Saturday, March 9, 2013

ნიდერლანდების ისტორია ძველი დროიდან XIX საუკუნის მიწურულმდე

(ქვემოთ შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიურ ლექსიკონში გამოქვეყნებული ა. მ. ლ.-ის წერილის თარგმანს)

ახლანდელი ნიდერლანდების არე (область) ისტორიულ ხანაში დასახლებული იყო გერმანელი ხალხებით, რომელთაგან გამოიკვეთებოდნენ ნერვიები მაასსა და შელდას შორის, ბატავები და ფრიზები რაინის ჩრდილოეთით. რომაელებმა დაიმორჩილეს ეს ოლქები და შეინარჩუნეს ისინი 400 წ.-მდე ქრისტეს შობიდან, ბატავების აჯანყების მიუხედავად კლავდიუს ცივილისის უფროსობით (70 წ. ქრ. შ.). მაგრამ 400 წ. შემდეგ ფრანკები გადავიდნენ რაინზე და დაიპყრეს ნიდერლანდების ქვემო ნაწილი. ფრიზებმა თავიდან შეინარჩუნეს დამოუკიდებლობა, მაგრამ კარლ მარტელმა, პიპინუსმა და კარლოს დიდმა VIII ს. ისინი ქრისტიანობაში მოაქციეს და აიძულეს ეღიარებინათ ფრანკთა უმაღლესობა (верховенство). 843 წ. ვერდენის ხელშეკრულების მიხედვით ნიდერლანდები შევიდა ლოტარ I-ის სახელმწიფოში და, მისი სიკვდილის შემდეგ (855) შეადგენდა მისი ვაჟის ლოტარ II-ის სამფლობელოთა, ლოტარინგიის, ნაწილს. ლოტარ II-ის სიკვდილის შემდეგ ნიდერლანდები (ეს სახელწოდება პირველად გვხვდება XI ს.), ქვემო ლოტარინგიის შემადგენლობაში, ეკუთვნოდა გერმანულ-რომაულ იმპერიას. როდესაც XI ს. დაიწყო ჰერცოგების სწრაფად შეცვლა, და მათ დაკარგეს თავიანთი მნიშვნელობა, ნიდერლანდებში, ისევე როგორც დანარჩენ გერმანიაშიც, გამოჩნდა მრავალრიცხოვანი წვრილი თემები, საეპისკოპოსოები, სააბატოები, საგრაფოები და საჰერცოგოები, ხოლო XII-დან და XIII სს. – ძალმოსილი ქალაქები, აყვავებულნი ვაჭრობითა და მრეწველობით. ყიდვით ან ძალით მათ გრაფებისა და ჰერცოგებისგან თავიანთთვის შეიძინეს საშეღავათო წერილები და პრივილეგიები, რომლებიც მათთვის უზრუნველყოფდნენ გარკვეულ თვითმმართველობას (განსაკუთრებით XIII და XIV სს.). ჰერცოგებმა და გრაფებმა მხოლოდ დიდი შრომის ფასად შეინარჩუნეს თავიანთი უმაღლესობა (верховенство). მათ უნდა დაეშვათ, რომ მათი ქვეყნის პრელატებმა, თავადაზნაურობამ და ქალაქებმა (ჩინებმა ანუ შტატებმა) მიაღწიეს დიდ გავლენას. შტატები აძლევდნენ თავიანთ თანხმობას ფულად სუბსიდიებზე; ზოგჯერ მათ ეთათბირებოდნენ ქვეყანაზე დამუქრებული საფრთხეების შესახებ. XIV საუკუნეში ბურგუნდიულმა სახლმა, ქორწინებისა და ხელშეკრულებათა გზით, დაიწყო თავისი სკიპტრის ქვეშ ნიდერლანდების პრივინციათა გაერთიანება: თავიდან ფლანდრიისა, არტუათი და მეჰელნით (1384), შემდეგ ბრაბანტისა და ლიმბურგის (1406), ნამიურის (1429), ჰოლანდიის, დასავლეთ ფრისლანდიის, ზელანდიისა და ჰენეგაუს (1433), ლუქსემბურგის (1451). ფლობდნენ რა ამ პროვინციებს, ბურგუნდიის ჰერცოგებმა მოსინჯეს მიეცათ მათთვის გამაერთიანებელი სახელმწიფო მოწყობა. 1465 წ. ფილიპ კეთილმა მოიწვია ნამდვილი გენერალური შტატები, რომლებიც შედგებოდა პროვინციული შტატების წარმომადგენელთაგან; იკრიბებოდნენ რა თანდათანობით სულ უფრო ხშირად, უმთავრესად ბრიუსელსა და მეჰელნში, ისინი სუბსიდიების ნებართვას იძლეოდნენ მთელ ნიდერლანდებზე. უპირატესობა (перевесъ) ეკუთვნოდა სამხრეთ პროვინციებს, განსაკუთრებით კი ბრაბანტს. ბრიუსელში ჰერცოგებს ჰქონდათ თავიანთი უბრწყინვალესი კარი. ბრაბანტს ისინი მართავდნენ პირადად, დანარჩენ პროვინციებს კი – თავიანთი ნაცვლების მეშვეობით (черезъ наместниковъ). ნიდერლანდების მთავრები ჯერ კიდევ არ ატარებდნენ საგანგებო ტიტულს და ცალკეულმა ოლქებმა იმდენად მცირედ თუ მოახერხეს ერთმანეთან შერწყმა, რომ თითოეული პროვინცია მეორეს უყურებდა როგორც უცხო ქვეყანას და არ უშვებდა მისგან მოხელეებს. კარლ მამაცის შემდეგ, რომელმაც შეიძინა გელდერნის მიწა და ზიუტფენი, ნიდერლანდები გადავიდა ჰაბსბურგთა სახლის ხელში. ჰერცოგინია მარიას უსუსური მდგომარეობით, მისი მამის მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ, ისარგებლეს პროვინციებმა თავიანთი უფლებების გასაზრდელად. მარია იძულებული იყო საფრანგეთის წინააღმდეგ მათი დახმარება ეყიდა დიდი დათმობებით – მაგალითად, “დიდი პრივილეგიის” ბოძებით ჰოლანდიური შტატებისთვის. მისი სიკვდილის შემდეგ, 1482 წ., წარმოიქმნა უწესრიგობები მაქსიმილიანის რეგენტობის გამო. ჰოლანდიაში კვლავ თავი წამოყო ჰუქსების პარტიამ (IX, 873); ბრიუგეს მოქალაქეებმა დაატყვევეს მაქსიმილიანი (1488) და აიძულეს იგი უარი ეთქვა რეგენტობაზე ფლანდრიული შტატების სასარგებლოდ. მაგრამ ჰერცოგ ალბრეხტ საქსონელის დახმარებით მაქსიმილიანმა მოახერხა აჯანყების ჩახშობა და არტუას შენარჩუნება, რომლის კონფისკაციით ჩამორთმევაც უნდოდა მისთვის საფრანგეთის მეფეს ლუდოვიკ XI-ს, როგორც ბაითალმანი (უპატრონო) ლენისა (какъ выморочный ленъ). 1494 წ. ფილიპე ლამაზი შეუდგა ნიდერლანდების მართვას; მის დროს ჩამოშორდა ნიდერლანდებს მანამდეც უკვე ნაკლებად მორჩილი გელდერნის მიწა (1499). ფილიპის სიკვდილის შემდეგ (1506) ქვეყანას მართავდა თავიდან მისი მამიდა მარგარიტა, შემდეგ კი და მარია. კარლის დროს ნიდერლანდებს კვლავ შემოუერთდა გელდერნის მიწა (1543), და ასევე ფრისლანდია (1524) და გრონინგენი (1538). ახლა სულ 17 პროვინცია ოყო: ბრაბანტი, ლიმბურგი, ლუქსემბურგი, გელდერნი, ფლანდრია, არტუა, გენეგაუ, ჰოლანდია, ზელანდია, ნამიური, ფრისლანდია, რაისელი საფრანგეთის ფლანდრიით, დოორნიკი, მეჰელნი, უტრეხტი, ოვერაისელი დრენტეთი და გრონინგენი. კარლი, რომელიც გენტში იყო დაბადებული, ითვლებოდა ნიდერლანდელთა თანამემამულედ და ხალისით რთავდა ნებას, რომ მისთვის ასე ეწოდებინათ (ლაპარაკია გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის იმპერატორ კარლ V-ზე – ი. ხ.). მის მსოფლიო მონარქიაში ნიდერლანდელებს შეეძლოთ დაუბრკოლებლად ეწარმოებინათ ვაჭრობა და დაეუფლნენ მსოფლიო ბრუნვის უმეტეს ნაწილს, რომლის ცენტრადაც მაშინ ითვლებოდა ანტვერპენი. ვაჭრობისა და მრეწველობის გარდა, აქ ჰყვაოდა მიწათმოქმედება, მესაქონლეობა და თევზჭერა, მეცნიერებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგები. და პოლიტიკურ გაერთიანებასაც ჰქონდა წარმატებები: მეჰელნში ჯერ კიდევ XV ასწლეულის შუახანებში ნიდერლანდებისთვის დაარსებულ იქნა უმაღლესი სასამართლო პალატა; როდესაც არტუა და ფლანდრია ამოღებულ იქნენ საფრანგეთის ლენური უმაღლესობის ქვემოდან (были изъяты изъ-подъ французскаго леннаго верховенства), ხოლო ჩრდილოაღმოსავლური პროვინციები გამოეყო ვესტფალიის ოკრუგს, კარლმა, 1548 წ. აუგსბურგის ხელშეკრულებით, 17 პროვინციისგან შექმნა სახელმწიფო ერთეული, ბურგუნდიის ოკრუგი, რომელიც მხოლოდ სუსტად იყო შეერთებული გერმანიის იმპერიასთან და 1549 წლის პრაგმატიკული სანქციის მიხედვით, ყოველთვის უნდა შეედგინა ერთი მთლიანი, ერთი ხელმწიფის მმართველობის ქვეშ. კარლი გადაჭრით იცავდა თავის სუვერენულ უფლებებს და მკაცრად ახშობდა ურჩებს; 1540 წ. მან დააწყნარა აჯანყება თავის მშობლიურ ქალაქ გენტში. საეკლესიო რეფორმაციული მოძრაობის გაჩერებას იგი ცდილობდა სასტიკი დევნისა და სიკვდილით დასჯების გზით. კარლ V-ის მიერ ტახტზე უარის თქმამ (1555) ნიდერლანდები დაუქვემდებარა ფილიპე II-ს, რომლის ქედმაღლობამ და კათოლიკურმა ფანატიზმმა სწრაფად გამოიწვია უკმაყოფლება ნიდერლანდების პროვინციებში. მარგარიტა პარმელისა (XVIII, 605) და მისი მრჩევლის გრანველის (IX, 552) უიღბლო მმართველობამ და ფილიპე II-ის მხრიდან განუწყვეტელმა ჩაგვრამ გამოიწვიეს 1565 წ. ნოემბერში კომპრომისი (XV, 911), ხოლო ამ უკანასკნელმა კი დასაბამი მისცა გეზების (VIII, 239) კავშირს, რომელმაც მოამზადა ღია აჯანყება (იხ. ნიდერლანდური ომი განთავისუფლებისთვის). უტრეხტის უნია (1579), რომელსაც ჩრდილოეთის პროვინციების სამხრეთისგან გამოყოფის შემდეგ, ეფუძნებოდა შეერთებული ნიდერლანდების რესპუბლიკის სახელმწიფო წყობილება, არსებითად იყო სამხედრო კავშირი; აქედანაა ნიდერლანდების ახალი მოწყობის ნაკლოვანებანი. ძალაუფლების მატარებლები იყვნენ პროვინციები, რომელთა შტატებიც შედგებოდა ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ პროვინციებში მრავალრიცხოვანი აზნაურობისა და საქალაქო პატრიციატების წარმომადგენელთაგან, დაახლოებით 2000 ადამიანის რიცხვით. პროვინციული შტატების დეპუტატები, «высокомощные господа», შეადგენდნენ გენერალიტეტს ანუ გენერალურ შტატებს, რომელიც იკრიბებოდა 1584 წ.-დან ჰააგაში. აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნოდა პროვინციის მეფისნაცვლს ანუ შტატჰალტერს (ფრისლანდიაში ყოველთვის იყო საკუთარი შტატჰალტერი იოჰან ნასაუელის სახლიდან). მის გვერდით იდგა სახელმწიფო ადვოკატი ანუ საბჭოს პენსიონარი (Raadpensionaris, ე. ი. ჯამაგირზე მყოფი მრჩეველი). სახელმწიფო საბჭო, რომელიც ასევე შედგებოდა პროვინციული ჩინებისგან გამოსული დეპუტატებით, განაგებდა ფინანსურ და სამხედრო საქმეებს; ადმირალიტეტები ჰოლანდიაში, ზელანდიასა და ფრისლანდიაში სათავეში ედგნენ საზღვაო საქმეს. დეპუტატები შეკრულნი იყვნენ თავიანთი ამომრჩევლების ინსტრუქციებით. თავიანთი სიმდიდრისა და უფრო მეტი დასახლებულობის წყალობით, ჰოლანდიის პროვინციები, ხოლო მათში კი ქ. ამსტერდამი, ფაქტიურად სარგებლობდნენ უპირატესობით (перевесомъ). მაგრამ დანარჩენი პროვინციებიც მხურვალედ იცავდნენ თავიანთ სუვერენულ უფლებებს. უნიის ყველანაირ გაფართოებაზე ნიდერლანდებმა წინასწარ თქვა უარი; თვით შემდგომში ესპანეთისთვის წართმეული გელდერნის, ბრაბანტისა და ფლანდრიის ნაწილებიც კი არ იქნა მიღებული მის შემადგენლობაში, არამწედ იმართებოდა გენერალიტეტის სახელით (საგენერალიტეტო მიწები). მცირე პროვინცია დრენტეს არ გააჩნდა წარმომადგენლობა გენერალურ შტატებში. მიუხედავად ამისა, ეს ბოლომდე ვერაშენებული სახელმწიფო აღწევდა დიდ წარმატებებს, თავისი მმართველების სიბრძნისა და სამხედრო გენიის წყლობით, რომლებიც მოქმედებდნენ გამაერთიანებელი პოლიტიკის აზრით. ეს მით უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ პარტიულ დავებში უკმარისობა არ ყოფილა. რეგენტის პარტია, რომელიც განსაკუთრებულად ძლიერი იყო ჰოლანდიის პროვინციებში, იმყოფებოდა ოლდენბარნეველდტის ხელმძღვანელობის ქვეშ და შედგებოდა საქალაქო არისტოკრატიის წარმომადგენელთაგან, არ სურდა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერება, რათა უპირატესობა შეენარჩენებინა ჰოლანდიის ხელში. მეფისნაცვლის პარტიას, რომელსაც მიეკუთვნებოდნენ პოლიტიკურ უფლებებჩამორთმეული ხალხი, აზნაურობა და ჯარი, სურდა მოეტანა ორანული სახლისთვის მემკვიდრეობითი, მეტ-ნაკლებად მონარქიული ხელისუფლება. რადგანაც პრინც მორიცს არ გააჩნდა პოლიტიკური პატივმოყვარეობა, ამიტომ კონფლიქტი მალე ვერ მოხდებოდა, ჰოლანდიის ხელისუფალთ საეკლესიო ბრძოლაში თავისუფლად მოაზროვნე არმინიანებსა და ორთოდოქსალურ ჰომარისტებს (II, 124) შორის არ დაეჭირათ პირველთა მხარე და არ მოეწვიათ ისინი თავიანთი პარტიკულარისტული თვალსაზრისის დასაცავად. მკაცრად კალვინისტური ხალხის გულისთვის, რომელიც არმინიანობაში შეიგრძნობდა კრიპტოკათოლიციზმს, მორიცი ჩაერია ამ საქმეში და ბრძანა დაეჭირათ ჰოლანდიელ რეგენტთა ბელადები, ოლდენბარნეველდი, ჰუგო გროციუსი და ჰოოგერბესტი; პირველი სახელმწიფო ღალატისთვის სიკვდილით იქნა დასჯილი (1619), უკანასკნელთ კი მიესაჯათ სამუდამო პატიმრობა ციხეში. მორიცის მემკვიდრემ († 1625), მისმა ძმამ ფრიდრიხ-ჰაინრიხმა აღადგინა მშვიდობა ქვეყნის შიგნით, დასასრული დაუდო რელიგიურ დევნებს, დააბრუნა ქვეყნიდან განდევნილნი და გაათავისუფლა პატიმრები. ომი ესპანეთთან შემსუბუქებულ იქნა იმავდროულად ბრძოლით ჰაბსბურგთა სახლის წინააღმდეგ გერმანიაში და კავშირით საფრანგეთთან (1635). ჰერცოგენბუში, ვეზელი, მაასტრიხტი და ბრედა დაპყრობილ იქნენ, ესპანური ფლოტისთვის მიყენებულ იქნა რამდენიმე დამარცხება, მიიღეს დიდი ნადავლი ვერცხლის ფლოტილიის წართმევის წყალობით (1628). მიუნსტერში დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებით (1648) რესპუბლიკა აღიარებულ იქნა დამოუკიდებელ დერჟავად, შეინარჩუნა თავისი დაპყრობები სამხრეთსა და ორივე ინდოეთში და მიიღო ვაჭრობის სრული თავისუფლება ესპანეთის ნავსადგურებში; შეერთება გერმანიის იმპერიასთან ცნობილ იქნა სამუდამოდ მოსპობილად. თავისუფლებისთვის ბრძოლის დროს ჩრდილოეთ ნიდერლანდები იქცა ევროპის უმდიდრეს ქვეყნად; მისმა ვაჭრობამ და მრეწველობამ ყველგან დაიპყრეს ბაზრები, მისი შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვანი იყო, ხელოვნება და მეცნიერება განვითარების უმაღლეს წერტილში იდგნენ. სავაჭრო კომპანიების კოლონიურმა სამფლობელოებმა მიიღეს უჩვეულო განვითარება; ვესტინდოეთის კომპანიამ 1636 წელს ბრაზილიაც კი დაიპყრო, მაგრამ არ შეეძლო მისი დიდი ხნით შენარჩუნება. ნიდერლანდების სავაჭრო ფლოტი 1643 წ. შედგებოდა 34000 გემისგან 2 მლნ. ლასტის ტევადობით. 1648 წ. ამსტერდამის ბანკში დაგროვებულ იქნა 300 მლნ. ლითონის გულდენი. სიმდიდრე ფულებით იმდენად დიდი იყო, რომ პროცენტები იდგა ნიშნულზე (на высоте) 2-3, ხოლო უზარმაზარი სამხედრო ხარჯები კი ადვილად იფარებოდა საბაჟო გადასახადებით. ვაჭრობისა და ურთიერთობათა უპირობო თავისუფლებას შეესაბამებოდა რწმენის აღმსარებლობის, მეცნიერებისა და ბეჭდური სიტყვის თავისუფლებაც, რამაც ნიდერლანდები აქცია ყველა დევნილის თავშესაფრად და სხვა ქვეყნებში ჩახშობილი თავისუფალი სიტყვის განვითარების ადგილად. პრინცმა ვილჰელმ II ორანელმა, რომელმაც 1647 წელს ტახტი თავისი მამისგან, ფრიდრიხ-ჰაინრიხისგან მემკვიდრეობით მიიღო, უარყო ჰოლანდიური შტატების დაჟინებული მოთხოვნა მუდმივი ჯარისა და გადასახადების შემცირებაზე, და ბრძანა არისტიკრატიული პარტიის ექვსი წევრის დაპატიმრება. როცა ის მოკვდა, 1650 წ. (მისი ვაჟი, ვილჰელმ III, დაიბადა მისი სიკვდილის შემდეგ), არისტიკრატიულმა ანუ ლოვენშტაინურმა პარტიამ (სახელი მიიღო ლოვენშტაინის ციხესიმაგრისგან, სადაც ორანელმა პრინცმა დაატყვევა თავისი მოწინააღმდეგენი) ისარგებლა შემთხვევით, რათა დიდ კრებაზე, ე. ი. პროვინციათა დეპუტატების საგანგებო ყრილობაზე გაეტანათ გადაწყვეტილება (1651) იმის თაობაზე, რომ მეტად აღარასოდეს აღარ დაეკავებინათ კვლავ მეფისნაცვლის თანამდებობა (ფრისლანდიისა და გრონინგენის გარდა). არისტოკრატიული პარტია, რომლის სათავეშიც 1653 წ.-დან იდგა ჰოლანდიის საბჭოს პენსიონარი, იან დე ვიტი, კიდევ უფრო შორს წავიდა და საიდუმლო აქტით დაადგინა (1654), რომ ორანული სახლი ჩამოშორებულ უნდა იქნას ყველა სახელმწიფო თანამდებობისგან. ჰოლანდიური შტატების სამუდამო ედიქტმა (1667) და გენერალური შტატების “ჰარმონიულმა აქტებმა” (1670) “სამუდამოდ” გამოაცალკევეს მეფისნაცვლის თანამდებობა მთავარსარდლის თანამდებობისგან. პირველი საზღვაო ომი ინგლისთან (1652-54) გამოწვეული იყო კრომველის (XX, 403) სანავიგაციო აქტით, რომელმაც ნიდერლანდების საზღვაო ვაჭრობას ინგლისთან სასიკვდილო დარტყმა მიაყენა; იგი წარმოებდა უდიდესი გააფთრებით, ნიდერლანდებს დიდი ზარალი მოუტანა და, ნიდერლანდური ფლოტის ბევრი დამარცხების შემდეგ, დასრულდა სანავიგაციო აქტის აღიარებით. დე ვიტმა ნიდერლანდების მთავარი ძალა მიმართა საზღვაოსნო და სავაჭრო ინტერესების მხარდაჭერაზე ინგლისის სახიფათო მეოქეობასთან ბრძოლაში და 1664 წ., ინგლისური დაპყრობების მოგერიებისთვის, დაიწყო მეორე საზღვაო ომი; ცვალებადი წარმატებების შემდეგ იგი დასრულდა ზავით ბრედაში (1667), რომელმაც ვერ გადაწყვიტა კამათი საზღვაო ჰეგემონიის შესახებ. რესპუბლიკური მთავრობა არ აქცევდა ყურადღებას სახმელეთო ძალებს. როდესაც ლუდოვიკო XIV-მ 1667 წ. დაიკავა ესპანეთის ნიდერლანდები, მთავრობამ შეკრა სამთა კავშირი ინგლისთან და შვედეთთან (1668), რამაც აიძულა ლუდოვიკო უარი ეთქვა თავისი დაპყრობების უმეტეს ნაწილზე (იხ. დევოლუციური ომი, X, 249). ამის გამო შურისძიებისთვის ლუდოვიკო XIV-მ მალევე გამოუცხადა ნიდერლანდებს ომი (იხ. ნიდერლანდური ომები), რომელმაც მას ხელში ჩაუგდო ოთხი პროვინცია და 83 ციხესიმაგრე. მოსახლეობის გააფთრება მიმართულ იქნა ჰოლანდიური არისტოკრატიის წინააღმდეგ. იან დე ვიტი, ძმასთან კორნელიუსთან ერთად, როგორც უბედურებაში სავარაუდო დამნაშავენი, დახოცილ იქნენ (были растерзаны) გაგის ქუჩებში (1672 წ. 20 აგვისტოს) და ახალგაზრდა ვილჰელმ III ორანელი არჩეულ იქნა მეფისნაცვლად, ხოლო 1674 წ. კი – ხუთი პროვინციის მემკვიდრეობით მეფისნაცვლად. მთელი ძალების დაძაბვით ახალგაზრდა პრინცმა, მოკავშირეთა დახმარებით, მოახერხა ქვეყნის გაწმენდა მოწინააღმდეგისგან. 1678 წ. ნიმვეგენის ზავის მიხედვით, ნიდერლანდებმა არა მხოლოდ შეინარჩუნა თავისი სამფლობელოები, არამედ ახლად შეიძინა მაასტრიხტი და დადო მომგებიანი სავაჭრო ხელშეკრულება საფრანგეთთან. არისტოკრატიულ პარტიას, რომელმაც მიაღწია მშვიდობას მეფისნაცვლის წინააღმდეგობის მიუხედავად, საფრანგეთთან კავშირი სურდა. მაგრამ, ლუდოვიკო XIV-ის დაუოკებელმა მიდრეკილებამ დაპყრობებისადმი და მისმა შეუწყნარებლობამ პროტესტანტების მიმართ, ხელი შეუწყვეს შტატჰალტერს, რომ ეზეიმა გამარჯვება არისტოკრატიაზე. შტატებმა მხარი დაუჭირეს პრინცის ღონისძიებას ინგლისის წინააღმდეგ 1688 წ.; 1689 წ. ისინი შეუერთდნენ ახალ კოალიციას საფრანგეთის წინააღმდეგ და მთელი ძალების დაძაბვით ღებულობდნენ მონაწილეობას ბრძოლაში. და ვილჰელმის სიკვდილის შემდეგაც ისინი დარჩნენ საზღვაო დერჟავების კავშირის ერთულნი და, საბჭოს პენსიონარის ჰაინზიუსის (იხ. Гейнзiус) მმართველობის ქვეშ, დაეხმარნენ საფრანგეთის ძალების გატეხვაში ესპანეთის მემკვიდრეობისთვის წარმოებულ ომში. მათი ინტერესები ამ დროს მსხვერპლად იქნა მიტანილი მთელი ევროპის ინტერესებისადმი; მათ გამოფიტეს საკუთარი ძალები ომებში, ვერ მიიღეს რა თავიანთთვის სხვა სარგებელი 1714 წ. საბარიერო ტრაქტატის გარდა, რომელმაც მისცა მათ ციხესიმაგრეთა დაკავების უფლება საფრანგეთის საზღვარზე. ვილჰელმ III-ის სიკვდილთან ერთად უფროსი ორანული ხაზის შეწყვეტის შემდეგ შტატჰალტერობა ხელმეორედ იქნა მოსპობილი პროვინციათა უმრავლესობაში; რესპუბლიკის მმართველობა გადავიდა არისტოკრატიული პარტიის ხელში, რომელიც უტრეხტის ზავის შემდეგ (1713) ემხრობოდა უპირობო სამშვიდობო პოლიტიკას. სახმელეთო და საზღვაო ძალები უკიდურესი ზომით იქნენ შეზღუდული და მოვიდნენ საბოლოო დაქვეითებაში; მეომრული სული, ენერგია და გერგილიანობა ჩაქრა ხალხში – და ამან მაპარალიზებელი სახით იმოქმედა მის მრეწველობაზეც; ხალხის მასა განიცდიდა უკმარისობას მრეწველობის დაქვეითების შედეგად; მმართველი კლასები იღრჩობოდნენ ფუფუნებაში და თავიანთთვის ინარჩუნებდნენ მთელ სახელმწიფო თანამდებობებს. ომმა ავსტრიული მემკვიდრეობისთვის (1741-1748) გამოიყვანა ნიდერლანდები მისი უმოქმედობისა და სიმშვიდისგან. მაგრამ საომარი მოქმედებები იმდენად ნელა და სუსტად მიმდინარეობდა, რომ ყველა ციხესიმაგრე დაკარგულ იქნა. 1747 წ. ფრანგები შემოიჭრნენ ნიდერლანდებში; ამან აღშფოთება გამოიწვია ზელანდიასა და ჰოლანდიაში. 1747 წ. 2 მაისს ხალხმა შტატჰალტერად გამოაცხადა პრინცი ვილჰელმ ორანელი ნასაუ-დიცის ხაზიდან, რომელიც მანამდე გახლდათ ფრისლანდიის მემკვიდრეობითი შტატჰალტერი, ხოლო 1718-დან და 1722 წწ. – ასევე გრონინგენისა და გელდერნის. ამ მაგალითს მიჰყვნენ სხვა პროვინციებიც, და ვილჰელმ IV იქცა შვიდივე პრივინციის პირველ მემკვიდრეობით შტატჰალტერად და გენერალურ კაპიტნად; მასვე დაევალა საგენერალიტეტო მიწების მმართველობაცა და ოსტინდოეთისა და ვესტინდოეთის კომპანიებში გენერალური დირექტორობაც. ვილჰელმ IV მოკვდა 1751 წ., დატოვა რა სამი წლის ვაჟი, ვილჰელმ V, რომლის ნაცვლადაც რეგენტად იყო მისი დედა, ინგლისელი პრინცესა ანა, ხოლო ჰერცოგმა ლუდვიგ-ერნესტ ბრაუნშვაიგელმა კი მიიღო მთავარი უფროსობა არმიაზე. ანას სიკვდილის შემდეგ, 1759 წ., პროვინციულმა შტატებმა საკუთარ თავზე აიღეს შტატჰალტერობის უფლებები; ჰერცოგი ლუდვიგი კი იქცა მეურვედ (сделанъ былъ опекуномъ). მთავრობა ემხრობოდა უპირობო ნეიტრალიტეტის სისტემას; მხოლოდ ოსტინდოეთში დასრულებულ იქნა ცეილონის დაპყრობა. 1766 წ. ვილჰელმ V თავად შეუდგა მმართველობას, რჩებოდა რა ჰერცოგ ლუდვიგის ხელმძღვანელობის ქვეშ. როდესაც 1776 წ. ინგლისელებმა დაიწყეს ომი ჩამოცილებულ ამერიკულ კოლონიებთან, მათ ნიდერლანდებთან ძველი ხელშეკრულებების საფუძველზე მოითხოვეს დამხმარე ჯარები ამბოხებულთა წინააღმდეგ; ნიდერლანდებმა უარი უთხრა ამ მოთხოვნის შესრულებაზე და დაიწყო მოლაპარაკებები შეიარაღებული ნეიტრალიტეტის დერჟავებთან. 1780 წ. იფეთქა ომმა ინგლისსა და ნიდერლანდებს შორის. თუმცა კი ნიდერლანდები სრულებით არ იყო მზად ომისთვის, მაგრამ, ანგარებიანი, ქედმაღალი მოკავშირის წინააღმდეგ დაგროვებული სიძულვილის გამო, ომი მეტად პოპულარული იყო ვაჭრობისა და ზღვაოსნობისთვის მიყენებული დიდი დანაკარგების მიუხედავად. ბოლოს და ბოლოს, საფრანგეთის მიერ მიტოვებულ ნიდერლანდებს (1784) ინგლისისთვის უნდა დაეთმო ნეგაპატამი წინა ინდოეთში და თავისუფალი ზღვაოსნობა ოსტინდოეთში. ისარგებლა რა ნიდერლანდების შევიწროვებული მდგომარეობით, იმპერატორმა იოზეფ II-მ 1784 წ. გააუქმა საბარიერო ტრაქტატი, ბრძანა სასაზღვრო ციხესიმაგრეთა დანგრევა და მოითხოვა შელდას გახსნა და მაასტრიხტის დათმობა. ნიდერლანდების საზღვაო ძალები ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ომი ავსტრიასთან შეუძლებელი გახლდათ. 1785 წ. 20 სექტემბრის პარიზის ხელშეკრულებით ნიდერლანდებმა დაუთმო იოზეფ II-ს ლილო და ლიფტენსჰუკი და ვალად იღო გადაეხადა 10 მლნ. გულდენი, მაგრამ შეინარჩუნა შელდას ჩაკეტვის უფლება. ამ დანაკარგებით გამოწვეული უკმაყოფილება მეტად ოსტატურად იქნა მიმართული პატრიოტული პარტიის მიერ, რომელიც შედგებოდა არისტოკრატიული და დემოკრატიული ელემენტებისგან, მემკვიდრეობითი შტატჰალტერის წინააღმდეგ; ჰოლანდიის შტატებმა მას ჩამოართვეს ბევრი უფლება, 1786 წ. – მისი ტიტულებიც კი. ვილჰელმ V გაემგზავრა გაგიდან; ბევრ ადგილას მოხდა უწესრიგობანი. როდესაც მეფისნაცვლის ცოლმა, პრინცესა ვილჰელმინა პრუსიელმა, მოისურვა გაგაში გამგზავრება, იგი დაკავებულ იქნა პატრიოტების მიერ და იძულებული შეიქნა უკან დაბრუნებულიყო. ამის გამო მისმა ძმამ, პრუსიის მეფემ ფრიდრიხ-ვილჰელმ II-მ, მოითხოვა დაკმაყოფილება. ჰოლანდიამ ქედმაღლური ტონით უპასუხა ამ მოთხოვნაზე, მცდარი იმედით იმაზე, რომ საფრანგეთი დაეხმარებოდა. 1787 წ. სექტემბერში 25000-იანი პრუსიული ჯარი შევიდა ნიდერლანდებში, სწრაფად დაეუფლა ჰოლანდიას და დააბრუნა შტატჰალტერი. ორანული სახლის უფლებები და რესპუბლიკის კონსტიტუცია გარანტირებულ იქნა ინგლისისა და პრუსიის მიერ 1788 წ. აპრილში.

საფრანგეთის რევოლუციამ ახალი ძალები შესძინა დათრგუნულ პატრიოტულ პარტიას. თავიდან ნიდერლანდებმა დაუშვა ინგლისური არმიის გადმოსხმა და შეუერთდა კოალიციას საფრანგეთის წინააღმდეგ, მაგრამ დამარცხებებმა გონდსჰოოტთან 1793 წ. 7 და 8 სექტემბერს, და ფლერიუსთან 1794 წ. 26 ივნისს, 1794-95 წწ. ყინვიანმა ზამთარმა, რომელმაც საწყლოსნო დაცვა შეუძლებელი გახადა (сделавшая водную защиту невозможною), და პატრიოტების საყოველთაო აჯანყებამ შეუმსუბუქეს პიშეგრიუს ნიდერლანდების დაპყრობა. შტატჰალტერის ოჯახი ინგლისში გაიქცა; გენერალურმა შტატებმა მემკვიდრეობითი შტატჰალტერობა გააუქმა და ნიდერლანდები გამოაცხადა ბატავიის რესპუბლიკად (1795 წ. 26 იანვარს). საფრანგეთთან რესპუბლიკამ 16 მაისს შეკრა კავშირი, რომელმაც მას დიდი მსხვერპლი დააკისრა: მაასტრიხტი, ვენლო, ნიდერლანდების ლიმბურგი და ფლანდრია დაათმობინეს, ნიდერლანდებმა გადაიხადა 100 მლნ. გულდენი და იკისრა 30000-იანი ფრანგული ჯარის შენახვა; ახლა მტრულმა ინგლისმა მოახდინა ნიდერლანდური ვაჭრობის პარალიზება და დაიწყო მისი კოლონიების დაუფლება. 1798 წ. კონსტიტუციამ რესპუბლიკა აქცია გაერთიანებულ სახელმწიფოდ, დირექტორიის მმართველობის ქვეშ, ხოლო 1801 წ.-დან კი – სამეთვალყურეო საბჭოსი. 1805 წ. სახელმწიფოს სათავეში დაყენებულ იქნა საბჭოს პენსიონარი შიმელპენინკი, ხოლო 1806 წ. 26 მაისს კი ნიდერლანდები, ნაპოლეონის ბრძანებით გადარქმეულ იქნა ჰოლანდიის სამეფოდ, რომლის გვირგვინიც გადაეცა ლუდოვიკ ბონაპარტეს (XVIII, 239). შემოღებულ იქნა ფრანგული კანონები; ჰოლანდიური ჯარები იძულებული იყვნენ მონაწილეობა მიეღოთ საფრანგეთის ყველა ომში. კონტინენტურმა სისტემამ (იხ.) მოსპო ნიდერლანდების მთელი ვაჭრობა, ინგლისთან კონტრაბანდის გარდა. როდესაც მეფე ლუდოვიკმა 1810 წ. უარი თქვა ტახტზე, რადგანაც არ უნდოდა, რომ მსხვერპლად მიეტანა სამეფო საფრანგეთის ინტერესებისთვის, 1810 წ. 9 ივლისის საიმპერატორო დეკრეტმა გამოაცხადა ჰოლანდიის შეერთება საფრანგეთთან, რომელიც ისედაც წარმოადგენს მხოლოდ “ფრანგული მდინარეების მიერ დანალექ” ტერიტორიას, ხოლო ამსტერდამი კი – იმპერიის მესამე ქალაქად. თუმცა კი ფრანგულმა ბატონობამ სწრაფად მოუღო ბოლო ბევრ ბოროტად გამოყენებას და ხელი შეუწყო პროვინციათა შერწყმას, მაინც ნიდერლანდებში, განსაკუთრებით კი ჰოლანდიაში, მწარედ იგრძნობოდა პოლიტიკური, გონებრივი და კომერციული თავისუფლების დაკარგვა. ლაიფციგთან მოკავშირეთა გამარჯვების შესახებ ცნობას შეხვდნენ აღტაცებით, ხოლო ძველორანული პარტიის მომხრეებმა კი მოაწყვეს დროებითი მთავრობა; 1813 წ. 1 დეკემბერს ამსტერდამში გამოცხადებულ იქნა ნიდერლანდების განთავისუფლება, ხოლო ყოფილი მემკვიდრეობითი შტატჰალტერის ვილჰელმ V-ის ვაჟიშვილი, ვილჰელმ I, რომელიც 30 ნოემბერს სკევენინგენში გადმოსხდა, გამოცხადებულ იქნა ხელმწიფედ. პრუსიულმა ჯარებმა ნიდერლანდები გაწმინდეს ფრანგებისგან და, ახლადშექმნილი ნიდერლანდური არმიის დახმარებით, აიღეს რამდენიმე ციხესიმაგრე. 1814 წ. 29 მარტის კონსტიტუციამ ხელმწიფის ძალაუფლება შეზღუდა კრებით, რომელსაც ირჩევდნენ პროვინციული შტატები – “გენერალური შტატებით”. ინგლისის წყალობით, რომელსაც სურდა მატერიკზე, საფრანგეთის გვერდით, შეექმნა საკმარისად თავდაცვისუნარიანი სახელმწიფო, 1814 წ. 20 ივლისის ლონდონური მუხლებით (лондонскими статьями) გადაწყვეტილ იქნა, რომ ბელგია და ჰოლანდია შეერთდებიან ერთ მთლიანად ნიდერლანდების სამეფოს სახელწოდებით. მისი საზღვრები დადგენილ იქნა 1815 წ. 9 ივნისის ვენის დასკვნითი აქტით და ვილჰელმ I აღიარებულ იქნა სახელმწიფოს მეფედ, რომელიც მოიცავდა 60000 კვ. კმ-სა და 5,5 მლნ. მცხოვრებს. ახალგაზრდა სამეფოს ჯარებმა, ორანელი პრინცის უფროსობით, თვალსაჩინო მონაწილეობა მიიღეს კატრბრასა და ვატერლოოს ბრძოლებში. პარიზის მეორე სამშვიდობო ხელშეკრულებით ნიდერლნდებმა მიიღო მიწის კიდევ ერთი ზოლი (უწინ ფრანგული), ციხესიმაგრეებით მარიენბურგითა და ფილიპვილით. თავისი ყოფილი კოლონიებიდან ნიდერლანდებმა უკან მიიღო მხოლოდ ოსტინდოეთის კუნძულები, გვიანის ნაწილი და წვრილი სამფლობელოები ამერიკასა და აფრიკაში; ცეილონი, კაპლანდია და დემერარა კი ინგლისმა თავისთვის დაინარჩუმა. გენერალური შტატებისთვისა და ბელგიური ნოტაბლებისთვის შეთავაზებულ იქნა ახალი კონსტიტუცია და, თუმცა კი ბელგიელთა უმრავლესობა გამოვიდა მის წინააღმდეგ, 24 აგვისტოს იგი გამოცხადებულ იქნა მიღებულად; გენერალური შტატები გყოფილ იქნა ორ პალატად, რომლებშიც ბელგია და ჰოლანდია გზავნიდნენ თანაბარი რაოდენობის დეპუტატებს. მეფე წარმატებით შეუდგა ფინანსების დარეგულირებასა და ვაჭრობის ფეხზე დაყენებას, რასაც არსებითად ხელს უწყობდა ბევრი არხის გაყვანა, ინდოეთში კოლონიური სისტემის განახლება და ნიდერლანდების სავაჭრო საზოგადოების დაარსება. მაგრამ ვილჰელმ I-მა ვერ მოახერხა იმ სიძნელეთა გადალახვა, როლებიც დაკავშირებული იყო ახლადშეძენილი ბელგიის შერწყმასთან ჩრდილოეთ ნიდერლანდებთან: ნიდერლანდების ორივე ნაწილი ძალზედ დიდი ხნის წინ იყო უკვე გაყოფილი ერთი-მეორისგან და მათი განვითარებაც წავიდა ძალზედ განსხვავებული გზებით. ჩრდილოეთის პროვინციებს სურდათ შემოსავლების მიღება მიწაზე მაღლი გადასხადებისა და ფუფუნებაზე გადასახადების დაწესებით; სამხრეთ პროვინციებს კი, რომლებიც ცხოვრობდნენ უმთავრესად მიწათმოქმედებითა და მრეწველობით, სურდათ საბაჟო გადასახადების ამაღლება. ნიდერანდების ვალების დიდ ტვირთს ბელგია მხოლოდ იძულების გამო იდებდა კისრად. კოლონიებიდან შემოსული სარგებელი ძალზედ ნელ-ნელა მიდიოდა სამხრეთის სავაჭრო ქალაქების სარგებელში, მაგრამ ამ სარგებელსაც ჩრდილოეთის პროვინციები შეჰყურებდნენ შურით და, შეძლებისდა გვარად, ჩამოჭრიდნენ ხოლმე. თუმცა კი მთავრობამ 1827 წ. 18 ივნისს დადო რომის პაპთან კონკორდატი და დააარსა სამი ახალი საეპისკოპოსო – ამსტერდამში, ბრიუგესა და ჰერცოგენბუშში, – მაგრამ ამას არ შეეძლო ბელგიაში ძალმოსილი კათოლიკური სასულიერო წოდების უნდობლობის მოსპობა. მეორეს მხრივ ბელგიელი ლიბერალები, უმეტეს წილად ვალონები, უკმაყოფილონი იყვნენ მთავრობის მისწრაფებით ფლამანდიური ენისთვის ბატონობის მიცემისკენ, აგრეთვე მეფის მოქმედებათა თვითმპყრობელური ხასიათითაც (самовластным образомъ); ისინი იხრებოდნენ საფრანგეთის მხარეზე. კლერიკალების ლიბერალებთან შეერთების შედეგად ივლისის რევოლუციამ საფრანგეთში გამოიწვია ბელგიური რევოლუციაც (იხ. ბელგია, III, 395). ვილჰელმ I თავიდან იმედს ამყარებდა თავისი იარაღის ძალაზე. 1831 წ. ორანელმა პრინცმა დაამარცხა ბელგიელები ჰასელტთან (8 აგვისტოს) და ლუვენთან (12 აგვისტოს) და იმუქრებოდა მთელი ბელგიის დაპყრობითაც, მაგრამ დერჟავებმა 1831 წ. 26 ივნისი ლონდონის პროტოკოლში გამოთქვეს ბელგიის ნიდერლანდებისგან გამოყოფის სასარგებლოდ. მათი თანხმობით საფრანგეთმა განდევნა (оттеснила) ჰოლანდიელები, 1832 წ. 24 დეკემბერს დაეუფლა ანტვერპენის ციტადელს და, ინგლისთან შეერთებით, მოახდინა ნიდერლანდების ნაპირების ბლოკირება. ომს დასასრული დაედო 1833 წ. 21 მაისის ლონდონის შეთანხმებით. ვილჰელმ I დიდხანს უარს ამბობდა ბელგიის დამოუკიდებლობის აღიარებაზე, თუმცა კი 1831 წ. 15 ოქტომბრის 24 მუხლი აღიარებდა ნიდერლანდების უფლებას ლუქსემბურგსა და ლიმბურგის ნაწილზე, აგრეთვე ბელგიის მიერ ყოველწლიურად 8.400.000 გულდენის გადახდას, როგორც სახელმწიფო ვალის პროცენტების მისი ნაწილისა. მხოლოდ 1839 წ. 19 აპრილს შედგა სამშვიდობო ხელშეკრულება ნიდერლანდებსა და ბელგიას შორის, რომლის მიხედვითაც ბელგიური რენტის ზომები შემცირებულ იქნა 5 მლნ.-მდე, აღმოსავლეთ ლუქსემბურგი (იხ. XVIII, 244) პირადი უნიით შეერთებულ იქნა ნიდერლანდებთან, ხოლო ნიდერლანდებისთვის შეთავაზებული ლიმბურგის ნაწილი კი (XVII, 689) სავსებით გაერთიანდა ახალ სამეფოსთან, რომელიც მოითვლიდა მხოლოდ 11 პროვინციას, მაგრამ სამაგიეროდ სავსებით ერთგვაროვანს ენისა და ისტორიის მიხედვით. 1840 წ. ვილჰელმ I-მა (იხ. VI, 362) უარი თქვა ტახტზე თავისი ვაჟიშვილის ვილჰელმ II-ის (1840-49) სასარგებლოდ, რომლის დროსაც შედგა კონსტიტუციის გადასინჯვა (1849): მოსპობილ იქნა პროვინციული შტატების დაყოფა წოდებათა მიხედვით, მეორე პალატისთვის შემოღებულ იქნა პირდაპირი არჩევნები, თუმცა კი მაღალი ცენზით. ვილჰელმ III-მ (1849-90) ახალი კონსტიტუციის ავტორი, ტორბეკე, დააყენა თავისუფლად მოაზროვნე კაბინეტის სათავეში, რომელმაც კონსტიტუციის პრინციპები განახორციელა რიგი მნიშვნელოვანი ორგანული კანონებით (შეკრებების უფლება, პროვინციული და სათემო მოწყობა, სასამართლოს ორგანიზაცია). ეკლესიათა თავისუფლებისა და სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობის შესახებ კონსტიტუციის მუხლის აღსრულებისთვის, ტორბეკემ 1852 წელს დადო ხელშეკრულება რომის კურიასთან, რომელშიც მთავრობა უარს ამბობდა ყოველგვარ სამთავრობო ზედამხედველობაზე კათოლიკურ ეკლესიაზე და ხუთი ახალი ეპარქიის მოწყობაზეც რთავდა ნებას ნიდერლანდებში. 1853 წ. 7 მარტის პაპის ალოკუციამ, რომელიც იტყობინებოდა ამის შესახებ, აღშფოთების ქარიშხალი გამოიწვია პროტესტანტულ მოსახლეობაში, რომლის მხარეზე დადგა მეფეც, რომელიც უკმაყოფილო გახლდათ თავისი მკვეთრი მინისტრისა. ტორბეკემ მიიღო გადადგომა; ერთი კონსერვატიული სამინისტრო მეორეს ენაცვლებოდა, მაგრამ, ამასთანავე თავსაც იკავებდა ყველანაირი რეაქციული ღონისძიებისგან. 1862 წ. ტორბეკე კვლავ დადგა მთავრობის სათავეში. მან მოახდინა გადასახადების სისტემის რეფორმაცია, გაატარა კანონი რეალურ სასწავლებელთა შესახებ, გააუქმა მონობა ვესტინდოეთში, მაგრამ წარუმატებლობა განიცადა იმის მცდელობაში, რომ ხელახლა შეექმნა კოლონიური მმართველობა და გაეუქმებინა 1830 წ. იავაზე შემოღებული მძიმე, მაგრამ სახელმწიფოსთვის მომგებიანი საბეგარო შრომის სისტემა. ზაილენ ფან ნიუფელტის ახალ კონსერვატიულ მთავრობას (1866) მოუწია ლუქსემბურგის საკითხის გადაწყვეტა (XVII, 244). გერმანიის კავშირის დაცემას შედეგად მოჰყვა ლიმბურგსა და გერმანიას შორის უწინდელი კავშირის მოსპობაც. 1868 წ. ფროკმა, ხოლო 1871-ში კი – ტორბეკემ შეადგინეს ლიბერალური კაბინეტები, რომლებმაც გააუქმეს ტვირთად ქცეული (обременительный) საგაზეთო გადასახადი და ასევე სიკვდილით დასჯა. ნების საწინააღმდეგოდ ისინი იძულებული იყვნენ რიგში ჩაეყენებინათ სამხედრო რეფორმაც. გერმანიის იმპერიის წარმოქმნამ ნიდერლანდებში გამოიწვია შეშფოთება მისი დამოუკიდებლობის გამო: ტორბეკემ, რომელიც მანამდე ყოველთვის იდგა სამხედრო ბიუჯეტის რაც შეიძლებოდა მეტად შემცირების მხარეზე, აუცილებლად მიიჩნია ქვეყნის საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერება. მაგრამ პალატამ უარი თქვა საყოველთაო სამხედრო ვალდებულების დამყარებაზე: მხოლოდ კანონი ციხესიმაგრეთა შესახებ იქნა გატარებული ტორბეკეს სიკვდილის შემდეგ (1872) ფრანსენ ფან დე პუტეს სამინისტროს მიერ. 1871 წ. ჰიდერლანდებმა თავისი გვინეის სამფლობელოები მიჰყიდა ინგლისს, რის სანაცვლოდაც მიიღო მოქმედებათა თავისუფლება სუმატრაში. აქ 1873 წ. დაიწყო ომი აჩინის სულთანთან, რომელმაც არ მოისურვა ნიდერლანდების პროტექტორატის აღიარება. გენერალ ფან სვიტენის მიერ 1874 წ. იანვარში აჩინის დედაქალაქის, კრატონის აღებამ ცოტა სარგებელი თუ მოიტანა, რადგანაც ჯარისკაცების მასა კვდებოდა კლიმატისგან, ხოლო ექსპედიციაზე გაწეული ხარჯები კი უზარმაზარი იყო. 1874 წ. ივლისში დადგენილ იქნა ჰეემსკერკის კონსერვატიული სამინისტრო, რომელმაც ოსტატური ლავირების წყალობით მოახერხა 1877 წ. სექტემბრამდე თავის შენარჩუნება. კაპეინეს ლიბერალურმა სამინისტრომ მოახერხა მხოლოდ ახალი სასკოლო კანონის გატარება და ადგილი დაუთმო ფან ლაინდენის ზომიერ კაბინეტს (1878). 1879 წ. გენერალმა ფან დერ ჰაიდენმა გამარჯვებით დაასრულა აჩინის ომი, თუმცა კი ვერ მოაღწია ქვეყნის სრულ დამშვიდებას. 1881 წ. გამოცემულ იქნა ახალი სისხლის სამართლის კანონმდებლობა (новое угол. уложенiе). ჰეემსკერკის კაბინეტმა (1883 წ.-დან) გაძლიერებით მოჰკიდა ხელი კონსტიტუციის გადასინჯვას, მით უმეტეს, რომ კრონპრინც ალექსანდერის სიკვდილთან ერთად (1884) მოისპო მეფის მამრობითი სქესის შთამომავლობა და აუცილებელი შეიქნა ტახტის მემკვიდრეობის თაობაზე საკითხის გადაწყვეტა. 1885 წ. არჩევნებზე არჩეული აღმოჩნდა ლიბერალებისა და ანტილიბერალების თანაბარი რიცხვი; და უკანასკნელნი ამუხრუჭებდნენ სამინისტროს ყველა ღონისძიებას. პალატა კვლავ დათხოვნილ იქნა (1886), და ამჯერად ლიბერალები ცოტათი მეტნი იქნენ არჩეულნი. სოციალდემოკრატიის გაძლიერებამ ნიდერლანდებში, 1886 წ. უწესრიგობებმა ამსტერდამსა და სხვა ქალაქებში, საერთო შეშფოთებამ აიძულა ანტილიბერალები, რომ შეესუსტებინათ ოპოზიცია: 30 ნოემბერს გამოცხადებულ იქნა ახალი კონსტიტუცია, რომელმაც 200000-ით გაზარდა ამომრჩეველთა რიცხვი. 1888 წ. არჩევნებზე ლებერალები მხოლოდ პირველ პალატაში აღმოჩნდნენ უმრავლესობაში; ჰეემსკერკი გადადგა და შედგა ბარონ მაკაის კათოლიკური კაბინეტი. კანონმა რეგენტობის შესახებ (1888) მცირეწლოვან დედოფალზე მეურვეობა მისცა, მეფის სიკვდილის შემთხვევაში, დედა-დედოფალსა და ცხრა წევრისგან შემდგარ სამეურვეო საბჭოს, რომელთაგან ოთხი დანიშნულ უნდა ყოფილიყო მეფის მიერ. 1890 წ. ვილჰელმ III-ის ტახტზე მემკვიდრეობით ავიდა მისი ქალიშვილი ვილჰელმინა, რომლის არასრულწლოვანების გამოც დედოფალი ემა დანიშნულ იქნა რეგენტად. ლუქსემბურგი საბოლოოდ ჩამოსცილდა ნიდერლანდებს. ამავე დროს ნიდერლანდების მთავრობას შეჯახება ჰქონდა საფრანგეთთან სურინამის საზღვარზე არსებული ოლქის გამო. იმპერატორმა ალექსანდრე III-მ, რომელსაც ორივე მხრისგან ჰქონდა რწმუნებული ამ საქმის სამომრიგებლო განხილვა, იგი გადაწყვიტა ნიდერლანდების პრეტენზიათა სასარგებლოდ. 1891 წ. არჩევნებმა უმრავლესობა მოუტანა ლიბერალებს. ტინჰოვენ ფან პოორფლიტის ახალ კაბინეტს მხედველობაში ჰქონდა ხმების საყოველთაო მიცემის შემოღება, ფინანსების რეფორმა და ა. შ., მაგრამ ეს პროექტები მოეჩვენათ ზედმეტად რადიკალურად და 1894 წ. ზაფხულში შეიქმნა როელ ფან ჰოუთენის სამინისტრო. აჩინის ომი შევიდა ახალ ფაზისში, რადგანაც გენერალმა დაიკერჰოფმა მასში მონაწილეობისთვის ჩართო მოსახლეობის დაწყნარებული ნაწილი. დაუმორჩილებელნი არიან მხოლოდ კუნძულის ძნელად მისადგომი შიდა ნაწილების მცხოვრებნი.

(შემდეგ მოყვანილია იმხანად არსებული ლიტერატურის ჩამონათვალი წერილის თემაზე)

ა. მ. ლ.

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment