Friday, November 2, 2012

ნიკოლოზ დუბროვინი გენერალ-პორუჩიკ პოტიომკინის ტფილისში სტუმრობისა და იმერეთის ამბების შესახებ

(ქვემოთ შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს აკადემიკოს დუბროვინის წიგნის «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе» /томъ II. С-Петербургъ, 1886/, III და IV თავების თარგმანს)


თავი III

პ. ს. პოტიომკინის გამგზავრება ტფილისში. – მისი პაემანი ერეკლე მეფესთან. – საქართველოს სამეფო სახლის პირთა დახასიათება და მათი ურთიერთდამოკიდებულებანი. – უწესრიგობანი საქართველოს საშინაო მმართველობაში. – ფულადი ანაზღაურება ლეკებისთვის. – საქართველოს სამხედრო მოწყობა. – ლეკების შემოჭრა საქართველოში და მათი მოგერიება რუსული ჯარების დახმარებით. – მოვლენები (შემთხვევები) განჯის სახანოში.

ვრცელი შეხედულებები, რომლებიც ჰქონდა თავად პოტიომკინს ადერბაიჯანის მხარეზე, მოითხოვდა იმას, რათა მისი გეგმების შემსრულებლებს, გენერალ-პორუჩიკ პოტიომკინსა და ერეკლე მეფეს უფრო ახლოს გაეცნოთ ერთმანეთი და პირადი პაემნით განემტკიცებინათ ურთიერთ შორის კავშირი და მეგობრობა. “შეიძენთ რა მის ნდობას, წერდა უგანათლებულესი თავადი თავის ბიძაშვილს, უეჭველად თქვენ დაიწყებთ მის მართვას”. ამ მიზნით პ. ს. პოტიომკინს ებრძანა გამგზავრებულიყო საქართველოში და შეეხედა ქვეყნისთვის, რომელიც არჩეულ იქნა მთელი მომავალი მოქმედებების თეატრად.

ჩვენ ვნახეთ, რომ ერეკლე მეფე დიდი ხანია ეძიებდა ამ პაემანს და როდესაც შეიტყო, რომ საქმეები აყოვნებს პოტიომკინის გამომგზავრებას ტფილისში, მას სურდა თავად გამგზავრებულიყო სტეფანწმინდას, იმისთვის, რათა საჭიროების შემთხვევაში კავკასიის ხაზზეც ჩასულიყო. ეს მზადყოფნა უარყოფილ იქნა იმის გამო, რომ პოტიომკინის გამგზავრება საქართველოში განპირობებული იყო არა მხოლოდ მეფის პოლიტიკური საჭიროებებით, არამედ ქვეყნის საშინაო მდგომარეობის შესაწავლითა და შეძლებისდაგვარად დაწვრილებითი ცნობების შეგროვებით გარეშემო მყოფი მფლობელებისა და მათი ურთიერთობების შესახებ, როგორც საქართველოსთან, ისე თავიანთ ქვეშევრდომებთანაც.

სექტემბრის დასაწყისში გენერალ-პორუჩიკი პოტიომკინი, გენერალ-მაიორ სამოილოვის თანხლებით, გაემგზავრა საქართველოში. მას იქ ხვდებოდნენ საყოველთაო აღტაცებით, მაგრამ უკან ჩამოიტანა არადამაკმაყოფილებელი ცნობები ქვეყნის შესახებ და გამოემგზავრა დარწმუნებით მმართველობის მექანიზმის სრულებით მოშლაში. ცნობებმა, რომლებიც მიაწოდეს მას პოლკოვნიკმა ბურნაშოვმა, დოქტორმა რაინეგსმა და თავად პოტიომკინის პირადმა დაკვირვებებმაც დაარწმუნეს იგი ასეთი დასკვნის სამართლიანობაში.

პოტიომკინი ასე ხატავდა საქართველოს სამეფო სახლის წევრებს.

ერეკლე მეფეში მან იხილა სამოცდა ორი წლის მოხუცი, საშუალო სიმაღლისა, რამდენადმე მხრებში მოხრილი, მაგრამ მხნედ მყოფი. ერეკლე კიდევ ინარჩუნებდა ხასიათის სიფიცხესა და მზერის სიმახვილეს, რომელსაც იგი მიაპყრობდა შუბლის ქვემოდან ყველა თანამოსაუბრეს, აკეთებდა რა ამას, პოტიომკინის შენიშვნით, “შესაძლოა იმიტომ, რომ შენიშნოს სახის მოძრაობა იმისი, ვისაც ესაუბრება”. ჭკვიანი და გამოცდილი ადამიანი, ერეკლე გახლდათ ერთერთი იმ ადამიანთაგან, რომელთაც შეეძლოთ პასუხის გაცემა ორაზროვნად (Изъ ордера генералъ-поручика Потёмкина подпоручику Чорбе отъ 1-го февраля 1784 года. Госуд. Арх., XXIII, № 135, карт. 45) და სავსებით შეეთვისებინათ აზიური პოლიტიკის თავისებურებანი. ახალგაზრდობასა და სიმწიფის წლებში იგი იყო უჩვეულოდ ქმედითი, ფიცხი, მოუთმენელი და თავად უძღვებოდა სახელმწიფოს მთელ საქმეებს. უყვარდა რა თავისი სამშობლო, იგი ისწრაფვოდა თავის ქვეშევრდომთა ყოფიერების გაუმჯობესებისკენ და ცდილობდა მიეცა მათთვის ევროპული განათლება. უმაღლეს ხარისხად ღვთისმოსავი ადამიანი, იგი არა თუ არ ტოვებდა არც ერთ საეკლესიო მსახურებას, არამედ, ამაზე ზევით, ყოველდღიურად ორ-ორ საათს ლოცულობდა თავის კაბინეტში და არავითარ შემთხვევას არ შეეძლო მისთვის ლოცვის შეწყვეტინება.

წლებით დათრგუნულმა და მმართველობის ტვირთით დამძიმებულმა, ერეკლემ, პ. ს. პოტიომკინის ტფილისში ჩამოსვლამდე ოთხი წლით ადრე, დაიწყო საკუთარ საქმეებში თავისი მეუღლის დარეჯან დედოფლის შემოყვანა, დიდი საღი აზრის მქონე, მაგრამ ეშმაკი და მკაცრი ქალისა. წარმოდგებოდა რა თავად თარხანოვებისგან (უნდა იყოს დადიანებისგან – ი. ხ.), დარეჯანი გახლდათ ერეკლეს მესამე მეუღლე და მაშინ დაახლოებით ორმოცდა ხუთი წლისა იყო. უკიდურებობამდე ძალაუფლებისმოყვარე ქალი, იგი, სარგებლობდა რა ქმრის კეთილგანწყობითა და მისი წლების სიმძიმით, ცოტ-ცოტად საკუთარ ხელში იგდებდა ძალაუფლებას, შედიოდა ყველა საქმეში, მონაწილეობდა სამეფო თათბირებში და, ჩაუნერგა რა ერეკლეს მისდამი შეუზღუდავი ნდობა, შეეძლო საკუთარი თავის ისეთ მდგომარეობაში ჩაყენება, რომ ყოველივე აღესრულებოდა არა სხვანაირად, თუ არა მისი თანხმობით. მეფის ამ ბრმა ნდობას, ცოლის ხელში ძალაუფლების გადაცემას, შემდგომში ჰქონდა ყველაზე უფრო დამღუპველი გავლენა საქართველოს ბედზე. ეს გახლდათ დავების საბაბი სამეფო ოჯახში, რომელმაც კინაღამ დაღუპვამდე მიიყვანა საქართველო. მფარველობდა რა თავის შვილებს და სძულდა რა ერეკლეს უწინდელი ცოლების მიერ ნაშობნი, დარეჯან დედოფალი გახლდათ მთელ უთანხმოებათა, მოუგვარებლობათა და ბევრი უბედურების წყარო ქვეყანაში, რომელიც უკეთესი ხვედრის ღირსი იყო.

დარეჯან დედოფლის ხრიკები იყო მიზეზი იმისა, რომ ერეკლემ სრულებით ჩამოაშორა საქმეებს თავისი უფროსი ვაჟი გიორგი ბატონიშვილი, რომელიც მაშინ დაახლოებით ოცდათხუთმეტი წლისა გახლდათ, მაგრამ დაბადებული იყო ერეკლეს მეორე ქორწინებისგან ანასთან, თავად აბაშიძის ასულთან. გიორგი ბატონიშვილი იყო ზომაზე მეტად ტანსრული (მსუქანი, тучный), რამდენადმე აპათიური, მაგრამ არცთუ სულელი ადამიანი. მას ჰქონდა კეთილი სახე, გახსნილი სული და მამის მსგავსად, გამოირჩეოდა ღვთისმოსაობით, გარკვეული იყო წმინდა წერილში და მუდმივად გარშემორტყმული გახლდათ სასულიერო პირებით. გიორგი არ ეძიებდა სამხედრო დიდებას, იყო მშვიდობისმოყვარე და მიდრეკილი კეთილმოწყობისადმი. დაქორწინებული გახლდათ თავად ანდრონიკაშვილის ასულზე და ჰყავდა ოთხი ვაჟიშვილი, რომელთაგან უფროსი დავითი უყვარდა ერეკლეს მისი მახვილი გონების, საზრიანობის, სიმამაცის, ხოლო შემდგომში კი სამხედრო ნიჭიერების გამოც.

ერეკლეს მეორე ვაჟიშვილი და პირველი დარეჯან დედოფლის ძეთა შორის, იულონ ბატონიშვილი, სარგებლობდა დედის განსაკუთრებული მფარველობით, მაგრამ არ იყო გულგახსნილი, ჰქონდა თვალთმაქცური სახე და, არ გამოირჩეოდა რა გონიერებით, უყვარდა კოხტაობა.

ვახტანგ ბატონიშვილი, ერეკლეს მესამე ძე, პოტიომკინის ტფილისში სტუმრობის დროს იქ არ ყოფილა. იგი გაემგზავრა იმერეთში, რათა ექორწინა თავად წულუკიძის ასულზე. ერეკლეს დანარჩენი შვილები არასრულწლოვანები იყვნენ.

საქართველოში თავისი ხანმოკლე ყოფნისგან გენერალ-პორუჩიკმა პოტიომკინმა გამოიტანა ის რწმენა, რომ სამეფო სახლის ყველა წევრი “მიდრეკილია რუსეთისკენ, ყველანი სწავლობენ რუსულ წერა-კითხვას და რამდენადმე უკვე შეუძლიათ რუსულად საკუთარი აზრების გადმოცემაც”.

“სამეფო კარი – მოახსენებდა იგი (Въ рапорте князю Потёмкину-Таврическому отъ 10-го октября, № 461) – იქაური მიწის მდგომარეობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სულაც არ არის შესანიშნაობას მოკლებული, სპარსელთა ადათ-წესების მიხედვით. მაღალჩინოსნები, ისევე როგორც ყველა აზიელნი, ამაყებიც არიან და მდაბლებიც, იმისდა მიხედვით, თუ ვისთან აქვთ საქმე; მონურად მლიქვნელობენ მეფის წინაშე და ცუდად ასრულებენ მის ბრძანებებს. მოუწყობლობა მმართველობაში დიდია; სამეფოს მთელი შემოსავლები და გასავლები на откупу. დიდებულები ქურდავენ მეფეს; მდაბიო ხალხი შევიწროვებულია”.

რაც შეეხება მეზობელი ხანების მდგომარეობას, საქართველოს რუსეთის მფარველობაში მიღების შემდეგ ყველანი მისი მოკავშირენი აღმოჩნდნენ; ყოველმა მათგანმა გამოგზავნა ტფილისში თავისი წარმომადგენელი, რათა მიულოცოს ერეკლე მეფეს აღსრულებული მოვლენა. ხოისა და შაქის ხანები იფიცებდნენ რუსეთისადმი თავიანთ ერთგულებას, ამასთან უკანასკნელი სთხოვდა მეფე ერეკლეს, კავშირისა და მეგობრობის ნიშნად, ნება მიეცა მისთვის პურის გატანაზე საქართველოდან, რადგანაც მისი ქვეშევრდომები უკიდურესად საჭიროებდნენ ამას. ერკლე II-ს უარი არ უთქვამს თხოვნაზე, მაგრამ, სურდა რა მიეცა საკუთარი თავისთვის უფრო მეტი მნიშვნელობა ხანის თვალში* (*“აზიელი ხალხები, წერდა ერეკლე ერთერთ თავის წერილში პოტიომკინს, არ იჩენენ ჭვრეტას პირდაპირი მნიშვნელოვნებისა და დიდებულებისადმი, არამედ შემოზღუდავენ თავიანთ დასკვნას მხოლოდ ერთი სანახაობის /შესახედაობის/ მიხედვით, როგორადაც წარმოუდგებათ. ყველანაირი შესანიშნაობა, რომელიც აოცებს მათ თვალებს /მზერას/, იმორჩილებს მათ სულებსაც”), გამოუცხადა მის წარმოგზავნილს, რომ ბევრის მიცემა არ შეუძლია, ვინაიდან ამზადებს სურსათს რუსული ჯარებისთვის, რომლებიც მალე უნდა შემოვიდნენ საქართველოში.

ხოელი აჰმედ-ხანი ეძიებდა რუსეთის მფარველობას, და 1784 წლის ივლისში თავადი პოტიომკინი წერდა ხანს, რომ თუკი იგი, ტარკის შამხალის მაგალითით, გამოგზავნის წერილობით თხოვნას, მაშინ მიღებულ იქნება რუსეთის დაცვის ქვეშ, დამტკიცებულ იქნება ხანის ღირსებაში და მიიღებს მრავალ წყალობას იმპერატრიცასგან (Государственный Архивъ, XXIII, № 13, карт. 48. Арх. Кабинета Его Величества, св. 441). პორტას ჩარევამ და მისმა საიდუმლო ხრიკებმა გადახარეს ხანი რუსეთისადმი ერთგულებისგან. იცოდა რა, რომ თავისი გერგილიანობისა და სიმდიდრის გამო აჰმედ-ხანი სარგებლობდა დიდი პატივისცემით მთელ ადერბაიჯანში, პორტამ უწყალობა მას სერასკირის ტიტული და მმართველობაში გადასცა ადერბაიჯანის ნაწილი (Рапортъ генерала Потёмкина князю Потёмкину отъ 10-го октября, № 461. Государственный Архивъ, XXIII, № 13, карт. 47). იმედოვნებდა რა გამხდარიყო დამოუკიდებელი სპარსეთის მბრძანებელთაგან, აჰმედ-ხანმა შეწყვიტა მოლაპარაკებები რუსეთის მფარველობის შესახებ.

საქართველოს უახლოესი მეზობლები, ერევნისა და განჯის ხანები, ითვლებოდნენ ერეკლე მეფეზე დამოკიდებულად. როდესაც 1783 წლის ბოლოს გარდაიცვალა ერევნელი ჰუსეინ-ალი-ხანი, სახანოს მცხოვრებლებმა ტფილისში გამგზავნეს სომეხი მღვდელმთავარი, ხანის ორი ვაჟი და რამდენიმე დიდგვაროვანი პირი თხოვნით, რათა დაემტკიცებინა ხანობაში გარდაცვლილის უფროსი ვაჟიშვილი. მეფემ დაამტკიცა ეს არჩევანი და ადათის მიხედვით საჩუქრები გაუგზავნა ახლად არჩეულ ჰუსეინ-ალი-ღულამ-ალი-ხანს (Рапортъ полковника Бурнашёва генералу Потёмкину 20-го ноября. Тамъ же, карт. 46).

განჯის სახანოს არ ჰყავდა მაშინ ხანი, რომელიც დაბრმავებულ იქნა და ტყვეობაში იმყოფებოდა შუშელ იბრაჰიმ-ხანთან. მეჰმედ-ხან განჯელის მხეცურმა მოქცევამ თავისი ქვეშევრდომების მიმართ და მის მიერ აღებულ ვალდებულებათა არშესრულებამ, აიძულეს ერეკლე მეფე და შუშელი იბრაჰიმ-ხანი, რათა შეერთებული ძალებით დაძრულიყვნენ განჯაზე და ძალით აეძულებინათ ხანი ეღიარებინა საკუთარ თავზე საქართველოს მეფის ძალაუფლება. მეჰმედს სურდა წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ ტყვედ იქნა აყვანილი, დაბრმავებული და ცხრაკლიტულში ჩაგდებული. განჯა შევიდა მოკავშირეთა მმართველობაში, რომელთაც იქ ჰყავდათ თავიანთი წარმომადგენლები ანუ გუბერნატორები. ერთობლივი მმართველობა მიდიოდა საკმარისად დამაკმაყოფილებლად, მაგრამ როდესაც ერეკლემ დაიწყო რუსეთის მფარველობის ძიება, მაშინ შუშელმა იბრაჰიმ-ხანმა დაიწყო განჯის მცხოვრებთა დაყოლიება თავის მხარეზე. მან შექმნა რამდენიმე პარტია, მოახდინა მღელვარება ხალხში, რომელიც თუმცა კი დასრულდა იმით, რომ 1783 წლის ბოლოს განჯელებმა გამოდევნეს ორივე მმართველი. ერეკლეს არ სურდა განჯის სახანოს მფლობელობაზე უარის თქმა და თავისი ხელისუფლებისადმი მისი დამორჩილებისთვის ითხოვდა რუსული ჯარების დახმარებას. თავადი პოტიომკინი მიიჩნევდა განჯაზე ერეკლეს პრეტენზიებს სამართლიანად და წერდა, რომ მეფეს ყოველ შემთხვევაში უნდა ჰქონდეს უპირატესობა შუშელი იბრაჰიმ-ხანის წინაშე (Ордеръ князя Потёмкина генералу Потёмкину 22-го апреля 1784 года. Тамъ же, карт. 47).

გენერალ-პორუჩიკ პოტიომკინის ტფილისში ყოფნის დროს ერეკლე სთხოვდა მას განემტკიცებინა საქართველოს მეფის ძალაუფლება განჯასა და ერევანში, მოეთხოვა პორტასგან ებრძანებინათ ახალციხისა და ყარსის ფაშებისთვის, რათა მათ არ გაეჩერებინათ თავისთან ლეკები და არ მოეხდინათ მტაცებლური შემოჭრები საქართველოში.

თუმცა კი უახლოესმა და საკმაოდ ძლიერმა ლეკმა მფლობელმა დაღესტანში ომარ-ხან ავარელმა გამოგზავნა კიდეც თავისი დესპანი ტფილისში რათა მიელოცა ერეკლესთვის და შეეტყო მისი კეთილდღეობის შესახებ; თუმცა კი ხანის მიერ წარმოგზავნილი არწმუნებდა პოლკოვნიკ ბურნაშოვს, რომ ომარი მზად არის მსხვერპლად გაიღოს რუსეთისთვის საკუთარი ინტერესები, მაგრამ სინამდვილეში ეს გახლდათ ერთერთი ყველაზე უფრო მტრულ და არაკეთილმოსურნე მფლობელთაგან. გენერალ პოტიომკინის მოთხოვნაზე შეეწყვიტა შემოჭრები საქართველოში, ომარი პასუხობდა, რომ ლეკები საერთოდ ხარბები არიან ფულსა და ნადავლზე, ხოლო ის კი ღარიბი ადამიანია, არ გააჩნია რითი გადაუხადოს მათ და ამიტომ არ შეუძლია რომ შეაკაოს ძარცვისა და მტაცებლობისგან. ყოველგვარი ხარკისა და საჩუქრის მოყვარული, ავარიის ხანი იმედოვნებდა, რომ რუსეთის მთავრობა დაუნიშნავს მას ჯამაგირს, ოღონდ კი შეწყვიტოს მტაცებლობა, მაგრამ დაღესტანში იყო ბევრი თავისუფალი საზოგადოება, რომლებიც ავარიის ხანზე არ იყვნენ დამოკიდებულნი, და აქედან გამომდინარე, მისთვის მიცემული ჯამაგირი იქნებოდა ფულის ამაო ხარჯვა. თავის სურვილებში ვერდაკმაყოფილებულმა, ომარ-ხანმა ჩამოიხსნა ნიღაბი და, როგორც ქვემოთ დავინახავთ, მტრულად დაიწყო მოქმედება.

დაღესტნის სხვა მფლობელთაგან ტარკის შამხალი და ყარაყაითაღის უცმი ნამდვილად ჩვენი ერთგულები იყვნენ და ეძიებდნენ მფარველობას.

მურთაზა-ალიმ ტარკის შამხალმა ჯერ კიდევ 1784 წლის იანვარში გაგზავნა თხოვნა უზენაეს სახელზე, რომელშიც ითხოვდა მიეღოთ იგი მისი ძალაუფლების ქვეშ მყოფი ყველა ხალხით რუსეთის ქვეშევრდომობაში. “მიბრძანეთ, ყოვლადმოწყალეო ხელმწიფევ, წერდა იგი (Государственный Архивъ, XXIII, № 13, карт. 46), შემოვუერთო ჩემი კუთვნილი ფარგლები თქვენს ვრცელ სახელმწიფოს და ჩამრთოთ მე ჩემზე დამოკიდებული ხალხით თქვენს ერთგულ ქვეშევრდომთა რიცხვში”. საგანგებო წერილით მურთაზა-ალი ითხოვდა, ქვეშევრდომობაზე პირობების დადებისას, დაექვემდებარებინათ მისთვის ინგუში ხალხი, მასზე დამოკიდებული, რომელსაც ვალად ეკისრებოდა შამხალისთვის ჯერ კიდევ გადაუხდელი ხარკი.

აკმაყოფილება რა მურთაზა-ალის სურვილს, იმპერატრიცამ უწყალობა მას ქურქი, ხმალი და მისთვის მიცემულ სიგელში (Отъ 27-го февраля, Полное Собранiе Законовъ, т. XXII, № 15.942) წერდა, რომ საბოლოო პირობების დადგენას ქვეშევრდომობაზე ავალებს გენერალ-ფელდმარშალ თავად პოტიომკინს, როგორც იმ მხარეში მთავარ უფროსს. შამხალის გარდაცვალებამ დროებით შეწყვიტა მოლაპარაკებები და იყო მიზეზი იმისა, რომ საშამხლო რუსეთის ქვეშევრდომობაში მიღებულ იქნა გაცილებით უფრო გვიან.

დაღესტნის მეორე მფლობელი, ამირ-ჰამზა ყარაყაიდაღის უცმი, ასევე წერდა, რომ განერთხობა ტახტის წინაშე და რომ “ვერ აცდუნებს მას საწინააღმდეგო მხარეზე ვერც ფული და ვერც განძეულობა” (Письмо уцмiя Потёмкину, Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 47). უცმი დაჰპირდა არ მიეშვა თავისი ქვეშევრდომები საქართველოში შემოსაჭრელად და ლეკთა სხვა საზოგადოებებთან ერთპირად სამოქმედოდ, რომლებთანაც ერეკლე მეფის ურთიერთობები უცნაური და ჩახლართული იყო. იგი ჰყოფდა მთელ ლეკურ სოფლებს მშვიდობიან და არამშვიდობიან სოფლებად. პირველებად ერეკლე მიუთითებდა იმათზე, რომლებსაც თავად უხდიდა ჯამაგირს (жалованiе), რომელიც ავალდებულებდა მათ არ მოეწყოთ თარეშები საქართველოში; მთელი დანარჩენი აულები კი იყო არამშვიდობიანთა სიაში. ამრიგად, საქართველოს სიმშვიდე დამოკიდებული გახლდათ მეფის მიერ გაგზავნილი ფულების რაოდენობაზე, და ერთ წელს მშვიდობიანი ლეკური სოფელი, ვერ მიიღებდა რა საზღაურს, მეორე წელს გადადიოდა არამშვიდობიანი სოფლების რიცხვში. ხდებოდა რამდენადმე სხვანაირადაც: თუკი სოფელი ღებულობდა ჯამაგირს, მაგრამ მისი ბელადი ვერ მიიღებდა განსაკუთრებულ საჩუქრებს, მაშინ იგი შემოიკრებდა პარტიას და მოურიდებლად ძარცვავდა ქართველებს.

მიჩვეულნი იმას, რომ საქართველოს მეფე თავს იხსნიდა მათგან საჩუქრებითა და ფულით, ლეკები ამით სარგებლობდნენ. ჩვეულებრივ ხელფასის მისაღებად მოემგზავრებოდა ბელადი და თან მოჰყავა შეიარაღებულთა უზარმაზარი ბრბო, რომელთა რიცხვიც ზოგჯერ 600-დან 700 ადამიანამდე აღწევდა. ტფილისში თავიანთი ყოფნის მთელი დროის მანძილზე, ჩამოსულებს თავი ეჭირათ მეტად თავხედურად და ტეხდნენ შფოთს, რომელიც არცთუ იშვიათად მთავდრებოდა მკვლელობებითა და ძარცვებით. მეფე ვერ ბედავდა დაუპატიჟებელი სტუმრებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, ვინაიდან იმყოფებოდა მათ ხელში და ამისთვის შესაძლო იყო ეზღო სიცოცხლით ან მთელი თავისი ქონებით.

სანამ მთელი ეს ბრბო იმყოფებოდა საქართველოში, მეფე მოვალე იყო მიეწოდებინა მათთვის საკვები თავის ხარჯზე. “თუკი რომელიმე მათგანს ცხენი წაექცევა, – მოახსენებდა პოლკოვნიკი ბურნაშოვი (См. списокъ дагестанскихъ уездовъ и деревень. Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 47), – თოფი ან ხმალი გაუფუჭდება, მეფე ყველაფრისთვის უხდის. ხოლო როდესაც მათი მეომრები სახლში ბრუნდებიან, მეფე მათ საჩუქრებს აძლევს. ამაზე ზევით, ყოველთვის მეფესთან ცხოვრობს და მეფისგან ღებულობს ანაზღაურებას 300 ან 400 ლეკი; თუკი ისინიც გაემგზავრებიან, მეფე მათაც აძლევს საჩუქრებს”.

ყოველწლიური დანახარჯი ფულებისა ლეკებზე ვრცელდებოდა 50.000-დან 60.000 მანეთამდე. აღწერილ დრომდე სამი წლით ადრე, ერეკლე მოითხოვდა მშვიდობიანი ლეკებისგან დამხმარე ჯარს, და როდესაც ისინი მოვიდნენ, მაშინ, საჩუქრების გარდა, პირველად მისცა მათ 100.000 მანეთი, მეორედ 110.000, და ამაზე ზევით ზოგიერთმა აიღო ტანსაცმელიც.

ასეთი იყო საქართველოს მეფის ურთიერთობები მის მიერ ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი სოფლების მცხოვრებლებთან; მთელი დანარჩენი მცხოვრებნი მთებისა კი მიეკუთვნებოდნენ არამშვიდობიანთა რიცხვს და, იკრიბებოდნენ რა არცთუ დიდ პარტიებად, ახდენდნენ მეტად ხშირ შემოჭრებს საქართველოში და ყოველგვარი დანდობის გარეშე არბევდნენ მოსახლეობას. თითქმის ყველა სასაზღვრო ქართული სოფელი დაცარიელებული და გაჩანაგებული იყო, ყანები და მინდვრები გადამწვარი, ხოლო მოსახლეობა კი ტყვედ წაყვანილი და ტყვეობაში იტანჯებოდა. ქვეყანა წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო მეტად ჩანაგდებოდა; ერეკლე მეფე ვერ ხედავდა გამოსავალს და არ იცოდა, თუ როგორ ეშველა უბედურებისთვის. რუსული ჯარების საქართველოში მოსვლასთან ერთად, ერეკლე ევედრებოდა პოლკოვნიკ ბურნაშოვს დაეცვა ქვეყანა მტაცებლური შემოჭრებისგან და გულახდილად აღიარებდა მასთან, რომ თავად, საკუთარი ძალებით, ამის გაკეთება არ შეუძლია. “არავინ არ დაიწყებს, რა თქმა უნდა, ქართველი თავადაზნაურობისთვის საყვედურების თქმას სიმამაცის ნაკლებობაში, – მოახსენებდა პოლკოვნიკი ბურნაშოვი (Потёмкину въ рапорте отъ 2-го мая 1784 года), – მაგრამ, მათი უუფროსობისა და უწესრიგობის გამო (по безначалiю ихъ и безпорядку), და განსაკუთრებით მეფის არყოფნის დროს, უბრალო ქართველებიც ცუდად ემორჩილებიან თავიანთ უფროსებს, აზნაურები კი – არავის. საეჭვოა მათთან ერთად წინასწარ განკარგული საქმეების კეთება, და ასევე თავად ბრძოლაშიც ბრძანებათა ზუსტად შესრულების მოლოდინიც კი შეუძლებელია. მათთვის წესრიგისა და მორჩილების ნიმუშის საჩვენებლად უსარგებლო არ იქნებოდა, თუკი ისინი საკუთარ თვალწინ ნახავდნენ, როგორც ჩვეულებრივი სამსახურის დროს, ისევე ბრძოლაშიც, ჩვენს რეგულარულ მსუბუქ ჯარებს. ამ ჯარების არცთუ დიდ ნაწილს შეეძლო გაეწია სამსახური ლეკთა ხშირი თავდასხმების სრულად აღკვეთისთვის, როგორც თვალმოუხუჭავი მეთვალყურეობის მეშვეობით, ისე დევნის დროს მათი საბოლოო დამარცხების მეშვეობითაც”. («Никто не станетъ, конечно, упрекать грузинское дворянство въ недостатке храбрости, но, – доносилъ полковникъ Бурнашёвъ, – по безначалiю ихъ и безпорядку, а особливо въ небытности царя и простые грузины худо слушаются своихъ начальниковъ, а дворяне – никого. Сумнительно производить съ ними дела заблаговременно распоряженныя, да и въ самомъ сраженiи ожидать точнаго исполненiя приказовъ невозможно. Для преподанiя имъ образца порядка и послушанiя не безполезно бъ было видеть имъ предъ собою, какъ въ обыкновенной службе, такъ и во время сраженiя нашихъ регулярныхъ лёгкихъ войскъ. Небольшая часть оныхъ могла бы послужить къ совершенному воспрещенiю впаденiй частыхъ лезгинскихъ, какъ чрезъ недремлющее надзиранiе, такъ и чрезъ конечное пораженiе в преследованiяхъ».)

ამ პირობების დაკმაყოფილებისთვის მოუწევდათ ახალი ჯარების შემოყვანა საქართველოში, მაგრამ პოლკოვნიკი ბურნაშოვი თავად აღიარებდა ამას, თუ არა სრულებით შეუძლებლად, მეტად გაძნელებულად მაინც, სურსათის უკმარისობის გამო.

“თუმცა კი, – წერდა იგი, – მეფის გულმოდგინებასა და მზადყოფნას რომ ჩვენ გვემსახუროს და დაგვეხმაროს, ჭეშმარიტად, საზღვრები არ გააჩნია, მაგრამ უძლურების, დაქვემდებარებულ ხელისუფალთა არყოლისა და მისი ბრძანებების აღმასრულებელთა უკიდურესი დაუდევრობის გამო, ყველაფერი არ ხდება ძალზედ ხშირად მისი ანგარიშებისდა მიხედვით. ამას დავუმატებდი შესამჩნევ უკმარისობას ფულებში, მაგრამ იქიდანაც უმოწყალოდ იტაცებენ, ვინაიდან თითქმის არა არის არათუ ხარჯთაღრიცხვის წიგნები, არამედ გაჭირვებით თუ მიაღწევ ზეპირად ანგარიშის მოხსენებასაც კი”.

პურზე აწეული ფასები და საერთოდ მისი უკმარისობა აიძულებდა, რომ იმ ორი ბატალიონის სურსათით მომარაგების გამოც ჰქონოდათ შიში, რომლებიც უკვე საქართველოში იმყოფებოდნენ, ხოლო ამასობაში კი ერეკლე არწმუნებდა ყველას, რომ საქართველოში პური ბევრია და ითხოვდა მისთვის 4000 რუსული ჯარების გამოგზავნას, საკუთრივ ლეკების დასასჯელად. იგი დაჟინებით ითხოვდა ამას მით უმეტეს, რომ 15 ივლისის განთიადს, ლეკების პარტია, გადმოლახა რა მდინარე ალაზანი, თავს დაესხა ქიზიყის სოფელ ჯუგაანს (Чуганъ). თუმცა კი ეს სოფელი განლაგებული იყო მაღალ მთაზე, მაგრამ მის მცხოვრებლებს მათი უდარდელობის, ყარაულებისა და ცხენოსანი რაზმების (конныя разъезды) არყოლის გამო, სრულებით მოულოდნელად შემოუტიეს ლეკებმა. ქართველებმა ვერ დაინახეს, თუ მტაცებელთა მეტად მნიშვნელოვანი პარტია როგორ მოუახლოვდა მშვიდად მთის ძირს, ჩამოქვეითდა და შემოუტია სოფელს. მოულოდნელობისგან დაბნეული მცხოვრებნი, დააგდეს რა თავიანთი ქონება, ცდილობდნენ გაქცევით თავის შველას, სადაც კი შეძლებდნენ. მტაცებლები ორი საათის განმავლობაში ძარცვავდნენ და აჩანაგებდნენ სოფელს, ხოცავდნენ ვინც წინააღმდეგობას გაუწევდათ, თან მიჰყავდათ, რამდენიც კი შეეძლოთ, ადამიანები, მთელი საქონელი, მიჰქონდათ ნივთები. ქართველებმა ამ თავდასხმის დროს დაკარგეს ცამეტი ადამიანი მოკლულთა სახით, სამოცდაათამდე ტყვედ იქნა წაყვანილი, მთელი ქონება გაძარცვული, ხოლო სოფელს კი ხუთ ადგილას ცეცხლი ჰქონდა წაკიდებული.

ჯუგაანზე პირველი თავდასხმის დროს, ქიზიყის მოურავმა (მმართველმა) სოფელ ბოდბეში შეკრიბა ყველა შეიარაღებული ქართველი, მაგრამ ვერ გაბედა დარბეული სოფლის დასახმარებლად წასვლა, არამედ შემოიფარგლა იმით, რომ შიკრიკი გაუგზავნა ეგერთა სამთო ბატალიონის მეთაურს ცნობით მოწინააღმდეგის თავდასხმის შესახებ. შიკრიკს ჰყავდა ცუდი ცხენი, და თუმცა კი პოდპოლკოვნიკი კვაშნინ-სამარინი მაშინვე გამოვიდა თავისი ბატალიონით, მაგრამ ვერ შეძლო დროზე მისვლა, ვინაიდან სოფელ ჯუგაანამდე ოცდახუთი ვერსი იყო ჩვენი ბანაკიდან. ეგერები მთელ დროს მიდიოდნენ აჩქარებული ნაბიჯით, მაგრამ მივიდნენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველაფერი უკვე დამთავრებული იყო, მხოლოდ სოფელი იწვოდა, და თივის ზვინებს ასდიოდა ცეცხლის ალი. “ბოდბეში შეკრებილმა ქართულმა ჯარებმა, – მოახსენებდა სამარინი (Въ рапорте полковнику Бурнашёву отъ 16-го iюля. Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 48), – რატომ ვერ მოასწრეს დროულად დახმარების გაწევა – ეს მოხდა გაუბედაობის გამო თუ არ ჰონდათ საკუთარი თავის იმედი, რომ თავს გაართმევდნენ (или не чаяли сабя быть в состоянiи), იმ დროს ჩემი იქ არყოფნის გამო, ჩემთვის უცნობია.

ამასთან ერთად ასევე აუცილებლად მიმაჩნია მოგახსენოთ, რომ აქ მყოფი ქართული არტილერია, განსაკუთრებით კი გუშინდელი გადმოსვლისგან, თითქმის მთლიანად დაიშალა, ასე რომ ძლივსღა ინარჩუნებს თავს. ასეთი მოძრაობის შემთხვევაში მისი თან წაღება სახიფათო იქნება, რათა დამტვრევის გამო არ დააბრკოლოს ბატალიონი და არ შეუქმნას მას სიძნელეები იმ ადგილზე მისთვის დაფარვის რაზმის დატოვების აუცილებლობით. ხოლო მისგან კი არანაირი მოქმედების იმედი არ შეიძლება გვქონდეს”* (*ბურნაშოვმა სამარინს გაუგზავნა ერთი თორმეტგირვანქიანი მარტორქა რუსული არტილერიისა).

არტილერიის მატერიალური ნაწილი საერთოდ ცუდ მდგმარეობაში იყო საქართველოში; ვაზნები და მუხტები არასაკმარისი იყო, ხოლო დენთი თუმცა კი ჰქონდათ მცირე მარაგით, მაგრამ “სრულებით უვარგისი, ქართული ფაბრიკისა” (Рапортъ полковника Бурнашёва П. С. Потёмкину 2-го мая 1784 года. Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 45). მიიღო რა ცნობები ასეთი მოუწყობლობის შესახებ, იმპერატრიცა ეკატერინე II-მ უწყალობა ერეკლეს სხვადასხვა ყალიბის ოცდაოთხი ქვემეხი და ბრძანა გაეგზავნათ ისინი საქართველოში მუხტებისა და ჭურვების ორმაგი კომპლექტით. გენერალ-პორუჩიკი პოტიომკინი, ტფილისში თავისი ყოფნის დროს, ასევე აქცევდა ერეკლე მეფის ყურადღებას ყველა საბრძოლო საშუალების გაუმჯობესების აუცილებლობაზე, მაგრამ ერეკლე გულახდილად აღიარებდა, რომ მას არ შეუძლია ამის გაკეთება. იგი ეუბნებოდა პ. ს. პოტიომკინს, რომ თუმცა კი მისი ქვეშევრომები მეტად მამაცნი არიან, მაგრამ არ შეუძლიათ გაძლება ლეკების წინააღმდეგ, რომელთა მხოლოდ სახელის ხსენებაც კი შიშსა და გაუბედაობაში აგდებს მათ (не могутъ устоять противъ лезгинъ, одно имя которыхъ наводитъ на нихъ страхъ и робость). მეფე ითხოვდა გამოეგზავნათ საქართველოში ქვეითი ჯარის ექვსი პოლკი სრული შენახვით, და როდესაც ამაზე მას უარი ეთქვა, მაშინ ითხოვდა დაერბიათ ჭარი და ბელაქანი, მთავარი ლეკური სოფლები, იმ ორი ბატალიონით, რომლებიც უკვე საქართველოში იყვნენ. მეფე დაჰპირდა უზრუნველეყო ჩვენი ბატალიონები სურსათით და მათ დასახმარებლად შეეკრიბა ოთხი ათასამდე ქართული ჯარები. პ. ს. პოტიომკინი პასუხობდა, რომ საქართველოს საზღვრებიდან დაშორებული სოფლების ამოწყვეტისთვის აუცილებელია მნიშვნელოვენი ძალები, რომლებიც არ არის და ვერც ვერსაიდან მოვა; რომ ამასთანავე ასეთი ექსპედიციებისგან ვერანაირი სარგებლის მიღებას ვერ განვჭვრეტთ, იმიტომ რომ, დაეუფლება რა ამ სოფლებს, ერეკლეს არ შეეძლება მათი საკუთარ ხელში შენარჩუნება. მეფემ ეს უარი მიიღო უკიდურესი გულდაწყვეტით, და პოტიომკინმა, ხედავდა რა, რომ ლეკების განუწყვეტელმა შემოჭრებმა “მის გულს იმდენად ავნეს, რომ მათი დასჯის განწყობით არა ერთხელ და ორჯერ ყოფილა იგი აღვსილი”, შესთავაზა ერეკლეს დაესაჯათ მის საზღვრებთან უახლოესი სოფლები, რათა ლეკებს დაენახათ, რომ არცთუ ყოველთვის შეძლებდნენ ისინი თავდასხმების მოწყობას დაუსჯელად. დარჩა რა სავსებით კმაყოფილი ამ წინადადებით, ერეკლე ითხოვდა მხოლოდ მის აღსრულებაში მოყვანას რაც შეიძლებოდა სწრაფად.

ბრუნდებოდა რა ტფილისიდან გეორგიევსკში, გენერალ-პორუჩიკმა პოტიომკინმა საქართველოში დატოვა მასთან ერთად ჩამოსული გენერალ-მაიორი სამოილოვი, რომელსაც დაავალა კიდეც ექსპედიციის უფროსობა. რაზმის შემადგენლობაში დანიშნულ იქნენ ეგერთა ორივე ბატალიონი ოთხი საველე ქვემეხით და საქართველოში პოტიომკინის ბადრაგად ჩამოსული ასტრახანის დრაგუნთა პოლკის ასეული და დაახლოებით ასი ადამიანი დონისა და ურალის კაზაკებისგან (Рапортъ П. С. Потёмкина князю Потёмкину10-го октября, № 14. Государствен. Архивъ, XXIII, № 13, карт. 45).

დამდგარი შემოდგომა იაძულებდა სამოილოვს ეჩქარა სალაშქროდ გამოსვლითა და ექსპედიციის დასრულებით, მაგრამ მისი ყველა ძალისხმევა ამ მიმართებით სრულებით უსარგებლოდ რჩებოდა. ჩვენი ბატალიონების დასახმარებლად დაპირებული ქართული ჯარები არ იყვნენ მზად და მეტად ნელა იკრიბებოდნენ; მათ არ გააჩნდათ არც საბრძოლო მარაგები და არც სურსათი. სურსათის მარაგი ჩვენი ბატალიონებისთვის ასევე არ იყო, და გენერალ სამოილოვს დაუჯდა დიდ ზრუნვად და ძალისხმევად, რათა მოემარაგებინა თავისი ჯარები მხოლოდ ათი დღის პროვიანტით. “მე თავბრუ დავიხვიე, – მოახსენებდა იგი გენერალ პოტიომკინს (Въ рапорте отъ 1-го октября 1784 года. Государствен. Архивъ, XXIII, № 13, папка 47), – და ფეხები დავაწყვიტე პოლკოვნიკ კაშინსკის, რათა ქართველებისგან გვეშოვნა ჩვენი ჯარისთვის საჭირო საკვები და ისეთი საქმისთვის (и для такого подвига), რომელმაც პირდაპირ მათ სარგებელი უნდა მოუტანოს. მე მცირედითაც კი არ შემიძლია ამაში მეფეს ვუსაყვედურო – იგი სულით და გულით მზად არის აღასრულოს ყველაფერი, რაც კი მისგან მოითხოვება, მაგრამ მისი ქვეშევრდომები სულ სხვა ადამიანები არიან. მანამდე სანამ მოისურვებენ ისინი იმის გაკეთებას, რასაც უბრძანებენ, მიხდება მე ხალხის გაგზავნა რამდენჯერმე მეფესთან, არქიმანდრიტთან, მელიქთან და ვიღაც ხაზინადარებთან, რომელთა ზრუნვაც მხოლოდ იმაში შედგება, რათა ქურდავდნენ მეფეს (которыхъ тщанiе только въ томъ состоитъ, чтобъ окрадывать царя). მე ამ სიიდან ამოვრიცხავ არქიმანდრიტ გაიოზს, რომელიც ცდილობდა არა მხოლოდ მიეტანა ჩემთვის საჭირო ყველა მოთხოვნა მეფემდე, არამედ კიდევაც წარედგინა მისთვის ამის თაობაზე გადაწყვეტილების უსწრაფესად მიღების მიზნით”.

უზრუნველჰყო რა საკუთარი ჯარი ათი დღის სურსათით, სამოილოვმა გადაწყვიტა გამოსულიყო ქართული ჯარების შეკრების დაულოდებლად და იმედი ჰქონდა რომ 4 ოქტომბერს ქიზიყში იქნებოდა, სადაც იმავე დღეს დაჰპირდა მეფეც იმ ლაშქრით მოსვლას, რომელიც ამ დროისთვის შეკრებას მოასწრებდა. ერეკლე არწმუნებდა სამოილოვს, რომ ქიზიყში ისინი იშოვნიან საკმარისად სურსათს და რომ რუსული ჯარები სურსათით სრულებით იქნებიან უზრუნველყოფილი.

ღმერთმა ქნას, – ამბობდა სამოილოვი, – რომ მათ შეასრულონ თავიანთი სიტყვა უწინდელზე უფრო მეტად”, მაგრამ ერეკლემ ამ შემთხვევაშიც ვერ შეასრულა მიცემული დანაპირები.

იმის ნაცვლად, რომ 4 ოქტომბერს ქიზიყში ყოფილიყო, მეფემ მხოლოდ ამ დღეს დატოვა ტფილისი და მხოლოდ 7 რიცხვის საღამოს შეუერთდა გენერალ სამოილოვს სოფელ მაჩხაანში. ერეკლემ იქ თავის ჯარებთან ერთად მოიყვანა ასოცი იმერელი თავად გიორგი წულუკიძის უფროსობით, რომლებიც თან ჩამოჰყვნენ ახლად დაქორწინებულ ვახტანგ ბატონიშვილსა და მის მეუღლეს (Рапортъ полковника Бурнашёва генералу Потёмкину 4-го октября. Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 48).

მაჩხაანში გენერალ-მაიორ სამოილოვს მოუხდა განეცადა იგივე, რასაც განიცდიდა ტფილისში და ეხილა ყველაფერში სიძნელეები და უკიდურესი მოუწესრიგებლობა. შეერთებული ძალების თითქმის თვალწინ ლეკები ძარცვავდნენ და აჩანაგებდნენ სოფლებს, რომელთა მცხოვრებნიც ითხოვდნენ დახმარებას. სამოილოვი დაჟინებით მოითხოვდა უსწრაფეს მოძრაობას წინ, მაგრამ ერეკლე, თუმცა კი შეგნებული ჰქონდა, რომ ეს მოძრაობა აუცილებელია, აყოვნებდა, თავს იმართლებდა რა იმით, რომ მოელის თავისი ძალების გამრავლებას. მეფეს ჯერ კიდევ ვერ შეედგინა თავისთვის მომავალი მოქმედებების პროგრამა. იგი ეუბნებოდა სამოილოვს, რომ საჭიროა წასვლა ბელაქანზე და მისი დარბევა, ხოლო რამდენიმე საათის შემდეგ კი შენიშნავდა, რომ კარგი იქნებოდა პირველი დარტყმა მიეყენებინათ სოფელ ჭარზე. ეს ყოველწუთიერი ცვლილებები აიძულებდა გენერალ სამოილოვს ენანა, რომ ერეკლემ თავად მიიღო უფროსობა ქართულ ჯარებზე, და არ გამოგზავნა რომელიმე თავისი მხედართუფროსი, “ვინაიდან, – მოხსენებდა იგი, – მე მას ვაიძულებდი ყველაფერზე, ხოლო მეფეს კი შემიძლია მხოლოდ წარვუდგინო ჩემი მოსაზრება. მისი უმაღლესობა სავსებით თანხმდება ჩემს წინადადებებზე, მაგრამ ეს არის და ეს, საქმეს კი სულ მცირედაც არ აჩქარებენ”.

სურდა რა შეეწყვიტა უმოქმედობა, სამოილოვმა შესთავაზა ერეკლეს ორი გეგმა მოქმედებებისა: ან წასულიყვნენ პირდაპირ ბელაქანზე და, დაარბევდნენ რა მას, გზა გაეგრძელებინა ჭარისკენ, ან დაერბიათ ალაზნის იქით მდებარე ლეკური სოფლები და შემდეგ სხვა გზით წასულიყვნენ ასევე ჭარისკენ. მეფემ ამჯობინა უკანასკნელი გეგმა, როგორც ზიანის მიმყენებელი უფრო მეტი რიცხვის სოფლებისთვის, მაგრამ მაინც ვერ ბედავდა გამოსვლას, ამბობდა რა, რომ ჯერ კიდევ ყველანი არ იყვნენ შეკრბილნი (Рапорты Самойлова генералу Потёмкину 8-го и 9-го октября. Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 47).

დრო გადიოდა და სამოილოვი შიშობდა, რომ ექსპედიცია სულაც ვერ შედგებოდა. დადგა ღრმა შემოდგომა; მშვენიერი დღეები შეიცვალა უამინდობით და ოთხი დღეღამის განმავლობაში განუწყვეტლივ გადაუღებლად წვიმდა; წყალი მდინარე ალაზანში სწრაფად ადიოდა მაღლა და შესაძლებელი იყო იმის მოლოდინი, რომ მდინარეში ფონით გასვლა შეუძლებელი აღმოჩნდებოდა. ამასობაში ბანაკში მიღებულ იქნა ცნობა, რომ საქართველოს ფარგლებში შემოჭრილი პარტია ლეკებისა, რომელმაც გადმოლახა მდინარე ალაზანი და შეუერთდა რამდენიმე ასეულ ახალ მტაცებელს, თავიდან დაიძრა განჯაზე, მაგრამ შეიტყო რა რუსული ჯარების მოახლოების თაობაზე, უკანვე გაბრუნდა. გენერალ-მაიორმა სამოილოვმა, ხედავდა რა, რომ ჩვენ გვეძლევა მოხერხებული შემთხვევა შევხვდეთ მოწინააღმდეგეს მდინარე ალაზნის გადაულახველად, უკვე მეტად აღარ დაუწყო აზრის კითხვა ერეკლეს, არამედ მაშინვე გამოვიდა ბანაკიდან, და 14 ოქტომბრის დილას, მუღანლუს სანახების მახლობლად, დაეწია ლეკებს, რომლებიც გაწელილი რიგებით მიდიოდნენ ახლომდებარე ტყისკენ იმ ვარაუდით, რომ მისი გავლით მისულიყვნენ ალაზანთან. როგორ არ ცდილობდა სამოილოვი, რომ ტყისკენ გზა გადაეჭრა მოწინააღმდეგისთვის, მას არ შეეძლო ამის მიღწევა, ვინაიდან ლეკებმა, შეამჩნიეს რა ჩვენი ჯარები, ჭენებაზე გადაიყვანეს ცხენები და ტყეში მიიმალნენ. “მეფეს მეტად სურდა, – მოახსენებდა სამოილოვი (Потёмкину въ рапорте отъ 14-го октября. Тамъ же), – რომ ისინი იმავე დროს დაესაჯა, მაგრამ ჩვენი ქვეითი ჯარის მოსვლამდე ქართველთაგან არავინ ტყისკენ არ დაძრულა და თავად მათი თავადებიც კი გაუნძრევლად იდგნენ”.

როგორც კი მოვიდა ქვეითი ჯარი, სამოილოვი მაშინვე შეუდგა ტყისკენ შეტევას. მან შეადგინა ორი კოლონა, რომელთაგან ერთი ორასი ეგერით, პოდპოლკოვნიკ არშენევსკის მეთაურობით, დანიშნულ იქნა ტყეზე შეტევისთვის მარჯვენა მხრიდან; მეორეს – ასი ეგერისგან, პორუჩიკ გოლოკტიონოვის უფროსობით, უნდა შეეტია მარცხენა მხრიდან. ამ ორი კოლონის საერთო გამგეობა დაევალა პოდპოლკოვნიკს ჰესენ-რაინსფელდის პრინცს. მარჯვენა კოლონის რეზერვში იმყოფებოდა პოდპოლკოვნიკი კვაშნინ-სამარინი ბელორუსიის ბატალიონით, ხოლო მარცხენა კოლონის რეზერვში კი – პოდპოლკოვნიკი მერლინი სამთო ბატალიონით. ქვეითი ჯარის მარცხენა ფლანგზე იდგნენ კაზაკები რამდენიმე ასეული საუკეთესო ქართველი მსროლელით; ბატალიონებს შორის იყვნენ დრაგუნები, ხოლო ყველაზე მარცხნივ კი, ღია მდელოზე, განლაგდა არტილერია, და ამასთან ისე, რომ შეეძლო ცეცხლის დაშენა ალაზნის მოპირდაპირე ნაპირისთვის. რუსების უკან იდგნენ ქართული ჯარები, რომლებთანაც იმყოფებოდა მეფე ერეკლეც.

განკარგა რა ასეთნაირად, სამოილოვი დაიძრა შეტევაში. ასულები იყვნენ რა ხეებზე და სულ მუდამ თვალს ადევნებდნენ ჩვენი ჯარების მოძრაობას, ლეკები შემტევებს დაუხვდნენ მეტად ძლიერი ცეცხლით, მაგრამ შეუპოვარი ხუთსაათიანი ბრძოლის შემდეგ იძულებული იყვნენ უკან დაეხიათ და საჩქაროდ გადასულიყვნენ მდინარეზე ჩვენი არტილერიის ცეცხლის ქვეშ. მოწინააღმდეგემ დატოვა ორასამდე გვამი ადგილზე, მათ ჩაუთვლელად, რომლებიც წაიღო წყალმა ან ჩაიღრჩვნენ მასში; ჩვენ გვყავდა ჩვიდმეტი მოკლული და დაჭრილი, მათ რიცხვში მძიმედ დაიჭრა და მალევე მოკვდა რაინსფელდის პრინციც.

გაათენა რა ღამე ბრძოლის ველზე, სამოილოვი, ყარაღაჩის, სტეფან-წმინდისა და მაჩხაანის სანახების გამოვლით, 20 ოქტომბერს დაბრუნდა ტფილისში. ამ გამარჯვებას არ მოუტანია არანაირი ხელშესახები შედეგები, რადგანაც მთელი საქმე შემოიფარგლებოდა მხოლოდ მტაცებელთა ბრბოს გაფანტვით.

“მეტად სასარგებლო იქნებოდა – წერდა თავადი პოტიომკინი – საწყისი დარტყმა ლეკებზე რომ წარმოებულ ყოფილიყო უძლიერესი სახით ჯარების გამრავლებით საქართველოში და თუკი პირველსავე შემთხვევაში განიცდიდნენ ისინი ჩვენგან დამარცხებათა მთელ სიმძიმეს, ამის მეშვეობით სამუდამოდ შეგვიმსუბუქდებოდა ჩვენი ღონისძიებანი. რუსული იარაღის შიში უფრო მეტად გავრცელდებოდა ყველგან და ეს ყაჩაღები უკვე ვერასდროს ვეღარ გათავხედდებოდნენ ჩვენთან შემოსაბმელად”. თუმცა კი ეს შენიშვნა სავსებით სამართლიანი იყო, მაგრამ მეორეს მხრივ არ შეიძლება იმის უარყოფაც, რომ ამ უმნიშვნელო წარმატებამაც კი მოახდინა უზარმაზარი ზნეობრივი ზეგავლენა არა მხოლოდ ქართველებზე, არამედ თავად ერეკლეზეც.

გამარჯვებით გახარებულმა მეფემ მოაწყო ზეიმი რუსული ჯარების შემოსვლისას თავის დედაქალაქში და მოიწვია სამოილოვი პირდაპირ ტაძარში, სადაც პატრიარქი ელოდებოდა მათ ღვთის მიერ ბოძებული გამარჯვებისთვის სამადლობელი ლოცვის აღსავლენად. იმპერატრიცას სახელზე მრავალჟამიერის გამოცხადებისას მოხდენილ იქნა ზარბაზნის გასროლები (Рапортъ Самойлова Потёмкину 20-го октября 1784 года). მეორე დღეს მეფემ გამოუცხადა სამოილოვს, რომ საპატრიარქო ეკლესიაში აღსრულებულ იქნება ლოცვითი მსახურება თავად პოტიომკინ-ტავრიდელის ჯანმრთელობისთვის, როგორც საქართველოს მფარველისა. სამოილოვმა ეკლესიაში მოიწვია ყველა ოფიცერი, ხოლო მსახურების დასრულების შემდეგ კი ესტუმრა მეფეს მადლობის სათქმელად ასეთი “პატივისცემისთვის ჩვენი მთავარი უფროსის მიმართ” (Рапортъ Самойлова Потёмкину 22-го октября 1784 года).

ერეკლეს ორმაგად ახარებდა ეს გამარჯვება: ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მისთვის საძულველმა ლეკებმა განიცადეს დამარცხება, და მეორეც, რომ ამის შედეგად შეიქნა განჯელთა მორჩილებაც.

შეიტყვეს რა რუსული ჯარების მოძრაობის შესახებ მდინარე ალაზნისკენ და ხედავდნენ რა, რომ ლეკები მათ ტოვებენ, განჯის მცხოვრებლებმა გამოგზავნეს თავიანთი ელჩები ერეკლესთან განცხადებით, რომ ისინი უწინდებურად აძლევენ საკუთარ თავს მეფის მმართველობაში. დეპუტატები ტფილისში მოვიდნენ ერეკლეს მოსვლის წინა დღეს, რომლისთვისაც მსგავსი მოვლენა გახლდათ საუკეთესო ნაყოფი გამარჯვებისა, ვინაიდან განჯის სახანოს მოჰქონდა მისთვის შემოსავლების ყველაზე უფრო მეტი ნაწილი. განჯის მორჩილებით დაკავებულმა ერეკლემ უყურადღებოდ დატოვა ის გარემოება, რომ მალევე მუღანლუსთან გამარჯვების შემდეგ, ლეკები კვლავ შემოიჭრენ მის სამფლობელოებში ახალციხის მხრიდან, დაარბიეს მდინარე მტკვრის მახლობლად მდებარე სოფელი თავად ორბელიანისა, ტყვედ წაიყვანეს 27 ქართველი ადამიანი და გაირეკეს დაახლოებით 1.500 სული რქოსანი საქონელი (Рапортъ полковника Бурнашёва Потёмкину 2-го ноября, № 79. Госуд. Арх., XXIII, № 13, папка 47).

არა ლეკები, არამედ განჯა იზიდავდა ახლა თავისკენ საქართველოს მეფის ყურადღებას. იგი უწინდებურად ურთიერთობებში შევიდა შუშელ იბრაჰიმ-ხანთან და მოკავშირეებმა მისცეს ერთმანეთს ურთიერთ დაპირება კვლავ დაუფლებოდნენ განჯას, ჰყოლოდათ იქ თავიანთი გუბერნატორები და უწინდებურად შუაზე გაეყოთ სახანოს მთელი შემოსავლები. მოკავშირეებს აშფოთებდა მხოლოდ მათ საქმეებში ნუხის ხანის ჩარევა, რომელმაც გადაწყვიტა მხარი დაეჭირა განჯელთათვის.

დეპუტატების ტფილისში გამოგზავნასთან ერთდროულად, განჯელებმა დეპუტატები გაგზავნეს შუშელ იბრაჰიმ-ხანთანაც თხოვნით, რათა მას გაეთავისუფლებინა მათი ხანი ძმებთან ერთად და გამოეშვა ისინი განჯაში. იბრაჰიმმა განდევნა ელჩები და ბრძანა გაეძლიერებინათ მეთვალყურეობა შეპყრობილ ხანზე. მაშინ ნუხელმა აჰმედ-ხანმა განჯაში გააგზავნა განჯის ხანის ვაჟი ალი-ბეგი, რომელსაც მცხოვრებნი შეხვდნენ აღტაცებით და მას თავიანთი ბეგი უწოდეს. ნუხის ხანმა მას გამოუგზავნა საჩუქრები და გამოაცხადა ხანად; მცხოვრებნი გამოგზავნილ საჩუქრებს შეხვდნენ მუსიკითა და თოფების სროლით. არ შემოიფარგლა რა ამით, აჰმედ-ხანმა შესთავაზა ერეკლე მეფეს შეეწყვიტა თავისი ურთიერთობები შუშელ იბრაჰიმ-ხანთან და მაშინ ჰპირდებოდა ხელი შეეწყო განჯის სახანოს საქართველოს მეფისადმი დაქვემდებარებაში, მაგრამ იმ პირობით, რათა იქ ხანად დაესვათ ვინმე განჯის უწინდელი ხანების საგვარეულოდან. ვერ ჰპოვა რა ერეკლეში თანაგრძნობა თავისი წინადადებისადმი, ნუხის ხანმა განჯაში მოიწვია ლეკები, რომლებმაც ნოემბრის დასაწყისში, 3.000 ადამიანის რიცხვით, გადმოლახეს ალაზანი და დაიძრნენ განჯისკენ. სურდა რა გზა გადაეღობა ამ პარტიისთვის, ერეკლე სთხოვდა პოლკოვნიკ ბურნაშოვს მხარი დაეჭირა მისთვის რუსული ჯარებით. წაიყვანა რა სამ-სამი ასეული სამთო ეგერთა და ბელორუსიის ბატალიონებიდან და ორი მარტორქა (ქვემეხი), ბურნაშოვი 8 ნოემბერს გამოვიდა ტფილისიდან განჯისკენ მიმავალ გზაზე. სოფელ მარნეულში, სამი გადასასვლელის შემდეგ, მიღებულ იქნა ცნობა, რომ განჯაში მიმავალმა ლეკებმა მხარი იბრუნეს ახალციხისკენ. ერეკლე მათ დაედევნა, ხოლო პოლკოვნიკი ბურნაშოვი კი მის კვალს მიჰყვა (Рапортъ Бурнашёва Потёмуину 8-го ноября, № 82. Журналъ похода, приложенный къ рапорту Бурнашёва отъ 25-го ноября, № 84). ჩვენი ეგერები მიმართავდნენ გაძლიერებულ გადასვლებს, საკუთარი მხრებით ეზიდებოდნენ ქვემეხებს, განიცდიდნენ ლაშქრობის ყველა გაჭირვებას, მაგრამ ლეკებს ვერ დაეწიენ და, თავად პოტიომკინის გამოთქმით, იარეს “ამაოდ, რუსული ჯარებისთვის მომქანცველად და მათ მიერ შეძენილი დიდებისადმი შეუსაბამოდ” (Ордеръ князя Потёмкина генералу Потёмкину 11-го января 1785 года).

ლეკებმა მოასწრეს ახალციხეში შეღწევა, სადაც მოუწოდებდა მათ სულეიმან-ფაშა, თურქულ ჯარებთან ერთობლივი მოქმედებებისთვის იმერეთის მეფის წინააღმდეგ.

თავი IV

სოლომონი, იმერეთის მეფე, ეძიებს რუსეთის მფარველობას. – იმერეთში პოლკოვნიკ ტამარას გაგზავნა და მისი მოლაპარაკებები მეფესთან. – იმერელთა თხოვნა. – სოლომონის გარდაცვალება. – საკითხი ტახტის მემკვიდრეობის შესახებ. – პარტიების ბრძოლა. – დავით გიორგის ძის იმერეთის მეფედ გამოცხადება. – ბურნაშოვის გამგზავრება იმერეთში და მისი შედეგები. – თავადი პაპუნა წერეთელი და მისი ინტრიგები. – თავადი აბაშიძე, როგორც პრეტენდენტი იმერეთის ტახტზე. – თურქების განზრახვა იმერეთში შემოსაჭრელად. – დავით მეფის ყალბი წერილი. – იმერეთის ელჩები პეტერბურგში. – ინსტრუქცია ჩვენი დესპანისთვის (посланникъ) კონსტანტინოპოლში. – თურქების შემოჭრა იმერეთში. – მოწინააღმდეგის მოგერიება. – საშინაო საქმეები იმერეთში.

მოლაპარაკებებმა მფარველობის შესახებ, რომლებსაც აწარმოებდა მეფე ერეკლე II რუსეთის მთავრობასთან, შური აღაგზნეს იმერეთის მეფე სოლომონში. რუსეთისადმი გულწრფელად ერთგულ ადამიანს, სოლომონს, დიდი ხანია სურდა დაქვემდებარებოდა რუსეთის იმპერატორების უმაღლეს ხელისუფლებას და იმდენად უყვარდა რუსეთი, რომ მის შესახებ მხოლოდ ერთი სიტყვაც კი იწვევდა მასში “რაღაც განსაკუთრებულ მგრძნობელობას”. მასთან გაგზავნილ რუს მოხელეებს იმერეთის მეფე ღებულობდა ყოველთვის განსაკუთრებული პატივით, პატივისცემითა და რამდენადმე პირმოთნეობით. საზღვარგარეთულ ცნობათა შეტყობინების გარეგნული სახით, სოლომონი ძალიან ხშირად გზავნიდა თავის შიკრიკებს კავკასიის ხაზზე წერილებით გენერალ-პორუჩიკ პოტიომკინთან, უგზავნიდა მას საჩუქრებს* და საერთოდ მთელი ძალებით ცდილობდა რუსეთისადმი თავისი ერთგულების გამოხატვას (*სოლომონ მეფემ გამოუგზავნა გენერალ პოტიომკინს თავიდან ორი ბიჭი, ხოლო შემდეგ კი ქალწულიც “მომსახურებისთვის” /«для услуженiя»/. პოტიომკინი მადლობდა მეფეს და წერდა, რომ ბიჭებს ღებულობს მხოლოდ იმიტომ, რომ სურს მეფეს ასიამოვნოს, მაგრამ მათ მომსახურებაში არანაირი საჭიროება არ გააჩნია. ქალწული კი უკანვე დაუბრუნა და ამასთან მეფეს საჩუქრად გაუგზავნა ჭოგრიტი, ქსოვილის ნაჭერი და რამდენიმე ფუთი რკინა, რომელსაც სოლომონი საჭიროებდა სახურავისთვის ეკლესიის დასაფარად).

თურქებისგან შევიწროვებული, სოლომონი არაერთხელ ევედრებოდა იმპერატრიცას ეკატერინე II-ს აღმოეჩინა მისდამი მფარველობა და დაცვა. “ყველა აღმოსავლელი მართლმადიდებელი ქრისტიანის გულმოწყალე დედაო, სწერდა იგი (Въ письме отъ 1-го сентября 1781 года. Главн. Московск. Арх. Минист. иностран. делъ), ყოვლადმოწყალეო, ყოვლადუავგუსტესო ეკატერინე ალექსის ასულო, სრულიად რუსეთის თვითმპყრობელო.

დიდი მოწიწებით, პირმოთნეობითა და მიწამდე თაყვანისცემით, ვბედავ მოგახსენოთ მე, იმერეთის მეფემ სოლომონმა, რომ მხოლოდ ერთი თქვენი დედობრივი გულუხვობისგან ინებეთ თქვენ გამოგეჩინათ თქვენი ღვთაებრივი გულმოწყალება. თქვენს მიერ წმინდა ეკლესიები და ჩვენი ხალხი განთავისუფლებულია ტყვეობის მძიმე უღლისგან და ბოძებული გვაქვს თავისუფლება – რისთვისაც მთელი აღმოსავლელი ქრისტიანები, დღითა და ღამით, ევედრებიან ღმერთს თქვენი ჯანმრთელობისთვის და უკუნითი უკუნისამდე განადიდებენ თქვენს უზენაეს სახელს. ჩვენ ყველას, აქ მყოფთ, დიდი გულმოდგინებით გვსურს, ქრისტეს შეწევნით, თქვენთვის, ჩვენი მხსნელისა და ყოვლადმოწყალე მონარქისთვის, თქვენი მტრების თურქების წინააღმდეგ და ყველა ჩვენი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ჩვენი სიცოცხლის დადება და სისხლის დაღვრა.

ვემთხვევით რა თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის ტერფებს, გავბედავთ რომ გევედროთ ჩვენი არდავიწყების შესახებ, რომლებიც განთავისუფლებულნი ვართ თქვენს მიერ, და თქვენი მონარქიული წყალობის, მფარველობისა და დახმარების არწართმევის შესახებაც. ჩვენს მეზობლობაში იმყოფებიან მეტად მრავალი მტრები, მათგან საპირისპიროდ ჩვენ ცოტანი ვართ და ამიტომ არ შეგვიძლია მათთვის ყოველთვის წინააღმდეგობის გაწევა. ყოვლადმოწყალეო მონარქო! აღმოგვიჩინეთ თქვენი გულმოწყალება და დაიცავით თქვენი უდიდებულესობის მიერ დახსნილი ხალხი, რათა არ ჰქონდეთ თურქებს ძალაუფლება წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიებზე.

შავი ზღვის ნაპირებიდან ახდენენ თურქები ჩვენზე ძლიერ თავდასხმას, იტაცებენ ჩვენს ხალხს, ჰყიდიან და გადაჰყავთ თურქულ რჯულზე და ამიტომ ქრისტიანებს კიდევ უფრო მეტ დამონებაში აგდებენ. ჩვენ ვწერდით თურქ უფროსებს, რათა მათ არ მოეხდინათ ასეთი ძარცვა-რბევა და თავდასხმები ჩვენს სამფლობელოში. მაგრამ მათ, ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, დაიწყეს ჩვენი ხალხის კიდევ უფრო მეტად გაწყვეტა და ამიტომ ჩვენ იძულებული შევიქენით შეგვეკრიბა ჩვენი ჯარი და თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის ბედნიერებით მოვიპოვეთ მათზე სრული გამარჯვება; უფრო მეტად ვიძიეთ შური, ვიდრე მათ მოგვაყენეს ჩვენ ზიანი.

ასეთი გარემოებების გამო თავად თურქები, და ჩვენი გარემომცველი სხვა ხალხებიც, მოვიდნენ არცთუ მცირე შეშფოთებაში და ცდილობენ რომ თავს დაგვესხან. მე, მეფე, ასევე ჩვემი სამფლობელოს ყველა სასულიერო და საერო პირი, მუხლებზე მდგომარენი, გევედრებით მიგვიღოთ თქვენი ძლიერი მფარველობის ქვეშ და დაგვიცვათ სამუდამოდ თქვენს მიერ ტყვეობის უღლიდან გამოხსნილი თქვენი მონები. აღმოგვიჩინეთ თქვენი ისეთი დედობრივი გულმოწყალება, როგორსაც თქვენ თავად კეთილინებებთ”.

ქუჩუკ-ყაინარჯის ტრაქტატის მიხედვით იმერეთის პორტაზე დამოკიდებულება გვართმევდა ჩვენ შესაძლებლობას, რომ დაუყოვნებლივ შევდგომოდით სოლომონ მეფის სურვილების შესრულებას. თუმცა კი თავად პოტიოკმინს იმერეთის რუსეთის მფარველობის ქვეშ მიღების ნაბიჯი შესაბამის დრომდე მეტად საეჭვოდ მიაჩნდა (Письмо князя Потёмкина А. А. Безбородко 5-го сентября 1785 года), მიუხედავად ამისა რუსეთის მთავრობა ცდილობდა შეენარჩუნებინა სოლომონ მეფის ასეთი განწყობა და დაპირდა მიეღო იმერეთი რუსეთის მფარველობაში პირველივე შესაძლებლობისას.

“მის იმპერატორობით უდიდებულესობას ნებავს, წერდა თავადი პოტიომკინი (Въ ордере П. С. Потёмкину 3-го апреля 1783 года. Государств. Архивъ, XXIII, № 13, карт. 45), რათა რუსეთის იმპერიისთვის ამ აღსანიშნავი საქმის (მფარველობის ქვეშ საქართველოს მიღების) შემდეგ, ქართლისა და კახეთის მეფის მაგალითისთვის მიბაძვა შეეძლოს იმერეთის მეფეს სოლომონსაც, რომლის განწყობილებაც ეთანხმება უკვე ამ უზენაეს ნებას. მაგრამ რამდენადაც მისი გარკვეული დამოკიდებულება ოტომანის პორტაზე გვაიძულებს თავი შევიკაოთ ამის მოქმედებაში მოყვანისგან, სანამ არ გამოჩნდება მოსახერხებელი გარემოებანი, ამიტომ საჭიროა მხედველობიდან არ გამოგვრჩეს ყოველივე ის, რასაც კი შეუძლია ხელი შეუწყოს იმერეთის მფლობელისა და მისი ქვეშევრდომების რუსეთისადმი ერთგულების განმტკიცებას”.

ხელმძღვანელობდა რა ამ დარიგებით, გენერალ-პორიჩიკი პოტიომკინი ინარჩუნებდა უწყვეტ ურთიერთობებს სოლომონთან, სთხოვდა მას უფრო ხშირად გამოეგზავნა შეტყობინება იმერეთსა და თურქეთში საქმეთა მდგომარეობის შესახებ, და ბოლოს, აიმედებდა მეფეს რუსეთის იმპერატრიცას მისდამი მუდმივ კეთილგანწყობაში. ამ ორმხრივ ურთიერთობებს არ ჰქონდა სერიოზული ხასიათი იმ დრომდე, სანამ სოლომონმა არ შეიტყო, რომ ტრაქტატი საქართველოსთან უკვე ხელმოწერილია, მაგრამ როგორც კი ცნობამ ამის შესახებ მიაღწია იმერეთამდე, მეფემ მაშინვე გამოუგზავნა წერილი პ. ს. პოტიომკინს, რომელშიც ითხოვდა მიეღოთ იგი რუსეთის მფარველობის ქვეშ, ზუსტად ისეთივე საფუძველზე, როგორზედაც მიღებულია საქართველო (Письмо Соломона генералу Потёмкину 6-го сентября 1783 года. Государств. Архивъ, XXIII, № 13, карт. 45). პოტიომკინმა გაუგზავნა სოლომონს საჩუქრები* (*ინგლისური ოქროს საათი რეპეტიციით, სათუთუნე, სიასამურისა და ყარყუმის ბეწვეულობა, გარკვეული რაოდენობის ქაღალდი, ლუქი და კალენდარი) და სთხოვდა გამოეგზავნა რწმუნებული პირი, რომელთანაც შესაძლებელი იქნებოდა მოელაპარაკათ ქვეშევრდომობის პირობებზე (Письмо П. С. Потёмкина Соломону 24 сентября 1783 года).

ამასობაში, არ დალოდებია რა ასეთი პირის გამოგზავნას, თავადმა პოტიომკინმა ისარგებლა საქართველოში პოლკოვნიკ ტამარას ინვესტიტურის ნიშნებით გაგზავნით და დაავალა მას, ტფილისში ზეიმების დასრულების შემდეგ, გამგზავრებულიყო ქუთაისში, იმერეთის მეფესთან მოლაპარაკებებისთვის. ტამარას უნდა დაერწმუნებინა სოლომონი იმპერატრიცასა და უგანათლებულესი თავადის პოტიომკინის მისდამი გულწრფელ კეთილგანწყობაში და შეეთავაზებინა მისთვის გამოეგზავნა პეტერბურგში, ხალხის ყველა წოდების ხელმოწერით, უზენაეს სახელზე სათხოვარი, რომლის პროექტიც გადაცემულ იქნა პოლკოვნიკ ტამარასათვის. ამ სათხოვარში მეფეს უნდა განეცხადებინა, რომ უმთავრეს მიზეზს, რომელიც ახალისებს მას ეძიოს რუსეთის მფარველობა, შეადგენს ხშირი და მეტად მძიმე შემოტევები სნეულებისა, შიში იმის გამო, რომ არ დატოვოს იმერეთი მცირეწლოვანი და გამოუცდელი მემკვიდრეების ხელში და, ბოლოს, სურვილი თავი დააღწიოს თურქების თავდასხმებს, მათ ძარცვა-რბევასა და მისი სამშობლოს აწიოკებას. ეს სამი პუნქტი, რომლებიც საფუძვლად უნდა დადებოდა სათხოვარს, არ იქნა მიღებული სოლომონის მიერ. იმ შეუზღუდველი თვითმპყრობელობის დროს, რომლითაც სარგებლობდა მეფე თავის ქვეშევრდომებზე, მისთვის ძნელი იყო საჯაროდ ეღიარებინა თავისი უუნარობა მმართველობაში, თუნდაც მძიმე ავადმყოფობის შედეგად; ზუსტად ასევე მისი გაგებით შეუთავსებელი იყო მეფის ღირსებასთან, რომ ეხილა თავის ხელმოწერასთან ერთად თავისივე ქვეშევრდომთა ხელმოწერები და, ბოლოს, აზიური მოსახლეობის ხასიათის მიხედვით სახიფათო ოყო განცხადება თავის მემკვიდრეთა მცირეწლოვანებისა და გამოუცდელობის შესახებ. ემყარებოდა რა ამაზე, სოლომონი ამბობდა, რომ თხოვნა ხელმოწერილი უნდა იყოს მხოლოდ მის მიერ და დაფუძნებული უნდა იყოს მხოლოდ მის პირად სურვილზე შემოვიდეს რუსეთის მფარველობის ქვეშ. სოლომონის შეუპოვრობამ და მისმა არდათანხმებამ ჩვენი მოთხოვნის შესრულებაზე, შეაყოვნეს ტამარა იმერეთში და მას მოუხდა ეცხოვრა იქ სამი კვირა, რათა მიეღწია რაიმენაირი პასუხისთვის. მეფე დიდხანს არ გამოთქვამდა საბოლოო გადაწყვეტილებას და ამით აჭიანურებდა საქმეს.

უდაოდ მამაცი ადამიანი, იშვიათი წესებისა, რომელსაც გააჩნდა თავისი ხალხის მართვის განსაკუთრებული უნარი, სოლომონი იყო მცირედ განათლებული, შეეძლო მხოლოდ კითხვა და, სამწუხაროდ, ძლიერი ხარისხით ეძლეოდა ლოთობას, რომელიც კლავდა მასში აზრის ყოველგვარ ქმედითობას (предавался въ сильной степени пьянству, убивавшему въ нём всякую деятельность мысли). “საუბედურო მიდრეკილება ღვინისადმი, მოახსენებდა ტამარა (Потёмкину въ рапорте отъ 6-го марта. Государств. Архивъ, XXIII, № 13, карт. 47), რომელიც თითქოსდა გამრავლდა მასში მას შემდეგ, რაც მე აქ პირველად ვიყავი, ხელს უშლის ახსნა-განმარტებას. იშვიათად თუ გამოჩნდება ისეთი დრო, როდესაც მასთან შეიძლება ლაპარაკი როგორც საქმისთვისაა საჭირო”.

ხანგრძლივ ძალისხმევათა შემდეგ, პოლკოვნიკმა ტამარამ ბოლოს და ბოლოს მოახერხა დაეყოლიებინა სოლომონი დაეწერა სათხოვარი მთელი ხალხის სახელით და მფარველობის ძიებისთვის საბაბად გამოეტანა იმერეთში თურქთა შემოჭრები. ქუთაისში შეკრებილ იქნენ ყველა წოდების წარმომადგენლები, რომლებმაც ურთიერთშორის თათბირის შემდეგ თავად შეადგინეს თხოვნა და ხელი მოაწერეს მას 1784 წლის 4 მარტს.

“მთელი ქვეყნიერებისთვის ცნობილია დიდო თვითმპყრობელო, წერდნენ იმერლები (Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 47), გულმოწყალება და თვალმოუხუჭველი მზრუნველობა შენი შენდამი ერთმორწმუნე ყველა ხალხზე, როგორ მოშორებულნიც არ უნდა იყვნენ ისინი. ღვთივბოძებული ძალა შენი მარჯვენისათვის აღადგენს ხალხებს ქრისტეს სისხლით გამოსყიდულებსა და მისი სარწმუნოების აღმსარებელთ.

იმ ხალხთა შორის ამ მიწის ხალხიცაა, შენი დაუმარცხებელი იარაღით დაცული, მტრების თვალთა წინაშე დგას და თავისკენ იზიდავს მათ გაუმაძღარ მზერას და გულს, რომელსაც სწყურია ჩვენი დაღუპვა... გამოჰყავი, ყოვლადმოწყალეო ხელმწიფეო, შენი ამ მუდმივად დიდებით აღსავსე დროის თუნდაც მცირე ნაწილი რწმენისა და სინდისის საქმით შენი ტახტის წინაშე ამდენი ქრისტიანისგან მოძღვნილი თხოვნის მოსმენისთვის.

ჩვენი მდგომარეობა, უახლოესი ურჯულო თურქული დერჟავის გამოისობით, არ შეიძლება იყოს არც მყარი, არც მშვიდი, სანამ არ ვიქნებით ჩვენ თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის დაცვის ქვეშ. ამ ხალხის გრძნობები ჩვენდამი ცრუა; მათი სურვილია – შური იძიონ ჩვენზე შინაომებით, დამონებითა და შეგინებით; დრო ხშირად გვიხსნის (открывает) მათი გულების სიღრმეს”.

გამოთქვეს რა, რომ თურქები ყოველთვის იყვნენ ქრისტიანობის შეურიგებელი მტრები და ჩამოთვალეს რა უკანასკნელ წლებში იმერეთის მიერ მათგან გადატანილი ყველა რბევა-აწიოკება, ხელმომწერნი ითხოვდნენ დაცვასა და მფარველობას. შეუვრდებოდნენ რა, “თავების დახრით” სრულიად რუსეთის ტახტს, მეფე სოლომონი, მისი მემკვიდრე, თავადები, მღვდელმთავრები, უფროსები, ერისა და ეკლესიის მსახურნი, მთელი ხალხი იმერეთისა “სამარადისოდ აძლევდნენ საკუთარ თავს ქვეშევრდომებად და მონებად” რუსეთის იმპერატრიცას.

“შეგვიწყალე, დიდო მონარქო, ამბობდნენ ისინი, ასეთი სიმრავლე შენდამი ერთმორწმუნე ქრისტიანებისა, და, შემოგზღუდავ რა ჩვენ სამუდამოდ შენი ძალით, იყავი ჩვენი საუკუნო მხსნელი; გვიბოძე ჩვენ, ჩვენს მიწას, ხალხებსა და შთამომავლებს, – რომელთაც სურთ იყვნენ სამუდამოდ შენი ქვეშევრდომები, – ამიერიდან სამარადისოდ შენი და შენი ტახტის მენაცვალეთა მფარველობა, მიიღე შენს თავზე ჩვენი მფარველისა და ხელმწიფის სახელი და დაგვაკისრე ჩვენ შენი ქვეშევრდომების მოვალეობა და წოდება, დაე ცნობილი იყოს ეს ჩვენი მტრებისთვის, რათა შეწყდეს მათში ერთხელ და სამუდამოდ ჩვენზე ბატონობის სურვილი...

სხვებზე არანაკლებ იღწვოდნენ ეს მიწა და ხალხი ქრისტიანული სარწმუნოების დასაცავად, ხოლო იმ დროთაგან, რაც გაგვინათა ჩვენ შენი მფარველობის ნათელმა, უფრო მეტი სისხლი დაიღვარა აქ და უფრო მეტი იწვნია მოწინააღმდეგემ. არ გჭირდებით და ვერას გარგებთ ჩვენ, ხელმწიფეო, ვერც შენ, ვერც შენს მენაცვალეთ, მაგრამ ქრისტიანული რჯულის გულისთვის, რომელსაც ქართველების თანასწორად ვაღიარებთ, გთხოვთ ვიქნეთ მიღებულნი მათ თანაბარ საფუძველზე შენი ძლიერი მფარველობის ქვეშ.

გვიბოძე, ყოვლადმოწყალეო ხელმწიფევ, მე და ჩემს მენაცვალეთ ისეთივე დაცვა, რომელიც ბოძებულია შენს მიერ ქართლისა და კახეთის სამეფოს მეფის ერეკლესა და მისი უგანათლებულესი სახლის მემკვიდრეთათვის. შემინარჩუნე ამის თანაბრად ჩემი სახითა და ჩემთა მემკვიდრეთა სახით იმერეთის უწინდელ მეფეთა უფლებები და უპირატესობანი. დაე შენი წყალობისა და თვითმპყრობელობის სხივმა, ყოვლადმოწყალეო ხელმწიფევ, გაანათოს საბოლოოდ ეს სამეფო, მისი ახლანდელი მფლობელი, თავადები, მხედრობა და ხალხი. ყველას გულებში შენს მონებს, ყველას ერთხმად სურს იყოს შენი კურთხეული ტახტის დაცვის ქვეშ, ყველანი უარვყოფთ მთელი ქვეყნის წინაშე რომელიმე სხვის ყველანაირ ძალაუფლებას ჩვენზე, სრულიად რუსეთის ტახტის გარდა და ამ ყოვლად უქვეშევრდომილეს ჩვენს სათხოვარს ვადასტურებთ ჩვენი ხელმოწერითა და ბეჭდებით”* (*თხოვნას ხელი მოაწერეს: მეფე სოლომონმა და ორმა ბატონიშვილმა დავითმა: ერთი მეფის ბიძაშვილი, მეორე მისი ძმიშვილი, სოლომონის ძმის, არჩილის ძე, და სოლომონის შვილიშვილმა, გურიის მთავარმა გიორგიმ თავისი ვაჟებით: სვიმონითა და ვახტანგით, თავადებმა, მიტროპოლიტებმა, ეპისკოპოსებმა და ბევრმა აზნაურმა).

ამ თხოვნამ ვერ მოაღწია ჯერ კიდევ სანკტ-პეტერბურგს, როდესაც იმერეთში მოხდა ცვლილება მთავრობაში. შუადღის ორ საათზე, 23 აპრილს, სოლომონი გარდაიცვალა აპოკალიფსური დარტყმისგან. დილას, წმ. გიორგის ხსენების დღეს, იგი ადგა სრულებით ჯანმრთელი, და, დილის ლოცვის აღსრულების შემდეგ, სურდა ჩაეცვა, მაგრამ ძლივს მოასწრო ერთი წინდის სანახევროდ ჩაცმა, რომ წაიქცა და ენა წაერთვა. სოლომონ მეფესთან მყოფი ექიმი ვიტენბერგი, რომელიც ჩვენი მთავრობის მიერ იყო იმერეთში გაგზავნილი, თუმცა კი ღებულობდა ყველა შესაძლო ზომას გადასარჩენად, მაგრამ მისი ძალისხმევა ამაო დარჩა (Рапортъ доктора Виттенберга Потёмкину 25-го апреля 1784 года).

თავის გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე, სოლომონ მეფემ განამზადა დეპუტატებად რუსეთში თავისი ცოლისძმა თავადი ზურაბ წერეთელი და თავადი ერისთავი, მაგრამ მეფის გარდაცვალებამ გააჩერა ისინი იმერეთში. საკითხი იმის თაობაზე, თუ ვინ იქნება გარდაცვლილი მეფის მენაცვალე, დიდად აინტერესებდათ დეპუტატებსა და მთელ იმერეთს. სოლომონს არ ჰყავდა მამრობითი სქესის შვილები და ამიტომ მისმა უეცარმა სიკვდილმა გაურკვევლობაში ჩააგდო იმერეთის უპირველესი ადამიანები. არ იცოდნენ თუ რა გადაეწყვიტათ, ისინი გაემართნენ ექიმ ვიტენბერგთან და ეკითხებოდნენ, თუ რა გაეკეთებინათ.

– თქვენ, როგორც გონიერმა ადამიანებმა, პასუხობდა იგი, – ჩემზე უკეთ იცით თუ რა არის თქვენი სამშობლოსთვის სასარგებლო.

ურთიერთშორის თათბირების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადგინეს, მეფის დაკრძალვის ცერემონიის დასრულების შემდეგ, აერჩიათ მისი მენაცვალე, და იგივე დეპუტატები გარდაცვლილი და ახლად არჩეული მეფის წერილებით გაეგზავნათ რუსეთში.

იმერეთში იმ ხანად იყო ორი პრეტენდენტი ტახტზე და ორივეს ერქვა დავითი; ერთერთი მათგანი გახლდათ გარდაცვლილის ბიძაშვილი*, დაბადებიდან ოცდაათი წლისა, ხოლო მეორე კი – ძმიშვილი, თერთმეტი წლის ყმაწვილი** (*დავითის მამა, მეფე გიორგი, იყო სოლომონის მამის უმცროსი ძმა. ეს დავით ბატონიშვილი სოლომონ მეფისადმი წინააღმდეგობის გამო განდევნილ იქნა იმერეთიდან და ცხოვრობდა ტფილისში, სადაც მას ინახავდა მეფე ერეკლე, მისი ნათესავი. დავითის მეუღლე, ანა მათეს ასული, ქალიშვილობაში თავადის ასული ორბელიანი, იყო ერეკლე მეფის ღვიძლი დის, ანა თეიმურაზის ასულ ორბელიანის შვილიშვილი /Рапортъ Бурнашёва Потёмкину 7-го мая, № 34, Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 47/; **ეს ახალგაზრდა კაცი გახლდათ სოლომონის ღვიძლი ძმის, არჩილის ვაჟიშვილი, ერეკლე მეფისა და დარეჯან დედოფლის შვილიშვილი). ორივე მათგანს ჰყავდა მომხრეები, და გააჩნდა თავიანთ მიმდევართა მეტ-ნაკლბად დიდი პარტიები. ჯერ კიდევ სოლომონის სიცოცხლეში ერეკლე მეფე ცდილობდა მის შერიგებას ბიძაშვილთან, დავით გიორგის ძესთან, და დაჟინებით მოითხოვდა იმას, რომ იმერეთის ტახტის მემკვიდრედ ყოფილიყო მისი შვილიშვილი, ბატონიშვილი დავით არჩილის ძე. სოლომონმა დაუთმო ერეკლეს სურვილს, ნება დართო დავით გიორგის ძეს დაბრუნებულიყო იმერეთში და მისცა მისი კუთვნილი სოფლები, ხოლო თერთმეტი წლის ძმისწული, დავით არჩილის ძე, აღიარა თავის მემკვიდრედ. მაგრამ, ამ აღიარებას არ ჰქონია არანაირი მნიშვნელობა და სოლომონის სიკვდილის შემდეგ მოხდა პარტიების ჩვეულებრივი ბრძოლა. ერთთ სურდათ ტახტზე აეყვანათ ძმისწული, მეორეთ კი – ბიძაშვილი (Рапорты Виттенберга Потёмкину 25-го и 26-го апреля. Госуд. Арх., XXIII, № 135, карт. 47).

– ჩვენ გვჭირდება ისეთი მეფე, – ამბობდნენ უკანასკნელის მიმდევრები, – რომელიც შეძლებს ხმლის ფლობასა და თავისი მიწის დაცვას, ყოველი მხრიდან მოწინააღმდეგის მიერ გარშემორტყმულისა.

კამათები მიდიოდა მანამდე, სანამ სარდალმა (ფელდმარშალმა) თავადმა პაპუნა წერეთელმა, რომელიც სარგებლობდა თანამემამულეთა დიდი პატივისცემით, არ გამოაცხადა მეფედ თავისი ცოლის ძმა, ბატონიშვილი დავით გიორგის ძე. დაქორწინებული იყო რა უკანასკნელის ღვიძლ დაზე, თავადი წერეთელი იმედოვნებდა, რომ ნათესაობითა და ტახტზე ასვლაში დახმარებისთვის, ახალი მეფის კარზე იგი შეიძენდა უფრო მეტ უპირატესობებს, გავლენასა და მნიშვნელობას. თავად პაპუნა წერეთლის წინადადება მიღებულ იქნა უმრავლესობის მიერ, და 27 აპრილს დავით გიორგის ძე გამოცხადებულ იქნა იმერეთის მეფედ. მომდევნო დღეს მან საზეიმოდ დადო ფიცი და ვალად იღო დაეცვა თავის ქვეშევრდომთა უფლებები, ემართა ისინი კანონების მიხედვით და ყოფილიყო რუსეთის იმპერატრიცას ერთგული ქვეშევრდომი. დავით გიორგის ძემ მაშინვე შეატყობინა ტახტზე თავისი ასვლის შესახებ გენერალ-პორუჩიკ პოტიომკინსა და პოლკოვნიკ ბურნაშოვს, ამასთან ორივეს გაუგზავნა სასულიერო წოდების, თავადებისა და ხალხის სათხოვარი, რომელშიც ისინი სთხოვდნენ შუამდგომლობას ახლად არჩეული მეფის დამტკიცებისთვის რუსეთის მთავრობის წინაშე. თავის მხრივ დავით მეფე, გამოთქვამდა რა სურვილს ევლო თავისი წინამორბედის ნაკვალევზე და გაეგზავნა ელჩობა უზენაეს კარზე, იმერელი ხალხის გასაჭირისა და სურვილების ახსნით, ითხოვდა შეენარჩუნებინათ მისდამი ის ნდობა, რომელიც რუსეთის მთავრობას გააჩნდა განსვენებულის მიმართ (Письмо царя Давида генералу Потёмкину 1-го мая 1784 года. Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 47).

ამასობაში, ტახტის მემკვიდრეობისგან ჩამოცილებულმა დავით არჩილის ძემ, თავის მიმდევართა რჩევით, მიმართა ერეკლეს, თავის პაპას თხოვნით, რათა დაეცვა მისი უფლება, რომელიც დაფუძნებული იყო გარდაცვლილი მეფის სოლომონის მიერ მის საზემო აღიარებაზე ტახტის მემკვიდრედ (Рапортъ Бурнашёва П. С. Потёмкину 7-го мая 1784 года, № 34. Там же). დავით ბატონიშვილის ეს თხოვნა და პარტიების ბრძოლა მზად იყვნენ, რათა წარმოეშვათ შინაომი იმერეთში, სადაც ინტერესთა გაყოფას ადგილი ჰქონდა გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე რომელმე სხვა ქვეყანაში. როგორც კი გარდაიცვალა მეფე სოლომონი, როგორც სამეგრელოს მთავარმა, თავადმა დადიანმა, რომელიც უკანასკნელ ხანებში განკერძოვდა იმერეთის მეფის ხელისუფლებისგან, სურდა რა შეეძინა კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა (самостоятельность и независимость), დაიწყო ინტრიგების ხლართვა იმერეთის წინააღმდეგ, ცდილობდა რა პარტიათა ბრძოლის გაძლიერებასა და საყოველთაო მღელვარების მოწყობას. დადიანმა შიკრიკი გაუგზავნა დევნილებაში მყოფ თავადს ქაიხოსრო აბაშიძეს, მოუწოდებდა რა მას დაბრუნებულიყო იმერეთში და აიმედებდა თავისი დახმარებით. დადიოდა ხმები, რომ ზუსტად ასეთივე შიკრიკი გაგზავნილი იყო დადიანის მიერ კონსტანტინოპოლშიც შეტყობინებით, რომ სოლომონ მეფე გარდაიცვალა და რომ პორტას ეძლევა ახლა ყველაზე უფრო ხელსაყრელი შემთხვევა იმერელი ხალხის მორჩილებაში მოსაყვანად.

დადიანის ინტრიგებს უკვალოდ არ ჩაუვლია. თავადი აბაშიძე მოვიდა ტრაპიზონში განზრახვით, რათა შემოეღწია იმერეთში და მოეხდინა აქ მღელვარება. ახალციხელმა სულეიმან-ფაშამ, შეიტყო რა დავითის ტახტზე ასვლის შესახებ, მოითხოვა, რათა მას იმერეთის პორტაზე დამოკიდებულების გამო გაეგზავნა კონსტანტინოპოლში ელჩობა თხოვნით ტახტზე მისი დამტკიცების შესახებ.

ეშინოდა რა, რომ თურქეთის სამეფო კარს არ ესარგებლა გარდაუვალი მღელვარებით იმერეთში მმართველობის შეცვლისას, ჩვენი მთავრობა აღიარებდა აუცილებლად რაც შეიძლებოდა სწრაფად განემტკიცებინა დავით მეფის ხელისუფლება, და ამიტომ ერეკლესთვის ჩაგონებულ იქნა არ ჩარეულიყო იმერეთის საშინაო საქმებში და ეღიარებინა იქ დამყარებული მმართველობის წესი. ერეკლე, თუმცა კი თვლიდა საკუთარ თავს შეურაცხყოფილად იმის გამო, რომ ტახტი, გარდაცვლილი სოლომონის დაპირების მიუხედავად, არ გადმოვიდა მის შვილიშვილზე, დავით არჩილის ძეზე, მაგრამ დაეთანხმა კანონიერად ეღიარებინა დავით გიორგის ძის არჩევა. “მეშინოდა რა რაიმენაირი უთანხმოებისა ან ძმათაშორისი ომისა იმერეთში, წერდა ერეკლე პ. ს. პოტიომკინს (Въ письме отъ 3-го мая 1784 года. Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 47), მე ამჟამად ხელი ავიღე ჩემს უფლებაზე და მივეცი თანხმობა დავით გიორგის ძის მეფედ აღიარებისთვის, მაგრამ როდესაც ჩემი შვილიშვილი სრულწლოვანების ასაკში მოვა, მაშინ მისი ბედი დამოკიდებული იქნება საიმპერატორო კარზე”.

საქართველოს მეფე ითხოვდა, რათა რუსეთის მთავრობას დაევალდებულებინა დავით მეფე მიეცა მისი შვილიშვილისთვის მთელი ის მამულები, რომლებსაც ფლობდა მისი მამა არჩილი, რათა დავით მეფეს ეღიარებინა თავისი ბიძაშვილი თავის შემდეგ ტახტის მემკვიდრედ და რათა მამულების გარდა დაეთმო მისთვის ორი შეიარაღებული ციხესიმაგრე მათი კუთვნილი მთელი მიწებით. სასურველის უფრო წარმატებით მისაღწევად ერეკლე ცდილობდა თავისი მოთხოვნის შეერთებას პოლიტიკურ მოსაზრებებთან და ამბობდა, რომ ციხესიმაგრეთა ასეთი დათმობა აუცილებელია მერეთის მეფის მიერ რუსეთის ინტერესებისთვის თავის არიდების შემთხვევაში, ვინაიდან მაშინ იგი შეიძლება დასუსტებულ იქნას ბატონიშვილის დავით არჩილის ძის წინააღმდეგობით (Письмо Ираклiя полковнику Бурнашёву 12-го мая 1784 года. Тамъ же). არსებითად კი მეფე უმთავრესად ზრუნავდა იმისთვის, რათა მის შვილიშვილს შეძლებოდა უსაფრთხოდ ეცხოვრა იმერეთში, რადგანაც ეშინოდა, რომ ზედმეტად თავგამოდებულ ადამიანებს, ახალი მეფის საამებლად, არ მოეწამლათ იგი.

სახელმწიფოს წარმოქმნა სახელმწიფოს შიგნით არ შეიძლებოდა დაშვებული ყოფილიყო ჩვენი მთავრობის მიერ, როგორც უკიდურესად მავნე საგანი, და ამიტომ ერეკლეს მოთხოვნები დაუკმაყოფილებელი დარჩა. ხოლო სამეფო სახლის წევრებს შორის ურთიერთ მტრობისა და შესაძლო ძმათაშორისი ომის თავიდან აცილებისთვის, გენერალ-პორუჩიკმა პოტიომკინმა დაავალა პოლკოვნიკ ბურნაშოვს გამზავრებულიყო იმერეთში და მოეწყო იქ სამეფოს საქმეები. ბურნაშოვმა თავისთან ერთად გამგზავრებისთვის მიიპატიჟა იმერეთის კათოლიკოსი მაქსიმე, რომელსაც უკვე დიდი ხანია დატოვებული ჰქონდა თავისი სამშობლო და ცხოვრობდა საქართველოში* (*მაქსიმეს იმერეთიდან განდევნის მიზეზი გახლდათ მისი არდათანხმება სოლომონ მეფის ვაჟის, ალექსანდრე ბატონიშვილის ქორწინებაზე, რომელსაც სურდა მეორედ ექორწინა მაშინ, როცა ცოცხალი ცოლი დატოვებული ჰყავდა ტფილისში. გარდაცვლილმა მეფემ სოლომონმა რამდენჯერმე შესთავაზა მაქსიმეს დაბრუნებულიყო იმერეთში, მაგრამ იგი, იცოდა რა თანამემამულეთა არამდგრადობა, საქართველოში რჩებოდა).

მაქსიმე დიდი პატივისცემით სარგებლობდა იმერეთში, სადაც მისი ყოფნა, როგორც რუსეთისადმი ერთგული ადამიანისა, შესაძლოა მეტად სასარგებლო ყოფილიყო, არა მხოლოდ ჩვენი ინტერესებისთვის, არამედ მეფე დავითის გაძლიერებისა და უდიდგვაროვანესი პირების ურთიერთ მტრობისა და თვითნებობისგან არიდებისთვის. დავით მეფე, შეგნებული ჰქონდა რა ის უზარმაზარი გავლენა, რომელიც გააჩნდა მაქსიმეს მის ქვეშევრდომებზე, და საჭიროებდა რა მისგან თანადგომას, ასევე იწვევდა მას იმერეთში. მაქსიმე ამჯერადაც უარს ამბობდა გამგზავრებაზე, მაგრამ იძულებული შეიქნა დაეთმო პოლკოვნიკ ბურნაშოვის დაჟინებული თხოვნისთვის (Рапортъ Бурнашёва Потёмкину отъ 25-го мая, № 44).

– მხოლოდ ერთი ყოვლადუქვეშევრდომილესი ერთგულება მისი იმპერატორობითი უდიდებულესობისადმი, ამბობდა იგი, და მორჩილება, რაზედაც მე რუსეთში ყოფნის დროს შევფიცე, მაიძულებს იქ გამგზავრებას. თუკი ეს ნებავს დიდ ყოვლადმოწყალე ხელმწიფას, მაშინ მე მზად ვარ სიცოცხლეც კი გავიღო მსხვერპლად.

1-ლ ივნისს პოლკოვნიკი ბურნაშოვი კათოლიკოს მაქსიმესთან ერთად, გაემგზავრნენ ტფილისიდან. მდინარეების გაუვალობამ, მანამდე იქ მოსული ძლიერი წვიმების შედეგად, შეაყოვნა მათი მოგზაურობა, და მხოლოდ 9 ივნისს მიაღწიეს მათ დავითის რეზიდენციამდე, სოფელ ცხრა-წყარომდე (წერია Цха-Цхоро), რომელიც მდებარეობდა სურამის გზაზე, ორმოც ვერსზე ქუთაისიდან. მეფე, სასულიერო წოდება, თავადები და ხალხის სიმრავლე გამოვიდნენ სამ ვერსზე სოფლიდან მოსულთა დასახვედრად. “მე ვპოვე ყველა ისინი, მოახსენებდა ბურნაშოვი (Рапортъ полковника Бурнашёва Потёмкину отъ 13-го iюня, № 51), შეიარაღებულნი და პარტიებად დაყოფილნი, სამაგალითოდ შეშფოთებულნი (მოუსვენრობით), თითქოსდა ჩემი ჩამოსვლისგან თავიანთი დამშვიდების მოლოდინში. ყველას სწყუროდა მოესმინა სიტყვები, რომლებიც დააიმედებდა მათ ეკატერინე დიდის უმაღლესი მოწყალებითა და მფარველობით”.

რუსებისადმი ყოველთვის უაღრესად თავაზიან იმერლებს, ამჯერად, გეგონებოდათ, სურდათ, რომ საკუთარი თავისთვისაც გადაეჭარბებინათ. საჭიროებდნენ რა ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, რუსეთის მფარველობასა და მხარდაჭერას, მეფე, დიდებულები და უბრალო ხალხიც კი ეპირფერებოდნენ (ელაციცებოდნენ) პოლკოვნიკ ბურნაშოვს (заискивали въ полковнике Бурнашёве). მათ ეშინოდათ, რათა სოლომონ მეფის სიკვდილთან ერთად არ შეწყვეტილიყო რუსეთის იმპერატრიცის იმერეთისადმი კეთილგანწყობაც. მათ ამშვიდებდა მხოლოდ კათოლიკოს მაქსიმეს იქ ყოფნა, რომლის ჩამოსვლასაც იმერეთში ხსნიდნენ იმით, რომ ამ ქვეყანას, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ დაუკარგავს რუსეთის მფარველობა. მაქსიმე მიღებულ იქნა განსაკუთრებული აღტაცებით როგორც მეფის მიერ, ისე ყველა მისი ქვეშევრდომის მიერაც. დავითმა მაშინვე დაუბრუნა მას ყველა უფლება, მამული და თავის წერილში პ. ს. პოტიომკინისადმი (Письмо Давида Потёмкину отъ 13-го iюня 1784 года. Госуд. Арх., XXIII, № 13-й, карт. 45) უწოდებდა მაქსიმეს ქვეყნის სამკაულს; ხალხი კი თავის კათოლიკოსს უყურებდა როგორც წმინდა ადამიანსა და ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი ყველა პარტიის ერთადერთ შემრიგებელს (Письмо генералу Потёмкину безъ числа отъ всехъ сословiй народа. Там же. карт. 47).

იმერელთა შეშფოთებული განწყობილების მიზეზი მალე ნათელი გახდა: ისინი მომდინარეობდა ახალი მთავრობის არამტკიცეობიდან, ერთი-მეორისადმი უნდობლობიდან და იქ მყოფთაგან თითოეულის მდგომარეობის განუსაზღვრელობიდან. ბურნაშოვმა შენიშნა შეკრებილებს შორის ორი პარტია, რომლებიც თუ სავსებით მტრულად არ იყვნენ განწყობილნი ერთმანეთისადმი, სულ მცირე, თანხმობაში მაინც არ იყვნენ შესულნი ურთიერთშორის: ერთს, უფრო მრავალრიცხოვანს, ეჭირა მეფის მხარე, მეორეს – ბატონიშვილ დავით არჩილის ძისა. უკანასკნელი შედგებოდა შეიარაღებული, მაგრამ ღარიბი და უმნიშვნელო ადამიანების ბრბოსგან, უპირატესად იმათგან, რომელთაც ჩამორთმეული ჰქონდათ მამულები გარდაცვლილი მეფის სოლომონის მიერ. მათ დასაკარგი არაფერი ჰქონდათ, ხოლო უჭერდნენ რა მხარს ბატონიშვილს, ისინი იმედოვნებდნენ წარმატების შემთხვევაში თავიანთი შეძლების გაუმჯობესებას.

ორივე პარტია უყურებდა პოლკოვნიკ ბურნაშოვს, როგორც რუსეთის მთავრობის მიერ გამოგზავნილ პირს, იმერეთში მმართველობისა და, აქედან გამომდინარე, სიმშვიდის დამყარებისთვის. ასეთი გადაწყვეტილების მოლოდინში ყველას აწუხებდა საკითხი იმის შესახებ, თუ როგორი მონაწილეობა იქნება მიღებული ბატონიშვილის დავით არჩილის ძის ბედში, და თუ კი ახლად არჩეული მეფე დატოვებულ იქნება ტახტზე, შეინარჩუნებენ თუ არა თავიანთ ხელისფლებასა და ჩინებს ის პირები, რომლებიც (ამ თანამდებობებზე) იყვნენ გარდაცვლილი მეფის სოლომონის დროს? ამ საკითხის საბოლოო გარკვევამდე ორივე პარტია არ შედიოდა ურთიერთობებში ერთმანეთთან (не сходились другъ съ другомъ).

“უჩვეულოა ხედავდე შეიარაღებულ ადამიანთა ამ ბრბოებს, წერდა ბურნაშოვი (Генералу Потёмкину отъ 13-го iюня, № 51); თითოეულ თავადს თავის უკან ჰყავს ასეთ ადამიანთა არცთუ მცირე ამალა. თუმცა კი ყველა ისინი მოედინებიან (стекаются) ყოვლადუავგუსტესი ჩვენი ხალმწიფას ერთიანი მფარველობის ქვეშ, მაგრამ შეშფოთება თავიანთი ხვედრის არცოდნის გამო და უნდობლობა ურთიერთ შორის ამყოფებდა მათ ფიქრთა დუღილის უკიდურეს ზღვარზე (содержала ихъ въ крайнемъ мыслей кипенiи). არ გააჩნიათ რა შიში სოლომონ მეფის სიმკაცრისა, თვლიან ისინი, როგორც ჩანს, თავიანთ ახალ მეფეს მათი წყალობით არჩეულად და მათთვის რაიმეს აკრძალვისთვის ძალის არ მქონედ”.

კათოლიკოს მაქსიმეს დახმარებით, პოლკოვნიკმა ბურნაშოვმა მოახერხა მტრული პარტიების შერიგება და იმერეთში სიმშვიდის აღდგენა. დავით მეფემ გადაწყვიტა მიეცა წერილობითი ვალდებულება, რომელშიც გამოთქვამდა თავის მომავალ დამოკიდებულებათა შესახებ ქვეშევრდომების მიმართ. მან გამოაცხადა განზრახული სურვილი გამოეგზავნა ელჩობა რუსეთში, თხოვნით მფარველობის შესახებ; პირობა დადო უზრუნველეყო ბატონოშვილი დავითი და ჩაებარებინა იგი კათოლიკოს მაქსიმეს მეურვეობისადმი, როგორც მისი ნათლიისა. თავადებისა და აზნაურების დატოვებას დაპირდა მეფე მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებზე და წოდებებში და ყველაფერში მოქცევას სამართლიანობის მიხედვით. თავიანთ მხრივ თავადებმა, სასულიერო წოდებამ და აზნაურებმა წერილობით იკისრეს ვალდებულება ყოფილიყვნენ მეფისადმი ერთგულნი და სიტყვაშეუბრუნებლად აღესრულებინათ ყველა მისი ბრძანება”.

ბურნაშოვი გამოემგზავრა იმერეთიდან, მაგრამ სიმშვიდე მასში არ დამყარებულა. სარდალმა თავადმა პაპუნა წერეთელმა პირველმა მისცა საბაბი ახალი არეულობებისთვის. აცხადებდა რა თავის ცოლისძმას იმერეთის მეფედ, წერეთელი, როგორც ჩვენ ვნახეთ, იმედოვნებდა ბევრი უპირატესობის მიღებას, მაგრამ, სამწუხაროდ, შენიშნა, რომ დავითი არაფრით არ ამჯობინებს მას სხვათა წინაშე (не оказываетъ ему никакихъ предпочтенiй передъ другими). იგი იმედოვნებდა ყოფილიყო პირველი პირი იმერეთში, მაგრამ დაინახა, რომ მეფე რჩევებისთვის მიმართავს ბურნაშოვსა და კათოლიკოს მაქსიმეს, როგორც ყველაზე უფრო ჩახედულ და გამოცდილ ადამიანს. პაპუნა წერეთელმა შეიძულა ეს პირები და გადაწყვიტა წინ აღდგომოდა მეფეს ყველაფერში, რაც არ ამოდიოდა მისი რჩევებიდან. მაშინვე პოლკოვნიკ ბურნაშოვის გამომგზავრების შემდეგ მან შეაგულიანა თავადი ბერო წულუკიძე და სხვა ყველაზე უფრო დიდგვაროვანი პირები რათა განეცხადებინათ, რომ ისინი არ ეთანხმებიან რუსეთში ელჩობის გაგზავნას, და როდესაც მეფემ დაიწყო ამის დაჟინებით მოთხოვნა, მაშინ წერეთლისა და წულუკიძის პარტიამ გადაწყვიტა მეფის მიტოვება. დატოვეს რა სამეფო რეზიდენცია, ისინი წავიდ-წამოვიდნენ თავიანთ სახლებში. ასეთი საქციელით განცვიფრებულმა დავითმა დააგზავნა ხალხი, რათა ეკითხათ მათვის წასვლის მიზეზის შესახებ და მოითხოვდა, რათა ყველა თავადი დარჩენილიყო მასთან ელჩობის გაგზავნამდე.

– ჩვენ ელჩობის შესახებ არაფერი ვიცით, პასუხობდნენ თავადები წარმოგზავნილებს, – და თუ კი მეფეს სურს, შეუძლია თავად გაემგზავროს რუსეთში, ხოლო ჩვენგან კი არავინ არ წავა.

მოვიდა რა თავად ქუთაისში, და იცოდა, რომ ყველა მღელვარების წყაროა თავადი პაპუნა წერეთელი, დავით მეფემ სთხოვა მის კარზე მყოფ ექიმ ვიტენბერგს შეეტყო უკმაყოფილებათა მიზეზის შესახებ.

– რატომ დატოვეთ თქვენ ასე დაჩქარებით მეფე, ჰკითხა ვიტენბერგმა პაპუნა წერეთელს, – თქვენ, რომელიც ხელს უწყობდით ტახტზე მის ასვლას?

– ჩვენთვის გულდასაწყვეტი იყო, პასუხობდა იგი, – რომ მეფე მოელაპარაკა პოლკოვნიკ ბურნაშოვს ჩვენი თანხმობის გარეშე.

– მაგრამ თქვენ ყველანი ხომ აქვე იყავით და თავადაც ელაპარაკებოდით ბურნაშოვს?

– მართალია, ჩვენ მას ველაპარაკებოდით, მაგრამ ჩვენ ვთხოვეთ მეფეს, რათა მას მასთან არანაირი საქმე არ დაეჭირა, ხოლო მეფე კი ყველაფერ ამას ჩვენს გულსატკენად აკეთებდა.

– ახლა კი რის გაკეთება გაქვთ განზრახული? ჰკითხა ვიტენბერგმა.

– ტახტზე ავიყვანთ მცირეწლოვან დავითს, გადაჭრით პასუხობდა წერეთელი.

ამ ცნობამ ააფორიაქა მეფე, მით უმეტეს, რომ, ვერ განიმტკიცა რა ძალაუფლება, იგი ღებულობდა შემაშფოთებელ ცნობებს თურქეთიდან. პორტამ იმერეთის მეფედ გამოაცხადა დევნილებაში მყოფი თავადი ქაიხოსრო აბაშიძე, რომელიც ეძიებდა ტახტს და დაჰპირდა თურქთის მთავრობას რომ გადაუხდიდა ხარკს და ყოველწლიურად გაუგზავნიდა კონსტანტინოპოლში 190 ბიჭსა და გოგონას (Рапортъ П. С. Потёмкина князю Потёмкину 10-го октября, № 461). თავადმა აბაშიძემ წერილები გამოუგზავნა იმერეთის უპირველეს ავადებს, რომლებშიც ატყობინებდა, რომ პორტა დაპირდა მას მიეცა თორმეტი ათასი ჯარი და რომ სულ მოკლე ხანში იგი გამოცხადდება იმერეთში.

– ჩვენ მივიღეთ წერილი თურქეთიდან, იდუმალად (გამოცანასავით) ეუბნებოდა თავადი ზურაბ წერეთელი ექიმ ვიტენბერგს, – და მალე იმერეთში მოხდება რაღაც ახალი.

ვიტენბერგმა იცოდა, თუ რაზე მანიშნებს ზურაბი, იცოდა, რომ საქმე შეეხება თავად აბაშიძის პროკლამაციებს და ამიტომ ცდილობდა წარმოედგინა თავად ზურაბ წერეთლისთვის ის უბედურება, რომელშიც ჩართული იქნება იმერეთი, თუკი იგი ისევ ჩავარდება თურქების ძალაუფლების ქვეშ, და ამასთან შენიშნა, რომ რუსეთი უკვე აღარ მოვა მაშინ ხელმეორედ მის დასახმარებლად.

– რა თქმა უნდა, ამბობდა ვიტენბერგი, – რუსეთს იმერეთი ძალზედ ცოტა რამეში თუ სჭირდება (Россiи до Имеретiи очень мало нужды), მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენი შთამომავლები იტირებენ ამ უბედურების გამო.

– მე მთელი სულითა და გულით მოხარული ვიქნებოდი, პასუხობდა ზურაბი, – და მსურს, რათა რუსეთმა მიიღოს იმერეთი თავისი მფარველობის ქვეშ, მაგრამ რა გავაკეთო, როდესაც ძმასა და ბერო წულუკიძეს არ უნდათ, რომ ელჩები გაგზავნილ იქნენ რუსეთში.

– დაიყოლიეთ თქვენი ძმა, მიატოვეთ წულუკიძე და მიმართეთ მეფეს; წულუკიძე მარტო ვერაფერს გააკეთებს.

ვიტენბერგის რჩევამ იმოქმედა და თავადი წერეთლები შეურიგდნენ დავითს (Письмо доктора Виттенберга генералу Потёмкину отъ 9-го августа 1784 года. Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 47). მეფეს სურდა ესარგებლა ამ შერიგებით და დაესაჯა თავადი წულუკიძეები. მან ბრძანა ალყა შემოერტყათ მათი სახლისთვის ქუთაისში იმ განზრახვით, რათა ხელში ჩარგდოთ მთელი მათი სახლეული. იმ დროს თავად წულუკიძეთა ერთერთი ქალიშვილი შეპირებული ჰყავდათ ცოლად ვახტანგ ბატონიშვილისთვის, ერეკლე მეფის ძისთვის, და საქმრო სულ ახლო ხანებში უნდა ჩამოსულიყო ქუთაისში. შეიტყო რა იმ საფრთხის შესახებ, რომელიც ემუქრებოდა თავად წულუკიძეთა სახლეულს, ბატონიშვილმა დავით არჩილის ძემ, როგორც ვახტანგ ბატონიშვილის დისწულმა, შეკრიბა შეიარაღებული ხალხი და გაემართა ალყაშემორტყმულთა გამოსახსნელად. ეშინოდა რა სისხლისღვრის და, რაც მთავარია, ერეკლე II-ის ჩარევისა, დავით მეფემ თავი დაანება თავის განზრახვას წულუკიძეთა ხელში ჩაგდებაზე, და რათა გული მოეგო დავით ბატონიშვილისთვის, გადაწყვიტა დაეთმო მისთვის რაჭის მხარეში მინდას ციხესიმაგრე მისი კუთვნილი მთელი სახლებითა და მამულებით (Письмо царевича Давида царю Ираклiю безъ числа. Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 47).

თავადი წულუკიძეები შეურიგდნენ მეფეს და შეჰფიცეს რომ მისი ერთგულები იქნებოდნენ, ხოლო დავითმა კი არა მხოლოდ აპატია მათ, არამედ შემდგომში შუამდგომლობდა კიდეც ერთერთ მათგანს, და სახელდობრ სარდალს, ჯილდოსთვის იმპერატრიცას გულუხვობის წინაშე (Письмо царя Давида Князю Потёмкину 7-го сентября 1784 года. Госуд. Арх., XV, 210). ბატონიშვილმა დავით არჩილის ძემ თავისი საქციელით დიდი მნიშვნელობა შეიძინა იმერეთში, მაგრამ ამასათან ერთად მეფისა და მთელი მისი ერთგული პარტიის არაკეთილგანწყობაც. “ჩვენ და დავითი, ჩვენი ბიძაშვილი, მშვიდად ვერ ვიქნებით, წერდა დავითი პოლკოვნიკ ბურნაშოვს (Въ письме отъ 1-го iюля. Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 47), და ჩვენს შორის თანხმობა და სრულყოფილი სიყვარული არ შეიძლება იყოს, ასევე ვერც ჩვენი ცხოვრება იქნება კეთილდღეობითი. ამისთვის გთხოვთ მოახსენოთ მის უმაღლესობას მეფეს (ერეკლეს), რათა მან ნება მოგვცეს ეს ახალგაზრდა კაცი აღვზარდოთ წესიერად და ბრძანოს მოაშორონ მას ცოტა ხნით არამყარი ადამიანები ჩვენი საერთო სარგებლისთვის”.

იმერეთის მეფე ხედავდა დავით ბატონიშვილში თავისთვის სახიფათო მეტოქეს, და ამიტომ ბუნებრივია ეძიებდა შემთხვევას, რათა ან დაესუსტებინა იგი, ან კიდევ საერთოდ განედევნა იმერეთიდან. მათ შორის წარმოქმნილი მტრობა, როგორც დავინახავთ, იყო ბევრი მღელვარების საგანი ქვეყანაში, რომელიც უამისოდაც გამოირჩეოდა სრული უუფროსობით, ქვეყანაში, სადაც მეფის ხელისუფლება ჯერ კიდევ არ იყო განმტკიცებული, სადაც თავადები და ხალხი მიეჩვივნენ თვითნებობას, სადაც თითოეული ეძიებდა შემთხვევას რათა თევზი ეჭირა მღვრიე წყალში და გამდიდრებულიყო მოყვასის ხარჯზე. მხოლოდ რუსეთის მონაწილეობა, რომელიც ამას აკეთებდა მისი ერთმორწმუნე ხალხის მიმართ, აკავებდა იმერეთს დაშლისა და საბოლოო დაღუპვისგან.

იცოდა რა რუსეთის მფარველობის შესახებ, სამეგრელოს მთავარმა, თავადმა დადიანმა, მიატოვა თავისი ხრიკები და აღიარა საკუთარ თავზე იმერეთის მეფის ძალაუფლება; მის მაგალითს მიჰყვა გურიის მთავარიც. საერთო პაემანზე დავით მეფემ და ამ ორივე მთავარმა დაადგინეს ეცხოვრათ მშვიდობით, დახმარებოდნენ ერთმანეთს ყველაფერში, რაც შეეხებოდა სიმშვიდესა და იმერეთის მთლიანობას, და განსაკუთრებით ერთსულოვნად ემოქმედათ გარეშე მტრების წინააღმდეგ, რომლებიც უკვე მზად იყვნენ იმერეთში შემოსაჭრელად.

გურიის მთავარმა და სამეგრელოს დადიანმა თითოეულმა უკვე რამდენიმე წერილი მიიღო თავად ქაიხოსრო აბაშიძისგან, რომელიც ატყობინებდა მათ ბათუმში მალე მოსვლის შესახებ მრავალრიცხოვანი თურქული ჯარით და მოუწოდებდა მათ შეერთებოდნენ, თუკი არ სურდათ საკუთარი დაღუპვა (Письмо князя Кайхосро Абашидзе къ Гурiелю. Госуд. Архивъ, XXIII, № 13, пап. 47).

მაისში თავადი ქაიხოსრო აბაშიძე მოვიდა ანატოლიის ფაშასთან ჰაჯი-ალისთან და გადასცა მას პორტას ფირმანი, რომელიც ფაშას უბრძანებდა შეეკრიბა ოცდაათათსიანი ჯარი და ბაირამის დღესასწაულის შემდეგ მასთან ერთად წამოსულიყო იმერეთში თავად აბაშიძის იმერეთის ტახტზე ასაყვანად.

– თავად მე არ წამოვალ და ჩემს ახლო მოხელეთაგან ასევე არავის არ გამოვგზავნი, ეუბნებოდა ფაშა ერთერთ ჩვენს მოხელეს (Посланному съ письмомъ паше отъ генералъ-поручика Потёмкина. Тамъ же); – არამედ გამოვგზავნი ვინმე გარეშეთაგანს. თუკი რუსეთი ან საქართველო გამოექომაგებიან იმერეთს, მაშინ, არ მივიღებ რა მასში მონაწილეობას, ისე შევხედავ ამ საქმეს, როგორც გარეშე ადამიანი.

ვერ ბედავდა რა ურჩოება გაეწია პორტას ბრძანებებისთვის, ჰაჯი-ალი-ფაშამ ფოთში გამოგზავნა რამდენიმე გემი პროვიანტით და ამზადებდა ჯარებს აქვე გამოსაგზავნად.

მიიღო რა ცნობები თავად აბაშიძის განზრახვის შესახებ თურქული ჯარებით იმერეთში შემოსაჭრელად, დავით მეფემ დაიწყო თავდაცვისთვის მზადება. იგი აგროვებდა ჯარებს, და სამშობლოს დაცვის საქმის უფრო წარმატებით წარმართვისთვის, მიმართა ეშმაკობას. მეფემ შეადგინა ყალბი წერილი, ვითომდა მისთვის გამოგზავნილი გენერალ პოტიომკინის მიერ, და წაიკითხა იგი დიდგვაროვან პირთა და ხალხის შეკრებაზე. მოისმინეს რა წერილის შინაარსი, რომელშიც დაპირებული იყო რუსეთის დახმარება იმ შემთხვევაში, თუკი იმერლები ერთსულოვნად იმოქმედებდნენ სამშობლოს საერთო მტრების წინააღმდეგ, ყველა შეკრებილი ფიცს დებდა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაეცვა თავი და დაადგინეს დაუყოვნებლივ გამოეგზავნათ ელჩობა რუსეთში* (Письмо Виттенберга генералу Потёмкину отъ 9-го августа 1784 года. აი თარგმანი წერილისა, რომელიც დაწერა მეფე დავითმა პ. ს. პოტიომკინის სახელით და წაიკითხა შეკრებაზე /ჩვენ ქვემოთ მოგვყავს, ცხადია, თარგმანი მეფე დავითის ნაწერის რუსული თარგმანიდან – ი. ხ./. “ჩემამდე მოვიდა ცნობა თურქების მოახლოების თაობაზე და ამასთანავე მე მოვისმინე, რომ მოდიან თქვენზე და თქვენს მიწაზე თავდასასხმელად. მათ წინ უძღვის ერთი იმერელთაგანი თავად ქაიხოსრო აბაშიძის სახელით, რომელსაც შეჰპირდნენ იმერეთის მეფობას. მასთან ერთად მოდის თორმეტი ათასი თურქი მის გასამეფებლად, სულთანისთვის იმ დაპირების სანაცვლოდ, რომ ჩააყენოს იმერეთი უწინდებურად მის მონობაში ხარკის აუცილებელი გადახდით ორივე სქესის ყმაწვილებით. მაგრამ ვინ ბედავს თავდასხმას იმ მიწაზე, რომელსაც იცავს მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა? შესაძლოა, მათ არ იციან, რომ მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა მფარველობს იმერეთს და რომ იმერლები საიმპერატორო ტახტის უერთგულესი ქვეშევრდომები არიან.

აწ გარდაცვლილი მეფე სოლომონი უკვე დიდი ხანია იმყოფებოდა უავგუსტესი ხელმწიფას გულუხვი მარჯვენის ჩრდილქვეშ. თქვენო უგანათლებულესობავ, ყველას აცნობეთ, რომ თუკი თურქები მოუახლოვდებიან იმერეთს, მე მაქვს ბრძანება მათ წინ აღვუდგე და არა მხოლოდ ჯარი უკუვაგდო, არამედ თავად მათ ქვეყანაშიც შევიდე. როგორც კი თქვენ ამის შესახებ შეგვატყობინებთ, მე მივიღებ სათანადო ზომებს; ჯარები აქ მზად არიან და მათ წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევს. მე მაქვს ბრძანება არავინ არ შემოვუშვა და ახლა თქვენ იყავით ფრთხილნი და მამაცნი. ყველაფრის შესახებ შემატყობინეთ და გამოგზავნეთ ელჩები, რათა მათ იხილონ უზენაესი კარის დიდებულება და მშვენიერება” /См. Госуд. Архивъ, XV, № 210/).

ელჩობის შემადგენლობაში დანიშნული იყვნენ კათოლიკოსი მაქსიმე, სარდალი და სახლთ-უხუცესი თავადი ზურაბ წერეთელი, პირველი მდივან-ბეგი თავადი დავით კვენიხიძე და თავადი ბესარიონ გაბაონი (გაბაშვილი, წერია Габановъ). აგვისტოს ბოლოს ელჩებმა დატოვეს იმერეთი და გამოემგზავრნენ პეტერბურგს, სადაც მოვიდნენ კიდეც ქრისტეს შობის დღეს, 25 დეკემბერს.

ჩამოსვლიდან მესამე დღეს ელჩობა მიღებულ იქნა თავად პოტიომკინის მიერ, რომლის დიდებული შესახედაობა და მხიარული სახე, კათოლიკოს მაქსიმეს გამოთქმით (Госуд. Арх., XV, № 210), “გვპირდებოდა ჩვენ მფარველობას”. უგანათლებულესმა დააიმედა ისინი იმპერატიცის მოწყალებით, რომელმაც წარმოგზავნილებს უწყალობა 8.000 მან.* და 29 დეკემბერს ღირსი გახადა ისინი თავისი აუდიენციისა (*კათოლიკოსს 2.000 მან., თავადებს წერეთელსა და კვენიხიძეს თითოეულს 1.500 მან., ამალას 1.000 მან. და სუფრისთვის 2.000 მან.). ელჩები აღტაცებულნი იყვნენ დიდი მონარქის მისალმებისგან, მის მიერ დაიმედებისა და, ბოლოს, თავად ცერემონიისგან, რომლითაც ხდებოდა მათი წარდგენა იმპერატრიცის წინაშე.

უწყალობა რა მეფეს წმ. ანდრია პირველწოდებულის ორდენი და მდიდრული საჩუქრები როგორც მას, ისე მის მეუღლესაც, იმპერატრიცა სწერდა დავითს* (*მეფისთვის ნაწყალობევ იქნა: ბრილიანტის საათი, სიასამურის ბეწვი, ორმოცი სიასამური, ყარყუმის ბეწვი, ფარჩის სამი ნაჭერი, მაუდის ათი ნახევარი /десять половинок сукна/; დედოფალს: ბრილიანტის საყურეები, ორმოცი სიასამური, ყარყუმის ბეწვი და ფარჩის სამი ნაჭერი): “თქვენი და თქვენი ძალაუფლების ქვეშ მყოფი მთელი ხალხის გულმოდგინებისა და ერთგულების გრძნობას ჩვენდამი და ჩვენი იმპერიისადმი, რომლებიც ახსნილია თქვენს წერილში, თქვენი წარმოგზავნილების ხელით ჩვენ რომ გადმოგვეცა, ჩვენ ვღებულობთ ჩინებული კეთილგანწყობილებით.

უკანვე ვისტუმრებთ რა ამ თქვენს წარმოგზავნილებს, რომელთა გულმოდგინება ჩვენდამი და მოშურნეობა მათი სამშობლოს სიკეთისთვის ქების ღირსია, განვუახლებთ თქვენს უგანათლებულესობას ჩვენს პირობას (наши уверенiя), რომ ჩვენ, შეგინარჩუნებთ რა თქვენ და ყველას თქვენზე დამოკიდებულს ჩვენს იმპერატორობით წყალობასა და მფარველობაში, თავს არ დავანებებთ ზრუნვას იმერეთის ხალხების კეთილდღეობისთვის.

ვადასტურებთ ჩვენს სურვილს, რათა თქვენი უგანათლებულესობა, თქვენი დიდების ღირსი წინამორბედის ნეტარხსენებული სოლომონის მაგალითით, წამოჭრილ საქმეებსა და საჭიროებებში გულღიად მიმართავდეს ჩვენს გენერალ-ფელდმარშალს თავად გრიგოლ ალექსანდრეს ძე პოტიომკინს, რომელსაც ჩვენი სასაზღვრო სამხედრო ძალებისა და საქმეების მთავარი უფროსობა და მმართველობა მაგ მხარეში აქვს ჩვენგან ჩაბარებული, და მის კეთილ რჩევებს ისმენდეს და ასრულებდეს” (Архивъ Кабинета Его Величества. Св. 441).

იმ დროს, როდესაც პეტერბურგში ელჩობისთვის მოწყობილ ზეიმს ზეიმი მოსდევდა, იმერეთში ხდებოდა სხვაგვარი მოვლენები: იქ შემოჭრილი თურქები ძარცვავდნენ და აჩანაგებდნენ ქვეყანას.

სექტემბრის შუა რიცხვებში თავადი ქაიხოსრო აბაშიძე ნამდვილად ჩამოვიდა ბათუმში, სადაც მასთან ერთად მოვიდა თურქული ჯარების ნაწილიც; მეორე ნაწილი გადმოსხდა ფოთში. ახალი პრეტენდენტი იმერეთის ტახტზე ყველგან აგზავნიდა წერილებს, იწვევდა რა იმერლებს, რომ მისი მხარე დაეკავებინათ. თავადი აბაშიძე თავიდან სთავაზობდა გურიელსა და დადიანს კავშირსა და მეგობრობას, მაგრამ ვერ შეძლო რა მათი თავის მხარეზე დაყოლიება, დაიწყო ამანათების (მძევლების – ი. ხ.) მოთხოვნა (Письмо царя Давида католикосу Максиму 26-го сентября. Рапортъ генералъ-поручика Потёмкина князю Таврическому 10-го октября, № 461).

რათა არ დაერღვია ტრაქტატები და სამშვიდობო დადგენილებანი პორტასთან, ჩვენს მთავრობას შეეძლო აღმოეჩინა იმერეთისთვის მხოლოდ ირიბი დახმარება და თანადგომა თურქთა ჩანაფიქრების წინააღმდეგ. გენერალ-პორუჩიკმა პოტიომკინმა დავით მეფეს გაუგზავნა გარკვეული ფულადი თანხა სამხედრო საჭიროებათათვის; სამეგრელოს დადიანის ჩვენი ინტერესებისკენ მოზიდვისთვის და მისი დის დარეჯან დედოფლის მიერ დამოწმების სახით დადიანის რუსეთისადმი გულმოდგინების თაობაზე, იმპერატრიცამ ეკატერინე II-მ უწყალობა მას წმ. ალექსანდრე ნეველის ორდენი მარგალიტიანი ვარსკვლავით, ბაფთები და ათი ვარსკვლავი მორთულობათა გარეშე. ამასთან სამეგრელოს მფლობელს ეცნობა, რომ თუკი იგი შეინარჩუნებს კეთილგანწყობას რუსეთისადმი და დარჩება მისი ერთგული, მაშინ შეუძლია უფრო მეტ წყალობათა იმედიც ჰქონდეს.

ამასთან ერთად, იმპერატრიცამ დაავალა თავის წარგზავნილს კონსტანტინოპოლში, ბულგაკოვს, რომ დაჟინებით მოეთხოვა პორტასგან, რათა მას თავი დაენებებინა ყველანაირი თავდასხმებისთვის იმერეთსა და საქართველოზე. ბულგაკოვი რწმუნებულ იყო განეცხადებინა თურქეთის მთავრობისთვის, რომ რუსეთი, ექომაგებოდა რა მის ერთმორწმუნე ხალხებს და ათავისუფლებდა რა მათ ჩაგვრისგან, აკეთებდა ამას იმ მიზნით, რათა ისინი სამუდამოდ ყოფილიყვნენ უზრუნველყოფილნი სრული უსაფრთხოებით და ჰქონოდათ საკუთარი მმართველობა და რომ რუსეთის მთავრობას არ შეუძლია გულგრილად უყურებდეს “მათთვის გამზადებულ” ახალ უბედურებებს. სურს რა შეინარჩუნოს მეგობრობა და კეთილი თანხმობა ოტომანის პორტასთან, რუსეთის მთავრობას უკიდურესად დაენანება, თუკი ეს დერჟავა მისცემს საბაბს ახალი მტრობისთვის თავისი ქმედებებით, რომლებიც იხრება რუსეთის ერთმორწმუნე ხალხის ჩაგვრისკენ. დატოვებს რა იმერეთის ხალხს მის ახლანდელ მდგომარეობაში, ამჟამინდელი მეფის მმართველობის ქვეშ, არჩეულისა ხალხის ნებითა და განსვენებული სოლომონის მითითებით, პორტა შეინარჩუნებს სიმშვიდეს იმ მხარეში და მასთან ერთად დაამტკიცებს თავის მშვიდობისმოყვარეობას, მაშინ როდესაც, პირიქით, ყველანაირი თავდასხმა საქართველოსა და იმერეთზე, პეტერბურგის სამეფო კარს არ შეუძლია მიიღოს სხვანაირად, თუ არა როგორც მტრულ მოქმედებად რუსეთის წინააღმდეგ.

უკანასკნელ ხანებში, და სახელდობრ საქართველოს რუსეთის მფარველობის ქვეშ მიღების შემდეგ, მასთან მოსაზღვრე თურქი ფაშები, ცდილობდნენ რა ზიანი მიეყენებინათ ერეკლესთვის, ლეკებს უგზავნიდნენ წერილებს აღშფოთებისკენ მოწოდებით რუსეთისთვის “უშვერი გამონათქვამებით”, და ამიტომ, რათა “თურქეთის სამინისტროს არ ეფიქრა, რომ მას შეუძლია ცოტ-ცოტად მიმართავდეს ჩვენთვის მავნებლურ თავის განზრახვებ”, იმპერატრიცამ დაავალა ბულგაკოვს ეკითხა პორტასთვის, მისი ბრძანებით ხდება მსგავსი აღმაშფოთებელი მოწოდებების დაგზავნა თუ ფაშების თვითნებობით? პირველ შემთხვევაში ეგრძნობინებინა მისთვის, რომ მსგავსი მოწოდებების შემდგომ დაგზავნას შეიძლება ჰქონდეს უსიამოვნო შედეგები, ხოლო მეორეში კი, ანუ თუკი თურქეთის მთავრობა მთელ ბრალეულობას დააკისრებდა მოსაზღვრე ფაშებს, მოეთხოვა მათი მკაცრად დასჯა, როგორც საბაბის მიმცემებისა მშვიდობისა და კეთილი თანხმობის დარღვევისთვის ორ მოკავშირე დერჟავას შორის (Рескриптъ Булгакову отъ 7-го октября. Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 49).

“შესაძლოა, წერდა იმპერატრიცა ეკატერინე სხვა რესკრიპტში ბულგაკოვისადმი (Рескриптъ отъ того же числа. Тамъ же), რომ თურქეთის სამინისტრო დაიწყებს ლაპარაკს იმერეთის ხალხზე, რომ იგი ოტომანის პორტას ქვეშევრდომია, და ამიტომ მიითვისებენ თავიანთი ნებით იქ მფლობელების შეცვლის უფლებას, მაგრამ ასეთი ცვლილების დაშვება ჩვენ არანაირად არ შეგვიძლია, ხოლო თუკი თქვენ ვერ შეძლებდით პორტას დამშვიდებას იმ დონემდე, რათა მან თავი ანებოს ყველანაირ მოძრაობას იმ მხარეში შემდგომი ახსნა-განმარტების გარეშე, მაშინ ნებას გრთავთ მიმართოთ ეს საქმე ნეგოციაციაში, დაჟინებით მოითხოვთ რა აუცილებლად, რათა ამ მოლაპარაკებების დასრულებამდე, არაფერი დაბრკოლება არ იქნას შექმნილი იმერეთის ახლანდელი მეფისთვის მის მმართველობაში და რათა ჯარები იმ მიწაზე და მის წინააღმდეგ არ იქნას გაგზავნილი. ხოლო რაც შეეხება ქართლის მეფესა და მის მიწებს და საერთოდ სპარსეთის საქმეებს, ამაში არანაირი საკითხი თურქეთის მხრიდან დაჟინებით მოთხოვნილი არ შეიძლება იყოს”.

ამ ინსტრუქციებმა ვერ მიაღწიეს ბულგაკოვამდე, როდესაც თურქები 30 ოქტომბერს, 6.000 ადამიანის რიცხვით შემოიჭრნენ გურიაში. მოვიდნენ რა ოზუგეთამდე, მათ გაძარცვეს და გადაწვეს შვიდი სოფელი, გაფანტეს მცხოვრებნი, მაგრამ ტყვედ წაყვანა ვერავისი ვერ შეძლეს, ვინაიდან გურულები, შეიტყვეს რა მოწინააღმდეგის მოახლოების შესახებ, წინასწარ დაიმალნენ უსაფრთხო ადგილებში (Письмо царя Давида католикосу Максиму въ декабре безъ числа. Госуд. Арх., XV, № 210). დავით მეფე, შეკრიბა რა 4.000-მდე იმერელი, მათი თანხლებით გამოვიდა ქუთაისიდან და 3 ნოემბერს მოვიდა სოფელ საჯავახოში, რომელშიც გაჩერდა კიდეც რამდენიმე დღით, რათა დალოდებოდა მასთან ახალი ჯარების მოსვლას. მან შიკრიკი გამოუგზავნა გენერალ-პორუჩიკ პოტიომკინს, სთხოვდა რა დახმარებასა და თან არწმუნებდა მას, რომ მისი დროშის ქვეშ შეკრებილი მთელი იმერლები იწვიან მტერთან შებმის სურვილით (Письмо Давида генералу Потёмкину 3-го ноября. Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 48. Рапортъ Бурнашёва ему же, отъ 8-го ноября. Тамъ же, карт. 47).

უკანასკნელ გადასასვლელზე, ნავარაუდევი ომის წინა დღეს, დავითთან მოვიდა შიკრიკი წერილით გენერალ პოტიომკინისგან. მეფემ ისარგებლა ამით და სთხოვა წარმოგზავნილს მოევლო ჯარები, ამასთან დავითთან დაახლოებულებმა გაავრცელეს ხმა, ვითომ რამდენიმე რუსული პოლკი გამოგზავნილია კავკასიის ხაზიდან იმერელთა დახმარებისთვის, და რომ შიკრიკმა გადმოუსწრო მათ მხოლოდ იმ მიზნით, რათა ეჩქარა ამ ცნობის მოტანა იმერული ჯარების ბანაკში. როგორი შეუსაბამოც არ უნდა ყოფილიყო ეს ხმები, მაინც მათ იმდენად გაამხნევეს ქრისტიანული ლაშქარი, რომ შემდგომში დავითს სინანულად დარჩა, რომ არ მოუწია თურქებთან შებრძოლება (Рапортъ П. С. Потёмкина князю Потёмеину 22-го января 1785 года, № 6. Письмо Давида Потёмкину безъ числа. Госуд. Арх., XXIII, № 13, пап. 49 и 50).

ზურგიდან მოუარა რა მოწინააღმდეგეს და დაიკავა მისი უკან დასახევი ყველა გზა, დავით მეფეს განზრახული ჰქონდა 12 ნოემბრის გათენების ღამეს შეეტია თურქებისთვის, მაგრამ “ჩემდა შეურაცხყოფად, სწერდა იგი (Въ декабре католикосу Максиму. Госуд. Арх., XV, № 210), არ ვიცი ვინ ჩვენი საზოგადოებიდან გააფრთხილა ჩემი მტრები”. განიცდიდნენ რა სურსათის უკიდურეს უკმარისობას, თურქებმა როგორც კი მოისმინეს რუსული ჯარების მოჩვენებითი მოახლოების შესახებ და შეიტყვეს, რომ უკანდახევის გზა მათ მოჭრილი აქვთ, და რომ იმერლებს განზრახული აქვთ მათ შეუტიონ, აღარ დალოდებიან თავდასხმას. გაიფანტნენ რა სხვადასხვა მხარეს, მათ მცირე პარტიებით გააღწიეს ფოთში, დაუტოვეს რა ნადავლად იმერლებს მთელი თავიანთი ბანაკი, აღალი, მძიმე ტვირთები, ამუნიცია, 1.400 თოფი და ბარგით დატვირთული ცხენებიც კი (Рапортъ П. С. Потёмкина князю Потёмкину 22-го января 1785 года, № 6). თურქების წინამძღოლი და თავისი სამშობლოს უბედურებაში დამნაშავე, თავადი ქაიხოსრო აბაშიძე, გაიქცა ტრაპიზონში, საიდანაც მეტად აღარ დაბრუნებულა.

დავითი ზეიმობდა. “თქვენო აღმატებულებავ, წერდა იგი პოტიომკინს, გვიდასტურებთ ჩვენ ურყევი ერთიანობის შესახებ; მე მაქვს პატივი შეგატყობინოთ, რომ ერთსულოვნება ახლა იმდენად მყარია, რომ თითქოსდა ყველას გული შეადგენდა ერთს. ყველანი ერთსულოვნად მზად არიან თავის დასაცავად; ყველანი ერთხმად ევედრებიან უფალს უავგუსტესი ჩვენი ხელმწიფასთვის”.

თურქების წასვლის შემდეგ იმერეთმა უფრო თავისუფლად ამოისუნთქა გარეშე მტრებისგან, მაგრამ თავი ვერ დააღწია შინაგან უწესრიგობებს. დავით მეფეს ხალხის სამართავად არ გააჩნდა ის ნიჭი და უნარი, როგორიც ჰქონდა განსვენებულ მეფე სოლომონს, არ შეეძლო საკუთარი თავის დაყენება თავის ქვეშევრდომებთან მიმართებაში და ამიტომ მუდმივად მტრობა ჰქონდა დიდგვაროვნებთან. იმერლების მიერ ყველაზე უფრო პატივცემულმა თავადებმა წერეთლებმა, წულუკიძეებმა და სხვა პირებმა, ვერ საგებლობდნენ რა მეფის ნდობით, უარი თქვეს ჩინებზე და წავიდნენ თავიანთ მამულებში, რის გამოც არ ღებულობდნენ არანაირ მონაწილეობას ქვეყნის მართვაში. უბრალო ხალხი თვითნებობდა, არ უსმენდა არც მეფეს, არც მის მიერ დაყენებულ მმართველებს, რომლებიც უმეტეს წილად არჩეული იყვნენ იმ პირთაგან, ვინც არ იმსახურებდა პატივისცემას. სამეფოს მთელ საქმეებს განაგებდა საქართველოდან გაქცეული თავადი ელიზბარ ერისთავი, რომელსაც ცოლად ჰყავდა გარდაცვლილი მეფის სოლომონის ქალიშვილი, მაგრამ ნაკლები ნიჭი და უნარი გააჩნდა სახელმწიფო საქმეების გასაძღოლად. დავით მეფე თავისი გაუნათლებლობის, საქმეებში გამოუცდელობისა და, ბოლოს, ხასიათის სისუსტის გამო მხოლოდ კიდევ უფრო ხლართავდა და რევდა საქმეებს და ჩვეულებრივად მიჰყვებოდა მის გარემომცველ პირთაგან რომელიმეს პირველივე რჩევას, ხოლო ეს პირნი კი შეკრებილი იყვნენ ღარიბი და მოუსვენარი ადამიანებისგან. სარგებლობდნენ რა მეფის სუსტი ხასიათით, მასთან დაახლოებული პირები ქურდავდნენ დავითს, რომელიც უკიდურეს სიღარიბეს განიცდიდა და ხშირად პურიც კი არ ჰქონდა. მეფე იძულებული იყო, 1785 წლის დასაწყისში, საკუთარი თავის გამოსაკვებად ხალხისთვის დაეკისრებინა ახალი გადასახადები, მაგრამ იმერლებმა უარი თქვეს მათ გადახდაზე და, სახალხო კრების შემდეგ, დაადგინეს ეძლიათ მეფისთვის თითოეული კომლიდან თითო თუმანი, 60 კაპიკი ცხვრის სანაცვლოდ, 6-6 ფუთი ღომი და 15-15 ვედრო ღვინო, ხოლო შემდეგ კი ამაზე ზევით აღარაფერი არ მიეცათ.

შეურიგდა რა სამეგრელოს დადიანს, დავით მეფე თვლიდა მას თავის ყველაზე უფრო ახლო მეგობრად და იმდენად ჩავარდა მისი გავლენის ქვეშ, რომ დადიანის რჩევის გარეშე ვერ ბედავდა ვერანაირი რამდენადმე მაინც მნიშვნელოვანი ზომის მიღებას ვერც საგარეო და ვერც საშინაო საქმეებში* (*მალევე თავისი ლაშქრობიდან ქუთაისში დაბრუნების შემდეგ, დავითმა ჰპოვა იქ ახალციხელი სულეიმან-ფაშას მიერ გამოგზავნილი შიკრიკი წერილით. მანამდე, სანამ უპასუხებდა ფაშას წერილზე, დავითი რჩევისთვის გაემგზავრა დადიანთან, ჰქონდა მასთან პაემანი მდინარე ცხენის-წყალზე და მხოლოდ დაბრუნების შემდეგ უკანვე გაგზავნა შიკრიკი თავისი პასუხით). მან დადიანს მმართველობაში გადასცა 700-მდე კომლი, რომელთაგან შემოსავლებიც მასვე დაუთმო სარგებელში, მაგრამ დადიანი, მადლიერების ნიშნად, ცდილობდა გაძლიერებულიყო მეფის ხარჯზე და მუდმივ უთანხმოებებს უჭერდა მხარს იმერეთში (Рапортъ Бурнашёва генералу Потёмкину 19-го августа 1785 года, № 34).

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment