Monday, May 19, 2014

აფხაზეთთან და აფხაზებთან დაკავშირებული კიდევ ერთი ქართული სიყალბის გამო

( ანუ – პავლე ინგოროყვას ცნობილ წიგნში გადმოცემული ისტორიული აფხაზეთის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის შესახებ)

ამ რამდენიმე თვის წინ ერთმა ჩემმა ფეისბუქელმა მეგობარმა სოციალურ ქსელში გააზიარა ვრცელი ნაწილი პავლე ინგოროყვას წიგნიდან, სადაც იგი აფხაზეთის საკითხებს ეხება. ქვემოით მოყვანილი წერილიც ამ ამბის გამოძახილია.

პავლე ინგოროყვა თავისი წიგნის 129-ე გვერდზე იწყებს მსჯელობას ისტორიული აფხაზეთის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის შესახებ. 132-ე გვერდის ბოლოში, სახელდობრ, იგი წერს:

„ქართველი ისტორიკოსისა და გეოგრაფოსის ვახუშტი ბატონიშვილის ცნობებიდან ირკვევა, რომ მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში ქართული მოსახლეობა იყო არა მხოლოდ „შუა სოფლის“ მხარეში (ე. ი. მოქვისა და დრანდის თემებში), არამედ ქართველებით დასახლებული იყო ასევე ცხუმის (სოხუმის) რაიონი, რომელიც ამ ხანაში ოდიშთან არის დაკავშირებული. ოდიშის ფარგლებში შემავალი ქართული პროვინციის ცხუმის (სუხუმის) რაიონის საზღვარი ამ დროს აღწევდა ვიდრე ანაკოფიის ზონამდე (თანამედროვე ახალი ათონი) (იხ. ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, 1941 წ., გვ. 169).

უაღრესად საყურადღებოა აგრეთვე ცნობები, რომლებიც დაცულია უცხოურ წყაროებში ამ მხარის მოსახლეობის შესახებ მე-15 – 17 საუკუნეებში.

იტალიურ რუკებზე მე-15 საუკუნისა (რუკა ბენინკაზისა – 1480 წლისა და კ. ფერდუჩისა – 1497 წლისა) ნავთსადგური მდინარე კელასურის შესართავთან მოიხსენება სახელწოდებით Porto Mengrelo (იხ. ფ. ბრუნი, Восточный берег Чёрного моря по древним периплам и компасовым картам /Черноморье, II, 1880 წ./, გვ. 247 და ტოპოგრაფიული ტაბულა). მე-15 საუკუნისათვის (ისევე როგორც ამის წინა პერიოდებში საშუალო საუკუნეთა მანძილზე) ეს მხარე „შუა სოფელი“ ეგრისის ნაწილს წარმოადგენდა და დასახლებული იყო მეგრელებით, რის გამო კელასურის ნავთსადგურსაც ეგრისის ანუ მეგრელთ ნავთსადგური ეწოდებოდა.

მე-17 საუკუნის უცხოელი ავტორებიდან ცნობები „შუა სოფლის“ მხარის მოსახლეობის შესახებ დაცული აქვთ თურქ მოგზაურს ევლია ჩელების, ევროპელ ავტორებს ლუი გრანჟიეს, პატრ იოანეს, არქანჯელო ლამბერტის, დოსითეოს პატრიარქს, შარდენს, რუს ელჩებს ფედოტ ელჩინსა და პავლე ზახარიევს.

უაღრესად საყურადღებოა ცნობები თურქი მოგზაურის ევლია ჩელებისა, რომელმაც 1641 წელს მოვლო შავი ზღვის სანაპირო. ევლია ჩელების ცნობებიდან ირკვევა, რომ ქართული ენა (მისი მეგრული დიალექტი) მოსახლეობის დედა-ენას შეადგენდა არა მხოლოდ „შუა სოფლის“ მხარეში (მოქვისა და დრანდის რაიონებში) და ცხუმის (სუხუმის) რაიონში, არამედ ქართული იყო მოსახლეობის დედა-ენა აფხაზეთის სამთავროს ძირითად ნაწილში, ჩაჩის (საშერვაშიძეოს) რაიონში. ევლია ჩელები წერს: „მთავარი ტომი აფხაზეთში არის ჩ ა ჩ, რომელიც ლაპარაკობს იმავე მეგრულით, რომელიც ხმარებაშია ფაშის იმიერ მხარეს“ (იხ. ევლია ჩელების ტექსტი, ინგლისური თარგმანი ჰამერისა Narrative of travels in Europe, Asia and Afrika … by Ewliya Efendi, ლონდონი, 1850, II, გვ. 53; რუსული თარგმანი ფ. ბრუნისა, Записки Одесского общества Истории и Древностей IX, 1875 წ., გვ. 173). ეს ძირითადი მხარე აფხაზეთის სამთავროსი – ჩ ა ჩ ი ს თემი – არის ს ა შ ე რ ვ ა შ ი ძ ე ო, სახელდობრ მხარე, რომლის ცენტრი იყო დაბა ლიხნი, და რომელიც მოიცავდა თანამედროვე გუდაუთის რაიონის ტერიტორიას, ანაკოფიის (ახალი ათონის) სექტორიდან მოკიდებული ვიდრე ბზის ნავთსადგურამდე (მდინარე მიჭიშის ხეობამდე)“.

კეთილი და პატიოსანი. მაგრამ პავლე ინგოროყვას მიერ ქართველი მკითხველისთვის მიწოდებული ევლია ჩელების ეს ნათქვამი სერიოზულ წინააღმდეგობაში მოდის კათოლიკი მისიონერის არქანჯელო ლამბერტის ცნობასთან აფხაზების სამეტყველო ენის შესახებ. ჩვენ 2010 წლის ნოემბრის თვეში ბლოგზე გამოვაქვეყნეთ წერილი „არქანჯელო ლამბერტი აფხაზების შესახებ“ (მანამდე ეს ჟურნალ „ქვაკუთხედში“ გვქონდა გამოქვეყნებული), სადაც შევეცადეთ იტალიელი მისიონერის წიგნიდან ამოგვეღო და მკითხველისთვის მიგვეწოდებინა ყველა ცნობა და ინფორმაცია, რაც იქ XVII საუკუნის პირველი ნახევრის აფხაზეთისა და აფხაზების შესახებ მოიპოვებოდა. არქანჯელო ლამბერტი, როგორც ცნობილია, 1631 წელს ჩამოვიდა საქართველოში, ხოლო 1633-1649 წლებში კი იგი სამეგრელოში ცხოვრობდა და საქმიანობდა; 1654 წელს მან ნეაპოლში გამოსცა თავისი წიგნი „სამეგრელოს აღწერა“, საიდანაც ქვემოთ მოვიტანთ შესაბამის ამონარიდებს: წიგნის 1-ლ თავში „კოლხიდის მდებარეობა და საზღვრები“ ლამბერტი წერს:

„ძველი პოეტებისგან ფრიად სახელგნთქმული კოლხიდა არის აზიის ის ნაწილი, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის უკიდურეს ნაპირზე და რომელსაც მკვიდრნი უწოდებენ ოდიშს და სხვები კი სამეგრელოს (Mengrelia).

კოლხიდა მდებარეობს იმერეთსა (აგრეთვე ბაში-აჩუქად წოდებულსა) და აფხაზეთს შუა. იმერეთი აღმოსავლეთით აქვს და აფხაზეთი – ჩრდილოეთით. იმერეთისგან მას ჰყოფს სახელგანთქმული მდ. ფაზისი, რომელიც მკვიდრთაგან იწოდება რიონად. ეს მდინარე გამოდის კავკასიის მთებიდან. მას შეერთვის მეორე მდინარე, სახელად ცხენის-წყალი, რომელსაც ძველი ბერძნები ჰიპოსად (ცხენი) უწოდებდნენ....

რიონი ჰყოფს აგრეთვე სამეგრელოსა და გურიას და ბოლოს წყნარად შეერთვის ზღვას სებასტოპოლის მახლობლად, რომელიც ძველად წარჩინებულ ქალაქს წარმოადგენდა და დღეს კი წყალში ჩანთქმულია. კოლხიდის საზღვარია აფხაზების ანუ აბაშების მხრით მდინარე, რომელიც მკვიდრთაგან იწოდება კოდორად და ჩემის აზრით ის ძველთა კორაქსია (ხაზგასმა აქ და ქვემოთაც ჩვენია – ი. ხ.). დასავლეთის მხრით კოლხიდის საზღვარია შავი ზღვა ანუ პონტუს ევქსინუსი, რომლის უკიდურესი ნაპირი, სტრაბონის სიტყვით, სწორედ აქ არის. ჩრდილო-დასავლეთით იწყება კავკასიის მთების ზურგი.

ამ მთების ზურგზე სახლობენ ველური და ბარბაროსი ხალხები, რომელთა აღწერა და ჩვეულებათა ჩამოთვლა მოითხოვდა ძლიერ გრძელ მოთხრობას და მთელი წიგნების დაწერას, უმახლობელესნი არიან აფხაზები, ალანები, სვანები, ყარაჩაელები (caraccioli), ჯიქები და ჩერქეზები. ესენი ყველანი ქრისტიანებად იწოდებიან, მაგრამ კანონები კი არა აქვთ, ეტანებიან ნადირობას და მტაცებლობას. მათის ენებისა და კილო-კავების სხვადასხვაობა გასაკვირველია. თვითოეული ამ ხალხთაგანი ხმარობს საკუთარ ენას, რომელიც განირჩევა მეორე ხალხის ენისგან იმდენად, რომ არავითარი მსგავსება ბგერისა მათ შორის არ არის“.

28-ე თავში, რომელსაც ეწოდება „მთები“ იტალიელი მისიონერი წერს: „ბუნებას ისე მშვენიერად მოუწყვია კოლხიდა, მთებიც და ვაკეც ისეა აქ შეზავებული, რომ ნაირ-ნაირი მდებარეობით იგი შესანიშნავია. წინ, ზღვის პირად, სულ ვაკეა. ამ ვაკეზე მრავალი ტყე და ჭაობია, რომელიც ბუნებას თითქოს განგებ გუჩენიაო, რათა მტერი არ შემოუშვას ზღვითო. უკან კი არტყია უმაღლესი კავკასიის მთები, რომლებიც მაგარ კედლად უდგას და იცავს კოლხიდას იმ ბარბაროსებისაგან, რომლებიც მთების იქით ცხოვრობენ. ამ რიგად კოლხიდა ბუნებით დაცულია მტრებისაგან, როგორც ზღვით, ისე მთებით.

ამ მაღალ მთებში ცხოვრობენ სხვადასხვა ველური ხალხები, რომელთაც ერთი მეორისაგან ისეთი განსხვავებული ენა აქვთ, რომ ერთმანეთისა არა ესმით რა. სტრაბონი და სხვა მწერლები მრავალს სხვადასხვა ხალხს ასახელებენ აქ. ხოლო კოლხიდელებთან უფრო ახლო ცხოვრობენ: სვანები, აფხაზები, ალანები, ჩერქეზები, ჯიქები, ყარაჩაელები (Caraccioli). 

ყველანი ესენი მხოლოდ სახელით არიან ქრისტიანები, თორემ არც სარწმუნოებით და არც მოქმედებით ქრისტიანობა მათ სრულებით არ ეტყობოდათ. მათ შორის ყველაზე უფრო მშვიდობიანი არიან სვანები... (ისინი) ცხოვრობენ იმ მთებზე, რომელიც არის ოდიშის პირდაპირ, და აგრეთვე იმ მთებზე, რომელნიც იმერეთს დაჰყურებენ........

სამეგრელოს ჩრდილოეთით ცხოვრობენ აფხაზები ანუ აბაშები, რომელთაც თურქები უწოდებენ აბასად (Abbassa). ამათი მშვენიერი და საუცხოო ქვეყანა სულ დაყოფილია ნოყიერი გორაკებით. რადგან ჰაერი მრთელი და მშრალია, ხალხიც არის მშვენიერი სისხლისა, ლამაზი სახისა და თეთრი ხორცისა, კარგად მოყვანილი, ღონიერი, მკვირცხლი და მარდი, ჯაფის ამტანი და მოხერხებული. ახალგაზრდობა არასოდეს უსაქმოდ არა ზის, არამედ ვარჯიშობაში ატარებს დროს: ხან შუბის ხმარებაში ვარჯიშობს, ხან მძიმე რამეებს ჰაერში ისვრის და ხან თხრილებზე ხტება, რათა შეიძინოს ძალა და გაიწვრთნას სიმარდეში. აფხაზებს ბევრი ჯოგი ჰყავთ. მათი ყოველდღიური საჭმელია: ყველი, რძე და გარეული ნადირი. თევზს არა სჭამენ, თუმცა შეეძლოთ ბევრი დაეჭირათ მდინარეებშიც და ზღვაშიც. კიბო საშინლად ეზიზღებათ, როგორც გველი, და დასცინიან მეგრელებს, რომელთაც ძალიან უყვართ კიბო.

აფხაზები ქალაქებში და ციხეებში როდი ცხოვრობენ, არამედ შეიყრება ერთი გვარის ათი თუ ოცი ოჯახი, ამოირჩევენ რომელსამე მაღლობ ადგილს, გააშენებენ იქ კარგ ისლით დახურულ ფაცხებს, შემოავლებენ ამორჩეულ ადგილს მაგარ ღობეს და ღრმა თხრილს. ღობეს და თხრილს იმიტომ აკეთებენ, რომ ეშინიათ თავდასხმისა, გარეშე ხალხის კი არა, თვით აფხაზები თავს ესხმიან და სძარცვავენ ერთმანეთს, ხოლო ართმევენ ერთმანეთს, სახლის ავეჯს კი არა, რადგან აფხაზს ასეთი ავეჯი არც კი გააჩნია, არამედ კაცებს, ქალებს და ბიჭებს. ამისათვის ჩვეულებრივ ღამე დაეცემიან ერთმანეთს და ვისაც მოახელთებენ, დაიჭერენ და წაიყვანენ. გაუფრთხილებლობით რომ ეს არ დაემართოთ, აფხაზები საშიშ დროს ჯავშანს ჩაიცვამენ, ხელში შუბს დაიჭერენ, ფარს სასთუმალს ქვეშ დაიდებენ, შეკაზმულ ცხენს ლოგინთან დააბამენ და ისე დაიძინებენ. აფხაზის ტყვეს მეტად აფასებენ თურქები: ქალებს სიმშვენიერისათვის და ბიჭებს იმიტომ, რომ რაკი თავის რჯულზე მოაქცევენ და სამხედრო ხელოვნებაში გაავარჯიშებენ, უფრო ხშირად ისეთი კაცები დგებიან, რომ სახელმწიფო საქმეებსაც და სამხედრო თანამდებობასაც მეტად კარგად ასრულებენ“.......

თავისი წიგნის 29-ე თავში „მდინარეები“ არქანჯელო ლამბერტი ამბობს:

„აზიის ყველა მდინარეებს სათავე აქვთ კავკასიის და ტავრის მთებში, როგორც ერთხმად სწერენ ქვინტო კურციუსი და არრიანე. მათგან ზოგი შეერთვის კასპიის ზღვას, ზოგი – შავ ზღვას და ზოგიც – აზოვის ზღვას (Meotide Palude). ჩვენის საგნის მიხედვით, ჩვენ ჩამოვთვლით აქ მხოლოდ იმ მდინარეებს, რომლებიც გამოდიან კავკასიის მთებიდან, გაივლიან კოლხიდას და შეერთვიან შავ ზღვას. უმთავრესი და უფრო ცნობილი არიან: ფაზისი, ცხენის-წყალი (Hippo), აბაშა, ტეხური, ხოფი, ჭანის-წყალი (Ciani), ენგური, ხეთი (Heti), ოქუმი, ეგრისი (Echaris), მოქვი და კოდორი. სწორედ ამ რიგზედ არიან დაწყობილი დღეს კოლხიდის მდინარეები, როგორც დავასახელეთ.........

ყველაზე უკანასკნელი მდინარე (მაშინდელ ოდიშის სამთავროში – ი. ხ.) არის კოდორი, რომელიც უნდა იყოს (ძველთა) კორაქსი, რადგან კოლხიდის საზღვრებია (ძველთა სიტყვით) ერთის მხრით ფაზისი და მეორეს მხრით – კორაქსი; როგორც ფაზისი ჰყოფს სამეგრელოს გურიისაგან, ისე კორაქსი ჰყოფს მას აფხაზეთისაგან, და როგორც ფაზისის გაღმა მეგრული იცვლება ქართულად, ისე კორაქსის გაღმა – იცვლება აფხაზურად. აქედან ცხადია, რომ მეგრელების კოდორი ძველებური კორაქსია, რადგან კოდორს გადაღმავე ცხოვრობენ აფხაზები თავისის განსაკუთრებულის ენით“. 

მკითხველი დაგვეთანხმება, რომ აქ მკაფიოდ არის ნათქვამი 1630-40-იან წლებში აფხაზური ენის მეგრულისგან სერიოზული განსხვავების შესახებ. თან პავლე ინგოროყვა სხვა შემთხვევაში არქანჯელო ლამბერტის გამონათქვამებსაც იმოწმებს, ანუ კარგად იცნობს მის წიგნს, თუმცა კი აფხაზების სამეტყველო ენის საკითხში აშკარად მისი მსჯელობის მიჩუმათებას ახდენს. ამიტომ სავსებით ბუნებრივი იყო, რომ დავინტერესდით ევლია ჩელების ნაშრომით, მით უმეტეს, რომ საქართველოს შესახებ მისი მონათხრობის თარგმანი, სათანადო გამოკვლევითა და კომენტარებით, 1971 და 1973 წლებში ორ ტომად გამოაქვეყნა პროფესორმა გიორგი ფუთურიძემ და გვქონდა შესაძლებლობა მას უფრო ახლოს გავცნობოდით.

ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნის“ ქართული თარგმანის 1-ლ ტომში (ნაკვეთურში) XXXII თავს ეწოდება „თვალწარმტაცი ქვეყნის, ე. ი. აბაზას ქვეყნის აღწერა“, რომლის დასაწყისშიც ვკითხულობთ: „მთლიანად შავი ზღვის ჩრდილო სანაპიროზე მდებარე აბაზას ქვეყნის დასაწყისია მდინარე ფაშა და საზღვრის დასასრულია დასავლეთით ორმოცდაორი დღის სავალზე კაფას ვილაიეთის მფლობელობაში მყოფი ტამანის ნახევარკუნძულის ახლოს მდებარე ანაპის ციხის ნავსადგური“.

უნდა ითქვას, რომ „აბაზას ქვეყნის“ ანუ აფხაზეთის აღმოსავლეთ საზღვრის მითითებაში ევლია ჩელები სერიოზულ შეცდომას უშვებს, ვინაიდან ასეთად ასახელებს მდინარე ფაშას ანუ, გ, ფუთურუძის კომენტარის მიხედვით, ფაზისს – რიონს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. არქანჯელო ლამბერტის მიხედვით, მაშინ საზღვარი ოდიშისა და აფხაზეთის სამთავროებს შორის გაცილებით უფრო ჩრდილოეთით, მდინარე კოდორზე გადიოდა.

ცოტათი უფრო ადრე მდინარე „ფაშაზე“ ევლია ჩელები წერდა: „მდინარე ფაშა: დუნაისავით ფართე მდინარეა. ზოგ ადგილას ერთი მილის სიფართეა. ყველაზე უფრო ვიწრო ადგილი ნახევარი მილია. სიღრმე რვა-ათი კულაჯი აქვს. შიგ სამეგრელოსა და აბაზას ქვეყანაში მიმავალი ხომალდები შედიან. ასი მილის მანძილზე ადიან აღმა. შავი ზღვის ჩრდილო ქარის (sic) დასასრულს, ერთი უბის კუთხეში მდებარეობს. სტამბოლიდან აქამდე ათას სამასი მილია (1 მილი დაახლოებით 750 მ – გ. ფ.). შავი ზღვის ერთ-ერთ სანაპიროს ეს მდინარე ერთვის. იგი იკრიბება სამეგრელოს, გურჯისტანის, დაღისტნის ყაბარდოს, ჩერქეზეთის შორის მდებარე იალბუზის მთის, ობურის მთის, სოჭას მთების ხევის წყლებისაგან. შემდეგ პირდაპირ სამხრეთისაკენ მიედინება და სამეგრელოსა და აბაზას ქვეყნის შუა ზღვას ერთვის. აღმოსავლეთ ნაპირზე მთლიანად ურჩი სამეგრელოს სოფლებია. დასავლეთ ნაპირი აბაზას ჩაჩების ტომის ქვეყანაა. რადგანაც [მდინარის] ორივე მხარე ბუჩქნარიანი და ტყიანია, აბაზები მეგრელებს იტაცებენ, მეგრელები – აბაზებს და ვაჭრებს მიჰყიდიან ხოლმე“....

ამრიგად, ამ მსჯელობის მიხედვით, ავტორი უნდა ლაპარაკობდეს მდინარე კოდორზე, თუმცა კი ასახელებს მდინარე ფაშას, რომელიც ჟღერადობით უფრო უახლოვდება ფაზისს ანუ რიონს, თანაც მისი შედარება მდ. დუნაისთან და 1 მილამდე მისი სიგანისა და 100 მილამდე სანაოსნო სიგრძის დასახელება ალბათ სულაც ვერ გვაფიქრებინებს მდინარე კოდორზე, არამედ უფრო ფაზისზე – რიონზე. მაგრამ ეს უკანასკნელი ზღვაში შესართავიდან ჩრდილოეთისკენ სულაც არ მიედინება, არამედ აღმოსავლეთით, და მხოლოდ ქუთაისთან უხვევს თანდათანობით ჩრდილოეთისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ევლია ჩელებიმ შავი ზღვის გაყოლებაზე ტრაპიზონიდან აზოვის ზღვისკენ იმოგზაურა და თავად გაიარა ეს ადგილები, მის თხრობაში მაინც გვხვდება ასეთი შეცდომები და უზუსტობანი, რაც ნაკლებადაა არქანჯელო ლამბერტისთან, რომელიც სამეგრელოში 16 წელიწადს ცხოვრობდა და საქმიანობდა.

ახლა ისევ XVII საუკუნის 30-40-იან წლებში აფხაზების სამეტყველო ენის საკითხს დავუბრუნდეთ. ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნის“ ქართული თარგმანის პირველი ტომის XXXIII თავში (გვ. 100-106) ვკითხულობთ:

ჩაჩების ტომი (გ. ფუთურიძის კომენტარი: ჩაჩების ტომი – უნდა ვიგულისხმოთ, რომ ტომობრივი ერთეული კი არ არის, არამედ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც ჩაჩბა /თავადი შერვაშიძე/ ედგა სათავეში. ზუსტად ასევე იყო მანამდე ლაზებთან მიმართებაშიც: იქ ჩღეთა ლაზებად ევლია ჩელების მოხსენიებული უნდა ჰყოლოდა ან ჩხეტიას საგვარეულოს ლაზი მოსახლეობა, ან კიდევ იმ ფეოდალის გვარის მიხედვით, ვის ქვეშევრდომებზედაც იყო საუბარი; ასევე ჩიჩუა ლაზების შემთხვევაშიც): ერთმანეთში მეგრულადაც ლაპარაკობენ, რადგანაც მდინარე ფაშას გაღმა მხარე მთლიანად სამეგრელოა (პავლე ინგოროყვას კი უწერია: „მთავარი ტომი აფხაზეთში არის ჩ ა ჩ, რომელიც ლაპარაკობს იმავე მეგრულით, რომელიც ხმარებაშია ფაშის იმიერ მხარეს“ – ი. ხ.). ბეგთა შვილები ჰყავთ. ათიათასამდე ძლიერი ჯარი ჰყავთ. ყველა ერთი სარწმუნოებისა არ არის. მძარცველი და მამაცი ტომია. კაკალი, თხილი და გარგარი ბევრი აქვთ. მათი იარაღი, არაბთა მსგავსად, მშვილდ-ისარი და შუბია. თუმცა ცხენოსანი ცოტაა, ქვეითნი მშვენიერი ჭაბუკები არიან. მათი ნავსადგური დასავლეთით ორი კონაკის (ორი დღის სავალის – გ. ფ.) მანძილზეა, რომელსაც ლაკბას უწოდებენ (შეიძლება გვარი „ლაკობა“ იყოს – გ. ფ.). ტრაპიზონიდან სამასი მილით დაშორებული დიდი ნავსადგურია. გემებს ზამთრობით არ შეუძლიათ აქ გაჩერება, რადგანაც სამხრეთისა და აღმოსავლეთის ქარები სასტიკად ქრიან. აქედან დასავლეთისაკენ ზღვის ნაპირის გაყოლებით რომ წავიდეს კაცი, არლანთა ტომის მიწაზე სოფელ ხაფადში მოხვდება.

არლანის ტომი: ათი ათასამდე ვაჟკაცი ჰყავთ. ნაყოფიერი და მოსავლიანი მიწები აქვთ და სამართლიანი ბეგები ჰყავთ. მათ ნავსადგურს ეწოდება ლაჩიღა (ლიძაა /?/ – გ. ფ.), რომელიც მთავარი ნავსადგურია. აქაც ერთი ღამე გავათიეთ სტუმრად. მშვენიერი ნავსადგურია. ზამთარ-ზაფხულ გემები მიდი-მოდის. აქედან კვლავ დასავლეთისაკენ ორი კონაკი გავიარეთ და ჩანდების ტომს მივაღწიეთ.

ჩანდების ტომი (ჩანდები – ცანბა. საინტერესოა ევლია ჩელების აზრი, რომ ნამდვილი აფხაზები ესენი არიან – გ. ფ.): მამაცი ტომია, თხუთმეტიათასამდე კაცი. წმინდა აბაზები ესენი არიან. ბეგები ჰყავთ. ამათ უწოდებენ მთის ჩანდებს. მათ ნავსადგურს ეწოდება კაკრ (გაგრა – გ. ფ.). მთაზე ზღვისაკენ მიქცეულ მხარეს ბაღ-ვენახიანი სოფელია, სახელად ხოფა. აქედანაც დასავლეთისაკენ ზღის პირზე სამი სადგური გავიარეთ და დიდ ჩანდათა ტომის საზღვრებში მივედით.

დიდი ჩანდების ტომი: ოცდახუთამდე სოფელია. თხუთმეტათასიანი ჯარი და გარდა ამისა ბეგები ჰყავთ. მათ ნავსადგურს ჩანდა ეწოდება. გემები ვერ გაიზამთრებენ. ამ ტომის მთების იქითა მხარე მამშუხ ჩერქეზთა ქვეყანაა. ამ ჩანდების მხარედან ისევ დასავლეთისაკენ ზღვის პირას გავიარეთ ერთი სადგური და გეჩიების ტომს მივაღწიეთ.

გეჩიების ტომი: სამოთხის ბაღის მსგავსი უხვმოსავლიანი ქვეყანაა, რომელიც სამოცდაათი სოფლისაგან შედგება. ორი ათასი მეთოფე და ერთიც ბეგი ჰყავთ. აქაური წყლები უკვდავების წყალივით საამო და გემრიელია. ლიფოდ (ბზიფი /?/ – გ. ფ.) წოდებული ერთი დიდი მდინარეა, რომელშიც ხომალდები შედიან. ეს მდინარე იალბუზის მთიდან მოდის და ამ ადგილას შავ ზღვას ერთვის. ისეთი მდინარეა, რომ ივლისშიც არ შეიძლება გადასვლა. ზამთრის დღეებში გემები ჩერდებიან; მყუდრო და საიმედო ადგილია. გეჩიების ტომიდან ამ ადგილამდე, ზემოხსენებული მდინარის ორივე ნაპირი ნაირ-ნაირ გარეულ ხილს იძლევა; მშვენიერი ხეებით არის შემკული. გეჩიების ტომის ორათასიანი ჯარიდან უმრავლესობა ცხენოსანია. დიდი ტომია. ძალზე შეძლებული ქურდები არიან. ამ ტომის სოფელ ჰავკაში ერთი ზფრჰად წოდებული აბაზას სახლში მივედით სტუმრად. მე და ჩემ თანამგზავრებს ათი ცხვარი დაგვიკლა და წვეულება გაგვიმართა. ჩვენ აქ გეახელით სიზბაქი, ხორცის შეჭამანდი და ღომი. აქედან დასავლეთისაკენ განვაგრძეთ გზა ორი კონაკი გავიარეთ და ართის ტომთან მივედით.

ართის ტომი: გეჩიების ტომზე მეტია, მაგრამ მათსავით მამაცი და გაბედულები არ არიან – უმეტესობა ვაჭრებია. კვერნაზე ნადირობენ. ძალზე ბევრი ღორი ჰყავთ. [ისლამის] სარწმუნოება რა არის, ყურანი რა არის, არ იციან; ადამიანს ერიდებიან და არ ეკარებიან (სიტყვა „ადამიანში“ მუსლიმს გულისხმობს – გ. ფ.). სიმართლის მთქმელი ხალხია. ოცდაათათასამდე ადამიანია. ამათაც ერთი ბეგი ჰყავდათ, რომელიც ორმოც-ორმოცდაათ თავით ფეხებამდე შეიარაღებულ აბაზა აზნაურთან* ერთად მოვიდა. ოცი ცხვარი და სამი ირემი მოიტანა, „კეთილი იყოს თქვენი მობრძანებაო“, გვითხრა და მოწიწებით მოგვეპყრო. მათი ბეგი გრელთმიანი იყო. მხრებზე ნაბადი ესხა. ხელში მშვილდ-ისარი ეპყრა და წელზე ხმალი ერტყა. კარგი ვაჟკაცი იყო. მხლებლები ყველა კულულებიანი, მზის სადარი ლამაზი ყმაწვილები იყვნენ. მათ ნავსადგურს არაკლარს უწოდებენ. იქაც ერთი ღამე გავათიეთ. ხომალდები ზამთარში ვერ ჩერდებიან, რადგანაც ღია ნავსადგურია. ერთ ნავსადგურსაც ლივში ეწოდება. ხომალდები აქაც ვერ ჩერდებიან ზამთარში. მხოლოდ ზაფხულში შეიძლება ექვსი თვის განმავლობაში დადგომა. მაგრამ სავაჭრო ნავსადგურია. მის ჩრდილოეთით დიდ მთებში საძის ქვეყანაა. (*აქ გ. ფუთურიძეს გაკეთებული აქვს კომენტარი: აბაზა აზნაური – მთელი თხზულების მანძილზე ტერმინი აზნაური სამჯერ აქვს ნახმარი – აქ, LXXX თავში, რომელსაც ეწოდება – „ერევნიდან კვლავ არზრუმში გამგზავრება“. /ყარსის მიწაზე მდებარე სოფელ ბეგუმის შესახებ საუბრისას ამბობს: „სამასკომლიანი სოფელია. მისი მცხოვრებლები არიან სომხები და ქართველი აზნაურები“, იხ. „მოგზაურობის წიგნი“, ნაკვ. I, თარგმანი, გვ. 314/ და LXXXI თავში /„სამეგრელოსა და გურჯისტანის აზნაურები იმ ნათელ დღეს სანგრებში შევიდნენ“, გვ. 324/. ყველგან ქართული ფეოდალური სინამდვილე ჩანს.)

საძის ქვეყანა: სეიდი აჰმედ-ფაშას ქვეყანაა („სეიდი აჰმედ-ფაშას ქვეყანაა“ ე. ი. ამ ქვეყანაშია დაბადებული ფაშა. სეიდი აჰმედ-ფაშა იყო თორთუმის სანჯაყის ბეგი და ევლია ჩელების კარგი ნაცნობი. ევლიას ნაამბობი აქვს სეიდის თავგადასავალი. იგი საძი აბაზას ტომიდან მოუტაცნიათ და შავი ზღვის ერთ ნავსადგურში ვაჭრისათვის მიუყიდიათ. ვაჭარმა ეგვიპტეში წაიყვანა და ა. შ. /„მოგზაურობის წიგნი“, ნაკვ. I, გვ. 337-341/). რადგანაც ესენი ჩრდილოეთით მეზობელ ჩერქეზეთის ხალხთან აღებ-მიცემობას ეწევიან, ჩერქეზულად და აბაზურად თავისუფლად შეუძლიათ ლაპარაკი. შვიდი ათასი მამაცი, მაგარი ვაჟკაცია. დავისა და განხეთქილების გამო ჩერქეზები და აბაზები მუდამ ფხიზლად არიან. რადგანაც მათ ართების ტომთან მშვიდობიანი ურთიერთობა აქვთ, ართების ნავსადგურში ტყვეები მოყავთ, მოაქვთ თაფლის სანთელი და ვაჭრობენ. თაკაკუ ჩერქეზებიც მშვიდობით მოდიან და გემებზე ვაჭრობენ. აქედან ისევ დასავლეთისაკენ გავცურეთ, დავათვალიერეთ ხეივნები, ტყეები, ბუჩქნარი და მაღალი მთები, ვნახეთ მრავალი დასახლებული სოფელი და სამი დღის სავალზე კამშის ტომს მივაღწიეთ.

კამშ ტომი (ტამიში /?/ –  გ. ფ.): ათი ათასამდე მამაცი და ვაჟკაცი ხალხია, რომელსაც თავისი ბეგი ჰყავს. მელექ აჰმედ-ფაშას [ამალის წევრი] კამიშ მეჰმედ-აღა ამ ტომისაა. ამათ ართის ტომი რამდენჯერმე დაუმარცხებიათ და მათი ბეგი ტყვედ ჩაუგდიათ. ეს იმიტომ, რომ აბაზები ერთმანეთს ებრძვიან, ბავშვებსა და ქალებს ტაცებენ, ტყვეებს ჰყიდიან და ამით ცხოვრობენ. კაცი, რომელიც ქურდი არ არის, ამ ხალხის თვალში ბედშავი და საწყალია. ამიტომაც ასეთებს არც მეჯლისებში დაუშვებენ და არც ქალიშვილს მისცემენ [ცოლად]. ამ ტომის მთებში ისეთი დიდრონი ტახები იცის, რომ ყოველი მათგანი ვირის ოდენაა. თუმცა ნავსადგური აქვთ, მაინცადამაინც გაცხოველებული საქმიანობა არ არის, რადგანაც მისი მოსახლეობა ძალზე მეამბოხე და ურჩია. ამ ტომის ხალხში სტამბოლიდან და ეგვიპტიდან ჩამოსული თოფხანეს [ხელოსანი] აბაზები არიან. მეჩეთები, ცოლ-შვილისა და სამსახურის პატრონი მუსლმი ბევრია. ჰავა ძალიან კარგია. სოფლებს სამხრეთისაკენ, ე. ი. ზღვისაკენ აქვთ პირი. თუმცა დუქნები და ბაზარი ამათაც არ აქვთ, სავსადგურთან საბაზრო ადგილებია. აქდან ზღვის პირას პირდაპირ დასავლეთისაკენ სამი კონაკი გავიარეთ და სოჩას ტომს მივაღწიეთ.

სოჩას ტომი (სოჭა /?/ – გ. ფ.): ამათაც ერთი ბეგი და ათი ათასამდე სახელოვანი ქვეითი მეომარი ჰყავთ. რადგანაც კლდოვანი და ქვიანი ადგილებია, ცხენოსნები ცოტანი არიან. თუმცა ნავსადგური კი აქვთ, მაგრამ სახელწოდება ჩემთვის უცნობია. აქ ერთი ღამე სოფელ ჰავდაკაში სტუმრად დავრჩით. თურმე იმ ღამეს ქორწილი ჰქონდათ. მოგვიტანეს ასი ხონჩა ცხვრის ხაშლამა, წვნიანი, თაფლის წყალი, ბოზა, ღომი, ხორცის შეჭამანდი და საწებელი. ასობით ყმაწვილი გვემსახურებოდა. დილაადრიან ჩვენმა თანამგზავრმა გონიოს აღამ სახლის უფროსს დოლბანდი რომ აჩუქა, სიხარულით ცას ეწია, რადგანაც ამ მხარეს დახურული ბაზრის, ბაზრის, ფუნდუკის, აბანოს და დუქნის მსგავსი რამ სრულებით არ არის. თითქმის მთის წვერზე გაშენებული ორმოცი-ორმოცდაათკომლიანი სოფლებია. მათ ნავსადგურში წელიწადში ერთხელ ყველა ქვეყნის გემებს მოაქვთ დენთი, ტყვია, თოფი, მშვილდისარი, მასრა, ხმალი, ფარი, შუბი და სხვა საომარი იარაღი, ძველი ფეხსაცმელი, მაუდის პირები, საპერანგე და სასარჩულე ქსოვილი, კერის რკინეულობა, დიდი ქვაბები, ცეცხლზე ქვაბის ჩამოსაკიდი რკინის ჯაჭვები, მარილი, საპონი და სხვა ასეთი საგნები. ამ მეხომალდეებს ნაზ ბიჭებს, ცხიმეულს, თაფლის სანთელს, მუშამბას, კვერნას, თაფლს აძლევენ და სამაგიეროდ ზემოჩამოთვლილ საგნებიდან რაც სჭირდებათ, იღებენ. ამ ქვეყანაში სრულებით არ არის ოქროსა და ვერცხლის ფული. ყიდვა-გაყიდვა გაცვლა-გამოცვლის წესით წარმოებს. ამ სოჭის ტომიდან დასავლეთისაკენ ზღვის პირით ორი კონაკი გავიარეთ და ჯმბას ტომს მივაღწიეთ.

ჯმბას ტომის აღწერა: ერთი ბეგი და ორი ათასი მეომარი ჰყავთ. ამათ ნავსადგურში სამი დღე დავყავით და ყველასთან კარგი ურთიერთობა გვქონდა. მთელი ჩვენი ტანისამოსი, ფარდაგები, ნაბდები და ქეჩები მივეცით და ქალიშვილები და ბიჭები გამოვართვით.

მე მწირმაც ერთი აბაზა ბიჭი ვიყიდე. მეოთხე დღეს ისევ დასავლეთისაკენ გავემართეთ, ორი დღე ვიარეთ და ბუზუდუკის ტომს მივაღწიეთ.

ბუზუდუკის ტომის აღწერა: ამათაც ბეგი და ათი ათასი კაცი ჰყავთ. მათ ნავსადგურში სტამბოლის ათი ხომალდი დაგვხვდა. მრავალ მეგობარს შევხვდით. უსაზღვროდ გავიხარეთ და ვისიამოვნეთ. ჩვენი ბარგიდან ზოგი მძიმე ნივთი მათ ჩავაბარეთ შესანახად; ჩვენა და ჩვენ მსახურ ბიჭებს ტვირთი შეგვიმსუბუქდა. მენგლი გირეჲ-ხანმა (ყირიმის თათართა ხანი /პირველად 1469-1474; მეორედ 1478-1515/ – გ. ფ.) ამ ბუზუდუკის ტომიდან სამი ათასი მეომარი ასტრახანის ლაშქრობაში წაიყვანა და როდესაც ასტრახანი დაიპყრეს, ბუზუდუკის ტომი ჩერქეზთა ქვეყანაში უბურის მთის ძირას დაასახლა. ჩერქეზეთში ახლაც ბუზუდუკის ტომს უწოდებენ. აბაზას ბუზუდუკებსა და ჩერქეზეთის ბუზუდუკებს შუა უბურად წოდებული მაღალი მთა მდებარეობს. სამი კონაკია. ერთმანეთს თავს ესხმიან და ბავშვებს სტაცებენ. აბაზას ბუზუდუკებსაგან ისევ დასავლეთისაკენ ვიარეთ ზღვის პირას, ორი კონაკი გავიარეთ და უსუვიშის ტომს მივაღწიეთ.

უსუვიშის ტომის აღწერა: ზღვის პირას, ციცაბო კლდეზე ერთი ძველი დანგრეული ციხეა. რადგანაც არახელსაყრელი ამინდი იყო, ჩვენ მეთოფე თანამგზავრებთან ერთად ფხიზლად ვიყავით და ერთი ღამე იქ გავატარეთ. მათი ბეგი ჩვენთან მოვიდა. ხუთი ცხვარი მოიყვანა და გაგვიმასპინძლდა.

ეს ტომი ხის მშვილდებს აკეთებს და გუნდის ხისაგან – ისრებს. თოფს ყველა ხმარობს. სამი ათასი კაცია. მათი ნავსადგური სიმაგრე უსუვიშია. დიდი მთები აქვთ, რომლებშიცაა დათვი, ტახი, მელა, ტურა, სიასამურის მსგავსი კლდის კვერნა, კვერნა, აფთარი, ირემი, გარეული ქათამი.

უცნაური ის არის, რომ ეს აბაზას ტომი ხშირად თავიანთი ბეგის გვამს ზანდუკის მსგავსად [გაკეთებულ] ხეში დებს. ამას დიდი ხის წვერზე ორკაპა ტოტზე მიაჭედებენ, თავთან ნახვრეტს უკეთებენ და ისე ტოვებენ. მათი ცრუ რწმენით, იმ ხვრელიდან სამოთხეს უცქერის თურმე [მიცვალებული]. შემდეგ იმ ნახვრეტში მრავალი ასი ათასი ფუტკარი შედის, აბაზას გვამის იღლიებსა და ლაჯებში თაფლს აკეთებს. [თაფლის ამოღების] დროს ამ ყუთს სახურავს ახდიან, ბეწვიან თაფლს ტიკებში ასხამენ და ჰყიდიან. ხალხი ამბობს – აბაზური თაფლიაო, დაესევიან და იტაცებენ. მისი სისაძაგლე კი არ იციან. აბაზურ თაფლს ძალიან უნდა უფრთხილდეს კაცი. ამ აბაზას ქვეყანაში მრავალი რამ საოცარი და სასწაულებრივია, მაგრამ მათი აღწერა შეუძლებელია. აქაც ბევრი აბაზა ჭაბუკი ვიყიდეთ და დასავლეთისაკენ ორი დღე ვიარეთ. აშღილის ტომს მივაღწიეთ. 

აშღილის ტომის აღწერა: ამათაც ერთი ბეგი და ორი ათასი კაცი ჰყავთ. მაგრამ ქურდი და ღატაკი ტომია. ყველა აბაზას მათი გადაკიდებისა ეშინია, რადგანაც ძალზე მამაცი და გულადი ხალხია. აქაც ერთი გავერანებული ციხეა. ამათ ნავსადგურს აშღა ეწოდება. კაფას, ქერჩისა და ტამანის მრავალი გემი მოდის აქ. ზამთრობით ვერ დგებიან, რადგანაც ღია ადგილია. მთები კი ნაყოფიერია. აქედან ისევ დასავლეთისაკენ ერთი კონაკი გავიარეთ და სოფელ ათმას მივაღწიეთ. 

სოფელ ათმას აღწერა: ეს სოფელი აშღილის [ტომს] ეკუთვნის. მთებში გაშენებული, აყვავებული სოფელია. მათ შორის თოფხანეს აბაზა მუსლმები არიან. აქ ერთი მეჩეთიც ვნახეთ. ჩერქეზთა ქვეყნამდე ერთი კონაკია. ჩერქეზებთან გამუდმებით იბრძვიან. აქედან ორ დღეში სოუკ სუს ტომს მივაღწიეთ.

სოუკ სუს ტომის აღწერა (სოუკსუ – „ცივი წყალი“ – გ. ფ.): ერთი ბეგი და სამი ათასი ვაჟკაცია. ქეჰეილანის ცხენები ჰყავთ (არაბული ცხენის რამდენიმე ჯიში იყო ცნობილი. მათ შორის საუკეთესოდ ითვლებოდა ქეჰეილანის ჯიში. გამოირჩეოდნენ მაღალი ტანითა და მუქი ფერით – გ. ფ.). მათი ნავსადგური ჰარუნაა. საუცხოო ყურეა გემების გასაჩერებლად. სოუკ სუდ წოდებული დიდი მდინარე აქვთ, რომელზეც გადასვლა შეუძლებელია. მდინარე ჩერქეზეთის მთებში იღებს სათავეს და ამ ადგილას შავ ზღვას ერთვის. უკვდავების წყაროს მსგავსი წყალია. სწორედ ამიტომ დაურქმევიათ ამ ტომისათვის სახელი სოუკი, ამ მდინარის ნაპირას რომ სახლობს. მდიდარი და გულუხვი ადამიანები ჰყავთ. აქედან დასავლეთისაკენ ორი კონაკი გავიარეთ და კუთასის ტომს მივაღწიეთ.

კუთასის ტომის აღწერა: ერთი ბეგი ჰყავთ. სულ შვიდი ათასი მეომარია. მათ ნავსადგურს კუთასი ეწოდება. ფიცრით ნაგები, ჭილით დახურული საწყობები აქვს. სოფლები მთებში მდებარეობენ და ნავსადგურს გადმოყურებენ. მათ ნავსადგურში ბევრია კაფას და ტამანის ხომალდები. ამ ტომთან ყირიმის მხრიდან ყოველთვის მოდიან ცხენოსნები და ვაჭრობენ. მშვიდი და მორჩილი ხალხია, რადგანაც მათი ადგილები ძნელად მისასვლელი არ არის. ხორბალიც მოჰყავთ. ამას გარდა, აღწერილ აბაზას ქვეყანაში ღომს თესენ. ერთი ქილა ასი ქილა ღომის მოსავალს იძლევა. ამ ტომს მოწნული, ყავრით დახურული სახლები აქვს. შუაცეცხლი უნთიათ. ათ კომლს ერთ კაბაკს ეტყვიან და მას ოთხ მხარეს ციხის მსგავსად აქვს შემოვლებული ღობე. საქონელი ყველას ჰავს და მათ დღედაღამ ლომივით ძაღლებით ყარაულობენ. ასეთივე მდგომარეობაა აბაზას ყველა ტომისათვის, რადგანაც ყველა სახლი ტყეშია აშენებული. ერთმანეთის ეშინიათ. ამ ტომსა და ჟანას ჩერქეზებს შორის ერთი კონაკია. ამათ ჩერქეზული ენაც იციან. ერთმანეთთან შეთანხმებით ჩერქეზეთში მიაქვთ საქონელი და ჩერქეზებსაც ამათ ნავსადგურში მოაქვთ. 

ამ ადგილას დამთავრდა აბაზას ქვეყანა. ამ ადგილიდან მოყოლებული მდინარე ფაშამდე ყველა ტომი, ვისთანაც ჩვენ მივედით და დავათვალიერეთ, ზღვის პირას სახლობს. ყველა სოფლის სახლს სამხრეთით, შავი ზღვისაკენ აქვს პირი მიქცეული. მდინარე ფაშადან, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, ამ კუთასის ტომამდე აბაზთა ქვეყნის სიგრძე სრული ორმოცი კონაკია, სიგანე – ხუთი კონაკი.

ამ ქვეყნის ორმოცი კონაკის მანძილზე ორმოცი დიდი მდინარე ჩამოდის. ყველა მდინარე ჩერქეზეთსა და აბაზას შორის მდებარე მთებიდან მოედინება და შავ ზღვას ერთვის. ეს არის ერთმანეთზე მიბჯენილი სამოცდაათი მაღალი მთა. ამბობენ, რომ ოთხი ათასი სოფელია, მაგრამ მე ეს არ ვიცი. მათი მთები არ მომივლია. ხარაჯას და სხვა ბაღ-ვენახის მოსავალს, ან აშარის მსგავსს არაფერს იძლევიან. მრავალი ასი ათასი ურჩი და მეამბოხე ხალხია. მათ რომ ქაფირი (ქაფირი – გიაური, ურჯულო, ურწმუნო, სხვა სარწმუნოებისა /მათ შორის ქრისტიანიც/ – გ. ფ.) უწოდონ, კაცს მოკლავენ, მუსლიმი რომ უწოდონ – გაეხარდებათ. ესენი ყურანს არ იცნობენ და არც რაიმე სარწმუნოება აქვთ. ამასთანავე, ქაფირი არ უყვართ და მუსლიმს სულს მისცემენ. ისლამი რომ მიიღონ, ძალზე მორწმუნე და ერთი ღმერთის მიდევარნი იქნებიან. მათი წინაპრები ყურეიშთა აბაზის ტომიდან არიან. ესენი ზღვის სანაპიროზე ნავსადგურების მფლობელი აბაზები არიან“. 

შემდეგ XXXIV თავში (გვ. 106) ევლია ჩელები ლაპარაკობს „მთებში მოსახლე აბაზას ტომებზე“, სადაც ამბობს:

ფუშრხი – მეგრელებთან ახლოა. ბეგი და შვიდი ათასი ურჩი ხალხია.

ახჩფსი – ამათაც ბეგი ჰყავთ. ათიათასიანი ტომია.

ბსლბ – ბეგი ჰყავთ. შვიდი ათას ხუთასი მამაცი მცხოვრებია.

მქლიე – სამი ათასი მამაცი მცხოვრებია და ერთიც ბეგი ჰყავთ.

ვაი ფიღა – ბეგი ჰყავთ, ათასი კაცია. ბაღრს – ბეგი ჰყავთ, სულ რვაასი წევრისაგან შემდგარი სუსტი ტომია. ქურდები არ არიან.

ალაკარიშ – ხუთასი კაცია და ერთი ბეგი ჰყავთ.

ჩმაკურს – ბეგი ჰყავთ, სულ სამი ათასი კაცია.

მაჯარ – ბეგი ჰყავთ. სულ ორი ათასი კაცია, მაგრამ მამაცი ვაჟკაცები არიან.

ჲაიხარშ – ბეგი ჰყავთ. სულ ოთხი ათასი კაცია.

ზემოთ აღწერილ მთაში მოსახლე ათ ურჩ ტომთაგან ვერც ერთი ვერ მოდის აშღილიში მდებარე ნავსადგურის [მფლობელ] აბაზებთან.

მთაში და ზღვისპირზე მცხოვრები აბაზების ოცდახუთი ტომის [აღწერა] აქ დამთავრდა“.

შემდეგ XXXV თავში, რომელსაც ეწოდება „არაჩვეულებრივი და გასაოცარი აბაზას ენა“ (გვ. 106) ევლია ჩელების მოჰყავს აფხაზთა ენის კონკრეტული სიტყვები და მათ თარგმანები. ქვემოთ სქოლიოში კი გიორგი ფუთურიძეს აქვს გაკეთებული შემდეგი განმარტება: „არაბული დამწერლობის თავისებურებათა გამო ევლია ჩელების არ შეეძლო სრულად და ზუსტად გადმოეცა უცხო ენების ბგერები. ზოგ შემთხვევაში იგი სწორად ვერ აღიქვამდა „უცნაურ“ ბგერებს, ზოგიც კორექტურული შეცდომა უნდა იყოს.

აქაც და შემდეგშიც უფრჩხილებოდ მოცემული სიტყვები და მათი გამოთქმები ევლია ჩელებისეულ ჩანაწერსა და მათი თურქული მნიშვნელობის ქართულ თარგმანს შეიცავს, ფრჩხილებში კი მოთავსებულია ჩვენს მიერ კორექტურულ შეცდომად ნავარაუდებელი წინა ასოს გასწორება“. 

შემდეგ მოდის თავად ევლია ჩელების ტექსტი, სადაც მისი თანამედროვე აბაზების (აფხაზური) სიტყვები და გამოთქმებია გადმოცემული: „აკ – 1; ვბა – 2; იხფა – 3; ბშნ/ბ/ა – 4; ხუბა – 5; კ/ф/ბა – 6; ბზ/ჟ/ბა – 7; ‘აბა – 8; ჟბა – 9; ზ/ჟ/უბა – 10; აკ ზ/ჟ/უბა – 11; ვბა ზ/ჟ/უბა – 12;

ვაჲ – „ჲ“-სკენ გადახრით – მოდი; უჩი – წადი; უთუჲ – ესეც „ჲ“-სკენ გადახრით – დაჯექ; უკულ – ადექ; უმჩინ – არ წახვიდე; ად/რ/ფშ – ბიჭი; სჩაბ – წავალ; აბ/ფ/ჯ[ჰ]რ[უ]შ – ქალი; სქჩამ – არ წავალ; უზუმჩოზუი არფშ – რატომ არ მიდიხარ, ბიჭო; სირა იზდრვეჲ – მე ვიცი; ურა ჲუდდ/რ/ვა – შენ რა იცი; უნაჯ კსი – ჩემო სულო და თვალო; სირა იზდრვაჰ – რაც მე ვიცი; სირა სზკთ – მე მყოფნის; არს იზუჰვაზუჲ – ასე რატომ ლაპარაკობ; ვა უბუზუა – ბოდავ; ისჰვაზუჲ – რას ვლაპარაკობ; სირა იშ[ს]რ[ზ]რმ – მე არ ვიცი; ურა ჲუხრ/ვ/უა – შენი ნათქვამი; ურა ჲურ/დ/რუა – შენ იცი; აკა ურა უკაგუბ – მაგრამ შენ გიჟი ხარ; ანჩგი ავ’გი ადლშ – ჩვენი ღვთისა და მის ქმნილებათათვის; აკი სჟ დრმ ანჩრთ/ნ/შ – ღმერთმანი არაფერი ვიცი; უს კვჰ სრსჰბ – ცოდო ვარ, ნუ მაწვალებ; სირა აკრ უსთჰვან – უცნაურ რამეს ვლაარაკობ; ანჩრ/უ/ნშაი/ფ/შ ამლა აფშრაჲ – ღმერთმანი, აბაზავ, მშია; სჩაბ ფსთა ჲუკ/ф/რმ – წავალ, ღომს ვჭამ“.

შემდეგ, XXXVI თავის დასაწყისში ევლია ჩელების მოჰყავს „საძი აბაზას ენის“ ნიმუშები: ვ/ზ/ა – 1; თოკა – 2; შქე – 3; ფლი – 4; აშუ – 5; კ/ф/უნ – 6; იფლი – 7; უღა – 8; იფღი – 9; ზ/ჟ/უ – 10; ვ/ზ/ა ზ/ჟ/უ – 11; თოკა ზ/ჟ/უ – 12; სხა – პური; ღა – ხორცი; ბზი – წყალი; фა – ყველი; ჩევაჰ – მაწონი; ხა – მსხალი; მსუდ – ყურძენი; ლხმკ – ლეღვი; ეს ხუ – წაბლი; ლკა – [ქვა]მარილი; ვიქა – მოდი; უთს – დაჯექ; უდეთო – ადექ; უმქა – არ წახვიდე; სუქოჰ – მივდივარ; სბრიქნ – საით მიდიხარ; სვუშკღსლუჰ – საქმე მაქვს, მივდივარ; სфაღა სქჩო ვიქა – მოდი, სახლში წავიდეთ; სქენო ‘სვქა – სახლში მივდივართ; სრხოდ – რა მოგივიდათ; ხოჟ ღოდ აშღდ – ერთი ღორი ვჭამეთ; არკამდე ჟენუ – ჩვენი ღორი ხომ არ შეუჭამიათ; უჩელა შქნოღ – საქურდლად მივდივართ; ნალა შქაღა – საით წახვედით“.

შემდეგი აბზაცით ევლია ჩელები ასრულებს აფხაზეთში თავისი მოგზაურობის ამბების მოყოლას. იგი ასკვნის: „ამ ენებს გარდა კიდევ მრავალი ენაა, მაგრამ ერთმანეთში ამერია და ესღაა, რაც მეხსიერებაში დამრჩა. ამასთანავე ეს ენები მხოლოდ ამგვარად დაიწერება. იმიტომ, რომ ისეთი მეტისმეტად ძნელი ენებია, თითქოს ფრინველთა, კაჭკაჭის ენააო. ძალზე ნიჭიერი გონების, კეთილშობილი, ნამდვილი და მიბაძვისუნარიანი მსახიობი უნდა იყო, რომ აბაზა ხალხთან საუბარი შეძლო. მაგრამ მსოფლიო მოგზაურს სჭირდება ყოველი ენის თითო წვეთის ცოდნა იმდენად, რომ მისთვის მოსალოდნელი სარგებლობა ან ზარალი გაიგოს და მოგზაურობაში მოსვენებული იყოს; იმიტომ, რომ ნათქვამია: „ყველა ხალხის ენა მისი შესაფერისია“. ამ ქვეყნად ზოგი ენის შესწავლა გონივრული და სავალდებულოა. უცხო ქვეყანაში კაცი ხსნასა და წრმატებას ჰპოვებს და სამშვიდობოს გავა. ზემოაღნიშნული კუთასის ნავსადგურიდან ავიყარენით, ზღვაზე ორი დღე დასავლეთისაკენ ვიარეთ და ანაპის სადგურში მოვედით“.

ნუთუ ყოველივე ამის წაკითხვის შემდეგ ისტორიული სინამდვილის პატიოსნად და კვალიფიციურად შესწავლისა და მკითხველისადმი მიწოდების სურვლით წახალისებულ მეცნიერს ან მკვლევარს ისეთი დასკვნა უნდა გამოეტანა, რაც პავლე ინგოროყვას უწერია თავის ზემოხსენებულ წიგნში განსახილველი ქვეთავის დასასრულს (გვ. 145): „ჩვენ ამით დავამთავრებთ განხილვას საკითხისას, თუ როგორი იყო ეთნიკური შემადგენლობა აფხაზეთის მხარეთა მოსახლეობისა ანტიკურ ხანაში და საშუალო საუკუნეებში. როგორც გამოირკვა, აფხაზეთის მხარეები დასახლებული ყოფილა ქართველი ტომებით, სახელდობრ, აქ მოსახლეობდა ქართველ ტომთა სამი შტო: მესხები, კოლხები (მეგრელ-ლაზები) და სვანები“. ასეთი დასკვნა შორსაა როგორც პატიოსნების, ისე მეცნიერულობისგანაც, რამაც სავსებით კანონზომიერად და სამართლიანად გამოიწვია სერიოზული გულისწყრომა და აღშფოთება აფხაზურ საზოგადოებაში. რაც შეეხება ვახუშტი ბატონიშვილის მიერ მოყვანილ ცნობას, რომ XVII საუკუნის დასაწყისში სოხუმისა და ლიხნის მხარეებშიც, ანუ მდინარე კოდორის ჩრდილოეთით, უპირატესად მეგრული მოსახლეობა იყო, ეს ძირეულად ეწინააღმდეგება ორივე იმდროინდელი მოგზაურისა და თვალითმხილველის, არქანჯელო ლამბერტისა და ევლია ჩელების მონათხრობს. თავად ვახუშტი თავის თხზულებას ამ დროიდან ერთი საუკუნის შემდეგ წერდა, XVIII ასწლეულის პირველ ნახევარში, ბევრწილად სხვადასხვა პირთა მიერ საქართველოს შესახებ მონათხრობი ან პეტერბურგში ჩატანილო ამბებით, და ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მასში ასეთი სახის შეცდომები ყოფილიყო. ასევე, რაც შეეხება 1480-90-იან წლებში კელასურის სანახების სამეგრელოდ მოხსენიებას, გასათვალისწინებელია ისიც, რომ იმ ხანებში ალბათ აფხაზეთის სამთავრო ჯერ კიდევ უფრო ძლიერად იქნებოდა დაკავშირებული ოდიშის სამთავროსთან, თავად აფხაზეთის მთავარი კი უფრო მეტად იქნებოდა დაქვემდებარებული ოდიშის მთავრისადმი და მასზე დამოკიდებული, რაც შემდეგ 1600-იან და 1700-იან წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა და აფხაზეთის მთავრებმა უფრო მეტად დამოუკიდებელი როლის თამაშიც დაიწყეს, ხოლო ქართული სახელმწიფოებრიობის რეალობა კი ისეთი შეიქნა, რომ ოდიშის მთავართა ძალაუფლება მდინარე კოდორის ჩრდილოეთით მნიშვნელოვნად დასუსტდა, ისევე როგორც ქუთაისის ძალაუფლება ოდიშის, გურიისა და აფხაზეთის სამთავროებზე, ან კიდევ თბილისის ხელისუფალთა ძალაუფლება დასავლეთ საქართველოზეც, კახეთზეცა და სამცხე-საათაბაგოზეც. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, 1400-იანი წლების მიწურულს მდინარე კელასურის ნაპირზე არსებული ნავსადგურის იტალიურ რუკებზე Porto Mengrelo-დ მოხსენიება სულაც არ გულისხმობს იმას, რომ იქ მეგრული მოსახლეობა იყო და არა აფხაზური. ზუსტად ასევე, როგორც კარგად უნდა გვახსოვდეს, ხშირად ევროპულ და ამერიკულ ჟურნალ-გაზეთებში 1970-80-იან წლებში, საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრებს რუს მოცეკვავეებს უწოდებდნენ, თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებს – რუს სპორცმენებს, ედინბურგში გასტროლებზე ჩასულ რუსთაველის თეატრის მსახიობებს კი – რუს მსახიობებს. და ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ მაშინ ქართველები არა ვყოფილვართ.

მაგრამ ისტორიაში ტყუილების წერითა და ნამდვილი ისტორიის გაყალბებით რაიმე სასიკეთო მიზნის მიღწევისთვის ზრუნვა, ცხოვრება გვიჩვენებს, რომ მცდარი და მავნებელია. ჯერ ერთი, როცა რაიმეს ვითომდა ჩვენს სასიკეთოდ ვაყალბებთ, იქ უკვე ტყუილს ვლაპარაკობთ ამავე საქმეში ჩართულ სხვა მხარეზე, ანუ ცილს ვწამებთ მას და ვაზიანებთ მასთან ერთად და, უწინარეს ყოვლისა, საკუთარ თავსაც, ვინაიდან ვარღვევთ ღვთის მცნებას: „არა ცილი სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა“; უფლის მცნებების უგულვებელყოფით კი შეიძლება მტრად გადავიკიდოთ სწორედ ის მოყვასნი, რომლებიც სხვა შემთხვევაში ჩვენი დიდი გულშემატკივრები და მეგობრები შესაძლოა ყოფილიყვნენ. და ასე ხდება კიდეც.

ირაკლი ხართიშვილი

No comments:

Post a Comment