Tuesday, March 19, 2013

ნიკოლოზ დუბროვინი 1785 წელს საქართველოს მძიმე მდგომარეობის შესახებ

(მასალა წარმოადგენს აკადემიკოს დუბროვინის წიგნის «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе» /томъ II, С-Петербургъ, 1886/ VIII თავის თარგმანს)

თავი VIII

საქართველოს საუბედურო (бедственное) მდგომარეობა დაღესტნელ მთიელთა შემოჭრებისგან. – ქართული ჯარების მოუწყობლობა. – ერეკლე მეფე ითხოვს დახმარებას. – პორტას მონაწილეობა მთიელთა მტაცებლურ თარეშებში. – თურქების შემოჭრა იმერეთში და ავარელი ომარ-ხანისა საქართველოში. – მისი მოლაპარაკებები ერეკლე მეფესთან. – თავადი ჭავჭავაძე სთავაზობს ერეკლეს გახადოს თავადი პოტიომკინი საქართველოს ვასალი და დაუთმოს მას თავის სამფლობელოთა ნაწილი.

მთიელთა მღელვარება, რომელიც გამოვლინდა კავკასიის ხაზის თითქმის მთელ სივრცეზე და მისი დაცვისთვის დანიშნული ჯარების მეტად შეზღუდული რიცხვი, გვართმევდა ჩვენ შესაძლებლობას რომ რაიმენაირი დახმარება აღმოგვეჩინა საქართველოსთვის, და ამასობაში კი მისი მდგომარეობა უკიდურესად აშფოთებდა გენერალ-პორუჩიკ პოტიომკინს. ყაბარდოელთა და ჩეჩენთა მტრული მოქმედებების დაწყებასთან ერთად წყდებოდა ჩვენი შეტყობინება საქართველოსთან და იქ მყოფი ეგერთა ორი ბატალიონი სამსხვერპლოდ განწირულივით ჩანდა. მათ არ მიეწოდებოდათ ყველაზე უფრო აუცილებელი და თითქმის ერთი წლის განმავლობაში ვერ ღებულობდნენ ვერც ჯამაგირს, ვერც ფორმის ტანსაცმელს. მათი საკვებით უზრუნველყოფა იყო ყველაზე უფრო სამწუხარო მდგომარეობაში. ერეკლე, რომელიც ჰპირდებოდა ჩვენი ჯარების სურსათით მომარაგებას, აწვდიდა პროვიანტს უკიდურესი სიძნელეებით, არა აკურატულად და ამასთან ერთად მხოლოდ ფქვილს; ბურღულეული კი ბატალიეონებს საერთოდ არ მიუღიათ.

არეული გარემოებებისას და იმ მდგომარეობაში, რომელშიც იმყოფებოდა საქართველო, შესაძლებელი იყო ევარაუდათ, რომ სურსათის მოწოდება მომავალში კიდევ უფრო უარესად წავიდოდა, რომ არა მხოლოდ შეუძლებელი იქნებოდა პროვიანტის რაიმენაირი მარაგის შექმნა მოძრაობისა და საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევისთვის, არამედ ბატალიონები ვერ მიიღებენ მას ადგილზე დარჩენის შემთხვევაშიც კი. ჩვენი ჯარების უზრუნველყოფისთვის ამ მიმართებით რჩებოდა ერთი საშუალება: გაეგზავნათ საქართველოში რუსული ფული, რათა ბატალიონების მეთაურებს შეძლებოდათ, მეფისგან დამოუკიდებლად, თავად ეყიდათ სურსათი, მაგრამ ასეთი ზომა შეუძლებელი აღმოჩნდა შეტყობინების შეწყვეტის გამო.

“საქართველოს საქმეები, წერდა თავადი პოტიომკინი (Въ ордере П. С. Потёмкину 13-го октября. Государств. Арх., XXIII, № 13, карт. 50), მე ნაკლებად შემაშფოთებდა, იქაური უფროსი ჩემი ბრძანებების საწინააღმდეგოდ რომ არ იქცეოდეს. სახელდობრ კი მე ავუკრძალე ეგერთა ნაწილებად დაქუცმაცება: ისინი უნდა იყვნენ ერთად და იკავებდნენ არა ყველაზე უფრო მეწინავე პოზიციას, ვინაიდან, რამდენადმე მოშორებით იქნებან რა მათზე მომავალი მოწინააღმდეგისგან, არ დაექვემდებარებიან მის პირველ შემოტევას. უკუქცეული ქართველები მათთან (ჩვენს ბატალიონებთან) ჰპოვებდნენ თავშესაფარს, ხოლო მოწინააღმდეგე კი – ზღუდეს (упоръ). არ ვიცი, შეძლებენ კი ისარგებლონ იქაური ადგილების სიმაგრით და არის კი სადმე დამზადებული პროვიანტი, რათა აღმატებული ძალის თავდასხმის შემთხვევაში, შეეძლოთ დახმარების ზარალის გარეშე დალოდება. მე მაშფოთებს საქართველოს მდგომარეობა, და უფრო მეტად კი ჩვენი ჯარებისა. შეეცადეთ მთელი ზომებით შეაკაოთ ლეკების ახლანდელი მისწრაფება. მალე ზამთარი დადგება და ამასობაში ფანატიზმიც (მანსურისადმი) გაივლის. მისწერეთ ომარ-ხანს (ავარელს), აარიდებთ რა მას ქართველებზე თავდასხმისგან (отвлекая его отъ нападенiя на грузинъ). გაიხსენეთ მისი კეთილი განწყობა, უწინ თქვენს მიმართ გამოხატული, რისთვისაც თქვენ მოიწონეთ მისი ერთგულება მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის სამსახურისადმი და რომ, თქვენდა სამწუხაროდ, იგი თავის სიტყვას ტეხს იმ დროს (оставляетъ онъ васъ въ слове въ то время), როდესაც მასზე მოდის მონარქის მოწყალება და მისი მდგომარეობა შესაშური უნდა გახადოს”.

გენერალ-პორუჩიკ პ. ს. პოტიომკინს ვერ გამოენახა საქმის დასახმარებლად სხვა საშუალება, თუ არა განეცხადებინა, რომ საქართველოში გაგზავნილია რუსული ჯარების ახალი და მეტად მნიშვნელოვანი რაზმი, და ამ მიზნით უბრძანა გენერალ-პორუჩიკ ლეონტიევს, რათა მოზდოკთან ახლოს გადმოეყვანა ყაბარდოსა და ბუტირსკის პოლკები და დონელ კაზაკთა გრეკოვის პოლკი. არ შემოფარგლულა რა მხოლოდ ამ ჯარების თავმოყრით, არამედ სურდა რომ მიეცა გავრცელებული ხმებისთვის უფრო მეტი დამაჯერებლობა, პოტიომკინმა დაავალა ლეონტიევს მიემართა რაზმით ისეთი მოძრაობისთვის, “რომელიც შესაძლოა მიღებულ იქნას ისე, რომ თითქოსდა იგი (ჯარი) ნამდვილად მზად არის იმ მხარეში წასასვლელად” (Ордера Потёмкина генералу Леонтьеву 6-го и 9-го сентября, №№ 50 и 53).

არც ხმების გავრცელებას, არც თვით ჯარების მოძრაობას არ შეეძლოთ დაეშინებინათ ან მოეტყუებინათ ლეკები და სხვა დაღესტნური ტომები, რომლებიც მოქმედებდნენ ერთდროულად საქართველოს წინააღმდეგ და კავკასიის ხაზზე განლაგებული ჯარების წინააღმდეგაც. მთიელებმა კარგად იცოდნენ, რომ ხაზზე მთელი ჯარები დაკავებულნი არიან, რომ საქართველოში მათ შემოსასვლელად არსებობდა მხოლოდ ერთი გზა, რომელიც ძალზედ დიდ სიძნელეებს ქმნიდა მოძრაობისთვის და იმავე დროს მეტად მოსახერხებელი გახლდათ არცთუ დიდი რიცხვის შეიარაღებულთა მხრიდან დასაცავად (გზის შესაკვრელად – ი. ხ.). საქართველოს მტრებს ჩინებულად ესმოდათ, რომ დახმარება რუსეთი მხრიდან, საქმეთა მაშინდელი მდგომარეობისას, შეუძლებელი იყო ან, სულ მცირე, მეტად გაძნელებული, და ამიტომ ემზადებოდნენ საქართველოში შემოსაჭრელად, წარმატების სრული იმედით. ქართული სადაზვერვო რაზმები (разъезды) მოახსენებდნენ, რომ ლეკების ხროვას ჭარ-ბელაქანის მხრიდან განზრახული აქვს, 16 სექტემბერს, თავს დაესხას ქიზიყის სოფლებს. ამ ცნობების მიღების შემდეგ, პოლკოვნიკი ბურნაშოვი, მაშინვე გამოვიდა ტფილისიდან და განლაგდა სიღნაღში. აქ მოვიდა მეფე ერეკლე II-ც, ხოლო მის შემდეგ კი მოსვლა დაიწყეს სხვადასხვა სოფლებიდან, მცირე ნაწილებად, შეიარაღებულმა მცხოვრებლებმა, რომლებიც საკუთრივ შეადგენდნენ კიდეც იმას, რასაც ეწოდებოდა მეფის მხედრობა.

ჰქონდა რა ცნობები ქიზიყის მცხოვრებთა საეჭვო ერთგულების შესახებ და ეშინოდა რა, რომ ისინი არ გადასულიყვნენ მოწინააღმდეგის მხარეზე, პოლკოვნიკი ბურნაშოვი ურჩევდა ერეკლეს წასულიყო ქიზიყში, და, არ დაუშვებდა რა საქართველოს მაჰმადიან ქვეშევრდომთა შეერთებას მათ ერთმორწმუნე ლეკებთან, შეეტია უკანასკნელთათვის მათი მდინარე ალაზანზე გადმოსვლისას. მეფე არ დაეთანხმა ამ წინადადებას და, თავისთან დაახლოებულთა რჩევით, განზრახული ჰქონდა ემოქმედა თავდაცვითად, რათა თავდაცვა ეწარმოებინა კახეთის მაგარ ადგილებზე ლეკთა თავდასხმებისგან.

ავარელი ომარ-ხანი ამასობაში გადმოვიდა ყარააღაჩში მდინარე ალაზანზე 11.000-იანი რჩეული ჯარით და, გაჩერდა რა 15 სექტემბერს ნაკორციხის მთის ძირას, გადაწვა თივის მთელი ზვინები, რომლებიც მოთიბული ჰქონდათ გარეშემო მცხოვრებლებს.

17 სექტემბრის დილას სიღნაღში შეიტყვეს, რომ მოწინააღმდეგემ უკვე მდინარე იორიც გადმოლახა, და ზურგში მოექცა რა სიღნაღში შეკრებილ რაზმს, განზრახული აქვს იმოძრაოს ტფილისის მიმართულებით. ჰყავდა რა თავის განკარგულებაში არაუმეტეს 1.000 ცუდად შეიარაღებული ქართველი მოლაშქრისა, ერეკლე ვერც იმას ბედავდა, რომ ამ ჯარით დახვედროდა მოწინააღმდეგს, და ვერც იმას, რომ ცხენოსანთა ერთი ნაწილი განემწესებინა ომარ-ხანის მოძრაობაზე მეთვალყურეობისთვის. პოლკოვნიკ ბურნაშოვთან თათბირის შემდეგ გადაწყვეტილ იქნა, რომ დაეტოვებინათ სიღნაღში ავადმყოფები და, წამოვიდოდნენ რა რაც შეიძლებოდა სწრაფად უმოკლესი გზით მაღაროს გამოვლით ტფილისისკენ, მხედველობაში ჰქონოდათ უმთავრესად საქართველოს დედაქალაქის დაცვა.

გამოიარა რა ოცი ვერსი, შეერთებული რაზმი დადგა ბანაკად, რომელშიც ერეკლესთან მოვიდა განჯის მამასახლისის (старшина) ალი-ბეგის ნათესავი 50 ცხენოსნით. მან შეატყობინა, რომ შუშელ იბრაჰიმ-ხანს, სარგებლობს რა ამჟამინდელი შფოთიანობით საქართველოში, სურს მარტომ ჩაიგდოს ხელში განჯის სახანო; რომ შუშის ხანმა უკვე სიცოცხლე მოუსწრაფა მასთან ტყვეობაში მყოფ დაბრმავებულ განჯელ მეჰმედ-ხანს, რომ შეკრიბა რა ჯარები, იგი უკვე განჯას მოადგა, და ქალაქიდან 15 ვერსზე ბანაკიც დასცა; რომ იბრაჰიმმა ომარ-ხანს, თავის ცოლისძმას, გაუგზავნა 8.000 ფული და სთხოვა მისულიყო მასთან ჯარით განჯის დასაუფლებლად. ამ ცნობამ უკიდურესად დაამწუხრა ერეკლე, რომელსაც არ სურდა უარი ეთქვა განჯაზე და ჯერ კიდევ ჰქონდა სახანოს თავისი ძალაუფლებისადმი დაქვემდებარების იმედი. მეფე დაამშვიდა მხოლოდ იმ ცნობამ, რომ ალი-ბეგი ჰპირდებოდა თავი დაეცვა უკიდურეს შესაძლებლობამდე და შეენარჩუნებინა საქართველოს მეფისადმი ერთგულება.

უკან იხევდა რა ტფილისისკენ და თან იერთებდა სხვადასხვა მხრიდან მოსულ შეიარაღებულ ქართველებს, რომელთა რიცხვიც ახლა 3.000 ადამიანამდე ადიოდა, რაზმი 18 სექტემბერს მოვიდა საგარეჯოში, სადაც შეიტყო, რომ ლეკები მოადგნენ მდინარე მტკვარს და გაჩერდნენ ყარაიას სანახებში, რომელიც სულ ოცდახუთ ვერსზე იმყოფება დედაქალაქისგან. ეშინოდა რა, რომ მოწინააღმდეგეს, რომლის რიგებშიც იყო ბევრი ცხენოსანი ჯარი, არ მოეხდინა სწრაფი თავდასხმა ავლაბარზე, თბილისის გარეუბანზე, მეფე ერეკლეს არ ჰქონდა იმედი, რომ მცხოვრებნი გაუწევდნენ ძლიერ წინააღმდეგობას მოწინააღმდეგეს “არა იმდენად წინააღმდეგობის გამწევთა სიმცირის გამო, მოახსენებდა ბურნაშოვი (Рапортъ Бурнашёва Потёмкину 25-го сентября 1785 года. Госуд. Архивъ, XXIII, № 13, папка 49), რამდენადაც შინაგანი მოუწყობლობისა და მეშჩანთა უკმაყოფილების შედეგად, ქალაქის მმართველთა მხრიდან ძლიერი გასახადების მიზეზით” (... царь Ираклiй не надеялся, чтобы жители оказали сильное сопротивленiе неприятелю «не столько по малости могущихъ противиться, доносилъ Бурнашёвъ, сколько по внутреннему неустройству и неудовольствiю мещанъ по причине сильныхъ налоговъ отъ правящихъ городомъ»).

19 სექტემბერს დილაადრიან, ერეკლემ ბურნაშოვთან ერთად, გამოვიდნენ რა საგარეჯოდან და მოდიოდნენ ტფილისისკენ, გზაზე შეიტყვეს, რომ მოწინააღმდეგემ, რომელიც ყარაიასთან გადავიდა მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, შემდეგ გადალახა მდინარე ალგეთიც სოფელ მარნეულის ქვემოთ. ეს მოძრაობა მიუთითებდათ, რომ დაღესტნელებს განზრახული ჰქონდათ შეერთებოდნენ თავიანთ ერთმორწმუნეებს და ჩქარობდნენ ბორჩალოში, ქართულ პროვინციაში, რომელიც დასხლებული იყო მხოლოდ მაჰმადიანებით. უწინდელი ურთიერთობანი და ერთმანეთთან მიწერ-მოწერა იმედს აძლევდათ ლეკებს, რომ მეფის მაჰმადიანი ქვეშევრდომები შეუერთდებოდნენ მათ და ჩამოსცილდებოდნენ ერეკლეს. მათი საქციელიც ისეთი იყო, რომ თავად მეფეც თითქმის დარწმუნებული გახლდათ თავის ქვეშევრდომთა არაკეთილსაიმედობაში, მაგრამ, სურდა რა დაესწრო აჯანყებისთვის, იგი ჩქარობდა მოწინააღმდეგის დადევნებას და, თუ შესაძლებელი იქნებოდა, სურდა, რომ არ დაეშვა ლეკების მიერ მათი განზრახვის აღსრულება. ერეკლე ყოველი მხრიდან მოუწოდებდა თავის ქვეშევრდომებს სამშობლოს დასაცავად, გასცემდა განკარგულებებს ტფილისის დაცვისთვის და სთხოვდა ბურნაშოვს აჩქარებულიყო მდინარე მტკვრის მეორე ნაპირზე გადასასვლელად. ჩვენი ჯარები აკეთებდნენ რა გაძლიერებულ გადასვლებს, მდინარე მტკვარზე გადადიოდნენ ტფილისში ხიდით; ქართველები ბრბოებად მოედინებოდნენ ერეკლეს ბანაკში, რომელმაც მტკვარი ფონით გადალახა თორმეტ ვერსზე ტფილისის ზევით. ყველა, ვისაც კი შეეძლო იარაღის ტარება, გაწვეულ იქნა თავისი სამშობლოს დასაცავად.

20 სექტემბერს ერეკლე მოითვლიდა უკვე ხუთი ათას ადამიანს, გაძლიერებულს რუსული ჯარების რვა ასეულით, და ოთხას ინგუშსა და ოსს, რომლებიც მოსულნი იყვნენ მეფის მოწოდებით. მოახდინეს რა ორმოც ვერსიანი გადასვლა, ჯარებმა საღამოს დაახლოებით ცხრა საათზე მიაღწიეს სოფელ მარნეულს, სადაც განლაგდნენ კიდეც ბანაკად. ომარ-ხანი, შემოიჭრა რა ბორჩალოში, არ დაურბევია სოფლები, არამედ აიყვანა ამანათები (მძევლები – ი. ხ.) და ხეობით ზევით აუყვა მდინარე დებედას ახტალის ვერცხლის ქარხნებისკენ, დაარბია ისინი და ეკლესია, დაეუფლა აღჯა-ყალას ციხესიმაგრეს, და, ამოხოცა რა იქ ორივე სქესის 640 ადამიანამდე, ტყვდ წაიყვანა 860 სული, უპირატესად ქარხანაში მომუშავე ბერძნები (Рапортъ Бурнашёва 4-го октября, № 42).

როდესაც ჩვენი ჯარები ქართულ ჯარებთან ერთად მოვიდნენ ხეობასთან მდინარე დებედაზე, რომელიც ციხესიმაგრე აღჯა-ყალას რამდენადმე უფრო ზევით იმყოფებოდა, მოწინააღმდეგე იქ უკვე აღარ იყო: იგი შევიდა ხეობის სიღრმეში და, როგორც ამბობდნენ, გაემართა ლორეს ციხისკენ. ერეკლე ვერ ბედავდა მტრების დადევნებას და აფიქრებდა ხეობაში შესვლა. მას არ ჰქონდა ზუსტი ცნობები იმის შესახებ, თუ სად იყო მოწინააღმდეგე, ვინაიდან შეიარაღებუოლ ქართველთა ბრბოს არ გააჩნდა არანაირი დაზვერვის წარმოების უნარი. ქართულ ჯარებში გამეფებული იყო სრული უწესრიგობა და დაუმორჩილებლობა. “მართლაც, მოახსენებდა ბურნაშოვი (Рапортъ Бурнашёва 25-го сентября), არა მხოლოდ მეწინავე რაზმები არ არის, არამედ გაჭირვებით თუ ხდება ღამით ცხენოსანი სადარაჯო რაზმების დაყენებაც, და ამიტომ არ გაგვაჩნია სწრაფი და სწორი ცნობები მოწინააღმდეგეზე; ყველანი ჯგუფებად გროვდებიან ჩვენი ჯარების მახლობლად”. არავინ არ ისმენდა ბრძანებებს; ბევრი სახლებში მიდიოდა, ასე რომ თუნდაც რაიმენაირი წესრიგის დამყარებისთვის ერეკლე იძულებული იყო სიმკაცრე გამოეყენებინა, რომელმაც თუმცა კი დადებითი შედეგები ვერ მოიტანა. მეფემ ბრძანა შეეპყროთ გაქცეულები და, თუმცა კი ზოგიერთ მათგანს ყურებიც დააჭრეს, მაგრამ გაქცევები არ წყდებოდა და მეფის ჯარი ძალიან მალე თითქმის სანახევროდ შემცირდა. ერეკლე სამი ათასამდე მოითვლიდა, მაგრამ იყო თუ არა ამდენი, ძნელი გადასაწყვეტია, იმიტომ რომ ეს გახლდათ ბრბო მწყობრის გარეშე, დისციპლინის გარეშე და ნაწილებად დაყოფის გარეშეც.

მოწინააღმდეგის შესახებ დასაზვერად იძულებული ხდებოდნენ გამოეძახათ მოხალისები, რომლებიც, დიდი საზღაურის სანაცვლოდ, მალულად მიდიოდნენ რა ტყეებით, ან ადიოდნენ მთებში, შორიდან უთვალთვალებდნენ მოწინააღმდეგეს და, ღამის დადგომის შემდეგ, ასევე მალულად უკანვე ბრუნდებოდნენ. ასეთი პირები აწვდიდნენ ყველაზე უფრო არასწორ ცნობებს და ამასთან მხოლოდ მესამე დღეს – იმ დროში, როდესაც მოწინააღმდეგეს შეეძლო მთელი საქართველო მოევლო სიგრძესა და სიგანეში.

ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში ერეკლე მთელ იმედებს ამყარებდა მხოლოდ რუსული ჯარების ახალ გამოგზავნაზე საქართველოში. მდინარე დებედაზე დაცემული ბანაკიდან მან გაუგზავნა პ. ს. პოტიომკინს მესამე შიკრიკი წერილით, რომელშიც წერდა, რომ თუკი თორმეტი ან თხუთმეტი დღის შემდეგ რუსული ჯარები არ მოვლენ საქართველოში, მაშინ ეს ქვეყანა უნდა დაიღუპოს.

“ჩვენი ნების გარეშე თავს გაწყენთ ამ ჩვენი წერილით, წერდა მეფე პოტიომკინს (Въ письме отъ 25-го сентября. Государственный Архивъ, XXIII, № 13, папка 49), იმიტომ რომ თურქისა და ლეკის თანხმობით განვიცდით ჩვენი მიწის დიდ უბედურებას და შესაძლოა, რომ უფრო მეტი ტანჯვა და მწუხარება შეიქნეს. ჩვენ თავს არ ვზოგავთ, თუკი ჩვენი სისხლი სარგებელს მისცემს ჩვენს სამშობლოს, არასოდეს თავი არ დაგვიზოგავს ჩვენი მოვალეობის მიხედვით, მით უმეტეს ამ დროში, რომელშიც დიდი იწროებანი გვარტყამს გარშემო ჩვენცა და ჩვენს მიწებსაც, სადაც ჭირთა დათმენა და სიმამაცის გამოჩენა გვმართებს ყველას. მაგრამ არა გვაქვს იმედი არც ჩვენ, არც ჩვენს ხალხს, რომ ჩვენი სისხლის დათხევის შემდეგ სიმშვიდესა და უსაფრთხოებაში იქნებიან ჩვენები და თავს დაიხსნიან დიდ უბედურებათაგან”.

ჩვენ ვნახეთ მიზეზები, რომელთა გამოც პოტიომკინს არ შეეძლო ერეკლეს სურვილის დაკმაყოფილება. იგი პასუხობდა მეფეს, რომ გამოიყენებს ყველა საშუალებას იმისთვის, რათა დახმარება აღმოუჩინოს, “მაგრამ როგორ შეიძლება ჯარების გამოგზავნა, ეკითხებოდა პოტიომკინი, როდესაც საქართველოსკენ გზა მთლიანად გაფუჭებულია? მე არ დავაყოვნებ მისი შეკეთების დაწყებას, და მაშინ ყველაფრის აღსრულებას, რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული არ გადავდებ”.

საკუთარი თავისა და საკუთარი სახსრების ამარა დარჩენილი საქართველოს მეფე რჩებოდა ერთსა და იმავე ადგილას. ამ დროში ომარ-ხანმა, აუყვა რა მდინარე დებედას სოფელ უზუნლარამდე, რომელიც ტფილისიდან ორმოცდახუთ ვერსზე იმყოფებოდა, ერთი პარტია გაგზავნა ლორეს ციხისკენ, სადაც მან, არ შეხებია რა სიმაგრეს, გადაწვა მის გარეშემო მთელი პური, თივა და ყველაფერი, რისი განადგურებაც კი შეიძლებოდა. არ შეხვედრია რა არსად წინააღმდეგობა და თვლიდა, რომ საკმარისი ზარალი მოაყენა საქართველოს, ომარ-ხანმა გამოუგზავნა ერეკლეს ქართველი აზნაური მურვანოვი განცხადებით, რომ იგი მზად არის შეურიგდეს მას და გახდეს მისი მოკავშირე, მხოლოდ თუკი მეფე გადაუხდის ორმოცდაათ მანეთს თითოეულ ტყვეში და დაუწესებს მას, ომარ-ხანს, ყოველწლიურ ჯამაგირს ათი ათას მანეთს. ერეკლე იმავე მურვანოვის მეშვეობით პასუხობდა, რომ მზად არის გადაუხადოს ორმოცდახუთი მანეთი თითოეულ ტყვეში, ნახევარი ფულით და ნახევარი კი ფარჩით, და თუკი ომარი გავა მისი ფარგლებიდან მდინარე ალაზანს იქით, მაშინ იგი აწარმოებს მასთან შემდგომ მოლაპარაკებებს. არ დალოდებია რა ომარ-ხანისგან დამაკმაყოფილებელ პასუხს, ერეკლემ გაგზავნა ლორეს ციხეში გარნიზონის დასახმარებლად სამოცდაათი მოხალისე, დაპირებით მიეცა თითოეული მათგანისთვის ორმოცდაათი მანეთი. ეს დახმარება სწორედაც რომ დროზე მივიდა, ვინაიდან 28 სექტემბერს ომარ-ხანმა შემოუტია ლორეს, მაგრამ, არ ჰქონია რა წარმატება, თვალს მიეფარა. ისევ არავინ არ იცოდა, თუ საით მიმართა მან თავისი მოძრაობა. ლორედან სხვადასხვა დროს თითო-თითოდ მოსული ქართველები მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ მოწინააღმდეგე წავიდა, მაგრამ საით – უცნობია. რადენიმე დღე გავიდა, მოწინააღმდეგის შესახებ ცნობები კი მაინც არ ყოფილა მიღებული, და ერეკლე ვარაუდობდა, რომ ომარ-ხანი წავიდა ახალციხელი სულეიმან-ფაშის ჯარებთან შესაერთებლად, და რომ, მიიღებს რა მისგან დახმარებასა და რამდენიმე ქვემეხს, წამოვა ტფილისზე. ეს ვარაუდი თითქოსდა უნდა გამართლებულიყო, ვინაიდან 3 ოქტომბერს ახალციხიდან დაბრუნდა ერთი ქართველი, იქ გაგზავნილი ერეკლეს მიერ, რომელმაც განაცხადა, რომ ნახა ლეკები თავფარავანის ტბასთან, ხოლო ახალქალაქისკენ მომავალ გზაზე კი მან შეიტყო, რომ სულეიმა-ფაშამ გაგზავნა კონსტანტინოპოლში მოხსენება ომარ-ხანის საქართველოში შემოსვლის შესახებ და კითხულობდა პორტას ბრძანებას, თუ როგორ მოქცეულიყო იგი მოცემულ შემთხვევაში. ერეკლემ უკეთესად ჩათვალა არ წასულიყო მოწინააღმდეგის კვალზე, არამედ უკან დაეხია მთელი ჯარებით ტფილისისკენ, როგორც ერთადერთი ადგილისკენ, რომელიც მას, მის ხელთ არსებული საშუალებების გათვალისწინებით, განზრახული ჰქონდა რომ დაეცვა. თუმცა კი თავის უკანდახევას იგი ხსნიდა იმით, რომ განზრახული აქვს დადგეს თავისი სამეფოს ცენტრში და ჰქონდეს დახმარების მიწოდების შესაძლებლობა ყველა მხარეში, სადაც კი არ უნდა გაემართოს მოწინააღმდეგე. საქართველოს დედაქალაქში მოსვლის შემდეგ, მიღებულ იქნა ცნობა, რომ ომარ-ხანი წავიდა ახალქალაქში, აქედან გამომდინარე, ახალციხის ფაშასთან შესაერთებლად.

ახლა მთელი საფრთხე საქართველოს ემუქრებოდა ახალციხის მხრიდან, მაგრამ, ბურნაშოვის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად გაეგზავნა თუნდაც ნაწილი ჯარებისა საზღვრის თავდაცვისთვის ამ მხრიდან, ერეკლე არ იძვროდა ადგილიდან. თურქები, შეუერთდნენ რა ლეკებს, 300-დან 700 კაცამდე პარტიებით ახდენდნენ თავდასხმებს მდინარე მტკვრის ორივე მხარეზე, მიერეკებოდნენ საქონელს, ძარცვავდნენ ქონებას და ტყვედ მოჰყავდათ მცხოვრებნი. ეს თავდასხმები (თარეშები) წარმოებდა, აშკარაა, თურქეთის მთავრობის ნებართვით. თუმცა კი პორტამ, ჩვენი ელჩის მოთხოვნის შედეგად, დაუგზავნა კიდეც მეზობელ ფაშებს ამკრძალავი ფირმანები, რომლებშიც უბრძანა არ წვდეთ ხარს რქებში, თუკი წევს, და არ აიძულოთ იგი წამოდგეს, მიუხედავად ამისა, საიდუმლოდ იგი მფარველობას უწევდა ყველა მტრულ მოქმედებას რუსეთის წინააღმდეგ და, არ იშურებდა რა ფულებს, უგზავნიდა მათ ადერბაიჯანის ხანებსა და მთიელ მფლობელებს. პორტას წარმოგზავნილები დრო და დრო ჩნდებოდნენ ამიერკავკასის სხვადასხვა ადგილას და დაღესტანში. ერთერთმა მათგანმა შეაღწია ოსებში დავალებით, რომ გაეფუჭებინათ გზები და წინააღმდეგობანი შეექმნათ რუსეთის ყველანაირი შეტყობინებისთვის საქართველოსთან (Рапортъ П. С. Потёмкина князю Потёмкину 20-го декабря, № 410). თუ ოსები არ დაეთანხმენ თურქეთის მთავრობის სურვილის დაკმაყოფილებას, პორტას ხრიკებს სხვა ტომებს შორის უკვალოდ არ ჩაუვლია, და რუსეთის მოწინააღმდეგეთა რიცხვიც ყოველდღიურად იზრდებოდა. “ვალად ვუდგენ ჩემს თავს, მოახსენებდა პოლკოვნიკი ბურნაშოვი (Рапорты Бурнашёва П. С. Потёмкину, отъ 4-го и 15-го октября, №№ 42 и 44), წარმოგიდგინოთ ზუსტი მდგომარეობა ჩვენი მიმართებით საქართველოში, რომ მეზობლები მზაკვრები და საერთოდ ჩვენდამი მტრულად განწყობილნი არიან; მოკავშირე ყველა ნაწილში სუსტი და არასაიმედოა; ჩვენი ჯარების სურსათით მომარაგება ჩემს ძალაუფლებაში არ არის და მოგვეწოდება ძალზედ ნელ-ნელა, და ამაზე ზევით, არ გამაჩნია მე სხვა საშუალებანი, გარდა მეფის მხარისა, მეზობელთა საქმეების შესახებ ცნობების მისაღებად”.

ქართველები ამ უკანასკნელ შემთხვევაში სრულებით უუნარონი იყვნენ, და ბევრმა დრომ გაიარა მას შემდეგ, რაც ერეკლემ მიიღო უკანასკნელი ცნობები მოწინააღმდეგის შესახებ. ტფილისამდე მოვიდა მხოლოდ ხმები, რომ ბამბაკის მცხოვრებნი, ეშინოდათ რა ლეკების შემოჭრისა, წავიდნენ ერევნის მხარეში, ზოგიერთები კი ყარსამდეც მივიდნენ. თუმცა კი სულემან-ფაშა მუქარებით მოითხოვდა ერევნის ხანისგან, რომ მიეცა მისთვის ყველაფერი რაც ქართველეს ეკუთვნოდათ, მაგრამ ხანმა უარი უთხრა და ყველა გაქცეული მათი ქონებით მიიღო თავისი მფარველობის ქვეშ. შუშელი იბრაჰიმ-ხანი, რომელიც ჯერ კიდევ განჯასთან იდგა, სარგებლობდა რა შფოთიანობით საქართველოში, ცდილობდა ქალაქის დაუფლებას, მაგრამ ზარალით უკუგდებულ იქნა. მაშინ მან გამოუგზავნა ერეკლეს წერილი, რომელშიც წერდა, რომ განჯიდან უკან დაიხია მისი რჩევის მიხედვით და რომ, სურს რა შეინარჩუნოს მასთან კავშირი და მეგობრობა, გაუგზავნა ომარ-ხანს თავისი დესპანი ერეკლესთან შერიგების წინადადებით. ყარაბაღის ხანი ამბობდა, რომ თუკი ომარ-ხანი უარს იტყვის მისი მოთხოვნის შესრულებაზე, მაშინ იგი მზად არის მხარში ამოუდგეს საქართველოს თავისი ჯარებით. არ ენდობოდა რა იბრაჰიმს, ერეკლე სთხოვდა მას გამოეგზავნა არა ჯარები, არამედ ფული სამხედრო ხარჯებისთვის, რომელიც, რა თქმა უნდა, შუშის ხანს არ გამოუგზავნია, ზუსტად ისევე, როგორც არ ფიქრობდა არანაირი წინადადების მიცემას ავარელი ომარ-ხანისთვისაც.

უკანასკნელმა, განლაგდა რა თავისი ლაშქრით ახალქალაქში, ახალციხელი სულეიმან-ფაშისგან მიიღო 100 ქისა ფული და ჯარის შესანახი სახსრები. შეუერთდა რა ლეკებს და ვარაუდობდა ახალი შემოჭრის მოხდენას საქართველოში, სულეიმანმა გამოგზავნა იმერეთში დავით მეფესთან თავისი დესპანი, დაიმედებით, რომ პორტა გამოუგზავნის მეფეს ხმალს, ხალათსა (шубу) და ფირმანს სამეფო ღირსებაში მის აღიარებაზე, თუკი მხოლოდ დავითი შეუერთდება მათ თავისი ჯარებით.

დავითის უარმა უკიდურესად გააღიზიანა მოკავშირენი, და ომარ-ხანი, ხიდხანს რომ არ უფიქრია, შემოიჭრა იმერეთში, ჰყავდა რა თავისთან ექვსი ათასამდე ლეკი და ათასამდე ახალციხელი თურქი. როგორც კი ამ ცნობამ მოაღწია საქართველოს დედაქალაქამდე, მაშინვე პოლკოვნიკი ბურნაშოვი, ერეკლეს თხოვნით, ეგერთა ბატალიონებით გამოვიდა ქალაქ ტფილისიდან და, მივიდა რა მცხეთაში, გაჩერდა მუხრანის ველზე. მის კვალდაკვალ მიმყოლი ერეკლე მეფე თავისი ლაშქრით გაჩერდა თავად მცხეთაში და ორივემ დაადგინა დარჩენილიყვნენ თავიანთი განლაგების ადგილას იმ დრომდე, სანამ არ მიიღებენ უფრო გარკვეულ ცნობებს მოწინააღმდეგის შესახებ.

27 ოქტომბერს მიღებულ იქნა შეტყობინება, რომ ომარ-ხანმა შემოუტია ვახანის ციხეს, რომელიც ეკუთვნოდა თავად აბაშიძეებს და იდო ქართლთან იმერეთის საზღვარზე. ერეკლე მაშინვე დაიძრა თავისი ცხენოსანი ჯარით და წავიდა ქალაქ გორის მიმართულებით, რათა დაემზადებინა იქ პროვიანტი ჩვენი ჯარებისთვის. ბურნაშოვს მან სთხოვა დარჩენილიყო მუხრანის ველზე, მეფისგან ცნობების მიღებამდე. ასეთი თხოვნის მიზეზი გახლდათ ის გარემოება, რომ ერეკლეს არ სჯეროდა ხმების სამართლიანობისა, თვლიდა რა დაუჯერებლად, რომ თურქებს ლეკებთან ერთად ალყა შემოერტყათ ვახანისთვის, რადგანაც თავადი აბაშიძე და სულეიმან-ფაშა ერთმანეთთან მეგობრულ ურთიერთობებში იმყოფებოდნენ. შემდეგ დღეს, 28 ოქტომბერს, ერეკლემ შეატყობინა ბურნაშოვს, რომ ხმები სამართლიანია და სთხოვდა მას წასულიყო შესაერთებლად, ამასთან ატყობინებდა, რომ დავით მეფე შეუერთდა სამეგრელოს დადიანს და სოფელ მარელთან მოვიდნენ ჯარებით, რომელთა რიცხვიც, მეფის სიტყვებით, თხუთმეტი ათას ადამიანამდე ადიოდა.

გორში ბურნაშოვმა ვერ ჰპოვა ერეკლეს მიერ მისთვის შეპირებული სურსათი და პროვიანტის მომარაგება შეძლო მხოლოდ დღენახევრისთვის. დატოვა რა გორში აღალი და ავადმყოფები, ბურნაშოვი წინ წავიდა, გადალახა მდინარე ლიახვი და 30 ოქტომბრის საღამოს მიაღწია სურამს, სადაც იმავე დღეს მოვიდა ერეკლეც თავისი ჯარებით, რომლებსაც მეფე მოითვლიდა 1.500 ადამიანამდე. სურამში ჩვენი ბატალიონები ორ დღეს გაჩერდნენ, რათა გაეკეთებინათ სურსათის აუცილებელი მარაგები და გაემართათ (исправить) არტილერია. ავარელი ომარ-ხანი ჯერ კიდევ იმყოფებოდა ვახანის ციხის წინ. არ გააჩნდა რა ძალები იერიშით მისი აღებისთვის, მან ორჯერ სცადა დენთით მისი აფეთქება, იმის მსგავსად, როგორც გააკეთა ეს ახტალაში, მაგრამ წარუმატებლად. მაშინ მან მიმართა ეშმაკობას და მოახერხა გამოეწვია თავისთან, ზავზე მოლაპარაკებების სახით, ციხის მფლობელი თავადი აბაშიძე, იმერეთის მეფის სოლომონის სიძე. იცოდა რა, რომ ომარ-ხანთან იმყოფება თავადი პაპუნა წერეთელი, ს.-პეტერბურგში იმერეთის ყოფილი ელჩის ღვიძლი ძმა, და მისი ერთერთი თანამოგვარეც, თავადი აბაშიძე მიენდო და გამოვიდა ომარ-ხანთან, მაგრამ შეპყრობილ იქნა, ხელებშეკრული და ტყვედ გამოცხადებული. ომარ-ხანის მოღალატურმა საქციელმა ვერ შეასუსტა ალყაშემორტყმულთა ენერგია: არ პასუხობდნენ რა დანებების მოთხოვნაზე, მათ გადაწყვიტეს დაეცვათ ციხესიმაგრე და ითხოვდნენ დახმარებას. ერეკლეს სურდა მაშინვე წასულიყო მათთან და ამ მიზნით გაგზავნა შიკრიკი იმერეთის მეფე დავითთან, რათა იგი შეერთება მას 1 ნოემბერს სოფელ ნებოზირთან, და იქიდან ერთობლივი ძალებით შეეტიათ მოწინააღმდეგისთვის. ამასობაში, 1 ნოემბრის გათენების ღამეს, ერეკლეს გასაოცრად* (*ეს ციხესიმაგრე, წერდა ერეკლე პოტიომკინს, ისეთი მაგარი იყო, რომ არასოდეს არ მიფიქრია, რომ მისი აღება შეიძლებოდა), მიღებულ იქნა ცნობა, რომ ციხის გარნიზონი დანებდა ლეკებს, რომ დანებების მიზეზი იყო არა იმდენად დაზიანებანი ციხესიმაგრეში, რამდენადაც ტანჯვა-წამება და ტირანობა, რომლებსაც ლეკები ახდენდნენ თავად აბაშიძეზე, გარნიზონს თვალწინ. არ სურდათ რა ეცქირათ თავიანთი თავადების ტანჯვისთვის, ვახანელებმა გააღეს კარი და ამ საქციელისთვის ყველაზე უფრო სასტიკად მოუხდათ ზღვევა: ყველა მამაკაცს, რომელთა რიცხვიც 700-მდე ადიოდა, თავადების გამოკლებით, სიცოცხლე მოუსწრაფეს, ხოლო ციხის ნაგებობანი კი ფერფლად აქციეს.

ვახანის ციხის განადგურებამ აიძულა ერეკლე რომ გაეჩერებინა თავისი მოძრაობა. იგი წერდა დავით მეფეს, რათა მას მოეხდინა ლეკების დევნა, ხოლო იგი რუსულ ჯარებთან ერთად მოუჭრიდა მათ უკანდასახევ გზას, თუკი ისინი დაიძრებოდნენ ქვიშხეთზე. მაგრამ ლეკები არ წამოვიდნენ ამ გზით; ისინი დაიძრნენ ახალციხისკენ მთების გადავლით ყველაზე უფრო ძნელი გზებით და ისე წავიდნენ, რომ არავის მათი დევნა არ დაიწყია. რუსული ჯარები დაბრუნდნენ მდინარე მტკვართან და განლაგდნენ სოფელ ჭალის ქვემოთ. აქვე მოვიდა ერეკლე მეფეც თავისი ჯარის ნარჩენებით, ხოლო ამის კვალდაკვალ კი იმერეთის მეფის წარმოგზავნილიც შეტყობინებით, ვითომდა ომარ-ხანს განზრახული აქვს მოახდინოს თავდასხმა ქუთაისზე. დავითის დასახმარებლად მთელი თავისი სურვილის მიუხედავად, ერეკლე მეფეს არ შეეძლო ამის გაკეთება, თავის საქმეთა უკიდურესად მოშლილი მდგომარეობის გამოისობით.

“საქართველო მოდის უკიდურეს გაჩანაგებაში (разоренiе), მოახსენებდა ბურნაშოვი (Въ рапорте Потёмкину, отъ 4-го ноября, 1785 года. Государствен. Архивъ, XXIII, № 13, папка 50); ვაჭრობა სავსებით შეწყდა გზებზე ხიფათის გაძლიერების გამო, ხვნა-თესვას ხელი შეეშალა მცხოვრებთა სამსახურში გაწვევისა და მათ მიერ სოფლების სრულებით დატოვების მიზეზით. მის უმაღლესობას შეკრებილი ჯარების შენახვა არ შეუძლია, ფულის არქონის გამო, ვინაიდან მისი შემოსავლები თითქმის სავსებით მოისპო საკუთარი ჯარებისგანვე, და განსაკუთრებით კი მთიელთა ჯარებისა: სადაც კი ისინი არ დადგებიან ან ლაშქრად მიდიან, მათი თვითნებობის გამოისობით ყველგან ტოვებენ სრულებით გაჩანაგების კვალს. ქართველები სრულებით მოეშვნენ, და მხოლოდ ერთი ჩვენი ბატალიონები* (*რომელთა რიცხოვნებაც იმ ხანებში არ აღემატებოდა 1.800 ადამიანს) უნდა აკეთებდნენ მოძრაობას ყველა მხარეს, მაგრამ მათი სურსათით უზრუნველყოფაც ამის გამო ძნელდება”. («Грузiя приходитъ въ крайнее разоренiе, доносилъ Бурнашёвъ; купечество /торговля/ вовсе пресеклось, въ разсужденiи опасности по дорогамъ, хлебопашество помешано, по причине сборовъ на службу поселянъ и оставленныхъ ими вовсе деревень. Его высочество войск въ собранiи содержать не можетъ, по неименiю денегъ, ибо доходы его почти вовсе унчтожились отъ собственныхъ же войскъ, а особливо горскихъ: где они ни стоятъ или идутъ походомъ, по своевольству ихъ оставляютъ везде следы совершеннаго опустошенiя. Грузины вовсе опустились, одни только наши баталიоны должны делать фасъ на все стороны, но и темъ продовольствiе трудно»).

“თუკი მოკლე დროის შემდეგ არ მომცემთ მე დახმარებას, წერდა ერეკლე პავლე სერგის ძე პოტიომკინს (Въ письме отъ 5-го ноября 1785 года), მაშინ ჩემი სამშობლო ძირის ძირამდე გაიძარცვება, და მეც დავრჩები ჩემი მტრებისგან აბუჩად აგდებული. ახლანდელ გარემოებათა გამო ბევრი მიიღებს მაჰმადიანურ სრწმუნოებას, რათა თავი დააღწიონ სიკვდილსა და დაღუპვას, ზოგიერთი წავა ლეკებთან, დანარჩენები კი გაიფანტებიან სხვადასხვა ადგილებში. თუკი მე გადავრჩები ჩემი ოჯახით მტერთაგან, მაინც დავრჩები მარტო, ხალხისა და თავშესაფრის გარეშე”.

ამდენად გაძნელებულ გარემოებებში, ერეკლემ გადაწყვიტა გაეგზავნა წერილი ომარ-ხანისთვის. მეფე წერდა მას, რომ 33 წლის განმავლობაში იგი ინარჩუნებდა მეგობრობასა და კეთილ თანხმობას მის მამასთან, რომ იგი არცთუ იშვიათად უკეთებდა სიკეთეს (оказывалъ нередко благодеянiя) არა მხოლოდ მამამისს, არამედ თავად ომარ-ხანსაც და სთხოვდა შეეწყვიტა ლეკების შემოჭრა საქართველოში და დაებრუნებინა მათ მიერ შეპყრობილი ტყვეები. ომარი, აღიარებდა რა ერეკლეს სიტყვების სამართლიანობას, პასუხობდა მას, რომ იგი ასევე, ჰქონდა რა სურვილი აღმოეჩინა ძეობრივი მორჩილება, სთხოვდა განუწყვეტლივ ეღიარებინა იგი თავის ძედ, გაეგზავნა ხოლმე მისთვის საჩუქრები, მაგრამ განაწყენებული იყო იმით, რომ მეფე თვლიდა მას არა თავის ძედ, არამედ დაღესტნელ ბელადად* (дагестанскимъ белади) (*ბელადი – მთიელ მტაცებელთა პარტიის წინამძღოლი). ავარიის ხანი ამბობდა, რომ მზად არის ინარჩუნებდეს მეგობრობასა და კეთილ თანხმობას, თუკი ერეკლე მასთან მიმართებაში შეიცვლის თავის ქცევას, “ჩვენ ვცხოვრობთ დაღესტანში, – წერდა იგი ერეკლეს, – ამ მიწის ძალა თქვენთვის საკმარისად ცნობილია და ჩვენ შემოვედით საქართველოში ჯარებით საბრძოლველად, რათა მოვიღოთ ნადავლი, და არა გავამრავლოთ ჩვენი დიდება. თუკი თქვენ გსურთ განსაჯოთ სამართლიანობის მიხედვით, მაშინ უნდა აღიაროთ, რომ თავად მოგვეცით მიზეზები საქართველოში მომხდარი ამბებისთვის. მაგრამ ჩვენთვის არ ეგების, რომ ანგარიშს მოვითხოვდეთ ამდენად დიდი ადამიანისგან მის საქმეებში. აყვანილი ტყვეები ჯარის მიერ უკვე განაწილებულია დაღესტნური წეს-ჩვეულების მიხედვით და ახლა არ არის მათი შეგროვების შესაძლებლობა. დანარჩენს სიტყვიერად მოგახსენებენ ყველაფრის შესახებ მირზა-მეჰმედი და ალისკანტი”.

ორივე რწმუნებული გამოცხადდა ტფილისში დეკემბრის ბოლოს წინადადებით, რომ ერეკლე შერიგებოდა ავარელ ომარ-ხანს, მაგრამ იმ პირობით, რომ საქართველოს მეფეს ვალად ეკისრა გადაეხადა ომარისთვის ყოველწლიურად 10.000 მანეთი და ასევე ერთდროულად გაეცა კიდევ 10.000 მანეთი ავარიის ხანის ჯარებში მყოფი დაღესტნელი თავკაცების (старшины) დაკმაყოფლებისთვისაც. ერეკლე პასუხობდა, რომ მზად არის მისცეს 10.000 მანეთი დაღესტნელ თავკაცებს, ხოლო თავად ომარ-ხანს კი მისცემს ყოველწლიურად 4.000 მანეთს, და თუკი ხანი ამაზე თანახმაა, მაშინ გამოგზავნოს საბოლოო პირობების დასადებად თავისი საუკეთესო და ყველაზე უფრო სარწმუნო მოხელენი.

რათა თავის მხრივ აღმოეჩინა დახმარება საქართველოს მეფის ავარიის მფლობელთან უსწრაფესად შერიგებისთვის, გენერალ-პორუჩიკმა პოტიომკინმა ომარ-ხანს საჩუქრად გაუგზავნა 1.000 თუმანი და მდიდრული სათუთუნე, დაიმედებით, რომ თუკი იგი თავს დაანებებს საქართველოს შეწუხებას და რუსეთისადმი ერთგული იქნება, მაშინ გენერალი იშუამდგომლებს ხანისთვის მონარქის კეთილმოწყალებაზე (Рапортъ Потёмкина кн. Таврическому 24-го ноября 1785 года, № 376). როგორც მეტად ხარბი ადამიანი, ომარი მზად იყო დაეფიცებინა რითაც გინდათ თავის ერთგულებაზე, ოღონდ კი მიეღო საჩუქრები და გამოგზავნილი ფული. “თქვენ კეთილ ინებეთ მოგეწერათ, პასუხობდა ომარ-ხანი გენერალ პოტიომკინს (Госуд. Арх., XXIII, № 13, папка 50), ჩვენი ჯარების შესვლის შესახებ მეფის სამფლობელოებში, ჩვენი მამისა და რომ საქართველოს სამეფო შეერთებულია ახლა რუსეთის იმპერიასთან. ჩვენ, როგორც უწინ მის უმაღლესობა მეფესთან, ჩვენს მამასთან, ვიყავით კავშირში, ისე ახლაც ვიქნებით და მის მიწებს არ შევაწუხებთ. ახლახანს მომხდარი მოვლენების მიზეზთა ძიება უსარგებლოა, მაგრამ, სამართლიანია ის, რომ არა ჩვენ, არამედ თავად მეფემ, ჩვენმა მამამ, მოგვცა საამისოდ მიზეზები, რომელთა ღიად ახსნაც ამ წერილში ჩვენთვის შეუძლებელია”.

მიცემულ სიტყვაში არამყარი ადამიანი, ცვალებადი ხასიათისა, ომარ-ხანი ვერ ჩააგონებდა თავისადმი ვერანაირ ნდობას, ვინაიდან იყო მაგალითები, რომ, ელაპარაკებოდა რა მშვიდობისა და კეთილი თანხმობის შესახებ, იგი იჭრებოდა მოკავშირე ქვეყანაში, ძარცვავდა და არბევდა სოფლებს. ასეთი პირის ყოფნას მრავალრიცხოვანი ჯარით ახალციხეში, საქართველოს მეზობლად, არ შეეძლო არ შეეშფოთებინა ერეკლე, რომელმაც კარგად იცოდა, რომ ომარ-ხანისთვის ცხოვრებაში არ იყო არაფერი წმინდა. მშვიდობაზე მოლაპარაკებათა მიუხედავად, მეფეს ყოველწუთიერად უნდა ჰქონოდა საქართველოში ლეკების შემოჭრის მოლოდინი, და ამიტომ ვალდებული იყო მიეღო მთელი ზომები თავდაცვისთვის. თავისდა სამწუხაროდ, ერეკლეს უნდა ეღიარებინა, რომ მის ქვეშევრდომებს არ შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა გარეშე შემოჭრებისგან; რომ უმეტესი ნაწილი მოსახლეობისა, რომელიც აძლევდა საუკეთესო მეომრებს, წავიდა საქართველოდან: ყაზახები და შამქორელები გადასახლდნენ შუშაში, შამშადილელები კი – განჯაში; ბამბაკის მცხოვრებნი, როგორც ჩვენ ვნახეთ, წავიდნენ ერევნის სახანოში და ზოგიერთმა მათგანმა ყარსსაც კი მიაღწია; ბევრმა სომეხმა და ქართველმა დატოვა თავიანთი სამშობლო და წამოვიდნენ ყიზლარსა და მოზდოკში. თავად მეფეს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ საქართველო ამ დროს ისე გაძარცვული იყო და ისეთ უბედურებაში იმყოფებოდა, როგორშიც არ ყოფილა შაჰ აბასის მიერ დარბევის ხანიდან. ახტალის მადნების გაძარცვის შემდეგ მეფემ დაკარგა 100.000 მანეთის შემოსავალი, სრულებით უფულოდ დარჩა და არ გააჩნდა არანაირი სახსრები თავისი ჯარების შესანახად, რომელთა შეკრებაც აუცილებელი იყო მოწინააღმდეგის შესაძლო გამოჩენის გათვალისწინებით (въ виду могущаго явиться неприятеля). მეფის მწუხარება ძლიერდებოდა კიდევ დარეჯან დედოფლის მუდმივი საყვედურებითაც, რომელიც ამბობდა, რომ საქართველოს ყველა უბედურების მიზეზი გახლდათ მისი რუსეთის მფარველობის ქვეშ შესვლა. დედოფლის მოსაზრებას მხარს უჭერდა ბევრი თავადიც, რომლებიც თავიდან ვარაუდობდნენ, რომ ტრაქტატის დადებასთან ერთად, მათ ყოველგვარი დამსახურების გარეშე აავსებენ იმპერატრიცის წყალობით. ერეკლეს მარტოს გადაჰქონდა საკუთარ თავზე დამთრგუნველ გარემოებათა მთელი სიმძიმე და ევედრებოდა თავად პოტიომკინს დახმარების ხელის გამოწვდენას.

დეკებერში იგი წერდა უგანათლებულესს (Бутковъ, ч. II, 188 и 189) და სთხოვდა მას ათი ათასიანი რუსული ჯარის გამოგზავნას, იმაზე ზევით, რომელიც უკვე იმყოფებოდა საქართველოში, და არეული დროის დასრულებამდე მის დატოვებას. მეფე ითხოვდა გამოეგზვნათ მისთვის ან საჩუქრად, ან სესხად ოცდაათი ათასი მანეთი ჯარების დაქირავებისთვის, რადგანაც, მისი აზრით, რუსულ ჯარებს არც ერთ შემთხვევაში არ შეეძლოთ გაზაფხულზე უფრო ადრე კავკასიონის მთებზე გადმოსვლა. ერეკლე ეკითხებოდა თავად პოტიომკნთან მყოფ თავის მინისტრს გარსევან ჭავჭავაძეს, თუ როგორი საშუალებები უნდა გამოიყენოს მან, რათა შეიძინოს რუსეთის მთავრობის სრული ნდობა და მიაღწიოს მის დახმარებას. თავადმა ჭავჭავაძემ დაარწმუნა ერეკლე, რომ თავად პოტიომკინს სურს ცოლად შეირთოს რომელიმე მისი ქალიშვილი, და ურჩევდა მეფეს გაეხადა უგანათლებულესი ვასალად, და დაეთმო მისთვის მთა-გორიანი ადგილები მთელ სივრცეზე დარიალიდან ანანურამდე. “თუმცა კი ხალხი აქ ცოტაა, წერდა თავადი ჭავჭავაძე, მაგრამ ქაღალდზე საკმარისად იქნება ძველი ციხესიმაგრეები, ბუნებრივად კი – მაგარი ადგილები”.

ატყუებდა რა მეფეს მისთვის ამდენად ძნელ გარემოებებში, თავადი ჭავჭავაძე დაწვრლებით უყვებოდა თავის გეგმას. იგი წერდა მეფეს, რომ ასეთი დათმობა სიკეთის მომტანი იქნება საქართველოსთვის, რომ თავადი პოტიომკინი დარიალში ააშენებს ციხესიმაგრეს და მოათვინიერებს ოსებს, უზრუნველყოფს გზას საქართველოში, ხოლო ანანურს კი გადააქცევს მშვენიერ ევროპულ ქალაქად, აავსებს მას ფაბრიკებით, მხატვრებით, ვაჭრებით, და საქართველოში დამყარებული ევროპული წესრიგი ბედნიერს გახდის მას. ეს წინადადება, როგორც ქვემოთ ვნახავთ, აუსრულებელი დარჩა, მაგრამ სამაგიეროდ შინაომებმა სპარსეთში ეს სახელმწიფო იმდენად დაასუსტეს, რომ თავადი პოტიომკინი ჯერ კიდევ ელოლიავებოდა ფიქრს ქრისტიანთა განთავისუფლების შესაძლებლობისა და კავკასიონის იქით დამოუკიდებელი ქრისტიანული სახელმწიფოს წარმოქმნის შესახებ.

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment