Tuesday, December 11, 2012

აკადემიკოსი ნიკოლოზ დუბროვინი XIX საუკუნის შუახანებში ოსთა განსახლებისა და ყოფა-ცხოვრების შესახებ

(წიგნიდან Н. Дубровинъ, Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе, томъ I, книга I, Санктпетербургъ, 1871. ქვემოთ შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს აღნიშნულ წიგნში აკადემიკოს დუბროვინის მიერ ოსების შესახებ დაწერილი ვრცელი წერილის პირველი თავის თარგმანს /სულ მასში ოთხი თავია და წიგნში უჭირავს 282-366 გვერდები/. ამ თავების შინაარსი შემდეგია: თავი I. ოსების მიერ დაკავებული ადგილი და მათი დაყოფა საზოგადოებებად. – ოსის დახასიათება და მისი ეკონომიკური ყოფა. თავი II. ოსური აული. – ოსის სახლი. – ტანისამოსი. – რელიგია. – დღესასწაულები. – ექიმბაშები (Знахари и знахарки). – თილისმები. – ჯადოქრობა. – ცრურწმენა. – ლეგენდები. თავი III. ოსთა საქორწინო წეს-ჩვეულებები. – საკვები. – საოჯახო ყოფა. – შობა. – დაკრძალვა. – სახოტბო სიმღერები და იმპროვიზაცია. თავი IV. სახალხო მმართველობა. – წოდებათა წარმოშობა და მათი უფლებები. – სისხლის აღება. – საზღაური სისხლის დაღვრისა და სხვა ბოროტმოქმედებათა გამო. – სტუმართმოყვარეობა. შემდგომში ჩვენ შევეცდებით ამ წერილის ბოლომდე თარგმნას, მაგრამ ვინაიდან პირადად ჩვენს ინტერესებში არ შემოდის კავკასიის ხალხთა ზნე-ჩვეულებებისა და ადათების ასე დეტალურად შესწავლა, არამედ საკუთრივ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისა, ამიტომ, შესაძლოა, ჩვენს მიერ ამ საქმის ბოლოდე მიყვანა რამდენადმე დაგვიანდეს, თანაც ეს თარგმანი ვერ იყოს იმდენად კვალიფიციური, როგორც ამას გააკეთებდა საქმეში ჩვენზე უფრო კარგად ჩახედული და მცოდნე სპეციალისტი, ან კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფიის საკითხებით დაინტერესებული მკვლევარი. შესაბამისად, ასეთ ადამიანებს მოვუწოდებთ უფრო მეტი ინიციატივის გამოჩენისკენ /მათ შორის ამ წერილის სრულად თარგმნის საკითხშიც/, ვინაიდან, ჩვენი აზრით, დღევანდელ ქართულ საზოგადოებას სჭირდება ამ საკითხებში სათანადო ცოდნისა და ინფორმაციის მიღება. უფრო მეტიც, ეს უნდა გაკეთებულიყო ამაზე გაცილებით უფრო ადრეც, რათა ჩვენს მიერ აქამდე გადატანილი სისხლისღვრები და უბედურებანი თავიდან აგვეცილებინა)

თავი I.

ოსების მიერ დაკავებული ადგილი და მათი დაყოფა საზოგადოებებად. – ოსის დახასიათება და მისი ეკონომიკური ყოფა

როდესაც ვმგზავრობთ საქართველოს სამხედრო გზაზე, ზმეისკის საფოსტო სადგურიდან ვლადიკავკაზის მიმართულებით, გზაზე გვხვდება ხეობა, რომელიც იქმნება ყარადაღის (ფსეხეშის) ქედისა და ყაბარდოს მთების მიერ. ამ ხეობიდან გამოსვლის შემდეგ იშლება ვრცელი სწორი ადგილი (ზეგანი), რომელიც მარჯვნიდან და წინიდან შემორკალულია ტყით დაფარული თვალწარმტაცი მთების დაუსრულებელი გრეხილით. შემდეგ ამ მთების უკან, რომლებიც ცნობილია შავი მთების სახელწოდებით, აღიმართება კავკასიონის თოვლით დაფარული მწვერვალები, რომელთა წინ ყველაზე უფრო მაღლა იყურება მარადიული თოვლით დაფარული დიდებული ყაზბეგი. ამ ზეგანის ნაწილი, კავკასიონის მთების მთავარი ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთები, დაწყებული ფასის-მთიდან (Пасисъ-мта), რომელიც სათავეს აძლევს მდინარე რიონს, და ყაზბეგის მთამდე, დაკავებულია ოსური ტომის მიერ, რომლის რიცხოვნებაც შეადგენს მოსახლეობის 65 ათას სულზე ცოტათი მეტს.

ამრიგად, ოსები შეადგენენ კავკასიონის ერთ-ერთ ყველაზე უფრო მრავალრიცხოვან ტომს. მათგან ერთ ნაწილს უკავია ვლადიკავკაზის ნაყოფიერი ზეგანი, მაგრამ უმეტესი ნაწილი ცხობრობს მაღალ ადგილებში, დაწყებული ჩრდილოეთ კალთიდან, მდინარეების არდონის, ფიაგ-დონის, გიზელ-დონისა და თერგის სათავეებიდან, ხოლო სამხრეთ კალთაზე კი დიდი და მცირე ლიახვისა და ქსნის სათავეებიდან.

ოსურ ტომს ჩრდილოეთით ესაზღვრება მცირე ყაბარდო და ჩერქეზი ბეგების ყოფილი აგარაკის სახაზინო მიწები; აღმოსავლეთით – ჩეჩნური ტომის ნაზრანის საზოგადოება და მდინარე თერგი; სამხრეთით – ტფილისის გუბერნიის დუშეთის მაზრა და ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრა; დასავლეთით – ყაბარდოსა და დიდი ყაბარდოს მთიელთა საზოგადოებანი.

თავად ბუნებამ გაჰყო, როგორც ჩანს, ოსები ორ ნაწილად: ჩრდილოელებად მოსახლეობით 42.802 სული და სამხრეთელებად მოსახლეობით 19.324 სული. პირველები მიეკუთვნებიან ვლადიკავკაზის ოკრუგს, მეორენი კი შედიან ამიერკავკასიური პროვინციების შემადგენლობაში. ადგილმდებარეობის რელიეფის მიხედვით ოსეთი იყოფა მთისა და ზეგანის ოსეთებად. იმ მდინარეთა რიცხვიდან, რომლებიც რწყავენ ამ სივრცის უკანასკნელ ნაწილს (ანუ ზეგანის, დაბლობის ოსეთს – ი. ხ.), პირველი ადგილი უჭირავს თერგს, და შემდეგ კი მის შენაკადებს: არდონს, გიზელ-დონს* (*სიტყვა დონი ოსურ ენაზე ნიშნავს წყალს), ფიაგ-დონს, ურუხსა და სხვებს. ყველა ეს პატარა მდინარე, თერგის გარდა, ჩვეულებრივ დროს ოდნავ მოკამკამე ნაკადულის მსგავსია, მაგრამ, მთებში თოვლის დნობის ან წვიმების დროს, ისინი დიდდებიან რამდენიმე საათის განმავლობაში, და მაშინ არათუ მათზე გადასვლაა შეუძლებელი, არამედ წყლის მოწოლა იმდენად ძლიერია, რომ გლეჯს ხიდებს, მოაგორებს ქვის ლოდებს და ფესვიანად გლეჯს უზარმაზარ ხეებს. ასე, მდ. არდონი, ანუ არა-დონი, ოსურ ენაზე ნიშნავს: ცოფიან მდინარეს.

ტბები არ არის ამ ზეგანზე (მოსწორებულ ადგილას), მაგრამ შავი მთების ძირის გაყოლებაზე იმყოფება ბევრი დამპალი ჭაობი, რომლებიც ციებ-ცხელებით აავადებენ ადამიანებს. ოსეთში უკანასკნელ დრომდე არ ყოფილა არანაირი გზა, და მით უმეტეს თვლიანი ტრანსპორტისთვის. თითოეულს თავად გაჰყავს თავისთვის გზა და სიმძიმეები გადააქვს საპალნით იქ, სადაც შეუძლებელია ურმით გადატანა.

ოსები საკუთარ თავს უწოდებენ ირონებს, ესე იგი ირისგან წარმოშობილებს; მაგრამ ვინ იყო ირი – ხალხს ამის ახსნა არ შეუძლია. უწინდელ დროში, ხალხის სიტყვებით, ოსებთან გადმოესახლებოდა ბევრი სხვადასხვა გვარის ადამიანი: ქართველები და მთიელები, რომლებიც გამორბოდნენ სპარსელთა დევნისგან და თავს აფარებდნენ მთათა ჩრდილოეთ კალთებზე (Въ прежнее время, по словамъ народа, къ осетинамъ переселялось много разнаго рода людей: грузинъ и горцевъ, бежавшихъ отъ преследованiя персiянъ на северную покатость горъ).

კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ ნაწილი, სადაც დაესახლნენ ოსები, დასერილია მრავალი ხეობით, რომლებიც ატარებენ სხვადასხვა სახელებს და ამ სახელებით აღინიშნებიან თითოეული ამ ხეობის მაცხოვრებლებიც. აქედან წარმოიშვა კიდეც ოსების დაყოფა რამდენიმე ცალკეულ მცირე საზოგადოებად* (*Дигорское, нарское, мамисонское, закинское, зрукское, донифарское, лесгорское, алагирское, куртатинское, тагаурское и проч.), რომელთაც გააჩნიათ ერთი საერთო ენა, მაგრამ ზოგიერთი განსხვავებანი ხასიათსა და ზნე-ჩვეულებებში. თუმცა კი მთელი ეს წვრილი საზოგადოებანი შეიძლება მიყვანილ იქნან ოთხ უმთავრეს შემადგენლამდე როგორც ცალკე მთლიანობა ანუ რაღაც დამახასიათებელი (Все мелкiя общества могутъ быть однакоже приведены къ четырёмъ главнейшимъ составляющимъ какъ бы отдельное целое или нечто характеристичное).

დაწყებული ზმეისკის სადგურიდან, მდ. ურუხისა და მისი მრავალრიცხოვანი შენაკადების ხეობები, დასახლებულია დიგორის საზოგადოებით, რომელიც იყოფა საკუთრივ დიგორად და უსტ-დიგორად (ანუ შორეულ დიგორიად). დიგორია შეადგენს პირველ ხეობას ვლადიკავკაზის ოკრუგში და, ემეზობლება რა ყაბარდოს, ოსეთის საზღვარს წარმოადგენს ბალყარეთის ოლქთან, ანუ ყაბარდოს მიწის სამხრეთ ნაწილთან, რომელიც განვრცობილია კავკასიონის მთების თვით ქედამდეც კი. მთები, რომლებიც წარმოქმნიან ამ ხეობას, მიემართებიან სამხრეთისკენ დაკლაკნილი მიმართულებით და განსაკუთრებით მრავალფეროვანი არიან თავიანთი შესახედაობითა და მცენარეული საფარით. შენაკადები ყოველ ნაბიჯზე მოედინებიან მთის კალთებზე და ეშვებიან მათგან ჩანჩქერებად. ქვისა და თოვლის ხერგილები აქ იშვიათობა არ არის და ერთნაირად დევს ისინი ზაფხულშიცა და ზამთარშიც. ყრუ ხმაური მთებში ჩვეულებრივ მათი ჩამოვარდნის წინასწარ მაუწყებელია.

სამხრეთისკენ, თერგის დინების ზემოწელისკენ, არდონისა და მისი შენაკადების ხეობებში, ცხოვრობს ალაგირის ანუ ვალაჯირის საზოგადოება. იგი შემოსაზღვრულია სამხრეთიდან თოვლიანი ქედით, რომელიც მოქცეულია მთებს, სტირსა და სონგუთი-ხოგს შორის; დასავლეთიდან პირდაპირი ხაზით, რომელიც გადის მთებს სონგუთისა და ხურუხა-ხოგს შორის შავი მთების ქედზე, მდინარეების კრუპშუსა და ურუსტანუს გადავლით, ხოლო აღმოსავლეთში კი იგი ებჯინება ქურთათის საზოგადოებას. უკანასკნელი იმყოფება მთებში მდინარეების სუა-დონისა და ფიაგ-დონის, აგრთვე მათი შენაკადების ხეობებში. ქურთათის საზოგადოება შემოსაზღვრულია: სამხრეთიდან თოვლიანი ქედით, დასავლეთიდან პირდაპირი ხაზით, რომელიც გადის მთებს სტირ-ხოგსა და უსტიუგს შორის, და მდინარე არდონით, ჩრდილოეთიდან მდინარე თერგით, ხოლო აღმოსავლეთიდან კი თაგაურის საზოგადოებით, რომელმაც თავისი სახელწოდება მიიღო თაგაურის ხეობისგან, რომელიც იქმნება მდინარეების პოგისა და ყიზილის შერწყმით. თაგაურელები დაესახლნენ მდ. თერგის მარცხენა ნაპირზე მდინარეების სანიბის, გიზელ დონისა და მათი შენაკადების პარალელურ ხეობებში, ლარსის საფოსტო სადგურამდე. ამ საზოგადოებას სამხრეთით ესაზღვრება თოვლიანი ქედი, დაწყებული მდ. თერგიდან და რეზის (ხილიაკის) მთამდე; დასავლეთით პირდაპირი ხაზი, რომელიც გადის რეზისა და ტაბაუს მთებსა და მდინარეებს მაირამა-ადეღესა და გიზელ-დონს შორის; ჩრდილოეთით ყაბარდოს ქედი, აღმოსავლეთით საქართველოს ძველი სამხედრო გზა, ელისაბედის სიმაგრემდე, მდ. კამბილეევკა ვლადიკავკაზამდე და მდ. თერგი.

კავკასიაში რუსების გამოჩენამდე ოსები ფლობდნენ მხოლოდ მთათა ხეობებს; ხოლო მდ. თერგის მთელი ხეობა კი, რედანტის საგუშაგომდე, ლარსის ხეობის შესართავის მახლობლობაში, იმყოფებოდა ყაბარდოეთა მფლობელობაში, რომლებიც ოსებს მხოლოდ საზღაურის სანაცვლოდ უშვებდნენ მთებიდან დაბლა. მომწყვდეულები თავიანთ ხეობებში, რომელთაგან გამოსასვლელები ჩაკეტილი იყო, ოსები მოწყვეტილი იყვნენ მთელი მსოფლიოსგან და გაველურდნენ. ხალხის მეხსიერებაში ჯერ კიდევ ცოცხალია მოგონებები, როდესაც ოსები ვერ ბედავდნენ დაბლობზე გამოჩენას, ეშინოდათ რა ყაბარდოელებისა, რომლებიც არა მხოლოდ არ უშვებდნენ მათ დაბლობ ადგილებში, არამედ მათ მთიან სამფლობელოებშიც კი იჭრებოდნენ. ასეთი შემოჭრებისგან საკუთარი თავის უზრუნველყოფისთვის, ოსები აშენებდნენ კოშკებს თავიანთი ხეობების შესართავებში და, თავის მხრივ არ ატარებდნენ ყაბარდოელებს მთებში გადასახადის გარეშე. ამ პირობებისგან გადახვევას საქმე მიჰყავდა სისხლიან ხოცვა-ჟლეტამდე, რომლებიც წამოიჭრებოდა ხოლმე ამ ორ ხალხს შორის. რუსებმა მთებისგან განზე გასწიეს ყაბარდოელები, და ზოგიერთნი ოსთაგან, ჩვენი მთავრობის წინადადებით, ჩამოვიდნენ მთებიდან და დაიკავეს ეგრეთ წოდებული ყაბარდოს ზეგანის ნაწილი მდ. თერგის ორივე გაშლილ ნაპირზე. ეს ნაწილი მეტად უმნიშვნელოა, და ამის გამო ოსეთის თითქმის მთელი ხალხმოსახლეობა, დაწყებული დიგორიიდან, ცხოვრობს მთებში.

მთელი ოსეთი შედგება ხეობებისგან, რომლებსაც წარმოქმნიან კავკასიონის მთავარი ქედის მაღალი განშტოებანი. არცთუ დიდი სწორი ადგილები მთებში, ან უკეთ რომ ვთქვათ, ბრტყელი მაღლობი ადგილები, მთიან ოსეთში გვხვდება მხოლოდ იშვიათად და მათგან ყველაზე უფრო ვრცელიც არ აღემატება 50 დესეტინას. მიწის ნიადაგი ყველგან თიხიანია, მაღლობ ადგილებში ყვითელი ფერიას, მთების ძირას კი ყავისფერი. რამდენჯერმე ნაკელმოყრილი სახნავ-სათესი ადგილი შავ ფერს ღებულობს. მიწის ფენა, რომელიც ფარავს მთათა ქვიან ქედებს, ექვს გოჯს არ აღემატება. კავკასიონის მეწინავე ქედებზე მიწის დაფენილი გრუნტი ხშირად სავსეა ქვებით. უტყეო ადგილებში, მთავარ ქედთან უფრო ახლოს, და უპიტარესად მის ჩრდილოეთ მხარეზე, იმ ნაკადულების გაყოლებაზე, რომლებიც წარმოქმნიან მდ. არდონს, მიწა უფრო მაგარი და ნაყოფიერია. სამხრეთში კი, მაგალითად ქართლის მოსაზღვრე და ტყით დაფარულ ადგილებში, მიწა უფრო რბილია, მაგრამ ნაკლებ ნაყოფიერი. ცივი კლიმატი მთავარ ქედთან და ოსეთის ამ ნაწილის მიწების მნიშვნელოვანი ამაღლებულობა არ იძლევა არანაირი ხვნა-თესვის შესაძლებლობას: იქ ბალახი იზრდება მხოლოდ მაისიდან სექტემბრის ჩათვლით.

ადგილმდებარეობის დადაბლებასთან და თოვლიანი მწვერვალებისგან ხეობების დაშორებასთან ერთად, კლიმატის სიმკაცრე თანდათანობით რბილდება. გარდა ამისა, კლიმატური პირობები ასეთ ადგილებში დამოკიდებულია ხეობების მიმართულებაზე, და იმაზეც, თუ როგორი ხარისხით, მაგალითად, არიან ისინი ჩაკეტილი ჩრდილოეთის და გახსნილი სამხრეთის ქარებისთვის და სხვა.

ბევრ ადგილებში თავისი სიმკაცრის მიუხედავად, ოსეთის კლიმატი, უხვად დაჭაობებული დგილების გარდა, ჯანსაღია და კარგი გავლენა აქვს ადამიანის ორგანიზმზე, რაც აისახება იქაური მაცხოვრებლის დღეგრძელობასა და სიძლირეზე. ასი წლის ასაკი ოსეთში თითქმის ჩვეულებრივად ითვლება. მთის ჰაერი კეთილისმყოფელად მოქმედებს მცხოვრებთა ჯანმრთელობაზე.

თავისი ბუნებრივი მდგომარეობის მიხედვით, ოსეთი სარგებლობს ორგვარი კლიმატით. ხეობათა ზემო მხარეებში, რომლებიც მთავარ ქედთან უფრო ახლოს იმყოფებიან, კლიმატი უფრო მკაცრია, ვიდრე საქართველოსა და ყაბარდოსთან ახლო მდებარე ადგილებში. ზაფხული ოსეთის ამ ნაწილში მეტად მოკლეა და მისი ტემპერატურა ძლივს-ძლივობით თუ არის საკმარისი ქერის დასამწიფებლად. თოვლიან მწვერვალებთან ყველაზე უფრო მახლობელ ხეობებში ზამთარი იწყება ოქტომბრის შუა რიცხვებიდან და გრძელდება მაისამდე. ამ დროს დიდი თოვლი და ქარიშხლები აძნელებენ შეტყობინებას, რომელიც ბევრ ადგილას ხელმისაწვდომია მხოლოდ ფეხით მოსიარულესათვის, მარტოხელა მგზავრისთვის, და ისიც ნათელ ამინდში.

ასე, დიგორია ყოველი მხრიდან ჩაკეტილია მთებით და შორს იმყოფება შეტყობინების ყველა გზისგან. წელიწადის სამ მეოთხედში მასში შესვლა ან სრულებით შეუძლებელია ან კიდევ შეუღლებილია დიდ საშიშროებასთან. მისი კლიმატი ზომიერად ჯანსაღია, მაგრამ მთიან დიგორიაში საშუალო ტემპერატურა არ აღემატება 3⁰-ს; სიცივე და ყინვები მნიშვნელოვანი და მუდმივია. ამ ნაწილის მცენარეულობა ღარიბია, კლიმატი მკაცრია და არანაირად არ არის ხელსაყრელი მცენარეულობისთვის. იქ ზამთრის სამეფოა და დედამიწა ყველგან ატარებს სიცარიელისა (опустошенiе) და უნაყოფობის ანაბეჭდს; ყველგან დაღვრემილობა და პირქუშობაა (везде мрачно и угрюмо).

ზაფხული, რომელიც გრძელდება არაუმეტეს სამი თვისა, ისე მოკლეა, რომ პური ვერ მწიფდება. ძლივს თუ მოასწრებს მზე ამოსვლას, რომ მაშინვე იძირება მეწამულ ნისლში – ძლიერი სიცივის წინასწარ მაუწყებელში. “ქარიშხლები და უამინდობა მძვინვარებს ცხრა თვის განმავლობაში. შემოდგომა საშინელია, და თავად გაზაფხულიც ღებულობს მოღუშული შემოდგომის სახეს; და ამიტომ, საითკენაც არ უნდა მიმართო მზერა, ყველგან აწყდები მხოლოდ ყინულებს, რომლებიც ფარავენ შავი, კლდიანი მთების მწვერვალებს და მთელ გარემო მხარეს, რომელიც დაფარულია თოვლის ღრმა ნამქერებით”.

მკაცრმა ბუნებამ დიგორიელები აქცია უშიშრებად, ფიზიკურად ძლიერებად და მთებში კარგ მოსიარულეებად, სადაც ისინი ნადირობით არიან დაკავებულნი. ისინი არიან დიდი სიმაღლისა, გააჩნიათ სიტყვის თქმის ნიჭი და კარგი გონებრივი უნარ-ჩვევები; ბუნების მიერ მომადლებული მათი საღი გონება ჩანს ყველა ნაბიჯზე. დიგორელი სტუმართმოყვარე, პატიოსანი და ამაყია, ერთგულია სიტყვასა და ფიცში, გერგილიანია, მაგრამ ჯიუტი, შურისმაძიებელი და გულჩათხრობილი. სახე მას შავგვრემანი აქვს, თავს იპარსავს, მაგრამ ატარებს წვერს, რომელსაც ჩამოიპარსავს (подбриваетъ) ქვედა ყბებზე. დიგორელები უფრო მეტად სუფთები არიან (опрятны) და შედარებით უფრო მეტად შრომისმოყვარენიც, ვიდრე ოსთა ყველა დანარჩენი თემები (поколенiя), და არასოდეს არ ითვლებოდნენ მეომარ ტომად. დაკავებული არიან რა უფრო მეტად მიწათმოქმედებით და ჰყავთ რა არცთუ ბევრი საქონელი, ისინი თითქმის არასოდეს არ უშვებენ მას გასაყიდად, არამედ ცხვრის მატყლისგან აკეთებენ კარგ ნაბდებს, რომლებსაც ჰყიდიან კიდეც ან კავკასიის ხაზზე ან იმერეთში. ალაგირელი, ამის საპირისპიროდ, მოუქნელია, მისი თვალები უსიცოცხლო და მოდუნებულია, ჩაგაგონებენ აზრს ვერაგობისა და თავხედური ლაჩრობის შესახებ, რომლებიც დაფარულია მოჩვენებითი დიდსულოვნების ნიღბის ქვეშ. ეს ტომი თვითრჯულია, უმაღლეს ხარისხად ფეთქებადი, განსაკუთრებით იმაში, რომ უბრალო რამეზე ატეხონ ხმაური, იყვირონ, და სხვადასხვა სისულელე აკეთონ. თუმცა კი ალაგირელებისთვის უცხოა შარიანობა და მეტად კეთილი ხასიათი აქვთ, განსაკუთრებით თუკი მათ მოეფერები.

თაგაურელები გამოირჩევიან ყველაზე უფრო მეტი სიამაყით ოსი ხალხის ყველა ტომს შორის. თვლიან რა თავიანთ მამამთავრად თაგაურს, გადმოცემის მიხედვით სომხეთის ტახტის მემკვიდრეს, რომელიც, ვითომდა, გამოიქცა მთებში, საკუთარი ძმების დევნისგან თავის დასახსნელად, ისინი საკუთარ თავს მიათვლიან ოსთა უმაღლეს წოდებას, და ამიტომ ხალხს ისინი სძულს. ვ. ტოლსტოის სიტყვებით, თაგაურელები უწინ იყვნენ მამასახლისებად ოსურ აულებში, და ამან მისცა კიდეც მას აზრი იმის შესახებ, რათა ამტკიცებდეს, რომ საკუთრივ თაგაურელები არ არიან, არამედ არის მხოლოდ ოსი ხალხის უმაღლესი წოდება. უკანასკნელის დადასტურებისთვის იგი ამბობს, რომ თაგაურელები დგანან ყველა დანარჩენ საზოგადოებაზე უფრო მაღლა თავიანთი გონებრივი განვითარების მიხედვით, რომ ისინი არიან თავშეკავებულები, გულჩათხრობილები და, შედარებით უფრო განათლებულები, მოწინავე ხალხია ოსებს შორის.

ყველაზე უფრო პატიოსანი, პირდაპირი და გულგახსნილი ხალხია – ქურთათელები. ისინი რუსებისადმი ღრმად ერთგულნი არიან და ღრმად სწამთ, რომ მათ მიმართ არ იქნება გამოჩენილი რუსთა მიერ უსამართლობა. საერთოდ მთელი ოსები ჩვენი მთავრობისადმი ერთგული ხალხია და მის განკარგულებათა მეტად გულმოდგინე აღმსრულებლებიც. თუმცა კი ეს გულმოდგინება და სიბეჯითე არ ვრცელდება მათ შინაურ ცხოვრებაზე.

ოსზე უფრო ნაკლებად არავინ არ ფიქრობს ხვალინდელ დღეზე, ხოლო მიმდინარე დღეს კი იგი ატარებს უსაქმურობასა და სიზარმაცეში, ზის სახლში ახრჩოლებულ ცეცხლთან, ჩიბუხით პირში, “ან სძინავს, დაეხეტება მთებში ველური თხის მსგავსად”, არ სურს რა არაფრის შეძენა და მინდობილი აქვს რა თავისი მარტივი მეურნეობა ცოლების მზრუნველობისთვის.

მთიანი ოსეთის უმეტესი ნაწილის ნიადაგის მცირე მწარმოებლურობამ მიიყვანა მოსახლეობა უკიდურეს სიღარიბემდე. ოსები ყოველთვის განიცდიდნენ არა მხოლოდ იმ საგნების უკმარისობას, რომლებიც არ იყო საკუთარ ქვეყანაში, მაგალითად მარილისა, არამედ არსობის პურისაც კი. ხვნა-თესვისთვის მოსახერხებელ მიწას ამ დრომდეც კი გაუგონარი ფასი აქვს: ის იმ ცხოველის ფასი ღირს, რომელიც მასზე დაეტევა. მიწის ნაგლეჯი, რომელსაც დაიკავებს მწოლიარე ძროხა, ძროხის ფასი ღირს; მეორე ცხვრის ფასი და სხვა. ეს მცირემიწიანობა იყო იმის მიზეზი, რომ ოსების ნაწილი გადასახლდა მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე და ნებაყოფლობით მისცა საკუთარი თავი ქართველ მემამულეთა კაბალაში. დაიკავეს რა კუდარის (Кударовское), დიდი და პატარა ლიახვის, რეხულას, ქსნისა და მისი შენაკადების ხეობები, ოსები იქცნენ თავადების ერისთავებისა და მაჩაბლების ყმა-გლეხებად. ეს გადასახლებულები შეადგენენ კიდეც ეგრეთ წოდებული სამხრეთელი ოსების დასახლებებს და, თავის მხრივ, იყოფიან ასევე ბევრ წვრილ საზოგადოებად, რომლებიც ატარებენ მათი საცხოვრებელი ხეობების სახელებს. ასე, ისინი იყოფიან ქსნის, კუდარის, ლიახვის, ღუდუშაურის, მაღლადოლეთის (Магладолетскихъ, მაღრან-დვალეთის /?/), ჯამურისა და სხვა საზოგადოებებად. ბევრი ოსი დაესახლა მთიულეთსა და ხევის ხეობაში. სამხრეთ კალთის მხოლოდ არცთუ ბევრი საზოგადოებისა და დაბლობ (ზეგან) ადგილას მცხოვრებთა გამოკლებით, ყველა დანარჩენი ოსები ღარიბები არიან, თითქმის შიშვლები ან სულ უკანასკნელ ხარისხამდე ცუდად ჩაცმულნი; ცხოვრობენ მიწურებში ან დანგრეულ კოშკებში და მიტოვებულ სიმაგრეებშიც კი. მიუხედავად ამისა, ოსი ყოველთვის მხიარულია, ყოველთვის უდარდელი.

(აქ მოვიყვანთ ზემო აბზაცის რუსულ ორიგინალურ ტექსტს: Малая производительность почвы большей части горной Осетiи довела населенiе до крайней бедности. Осетины всегда терпели недостатокъ не только въ предметахъ, которыхъ не было въ собственной стране, напримеръ соли, но даже въ насущномъ хлебе. Земля, удобная для хлебопашества и до сихъ поръ имеетъ неслыханную цену: стоитъ того животнаго, которое можетъ на ней поместиться. Кусокъ земли, который займётъ лежащая корова, ценится въ корову; другой въ овцу и проч. Эта малоземельность была причиною, что часть осетинъ переселилась на южный склонъ Главнаго хребта и добровольно отдала себя въ кабалу грузинскихъ помещиковъ. Занявъ ущелья: Кударовское, Большой и Малой Лiяхви, Рехулы, Ксани и ея притоковъ, осетины стали крепостными князей Эристовыхъ и Мочабеловыхъ. Эти переселенцы и составляютъ поселенiя такъ называемыхъ южныхъ осетинъ и, въ свою очередь, делятся так же на многiя мелкiя общества, носящiя названiе по именамъ ущелiй ими обытаемыхъ. Такъ, они делятся на Ксанскихъ, Кударскихъ, Лiяхвскихъ, Гудошаурскихъ, Магладолетскихъ, Джамурскихъ и другихъ. Много осетинъ поселилось въ Мтiулетიи и Хевскомъ Ущелье. За исключенiемъ только немногих обществъ южнаго склона и живущихъ на плоскости, все остальные осетины бедны, почти голы или до последней степени плохо одеты; живутъ въ землянкахъ или развалившихся башняхъ и даже въ оставленныхъ укрепленiяхъ. Не смотря на то, осетинъ всегда веселъ, всегда безпеченъ.)

ოსეთის ქარაფები და მთები გამოუსადეგარია მიწათმოქმედებისთვის, და ამიტომ იქაური მოსახლეობა დაკავებულია უპირატესად მესაქონლეობით. ღებულობენ რა პურს მეზობლებისგან, ოსები აწვდიან მათ, ამის სანაცვლოდ, რქოსან საქონელს, ცხვრებს, ცხენებს, რომლებიც ცნობილი არიან თავინთი ძალითა და მთებში მშვენიერი სიარულით. მაგრამ ეს მრეწველობა სრულებით უმნიშვნელოა და ძლივს-ძლივობითღა თუ აკმაყოფილებს ყოველდღიურ მოთხოვნილებებს* (*Тагаурцы Владимiра Толстаго Вест. Импер. Рус. Геогр. Общест. 1854 г. Ч. ХI. Краткiй обзоръ горскихъ племёнъ на Кавказе А. П. Берже Кавказс. Календарь на 1858 г. О состоянiи некогда бывшаго христiанства на Кавказе П. Хицунова Кавк. 1846 г. № 34. Дигорiя Н. Берзенова Заквк. Вест. 1852 г. № 39. То же Кавк. 1852 г. № 67. Изъ воспомин. Объ Осетiи Н. Берзеновъ Кавк. 1852 г. № 5. Кое что объ Осетинскомъ округе Красницкаго Кавк. 1865 г. № 29 и 32. Глав. свед. о горск. плем. Кавк. 1868 г. № 46. Объ обществахъ осетинскаго племени рукоп. доставленная мне П. В. Кузьминскимъ).

მართალია, დაბლობ და სწორ ადგილებში ნიადაგი განსაკუთრებულად ნაყოფიერია, და შეეძლო უხვი მოსავლით აენაზღაურებინა შრომა, მაგრამ იქაც ოსი, რომელიც შევიწროვებულია მიწის საკუთრებაში და ფლობს მცირე ნაკვეთებს, ნაკლებად სარგებლობს მისი ნობათით. თუმცა კი ზოგიერთ ადგილას, როგორც, მაგალითად, დიგორიაში, მაცხოვრებლებს ხელთ გააჩნიათ ბევრი საშუალება კეთილდღეობისთვის, მაგრამ, თავიანთი უდარდელობისა და სიზარმაცის გამო, ისინი იფარგლებიან ყველაზე უფრო აუცილებელის დამზადებითა და მომარაგებით შინაურ ყოფაში. მათი ერთადერთი მრეწველობაა – თაფლი, რომელსაც ღებულობენ მოზდოკში, ვლადიკავკაზსა და კაზაკთა სტანიცებში. დიგორიის ფუტკრების თაფლი გამოირჩევა არომატით, გემოთი და სითეთრით, მაგრამ დიგორიელები მისი მოპოვების უნარით ცუდი მეფუტკრენი აღმოჩნდნენ. მრგვალი ფორმის დაწნული სკა (ბათმანი), გარეშემო მოლესილი თიხისა და ძროხის ნაკელის ნაზავით, შეადგენს ფუტკრების საცხოვრისს, რომლების განკუთვნილი არიან განადგურებისთვის ყოველ ჯერზე, როდესაც კი ამოიღებენ თაფლს. ამოთხრის რა მიწაში მცირე ორმოს, ჩადებს რა იქ ხის სოკოს და მოუკიდებს ცეცხლს, პატრონი თავის სკას ამოაბრუნებს ფსკერით მაღლა. ფუტკრები კვამლისგან იღრჩობიან, ორმოში ეცემიან, ხოლო თაფლიანი სკა კი მიდის გაყიდვაში. ოსეთის ბევრ ადგილას გვხვდება ჩინებული სამშენებლო ხე-ტყე: მუხა, თელა, ფიჭვი, კაკლის ხეები (ან თხილნარი, орешникъ) იზრდება მრავლად, ხოლო მსხლის ხეები, ველური ვაშლი და ალუბალი ზოგჯერ მნიშვნელოვანი რაოდენობით მოჩანს თავად სოფლებსა და მინდორშიც. მესაქონლეობა შეადგენს მცხოვრებთა განსაკუთრებულ საქმიანობას, და ბევრი მათგანი თავის ფარაში მოითვლის ათასამდე ცხვარს, მაგრამ, თავიანთი სიძუნწის გამო, მსგავსი მფლობელები არაფრით არ ცხოვრობენ თავიანთ ღარიბ თანამოძმეებზე უფრო უკეთესად.

ყველა ოსი ფულზე მეტად ხარბია, რომელთა შეძენასაც ისინი ცდილობენ თუმცა კი სულაც არა გამოყენებისთვის, არა თავიანთი ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესებისთვის, არამედ ცხრაკლიტულში შესანახად; მდიდრები და ღარიბები ერთნაირად დადიან თითქმის შიშვლები ჩამოძონძილი ტანსაცმლით. საყოველთაო სიღარიბეა გამეფებული ოსებს შორის. უსაქმურობა განუყოფელია მათგან; უსუფთაობაა ხალხისთვის დამახასიათებელი. კითხვაზე ასეთ უბედურებათა მიზეზის შესახებ, ოსი ღრმააზროვნად გპასუხობთ, რომ იგი ღარიბია პურის უმოსავლიანობის გამო, რომლის უმეტესობაც მიდის არყის მომზადებაზე, რომლის გარეშეც მათ ცხოვრება არ შეუძლიათ. ოსები ამბობენ, რომ ისინი უსაქმურები არიან სახნავ-სათესი მიწების არქონის გამო; ეს მართალია, მაგრამ სამართლიანია ისიც, რომ ზოგჯერ აულის სიახლოვეში ჩანს დიდი მინდვრები, რომლებიც შესაძლოა ყოფილიყო დამუშავებული, მაგრამ დაუმუშავებელნი რჩებიან უდარდელობის გამო* (*Кое что объ Осетинскомъ округе К. Красницкаго Кавк. 1865 г. № 32. Изъ записокъ объ Осетiи Н. Берзеновъ Кавк. 1852 г. № 68. Также смотр. Дигорiя Н. Берзенова Закавк. Вест. 1852 г. № 40. Местечко Сачхеры Н. Дункель-Веллинга Кавк. 1854 г. № 66. Поездка на Кударское Ущелье Василiй Переваленко Кавк. 1849 г. № 40).

(აქვე მოვიყვანთ უკანასკნელი აბზაცის რუსულ ტექსტსაც: Все осетины весьма жадны до денегъ, которыя однакоже они стараются прiобрести не для употребленiя, не для улучшенiя своего быта, а для храненiя въ заперти; богатый и бедный одинаково ходятъ почти голые въ лохмотьяхъ. Всеобщая бедность царствует между осетинами. Праздность неразлучна съ ними; неопрятность присуща народу. На вопросъ о причине этихъ бедствiй, осетинъ глубокомысленно отвечаетъ, что онъ беденъ отъ неурожая хлеба, большинство котораго идётъ на приготовленiе араки (родъ водки), безъ которой они жить не могутъ. Осетины говорятъ, что они праздны по неименiю хлебопашныхъ местъ; это правда, но справедливо и то, что иногда вблизи аула видны большiя поляны, которыя могли бы быть возделаны, но остаются не обработанными по безпечности.)

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment