათ თავდასხმის ძირითადი სტრატეგიული საშუალებებით _ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებითა (სკბრ) და სტრატეგიული ბომბდამშენებით. როგორც უცხოური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, სჰძ-ის, აგრეთვე სზძ-ში შემავალი ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავების (წნარბ, რუსული აღნიშვნის ПЛАРБ ანალოგიურად) წინაშე სვამდნენ მთავარ ამოცანას _ დაეზიანებინათ მოწინააღმდეგის სტრატეგიული სარაკეტო-ბირთვული საშუალებები, მისი შეიარაღებული ძალების მსხვილი დაჯგუფებები, მოეხდინათ სამხედრო და სახელმწიფო მმართველობის დეზორგანიზაცია, ძირი გამოეთხარათ ქვეყნის (კოალიციის) ეკონომიკური პოტენციალისთვის და დაესუსტებინათ ჯარებისა და მოსახლეობის მორალური სულისკვეთება.

ტაქტიკური ავიაცია ითვლებოდა საომარ მოქმედებათა თეატრზე (ომთ) ბირთვული იარაღის გამოყენების ძირითად საშუალებად. მის ძირითად ამოცანაში შედიოდა მოწინაღმდეგის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან მიზნებზე ბირთვული დარტყმების მიყენება, ჰაერში უპირატესობის მოპოვება და შენარჩუნება, საბრძოლო მოქმედებათა რაიონების იზოლაცია და ომთ-ზე სახმელეთო ჯარებისთვის უშუალო საავიაციო მხარდაჭერის აღმოჩენა.

სჰძ-ის შემადგენლობაში შედიოდა სტრატეგიული და ტაქტიკური სატრანსპორტო ავიაცია, რომელიც ასრულებდა საჰაერო გადაზიდვებს შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის ინტერესებში.

ორგანიზაციულად სჰძ შეყვანილი გახლდათ საავიაციო სარდლობებში, საჰაერო არმიებში, საავიაციო დივიზიებში, საავიაციო და სკბრ-ების ფრთებში, ესკადრილიებსა და სხვადასვანაირი დანიშნულების სხვა ქვედანაყოფებში.

რეგულარული სჰძ-ის შენაერთებისა და ნაწილების შეიარაღებაში (სარეზერვოებისა და საწყობებში შენახულების გარეშე) 80-იანი წლების დასაწყისში იმყოფებოდა: 1054 სკბრ გდ (450 “მინითმენ-2”, 550 “მინითმენ-3” და 54 “ტიტან-2”), 400-ზე მეტი სტრატეგიული ბომბდამშენი (მათ შორის 65 საშუალო რადიუსისა FB-111A); 50-ზე მეტი სტრატეგიული მზვერავი და საჰაერო საკომანდო პუნქტი; დაახლოებით 520 თვითმფრინავ-გამწყობი KC-135A; აგრეთვე ტაქტიკური ავიაციის დაახლოებით 3700 საბრძოლო თვითმფრინავი.

სატრანსპორტო ავიაციას გააჩნდა 275 ტაქტიკური C-130 და 315 სტრატეგიული სატრანსპორტო თვითმფრინავი (74 C-5A და 241 C-141).

სჰძ-ის სარეზერვო კომპონენტები 1970-იანი წლების ბოლოსა და 80-იანების დასაწყისში მოითვლიდა საბრძოლო და დამხმარე ავიაციის დაახლოებით 1900 თვითმფრინავსა და ვერტმფრენს.

სამხედრო-საზღვაო ძალები (სზძ), როგორც საზღვარგარეთულ პრესაში აღინიშნებოდა, წარმოადგენდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეორე სახეობას, რომელსაც გააჩნდა სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო-ბირთვული იარაღი. მის შემადგენლობაში შედიოდა ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავები ბალისტიკური რაკეტებით “პოლარისი”, “პოსეიდონი” და “თრაიდენთ-1”, რომელთა ბორტზეც განთავსებული იყო 5000-ზე მეტი ბირთვული ქობინი. 1980-იანი წლების დასაწყისში ქმნიდნენ საზღვაო ბაზირების ახალ სარაკეტო-ბირთვულ სისტემას “თრაიდენთი” (სროლის სიშორე 8 ათას კმ-მდე). სზძ-ს გააჩნდა აგრეთვე ფლოტების საავიამზიდო შენაერთები _ ამერიკული ჯარების მეწინავე დაჯგუფებები ზღვისმიღმა ომთ-ებზე, რომლებიც სჰძ-ის ტაქტიკურ ავიაციასთან ერთად წარმოადგენდნენ ბირთვულ ომში ომის თეატრზე ამოცანების გადაწყვეტის ძირითად საშუალებას. გარდა ამისა. სზძ-ს ამზადებდნენ დამოუკიდებელი ოპერაციების წარმოებისთვის საზღვაო დესანტების გადასხმაში, აშშ-ის კონტინენტური ნაწილიდან სხვადასხვა ომთ-ზე ჯარებისა და შეიარაღების გადასროლების უზრუნველყოფაში, საზღვაო და საოკეანო კომუნიკაციების დაცვასა და ზღვისპირა მიმართულებებზე მომქმედი სახმელეთო ჯარებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენაში.

სზძ-ის შემადგენლობაში შედიოდა ფლოტი, ავიაცია და საზღვაო ქვეითი ჯარი (ზქჯ), ხოლო ომიანობის დროს კი _ სანაპირო დაცვაც, რომელიც ჩვეულებრივ ტრანსპორტის სამინისტროს განმგებლობაში იმყოფებოდა.

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებს როგორც მშვიდობიანობის, ისე ომიანობის დროსაც გააჩნდა ორი პარალელურად არსებული საორგანიზაციო სტრუქტურა _ ადმინისტრაციული და ოპერატიული. ა დ მ ი ნ ი ს ტ რ ა ც ი უ ლ ი ო რ გ ა ნ ი ზ ა ც ი ი ს მიხედვით იგი შეყვანილი იყო ორ ძირითად ფლოტში (ატლანტიკურსა და წყნაროკეანურში) ხომალდების კლასებისა და ძალთა გვარეობების (წყალქვეშა, საჰაერო, წყალზედა და ზქჯ-ის) მიხედვით. ეს ორგანიზაცია განკუთვნილი გახლდათ საბრძოლო მომზადების, ხომალდებისა და გემების ბაზირების, პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა (მტუ) და რემონტის განხორციელებისთვის.

ო პ ე რ ა ტ ი უ ლ ი ო რ გ ა ნ ი ზ ა ც ი ი თ ითვალისწინებდნენ სზძ-ის სხვადასხვაგვარი ოპერატიული გაერთიანებებისა და შენაერთების ჩამოყალიბებას აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობების შემადგენლობაში, ძირითად ომთ-ებზე მათ გაშლას, საბრძოლო ოპერაციების ჩატარებას, ყოვედღიურ საქმიანობას, აგრეთვე მანევრების, სწავლებების ჩატარებასა და სხვა ამოცანების გადაწყვეტას.

სზძ-ის უმაღლეს ოპერატიულ გაერთიანებას წარმოადგენა ფლოტი, რომელიც შეიცავდა სზძ-ის გვარეობათა ოპერატიულ შენაერთებს და განკუთვნილი გახლდათ ოპერატიულ-სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტისთვის დამოუკიდებლად ან სტრატეგიული ზონის ფარგლებში შეიარაღებული ძალების სხვა სახეობების გაერთიანებებთან და შენაერთებთან ერთობლივად.

ფლოტებს გააჩნდათ ერთნიშნიანი ნომრები: ლუწ ნომრებს ანიჭებდნენ ატლანტიკურ ომის თეატრზე, ევროპული ზონის ჩათვლით (იმხანად მე-2 და მე-6 ფლოტები), ხოლო კენტებს _ წყნაროკეანურზე (მე-3 და მე-7). საზღვაგარეთული ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ პენტაგონის განზრახვის შესახებ შეექმნათ ახალი (მე-5) ფლოტი ინდოეთის ოკეანეში.

1970-იანი წლების ბოლოსა და 80-იანების დასაწყისში რეგულარული სზძ-ის შეიარაღებაში იმყოფებოდა: 41 ატომური სარაკეტი წყალქვეშა ნავი (31-ში 16-16 რაკეტა “პოსეიდონ-C3”, მათ შორის ზოგიერთ მათგანში 16-16 რაკეტა “თრაიდენთ-1”, ხოლო ათში _ 16-16 რაკეტა “პოლარის-A3”), 13 მრავალმიზნობრივი ავიამზიდი (მათგან სამი ატომური), 81 სატორპედო წყალქვეშა ნავი (75 ატომური), 200-ზე მეტი მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდი, მათ შორის კრეისერები, მრი საესკადრო ნაღმოსნები და ფრეგატები (მრი _ აღნიშნავს მართვადი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით აღჭურვილ ხომალდს, რუსულად მას შეესაბამება აღნიშვნა УРО – управляемое ракетное оружие).

ფლოტის რეგულარული ძალების, ზქჯ-ისა და რეზერვის ავიაცია 80-იანი წლების დასაწყისში მოითვლიდა 6300-ზე მეტ თვითმფრინავსა და ვერტმფრენს, რომელთაგან 1300 _ საავიამზიდო ავიაციის თვითმფრინავი და ვერტმფრენი იყო, 400-ზე მეტი კი საზღვაო ქვეითი ჯარისა.

ზქჯ-ის რეგულარული ძალების საბრძოლო შემადგენლობაში შედიოდა სამი დივიზია, აგრეთვე მხარდაჭერისა და გაძლიერების ცალკეული ნაწილები. მათ შეიარაღებაში იმყოფებოდა 600-მდე ტანკი M60A1, 950 მცურავი ჯავშანტრანსპორტერი (ჯტრ), სხვადასხვა ყალიბის ბუქსირებადი და თვითმავალი არტილერია, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები (ტსმრ) “თოუ” და “დრაკონი”.

აშშ სზძ-ს გააჩნდა აგრეთვე ფლოტის, ავიაციისა და საზღვაო ქვეითი ჯარის მნიშვნელოვანი რეზერვებიც.

შეერთებული შტატების კონსტიტუციის თანახმად ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი გახლავთ აშშ-ის პრეზიდენტი, უშუალო ხელმძღვანელობა კი ეკისრება თავდაცვის მინისტრს. 1970-80იანი წლების მიჯნაზე არსებული ორგანიზაციის მიხედვით (ნახ. 1), შეიარაღებული ძალების ოპერატიულ ხელმძღვანელობას იგი ახორციელებდა შტაბების უფროსთა კომიტეტის (შუკ), აგრეთვე სტრატეგიულ ზონებში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სპეციალური და გაერთიანებული სარდლობების მთავარსარდლების მეშვეობით, ხოლო ადმინისტრაციულს _ თავისი ცენტრალური აპარატისა და შეიარაღებული ძალების სახეობათა სამინისტროების მეშვეობით. უკანასკნელები ხელმძღვანელობდნენ ჯარების დაკომპლექტებას, სამობილიზაციო გაშლასა და მომზადებას, დაფინანსებას, მტუ-ს, აგრეთვე სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს ორგანიზაციისა და შეიარაღების სფეროში.

[1–ლ ნახატზე, რომლის სახელწოდებაცაა აშშ–ის შეიარაღებული ძალების ოპერატიული მმართველობის სქემა, სტრუქტურის სათავეში დგას აშშ–ის პრეზიდენტი, როგორც შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი; პრეზიდენტს უშუალოდ ექვემდებარებოდა თავდაცვის მინისტრი, ხოლო ამ უკანასკნელს კი – შტაბების უფროსთა კომიტეტი გაერთიანებული შტაბით; შტაბების უფროსთა კომიტეტის დაქვემდებარებაში ნაჩვენები იყო გაერთიანებული და სპეციალური სარდლობები; გაერთიანებულ სარდლობებს წარმოადგენდნენ აშშ–ის შეიარაღბული ძალების სარდლობები ევროპულ ზონაში, ატლანტიკურ ზონაში, წყნარი ოკეანის ზონაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, მზადყოფნის ჯარებისა; სპეციალურ სარდლობებს წარმოადგენდნენ სტრატეგიული საავიაციო სარდლობა, საჰაერო–კოსმოსური თავდაცვის სარდლობა და სამხედრო–სატრანსპორტო საავიაციო სარდლობა].

სპეციალური და გაერთიანებული სარდლობების შემადგენლობაში შემავალი ჯარები გამოყვანილი იყო შეიარაღებული ძალების სამინისტროთა ოპერატიული დაქვემდებარებიდან. მათი გამოყენების უფლება მიცემული ჰქონდათ გაერთიანებული სარდლობების მთავარსარდლებს, რომლებიც შუკ-ის მეშვეობით ექვემდებარებოდნენ უშუალოდ თავდაცვის მინისტრს და ხელმძღვანელობდნენ მხოლოდ მისი მითითებებით.

1970-იანი წლების ბოლოსა და 80-იანების დასაწყისში, უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებათა მიხედვით, აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში იყო სამი სპეციალური და ხუთი გაერთიანებული სარდლობა. სპეციალური სარდლობები წარმოდგენილი იყვნენ შეიარაღებული ძალების მხოლოდ ერთი სახეობით და ოპერატიულად ექვემდებარებოდნენ უშუალოდ შუკ-ს. მათ მიეკუთვნებოდნენ: სტრატეგიული საავიაციო სარდლობა (სას), სამხედრო-სატრანსპორტო საავიაციო სარდლობა (სტას), საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობა(ჰკთს). გაერთიანებული სარდლობები, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ შეიარაღებული ძალების ორი ან სამივე სახეობით, განკუთვნილი გახლდნენ საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის მსოფლიოს განსაზღვრულ რაიონებში და განლაგებული იყვნენ შემდეგ ზონებში: ევროპულში, ატლანტის ოკეანის, წყნარი ოკეანის, ცენტრალური და სახრეთ ამერიკის (სამხრეთის სარდლობა), ხოლო მზადყოფნის ჯარების სარდლობა კი _ აშშ-ის კონტინენტურ ნაწილში. ისინი ასევე ოპერატიულად ექვემდებარებოდნენ შუკ-ს.

ს ტ რ ა ტ ე გ ი უ ლ ი ს ა ა ვ ი ა ც ი ო ს ა რ დ ლ ო ბ ა (შტაბი ავიაბაზა ოფუთში, ნებრასკას შტატი) ორგანიზაციულად შედგებოდა ორი საჰაერო არმიისგან (მე-8 და 15-ე), ორი ცალკეული საავიაციო (მე-3 და -7) და ერთი სასწავლო საჰაერო-კოსმოსური დივიზიისგან.

საჰაერო არმიებში შედიოდა ცხრა საავიაციო დივიზია, რომლებიც შედგებოდნენ სარაკეტო და საავიაციო, ან მხოლოდ საავიაციო ფრთებისგან.

ს ა მ ხ ე დ რ ო - ს ა ტ რ ა ნ ს პ ო რ ტ ო ს ა ა ვ ი ა ც ი ო ს ა რ დ ლ ო ბ ი ს (ავიაბაზა სკოტი, ილიონისის შტატი) ძირითად ამოცანას წარმოადგენდა ჰაერით ჯარების სტრატეგიული გადასროლების ორგანიზაცია და განხორციელება, აგრეთვე ტაქტიკური გადასროლებისაც ომთ-ების ფარგლებში. საჰაერო გადაზიდვების როლის ზრდასთან დაკავშირებით 1977 წელს სტას-ი გადაყვანილ იქნა სპეციალური სარდლობის მდგომარეობაში.

80-იანი წლების დასაწყისში სარდლობის შემადგენლობაში შედიოდა: ორი საჰაერო არმია (21-ე და 22-ე), ძიებისა და გადარჩენის საჰაერო-კოსმოსური სამსახური, მეტეოროლოგიური და კინოფოტოგრაფიული სამსახურები. საჰაერო არმიებში შედიოდა სტრატეგიული (C-5A და C-141) და ტაქტიკური (C-130) სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების შენაერთები და ნაწილები. ამ არმიებისთვის განსაზღვრული იყო “პასუხისმგებლობის ზონები”: 21-თვის _ მდ. მისისიპიდან და შემდეგ აღმოსავლეთით ქ. კალკუტაზე (ინდოეთი) გამავალ მერიდიანამდე; 22-თვის _ დედამიწის მთელი დანარჩენი ნაწილი. სამხედრო-სატრანსპორტო საავიაციო სარდლობისთვის ამერიკულ კონტინენტზე და მსოფლიოს 23 ქვეყანაში მომზადებული ჰქონდათ და იყენებდნენ 300 ავიაბაზასა და აეროდრომს.

ს ა ჰ ა ე რ ო - კ ო ს მ ო ს უ რ ი თ ა ვ დ ა ც ვ ი ს ს ა რ დ ლ ო ბ ა (ავიაბაზა პეტერსონი, კოლორადოს შტატი) წარმოადგენდა ჩრდილოამერიკული კონტინენტის საჰაერო თავდაცვის (ჰთ) გაერთიანებული ამერიკულ-კანადური სარდლობის (NORAD) მთავარ შეადგენელ ნაწილს. სარდლობა მოიცავდა ბალისტიკური რაკეტების აღმოჩენის სისტემებს, კოსმოსური სივრცის კონტროლის რადიოსალოკაციო და ოპტიკურ საშუალებებს, საჰაერო მიზნების აღმოჩენის რადიოსალოკაციო პოსტებს, გამანადგურებელი ავიაციის ქვედანაყოფებს.

საორგანიზაციო მიმართებით სარდლობა შედგებოდა ჰთ-ის დივიზიების, საჰაერო-კოსმოსურ სივრცეზე მეთვალყურეობის ცალკეული ესკადრილიებისა და დამხმარე დანიშნულების სხვა ნაწილებისგან.

1979-1980 წლებში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად ჰკთს-ის ძალები და საშუალებები ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში გადასცეს აშშ სჰძ-ის სხვა სარდლობებს _ სტრატეგიულ და ტაქტიკურ საავიაციო სარდლობებსა და კავშირგაბმულობის სარდლობას. მაგრამ ოპერატიული კონტროლი რჩებოდა ჰკთს-ის სარდლის ხელში, რომელიც ამავე დროს გახლდათ NORAD-ის სარდალიცა და იმხანად შექმნილი საჰაერო-კოსმოსური ცენტრის უფროსიც. რეორგანიზაციის მსვლელობისას საჰაერო მიზნების აღმოჩენის რადიოსალოკაციო სადგურები და გამანადგურებელი ავიაცია, საზღვარგარეთული ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, გადაუქვემდებარეს ტაქტიკურ საავიაციო სარდლობას (ტას), ხოლო ბალისტიკური რაკეტების აღმოჩენისა და კოსმოსური სივრცის კონტროლის სისტემები კი _ სტრატეგიულ საავიაციო სრდლობას, და ა. შ.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების გ ა ე რ თ ი ა ნ ე ბ უ ლ ი ს ა რ დ ლ ო ბ ა ე ვ რ ო პ უ ლ ზ ო ნ ა შ ი (შტუტგარტი, გფრ) შექმნილი გახლდათ 1952 წელს (ნახ. 2). იგი შეიცავდა შეიარაღებული ძალების სახეობათა სამ სარდლობას: სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სზძ-ის, შტაბებით, შესაბამისად, ქალაქებში: ჰაიდელბერგი, რამშტაინი და ლონდონი.

[მე–2 ნახატზე, რომლის სახელწოდებაც არის აშშ–ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობა ევროპულ ზონაში, სტრუქტურის სათავეში ნაჩვენებია აშშ–ის შეიარაღბული ძალების მთავარსარდალი ევროპულ ზონაში, თავისი შტაბით; მას ექვემდებარებოდნენ სარდლები: აშშ–ის სახმელეთო ჯარებისა ევროპულ ზონაში, აშშ–ის სამხედრო–საჰაერო ძალებისა ევროპულ ზონაში და აშშ–ის სამხედრო–საზღვაო ძალებისა ევროპულ ზონაში, თავ–თავიანთი შტაბებით; აშშ–ის სახმელეთო ჯარების სარდალს ევროპულ ზონაში ექვემდებარებოდნენ: მე–5 საარმიო კორპუსი, მე–7 საარმიო კორპუსი, მართვადი რაკეტების „პერშინგი“ 56–ე ბრიგადა და საჰაერო თავდაცვის 32–ე სარდლობა; აშშ–ისსამხედრო–საჰაერო ძალების სარდალს ევროპულ ზონაში ექვემდებარებოდნენ მე–3 საჰაერო არმია, 16–ე საჰაერო არმია და 17–ე საჰაერო არმია; აშშ–ის სამხედრო–საზღვაო ძალების სარდალს ევროპულ ზონაში ექვემდებარებოდნენ აშშ სზძ–ის მე–6 ფლოტი და აშშ–ის სზძ შუა აღმოსავლეთში].

მოცემული სარდლობის ზონა მოიცავდა მთელ დასავლეთ ევროპას, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ჩათვლით, ხმელთაშუა ზღვასა და სანაპირო ქვეყნებს, აგრეთვე ახლო აღმოსავლეთს ირანის აღმოსავლეთ საზღვრამდე, სპარსეთის ყურისა და წითელი ზღვის რაიონებს. ამ სარდლობის მთავარსარდალი ამავე დროს გახლდათ ნატო-ს სამოკავშირეო (გაერთიანებული) შეიარაღებული ძალების (მშძ) უმაღლესი მთავარსარდალიც ევროპაში.

მოცემული სარდლობის პირადი შემადგენლობის საერთო რიცხოვნება 1980-იანი წლების დასაწყისში აღემატებოდა 300 ათას ადამიანს, მათგან სახმელეთო ჯარებში შედიოდა 206 ადამიანი, სამხედრო-საჰაერო ძალებში კი _ 75 ათასი.

სახმელეთო ჯარები წარმოდგენილი იყო ორი საარმიო კორპუსით, რომლებშიც შედიოდა ორი ჯავშანსატანკო დივიზია, ორი მექანიზებული ქვეითი დივიზია, სამი ბრიგადა, ორი ჯავშანსაკავალერიო პოლკი, ჰთ-ის სარდლობა, აგრეთვე საველე არტილერიის საკორპუსო ჯგუფები. გარდა ამისა, აქ დისლოცირებული გახლდათ სამხრეთევროპული ტაქტიკური ჯგუფი (იტალია) და ცალკეული ქვეითი ბრიგადა (დასავლეთ ბერლინი).

ევროპულ ზონაში აშშ სჰძ-ის შემადგენლობაში შედიოდა სამი საჰაერო არმია (მე-3, 16- და 17-ე), რომელთა შეიარაღებაშიც იყო საბრძოლო ავიაციის 600-ზე მეტი თვითმფრინავი, მათ შორის: 200-ზე მეტი ტაქტიკური გამანადგურებელი F-4, 160-მდე გამანადგურებელ-ბომბდამშენი F-111, დახლოებით 110 მოიერიშე A-10 და 50 ტაქტიკური სადაზვერვო თვითმფრინავი RF-4C.

სამხედრო-საზღვაო ძალები ზონაში წარმოდგენილი იყო ძირითადად მე-6 ფლოტით.

ა შ შ - ი ს შ ე ი ა რ ა ღ ე ბ უ ლ ი ძ ა ლ ე ბ ი ს გ ა ე რ თ ი ა ნ ე ბ უ ლ ს ა რ დ ლ ო ბ ა ს ა ტ ლ ა ნ ტ ი ს ო კ ე ა ნ ი ს ზ ო ნ ა შ ი (ქ. ნორფოლკი, ვირჯინიის შტატი) გააჩნდა “პასუხისმგებლობის ზონა”, რომელიც მოიცავდა ატლანტის ოკეანის აკვატორიას ევროპის სანაპირო წყლების ჩათვლით, კარიბის ზღვას, წყნარი ოკეანის აკვატორიის ნაწილს, რომელიც ესაზღვრება სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროს, და ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანის აკვატორიის ნაწილს. მოცემულ სარდლობაში 80-იანი წლების დასაწყისში არ იყო სახელეთო ჯარებისა და სჰძ-ის შენაერთები და ნაწილები. აუცილებლობის დროს მათ გამოჰყოფდნენ შუკ-ის გადაწყვეტილებით აშშ-ის კონტინენტურ ნაწილში სახმელეთო ჯარების სარდლობისა და ტაქტიკური საავიაციო სარდლობის შემადგენლობიდან. ეს სარდლობა ძირითადად განკუთვნილი იყო სტრატეგიულ ბირთვულ ომში, ასევე ზღვაში საყოველთაო ომში მონაწილეობისთვის, აგრეთვე საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის ევროპულ ზონაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების მხარდასაჭერად.

მთავარსარდალი იმავე დროს წარმოადგენდა ნატო-ს მშძ-ის უმაღლეს მთავარსარდალსაც ატლანტიკაში.

ა შ შ - ი ს შ ე ი ა რ ა ღ ე ბ უ ლ ი ძ ა ლ ე ბ ი ს გ ა ე რ თ ი ა ნ ე ბ უ ლ ი ს ა რ დ ლ ო ბ ა წ ყ ნ ა რ ი ო კ ე ა ნ ი ს ზ ო ნ ა შ ი (სამხედრო-საზღვაო ბაზა პერლ-ჰარბორი, ჰავაის კუნძულები). ამ სარდლობის “პასუხისმგებლობის ზონა” მოიცავდა წყნარი ოკეანის აკვატორიას სამხრეთ და ჩრდილო ამერიკის ნაპირების დასავლეთით, შორეულ აღმოსავლეთს, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას, ბერინგის ზღვას, ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანის ნაწილსა და ინდოეთის ოკეანის ნაწილს. მასში შედიოდა სჰძ-ისა და სზძ-ის სარდლობები მოცემულ ზონაში.

სახმელეთო ჯარების კონტინგენტების ოპერატიულ ხელმძღვანელობას მთავარსარდალი ახორციელებდა თავისი შტაბისა და სამხრეთ კორეასა და იაპონიაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებულ სარდლობათა მეშვეობით.

სახმელეთო ჯარები სარდლობაში წარმოდგენილი გახლდათ ძირითადად ორი დივიზიით (მე-2 და 25-ე ქვეითი დივიზიები), სჰძ – ორი საჰაერო არმიით (მე-5 და 13-ე), სზძ – მე-3 და მე-7 ფლოტებით, აგრეთვე საზღვაო-ქვეითი ჯარის დივიზიით.

ა შ შ - ი ს შ ე ი ა რ ა ღ ე ბ უ ლ ი ძ ა ლ ე ბ ი ს ს ა რ დ ლ ო ბ ა ც ე ნ ტ რ ა ლ უ რ ი დ ა ს ა მ ხ რ ე თ ა მ ე რ ი კ ი ს ზ ო ნ ა შ ი (ფორტ-ამადორი, პანამის არხის ზონა). მისი “პასუხისმგებლობის ზონა” მოცავდა ცენტრალურ (მექსიკის გარდა) და სამხრეთ ამერიკას, გააჩნდა შეიარაღებული ძალების სახეობათა უმნიშვნელო კონტინგენტები და, საბჭოთა ავტორების შეფასებით, განკუთვნილი იყო უმთავრესად ამ რაიონში მდებარე ქვეყნების პროამერიკული რეჟიმებისთვის დახმარების აღმოსაჩენად.

მ ზ ა დ ყ ო ფ ნ ი ს ჯ ა რ ე ბ ი ს გ ა ე რ თ ი ა ნ ე ბ უ ლ ი ს ა რ დ ლ ო ბ ა (ავიაბაზა მაკ-დილი, ფლორიდის შტატი) მოიცავდა სახმელეთო ჯარებისა და სჰძ-ის შენაერთებსა და ნაწილებს, რომლებიც დისლოცირებული იყვნენ აშშ-ის კონტინენტურ ნაწილში და არ შედიოდნენ სპეციალურ ან სხვა გაერთიანებულ სარდლობებში. პრაქტიკულად იგი წარმოადგენდა შეიარაღებული ძალების სტრატეგიულ რეზერვს და განკუთვნილი იყო ზღვისმიღმა ომთ-ებზე გაშლილი დაჯგუფებების გაძლიერებისთვის. სარდლობა პასუხს აგებდა ამ ძალების საბრძოლო მომზადებასა და ერთობლივი სწავლებების ჩატარებაზე, სტრატეგიულ ზონებში მათი გადასროლების დაგეგმვასა და განხორციელებაზე, გარდა ამისა, იგი პასუხს აგებდა საბრძოლო მოქმედებების წარმოებაზეც აფრიკაში (საჰარის სამხრეთით) და ე. წ. “შუკ-ის ზონაში”.

სარდლობის შტაბში შედიოდნენ სზძ-ის წარმომადგენლებიც, მათ შორის ზქჯ-ისა, სარდლობის ძალების გადასროლების დაგეგმვისა და განხორციელებისას ურთიერთმოქმედებათა უზრუნველსაყოფად. 1979 წელს მზადყოფნის ჯარების სარდლობის შემადგენლობაში შეიქმნა “სწრაფი გაშლის ძალების” შტაბი, რომლის შემადგენლობაშიც გამოჰყვეს შესაბამისი შენაერთები და ნაწილები (საჰაერო-სადესანტო, აერომობილური და სხვა, აგრეთვე ტაქტიკური ავიაციის ფრთები და ესკადრილიები).

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშშ-ის მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ძალების მშენებლობასა და სტრუქტურის ჩამოყალიბების განვითარებას ახორციელებდნენ მისი დანიშნულების შესაბამისად, რაც, საბჭოთა ავტორების შეფასებით, მდგომარეობდა ამერიკული იმპერიალიზმის ინტერესების დაცვაში მისთვის “სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან” მსოფლიოს რაიონებში. ჯარებისა და ფლოტის ძალების მსხვილი დაჯგუფებები გაშლლი იყო მსოფლიოს სხვადასხვა რაიონებში, რომლებიც რამდენიმე ათასი კილომეტრით არიან დაშორებული შეერთებული შტატებისგან, რაც მოწმობდა მათ არა “თავდაცვით” დანიშნულებაზე, როგორც ამის წარმოდგენა სურდა აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, არამედ, პირიქით, აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მზადებაზე საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური თანამეგობრობის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ომის გაჩაღებისთვის, მსოფლიოს სხვადასხვა რაიონებში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების ჩახშობისთვის.

II. აშშ-ის შეიარაღებული ძალების განვითარების თავისებურებები 1970-იან წლებში

1970-იანი წლების შუახანებში საბჭოთა ავტორები აღნიშნავდნენ, რომ 1970-იან წლებში ცივი ომის პოლიტიკიდან საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვისკენ მობრუნება, სხვადასხვანაირი საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობილების მქონე სახელმწიფოებს შორის საქმიანი თანამშრომლობის აწყობა _ საერთაშორისო ურთიერთობათა განვითარების ერთერთი აღსანიშნავ ნიშანს წარმოადგენდა იმ დროში.

საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ოფიციალურად აცხადებდა: ”საბჭოთა კავშირი, სოციალისტური თანამეგობრობის ყველა სახელმწიფო დაუღალავ ბრძოლას აწარმოებენ ომის საშიშროების შემცირების, სამხედრო დაპირისპირების შესუსტების, გამალებული შეიარაღების შეზღუდვის, მასზე ხარჯების ტვირთის შემცირებისა და განიარაღებისთვის. ჩვენი ეს პოლიტიკა სარგებლობს აღიარებითა და დედამიწაზე ყველა პატიოსანი ადამიანის მხარდაჭერით”.

საბჭოთა ავტორები აცხადებდნენ, რომ საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვის საქმე ეხებოდა მსოფლიოს ყველა სახელმწიფოსა და მთავრობას. აქდეგან გამომდინარე, ეს პრობლემა უნდა გადაეწყიტათ ერთობლივი ძალისხმევით, და პირველ რიგში ბირთვული იარაღის მქონე სახემწიფოთა ძალისხმევით.

მაგრამ, აღნიშნავდნენ ისინი, რომ დასავლეთში მოქმედებდნენ ძალები, რომლებიც სრულიადაც არ იყვნენ დაინტერესებული საერთაშორისო დაძაბულობის განმუტვის პროცესსა და მასთან დაკავშირებული გამალებული შეიარაღების შეზღუდვის პერსპექტივაში. მათი სიტყვით, ამ ძალებს წარმოადგენდა აშშ-ისა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოთა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსები, რომელთა სიმდიდრის, აყვავებისა და კეთილდღეობის წყაროს შეადგენდა სამხედრო ბიზნესი. აშშ-ში იგი გადამწყვეტ გავლენას ახდენდა შეიარაღებული ძალების მშენებლობაზე. ამ კომპლექსის ძალისხმევა მიმათული იყო უწინარეს ყოვლისა ყველაზე უფრო თანამედროვე იარაღის არსენალის შემდგომ ზრდაზე, შეიარაღებულ ძალთა ყველა სახეობისა და ჯართა გვარეობის საბრძოლო ტექნიკის მოდერნიზაციაზე, ქვედანაყოფების, ნაწილებისა და შენაერთების საორგანიზაციო სტრუქტურის სრულყოფაზე, მათი საბრძოლო მზადყოფნისა და საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლებაზე.

საბჭოთა ავტორების ეს შეხედულება თუმცა კი გარკვეულწილად ასახავდა რეალობას, მაგრამ მაინც ხასიათდებოდა კლასთა ბრძოლის მარქსისტულ-ლენილური სწავლების შეზღუდულობით. სინამდვილეში დასავლეთის მიერ ცივი ომის პოლიტიკის გატარებასა და ბიპოლარულ მსოფლიოში მშვიდობიანი თანაარსებობის პოლიტიკაზე უარის თქმას ჰქონდა გაცილებით უფრო ღრმა რელიგიურ-ფილოსოფიური და ისტორიულ-გეოპოლიტიკური საფუძვლები, რომლებიც უფრო თვალსაჩინო გახდა დღევანდლ ეტაპზე ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთის მიერ კომუნისტურ მმართველობაზე უარის თქმისა და საერთაშორისო ურთიერთობებში უწინდელი აქტიური პოლიტიკის გატარებაზე უარის თქმის პირობებში. ყოველივე ამის შესახებ რუსი მკვლევარების ერთი ნაწილი დღესდღეობით უკვე სხვა აქცენტებით ლაპარაკობს, მაგრამ ამაში ჩარღმავება ჩვენი ნაშრომის ფარგლებს სცილდება. თუმცა კი, მაგალითად, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი წევრის, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის, ნატალია ნაროჩნიცკაიას აღნიშვნით, უკვე არაკომუნისტურ რუსთზე დასავლეთის მხრიდან ზეწოლის კიდევ უფრო გაძლიერების ფონზე, როდესაც ეკონომიკური, პოლიტიკური, ძირგამომთხრელი და სამხედრო აქციების კომბინირებული გამოყენებით დასავლეთის მმართველმა წრეებმა მიაღწიეს იმას, რომ 2000-იანი წლების პირველ ნახევარში რუსეთის მდგომარეობა ჩრდილო-დასავლეთში უახლოვდება ისტორიული რუსული სახელმწიფოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობას XVI საუკუნეში ლივონიის ომამდე, ხოლო სამხრეთში _ XIX საუკუნის 60-იან წლებში ყირიმის ომის შემდეგ. ნ. ა. ნაროჩნიცკაია დაბეჯითებით ხაზს უსვამს იმას, რომ XX საუკუნეში ტოტალიტარიზმსა და დემოკრატიას შორის ყბადაღებული ბრძოლის საფარველ-ქვეშ და ამ პროცეების შედეგად ევროპისა და მსოფლიო რუკაზე გამოიკვეთა უკვე ისტორიულად კარგად ნაცნობი გეოპოლიტიკური კონსტანტები, რომლებზედაც ზემოთ გვქონდა ლაპარაკი. ახლა კი ისევ ჩვენს თემას დავუბრუნდეთ.

აშშ-ის სამხედრო ასიგნებებმა 1974/75 ფინანსურ წელში მიაღწია თითქმის 100 მლდ. დოლარს. ამასთან უნდა ვითვალისწინებდეთ, რომ ნამდვილი სამხედრო ხარჯები მნიშვნელოვნად აღემატებოდა კონგრესის მიერ ოფიციალურად გამოცხადებულ თანხას. იმდროინდელი დასავლური ბეჭდური გამოცემების მიხედვით, რეალურად ისინი აღემატებოდა 120 მლრდ. დოლარს წელიწადში.

საბჭოთა ავტორები ხაზს უსვამდნენ იმას, რომ კვლავაც გაგრძელებულ მილიტარიზაციასა და გამალებულ შეიარაღებასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენდა საბჭოთა ხელმძღვანელობის გამონათქვამი მშვიდობისმოყვარე ძალების მსოფლიო კონგრესზე მოსკოვში: „ჩვენ არა გვაქვს უფლება ვივიწყებდეთ აგრეთვე იმის შესახებ, რომ საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვის პირობებში გრძელდება და კიდეც ძლიერდება პროცესი, რომელიც წარმოადგენს მსოფლიო ომის მატერიალურ მომზადებას“.

ცნობილი იყო, რომ აშშ–ის შეიარაღებულ ძალებს შეიარაღებულ ძალთა სახეობებად და ჯართა გვარეობებად კლასიკურ დაყოფასთან ერთად გააჩნდა მიზნობრივი ოპერატიულ-სტრატეგიული დაყოფაც, რომელიც, ამერიკული სამხედრო სარდლობის აზრით, უმსუბუქებდათ მის საბრძოლო გამოყენებას ოპერატიულ–სტრატეგიული დანიშნულებისა და საბრძოლო შესაძლებლობების შესაბამისად. კლასიკური სქემის მიხედვით შეიარაღებული ძალები შედგებოდა სახმელეთო ჯარების (არმიის), სამხედრო–საჰაერო ძალებისა და სამხედრო–საზღვაო ძალებისგან. შეიარაღებული ძალების თითოეული სახეობის შიგნით იყო შესაბამისი ჯართა გვარეობები და სამსახურები. ოპერატიულ–სტრატეგიული დანიშნულების მიხედვით შეიარაღებული ძალები იყოფოდა სტრატეგიულ ძალებად, ზოგადი დანიშნულების ძალებად, ჰაერითა და ზღვით ჯარების გადასროლის ძალებად, აგრეთვე რეზერვებად. სტრატეგიული ძალები თავის მხრივ იყოფოდა სტრატეგიულ შეტევით და სტრატეგიულ თავდაცვით ძალებად.

ამასთან სტრატეგიულ შეტევით ძალებში ჩართული იყვნენ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებისა და სტრატეგიული ავიაციის შენაერთები და ნაწილები, აგრეთვე ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავები.

სტრატეგიული თავდაცვითი ძალები 1970-იან წლებში აერთიანებდა საჰაერო-კოსმოსური, ნავსაწინააღმდეგო (სავარაუდო მოწინააღმდეგის სარაკეტო ატომური წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო) და სამოქალაქო თავდაცვის სისტემებს. საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სისტემაში შედიოდა რაკეტსაწინააღმდეგო, კოსმოსსაწინააღმდეგო და თვითმფრინავსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალები და საშუალებები სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობიდან.

ზოგადი დანიშნულების ძალები მოიცავდა სახმელეთო ჯარების, ტაქტიკური სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების უმეტესი ნაწილის (სტრატეგიული ბირთვული ძალების გარეშე), აგრეთვე საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსის შენაერთებსა და ნაწილებს.

ჰაერითა და ზღვით ჯარების გადასროლის ძალები შეიცავდა სჰძ-ის სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციასა და სზძ-ის მსხვილტონაჟიან სატრანსპორტო საშუალებებს.

ორგანიზებული რეზერვები თავიანთ შემადგენლობაში გააჩნდათ სახმელეთო ჯარებს (არმიის ეროვნული გვარდია და რეზერვი), სჰძ-სა (სამხედრო-საჰაერო ძალების ეროვნული გვარდია და რეზერვი) და სზძ-ს (სამხედრო-საზღვაო ძალების რეზერვი, საზღვაო ქვეითი ჯარის ჩათვლით).

კლასიკური საორგანიზაციო სტრუქტურა და შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული დანიშნულების მიხედვით დაყოფა მჭიდროდა იყო დაკავშირებული ურთიერთშორის. შეიარაღებულ ძალთა სახეობებისა და ჯართა გვარეობების საბრძოლო ტექნიკისა და იარაღის სისტემების განვითარება ქვედანაყოფების, შენაერთებისა და ნაწილების საორგანიზაციო სტრუქტურის სრულყოფა, საბრძოლო მზადყოფნისა და საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლება ისახავდა ერთ მიზანს _ უზრუნველეყოთ შეიარაღებული ძალების სხვადასხვანაირ დაჯგუფებათა საბრძოლო შესაძლებლობების მუდმივი ზრდა, რომლებიც განკუთვნილნი იყვნენ განსაზღვრული ოპერატიულ-სტრატეგიული ამოცანების გადასაჭრელად.

აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღანელობის გეგმებში 1970-იან წლებში, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, მთავარ როლს თამაშობდა სტრატეგიული შეტევითი ძალების _ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების, ატომური სარაკეო წყალქვეშა ნავებისა (საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტებით) და სტრატეგიული ბომბდამშენების ე.წ. ”ტრიადა”. ამ ”ტრიადის” შექმნის იდეა წამოაყენა ჯერ კიდევ პრეზიდენტმა კენედიმ და მას შემდეგ ამერიკურლი მთავრობა 1960/70-იან წლებში არ ამცირებდა ასიგნენებს ამ ძალების განვითარების გრძელვადიანი პროგრამების შესრულებაზე. ყოველწლიური ოფიციალური ხარჯები სტრატეგიული ბირთვული იარაღის მატარებლების, რაკეტების ბირთვული საბრძოლო ნაწილებისა და საავიაციო ბირთვული ბომბების შექმნასა და მიდერნიზებაზე მერყეობდა 7-8 მლრდ. დოლარის ფარგლებში.

ამასთან საბჭოთა ავტორები, დასავლურ ბეჭდურ გამოცემებზე დაყრდნობით, ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზე, რომ ჩვეულებრივი სამხედრო ხარჯების მსგავსად, ნამდვილი ხარჯები სტრატეგიული ბირთვული ძალების განვითარებაზე მნიშვნელოვნად აღემატებოდა ოფიციალურ ასიგნებებს.

1970-იან წლებში საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების ნაწილებში აგრძელებდნენ მონობლოკური ბირთვული საბრძოლო ნაწილისა და შედარებით დაბალი საბრძოლო შესაძლებლობების მქონე ”მინითმენის” პირველი თაობის რაკეტების შეცვლას მესამე თაობის რაკეტებით ”მინითმენ”3, რომელთაგან თითოეული აღჭურვილი იყო MIRV-ის ტიპის განცალკევებადი სათავო ნაწილებით, და, უცხოელი სპეციალისტების აზრით, გააჩნდა მნიშვნელოვნად უკეთესი დამიზნების სიზუსტე და მართვის უფრო საიმედო სისტემა.

უცხოური ბეჭდური გამოცემების ცნობებით, ნაწილების საბრძოლო შემადგენლობაში იმყოფებოდა 1054 სკბრ, მათ შორის 54 ”ტიტან”2, 21 ”მინითმენ”1, 450 ”მინითმენ”2 და 529 ”მინითმენ”3. 1975 წლის პირველ ნახევარში დარჩენილი 21 რაკეტა ”მინითმენ”1 უნდა შეეცვალათ მოდელებით ”მინითმენ”3. გრძელვადიანი პროგრამის შესაბამისად სტრატეგიული ბირთვული ძალების შემადგენლობაში ითვალისწინებდნენ 550 სკბრ ”მინითმენ”3-ის ყოლას, რომლებიც წაიღებდნენ ინდივიდუალური დამიზნების 1650 ბირთვულ საბრძოლო ნაწილს (სამ-სამი ბირთვული საბრძოლო ნაწილი თითოეულ რაკეტაზე), და ეს პროგრამა 1975 წელს ახლო იყო დასასრულთან. უცხოური პრესის მონაცემებით, იმ ხანებშივე დაიწყეს კიდევ ერთი გრძელვადიანი პროგრამის შესრულება _ სკბრ ”მინითმენების” ყველა საშახტო გასაშვები დანადგარის გაძლიერება ბირთვულსაწინააღმდეგო მიმართებით და მართვის ახალი სისტემის გაშლა.

უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში გამოჩნდა ცნობები 1974 წელს ჩატარებული ექსპერიმენტების შესახებ, რომელთა დროსაც სკბრ ”მინითმენ”1-ს უშვებდნენ თვითმფრინავ-მატარებლიდან C-5 ”გელექსი”.

აგრძელებნენ სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავების ფარეხისა და საავიაციო შეიარაღების სრულყოფას. 437 თვითმფრინავიდან B-52 (მათ შორის აქტიური რეზერვის 40 თვითმფრინავი), რომლებიც იმყოფებოდნენ ამერიკული სამხედრო-საჰაერო ძალების საბრძოლო შემადგენლობაში, 225 მანქანა (17 ესკადრილია) შეიარაღებული იყო ”ჰაერი-მიწა” კლასის ახალი რაკეტებით SREM. გარდა ამისა აგრძელებდნენ ახალი სტრატეგიული ბომბდამშენის B-1 შემუშავებას, რომელსაც 1980-იან წლებში უნდა შეეცვალა თვითმფრინავი B-52. საცდელი ნიმუშების საფრენოსნო გამოცდები დაიწყეს 1974 წლის ბოლოს. მაშინდელი გეგმით ითვალისწინებდნენ 241 ახალი სტრატეგიული ბომბდამშენის შესყიდვას. ახალი თვითმფრინავის შექმნისას, უცხოელი სპეციალისტების აზრით, დაიმზირებოდა უწინდელი ტენდენცია _ მატარებლების რაოდენობის შენარჩუნებით, ან რამდენადმე შემცირებითაც კი, ერთი გაფრენით ჰაერში ასატანი ბირთვული საბრძოლო მასალების რაოდენობის მკვეთრი გაზრდა. ასე, B-52 თვითმფრინავს რაკეტა SREM-ებით გადაიარაღებამდე მაქსიმალური საბომბე დატვირთვისას ჰაერში აჰქონდა ოთხი-ექვსი ბირთვული საბრძოლო მასალა, ხოლო ყველა სტრატეგიულ ბომბდამშენს (დაახლოებით 500 თვითმფრინავი) შეეძლო ერთ გაფრენაში ჰაერში აეტანა ორი-სამი ათასი ბირთვული ბომბი. რაკეტა SREM-ებით გადაიარაღების შემდეგ 255 გადაკეთებული თვითმფრინავიდან თითოეულ B-52-ს შეეძლო ჰაერში აეტანა 20-მდე მართვადი რაკეტა ბირთვული საბრძოლო ნაწილით, ე. ი. თვითმფრინავების ფარეხის მხოლოდ გადაკეთებული ნაწილის საერთო ბირთვულმა შესაძლებლობებმა გადააჭარბა 5000 ბირთვულ საბძოლო მასალას. თუკი გავითვალისწინებთ, რომ B-1 თვითმფრინავის მაქსიმალური საბრძოლო დატვირთვა შეადგენდა 32 ბირთვულ საბრძოლო მასალას, მაშინ მხოლოდ ამ ტიპის თვითმფრინავები შეძლებდნენ ერთ გაფრენაში 7700-ზე მეტი ბირთვული საბრძოლო მასალის ჰაერში ატანას.

არანაკლები ტემპებით მიდიოდა სზძ-ის სტრატეგიული ბირთვული იარაღის სრულყოფის გრძელვადიანი პროგრამების შესრულებაც. უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, ამერიკული სზძ-ის 41 ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავიდან 23-ში დასრულებული იყო ან დასრულების სტადიაში იმყოფებოდა ბალისტიკური რაკეტა ”პოსეიდონების” დაყენება, რომელთაგან თითოეული აღჭურვილი იყო MIRV-ის ტიპის 10-14 ბირთვული საბრძოლო ნაწილით. ამ რაკეტებით კიდევ რვა ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავის გადაიარაღების დასრულებას გეგმავდნენ 1977 წლისთვის. პირველი მოდიფიკაციების ათი ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავის ახალი რაკეტებით გადაიარაღებას არ მოახდენდნენ და დატოვებნდნენ რაკეტებით ”პოლარის”A3.

ამერიკელი სპეციალისტები თვლიდნენ, რომ 31 ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავის რაკეტა ”პოსეიდონებით” აღჭურვის პროგრამა, ისევე როგორც SREM-ებისა და სტრატეგიული ავიაციის გადაიარაღებისას, მატარებლების რაოდენობის გაზრდის გარეშეც უზრუნველყოფდა ერთ სტარტში გაშვებადი ბირთვული საბრძოლო ნაწილების რაოდენობის მკვეთრ გაზრდას. არ დაესრულებინა რა ჯერ კიდევ სზძ-ის სტრატეგიული ბირთვული იარაღის მოდერნიზაციის ამ გრძელვადიანი პროგრამის შესრულება, ამერიკული სამხედრო ხელმძღვანელობა შეუდგა ”თრაიდენთის” ტიპის საზღვაო ბაზირების SREM-ების შექმნის სამუშაოებს. მათ უნდა შეეცვალათ რაკეტები ”პოსეიდონი” ან ისინი უნდა დაეყენებიათ ახალ ატომურ სარაკეტო წყალქვეშა ნავებში, რომელთაგან თითოეული შეძლებდა 24 ბალისტიკური რაკეტის წაღებას.

აშშ-ის სამხედრო სარდლობა სტრატეგიული ბირთვული ძალების განვითარებასთან ერთად დიდ ყურადღებას უთმობდა ზოგადი დანიშნულების ძალების შემდგომ სრულყოფასაც.

სახმელეთო ჯარების განვითარების ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა შენაერთებისა და ნაწილების საბრძოლო ძლიერებისა და მობილურობის ამაღლება. ამ მიზნით შექმნეს და შეიარაღებაში აწვდიდნენ საკორპუსო და სადივიზიო რგოლის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ახალ სარაკეტო-ბირთვულ სისტემას ”ლანსი”, რომლითაც ცვლიდნენ მოძველებულ მართვად რაკეტებს ”სერჟანტი” და უმართავ რაკეტებს ”ონესთ ჯონი”. შენაერთებსა და ნაწილებში ზრდიდნენ ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების რაოდენობას, უმთავრესად ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რეაქტიული ჭურვების ხარჯზე, რომლებსაც განათავსებდნენ მათ შორის საცეცხლე მხარდაჭერის ვერტმფრენებზეც. პროგრამა ”დიდი ხუთეულის” მიხედვით აგრძელებდნენ ახალი ძირითადი საბრძოლო ტანკის XM1, მრავალმიზნობრივი და მძიმე (ტვირთამწეობით 22,5 ტ-მდე) სატრანსპორტო ვერმფრენების, საცეცხლე მხარდაჭერის ახალი ვერტმფრენის, თვითმავალი საზენიტო სარაკეტო კომპლექსის SAM-D შემუშავებას (შემდგომში საბრძოლო ტანკები M-1 ”აბრამსი”, მრავალმიზნობრივი ვერტმფრენი UH-60 ”ბლექ ჰოქი”, საცეცხლე მხარდაჭერის ახალი ვერტმფრენი AH-64 ”აპაჩი” , მოქმედების დიდი რადიუსის საზენიტო სარაკეტო კომპლექსი ”პეტრიოტი”). ამთავრებდნენ სახმელეთო ჯარების პრინციპულად ახალი საორგანიზაციო ერთეულის _ ცალკეული ტანკსაწინააღმდეგო აერომობილური ბრიგადის საორგანიზაციო სტრუქტურის გამოცდებს, რომლის შეიარაღებაშიც იქნებოდა სხვადასხვა დანიშნულების (სადაზვერვო, საცეცხლე მხარდაჭერის, მრავალმიზნობრივი, მძიმე სატრანსპორტო, რადიოელექტრონული ბრძოლის) 600-მდე ვერტმფრენი, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რეაქტიული ჭურვებით შეიარაღებული დაახლოებით 200 ვერტმფრენიც. სახმელეთო ჯარების სამმართველო აგრძელებდა შენაერთებისა და ნაწილების საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლების ხერხების ძიებას დამხმარე და ზოგიერთი მეორეხარისხოვანი ქვედანაყოფების გაუქმებისა და გამოთავისუფლებული პირადი შემადგენლობის ხარჯზე საბრძოლო ქვედანაყოფების შექმნის გზით.

სამხედრო-საჰაერო ძალები. მის მშენებლობაზე გამოყოფილი სახსრების რამდენადმე შემცირებისა და პირადი შემადგენლობის რიცხოვნების უმნიშვნელოდ შემცირების მიუხედავად, ასევე იმაღლებდა დარტყმით ძლიერებას შენაერთებისა და ნაწილების უახლესი საავიაციო ტექნიკითა და იარაღით შემდგომი აღჭურვის ხარჯზე. ჟურნალ ”ფლაით ინტერნეშენლის” განცხადებით, აშშ-ის სჰძ იდგა სრული გადაიარაღების ზღურბლზე.

1970-იანი წლების შუახანებში აშშ-ის კონტინენტურ ნაწილში მოითვლებოდა 1000-მდე საბრძოლო თვითმფრინავი (42 საავიაციო ესკადრილია). ძირითად ტაქტიკურ გამანაგურებლებს წარმოადგენდა F-4 ”ფანტომ-2” თვითმფრინავის მოდიფიკაციები, ასევე მოიერიშეები A-7D ”კორსარი” და გამანადგურებელ-ბომბდამშენები F-111.

გარდა ამისა, ევროპულ ზონაში ნატო-ს სამოკავშირეო (გაერთიანებული) სჰძ-ის შემადგენლობაში იმყოფებოდა 500-ზე მეტი ამერიკული ტაქტიკური გამანადგურებელი და 90 თვითმფრინავ-მზვერავი (მათ შორის დაახლოებით 400 F-4 ”ფანტომ-2”, 72 F-111 და 90 RF-4C). 17 საავიაციო ესკადრილია (თვითმფრინავები F-4, F-111 და სხვები) განლაგებული იყო წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში (იაპონია, ტაილანდი, სამხრეთ კორეა, ფილიპინები).

ტაქტიკური ავიაციის საბრძოლო შესაძლებლობების შემდგომი ამაღლების გეგმების შესაბამისად, ამერიკული სარდლობა არ კმაყოფილდებოდა თავისი საბრძოლო თვითმფრინავების ფარეხის ხარისხით და გეგმავდა სჰძ-ის რიგი ნაწილების ახალი, უფრო თანამედროვე თვითმფინავებით აღჭურვას. საბრძოლო ნაწილების შეიარაღებაში მოკლე ხანებში უნდა დაეწყოთ F-15 ”იგლი” (”არწივი”) ტაქტიკური გამანაურებლების მიწოდება, რომლებიც განკუთვნილი იყო ძირითადი თვითმფრინავის F-4 ”ფანტომ-2” შესაცვლელად. იმ ხანებში სულ შეკვეთილი ჰქონდათ 729 ასეთი თვითმფრნავი. 1975 წელს აშშ სჰძ-ს მიღებული ჰქონდა სულ ხუთი თვითმფრინავი F-15 ”იგლი” საჯარისო გამოცდების გაგრძელებისა და ინსტრუქტორთა შემადგენლობის სწავლებისთვის. მიიღეს ასევე გადაწყვეტილება ამერიკული სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ მსუბუქი გამანადგურებლების YF-16 შეძენაზე, რომლებსაც შემდგომში მისცეს დასახელება ”ფაითინგ ფალკონი” (”მებრძოლი შევარდენი”).

თვითმფრინავების ფარეხის სრულყოფისა და განახლების ერთდროულად დიდ ყურადღებას უთმობდნენ საავიაციო იარაღის მოდერნიზაციას, განსაკუთრებით ”ჰაერი-ჰაერი” და ”ჰაერი-მიწა” კლასების მართვადი რაკეტების, მართვადი საავიაციო ბომბების და ბრძოლის ველის დიტანციური დანაღმვის სისტემებისა.

ტაქტიკური ავიაციის მობილურობისა და ზღვისმიღმა საომარ მოქმედებათა თეატრებზე უმოკლეს ვადებში გასაშლელად მისი უნარის ამაღლებისთვის ამერიკული სჰძ-ის სარდლობა 1960-იანი წლების ბოლოდან ამუშავებდა ტატიკური გამანადგურებლების აღუჭურველი ეაეროდრომებიდან გამოყენების საკითხებს (ე. წ. ”ცარიელი ბაზების” კონცეფცია). ტაქტიკური ავიაციის ნაწილების აღუჭურველ აეროდრომებზე სწრაფი გაშლის უზრუნველსაყოფად 70-იანი წლების შუახანებისთვის გამოსცადეს და სჰძ-ის შეიარაღებაში მიიღეს აეროდრომების მიწისზედა აღჭურვილობის აეროტრანსპორტაბელური კომპლექტები, ფრენების მართვის, აგრეთვე საფრენოსნო და ტექნიკური შემადგენლობის საქმიანობის უზრუნველყოფის სისტემები. აუცილებლობის შემთხვევაში ამ კომპლექტებს პირად შემადგენლობასთან ერთად სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავებით გადაისროდნენ ზღვისმიღმა ომთ-ების აღუჭურველ აეროდრომებზე, რათა უმოკლეს ვადებში გაეშალათ იქ ისინი ტაქტიკური ავიაციის საბრძოლო საქმიანობის უზრუნველსაყოფად.

სამხედრო-საზღვაო ძალებს ამერიკული სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა 70-იან წლებშიც ტრადიციულად თვლიდა თავისი საგარეო პოლიტიკის განხორციელების ერთერთ უმნიშვნელოვანეს საშუალებად. ამერიკელი სპეციალისტების შეხედულებებით, საზღვაო ძალებს შეეძლო ოპერატიულად ემოქმედა მსოფლიო ოკეანის სხვადასხვა რაიონში და გამოეყენებინა სხვადასხვანაირი საბრძოლო საშუალებები, სარაკეტო-ბირთვული იარაღის ჩათვლით. ამიტომ პენტაგონის ხელმძღვანელობა მუდმივ და შეუსუსტებელ ყურადღებას უთმობდა სახომალდო შემადგენლობისა და იარაღის სახომალდო სისტემების, აგრეთვე სამხედრო-საზღვაო ავიაციის განვითარებასა და სრულყოფას.

ამერიკული სზძ-ის (სტრატეგიული კომპონენის გამოკლებით) დამრტყმელ ბირთვს, მეორე მსოფლიო ომის წლებიდან, ტრადიციულად შეადგენდა საავიამზიდო ძალები. მის შემადგენლობაში 1970-იანი წლების შუახანებში მოითვლებოდა 14 დამრტყმელი და მრავალმიზნობრივი ავიამზიდი, რომელთაგან თითოეულს ბორტზე ჰყავდა სხვადასხვა დანიშნულების 80-100 საბძოლო თვითმრინავი (40-50 საგემბანო მოიერიშე _ ბირთვული იარაღის მატარებელი, 20-25 საჰაერო თავდაცვის საგემბანო გამანადგურებელი, 3-5 რადიოწინაამდეგობის თვითმრინავი და სხვები). ატომურ დამრტყმელ ავიამზიდზე ”ენთერფრაიზი” ბაზირებული იყო იმ დროისთვის ახალი საგემბანო გამანადგურებლების F-14 ”თომქეთი” პირველი ორი ესკადრილია.

მშვიდობიანობის დროს ამერიკული საავიამზიდო ძალების 50%-მდე მუდმივად იმყოფებოდა მეწინავე დაჯგუფებების შემადგენლობაში _ მე-6 და მე-7 ოპერატიული ფლოტებისა, შესაბამისად ხმელთაშუა ზღვაში (2-3 ავიამზიდი დაცვის ხომალდებით) და წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში (3-5 ავიამზიდი დაცვის ხომალდებით).

აშშ სზძ-ის შემადგენლობაში, 70-იანი წლების შუახანებში, შედიოდა ძირითადი კლასების 220 ხომალდი, მათ შორის 107 ატომური ენერგეტიკული დანადგარებით (102 ატომური სარაკეტო და მრავალმიზნობრივი წყალქვეშა ნავი, ერთი დამრტყმელი ავიამზიდი, ერთი კრეისერი და სამი ფრეგატი). მსხვილი საბრძოლო ხომალდების ძირითად კლასებს შეადგენდნენ _ სარაკეტო (სტრატეგიული) და მრავალმიზნობრივი (ტაქტიკური) ატომური და დიზელური წყალქვეშა ნავები, ავიამზიდები, სახაზო ხომალდები, კრეისერები, საესკადრო ნაღმოსნები და ფრეგატები. მცირე წყალწყვის ხომალდებს კი მიეკუთვნებოდნენ კორვეტები, სადარაჯო ხომალდები და კატარღები. ზემოთ ანიშნული 220 საბრძოლო ხომალდი გულისხმობდა სწორედ მსხვილ წყალქვეშა და წყალზედა ხომალდებს ფრეგატების ჩათვლით.

1970-იან წლებში მიმდინარე გრძელვადიანი ხომალდსამშენებლო პროგრამები ითვალისწინებდა ატომური ენერგეტიკული დანადგარების მქონე ავიამზიდების, ფრეგატებისა და წყალქვეშა ნავების შემდგომ მშენებლობას, ასევე მართვადი სარაკეტო და საარტილერიო ხომალდსაწინააღმდეგო, ნავსაწინააღმდეგო და საზენიტო შეიარაღების მქონე მრავალმიზნობრივი ხომალდებისა, რომელთაც შეეძლებოდათ ერთდროულად რამდენიმე ამოცანის შესრულება, აგრეთვე უნივერსალური სადესანტო ხომალდების მშენებლობას _ საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსისა და სახმელეთო ჯარების საქმიანობისა და საზღვაო-სადესანტო ოპერაციების უზრუნველყოფისთვის.

აგრძელებდნენ სზძ-ის ხომალდებისა და ნაწილების აღჭურვას ახალი სარაკეტო სისტემებით, რომელთაც შეეძლოთ ბრძოლის წარმოება მოწინააღმდეგის თვითმფრინავებთან, წყალზედა ხომალდებთან და წყალქვეშა ნავებთან, აგრეთვე ბირთვული საბრძოლო ნაწილის მქონე გაუმჯობესებული ტორპედოებით. ამერიკული სზძ-ის ავიაციას აიარაღებდნენ ახალი საგემბანო გამანადგურებლებით F-14 ”თომქეთი” და საგემბანო ნავსაწინააღმდეგო თვითმფრინავებით ”ვიკინგი”.

წლიდან წლამდე ზრდიდნენ ასიგნაციებს სამეცნიერო-კვლევით და საცდელ სკონსტრუქტორო შემუშავებებზე ხომალდმშენებლობის სფეროში: 1971/72 ფინანსურ წელში ეს ხარჯები შეადგენდა 494 მლნ დოლარს, 1972/73-ში _ 583 მლნ., ხოლო 1974/75-ში _ 727 მლნ. დოლარს.

აშშ სზძ-ის სარდლობა მუდმივად უთმობდა ყურადღებას საზღვაო ქვეითი ჯარის შენაერთებისა და ნაწილების საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლებას. ამერიკული საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსი წარმოადგენდა იმ დროს ოფიციალუად მიღებული ინტერვენციონისტული ძალების (შემდგომში ”სწრაფი გაშლის ძალების”) მეწინავე რაზმს, რომელიც გამიზნული იყო პირველი ნახტომისთვის მსოფლიოს სხვადასხვა რაიონში უცხო ტერიტორიების დაპყრობისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩახშობისთვის.

ამერიკული სზძ-ის საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსის შემადგენლობაში შედიოდა სამი დივიზია, რომლებსაც მხარს უჭერდა საზღვაო ქვეითი ჯარის ავიაციის სამი ფრთა, ხოლო ეს უკანასკნელები სულ მოითვლიდნენ 550-ზე მეტ საბძოლო თვითმრინავს (F-4 ”ფანტომი”, A-4 ”სქაიჰოქი” და სხვები). მუდმივად ამაღლებდნენ საზღვაო ქვეითი ჯარის შენაერთებისა და ნაწილების დედამიწის ნებისმიერ რაიონში ჰაერით ან ზღვით გადასროლისთვის მზადყოფნას. ზქჯ-ის სარდლობა ღებულობდა იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის მოდერნიზაციისა და განახლების ზომებს. საზვაო ქვეითი ჯარის ნაწილების შეიარაღებაში აწვდიდნენ ახალ ტანკებს, მუხლუხიან მცურავ ჯავშანტრანსპორტერებს, სატრანსპორტო ყველგანმავლებსა და თვითმავალ არტილერიას.

აშშ სზძ-ის საზღვაო ქვეითმა ჯარმა ჯართა სხვა გვარეობებს შორის პირველმა დაიწყო ვერტიკალური ან მოკლე აფრენისა და დაჯდომის უნარის მქონე თვითმფრინავების გამოყენება (”ჰარიერის” ტიპისა). ჟურნალ ”ინტერნეშნალ დეფენს რევიუს” მოწმობით, 1970-ინ წლებში განიხილავდნენ ზქჯ-ის შენაერთებისა და ნაწილების ასეთი თვითმფრინავებით სრულად აღჭურვის შესაძლებლობას. ამასთან აღინიშნებოდა, რომ ვერტიკალური აფრენისა და დაჯდომის შესალებლობები უნდა ჰქონოდა არა მხოლოდ მოიერიშე და გამანადგურებელ თვითმფრინავებს, არამედ სატრანსპორტო და ნავსაწინააღმდეგოებსაც, ასევე ნებისმიერ სხვა საფრენ საშუალებებს.

ზქჯ-ის შენაერთებსა და ნაწილებს, საბჭოთა ავტორების სიტყვით, სულ უფრო ფართოდ იყენებდნენ მობილური ”სახანძრო რაზმების” (”სწრაფი რეაგირების ძალების”) სახით ძალის დემონსტრირებისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში უშუალოდ ჩარევის მიზნით. 1970-იან წლებში მე-6 და მე-7 ფლოტების შემადგენლობაში, რომლებიც წარმოადგენდა ამერიკული სზძ-ის დამრტყმელ დაჯგუფებებს ხმელთაშუა ზღვასა და წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, მუდმივად იმყოფებოდა საზღვაო ქვეითი ჯარის ქვედანაყოფები, რომლებიც მზად იყვნენ უცხო ტერიტორიებზე დაუყოვნებლივ გადასხმისთვის.

საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსის ყოველდღიური საბრძოლო მომზადება მიმართული იყო ”პირველი ნახტომისა” და პლაცდარმების დაპყრობის ამოცანების დამუშავებაზე. ამერიკული სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობა მუდმივად ატარებდა ღონისძიებებს, რომლებიც მიმათული იყო ზქჯ-ის ნაწილებისა და ქვედანაყოფების მობილურობისა და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებაზე, დაუღალავად სრულჰყოფდა პირადი შემადგენლობის საბრძოლო გაწვრთნილობას.

შეიარაღებული ძალების სხვადასხვა კომპონენტების საბრძოლო მზადყოფნისა და საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლების ზოგად სისტემაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა სტრატეგიული მობილურობის სრულყოფის საკითხებს, რომლის ქვეშაც გულისხმობდნენ ზღვისმიღმა ომთ-ებზე მსხვილი საჯარისო ფორმირებების, შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის შემჭიდროვებულ ვადებში გადასროლების განხორციელების უნარს. ამ მიზნით, როგორც უკვე ვთქვით, აშშ-ის კონტინენტურ ნაწილში შექმნილი იყო მზადყოფნის ჯარების გართიანებული სარდლობა (მანამდე ეწოდებოდა _ დამრტყმელი სარდლობა), რომელიც აერთიანებდა რეგულარული სახმელეთო ჯარებისა და ტაქტიკური ავიაციის ყველა შენაერთსა და ნაწილს, რომლებისგანაც შედგებოდა ამერიკული შეიარაღებული ძალების სტრატეგიული რეზერვი. ეს სარდლობა დაკავებული იყო უმთავრესად მსოფლიოს სხვადასხვა რაიონში ამერიკული ჯარებისა და ძალების დაჯგუფებების გაძლიერებასთან დაკავშირებული ამოცანების შემუშავებითა და პრაქტიკული განხორციელებით.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული მობილურობის ამაღლების მიზნით პენტაგონს შექმნილი ჰქონდა იარღის, საბრძოლო ტექნიკისა და სხვა მატერიალური საშუალებების მარაგები თავისი მოკავშირე ქვეყნების ტერიტორიებზე. უცხოური პრესის მონაცემებით, 1970-იან წლებში ამერიკული შეიარაღების მსხვილი მარაგები დასაწყობებული იყო კაიზერსლაუტერნის (გფრ), ისკანდერუნის (თურქეთი) რაიონებში და კ. ოკინავაზე (იაპონია).

საბძოლო მომზადების მსვლელობისას, ნატო-ს ფარგლებში ყოველწლიურად ჩატარებული ”რეფორჯერის” ტიპის სწავლებებში, მზადყოფნის ჯარების სარდლობა სისტემატიურად ამუშავებდა სახმელეთო ჯარების მსხვილი ფორმირებების ამერიკული კონტინენტიდან ევროპაში გადასროლის საკითხებს. ამ სწავლებებში არმიის შენაერთებსა და ნაწილებს შემჭიდროვებულ ვადებში ტვირთავდნენ სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის თვითმრინავებში აშშ-ის ტერიტორიულ ნაწილში არსებულ აეროდრომებზე და ატლანტის ოკეანის თავზე გადაფრენით გადმოისროდნენ მძიმე ტექნიკისა და შეიარაღების დასაწყობების რაიონებში. საწყობებიდან საბრძოლო ტექნიკისა და მძიმე შეიარაღების მიღებისა და შემოწმების შემდეგ მათ გზავნიდნენ ოპერატიული დანიშნულების რაიონებში და იქ ამუშავებდნენ საბრძოლო გამოყენების სხვადასხვანაირ ვარიანტებს. ასე, 1974 წლის ოქტომბერში ჩატარებულ სწავლებაში ”რეფორჯერ”6 ამერიკულმა სარდლობამ ფედერაციული გერმანიის ტერიტორიაზე გადაისროლა სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობის 12 ათასი ადამიანი მსუბუქი შეიარაღებით.

სახმელეთო ჯარებისა და ტვირთების სტრატეგიული გადასროლების უზრუნველსაყოფად აშშ სჰძ-ში შედიოდა სპეციალური სამხედრო-სატრანსპორტო საავიაციო სარდლობა, რომლის შემადგენლობაშიც 1970-იანი წლების შუახანებში მოითვლებოდა 561 მძიმე და საშუალო სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი _ 78 C-5A ”გელექსი”, 275 C-141 ”სტარლიფტერი” და 208 C-130 ”ჰერკულესი”.

დასასრულს საბჭოთა ავტორები ასკვნიდნენ, რომ 1970-იან წლებში ამერიკული შეიარაღებული ძალების განვითარების ძირითადი თავისებურება განისაზღვრებოდა ქვეყნის მმართველი წრეების მისწრაფებით თავიანთი სამხედრო მანქანის ყველა შემადგენელი ნაწილის საბრძოლო პოტენციალის ზრდისკენ. საბჭოთა ავტორების სიტყვით, იმ დროს, როდესაც სსრკ და მისი მოკავშირეები დაჟინებით სთავაზობდნენ საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვის, ურთიერთნდობის გაძლიერების, გამალებული შეიარაღების შეზღუდვისა და შემდგომში შეიარაღებათა შემცირების პოლიტიკის გატარებას, აშშ-ის ხელმძღვანელობის ამ ძალისხმევის მიზანი ნათელი იყო _ წინ აღდგომოდა საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვის მიმდინარე პოლიტიკას და ეწარმოებინა ომის მზადება საბჭოთა კავშირისა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. ეს კი თავის მხრივ უბიძგებდა საბჭოთა ხელმძღვანელობასა და შეიარაღებულ ძალებს საპასუხო ზომების მიღებისკენ.

III. აშშ შეიარაღებული ძალების დაჯგუფება ევროპაში 1970-იან წლებში

საბჭოთა ავტორების შეფასებით, 1970–იანი წლების შუახანებისთვის, საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური თანამეგობრობის სხვა ქვეყნების აქტიური ბრძოლა მშვიდობისა და დაძაბულობის განმუხტვისთვის, სულ უფრო მეტ გაგებასა და მხარდაჭერას ჰპოვებდა დედამიწის პროგრესული საზოგადოებისა და მშრომელთა ფართო ფენების მხრიდან.

მათივე სიტყვით, მნიშვნელოვან ეტაპად ამ გზაზე იქცა საბჭოთა კავშირის ინიციატივით მოწვეული უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირი ევროპაში (ახლანდელი ეუთო–ს წინამორბედი – ი. ხ.), რომელმაც გახსნა ახალი შესაძლებლობები თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის ურთიერთობათა აწყობისთვის სხვადასხვანაირი საზოგადოებრივი წყობილების სახელმწიფოებს შორის. თათბირმა დაადასტურა, რომ ევროპა, რომელიც მრავალი საუკუნის განავლობაში წარმოადგენდა სისხლისმღვრელი ბრძოლების არენას და გადაიტანა ორი მსოფლიო ომი, შესაძლებელია გახდეს მსოფლიოს სტაბილური რაიონი იმ პირობებში, რომ მისი ყველა მონაწილე მკაცრად დაიცავს მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპებს და არ დაუშვებს იმ ზომებს, რომლებიც მიმართული იქნება შეიარაღებული კონფლიქტების წარმოქმნის საფრთხის გაზრდაზე. სბჭოთა ავტორების შეფასებით, თათბირის შედეგები ჰქმნიდა კარგ წინაპირობებს განმუხტვის პროცესის შემდგომი განვითარებისა და კონკრეტული მატერიალური შინაარსით მისი განმკტიცებისთვის.

„სწორედ მატერიალიზაცია განმუხტვისა, – მიუთითებდა საბჭოთა სახელმწიფოს ხელმძღვანელი ჰელსინკში თათბირზე სიტყვით გამოსვლისას, – აი რაშია საქმის არსი, არსი ყოველივესი, რამაც მშვიდობა ევროპაში უნდა გახადოს ნამდვილად მტკიცე და ურყევი“.

საბჭოთა სახელმწიფო, რომელიც, საბჭოთა ავტორების სიტყვით, გახლდათ მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპების ერთგული, აკეთებდა ყველაფერ შესაძლებელს, რათა პოლიტიკურ განმუხტვას სულ უფრო და უფრო მეტად დამატებოდა სამხედრო განმუხტვაც. ამ მიზნით იგი დგამდა კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც მიმართული იყო გამალებული შეიარაღების შეწყვეტაზე, ევროპის დაპირისპირებულ სამხედრო ბლოკებად გაყოფის დაძლევაზე, შეიარაღებული ძალების ურთიერთ შემცირებაზე.

ამასთან ერთად ჰელსინკში თათბირის შემდეგ გავლენიანმა რეაქციულმა წრეებმა აშშ–ში და ნატო–ს სხვა ქვეყნებში შესამჩნევად გაააქტიურეს თავიანთი საქმიანობა დაძაბულობის განმუხტვის წინააღმდეგ. საბჭოთა ავტორების სიტყვით, ისინი ბერავდნენ ანტიკომუნისტურ და ანტისაბჭოთა კამპანიას, უწინდებურად გამოდიოდნენ შემდგომი გამალებული შეიარაღების მომხრედ, სამხედრო ბიუჯეტების ზრდისა და სხვა სახელმწიფოთა საქმეებში ღია ჩარევის მომხრედ, ყველა ხერხით ისწრაფვოდნენ მომწიფებული საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტის არდაშვებისკენ.

ამასთან დაკავშირებით საბჭოთა ხელმძღვანელობის მიერ იმხანად გაკეთებულ საანგარიშო მოხსენებაში აღინიშნებოდა: „გამალებული შეიარაღების მომხრეთა მთავარ მოტივს წარმოადგენს მტკიცება ე. წ. საბჭოთა მუქარის შესახებ. ეს მოტივი გამოიყენება მაშინაც, როდესაც სჭირდებათ გაიტანონ (протащить) უფრო მაღალი სამხედრო ბიუჯეტი, ჩამოჭრიან რა ხარჯებს სოციალურ საჭიროებებზე, და როდესაც შეიმუშავებენ სიკვდილის მთესველი იარაღის ახალ სახეობებს, და როდესაც ცდილობენ ნატო–ს ბლოკის სამხედრო აქტიურობის გამართლებას. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, არანაირი საბჭოთა მუქარა არ არსებობს არც დასავლეთისთვის, არც აღმოსავლეთისთვის. ყველაფერი ეს საშინელი ტყუილია – თავიდან ბოლომდე. საბჭოთა კავშირი არ აპირებს არავისზე თავდასხმას“.

საბჭოთა ავტორების სიტყვით, ძირითად მიზეზს, რომელიც ახალისებდა აშშ-ისა ნატო-ს იმპერიალისტურ წრეებს გამოსვლისთვის ევროპაში დაძაბულობის შემგომი შესუსტების წინააღმდეგ _ წარმოადგენდა შიში თავიანთი ზღაპრული შემოსავლების გამო, რომლებსაც ისინი ღებულობდნენ გამალებული შეიარაღებიდან. სამხედრო ხარჯების შეკვეცისა და შეიარაღებული ძალების შემცირების პრობლემას ისინი მჭიდროდ აკავშირებდნენ ნატო-ს აგრესიული ბლოკის შემგომ არსებობასთან, რომელიც, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, წარმოადგენდა სამხედრო საფრთხის ძირითად წყაროსა და ამერიკული იმპერიალიზმის პოლიტიკის იარაღს ევროპაში. როგორც ცნობილი იყო, ამერიკული იმპერიალიზმი თავის გლობალურ მისწრაფებებში განსაკუთრებულ ადგილს უყოფდა დასავლეთ ევროპას.

1970-იანი წლების საბჭოთა ავტორების შეხედულებანი ნიშვნელოვანწილად ემყარებოდა კლასთა ბრძოლის მარქსისტულ-ლენინურ თეორიას და ზემოთ ამიტომ არის ძირითადი აქცენტი გაკეთებული აშშ-დასავლეთევროპული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და მასთან დაკავშირებული წრეების ზღაპრულ ფინანსურ მოგებებზე, თუმცა კი ცივი ომის დასრულების, ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აშშ-ის გლობალური ინტერესები არ დასუსტებულა, არამედ მან უფრო აქტიურად დაიწყო ჩარევა ევრაზიის სახელმწიფოთა საქმეებში, ვიდრე ეს ხდებოდა მსოფლიოში ბიპოლარული სისტემის არსებობისას, ხოლო 1990-იანი წლების დასაწყისში ნატო-ს ბლოკის ევროპულ სახელმწიფოთა, და განსაკუთრებით გერმანიის აქტიური მონაწილეობა ყოფილი იუგოსლავიის ფედერაციის ტერიტორიაზე სერბების წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო აქციებში, ნათლად უნდა მიგვანიშნებდეს დასავლეთის მმართველ წრეებში ფინანსურ-ეკონომიკურის გარდა მნიშვნელოვან გეოპოლიტიკური ინტერესების არსებობაზეც. გეოპოლიტიკას კი გაცილებით უფრო მეტი წახნაგი გააჩნია და მეტი მონაწილეც ჰყავს, რაც კიდევ უფრო მეტად ართულებს ურთიერთობებს და წინასწარ ვერგანჭვრეტადს ხდის მათ, მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა, ჩვენ კი ისევ ევროპაში ამერიკულ შეიარაღებულ ძალთა დაჯგუფებას დავუბრუნდეთ.

საბჭოთა ავტორები ასევე წერდნენ, რომ ცივი ომის პერიოდში აშშ დასავლეთ ევროპას განიხილავდა არა მხოლოდ როგორც მსოფლიოს ერთერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ რაიონს, არამედ როგორც ადამიანური და მატერიალური რესურსების წყაროსაც, რომლის გამოყენებაც მას განზრახული ჰქონდა თავისი საგარეოპოლიტიკური მიზნების განხორციელებისთვის. ამიტომ არც თუ შემთხვევით, შეერთებული შტატები დასავლეთ ევროპაში ინახავდა თავისი რეგულარული შეიარაღებული ძალების ყველაზე უფრო მრავალრიცხოვან და ძლიერ დაჯგუფებას.

მაშინვე მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, საბჭოთა ავტორების შეფასებით, აშშ-ის მმართველმა წრეებმა, რომლებიც ემყარებოდნენ თავიანთ ეკონომიკურ და სამხედრო ძლიერებას და სარგებლობდნენ იმ გარემოებით, რომ დასავლეთ ევროპის ბევრი კაპიტალისტური სახელმწიფო გამოვიდა მეორე მსოფლიო ომიდან დასუსტებული და აღმოჩნდა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში, დაიწყეს მათი დაქვემდებარება თავიანთი გავლენისადმი და ამ სახელმწიფოთა ჩართვა სხვადასხვანაირ სამხედრო-პოლიტიკურ დაჯფუფებებში, რომლებიც მომართული იყო საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური თანამეგობრობის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. მათ დაიწყეს სსრკ–ისა და მის მოკავშირეთა წინაამდეგ „ცივი ომის“ პოლიტიკის გატარება.

ასე, 1949 წელს აშშ-ის ინიციატივით შეიქმნა სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი ნატო (North Atlantic Treaty Organization – NATO). მის ფარგლებში შექმნეს ფართოდ განვითარებული ორგანიზაცია, რომელიც შეიცავდა მუდმივად მომქმედ კოალიციურ სარდლობებსა და შტაბებს, აგრეთვე ბლოკის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მათ ოპერატიულ დაქვემდებარებაში გადაცემულ სამოკავშირეო (საბჭოთა ტერმინოლოგიით _ გაერთიანებულ) შეიარაღებულ ძალებს (მშძ, ოპერატიული დაქვემდებარება ითვალისწინებდა ჯარების დაქვემდებარებას საბრძოლო გამოყენების დაგეგმვისა და საბრძოლო გამოყენების სფეროში). ”მოქნილი რეაგირების” სტრატეგიის მიღებიდან, ”ცივი ომის” ათწლეულების განმავლობაში, ნატო-ს მშძ-ის ბირთვს წარმოადგენდა ამერიკული შეიარაღებული ძალების დაჯგუფება ევროპაში.

იგი, საბჭოთა ავტორების შეფასებით, ახორციელებდა ამერიკული იმპერიალიზმის პოლიტიკურ და სამხედრო მეურვეობას დასავლეთ ევროპის ქვეყნებზე, გამოდიოდა იმ მილიარდიანი კაპიტალების დამცველის როლში, რომლებიც ამერიკულმა მონოპოლიებმა ჩადეს ამ ქვეყნების ეკონომიკაში, რეაქციული რეჟიმების დამცველისა და „დაშინების“ პოლიტიკის იარაღის როლში, რომელიც, მათი სიტყვით, მიმართული გახლდათ ომის გაჩაღების მუდმივი მუქარის შენარჩუნებაზე საბჭოთა კავშირისა და ვარშავის ხელშეკრულების სხვა ქვეყნების წინააღმდეგ.

ამერიკული ჯარები ევროპაში 1970-იან წლებში წარმოდგენილი იყო გაერთიანებული სარდლობით (შტაბი შტუტგარტში, გფრ). მასში შედიოდა სახმელეთო ჯარები, სამხედრო-საჰაერო ძალები და სამხედრო-საზღვაო ძალები, რომლებიც აღჭურვილი იყო ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო-ბირთვული იარაღითა და სხვა თანამედროვე საშუალებებით. ამ სარდლობის რიცხოვნება და საბრძოლო შემადგენლობა 1950-იან _ 1970-იან წლებში არაერთხელ შეცვლილა, მაგრამ მისი ფუნქციები რჩებოდა უცვლელი.

1970-იანი წლების შუახანებში ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის პირადი შემადგენლობის საერთო რიცხოვნება აღემატებოდა 300 ათას ადამიანს, ხოლო შეიარაღებაში მას გააჩნდა 7000-ზე მეტი ბირთვული ქობინი, მართვადი და უმართავი ოპერატიულ-ტაქტიკური და ტაქტიკური რაკეტების დაახლოებით 170 გასაშვები დანადგარი (გდ), 1600-ზე მეტი საველე არტილერიის ქვემეხი (450 მათგანი ატომური ჭურვების სასროლად), 2100 ტანკი, 500-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი, საარმიო ავიაციის დაახლოებით1000 თვითმფრინავი და ვერტმფრენი და სხვადასხვა კლასის 50-მდე საბრძოლო ხომალდი.

სახმელეთო ჯარები მოითვლიდა დაახლოებით 190 ათას ადამიანს, მათგან ფედერაციული გერმანიის ტერიტორიაზე 180 ათას, დასავლეთ ბერლინის _ 4400, იტალიის _ 3000, საბერძნეთის _ 800 და თურქეთის _ 1200 ადამიანს. ყველა აღნიშნული კონტინგენტი ექვემდებარებოდა აშშ-ის სახმელეთო ჯარების სარდლობას ევროპაში (შტაბი ჰაიდელბერგში, გფრ).

ამ სარდლობის შემადგენლობიდან ყველაზე უფრო, მნიშვნელოვანი დაჯგუფება დისლოცირებული იყო დასავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე. მასში შედიოდა მე-5 და მე-7 საარმიო კორპუსები, მართვადი რაკეტა „პერშინგების“ 56-ე ბრიგადა, საჰაერო თავდაცვის (ჰთ) 32-ე სარდლობა, აგრეთვე საბრძოლო უზრუნველყოფისა და მომსახურების ნაწილები და ქვედანაყოფები. მის წილად მოდიოდა ევროპაში ამერიკული სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობის დაახლოებით 90%, ტანკების, სარაკეტო დანადგარებისა და საველე არტილერიის ქვემეხების თითქმის 100%.

მე-5 საარმიო კორპუსში (5 აკ, შტაბი მაინის ფრაკფურში) შედიოდნენ: მე-8 მექანიზებული ქვეითი დივიზია (შტაბი ბად-კრაიცნახში), მე-3 ჯავშანსატანკო დივიზია (შტაბი მაინის ფრანკფურტში), 11-ე ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოლკი (ფულდა), საველე არტილერიის ორი ჯგუფი და მომსახურების ცალკეული ნაწილები. კორპუსის პირადი შემადგენლობის რიცხოვნება უტოლდებოდა დაახლოებით 50 ათას ადამიანს.

მე-7 საარმიო კორპუსი (7 აკ, შტაბი შტუტგარტში) შედგებოდა მე-3 მექანიზებული ქვეითი დივიზიის (შტაბი ვიურცბურგში), 1-ლი ჯავშანსატანკო დივიზიის (შტაბი ანსბახში), 1-ლი მექანიზებული ქვეითი დვიზიის მე-3 ბრიგადის (შტაბი გეპინგენში), მე-2 ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოლკის (ნიურნბერგი), საველე არტილერიის ორი ჯგუფისა და მომსახურების ცალკეული ნაწილებისგან. კორპუსის პირადი შემადგენლობის რიცხოვნება აღწევდა 95 ათას ადამიანს.

სულ გფრ-ში დისლოცირებული ამერიკული სახმელეთო ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში 1970-იანი წლების შუახანებში შედიოდა ოთხი დივიზია, სამი ბრიგადა, ორი ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოლკი, საველე არტილერის ოთხი ჯგუფი, მართვადი რაკეტა „პერშინგების“ სამი დივიზიონი (დასავლური ტერმინოლოგიით, ბატალიონი), საზენიტო-მართვადი რაკეტების „ნაიქ-ჰერკულესებისა“ და “ჰოქების“ 12 დივიზიონი და სხვა ნაწილები და ქვედანაყოფები.

დისლოცირებული იყვნენ რა ფედერაციული გერმანიის ტერიტორიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ნატო-ს ბლოკის ცენტრალურ-ევროპული საომარ მოქმედებათა თეატრის (ცე ომთ) სამხრეთ რაიონში არმიების ცენტრალური ჯგუფის პასუხისმგებლობის ზონის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან მიმართულებაზე _ აღმოსავლეთ გერმანიისა და ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფო საზღვრების უშუალო მახლობლობაში, ამერიკულ ჯარებს, ალიანსის სარდლობის ჩანაფიქრით, ომის გაჩაღებისას მთავარი დარტყმა უნდა მოეყენებიათ ამ რაიონში განლაგებული დემოკრატიული გერმანიის, ჩეხოსლოვაკიისა და საბჭოთა ჯარებისთვის. ამერიკული ჯარების ჩრდილოეთით ნატო-ს არმიების ცენტრალური ჯგუფის შემადგენლობაში დისლოცირებული იყო ორი დასავლეთგერმანული საარმიო კორპუსი, ხოლო მათ ჩრდილოეთით _ არმიების ჩრდილოეთის ჯგუფი ბრიტანული რეინის არმიის, დასავლეთგერმანული, ბელგიური და ჰოლანდიური საარმიო კორპუსების შემადგენლობით. ამერიკულ ჯარებზე დაკისრებული ამოცანების გადასაწყვეტად აშშ-ის სარდლობა მუდმივად სრულყოფდა თავისი ჯარების საბრძოლო მზადყოფნას ევროპაში და ზრდიდა მათ საბრძოლო შესაძლებლობებს.

გფრ-ში განლაგებულ ამერიკულ ნაწილებსა და შენაერთებში 1970-იან წლებში ატარებდნენ საბრძოლო და უზრუნველმყოფ ქვედანაყოფებს შორის თანაფარდობის არსებითად ცვლილების ღონისძიებებს პირველების სასარგებლოდ, აგრეთვე იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ახალი, უფრო სრულყოფილი ნიმუშებით აღჭურვის ღონისძიებებსაც. მათ შეიარაღებაში შედგებოდა ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების რაკეტები „პერშინგი“ და „ლანსი“, საზენიტო მართვადი რაკეტები „ჰოქი“ და „ჩაპარელი“, 20-მმ ექვსლულიანი საზენიტო დანადგარები „ვულკანი“, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რეაქტიული ჭურვები „თოუ“ და „დრაკონი“. აგრძელებდნენ ნაწილების გადაიარაღებას ტანკებით M60A1 და M60A2. მობილურობის ამაღლების მიზნით შენაერთებსა და ნაწილებს აღჭურავდნენ ახალი ჯავშანტრანსპორტერებით M113, თვითმავალი ქვემეხებით M107, M109 და M110, სატვირთო ავტომობილებითა და სატრანსპორტო ვერტმფრენებით CH-1 „იროქეზი“ და CH-47 „ჩინუკი“. ჯარებში ატარებდნენ გაძლიერებულ საბრძოლო მომზადებას, რომლის მსვლელობისას ამოწმებდნენ საბრძოლო მოქმედებების წარმოების გეგმებს ომის საწყისი პერიოდის რთულ პირობებში როგორც ბირთვული იარაღის გამოყენებით, ისე დაზიანების ჩვეულებრივი საშუალებებისაც.

ჯარებისა და შტაბების საბრძოლო მომზადებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ბირთვული იარაღის გამოყენებას, როგორც „რეალისტური დაშინების“ სტრატეგიის განხორციელებაში მთავარი ფაქტორისა. დასავლური პრესის მტკიცებით, ამერიკული ჯარები ევროპაში და მათი ტაქტიკური ბირთვული იარაღი წარმოადგენდა „შეუცვლელ პოტენციალს“ დასავლეთ ევროპის თავდაცვაში, რამდენადაც ეს პოტენციალი უწევდათ დამაკავშირებელი რგოლის სამსახურს ნატო-ს მონაწილე ევროპული ქვეყნების ჩვეულებრივ შეიარაღებულ ძალებსა და ამერიკულ სტრატეგიულ ბირთვულ ძალებს შორის. „ეს გარემოება, _ როგორც აღნიშნავდა დასავლეთგერმანული ჟურნალი „ვერქუნდე“, _ ნატო-ს აძლევს საქმიანობის დიდ ველს ბირთვული ზღურბლის არჩევაში. თითოეული ამერიკული ბრიგადა აფართოებს ამ შესაძლებლობას“. ამასთან დაკავშირებით, საბჭოთა ავტორების აღნიშვნით, ბლოკის სარდლობა, ამერიკული ჯარების ევროპიდან გაყვანაზე მოსახლეობის ფართო ფენების მოთხოვნების მიუხედავად, უკიდურეს დაინტერესებას ავლენდა მათ ყოფნაში და მთელი ხერხებით ისწრაფვოდა ცენტრალურ ევროპაში შეიარაღებული ძალების შემცირების შესახებ საკითხის პოზიტიური გადაწყვეტის არდაშვებისკენ.

აშშ–ის სამხედრო–საჰაერო ძალები ევროპაში წარმოდგენილი იყო მე-3, 16-ე და 17-ე საჰაერო არმიებით (საერთო რიცხოვნება დაახლოებით 70 ათასი ადამიანი), რომლებშიც მოითვლებოდა ტაქტიკური ავიაციის 500-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი. ისინი ემორჩილებოდნენ უშუალოდ ამერიკული სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობას ევროპულ ზონაში (შტაბი რამშტაინში, გფრ).

მე-3 საჰაერო არმია იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე (შტაბი მილდენჰოლში) და მოიცავდა: სამ ტაქტიკურ გამანადგურებელ ავიაფრთას (20-, 48- და 81-ე), რომლებიც ბაზირებული იყო შესაბამისად ავიაბაზებში აპერ-ჰეიფორდი (F-111 თვითმფრინავები), ლეიკენჰიტი (F-4D) და ბენთუოთერსი (F-4C); 10-ე ტაქტიკურ სადაზვერვო ავიაფრთას ავიასადგურ ოლქონბერში (RF-4C); 513-ე ტაქტიკურ სატრანსპორტო ავიაფრთას ავიასადგურში მილდენჰოლი (C-130), აგრეთვე უზრუნველყოფისა და მომსახურების ნაწილებს.

17-ე საჰაერო არმია დისლოცირებული იყო ფედერაციული გერმანიის ტერიტორიაზე (შტაბი ზემბახში). მის შემადგენლობაში შედიოდა: ოთხი ტაქტიკური გამანადგურებელი ავიაფრთა (36-, 50-, 52- და 86-ე), განლაგებული შესაბამისად ავიაბაზებში ბითბურგი (თვითმფრინავები F-4D და E), ჰანი (F-4D და E), შფანგდალემი (F-4D) და რამშტაინი (F-4E); 26-ე ტაქტიკურ სადაზვერვო ავიაფრთას, რომელიც ბაზირებული იყო ავიაბაზა ცვაიბრიუგენში (RF-4C), სატრანსპორტო ავიაესკადილიას, ბაზირებულს ავიაბაზა რაინ-მაინში (C-130), აგრეთვე უზრუნვეყოფისა და მომსახურების საავიაციო ქვედანაყოფებს.

თითოეული საავიაციო ფრთის შემადგენლობაში შედიოდა ორი-სამი ავიაესკადრილია. შტატებით ტაქტიკური გამანადურებლების თითოეულ საავიაციო ესკადრილიაში უნდა ყოფილიყო 24 საბრძოლო თვითმფრინავი, ხოლო ტაქტიკური მზვერავებისა _ 18.

ამერიკული მე-3 და 17-ე საჰაერო არმიების შენაერთები და ნაწილები ჩართული იყვნენ ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე ნატო-ს ბლოკის მე-4 სამოკავშირეო (გაერთიანებული) ტაქტიკური საავიაციო სარდლობის (მტას) შემადგენლობაში. ისინი განკუთვნილი იყვნენ საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად როგორც დაზიანების ჩვეულებრივი საშუალებების, ისე ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებითაც დამოუკიდებელი ოპერაციების ჩატარების გზით ან არმიების ცენტრალური ჯგუფის სახმელეთო ჯარებთან ერთობლივად.

16-ე საჰაერო არმია ბაზირებული იყო ესპანეთში (შტაბი ტორეჰონში) და განკუთვნილი იყო საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად სამხრეთ-ევროპული ომთ-ის ფარგლებში, უმთავრესად ხმელთაშუა ზღვის აუზში.

უცხოური პრესის შეტყობინებებით, ამერიკული პირადი შემადგენლობის რიცხოვნება ესპანეთში 1970-იანი წლების შუახანებისთვის შეადგენდა 9 ათას ადამიანს, რომელთაგან 5 ათასი იმყოფებოდა უშუალოდ ამერიკულ ავიაბაზებში ტორეხონი, სარაგოსა და მორონი.

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობას ევროპულ ზონაში ექვემდებარებოდნენ აგრეთვე იტალიაში, საბერძნეთსა და თურქეთში ბაზირებული ცალკეული ავიაესკადრილიები.

სავარაუდო ომისთვის მზადების ფარგლებში ამერიკული სარდლობა დიდ ყირადღებას უთმობდა ევროპაში თავისი საავიაციო დაჯგუფების საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლებას. ამ მიზნით პერიოდულად ანახლებდნენ საავიაციო ნაწილების თვითმფრინავების ფარეხს.

უცხოური პრესის შეტყობინებებით, 1976 წელს აშშ-ში გეგმავდნენ ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე უახლესი გამანადგურებლებით F-15A „იგლი“ („არწივი“) აღჭურვილი პირველი საავიაციო ქვედანაყოფების გადმოსროლას. ატარებდნენ საეროდრომო ქსელის უფრო სრულად აღჭურვის სამუშაოებს. ამერიკული ავიაციის ბაზირების აეროდრომების უმეტესობა აღჭურვილი იყო თვითმფრინავების შესაფარებლებით (укрытия), საბრძლო მასალებისა და საწვავის საცავებით, რთულ მეტეოროლოგიურ პირობები თვითმფრინავების ფრენების უზრუნველყოფის რადიოელექტრონული აპარატურით.

საავიაციო ნაწილების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისთვის მათი შემადგენლობიდან საბრძოლო მორიგეობაზე მუდმივად გამოყოფდნენ საბრძოლველად მზადმყოფი თვითმფრინავების გარკვეულ რაოდენობას, რომლებსაც ამყოფებდნენ გაფრენისთვის 15-წუთიან მზადყოფნაში. ამაღლებდნენ აგრეთვე პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნას. იგი ორგანიზებული იყო ნატო-ს ბლოკის სარდლობის ოპერატიული მოთხოვნებიდან გამომდინარე და მას ატარებდნენ ეკიპაჟების ინდივიდუალური წვრთნის, შეჯიბრებების, საინსპექტორო შემოწმებებისა და სწავლებების ფორმებით.

ყოველწლიურად ჩატარებულ მრავალრიცხოვან სწავლებებში ამუშავებდნენ ტაქტიკური ავიაციის მოქმედებების სხვადასხვანაირ ილეთებს, განსაკუთრებით სახმელეთო ჯარებთან ურთიერთმოქმედების საკითხებს, მასზე დაკისრებადი ამოცანების შესრულებისას ომში როგორც დაზიანების ჩვეულებრივი საშუალებების, ისე ბირთვული იარაღის გამოყენებითაც. სწავლებების მსვლელობისას ამოწმებდნენ აგრეთვე ევროპულ ომთ-ებზე ტაქტიკური ავიაციის დაჯგუფებების შესაძლო გაძლიერების ოპერატიულ გეგმებს კრიზისული სიტუაციების წარმოქმნის შემთხვევაში ან ომის გაჩაღებისთვის უშუალო მზადების პერიოდში. ამ მიმართებით ყველაზე უფრო დამახასიათებელი იყო ყოველწლიურად ჩატარებული სწავლებები „რეფორჯერი“, რომელთა მსვლელობისას აშშ-დან ფედერაციული გერმანიის ტერიტორიაზე სახმელეთო ჯარების ნაწილებთან ერთად გადმოისროდნენ ტაქტიკური გამანადგურებლების ოთხ ესკადრილიასა და ტაქტიკური მზვერავების ორ ესკადრილიას, რომლებსც მშვიდობიანობის დროს ინახავდნენ ე. წ. „ორმაგი ბაზირების“ პრინციპის მიხედვით.

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები ევროპაში წარმოდგენილი იყო მე-6 ფლოტით, რომელიც მუდმივად ბაზირებული იყო ხმელთაშუა ზღვაში. ამერიკული სარდლობის ჩანაფიქრით, მას გამოყოფილი ჰქონდა ნატო-ს ბლოკის დამრტყმელი სზძ-ის როლი სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე.

მე-6 ფლოტს მუდმივი საბრძოლო შემადგენლობა არ გააჩნდა. მას აკომპლექტებდნენ აშშ-ის ატლანტიკური ფლოტის საბრძოლველად მზადმყოფი ხომალდების, სზძ-ის ავიაციისა და საზღვაო ქვეითი ჯარის ნაწილების ხარჯზე, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში მოდიოდნენ ექვსი-რვა თვის ვადით. უცხოური პრესის შეტყობინებებით, 1970-იან წლებში მშვიდობიანობის დროის პირობებში მე-6 ფლოტის შემადგენლობაში ჩვეულებრივ მოითვლებოდა 22-25 ათასი ადამიანი და სხვადასხვა კლასის დაახლოებით 50 საბრძოლო ხომალდი, მათ შორის: ორი დამრტყმელი (მრავალმიზნობრივი) ავიამზიდი, 160-180 თვითმფრინავით ბორტზე, მართვადი სარაკეტო კომპლექსებით შეიარაღებული ორი კრეისერი (მრი კრეისერი), 20-მდე ფრეგატი და საესკადრო ნაღმოსნი, რამდენიმე მრავალმიზნობრივი წყალქვეშა ნავი, სადესანტო ხომალდი (საზღვაო ქვეითი ჯარის გაძლიერებული ბატალიონით) და მომსახურების გემები.

1973 წლის შემოდგომაზე არაბ-ისრაელის ომის პერიოდში საერთაშორისო ვითარების გამწვავებისას მე-6 ფლოტი გააძლიერეს ამერიკული სზძ-ის ხომალდების სხვა რაიონებიდან დამატებითი რაოდენობის გადმოსროლის ხარჯზე.

აშშ-ის მე-6 ფლოტის ძირითად ბაზებს ხმელთაშუა ზღვაში წარმოადგენდა: ნეაპოლი, გაეტა, მადალენა, აუგუსტა, კალიარი (იტალია) და პირეოსი (საბერძნეთი). ამ ბაზებთან ერთად ამერიკული სზძ-ის სარდლობა თავისი ხომალდების შესასვლელად იყენებდა ესპანეთის, თურქეთის, მალტისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის სხვა ქვეყნების პორტებს.

მე-6 ფლოტის გარდა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობიდან ევროპის ფარგლებში მუდმივად ბაზირებდა ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავების ორი ესკადრა: 14-ე (ბაზა ჰოლი-ლოხში, დიდი ბრიტანეთი) და 16-ე (ბაზა როტაში, ესპანეთი).

ევროპის კონტინენტის ფარგლებში ამერიკული შეიარაღებული ძალების ასეთი მსხვილი დაჯგუფების ყოფნა, რომელიც შეიცავდა მრავალრიცხოვან სახმელეთო ჯარებს, სჰძ-სა და სზძ-ს, საბჭოთა ავტორების აზრით, მიზნად ისახავდა ჩრდილოატლანტიკური კავშირის (ნატო-ს) შემდგომ განმტკიცებას, რომლის მექანიზმშიც 1970-იანი წლების პირველ ნახევარში ამერიკულ-დასავლეთევროპული წინააღმდეგობების გამწვავების შედეგად გამოჩნდა ღრმა ბზარები. მათი სიტყვით, ამ წინააღმდეგობების შესარბილებლად და ნატო-ში გაბატონებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად ამერიკის ხელმძღვანელობა ისწრაფვოდა დასავლეთევროპულ ქვეყნებთან ურთიერთობების რამდენადმე გარდაქმნისკენ როგორც საკუთარი პრობლემების გადაწყვეტაში მათთვის უფრო მეტი დამოუკიდებლობის მიცემის, ისე „ატლანტიკური საზოგადოებრიობის“ შიგნით რიგ სადაო საკითხებში ურთიერთ დათმობის გზითაც, ხოლო ზოგჯერ კი პირდაპირი დიქტატისა და შანტაჟის გზით.

ნატო-ს ბლოკის შენარჩუნებისა და ევროპაში თავისი პოზიციების განმტკიცებისთვის, საბჭოთა ავტორების სიტყვით, აშშ აშინებდა თავის მოკავშირეებს „აღმოსავლეთის მხრიდან მოსალოდნელი აგრესიით“ და ცდილობდა მათ შეგნებაში იმის დანერგვას, რომ თუკი ევროპული ეკონომიკური საზოგადოებრიობა შემდგომშიც გააგრძელებდა გამოსვლას აშშ-ის პოლიტიკური და ეკონომიკური მეტოქის სახით, ეს გარდაუვალად უარყოფით გავლენას იქონიებდა ნატო-ს ბლოკის სამხედრო ინტეგრაციაზე, და შესაბამისად, დასავლეთ ევროპის ქვეყნების „უსაფრთხოების უზრუნველყოფაზეც“.

საბჭოთა სამხედრო პერიოდიკაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, ამერიკული ხელმძღვანელობა სპეკულირებდა ნატო-ს ბლოკში თავისი ზომაზე მეტი ვალდებულებებით და დასავლეთ ევროპის ქვეყნებისგან მოითხოვდა მათი საკუთარი წილების გაზრდას არა მხოლოდ სამხედრო მიზნებით, არამედ ევროპაში ამერიკული ჯარების შენახვაზე ხარჯების დასაფარავადაც, რომლებიც, ამერიკული პრესის შეტყობინენენით, 1970-იან წლებში შეადგენდა ყოველწლიურად დაახლოებით 17 მლრდ. დოლარს. ჩიოდა რა ამის გამო, დასავლეთგერმანული ჟურნალი „ვერქუნდე“ აღნიშნავდა, რომ „დღესდღეობით ევროპულ ქვეყნებს უკვე შეაქვთ ნატო-ში სახმელეთო ძალების შენახვაზე გაწეული ხარჯების 90%, სზძ-ისა _ 80% და სჰძ-ისა _ 75%. ხოლო აშშ-ს სურს რათა მთელი ხარჯები აანაზღაუროს ნატო-ში პარტნიორების ხარჯზე“. მაგრამ, ევროპაში ამერიკული ჯარების შენახვაზე ხარჯების დასაფარავად ფულების გამოყოფის გარშემო ვაჭრობის მიუხედავად ნატო-ს ბლოკის მომხრეები ცდილობდნენ ჩაეგონებინათ თავიანთი ქვეყნების მოსახლეობისთვის, რომ ამერიკული ჯარების გაყვანას ევროპიდან შესაძლო იყო გამოეწვია ნატო-ს დაშლა და, აქედან გამომდინარე, დასავლეთ ევროპის ქვეყნების უსაფრთხოებისთვის მუქარის შექმნა. იგივე ჟურნალი „ვერქუნდე“ გამოქვეყნებულ წერილში „დაძაბულობის განმუხტვა და აშშ-ის ჯარების ევროპიდან გაყვანა“ ამტკიცებდა, რომ „ევროპის თავდაცვისთვის აუცილებებლია აშშ-თან ურთიერთმოქმედება, და სახელდობრ ამ ქვეყნის ბირთვული და ჩვეულებრივი იარაღი. დაშინებითვის (შეკავებისთვის) გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამერიკული ჯარების ყოფნას ევრპაში“.

ასეთი განწყობილებებისა და დასავლური საზოგადოების ერთ ნაწილში ამერიკული სამხედრო ყოფნის გამო პროტესტებზე საპასუხოდ 1970-იანი წლების პირველ ნახევარში პენტაგონის ხელმძღვანელობამ განაცხადა იმის შესახებ, რომ აშშ არ აპირებს თავისი ჯარების გაყვანას დასავლეთ ევროპიდან, არამედ პირიქით, გეგმავს მათი სბრძოლო შემადგენლობის გაზრდას (მართლაც, 1980-იანი წლების მეორე ნახევარში ამერიკული შეიარაღებული ძალების რიცხოვნება ევროპულ ზონაში აღემატებოდა უკვე 500 ათას ადამიანს _ ი. ხ.).

ამართლებდა რა პენტაგონელი სტრატეგოსების გეგმებს, დასავლური პრესა არ მალავდა, რომ ამერიკული ჯარების შემდგომი ყოფნა ევროპაში დაკავშირებული იყო არა მხოლოდ ნატო-ს ბლოკში მოკავშირეების წინაშე აშშ-ის ვალდებულებებთან, არამედ უწინარეს ყოვლისა მიზნად ისახავდა თავად შეერთებული შტატების ინტერესების უზრუველყოფას თავისი მოკავშირების რესურსების გამოყენების ხარჯზე.

ასე, ამერიკულმა ჟურნალმა „ეარ ფორს მეგეზინმა“ თავის ფურცლებზე განაცხადა: „აშშ-ის წილი ნატო-ში შეადგენს დაახლოებით ხუთ დივიზიას, რომლებიც მიცემულია ნატო-ს სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების სარდლობისთვის ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე. აძლევს რა ამ ჯარებს ნატო-ს განკარგულებაში, აშშ-ს შეუძლია იმედოვნებდეს არმიაზე, რომელსაც საერთო ჯამში ჰყავს 25 დივიზიაზე მეტი, რომელთა 80%-იც წარმოდგენილია ამ ბლოკის მონაწილე დასავლეთ ევროპული ქვეყნების მიერ“.

საბჭოთა ავტორები აღნიშნავდნენ, რომ აშშ-ისა და ნატო-ს რეაქციული წრეები ცდილობდნენ საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვის პროცესიდან მსოფლიოს უკუგდებას „ცივი ომის“ დროში (50_60-იან წლებში), ხოლო საერთაშორისო ურთიერთობებში ყველაზე უფრო მნიშვნელლოვან ამოცანად სახავდნენ პოლიტიკური განმუხტვის სამხედრო განმუხტვის ზომებით განმტკიცებას, მათ შორის ევროპაში შეიარაღებული ძალებისა და შეიარაღებათა ურთიერთშემცირებით. ამ საქმეში დიდი როლი ეთმობოდა 1970-იანი წლების პირველ ნახევარში ვენაში წარმოებულ მოლაპარაკებებს ნატო-სა და ვარშავის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს შორის.

საბჭოთა კავშირი და ვარშავის ხელეკრულებაში მისი მოკავშირე სახელმწიფოები, საბჭოთა ავტორების სიტყვით ვენის მოლაპარაკებებზე გამდიოდნენ ორივე სამხედრო ბლოკის სახელმწიფოთა ცენტრალურ ევროპაში განლაგებულ შეიარაღებათა და შეიარაღებული ძალების თანაბარპროცენტული ურთიერთშემცირების მომხრედ, ხოლო ნატო-ს ბლოკის წარმომადგენლები ცდილობდნენ შეიარაღებული ძალების თანაბარპროცენტული შემცირების შეცვლას ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების ძლიერების ცალმხრივი შემცირებით და ამით ნატო-ს ბლოკის სასარგებლოდ სამხედრო უპირატესობების მიღებას.

ჩვენთვის უცნობია 1970-იანი წლების სამხედრო-პოლიტიკური ვითარების დაწვრილებითი სურათი, მაგრამ, სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 1991 წლის შუახანებში ცენტრალურ ევროპაში ნატო-ს ბლოკის რეგულარული შეიარაღებული ძალების რიცხოვნება და ძირითადი შეტევითი შეიარაღების რაოდენობა (გერმანიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის სახმელეთო ჯარები და სამხედრო-საჰაერო ძალები, აგრეთვე აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ჯარები ამ ტერიტორიაზე), აგრეთვე ვარშავის ბლოკის შესაბამის სახელმწიფოთა (ჩეხოსლოვაკია, ყოფილი დემოკრატიულ გერმანიის შეიარაღება, უნგრეთი) შეიარაღება ნაჩვენებია ქვემოთ ცხრილში.

ცხრილი 1

ნატოს ბლოკისა და ვარშავის ხელშეკრულების ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღება 1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-ანების დასაწყისში

(ქვემოთ, მონაცემების უფრო მჭიდროდ ჩაწერისთვის, ვიყენებთ აღნიშვნებს: [A] – საბრძოლო ტანკები, [B] – მოჯავშნული საბრძოლო მანქანები, [C] – საველე საარტილერიო სისტემები, [D] – დამრტყმელი (მოიერიშე) ვერტმფრენები, [E] – საბრძოლო თვითმფრინავები)

ქვეყანა, სამხედრო ბლოკი . . .[A] . . . [B] . . . [C] . . . [D] . . . [E] . .

აშშ-ის ჯარები ცენტრალურ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ევროპაში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 5000 . . 2200+ . . 2420 . . 279 . . 298 . .
დიდი ბრიტანეთის ჯარები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ცენტრალურ ევროპაში . . . . . . . . . 899 . . 1470 . . . . 300 . . . 60 . . . 13 . .
გერმანია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4726 . . 6269 . . . 2462 . . 207 . . 638 . .
ნიდერლანდები . . . . . . . . . . . . . . . 913 . . .3216 . . . . 824 . . . -- . . .204 . .
ბელგია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 359 . . .2068 . . . . 376 . . . -- . . .185 . .
სულ ნატო-ს ბლოკში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ცენტრალურ ევროპაში . . . . . . . 11897 . . 14223+ . . 6382 . . 546 . . 1138 .
//////////////////////////////////////////////////////////////
ყოფილი გდრ-ის შეიარაღება . . . .2274 . . . 8455 . . . 2117 . . . 49 . . . 356 .
ჩეხოსლოვაკია . . . . . . . . . . . . . . . . .3200 . . . 3460 . . . 3446 . . . 56 . . .395 .
უნგრეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .1482 . . . 1763 . . . 1084 . . . 39 . . . 145 .
სულ ვარშავის პაქტის ევრო- . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
პულ სახელმწიფოებში ნატო- . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ს ბლოკთან უშუალო მახლ- . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ობლობაში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .6956 . . 14686 . . . 6647 . . 144 . . . 896 . .

შენიშვნა: აღნიშნულ ცხრილში ამერიკულ ჯავშანსატანკო, საარტილერიო და საარმიო ავიაციის (დმრტყმელი ვერტმფრენები) შეიარაღებაში მოყვანილია არა მხოლოდ რეგულარულ ჯარებში არსებული რაოდენობა, არამედ გერმნიის, ბელგიისადა ნიდერლანდების ტერიტორიაზე სპეციალურ საწყობებში განლაგებული ექვსი დამატებითი დივიზიის შეიარაღებაც; გერმანიის შეიარაღებაში ნაჩვენებია პრაქტიკულად მხოლოდ ცივი ომის მიწურულს ფედერაციული გერმანიის შეიარაღებაში არსებული დასავლური წარმოების საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღება; ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის შეიარაღებაში ნაჩვენებია ორი გერმანიის გაერთიანების შემდეგ ერთიანი სახელმწიფოს შეიარაღებაში არსებული საბჭოთა და ჩეხური წარმოების საბრძოლო ტექნიკა და იარაღი, მაგრამ აღსანიშნავია, რომ 2274 საბრძოლო ტანკისა და 1150 ქვეითთა საბრძოლო მანქანის ფონზე იქნაჩვენები იყო 7162 ჯავშანტრანსპორტერი, რაც ძალზედ ბევრია, და შესაძლოა ამ შეიარაღების ნაწილი გერმანიაში მოხვდა უნგრეთსა და ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარების შეიარაღებიდან, რომელთა სსრკ-ში წამოღებაც საბჭოთა სარდლობამ აღარ ისურვა.

გარდა ამისა 1991 წლის ზაფხულში დიდ ბრიტანეთში განლაგებულ ამერიკულ ტაქტიკურ საჰაერო არმიაში, რომლის გამოყენებასაც ამერიკული და ნატო-ს სარდლობა გეგმავდნენ გფრ-ის ტერიტორიაზე, შედიოდა პირადი შემადგენლობის 22 ათასი ადამიანი და 273 საბრძოლო თვითმფრინავი, ხოლო დიდი ბრიტანეთის სჰძ-ის სარდლობა გეგმავდა დასავლეთ გერმანიაში დისლოცირებული ბრიტანული რეინის არმიის ჯარების საავიაციო მხარდაჭერისთვის 200-მდე საბრძოლო თვითმფრინავის გადმოსროლას. მაშინ ნატო-ს სჰძ-ის შემადგენლობაში ცენტრალურ ევროპაში უნდა ვიგულისხმოთ დაახლოებით 1800-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი.

უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის ქვემოთ ცხრილში მოვიყვანთ ნატო-ს ბლოკისა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის მთლიან შეიარაღებას ცენტრალურ ევროპაში.

ცხრილი 2

(ქვემოთ, მონაცემების უფრო მჭიდროდDჩაწერისთვის, ვიყენებთ აღნიშვნებს: [A] – საბრძოლო ტანკები, [B] – მოჯავშნული საბრძოლო მანქანები, [C] – საველე საარტილერიო სისტემები, [D] – დამრტყმელი (მოიერიშე) ვერტმფრენები, [E] – საბრძოლო თვითმფრინავები)

სამხედრო ბლოკი . . . . . . . [A] . . . . [B] . . . . [C] . . . . [D] . . . . [E] . .

ჩრდილოატლანტიკური . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
კავშირი (ნატო) . . . . . . . . . . . .11897 . .14223+ . . .6382 . . . 700+ . . 1800+ .
ვარშავის პაქტის ევრო- . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
პული სახელმწიფოები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ნატო-თან უშუალო მახ- . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ლობლობაში . . . . . . . . . . . . . . . 6956 . . . 14535 . . . 6647 . . . 144 . . . .896 . .

გარდა ამისა, ლონდონის ინსტიტუტის მონაცემებით, 1991 წელს საბჭოთა სარდლობას დასავლეთის სტრატეგიულ მიმართულებაზე, რომელიც მოიცავდა სსრკ-ის ბალტიისპირეთის, ბელორუსიისა და კარპატისპირეთის სამხერდო ოლქების ტერიტორიას, აგრეთვე საბჭოთა ჯარებს ყოფილ აღმოსავლეთ გერმანიასა და პოლონეთში (ჩეხოსლოვაკიიდან და უნგრეთიდან საბჭოთა ჯარები იმ დროისთვის უკვე გამოყვანილი იყო), განლაგებული ჰყავდა მთლიანობაში 11800-ზე მეტი საბრძოლო ტანკი, 9900-ზე მეტი მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 7700 საველე საარტილერიო სისტემა, 800 დამრტყმელი ვერტმფრენი, 2305 საბრძოლო თვითმფრინავი (მათგან 1885 ტაქტიკური და 420 საჰაერო თავდაცვის ჯარების ავიაციის გამანადგურებელი თვითმფრინავი).

თუ ამ შეიარაღების ნახევარს ვიგულისხმებთ ყოფილი გდრ-ის, ჩეხოსლოვაკიისა და უნგრეთის ტერიტორიაზე, მაშინ ვარშავის ხელშეკრულებას არ ექნებოდა ისეთი გადამწყვეტი უპირატესობა ნატო-ს ბლოკზე ჩვეულებრივ შეტევით შეიარაღებაში, რომ ორივე ბლოკის შეიარაღებული ძალების თანაბარპროცენტული რაოდენობრივი შემცირება, ანუ ამ პროცესის განხორციელება ჯერ კიდევ 1970-იან წლებში, ნატო-ს ბლოკისთვის უსაფრთხოების თვალსაზრისით წამგებიანი და ამდენად შეუძლებელი ყოფილიყო. აქ, როგორც ჩანს, და დღესდღეობით ამას არც მალავენ, ადგილი ჰქონდა გამალებული შეიარაღების მეშვეობით საბჭოთა კავშირის ეკონომიკური გამოფიტვის მიზანმიმართული პოლიტიკის გატარებას.

(გაგრძელება იხ. ნაწილი II)

მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment