Saturday, May 14, 2011

ნატო და დასავლეთევროპული კავშირი 1970-იან წლებსა და 1980-იანების პირველ ნახევარში

შინაარსი

შესავალი
I. ჩრდილოატლანტიკური კავშირი _ ნატო 1970-იან წლებში
1. ნატო-ს პოლიტიკური (სამოქალაქო) ორგანიზაცია 1970-იან წლებში
2. ნატო-ს ბლოკის სამხედრო ორგანიზაცია 1970-იან წლებში
II. დასავლეთევროპული ქვეყნების სამხედრო ინტეგრაცია 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში
III. ნატო-ს სამოკავშირეო შეიარაღებული ძალები ევროპაში 1970-იან წლებში (28)
IV. ნატო-ს მობილური ძალები 1970/80-იანი წლების მიჯნაზე
V. ნატო-ს ძირითადი ქვეყნების ტერიტორიული ჯარები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში
VI. ნატო-ს სტრატეგიული სარდლობა ატლანტიკაში 1970-იან წლებში
VII. ნატო-ს ბლოკის მთავარი სარდლობა ლა-მანშის სრუტის ზონაში 1970-იან წლებში (62)
VIII. ნატო-ს ინფრასტრუქტურა 1970-იან წლებში
IX. სამხედრო სტანდარტიზაცია ნატო-ში 1970-იან წლებში
დასკვნის მაგიერ
გამოყენებული ლიტერატურა

(ნ ა წ ი ლ ი I)

შესავალი

ეს ნაშრომი წარმოადგენს უფრო ვრცელი მონოგრაფიის პირველ ნაწილს, რომლის სავარაუდო სათაურიც უნდა იყოს “დასავლეთის სახელმწიფოთა სამხედრო-პოლიტიკური ალიანსები ცივი ომოს პერიოდიდან დღემდე”. კვლევის პერიოდი მოიცავს 1970-იანი წლების დაწყისიდან ჩვენს დღეებამდე, ვინაიდან სწორედ ამ პერიოდზე გაგვაჩნია შესაბამისი კომპეტენტური და სტაბილური წყაროები, რომელთა მთავარი ნაწილია ყოფილი საბჭოთა კავშირის, ამჟამად რუსეთის ფედერაცის თავდაცვის სამინისტროს ყოველთვიური ჟურნალი “Зарубежное военное обозрение”. ეს ჟურნლი ამ სათაურით გამოდის 1974 წლიდან და იგი ღია სამხედრო-პეროდული გამოცემაა, ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული მკითხველისთვის. მანამდე იგი გამოდიოდა სახელწოდებით « Военный зарубежник » და მას ავრცელებდნენ მხოლოდ საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ოფიცრებს შორის. შესაბამისად თბილისის ცენტრალურ ბიბლიოთეკებში მოიპოვება ამ უკანასკნელი ჟურნალის მხოლოდ რამდენიმე ნომერი.

ჟურნალ “Зарубежное военное обозрение”-ს ავტორები თავიანთ წერილებს ამზადებენ საზღვარგარეთულ ღია სამხედრო და პოლიტიკურ გამოცემებში გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე. შესაბმისად მათ წყაროებს წარმოადგენს ისეთი ავტორიტეტული უცხოური სამხედრო პერიოდული გამოცემები, როგორებიცაა _ “მილითერი რევიუ”, “ინტერნეშენლ დეფენს რევიუ”, “ჯეინს დეფენს ვიქლი”, “არმადა ინტერნეშენლი”, “ფლაით ინტერნეშენლი”, “ზოლდატ უნდ ტეხნიკი”, “თრუფენ პრაქსისი” და ა. შ. რაც შეეხება სამხედრო პოლიტიკისა და იდეოლოგიის საკითხებს, აქ საბჭოთა ავტორები წერდნენ გარკვეული ტენდენციურობით, რომლის შესახებაც შესაბამისი დარგების სპეციალისტების კრიტიკული მსჯელობა და კამათი აუცილებელია საქმის ნამდვილ ვითარებაში გასარკვევად (თანამედროვე რუს ავტორებთან ასეთი ტენდენციურობა გაცილებით უფრო ნაკლები დოზითაა), მაგრამ რაც შეეხება საზღვარგარეთის სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების დანიშნულებას, ორგანიზაციას, საბრძოლო ტექნიკისა და შეიარაღების შემადგენლობას, ცლკეული ნიმუშების ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლებს, ქვედანაყოფების, ნაწილებისა და შენაერთების საბრძოლო გამოყენების ტაქტიკისა და ოპერატიული ხელოვნების საკითხებს, აგრეთვე სამხედრო სტრატეგიისა და დიდი სტრატეგიის სფეროს, აქ ისინი უმეტესწილად კომპეტენტური, მცოდნე და ობიექტური მთხრობელები არიან და, ჩვენი აზრით, ზედმიწევნით და ყოველ წერილში სხვადასხვა კუთხით აშუქებენ საზღვარგარეთის სახელმწიფოთა თანამედროვე სამხედრო მშენებლობის თეიორიასა და პრაქტიკას. მოცემული პერიოდული გამოცემის (კადრის მკითხველები ხომ პირველ რიგში თავად საბჭოთა და რუსი სამხედრო მოსამსახურეები ოფიცრები, გენერლები და ადმირალები) იყვნენ და არიან, აგრეთვე სამხედრო საქმით დაინტერესებული სხვა ადამიანები.

ზემოაღნიშნული ჟურნალი შედგება შემდეგი ძირითადი განყოფილებებისგან: შეიარაღებული ძალების ზოგადი საკითხები, სახმელეთო ჯარები, სამხედრო-საჰაერო ძალები, სამხედრო-საზღვაო ძალები, სამხედრო ეკონომიკა და ინფრასრუქტურა, მიმდინარე სამხედრო ქრონიკა. შესაბამისად, დაინტერესებული მკითხველები მის ნომრებში ბევრ საინტერესო ფუნდამენტურ და აქტუალურ მასალას აღმოაჩენენ.

ჩვენს ნაშრომში შევეხებით ჩრდილოატლანტიკური კავშირის (ნატო-ს) პოლიტიკურ და სამხედრო ორგანიზაციასა და მართვის ორგანოებს, მასში მონაწილე სახელმწიფოების დამატებითი სამხედრო-პოლიტიკური ინტეგრაციის ორგანოებს, აგრეთვე ბლოკის სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების ორაგანიზაციის ზოგად საკითხებს.

I. ჩრდილოატლანტიკური კავშირი _ ნატო

1. ნატო-ს პოლიტიკური (სამოქალაქო) ორგანიზაცია

ჩრდილოატლანტიკური სახელეკრულებო ორგანიზაცია _ ნატო (North Atlantic Treaty Organization – NATO) შეიქმნა 1949 წლის 4 აპრილს. მასში თავდაპირველად გაერთიანდა ჩრდილო ამერიკისა და დასავლეთ ევროპის 12 სახელმწიფო. 1970-იანი წლების პირველ ნახევარში მათი რიცხვი შეადგენდა უკვე 15-ს. ესენი იყვნენ: აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, გფრ, საფრანგეთი, იტალია, თურქეთი, ნიდერლანდები, ბელგია, დანია, ნორვეგია, ისლანდია, ლუქსემბურგი, საბერძნეთი და პორტუგალია. ნატო-ს ბლოკის ე. წ. “პასუხისმგებლობის” ზონა მოიცავდა ბლოკის მონაწილე ქვეყნების ტერიტორიებს, ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილსა (ჩრდილოეთის ტროპიკიდან ჩრდილოეთით) და ხმელთაშუა ზღვის აკვატორიას, აგრეთვე ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკის ტერიტორიას. მხოლოდ ჩრდილო ამერიკისა და დასავლეთ ევროპის კონტინენტებზე (მიმდებარე კუნძულების ჩათვლით) ბლოკის ზონის სახმელეთო ნაწილის ტერიტორია შეადგენდა 22 მლნ. კვ. კმ-ზე მეტს, ხოლო მისი წევრი სახელმწიფოების მოსახლეობის საერთო რიცხვი 1970-იანი წლების შუახანებში უტოლდებოდა დაახლოებით 555 მლნ. ადამიანს.

იმავე პერიოდში ნატო-ს ბლოკის მონაწილე სახელმწიფოთა ჯამური სამხედრო ხარჯები 1949 წლის 18,7 მლრდ. ამერიკული დოლარიდან გაიზარდა 1977 წლის 174,6 მლრდ. დოლარამდე. ხოლო ამ წლებში მთლიანად ალიანსის მონაწილე ქვეყნებმა სამხედრო მიზნებისთვის დახარჯეს 2500 მლრდ. დოლარზე მეტი. ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს ბლოკის სამოკავშირეო (გაერთიანებულ) შეიარაღებულ ძალებში უკვე მშვიდობიანობის დროს გადაცემული ჰყავდათ 5 მლნ. ადამიანზე მეტი. ცხადია, რომ ომიანობის დროს ისინი გეგმავდნენ მათი რიცხვის მნიშვნელოვან გაზრდას, როგორც თავად დასავლეთ ევროპაში რეზერვისტების გაწვევისა და საომარი დროის შტატებით დაკომპლექტებული შეიარაღებული ძალების მობილიზების, ისე აშშ-დან და კანადიდან გაძლიერების ჯარებისა და ძალების გადმოსროლის ხარჯზე.

აღნიშნული ძალების სამართავად ბლოკში შექმნილი იყო (და დღესაც არის) პოლიტიკური (“სამოქალაქო”) და სამხედრო ორგანოების, აგრეთვე სამოკავშირეო შტაბების განტოტვილი ქსელი. 1970-იანი წლების შუახანებში იგი გამოიყურებოდა 1-ლ ნახატზე წარმოდგენილი სახით. ნატო-ს ყველა ძირითად სამხედრო ორგნოში და, განსაკუთრებით, სამოკავშირეო შეიარაღებულ ძალებში (მშძ) გაბატონებული მდგომარეობა ეკავათ ამერიკელებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1966 წელს საფრანგეთი გავიდა ბლოკის სამხედრო ორგანზაციიდან, მაგრამ დარჩა მის პოლიტიკურ ორგანიზაციაში. და ვინაიდან საფრანგეთის წარმომადგენლები ნატო-ს პოლიტიკურ ორგანოებში უარს აცხადებდნენ განეხილათ სამხედრო საკითხებიც, ამას შედეგად მოჰყვა ბლოკის პოლიტიკური (სამოქალაქო) და სამხედრო სტრუქტურების ამოცანებისა და საქმიანობის სფეროების უფრო მკაფიო გამიჯვნა.

[1-ლ ნახატზე, რომლის სახელწოდებაცაა ნატო-ს ბლოკის ხელმძღვანელი ორგანოების სქემა, ერთმანეთის პარალელურად მოცემულია ალიანსის სამოქალაქო (პოლიტიკური) და სამხედრო ორგანიზაცია. სამოქალაქო ორგანიზაციის სათავეში იდგა ნატო-ს საბჭო, ნატო-ს მუდმივი საბჭოთი, სამხედრო ორგანიზაციის სათავეში კი – ნატო-ს სამხედრო დაგეგმვის კომიტეტი, სამხედრო დაგეგმვის მუდმივი კომიტეტით; ნატო-ს მუდმივ საბჭოს ექვემდებარებოდნენ ნატო-ს გენერალური მდივანი, აგრეთვე კომიტეტების და სააგენტოები; ნატო-ს სამხედრო დაგეგმვის მუდმივ კომიტეტს – სამხედრო კომიტეტი, მუდმივი სამხედრო კომიტეტით და ბირთვული თავდაცვის კომიტეტი; ნატო-ს გენერალურ მდივანს ექვემდებარებოდა საერთაშორისო სამდივნო, რომელსაც გააჩნდა სამმართველოები და ბიუროები; ბირთვული თავდაცვის კომიტეტს ექვემდებარებოდა ბირთვული დაგეგმვის ჯგუფი; ნატო-ს მუდმივ სამხედრო კომიტეტის დაქვემდებარებაში შედიოდნენ: საერთაშორისო სამოკავშირეო შტაბი, კომიტეტები, სააგენტოები, ბიუროები, სამხედრო კოლეჯი, უმაღლესი სარდლობა ევროპაში, უმაღლესი სარდლობა ატლანტიკაში, მთავარი სარდლობა ლა-მანშის სრუტეში, აშშ-კანადის სტრატეგიული დაგეგმვის რეგიონული ჯგუფი; გარდა ამისა, ნაჩვენები იყო ჩრდილოატლანტიკური ასამბლეა, ატლანტიკური კავშირის ასოციაცია და ნატო-ს ევროჯგუფი].

ამასთანავე ალიანსის სამხედრო ორგანიზაციიდან გასვლის შემდეგ საფრანგეთი აგრძელებდა სამხედრო თანამშრომლობას მასთან და ბლოკის მონაწილე ქვეყნებთან ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე. 1970-იან წლებში (და საერთოდ ცივი ომის განმავლობაში) ალიანსის ყველა ძირითად შტაბში იყო ფრანგული სამხედრო მისიები, საფრანგეთის შეიარაღებული ძალების შენაერთები და ნაწილები მონაწილეობას ღებულობდნენ ბლოკის სახელმწიფოებთან ერთობლივ სწავლებებში. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურად იწვევდნენ საფრანგეთის საჰაერო ძლებისა და საზღვაო ძალების შენაერთებსა და ნაწილებს. საფრანგეთი მაშინვე მონაწილეობდა დასავლეთ ევროპაში ალიანსის საჰაერო თავდაცვის ძალებისა და საშუალებების მართვის სამოკავშირეო სიტემაში, შეიარაღების რიგი ნიმუშების ერთობლივ შემუშავებასა და წარმოებაში და ა.შ.

1970-იანი წლების დაწყისში კ. კვიპროსზე საბერძნეთსა და თურქეთს შორის დატრილებული კონფლიქტისა და მასთან დაკავშირებით ნატო-ს ბლოკის ხელძღვანელობის მიერ დაკავებული პოზიციით უკმაყოფილების გამო პროტესტის ნიშნად 1974 წელს საბერძნეთის ხელისუფლებამაც განაცხდა ნატო-ს სამხედრო ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ, მაგრამ ამ მიმართულებით სრულმასშტაბიანი ზომები არ მიუღია და მხოლოდ შეზღუდული ღონისძიებების გატარებით შემოიფარგლა. გარდა ამისა, ვინაიდან ნატო-ს ბლოკის წევრ კუნძულოვან სახელმწიფოს ისლნდიას თავისი შეიარაღებული ძალები და შესაბამისად სამხედრო მართვის ორგანოები არ გააჩნია, ამიტომ იგი თუმცა კი შედიოდა ალიანსის სამხედრო ორგაიზაციაში, მაგრამ მის უმაღლეს ორგანოებში წარმოდგენილი იყო არა თვდაცვის მინისტრის, არამედ სხვა რომელიმე სამინისტროს ხელმძღვანელის ან სპეციალური ელჩის მიერ.

ამრიგად, 1970-იან წლებში ჩრდილოატლნტიკური კავშირის წევრი 15 სახელმწიფოდან მის პოლიტიკურ (“სამოქალაქო”) სტრუქტურებში მონაწილეობდა ყველა, ხოლო სამხედროში _ მხოლოდ 13 (საფრანგეთისა და საბერძნეთის გამოკლებით). ალიანსის უმაღლეს ორგანოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა ”სამოქალაქო” პრობლემების გადაწყვეტაში წარმოადგენდა ნატო-ს საბჭო, რომელიც შედგებოდა მონაწილ;ე სახელმწიფოთა წამომადგენლებისგან. ნატო-ს საბჭოს სესიებს იწვევდნენ წელიწადში ორჯერ (გაზაფხულზე და ზამთარში) და ატარებდნენ ჩვეულებრივ ბლოკის ყველა სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე თავდაცვის, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების მონაწილეობით (განსახილველი საკითხების და მიხედვით). განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაწყვეტად სესიებს იწვევდნენ მთავრობათა თავმჯდომარეების დონეზეც. შესაძლოა მოეწვიათ აგრეთვე ნატო-ს საბჭოს საგანგებო სესიებიც.

ნატო-ს საბჭო ერთი წლის ვადით ირჩევდა თავის საპატიო თავმჯდომარეს (პრეზიდენტს) საგარეო საქმეთა მინისტრების რიცხვიდან (მონაცვლეობა შეესაბამებოდა ინგლისურ ალფაბეტში ქვეყნის დასახელების პირველ ასოს). საპატიო თავმჯდომარე მხოლოდ ოფიციალურად ხსნიდა და ხურავდა სესიებს, ხოლო მათ სამუშაოებს ატარებდნენ ჩვეულებრივ ნატო-ს გენერალური მდივნის თავმჯდომარეობით. ბლოკის საბჭოსა და სხვა ორგანოებში გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლად ედო ერთხმიანობის (ერთხმად გადაწყვეტის, კონსენსუსის) პრინციპი.

საბჭოს სესიებზე განიხილავდნენ საერთაშორისო ურთიეთობების უმნიშვნელოვანეს პრობლემებს და გამოიმუშავებედნენ ნატო-ს შეთანხმებულ პოლიტიკას, ახდენდნენ მსოფლიოს ძირითად რაიონებში ვითარების შეფასებას, აანალიზებდნენ მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთობებს და სახავდნენ ბლოკის განმტკიცების ზომებს, ისმენდნენ მოლაპარაკებების შესახებ მინისტრების მოხსენებებს და ა.შ. საბჭოთა ავტორების აღნიშვნით, 1970-იანი წლების პირველ ნახევარში ნატო-ს საბჭო თავის გადაწყვეტილებებში იძულებული იყო აღენიშნა დადებითი ძვრები საერთაშორისო ურთიერთობებში (საბჭოთა კავშირისა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის პოლიტიკა საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვისკენ, ჰელსინკის პროცესის დაწყება), და მაინც განუწყვეტლივ მოუწოდებდა სოციალისტური ბანაკის სახელმწიფოებთან ურთიერთობები აეგოთ “ძალის პოზიციიდან”, გაეზარდათ ბლოკის სამხედრო ძლიერება.

საბჭოს სესიებს შორის პერიოდში ალიანსის პოლიტიკური საქმიანობის ხელმძღვანელობას ახორციელებდა ნატო-ს მუდმივი საბჭო, რომელიც მუშაობდა 15 მონაწლე სახელმწიფოს მუდმივი წარმოადგენლების დონეზე ელჩების რანგში. მუდმივი საბჭოს სხდომებს იწვევდნენ კვირაში ერთხელ ან ორჯერ ნატო-ს გენერალური მდივნის ან მისი მოადგილის თავმჯდომარეობით. მუდივი საბჭო განთავსებული იყო ბლოკის შტაბ-ბინაში ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში.

ნატო-ს სამხედრო პრობლემების გადაწყვეტაში უმაღლეს, დირექტიულ-პოლიტიკურ ორგანოს წარმოადგენდა სამხედრო დაგეგმვის კომიტეტი, რომელიც თავისი უფლებამოსილებებით გათანაბრებული იყო ნატო-ს საბჭოსთან, აგრეთვე მისდამი დაქვემდებარებული მუდმივად მოქმედი ორგანო სამხედრო დაგეგმვის მუდმივი კომიტეტი, მაგრამ მათ შესახებ, ისევე როგორც ალიანსის სხვა სამხედრო ორგანოების და სტრუქტურებისა, ქვემოთ ცალკე გვექნება საუბარი.

ნატო-ს საბჭოსა და სამხედრო დაგეგმვის კომტეტს უშუალოდ ემორჩილებოდნენ ბლოკის გენერალური მდივანი საერთშორისო სამდივნოთი, აგრეთვე დიდი როდენობით მუდმივი და დროებითი კომიტეტები, საბჭოები, სააგენტოები და ჯგუფები. პოლიტიკური (სამოქალაქო) პრობლემებით დაკავებული კომიტეტები ემორჩილებოდნენ ნატო-ს საბჭოს, სამხედრო პრობლემებით დაკავებულები _ სამხედრო დაგეგმვის კომიტეტს.

საერთაშორისო სამდივნო წარმოადგენდა ნატო-ს საბჭოს სამუშაო და აღმასრულებელ ორგანოს და მდებარეობდა ბრიუსელში. მას მეთაურობდა გენერალური მდივანი, რომელსაც ირჩევდნენ სამი წლის ვადით და ამავე დროს შესაძლებელი იყო მისი უფლებამოსილებების გაგრძელებაც. გენერალურ მდივანს ჰყავდა მოადგილე, ოთხი თანაშემწე და იურიდიული მრჩეველი. საერთაშორისო სამდივნოს შემადენლობაში შედოდა ოთხი სამმართველო: პოლიტიკური, დაგეგმვის, ზურგის უზრუნველყოფისა და სამეცნიერო. თითოეული მათგანი ორგანიზებას უკეთებდა, კოორდინირებას უწევდა და გარკვეული ხარისხით აკონტროლებდა რიგი კომიტეტებისა და სააგენტოების მუშაობას. საერთაშორისო სამდივნოს შემადგენლობაში შედიოდა ორი ბიურო: ა). ადმინისტრაციული და კადრების, ბ). ფინანსური კონტროლის, აგრეთვე აღმასრულებელი სამდივნო.

1970-იანი წლების შუახანებისთვის ნატო-ს საბჭოსა და სამხედრო დაგეგმვის კომიტეტს ემორჩილებოდა დაახლოებით 30 მუდმივი კომიტეტი და 15-მდე სააგენტო და ორგანიზაცია. მათგან ძირითად კომიტეტებს შეადგენდა: პოლტიკური მრჩევლების, ყოველწლიური ანგრიშების, სამოქალაქო ბიუჯეტის, სახედრო ბიუჯეტის, კულტურისა და ინფორმციის საკითხების, ინფრასრუქტურებისა და მილსადენების, მეცნიერების საკითხებში, “თანამედროვე საზოგადოების” პრობლემების (გარემოს დაცვა), სამოქალაქო სფეროში საგნგებო გეგმების შემუშავების მთავარი კომიტეტი, საკონსულტაციო საბჭო შეიარაღებათა საკითხებში, ბირთვული თავდაცვის კომიტეტი, სამხედრო კომიტეტი და სხვები. ამა თუ იმ კომიტეტის საქმიანობის ხასიათზე მეტყველებს თავად მისი დასახელება. ყველა კომიტეტი სწავლობდა პრობლემებს, შეიმუშავებდა წინდადებებსა და რეკომენდაციებს, რომლებსაც შემდეგ დასამტკიცებლად წარადგენდნენ ნატო-ს საბჭოს სესეიაზე ან (და) სამხედრო დაგეგმვის კომტეტის სხდომაზე. კომიტეტები შედგებოდა ალიანსის სხვდასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან.

სამოქალაქო ხასიათის აღნიშნული კომიტეტებიდან ნატო-ს ბლოკში განსაკუთრებულ ყუადღებას უთმობდნენ სამოქალაქო სფეროში საგანგებო გეგმების შემუშავების მთავარი კომიტეტის მუშაობას, რომელიც შეიმუშავებდა ადამიანური და მატერიალური რესურსების, აგრეთვე ტრანსპორტის საშაულებების სამხედრო მიზნებით გამოყენების გეგმებს, ატარებდა საომარი დროისთვის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებების აუცილებლი მარაგების შექმნის ღონისძიებებს. მის შემადგენლობაში შედიოდა ათამდე ხხვადასხვა კომიტეტი, მათ შორის საოკეანო გადაზიდვების დაგეგმვის, ნავთობპროდუქტებით მომარაგების დაგეგმვის, სამრეწველო რესურსების, კვების პროდუქტების, სამუშაო ძალის, სამოქალაქო თავდაცვის ხაკითხებში.

ალიანსის საქმიანობის ცალკეული დარგის უშუალო ხელმძღვანელობისთვის ან მშენებლობის რომელიმე პროექტის განსახორციელებლად (ყველაზე ხშირად მატერილურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, სისტემების ექსპლუატციის, იარაღის ერთობლივი წარმოებისა და ერთობლივი მშენებლობის სფეროში) ნატო-ს შტაბ-ბინაში ქმნიდნენ სპეცილურ სააგენტოებსა და ორგანიზაცებს. მშენებლობის დასრულების შემდეგ სააგენტოებს აუქმებდნენ. 1970-იანი წლების პირველ ნახევარში ბლოკში იყო 15 ასეთი სააგენო და ორგანიზაცია, მათ შორის: სათადარიგო ნაწილებით მომარაგებისა და ტექნიკური მომსახურების, ცენტრალურ ევროპაში მილსადენების მშენებლობისა და ექსპლუატაციის, ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემა “ნეიჯის” მშენებლობისა და ექსპლუატაციის, საზენიტო მართვადი რკეტების “ჰოქებისა” და მრავალმიზნობრივი გამანადგურებელი თვითმფრინავების MRCA (“პანავია_200”; შემდგომში მიიღო დასახელება ”ტორნადო”) ერთობლივი წარმოების, ნატო-ს სამოკავშირეო კავშირგაბმულობის სისტემის მშენებლობისა და სხვა საკითხებში.

ნატო-ში იყო რიგი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, რომლებიც ოფიციალურად ბლოკის ხელმძღვანელ ორგანოებს არ მიეკუთვნებოდნენ, მაგრამ თავინთი ხაზით ატარებდნენ დიდ სამუშაოს ჩრდლოატლანტიკური კავშირის ზოგადი პოლიტიკის ფარგლებში. ამ ორგანიზაციებს უწინარეს ყოვლისა მიეკუთვნებოდნენ ე. წ. ევროჯგუფი, ჩრდილოატლანტიკური ასამბლეა და ატლანტიკური კავშირის ასოციაცია.

ევროჯგუფი შედგებოდა ბლოკის თერთმეტი ევროპული სახელმწიფოს (საფრანგეთის გამოკლებით) თავდაცვის მინისტრებისგან, ჰქონდა მკაფიოდ გამოხატული სამხედრო ხასიათი და ამიტომ მის საქმიანობას უფრო ქვემოთ შევეხებით. ჩრდილოატლანტიკური ასამბლეა წარმოადგენდა ნატო-ს საბჭოსა და ნატო-ს სამხედრო დაგეგმვის კომიტეტის სათათბირო ორგანოს. მის სხდომებს იწვევდნენ წელიწადში ერთხელ ჩვეულებრივ შემოდგომაზე, რომლებშიც მონაწილეობას ღებულობდნენ ალიანსის მონაწილე სახელმწიფოებიდან დელეგირებული პარლამენტის წევრები. საბჭოთა ავტორების აღნიშვნით, ეხ ორგანიზცია შექმნილი იყო ბლოკის მილიტარისტული წრეების დასახმარებლად მათი აგრესიული კურსის განხორციელებისა და ეროვნულ მთავრობებზე ზეწოლის საქმეში, ხოლო მისი გადწყვეტილებები განმსჭვალული იყო მილიტარისტული სულით, ბლოკის სამხედრო ძლიერების ზრდისკენ და “ძალის პოზოციიდან” პოლიტიკის წარმოებისკენ მოწოდებებით.

ნატო-ს ბლოკის სასარგებლოდ პროპაგნდის გაშლის მიზნით შექმნილი იყო ატლანტიკური კავშირის ასოციაცია, რომელსაც გააჩნდა თავისი მრავალრიცხოვანი განყოფილებები და სექციები ალიანსის მონაწილე ყველა სახელმწიფოში. ამ ასოციაციის ხაზით აწარმოებდნენ დიდ პროპაგანდისტულ მუშაობას. პერიოდულად ატარებდნენ ასოციაციის კონგრესებს, რომელთა გადაწყვეტილებებიც, 1970-იანი წლების საბჭოთა ავტორების აზრით, განმსჭვალული იყო მილიტარიზმისა და ცივი ომის სულით, მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია მოუწოდებდნენ “საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვისა” და “მშვიდობიანი თანაარსებობისკენ”, ხოლო ზოგადად ევროატლანტიკურ სივრცეში “ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის” (ევროთათბირის _ ეუთთ, ამჟამად ეუთო-ს) ეგიდით დაწყებული იყო დაპირისპირებულ სამხედრო-პოლტიკურ ბლოკებს შორის ნდობის გაძლიერების, შეიარაღებათა შეზღუდვებისა და პერსპექტივაში შემცირების პროცესიც (ე. წ. ჰელსინკის პროცესი).

ასეთია 1970-იან წლებში ნატო-ს ბლოკის პოლიტიკური (სამოქალაქო) ხელმძღვანელი ორგანოების სისტემის ორგანიზაცია. ამ ორგანოებიდან ბევრი კიდევ მოქმედებს, ბევრიც შესაძლოა გაუქმდა ან ახალი სახითა და ფუნქციებით აგრძელებს საქმიაობას. შევეცდებით მათ შევეხოთ მონოგრაფიაზე შემდგომი მუშაობის პროცესში. ახლა კი განვიხილავთ ალიანსის სამხედრო ორგნიზაციას იმავე 1970-იან წლებში.

2. ნატო-ს ბლოკის სამხედრო ორგანიზაცია 1970-იან წლებში

როგორც ზემოთ აღვიშნეთ (ნახ.1), ჩრდილოატლანტიკური კავშირის უმაღლესი სამხედრო ორგანოა სამხედრო დაგეგმვის კომიტეტი, რომელიც ცივი ომის პერიოდში თავისი უფლებამოსილებების მიხედვით გათანაბრებული იყო ნატო-ს საბჭოსთან და გააჩნდა ალიანსის სამხედრო საქმიანობის სფეროში უმაღლესი, დირექტიული პოლიტიკური დოკუმენტების გამოცემისა და ამ პოლიტიკის განსაზღვრის უფლებები. ნახ. 2-ზე უფრო დაწვრილებით არის გადმოცემული ნატო-ს სამხედრო ორგანიზაცის სქემა.

[მე-2 ნახატზე, რომლის სახელწოდებაც არის ნატო-ს ბლოკის სამხედრო ორგანიზაცია, სათავეში ნაჩვენები იყო ნატო-ს სამხედრო დაგეგმვის კომიტეტი სამხედრო დაგეგმვის მუდმივი კომიტეტით (ბრიუსელი, ბელგია); მას ექვემდებარებოდნენ: ნატო-ს სამხედრო კომიტეტი მუდმივი სამხედრო კომიტეტით (ბრიუსელი,) ნატო-ს ბირთვული თავდაცვის კომიტეტი, აგრეთვე კომიტეტები და სააგენტოები, გარდა ამისა აქვე ნაჩვენები იყო ნატო-ს ევროჯგუფიც; ნატო-ს ბირთვული თავდაცვის კომიტეტს ექვემდებარებოდა ალიანსის ბირთვული თავდაცვის ჯგუფი; ნატო-ს სამხედრო კომიტეტსა და მუდმივ სამხედრო კომიტეტს ექვემდებარებოდნენ საერთაშორისო სამოკავშირეო შტაბი (ბრიუსელი), კომიტეტები, სააგენტოები, ბიუროები, ნატო-ს სამხედრო კოლეჯი, ნატო-ს სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლობა ევროპაში, ნატო-ს სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლობა ატლანტიკაში, ნატო-ს სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების მთავარი სარდლობა ლა-მანშის სრუტის ზონაში, სტრატეგიული დაგეგმვის რეგიონული ჯგუფი აშშ-კანადა].

ნატო-ს სამხედრო დაგეგმვის კომიტეტი 1970-იან წლებში მუშაობდა ალიანსის 12 ქვეყნის თავდაცვის მინისტრებისა და ისლანდიის წარმომადგენლის მონაწილეობით (საფრანგეთი და საბერძნეთი არ მონაწილეობდნენ მის მუშაობაში, ხოლო ისლანდიას შეიარაღებული ძალები არ გაჩნდა, არც თავდაცვის მინისტრი ჰყავდა და ამიტომ კომიტეტში წარმოდგენილი შესაძლოა ყოფილიყო სხვა რომელიმე მინისტრით ან მუდმივი წარმომადგენლით ელჩის რანგში). კომიტეტი მუშაობდა ნატო-ს საბჭოს მუშაობის მსგავსი წესით. მის სხდომებს ატარებდნენ წელიწადში ორჯერ _ გაზაფხულზე (ზაფხულში) და შემოდგომაზე (ზამთარში), რომლებსაც თავმჯდომარეობდა ნატო-ს გენერალური მდივანი.

სხდოებზე განიხილავდნენ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებას მსოფლიოს ძირითად რაიონებში (1970-იანი წლების შუახანებში მინისტრების განსაკუთრებული ყურადღება მიპყრობილი იყო ხმელთაშუა ზღვის აუზზე), თურქეთსა და საბერძნეთს შორის კვიპროსის გამო კონფლქტის, აგრეთვე შესაძლოა სხვა მიზეზების გათვალისწინებით), ბლოკის სამხედრო სტრატეგიას, აგრეთვე სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების (მშძ) მშენებლობის უმნიშვნელოვანეს პრობლემებსა და გეგმებს, მისი სიძლიერის შემდგომი ზრდის ღონისძიებებს, ღებულობდნენ სარეკომენდაციო გადაწყვეტილებებს ბლოკში მონაწილე ქვეყნების სამხედრო ხარჯების სფეროში.

კომიტეტის წევრები, ნატო-ში მიღებული პრაქტიკით, შეიმუშავებდნენ მშძ-ის განვითარების გრძელვადიან და ხუთწლიან (“მოსრიალე”) გეგმებს. სახელდობრ, 1970-იანი წლების დასწყისში აშშ-ის პრეზიდენტის რ. ნიქსონის შეთავაზებით
ბლოკის ხელმძღვანელ ორგანოებში მუშაობა დაიწყეს ახალი პერსპექტიული გეგმის შემუშავებაზე შემდგომი ათი წლისთვის. ნატო-ს სამხედრო დაგეგმვის კომიტეტის სხდომებს ყველზე ხშირად ატარებდნენ ბრიუსელში _ ალიანსის შტაბ-ბინაში, თუმცა შესაძლებელი იყო მათი ჩატარება რომელიმე მოკავშირე სახელმწიფოს ტერიტორიაზეც.

თავდაცვის მინისტრების რანგში კომიტეტის სხდომებს შორის პერიოდებში ზემოაღნიშნულ სფეროში ნატო-ს საქმიანობის ხელმძღვანელობას ახორციელებდა სამხედრო დაგეგმვის მუდმივი კომიტეტი, რომელიც 1970-იანი წლების მიწურულისთვის მუშაობდა ბლოკის წევრი 13 სახელმწიფოს (საფრანგეთისა და საბერძნეთის გამოკლებით) მუდმივი წარმომადგენლების დონეზე ელჩების რანგში _ იმავე ელჩებისა, რომლებიც იყვნენ ნატო-ს მუდმვი საბჭოს წევრები. მუდმივი კომიტეტი განლაგებული იყო ბლოკის შტაბ-ბინაში ბრიუსელში, ხოლო მის სხდომებს ატარებდნენ დაახლოებით ორ კვირაში ერთხელ გენერალური მდივნის ან მისი მოადგილის თავმჯდომარეობით.

სამხედრო დაგეგმვის კომიტეტს უშუალოდ ემორჩილებოდა ბირთვული თავდაცვის კომიტეტი ბირთვული დაგეგმვის ჯგუფით და ნატო-ს სამხედრო კომიტეტი, აგრეთვე რიგი კომიტეტების და სააგენტოებისა.

ბირთვული თავდაცვის კომიტეტი 1970-იანი წლების შუახანებში მუშაობდა ნატო-ს 12 სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრების დონეზე (საფრანგეთის, ისლანდიისა და ლუქსემბურგის გამოკლებით) და განიხილავდა ალიანსის პოლიტიკის საკითხებს ბირთვული იარაღის სფეროში. შესაბამისად ამ კომიტეტს განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ბლოკის ხელმძღვნელი ორგანოების სისტემაში. მას უნდა განეხილა ნატო-ს პოლიტკის საკითხები ბირთვული იარაღის სფეროში, მაგრამ, როგორც უცხოური სამხედრო გამოცემები იტყობინებოდნენ, მისი მუშაობა უფრო ხშირად იფარგლებოდა მირთვული დაგეგმვის ჯგუფის მოხსენებების განხილვით, რომლებსაც შემდგომში დასამტკიცდებლად წარადგენდნენ სამხედრო დგეგმვის კომიტეტში. ბირთვული თავდაცვის კომიტეტის სხდომებს იწვევდნენ ერთი-ორჯერ წელიწადში ნატო-ს გენერალური მდივნის თავმჯდომარეობით.

ბირთვული იარაღის სფეროში ალიანსის პოლიტიკის გამომუშავებასა და მისი გამოყენების ზოგადი პრინციპების შემუშავებაში ნატო-ს ძირითად ორგანოს წარმოადგენდა ბირთვული დაგეგმვის ჯგუფი, რომელიც ემორჩილებოდა უშუალოდ ბირთვული თავდაცვის კომიტეტს და ნომინალურად წარმოადგენდა მის სამუშაო ორგანოს. იგი სხდომებს იწვევდა წელიწადში ორჯერ _ გაზაფხულზე და ზამთარში, შვიდი-რვა ქვეყნის თავდაცვის მინისტრების დონეზე. მისი მუდმვი წევრები იყვნენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გფრ-ისა და იტალიის წარმომადგენლები, ხოლო დანარჩენ სამ-ოთხს ირჩევდნენ 18 თვის ვადით კანადის, ბელგიის, ნიდერლანადების, დანის, ნორვეგიის, საბერძნეთისა და თურქეთისგან.

ნატო-ს სამხედრო დაგეგმვის კომიტეტის საქმიანობაში მნიშვნელოვან ორგანოს წარმოადგენდა სამხედრო კომიტეტი, რომელიც ამავე დროს იყო ალიანსის უმაღლესი წმინდა სამხედრო ორგანო. იგი პასუხს აგებდა სამხედრო დაგეგმვის კომიტეტისთვის რეკომენდაციების მომზადებაზე, მშვიდობიანობის დროს ნატო-ს ზონაში სამხედრო ზომების მიღებაზე, განსაზღვრავდა ალიანსის სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების მშენებლობის მთავარ მიმართულებებს, ახორციელებდა ბლოკის სამოკავშირეო სარდლობებისა და სხვა სამხედრო ორგანოების ხელმძღვანელობას.

1970-იან წლებში კომიტეტი მუშაობდა 13 სახელმწფოს გენერალური შტაბების უფროსების (შეიარაღებული ძალების მთავარსარდლების) დონეზე. ისლანდია მასში წარმოდგენილი იყო სამოქალაქო პირით. საფრანგეთი არ მონაწილეობდა კომიტეტის მუაობაში, მაგრამ მასში ჰყავდა ნატო-ში თავისი სამხედრო მისიის უფროსი. კომიტეტის საპატიო თავმჯდომარედ (პრეზიდენტად) ირჩევდნენ მორიგეობით თითოეული ქვეყნის წარმომადგენელს ინგლისური ალფაბეტის მიხედვით ერთი წლის ვადით, ხოლო კომიტეტის სხდომებს ატარებდნენ ასევე ორჯერ წელიწადში _ გაზაფხულზე (ზაფხულში) და შემოდგომაზე (ზამთარში).

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომებს შორის პერიოდში ალიანსის სამხედრო საქმიანობას ხელმძღვანელობდა მუდმივი სამხედრო კომიტეტი, რომელშიც შედიოდნენ ალიანსის მონაწილე ქვეყნების გენერალური შტაბების წარმომადგენლები. იგი ახორციელებდა კონტროლს სამხედრო კომიტეტისის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე. მისი განლაგების ადგილი იყო ბრიუსელი. მუდმივი სამხედრო კომიტეტის საქმიანობაზე ყოველდღიური ხელმძღვანელობისთვის ნიშნავდნენ თავმჯდომარეს ორი-სამი წლის ვადით, რომელხაც ფაქტიურად მიჰყავდა კომიტეტის სხდომები და მონაწილეობდა სამხედრო დაგეგმვის კომიტეტის მუშაობაში.

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სამუშაო და აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენდა საერთაშორისო სამოკავშირეო შტაბი, რომელიც შეიმუშავებდა სამხედრო კომიტეტის დირექტივებს, შეიარაღებული ძალების მშენებლობის გეგმებს, სახელმძღვანელო დოკუმენტები მიჰქონდა ადრესატებამდე და ამოწმებდა მათ შესრულებას, კოორდინირებას უწევდა ალიანსის სამოკავშირეო სარდლობის სტრატეგიული და ოპერატიული გეგმების შესრულებას. შტაბის უფროსს გენერალ-ლეიტენენტის წოდებით ნიშნავდნენ მორიგეობით ბლოკის ქვეყნებიდან ორი წლის ვადით. მას ჰყავდა მოადგილე (აუცილებლად ამერიკელი გენერალი), რომელიც პასუხს აგებდა ბირთვული იარაღის გამოყენების კოორდინირებასა და შეიარაღებების ურთიერთ და დაბალანსებულ შემცირებაზე. 1970-იან წლებში შტაბი შედგებოდა ექვსი სამმართველოსგან: სადაზვერვო, დაგეგმვის, ოპერატიული, ზურგის, კავშირგაბმულობისა და ელექტრონიკის, მართვის სიტემებისა და ინფორმაციის, აგრეთვე სამდივნოსგან. სამმართველოებსა და სამდივნოს ხელმძღვანელობდნენ შტაბის უფროსის თანაშემწეები _ შვიდი გენერალი ბლოკის ხვადასხვა ქვეყნიდან.

ნატო-ს სამხედრო კომიტეტს უშულოდ ემორჩილებოდნენ: სამხედრო კავშირგაბმულობის კოორდინირების კომიტეტი; სამხედრო სტანდარტიზაციის ბიურო; სააგენტოები _ შორეული კავშირგაბმულობის, კავშირგაბმულობის საზღვაო საშუალებების, რადიოსიხშირეების განაწილების, სათადარიგო ნაწილებით მომარაგებისა და ტექნიკური მომსახურების; აერონავტიკის განვითარების საკონსულტციო სამსახური; სამხედრო კოლეჯი, რომელიც განლაგებულია იტალიის დედაქალაქ რომში და 1970/80-ნი წლების მიჯნაზე ყოველწლიურად ამზადებდა უმაღლესი კვალიფიკაციის დაახლოებით 100 ოფიცერსა და სამოქალაქო სპეციალისტს ბლოკის ხელმძღვანელი ორგანოებისა და სამოკავშირეო შტაბებისთვის.

ნატო-ს ბლოკში მიღებული გამიჯვნით ალიანსის პაუხისმგებლობის ზონა დაყოფილია ორ ომის თეატრად _ ატლანტიკურისა და ევროპულის, რომლებიც თავის მხრივ იყოფა საომარ მოქმედებათა თეატრებად (ომთ)*. ომის თეატრების ფარგლებში შექმილი იყო უმაღლესი (სტრატეგიული) სარდლობები, ხოლო ომთ-ების ფარგლებში _ მთავარი სარდლობები შესაბამისი შტაბებით. 1970-იან წლებში, უცხოური სამხედრო პრესის მონაცემებით, ნატო-ს შტაბებში დაკვებული იყო 16 ათასზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურე. უმაღლესი სარდლობები შექმნლი იყო ევროპულ და ალანტიკურ ომის თეატრებზე, მთავარი სარდლობა _ ლა-მანშის სრუტის ზონაში, ხოლო ჩრდილოამერიკულ კონტინენტზე მოქმედებდა სტრატეგიული დაგეგმვის რეგიონული ჯგუფი აშშ _ კანადა. (შენიშვნა: * ომის თეატრი, ნატო-ს ბლოკში მიღებული ტერმინოლოგიით, ეწოდება ხმელეთის, ზღვისა და ჰაერის იმ რაიონს, რომელიც არის, ან შესაძლოა გახდეს ძირითადი საბრძოლო მოქმედებების წარმოების არედ. საომარ მოქმედებათა თეატრი ეწოდება ომის თეატრის იმ ნაწილს, რომელიც საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში აუცილებლად გადაიქცევა სამხედრო ოპერაციების წარმოებისა და მათი ხელმძღვანელობისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების არედ.)

ევროპაში ნატო-ს უმაღლესი სარდლობის ორგანიზაცია 1970-იან წლებში წამოდგენილია ნახ. 3-ზე. მისი ზონა მოიცავდა ალიანსის ევროპული ქვეყნების ტერიტორიებს (დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და პორტუგალიის გამოკლებით), თურქეთის ტერიტორიასა და ხმელთაშუა ზღვის აკვატორიას. ამ სარდლობას ცენტრალური ადგილი ეჭირა ბლოკის სამხედრო ორგანიზაციის ზოგად სტრუქტურაში. მოცემულ ომის თეატრზე ახორციელებდნენ ტერიტორიის ოპერატიული აღჭურვის ფრთო ღონისძიებებს. სარდლობის განკარგულებაში (ოპერატიულ დაქვემდებარებაში) უკვე მშვიდობიანობის დროს გადაცემული იყო ჯარების მსხვილი დაჯგუფება, რომელიც აღნიშნულ პერიოდში მოითვლიდა პირადი შემადგენლობის 1,2 მლნ. ადამიანს, 66 ექვივალენტურ დივიზიას, 11 ათასამდე საბრძოლო ტანკს, დაახლოებით 3,1 ათას საბრძოლო თვითფრინავს. აქ განლაგებული იყო 7 ათასზე მეტი ამერიკული ტაქტიკური ბირთვული საბრძოლო მასალა დ 3 ათასზე მეტი ბირთვული იარაღის მატარებელი. ამერიკელები იმავე 1970-იან წლებში ცდილობდნენ მოცემულ ზონაში ნეიტრონული იარაღის განლაგებასაც, რასაც თავად დასავლეთ ევროპის ქვეყნებში საზოგადოების მხრიდან ხვდებოდა მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა.

[მე-3 ნახატზე, რომლის სახელწოდებაცაა ნატო-ს მშძ-ის უმაღლესი სარდლობა ევროპაში, ორგანიზაციის სათავეში დგას ნატო-ს მშძ-ის უმაღლესი მთავარსარდალი ევროპაში (კასტო, ბელგია), რომელსაც ექვემდებარება ნატო-ს მშძ-ის შტაბი ევროპაში; მათ ექვემდებარებოდნენ მთავარსარდლები: ნატო-ს მშძ-ისა ჩრდილო-ევროპულ ომთ-ზე (კოლსოსი, ნორვეგია), ნატო-ს მშძ-ისა ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე (ბრიუნსიუმი, ნიდერლანდები) და ნატო-ს მშძ-ისა სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე (ნეაპოლი, იტალია), ინგლისური სჰძ-ის სარდალი მეტროპოლიაში (ჰაი-უიკომი) და ნატო-ს მობილური ძალები (მობილური სახმელეთო ჯარების შტაბი ზექენჰაიმში, გფრ); ნატო-ს მშძ-ის მთავარსარდალს ჩრდილო-ევროპულ ომთ-ზე ექვემდებარებოდნენ სარდლები: ნატო-ს მშძ-ისა ჩრდილოეთ ნორვეგიაში (ბუდიო), ნატო-ს მშძ-ისა სამხრეთ ნორვეგიაში (ოსლო) და ნატო-ს მშძ-ისა ბალტიის ზღვის სრუტეების ზონაში (კარუპი, დანია); ნატო-ს მშძ-ის მთავარსარდალს ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე ექვემდებარებოდნენ სარდლები: არმიების ჩრდილოეთის ჯგუფისა (მიუნჰენ-გლადბახი, გფრ), არმიების ცენტრალური ჯგუფისა (ზექენჰაიმი, გფრ), ნატო-ს სამოკავშირეო სჰძ-ისა ომთ-ზე (რამშტაინი, გფრ); ნატო-ს მშძ-ის მთავარსარდალს სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე ექვემდებარებოდნენ სარდლები: ნატო-ს მშძ-ისა ომთ-ის სამხრეთ ნაწილში (ვერონა, იტალია), ნატო-ს მშძ-ისა ომთ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში (იზმირი, თურქეთი), ნატო-ს სამოკავშირეო სჰძ-ისა ომთ-ზე (ნეაპოლი) და ნატო-ს სამოკავშირეო სზძ-ისა ომთ-ზე (ნეაპოლი), აგრეთვე ნატო-ს დამრტყმელი სზძ ომთ-ზე (ნეაპოლი); ნატო-ს სამოკავშირეო სჰძ-ის სარდალს ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე ექვემდებარებოდნენ მე-2 (მიუჰენ-გლადბახი) და მე-4 (რამშტაინი) სამოკავშირეო ტაქტიკური საავიაციო სარდლობები, ხოლო ნატო-ს სამოკავშირეო სჰძ-ის სარდალს სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე – მე-5 (ვიჩენცა, იტალია) და მე-6 (იზმირი, თურქეთი) სამოკავშირეო ტაქტიკური საავიაციო სარდლობები].

ნატო-ს სამოკავშირეო (გაერთიანებული) შეიარაღებული ძალების (მშძ) უმაღლეს მთავარსარდლად ევროპაში მუდმივად ნიშნავდნენ ამერიკელ გენერალს სამი წლის ვადით. 1970-იანი წლების შუახანებამდე მის მოადგილედ ინიშნებოდა მხოლოდ ბრიტანელი გენერალი, შტაბის უფროსად ისევ ამერიკელი გენერალი, ხოლო მის მოადგილედ დაგეგმვასა და ოპერატიულ სკითხებში _ დასავლეთგერმანელი გენერალი. მაგრამ ბუნდესვერის ხელმძღვანელობის დაჟინებული მონდომებით 1977 წლის ბოლოს შემოიღეს ევროპაში ნატო-ს მშძ-ის უმაღლესი მთავარსარდლის კიდევ ერთი მოადგილის პოსტი, რომელზედაც მუდმივად ნიშნავდნენ დასავლეთგერმანელ გენერალს.

ნატო-ს მშძ-ის შტაბი ევროპში (SHAPE) განლაგებულია ბელგიის ქალაქ კასტოში (50 კმ ბრიუსელის სამხრეთ-დასავლეთით). ესაა ალიანსის უმსხვილესი სამოკავშირეო შტაბი, რომელაც 1970-იან წლებში აკომპლექტებდნენ 12 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებისგან (საფრანგეთის, ლუქსემბურგისა და ისლანდიის გამოკლებით), მაგრამ საფრანგეთს შტაბში ჰყავდა თავისი სამხედრო მისია, ლუქსემბურგს კი _ სამხედრო წარმომადგენელი. აღნიშნულ შტაბში 1970-იანი წლების მიწურულს მოითვლებოდა დაახლოებით 2500 ადამიანი.

ევროპაში ნატო-ს მშძ-ის უმაღლესი მთავარსარდალი და შტაბი მშვიდობიანობის დროს ორგანიზებას უკეთებდნენ ჯარებისა და შტაბების ოპერატიულ და საბრძოლო მომზადებას, პასუხს აგებდნენ მათდამი დაქვემდებარებული ჯარების ორგანიზებასა და აღჭურვაზე, შეიმუშვებდნენ მშძ-ის გამოყენების ოპერატიულ გეგმებს, სამხედრო კომიტეტს უმზადებდნენ რეკომენდაციებს ამ ძალების აღჭურვისა და მომარაგების საკითხებში. თუმცა უმაღლესი მთავარსრდალი ემორჩილებოდა სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, მას ჰქონდა უფლება მიემართა უშუალოდ ბლოკის მონაწილე სახელმწიფოთა გენერალური შტაბების უფროსების, თავდაცვის მინისტრებისა და მთავრობების მეთაურებისთვის. ალიანსის მონაწილე ყველა სახელმწიფოს ევროპაში სამოკავშირეო შეიარაღებულ ძალებში ჰყავდა თავისი სამხედრო წარმომადგენელი, რომლებიც ინარჩუნებდნენ კავშირს ამ შტაბსა და თავანთი გენერალური შტაბების უფროსებს შორის.

ნატო-ში მიღებული გამიჯვნით ევროპული ომის თეატრი დაყოფილია საომარ მოქმედებთა სამ თეატრად (ომთ) _ ჩრდილო-ევროპულ, ცენტრალურ-ევროპულ და სამხრეთ-ევროპულ თეატრებად, თავ-თავიანთი მთავარი სარდლობებით, რომლებიც ემორჩილებიან ბლოკის მშძ-ის უმაღლეს მთავარსარდალს ევროპაში.

მთავარი სარდლობა ჩ რ დ ი ლ ო – ე ვ რ ო პ უ ლ ო მ თ – ზ ე (შტაბი კოლსოსში, ნორვეგია) 1970-იან წლებში მოიცავდა ნორვეგიის, დანიისა და დასავლეთგერმანული მიწის შლეზვიგ-ჰოლშტაინის ტერიტორიებს. მთავარსარდლად ნიშნვდნენ ბრიტანელ გენერალს.

მთავარი სარდლობა ც ე ნ ტ რ ლ უ რ – ე ვ რ ო პ უ ლ ო მ თ – ზ ე (შტაბი ბრიუნსიუმში, ნიდერლანდები) მოიცავდა ფედერაციული გერმანიის ტერიტორიას (შლეზვიგ-ჰოლშთანის მიწის გამოკლებით), ბელგიის, ნიდერლანდებისა და ლუქსემბურგის ტერიტორიებს. აქ მთავარსარდლად ნიშნავდნენ ბუნდესვერის გენერალს, ხოლო ალიანსის მშძ-ში გადაცემული იყო ამ სახელწიფოთა სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-საჰაერო ძალების უმეტესი ნაწილი.

მთავარი სარდლობა ს ა მ ხ რ ე თ – ე ვ რ ო პ უ ლ ო მ თ – ზ ე (შტაბი ნეაპოლში, იტალია) მოიცავდა იტალიის, საბერძნეთისა და თურქეთის ტერიტორიებს, აგრეთვე ხმელთაშუა ზღვის აკვატორიას. მთავარსარდლად ნიშნავდნენ ამერიკელ ადმირალს, ხოლო ნატო-ში გადაცემული იყო ამ ქვეყნების სახმელეთო ჯარებისა და საჰაერო ძალების უდიდესი ნაწილი. მაგრამ 1974 წელს საბერძნეთის მთავრობამ გაიწვია თავისი წარმომადგენლები ომთ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სამოკავშირეო სახმელეთო ძალების შტაბიდან (მდებრეობს ქ. იზმირში, თურქეთი) და მე-6 სამოკავშირეო ტქტიკური საავიციო სარდლობის შტაბიდან, ასევე გაიყვანა თავისი ჯარები ამ სარდლობის დაქვემდებრებიდნ. ზემოაღნიშნული სარდლობის სტრუქტურა ნაჩვენებია მე-4 ნახატზე.

ევროპაში ნატო-ს მშძ-ის უმაღლეს მთავარსარდალს ემოჩილებოდნენ აგრეთვე ბ რ ი ტ ა ნ უ ლ ი ს ა მ ხ ე დ რ ო - ს ა ჰ ა ე რ ო ძ ა ლ ე ბ ი ს ს ა რ დ ლ ო ბ ა მ ე ტ რ ო პ ო ლ ი ა შ ი (შტაბი ჰაი-უიქომში, დიდი ბრიტანეთი) და ნ ა ტ ო - ს მ ო ბ ი ლ უ რ ი ძ ა ლ ე ბ ი, რომელიც შედგებოდა მობილური სახმელეთო ჯარებისა და მობილური სამხედრო-საჰაერო ძალებისგან. სულ, დასავლური სამხედრო პრესის მიხედვით, 1970-იან წლებში ნატო-ს მობილური ძალების შემადგენლობაში შედიოდა სახმელეთო ჯარების შვიდი გაძლიერებული ბატალიონი, ტაქტიკური ავიაციის შვიდი საბრძოლო ესკადრილია და უზრუნველყოფის ქვედანაყოფები ალიანსის სხვდასხვა ქვეყნიდან. მობილური ძალები განკუთვნილი იყო ბლოკის დაჯგუფებების გასაძლიერებლად უპირატესად ნატო-ს ფლანგებზე ევროპაში. ნატო-ს მობილური სახმელეთო ჯარების შტაბი მდებარეობდა ქ. ზაქენჰაიმში (გფრ), ხოლო მობილურ სამხედრო-საჰაერო ძალებს თავისი შტაბი არ გააჩნდა.

ატლანტიკაში ნატო-ს უმაღლესი სარდლობის (ნახ. 4) ზონა 1970-იანი წლების გამიჯვნით მოიცავდა ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილის აკვატორიას ჩრდილოეთ ტროპიკის (კიბორჩხალის ტროპიკის) ჩრდილოეთით და პორტუგალიის ტერიტორიას. მასში არ შედიოდა ლა-მანშის სრუტისა და დიდი ბრიტანეთის მეტროპოლიის წყლები. ნატო-ს სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ატლანტიკაში თავის ზონაში ასრულებდა დაახლოებით ისეთსავე ფუნქციებს, როგორსაც ალიანსის უმაღლესი მთავარსარდალი ევროპაში. მაგრამ მშვიდობიაობის დროს მას თავის განკარულებაში არ გააჩნდა არანაირი ძალები ატლანტიკაში ნატო-ს მუდმივი შენაერთის გარდა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა საეკადრო ნაღმოსანი _ ფრეგატის კლასების (ფლოტის მსუბუქი ძალების) ხუთი-რვა ხომალდი ალიანსის სხვდასხვა ქვეყნიდან. ძირითად ძალებს მონაწილე სახელწიფოები სარდლობის დაქვემდებარებაში გადასცემდნენ სწავლებების ჩატარების დროს ან ომის შემთხვევაში. მათი შემადგენლობა და რაოდენობა განისაზღვრებოდა წინასწარ დასახული გეგმების მიხედვით. სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში გადასცემდნენ ძირითადად საზღვაო ძალებს, თუმცა შესაძლოა გადაეცათ აგრეთვე სახმელეთო ჯარებისა და საჰაერო ძალების შენაერთებიც.

[ნახატ 4-ზე, რომლის სახელწოდება არის ნატო-ს მშძ-ის უმაღლესი სარდლობა ატლანტიკაში, სტრუქტურის სათავეში ნაჩვენებია ნატო-ს მშძ-ის უმაღლესი მთავარსარდალი ატლანტიკაში (ნორფოლკი, აშშ), რომელსაც ექვემდებარებოდა ნატო-ს მშძ-ის შტაბი ატლანტიკაში; უმაღლეს მთავარსარდალსა და მის შტაბს ექვემდებარებოდნენ: ნატო-ს მშძ-ის მთავარსარდალი დასავლეთ ატლანტიკაში (ნორფოლკი, აშშ), ნატო-ს მშძ-ის მთავარსარდალი აღმოსავლეთ ატლანტიკაში (ნორთვუდი, დიდი ბრიტანეთი), ნატო-ს მშძ-ის სარდალი იბერიის ატლანტიკაში (ლისაბონი, პორტუგალია), ნატო-ს წყალქვეშა ძალების სარდალი ატლანტიკაში (ნორფოლკი), ნატო-ს დამრტყმელი ფლოტის სარდალი ატლანტიკაში და ნატო-ს სზძ-ის მუდმივი შენაერთი ატლანტიკაში; ნატო-ს მშძ-ის მთავარსარდალს დასავლეთ ატლანტიკაში ექვემდებარებოდნენ შემდეგი სარდლები: ნატო-ს წყალქვეშა ძალებისა დასავლეთ ატლანტიკაში (ნორფოლკი), ნატო-ს სამოკავშირეო სზძ-ისა კანადის რაიონში (ჰალიფაქსი), ნატო-ს სამოკავშირეო სზძ-ისა ოკეანის რაიონში (ნორფოლკი), ნატო-ს სამოკავშირეო სზძ-ისა კ. გრენლანდიაზე (გრონდალი), ნატო-ს სამოკავშირეო სზძ-ისა ბერმუდის კუნძულებზე (ჰამილტონი), ნატო-ს სამოკავშირეო სზძ-ისა აზორის კუნძულებზე (სან-მიგელი); ნატო-ს მშძ-ის მთავარსარდალს აღმოსავლეთ ატლანტიკაში ექვემდებარებოდნენ შემდეგი სარდლები: ნატო-ს წყალქვეშა ძალებისა აღმოსავლეთ ატლანტიკაში (გოსპორტი, დიდი ბრიტანეთი), ნატო-ს საბაზო საპატრულო ავიაციისა აღმოსავლეთ ატლანტიკაში (ნორთვუდი), ნატო-ს სამოკავშირეო სზძ-ისა ცენტრალურ რაიონში (პლიმუტი, დიდი ბრიტანეთი), ნატო-ს მშძ-ისა ჩრდილოეთის რაიონში (როზაიტი, დიდი ბრიტანეთი), ნატო-ს საბაზო საპატრულო ავიაციისა ცენტრალურ რაიონში, ნატო-ს საბაზო საპატრულო ავიაციისა ჩრდილოეთის რიონში, ნატო-ს სამოკავშირეო სზძ-ისა კ. ისლანდიაზე (კეფლავიკი), ნატო-ს სამოკავშირეო სზძ-ისა ფარერის კუნძულებზე (ტორსჰავნი); ნატო-ს მშძ-ის სარდალს იბერიის ატლანტიკაში ექვემდებარებოდა ნატო-ს სამო-კავშირეო სზძ-ის სარდალი მადეირას კუნძულებზე; ნატო-ს დამრტყმელი ფლოტის სარდალს ატლანტიკაში ექვემდებარებოდა დამრტყმელი საავიაციო შენაერთის მეთაური].

ნატო-ს მშძ-ის უმაღლეს მთავარსარდლად ატლანტიკაში ჩვეულებრივ ნიშნავდნენ ამერიკელ ადმირალს, უმაღლესი სარდლობა და მისი შტაბი კი განლაგებული იყო აშშ-ის ქალაქ ნორფოლკში. 1970-იან წლებში შტაბში მსახურობდა ბლოკის რვა სახელწიფოს დაახლოებით 350 სამხედრო მოსამსახურე. ალიანსში მიღებული გამიჯვნით ატლანტიკური ომის თეატრი დაყოფილია დასავლეთ ატლანტიკისა და აღმოსავლეთ ატლანტიკის ომთ-ებად. 1970-იან წლებში დასავლეთ ატლანტიკური მთავარი სარდლობის შტაბი განლაგებული იყო ქ. ნორფოლკში და მას სარდლობდა ამერიკელი ადმირალი; აღმოსავლეთ ატლანტიკური მთავარი სარდლობისა _ ნორთვუდში (დიდი ბრიტანეთი) და მას სარდლობდა ბრიტანელი ადმირალი. იგი ამავე დროს შეთავსებით იყო ნატო-ს მთავარსარდალი ლა-მანშის სრუტის ზონაშიც. იბერიის ატლანტიკაში ნატო-ს მშძ-ის სარდალი და ატლანტიკაში ნატო-ს წყალქვეშა ძალების სარდალიც ასვე იყვნენ ამერიკელი ადმირალები.

ლა-მანშის სრუტის ზონაში ნატო-ს მთავარი სარდლობის ზონა მოიცავდა ლა-მანშისა და პა-დე-კალეს სრუტეებს. ბლოკის მშძ-ის მთავარსარდალი ამ ზონაში მუდმივად იყო ბრიტანელი ადმირალი, რომელსაც, როგორც ვთქვით, შეთავსებით ეკავა ნატო-ს მშძ-ის მთავარსარდლის თანამდებობაც აღმოსავლეთ ატლანტიკაში. აღნიშნული სარდლობის ფარგლებში შექმნილი იყო კომიტეტი დიდი ბრიტანეთის, ბელგიისა და ნიდერლანდების წარმომადგენლებისგან, რომელსაც გააჩნდა მთავარსარდლის საკონსულტაციო ფუნქცია. ლა-მანშის სრუტეში ნატო-ს მთავარი სარდლობის ძირითადი დანიშნულება იყო საზღვაო კომუნიკაციების უზრუნველყოფა თავის ზონაში ომის დროს. შეიარაღებულ ძალებს მის განკარგულებაში გადასცემდნენ მხოლოდ სწავლებების პერიოდში ან ომის წარმოქმნის შემთხვევაში. მის საფუძველს შეადგენდნენ დიდი ბრიტანეთის, ბელგიისა და ნიდერლანდების სამხედრო-საზღვაო ძალები. მშვიდობიანობის დროს კი მთვარსარდლის განკარგულებაში იმყოფებოდა მხოლოდ ნაღმ-სატრალო ძალების მუდმივი შენაერთი _ ოთხი-ექვსი ხომალდის შემადგენლობით ზემოთ მოხსენიებული სახელმწიფოების საზღვაო ძალებიდან. გარდა ამისა, მთავარსარდალს ემორჩილებოდნენ ალიანსის სამოკავშირეო საბაზო ავიაციის სარდალი ამ ზონაში, სამოკავშირეო საზღვაო ძალებისა და სამოკავშირეო საბაზო ავიაციის სარდლები

ნორისა და პლიმუტის რაიონებში, აგრეთვე სამოკავშირეო საზღვაო ძალების სარდალი ბენილუქსის რაიონში.

სტრატეგიული დაგეგმვის რეგიონული ჯგუფი აშშ _ კანადა დაკავებული იყო ორივე სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მათ ტერიტორიაზე ერთობლივი მოქმედებების გეგმების შემუშავებით. ჯგუფი განთავსებული იყო ვაშინგტონში, ხოლო მის სხდომებს ატარებდნენ მორიგეობით აშშ-სა და კანადაში.

ალიანსის სამხედრო დაგეგმვის კომიტეტთან მჭიდრო კავშირში მოქმედებდა ე. წ. ნატო-ს ევროჯგუფი, რომელიც ფორმალურად კომიტეტს არ ემორჩილებოდა. 1970-იან წლებში იგი შედგებოდა ბლოკის მონაწილე 11 ევროპული სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრებისგან (საფრანგეთის გარდა). მის სხდომებს იწვევდნენ წელიწადში ორჯერ, რომლებზედაც განიხილავდნენ ამ ქვეყნების მიერ დამატებითი სახსრების გამოყოფის საკითხებს შეიარაღებათა შესასყიდად და სამხედრო ობიექტების ასაშენებლად. თუმცა ეს ჯგუფი სარგებლობდა განსაზღვრული ავტონომიით ნატო-ში, იგი ყველა საკითხს წყვეტდა ბლოკის პოლიტიკის ზოგადი კურსის შესაბამისად. მასში შედიოდა მუდმივი სამუშაო პერსონალი და რამდენიმე სამუშაო ჯგუფი ცალკეული პრობლემების საკვლევად: ჯარების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა ბრძოლის ველზე, ერთობლივი საბრძოლო მომზადების ორგანიზების და ა. შ.

1970-იან წლებში განსაკუთრებით გააქტიურდა შეიარაღებაში საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ხუთი ჯგუფი: სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების შეიარაღების, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა და საკონსულტაციო სამხედრო-სამრეწველო. ამ საბჭოს მუშაობის გააქტიურება დაკავშირებული იყო ნატო-ში იარაღის ეფექტურობის შემდგომი ამაღლების, მისი სტანდრტიზაციისა და ერთობლივი წარმოების გაშლის კურსის გამოცხადებასთან. საკონსულტაციო საბჭოს სხდომებზე, რომელიც უცხოური სამხედრო გამოცემების მიხედვით, შედგებოდა მაღალი რანგის წარმომადგენლებისგან, განიხილავდნენ და ათანხმებდნენ სამუშაო ჯგუფების მოხსენებების თანახმად გამომუშავებულ რკომენდაციებს შემდგომში ნატო-ს საბჭოს ან სამხედრო დაგეგმვის კომიტეტის სხდომებზე დასამტკიცებლად.

ასეთი იყო ძირითადად ნატო-ს ბლოკის სამოქალაქო (პოლიტიკური) და სამხედრო ორგნიზაცია ცივი ომის მნიშვნელოვნად დძაბულ პერიოდში _ 1970-იანი წლების განმავლობასა და 1980-იანის დაწყისში. ქვემოთ შევეხებით ალიანსის სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების ზოგად სტრუქტურას ევროპულ ომის თეატრზე ამავე პერიოდში.

II. დასავლეთევროპული ქვეყნების სამხედრო ინტეგრაცია 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების აზრით, 1970-იანი წლები მყარად შევიდა ისტორიაში როგორც სსრკ-ისა და სოციალისტური თანამეგობრობის სხვა ქვეყნების აქტიური და მიზანმიმართული ბრძოლის პერიოდი უსაფრთხოებისა და თანამშრომლობისთვის ევროპაში, როდესაც მათი ძალისხმევის წყალობით მოლაპარაკებათა გზით გადაწყდა ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროიდან დაურეგულირებლად დარჩენილი ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა. შესანიშნავ მოვლენად იქცა ჰელსინკის თათბირი, რომელმაც დაამკვიდრა ევროპული უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის პრინციპები და მოუწოდა გადაედგათ ნაბიჯები სამხედრო დაპირისპირების შემცირებისა და განიარაღებისთვის ხელშეწყობის მიმართულებით. იმ პერიოდში უმაღლესი საბჭოთა ხელმძღვანელობა აცხადებდა: ”ევროპის კონტინენტზე განმუხტვის მტრების ძალისხმევის საწინააღმდეგოდ, მშვიდობიანი თანამშრომლობა ორი სისტემის ქვეყნებს შორის არც თუ ცუდად ვითარდება. უფრო ფართო და გაჯერებული გახდა პოლიტიკური კონტაქტები. საგარეო პოლიტიკის რიგ მსხვილ პრობლემებში ჩვენ არც თუ იშვიათად ვახერხებთ საერთო ენის მონახვას. იზრდება და ახალ თვისებებს იძენს სამეურნეო, სამეცნიერო-ტექნიკური და კულტურული კავშირები. ჩატარდა მრავალმხრივი თათბირები საერთოევროპული თანამშრომლობის სხვადასხვანაირ საკითხებში”.

ამასთან ერთად, საჭოთა ავტორები შენიშნავდნენ, რომ 1970-იანი წლების მეორე ნახევარში შესამჩნევად გააქტიურდა განმუხტვის მოწინააღმდეგეთა აგრესიული კურსი, რომელიც მიმართული იყო მილიტარისტულ მზადებათა ციებ-ცხელებიან ზრდაზე ვარშავის ხელშეკრულების სახელმწიფოებზე სამხედრო უპირატესობის მიღწევის მიზნით. მათი აზრით, ევროპაში პოზიტიური პროცესების წინააღმდეგ შემომტევ მთავარ ძალას წარმოადგენდა აშშ, რომელიც მეთაურობდა ნატო-ს იმპერიალისტურ ბლოკს. ამ კონტინენტზე დაძაბულობის დაჭირხვნას, საბჭოთა ავტორების სიტყვით, ხელს უწყობდა აგრეთვე დასავლეთ ევროპის ქვეყნების სხვადასხვა რეგიონული ორგანიზაციის სახიფათო საქმიანობა, რომლებიც მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული ჩრდილოატლანტიკურ კავშირთან და მოქმედებდნენ მის ინტერესებში. 1970/80-იანი წლების მიჯნაზე მათ უწინარეს ყოვლისა მიეკუთვნებოდა დასავლეთევროპული კავშირი, ნატო-ს ევროჯგუფი და პროგრამირების დამოუკიდებელი ევროპული ჯგუფი.

დასავლეთევროპული ქვეყნების პირველ სამხედრო-პოლიტიკურ დაჯგუფებად იქცა დასავლური კავშირი, რომელიც შექმნეს 1948 წელს ბრიუსელის ხელშეკრულების შესაბამისად. მასში შევიდნენ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდები და ლუქსემბურგი. კავშირის ოფიციალური მიზანი, როგორც ამის შესახებ გამოაცახდეს საზღვარგარეთულ ბეჭდურ გამოცემებში, მდგომარეობდა იმაში, რომ ”მიეღოთ ერთობლივი ზომები გერმანიის აგრესიის შესაძლო განმეორების წინააღმდეგ”. მაგრამ, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ისინი ამ საბაბით ფარავდნენ დასავლეთ ევროპის წამყვანი კაპიტალისტური სახელმწიფოების ძალისხმევის გაერთიანების ჩანაფიქრებს საბჭოთა კავშირისა და მის მოკავშირეთა წინააღმდეგ საბრძოლველად.

აიღეს რა კურსი გფრ-ის რემილიტარიზაციაზე, დასავლურმა სახელმწიფოებმა 1954 წელს ხელი მოაწერეს პარიზის შეთანხმებას, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა აშშ-ის დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საოკუპაციო რეჟიმის გაუქმება დასავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე და გააფორმა მისი ჩართვა ნატო-ში. ამ შეთანხმებების შესაბამისად გფრ და იტალია 1955 წელს გახდნენ დასავლეთის კავშირის წევრები, რის შემდეგაც იგი გარდაქმნეს დასავლეთევროპულ კავშირად (დეკ). საბჭოთა ავტორების აზრით, დეკ-ის წარმოქმნის ფაქტობრივ მიზანს წარმოადგენდა ფედერაციული გერმანიისთვის გზის გახსნა შემდგომი მილიტარიზაციის დაწყებისა და ნატო-ში გაწევრიანებისთვის. დასავლეთევროპული კავშირის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადა უნდა ამოწურულიყო 1998 წელს. სამხედრო ორგანიზაცია მას არ გააჩნდა, ხოლო მისი მონაწილე ქვეყნების მიერ გამოყოფილი შეიარაღებული ძალები შედიოდა ევროპაში ნატო-ს სამოკავშირეო (გაერთიანებული) შეიარაღებული ძალების (მშძ) შემადგენლობაში.

1970/80-ანი წლების მიჯნაზე გამომავალი უცხოური ბეჭდური გამოცემების მიხედვით, დეკ-ის ძირითად მიზანს წარმოადგენდა მისი მონაწილე ქვეყნების მიერ ერთიანი პოლიტიკის გატარების მიღწევა ნატო-ს ყველა ღონისძიებებთან მიმართებაში, და ამავე დროს დასავლეთ ევროპის ინტერესების ყველაზე უფრო სრულად გათვალისწინებაც. კავშირის ხელმძღვანელობა ესწრაფვოდა მისი როლის ამაღლების უზრუნველყოფას ევროპაში ალიანსის ზოგადი და სამხედრო პოლიტიკის განსაზღვრაში. ამ მიზნების მისაღწევად დასავლეთევროპული კავშირის მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლები ნატო-ს ბლოკის უმაღლესი ორგანოების სხდომების წინ იკრიბებოდნენ და მსჯელობდნენ ყველა ძირითად საკითხზე, რომელთა განხილვასაც გეგმავდა ჩრდილოატლანტიკური კავშირის ხელმძღვანელობა, და ღებულობდნენ რეკომენდაციებს ბლოკის საქმიანობისთვის. კავშირის შესახებ ხელშეკრულების პრეამბულაში ასევე წერია, რომ მის ამოცანაში შედის აგრეთვე ერთიანობისა და “ევროპის პროგრესირებადი ინტეგრაციის” მიღწევაზე მიმართული აუცილებელი ზომების მიღება.

დეკ-ის სტრუქტურა, უცხოური პრესის მონაცემებით, შეიცავდა აღმასრულებელ და საპარლამენტო ორგანიზაციებს (ნახ. 5). აღმასრულებელი ორგანიზაციის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენდა საბჭო, საპარლამენტოსი კი _ ასამბლეა.

[ნახატ 5-ზე, რომლის სახელწოდებაა დასავლეთევროპული კავშირის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოების ორგანიზაცია, სტრუქტურის სათავაეში დგანან, ერთის მხრივ, საბჭო, მუდმივი საბჭოთი და, მეორეს მხრივ, ასამბლეა; საბჭოს და მუდმივ საბჭოს ექვემდებარებოდა კავშირის გენერალური მდივანი, ხცოლო გენერალურ მდივანს – გენერალური სამდივნო, მუდმივი კომიტეტი შეაიარაღებაში და შეაიარაღებაზე კონტროლის სააგენტო; კავშირის ასამბლეას ექვემდებარებოდნენ მუდმივი კომიტეტები: პოლიტიკურ საკითხებში, თავდაცვისა და შეიარაღებათა, სამეცნიერო-ტექნიკურ საკითხებში, საპროტოკოლო-სამართლებრივ საკითხებში, ადმინისტრაციულ-საფინანსო საკითხებში, ეროვნულ პარლამენტებთან კავშირისა].

ს ა ბ ჭ ო შედგებოდა დეკ-ის მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან. იგი თვალყურს ადევნებდა დასავლეთევროპული კავშირის შესახებ ხელშეკრულების ყველა დებულების შესრულებას და ასამბლეას განსახილველად წარუდგენდა ყოველწლიურ მოხსენებებს თავისი საქმიანობის თაობაზე. საბჭოს სესიებს იწვევდნენ, როგორც წესი, სამ თვეში ერთხელ, მაგრამ მკაცრი რეგლამენტი ამის შესახებ არ ყოფილა. ასე, 1973 და 1974 წლებში მას იწვევდნენ მხოლოდ ერთხელ წელიწადში. საბჭო გადაწყვეტილებებს ღებულობდა ერთხმად, რიგი საკითხების გამოკლებით, რომელთათვისაც გათვალისწინებული ჰქონდათ სხვანაირი წესი.

საბჭოს სესიებს შორის შესვენებებში დასავლეთევროპული კავშირის ხელმძღვანელობას ახორციელებდა მუდმივი საბჭო (შტაბ-ბინა ლონდონში). მასში შედიოდნენ დეკ-ის ქვეყნების ელჩები დიდ ბრიტანეთში და ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი. მუდმივი სამჭოს სხდომებს ატარებდნენ ორჯერ თვეში დეკ-ის გენერალური მდივნის თავმჯდომარეობით.

საბჭოს აღმასრულებელ ორგანოებს წარმოადგენდა გენერალური სამდივნო, შეიარაღებაზე კონტროლის სააგენტო და შეიარაღებაში მუდმივი კომიტეტი.

გენერალური სამდივნო (შტაბ-ბინა ლონდონში) ამზადებდა საბჭოს სესიებს, მუდმივი საბჭოსა და სხვადასხვა სამუშაო კომიტეტის სხდომებს, შეიმუშავებდა ასამბლეის რეკომენდაციების მიხედვით საბჭოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტებს, ამყარებდა და ინარჩუნებდა კავშირებს სხვა ორგანიზაციებთან, უწინარეს ყოვლისა ნატო-თან. მას მეთაურობდა გენერალური მდივანი, რომელსაც ადმინისტრაციული მიმართებით ემორჩილებოდა შეიარაღებაზე კონტროლის სააგენტო და მუდმივი კომიტეტი შეიარაღების საკითხებში.

შეიარაღებაზე კონტროლის სააგენტო მოწოდებული იყო ეკონტროლებია დეკ-ის მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალებისა და შეიარაღებათა დონე (იარაღის წარმოების, იმპორტისა და ექსპორტის ჩათვლით). ამას აკეთებდნენ იმ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, რომელსაც მის განკარგულებაში გადასცემდნენ ამ ქვეყნების სამთავრობო ორგანოები და ნატო-ს ხელმძღვანელობა, და აგრეთვე, ჯარებში, სამხედრო საწყობებსა და ქარხნებში ინსპექციების ჩატარების გზით. ნატო-ს სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ძალები და ობიექტები ამ ორგანოს ინსპექციას არ ექვემდებარებოდა. სააგენტოს ანგარიშებს წარუდგენდნენ დეკ-ის საბჭოს. უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში ხაზს უსვამდნენ, რომ სააგენტოს საქმიანობა გამოირჩეოდა დაბალი ეფექტურობით, კერძოდ იმის გამო, რომ იგი ეფუძნებოდა არასრულ მონაცემებს შეიარაღებული ძალების მდგომარეობის შესახებ. ასე, თავისი დაარსებიდან 1980-იანი წლების დასაწყისის ჩათვლით პერიოდში მან ვერც ერთხელ ვერ შეძლო მოეხდინა ატომური, ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის მარაგების კონტროლი დასავლეთ ევროპაში.

სააგენტოს ერთერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად ითვლებოდა კონტროლი გფრ-ის შეიარაღებაზე, მათ შორის მის მიერ პარიზის შეთანხმებების პირობების შესრულებაზე, რომლებიც შეეხებოდა ამ ქვეყნის მიერ უარის თქმას ატომური, ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის წარმოებასა და შეძენაზე და, აგრეთვე, დაეთანხმა მასზე დაწესებულ შეზღუდვებს სამხედრო ტექნიკის განსაზღვრულ სახეობათა მშენებლობაში. მაგრამ პრაქტიკულად, საბჭოთა ავტორების შეფასებით, დეკ-ის მაკონტროლებელი ორგანო არანაირად არ ეწინააღმდეგებოდა დასავლეთ გერმანიის გადაიარაღებას. ასე, გფრ-ისა და ნატო-ს სამხედრო სტატუსის “გათანაბრების” საბაბით დასავლეთგერმანულმა ხელმძღვანელობამ ადვილად მიაღწია რიგი შეზღუდვების მოხსნას ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების, ზოგიერთი სახეობის მართვადი და უმართავი რაკეტების წარმოებასა და წყალქვეშა ნავების მშენებლობაზე. 1980 წლის ივლისში გფრ-ის მთავრობისა და ევროპაში ნატო-ს მშძ-ის უმაღლესი მთავარსარდლის გენერალ უ. როჯერსის ინიციატივით დეკ-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც უცხოურმა პრესამ შეაფასა როგორც “ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფედერაციული რესპუბლიკის გადაიარაღებაზე შეზღუდვების მოხსნის საკითხში”. მოხსნეს გფრ-ზე დადებული ყველა შეზღუდვა მსხვილი საბრძოლო ხომალდების, მათ შორის ბირთვული ძალური დანადგარების მქონეს, მშენებლობის სფეროში.

მუდმივ კომიტეტს შეიარაღებაში გააჩნდა “დასავლეთევროპული კავშირის ქვეყნების შეიარაღებული ძალების ეფექტურობის ამაღლებისა და მათი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის გაუმჯობესების” ამოცანა. თავის საქმიანობას იგი ახორციელებდა ნატო-ს ხელმძღვანელობის მოთხოვნების შესაბამისად, და ხელი უნდა შეეწყო დეკ-ის ქვეყნების თანამშრომლობის განვითარებისთვის იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის შემუშავების, სტანდარტიზაციის, წარმოებისა და შესყიდვის სფეროში. ჩატარებული სამუშაოების შედეგების საფუძველზე, რომლებიც სინამდვილეში, უცხოური ბეჭდური გამოცემების შეფასებით, მეტად შორს იყო თავდაპირველი ჩანაფიქრებისგან, კომიტეტი დეკ-ის საბჭოს წარუდგენდა ნახევარი წლის მოხსენებებს.

უცხოური პრესის შეტყობინებების თანახმად, სანქციები, რომლებიც შესაძლოა დაეკისრებია დასავლეთევროპული კავშირის საბჭოს მონაწილე ქვეყნების მთავრობების მიერ პარიზის ხელშეკრულებების დარღვევის შემთხვევაში, არაეფექტური იყო. პრაქტიკულად დეკ-ის მონაწილე სახელმწიფოები სააგენტოს აძლევდნენ მხოლოდ ზოგად ოფიციალურ მონაცემებს და არც თუ იშვიათად ანგარიშსაც არ უწევდნენ მის რეკომენდაციებს.

დასავლეთევროპული კავშირის საპარლამენტო ორგანიზაციის უმაღლესი ორგანო _ ა ს ა მ ბ ლ ე ა _ შედგებოდა მონაწილე ქვეყნებიდან წარგზავნილი 89 დეპუტატისგან. ასამბლეის სესიებს, რომლებსაც ჩვეულებრივ პარიზში ატარებდნენ, იწვევდნენ წელიწადში ერთხელ, მაგრამ ატარებდნენ ორ ეტაპად _ მაის-ივნისსა და ნოემბერ-დეკემბერში. საგაზაფხულო სხდომებზე ისმენდნენ დეკ-ის საბჭოს წლიურ მოხსენებას. ასამბლეას უფლება ჰქონდა ემსჯელა პრაქტიკულად ნებისმიერ პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ და სამეცნიერო-ტექნიკურ პრობლემაზე და მათ თაობაზე რეკომენდაციები მიეცა დეკ-ის საბჭოსა და კავშირის მონაწილე ქვეყნების მთავრობებისთვის.

ასამბლეის ხელმძღვანელ ორგანოებს, უცხოური პრესის მონაცემებით, წარმოადგენდა ბიურო და თავმჯდომარეთა კომიტეტი. ბიურო შედგებოდა ასამბლეის თავმჯდომარისა და ექვსი ვიცე-თავმჯდომარისგან (ერთი თითოეული ქვეყნიდან) და დაკავებული იყო მთელი ადმინისტრაციული საკითხებით. იგი კერძოდ განსაზღვრავდა ასამბლეის გენერალური მდივნის კანდიდატურას. თავმჯდომარეთა კომიტეტი მოიცავდა ასამბლეის თავმჯდომარეს, ექვს ვიცე-თავმჯდომარესა და მუდმივი კომიტეტების თავმჯდომარეებს. იგი ახორციელებდა ასამბლეის ხელმძღვანელობას სესიებს შორის შესვენებებში, განსაზღვრავდა მათი ჩატარების ვადებსა და პლენარული სხდომების დღის წესრიგს, შეიმუშავებდა მისი ბიუჯეტის პროექტს.

1980-იანი წლების დასაწყისში ასამბლეას გააჩნდა ექვსი მუდმივი კომიტეტი შემდეგ საკითხებში: პოლიტიკურში, თავდაცვისა და შეიარაღების, სამეცნიერო-ტექნიკურსა და აეროკოსმოსურში, საპროტოკოლო-სამართლებრივში, ადმინისტრაციულ-ფინანსურში, ეროვნულ პარლამენტებთან კავშირში. კომიტეტების მოხსენებებს განიხილავდა ასამბლეა და მათი დამტკიცების შემთხვევაში რეკომენდაციების სახით უგზავნიდა საბჭოს.

დეკ-ის მონაწილე წამყვანი დასავლეთევროპული სახელმწიფოების ხელმძღვანელები ამ ორგანიზაციას განიხილავდნენ ერთგვარ ბაზად დასავლეთ ევროპის უფრო ფართო სამხედრო-პოლიტიკური ინტეგრირებისთვის. ამასთანავე ისინი იმედოვნებდნენ მის გამოყენებას კავშირის წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებისა და ნატო-ს პოლიტიკის განსაზღვრაში მათი როლის ამაღლების საშუალებად. პარიზის შეთანხმებების მიხედვით დეკ-ს ხელი უნდა შეეწყო დასავლეთევროპული სახელმწიფოების ერთობისა და სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში თანდათანობით დაახლოებისთვის, შეიარაღებათა ერთობლივი წარმოების აწყობისა და მათი სტანდარტიზებისთვის. მაგრამ სინამდვილეში, უცხოელი მეთვალყურეების აზრით, იგი გადაიქცა წმინდა საკონსულტაციო ორგანოდ, რომლის გადაწყვეტილებებსაც არ გააჩნდა სავალდებულო ხასიათი კავშირის მონაწილე სახელმწიფოებისთვის. სახელდობრ, 1970/80-იანი წლების მიჯნაზე დასავლეთევროპული კავშირი წარმოადგენდა ნატო-ს დანამატს, რომლის ფუნქციებიც დაიყვანებოდა ისეთი საკითხების განხილვაზე, რომლებიც დაკავშირებული იყო სამხედრო მზადებების, სამხედრო ხარჯებისა და მონაწილე ქვეყნების მიერ ჩრდილოატლანტიკურ კავშირში შესატანი წილის ზრდასთან.

ამავე დროს დეკ-ის საქმიანობის ეფექტურობა მნიშვნელოვან ხარისხად მცირდებოდა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გფრ-ის ინტერესების მუდმივი შეჯახების გამო, რომლებიც გააფთრებულ ბრძოლას აწარმოებდნენ დასავლეთ ევროპაში ლიდერობისთვის. სახელდობრ, კავშირის ერთერთი ძირითადი სახელმწიფო საფრანგეთი ესწრაფვოდა ამ ორგანიზაციის ბაზაზე დასავლეთ ევროპის ქვეყნების სამხედრო-პოლიტიკურ ინტეგრირებას. მის საპირისპიროდ გფრ უპირატესობას ანიჭებდა ნატო-ს სტრუქტურებს, რომლებიც არ ბოჭავდა ამ სახელმწიფოს არანაირი სამხედრო შეზღუდვებით. თავისი ინტერესები გააჩნდა დიდ ბრიტანეთსაც, რომელთანაც შეერთებულ შტატებთან მჭიდრო კავშირი მეტად მნიშვნელოვანი იყო.

უცხოური პრესის შეფასებებით, დასავლეთევროპული კავშირი ფაქტიურად უუნარო აღმოჩნდა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა სამხედრო პოლიტიკის კოორდინირებაში, იარაღისა და საბრძროლო ტექნიკის სტანდარტიზაციის ეფექტური პროგრამების განხორციელებაში. ამას შედეგად მოჰყვა დიდი ბრიტანეთის ინიციატივით 1969 წლის იანვარში ნატო-ს ევროჯგუფის შექმნა, რომლის მიზანიც იყო ბლოკის მონაწილე ევროპული ქვეყნების სამხედრო სფეროში ძალისხმევის უფრო მკაფიო გაერთიანების გზით მთლიანად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განმტკიცება, იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის წარმოებაში დუბლირების აღმოფხვრა, აგრეთვე შეიარაღების წარმოებაში, ზურგის უზრუნველყოფაში, პირადი შემადგენლობის მომზადებაში და ა.შ. ზოგადი ამოცანების განსაზღვრა. ევროჯგუფის შექმნის ერთერთ მიზეზს წარმოადგენდა შეერთებული შტატების მოთხოვნა ნატო-ში ევროპული ქვეყნების სამხედრო წილის გაზრდის შესახებ.

ნატო-ს ე ვ რ ო ჯ გ უ ფ ი ს შემადგენლობაში თავიდან შევიდა ათი სახელმწიფო: დიდი ბრიტანეთი, გფრ, იტალია, ნორვეგია, დანია, ბელგია, ნიდერლანდები, თურქეთი, საბერძნეთი, ლუქსემბურგი, ხოლო 1976 წლის დეკემბერში მათ შეუერთდა პორტუგალიაც. ოფიციალურად ევროჯგუფი ითვლებოდა დამოუკიდებელ ორგანიზაციად, მაგრამ იგი იმდენად მჭიდროდ იყო დაკავშირებული ჩრდილოატლანტიკურ კავშირთან, რომ ბლოკის ბეჭდვითი ორგანო _ ჟურნალი “ნატო რევიუ” უწოდებდა მას ალიანსის ერთერთ “მუდმივ რგოლს”. ნატო-ს ევროჯგუფის საორგანიზაციო სტრუქტურა 1970/80-იანი წლების მიჯნაზე ნაჩვენებია ქვემოთ (ნახ. 6).

[მე-6 ნახატზე, რომლის სახელწოდებაცაა ნატო-ს ევროჯგუფის ხელმძღვანელი ორგანოების ორგანიზაცია, სტრუქტურის სათავეში ნაჩვენებია თავდაცვის მინისტრები, მათ ექვემდებარებოდნენ მუდმივი წარმომადგენლები, რომელთაც ჰქონდათ თავიანთი სამდივნო; მუდმივ წარმომადგენლებს ექვემდებარებოდნენ: „ევროლონგთერმი“, „ევრონადი“, „ევროსტრუქტურა“, „“ევრომედი, „ევროტრენინგი“, „ევროკომი“, „ევროლოგი“, „ევროლენდი“].

ევროჯგუფის შექმნა ასახავდა დასავლეთევროპული სამხედრო ინტეგრაციის ე.წ. ”ატლანტიკურ” გზას. ნატო-ში “ევროპული ბირთვის” ფარგლებში მოქმედებების კოორდინირებისას დასავლეთევროპული ქვეყნების ხელმძღვანელობა ესწრაფვოდა მოცემული რეგიონის პოლიტიკური პოზიციების შესაბამისობაში მოყვანას გაზრდილ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან, აგრეთვე ბლოკის საქმიანობაში თავიანთი როლის ამაღლებას. ამ ჯგუფის შექმნის იდეას მხარი დაუჭირა აშშ-მაც და ამასთასნავე მისი წარმომადგენლები აქტიურად აყენებდნენ საკითხს ჩრდილოატლანტიკურ პაქტში დასავლეთევროპული სახელმწიფოების სამხედრო წილის გაზრდისა და ამით მისი საერთო სამხედრო ძლიერების ზრდისთვის ხელშეწყობის შესახებ.

თავისი არსებობის წლების მანძილზე ევროჯგუფი, უცხოელი სპეციალისტების შეფასებით, გადაიქცა მისი მონაწილე ქვეყნების ძალისხმევის კოორდინირების ფართოდ განტოტვილ მექანიზმად სამხედრო, სამხედრო-ეკონომიკურ და სამხედრო-პოლიტიკურ სფეროებში. ამ დაჯგუფების სხდომებს თავდაცვის მინისტრების დონეზე ატარებდნენ ორჯერ წელიწადში, ჩვეულებრივ ნატო-ს ბლოკის ხელმძღვანელი ორგანოების სესიების წინ. მათ შორის შესვენებებში ევროჯგუფის ხელმძღვანელობას ახორციელებდნენ ამ ქვეყნების მ უ დ მ ი ვ ი წ ა რ მ ო მ ა დ გ ე ნ ლ ე ბ ი. ამავე დროს, ვინაიდან ნატო-ს ევროჯგუფი არ წარმოადგენდა ალიანსის ოფიციალურ ორგანოს და არ გააჩნდა იქ საკუთარი აპარატი, ამიტომ მის საქმიანობას უზრუნველყოფდა სამდივნო, რომელიც შედგებოდა ნატო-ს საბჭოს საერთაშორისო სამდივნოში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლობა. გარდა ამისა, ევროჯგუფში პრაქტიკული მუშაობის წარმოებისთვის შედიოდა შემდეგი ძირითადი სამუშაო ჯგუფები:

ევროლონგთერმი დაკავებული იყო გრძელვადიანი დაგეგმვით შეიარაღებათა და იარაღის სისტემებისთვის ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნების სფეროში. 1982 წლის დასაწყისისთვის მომზადებული იყო ასეთი მოთხოვნების შვიდი ჩამონათვალი, რომლებსაც იყენებდნენ ნატო-ში სამხედრო ტექნიკის შემუშავების, წარმოებისა და შესყიდვისთვის. მათ ამტკიცებდნენ საბრძოლო მოქმედებების წარმოების შემუშავებული კონცეფციების საფუძველზე.

ევროტრენინგი პასუხს აგებდა პირადი შემადგენლობის ერთობლივი საბრძოლო მომზადების ორგანიზებაზე. ევროჯგუფის ქვეყნებთან ერთად მის მუშაობაში 1971 წლიდან მონაწილეობდნენ აშშ და კანადა, ამიტომ ამ ჯგუფს ჩვეულებრივ უწოდებდნენ ევრო- ნატო - ტრენინგს. მან დაამტკიცა დაახლოებით 30 პროგრამა ერთობლივი საბრძოლო მომზადების კურსებითვის. ასე, 1980 წლის დეკემბერში მოიწონეს ევროჯგუფის ქვეყნების სამხედრო-საჰაერო ძალების საფრენოსნო შემადგენლობის აშშ-ში ერთობლივი სწავლების პროგრამა, რომელსაც აფასებდნენ როგორც ”ყველაზე უფრო მნიშვნელოვანს”. 1979 წლის მაისში დაამტკიცეს სტრატეგიული დაზვერვის სპეციალური სკოლის შექმნის პროექტი. 80-იანი წლების დასაწყისში განიხილავდნენ ერთობლივი საბრძოლო მომზადების კიდევ 25 პროექტს.

ევრონადი ახორციელებდა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის კოორდინაციასა და სტანდარტიზაციის პროგრამების შემუშავებას. 1972 წელს ევროჯგუფმა მოიწონა ევრონადთან ერთად მომზადებული ”შეიარაღებათა სფეროში თანამშრომლობის პრინციპები”.

გარდა ამისა, იყო სამუშაო ჯგუფები ევროლოგი (ზურგის ეროვნული ორგანოების თანამშრომლობა), ევროსტრუქტურა (შეიარაღებული ძალების საორგანიზაციო სტრუქტურის უნიფიკაცია), ევრომედი (სამხედრო-სამედიცინო სამსახურების თანამშრომლობა), ევროკომი (კავშირგაბმულობის ერთიანი სისტემების შექმნა) გეგმავდნენ სპეციალური ქვეჯგუფის შექმნას ადამიანური რესურსების გამოყენების შესახებ საკითხის შესწავლისა და ამ სფეროში ევროპის ქვეყნების მოთხოვნილებების განსაზღვრისთვის.

ნატო-ს ევროჯგუფმა აქტიური საქმიანობა დაიწყო 1970 წლიდან, როდესაც მიიღეს “ევროპული თავდაცვის სრულყოფის ხუთწლიანი პროგრამა”. მის შესაბამისად ევროჯგუფის მონაწილე ქვეყნებს თავიანთი ძალისხმევის თავმოყრა უნდა მოეხდინათ ეროვნული შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლებაზე, ნატო-ს ინტეგრირებული კავშირგაბმულობის სისტემის შექმნასა და თვითმფინავებისთვის საფარი სადგომების მშენებლობაზე. ითვალისწინებდნენ აგრეთვე საბრძოლო ტექნიკისა და იარაღის ურთიერთშორის აუნაზღაურებლად გაცვლას.

1971-1972 წლებში ძირითად ყურადღებას აქცევდნენ ნატო-ს ევროპული ქვეყნების სამხედრო მზადებების ძირითადი მიმართულების გამომუშავებას. ამ პერიოდში, უცხოური სამხედრო პრესის შეტყობინებებით, გადადგეს პირველი ნაბიჯები ერთობლივი საბრძოლო მომზადების ორგანიზებასა და კავშირგაბმულობის საშუალებების ურთიერთშეცვლადობის საქმეში. ევროჯგუფის მონაწილე სახლმწიფოთა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას შეიარაღების წარმოებისას თანამშრომლობის პრინციპების შესახებ.

1973 წელს დიდმა ბრიტანეთმა, დასავლეთ გერმანიამ, ბელგიამ და ნიდერლანდებმა მიიღეს გადაწყვეტილება ევროჯგუფის ფარგლებში ამერიკული ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების “ლანსების” შესყიდვების კოორდინირების თაობაზე. 1974-1975 წლებში ბელგიამ, დანიამ, ნიდერლანდებმა და ნორვეგიამ მიაღწიეს შეთანხმებას ამ ქვეყნების სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაში მყოფი მოძველებული თვითმფრინავების F-104 “სტარფაიტერი” შეცვლის შესახებ ახალი ამერიკული თვითმფრინავებით F-16. 1975 წელს დიდმა ბრიტანეთმა, ფედერაციულმა გერმანიამ და იტალიამ მიიღეს გადაწყვეტილება დაეწყოთ მრავალმიზნობრივი თვითმფრინავის “ტორნადოს” ერთობლივი წარმოება.

ნატო-ს ევროჯგუფი აქტიურად უწყობდა ხელს ბლოკის ევროპული სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ახალი ნიმუშებით აღჭურვას (ცხრილი 1) და ამასთანავე იგი მიმართავდა დიდ ძალისხმევას სახმელეთო ჯარებში, სამხედრო-საჰაერო ძალებსა და სამხედრო-საზღვაო ძალებში არსებული იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის სახეობების მოდერნიზების საქმეში. იგი მხარს უჭერდა ალიანსის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მოთხოვნებს ბლოკის ზოგად საომარ მზადებებში დასავლეთ ევროპის ქვეყნების წილის გაზრდის თაობაზე.

ცხრილი 1
შეიარაღებათა მიწოდებები ევროჯგუფის ქვეყნებში

შეიარაღების სახეობები . . . . . . . . . წ ლ ე ბ ი . . . . . სულ
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1975. . . .1976 . . . 1977 . . .

საბრძოლო ტანკები . . . . . . . . . . . . . 563 . . . . .335 . . . .288 . . . .1186
ჯავშანტრანსპორტეტები . . . . . . . .1157 . . . 1273 . . . 1371 . . . 3801
საბრძოლო თვითმფრინავები . . . . .238 . . . . 156 . . . . .63 . . . . 457
ვერტმფრენები . . . . . . . . . . . . . . . . . .128 . . . . . .71 . . . . .40 . . . . 239
ძირითადი კლასების . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
საბრძოლო ხომალდები . . . . . . . . . . 12 . . . . . . .9 . . . . . 14 . . . . . 35

ევროჯგუფის სამხედრო ხარჯების ზრდის ტენდენცია 1970-იან წლებში სტაბილურად იყო შენარჩუნებული. ამას ადასტურებს ბლოკის ევროპული სახელმწიფოების, აშშ-ისა და მთლიანად ნატო-ს სამხედრო ხარჯების შედარებითი ცხრილი, რომელიც შედგენილი იყო ჟურნალ ”ნატო რევიუს” მონაცემების მიხედვით (ცხრილი 2). აქედან ჩანს, რომ დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა სამხედრო ხარჯების წილი ნატო-ს ზოგად სამხედრო მზადებებში სტაბილურად იზრდებოდა, რაც სრულად პასუხობდა აშშ-ის მმართველი წრეების ინტერესებს.

ცხრილი 2
ნატო-ს ევროპული ქვეყნების, აშშ-ისა და მთლიანად ალიანსის სამხედრო ხარჯები (მლრდ. დოლარებში)

წლები . . ნატო-ს ევროპული . . აშშ (ბლოკის მთლი- . . ნატო-ს მთლიანი
. . . . . . . ქვეყნები (ბლოკის . . . . ანი სამხედრო ხარ- . . .სამხედრო ხარჯები
. . . . . . . მთლიანი სამხედრო . . . ჯების პროცენტი) . . . .(კანადის ჩათვლით)
. . . . . . . ხარჯების პროცენტი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

1970 . . . . . . . 24,6 (23,6) . . . . . . . . . . 77,4 (71,3) . . . . . . . . . . . 104,4 . . . . .
1971 . . . . . . . 28,0 (26,7) . . . . . . . . . . 74,9 (71,3) . . . . . . . . . . . 105,0 . . . . .
1972 . . . . . . . 33,4 (29,3) . . . . . . . . . . 77,6 (68,1) . . . . . . . . . . . 113,9 . . . . .
1973 . . . . . . . 40,2 (33,2) . . . . . . . . . . 78,5 (64,8) . . . . . . . . . . . 121,1 . . . . .
1974 . . . . . . . 44,5 (33,8) . . . . . . . . . . 84,4 (64,1) . . . . . . . . . . . 131,6 . . . . .
1975 . . . . . . . 57,2 (38,3) . . . . . . . . . . 89,0 (59,6) . . . . . . . . . . . 149,3 . . . . .
1976 . . . . . . . 54,1 (33,8) . . . . . . . . . .102,7 (64,2) . . . . . . . . . . . 160,0 . . . . .
1977 . . . . . . . 58,3 (33,4) . . . . . . . . . .113,0 (64,7) . . . . . . . . . . . .174,6 . . . . .

დასავლეთევროპული ქვეყნების სამხედრო მზადებებს ევროჯგუფის ფარგლებში ახორციელებდნენ არა მხოლოდ იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ერთობლივი წარმოებისა და შესყიდვების სფეროში. ნატო-ს ევროჯგუფს სულ უფრო აქტიურად იყენებდნენ როგორც მონაწილე ქვეყნების საგარეო პოლიტიკის მაკოორდინირებელ, თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე ერთიანი შეხედულებების გამომმუშავებელ ორგანოს. მაგრამ საბჭოთა ავტორები აღნიშნავდნენ, რომ იგი წარმოადგენდა აგრეთვე ინსტრუმენტს გამალებული შეიარაღების მომხრეთა ხელში, ვინაიდან ევროჯგუფის ფარგლებში ღია ზეწოლას ახდენდნენ იმ მონაწილეებზე, რომლებიც ცდილობდნენ თავიანთი სამხედრო ხარჯების შემცირებას ან სხვა ისეთი ღონისძიებების გატარებას, რომლებიც არ პასუხობდა ნატო-ს ხელმძღვანელობისა (უწინარეს ყოვლისა აშშ-ის) და დასავლეთევროპული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ინტერესებს.

1970/80-იანი წლების მიჯნაზე ევროჯგუფი დიდ ყურადღებას უთმობდა ამერიკულ-დასავლეთევროპულ ურთიერთობებს იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის წარმოებისა და შესყიდვების სფეროში. ამასთან დასავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები ესწრაფვოდნენ თავიანთი ფირმების უფრო ფართო მონაწილეობას სტანდარტიზაციისა და ნატო-ს ფარგლებში სტანდარტულის სახით შეიარაღების დასავლეთევროპული ნიმუშების მიღების პროგრამებში. დასავლურ პრესაში ამ პრობლემას უწოდებდნენ “ქუჩას ორმხრივი მოძრაობით”. მაგრამ, აშშ მნიშვნელოვნად უფრო მეტად აწვდიდა თავის შეიარაღებას ევროჯგუფის ქვეყნებს, ვიდრე თავად ყიდულობდა მათგან. გამოცდილება უჩვენებდა, რომ შეერთებული შტატები, კონკურენცის პრიციპებსა და საკუთარ ეკონომიკურ ინტერესებზე დაყრდნობით, არცთუ ხშირად მიდიოდა დათმობებზე დასავლეთევროპული სამხედრო მრეწველობის წინაშე, მაგრამ, როგორც წესი, ეს არ იწვევდა მნიშვნელოვან დაპირისპირებებს საკუთრივ ნატო-ს ბლოკის შიგნით.

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ნატო-ს ევროჯგუფის მთელი საქმიანობა ხასიათდებოდა ღიად მილიტარისტული მიმართულებით. მონაწილე ქვეყნები ყოველწლიურად გამოყოფდნენ სულ უფრო მნიშვნელოვან ასიგნებებს სამხედრო მიზნებით. თუკი 1970 წელს ისინი შეადგენდა 24,6 მლრდ. დოლარს, 1980-ში გაიზარდა 80 მლრდ.-მდე. დაწყებული 1971 წლიდან ღებულობდნენ ევროჯგუფის ქვეყნების ჯარებში უზარმაზარი რაოდენობის შეიარაღების მიწოდების ნატო-თან შეთანხმებულ სპეციალურ პროგრამებს. ამის შედეგად 1971-დან 1981 წლის ჩათვლით პერიოდში, ამ ორგანიზაციის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ჯარებში მიაწოდეს 4700-ზე მეტი ტანკი, დაახლოებით 2240 თვითმფრინავი, 190 საბრძოლო ხომალდი და მნიშნელოვანი რაოდენობით სხვა საბრძოლო ტექნიკა. ამავდროულად ატარებდნენ ნაწილებში არსებული შეიარაღების ნიმუშების მოდერნიზებას. მხოლოდ 1981 წელს გეგმავდნენ ახალი აღჭურვილობით დაახლოებით 400 ტანკისა და 450-მდე თვითმფინავის აღჭურვას.

უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებების მიხედვით, ევროჯგუფის ქვეყნების რეგულარულ ჯარებში მშვიდობიანობის დროს 1980-იანი წლების დასაწყისში მოითვლებოდა 2,5 მლნ. ადამიანი (ომიანობის დროს მათ რიცხოვნებას მნიშვნელოვნად გაზრდიდნენ რეზერვების მობილიზაციის ხარჯზე). ისინი შეადგენდნენ ევროპაში ნატო-ს სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების 80%-სა და სამხედრო-საჰაერო ძალების 70%, ხოლო ჯავშანსატანკო და მექანიზებული დივიზიები _ 90%-ზე მეტს (ტანკების 75%).

დაისახა რა თავის მიზნად ჩრდილოატლანტიკური ბლოკის სამხედრო ძლიერების ზრდა, ევროჯგუფი 80-იანი წლების დასაწყისში ძირითად ძალისხმევას მიმართავდა მისი გრძელვადიანი სამხედრო პროგრამის ფორსირებულ შესრულებაზე. ამასთან, უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებების მიხედვით, მთავარ ყურადღებას უთმობდნენ შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას, რეზერვების მობილიზების სისტემის სრულყოფას, აშშ-დან გადმოსროლადი გაძლიერების ჯარების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის გაუმჯობესებას, აგრეთვე იარაღის წარმოების დაგეგმვის რაციონალიზებას.

ევროჯგუფის სხდომებზე სამხედრო-ეკონომიკური პრობლემების განხილვასთან ერთად ახდენდნენ ევროპაში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების შეფასებას, განიხილავდნენ ნატო-სა და ვარშავის ხელშეკრულების ძალთა თანაფარდობას, ათანხმებდნენ პოზიციებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობათა უმნიშვნელოვანეს პრობლემებში. მაგრამ უნდა ხაზი გაესვას, რომ 80-იანი წლების დასწყისში ევროპული საქმეები უკვე აღარ შეადგენდა ევროჯგუფის ერთადერთ პრეროგატივას. როგორც ნათელი ხდებოდა მისი 1980 წლის მაისში ჩატარებული სხდომის კომუნიკედან, თავდაცვის მინისტრები დაწვრილებით განიხილავდნენ ჩრდილოატლანტიკური კავშირის საქმიანობის საკითხებს, მისი ”პასუხისმგებლობის ზონის” ფარგლებს გარეთ.

ევროპული სამხედრო-ეკონომიკური თანამშრომლობის აწყობის პროცესში ევროჯგუფის ერთერთი ამოცანა მდგომარეობდა შეერთებულ შტატებთან იარაღით ვაჭრობის დაბალანსებაში. მაგრამ ხაზს უსვამდნენ, რომ მის გადაწყვეტას გარკვეულ წილად აძნელებდა საფრანგეთის უარი შეერთებოდა დაჯგუფებას უკანასკნელის ნატო-ზე სრული დამოკიდებულების გამო. როგორც გვახსოვს, საფრანგეთმა 1966 წელს დატოვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო ორგანიზაცია და მას შემდეგ აქტიურად ცდილობდა დასავლეთევროპული კავშირის ბაზაზე მისი მონაწილე ქვეუნების სამხედრო ინტეგრაციის შემდგომ განვითარებას, თუმცა კი რაიმე სერიოზული წარმატების გარეშე. ამის გამო ფრანგული სამხედრო-სამრეწველო მონოპოლიები აღმოჩნდნენ მნიშვნელოვან იზოლაციაში და ბუნებრივია, რომ მათ აშინებდათ თავიანთი პოზიციების დასუსტება აშშ-თან კონკურენტულ ბრძოლაში. შესაბამისად საფრანგეთის სამხერდო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა დათანხმდა წასულიყვო თავის დასვლეთევროპელ პარტნიორებთან დაახლოებაზე, მაგრამ იმ პირობით, რომ მათ თანამშრომლობას ჰქონოდა ნატო-ზე ნაკლებად დამოკიდებული ხასიათი.

ნატო-ს ხელმძღვანელობას არ სურდა ევროჯგუფის ბლოკისგან ჩამოშორებაზე წასვლა და უფრო მიზანშეწონილად მიიჩნია ახალი ორგანიზაციის შექმნა. შესაბამისად, ევროჯგუფსა და საფრანგეთს შორის მიღწეული კომპრომისის შედეგად 1976 წელს ჩამოაყალიბეს ე.წ. პროგრამირების დამოუკიდებელი ევროპული ჯგუფი (პდეჯ), რომელშიც შევიდნენ ნატო-ს ევროჯგუფის 11 სახელმწიფო და საფრანგეთი. ფორმალურად იგი არ იყო დაკავშირებული ჩრდილოატლანტიკურ კავშირთან. ევროჯგუფის ოფიციალურ დოკუმენტებში პდეჯ-ს განიხილავდნენ როგორც ”მთავარ ევროპულ ფორუმს სამხედრო ტექნიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისთვის”. მისი შექმნის ინიციატორები თავის დროზე აცხადებდნენ, რომ “იგი მოწოდებულია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს დასავლეთევროპული სამხედრო მრეწველობის განმტკიცებაში, ამერიკულთან მიმართებით მის კონკურენტუნარიანად გადაქცევაში, აშშ-სა და დასავლეთ ევროპას შორის იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის რაციონალური ორმხრივი გაცვლის მიღწევაში”. გარდა ამისა, საბჭოთა ავტორების აზრით, ამ ჯგუფის შექმნით მიზნად ისახავდნენ ნატო-ს სამხედრო ორგანიზაციაში საფრანგეთის თანდათანობით ჩათრევას, რომელიც მისგან გავიდა 1966 წელს.

პროგამირების დამოუკიდებელი ევროპული ჯგუფის ხელმძღვანელობას ახორციელებდნენ თავდაცვის მინისტრების მოადგილეები (ნახ. 7), რომლებიც თავიანთ სხდომებს ატარებდნენ წელიწადში ერთხელ. პდეჯ-ის თავმჯდომარეს ნიშნავდნენ ორი წლის ვადით. მაკოორდინირებელი ორგანოს ფუნქციებს ასრულებდა შეიარაღებათა საკითხებში ეროვნული დირექტორების თათბირები. ისინი იკრიბებოდა წელიწადში ორჯერ და წარმართავდა სამი ჯგუფის საქმიანობას: შეიარაღების წარმოების დაგეგმვისა და ყოველწლიური ჩამონათვლებისა და მისი შეცვლის გრაფიკების შედგენის ეროვნული მოთხოვნილებების შესახებ ცნობების საფუძველზე; ერთობლივი წარმოების პროექტების შესწავლისა და შემუშავების; თანამშრომლობის პროცედურული ასპექტების შემუშავების. უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, თავისი საქმიანობის მხოლოდ პირველი ათი თვის მანძილზე პდეჯ-მა მიიღო გადაწყვეტილებები იარაღის ექვსი სისტემის ერთობლივი წარმოებისა და 1985-1995 წლებში 1000 ტაქტიკური გამანადგურებლის აგების შესახებ.

[მე-7 ნახატზე, რომლის სახელწოდებაა ნატო-ს პროგრამირების დამოუკიდებელი ჯგუფის ორგანიზაცია, სტრუქტურის სათავეში ნაჩვენებია თავდაცვის მინისტრების მოადგილეები, რომელთაც ექვემდებარებიან ეროვნული დირექტორები შეიარაღებათა საკითხებში, ხოლო ამ უკანასკნელებს კი – 1-ლი, მე-2 და მე-3 ჯგუფები].

საბჭოთა ავტორების შეფასებებით, დასავლეთევროპული კავშირის, ნატო-ს ევროჯგუფისა და “პროგრამების დამოუკიდებელი ჯგუფის” საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულად ადასტურებდა მათ მილიტარისტულ, აგრესიულ ხასიათს. მათ მიერ გატარებული პოლიტიკა არა თუ არ უწყობდა ხელს დაპირისპირებულ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებს შორის ურთიერთნდობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცებას, არამედ პირიქით, უარყოფით გავლენას ახდენდა ევროპაში დაძაბულობის განმუხტვის პროცესზე.

ასე, 1970-იანი წლების მეორე ნახევარში ნატო-ს ევროჯგუფის ქვეყნების მხარდაჭერით უარყვეს ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის სახელმწიფოთა კონსტრუქციული წინადადებები, რომლებიც ითვალისწინებდა ხელშეკრულების ხელმოწერას პირველად ბირთვული იარაღის არგამოყენების შესახებ, აგრეთვე ნატო-სა და ვარშავის ხელშეკრულების არგაფართოებაზე ვალდებულების აღებას ახალი წევრების მიღების ხარჯზე. საბჭოთა ავტორების აზრით, მსგავს კურსს საფუძვლად ედო ამ დაჯგუფებების მონაწილე სახელმწიფოთა გავლენიან წრეებში სურვილის არქონა ნამდვილად უარი ეთქვათ “ცივი ომის” ფსიქოლოგიაზე, საბჭოთა კავშირისა და მის მოკავშირეთა წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდაზე, რათა ამ უკანასკნელთ არ მისცემოდათ შესაძლებლობა თანამიმდებრულად გაეტარებიათ ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობისა და სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პოლიტიკა.

ეს წრეები, რომლებიც დიდ გავლენას ახდენდნენ ჩრდილოატლანტიკური კავშირისა და სხვა სამხედრო ალიანსების, აგრეთვე დასავლეთის სახელმწიფოთა სხვადასხვანაირი ორგანიზაციების საქმიანობაზე, საბჭოთა ავტორების მტკიცებით, არ იყვნენ დაინტერესებული სსრკ-სა და ვარშავის ბლოკთან ურთიერთობების გაუმჯობესებაში, არც მთლიანად საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვაში. ყოველთვის, როდესაც საჭირო ხდებოდა გამალებული შეიარაღებისთვის ახალი იმპულსის მიცემა, განსაკუთრებით ეროვნულ პარლამენტებში მორიგ ფინანსურ წელზე ბიუჯეტების განხილვის წინ, ძლიერი პროპაგანდისტული აპარატის გამოყენებით ისინი ხმაურს ტეხდნენ ე.წ. “საბჭოთა სამხედრო მუქარის”, აგრეთვე ნატო-ს სისუსტის შესახებ და მოუწოდებდნენ ალიანსის ქვეყნებში სამხედრო მზადებების ზრდისკენ.

საბჭოთა ავტორების პოზიციის ობიექტურად და სრულად შეფასებისთვის გაცილებით უფრო სერიოზული და კომპლექსური კვლევების ჩატარებაა აუცილებელი. ჩვენ კი ახლა ერთი რამის თქმა შეგვიძლია, რომ 1970-იანი წლების შუახანებში ნატო-ს ბლოკის სახელმწიფოთა მთლიანი სამხედრო ხარჯები შეადგენდა დაახლოებით 150 მლრდ. ამერიკულ დოლარს, მათგან აშშ-ის წილად მოდიოდა დაახლოებით 90 მლრდ. 1990-იანი წლების დასაწყისში კი მარტო აშშ-ის სამხედრო ხარჯები უტოლდებოდა დაახლოებით 305 მლრდ. დოლარს. შეიძლება ითქვას, რომ თუკი დასავლეთის მმართველი წრეები ჯერ კიდევ 1970-იან წლებში გაგებით მოეკიდებოდნენ საბჭოთა წინადადებებს “ევროპაში საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვის”, “შეიარაღებათა შეზღუდვა-შემცირებისა” და “სხვადასხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობილების მქონე სახელმწიფოთა მშვიდობიანი თანაარსებობის” შესახებ, მაშინ ორივე სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის ქვეყნებს ასცილდებოდა როგორც სამხედრო ხარჯების ასეთი ზრდა, ისე ბირთვული, ქიმიური და ჩვეულებრივი შეიარაღების უზარმაზარი რაოდენობის მარაგების დაგროვება და ევროპაში შეიარაღებული დაპირისპირების უკიდურეს დონემდე გამწვავება., რასაც ადგილი ჰქონდა ცივი ომის მიწურულში.

რაც შეეხება 1980-იანი წლების დასაწყისს, უცხოელი სპეციალისტების შეფასებით, დასვლეთ ევროპაში იმ დროისთვის ჩამოყალიბდა ურთიერთშემავსებელი ორგანიზაციების რთული სტრუქტურა, რომელთა საქმიანობაც მიდიოდა ძირითადად სამხედრო-ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში და მხოლოდ გარკვეული ზომით ეხებოდა სამხედრო-პოლიტიკური ხასიათის პრობლემებს. სამხედრო ინტეგრაციის ორ მიმართულებას შორის წარმოქმნილ შეუსაბამობას დასავლურ პრესაში ხსნიდნენ უწინარეს ყოვლისა სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში რეგიონის წამყვანი ქვეყნების ინტერესების ართანხვდენით, კერძოდ დასავლეთ ევროპის, როგორც დასავლურ სამყაროში ძალის ერთერთი ცენტრის ჩამოყალიბებაში განხილური დაჯგუფებების როლის თაობაზე შეხედულებების განსხვავებით. ასე, საფრანგეთი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფსონს აკეთებდა დასავლეთევროპულ კავშირზე, როგორც სამხედრო-პოლიტიკური ინტეგრაციის მთავარ ორგანოზე. გფრ, თავის მხრივ, ცდილობდა რა თავი დაეღწია ჯერ კიდევ არსებული შეზღუდვებისგან, ბლოკირებას უკეთებდა დეკ-ის გამოცოცხლებაზე მიმართულ საფრანგეთის მცდელობებს, ესწრაფვოდა მისი მნიშვნელობის შემცირებასა და უპირატესობას ანიჭებდა ევროჯგუფს. ამის შედეგად ვერც ერთი ეს ორგანიზაცია ვერ ახერხებდა სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის ინიციატორად გახდომას.

შექმნილ პირობებში დასავლეთ ევროპის ქვეყნების სამხედრო-პოლიტიკური ინტეგრაციის მომხრეები აყენებდნენ ახალი სამხედრო-პოლიტიკური დაჯგუფების შექმნის შორს მიმავალ გეგმებს ”ევროპული ეკონომიკური საზოგადოებრიობის” (ეეს, ანუ ”საერთო ბაზარი”) ბაზაზე. ამასთან ისინი ამოდიოდნენ იქიდან, რომ ამ ინტეგრაციას შესაძლო იყო იმპულსი მიეცა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისთვისაც. პერსპექტივაში მიზნად ისახავდნენ ეეს-ის გარდაქმნას სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკად _ ევროპული კავშირი.

ჯერ კიდევ 1976 წელს ბელგიის პრემიერ-მინისტრი ლ. ტინდემანსი გამოვიდა ეეს-თვის სამხედრო ხასიათის ფუნქციების მინიჭების მიზანშეწონილობის წინადადებით. სამხედრო-ეკონომიკური თანამშრომლობის წინმსწრები განვითარებიდან გამომდინარე პირველ ეტაპზე რეკომენდაციას აძლევდნენ შეექმნათ ”შეიარაღებათა ევროპული სააგენტო”. ევროპული ბეჭდური გამოცემების შეფასებით, ამ სააგენტოს წინასახედ იქცა პროგრამირების დამოუკიდებელი ევროპული ჯგუფი, რომელიც იწყებდა ეეს-სა და ევროჯგუფს შორის დამაკავშირებელი რგოლის როლის თამაშს.

1980-იანი წლების დასაწყისში ევროპული კავშირის მომხრეები სულ უფრო აქტიურად მოითხოვდნენ ”საერთო ბაზრის” ფარგლებში მისი მონაწილე ქვეყნების სამხედრო პოლიტიკის შეთანხმებას. ასე, ეეს-ის კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ კ. თაგენდჰეთმა 1981 წლის მაისში განაცხადა, რომ ”აუცილებელია ვითვალისწინებდეთ კავშირს, რომელიც არსებობს სამრეწველო ზრდასა და თავდაცვის სფეროში არსებულ მოთხოვნებს შორის. საგარეო საქმეთა მინისტრები უნდა მსჯელობდნენ სამხედრო პრობლემებზე”. გფრ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა გენშერმა მოამზადა წინადადებები ”სართო ბაზარში” პოლიტიკური თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. ამასთანავე თვლიდა, რომ ამის ერთერთი შედეგი იქნებოდა უფრო მჭიდრო ურთიერთმოქმედება სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში. უცხოელი სპეციალისტები არ გამორიცხავდნენ ეეს-ში სპეციალური ორგანოს წარმოქმნას თავდაცვის მინისტრების დონეზე. ივლებოდა, რომ ევროპული კავშირის ჩამოყალიბების შემდგომი ეტაპები შესაძლოა ყოფილიყო ევროპული ბირთვული ძალების შექმნა სარანგეთისა და დიდი ბრიტანეთის შემადგენლობითა და გფრ-ის ფინანსურ-ტექნიკური მონაწილეობით, ერთიანი სამხედრო ბიუჯეტის მიღება, სამოკავშირეო ევროპული სარდლობისა და სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების შექმნა.

საბჭოთა ავტორების დასკვნით, დასავლეთევროპული დაჯგუფებების საქმიანობა და ახალი სამხედრო-პოლიტიკური კავშირის მომხრეთა გეგმები ასახავდა განსაზღვრული წრეების მისწრაფებას დასავლეთ ევროპაში აემაღლებიათ სამხედრო კონფრონტაციის დონე რეგიონში, გაეღრმავებიათ მისი დაყოფა დაპირისპიებულ ბლოკებად. ეს ჩანაფიქრები იძენდა განსაკუთრებით საშიშ ხასიათს მსოფლიოში დაძაბულობის გამწვავების პირობებში აშშ-ისა და ნატო-ს ავანტიურისტული კურსის შედეგად სოციალისტური თანამეგობრობის სახელმწიფოებზე სამხედრო უპირატესობის მიღწევის მიზნით. საბჭოთა სპეციალისტების აზრით, ევროპული უსაფრთხოების ინტერესებს პასუხობდა არა ახალი პაქტების შეკოწიწება, არამედ იმ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომლებსაც არაერთხელ სთავაზობდა საბჭოთა კავშირი და რომლებიც მიმართული იყო ევროპის სამხედრო ბლოკებად დაყოფის დაძლევისკენ.

ჩვენის მხრივ დავძენთ, რომ უკანასკნელ წლებში ჩვენში დამკვიდრებული მავნე ტენდენცია ყოველივე სიკეთის დასავლეთიდან წამოსვლისა და ყოველივე ცუდის საბჭოთა კავშირიდან და ვარშავის პაქტიდან მომდინარეობის შესახებ ისევე ჩვენივე დამამცირებელი და დამაკნინებელია, როგორც საბჭოთა პერიოდში ამის საწინააღმდეგოს მტკიცება და პროპაგანდა. მეტად მნიშვნელოვანია ობიექტური სიმართლის კვალიფიციურად და მიუკერძოებლად დადგენა, რაც ჩვენი აზრით, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარ-სპეციალისტების საფუძვლიანი მუშაობის საგნად უნდა იქცეს. ხოლო მათი რეკომენდაციები მეტად გამოსადეგი იქნება საქართველოს სწორი საგარეოპოლიტიკური ორიენტაციისთვის. მხოლოდ ამ შემთხვევაში ფასი უნდა ჰქონდეს არა დასავლური გრანტებითა და სხვა ანგარებიანი ინტერესებით მოქმედი ადამიანების, არამედ სწორედ საკუთარი ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დაცვისა და მისი სწორად განვითარებისთვის მოღვაწე კვალიფიციური სპეციალისტებისა და ექსპერტების მიერ გამომუშავებულ ცოდნასა და რეკომენდაციებს.

(გაგრძელება იხ ნაწილი II)

მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment