Sunday, March 3, 2013

საბრძოლო მოქმედებები ერაყში მეორე მსოფლიო ომის გერამანული ჯარების გამოცდილების ფონზე

(წერილი გამოქვეყნებულ იქნა გაზეთ “საქართველოს” 2003 წლის 22 აპრილი – 5 მაისის ნომერში. ამჟამად დავუმატეთ სამხედრო ხელოვნებიდან ტერმინების სახელწოდებანი რუსულ ენაზე)

უკანასკნელ პერიოდში ანგლო-ამერიკული საბრძოლო ავიაციის მხრიდან ერაყში ობიექტების დაბომბვათა ფონზე განვითარებული საბრძოლო მოქმედებების ყურებისას გაგვახსენდა ერთი წიგნი, რომელშიც მეორე მსოფლიო ომის მონაწილე გერმანელი ოფიცერი ომის გამოცდილების ანალიზის საფუძველზე შეეცადა გადმოეცა მომავალში სამხედრო ოპერაციებისა და საბრძოლო მოქმედებების განვითარების შესაძლო სურათი. წიგნის ავტორი, ბუნდესვერის სახმელეთო ძალების ვიცე-პოლკოვნიკი აიკე მიდელდორფი მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელ წლებში მსახურობდა გერმანული ვერმახტის (შეიარაღებული ძალების /Wehrmacht – თავდაცვითი ძალები/) მთავარი შტაბის ოფიცრად აღმოსავლეთის ფრონტზე და ასევე სახმელეთო ჯარების მთავარი შტაბის რეფერენტად ტაქტიკური გამოცდილების განზოგადების საკითხებში. მის ძირითად ფუნქციას შეადგენდა გერმანული და საბჭოთა ჯარების საბრძოლო მოქმედებათა ტაქტიკისა და ოპერატიული ხელოვნების შესწავლა, ანალიზის გაკეთება და განზოგადება.

1956 წელს გფრ-ში გამოცემული აიკე მიდელდორფის წიგნი “ტაქტიკა რუსეთის კამპანიაში” (Eike Middeldorf, “Taktik im Russland Feldzug”) 1958-ში თარგმნეს რუსულად და იგი ინახება თბილისის ცენტრალური ბიბლიოთეკების ფონდებში და დაინტერესებული ქართველი მკითხველისთვისაც ხელმისაწვდომია. მის წინასიტყვაობაში, როგორც გერმანელი, ისე საბჭოთა სამხედრო სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ნაშრომი წარმოადგენს სახმელეთო ჯარების გვარეობათა (ქვეითი და სატანკო ჯარები, არტილერია, დაზვერვა და ა. შ.) საბრძოლო წესდებებზე (დარიგებებზე /боевые уставы, наставления/) დამატებით სახელმძღვანელოს, ხოლო თავისი სტრუქტურით კი მოგვაგონებს თავად საბრძოლო წესდებას (დარიგებას), შევსებულს სათანადო დამატებებითა და განმარტებებით.

ჩვენ საგაზეთო წერილში, ცხადია, ვერ შევუდგებით ამ უაღრესად კვალიფიციური და სერიოზული ავტორის მიერ გადმოცემული ყველა თემის მიმოხილვას, არამედ მხოლოდ რამდენიმე მომენტს გვინდა გავუსვათ ხაზი ქვეითი ჯარის საბრძოლო გამოყენების პრაქტიკიდან. დასაწყისშივე აიკე მიდელდორფი აღნიშნავს, რომ მეორე მსოფლიო ომში ჯავშანსატანკო ჯარების ფართო გამოყენების მიუხედავად, ორი უმსხვილესი სახმელეთო სახელმწიფოს – რუსეთისა და გერმანიის საველე არმიები თვით 1945 წელშიც კი 80 %-ით შედგებოდა ქვეითი (მსროლელი) დივიზიებისგან, თანაც როგორც ომის დასაწყისში, ისე მის მიწურულსაც, გერმანიას გააჩნდა ყველაზე უფრო ბრძოლისუნარიანი ქვეითი ჯარი. მართალია, საბრძოლო მომზადებისა და შეიარაღების რიგ საკითხებში ომის დასაწყისში რუსული ქვეითი ჯარი აღემატებოდა გერმანულს (ღამით, ტყიან და ჭაობიან ადგილებში ბრძოლა, ზამთარში ბრძოლა, სნაიპერების მომზადება, პოზიციების საინჟინრო აღჭურვა, ქვეით ბატალიონში ავტომატებისა და ნაღმსატყორცნების მეტი რაოდენობა), მაგრამ სამაგიროდ გერმანელები აღემატებოდნენ რუსებს შეტევის ორგანიზაციასა და ჯართა გვარეობებს შორის ურთიერთმოქმედებაში, უმცროს მეთაურთა მომზადებასა და ქვეითი ჯარის ტყვიამფრქვევებით შეიარაღებაში. ომის მსვლელობისას მიწინააღმდეგენი სწავლობდნენ ერთმანეთისგან და შეძლეს გარკვეულწლად აღმოეფხვრათ არსებული ნაკლოვანებები.

რაც შეეხება ანგლო-ამერიკულ ჯარებს, ევროპაში მსხვილმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების წარმოება მათ დაიწყეს ომის დასკვნით პერიოდში, როდესაც გერმანული ჯარები ძლიერად იყვნენ შეფერთხილნი, ან კიდევ ბრძოლების მიღება უხდებოდათ ძალზედ გაჭიმულ ფრონტზე მოწინააღმდეგის დიდი მატერიალური უპირატესობის პირობებში. მაგალითად, 1944 წელს, ნორმანდიაში დასავლელ მოკავშირეთა ჯარების მთავარი დარტყმის მიმართულებაზე სენ-ლოს ჩრდილოეთით თავდაცვაში მყოფი ერთი გერმანული პოლკი იძულებული იყო თავისი ძლები გაეჭიმა 24 კმ ფრონტზე, რაც უკიდურესად ასუსტებდა მის საბრძოლო წყობას. ამიტომ აიკე მიდელდორფს მიაჩნია, რომ მომავალში ქვეითი ჯარის ტაქტიკის განსაზღვრისთვის ანგლო-ამერიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობამ შესაძლა სამხედრო მშებნებლობის პროცესი წაიყვანოს არასწორი მიმართულებით.

შეტევაში (В наступлении) ანგლო-ამერიკული ჯარების მოქმედებებისთვის დამახასიათებელი იყო შეტევის წინ ავიაციის, არტილერიის, ტანკების, ნაღმსატყორცნებისა და სხვა საშუალებათა ინტენსიური თავმოყრილი ცეცხლით მოწინააღმდეგის ჩახშობა (подавление) საკმაოდ ფართო ზოლში და მისი თავდაცვის მთელ სიღრმეში.

ქვეითი ჯარი ცეცხლის ტალღების კვალდაკვალ ფეხოსნების მცირე ნახტომებით (короткими бросками) მიიწევდა წინ მიჯნიდან მიჯნამდე და ადგილმდებარეობის დაპყრობილ უბნებს წმენდდა მოწინააღმდეგის თავდაცვაში მყოფი ქვედანაყოფების ნარჩენებისგან, ან სულაც ბრძოლის გარეშე აღწევდა შეტევის მიზნებს. ასეთ ტაქტიკას ეწოდება “პოლიციური მოქმედებები” და, უეჭველია, შეტევის იდეალურ მეთოდს წარმოადგენს. მაგრამ აიკე მიდელდორფი თვლის, რომ ძლიერი, თავგანწირული და თავდაცვისთვის კარგად მომზადებული მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, თანაც საბრძოლო ავიაციისა და საველე არტილერიის მეტ-ნაკლები თანაბრობის პირობებში, პრაქტიკულად მიუღებელია.

ჩვენ ვხედავთ, რომ ერაყის წინააღმდეგ ომში ანგლო-ამერიკული ჯარები უწინდებურად იყენებენ “პოლიციური მოქმედებების” ტაქტიკას, რის საშუალებასაც აძლევს მათ გადამწყვეტი უპირატესობა საბრძოლო ავიაციასა და შორსმსროლელ საცეცხლე საშუალებებში, მაგრამ ეს ტაქტიკა აბსოლუტურად გამოუსადეგარი იქნებოდა, ომის საწყის ეტაპზე მაინც, თუკი საბრძოლო მოქმედებები გაჩაღდებოდა თუმდაც იმავე ფრანგულ-გერმანულ კოალიციასთან ან რუსეთთან.

ამიტომ აიკე მიდელდორფი თავის წიგნში ქვეითი ჯარის შეტევაში უპირატესობას ანიჭებს მოქმედებათა ორ განსხვავებულ ხერხს – გაჟონვასა და გარღვევას.

გაჟონვას (просачивание) მიმართავენ მაშინ, როდესაც შეტევის ორგანიზებისთვის არ გააჩნიათ შესაბამისი არტილერია და მხარდაჭერის სხვა საშუალებები, აუცილებელია მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანა ან შემდგომი გარღვევისთვის საჭიროა საწყისი პოზიციების შექმნა. გაჟონვის არსი იმაში მდგომარეობს, რომ საერთო შეტევის დაწყებამდე რამდენიმე საათით ან დღეღამით ადრე შემტევის მცირე ჯგუფები, ერთეული მებრძოლები ან მსროლელთა წყვილები აღწევენ მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში, იქ გარკვეულ პოზიციებზე ფარულად იყრიან თავს და მაგრდებიან. ასეთ რაიონებში შესაძლოა მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში მისგან დაფარულად ბატალიონამდე შემადგენლობის ქვედანაყოფების ან უფრო მსხვილი ნაწილების შეყვანა და დაგროვება. შემდეგ ფრონტიდან შეტევის დაწყების კვალდაკვალ გაჟონილი ქვედანაყოფები (ნაწილები) თავადაც უტევენ თავდაცვაში მყოფი მოწინააღმდეგის საცეცხლე პოზიციებს, სამეთაურო პუნქტებს ან თავდაცვის მთელ უბნებსაც კი.

მოწინააღმდეგის თავდაცვის პოზიციებში შემტევთა გაჟონვას ხელს უწყობს თავდაცვითი რიგების წყვეტილობა, ღამე, ნისლი, ძნელადმისადგომი ადგილები, თოვლი და სხვა. ამასთანავე მსგავსი მოქმედებების განხორციელება მოითხოვს შემტევთა დიდ შეუპოვრობას, მნიშვნელოვან დროსა და ჯარების კარგ გაწვრთნილობას. შეტევის ასეთი ხერხი კარგ შედეგებს იძლევა, მაგრამ ვინაიდან მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში შეუძლებელია მისგან დაფარულად მნიშვნელოვანი “გაჟონილი” ძალების დაგროვება, ამიტომ მათ გააჩნიათ მხოლოდ ლოკალური მნიშვნელობა და მსხვილი ოპერაციების მასშტაბში გაჟონვას შესაძლოა განვიხილავდეთ მხოლოდ როგორც შეტევითი მოქმედებების დამხმარე ხერხს.

მოწინააღმდეგის მომზადებული თავდაცვის გარღვევას (прорыв) მეორე მსოფლიო ომში გერმანული ქვეითი ჯარი ხშირად ახორციელებდა შემდეგნაირად. ფეხოსნები შეტევისთვის საწყის მდგომარეობას იკავებდნენ წინა თავდაცვითი ბრძოლების მსვლელობისას გათხრილ სანგრებში, ან უშუალოდ მათ უკან, როგორც წესი, მოწინააღმდეგის წინა ხაზიდან რამდენიმე ასეულ მეტრამდე დაშორებაზე.

შეტევის წინ არტილერია ფარულად ახორციელებდა გამიზვნას (пристрелка) რამდენიმე დღეღამის განმავლობაში. უშუალოდ შეტევის დაწყების წინ, ჩვეულებრივ რიჟრაჟზე ატარებდნენ 15-30 წუთიან მოკლე საარტილერიო მომზადებას ხელთ არსებული მთელი არტილერიის მოკლე საცეცხლე თავდასხმის სახით. ცეცხლს უშენდნენ ძირითადად მოწინააღმდეგის პირველი რიგის სანგრებს, შედეგ კი ქვეითი ჯარი გადადიოდა შეტევაზე. მას დაესმებოდა მოწინააღმდეგის თავდაცვის გარღვევის ამოცანა მთელ სიღრმეში.

თანამედროვე ეტაპზე მნიშვნელოვანია ორი მომენტი. ჯერ ერთი, საარტილერიო მომზადება მოკლე საცეცხლე თავდასხმის სახით თავდამცავი ჯარების ამჟამინდელი შეიარაღებისა და ცეცხლის ეფექტურობის პირობებში, შესაძლოა, არასაკმარისი აღმოჩნდეს. შესაბამისად, საარტილერიო მომზადებაზე მოთხოვნილება საბრძოლო მასალებში გაიზარდოს ორჯერ და მეტად. მისი მთავარი ამოცანა იქნება ქვეითი ჯარის შემდგომი ახლო ბრძოლისთვის (ближний бой) ხელსაყრელი პირობების შექმნა. მაგრამ საარტილერიო მომზადებისგან არ შეიძლება ველოდეთ მოწინააღმდეგის სრულ განადგურებას, რაც უზრუნველყოფდა “პოლიციური მოქმედებების” წარმოების შესაძლებლობას.

მეორეც, თანამედროვე ბრძოლის პირობებში მხოლოდ ძალზედ იშვიათ შემთხვევებში თუ მოხერხდება თავდაცვაში მყოფი ჯარების საცეცხლე ჩახშობა (огневое подавление) იმდენად, რომ შემტევ ქვეით ჯარს მოწინააღმდეგის დამიზნებული ცეცხლის ქვეშ (под прицельным огнём) მასთან შეტევის დისტანციამდე 100-200 მ-მდე მიახლოების შესაძლებლობა მიეცეს. აქედან გამომდინარე, ქვეითი ჯარისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს შეტევა ღამით ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში. დღისით შეტევას კი აუცილებელია უზრუნველყოფდნენ კვამლის ფარდების დაყენებით (постановкой дымовых завес), რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში შეძლებდნენ საკმარისი სიგანისა და სიღრმის უბნებზე ღამესთან მიახლოებული ხილვადობის პირობების შექმნას.

მოწინააღმდეგის ღრმად დაეშელონებული თავდაცვის გარღვევისას ქვეით ჯარს თავს უნდა უყრიდნენ ვიწრო უბნებზე და მასაც აძლევდნენ ღრმად დაეშელონებულ საბრძოლო წყობას. ხშირად შესაძლოა წარმოიქმნებოდეს საბატალიონო მძიმე იარაღით (ძირითადად ნაღმსატყორცნები) მასირებული საცეცხლე მხარდაჭერის აუცილებლობა თავდაცვის გარღვევისას საბრძოლო ასეულების ერთი-მეორის მიყოლებით ბრძოლაში შეყვანის უზრუნველსაყოფად.

თავდაცვაში საჩქაროდ და სათანადო მოზადების გარეშე გადასულ მოწინააღმდეგეზე შეტევისთვის, შესაძლოა, იყენებდნენ წინასწარი მომზადების გარეშე სვლიდან (сходу) შეტევის ხერხსაც, განსაკუთრებით მოტორიზებული ქვეითი (მოტოქვეითი) ჯარების წარმატებული გარღვევის შემდეგ, ფლანგზე ან ზურგში დარტყმების მიყენებისას, აგრეთვე ალყაშემორტყმული მოწინააღმდეგის განადგურების დროს. სვლიდან შეტევა ყოველთვის წარმოადგენდა გერმანული ქვეითი ჯარის ძლიერ მხარეს. მასში განსაკუთრებით მკაფიოდ უნდა ვლინდებოდეს ჯარების მართვის ოპერატიულობა, საბრძოლო მომზადების მაღალი დონე და შეტევითი შემართება.

თავდაცვა (оборона) წარმოადგენს უმთავრესად მხარდამჭერი არტილერიისა და ქვეითი ჯარის მძიმე იარაღის საცეცხლე ბრძოლას. თავდამცავის ცეცხლმა უნდა აიძულოს, რომ მოწინააღმდეგის შემოტევა მოღრჩობილ იქნას წინა ხაზის წინ ან პირველი ეშელონის პოზიციის საყრდენ პუნქტებს (опорные пункты) შორის, ყოველ შემთხვევაში არაუღრმეს არტილერიის საცეცხლე პოზიციების დამფარავი საყრდენი პუნქტების ხაზისა. ამიტომ წინააღმდეგობის კვანძებში (узлы сопротивления) ან საყრდენ პუნქტებში თავდაცვაში მყოფი ქვეითი ჯარი ავტომატური იარაღიდან სროლას იწყებს მხოლოდ ნამდვილი ცეცხლის სიშორეზე (на дальности действительного огня).

საცეცხლე წერტილები (огневые точки) და სანგრებში მყოფი ცალკეული მსროლელები მხარს უნდა უჭერდნენ ერთმანეთს ცეცხლით ისეთი ანგარიშით, რომ ქმნიდნენ შემომტევი მოწინააღმდეგისთვის გადმოულახავი უწყვეტი ცეცხლის ზონას. კარგად ჩასანგრებულ და შენიღბულ მსროლელებს შეუძლიათ ცეცხლის წარმოება საფრებიდან და ჩასაფრებებიდან (из укрытий и засад), რათა აიძულონ მოწინააღმდეგე გაფანტოს თავისი ძალები და აწარმოოს რიგი ცალკეული ბრძოლებისა თითოეული საცეცხლე წერტილისთვის. ამ შემთხვევაში შემომტევი მოწინააღმდეგე ვარდება ფლანგებიდან და ზურგიდან წარმოებული ცეცხლის ქვეშ. ასეთ ბრძოლაში, როდესაც ქვეითი ჯარი ერთი-ერთზე ეჯახება მოწინააღმდეგის ქვეით ჯარს, წარმატება დამოკიდებული იქნება თითოეული მსროლელის სიმტკიცესა და შეუპოვრობაზე.

თითოეული თავდაცვითი ნაგებობა (оборонительное сооружение) აღჭურვილი უნდა იყოს წრიული თავდაცვის (круговая оборона) წარმოებისთვის, რათა ალყაში მოხვედრის შემთხვევაში შესაძლებელი იყოს ბრძოლა ნებისმიერი მიმართულებიდან შემომტევ მოწინააღმდეგესთან. თავდაცვაში შემოჭრილ მოწინააღმდეგეზე აუცილებელია დაუყოვნებლივ და გაბედულად კონტრშეტევა, თუნდაც სულ მცირე ქვედანაყოფებით, რათა ჯერ კიდევ მანამდე იქნას განადგურებული, სანამ მოასწრებდეს ადგილმდებარეობაზე ჩასანგრებასა და გამაგრებას (окапывание и закрепление). ბრძოლის დაწყებისთანავე ოცეულები და ასეულები უნდა გამოჰყოფდნენ ძალებსა და საშუალებებს დაუყოვნებლივი კონტრშეტევების ჩასატარებლად და ეს უკანასკნელნი ტანკებისა და არტილერიის მხარდაჭერით უნდა იგერიებდნენ შემოჭრილ მოწინააღმდეგეს და აღადგენდნენ მდგომარეობას. ხანგრძლივი მზადება და გაუბედაობა კონტრშეტევების ჩატარებისას იწვევს დროის სახიფათო კარგვას. ამ შემთხვევაში ძვირფასია თითოეული წუთი.

თუკი მოწინააღმდეგე უტევს ტანკებთან ერთობლივად, მაშინ თავდაცვაში მყოფი ქვეითი ჯარი ცეცხლს წარმართავს პირველ რიგში მოწინააღმდეგის ფეხოსანთა წინააღმდეგ. თუკი მოხერხდება ტანკებისგან მათი მოწყვეტა და ჩახშობა, მაშინ მთელი ძალისხმევა გადაიტანება ტანკებთან ბრძოლაზე. თითოეული თავდაცვითი ნაგებობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ახლო ბრძოლის ტანკსაწინააღმდეგო საშუალებათა საკმარისი რაოდენობით. ტანკებთან ბრძოლის წარმოებისას უნდა ახსოვდეთ, რომ ბრძოლაში ტანკები ერთმანეთს იფარავენ (прикрывают). ამასთან აუცილებელია თავდამცავი ქვეითი ჯარი იყენებდეს ნებისმიერ საშუალებას ტანკების გვერდიდან ან უკნიდან დაზიანებისთვის. ამ მიზნით ყველაზე უფრო უკეთ შეიძლება იყენებდნენ სანგრების ხვეულებს, შეტყობინების გზებსა და ტანკსაწინააღმდეგო თხრილებს. იმ ტაკებს, რომელთაც შენარჩუნებული აქვთ მოძრაობის უნარი, უნდა ანადგურებდნენ თავმოყრილი ცეცხლით ყველა მიმართულებიდნ.

თუკი ცალკეულ წინააღმდეგობის კვანძებში თავდაცვაში მყოფი ქვედანაყოფები მიიღებენ ბრძანებას უკანდახევის შესახებ მაშინ ამ კვანძებში შემავალი საყრდენი პუნქტებიდან წარმოებული უკანდახევის დამფარავ ცეცხლს უნდა მიმართავდნენ პირველ რიგში შემომტევი მოწინააღმდეგის ფლანგებისა და ზურგის წინააღმდეგ. ქვეითი ჯარის უკანდახევა საფრების (укрытия) გამოყენების გარეშე ნიშნავს განადგურებისთვის მის განწირვას.

ასეთია მეორე მსოფლიო ომის მონაწილე გერმანელი ოფიცრის ზოგიერთი შეხედულება თანამედროვე ქვეითი ჯარის მოქმედებათა ტაქტიკის შესახებ. შესაძლოა ამ საკითხზე სპეციალურ სამხედრო ჟურნალში უფრო მიზანშეწონილი ყოფილიყო შედარებით ვრცელი და ამომწურავი საუბარი. ასეთი ჟურნალი 1990-იანი წლების პირველ ნახევარში გამოდიოდა კიდეც საქართველოში, ვგულისხმობთ ჟურნალ “მხედარს”, მაგრამ შემდეგ დაუფინანსებლობის გამო მისი გამოსვლა შეჩერებულ იქნა. არადა დღევანდელ ეტაპზე მიმდინარე მოვლენები, ერაყის და, სავარაუდოდ, სხვა მომავალი ომები, ასეთი გამოცემის საჭიროებას თვალსაჩინოს ხდის.

ირაკლი ხართიშვილი

No comments:

Post a Comment