Sunday, December 25, 2011

მამისთვალი (მოთხრობა)

(ეძღვნება ფილოსოფოს ნანა სულიაშვილს)

გამარჯობა, მკითხველო, ჩვენ ერთმანეთისთვის უცხონი არ ვართ, ჩვენ ერთმანეთის ახლობლები, ნათესავებიც ვართ. მაშინ, ადრე, მეც მარტო მკითხველი რომ ვიყავი, მეც სითბოთო მესალმებოდნენ და უამრავ ამბებს არა მარტო მაგებინებდნენ, მოვლენებში წვდომასაც მასწავლიდნენ. ახლა მეც სიყვარულით გეცნობით, მეც დავიწყე წერა, მაგრამ არ გეგონოთ, ჩემთვის შემოქმედება, საერთოდ, უცხო იყოს. მე მხატვარი გახლავართ, ეფემია ფიჭაძე. ვფლობ უნიკალურ პორტრეტთა გალერეას და აქედან ჩემი სერიები პორტრეტებისა საზოგადოებისთვის რამდენჯერმე გახდა ცნობილი, მაგრამ გარკვეული წრისათვის, რადგან ფართო გაშუქებისათვის დიდი პროჟექტურაა საჭირო, რაც ჩვენს გალერეათა გაერთიანებას დღესდღეობით არ გააჩნია. არც ის გეგონოთ, რაღა ამჟამად მოუნდა მოთხრობების წერაო; მე მივყვებოდი, როგორც უკვე გითხარით, პორტრეტის ჟანრს, და თუ ლესინგის ესთეტიურ შეხედულებას მხატვრობისა და ლიტერატურის დანიშნულებაზე გავიხსენებთ, არც ის იქნება გასაკვირი, რომ პორტრეტში დატეული თემა გავხსნათ და წარმოგიდგინოთ ჩემს მიერ შესრულებული ერთ-ერთი სახასიათო სახე “მამისთვალი”. დრომ მოიტანა და იმასაც გეტყვით, რომ საიდანღაც მოსული და სადღაც ამორფული არ გეგონოთ, რამეთუ ახლა უამრავი გალერეაა და იმდენად ზღვარგადასული თავისი უნაყოფობით, რომ ჩემს შესახებ ცოტა რამის ცოდნაც საჭიროა. ეს შესავალი მოთხრობის ერთგვარი ჩარჩოცაა, რათა სათქმელი შიგნით მოვაქციო. მახსენდება სტუდენტობაში დამუშავებული საკმაოდ ცნობილი ნაშრომი, რუსი ხელოვნებათმცოდნის, ბახტინისა, ჩარჩოს შესახებ. ახლა ამის გამოყენება ჩემთვისაც საჭირო შეიქნა. ესე იგი, შევდივარ გალერიის ცოცხალ კომპიუტერში და ვძებნი “მამისთვალს”.

მამისთვალს სახელი მამის უმცროსმა ძმამ დაარქვა. იგი, საშუალოზე მაღალი, ძლიერი მხარ-ბეჭითა და ხორბლისფერი, სწორ ნაკვთებიანი სახით, თაფლისფერი თმებითა და ოდნავ ჭროღა, დიდრონი თვალებით, არც არაფრით გამოირჩეოდა სხვებისგან ნამეტანად, მაგრამ თავისთავადი კი გახლდათ. იგი ჩემი ბაღისდროინდელი მეგობარია და დღემდე არ გამიწყვეტია მასთან კავშირი. საბავშვო ბაღში მასწავლებლები გაოცებულნი რჩებოდნენ, ჩვენ რომ ერთხელ რამეს წავიკითხავთ, ყველაფერს ზეპირად ამბობსო. ყველაზე თვალი ეჭირა, თუ ვინმე ვერ ჭამდა, ვერ იძინებდა, ვერ იცვამდა, ყველას ეხმარებოდა, ჩხუბის თავებს აშველებდა და როცა იმასაც წაუყირავდებოდნენ, მათ ერთი კარგად მისცხებდა და გვერდზე გასწევდა ხოლმე. ერთხელ მასწავლებელსაც მიეშველა. ერთ შავგვრემან გინებამოყვარულ ბიჭს გარეცხილი სიპი ქვით კბილები საგულდაგულოდ ჩაუჩეჩქვა, რადგან მასწავლებლის მუქარის დროს სულ ესმოდა, ერთსაც იტყვი უწმაწურ სიტყვას და კბილებს ქვით ჩაგიმტვრევო. თვითონაც გაუკვირდა, სისხლმა დენა რომ დაიწყო პირიდან და თავის დასჯასაც აღარ შეხვედრია გაუგებრად. ერთხელაც კიდევ – გაურკვევლად არ მიუღია ხელების აჭრელება და დიდ ხანს ბჟუილი. ერთმა ბიჭმა, თითქმის სულ ერთად რომ დადიოდნენ, ხელი დაუჭირა, წინ წაიყვანა, მოკაშკაშე მზით განათებული ცისკენ აახედა და უთხრა, შეხედე, შეხედე მზე როგორ მომყვება, მარტო მე ვუყვარვარ, შენ კი არ დაგდევსო. მაშინვე დაფიქრებულმა გაოცებით მიუგო, ის ხომ ერთია, ჩვენ ბევრნი ვართ, ზემოთ ვინც ავიხედებით, ყველას წამოგვყვება, ეს რამ გაფიქრებინაო. ის კი თავისას არ იშლიდა, გაიძახოდა, მზე მარტო მე მიყურებს, თან უმატებდა, მამაჩემსაც ყველა იცნობს, მამაშენს არაო. ამაზეც ბევრი უმტკიცა და მაგალითებიც მოუყვანა, მაგრამ რომ არაფერმა გასჭრა, ხელი ჩაავლო წინ გადმოწეულ ფაფუკ ქოჩორში და ხელში ბღუჯა თმა შერჩა. პატარა ბიჭი ისევ შეწუხდა, ეს რად მინდოდაო.

ასე იზრდებოდა აკაციებით გარს შემოვლებულ უზარმაზარ ეზოში, გაზაფხულზე მათი რძისფერი ყვავილების თბილი სურნელით რომ ბრუვდებოდა, შიგნით ჩარიგებული ყვავილნარი თვალს რომ სტაცებდა – ზამბახი, ველური მიხაკი და დევისპირა, მათი ხავერდოვანი მუქი ფერადი ყვავილების ფურცლებითა და ნელი სურნელებით, დღესაც სიზმარივით რომ ახსენებს ყველაფერს.

ბაღში თუ შურისგებას ხანდახან ვერ ასცდებოდა, სკოლაში წყნარად და მდუმარედ უღიმოდა ყველას, განსაკუთრებით გონებაგახსნილი ბავშვები ახარებდნენ, მათთან ხუმრობდა და იცინოდა, მაგრამ ბეჩავი და ოდნავ გლახა თუ გამოერეოდა, ეს გულსა სტკენდა, იმას გაუცინებდა, სახელს მოფერებით დაუძახებდა. სკოლაში მისმა ნიჭმა ბევრი აბეზარი და გულბოღმა გააწბილა, აშინებდნენ დაბალ კლასებში, დავალებას გადაგვაწერინებ თუ არაო, ესეც თავის ჩანთას გადასცემდა და ზარის დარეკვის შემდეგ ხანდახან თვითონ უწევდა მისი ძებნა. მათემატიკა და ქართული ისე ეხერხებოდა, ჯერ რამდენიმე თემას სხვას დაუწერდა და გაუგზავნიდა ჩუმად, შემდეგ თავისთვის წერდა. ვერ იტანდა, თუ ვინმე მოძალადის ტონით ელაპარაკებოდა და სძულდა მისი შემოხედვა. მოწაფეებისა რა იყოს და მასწავლებლებიც დაუპირისპირდნენ. ერთნი ჩამორჩენილებს შეეკვრნენ და მის წინააღმდეგ ალიანსი შექმნეს – სულ მაგას რომ აქებენ, ეგ ვინ წითელი კოჭიაო. ერთი მოენაბლუო მასწავლებელი, სხვა ტომისა რომ ჩანდა, მიჩუმათებულად გაპრანჭული და მასთან კი მამა აბრამის ბატკანივით მოქმედი, მოწაფეთა ამ ალიანსს სათავეში ჩაუდგა და ამ ჩამორჩენილთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების მიზნით, მათი კლასში დაწინაურება გადაწყვიტა, მაგრამ რა გამოუვიდოდა? ერთხელაც სამინისტროდან ერთი უხუცესი მეთოდისტი მიბრძანდა სკოლაში მისი გაკვეთილის შესამოწმებლად. მისგან განებივრებულმა და მასთან განდობილმა მოწაფეებმა პატივცემული ადამიანი თავისი გრძელი პალტოს კალთებით მერხზე ისე დააბეს, რომ ჯერ ძლივს იქ შეტეული, ამ მახეს თავს ვეღარ აღწევდა. მამისთვალი შორიდან უყურებდა ამ სცენას წინ, კედელთან კუხეში მჯდომი და მაინც აოცებდა თითოეული მათგანის მოქმედება.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ასეთ მოსაყოლს რა გამოლევს, ამ ყმაწვილის კვალს მივყვეთ. როცა მეორე მხარის წარმომადგენელზე დაიწყო ოცნება, სახე ცისკენ მიაქცია და ღრუბლების გაჩენას, გარდასახვას, მიმსგავსებას, მილევას უყურებდა და მას წელიწადის ყველა დროს ყველა ამინდში აკვირდებოდა. რა ტერენტისავით თავი აგიწევიაო, ეხუმრებოდნენ ტოლ-ამხანაგები.

უმაღლესის გამოცდებმა მისთვის ბუნებრივად ჩაიარა. დიდი წარმატებით ჩააბარა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გზებისა და ხიდების მშენებლობის ფაკულტეტზე. სკოლის მასწავლებელი, ერთ-ერთი უგამოჩენილესი მწერლის ნათესავი, აფრთხილებდა, უწიგნური ხარ და ვშიშობ უმაღლესში ჩაჭრის შემდეგ სკოლას სამარცხვინო ბარათი არ მოუვიდესო. რაკიღა სიტყვამ მოიტანა, იგივემ და სკოლის დირექტორმა მას ქართული ენისა და ლიტერატურის რესპუბლიკურ კონკურსში გამარჯვებისათვის I ხარისხის დიპლომი დაუმალეს და ორი წლის შემდეგ გამოაჩინეს ატესტატთან ერთად, სათითაოდ რომ გასცემდნენ. და ეს სიგელი ბატონ ჰალსტუხ-კოსტუმიან საზოგადოებათმცოდნე დირექტორს თავზე გადაუფრიალა და უთხრა: ამას მაშინ ველოდი, როცა თემა დავწერეო. ამ თემის “ქართველ სამოციანელთა შეხედულება პოეზიისა და პოეტის დანიშნულებაზე” წარმატება მისმა მეგობარმა, ვუნდერკინდად წოდებულმა რეზომ, წინასწარ განსაზღვრა და მას უთხრა, ეს თემა წყალვით იკითხება, აზრიანი და პოეტურია, ასე ვერავინ დაწერდაო. შემდეგში კი როგორ ნანობდა ეს მეგობარი, მე ვუთხარი ქართულის მასწავლებელს შენი ნიჭის შესახებ და მე გადაგამტერე, ახლა თვალში ამოგიღებსო. ამ მასწავლებლის შიში მისი გაწითლებითა და დამალვით დამთავრდა, როცა იმ წელს უმაღლესში ორი სკოლადამთავრებული მოეწყო, ერთი რეზო და მეორეც მამისთვალი.

უმაღლესში ყველასთან მეგობრობდა, მაგრამ გულწრფელ და სულიერი სიღრმის ამხანაგებს თავისთავად ერთმანეთისკენ ეზიდებოდათ. საბუნებისმეტყველო დისციპლინების გავლისას ხშირად გაიხმობდა ხოლმე მას სხვადასხვა ლექტორი და შესთავაზებდა, არ გინდა ჩვენს განყოფილებაზე გადაგიყვანო, ანდა არ გინდა ესა თუ ის თემა დაწეროო. მაგრამ ის ბოლომდე არჩეულ პროფესიას გაჰყვა. დაეძებდა ნამდვილ პროფესორებს და საოცარი მოწიწებით აფასებდა მათ. ბუტაფორია საგნების უამრავ მათგანს კი ისე უყურებდა, კარიკატურები ეგონა. და იგი ამ გარემოებამ ისე დაადუმა, რომ მხოლოდ მათი განსახიერება დაიწყო ახლო ნაცნობთა წრეში და იქამდე შევიდა ამ პროფესორთა როლებში, რომ ერთხელ დეკანმა სტუდენტებთან ერთად უფლისციხეში გასვლის დროს უთხრა, შენი სახით დიდ მსახიობს ვკარგავთო, მაგრამ ეს იყო რაღაც მონაკვეთი, შემდეგში სირცხვილითაც კი იხსენებს ამას.

საკურსოებისა და დიპლომის ერთხმად აღიარების შემდეგ, ის კი არა და, საუბარი იყო ამ ბოლო პროექტის შესაბამის სამინისტროსათვის გადაცემის თაობაზე, რომელიც უშუამდგომლებდა ქალაქის საბჭოში მის წარდგენასა და შემდეგ განხორციელებას, მაგრამ სამი წლის მანძილზე იქით-აქეთ დაბარების შემდეგ მას აღარ შეეძლო ამ საქმეს მიჰყოლოდა. პროფესიას ისე შინაგანად შეეთვისა, თუმცა არც ერთ შესაბამის ინსტანციაში სერიოზულად არ მიუღიათ სამუშაოდ, რომ მთელი ცხოვრება წიგნებში, პროექტებში იყო განუწყვეტლივ ჩარგული.

მამისთვალი რისი მამისთვალი იყო, იმედი რომ დაეკარგა. იგი გულისხმას მისდევდა და გარეგნულ წარმატებებს მაინც და მაინც არ ესწრაფვოდა, რამეთუ იცოდა, საქმით ყოველივე გამოჩნდებოდა, მაგრამ ეს იოლი გზა არ იყო. და თანაც ხვდებოდა, რომ ყველას უნდა შესძლებოდა თავისი ნიჭის ნამდვილად გამოვლენა. მისი დიპლომის რეცენზენტმა, დიდმა მეცნიერმა, პროექტის შეფასებისას აღნიშნა, რომ ასეთი პროექტი ორმოცი წელია აქ არ მოსულაო. ეს თუ ასეა, ესე იგი, ერთმა თაობამ თითქმის გაიარა და ასე რად გაუძნელდათ მისი მიღება და განხორციელება? თუ კი ეს ბუნებრივად იშვა, მიეცეს თავისი ადგილი, სხვებს რაღად ამუშვებენ ამ გეგმაზე? მათ სხვა დაავალონ და იქნებ ყველამ პატიოსნად ის აკეთოს, რისი გაკეთებაც შეუძლია და რისი უნარიც შესწევს? ახალგაზრდა ბიჭი იყო, ტოლები, ცხადია, უყვარდა, მაგრამ იმდენი რამ ჰქონდა გასაგები და მოსაპოვებელი ცოდნის სფეროში, როგორც სპეციალობით, ასევე ზოგადად, რომ მასთან შემხვედრ ყველა მასზე უფროს, საინტერესო და კარგ ადამიანს უკავშირდებოდა და ბევრთანაც მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, თუ კი თავისთავად ეს აეწყობოდა.

ცხოვრების გზაზე ბევრიც ეღობებოდა წინ, თუმცა დათმენის, მისი დიდი ნიჭის მიუხედავად, მაინც ბრძოლები და გულისტკივილები გაიარა, რასაც ხანდახან წლები, ხანდახან გარკვეული პერიოდებიც დასჭირდა. ცოდნას აგროვებდა, მაგრამ მასთან თავის ხასიათსა და ინტერესს ახამებდა, საკუთარს პოულობდა. ამ ძაფს არ წყვეტდა, ცოდნასთან თანხმობაში უნდა ყოფილიყო, და ამის მოპოვებას დრო სჭირდებოდა. იგი შინაგან ადამიანად და პროფესიონალად ყალიბდებოდა, თუმცა გარეგნულად ამ ყოვლივეს არც ვინ უფასებდა და არც ვის ეხვეწებოდა და ფეხ-ქვეშ არ ეგებოდა, დამიფასეთო. პირველ რიგში მიხვდა, მთავარი უზენაესთან თანხმობა იყო, რაც დღითი-დღე გამოცდილებითა და დაკვირვებით მოდიოდა და მეორე – განუწყვეტელი შრომა და ღვაწლი. ხვდებოდა, დადგებოდა დრო და ყველაფერი გაირკვეოდა. ერთ-ერთ ინსტიტუტში ხაზვის მასწავლებლად მუშაობდა მოკრძალებულ ანაზღაურებაზე და თან შემოქმედებით ძიებას არ შორდებოდა, რადგან ეს მისთვის შინაგანი მოთხოვნილება იყო და მთელი ათეული წელი მოანდომა პროექტების კომპლექტს. და ოჯახური პასუხისმგებლობის დაკისრების გამო იმდენს შრომობდა და კერძო მეცადინეობებს ატარებდა, რომ ეს პროექტი კიდეც გადაავიწყდებოდა, მის ერთ-ერთ საუკეთესო მეგობარს რომ არ შეეტყობინებინა, საპროექტო ინსტიტუტი პროექტებს ყიდულობს და შეკვეთებსაც იძლევაო. ამ ნამუშევრის წარდგენის შემდეგ მან გარკვეული ჰონორარი მიიღო, მისი პირობებისათვის საუკეთესო, ისე რომ ექვს თვეს ერთ კაცს თავის სარჩენად ეყოფოდა. გავიდა ხანი და მისი პროექტი განხორციელდა, და წარმოუდგენელი შეფასებით საპროექტომ უცხოელს მიჰყიდა და ავტორს ისღა უხაროდა, თავის ქალაქში რომ აიგო სამი ხიდი ქალაქის გარეუბანში. ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ გაძარცვეს, თუმცა გარკვეულწილად ულოცავდნენ პროფესიონალები და აფასებდნენ კიდეც. ჯილდოებიც გადასცეს, უცხოეთშიც მიიწვიეს, მაგრამ მას ეს საქმე არ იზიდავდა. აქ ეძებდა ოჯახის სარჩენ სახსრებს, მის ცოდნასთან შეუსაბამო ინსტიტიტში რომ მუშაობდა, არც ესმოდათ მისი ფასი; რამდენჯერმე დეკანის მოადგილემ პირდაპირ კარი შეუღო ლექციაზე იმ მიზნით, რომ შეემოწმებინა, რამდენად მუშაობდა სტუდენტებთან და რამდენად პროფესიონალი იყო, როცა სალექციო თემებთან ერთად სტუდენტებს რწმენასა და საზოგადოების ცოდნაში გარკვევის მიზნით და მასთან პატიოსან დამოკიდებულებაზე ესაუბრებოდა ხოლმე და კიდევ მრავალ მისთანაზე. ჩვენ ზღაპრები არ გვინდა, მარტო ლექცია წაიკითხეო, ეუბნებოდნენ, როცა, მაგალითად, სტუდენტებმა არ იცოდნენ 14 ოქტომბერს რად ისვენებდნენ, სახელდახელოდ შექმნილ უმაღლესში მის რექტორთან, ცნობილ პროფესორთან შევიდა ერთხელ კაბინეტში და აუხსნა, პედაგოგები მინიმუმს ვიღებთ გასამრჯელოდო. რექტორმა თავგამოდებით დაიცვა სტუდენტთა მშობლები, პატიოსანი ოჯახებიდან არიანო. მასაც უნდოდა მიეგო, რომ არც პედაგოგები იყვნენ არაპატიოსანი ოჯახებიდან, მაგრამ გაჩუმდა, რადგან თუ იტყოდა, უნდა წამოსულიყო კიდეც, და მუდამ გარკვეულ დროს მიცემული ხელფასი მაინც რაღაცას ნიშნავდა ოჯახში მისატანად, რადგან მას ჯერ საკუთარი არ ჰქონდა და ძმებს იყო გადაყოლილი მამის გარდაცვალების შემდეგ, და არც ქვეყანაში იყო დალაგებულად საქმე, რამეთუ არსებობა და ყოფნა, თითოეულის სიცოცხლე იცოდა, რომ ბევრს ნიშნავდა, და ყოველი შემოსავალი მისთვის აუცილებელს წარმოადგენდა, რათა გაგრძელებულიყო მომავალი, არამც და არამც ეს არ იყო ამაოსთვის საზრუნავი და იგი ხედავდა, რომ თითოეული კაცი თავისი ქვეყნისათვის ყველაზე ძვირფასი იყო და აღემატებოდა ყველანაირ მატერიალურ ღირებულებას, რაც საჭირო იყო მხოლოდ ისევ ადამიანთა სიცოცხლისა და ადამიანური ღირსებისათვის. და უცოდინრად მიაჩნდა ყოველი, ვინც ამას ადამიანზე მეტად აღამატებდა.

მისი სულიერი მეგობრის ძიების გზაზეც მოგიყვებით. მამისთვალი თვითონ სტუდენტობაში, როცა მასში ჯერ არ იყო გამჯდარი სარწმუნოებრივი ცოდნა და სიმყარე, გატაცებული იყო ერთი გოგონათი, რომლის ცოდნა ლიტერატურასა და კლასიკურ მუსიკაში მეტად მოსწონდა და ბევრ საერთოს ნახულობდა მასთან. მასზე დააშენა მთელი თავისი ოცნება და როცა ეს ამბავი გამჟღავნდა, კარგად განათლებულმა გოგონამ ყველა ეს გატაცება ფროიდის ფსიქოანალიზით ახსნა. კარგა ხნის შემდეგ როცა მოუბოდიშეს, მაინც გაურკვეველი დარჩა ბევრი რამ და ერთმა ჩასაფრებულმა ამხანაგმა სულაც მოაშორა მას. პირველი იმედის გაცრუება მძიმე იყო, მაგრამ სხვა ნაყოფი გამოიღო შინაგანად. იგი არავის მიაგებდა სამაგიეროს, მიატოვებდა და მიდიოდა. მიყვებოდა თავის გზას, მაგრამ როცა ფიქრდება ხოლმე ამ ხალხზე, რცხვენია კიდეც მათი – როგორ შეუძლიათ პირდაპირ ცუდი გაუკეთონ სხვას. კეთილი კაცი ხომ თავისთვისაა, განა სცალია იმ გეგმებისათვის, რასაც მთელ დროს ავისმზრახველი ანდომებს? ამაზე ხომ ბევრი თქვენგანიც მუდამ დაფიქრებულა. მოგვიანებით მისი ერთ-ერთი სულიერი მეგობარი მისი ცხოვრების თანამგზავრი გახდა. მათმა შეკავშირებამ ორივეს სულიერი საქმიანობა დახვეწა და გაამდიდრა.

სამაგიეროდ, ახლო მეგობრები დრო და დრო გაურკვეველი მიზეზით ხან თავს ესხმოდნენ, ხანაც შორდებოდნენ, ადანაშაულებდნენ თითქმის უმნიშვნელო საქმეში, რაც მარტივად გაირკვეოდა კეთილმოსურნეობაში, და ბოდიშის მოხდასაც სთხოვდნენ. ზოგმა საზოგადოებაში, როგორც მათ ჰგონიათ, ადგილი მოიპოვა, ზოგს ხელი მოეცარა, ზოგსაც დიდი სურვილი გაუჩნდა, ცნობილი გამხდარიყო სხვაზე გადავლით. უერთმანეთოდ ორივე მხარე გასძლებს, მაგრამ ერთმანეთის სიხარული დაიკარგა. მას კი დღესაც ისევე სიყვარულით შეუძლია მათი მიღება, თუკიღა ამას ნამდვილად მიხვდებიან. სამაგიეროდ, გაიზარდა ძველი თუ ახალი წრიდან პროფესიული თუ საზოგადოების აღმშენებლობითი ცოდნით გამოცდილი და ერთგული ხალხის სიახლოვე. ეს წრე ნამდვილად ფართოვდება. ხომ გითხარი, მკითხველო, შენც და ჩვენც ერთად ვართ-მეთქი. ვინც მართლა მოქალაქე გახდა, ერთად უნდა ვიყოთ, უნდა ერთმანეთით გავძლიერდეთ. მე ასე მწამს. აი, რად მჭირდებოდა ჩარჩოს კონსტრუქციაზე ლაპარაკი, თქვენც გამომიჭერდით, მკითხველო, მე აქ გამოვვარდი მისი ფარგლებიდან, გამახსენდა ერთი-ორი სურათი, როცა ჩარჩოს გარეთ, მაგალითად, ცხენების ფეხთა ფლოქვები მოჩანს. მეც ასე მომივიდა.

მამისთვალი ვიდრე ოჯახს შექმნიდა, თითქოს მხოლოდ საკუთარი თავის ზნეობრივ ჩამოყალიბებას ანდომებდა დროს. შეძლებისდაგვარად წრფელი ლოცვა და თავგადადებული შრომა არ შეუწყვეტია. ოჯახის შექმნის შემდეგ საზოგადოებრივი გახდა. ისტორია ასე რომ უყვარდა, ცხადად განიცადა, სულის ცრემლები სდიოდა, დღევანდელი ყველა უპოვარი და გაჭირვებული ახსენდებოდა და გულს უძრავდა წაშლილი სახე. მასში მაინც გრძნობიერი ჭარბობდა, თუმცა გონების სინათლე მუდამ გამოარჩევდა მას.

თავი ყოველთვის ღირსეულად ეჭირა და ეს არ ყოფილა მოჩვენებითი, რამეთუ თავმდაბალი იყო ბუნებით. ქედს უხრიდა უფალს და სხვადასხვა მრავალ, მასზე მოწეულ უგვანობაზე მაღლდებოდა მოთმინებით და ისევ მოთმინებით. მამისთვალს ბევრი საქმე აქვს, არ ებმება, არ იბლარძნება, სასტიკად ერიდება ბლანტე გარემოს, ეშინია და თავს იცავს ამ უაზრო განცდისაგან, რადგან დრო არ ითმენს. ასეთ ხალხს ყურსაც არ უგდებს, რადგან მათ უყვართ ამ საქმეთა რყევა, მაგრამ არა, ურყევია მისი შთაგონება. საიქიოდან მამის თვალი უყურებს, შვილო, უფროსი ხარ, მტკიცედ იდექი, შენს ძმებს მიეხმარე, დედისიმედა უთქმელია, მახარე – თქვენზე გამოუცდელიო. მაღლიდან კი მამა ღმერთის თვალი დასცქერის, ჰოი, ერთადერთი, რა ტკბილად და მაამებლად, იცავს და აძლიერებს.

მოგეწონათ? თუ თქვენ მოგინდებათ ჩემი სხვა პორტრეტების წაკითხვა, შეგიძლიათ მომმართოთ, მე თავს შეგაქცევინებთ არც თუ ისე ურიგოდ, რდგან ამაში ჩემი საგვარეულოც მიწყობს ხელს, თანაც ჩემი გალერეა მუდმივ მოქმედი და მუდმივ მოძრავია და მისი გადაადგილება ხდება ხშირად ახლობლებთან ერთად, ხან ფეხით, ხან ცხენებითაც, რამეთუ მე ტექნიკას არ ვიყენებ სხვადასხვა მიზეზთა გამოისობით.

მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი13 ნოემბერი 2011 წელი.

No comments:

Post a Comment