Friday, August 2, 2013

რუსეთის თანამედროვე შეიარაღებული ძალები და საქართველო

(წერილი გამოქვეყნდა გაზეთ “ახალი 7 დღის” 2005 წლის 10-16 ივნისის ნომერში)

ცივი ომის მიწურულს, 1990-იანი წლების დასაწყისში, სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, საბჭოთა კავშირის მოსახლეობა შეადგენდა 290,5 მლნ. ადამიანს, რეგულარული შეიარაღებული ძალების რიცხოვნება კი იყო დაახლოებით 3,4 მლნ. ადამიანი, პირველი რიგის რეზერვისა 5,2 მლნ. (ვინც მანამდე ხუთ წლამდე ადრე განთავისუფლდა შეიარაღებული ძალებიდან). შესაბამისად, ევროპაში ნატო-ს ბლოკთან სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღების შემთხვევაში, ომის საწყის ეტაპზე საბჭოთა კავშირის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა გეგმავდა დაახლოებით 8,6-მილიონიანი შეიარაღებული ძალების მობილიზაციას. მთლიანობაში კი ქვეყნის სამობილიზაციო რესურსი აღწევდა დაახლოებით 55 მლნ. სამხედროვალდებულ ადამიანამდე (მამაკაცები 50 წლის ასაკამდე), რაც შეადგენდა ქვეყნის მთელი მოსახლეობის 18,9 %-ს.

საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალები შედგებოდა შემდეგი სახეობებისგან: სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარები (რეგულარული შემადგენლობის 164 ათასი ადამიანი, პლიუს პირველი რიგის რეზერვის 502 ათასი), სახმელეთო ჯარები (1400 ათასი, პლიუს 2750 ათასი), ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯარები (475 ათასი, პლიუს 750 ათასი), სამხედრო-საჰაერო ძალები (420 ათასი, პლიუს 725 ათასი), სამხედრო-საზღვაო ძალები (450 ათასი, პლიუს 512 ათასი). მათ შეიარაღებაში შედგებოდა სხვადასხვა ტიპის 1388 საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, 177 სტრატეგიული (ფრენის დიდი რადიუსის მქონე) და 419 შორეული ავიაციის (ფრენის საშუალო რადიუსის მქონე) მძიმე ბომბდამშენი თვითმფრინავი, 60 სტრატეგიული წყალქვეშა ნავი ბორტზე 912 ბალისტიკური ბირთვული რაკეტით, 54400 საბრძოლო ტანკი, 28000 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 50000-ზე მეტი ჯავშანტრანსპორტერი, 64200 საველე საარტილერიო სისტემა (მათგან 42000 ქვემეხი, 1200 კომბინირებული ქვემეხ-ნაღმსატყორცნი /საჰაერო-სადესანტო ჯარებში/, 8000 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და 13000 ნაღმსატყორცნი), დიდი რაოდენობით ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო საშუალებები (მათ რიცხვში სტრატეგიული თავდაცვითი დანიშნულების 8650 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი), 5030-ზე მეტი ვერტმფრენი (მათგან 1440 დამრტყმელი, 310-ზე მეტი წყალქვეშა ნავებთან ბრძოლისა /ნავსაწინააღმდეგო/), ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯარების ავიაციის, ტაქტიკური ავიაციისა და საზღვაო ავიაციის 8630 საბრძოლო თვითმფრინავი, 220-ზე მეტი ტაქტიკური წყალქვეშა ნავი (მათგან 110 ატომური), 218 მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდი (დასავლური კლასიფიკაცით: ხუთი ავიამზიდი, 38 კრეისერი, 29 საესკადრო ნაღმოსანი, 146 ფრეგატი), 382 მცირე ხომალდი და კატარღა (მათ რიცხვში 76 კორვეტი, 82 სარაკეტო, 32 სატორპედო და 192 საპატრულო კატარღა), 290-მდე ტრალერი (გამნაღმავი ხომალდი), 78 მსხვილი სადესანტო ხომალდი, 120 სადესანტო კატარღა და სხვა შეიარაღება.

1990 წლის ნოებერში პარიზში ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის (ევროთათბირის /ეუთთ/, ამჟამად ეუთო-ს) ეგიდით დადებულ იქნა “ხელშეკრულება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ” (Treaty on Conventional Armed Forces in Europe – CFE), რომლის ძალითაც ნატო-ს ბლოკსა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციას გაუთანაბრეს ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტები, ანუ თითოეული სამხედრო ბლოკის მიერ კონტროლირებად ევროპულ ტერიტორიაზე მშვიდობიანობის დროს რეგულარულ საჯარისო ნაწილებსა და სპეციალურად შექმნილ საწყობებში მუდმივად გასალაგებელი ჯავშანსატანკო ტექნიკის, საველე არტილერიის (100 მმ და მეტი ყალიბისა), ტაქტიკური საბრძოლო თვითმფრინავებისა და დამრტყმელი ვერტმფრენების მაქსიმალური რაოდენობები. ამიერიდან თითოეულ სამხედრო ბლოკს თავის ტერიტორიაზე ევროპაში შეეძლო მუდმივად განელაგებია არაუმეტეს 20000 საბრძოლო ტანკის, 30000 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 20000 საველე საარტილერიო სისტემის, 6800 საბრძოლო თვითმფრინავის და 2000 დამრტყმელი ვერტმფრენისა.

ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტებიდან საბჭოთა კავშირს ერგო 13150 საბრძოლო ტანკის, 20000 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 13175 საველე საარტილერიო სისტემის, 5150 საბრძოლო თვითმფრინავისა და 1500 დამრტყმელი ვერტმფრენის კვოტები. ეს შეიარაღება საბჭოთა სარდლობას შეეძლო განელაგებია როგორც თავის ევროპულ ტერიტორიაზე, ისე ვარშავის პაქტის აღმოსავლეთევროპულ ქვეყნებში დისლოცირებულ საბჭოთა ჯარებშიც. თუმცა კი ამ ორგანიზაციის დაშლის შემდეგ მას მოუხდა ამ ჯარების თავის ტერიტორიაზე დაბრუნება და ზემოაღნიშნული კვოტების საკუთრივ სსრკ-ის ფარგლებში გათვალისწინება. საბჭოთა კავშირის ევროპული ტერიტორია CFE-ხელშეკრულების მიხედვით იყოფოდა ცენტრალურ და საფლანგო რაიონებად. ზემოაღნიშნული კვოტებიდან უმეტესი ნაწილი მოდიოდა სწორედ ცენტრალურ რაიონზე, რომელშიც შედიოდნენ უკრაინის უმეტესი ნაწილი, ბელორუსია, ბალტიისპირეთის რესპუბლიკები, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის კალინინგრადის ოლქი, მოსკოვისა და ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქები; შედარებით მცირე ნაწილი კი მოდიოდა საფლანგო რაიონზე, სადაც შედიოდნენ უკრაინის სამხრეთ ნაწილი (ოდესის სამხედრო ოლქი), ლენინგრადის, ჩრდილო-კავკასიისა და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქები. ბულგარეთისა და რუმინეთისთვის საფლანგო კვოტებიდან მათი წილის მიცემის შემდეგ საკუთრივ სსრკ-ის საფლანგო რაიონში დარჩენილი იყო ორივე ფლანგზე რეგულარულ საჯარისო ნაწილებში არაუმეტეს 1850 საბრძოლო ტანკის, 1800 მოჯავშნული საბრძოლო მანქანისა და 2775 საველე საარტილერიო სისტემის მუდმივად განლაგების უფლება.

საბჭოთა კავშირის დაშლის კვალდაკვალ ევროთათბირის ხელმძღვანელობამ დააყენა საკითხი მისი კვოტების სსრკ-ის ტერიტორიის ევროპულ ნაწილში წარმოქმნილ ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის განაწილების შესახებ. ბალტიისპირეთის სამმა სახელმწიფომ ამაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და აღნიშნული კვოტები გადანაწილებულ იქნა რუსეთის ფედერაციას, ბელორუსს, უკრაინას, მოლდოვას, სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის განლაგებაში ცენტრალური და საფლანგო რაიონებისთვის დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით. საბოლოო მოლაპარაკებები შედგა ტაშკენტში 1992 წლის მაისში, რომლის შედეგადაც საქართველოს (ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს) უფლება მისცეს, რომ თავის ტერიტორიაზე რეგულარულ საჯარისო ნაწილებში შეუძლია მუდმივად განლაგებული ჰყავდეს არაუმეტეს 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 285 საველე არტილერიის ქვემეხისა და ნაღმსატყორცნის, 100 საბრძოლო თვითმფრინავის და 50 დამრტყმელი ვერტმფრენისა. უნდა ითქვას, რომ ჯავშანსატანკო ტქენიკისა და საველე არტილერიის ეს კვოტები ძალზედ ცოტაა და ვერ უზრუნველყოფს 5-მილიონიანი სახელმწიფოს თავდაცვითი აუცილებლობის მოხოვნილებებს. მაგრამ ამის შესახებ სხვა დროს გვექნება საუბარი, ახლა კი კვლავ რუსეთის ფედერაციას დავუბრუნდეთ.

ტაშკენტის შეთანხმების ძალით რუსეთის ფედერაციისთვის დადგენილი ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტები ნაჩვენებია 1-ლ ცხრილში.

ცხრილი 1

რუსეთის ფედერაციის ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტები 
(დადგენილი ტაშკენტში 1992 წლის 15 მაისს)

(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – შეიარაღების განლაგების ტერიტორია, B – შეიარაღების განლაგების პირობები, C – საბრძოლო ტანკები, D – მოჯავშნული საბრძოლო მანქანები, E – საველე საარტილერიო სისტემები, F – საბრძოლო თვითმფრინავები, G – დამრტყმელი ვერტმფრენები)

. . . . A . . . . . . . . . . . . . . B . . . . . . . . . . .C . . . . . D . . . . . E . . . . . F . . . . G . . 

ქვეყნის . . . . . . . . მთლიანად
მთელი . . . . . . . . არაუმეტეს . . . . . 6400 . . 11480 . . 6415 . . 3450 . . 890
ევროპული
ტერიტორია . . . მათ შორის
. . . . . . . . . . . . . . . რეგულარულ
. . . . . . . . . . . . . . . ნაწილებში
. . . . . . . . . . . . . . . არაუმეტეს . . . . . .4975 . . 10525 . . 5105

ქვეყნის . . . . . . . .რეგულარულ
საფლანგო . . . . . ნაწილებში
რაიონი . . . . . . . .არაუმეტეს . . . . . 1300 . . . 1380 . . 1680
. . . . . . . . . . . . . . . აგრეთვე
. . . . . . . . . . . . . . . ჩრდილოეთის
. . . . . . . . . . . . . . . ფლანგზე
. . . . . . . . . . . . . . . მარაგში
. . . . . . . . . . . . . . . არაუმეტეს . . . . . . 600 . . . . 800 . . . 400

ცხრილიდან ჩანს რომ რუსეთის ფედერაციის ევროპული ტერიტორიის ცენტრალურ რაიონში რომლის ფარგლებშიც დღესდღეობით შედიან მოსკოვისა და ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქები, 1992 წლის ტაშკენტის შეთანხმების მიხედვით მოდიოდა ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტების მნიშვნელვნად უფრო მეტი რაოდენობა, ვიდრე საფლანგო რაიონში, სადაც განლაგებულია ლენინგრადისა და ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქები, და რომელიც ტერიტორიის ფართობის მიხედვით უტოლდება ცენტრალურ რაიონს. სახელდობრ, რუსეთის ცენტრალურ რაიონში რეგულარულ ნაწილებში ქვეყნის სარდლობას შეეძლო განელაგებია არაუმეტეს 3675 საბრძოლო ტანკის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე კი არაუმეტეს 1300-სა; ასევე, ცენტრალურ რაიონში რეგულარულ ნაწილებში მასვე შეეძლო განელაგებია არაუმეტეს 9145 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის – მსუბუქი ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ჯავშანტრანსპორტერები, საბრძოლო-სადაზვერვო მანქანები და დესანტის საბრძოლო მანქანები, ფლანგებზე კი სულ არაუმეტეს 1380-ისა; ასევე, ცენტრალურ რაიონში რეგულარულ ნაწილებში შეეძლოთ განელაგებინათ არაუმეტეს 3425 საველე საარტილერიო სისტემის, ორივე ფლანგზე კი ჯამში არაუმეტეს 1680-სა. გარდა ამისა, გათვალისწნებული იყო სპეციალური საწყობების შექმნა ცენტრალურ რაიონში მოსკოვისა და ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქების ტერიტორიებზე, საფლანგო რაიონში კი მხოლოდ ჩრდილოეთ ფლანგზე, ლენინგრადის სამხედრო ოლქის სამხრეთ ნაწილში, ფსკოვის ადმინისტრაციულ ოლქში.

რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების პროცესი ასევე მიმდინარეობდა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან და ძირითადად განპირობებული იყო აშშ-თან დადებული ორი ხელშეკრულებით START I და START II, რომლებსაც რუსულ წყაროებში უწოდებენ СНВ-1 და СНВ-2 ხელშეკრულებებს (СНВ – сокращение наступательных вооружений).

გარდა ამისა, რუსულ სარდლობას თავისი შეიარაღების მნიშვნელოვანი ნაწილი განლაგებული აქვს საკუთარი ტერიტორიის აზიურ ნაწილში – ურალის ქედის აღმოსავლეთით, სადაც CFE-ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება. აქ ისინი განლაგებულია როგორც რეგულარულ საჯარისო ნაწილებში, ისე საწყობებშიც. სანამ მათ საერთო რაოდენობას შევეხებოდეთ, დავუბრუნდეთ ისევ რუსეთის ევროპულ ტერიტორიას და 1990-იან წლებში აქ განლაგებული ჩვეულებრივი შეიარაღების კვოტებთან დაკავშირებულ საკითხებს.

1990-იან წლებში აშშ-ისა და გფრ-ის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ თურქეთის შეიარაღებული ძალების არსებული სამხედრო მუქარებისადმი არაადექვატურად გაძლიერების გამო, რის უკანაც აშკარად ჩანდა “ნატო-ს აღმოსავლეთისკენ გაფართოების ლოზუნგით” თურქულ-დასავლური გავლენის კავკასია – ცენტრალური აზიის მიმართულებაზე გავრცელების მიზანი, მათ შორის შეიარაღებული ძალების გამოყენებითაც, რუსეთის ხელმძღვანელობას, ბუნებრივია, გაუჩნდებოდა არა მხოლოდ ისტორიულად თავისი გავლენის სფეროების, არამედ საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისადმი სამხედრო მუქარების გაჩენის საპასუხოდ აქტიური ნაბიჯების გადადგმის სურვილი.

1990-იანი წლების პირველ ნახევარში რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა, მაგალითად, საქართველოში კვალიფიციური სამხედრო სპეციალისტების, ბრძოლისუნარიანი შეიარაღებული ძალების ნაკლებობის ფონზე მოქმედებდა ჩვენი ქვეყნისთვის დადგენილ კვოტებში სანახევროდ შემოსვლის სურვილით და ნაწილობრივ ეს მოახერხა კიდეც. მაგრამ უკვე 90-იანი წლების მეორე ნახევარში საქართველოს ხელმძღვანელობამ დაბეჯითებით განაცხადა თავისი კვოტების მთლიანად საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის გადმოცემს გადაწყვეტილების შესახებ და ასეთ პირობებში რუსებმა ამიერკავკასიაში თავიანთი სამხედრო ბაზების შენარჩუნების მიზნით აქცენტი მთლიანად გადაიტანეს CFE-ხელშეკრულების V მუხლის B და C პუნქტების თანახმად დროებით საფუძველზე დამატებითი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის განლაგების უფლებაზე, რითაც უზრუნვლყვეს თავიანთი სამხედრო ბაზების ყოფნა ბათუმში, ახალქალაქსა და გიუმრიში (სომხეთი). ხოლო თავად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე კი ცენტრალურ და საფლანგო რაიონებში კვოტების მნიშვნელოვანი განსხვავების შესამცირებლად და ცენტრალური რაიონიდან ფლანგებისკენ მათი გადანაწილებისთვის დაიწყეს აქტიური საქმიანობა თავად ეუთო-ს ცენტრალური ორგანოებთან.

1996 წელს მაისში ვენაში შედგა კონფერენცია, რომელიც ითვალისწინებდა “ევროპაში პოლიტიკური ვითარების განვითარების” შესაბამისად CFE-ხელშეკრულებისა და ტაშკენტის შეთანხმების ადაპტაციის პირობებს. ამ კონფერენციაზე რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა აქტიურად დააყენეს რუსეთის ევროპული ტერიტორიის ცენტრალური რაიონის ხარჯზე საფლანგო რაიონში ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტლერიის კვოტების გაზრდის საკითხი, რასაც ამერიკული დელეგაციის ქმედითი მხარდაჭერის შედეგად მიაღწიეს კიდეც. 1996 წლის ვენის დოკუმენტის საფუძველზე რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ მიიღო უფლება, რომ თავისი ევროპული ტერიტორიის საფლანგო რაიონში მუდმივად განლაგებული ჰყავდეს არაუმეტეს 1800 საბრძოლო ტანკის, 3700 მოჯავშნული საბრძოლო მანქანისა და 2400 საველე საარტილერიო სისტემის.

რუსეთისთვის ასეთი გადაწყვეტილება სავსებით სამართლიანია. მაგრამ აქვე დგება საქართველოსა და ამიერკავკასიის დანარჩენი ორი სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხიც. სახელდობრ, 1990-იანი წლენის განმავლობაში დასავლეთის მმართველი წრეების მიერ თავიდან თურქეთის შეიარაღებული ძალების რამდენჯერმე გაძლიერების, ხოლო შემდეგ კი რუსეთისთვის ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქში მუდმივად გასალაგებელი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტების გაზრდის ფონზე უპრიანი იქნებოდა საქართველოს (აგრეთვე სომხეთისა და აზერბაიჯანის) ხელმძღვანელობას მიემართა ეუთო-ს შესაბამისი სტრუქტურებისთვის, CFE-ხელშეკრულების ახალ პირობებში ადაპტაციის ფარგლებში გაეზარდათ ჩვენი ქვეყნისთვის დადგენილი 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანისა და 285 საველე საარტილერიო სისტემის კვოტებიც, მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა. თუმცა კი ეს იურიდულად სავსებით შესაძლებელია, მაგრამ როგორც ვხდავთ, ეუთო-ს ფარგლებში ამა ქვეყნის ძლიერთათვის იურიდიული უფლება და რეალური უუფლებობა ჩვეულებრივი მოვლენაა, ანუ აქაც კარგად მოქმედებს ცნობილი ფორმულირება – “გეგუთვნით, მაგრამ არ გეკუთვნით”. რატომ? “იმიტომ რომ იმიტომ”. ასეთია ჩვენი სამწუხარო რეალობა. ჩვენ კი ისევ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს დავუბრუნდეთ.

CFE-ხელშეკრულების V მუხლის B და C პუნქტებში ნათქვამია, რომ საფლანგო რაიონისთვის V მუხლის A პუნქტით დადგენილი მუდმვი კვოტებისგან დამოუკიდებლად თითოეული სამხედრო ბლოკის სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფს უფლება ეძლევა თავისი ტერიტორიის საფლანგო რაიონში დროებით საფუძველზე რეგულარულ საჯარისო ნაწილებში განალაგოს არაუმეტეს 459 საბრძოლო ტანკის, 723 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის და 420 საველე საარტილერიო სისტემისა. თანაც ისე, რომ საფლანგო რაიონის თითოეული სახელმწიფოს ტერიტორიაზე განლაგებული იყოს ამ კვოტების არაუმეტეს ერთი მესამედისა, ანუ 153 საბრძოლო ტანკის, 241 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის და საველე არტილერიის 140 ქვემეხის და ნაღმსატყორცნისა. სწორედ ამ პუნქტების საფუძველზე არის განლაგებული რუსული სამხედრო ბაზები საქართველოსა და სომხეთში. თანაც ასეთი განლაგებისთვის აუცილებელია იმ სახელმწიფოთა თანხმობა, რომლის ტერიტორიაზეც უნდა იქნას განლაგებული დროებით საფუძველზე აღნიშნული შეიარაღება.

ქვემოთ მე-2 ცხრილში მოგვყავს რუსული სამხედრო ბაზების შეიარაღების მონაცემები საქათველოსა და სომხეთში 1988 წლის შუახანებისთვის. ისინი ამოღებულია სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის ყოველწლიური გამოცემიდან Military Balance.

ცხრილი 2

რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების შეიარაღება საქართველოსა და სომხეთში 1998 წელს 

განლაგების . . . საბრძოლო . . . მოჯავშნული . . . საველე სა- 
ქვეყანა . . . . . . . ტანკები . . . . . .საბრძოლო . . . . . არტილერიო 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .მანქანები . . . . . . სისტემები

საქართველო . . . . . .140 . . . . . . . . . . . 500 . . . . . . . . . . . . . .173 . . .
სომხეთი . . . . . . . . . . 74 . . . . . . . . . . . 165 . . . . . . . . . . . . . . .84 . . .

ამის გარდა კიდევ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსულ სამშვიდობო ძალებში ნაჩვენები იყო 118 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა და გარკვეული რაოდენობის საველე არტილერიაც. როგოც ვხედავთ, საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ რუსულ სამხედრო ბაზებში CFE-ხელშეკრულებით დაშვებულზე გაცილებით უფრო მეტი იყო მოჯავშნული საბრძოლო მანქანების რაოდენობა და რამდენადმე მეტი საველე საარტილერიო სისტემებისა. სომხეთში კი რუსული სამხედრო ბაზის ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა ხელშეკრულებით დაშვებულ კვოტებს.

რამდენადაც გვახსოვს, 1999-2000 წლების მიჯნაზე, საქართვეოშიც და დასავლეთშიც საკმაო ხმაური იყო ატეხილი რუსული სამხედრო ბაზების შეიარაღების CFE-ხელშეკრულებასთან შესაბამისობაში მოყვანის თაიბაზე და ეს სავსებით სწორი გახლდათ. მაშინ გაუქმებულ იქნა ვაზიანში დისლოცირებული 137-ე რუსული სამხედრო ბაზა (31 საბრძოლო ტანკი, 56 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა და 16 საველე საარტილერიო სისტემა), ხოლო ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზებში კი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის ჭარბი რაოდენობა საქართველოდან გაყვანილ იქნა. მაშინვე ლაპარაკობდნენ, რომ ჭარბი შეიარაღების ნაწილს რუსები სომხეთში განლაგებულ 102-ე რუსულ სამხედრო ბაზაში გადაიტანდნენ, მაგრამ საინტერესოა ერთი დეტალიც: Military Balance-ის მიხედვით, 1998 წელს საქართველოს შეიარაღებაში ნაჩვენები იყო 111 მოკავშნული საბრძოლო მანქანა, ხოლო 2000 წელს კი, ანუ საქართველოდან ჭარბი რუსული ჯავშანსატანკო ტექნიკის გაყვანის შემდეგ, უკვე 185, თანაც მატება მოხდა ძირითადად მსუბუქად მოჯავშნული მცირე გამწევების МТ-ЛБ ხარჯზე, რომლებსაც ზოგიერთ ქვეყანაში ჯავშანტრანსპორტერებადაც იყენებენ. და ეს შეიარაღება საქართველომ, როგორც ჩანს, რუსეთისგან მიიღო დამატებით.

რაც შეხება საქართველოსა და სომხეთში რუსული სამხედრო ბაზების შეიარაღებას, იმავე ლონდონური წყაროს მიხედვით, 2002 წელს მათში შედიოდა საქართველოში 65 საბრძოლო ტანკი Т-72, სხვადასხვა ტიპის 200 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა და 139 საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, სომხეთში კი – 74 საბრძოლო ტანკი Т-72, 136 მოჯავშნული საბრძოლო ანქანა და 84 საველე საარტილერიო სისტემა. როგორც ვხედავთ, რუსულ სარდლობას 1999-2000 წლების მჯნაზე საქართველოდან გაყვანილი ჭარბი შეიარაღება სომხეთში არ გაუტანია და იქ თავისი სამხედრო ბაზა არ გაუძლიერებია, თუმცა კი CFE-ხელშეკრულება აძლევდა მას ამის შესაძლებლობას. 

ირაკლი ხართიშვილი

No comments:

Post a Comment