Friday, August 2, 2013

თურქეთის თანამედროვე შეიარაღებული ძალები და საქართველო

(წერილი გამოქვეყნდა გაზეთ “ახალი 7 დღის” 2005 წლის 6-11 მაისის ნომერში; ამჯერად იგი ქვეყნდება მცირე სარედაქციო შევსება-შესწორებებით)

ცივი ომის მიწურულს თურქეთს ძირითადად ჰქონდა ამერიკული და დასავლეთგერმანული წარმოების საბრძოლო ტექნიკისა და იარაღის მნიშვნელოვანი როდენობა, მაგრამ მისი დიდი ნაწილი უკვე გვარიანად იყო მოძველებული და თანამედროვე მოთხოვნებს ვეღარ შეესაბამებოდა. მათ რიცხვს მიეკუთვნებოდა M-47 და M-48A1/A2 ტიპის საბრძოლო ტანკები, M-1/-2 და M-59 ტიპის ჯავშანტრანსპორტერები, ცალკეული ტიპის ჰაუბიცები და ზარბაზნები, F-104 და F-5 სერიების ტაქტიკური გამანადგურებელი თვითმფრინავები, რომელთაგან პირველებს დასავლეთგერმანელი პილოტები, მათი ხშირი ავარიულობის გამო, “მფრინავ კუბოებსაც” კი უწოდებდნენ, “გაფისა” და “თენგის” ტიპის ტაქტიკური წყალქვეშა ნავები, “გირინგის”, “სამნერის”, “კარპენტერისა” და “კიოლნის” ტიპის მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდები (საესკადრო ნაღმოსნები და ფრეგატები), რომელთა უმრავლესობაც ჯერ კიდევ 1940-იან წლებში იყო გამოშვებული.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელებმა ჯერ კიდევ ვიეტნამში ომის წლებში გამოუშვეს AH-1 “კობრას” სერიის დამრტყმელი (საცეცხლე მხარდაჭერისა და ტანკსაწინააღმდეგო) ვერტმფრენები, ხოლო ბუნდესვერის სახმელეთო ჯარებში კი ამ მიზნით იყენებდნენ BO-105 სერიის მანქანებს, ცივი ომის პერიოდში თურქეთისთვის მათ ისინი არ მიუწოდებიათ.

მაგრამ ცივი ომის დასრულების შემდეგ აშშ-ისა და ნატო-ს ხელმძღვანელობა განსაკუთრებული მზრუნველობით მოეკიდნენ თურქეთის შეიარაღებული ძალების შემდგომ გაძლიერებას. 1990 წლის 19 ნოემბერს პარიზში დადებულ იქნა “ხელშეკრულება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ” (Treaty on Conventional Armed Forces in Europe – CFE), რომლის თანახმადაც თითოეულ სამხედრო ბლოკს – ნატო-სა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციას – უფლება მიეცა მშვიდობიანობის დროს მის მიერ კონტროლირებად ევროპულ ტერიტორიაზე რეგულარულ საჯარისო ნაწილებსა და სპეციალურ საწყობებში მუდმივად განელაგებია არაუმეტეს 20000 საბრძოლო ტანკის, 30000 მოჯავშნული სავრძოლო მანქანის, 20000 საველე საარტილერიო სისტემის (100 მმ და მეტი ყალიბისა), 6800 საბრძოლო თვითმფრინავის და 2000 დამრტყმელი ვერტმფრენისა.

ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის განლაგების უფრო მეტად რეგლამენტირების მიზნით ევროპის ტერიტორია დაყოფილ იქნა ცენტრალურ და საფლანგო რაიონებად. ნატო-ს ბლოკის მხრიდან საფლანგო რაიონში შეიტყვანეს ნორვეგია, ისლანდია, საბერძნეთი და თურქეთის ტერიტორის უმეტესი ნაწილი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის გამოკლებით; ვარშავის ხელშეკრულების მხრიდან კი – ბულგარეთი, რუმინეთი და საბჭოთა კავშირის ლენინგრადის, ოდესის, ჩრდილო-კავკასიისა და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქების ტერიტორიები. ევროპის მთელი დანარჩენი ტერიტორია ატლანტის ოკეანიდან ურალის მთებამდე შეყვანილ იქნა CFE-ხელშეკრულების მოქმედების ცენტრალურ რაიონში, მაგრამ დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მისი დიდი სივრცული განფენილობის გამო, ეს რაიონი დაყოფილ იქნა ქვერაიონებად მხარეთა შეხების საზღვრიდან დასავლეთისა (ნატო-თვის) და აღმოსავლეთის (ვარშავის პაქტისთვის) მიმართულებით. CFE-ხელშეკრულების IV და V მუხლების ძალით თითოეული სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის მიერ თავიანთ ტერიტორიებზე მუდმივად გასალაგებელი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის მაქსიმალური რაოდენობები (კვოტები) განაწილებულ იქნა ამ ბლოკების საფლანგო და ცენტრალურ რაიონებში განლაგებულ სახელმწიფოებს შორის, ხოლო საბრძოლო თვითმფრინავებისა და დამრტყმელი ვერტმფრენების კვოტების განაწილება კი მთლიანად მიანდეს ამ ბლოკების სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას.

ამჯერად ჩვენ გვაინტერესებს სწორედ ცენტრალურ და საფლანგო რაიონებში თითოეული სამხედრო ბლოკისთვის გამოყოფილი კვოტების მნიშვნელობანი, რომლებიც მოგვყავს 1-ლ ცხრილში.

ცხრილი 1

ნატო-სა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცის კვოტების განაწილება ცენტრალურ და საფლანგო რაიონებში 

შეიარაღებათა . . . . საბრძოლო . . მოჯავშნული . . საველე სა- 
განლაგების . . . . . . ტანკები . . . . . .საბრძოლო . . . არტილერიო 
პირობები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . მანქანები . . . . . სისტემები 

თითოეული სამხედრო ბლოკის ევროპულ ტერიტორიაზე მთლიანად 

სულ არაუმეტეს . . . . . 20000 . . . . . . . . . 30000 . . . . . . . . . . . 20000
მათ შორის რეგუ-
ლარულ ნაწილებ-
ში არაუმეტეს . . . . . . . 16500 . . . . . . . . . 27300 . . . . . . . . . . . 17000

თითოეული სამხედრო ბლოკის ცენტრალური რაიონში 

სულ არაუმეტეს . . . . .15300 . . . . . . . . . 24100 . . . . . . . . . . . 14000
მათ შორის რეგუ-
ლარულ ნაწილებ-
ში არაუმეტეს . . . . . . .11800 . . . . . . . . . 21400 . . . . . . . . . . . 11000

თითოეული სამხედრო ბლოკის საფლანგო რაიონში 

რეგულარულ ნაწი-
ლებში არაუმეტეს . . . . 4700 . . . . . . . . . . 5900 . . . . . . . . . . . .6000

ცხრილიდანაც ჩანს, რომ სახედრო ბლკების საფლანგო რაიონებში არ იყო გათვალისწინებული ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის სპეციალური საწყობების შექმნა, თუმცა კი ცალკე მუხლით ვარშავის ხელშეკრულების (საბჭოთა კავშირის) სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უფლება მისცეს, რომ ლენინგრადის სამხედრო ოლქის სამხრეთ ნაწილში (ფსკოვის ადმინისტრაციული ოლქი) და ოდესის სამხედრო ოლქში განელაგებია სპეციალური საწყობები რამდენიმე ასეული საბრძოლო ტანკის, მოჯავშნული საბრძოლო მანქანისა და საველე საარტილერიო სისტემისთვის. გარდა ამისა, საბჭოთა ჯარებისთვის სარეზერვო რაიონად სამხრეთის მიმარულებაზე შესაძლოა გადაქცეულიყო ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქის სამხრეთ რაიონი და იქ განლაგებული ჯარები, აგრეთვე ურალის ქედის აღმოსავლეთი, რომელიც არ შედის CFE-ხელშეკრულების მოქმედების ზონაში და, შესაბამისად, იქ განლაგებული საბჭოთა საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღება შეზღუდვებს არ ექვემდებარება.

ნატო-ს ბლოკის ჩრდილოეთ ფლანგზე ისლანდიას თავისი შეიარაღებული ძალები არ გააჩნია, ნორვეგის ტერიტორიაზე კი ასევე ვერ მოხერხდებოდა ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის საწყობების შექმნა (ამის საჭიროება არც ყოფილა), ხოლო სამხრეთის ფლანგზე კი გასათვალისწინებელია ის, რომ თურქეთის ტერიტორიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი საერთოდ არ შედის CFE-ხელშეკრულების მოქმედების ზონაში და იქ კვოტებით დადგენილი შეზღუდვები არ მოქმედებს. ქვემოთ დავინახავთ, რომ თურქულ სარდლობას აქ მოწყობილი აქვს სპეციალური საწყობები ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის მნიშვნელოვანი რაოდენობისთვის. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ 1990 წლის ნოემბერში CFE-ხელშეკრულება დადებულ იქნა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის (ეუთთ, ევროთათბირის) ეგიდით, რომელიც შემდგომ წლებში “ორგანიზაციად” გადაკეთდა – ეუთო, და ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტებთან დაკავშირებული პროცესები დღესდღეობით სწორედ მისი ეგიდით მიმდინარეობს.

ნატო-ს ბლოკში საფლანგო კვოტების განაწილება ნაჩვენებია მე-2 ცხრილში.

ცხრილი 2

ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტების განაწილება ნატო-ს ბლოკის საფლანგო რაიონში

(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – საბრძოლო ტანკები, B – მოჯავშნული საბრძოლო მანქანები, C – საველე სარტილერიო სისტემები, D – დამრტყმელი ვერტმფრენები, E – საბრძოლო თვითმფრინავები)

ქვეყანა . . . . . . . . . A . . . . . . B . . . . C . . . .D . . . . E . . 

CFE-ხელშეკრულების დადებისთვის არსებული მდგომარეობა 

ნორვეგია . . . . . . . 205 . . . . .146 . . . 532 . . – . . . . 90
საბერძნეთი . . . .1725 . . . .1639 . . .1941 . . – . . . 480
თურქეთის
ევროპული
ტერიტორია . . . .2888 . . . 1554 . . . 3202 . . – . . . 589

CFE-ხელშეკრულებით დადგენილი კვოტები 

ნორვეგია . . . . . . .170 . . . . .225 . . . 527 . . . – . . .100
საბერძნეთი . . . 1735 . . . .2534 . . 1878 . . .30 . . 650
თურქეთის
ევროპული
ტერიტორია . . . 2759 . . . 3120 . . 3528 . . 103 . . 750

მე-2 ცხრილში ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ ნატო-ს ბლოკის სამხრეთ ფლანგზე საბერძბეთსაც და თურქეთსაც ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტები რამდენჯერმე გაუზარდეს მანამდე არსებულ დონეენთან შედარებით. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამაზე დამატებით, თურქეთს თავისი ტერიტორიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებული აქვს ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომელთა ერთი ნაწილიც შედის აქ დისლოცირებული ჯარების შემადგენლობაში (მე-2 საველე არმიისა და მე-3 არმიის მე-8 საარმიო კორპუსისა), მეორე ნაწილი კი დასაწყობებულია, რათა საჭიროების შემთხვევაში გადმოისროლონ ისინი ქვეყნის ევროპულ ტერიტორიაზე აქ განლაგებული შენაერთებისა და ნაწილების სრულ შტატებამდე დაკომპლექტებისთვის და ახლების შესაქმნელად – ძალის დემონსტრირების ან საბრძოლო მოქმედებების წარმოების მიზნით – შესაძლოა ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებაზე საბერძნეთის, ბულგარეთის ან სერბეთის წინააღმდეგ, ან კიდევ ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებაზე ამიერკავკასიაში რუსეთ-ირან-სომხეთის კოალიციის წინააღმდეგ, ან საქართველოს ტერიტორიის დასაკავებლად, და სხვა.

ყურადღებას იქცევს ის გარემოებაც, რომ 1980-იან წლებში ნატო-ს ბლოკის ევროპული სახელმწიფოების უმეტესობამ ისე წაიყვანა თავისი სამხედრო მშენებლობა, რომ მათი ძირითადი შეიარაღების რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 1990 წელს დადგენილი კვოტებით განსაზღვრულს. მე-3 ცხრილში ნაჩვენებია ჩრდილოატლანტიკური კავშირის წამყვანი ევროპული სახელმწიფოებისა და თურქეთის ჩვეულებრივი შეტრევითი შეიარაღების რაოდენობა CFE-ხელშეკრულების დადების მომენტისთვის, ხელშეკრულებით დადგენილი კვოტები და ასევე ამ შეიარაღების რაოდენობა 2000 წლის შუახანებში.

ცხრილი 3

ნატო-ს ბლოკის წამყვანი ევროპული სახელმწიფოებისა და თურქეთის შეიარაღება 

საბრძოლო . . . საფრანგეთი . . გერმანია . . . . დიდი . . . . თურქეთი 
ტექნიკა და . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ბრიტანეთი . . . . . . . . 
შეიარაღება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 

ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღება CFE-ხელშეკრულების დადების მომენტისთვის (1990 წლის ნოემბერში)

საბრძოლო
ტანკები . . . . . . . . . . . 1349 . . . . . . . . . 4726 . . . . . . . 1314 . . . . . . . 3783
მოჯავშნული
საბრძოლო
მანქანები . . . . . . . . . . 4331 . . . . . . . . .5279 . . . . . . . 4382 . . . . . . . 3560
საველე სა-
არტილერიო
სისტემები . . . . . . . . . 1403 . . . . . . . . .2637 . . . . . . . . 729 . . . . . . . 4187
დამრტყმელი
ვერტმფრენები . . . . . . 429 . . . . . . . . . .357 . . . . . . . . 368 . . . . . . . . . – . .
საბრძოლო
თვითმფრინავები . . . 700 . . . . . . . . . .860 . . . . . . . . 842 . . . . . . . . 650

CFE-ხელშეკრულებით თითოეული ამ სახელმწიფოსთვის განსაზღვრული კვოტები

საბრძოლო
ტანკები . . . . . . . . . . .1306 . . . . . . . . . 4166 . . . . . . . 1015 . . . . . . . 2795
მოჯავშნული
საბრძოლო
მანქანები . . . . . . . . . 3820 . . . . . . . . . 3446 . . . . . . . 3176 . . . . . . . 3120
საველე სა-
არტილერიო
სისტემები . . . . . . . . 1292 . . . . . . . . . 2705 . . . . . . . . 636 . . . . . . . 3523
დამრტყმელი
ვერტმფრენები . . . . . 396 . . . . . . . . . . 306 . . . . . . . . 371 . . . . . . . . 103
საბრძოლო
თვითმფრინავები . . . 800 . . . . . . . . . 900 . . . . . . . . .900 . . . . . . . . 750

2000 წლის შუახანებში ამ ქვეყნებში რეალურად არსებული შეიარაღება

საბრძოლო
ტანკები . . . . . . . . . . . . 834 . . . . . . . . 2815 . . . . . . . . .616 . . . . . . . 4205
მოჯავშნული
საბრძოლო
მანქანები . . . . . . . . . .4613 . . . . . . . . 4959 . . . . . . . . 2426 . . . . . . . 4293
საველე სა-
არტილერიო
სისტემები . . . . . . . . . .802 . . . . . . . . 2115 . . . . . . . . . 457 . . . . . . . 4964
დამრტყმელი
ვერტმფრენები . . . . . 339 . . . . . . . . . .204 . . . . . . . . . 269 . . . . . . . . . 37
საბრძოლო
თვითმფრინავები . . .517 . . . . . . . . . 559 . . . . . . . . . .566 . . . . . . . . 505

აღნიშნულ ცხრილში გერმანიის საწყის შეიარაღებაში (1990 წლის ნოემბრის მდგომარეობით) არ ვაჩვენეთ გაერთიანების შედეგად აღმოსავლეთ გერმანიის ეროვნული სახალხო არმიისგან მიღებული შეიარაღება, რომლის უდიდესი ნაწილიც ბუნდესვერმა 90-იან წლებში მოიშორა. დიდი ბრიტანეთისა და თურქეთის რეალურად არსებულ შეიარაღებაში კი ნაჩვენებია ის რაოდენობაც, რომელიც ამ ქვეყნებს გააჩნიათ ევროპული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ – ბრიტანეთს ყოფილ კოლონიებში, ხოლო თურქეთს კი სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში; 2000 წელს საფრანგეთისა და გერმანიის მოჯავშნული საბრძოლო მანქანების გრაფაში ნაჩვენებია აგრეთვე მათ ბაზაზე შექმნილი არასაბრძოლო დანიშნულების მოჯავშნული მანქანებიც, მაგალითად: სამეთაურო-საშტაბო მანქანები, მეწინავე საარტილერიო მეთვალყურეთა მოჯავშნული მანქანები და სხვა. ისინი ცალკე ვერ გამოვყავით, ვინაიდან ლონდონის საერთაშორისო ინსიტუტის ყოველწლიურ გამოცემაშიც Military Balance, საიდანაც გვაქვს ეს მონაცემები ამოღებული, ისინი ცალკე გამოყოფილი არ ყოფილა.

ცხრილი ნათლად გვიჩვენებს, რომ 1990-იან წლებში ნატო-ს ბლოკის სხვა მსხვილი ევროპული სახელმწიფოებისგან განსხვავებით, თურქეთის სარდლობამ მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების რაოდენობა და ეს მოხდა იმავე აშშ-ისა და გერმანიის სამხედრო-ტექნიკური დახმარების შედეგად. სახელდობრ, თურქებმა მიიღეს 1180-მდე საბრძოლო ტანკი M-60A1/A3 და “ლეოპარდ-1A1/A3”, ხოლო კიდევ M-48A1/A2 ტიპის 895 საბრძოლო ტანკს ჩაუტარეს მოდერნიზაცია A5 მოდელამდე მისი გაუმჯობესების მიზნით; ამერიკული ლიცენზიით საკუთარ ქარხნებში აწარმოეს YPR-765 ტიპის 650 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და 830 ჯავშანტრანსპორტერი, აგრეთვე დამატებით მიიღეს 350-ზე მეტი ამერიკული ჯავშანტრანსპორტერი M-113A1/A2; 340 ერთეულით გაზარდეს თვითმავალი საარტილერიო დანადგარების ფარეხი, განსაკუთრებით კი 203,2-მმ ამერიკული ჰაუბიცებისა M-110A2, რომლებიც თავად აშშ არმიის შეიარაღებიდან მოხსნილ იქნა 227-მმ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით MLRS ჩანაცვლების შედეგად; მათ შეიარაღებაში ასევე გამოჩნდა 40-მდე დამრტყმელი ვერტმფრენი AH-1W/P “ქინგ კობრა”; ამერიკული ლიცენზიით აწარმოეს 170-მდე თანამედროვე მსუბუქი გამანადგურებელი თვითმფრინავი F-16 C/D, გერმანული ლიცენზიით კი 209-ტიპის ოთხი დიზელური წყალქვეშა ნავი და MEKO-200 ტიპის ოთხი ფრეგატი, გარდა ამისა, ამერიკელებისგანაც მიიღეს “ნოქსისა” და “ოლივერ ჰეზარდ პერის” ტიპების 13 ფრეგატი და ეს 17-ვე მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდი შეიარაღებულია “ჰარპუნის” ტიპის ამერიკული ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებით, ხოლო მათ გარდა ამ ხომალდების შეიარაღებაშია წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგი სარაკეტო კომპლექსები, სატორპედო აპარატები, უნივერსალური საარტილერიო დანადგარები, საზენიტო სარაკეტო-საარტილერიო კომპლექსები, წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ვერტმფრენები და სხვა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ამავე 1990-იან წლებში რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის შეიარაღებაში მანამდე არსებული 26 დიზელური წყალქვეშა ნავი შემცირებულ იქნა 12-მდე, რომელთაგან სრულფასოვნად მოქმედი მხოლოდ ერთია, 46 მსხვილი წყალზდა საბრძოლო ხომალდიდან კი დატოვებულ იქნა მხოლოდ შვიდი, და 150 საბრძოლო თვითმფრინავიდან – სულ 30-მდე, მაშინ ვნახავთ, რომ უკანასკნელი 10-15 წლის განმავლობაში დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოების მიერ თურქეთის სამხედრო მანქანის ასე რამდენჯერმე გაძლიერება ბევრად სცილდება ამ ქვეყნის თავდაცვითი საკმარისობის დონეს და გვაფიქრებინებს, რომ ატლანტიკური დასავლეთის მმართველ წრეებს უფრო სხვა გეგმები უნდა ჰქონდეთ კავკასია – ცენტრალური აზიის მიმართულებაზე თურქეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების მხრივ.

ჩვენ ამის შესახებ უკვე 1999 წლის გაზაფხულ-ზაფხულში ვიცოდით და მაშინვე საქმის კურსში ჩავაყენეთ საქარველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროებს კომიტეტის ხელმძღვანელობა და მისი აპარატი, აგრეთვე სხვა შესაბამისი სახელისუფლებო სტრუქტურები. უკანასკნელი წლების მოვლენებმა და ამიერკავკასიის გარშემო განვითარებულმა პროცესებმაც დაადასტურა აშშ მმართველი წრეების განსაკუთრებული დაინტერესება კავკასიითა და ცენტრალური აზიით. საქართველოში რატომღაც თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების სფეროებში დასაქმებულ ბევრ ადამანს – სახელმწიფო მოხელეებს, არასამთავრობოებსა და მასობრივი ინფორმაციის ამერიკულად გამშუქებელ საშუალებებს – ეს სასურველად და საქართველოსთვის მომგებიანად მაჩნიათ, იმას კი არ ფიქრობენ, რომ პენტაგონისა და ბუნდესვერის ხელმძღვანელობის მიერ თურქული სამხედრო მანქანის გაძლიერება მიმდინარეობდა იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ვიზიტად ჩამოსული აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი ხვდებოდა ზვიად გამსახურდიას და სთავაზობდა გარკვეულ წინადადებებს, რომლებიც საქართველოს მაშინდელმა ხელმძღვანელმა ჩვენი ქვეყნისთვის არასასურველად მიიჩნია და უარითაც უპასუხა. ამას შედეგად მოჰყვა შეერთებული შტატების მაშინდელი პრეზიდენტის ჯ. ბუშის (უფროსის) შენიშვნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მიდიოდა დასავლეთის მმართველი წრეების მიერ განსაზღვრული “დინების საწინააღმდეგოდ”. შემდეგ აგორდა საპროტესტო გამოსვლების ტალღა, რასაც შედეგად ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა მოჰყვა. 1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც თურქები ღებულობდნენ M-60 სერიის პირველ ამერიკულ საბრძოლო ტანკებს, მაშინ საქართველოს ახალი ცენტრალური ხელისუფლებისადმი (ე. შევარდნაძისა) დაქვემდებარებული შეიარაღებული ფორმირებები ოსი “ბოევიკებისგან” მიტოვებული ცხინვალის მისადგომებიდან გამოჰყავდათ, რადგან საქართველოს მხრიდან თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სურვილს “მსოფლიო საზოგადოებრიობა ვერ გაიგებდა” და მისთვის თავი აუცილებლად რომ მოგვეწონებინა, “ადამიანის უფლებათა დაცვის” ლოზუნგით, მაინცა და მაინც ოსი ეროვნების ადამიანთა უფლებების (უფრო სწორედ, ინტერესების) დაცვისთვის უნდა გვეცა პატივი, ხოლო სამაჩაბლოდან გამოდევნილი ქართველების უფლებების შესახებ კი პირში წყალი ჩაგვეგუბებინა.

როდესაც თურქეთის ტანკსარემონტო ქარხნებში აწყობდნენ ტექნოლოგიურ ხაზებს და ითვისებდნენ YPR-765 სერიის მოჯავშნული საბრძოლო მანქანების წარმოებას, როდესაც თურქი მოხალისეები იარაღით ხელში იბრძოდნენ ბოსნიაში თავიანთი ერთმორწმუნე, სერბული წარმოშობის მუსლიმანთა ინტერესების დასაცავად, ხოლო ნატო-ს ავიაცია კი ბომბავდა მართლმადიდებელი სერბების პოზიციებს, რომლებიც იბრძოდნენ, ალბათ, სულაც არა მუსლიმანებისა და ხორვატი კათოლიკების გასაჟლეტად, არამედ გაერო-ს დამფუძნებელი და ჰელსინკის პროცესის სრულუფლებიანი მონაწილე ქვეყნის, საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – იუგოსლავიის ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დასაცავად, მაშინ ჩვენ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების მიზნით შევდიოდით საქართველოს ამ ძირძველ კუთხეში, იქ ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. აფხაზეთში ჩვენ, ძირითადად, რუსეთის სახელმწიფო ინტერესები დაგვიპირისპირდა, მაგრამ განა მხოლოდ მისი? იქნებ ასევე აქტუალური იყო აშშ მმართველი წრეების განაჩენი იმის შესახებ, რომ საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად გულანთებული ქართველობა კვლავ განაგრძობდა “დინების წინააღმდეგ ცურვას”?

როდესაც თურქები ამერიკული F-16 გამანადგურებელი თვითმფრინავებისა და გერმანული საბრძოლო ხომალდების წარმოებას ითვისებდნენ, მაშინ ბოსნიელი მუსლიმანების ლიდერი ა. იზეტბეგოვიჩი აყენებდა “მუსლიმანური ფედერაციის” შექმნის იდეას “ადრიატიკიდან ჩინეთის დიდ კედლამდე”, ხოლო ზ. ბჟეზინსკი კი მუქარას უთვლიდა სლოვაკეთის პრეზიდენტს ვ. მეჩიარს, მის მიერ წამოყენებული აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვითი კავშირის პროექტის გამო, რა თქმა უნდა, ნატო-სა და რუსეთის თანხმობითა და გარანტიით; რუსეთმა თანხმობა მისცა, ნატო-მ კი, ნურას უკაცრავად, რასაც სლოვაკეთში ვ. მეჩიარის ხელისუფლების დამხობაც მოჰვა, სწორედ მაშინ ქართული ძალები სოხუმთან მარცხდებოდნენ აფხაზ სეპარატისტებსა და მათ მოკავშირე კონფედრატ-კაზაკებთან ბრძოლაში. როდესაც თურქები თავიან ქარხნებში უშვებდნენ დასავლური ლიცენზიებით წარმოებულ საბრძოლო ტექნიკას, და ასევე დამატებით კიდევ ამერიკულ ფრეგატებსაც ღებულობდნენ, მაშინ გალის რაონში აფხაზი სეპარატისტები და მათი მომხრეები სასტიკად უსწორდებოდნენ ქართველ პარტიზანებსა და მათ მომხრე მოსახლეობას; ბალკანეთში კი აშშ და ნატო-ს სხვა ქვეყნები ყოველმხრივ ხელს უწყობდნენ სერბეთის პროვინცია კოსოვო-მეტოხიაში ალბანური მუსლიმანური სეპარატისტული ძალების მისწრაფებას – სერბეთისგან დამოუკიდებლობის მიღწევისკენ. სერბული სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების პოზიციებს და სერბეთის ქალაქებსაც ისე ბომბავდნენ, თითქოს თანაბარ ბრძოლაში საკუთარი სიცოცხლისათვის რისკის ფასად ეძლიათ მოწინააღმდეგე და არა დიდი რიცხობრივი და ტექნიკური უპირატესობის გამო პრაქტიკულად თავიანთთვის სრულიად უსაფრთხოდ ეჟლიტათ დაუცველი სერბული ჯარები და სერბი მოსახლეობა.

არ არის გამორიცხული, რომ იმავე დასავლეთის მმართველი წრეების გეგმებით ამოქმედდეს მათ მიერვე გაძლიერებული თურქული სამხედრო მანქანა ამიერკავკასია – ცენტრალური აზიის მიმართულებაზე, და უკვე მთელი საქართველო აღმოჩნდეს ისეთსავე განსაცდელში, როგორშიც იყო აფხაზეთი 90-იანი წლების დასაწყისში და როგორშიც არის სერბეთი დღეს “ცივილიზებული დასავლეთის” ხელში. ამისგან თავის დაღწევას ან მოსალოდნელი უბედურების შემსუბუქებას შევძლებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სინამდვილეს სათანადოდ შევაფასებთ და თავს დავანებებთ ორმაგი სტანდარტებით ცხოვრებას – აშშ ინტერესების საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე უფრო მაღლა დაყენებასა და ამის დიდ პროგრესად და სამართიანობად გამოცხადებად.

ის, რომ განსაცდელი რეალურია, ადვილად შეგვიძლია დავინახოთ 1990-იანი წლების მიწურულს საქართველს გარშემო განლაგებული თურქული და რუსული შეიარაღებული ძალების შენაერთებისა და ნაწილების დისლოკაციისა და დაკომპლექტებულობის უკეთ გაცნობით, რასაც შემდეგ წერილში შემოგთავაზებთ.

ირაკლი ხართიშვილი

No comments:

Post a Comment