Friday, January 25, 2013

ამერიკულ-ქართული სიყალბე, ანუ რისთვის გვაჩუქა პენტაგონმა ათი ვერტმფრენი?

(წერილი გამოქვეყნდა გაზეთ “საქართველოს” 2002 წლის 3-17 დეკემბრის ნომერში)

საქართველოსთვის ამერიკული სამხედრო დახმარების ავკარგიანობაზე საუბარი გვინდა დავიწყოთ 1996 წლის აპრილის დასაწყისში თბილისში ნატო-ს ეგიდით ჩატარებული პირველი წარმომადგენლობითი ღია კონფერენციის გახსენებით. ამ ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ “ნატო-ს ინფორმაციისა და პრესის ოფისი”, “ფრიდრიხ ებერტის ფონდი” და “კავკასიური ინსტიტუტი”, ხოლო იგი ჩატარებულ იქნა კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში. კონფერენციის ზოგადი თემა იყო “მცირე ქვეყნების (იგულისხმება საქართველოც) ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განვითარება”. მალევე “კავკასიურმა ინსტიტუტმა” ბროშურის სახით გამოსცა აღნიშნული კონფერენციის მასალები.

ღია კონფერენციის ზოგადი თემის ფარგლებში ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფის კერძო თემას შეადგენდა “არმიის მშენებლობა ეკონომიკურად სუსტ ქვეყანაში”, ხოლო ძირითადი მომხსენებელი კი გახლდათ ამერიკელი სამოქალაქო ექსპერტი სამხედრო საკითხებში ბატონი ქენეთ ბრაუერი. მისი სიტყვებით: “ნატო-ს ქვეყნებში თავდაცვას არ უყურებენ სერიოზულად, რადგან აქვთ გარანტია ამერიკული ბირთვული იარაღის სახით... ნატო-ს წევრ ქვეყნებში სამხედრო სამსახურში იყენებენ 18-38 წლის მამაკაცთა მხოლოდ 2-10 %-ს (იგულისხმება ომიანობის დროის შეიარაღებული ძალები – ი. ხ.). ეს იმიტომ, რომ ისინი დიდი ქვეყნებია. ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია, სინგაპური და ისრაელი საგანგებო ვითარებაში იყენებენ იმავე ასაკის მამაკაცების 100 %-ს. რას ნიშნავს ეს? თუ ქვეყანაში ხუთმილიონიანი მოსახლეობაა, ნატო-ს პრაქტიკის თანახმად, ომის შემთხვევაში მხოლოდ 60 ათასი ადამიანი უნდა გაიწვიონ, მაგრამ რეალურად 5 მილიონ ადამიანზე შეიძლება 550-ათასიანი არმიის მობილიზებაც”.

აქ ბატონ ბრაუერის ნათქვამში გარკვეული უზუსტობაა. სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, ცივი ომის მიწურულს, 1991 წელს ნატო-ს ბლოკის იმ მცირე ევროპული ქვეყნების სარდლობები, რომლებიც ვარშავის პაქტის სახელმწიფოთა დასავლეთ საზღვრიდან დაშორებული იყვნენ გერმანიის ტერიტორიით (ანუ ნიდერლანდების, ბელგიის, დანიის), ომიანობის დროს გეგმავდნენ შეიარაღებულ ძალებში მართლაც საკმაოდ მცირე რიცხვის სამხედროვალდებულთა მობილიზებას – მოსახლეობის სულ 1,7 – 3,4 %-ისა, ხოლო ნორვეგიის სარდლობა კი რომელიც უშუალოდ ემეზობლებოდა საბჭოთა კავშირს, – ქვეყნის მოსახლეობის 8,5 %-ისა. ამ მაჩვენებლით იგი თითქმის უახლოვდებოდა ფინეთს, შვედეთს, შვეიცარიასა და ისრაელს, სადაც ომიანობის დროს შეიარაღებულ ძალებში უნდა გაეწვიათ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 10 %. სახელდობრ, 5,0-მილიონიან ფინეთში ომიანობის დროს იარაღით ხელში უნდა გამოსულიყო 500 ათასი ადამიანი და კიდევ 200 ათასი ზურგისა და სხვა დამხმარე სამსახურებში (იარაღის გარეშე). 6,5-მილიონიან შვეიცარიას ჰყავდა 625 ათასი მომზადებული რეზერვისტი, ხოლო 4,8-მილიონიან ისრაელს კი ომის დროს გამოჰყავდა 504-ათასიანი შეიარაღებული ძალები. ამ ფონზე, 4,2-მილიონიანი ნორვეგიის სამხედრო ხელმძღვანელობას 358 ათასი მომზადებული რეზერვისტი ჰყავდა ომიანობის დროს გამოსაყვანად.

კონფერენციის მუშაობისას ერთერთმა ქართველმა მონაწილემ დასვა შეკითხვა: “როგორი უნდა იყოს (ჯარების) დაკომპლექტების წესი? ჯობია მცირე ნაწილები პროფესიულ პრინციპზე, თუ საყოველთაოდ გაწვეული 30-40 ათასიანი არმია?”

ამაზე ბატონმა ბრაუერმა უპასუხა: “მე არ მჯერა მუდმივი არმიის. პატარა ქვეყნებში არმია მოსამზადებელი სკოლაა. ნამდვილი ძალა რეზერვია. ყველა გაწვეული კარგად უნდა მომზადდეს. მაგრამ თითოეული ქვეყნის პრეზიდენტს სჭირდება სწრაფი რეაგირების ძალაც. ამისთვის საკმარისია 18-თვიანი გაწვევა. ამ ვადის პირველი მესამედის მანძილზე ჯარისკაცი გადის ინდივიდუალურ წვრთნას, მეორე მესამედი ეთმობა მომზადებას სამხედრო ნაწილში, ბოლო მესამედს კი ჯარისკაცი პრეზიდენტის ხელქვეით მსახურობს. შემდეგ ჯარისკაცი გადადის რეზერვში, მაგრამ მას ახალი შეცვლის... ამის შედეგად მოხდება შეკავშირებული შეკრული ნაწილების შექმნა, რომელთა წევრებიც ერთ სარეზერვო ნაწილში იმსახურებენ შემდგომი 20 წლის მანძილზე. ესაა უწყვეტი ჯაჭვი და ხუთ-ექვს წელიწადში იარსებებს მაღალკვალიფიციური არმია. იწყებთ პატარა ბირთვით და 20 წელიწადში გეყოლებათ 500 ათას კაციანი რეზერვი. იმედია ამ დროისთვის ფულიც გექნებათ” (სათანადო შეიარაღების შესაძენად – ი. ხ.).

ბატონი ბრაუერის სიტყვების დასტურად მოვიყვანთ ისევ 1991 წლის ფინეთის მაგალითს. ამ 5-მილიონიანი ქვეყნის მშვიდობიანობის დროის რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში მოითვლებოდა პირადი შემადგენლობის დაახლოებით 31800 ადამიანი (მათგან 24000 გაწვეული), ხოლო სახმელეთო ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში კი ნაჩვენები იყო 11 სასწავლო და 16 სარეზერვო ბრიგადა. სასწავლო ბრიგადებიდან ერთი იყო ჯავშანსატანკო, ხოლო ათი ქვეითი, სარეზერვო ბრიგადებიდან კი თითო-თითო იყო ჯავშანსატანკო და მექანიზებული (ანუ ეგერთა ქვეითი), ხოლო 14 კი ქვეითი. გარდა ამისა, რეგულარული სახმელეთო ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში ნაჩვენები იყო ორი ცალკეული ბატალიონი, საარტილერიო პოლკი, სანაპირო არტილერიის ორი პოლკი და სამი ცალკეული დივიზიონი (დასავლური ტერმინოლოგიით ბატალიონი), საჰაერო თავდაცვის ოთხი პოლკი, აგრეთვე ორი საინჟინრო ბატალიონი; ხოლო რეზერვების შემადგენლობაში კი იმ 16 ბრიგადაზე დამატებით ნაშვენები იყო სხვადასხვა ტიპის 50 ცალკეული ბატალიონი და დივიზიონი, აგრეთვე ტერიტორიული თავდაცვის ჯარების დაახლოებით 200 ცალკეული ბატალიონი და ასეული. ასეთნაირად აწყობილი რეგულარული და სარეზერვო საჯარისო ნაწილებისა და ქვედანაყოფების სისტემა უზრუნველყოფდა საჭიროების შემთხვევაში ერთი კვირის განმავლობაში 700-ათასიანი შეიარაღებული ძლების მობილიზაციას.

სწორედ ასეთი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას გვთავაზობდნენ 90-იანი წლების შუახანებში იგივე ნატო-ელი სპეციალისტები და ექსპერტები. იმ დროიდან ექვსწელიწადნახევაზე მეტი გავიდა და ჩვენს ხელისფლებას სერიოზულად რომ გადაედგა პრაქტიკული ნაბიჯები ამ მეტად ნათელი, კონკრეტული და განხორციელებადი ამოცანების გადასაჭრელად, დღესდღეობით უკვე 120-150 ათასი მომზადებული რეზერვისტიც უნდა გვყოლოდა. მათი სათანადოდ შეიარაღების შემთხვევაში საქართველო რეგიონში უკვე ანგარიშგასაწევი ძალის მქონე სახელმწიფო იქნებოდა, ტერიტორიული მთლიანიობის აღდგენის საკითხსაც გაცილებით უკეთესად მოაგვარებდა და ვერც რუსული საბრძოლო ავიაციის წვრილი თავდასხმების მსხვერპლად იქცეოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ პრაქტიკულად არაფერი გააკეთა ქვეყნის სამხედრო მშენებლობის რეალურად წარმართვის მიზნით, ხოლო ამ საქმით დაკავებულ სტრუქტურებში დასაქმებული, ძირითადად არაკომპეტენტური ადამიანები ნატო-ს ქვეყნებში მივლინებებით “გულაობას” უფრო მეტ ძალასა და ენერგიას ახმარდნენ, ვიდრე თანამედროვე სამხედრო საქმის საფუძვლიანად შესწავლასა და ქვეყნის თავდაცვის სისტემის რეალურად ჩამოყალიბებას.

ამის კვალდაკვალ თანდათან იცვლებოდა ამერიკელი და სხვა ნატო-ელი სპეციალისტების რჩევებიც საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების საქმეში. იმავე პენტაგონისა და ბუნდესვერის წარმომადგენლები, რომლებმაც ჩვენს მეზობელ თურქეთს სახმელეთო ჯარების შეიარაღების გასაახლებლად 90-იან წლებში მიაწოდეს 1180-მდე შედარებით თანამედროვე საბრძოლო ტანკი (M-60A1/A3 და “ლეოპარდ-1A1/A3”), 340 თვითმავალი ჰაუბიცა და სხვა საარტილერიო შეიარაღება (განსაკუთრებით 203,2-მმ თვითმავალი ჰაუბიცები M-110A2), ხოლო თავად თურქეთს მიცეს ლიცენზია და გამოაშვებინეს YPR-765 სერიის 1480 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა და სხვა, ჩვენ დაჟინებით გვიმეორებენ, რომ საქართველოს ჯავშანსატანკო ტექნიკა და საველე არტილერია მაინცა და მაინც არ სჭირდება და მსუბუქად შეიარაღებული ქვეითი ჯარებითაც შეძლებს საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფასო.

ნატო-ელი სპეციალისტების რჩევებში გამოიკვეთა და ჩვენში დამკვიდრებულ იქნა მეორე სიყალბეც, რომ თურმე მრავალრიცხოვანი რეზერვების მომზადება საჭირო აღარ არის და ჩვენი ქვეყნის თავდაცვისთვის საკმარისი იქნება მცირერიცხოვანი პროფესიული და კარგად განსწავლული ჯარების აშენება, და ამას რატომღაც ნატო-ს ბლოკის სტანდარტებად გვასაღებენ. როგორც ზემოთ ვნახეთ, თავად ნატო-ს პრაქტიკიდან ამომდინარე, ე. წ. “ცხელ რაიონში” განლაგებული ბლოკის წევრი სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ომიანობის დროს ქვეყნის მოსახლეობის 10 %-ის ტოლი რიცხოვნების შეიარაღებული ძალების მობილიზებისთვის. ამის თვალსაჩინო მაგალითს ცივი ომის მიწურულს წარმოადგენდა ნორვეგია, რომელიც უშუალოდ ემეზობლებოდა საბჭოთა კავშირს. დღესდღეობით ეს მაჩვენებელი იმავე ნორვეგიაში (ნეიტრალური შვეიცარიის მსგავსად) მოსახლეობის 5 %-მდეა შემცირებული და 220 ათას რეზერვისტს ითვალისწინებს, მაგრამ არა 12 ათას პროფესიონალს, როგორც ამას ჩვენ ამერიკელი და სხვა ნატო-ელი სპეციალისტები “გვირჩევენ”.

მცირერიცხოვანი შეიარაღებული ძალების მშენებლობის პრაქტიკა მართლაც არის ნატო-ს ბლოკის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ნიდერლანდები, ბელგია და პორტუგალია, მაგრამ ნუთუ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, სამხედრო-პოლიტიკური გარემოცვა და რეგიონში სიტუაციის დაძაბულობა რამდენადმე მაინც უახლოვდება ამ სამი მცირე სახელმწიფოს მდგომარეობას? და მერე რატომ არის გასაღებული თუნდაც ნიდერლანდების, ბელგიისა და პორტუგალიის სამხედრო მშენებლობის პრაქტიკა “ნატო-ს სტანდარტად”, როდესაც სრულიად საწინააღმდეგოს მეტყველებს ნორვეგიის, ან კიდევ ბლოკის სამხრეთ ფლანგზე მდებარე საბერძნეთისა და თურქეთის გამოცდილება? (გვიანდელი შენიშვნა: მაგრამ ეუთო-ს ეგიდით საქართველოსთვის დადგენილი 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანისა და 285 საველე საარტილერიო სისტემის კვოტებით შესაძლებელია მხოლოდ მცირერიცხოვანი სახმელეთო ჯარების /ორი ჯავშანსატანკო და ორი-სამი ქვეითი ბრიგადის/ დაკომპლექტება, და ამაშია სწორედ საქმეც).

რატომ შეიცვალა ასე რადიკალურად ნატო-ელი მრჩევლების დამოკიდებულება საქართველოს ჯარების მშენებლობისადმი? საქმე იმაშია, რომ 90-იანი წლების შუახანებში ნატო-ელი სპეციალისტები და ექსპერტები ახლად შემოდიოდნენ საქართველოში და ჯერ კიდევ არ ჰქონდათ შესწავლილი და ათვისებული ჩვენს ქვეყანაში ამ მხრივ არსებული სიტუაცია, არ ჰყავდათ ნაყიდი და გადაბირებული თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების სფეროში საკვანძო თანამდებობებზე მყოფი ჩინოვნიკები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ხოლო მათ მიერვე დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ჯერ მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამდნენ და დასავლეთისთვის სასურველი კლიმატის შექმნა ისე კარგად არ შეეძლოთ. ამიტომ ამ ფონზე ჩვენში ჩამოსულ ამერიკელ და სხვა ნატო-ელ მრჩევლებს, ჩვენივე ნდობისა და კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, მაშინ უფრო მეტი სიმართლის თქმა უხდებოდათ. სულ ეს არის და ეს.

საქართველოსთვის სამხედრო დახმარების საკითხში ამერიკულ-ქართული მორიგი სიყალბის საილუსტრაციოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ ამ ცოტა ხნის წინ პენტაგონის მიერ საქართველოსთვის UH-1D “იროქეზის” ტიპის ათი ვერტმფრენის გადმოცემა. მართალია, ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯება, მაგრამ როცა ამ საჩუქარს თან სიცრუე და ვერაგობაც მოჰყვება, მაშინ კი კარგად უნდა დავფიქრდეთ და გავარკვიოთ, თუ ასეთ სიცრუეს საით შეიძლება მივყავდეთ. (გვიანდელი შენიშვნა: აქ ერთერთი მთავარი სიცრუე მდგომარეობდა იმაში, რომ ჩვენში ხმამაღლა აცხადებდნენ, ამერიკელებმა ათი ს ა ბ რ ძ ო ლ ო /ხაზი ჩემია – ი. ხ./ ვერტმფრენი გადმოსცეს საქართველოსო, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ეს მაშინ წერილის ტექსტში მკაფიოდ ვერ გამოკვეთე, თუმცა კი მაშინ არც ამის საჭიროება იყო იმდენად, რადგანაც ამის თაობაზე ხშირად აცხადებდნენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში).

საქმე იმაშია, რომ UH-1 “იროქეზის” სერიის ვერტმფრენები აშშ არმიის შეიარაღებაში გამოჩნდა ჯერ კიდევ 1960-იან წლებში და ვიეტნამის ომში ამერიკელები გარკვეული ამოცანების გადასაწყვეტად მათ წარმატებითაც იყენებდნენ. UH-1 ვერტმფრენები წარმოადგენენ მრავალმიზნობრივ ანუ ზოგადი დანიშნულების ვერტმფრენებს, რომელთა ფუზელაჟის ზომები სიგრძეში, სიგანესა და სიმაღლეში არის 12,8 X 2,8 X 4,4 მ, საბრძოლო დატვირთვა დაახლოებით 1700 კგ-ია. თითოეულ ასეთ ვერტმფრენს შეუძლია 11-14 სრულად ეკიპირებული ჯარისკაცის ან ცხრა საკაციანი დაჭრილის გადაყვანა. თავის დროზე სცადეს მასზე უმართავი საავიაციო რაკეტების გასაშვები დანადგარების, საავიაციო ქვემეხებისა და ტყვიამფრქვევების ჩამოკიდება მოქმედი სახმელეთო (მიწისზედა) ქვედანაყოფებისთვის საცეცხლე მხარდაჭერის აღმოსაჩენად. მაგრამ ფუზელაჟის მსხვილი ზომების გამო ასეთი ამოცანების გადაწყვეტისას ისინი ადვილად მოწყვლადი ხდებოდნენ მოწინააღმდეგის საზენიტო საშუალებებისგან.

ამიტომ საცეცხლე მხარდაჭერის აღმოსაჩენად იმავე ვიეტნამის ომის მსვლელობისას ამერიკელებმა გამოუშვეს სულ ორადგილიანი კაბინის მქონე მცირე ზომის ვერტმფრენები AH-1 “კობრა”, რომლის ფუზელაჟის ზომებიცაა 13,6 X 1,0 X 4,1 მ. კაბინაში ერთმანეთის უკან სხედან მეთაური და დამმიზნებელი, რის ხარჯზეც ფუზელაჟის სიგანე 1,0 მ-მდეა შემცირებული, თანაც არც სადესანტო განყოფილებაა გათვალისწინებული და კაბნის სიგრძეც მნიშვნელოვნად შემცირებულია. ასეთ ვერტმფრენებზე თავიდან დაიწყეს უმართავი საავიაციო რაკეტების გასაშვები დანადგარების ჩამოკიდება მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის დაზიანებისა და მსუბუქი საფორტიფიკაციო ნაგებობების დანგრევისთვის, მათ მისცეს აღნიშვნა AH-1G “ჰიუ კობრა” და უწოდებდნენ საცეცხლე მხარდაჭერის ვერმფრენებს.

უფრო მოგვიანებით მათ ფრთებზე, კაბინის ორივე მხარეს, დაიწყეს “თოუს” ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გასაშვები დანადგარების ჩამოკიდება (რვა-რვა რაკეტა “თოუთი” თითოეული ფრთის ქვეშ) და, შესაბამისად, მისცეს აღნიშვნები AH-1Q და S “კობრა თოუ” და მათ ეწოდა ტანკსაწინააღმდეგო ვერტმფრენები. 80-იან წლებში ამ ვერტმფრენები AH-1W და W/P მოდიფიკაციებზე დაიწყეს უფრო სრულყოფილი “ჰელფაირის” ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გასაშვები დანადგარების ჩამოკიდება და მათ მისცეს სახელწოდებები “სუპერ კობრა” და “ქინგ კობრა”. ამასთანავე 80-იან წლებში გამოუშვეს უფრო თანამედროვე AH-64 “აპაჩის” სერიის ვერტმფრენები, რომელთა გამოყენებაც, ისევე როგორც “კობრას” სერიის მანქანებისა, შეიძლება როგორც საცეცხლე მხარდაჭერის ამოცანების შესრულებისთვის, ისე ტანკსაწინააღმდეგო ამოცანებისაც. AH-1 და AH-64 ვერტმფრენები უკვე საბრძოლო მანქანებია (UH-1 და UH-60 ზოგადი დანიშნულების ვერტმფრენებისგან განსხვავებით, რომლებიც წყვეტენ ძირითადად საბრძოლო უზრუნველყოფის ამოცანებს), და მათ უწოდებენ სპეციალიზებულ მოიერიშე ან დამრტყმელ ვერტმფრენებს.

გარდა ამისა, აშშ არმიის შეიარაღებაში არის მსუბუქი ორადგილიანი OH-58 “კაიოვას” სერიის სადაზვერვო და ასევე CH-47D “ჩინუკის” ტიპის მძიმე სატრანსპორტო (სატრანსპორტო-სადესანტო) ვერტმფრენები (ამ უკანასკნელს აქვს ორი მზიდი ხრახნი კაბინის თავსა და ბოლოში, მისი საბრძოლო დატვირთვაა 18 ტ, ხოლო კაბინაში კი შესაძლებელია 44 სრულად ეკიპირებული ჯარისკაცის გადაყვანა, ან გარეთა საკიდებზე, მაგალითად, 155-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცის გადატანა).

ასეთ პირობებში ზოგადი დანიშნულების UH-1 და უფრო თანამედროვე UH-60 “ბლექ ჰოქის” სერიის ვერტმფრენები განკუთვნილია მცირე ტაქტიკური დესანტების გადასხმის, ტვირთების გადაზიდვის, დაჭრილებისა და ავადმყოფების ევაკუაციის, საძიებო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების, ადგილმდებარეობის დისტანციურად დანაღმვის ამოცანების შესრულებისთვის; აგრეთვ მათში შესაძლებელია რადიოელექტრონული ჩახშობის აპარატურის დაყენება და მაშინ EH-1 და EH-60 სერიების ასეთ ვერტმფრენებს იყენებენ რადიოელექტრონული ბრძოლის წარმოებისთვის (ესეც, ცხადია, საბრძოლო უზრუნველყოფის ამოცანებს განეკუთვნება).

UH-1 და UH-60 ზოგადი დანიშნულების ვერტმფრენებით ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგის ზურგში ტაქტიკური აერომობილური დესანტების გადასხმას წინ უნდა უძღოდეს ჯერ სადაზვერვო ვერტმფრენებით დესანტის ფრენის დაგეგმილ მარშრუტზე მოწინააღმდეგის მიწისზედა ჯარების საზენიტო საშუალებების გამოვლენა, შემდეგ კი მოიერიშე ავიაციის თვითმფრინავებითა და AH-1 და AH-64 დამრტყმელი ვერტმფრენებით აღნიშნული საშუალებების განადგურება ან ჩახშობა. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი UH-1 და UH-60 ვერტმფრენებით ტაქტიკური დესანტების გადასხმა. შემდეგში მოწინააღმდეგის ზურგში მოქმედ მედესანტეებს საავიაციო მხარდაჭერას უნდა აღმოუჩენდნენ მოიერიშე თვითმფრინავები და დამრტყმელი ვერტმფრენები. მხოლოდ ასეთ პირობებში იქნება შესაძლებელი წარმატებული აერომობილური მოქმედებების წარმოება.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, აშშ არმიის ყველა დივიზიაში არის საარმიო ავიაციის ბრიგადა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა დანიშნულების ვერტმფრენებს. სახელდობრ, ჯავშანსატანკო (მექანიზებული ქვეითი) დივიზიის შემადგენლობაში შედის სულ 146 ვერტმფრენი, მათგან 50 დამრტყმელი, 30 ზოგადი დანიშნულების, 54 სადაზვერვო და 12 რადიოელექტრონული ბრძოლისა (ანუ 50 საბრძოლო და 96 საბრძოლო უზრუნველყოფის ვერტმფრენი). სწორედ ამ მანქანების ასეთი შეხამება იძლევა როგორც მოწინააღმდეგის ჯავშანსატანკო ტექნიკასთან ბრძოლის, ისე აერომობილური მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობებს. მხოლოდ ზოგადი დანიშნულების ვერტმფრენების გამოყენება კი მოწინააღმდეგის ჰაერიდან შემოვლის მიზნით ამ მანქანებისა და მათში მყოფი მედესანტეების უცილობელ დაღუპვასთან იქნება დაკავშირებული.

ამ ვერტმფრენებით უბრალოდ შესაძლებელი იქნება თავად ამერიკელთა საჭიროებისთვის სერბეთის პროვინცია კოსოვოში ან სხვა რომელიმე რაიონში “სამშვიდობო” ოპერაციების წარმოებისას იქ ქართული ქვედანაყოფების გადასროლა. ანუ ამერიკელები კი არ გვეხმარებიან ჩვენი ჯარების ჩამოყალიბებაში, არამედ ისინი თავად გვიყენებენ თავიანთი მიზნებისთვის, და ასეთია სამწუხარო რეალობა.

ირაკლი ხართიშვილი

No comments:

Post a Comment