Sunday, December 23, 2012

საქართველოს აქლემებს შორის გამოჭყლეტილი კოზაკის ბედს უმზადებენ

(გამოქვეყნებულ იქნა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთის “გაუხმაურებელი ფაქტების” 2001 წლის ნოემბრის ნომერში /6 ნოემბერი-3 დეკემბერი/)

საქართველოს ტერიტორიის “გეოპოლიტიკურობაზე” გაუთავებელმა ლაპარაკმა თავიც კი შეგვაწყინა. გავიგეთ, რომ მსოფლიოს რუკაზე მცირე, მაგრამ ფრიად ხელსაყრელი ადგილი გვიჭირავს, მაგრამ ახლა საკითხავი ის არის, სწორედ ამიტომ ხომ არ ემუქრება საქართველოს ზესახელმწიფოთა შეჯახების პოლიგონად ქცევა? გვესაუბრება საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის თანამშრომელი სამხედრო საკითხებში ბატონი ი რ ა კ ლ ი ხ ა რ თ ი შ ვ ი ლ ი.

– ამ პოლიგონის მზადება ცივი ომის დასრულებისთანავე დაიწყო. 90-იან წლებში ევროპას აღარ ემუქრებოდა დიდი ომის გაჩაღების საშიშროება. ამიტომ ნატო-ს წევრი სახელმწიფოების უმეტესობამ შეამცირა თავისი სამხედრო ხარჯები, თურქეთმა კი სამხედრო ხარჯები გააორმაგა არა თავდაცვითი, არამედ სხვა მიზნებით. თურგუთ ოზალმა თურქეთის პრემიერ-მინისტრობის დროს განაცხადა, რომ თურქული სახელმწიფო მას წარმოუდგენია ადრიატიკიდან ჩინეთის დიდ კედლამდე. ანუ ეს მოხელე თავისი სახელმწიფოს შემადგენლობაში მოიაზრებდა ყველა იმ ტერიტორიას, სადაც თურქეთს ისტორიულ-კულტურული, ეთნიკური ან რელიგიური ფესვები გააჩნია. ამ ქვეყნებს შორის კი საქართველოც იგულისხმება. განსაკუთრებით საგულისხმო ის არის, რომ დასავლეთმა ასეთი მადის მქონე თურქეთს შედარებით თანამედროვე შეიარაღება და სამხედრო ტექოლოგიები გადასცა.

– შესაძლოა, თურქეთისათვის საქართველო ანგარიშგასაწევ ძალას არც მაშინ წარმოადგენდა და არც – ახლა, მაგრამ ნუთუ თურქეთის უკან მდგომმა დასავლეთმა არ იცოდა, რომ ეს აუცილებლად გამოიწვევდა რუსეთის საპასუხო რეაქციას?

– ადვილი მისახვედრია: თუკი დასავლეთს მართლა სურდა დიდი ომის თავიდან აცილება, ის თურქეთის შეიარაღებას არ დაიწყებდა, მაგრამ დასავლეთმა მაინც გააკეთა ეს. საპასუხოდ, თურქეთისგან აღმოსავლეთით მდებარე რუსეთმა და ირანმა დაიწყეს სამხედრო თანამშრომლობა. მოგვიანებით მათ ჩინეთიც შეუერთდა და აღმოსავლური კოალიციაც ძლიერ გაერთიანებად იქცა. დასავლეთმა კი, საპასუხოდ, ამ კოალიციაში განხეთქილების შეტანაზე დაიწყო ზრუნვა. ჩემი აზრით, ბენ ლადენის საშუალებით ეს მოხერხდა კიდეც.

– ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ ამერიკის გამოზრდილი ტერორისტი ბენ ლადენი ჯერ კიდევ არ გასულა ამერიკის ცენტრალური დაზვერვის “ორბიტიდან”?

– დიახ, თავის დროზე ბენ ლადენი სწორედ ამერიკის ცენტრალური დაზვერვის კაცი იყო. მისი გაურჩება რუსეთში ელცინის პრეზიდენტობის ბოლო პერიოდს ემთხვევა. როცა ელცინი კლინტონს ჩინეთიდან თავისი ატომური შეიარაღებით დაემუქრა. ცხადია, ასეთი განცხადება ჩინეთის ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად არ გაკეთდებოდა. სწორედ ამის საპასუხოდ მოხდა ბენ ლადენის “გამოსვლა” ამერიკული დაქვემდებარებიდან, რაც იმაში გამოიხატა, რომ ისლამური ფასეულობების დაცვის ლოზუნგებით აღჭურვილმა და მდიდარმა ბენ ლადენმა თალიბებს მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება გაუწია, რომლის შედეგადაც თალიბებმა გააქტიურეს თავიანთი მოქმედებები ცენტრალურ აზიაში. ეს რეგიონი კი ერთგვარი “განხეთქილების ვაშლია” რუსეთ-ირან-ჩინეთისათვის, რადგან ამ რეგიონში ყველას თავისი ლუკმის “დათრევა” უნდა. მოკლედ, თავისი მოქმედებებით დასავლეთმა, როგორც ჩანს, დაანახა რუსეთს, რომ ჩინეთთან მის კავშირში მნიშვნელოვანი განხეთქილების შეტანა შეეძლო. ამიტომ დღესაც მგონია, რომ ბენ ლადენის მიმართ ამერიკის წყრომა მოჩვენებითია.

– თუ ასე ვიმსჯელებთ, მაშინ ეჭვის საფუძველს ისიც იძლევა, რომ ამერიკამ 11 სექტემბრის მოვლენებამდე არ იფიქრა გაეყინა ბენ ლადენის ფინანსური ანგარიშები. ასე არ არის?

– დიახ ასეა, და რადგან ამერიკისადმი ბენ ლადენის გაურჩებას აღმოსავლურ კოალიციაში შემავალი სახელმწიფოების ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ბზარების გაჩენის საშიშროება მოჰყვა, ანუ ბენ ლადენი მაშინაც კი, როცა ამერიკას “განუდგა”, მის ინტერესებს ემსახურებოდა და “ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს” დავალებას ასრულებდა.

– ბატონო ირაკლი, აღმოსავლურ კოალიციაში შემავალმა სახელმწიფოებმა – რუსეთმა და ჩინეთმა – ამერიკას მხარი დაუჭირეს და მისი სამხედრო მოქმედებები ავღანეთში გაამართლეს. ხომ არ გამოდის, რომ აღმოსავლურმა კოალიციამ დასავლურის უპირატესობა იგრძნო და შეშინდა, ან ხომ არ მოხდა ნაწინასწარმეტყველები მსოფლიო ომის თავიდან აცილება?

– აქ საქმე უფრო მარტივადაა: როცა მოწინააღმდეგეთაგან ერთერთი რაღაც ილეთს ამზადებს და მეორე მიუხვდება, მაშინ საჭირო ხდება ახალი ილეთის მომზადება, მიზანი კი ამით არ იცვლება. სწორედ ამიტომ, ომის საწყის ეტაპზე დაპირისპირებას “ტეროროზმის წინააღმდეგ ბრძოლა” დაერქვა და მასში ის ქვეყნებიც კი ჩაერთნენ, რომლებიც დასავლური კოალიციის სავარაუდო მოწინააღნდეგეებად მოიაზრებოდნენ. ამერიკა კი ისევ ბენ ლადენზე ალაპარაკდა. ჩემი აზრით, ცათამბჯენების დანგრევა და პენტაგონის შენობაზე დარტყმა ამერიკის ცენტრალური დაზვერვის მორიგი ოპერაცია იყო, რის შემდეგაც კონგრესის მხარდაჭერის გარდა, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ნატო-ელი პარტნიორების უპირობო თანხმობაც მოიპოვა. საწყის ეტაპზე რუსეთი და ჩინეთი “ანტიტერორისტული” ოპერაციის მომხრეებად გამოვიდნენ და, თითქოს, ირანსაც კი დაუპირისპირდნენ. მაგრამ, მკითხველს ვთხოვ, გულუბრყვილოდ ნუ მიენდობა ამ სახელმწიფოთა ლიდერების ოფიციალურ განცხადებებს, რადგან შესაძლოა, გულში მათ სულ სხვა რამე ედოთ.

– სხვათა შორის, ისიც საინტერესოა, თუ როგორ გამორჩა ამერიკულ საჰაერო თავდაცვას ბოსტონიდან აფრენილი თვითმფრინავის კურსიდან გადახვევა და მისი ცათამბჯენების მიმართულებით ასეთ დაბალ სიმაღლეზე ფრენა?

– გეთანხმებით, რომ ამ ეჭვსაც აქვს საფუძველი, რადგან ცნობილია, რომ დიდ ქალაქებს საჰაერო თავდაცვის რამდენიმე რკალი აქვთ. როცა თვითმფრინავებმა კურსიდან გადაუხვიეს, ისინი შეჯახებამდე 15-20 წუთის განმავლობაში მიფრინავდნენ ნიუ-იორკის მიმართულებით. ამ დროს დისპეჩერი აუცილებლად ეკითხება პილოტს, თუ რატომ გადაიხარა იგი კურსიდან.

– კი, მაგრამ, ხომ ფაქტია, რომ ტეროროსტების მიერ შეპყრობილი ეკიპაჟი დისპეჩერთან საუბარს ვერ გააბამდა?

– მართალია, მაგრამ ყოველ თვითფრინავს აქვს ამოცნობის მოწყობილობა, რომელიც დისპეჩერს საშუალებას აძლევს აკონტროლოს ექსტრემალური სიტუაციების წარმოქმნის საშიშროება. ასეთ შემთხვევებში ყოველგვარი ეჭვის დროს, თუნდაც თვითმფრინავის მგზავრების სიცოცხლის ხარჯზე, მაგრამ დიდი ქალაქის მოსახლეობის გადარჩენის მიზნით, უნდა ამოქმედდეს გამანადგურებელი ავიაცია. სხვათა შორის, მოგვიანებით ასეც მოხდა ატომური რეაქტორისკენ მიმავალი თვითმფრინავის ჩამოგდებისას. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, უფრო ლოგიკური იქნება ვიფიქროთ, რომ ამერიკულ ადმინისტრაციას აწყობდა მოვლენათა ასეთი განვითარება. როგორც შემდეგ ვიხილეთ: ტრაგედიის შედეგად გამწარებულმა ამერიკელმა ხალხმა და კონგრესმა პრეზიდენტს ომში ჩართვის ნებართვა და შეუზღუდავი უფლებები მისცეს. რაც მთავარია, ამ “ტერაქტის” შემდეგ ამერიკამ სავარუდო მოწინააღმდეგეების მხარდაჭერაც მოიპოვა იმიტომ, რომ “ტერორისტებზე” თავდასხმისას ამერიკისთვის უარის თქმა ნიშნავდა, რომ თვითონ უარის მთქმელი ქვეყანა აღმოჩნდებოდა ეჭვის ქვეშ, თუ ის არ დაასაბუთებდა, რატომ იქცეოდა ასე.

– ბატონო ირაკლი, მოდით ისიც ვაღიაროთ, რომ რუსეთმა კარგად ისარგებლა შექმნილი სიტუაციით და ამ ტალღაზე მშვენივრად გადააწყო გეგმები საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად. ასე არ არის?

– რუსეთს თავისი იმპერიული ამბიციების დასაკმაყოფილებლად შესანიშნავი საშუალება მიეცა. მან იცოდა, რომ მზადდებოდა დიდი ომი ამიერკავკასიაში და ამისათვის ემზადებოდა კიდეც. რუსი სამხედრო სპეციალისტები უკვე 90-იანი წლების დასაწყისიდანვე განსაზღვრავდნენ დასავლეთის მიერ კავკასიაში ომის გაჩაღების საშიშროებას. საბრძოლო დივიზიების გაშლასა და მოქმედებებს რუსული სარდლობა ამიერკავკასიის ტერიტორიაზე კარგა ხანია გეგმავდა. ამის შემდეგ მალევე ჩრდილო-კავკასიაში ვაჰაბიზმის დროშის ქვეშ მეორე ჩეჩნური ომი გაჩაღდა. როგორც ცნობილია, მებრძოლი ისლამის ეს მიმდინარეობა ფეხმოკიდებულია საუდის არაბეთსა და იორდანიაში, რომლებიც დასავლეთის მოკავშირეები არიან. იორდანიიდან ვაჰაბიზმისა და ვაჰაბიტი “ბოევიკების” რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლა ასევე შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ამ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში დესტაბილიზაციის შექმნისა და მსხვილმასშტაბიანი ომის გაჩაღების მცდელობა. უფრო ადრე აფხაზეთის კონფლიქტში ჩვენი დამარცხება და ცხინვალში ფაქტობრივად შესული ქართული ჯარების უკან გამოყვანა სწორედ ამ დიდი ომის მზადების ჭრილში უნდა განვიხილოთ. მოკლედ, რუსეთიცა და დასავლეთიც თავიდანვე ცდილობდნენ ამ ომისათვის ხელსაყრელი საწყისი პოზიციების დაკავებას.

– გამოდის, რომ ყველამ თავისი გაიტანა, საქართველოს კი ნამდვილ პოლიგონად ქცევის საშიშროება ემუქრება?

– ამერიკაში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ რუსეთის სამხედრო პრესაში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ უკანასკნელ პეროდში დსთ-ის კოლექტიური თავდაცვის ძალებისა და რუსეთის შორეული ბომბდამშენი ავიაციის სწავლებები ანტინატოური და ანტიამერიკული სცენარების მიხედვით მიმდინარეობდა, რომლებშიც აგრესორებად მოიაზრებოდნენ აშშ და დასავლური კოალიცია. ამ სწავლებების შეწყვეტა 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ მოხდა ამერიკული ადმინისტრაციის თხოვნის საფუძველზე. უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამ თხოვნის სანაცვლოდ, კრემლი თავის პირობებს წაუყენებდა ბუშის ადმინისტრაციას. ასეთ შეთანხმებას შედეგად მოჰყვა გაურკვეველი მიზნითა და გაურკვეველი ძალებით ორჯერ უკვე წაგებული საბრძოლო მოქმედებების განახლება აფხაზეთში. ასეთი სიტუაცია გვაფიქრებინებს, რომ რუსულ-ამერიკული გარიგების შედეგად, საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენის ვექტორი კვლავ რუსეთში გადავიდა. ამავე დროს საქართველოში დასავლეთსაც აქვს საკუთარი დასაყრდენი, მაგრამ ორივე – რუსეთიცა და დასავლეთიც – ერთი ცენტრიდან იმართებიან.

– მაინც რა ცენტრია ასეთი?

– ამ ცენტრის შესახებ საუბრისას ხშირად მასონურ ლოჟებზე ლაპარაკობენ. უნდა ითქვას, რომ მასონები ამ ორგანიზაციის მხოლოდ ქვედა ფენას წარმოადგენენ, ხოლო მათ ლოჟებს პირამიდის უფრო ზედა ნაწილში მყოფი ილუმინატები ანუ “განათლებულები” მართავენ. სწორედ “ილუმინატებს” აქვთ პრეტენზია მსოფლიო პროცესების მართვაზე, რასაც რეალურად აკეთებენ კიდეც. ესენი არიან დასავლეთის პოლიტიკური და ფინანსური წრეები, რომელთა სათავეშიც როტშილდების დინასტია დგას. დანარჩენი “განდობილი ძმებისა” და შესაბამისი ლოჟების საქმეში ჩახედულობის ხარისხი განისაზღვრება მასონურ-ილუმინატურ პირამიდაში მათი ადგილის და მიხედვით.

– ამ პირამიდის მმართველი წრის თვალთახედვით, ჩვენ როგორ მოვიაზრებით?

– უკანასკნელ წლებში ქართულ ენაზე გამოქვეყნდა ნიკოლაი დობროლიუბოვის წიგნის “XX საუკუნის ფარული ორგანიზაციები” თარგმანი. აღნიშნული რუსული გამოცემის პირველწყაროს კი გერმანელი ავტორის იან ვან ჰელზინგის 1993 წელს გამოცემული წიგნი წარმოადგენს “საიდუმლო საზოგადოებები და მათი ძლიერება XX საუკუნეში”. ამ უკანასკნელი ნაშრომის თანახმად, მასონურ-ილუმინატურ პირამიდაში უმდაბლესი საფეხურია ჰუმანიზმის იდეებით, უფრო მაღლა კი – ჩვენთვის კარგად ცნობილი კომუნიზმის იდეებით გაშლილი მოძრაობანი. ამავე არეალში მოიაზრებიან სოციალ-დემოკრატიული, მწვანეთა და სხვა პოლიტიკური ორგანიზაციები, წითელი ჯვარი, მრავალგვარი დასავლური ჰუმანიტარული, რელიგიური და სხვა ორგანიზაციები. ხშირად ეს პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდაც კი უპირისპირდებიან და ბევრი მათი წევრი გულწრფელადაა ჩაბმული ამ ბრძოლაში. აღნიშნული ლოჟების მხოლოდ ზედა ფენებმა და მაღალი ხარისხის “განდობილმა ძმებმა” იციან ზემდგომი ილუმინატების ნამდვილი მიზნები და სხვებისგან ფარულად მორჩილებით ასრულებენ მათ მოთხოვნებს. ზემოხსენებული რუსული გამოცემის ავტორის მტკიცებით, რუსეთის სამივე რევოლუცია და სამოქალაქო ომი, საბჭოთა კავშირის შექმნა და წითელი მოსკოვის მიერ რუსული იმპერიის აღდგენა სწორედ ამ ცენტრიდან იმართებოდა. იგივე ავტორი ამტკიცებს, რომ საბჭოთა კავშირში მასონურ წრეებს მნიშვნელოვანი ფიგურა ჰყავდათ საკავშირო კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრისა და “გოსპლანის” უფროსის ბაიბაკოვის სახით, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში დანგრევის გზით მიჰყავდა ქვეყნის მეურნეობა. 80-იანი წლების მეორე ნახევარში გორბაჩოვ-იაკოვლევ-შევარდნაძის მიერ წარმოებული “პერესტროიკის” პოლიტიკაც სწორედ დასავლური ცენტრიდან იყო შეკვეთილი და სსრკ-ის ნგრევის ლოგიკურ დასასრულს წარმოადგენდა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აღზევებას დიდად შეუწყეს ხელი ჩვენთვის კარგად ცნობილი ბოროის ბერეზოვსკის გავლენამ და ფულებმა. ეს ის ბერეზოვსკია, რომელმაც ასლან მასხადოვის მტკიცებით, შამილ ბასაევს ჩეჩნეთში მეორე ომის დასაწყებად მნიშვნელოვანი თანხა გადასცა. ეს ორი უკანასკნელი აქტი მოხდა მას შემდეგ, რაც რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის გამოკვეთა დაიწყო. მართალია, ბერეზოვსკი და გუსინსკი შემდგომში კრემლის ადმინისტრაციამ რუსეთიდან განდევნა, მაგრამ როგორც ამბობენ, მათ მნიშვნელოვანი თანხების გატანის საშუალებაც მისცა. ზემოთქმული გვაფიქრებინებს, რომ რუსეთ-დასავლეთის ვითომდა დაპირისპირებული, სინამდვილეში კი ერთი ზემდგომი ცენტრიდან მართული თამაში კვლავაც გრძელდება და ამ თამაშში საქართველოს თავისი მოკრძალებული და მეტად სავალალო ადგილი აქვს მიჩენილი. მასონურ-ილუმინატური მოძრაობის ბუნებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, სხვანაირად არც შეიძლება იყოს. ამ ორგანიზაციების თვალსაჩინო წარმომადგენელმა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ ხომ მკაფიოდ განაცხადა, რომ სსრკ-ის დაშლის შემდეგ მათ პირველ მოწინააღმდეგედ მართლმადიდებელი ქრისტიანობა დარჩა. ცხადია, რომ ასეთი განცხადების შემდეგ მასონური წრეებისგან საქართველოსთვის მაინცა და მაინც სასიამოვნო პერსპექტივას არ უნდა მოველოდეთ.

– მაშ საქართველოს “მოჭიდავე აქლემების” შუაში გამოჭყლეტილი კოზაკის ბედი მოელის?

– ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ჩვენს ხელისუფლებაში უფლისადმი რწმენა კიდევ უფრო ნაკლებია, ვიდრე ხალხში. მიმდინარე პროცესებში კი, მიწიერი განზომილებებით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან დიდი ძალებია ჩართული. საჭიროა ერის ღვთისკენ შემობრუნება, რადგან სახარებისეული ჭეშმარიტებით თითოეული ადამიანი (გნებავთ სახელმწიფო) ორიენტირებული უნდა იყოს არა რომელიმე სხვა ადამიანის (ან ქვეყნის, ან კიდევ სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის) მფარველობაზე, არამედ ღვთის რწმენითა და მასზე სასოებით, უწინარეს ყოვლისა, თავად უნდა ზრუნავდეს საკუთარი გაძლიერებისა და თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებისთვის. ამ დროს კი ჩვენ ერთი სახელმწიფოს მფარველობიდან მეორისკენ მივდივართ. საამისო მაგალითების მოყვანა შორს წაგვიყვანდა, რადგან ჩვენი მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების ყოველდღიური განცხადებები სწორედ ამის ნათელი დადასტურებაა.

– გამოდის, რომ ჩვენ ვერასოდეს ვეღირსებით დაკარგული მიწების დაბრუნებასა და სიმშვიდეს. სხვათა შორის, ახლა ეჭვობენ, რომ კოდორის ხეობასაც გალის ბედი მოელის და მას “ჩააბარებენ”. თქვენ რას ფიქრობთ?

– სამხედრო თეორიაში ცნობილია, რომ შემტევ მხარეს, სულ მცირე, სამჯერადი უპირატესობა მაინც უნდა გააჩნდეს. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს კი ასეთი უპირატესობა აფხაზებთან შედარებით მხოლოდ რეზერვისტების რიცხვში თუ გააჩნია. საბრძოლო ტექნიკისა და საველე არტილერიის მონაცემებით, თბილისის უპირატესობა უმნიშვნელოა. ამიტომ აფხაზებთან შესაძლო სრულმასშტაბიანი ომის მოგებას ჩვენ მხოლოდ ცოცხალი ძალის უფრო მეტი მსხვერპლისა და შედარებით უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობის ხარჯზე თუ შევძლებთ, თუკი აფხაზების მონათესავე ჩრდილოკავკასიელი ხალხები ამ ომში არ ჩაერევიან. და ბოლოს, ჩვენი გამარჯვება მეტად საეჭვო იქნება იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი კვლავინდებურად ანტიქართულ პოზიციას დაიკავებს. უკანასკნელ დღეებში განვითრებული მოვლენების მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დიდი ცენტრის კარნახით, საქართველოზე გავლენის ვექტორმა ისევ რუსეთში გადაინაცვლა, რასაც შედეგად მოჰყვა ბორის ბერეზოვსკის უახლოესი მეგობრის, ბადრი პატარკაციშვილის საქართველოში გააქტიურება. ამის საპასუხოდ, დასავლური ორიენტაციის ხალხი ალაპარაკდა, რომ ისინი ჩართული ყოფილან დიდი ძიების თამაშში, რაც ჩვენი ქვეყნისათვის მეტად საზიანო შეიძლება იყოს. სამწუხაროა, რომ მათ ასეთი განწყობა გაუჩნდათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქვეყნის მართვის სადავეები ადგილობრივ დონეზე პრორუსული ძალების ხელში გადავიდა.

– შევარდნაძის ამერიკაში წასვლამდე ჩვენი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელები რუსეთში ჩავიდნენ. ამ ყველაფერს კი აფხაზეთში ომის დაწყება მოჰყვა. თქვენი აზრით რა მოხდა?

– მოხდა ის, რომ დასავლეთმა რუსეთს ამიერკავკასიაში თავისი საქმეების მოსაგვარებლად ხელები გაუხსნა, მაგრამ ჩვენთვის მთავარი საშიშროება ის კი არ არის, რომ რუსეთს ან ამერიკას აქ თავისი ინტერესები გააჩნია. როგორც ახლახანს ბატონმა მამუკა არეშიძემ ტელეინტერვიუში განაცხადა, გაცილებით უფრო საშიშია ის, რომ საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურებში უმეტესად არაკომპეტენტური და უვიცი ადამიანები მუშაობენ და მათ, უბრალოდ, არ შეუძლიათ აღმოსავლურ-დასავლური ინტერესების ჭიდილში საკუთრი ქვეყნის ინტერესების დაცვა. ამის ნათელი დადასტურებაა თუნდაც ის, რომ ეუთო-ს ეგიდით დადებული ხელშეკრულებებით საქართველოს უფლება აქვს ჰქონდეს მხოლოდ იმ რაოდენობის შეიარაღება, რომელიც საკმარისი იქნებოდა დასავლური ნიმუშის ოთხი-ხუთი საბრძოლო ბრიგადის დაკომპლექტებისთვის. ჩვენივე თანაზომად შვეიცარიას ომიანობის დროს გამოჰყავს სხვადასხვა ტიპის 39 საბრძოლო ბრიგადა და სხვა ჯარები, ფინეთს კი 26 საბრძოლო ბრიგადა და სხვა. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში იმავე დასავლური ორიენტაციის ქართველი სახელმწიფო მოხელეები ყველანაირად ეწინააღმდეგებიან აღნიშნული კვოტების გაზრდაზე ეუთო-ს ხელმძღვანელობის წინაშე საკითხის დაყენებას.

– კი მაგრამ, ახლა ალბათ აღარც არსებობს მექანიზმი, რომელიც ჩვენი შეიარაღების კვოტას გაზრდიდა.

– 1990 წელს ხელმოწერილ საბაზო ხელშეკრულებაში ჩადებულია, ევროპაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, კვოტების გადახედვის მექანიზმიც – თვით ახალი მოლაპარაკებების ჩათვლითაც კი. ამის შესახებ კარგად იციან ჩვენმა სახელმწიფო მოხელეებმაც, მაგრამ ისინი არა თუ ამ საკითხის საერთაშორისო დონეზე დაყენებას, ქართულ საზოგადოებაში მის სადისკუსიოდ გამოყანასაც კი ყველანაირად ხელს უშლიან.

– ვისი დამსახურებაა ამ ინფორმაციისთვის გზის ჩაკეტვა?

– ამ საქმეში ჩართულნი არიან სახელისუფლებო სტრუქტურები. ამის დასადასტურებლად ერთი კონკრეტული მაგალითიც საკმარისი იქნებოდა: ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულია ყველა მონაწილე სახელმწიფოს შორის ინფორმაციის ყოველწლიური გაცვლა. შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა ან თავდაცვის სამინისტროში სისტემატიურად მოდის დეტალური ინფორმაციები ევროპის ყველა ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესახებ. 90-იანი წლების შუახანებში ეს სამინისტროები ამ ინფორმაციას დაუბრკოლებლად იძლეოდნენ. მოგვიანებით კი, აღმასრულებელი ხელისუფლების ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც ამ ინფორმაციას კონფიდენციალურობის გრიფი დაადო. მღვრიე წყალში თევზის ჭერის მოსურნე ქართველი მოხელეები სულ უფრო მეტად ამცირებენ საზოგადოების მხრიდან მათზე კონტროლის შესაძლებლობებს, ხოლო მათი საქმიანობის ნიმუშად კი ერთი სამწუხარო მაგალითი შეგვიძლია მოვიტანოთ: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარატის ერთერთმა წამყვანა თანამშრომელმა ამ ორიოდე წლის წინ კერძო საუბრისას დაახლოებით ასეთი ფრაზა მითხრა: ქვეყნის საზიანო საქმეების კეთებაში ამერიკის დაზვერვა კარგად გვიხდისო. უფრო მოგვიანებით კი, როდესაც პანკისის ხეობაში დაიწყო ადამანებისა და საქონლის მოტაცება, ქალების გაუპატიურება და სხვა უბედურებანი, იმავე ადამიანმა უგულოდ განმიცხადა, ეს იმ მოსახლეობის ხვედრია, ვინც იქ ცხოვრობსო. თავად ეს მოხელე იმ საქმეში ჩაუხედავი და არაკომპეტენტური ადამიანების ტიპიური წარმომადგენელია, რომლებიც სამხედრო სფეროში ფუსფუსებენ არა ამ სფეროს სიყვარულის, არამედ დასავლეთში “გულაობისა” და რაც შეიძლება მეტის “თქვლეფის” მიზნით. მათი საქმიანობის შედეგი კი ის რეალობაა, რომელიც დღეს სახეზეა. კონკრეტული გვარების დასახელებას დღეს მოვერიდები, რათა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობებზე მყოფ ასეთ ადამიანებს კიდევ მიეცეთ ქვეყნის სასიკეთოდ თავიანთი მდგომარეობის გამოყენების შესაძლებლობა.

– ოპოზიციას მაინც დაკავშირებოდით...

– ამის შესახებ ჯერ კიდევ წელიწდნახევრის წინ მათაც ვესაუბრე, მაგრამ რაიმე რეაქცია ან ქმედითი ღონისძიებანი მათი მხრიდან ჯერ არ დამინახავს. ეს კი სამწუხარო დასკვნის გაკეთების საბაბს იძლევა. საკვანძო თანამდებობებზე ყველგან ის ხალხია, ვინც რუსეთიდან ან დასავლეთიდან იმართება.

ელზა ჯმუხაძე

No comments:

Post a Comment