Wednesday, December 19, 2012

აკადემიკოსი ნიკოლოზ დუბროვინი საქართველოს მდგომარეობის შესახებ 1784-85 წლებში

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს აკადემიკოს ნიკოლოზ დუბროვინის წიგნის «Исторiя войны и владычества русских на Кавказе», т. II, 1886, С-Петербургъ, მეხუთე თავის თარგმანს)

თავი V

საქართველოს მდგომარეობა მეზობლებთან მიმართებაში. – ქვეყნის შინაგანი მდგომარეობა (состоянiе). – ერეკლეს განზრახვა თავის ნებას დაუქვემდებაროს განჯის ხანი. – ლეკების შემოჭრა და მათი მოგერიება რუსული ჯარების მიერ. – პორტას ინტრიგები და მათი შედეგები.

საქართველოში შემოყვანილ მხოლოდ ეგერთა ორ ბატალიონს არ შეეძლო ქვეყნის დაცვა გარეშე მტრებისგან, რომლებიც ყოველი მხრიდან გარს ერტყმოდნენ მას და არ შეეძლო დიდი გავლენის მოხდენაც შინაგან წესრიგსა თუ უწესრიგობაზე, რომელიც მაშინ იყო საქართველოში. მაჰმადიანური რჯულის ქვეშევრდომები ცუდად, ან სულაც არ ემორჩილებოდნენ მეფეს, ხოლო ქართლის თათრები კი მზად იყვნენ გასაქცევად. ადერბაიჯანში, ხოელი ხანის გაძლიერების შემდეგ, ერეკლემ დაკარგა თავისი უწინდელი გავლენა და ის საჩუქრებიც, რომლებსაც უწინ ღებულობდა; ერევნის ხანი აღარ იხდიდა ხარკს და, ჰქონდა რა მხარდაჭერა ხოის ხანისა და ახალციხის ფაშისგან, არ აღიარებდა საკუთარ თავზე საქართველოს მეფის ძალაუფლებას. ერეკლეს ძველმა მოკავშირემ, შუშელმა (ყარაბაღელმა) იბრაჰიმ ხანმა, ასევე თავის არიდება დაიწყო კავშირისგან, ხოლო საქართველოს მეზობელი ლეკები კი ძარცვავდნენ და აჩანაგებდნენ ქვეყანას, მიერეკებოდნენ საქონელს და ტყვედ მიჰყავდათ მცხოვრებნი. ქვეყნის დაცვა იმყოფებოდა დაქირავებულთა ხელში, რომლებიც ცუდად ზრუნავდნენ საქართველოს სარგებლობისთვის. თავისი ჯარების რიცხვის გაზრდას ერეკლე შესაძლებლად ვერ მიიჩნევდა, და გენერალ პოტიომკინის წინადადებაზე, გადაეხადა თავისი ჯარებისთვის ხელფასი და ეძლია სურსათი ხაზინიდან, მეფე პასუხობდა, რომ ეს ჩვეულებად არ არის მათ მიწაზე (მამულში). “თუკი ამ ანაზღაურებას, წერდა ერეკლე (Въ письме П. С. Потёмкину 29-го декабря 1784 года. Госуд. Арх., XXIII, № 135, карт. 49), მივცემთ ჩვენს ხალხს, მაშინ შეუძლებელი იქნება ჩვენი ჯარების გამრავლება სხვა ხალხებით, და ამიტომ ვინახავთ ჩვენს ჯარებს ანაზღაურების გარეშე, და ამ ფულებით კი მათ რიცხვს ვამრავლებთ სხვა ხალხებით”.

თავისი უძლურების მიუხედავად, ერეკლე ცდილობდა მის მიერ დაკარგული გავლენის აღდგენას ადერბაიჯანში და თავისი ძალაუფლების განმტკიცებას ერევანსა და განჯაში. შეკრიბა რა თავისი ჯარები, მან ისინი გაგზავნა განჯისკენ იქ გუბერნატორად ნამყოფი თავად ანდრონიკაშვილისა და შამშადილელი ალი-სულთანის უფროსობით. განჯელები ქალაქის გარშემო გაშენებულ ბაღებში დახვდნენ ქართველებს, მაგრამ ხანმოკლე ორმხრივი სროლის შემდეგ იძულებული შეიქნენ ციხესიმაგრეში ჩაკეტილიყვნენ. ამ უმნიშვნელო წარმატებამ იმედი მისცა ერეკლეს, რომ განჯელები დაემორჩილებიან რუსული ჯარების დახმარების გარეშეც, თუკი მხოლოდ დარუბანდელი ფათჰ-ალი-ხანი ხელს არ შეუშლიდა შუშელ იბრაჰიმ-ხანს თავისი ჯარების გამოგზავნაში ქართველთა დასახმარებლად. ეშინოდა რა იმისა, რომ დარუბანდისა და შუშის ხანებს შორის წარმოქმნილ მტრობას ხელი არ შეეშალა იბრაჰიმისთვის განჯის დასამორჩილებლად დახმარების აღმოჩენაში, ერეკლე სთხოვდა ფათჰ-ალის ხელი აეღო თავის მტრულ მოქმედებებზე ყარაბაღის წინააღმდეგ. მეფის მიერ გაგზავნილი მირზა მისაილი დარუბანდელ ხანს შეხვდა ყარაბაღისკენ მიმავალი გზის შუაში, სალიანად წოდებულ ადგილას, სადაც იგი იძულებული შეიქნა გაჩერებულიყო თავის ჯართან ერთად სურსათის მარაგების უკმარისობის გამო. მირზა მისაილის მოსვლასთან თითქმის ერთდროულად მოვიდა ფათჰ-ალი-ხანთან ახალციხის ფაშის მიერ წარმოგზავნილიც, მისი ხაზინადარი სამი ათასი თუმნით, სიასამურის ქურქითა და ბრილიანტებით შემკული საათით. ფაშის წარმოგზავნილი არწმუნებდა დარუბანდელ ხანს აუცილებელ დახმარებაში თურქული სამეფო კარის მხრიდან და გადასცა მას წერილი, რომლითაც მოუწოდებდა მას მოქმედებებისკენ რუსეთის წინააღმდეგ.

“ქართლზე მოსულ წყალობასა და გამდიდრებას რუსეთის სამეფო კარის მხრიდან, აქვს ის მიდრეკილება, რათა დაეუფლონ მთელ ირანს. წინასწარ გატყობინებთ თქვენ ამის შესახებ; იყავით მზად საომარი მოქმედებების დაწყებისთვის ამ ზაფხულს, ხოლო მე კი პასუხს გაგცემთ ხაზინით. თქვენ მაგ ადგილებიდან დაიწყებთ თქვენს საქმეს, ხოლო ჩვენ კი აქედან დავესხმით თავს საქართველოს. გირჩევთ შეაერთოთ მთელი თქვენი ძალები; წინააღმდეგ შემთხვევაში ინანებთ და მალეც, როცა დასუსტდებიან მთელი თქვენი წევრები (ასოები)”.

ფათჰ-ალი-ხანს თუმცა კი არ სჯეროდა მთელი ამ დაპირებებისა, მაგრამ სურდა ამოეღო შესაძლო სარგებელი ამ გამოგზავნისგან. მან გამოუგზავნა გენერალ პორიომკინს თავისი მოხელე სადიკ-მირზა შეტყობინებით, რომ მასთან მოვიდა თურქი ფაშის მიერ გამოგზავნილი კაცი საჩუქრებით, რომლებიც მას არა თუ არ მიუღია, არამედ წერილებიც კი არ წაუკითხავს, რომ ის კაცი შემდეგ გაემართა ყარაბაღისკენ იბრაჰიმ-ხანთან, რომელმაც განსაკუთრებული პატივით მიიღო იგი, ზარბაზნების სროლით და ყველას თანდასწრებითაც ჩაიცვა მისთვის საჩუქრად გამოგზავნილი ხალათი.

“თქვენ ყოველთვის ინებებთ ხოლმე რომ მე მომწეროთ, ეუბნებოდა ფათჰ-ალი-ხანი თავის წერილში პ. ს. პოტიომკინს (Отъ 10-го января 1785 года. Госуд. Архивъ, XXIII, № 13, карт. 49), რომ იბრაჰიმ-ხანი შედგება მისი უდიდებულესობის მფარველობის ქვეშ, და რათა მას არ ვავიწროვებდე, მაგრამ გარწმუნებთ, რომ იგი უგზავნის თურქეთის სულთანს შიკრიკებს საიდუმლო მიმოწერებით და ამისთვის ღებულობს იქიდან საჩუქრებს და ერევა უჯერო საქმეებში, ხოლო მე კი დღემდე შემდგარი ვარ მისი უდიდებულესობის ერთგულებაში”.

იმედოვნებდა რა მოწონების მიღებაზე რუსეთისადმი მოჩვენებითი ერთგულების გამო, ფათჰ-ალი-ხანმა ამის ნაცვლად გენერალ პოტიომკინისგან მიიღო სინანულის გამოხატულება იმაზე, რომ გაუშვა წარმოგზავნილი, და არ დააკავა იგი თავის სამფლობელოებში, როგორც ეგებოდა რომ მოქცეულიყო რუსეთისადმი ერთგულ ადამიანს (Рапортъ П. С. Потёмкина князю Потёмкину отъ 22-го января, № 7). თავის ანგარიშებში შემცდარი დარუბანდის ხანი ხედავდა, რომ მისი ინტრიგა შუშელი იბრაჰიმ-ხანის წინააღმდეგ ვერ გამოვიდა. მას შეგნებული ჰქონდა, რომ მისი საომარი ღონისძიებანი იბრაჰიმის წინააღმდეგ ვერ შეიძლება იყოს წარმატებული, რადგანაც მისი ჯარების უმეტესმა ნაწილმა, არ ჰქონდათ რა გამოსაკვები საშუალებანი, სახლებში დაიწყო წასვლა, ხოლო ამასობაში კი, ყარაბაღის მცხოვრებნი, დატოვეს რა სოფლები მთელი თავინთი ქონებით, საქონლითა და სახლეულით, გაეშურნენ მთებში და, ჩასხდნენ რა გამაგრებულ ადგილებში, მზად იყვნენ მოწინააღმდეგის დასახვედრად. გაძნელებული მდგომარეობა, რომელშიც აღმოჩნდა ფათჰ-ალი-ხანი, იყო მიზეზი იმისა, რომ იგი განსაკუთრებული ყურადღებითა და პატივისცემით შეხვდა ერეკლე მეფის წარმოგზავნილს. იგი არწმუნებდა მირზა მისაილს, რომ სურს ერეკლე მეფესთან მეგობრობისა და კეთილი თანხმობის შენარჩუნება და, არ გააჩნია რა არანაირი მტრული განზრახვები საქართველოს წინააღმდეგ, არ შეუძლია, მაინც, იბრაჰიმ-ხანთან შერიგება. დარუბანდის ხანი სთავაზობდა გაეყოთ ყარაბაღი ორ ნაწილად, – ერთი წაეღო თავისთვის, ხოლო მეორე კი დაეთმო ერეკლესთვის, მაგრამ იმ პირობით, რომ ამ გაყოფაში რუსებს არ ჰქონოდათ არანაირი მონაწილეობა.

– ჩვენ გვჭირდება, ეუბნებოდა დარუბანდის ხანი მირზა მისაილს, განვამტკიცოთ კავშირი ერეკლე მეფესთან ფიცით, ამანათებით ან პაემნით. მე არ მოვითხოვ მისი უმაღლესობისგან ჯარების დიდ რიცხვს, არამედ მხოლოდ ხუთას ადამიანს ყარაბაღის დასაპყრობად. როდესაც მე ავიღებ და დავარბევ შუშას, მცხოვრებლებს დაბლობში ჩამოვასახლებ. საქართველოს კუთვნილ თათართა ურდოს დავაბრუნებ, ხოლო დანარჩენებს კი გავიყოფთ ურთიერთ შორის, ან კიდევ ასე: სომხები ერგებიან მის უმაღლესობას, მაჰმადიანები კი – მე. თუკი მეფისთვის ეს მისაღები იქნება, იბრაჰიმ-ხანის ძმას ყარაბაღის უფროსად გავხდით: დაე იგი ჩვენ ორივეს გვემსახუროს. თუკი ჩემი წინადადებები აღსრულდება, მე არ მინდა მქონდეს არანაირი მონაწილეობა განჯის საქმეებში და მაშინ მთელი ოლქი გადავა მეფესთან.

– მისი უმაღლესობა, პასუხობდა ამაზე მისაილი, იმყოფება რუსეთის იმპერატრიცის მფარველობაში და ამიტომ რუსი უფროსის რჩევის გარეშე არანაირი საქმის დაჭერას არ ინებებს.

ეს პასუხი არ მოეწონა ფათჰ-ალი-ხანს, რომელსაც სურდა ერეკლეს ჩამოშორება კავშირისგან იბრაჰიმ-ხანთან.

– დაგვირგვინებულ იქნა თქვენი მეფე? ჰკითხა ფათჰ-ალი-ხანმა, თითქოსდა სურდა შეეცვალა საუბრის თემა.

– გვირგვინი ჩვენთა მეფეთა საგვარეულოში სიახლე არ არის, პასუხობდა მისაილი; – ისინი უძველესი დროიდან ყოველთვის დაგვირგვინებულნი ყოფილან. შეჩერება ამაში მოხდა იმისგან, რომ უგანათლებულეს თავადს (პოტიომკინს) განზრახული აქვს ჩამოვიდეს მოზდოკში, ხოლო იქიდან კი ქართლში, რათა თავად დაადგას თავზე გვირგვინი მეფეს.

– მეფემ ამის წინაც შემოიყვანა რუსები თავის სამშობლოში, შენიშნა ფათჰ-ალი-ხანმა, – მაგრამ არანაირი სარგებელი მათგან არ უნახავს... რაღას ელოდებით თქვენ მათგან ახლა?

– ასეთი სიტყვები ეპატიება რომ თქვას ვინმე სხვამ, და არა თქვენ, როდესაც თქვენ არსებობთ ერთადერთი რუსეთის მხარდაჭერით.

– მე არა მაქვს განზრახული, პასუხობდა მათჰ-ალი-ხანი, – ვიქონიო რაიმენაირი საქმე რუსებთან და ვაქციო ისინი თანამონაწილეებად ჩემს საქმეებში. თუკი მისი უმაღლესობა ინახავს რუსეთის გარკვეულ ჯარებს თავისი დაცვისთვის (для своей стражи), დაე მან იკითხოს კიდეც მათი რჩევები, ხოლო მე კი ძალით შევეცდები ყარაბაღის დაუფლებას.

რამდენიმე დღის შემდეგ ფათჰ-ალი-ხანი ნამდვილად მიადგა ყარაბაღს. იბრაჰიმი გამოვიდა მოწინააღმდეგის დასახვედრად და განლაგდა რა ოთხ მილში მისგან, ერთ-ერთ თავის ციხესიმაგრეში, დახმარება სთხოვა ერეკლეს (Письмо мирзы Мисаила князю Гарсевану Чавчавадзе 7-го марта 1785 года. Госуд. Архивъ, XV, № 197). არ ჰყავდა რა თავის განკარგულებაში თავისუფალი ჯარები, საქართველოს მეფე იძულებული იყო გაეგზავნა ბრძანება ალი-სულთანისა და თავად ანდრონიკაშვილისთვის, რათა მათ მოეხსნათ განჯის ალყა და წასულიყვნენ იბრაჰიმ-ხანთან შესაერთებლად.

განჯელები ზეიმობდნენ, მით უმეტეს, რომ მიიღეს დარწმუნება ფათჰ-ალი-ხანის მხრიდან, რომ იგი გამოიყენებს მთელ თავის ძალებს დატყვევებული ხანის განთავისუფლებისა და მისთვის სამფლობელოს დაბრუნებისთვის. რათა უფრო სწრაფად მიეღწიათ სასურველისთვის და მხარში ამოსდგომოდნენ ფათჰ-ალი-ხანს, განჯელებმა დაიწყეს ერეკლეს ქვეშევრდომი შამშადილელი და შამქორელი თათრების თავიანთ მხარეზე გადახრა, რომლებსაც, ხედავდნენ რა განჯელთა დროებით წარმატებას, განზრახული ჰქონდათ ასევე გასულიყვნენ მეფის ძალაუფლებიდან. ერეკლემ მაშინ მიმართა რუსული ჯარების დახმარებას. იგი სთხოვდა პოლკოვნიკ ბურნაშოვს მხარი დაეჭირა მისთვის ექსპედიციაში განჯის წინააღმდეგ. ბურნაშოვმა უბრძანა სამთო ბატალიონის სამ ასეულს წასულიყვნენ სოფელ მუღანლუში; ბელორუსიის პოლკის (თუ ბატალიონის? – ი. ხ.) ერთ ასეულს სურამიდან და სამ ასეულს ქიზიყიდან ჩამოსულიყვნენ ტფილისში იმისთვის, რათა იქიდან გამოსულიყვნენ ქართულ ჯარებთან ერთად. ჩვენი ორივე რაზმის საერთო შეერთება დანიშნული იყო მდინარე ალგეთზე. საქართველოში დარჩა სამთო ეგერთა ბატალიონის მხოლოდ სამი ასეული, რომლებიც განლაგებულნი იყვნენ სურამში და აუცილებელნი გახლდნენ ქვეყნის დასაცავად ლეკებისგან, რომლებიც ახდენდნენ თარეშებს ახალციხის მხრიდან (Рапортъ Бурнашёва Потёмкину 22-го февраля № 7. Госуд. Архивъ XXIII, № 13, папка 49).

არ მიუტოვებია რა თავისი მტრული მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ, სულეიმან-ფაშა ინახავდა ლეკებს თავისი ჯამაგირით და, აძლევდა რა მათ თავშესაფარს ახალციხის საფაშოში, გზავნიდა მათ დრო და დრო საქართველოში. პოტიომკინის მოთხოვნაზე, რათა ფაშას არ გაეჩერებინა თავისთან ლეკები, სულეიმანი პასუხობდა, რომ მას არ გააჩნია შესაძლებლობა აუკრძალოს მათ ჩამოსვლა თავის სამფლობელოში და მთელ ბრალს აკისრებდა ერეკლესა და მის ქვეშევრდომებს.

“რისთვის ატარებენ ქართველები მათ, წერდა იგი (Въ письме П. С. Потёмкину 12-го марта 1785 года. Госуд. Архивъ , № 192), თავიანთი სამშობლოს გამოვლით და არ აუკრძალავენ მათ ქართლსა და კახეთში შემოსვლას, რომელთა გამოვლითაც ისინი შემოდიან კიდეც ჩემთან. როგორი სახით უნდა ავუკრძალო მე მათ შემოსვლა? მით უმეტეს, რომ ლეკები ჩვენთან ერთი რჯულისანი არიან, რომლის მიხედვითაც ურთიერთ მტრობა და ლანძღვა გვეკრძალება. თქვენთვის ასევე უცნობი არ არის ისიც, რომ დაღესტანი თავისი მდებარეობით შეადგენს საქართველოს უახლოეს სამეზობლოს და ჩემგან კი უფრო დაშორებულია; რომ უძველესი დროიდან როგორც ირანი, ისე ახალციხე და ქართლი უძლურნი იყვნენ ამ ხალხისთვის აეკრძალათ თავიანთ სამშობლოში შემოსვლა. საკმარისად ჩანს აქედან, რომ მე არ ვარ მიზეზი, და მე უძლური ვარ იმაშიც, რომ ორ დიდ ხელმწიფეს შორის დავარღვიო ამჟამად არსებული მშვიდობა”.

სულეიმანი წერდა, რომ ის კი არ არღვევს მშვიდობას, არამედ ერეკლე, რომელიც იჭრება რა თურქულ სამფლობელოებში, გაჰყავს მცხოვრებნი ქართლში, და რომ ასეთნაირად გადაასახლა მან თავისთან რამდენიმე ასეული გლეხი.

ფაშა თვლიდა, რომ უფლება ჰქონდა მოქცეულიყო ზუსტად ასევე და ამიტომ შეკრიბა თავის სამფლობელოებში საკმარისად მნიშვნელოვანი ბრბო (ოთხი ათასამდე) ლეკების და ახალციხელი თურქებისა, რომლებიც, როგორც “დანამდვილებითაა ცნობილი, წერდა თავადი პოტიომკინ-ტავრიდელი (Въ ордере П. С. Потёмкину 22-го мая № 146. Гсуд. Арх. XXIII, № 13, папка 49), მოწოდებულნი იყვნენ ამ ლაშქრობაში საჯარო მოძახურების მიერ (публичными кликунами).

1785 წლის აპრილში ეს კრებული (сборище) შემოიჭრა ქართლში, დაარბია სამი სოფელი და ტყვედ წაიყვანა 600 მცხოვრები. სურამში ყოფმა მაიორმა სენენბერგმა, საქართველოში მტაცებელთა მნიშვნელოვანი ბრბოს შემოჭრაზე ცნობების მიღების შედეგ, წაიყვანა 200 ეგერი ერთი ქვემეხით და იჩქარა მათი გამოდევნება. 16 აპრილს იგი დაეწია მათ ახალციხის გზაზე, შვიდ ვერსზე სურამიდან, მიიმწყვდია მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირთან და ოთხსაათიანი ბრძოლის შემდეგ სასტიკად დაამარცხა ისინი. მოწინააღმდეგის 1300 ადამიანზე მეტი დაიღუპა ამ ბრძოლაში; ბევრი მათგანი, რუსული ტყვიებისა და ხიშტებისგან თავის გადასარჩენად, ვარდებოდა მტკვარში და იღრჩობოდა, არ შესწევდა რა ძალები საპირისპირო ნაპირამდე მისაღწევად; გვამების სიმრავლე მოჰქონდა მტკვრის წყალს თვით ტფილისამდეც. ყველაზე უფრო მეტი დანაკარგი მოვიდა თურქების წილად, რომელთაგან 200 ადამიანი ტყვედ იქნა აყვანილი (Рапорты Бурнашёва Потёмкину 22-го и 24-го апреля, за №№ 1, 18, 19). გამარჯვება სრული იყო და მას ზეიმობდნენ საქართველოსა და იმერეთში. “ჩვენი ჯარების მამაცობის მაგალითები (опыты), წერდა პოტიომკინი ამ გამარჯვების საბაბით პოლკოვნიკ ბურნაშოვს (Въ ордере отъ 2-го iюля, № 30), და მუდამჟამს დამარცხება ლეკებისა, რომლებიც თავხედობენ წინ აღუდგნენ ჩვენს მამაც ჯარებს, იმის დამტკიცებად გამოადგებათ მეფესა და მთელ ქართველებს, თუ რამდენად დიდი კეთილდღეობაა მათთვის იყვნენ რუსეთის მხედრობის ფარის ქვეშ”.

მალევე ერეკლეს თავად უნდა გაეცნობიერებინა პოტიომკინის სიტყვების სამართლიანობა, რამდენადაც ლეკები და თურქები, სურდათ რა შური ეძიათ სენენბერგის მიერ მათთვის მიყენებული დამარცხების გამო, 27 მაისს კვლავ შემოიჭრნენ საქართველოში 1200 ლეკისა და 500 თურქის რიცხვით. გამოვიდნენ რა ღამით ახალცხიდან და დაუყვნენ მდინარე მტკვარს, მათ გააჩანაგეს რამდენიმე სოფელი. იმავე მაიორმა სენენბერგმა წაიყვანა 300 ეგერი, 125 ქართველი და სამი ქვემეხი და, გამოვიდა რა სურამიდან, წავიდა მტაცებელთა შესახვედრად. 28 მაისს ორივე მხარე შეხვდა ერთმანეთს. მოწინააღმდეგე სწრაფად თავს დაესხა ქართველებს, გადათელა ისინი (смялъ ихъ) და შემოუტია ეგერებს. ერთსაათიანი, მეტად შეუპოვარი ბრძოლის შემდეგ, მაიორმა სენენბერგმა, ქართველთა დაბნეულობის მიუხედავად, გაფანტა მოწინააღმდეგე, რომელმაც ბრძოლის ველზე დატოვა 300 მოკლული და 63 ტყვე (Государств. Архивъ, ХХ, № 263).

თუმცა კი თურქებმა და ლეკებმა განიცადეს ხელმეორე დამარცხება, მიუხედავად ამისა სულეიმან-ფაშას ქცევებმა აიძულეს ჩვენი მთავრობა მოეთხოვა პორტასგან სრული დაკმაყოფილება, რომლის მოლოდინშიც პოტიომკინს დაევალა სერასკირ ჰაჯი-ალი-ფაშასთან გაეგზავნა თავისი წარგზავნილი “საჩივრით და დაჟინებით მოეთხოვა, რათა სულემან-ფაშას ისე მოქცეოდნენ, როგორც სამშვიდობო დადგენილებათა დამრღვევს, და რათა აღკვეთილ ყოფილიყო ამიერიდან სამუდამოდ მსგავსი თავხედობა”.

“ოტომანის პორტას ქვეშევრდომთა შეერთებას ლეკებთან, წერდა იმპერატრიცა ჩვენს ელჩს კონსტანტინოპოლში იაკ. ი. ბულგაკოვს (Въ рескрипте отъ 23-го мая 1785 г., № 363. Арх. Кабинета Его Величества, св. 441), მივათვლით მხოლოდ სულეიმან-ფაშის ანგარიშზე, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა უკვე თავისი არაკეთილმოსურნეობა კეთილმეზობლური თანხმობის შენარჩუნებისადმი, და მცირეოდენი ეჭვიც არა გვაქვს, რომ აქ პორტას ჰქონდეს, ჩვენთან მშიდობის საწინააღმდეგოდ, რაიმე მიზნები”. ეკატერინე II-მ დაავალა ბულგაკოვს განეცხადებინა თურქეთის მთავრობისთვის, რომ იგი მოითხოვს ყველაზე უფრო ძლიერ დაკმაყოფილებას (требуетъ «наиусильнейшаго» удовлетворенiя) და “ჩვენი კეთილი აზრის განმტკიცებისთვის პორტას სამშვიდობო განზრახვების შესახებ, უდანაშაულო სისხლის დაღვრის თავიდან აცილებისა და უთანხმოებათა და თავად ურთიერთობების გაწყვეტის თავიდან აცილებისთვისაც კი – აუცილებელი იყო დაესაჯათ აღნიშნული ფაშა და სხვებიც, რომლებიც ჩვენი ვასალის ერეკლე მეფის მიწებზე ლეკებთან ერთად ოტომანის ქვეშევრდომთა გამოგზავნაში მონაწილეობდნენ”.

კონსტანტინოპოლში ჩვენი წარგზავნილის წარდგენები ყოველგვარი აღსრულების გარეშე რჩებოდა. თურქეთის მთავრობა გულგრილად ვერ უყურებდა ჩვენი ჯარების ყოფნას საქართველოში და საიდუმლოდ არა მხოლოდ იწონებდა ახალციხის ფაშის საქციელს, არამედ ცდილობდა კიდეც საქართველოს წინააღმდეგ მეზობელი მფლობელების აღშფოთებას და არ ზოგავდა ამისთვის არც ფულსა და არც საჩუქრებს. პორტა ცდილობდა საქართველოს დარბევას იმდენად, რომ მას არ შეძლებოდა რუსული ჯარების სურსათით უზრუნველყოფა, და დააშინებდა რა მეზობელ მფლობელებს მუდმივი შემოჭრებით საქართველოში, ჩამოეშორებინა ისინი რუსეთის მფარველობის ძიებისგან (Всеподдан. донесенiе кн. Потёмкина. Московс. Арх. Глав. Штаба. «Журналъ кн. Потёмкина подаваемымъ ея императорскому величеству запискамъ»). მთელს ამიერკავკასიაში, მოგზაურებისა და ვაჭრების სახელით, დადიოდნენ თურქული მთავრობის მიერ გამოგზავნილი პირები, ცდილობდნენ რა მთელი მაჰმადიანური მოსახლეობის დარწმუნებას იმაში, რომ რუსეთი დაპირდა ერეკლეს მთელი სპარსეთის დამორჩილებას. როგორი უადგილოც არ უნდა ყოფილიყო ეს ხმები, ისინი მაინც ახდენდნენ ზემოქმედებას და განსაკუთრებით, როცა 1785 წლის ზაფხულში ამიერკავკასიაში გამოჩნდა ყაფუჯი-ბაში, რომელსაც დაჰქონდა სულთანის ფირმანები, რომლებიც მოუწოდებდნენ მართლმორწმუნეებს რუსების ჩანაფიქრებისთვის წინააღმდეგობის გაწევისკენ.

მართლმორწმუნენი სათანადო პატივით ღებულობდნენ თავისთან წარმოგზავნილებს, სჯეროდათ პორტას უხვი დაპირებებისა რომ ხელს შეუწყობდა მათ ფულითა და ჯარებით და აჯანყდნენ საქართველოს წინააღმდეგ. ადერბაიჯანის მთელმა ხანებმა, ერევნელის გამოკლებით, შეკრეს კავშირი დაღესტნელებთან და ურთიერთ შორის იკისრეს ვალდებულება წინააღმდეგობა გაეწიათ რუსეთის დამპყრობლური გეგმებისთვის. ბევრი მათგანი მოვიდა საქართველოს საზღვარზე და მოითხოვდა, რათა ახალციხის ფაშა თავად მათთან ერთდროულად შემოჭრილიყო საქართველოში, ან მათთან გაეშვა მასთან მყოფი ლეკები (Моск. Арх. Глав. Штаба. «Журналъ кн. Потёмкина подаваемымъ ея императорскому величеству запискамъ»). აგვისტოში ერეკლე ყოველი მხრიდან ღებულობდა ცნობებს მის საზღვრებზე მრავალრიცხოვანი მტრების შეკრების შესახებ: ახალციხეში იკრიბებოდნენ ლეკები და თურქები, წაქეზებულნი და შემოკრებილნი სულეიმან-ფაშის მიერ; ავარელი ომარ-ხანი, რომელმაც შემოიერთა ჭარ-ბელაქნელები, ასევე ემზადებოდა საქართველოში შემოსაჭრელად; ერეკლე მეფის მაჰმადიანი ქვეშევრდომები ღელავდნენ, მოელაპარაკენ ლეკებს და შეჰპირდნენ, რომ მეფეს განუდგებოდნენ და მათ მიემხრობოდნენ. ყაზახებმა პირობაც კი მისცეს, რომ ლეკების გამოჩენისთანავე შეიპყრობდნენ თავიანთ შორის მცხოვრებ გიორგი ბატონიშვილს და ხელში ჩაუგდებდნენ მათ. დაღესტანში გაგზავნილ მზვერავებს ყოველ დღე სულ უფრო და უფრო მეტი მუქარის შემცველი ცნობები მოჰქონდათ და ურჩევდნენ ქართველებს წინასწარ მოეძებნათ თავიანთი ცოლებისა და შვილებისთვის თავშესაფრები და უსაფრთხო ადგილებში დაემალათ თავიანთი ქონება (Рапорты подполковника Квашнина-Самарина Бурнашёву 3-го и 17-го августа 1785 года).

ეშინოდა რა ყველაზე უფრო მეტად ომარ-ხანის შემოჭრისგან, რომლის ძალებიც 15.000 ადამიანამდე ადიოდა, ერეკლე თუმცა კი მოუწოდებდა თავის სამსახურში ინგუშებსა და ოსებს, ჰპირდებოდა რა მათ კარგ ჯამაგირს, მაგრამ თავისი მდგომარეობიდან გამოსავალს ვერ ხედავდა, და უკვე აღარ ფიქრობდა საზღვრების თავდაცვაზე, არამედ მოუწოდებდა მცხოვრებლებს შეგროვებულიყვნენ ოთხ მთავარ პუნქტში, რომელთა დაცვა ჰქონდა კიდეც განზრახული. ეს პუნქტები იყო ქალაქები: გორი, ტფილისი, თელავი და სიღნაღი. თუცა კი ეს ბრძანება შეუსრულებელი დარჩა. იმ დროს საქართველოში არ ყოფილა ერთიანობა და ბევრნი თავადთა და აზნაურთაგან, რომლებიც ამჯობინებდნენ საკუთარი ინტერესების მიყოლას, დარჩნენ თავიანთ პატარა ციხე-სასახლეებში (Рапортъ Бурнашёва 4-го октября, № 42). ქვეყნის მდგომარეობა კრიტიკული იყო: ქართველები სამშობლოს დასაცავად იკრიბებოდნენ ნელა, დუნედ და უხალისოდ, ასე რომ მიწინააღმდეგის მოგერიების წარმატებაზე დაიმედება ძნელი იყო.

“ვალდებულად ვრაცხ თავს წარმოგიდგინოთ, წერდა პოლკოვნიკი ბურნაშოვი (Рапортъ Бурнашёва Леонтьеву 17-го августа, № 38), რომ ჩემი ორი წლის გამოცდილების მიხედვით მე ნაკლები იმედი მაქვს ქართველებისა (что по испытанiю моему черезъ два года худую я имею надежду на грузинъ), რომლის მიზეზის ახსნის ადგილიც აქ არ არის. მე ცხენოსანი ჯარი სადაზვერვო ცხენოსანი რაზმებისთვისაც კი არა მყავს, მაგრამ რამოდენიმე რიცხვის მაინც ხომ უნდა მყავდეს იგი ამ შეთხვევისთვის; იმისთვისაც არის საჭირო, რათა სიკურსის გამოგზავნით გულგატეხილობისგან გავამხნეოთ სულით დაცემული აქაური მცხოვრებნი, ხოლო მოწინააღმდეგეთ კი ჩავუნერგოთ შიში ჩვენი ძალების გამრავლებით”.

ქართველები ნამდვილად დიდად იყვნენ შეშფოთებულნი (შეძრწუნებულნი, находились въ большомъ смятенiи), მით უმეტეს, რომ ლეკები ახალციხის მხიდან, არ დაელოდნენ რა ავარელ ომარ-ხანს, მცირე პარტიებით გაიფანტნენ მთელ საქართველოში და ძარცვავდნენ და აჩანაგებდნენ ქვეყანას. განსაკუთრებულმა სიცხეებმა დააშრო მთელი მდინარეები, ასე რომ მათზე გადასვლა არ წარმოადგენდა არანაირ სიძნელეს და თითქმის არ ყოფილა დღე, რომ ლეკებს არ გაეტაცათ სადმე საქონელი ან ადამიანები, ან არ დაეწვათ პური, რომელსაც ისინი აქამდე არასოდეს არ შეხებიან.

ერეკლე, არ ჰქონდა რა იმედი საკუთარი თავის დაცვისა, იმეორებდა თავის თხოვნას რუსული ჯარების საქართველოში გამოგზავნისა და 200 ფუთი დენთის სესხის სახით მოწოდების შესახებ. პოლკოვნიკმა ბურნაშოვმა ტფილისში თავი მოუყარა თავისი ბატალიონების რვა ასეულს, იმისთვის, რათა მათთან ერთად დაძრულიყო მოწინააღმდეგეზე, როცა კი შეიტყობდა ნამდვილ მიმართულებას, რომელსაც აირჩევდა იგი საქართველოში შემოჭრისას (Рапортъ Бурнашёва Потёмкину 19-го августа, № 33).

იმ ხანებში პოტიომკინს არ შეეძლო ერეკლესთვის არანაირი დახმარების აღმოჩენა, ვინაიდან კავკასიის ხაზზე განლაგებული მთელი ჯარები დაკავებულნი იყვნენ იმ მღელვარებათა დაწყნარებით, რომლებიც მოახდინა კავკასიონის ჩრდილოეთ კალთებზე ჩეჩნეთში გამოჩენილმა წინასწარმეტყველმა.

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment