Thursday, April 24, 2014

აკადემიკოსი დუბროვინი 1796 წელს აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ ლაშქრობისთვის რუსების მზადებათა შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ნიკოლოზ დუბროვინის წიგნის «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе» /томъ III. С-Петербургъ, 1886/ შესაბამისი თავის თარგმანს)

თავი III 

(ერეკლე II-ის თხოვნები რუსული ჯარების საქართველოში გაგზავნაზე. – სპარსეთში ლაშქრობისთვის მზადებანი. – იმპერატრიცის ბრძანება გრაფ ვალერიან ალექსანდრეს ძე ზუბოვისადმი. – მთავრობის ვარაუდები და შეხედულებანი მომავალ მოქმედებებთან მიმართებაში.)

საველიევის რაზმი ძალზედ უმნიშვნელო იყო დამოუკიდებელი და ერთდროული მოქმედებებისთვის დაღესტნის შიგნით და კასპიის ზღვის ნაპირზეც; იგი უმნიშვნელო გახლდათ იმისთვისაც, რომ აღა-მაჰმად-ხანი შეეშინებინა და აეძულებინა იგი, რომ საქართველოში ახალ შემოჭრასა და ქვეყნის გაძარცვაზე ხელი აეღო, რომელმაც (ისედაც) ბევრი მცხოვრები დაკარგა, სპარსელებმა რომ თან წაიყვანეს და სხვადასხვა ქალაქში დატოვეს: განჯაში, ერევანში, ნუხასა და სხვა ადგილებში.

ტყვეთა დიდი ნაწილი დატოვებულ იქნა განჯაში, საიდანაც ისინი თურქებსა და ლეკებს მიჰყიდეს. იმათზე, რომლებიც ნათესავების მიერ შეიძლებოდა გამოსყიდულნი ყოფილიყვნენ, განჯის ხანმა, გასაყიდი ფასის ზევით, თითოეულ ადამიანზე 25 მანეთი ბაჟი დააწესა, და მაინც უხალისოდ ათავისუფლებდა მათ, რადგანაც თურქები, რომელთაც მანამდე ტყვეების ყიდვა აკრძალული ჰქონდათ, ახლა ქართველებს დიდ ხალისით ყიდულობდნენ და მათში მნიშვნელოვან ფულსაც იხდიდნენ (Письмо Ираклiя князю Чавчавадзе 15-го января 1796 года).

დატოვა რა საქართველო, აღა-მამად-ხანმა არა მარტო გაათავისუფლა განჯა და ერევანი ერეკლეზე ყოველგვარი დამოკიდებულებისგან, არამედ მას ზოგიერთი პროვინციაც ჩამოაშორა, როგორებიცაა, მაგალითად, ბამბაკი, ყაზახი და ბორჩალო, მისცა რა ისინი მფლობელობაში ერევნის ხანს (Письмо Ираклiя графу Остерману 8-го января 1796 года. Переписка грузинскихъ владельцевъ съ императорскимъ дворомъ).

ერევნის ხანმა მაშინვე გამოუგზავნა განცხადება მისთვის ახლად ნაწყალობევ ყველა ხალხს და მათგან მორჩილებას მოითხოვდა. ერეკლე იძულებული იყო, თავისი უფლებების დასაცავად, კვლავ თხოვნით ჩვენ მთავრობისთვის მოემართა.

თუმცა კი ეს ხალხები, წერდა იგი (Переписка грузинскихъ владельцевъ съ императорскимъ дворомъ и записка князя Чавчавадзе отъ 7-го марта 1796 года), აღა-მაჰმად-ხანის ბრძანების წინააღმდეგნი არიან და მისი მორჩილება არა სურთ, მაგრამ თუ ახლანდელ ზამთარში ვერ მივიღებ მე უზენაეს დახმარებას ძლევამოსილი რუსული ჯარების გამოგზავნით, მაშინ ხსენებული ხალხები და სხვა ჩვენთან შემოერთებული მეზობლები, თავიანთი სისუსტის გამო იძულებული იქნებიან აღა-მაჰმად-ხანის მფარველობა ეძიონ”.

სურდა რა ქართველებისთვის ამდენად სამწუხარო გარემოება აშორებინა, თავადი ჭავჭავაძე ევედრებოდა ჩვენს მთავრობას, რომ ეჩქარათ რუსული ჯარების გაგზავნა ადერბაიჯანიდან სპარსელთა განსადევნად.

“ახლანდლ ზამთარში, წერდა საქართველოს ელჩი (Записка князя Чавчавадзе министерству отъ 23-го ноября 1795 года. Московс. Арх. Минис. Иностр. Делъ), იგი (აღა-მაჰმად-ხანი) იქაურებს ისეთ სიძვირეს შეამთხვევს, რომ მომავალ გაზაფხულზე იქ ჯარების გაგზავნა უსარგებლო იქნება, და იგი ყველა ქართველს თავისი ძალაუფლების ქვეშ მოიყვანს. მე, შევიტყვე რა ასეთი გარემოებები, ჩემი მოვალეობის გამო პატივი მაქვს მოგახსენოთ, რომ თუ ამ ზამთარში მეფესთან არ იქნება გაგზავნილი ისეთი ძალა, რომელიც მას აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ წასვლაში დაეხმარებოდა, მაშინ კარგად ვერ იქნება საქმე, რის გამოც უმდაბლესად ვითხოვ ამ ზამთარს, თუნდაც მცირე რიცხვის, მაგრამ, სულ მცირე, თუნდაც ორი პოლკის გაგზავნას პროვიანტით. და ეს ახლანდელი მცირე დახმარება იქ აურებს ყოველგვარი ეჭვიდან გამოიყვანს და გაზაფხულამდე მათ საიმედო დახმარებად და გამხნევებად ეყოლებათ, სანამდე აქედან სრულყოფილ დახმარებას მიიღებენ.

თუ ვინმე ამაში წინააღმდეგობას გიწევთ და მთებზე გადასვლის მოუხერხებლობაში გარწმუნებთ, და რომ ვითომდა შეუძლებელია მათზე გადასვლა და პროვიანტის გადატანა, მაშინ მე, როგორც პატიოსანი ადამიანი, სამშობლოს გულმოდგინე შვილი, საკუთარ თავზე ვიღებ ამ კომისიას, რათა მთების ამ მხარეს, ჩვენს საზღვრებზე, პირველ სოფელში, რომელსაც ეწოდება სტეფანწმინდა ე. ი. წმ. სტეფანე, მივიღო ეს პოლკები პროვიანტით და ყველაფერ იმით, რაც აქედან გაგზავნილი იქნება, და, ჩემი მოვალეობის მიხედვით, მთების იქით გადავიყვანო და საქართველოში მშვიდობით ჩავიყვანო”. 

სახელმწიფო საბჭომ, განიხილავდა რა საქართველოს ელჩის ამ ახალ თხოვნას, აუცილებლად სცნო დაედასტურებინა გუდოვიჩისთვის, რათა მან მიიღოს და მოქმედებაში მოიყვანოს მთელი ის ზომები, რომლებსაც შეუძლიათ არა მხოლოდ საქართველოს მეფისა და ჩვენდამი ერთგული ხანების აღა-მაჰმად-ხანის პრეტენზიებისგან განთავისუფლებისთვის სამსახური გაგვიწიონ, არამედ ისინიც, რომლებსაც შეუძლიათ წარმოგვიდგინონ “აღა-მაჰმად-ხანის შემდგომი დევნის შესაძლებლობაც, იმ ადგილებში, საიდანაც ეს ხანი საშუალებებს ღებულობს თავისი საქმიანობისთვის” (... но и те, которыя могутъ представить «удобность къ учиненiю и дальнейшаго поиска на Агу-Магометъ-хана, въ техъ местахъ, откуда сей ханъ почерпаетъ способы на свои предпрiятiя») (Постановленiе совета 18-го октября 1795 года).

ამასთანავე გუდოვიჩს დაევალა ისე წარემართა საქმეები, რომ არ მიეყენებინა შეშფოთება ოტომანის პორტასთვის, და სულაც არ შესულიყო იმ მიწებში, რომლებიც თურქეთზე დამოკიდებულებაში იმყოფებიან და “მის საზღვრებს ებჯინებიან”. ამ საფუძველზე ივარაუდებოდა ჯარების ხმელეთით დარუბანდისკენ დაძვრა, ხოლო ფლოტილიის კი კუნძულ საროსკენ გაგზავნა. ჯარების გაგზავნა ერევნისკენ უხერხულად იქნა მიჩნეული. ერევნის ხანი და მისი ხალხი ყოველთვის საქართველოზე იყვნენ დამოკიდებულნი, და ამიტომ შესაძლო იყო იმედი ჰქონოდათ, რომ ამიერკავკასიაში რუსული ჯარების გამოჩენასთან ერთად, ხანი თავად ნებაყოფლობით დაუქვემდებარებს საკუთარ თავს საქართველოს მეფეს და ყველა მის ბრძანებას შეასრულებს, “როგორიც არ უნდა იყოს ისინი”. ამასთანავე, ერევნის პროვინციის თურქულ სამფლობელოებთან მომიჯნავეობა, რომლებსაც ის ესაზღვრებოდა, აიძულებდა ჩვენს მთავრობას, რომ ოტომანის პორტასთან ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ერევნის ხანი დაუსჯელად დაეტოვებინა.

ჩვენი მხრიდან იმერეთის მეფის მოპატიჟებაც სპარსელთა წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედებისთვის, ასევე უხერხულად იყო აღიარებული. იმერული ჯარების მოქმედება აღა-მაჰმად-ხანის საქართველოში შემოჭრისას, იმდენად იყო ცნობილი, რომ მათი კავშირისგან უფრო მეტად მავნებლობის მოლოდინი შეიძლებოდა ჰქონოდათ, ვიდრე სარგებლისა, ხოლო ამასობაში კი, იმერული ჯარების ყველანაირ შეკრებასა და ყველანაირ მოძრაობას, განსაკუთრებით ჩვენს ჯარებთან ერთად, შეეძლო აღეგზნო პორტას ყურადღება (Письмо Императрицы Гудовичу отъ 4-го сентября 1795 года. Моск. Телеграфъ 1826 года, т. VIII, 283), როგორც მიწისა, რომელიც ძველი დროიდან მას ეკუთვნოდა, რომელიც კიდეც “დაიკავებს ყველა იმ ადგილს, რომლებიც სამშვიდობო ხელშეკრულების ძალით იმერეთისთვისაა მიცემული” (იგულისხმება 1774 წლის ქუჩუკ-ყაინარჯის ხელშეკრულება – ი. ხ.).

დარუბანდის ხანის ორპირული ქცევა იყო იმის მიზეზი, რომ ჩვენი ჯარების დაძვრა ნავარაუდევი იყო პირდაპირ დარუბანდზე და ზღვით კი გილანზე. შეიტყო რა ამის შესახებ, ერეკლე ითხოვდა საქართველოში საკუთრივ მის განკარგულებაში სამიდან ხუთი ათასამდე ადამიანის გაგზავნას. ამ რიცხვის ჯარებით იგი შესაძლებლად თვლიდა არაქსს იქით მყოფი ყველა ხანის მორჩილებაში მოყვანასა და აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ აჯანყებაში მათ დარწმუნებას (Письмо Ираклiя князю Чавчавадзе, отъ 9-го февраля 1796 года).

უკანასკნელის წინააღმდეგ მოქმედებებთან მიმართებით, საქართველოს მეფე თავის წარმოგზავნილს თავად ჭავჭავაძეს წერდა (Въ письме отъ 15-го января 1796 года).

“ჩემი აზრი ასეთია, რომ თუ ჯარი ხმელეთით ან გემებზე იქნება გამოგზავნილი, როგორც ამის შესახებ უწინ გწერდი, მაშინ აღა-მაჰმად-ხანის საუკეთესო სიმდიდრე და მისი უდიდესი ნაწილი ასტრაბადში იმყოფება. მრავალი ძვირფასი ქვა, მარგალიტი, ოქრო და ვერცხლი მიწაში დამარხულად ინახება, რისთვისაც საჭიროა კიდეც აჩქარება მისი განძეულობის მიღებისა და მოძებნისთვის, რომლებსაც, იმედი მაქვს, რომ მოვიპოვებთ. აქაურ მხარეებში, თუ ვინმეს ნადირ-შაჰის შემდეგ ძვირფასი ნივთების ხაზინა დარჩა, ის ახლა აღა-მაჰმად-ხანის ხელშია.

ამას გწერთ, რათა თქვენ სადაც საჭიროა ცნობად შეატყობინოთ и всё то представили на соизволенiе и власть; მაგრამ ამჯერად შენ გიდასტურებ, გთხოვ და ხელმეორედ გეუბნები, რომ თუ ამ ზამთარს არ მოგვეცემა დახმარება, ხოლო აღა-მაჰმად-ხანი კი აქაურ მხარეებში იქნება, მაშინ ჩვენ ვვარაუდობთ, რომ იგი კიდევ ხელმეორედ მოახდენს ჩვენზე თავდასხმას, რომელიც დაე აგვაშოროს ღმერთმა მგრგვინავი მართალი რუსული იარაღის შიშით (которое да отврати Боже страхомъ гремящаго праведнаго россiйскаго оружiя)”.

შეიწყნარა რა ერეკლეს თხოვნები და დაეთანხმა რა გუდოვიჩის აზრს დარუბანდელი შეიხ-ალი-ხანისა და აღა-მაჰმად-ხანის დასჯის აუცილებლობის შესახებ რუსეთის წინააღმდეგ მათი მტრული ქმედებების გამო, იმპერატრიცამ დაავალა კავკასიის ხაზზე მყოფი ჯარების რიცხვიდან შეედგინათ ცალკეული დამოუკიდებელი რაზმი სპარსეთში ექსპედიციისთვის.

ამ რაზმის შემადგენლობაში ინიშნებოდა: კავკასიის გრენადერთა პოლკი, მუშკეტერთა ორი პოლკი, ეგერთა ერთი კორპუსი, დრაგუნთა 30 ესკადრონი, 3.000 ადამიანი საუკეთესო მსუბუქი ჯარებიდან, საველე არტილერიის 33 ქვემეხი და 20 პონტონი. ამისგან დამოუკიდებლად, გუდოვიჩს ებრძანა (კავკასიის) ხაზიდან ასტრახანში გაეგზავნა მუშკეტერთა ორი ბატალიონი დესანტის მოხდენისა და ჩვენდამი კეთილად განწყობილი ხანების გაძლიერებისთვის და, შეძლების და გვარად, ეზრუნა შემტევი რაზმის სურსათით უზრუნველყოფისთვის, რომლის მნიშვნელოვანი მარაგების გარეშეც მოქმედებათა წარმატება იმ ქვეყნებში სამართლიანად შეუძლებლად იყო მიჩნეული. 

რადგანაც მთავარი მოქმედებები კასპიის ზღვის ნაპირის გაყოლებით ივარაუდებოდა, ამიტომ, სურსათით უზრუნველყოფისთვის, ასტრახანში სათადარიგო მაღაზიის მოწყობა იქნა ნაბრძანები, რომელშიც 1796 წლის გაზაფხულისთვის უნდა დაემზადებინათ 70.000 ჩეთვერთი ფქვილი, ბურღულეულების პროპორციით, და 40.000 ჩეთვერთი შვრია. ასტრახანიდან ეს პროვიანტი ადვილად შეიძლებოდა ყოფილიყო ჩატანილი ბაქოში ან სხვა პუნქტში, საჭიროების და მიხედვით.

მოქმედი რაზმის ჯარებს ებრძანა ჰქონოდათ მოძრავი მაღაზიაც სამ თვეზე (გათვლილი) სურსათის მარაგით და, ამაზე ზევით, საპალნეებში ერთი თვის ორცხობილა და ფქვილი. საპალნე ტრანსპორტის შედგენისთვის გუდოვიჩს 1.200-მდე აქლების ყიდვა დაევალა* (*თითოეული აქლემი ზიდავდა 27,5 ფუთს (?); აქედან ამომდინარე, 1.200 აქლემს 33.000 ფუთის წაღება შეეძლო, რაც ერთი თვის პროპორციას შეადგენდა 20.000 ადამიანისთვის, რადგანაც იმ ხანებში თვეში ადამიანზე 1 ფუთი და 17 გირვანქა ორცხობილა და 7,5 გირვანქა ბურღულეული იყო განკუთვნილი).

გუდოვიჩმა ქმედითად დაიწყო ლაშქრობისთვის მზადება, სავსებით დარწმუნებულმა, რომ ჯარების უფროსობა მას დაევალებოდა, მაგრამ, თავისთვის სამწუხაროდ, მალევე შეიტყო რომ საკუთარ ვარაუდებში შეცდა. დარჩებოდა რა ხაზზე, მას მხოლოდ მოქმედი რაზმის სურსათით მომარაგებისთვის უნდა ეზრუნა, რომელზე უფროსობაც ჩაბარებულ იქნა გენერალ-პორუჩიკ გრაფ ვ. ა. ზუბოვისათვის, რომელსაც დაექვემდებარნენ: კასპიის ზღვის ფლოტილია, გენერალ-მაიორ საველიევის რაზმი და საქართველოში, პოლკოვნიკ სიროხნევის უფროსობით მყოფი ჯარები.

“ვემზადებოდი რა თავად სპარსეთში ექსპედიციისთვის, წერდა გუდოვიჩი გრაფ პლატონ ალექსანდრეს ძე ზუბოვს (Въ собственноручномъ письме отъ 31-го января 1796 года), თავს იმით ვინუგეშებ, რომ იგი აღსრულებისთვის თქვენს ძმას, გრაფ ვალერიან ალექსანდრეს ძეს რჩება, ღირსეულ გენერალს, რომელსაც მე მთელი სულით პატივს ვცემ”.

ერთი თვის შემდეგ გუდოვიჩს შეატყობინეს, რომ გრაფი ზუბოვი უკვე კავკასიის ხაზზეა გამოგზავნილი ჯარებზე უფროსობის მისაღებად და მას მიეცა ინსტრუქცია, რომელშიც მითითებულია მოქმედებათა მიზანი და მიმართულება, მთავრობის შეხედულებანი და განზრახვები აღა-მაჰმად-ხანის მტრული ჩანაფიქრების განადგურებისა და ჩვენი საზღვრების უზრუნველყოფისთვის.

“მიგვყავს რა სასურველი დაბოლოებისკენ ჩვენი იმპერიის საქმეები ევროპაში, წერდა იმპერატრიცა გრაფ ვ. ა. ზუბოვს, და მტკიცე და ყველაზე უფრო მომგებიანი სახით დავამკვიდრეთ რა ჩვენი ხელისუფლების ქვეშ მყოფი ხალხების სარგებელი დედამიწის ამ ნაწილში, ჩვენ გვსურდა მთელი ჩვენი მეურვეობა და ზრუნვა მიგვემართა, შემოვზღუდავთ რა იმპერიას ამ ქვეყნებში მშვიდობითა და უსაფრთხოებით, ვაჭრობისა და ყველა იმ ნაწილის გავრცელებისკენ, რომელთაგან გამომდინარეობს სახელმწიფოთა და ხალხების გამდიდრება, და, ვიქნებოდით რა მშვიდობით, ჩვენი ადამიანური, სივრცული და სიმდიდრის შენაძენების ნაყოფებით გვესარგებლა.

არ შევსუსტდებით რა ჩვენს ამ მისწრაფებაში ურყევად დავამკვიდროთ ეს მშვიდობისმოყვარე და კეთილი განზრახვები, ჩვენ ჩვენი ყურადღება განვავრცეთ აზიურ საზღვრებზეც, და მწუხარებით ვხედავთ იმ ოლქებში, რომლებიც ერტყმიან კასპიის ზღვას და სპარსელთა უძველეს მონარქიას შეადგენენ, ბევრი უმდიდრესი ქალაქისა და უხვშემოსავლიანი ოლქების ნანგრევებზე, რომლებიც ამ საუკუნის დასაწყისიდან უუფროსობითა და აქედან ამომდინარე მთელი მძვინვარებითა და გაშმაგებით ჩანაგდებიან, მძვინვარე და ვერაგი აღა-მაჰმად-ხანის ბოროტი მტანჯველობა წარმოიქმნება, რომლის ძალადობრივი ხელისუფლებაც კიდევ უფრო მეტად ამძიმებს იქ უკვე დიდი ხნიდან უბედურ მდგომარეობაში მყოფ ხანებსა და მათი ძალაუფლების ქვეშ მცხოვრებ ხალხებს.

ამ საუკუნის დასაწყისიდან მათი სისხლიანი ურთიერთბრძოლები, არბევდა და აჩანაგებდა რა ოლქებსა და ქალაქებს, აგდებდა რა ხალხებს სიღატაკესა და სასოწარკვეთილებაში, ართმევდა რა ყველას პირად და ქონებრივ უსაფრთხოებას, ამით გადააქცევდა სპარსელებს მემბოხე და დავა-ბრძოლებისადმი მიდრეკილ ხალხად. მათი უკანასკნელი კანონიერი შაჰების მანკიერმა მმართველობამ მათ მიერ ამ დრომდე ამდენად პატივცემული სეფიების საგვარეულოდან, მოარყია ის საფუძვლები, რომლებზედაც ამ სახელმწიფოს წესრიგი, კეთილდღეობა, სიუხვე, სიმდიდრე და სიმშვიდე იყო დაფუძნებული. ამ მიზეზების შედეგად წარმოქმნილმა ცნობილი მირ-ვეისისა და მისი ვაჟის მირ-მაჰმუდის თავხედურმა ღონისძიებებმა და ამბოხებებმა ამ ძლიერი დერჟავის ოლქების მთელი სივრცე ყველა იმ უბედურებაში ჩააგდეს, რომლებისთვისაც, ნეტარი და ხსოვნისთვის მარად ღირსეული იმპერატორი პეტრე დიდი, თავისი ჯარით სპარსეთის ოლქებში შესვლისას, ზღვარის დადებასაც ეძიებდა ზოგიერთი პროვინციის შეძლებისდაგვარად დაკავებითა და ამბოხებათაგან მათი შეკავებით, თუნდაც იმათი, რომელნიც რუსეთის იმპერიას ემეზობლებოდნენ და ურთიერთ მომგებიანი ვაჭრობით იყვნენ მასთან დაკავშირებულნი, რომელიც (ანუ ეს ვაჭრობა – ი. ხ.) სათანადო დარწმუნებულობისა და ურთიერთ სიმშვიდის დროს და აზიის ცალკეულ ფარგლებში მიწებისა და მათზე დასახლებული მრავალი ხალხის ბუნებრივი სიმდიდრის გამოისობით, თვლიდა რომ უმნიშვნელოვანესი და რუსეთის იმპერიისთვის ყველაზე უფრო მომგებიანი იქნებოდა. მაგრამ წამოჭრილმა სიძნელეებმა, ხოლო უფრო მეტად კი ამ დიდი ხელმწიფის უდროო გარდაცვალებამ იმ ჯერად დასასრული დაუდეს მის ბრძნულ და შორსმჭვრეტელურ განზრახვებს, რომლებიც ყოველთვის ვაჟკაცურად იყო მისწრაფებული იმპერიის ჭეშმარიტი სარგებლისა და დიდებისაკენ, რომელიც (რუსეთის იმპერია – ი. ხ.) მისი ღვაწლით დიდებითა და მრავალი სარგებლით იყო მკვიდრად მოსილი.

შაჰის კანონიერი ხელისუფლების მხოლოდ ერთი ჩრდილის ვერაგობით აღდგენა, საშინელი მკვლელობებითა და არაადამიანური ტანჯვა-წამებებით სპარსეთში შინაომების მოკლე ხნით შეწყვეტა ბედმა თაჰმასპ-ყული-ხანს არგუნა წილად, რომელმაც, თავისი ძალაუფლების ქვეშ სპარსეთის ყველა ოლქის შეერთებისა და შაჰების, თავის კანონიერ ხელმწიფეთა მოკვდინების შემდეგ, ხელისუფლება და ნადირ შაჰის სახელი თავხედურად მიიტაცა. მაშინ დაინახა, რომ სახელმწიფოები, რაც უფრო მიდრეკილნი არიან შინაომებისა და ძარცვა-რბევისკენ, რომელთა მომყოლი სიღატაკე და სასოწარკვეთილება ლაშქრებს უშიშარი მებრძოლებით ავსებს და ხალხებს ახალ ბრძოლებში აუცილებლობით გადაისვრის, მით უფრო ნაკლებად შეუძლიათ მათ მოსაზღვრე სახელმწიფოებს მათგან სიმშვიდეს მოელოდნენ და დაღუპვის მდგომარეობაში მყოფი ოლქების უძლურებაზე ემყარებოდნენ, ვინაიდან სიმშვიდის დამყარება და შენარჩუნება უფრო მეტად შესაძლებელია იმ ხალხთან, რომელსაც წესრიგი და კანონიერი ხელისუფლება მართავს; მშვიდ ხალხთან, რომელიც სიმდიდრეში, სიუხვესა და ნეტარებაში ცხოვრობს, მეზობლობა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მეამბოხე ხალხთან, რომელიც დაღუპვითა და დიდი სიღატაკით სასოწარკვეთილებამდე და ცხოვრებისადმი ზიზღამდეა მისული. შინაომების უბედურებებში ჩაძირული ხალხი, რომელიც მთელ შინაგანს არბევს და ნთქავს – გარედან კიდევ უფრო მეტად საშიშია. იგი მხოლოდ მაშინ მოჩანს არარაობად, როცა მისი შინაგანი ნაწილები ერთი-მეორის წინააღმდეგ ჯანყდებიან, და ურთიერთ დამარცხებებით აკავებენ და ფიტავენ თავიანთ ძალებს, გადაჭრით რომ ვერ ჯობნიან მაინც ერთმანეთს. მაგრამ როგორც კი ბედის ნებით გაქრება ეს წინააღმდეგობანი, და გამოჩნდება ხელისუფლება, რომელიც დაპირისპირებულ ძალებს ერთმანეთთან აერთიანებს, და თუ, ნადირ შაჰის მსგავსად, სისასტიკეებით მოახერხებს შეუზღუდავი და ბრმა მორჩილების დამყარებას, და ამასთან წარმატებებითა და გამარჯვებებით მხედრობის გამხნევებასაც შეძლებს, მაშინ, აღიმართება რა მოჩვენებითი არარაობიდან, იმ ხალხს შეუძლია ისეთი ძალისხმევის მოხდენა, როგორსაც იგი სიუხვისა და სიმშვიდის მდგომარეობაში ვერ გამოიჩენდა. ნადირ შაჰთან დაკავშირებული მოვლენები ზემოთ ნათქვამის დადასტურებაა: მის მიერ წარმოებულმა წარმატებულმა ომმა ოტომანის პორტას წინააღმდეგ, რომელმაც უკანასკნელის ოლქებს აზიაში შიშის ძრწოლა მოჰგვარა, მისი მრავალრიცხოვანი ლაშქრების დამარცხებამ და ამოჟლეტვამ, პორტასთვის უწინ სპარსეთისადმი კუთვნილი ოლქების უკანვე წართმევამ, და ბოლოს ამ ძლიერი და მაშინ ამაყი დერჟავის სპარსელთათვის ხელსაყრელი მშვიდობის დადებაზე იძულებით დამცირებამ, და განსაკუთრებით კი ინდოეთში დიდი მოღოლის სამეფოსა და დიდ სათათრეთში სხვა ქვეყნების დაპყრობამ, ნათლად დაამტკიცეს, თუ რა შეუძლია მძვინვარებაში, თუმცა კი მოქანცულ ხალხს, მაგრამ სიღატაკითა და სასოწარკვეთილებით ამოძრავებულს, ძარცვისა და გამდიდრების იმედით გაერთიანებულს, რომელსაც ხელმძღვანელობს გერგილიანობა და რომელსაც თან სასტიკი მძვინვარება და დაუნდობლობა ახლავს.

ამის საპირისპიროდ, პირადი და ქონებრივი უსაფრთხოების აღდგენითა და დამკვიდრებით, უმეტესად კი ურყევი მართლმსაჯულების შემოღებით აღდგებიან ხალხები მშვიდობიან ცხოვრებაში და, იძენენ რა სახსარსა და საშუალებებს, საკუთრების, ვაჭრობისა და მრეწველობის ძალადობისგან შენარჩუნებით ხალისდებიან მშვიდობიანი და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გასაწევად, როდესაც ხალხები გამდიდრდებიან რა – და მით უმეტეს კი ისინი, რომლებიც სპარსელების მსგავსად, ასე უხვად არიან ბუნებით დაჯილდოვებულნი მათი მიწების სიმდიდრეთაგან – და დაამყარებენ რა ურთიერთ შორის უსაფრთხოებასა და ქონების სიჭარბეს, ჩამოშორებულნი იქნებიან დამღუპველი ლაშქრობებისგან და ჩაერთვებიან რა ვაჭრობასა და მრეწველობაში, თავიანთთვის და თავიანთი საზოგადოებისთვის და არანაკლებად მეზობელი ხალხებისთვისაც, შეიქნებიან სასარგებლონი; რომელთათვისაც მათი ასეთ ყველასთვის მომგებიან მდგომარეობაში შენარჩუნება საჭირო გახდება და ამიტომ ყოფიერებაც უზრუნველყოფილი იქნება.

სპარსეთი, თავისი მდებარეობით ვრცელდება რა კასპიის ზღვასთან რუსეთის იმპერიის საზღვრებიდან, ერთის მხრივ, აზიაში ოტომანის პორტას უმდიდრეს და ხალხმრავალ ოლქებამდე და სპარსეთის ზღვამდე, მეორეს მხრივ კი, ოკეანემდე, ინდოეთისა და დიდი სათათრეთის ფარგლებამდე, ბევრ მდიდარ ოლქსა და დიდებულ ქალაქს შეიცავს, რომლებსაც დამშვიდებისა და გზებზე უსაფრთხოების მეშვეობით, თუკი მხოლოდ ვაჭრობის შესაძლებლობები გაუჩნდებოდათ, მაშინ არა მხოლოდ სპარსელთა საკუთარი სიმდიდრე იწყებდა დენას, არამედ ბედნიერი მდებარეობისა და ინდოეთის, რუსეთისა და თურქეთის ვაჭრობის თავმოყრის მეშვეობით მალევე გაეხსნებოდათ ვაჭრობის უსაზღვრო კავშირები ამ ვრცელ, ხალხმრავალ და მდიდარ ოლქებთან, რომლებიც სპარსეთის ხარბ მტაცებელთა ძალადობებითა და ძარცვა-რბევებით დღემდე მხოლოდ ინგრევა.

სპარსეთში საქმეთა ასეთი სასურველი მდგომარეობა, რომელიც მისი დღევანდელი მდგომარეობისგან მეტად განსხვავებულია, უკიდურესად მომგებიანი და სასარგებლო შეიძლება იყოს რუსეთისთვის. სპარსეთში ადგენილი სიმშვიდე და წესრიგი ჩვენ მოგვცემს მდიდარ ვაჭრობას არა მხოლოდ კასპიის ზღვის ნაპირებზე, არამედ სპარსული ოლქების ფარგლებს შიგნითაც. ამ უკანასკნელთა მეშვეობით კი მოსახერხებელი იქნება გზის გახსნა ინდოეთსკენ და ამ უმდიდრესი ვაჭრობის უმოკლესი გზებით ჩვენსკენ მოზიდვა, ვიდრე იმით, რომელსაც მთელი ევროპელი ხალხები მიჰყვებიან, როცა კეთილი იმედის კონცხს შემოუვლიან, და ამით შესაძლებელი იქნება ევროპელთა მიერ შეძენილი მთელი სარგებლის ჩვენს მხარეზე შემობრუნება. სპარსეთის მეზობლობა ამ მიზეზების გამო ჩვენთვის არა მხოლოდ უკიდურესად მომგებიანი იქნება, არამედ უსაფრთხოც, რადგანაც ამ ხალხის მთელი ძალების ერთად შეერთების შემთხვევაში, – რაზეც, თუმცა კი, ჩვენი იმპერიის სარგებელი გვკარნახობს რომ ფრთხილად ვიყოთ და მის დამკვიდრებამდე საქმე არ მიგვყავდეს (что, однако же, польза Имперiи нашей взыскиваетъ предостерегать и не допускать до утвержденiя) – უფრო დარწმუნებულად ვიქნებით მშვიდობისა და მეგობრობის შენარჩუნებაში იმ ხალხის მმართველებთან, რომელიც დაკავშირებული იქნება ურთიერთ მომგებიანობითა და დაინტერესებული იქნება ორმხრივი სარგებლით სიწყნარისა და სიმშვიდის შენარჩუნებაში იმ ხალხებთან, რომელთაც გააჩნიათ დიდი კავშირები ვაჭრობაში და კმაყოფილებაში, სიმდიდრესა და ფუფუნებაში იმყოფებიან, ვიდრე მძვინვარე და ვერაგ მტაცებელთან, რომელიც არაადამიანური ხერხებით სპობს მთელ შუალედურ ხელისუფლებას და ამყარებს შეუზღუდავ და სისხლისმსმელ მფლობელობას, რომელიც თავხედურად უარყოფს არა მხოლოდ უწინ ჩვენი წინაპრების მიერ შეძენილ მთელ სარგებელს, არამედ რომელმაც უარყო რუსეთის იმპერიის ღირსებისადმი ყოველგვარი პატივისცემა და ძალადობითა და მანკიერებებით გააერთიანა ხალხი, ძარცვა-რბევებით, შინაომებითა და სიღატაკით გონების დაკარგვამდე და სასოწარკვეთილებამდე მიყვანილი.

სახელმწიფოებრივი მდგომარეობა, არა ძალადობრივი და არა გაკოტრებისკენ მიდრეკილი, არამედ ხალხში მშვიდობისა და სიმშვიდის დამამაყარებელი, თუნდაც იგი სამხედრო ძალების დასუსტებისთვის ბევრ ნაწილადაც იქნეს დაქუცმაცებული, მყარად შეიძლება იყოს დაფუძნებული, და იქნება რა მართლმსაჯულების ხელმძღვანელობის ქვეშ დიდხანს გააგრძელებს თავის არსებობას; მაგრამ მტანჯველობა, ვერაგობითა და მძვინვარებით მიტაცებული და იმავე არაადამიანური ხერხებით დამკვიდრებული, ვერც მყარი, ვერც ხანგრძლივი ვერ შეიძლება იყოს, ვინაიდან სიმტკიცის თვისებაა საკუთარი დარღვევა (ибо свойство прочности есть собственное сокрушенiе) და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ანგრევს ძალაუფლებას.

მის წინააღმდეგ აღმდგართა გამანადგურებელმა და აზიის მოშორებული ფარგლების დამმორჩილებელმა, მძვინვარე ნადირ შაჰმა, რომელმაც განუზომელი სიმდიდრე შეიძინა და არა მხოლოდ მისი ძალაუფლების ქვეშ მყოფ ხალხებში, არამედ მის მეზობლებშიც შიში და ძრწოლა დაბადა, მტანჯველთა ხვედრს თავი მაინც ვერ აარიდა. მისმა ძალადობრივმა სიკვდილმა სპარსეთი კვლავ შინაომებში ჩააგდო, რადგანაც სპარსეთის მომიჯნავე ხალხების სიმშვიდისა და უსაფრთხოებისთვის უზენაესმა ინება, რათა ნადირ შაჰის შვილს, მისი სულის სიმწირის გამო, და არც არავის შემდეგ მომყოლ მბრძანებელთაგან არ შეძლებოდა ხანებსა და მათ ოლქებზე საკმარისი უფროსობის მოპოვება.

ბევრი, ხშირი და ხანმოკლე ცვლილების შემდეგ, რომლებმაც სპარსეთი დღევანდელ მდგომარეობამდე მიიყვანა, ხოლო ჩვენი ვაჭრობა კი კასპიის ზღვაზე და იმ ქვეყნებში სრულ არარაობამდე დასცა, ეშმაკმა და მზაკვარმა აღა-მაჰმადხანმა, რომელიც ქერიმ-ხანის სიკვდილის შემდეგ საპყრობილიდან გამოვიდა, თავისი საწყისი მმართველობა ასტრაბადში თავისი ძმისადმი, მურთაზა-ყული-ხანისადმი ღალატითა და უმადურობით აღნიშნა, ვისგანაც თავისუფლებითა და უფლებებში აღდგენით იყო დავალებული, და არა მხოლოდ მისი მტერი და მდევნელი შეიქნა, არამედ მას ასტრაბადისა და მაზანდერანის, ხოლო შემდეგ კი გილანის ოლქები წაართვა, ხოლო თავის სხვა ძმებს კი სიცოცხლე მოუსწრაფა. იმავე დროიდან აშკარად გამოავლინა მან თავისი არაკეთილგანწყობა რუსეთის იმპერიისადმი ცნობილი მოღალატური და თავხედური საქციელით გრაფ ვოინოვიჩის მიმართ, რომელიც მაშინ ჩვენი კასპიის ფლოტილიის უფროსი გახლდათ.

ისპაჰანელი ალი-მურად-ხანის სიკვდილმა გზები გაუხსნა აღა-მაჰმად-ხანს ისპაჰანის დაუფლებისა და ამ მდიდარი დედაქალაქის გაძარცვით ანგარებათა გაზრდისკენ, რისი აღსრულების შემდეგაც, მიბრუნდა რა უბედური გილანელი გედაეთ-ხანის სადევნელად, უფრო მეტად ვერაგობით, ვიდრე სიმამაცით, დაეუფლა იგი ამ ოლქს და ქალაქ რეშთის მიერ აყვავებულ ვაჭრობას, რითაც მისმა საგანძურმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მატება მიიღო. ამ წარმატებებითა და თავისი მფლობელობის გავრცელებით გაამაყებულმა, მიმართა მან, თავისი ძალაუფლების უფრო უკეთ დამკვიდრებისთვის, სპარსეთში უძლიერესი მფლობელის, შირაზელი ლუტფ-ალი-ხანის წინააღმდეგ, რომელსაც, მბრძანებლობდა რა სპარსეთის ზღვის ნაპირების გაყოლებით მდებარე და ინდოეთის მოსაზღვრე ოლქებზე, ჰქონდა კავშირები და ურთიერთობანი ინგლისელებთან, რომელთაგან დახმარებასაც ღებულობდა, მაგრამ აღა-მაჰმად-ხანმა, დაძლია რა იგი, დაიპყრო ოლქები და იერიშით აიღო შირაზი და ქერმანი და, დაატყვევა რა თავისი მოწინააღმდეგე, იგი თეირანში გააგზავნა, მიიღო რა აქაც ლუტფ-ალი-ხანის მთელი საგანძურები ნადავლად. ამ დიდი წარმატებების კვალდაკვალ, დაპყრობილი ოლქების თავისი ძალაუფლებისთვის შემოერთების შემდეგ, ავლენდა იგი განზრახვას, რომ თავისი ჯარების რიცხვი ორასი ათასამდე გაემრავლებინა. ამ განზრახვებმა და სპარსელთა ქურთისტანში ყოფნამ უკიდურესად შეაშფოთა ოტომანის პორტა; მაშინ ბაღდადის ძლიერი ფაშა, გვერდზე გადადო რა თავისი ზვიადობა, დესპანებს აგზავნიდა აღა-მაჰმად-ხანის ბანაკში. დაბოლოს, გასულ 1795 წელს მან თავისი ლაშქარი თურქული საზღვრების გაყოლებით ჩაატარა, თუმცა კი არსად ოტომანის პორტას საზღვრებს არ შეხებია: დიარბაქირის, ბაიაზეთის, ყარსისა და არზრუმის ფაშები თითქოსდა შეშფოთებული ჩანდნენ ამ მტაცებლის ლაშქრობით, და თავად პორტაც შეწუხებულად ამჟღავნებდა თავს და იმ მხრიდან ძლიერ შეშფოთებულადაც. მაგრამ ერთის მხრივ სპარსელთა შეუხებლობა თურქულ მიწებსა და მათ სარგებელთან, მეორეს მხრივ კი თურქი ფაშების მიერ აღა-მაჰმად-ხანის ყველა მოთხოვნის სწრაფი შესრულება და მათ მიერ მის მიმართ ყველგან შემწყნარებლობის გამოხატვა, და მისი მოთხოვნებით მისი ჯარებისთვის სურსათის გაგზავნაც კი, ნათლად ამტკიცებს მათ შორის არსებულ თანხმობას, ასე რომ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ის მზადებანიც, რომელთა აღმოჩენაც პორტამ საკუთარი დაცვის გარეგნული შესახედაობით აზიაში მოსაზღვრე ფაშებისთვის ბრძანა, მიაწოდა რა მათ არტილერია, სასიცოცხლო და მით უფრო საბრძოლო მარაგები, სპარსელთა ხელში შესაძლოა გადასულიყო იმ განზრახვით, რომ ამ მტაცებლის ხელით რუსეთის იმპერიის ღირსება შეურაცხეყოთ, აღმოეფხვრათ მისი ყველა სარგებელი და მთელი ეს იარაღიც მის წინააღმდეგ შემოებრუნებინათ.

ძნელი არ ყოფილა აღა-მაჰმად-ხანის დაყოლიება, რომელმაც უკვე დიდი ხანია რუსეთის აშკარა და ბოროტ მტრად გამოავლინა თავი, იმაზე, რომ რუსეთის მფარველობის ქვეშ შემოსულთა სადევნელად აღმართულიყო და ძარცვა-რბევისა და გაჩანაგებისთვის მიეყო ხელი, განავრცობდა რა მათ ჩვენს იმპერიასთან მოსაზღვრე ოლქებამდეც, და საფრთხეს შეუქმნიდა ამით საკუთრივ ჩვენს ფარგლებსაც; ხოლო უფრო მეტად კი თუ ამ მტაცებლის დაუსჯელი თავხედობა, გავრცელდებოდა რა მათ მხარეებამდე, მახერხებდა მთიელ ხალხებში აჯანყებისა და ამბოხებათა დათესვას ჩვენი ჯარების წინააღმდეგ, რომლებიც კავკასიის ხაზზე იმყოფებიან. გასულ წელს ადერბაიჯანის ოლქი იყო აღა-მაჰმად-ხანის მძარცველობისა და მძვინვარების საგანი; ძნელი არ იყო მისთვის ამდენად აღმატებული ძალებით ყველა ადერბაიჯანელი ხანის დამორჩილება და თავისი იარაღის მდინარე არაქსის მარცხენა ნაპირზე გადმოტანა; იქიდან მის შემდგომი ქცევა შეეხებოდა უკვე უშუალოდ ჩვენი იმპერიის სარგებელსა და უსაფრთხოებას, მაშინვე ჩვენ არ დავაყოვნეთ რომ მიგვეცა ამის გამო ჩვენი ბრძანებები გენერალ გოდოვიჩისადმი 1795 წლის 4 სექტემბერს, მაგრამ ამასობაში მტაცებელმა აღა-მაჰმად-ხანმა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევის მოსურნე ერევნის ხანი თავისი ძალაუფლების აღიარებაზე აიძულა და, დაიმორჩილა რა მისი ოლქი, ერთგულებისთვის მძევლები ჩამოართვა.

იმ ქვეყნებისთვის ასეთ მძიმე გარემოებებში შუშელი იბრაჰიმ-ხანი ერთია მთელი იმ ხანებიდან, რომელსაც არ განუცდია მტანჯველის უღელი, ვინაიდან, განიზრახა რა, რომ აზიური ჯარებისთვის მიუდგომელ საკუთარ ქალაქში დაეცვა თავი, ახერხებს კიდეც ამას და ამ დრომდე მასშია გამაგრებული. აღა-მაჰმად-ხანმა იგი თავის ზურგში დაიტოვა და მიიღო რა გადაწყვეტილება რუსეთის იმპერიის ყველაზე უფრო საზეიმო უფლებებისა და ღირსების შეურაცხყოფაზე და გენერალ გუდოვიჩის მიერ მისთვის გამოცხადებულის საწინააღმდეგოდ, მისივე წარმოგზავნილთა მეშვეობით, – რომლებიც მან გამოუგზავნა გენერალს მურთაზა-ყული-ხანის მიერ შეპყრობილ ტყვეთა გაცემის მოთხოვნით, რომელთაც ეს უკანასკნელი თავისთან აკავებდა როგორც მძევლებს თავისი დედისა და ახლო ნათესავების სიცოცხლეში დარწმუნებულობისთვის, რომლებიც მტანჯველს ჰყავს ტყვედ შეპყრობილი და ამ დრომდე მის ხელთ იმყოფებიან, – რათა არ შეხებოდა ის ერეკლე მეფის სამფლობელოებს, რომელიც სრულიად რუსეთის იმპერიის მფარველობის ქვეშ იმყოფება, და რომ ყველანაირი თავდასხმა მასზე ან მის სამფლობელოზე რუსეთის უფლებათა შეურაცხყოფად იქნებოდა მიჩნეული. მიუხედავად ამისა, ამაყი მტაცებელი შემოვიდა საქართველოში, სადაც, თავად დედაქალაქის დაუფლების შემდეგ, უკვე რამდენიმე წელია ჩვენი მფარველობის ქვეშ შემოსული ქართლისა და კახეთის მეფისგან, ღვთის ტაძრების გაძარცვისა და დარბევის შემდეგ, და მიწების გაჩანაგების შემდეგ, ქრისტიანთა დიდი რიცხვის ტყვეობაში წაყვანისა და ბევრი სხვა განუკითხაობის ჩადენის შემდეგ, განჯის გავლით იგი კასპიის ზღვის ნაპირებისკენ მიბრუნდა იმ ხანების სადევნელად, რომლებიც ჩვენ გვემხრობიან, მშვიდობის მოყვარულნი არიან და ჩვენი ქვეშევრდომების ვაჭრობასაც ყოველთვის ხელს უწყობდნენ.

ამ მძარცველის მიერ ბევრჯერ მოყენებულმა ამდენად გაშმაგებულმა შეურაცხყოფებმა და შირვანისა და დაღესტნის ოლქისკენ მისმა ლაშქრობამ, რომლებიც კასპიის ზღვის პირას მდებარეობენ და ჩვენ გვესაზღვრებიან, უახლოვდება რა ჩვენს საზღვრებს და იმ მიწებში ამხობს ყველაფერ იმას, რაც ჩვენს სარგებელსა და მომგებიანობას შესაძლოა ეხებოდეს, ავლენს აშკარა განზრახვას, რომ ამ მხრიდან ჩვენ საზრუნავში ჩაგვაგდოს და აღაგზნებს რა მთიელ ხალხებში შფოთიანობას, მაშინ თავად ჩვენი საზღვრებიც საფრთხეში მოიყვანოს, მიიქცია კიდეც სამართლიანად მთელი ჩვენი ყურადღება. 

ყოველივე ზემოთ ახსნილის შედეგად, მრავალი უხერხულობისა და თავად საფრთხეთა თავიდან აცილებისთვის, რომლებიც მომდინარეობს მუხთალი აღა-მაჰმად-ხანის მტანჯველი ძალაუფლების თავად ჩვენს საზღვრებამდე გავრცელებისა და დამკვიდრებისგან, ხოლო უფრო მეტად კი კასპიის ზღვის ნაპირებზე, რომელმაც უკვე მოახერხა თითქმის მთელ სპარსეთზე ძლიერი მფლობელობის დამყარება, და რომელიც ყოველთვის ჩვენი იმპერიის მტრად ავლენდა თავს, ჩვენი ვაჭრობის ყველა სარგებელსა და მოგებას ავიწროვებდა, ამასთანავე სპარსეთთან ჩვენი ტრაქტატების თავხედური დარღვევის გამოც, რომლებშიც რუსეთისთვის მონიჭებული უფლებები და უპირატესობანი შეძენილი გახლდათ იმ ოლქების დათმობით, რომლებიც მარადიულად დიდების ღირსი იმპერატორის პეტრე დიდის იარაღით იქნა დაპყრობილი, და ბოლოს, ქართლისა და კახეთის მეფის, ბევრი კეთილგანწყობილი ხანისა და დაღესტნელი მფლობელის ძლიერი დახმარებისთვის, რომლებიც ჩვენს დაცვასა და მფარველობას შეჰღაღადებენ, უკეთესად მივიჩნიეთ ჩვენ, რომ იმ ძალებისა და საშუალებათა მმართველად თქვენ აგვერჩიეთ, რომელთა გამოყენებაც ამ შემთხვევაში კეთილად მიგვაჩნია. თქვენი ახლანდელი გაგზავნისას, იმ ვრცელი, ძნელი და მნიშვნელოვანი მსახურების თაობაზე, რომელიც თქვენ იმ ქვეყნებში მოგელით, დაწვრილებითი ახსნა და განმარტება მოგეცით, თან გიბოძეთ რა ყველა ნაწილში სრული ნებართვა და აღგჭურვეთ მთელი საჭირო ძალაუფლებით, თქვენდამი ჩაბარებული საქმეების საუკეთესოდ წარმართვისთვის ამდენად დაშორებულ ქვეყნებში, სადაც, მიჰყვებით რა თქვენთვის მოცემულ წესებს, რომლებიც იმპერიის უკეთეს სარგებელზეა დაფუძნებული, ამაში და უწინ ჩვენგან ამ საკითხზე მოცემულ დარიგებებშიც, ასევე თქვენი საკუთარი მოსაზრებანიცა და შეხედულებანიც, გარემოებათა მიხედვით წარმოქმნილნი, იქ საუკეთესო ხელმძღვანელები იქნებიან”.

გრაფ ვ. ა. ზუბოვს ებრძანა გამგზავრებულიყო კავკასიის გუბერნიაში, გუდოვიჩის ადგილსამყოფელში, და მიიღებდა რა მისგან ყველა იმ ცნობას, რომელსაც ის აუცილებლად მიიჩნევდა, მიეღო საზღვარგარეთ ლაშქრობისთვის დანიშნულ ჯარებზე უფროსობა. საექსპედიციო კორპუსის ცალკეული ნაწილების მეთაურობისთვის მივლინებულ იქნა შვიდი გენერალი და ერთი ბრიგადირი*, რომელთაც ებრძანათ კიდეც გენერალ-პორუჩიკ გრაფ ზუბოვთან გამოცხადებულიყვნენ (*გენერალ-მაიორები სერგეი-ბულგაკოვი, ივანე საველიევი, ალექსანდრე რიმსკი-კორსაკოვი, გაბრიელ რახმანოვი, თავადი პავლე ციციანოვი, ბარონი ფონ-ბენინგსენი, მატვეი პლატოვი და ბრიგადირი გრაფი თედორე აპრაკსინი). სალაშქროდ გასვლის მოხდენა ნავარაუდევი იყო ყველაზე უფრო ადრეულ გაზაფხულზე, რათა, ისარგებლებდნენ რა წელიწადის საუკეთესო დროით, რაიმენაირი შედეგების მიღწევა შესაძლებელი ყოფილიყო უკვე ძლიერი სიცხეების დადგომამდე, რომლებიც იქ ჩვეულებრივ ივნისის, ივლისისა და აგვისტოს თვეებში იცის ხოლმე.

შედგენილი გეგმის მიხედვით ნავარაუდევი იყო საომარი მოქმედებების დაწყება ორი მხრიდან: კასპიის ზღვის ნაპირითა და საქართველოს მხრიდან.

“ორი ბატალიონის შენარჩუნებას, წერდა ეკატერინე II (Въ томъ же указе отъ 10-го февраля 1796 года), რომლებიც საქართველოში გასულ შემოდგომაზე შევიდნენ, და მათ უსწრაფეს გაძლიერებას, რათა ამით შესაძლებელი იყოს ამ ნაწილის მოქმედებებში ჩართვაც, მთელი თქვენი მზრუნველობა უნდა მიაქციოთ. როგორც კი მოახერხებთ თქვენ ამის შეერთებას, მაშინვე უნდა მიმართოთ იგი ტფილისის დაკავებისა და ერეკლე მეფის აღდგენისკენ არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ მის სხვა ოლქებშიც, თვალს მიადევნებთ რა მხოლოდ იმას, რომ არ დაჰყოთ თქვენი ჯარები და საკუთრივ მეფე ერეკლეს დაუთმოთ ის, რომ მან მის ხელთ არსებული საშუალებებით, მორჩილებაში მოიყვანოს თავისი ძალაუფლების ქვეშ მყოფნი და ურთიერთობებით კი მეზობელი ხანები ერევნისა და სხვა ადერბაიჯანელი მფლობელები, რომლებიც ოტომანის პორტას საზღვრების მახლობლობაში მბრძანებლობენ.

ამ კორპუსის საგანი და დანიშნულებაა საქართველოს განთავისუფლება და მისი მეფის გაძლიერება, ასევე სომეხი მელიქებისა ყარაბაღში და შუშელი იბრაჰიმ-ხანისა, რომელიც მტკიცედ და ვაჟკაცურად ეწინააღმდეგება აღა-მაჰმად-ხანს, და სხვა შევიწროვებული და ჩვენდამი კეთილგანწყობილი ხანებისაც, რომლებიც მტანჯველის მძვინვარე ხელისუფლებისგან განთავისუფლებას ეძიებენ; და რადგანაც პირადად თქვენი წინამძღოლობით მოქმედი ჯარების საგანი და მთავარი ძალისხმევა მისწრაფებული იქნება კასპიის ზღვის ნაპირების გაყოლებით, ამიტომ ამის შესაბამისად და იმ გამარჯვებათა შემსუბუქებისთვის, ამ კავკასიის კორპუსის მოქმედებებიც გავრცელებული უნდა იქნას ტფილისიდან ქვემოთ მდინარე მტკვრის გაყოლებაზე განჯისკენ და ამ ქალაქის გავლით, აღადგენენ რა ყარაბაღში მცხოვრებ ქრისტიანებს, და გამოავლენენ რა განზრახვას შუშის ციხესიმაგრის მხარეს იბრაჰიმ-ხანის განთავისუფლებისთვის, უნდა ისწრაფვოდნენ კასპიის კორპუსთან კავშირის უსწრაფესად დამყარებისკენ, და თქვენც არ დააყოვნებთ ყოველივე იმის გაკეთებას, რაც ამას შეიძლება ხელს უწყობდეს.

შუშის ხანის აღდგენის შემდეგ, აღა-მაჰმად-ხანის ჯარების ყველგან დამარცხებისთვის სასურველი იქნება, რომ, გადაიყვანთ რა მას (კორპუსს) არაქსის მარჯვენა ნაპირზე, ისწრაფვოთ იმ ქვეყნებში მტაცებლის ძალაუფლების დამხობისკენ და იქაური და ადერბაიჯანელი ხანების გაერთიანებისთვის მოწოდებისკენ, რომლებიც, მათი საერთო მტრისა და მდევნელის წინააღმდეგ, ჩვენი მფარველობის ქვეშ იმოქმედებენ. კავკასიის კორპუსი კი თავის ერთობლივ ოპერაციებს გააგრძელებს მტკვარსა და არაქსს შორის ამ ორი მდინარის შესართავამდე, მიმართავს რა ყველა საშუალებას კასპიის კორპუსთან კომუნიკაციის მოსახერხებლად დამკვიდრებაზე, რომელიც პირადად თქვენი წინამძღოლობით იმოქმედებს. მეორეს მხრივ, მანამდე, იმ ჯარების შეერთების შემდეგ, რომლებმაც კასპიის კორპუსი უნდა შეადგინონ, და მის მიერ დარუბანდის დაკავების შემდეგ, ექნება რა ფლოტილიის მხარდაჭერა, აღა-მაჰმად-ხანის ჯარებზე ძლიერი და გაბედული შეტევით – რომლებიც, უკანასკნელი ცნობების მიხედვით, კასპიის ზღვის ნაპირებისკენ, შირვანის ოლქისკენ გამოემართნენ, – ეცადეთ რომ ბრძოლა გაუმართოთ მტკვრისა და არაქსის აქეთა მხარეს და აიღოთ ქალაქი და პორტი ბაქო, სადაც დააარსეთ კიდეც მთავარი დეპო, და ამით ყურადღებას გადმოატანინებთ რა (სპარსელთა) მთავარ ძალებს კავკასიის კორპუსისგან, შეუმსუბექებთ მას გამარჯვებებს და თქვენთან უსწრაფეს, უკეთეს და ყველაზე უფრო უსაფრთხო შეერთებას: ჩვენი იარაღის საწყისი წარმატებანი, პირველი გამარჯვებები და მათით შეძენილი დიდება, გადაწყვეტს ბევრ შედეგს და შეამსუბუქებს შემდგომ ღონისძიებებს”.

ამრიგად, მოძრაობდა რა კასპიის ზღვის ნაპირის გაყოლებით, ზუბოვს უნდა დაეკავებინა დარუბანდი და ბაქო, სადაც უნდა შეერთებინა თავისი ძალები კასპიის ზღვის ფლოტილიასთან და პროვიანტისა და საბრძოლო მასალების მთავარი საწყობიც დაეარსებინა. სწორედ იმავე დროს, გააძლიერებდა რა საქართველოში მყოფ ჯარებს, და მისცემდა რა მათ კავკასიის კორპუსის სახელწოდებას, ჩვენი მთავრობა ვარაუდობდა მათ დაძვრას მდინარეების მტკვრისა და არაქსის შესართავისკენ, სადაც, შევიდოდნენ რა კავშირში კასპიის კორპუსთან, რომელიც გრაფ ზუბოვის უშუალო უფროსობის ქვეშ იმყოფებოდა, მათ შეეძლოთ ერთობლივი ძალებით ემოქმედათ აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ.

კავკასიის კორპუსის მოქმედებათა უმთავრესი მიზანი იყო ყარაბაღელი მელიქების, შუშის ხანისა და სხვა ხანებისა და მფლობელების აღდგენა, რომელთაც სურდათ აღა-მაჰმად-ხანის ტირანული უღლისგან თავის დაეღწიათ.

უკანასკნელის ძალაუფლებისმოყვარული ჩანაფიქრების მოსპობა, რომელიც მომავალი საომარი მოქმედებების მთელ არსს შეადგენდა, აიძულებდა ჩვენს მთავრობას რომ სურვილი ჰქონოდა, რათა კავკასიის კორპუსი რაც შეიძლებოდა სწრაფად წასულიყო განჯაზე კასპიის კორპუსთან შესაერთებლად. ხოლო ერევნის სახანოში და მდინარე არაქსის ზემო დინების ყველა სხვა ოლქში სიმშვიდის დამყარება კი, საკუთრივ მეფე ერეკლეზე იყო მინდობილი, იმ მოსაზრებით, რომ თურქეთის მოსაზღვრე ოლქებში რუსული ჯარების შესვლით, ოტომანის პორტასთვის შეშფოთებისა და განგაშის საბაბი არ მიგვეცა.

ვიწყებდით რა ერთდროულად საომარ მოქმედებებს საქართველოში, დაღესტანში და კასპიის ზღვის სანაპიროზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შეგვეძლო განგვესაზღვრა, თუ საით მიმართავდა აღა-მაჰმად-ხანი თავის ჯარებს (полчища). მხედველობაში გვქონდა რა, რომ ჩვენი მთავარი ძალები განკუთვნილი იყო დაღესტანში და კასპიის ზღვის ნაპირის გაყოლებაზე მოქმედებისთვის, ყველაზე უფრო სასურველი იქნებოდა, რომ სპარსელები დაღესტანზე დაძრულიყვნენ. მაშინ კავკასიის კორპუსს, რომელსაც თავის პირისპირ მოწინააღმდეგის მხოლოდ უმნიშვნელო ძალები ეყოლებოდა და მარცხენა მხრიდან მდინარე მტკვრის დინებით იქნებოდა დაფარული, სწრაფი მოძრაობით შეეძლო სპარსელთა ზურგში შემოსულიყო და ისინი უკიდურესად გაძნელებულ მდგომარეობაში ჩაეყენებინა: შევიწროვებულნი იქნებოდნენ რა ფრონტიდან, არც უკან დასახევი გზა ექნებოდათ. ამასთანავე ჩვენი კასპიის ფლოტილიის მოქმედებებს ბაქოს, სალიანისა და თალიშის ნაპირებთან და ერთერთ ამ ნაპირზე რუსული ჯარების გადახმას შეეძლო წაეხალისებინა და ხელიც შეეწყო ხანების აჯანყებისთვის აღა-მაჰმად-ხანის მფლობელობის დასამხობად.

მაგრამ თუკი იგი, შეიგნებდა რა დაღესტანზე მოძრაობის მთელ ვერმომგებიანობას, ისევ განჯისა და საქართველოსკენ შებრუნდებოდა და კავკასიის კორპუსის პირისპირ დადგებოდა, მაშინ უკანასკნელს, დაიკავებდა რა მაგარ და ძნელად მისადგომ ადგილებს, იმ დრომდე უნდა შეეკავებინა მოწინააღმდეგე, სანამ კასპიის კორპუსი ბაქოს დაკავებით, შირვანის ოლქის დაპყრობითა და მდინარეების მტკვრისა და არაქსისკენ სწრაფი მოძრაობით, სპარსელების ზურგში შემოვიდოდა და აიძულებდა მათ სწრაფად უკან დაეხიათ, კავკასიის კორპუსის ჯარების დევნაზე უარი ეთქვათ.

ყველა შემთხვევაში კი, დაიწყებდნენ თუ არა სპარსელები რუსულ ჯარებთან შეჯახების ძიებას, ანდა, არ ექნებოდათ რა დამარცხების განცდის სურვილი, სპარსეთის სიღრმეში უკან დაიხევდნენ, გრაფ ზუბოვს ნაბრძანები ჰქონდა ჯარების ყველა ნაწილი თავისი უფროსობის ქვეშ შეეერთებინა, არაქსამდე მთელი სივრცე სპარსელთაგან გაეწმინდა, აღა-მაჰმად-ხანის მიერ განდევნილი ხანები აღედგინა, საქართველოში სიმშვიდე დაემკვიდრებინა და, განალაგებდა რა ჯარებს ბანაკად არაქსის ნაპირებზე, მოეცადა, სანამ სიცხეები გადაივლიდა და შემოდგომა დადგებოდა, ხელსაყრელი დრო შემდგომი მოქმედებებისთვის.

ამასობაში, სანამ ბანაკად განლაგებული ჯარები დაისვენებდნენ და თავს მოიწესრიგებდნენ, კასპიური ფლოტილიის უფროსს, კონტრ-ადმირალ ფიოდოროვს, გილანში ექსპედიციისა და იქაურ ნაპირებზე ძლიერი დესანტის გადასხმისთვის ყველა აუცილებელი მზადება უნდა მოეხდინა, მურთაზა-ყული-ხანის თავის ღირსებაში აღდგენისთვის ხელშეწყობის მიზნით.

გილანის ნაპირებზე გადასხმის მოწყობა ივარაუდებოდა სწორედ იმ ხანებში, როცა სახმელეთო ჯარები, შემოდგომის დადგომისთანავე, გადავიდოდნენ რა მდინარე არაქსზე, უფრო შორსაც დაიძვრებოდნენ “აღა-მაჰმად-ხანის ძალებისა და ძალაუფლების გასანადგურებლად”.

წარმატება ამ შემთხვევაში რამდენადაც მოქმედებათა სისწრაფეზე და ჯარების სიმამაცეზე იყო დამოკიდებული, იმდენადვე, თუ უფრო მეტადაც არა, თავად მთავარსარდლის ქცევაზეც. ამიტომ ჩვენი მთავრობა აუცილებლად მიიჩნევდა გრაფ ზუბოვის ყურადღების ამაზე მიპყრობას, მიუთითა რა მას, რომ ხალხების უკეთესი დარწმუნება იმაში, რომ ჩვენი წარმატებები მის სასიკეთოდ მობრუნდება, არის ჯარების უხინჯო ქცევა, მცხოვრებთა არშევიწროვება, შემწყნარებლობა, მკაცრი სამართლიანობა, მათი თხოვნებისადმი ყურადღება და ქონებისა და საკუთრების უზრუნველყოფა. ზობოვს დაევალა მიეღო მასზე დამოკიდებული ყველა ზომა ტარკის შამხალის, ყარაყაიდაღის უცმის, ყაზიყუმუხის მფლობელისა და ავარიის ხანის რუსეთის ერთგულებაში განმტკიცებისთვის, გამოარჩევდა და დააჯილდოვებდა რა მათ დამსახურების და მიხედვით, საჩუქრებითა და ფულით.

“ჩვენი ჯარების დაღესტანში ყოფნის დროს, წერდა იმპერატრიცა ეკატერინე II, უმტკიცესად ადევნეთ თვალყური, რათა ლეკები და სხვა მტაცებელი მთიელი ხალხები შეკავებულნი იქნენ თავდასხმებისგან, რაშიც ყველაზე უფრო უკეთ მიაღწევთ წარმატებას, თუ შეაკავებთ თქვენს მსუბუქ ჯარებს მათი ყოველგვარი გაბოროტებისგან (отъ всякаго съ ними озлобленiя или совместничества); ვინაიდან როცა ეხები მათ უფლებებსა და საკუთრებას, ადვილად ეძლევათ მათ შურისძიების ხალისი, ხოლო უფრო მეტად კი როცა დაკავებული ხარ ხალხების დამორჩილებით, იარაღით ვერმოთვინიერებულისა და რომლებიც სამყაროს შექმნიდან არავის ძალაუფლებას არ აღიარებდნენ, და არ შეხვალთ რა მათი მთებისა და ხეობების შიგნით, არ გააბოროტოთ ისინი და გააფთრებასა და სასოწარკვეთილებაში არ მოიყვანოთ მათი საცხოვრებლებისა და ქოხების დარბევითა და საქონლის გატაცებით. ავარიის ხანს, ვისი სამფლობელოებიც მთათა ხეობებში ძევს, შეუძლია მათი შეკავება და ამ მიზეზით მისი კეთილგანწყობა და ერთგულება მეტად სასარგებლო შეიძლება იყოს. არ შეხვალთ რა ამ მტაცებელი და მამაცი ხალხების მთებში და არ შეეხებით რა მათ საცხოვრებელსა და საკუთრებას, შეეცადეთ მოახერხოთ მათი სიმშვიდეში შენარჩუნება, მოიძულებთ რა არასაჭირო ძარცვას, რის წინააღმდეგაც უფრო მეტად სასარგებლოა საკუთარი სიფრთხილის გამრავლება და ამით თავხედების დასჯა, ვიდრე რამდენიმე მტაცებლის ძარცვის გამო მთელი ხალხისთვის სამაგიეროს გადახდა და საკუთარი თავის წინააღმდეგ მთელი ხალხის შურისძიების აღგზნება და ხეობებში ძნელი ლაშქრობებით ხალხის ამაოდ დაკარგვა, დროის ხარჯვა და უსარგებლო გამარჯვებების მოპოვება და ამის გამო გაბოროტების გამრავლებით საკუთარ თავზე არა მტაცებლური თარეშების დატეხვა, არამედ საცხოვრებელ- და საკუთრებაწართმეულთა ერთობლივი და ძლიერი თავდასხმებისა, რომლებიც საერთო სასოწარკვეთილებითა და შურისმაძიებლობით იქნებიან გაერთიენებულნი.

დაიცავთ რა ასეთივე წესებს ჩვენი იმ ჯარების საქციელშიც, რომლებიც საქართველოში შევიდნენ და მათ ლაშქრობებში განჯისკენ და უფრო შორსაც, კავკასიის კორპუსის დახმარებისთვის, ხოლო უფრო მეტად კი იმისთვის, რათა საკუთარ ხელში გყავდეთ საქართველოს მეფის, მისი ცოლისა და შვილების და ამ ხალხის უკეთეს ადამიანთა ერთგულებისთვის მძევლები, საჭირო იქნება ჩვენს ჯარებს შემოუერთოთ თუნდაც ათასი რჩეული ქართველი და მათთან ერთად დედოფლის ის ვაჟიშვილები, რომლებთანაც იგი ყველაზე უფრო მეტადაა დაკავშირებული. ხოლო რათა უფრო მეტად გულდაჯერებულნი ვიყოთ (მეფის) უფროს ვაჟიშვილშიც, გიორგი ბატონიშვილში, საქართველოს სამეფოს მემკვიდრეში, ჯარებში უნდა აიყვანოთ მისი ძე, დავით ბატონიშვილი, რომელსაც გასულ წელს ჩვენი არმიის პოლკოვნიკობა ეწყალობა, და სხვებიც, რომლებიც უფრო მეტად დააკავშირებდნენ რა თავიანთ ნათესავებს ჩვენს სარგებელთან, მოახერხებდნენ სასურველი ერთსულოვნების დამკვიდრებას მათში ჩვენდამი ერთგულებასა და ჩვენს მომხრეობაში”.

სომეხი მელიქებისა და მათი ძალაუფლების ქვეშ მყოფი ყარაბაღელი მაცხოვრებლების რუსეთისადმი ერთიან დამოკიდებულებაში ჩაყენებით, სომეხთა პატრიარქის ჩვენს მხარეზე მომხრობით, ჩვენი მომხრე ხანებისა და ამიერკავკასიის მთელი ქრისტიანული მოსახლეობის მფარველობით და ბოლოს საქართველოს სამეფოს განვრცობით მასთან განჯისა და ერევნის სახანოების შემოერთების გზით ჩვენ შეგვეძლო მნიშვნელოვანი გავლენის შეძენა სპარსეთისა და თურქეთის საქმეებზე.

“გულგრილი ვართ რა, წერდა იმპერატრიცა ეკატერინე II გრაფ ზუბოვისადმი თავისი დარიგების ბოლოში, სპარსეთის სამხრეთ და ჩვენი იმპერიისგან მოშორებულ ოლქებში მიმდინარე მოვლენებისადმი, მაინც არ შეგვიძლია არ მივაპყროთ მთელი ჩვენი ყურადღება ჩვენი საზღვრებისა და კასპიის ზღვის ნაპირების დაცვას, ისეთი მდგომარეობით, რომ იქ მბრძანებელთაგან არავინ არ შეიძლებოდეს იყოს რუსეთის იმპერიისთვის საშიში, არამედ, ამის საპირისპიროდ, მშვიდობისმოყვარეობით, ერთგულებითა და გულმოდგინებით სასარგებლო რუსებისთვისაც და სპარსელებისთვისაც.

ჩვენი ჯარების ძლიერი შეტევა და ამით მდინარე არაქსის მარცხენა ნაპირიდან აღა-მაჰმად-ხანის მოცილება, დაღესტნისა და შირვანის ოლქების დაცვა, საქართველოსა და სომხეთის აღდგენა, შუშელი იბრაჰიმ-ხანის განთავისუფლება და აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ დასავლეთში მასთან (იბრაჰიმთან) ადერბაიჯანელი ხანების შეერთება, ენზელისა და ასტრაბადის ყურეებში ჩვენი ჯარების გადასხმა და სახმელეთო ჯარებისგან მათი დახმარება, რაც მისწრაფებული იქნება მურთაზა-ყული-ხანის გაძლიერებისკენ თალიშის ხანის დახმარებით გილანის, მაზანდერანისა და ასტრაბადის ოლქების დასაუფლებლად, და, ბოლოს, თურქმენების დივერსია აღმოსავლეთში – ყველა ეს სხვადასხვა მოძრაობა, მისწრაფებული ერთი და იმავე საგნისკენ, აღა-მაჰმად-ხანის ისედაც უკვე ზედმეტად განვრცობილი ძალაუფლების მოსპობისკენ, ნავარაუდევი მიზნის მიღწევისთვის მოსახერხებელია. ყველაფერი ის, რამაც ამას დახმარება შეუძლია გაუწიოს და ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება დაამკვიდროს, თქვენ, რა თქმა უნდა, მხედველობიდან არ გამოგრჩებათ”.

ასეთი იყო მთავრობის შეხედულებანი და ვარაუდები სპარსეთში ჩვენს მოსალოდნელ მოქმედებებთან მიმართებაში.

ნავარაუდევი მიზნის უკეთესად მიღწევისა და ჩვენს მხარეზე სომხების უსწრაფესად მოზიდვისთვის, გადაწყვეტილ იქნა ამ საქმეში მონაწილეობისთვის სომეხთა მთავარეპისკოპოსის იოსების მოწოდება.

“მის იმპერატორობით უდიდებულესობას, წერდა გრაფი პლატონ ზუბოვი მთავარეპისკოპოსს (Въ отношенiи отъ 19-го февраля 1796 года, № 16. Собранiе актовъ, относящихся къ исторiи армянскаго народа. Москва, изд. 1838 года, т. III, 336), სურს ბრძანოს გაიგზავნოს სპარსეთში ჯარების ძლიერი კორპუსი, ჩემი ძმის გრაფ ვალერიან ალექსანდრეს ძის წინამძღოლობით. ვატყობინებ რა ამის შესახებ თქვენს მაღალყოვლადუწმინდესობას თქვენი საკუთარი ცნობისთვის, უმორჩილესად გთხოვთ გვიჩვენოთ სამსახურისთვის თქვენი გულმოდგინების ახალი ნიშანი, გაემგზავროთ მოზდოკში, ჩემს ძმასთან შესახვედრად, სპარსეთისა და ამ სახელმწიფოს მოსაზღვრე ხალხების საქმეთა თაობაზე ახსნა-განმარტებისთვის, რომელთა შესახებაც თქვენ ამდენად ვრცელი და დაწვრილებითი ცოდნა გაგაჩნიათ”.

იოსებმა მაშინვე ისარგებლა ასეთი მიპატიჟებით და კავკასიის ხაზზე გაემგზავრა. 

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment