Wednesday, October 15, 2014

ევლია ჩელების ცნობები XVII საუკუნის შუახანების საქართველოს, ქართველების, აფხაზებისა და კაზაკების შესახებ

(ნაწილი II)

LXXXI 

ფადიშაჰის ბრძანებით ჩვენი წასვლა არზრუმიდან ბაიბურთს, ჯანჯას, ისპირს, თორთუმსა და ახჩა-ყალას 

ჩვენი ბატონი ფაშასაგან მივიღე ფადიშაჰის ბრძანება, სხვა ციხეების აღათათვის წერილები და ცხრა მსახურის თანხლებით ჯარის შესაკრებად გავემართე. არზრუმიდან ჩრდილოეთისაკენ ველზე 2 საათი ვიარეთ და სოფელ ქანში მივედით. ორასკომლიანი კეთილმოწყობილი სოფელია. ისევ ჩრდილოეთისაკენ ვიარეთ არზრუმის ველზე ხუთი საათი და უმუდუმ-სულთანის სოფელში მოვედით. იგი ადრე აღვწერე. ისევ ჩრდილოეთისაკენ ხეობები და მთები გადავიარეთ და გავედით გურჯი-ბოღაზის ხიდზე, რომელიც მდინარე ევფრატზეა გადებული. უზუნ-ჰასანის მიერ აშენებული დიდი ხიდია. როდესაც არზრუმში აბაზა-ფაშა აჯანყდა, გაიგო სტამბოლიდან იანიჩართა ორმოცი ოდა მოვიდა და ამ ხიდის ახლოს დაბანაკდაო; ოც ათას მეომარ ვაჟკაცს სარდლად დაუნიშნა ქორ-ხაზინადარ ეფშირ-ბეგი, გამოგზავნა და ყველა ამოაწყვეტინა. ახლა მათი ძვლები ხიდთან გროვებად ყრია. აედან ისევ ექვსი საათი ვიარეთ, გურჯი ბოღაზი (საქართველოს ყელი) გავიარეთ და იქვე მდებარე გურჯი ბოღაზის სოფელში მივედით. არზრუმის ფარგლებში ორასკომლიანი საზეამეთო სოფელია. აქედან ისევ ჩრდილოეთისაკენ ვიარეთ ტულიპებით მოფენილ ადგილებზე და 9 საათში დომლუ-სულთანის სადგურს მივაღწიეთ... ციცაბო, მაღალი მთაა. ამ მთაში დიდი გამოქვაბულია, რომელიც მდინარე ევფრატის სათავეს წარმოადგენს. რადგანაც არზრუმის ვილაიეთში, ქიღის სანჯაყის მთებში რკინის მადანი მოიპოვება, მათგან ზარბაზნის ყუმბარებს ასხამენ. ამ მაღალი მთიდან ასობით წყარო გამოდის; რკინის საბადოებს ჩაუვლიან და ევფრატს ერთვიან. ამიტომაა, რომ ამ ადგილის შემდეგ ევფრატის წყალს გემო უფუჭდება. ამ დომლუ-სულთანის კლდიდან გამომავალი მთავარი წყარო სამოთხის წყაროა, რომელიც უკვდავების წყალს ჰგავს... მართლმორწმუნე, ერთი ღმერთის მაღიარებელი ორასკომლიანი სოფელა. დაბის მსგავსია და აქვს ჯამე, სავანე, მცირე ბაზარი. აქედან ისევ ჩრდილოეთისაკენ ვიარეთ და ახჩაყალას მივედით.

ახჩაყალას აღწერა: თორთუმის სანჯაყში შედის; საქართველოს მიწაზე მდებარეობს და იგი ულამა-ფაშას აუშენებია საქართველოს დასაპყრობად და ხელში ჩასაგდებად. მაგრამ დროთა მსვლელობით ციხე დანგრევის პირასაა. ციხისთავი და მეციხოვნეები არა ჰყავს. თორთუმის ჩრდილოეთით მდებარეობს. ექვსასი სახლი, ჯამე, ფუნდუკი, აბანო, მცირე ბაზარი და სასულთნო ბაზარი აქვს. ბაჲაზეთ-ველი უფლისწულობის დროს ტრაპიზონში ვალის თანამდებობაზე რომ იყო, ამ ციხეს ალყა შემოარტყა და რადგანაც მისი დაპყრობა ძალიან გაუჭირდა, დაპყრობის შემდეგ მისი ზოგი ადგილი დაანგრევინა.

აქედან ისევ დასავლეთისაკენ ვიარეთ 6 საათი და სოფელ სავლუში მოვედით. ჯათიჯას მთაზე საზეამეთო სოფელია. მაღალი მთის წვერზე მდებარეობს. ბაღ-ვენახი არა აქვს და მარცვლეულის მოსავალი კი დიდია. აქედან ისევ დასავლეთისაკენ ვიარეთ 7 საათი და ქალაქ ჯათიჯას – გუმუშხანეს მოვედით. ჯერ გუმუშხანეს ემინთან მივედით, შემდეგ – შარიათის სასამართლოში. ვილაიეთის ყველა წარჩინებული შეიკრიბა და ის დიდებული ფირმანი წავიკითხეთ. „ვისმენთ და ვემორჩილებითო“, თქვეს და ყველა მეომარმა, ლაშქრობიდან გათავისუფლებულმა მუსლიმმა დაიწყო ერევნის ლაშქრობისათვის მზადება. ჩვენ კი ქალაქის დათვალიერებას შევუდექით. რადგანაც ამ ქალაქში დიდი ალექსანდრეს ერთმა მმართველმა ფილკუს ჲუნანიმ ვერცხლის მადანი აღმოაჩინა, ალექსანდრემ ქალაქი ააშენებინა. შემდეგ ქართველების ხელში გადავიდა. ბოლოს აზეარბაიჯანის მბრძანებელს – უზუნ ჰასანს ჩაუვარდა ხელში. რადგანაც უზუნ ჰასან-შაჰი [სულთან] მეჰმედ [II] ფათიჰთან თერჯანის ველზე გამართულ ბრძოლაში დამარცხდა, ციხე ფათიჰ მეჰმედ-ხანის ხელში გადავიდა. იმ დროს არც ერთ ქვეყანაში არ იყო ისეთი ვერცხლის მადანი, როგორიც აქაა. თუმცა, იმ დროს ქალაქს ეწოდებოდა გუმუშხანე, ოსმალეთის დავთარ-ხანეში ჯათიჯად ჩაიწერა. მთელი მოსახლეობა ყველა გადასახადისაგან გათავისუფლებულია და ვერცხლის მადნების დამუშავება ევალება. ქალაქი ამჟამადაც ოსმალთა ხელშია და სამოცდაათი ვერცხლის საბადოა, რომელთაგან ზოგი გაუქმებულია და ზოგიც მოქმედი. ოსმალთა სახელმწიფოში, სადაც კი ვერცხლის საბადოებია, ყველა ქალაქია... მაგრამ ქალაქ გუმუშხანეს მადნეულის ძარღვები შვიდი ხელისგულის დადებაზე უფრო სქელია და ყველა ძარღვი ტყვიის [შენარევის] გარეშე, ხალასი განძია... ორ დღეში მთები და გორები გადავიარეთ და ბაიბურთის ძველ ციხეში მივედით.

მდინარე ჭოროხი: არზრუმის მთებიდან გამოდის, მრავალ მცირე ქალაქსა და დაბას რწყავს და ბაიბურთში მოდის, ქალაქში მოედინება, ქალაქის ქვედა ნაწილიდან ციხის ძირამდე მიიკლაკნება და გონიოსთან შავ ზღვას ერთვის. ზოგი ამბობს, სიტყვა „ჭოროხი“ „ჯუ-ი რუჰ“-ის დამახინჯებული გამოთქმააო. ასეთ შემთხვევაში იგი ნიშნავს „სულის მდინარეს“ (სპარს. „ჯუჲ“ – ნაკადული, მდინარე; „რუჰ“ – სული; „ჯუჲ რუჰ“ – სულის მდინარე - გ. ფ.). ბაიბურთელები მთებში მიდიან, ხეებს წამოაქცევენ, დასჭრიან და მდინარე ჭოროხში ჩაუშვებენ. შემდეგ ქალაქში აშენებულ ჯებირთან მიიტანს წყალი. ყველა თავისი ნიშნით მოძებნის თავის ქონებას და სახლში მიაქვს...

ამ ადგილთან ახლოს დახელოვნებულ მშენებელს მდინარე ჭოროხზე ფიჭვის სვეტებით აუშენებია მერცხლის ფრთასავით [გაშლილი] ხიდი, რომლის მსგავსი შეიძლება იყოს მხოლოდ ჰერცოგოვინას სანჯაყის ქალაქ კარჯას წინ გამავალ ღრმა მდინარეზე გადებული ხიდი. რადგანაც ამ ჭოროხის ხიდს ერთი თაღი აქვს, უფრო მაღალია და მეტი ხელოვნებით ნაკეთები. ქალაქი დავათვალიერეთ.

ლაშქარიც დიდებული ბრძანების შესატყვისად შეგროვდა და გაემზადა. მე, მწირს, სამასი ყურუში „ფეხის ქირად“ მომცეს. ორასი ამხანაგი შევიყარენით და ქალაქ თორთუმში მივედით.

თორთუმის ციხის ამბავი: საქართველოს მეფის – მამრულის აშენებულია. შემდეგ უზუნ ჰასანის ხელში გადავიდა და მისგან კი – [სულთან მეჰმედ II] ფათიჰისა. მაგრამ შემდეგ ისევ ქართველებმა დაიპყრეს. [სულთან] სულეიმან-ხანმა როგორც კი შეიტყო მისი დაპყრობის ამბავი, მაშინვე მეორე ვეზირი აჰმედ-ფაშა კარგა დიდი ჯარის სარდლად დანიშნა და გააგზავნა. ისიც მოვიდა და სანგრებში რომ შევიდა, შვიდი დღისა და შვიდი საათის ბრძოლის შემდეგ ციხე დაიპყრო. შიგ საკმაო რაოდენობის მეციხოვნეები, ჯაბახანა, ზარბაზნები, სურსათი და სხვა მარაგი დატოვა. თავისი ჯარით ნიეჯახის ციხისაკენ წავიდა და აქედან – ამირახორის ციხისაკენ. ციხეები დანებდნენ; დაიკავა და შიგ საკმარისი რაოდენობის ჯარები ჩააყენა. იქიდან ახჩა-ყალეს მივიდა. შვიდ დღეში დაიპყრო და ციხის ბურჯზე მაჰმადიანური ლოცვა აღავლინა.

იქიდან ნიქერდის, აშირდას, პატარა ახჩა-ყალეს ციხესიმაგრეებისაკენ გაემართა. მათი ბეგები ამანით დამორჩილდნენ („ამანით დამორჩილდნენ“ – ე. ი. შეწყალება ითხოვეს და უომრად დანებდნენ - გ. ფ.). ამის შემდეგ ისპირისა და ფერთექრექის ციხეებმაც ითხოვეს შებრალება და ახლაც ყველანი დამორჩილებულნი არიან. რადგანაც ამის შემდეგ დადანლის ნაჰიესაკენ გაემართნენ, სამოცდასამი სოფლიდან თხუთმეტი დამორჩილდა და დანარჩენები კი დააქციეს. ამის შემდეგ დაპყრობილ იქნა თაქხისი, ახჩაყალე, ლივანას (*ტექსტშია – „დივანა“) ხეობა და ჯარი თორთუმში მოვიდა. თორთუმიც აღწერეს, როგორც სანჯაყის მთავარი ქალაქი. ახლაც ასეა. ალაი-ბეგი და ჩერი-ბაში ჰყავს. ომიანობის დროს ჯებელიებიანად და თორთუმის ბეგის ლაშქრიანად სამოცი ათასი რჩეული მეომარი გამოჰყავს. მის ფაშას, სამართლის მიხედვით, წლიურად თორმეტი-ცამეტი ათასი ყურუში შემოსდის.

ლაშქრობაში ჩვენი წასვლის წელს სეიდი აჰმედ-ფაშამ, რამდენადმე ძალადობით, თორთუმის სანჯაყიდან მისაღები შემოსავალი ოცდაოთხი ათას ყურუშამდე აიყვანა. ის კი არა, როდესაც მე, მწირი, მასთან სულთნის ბრძანებით მივედი, მის სანჯაყში მყოფი თიმარებისა და ზეამეთების მფლობელთა გარდა, გადასახადებისაგან გათავისუფლებული იმამები და ხათიბებიც კი შეავიწროვა: „ლაშქრობა გევალებათო“ და ამის საზღაურად ათი ათასი ყურუში აიღო. მე, მწირი, კი, თავის სასახლეში მომათავსა და ქალაქი დამათვალიერებინა.

ასორმოცდაათახჩიანი ადგილია ყადისა და ცხრა ნაჰიე. მათგან შემდეგია ცნობილი: იუვანე, დადანლი, ისპირი. ამ ნაჰიეებიდან ყადის სამი ათასი ყურუში აქვს წლიური შემოსავალი. შეიხ ულ-ისლამი, მაკიბ ულ-ეშრაფი, წარჩინებულები და დიდებულები, ციხისთავი, მეციხოვნეები, იანიჩართა სარდალი და ქალაქის სუბაში ჰყავს.

თორთუმის ციხის აღწერა: მაღალ გორაკზე ოთხკუთხა შენობაა. ერთი რკინის კარი აქვს. შიდა ციხეში თვრამეტი სახლი და [სულთან] სულეიმან-ხანის მცირე ჯამეა. ერთი ამბარი აქვს. ქვედა გარეუბანში კეთილმოწყობილი და მშვენიერი შენობებია, რომელთა რიცხვი შვიდასს აღწევს. შვიდი უბანი და შვიდი მიჰრაბი აქვს. ორი აბანო, ორი ფუნდუკი, ათი ყმაწვილების სასწავლებელი და სამოცდაათამდეც ყოველგვარი ხელობის სახელოსნო დუქანი აქვს. დახურული ბაზარი, საქველმოქმედო ნაგებობა, მედრესე და მისთანანი არ აქვს. ყოველ სახლს მრავლად აქვს ბაღ-ვენახი. რადგანაც მშვენიერი ჰაერია, ხეხილი ბევრია. ყურძენი, მსხალი და ლალისფერი ატამი სანაქებოა. რადგანაც ქალაქი არზრუმიდან ორი დღის სავალზეა დაცილებული, ვაჭრებს ხილი ყუთებით გადააქვთ არზრუმში. არზრუმის ვილაიეთში ერზინჯანის შემდეგ ქალაქი თორთუმია სამოთხის ბაღივით შემკული. მისი ხალხი სტუმართმოყვარე, გულკეთილია. მშვიდი, მართალი ადამიანები არიან. თორთუმში გვარჯილასაც იღებენ. ქალაქი ერთ ხეობიან ადგილას მდებარეობს.

ქალაქის დათვალიერების შემდეგ თორთუმის ჯართან ერთად არზრუმის ვილაიეთისაკენ გასამგზავრებლად დიდკაცნი რომ იკრიბებოდნენ, ამ დროს სეიდი აჰმედ-ფაშას ამბავი მოუვიდა, შავი ზღვის ნაპირზე მდებარე გონიოს ციხე კაზაკებმა მოულოდნელად აიღესო. მან მაშინვე დაგზავნა მაცნეები, რომლებმაც დაიწყეს ძახილი: „ტანზე დავითის ჯავშანი ჩაიცვით, [სულთნის] ბრძანებას ნუ მოუცდით – ცხენებზე შესხედით! ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის წმინდა ომსა და მოწამეობრივ სიკვდილს ვინც ეძებს; ვისაც უნდა ცხენი, თიმარი და ზეამეთი მიიღოს, წამოვიდეს!“ ჩვენც ქალაქიდან გამოვედით, ბაღების თავში ოდნავ შევისვენეთ და ათასი რჩეული, მსუბუქად წამოსული, შეიარაღებული მეომარი შეგროვდა. „ვაი მას, ვინც უკან არ გამომყვებაო!“ – ვამბობდით. სამჯერ დავძახეთ მაჰმადიანური ყიჟინა და ჩრდილოეთისაკენ გავემართენით. მთელი ჩვენი ჯარით, რომელიც ხაიალისა და ქეჰეილანის ცხენებზე ისხდა, იმ დღეღამეს ჭენებით ვიარეთ. იმ ადგილებიდან, სადაც გავიარეთ, ჩვენ თან წავასხით ისეთი ხალხი, რომლებიც მხედრები არ იყვნენ, მაგრამ იარაღის დაჭერა და სროლა შეეძლოთ. მეორე დღეს, დილით ერთ ხევში ჩავედით და დავბანაკდით. იქიდან ისევ ჩრდილოეთისაკენ ერთი დღე ჭენებით ვიარეთ და იმ ადგილას, სადაც ტრაპიზონის საზღვრებიდან გონიოს საზღვრებში შევედით, სამეგრელოს ჯარებს შევხვდით. სეიდი აჰმედ-ფაშასთან მოვიდნენ და ყველას პატივი მიეგო. მოვიდა სამი ათასამდე ჩაცმულ-დახურული, შეიარაღებული, თავითფეხებამდე ცისფერ რკინაში ჩამჯდარი, ხელშუბიანი, ქეჰეილანის ცხენიანი, გველეშაპივით [ვაჟკაცი] მეგრელი აზნაური, ათასამდე ქვეითი მეთოფე და ქართველი წარჩინებულები. ესენი გარეგნობით სხვადასხვანაირი იყვნენ. ზოგი თმაგაწეწილი იყო, ზოგი – თმახუჭუჭი. ორმოც-ორმოცდაათი წლისანებსაც კი წვერი გაპარსული ჰქონდათ და საოცარი გამომეტყველებისანი იყვნენ (თურქები თავს იპარსავდნენ და წვერი მოშვებული ჰქონდათ; ამიტომ ევლია ჩელებისათვის პირგაპარსული და გრძელთმიანი ქართველები „საოცარი გამომეტყველებისანი იყვნენ“ - გ. ფ.). ასე წარსდგნენ. კოჯა ყაზი სეიდი აჰმედ-ფაშამ დაუყვავა, ყოველ მათგანს აღთქმა მისცა და მიესიყვარულა. იმ ღამეს მანძილები გადავსერეთ და დილაადრიან მივაღწიეთ გონიოს ციხეს, რომელიც შავი ზღვის ნაპირზე მდებარეობს. დავინახეთ, რომ ციხე კაზაკებით იყო სავსე და ციხის კედელ-ბურჯები ჯვრებით მოერთოთ. ციხეში მყოფმა კაზაკებმა ისლამის ჯარი რომ დაინახეს: „ჰოი, წმინდა გიორგიო“, – ყვირილი მორთეს. ციხეში უშიშრად იყვნენ დაბინავებულნი და მათი სამოცდაათი „ჩაიკა“ ნავი კი ციხის ძირას დაებათ და იქ ეყენათ. კაზაკები ციხეში მთვრალები და უგონოები რომ იყვნენ, სეიდი აჰმედ-ფაშამ თვალის ასახვევად ასორმოცდაათამდე იჩ-აღებითა და თორთუმის გზაზე შეხვედრილ სამეგრელოს და გურჯისტანის ქვეით ჯართან ერად ერთხმად შესძახეს „ალაჰ“, „ალაჰ“ და თვალები დაუბნელეს. [ამ დროს] მეორე მხრიდან ზღვის ნაპირზე მდგარ ხომალდებს შორის შევიდნენ და დაუნდობლად გადასჭრეს თოკები და სამოცდაათი ნავით შავ ზღვაში გავიდნენ და ყოველ ნავში ყარაულად დატოვებული ხუთ-ხუთი, ათ-ათი, მთვრალი და უგონო კაზაკები ზოგი ხმლის კბილებში გაატარეს, ზოგიც დაატყვევეს და ნიჩბები მოასმევინეს. ყველა გმირმა შედლუხი ატეხა, ნავები ციხიდან ზარბაზნის გასროლის მანძილზე ჩობანის მხარეს ერთ ყურეს მსგავს ადგილს დატოვეს. კაზაკები ციხეში ალყაშემორტყმული დარჩნენ და გათავისუფლების იმედი რომ გადაუწყდათ, გაცოფდნენ და ცეცხლის ფრქვევა დაიწყეს. აქეთა მხარეს კი მუსლიმი გმირების რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა და ციხეზე იერიშის მისატანად საომარი მასალის მზადება დაიწყეს. ურჯულოებისაგან ხელში ჩაგდებული ნავების ანძები და ნიჩბები, აგრეთვე სამეგრელოდან ლაზური „მენექსილა“ ნავებით მოსული მეგრელების ნავების ანძებიც კიბეებად აქციეს. მათი ნავებიც ხმელეთზე გამოიყვანეს და საფარად ციხის ძირას მიათრიეს. ციხის აღმოსავლეთით და სამხრეთით რიგიანი სანგრები გათხარეს და ყველა მუსლიმი გმირი, სამეგრელოსა და გურჯისტანის აზნაურები იმ ნათელ დღეს სანგრებში შევიდნენ. ციხიდან კაზაკები გარეთ მყოფ გემებს უშენდნენ ტყვიას, აქეთა მხრიდან კი მუსლიმი გმირები და სარდალი – ციხეს. ამ დროს კაზაკებმა პოლკის ბაირაღი ააფრიალეს, გარეთ გამოვიდნენ და მუსლიმ გმირებს თავს დაესხნენ. აქეთა მხრიდან ყაზი სეიდი აჰმედ-ფაშამ თავისი სამასი მამაცი, ღონიერი მეომრით, „ალაჰ, ალაჰის“ ძახილით კაზაკებს ერთი ისეთი მახვილი დაჰკრა, რომ გადარჩენილებმა აირჩიეს მდინარე ჭოროხში გადაცვენილიყვნენ და ან დამხრჩვალიყვნენ, ან გაღმა გასულიყვნენ. მაგრამ ვინც მოახერხა გაეცურა და გადარჩენილიყო, მაინც ვერ გადაურჩა მუსლიმი გმირების ხმლებსა და თოფებს. ოსმალებმა დაწვეს ჭოროხში მდგარი ხომალდები; ორასი კაზაკი კი, ვინც ხმალს გადაურჩა და ციხეში ვერ შეასწრო, ცალ-ცალკე შებორკილი ტყვედ წამოიყვანეს. მას შემდეგ, რაც [ციხეზე] სამჯერ მიიტანეს იერიში, სამოცდაათმა მუსლიმმა გმირმა შესვა მოწამეობრივი სიკვდილის თასი. ბოლოს, როდესაც სეიდი აჰმედ-ფაშამ ეს ვითარება დაინახა, კაფუჯი-ბაშები ბათუმის სანჯაყის ნაჰიეებში გაგზავნა ჯარების მოსაგროვებლად. გარშემო ნაჰიეებიდან ორმოცდაათი თოფებითა და შუბებით შეიარაღებული ლაზი, ზიღულედ წოდებული დუდუკების დაკვრითა და თეთრი დროშებით გუნდ-გუნდად მოვიდნენ და მდინარე ჭოროხის ნაპირზე დადგნენ. გამარჯვებულმა სარდალმა მათ დასვენება არ აცალა და ჩერქეზულ ენაზე ყველა გმირი საომრად აღაფრთოვანა და წააქეზა: – „მალე, ჩემო ძმებო! თავგამოდება თქვენზეა. სარწმუნოებისათვის ზრუნვა თქვენც გაგაკეთილშობილებთ და მეც“. ისინიც ტალღა-ტალღა წამოვიდნენ. ყველას ხელში ეჭირა თითო კონა ფიჩხი, თითო თოფრაკი წივა, თითო კონა სიმინდის ჩალა, ქოქუმის ბუჩქის, ღომისა და ფეტვის ჩალის კონები და როდესაც ციხეს გარშემო კონებს უწყობდნენ, ზოგი მოკლეს, ზოგიც დაჭრეს. ამ იერიშშიც სამოცდაათი გმირი ეღირსა მოწამეობრივ სიკვდილს. სეიდი აჰმედ-ფაშამ მეჰმედის ლოცვა წარმოთქვა და გემის ანძებისა და ნიჩბებისაგან გაკეთებული კიბეებით ციხის კედელზე უშიშრად შეფრინდა. ყიჟინა დასცა და ციხის აღმოსავლეთი კუთხის კოშკზე იჩ-აღებთან ერთად მსხვერპლის მოდარაჯე ობობასავით ამოჰყო თავი. ხმალამოღებულმა დასძახა: „აბა, არ გაუშვათ, ჩემო ვაჟკაცებოო“. ასე რომ დაინახეს თავისი სარდალი, როგორც შავი ჭიანჭველები დაეხვევიან გველეშაპს, ისე შეესიენ ციხეს მუსლიმი გმირები და შეტევა დაიწყეს. კაზაკებმა დაინახეს, რომ გმირები კედელზე ხმლებს აჟღარუნებენ და მოდიან. მრავალი მათგანი ცეცხლში ჩახტა და დაიწვა; ზოგი ხმლის შიშით რომ გარბოდა, გადავარდა და დაილეწა, ზოგიც მდინარე ჭოროხში გადაეშვა, ჩაიძირა და გაქრა. ერთი სიტყვით, იმ დღეს შუადღიდან სამხრამდე არც ყაზი სეიდი აჰმედ-ფაშას და არც მუსლიმ გმირებს ერთი ნაჭერი პურიც კი არ ჩაედოთ პირში. ბოლოს, სამხრის დროს, ციხე დავიპყარით. მადლობა ალაჰს, პირველი ლოცვის წაკითხვა მე, მწირს, მარგუნა. ციხე გმირებით აივსო. ადრე გადარჩენილი „ჩაიკა“ ნავები ციხის ძირას მოიტანეს, ყველა მათი მოწყობილობა თავ-თავის ადგილას დააწყვეს და გაამზადეს. მაცნეების მოწოდებით გაიმართა ზარბაზნების შედლუხი, რომელიც სამი დღე და ღამე გაგრძელდა; მადლობა ალაჰს, რომ მე ამ ბრძოლაში ვიყავი. ციხეში მუჰამედის სადიდებელ პირველ ლოცვას რომ ვკითხულობდი, აღმოსავლეთიდან – მდინარე ჭოროხის ნაპირიდან ფერადფერადი ბაირაღებითა და დროშებით აქეთ მომავალმა ათასობით ჯარისკაცმა ციხეში ზარბაზნის სროლა და ჩვენ მიერ მოწყობილი შედლუხი დაინახა; [ჯარმა] „დიდ არს ალაჰიო“, თქვა და ციხის ძირას მოვიდა. დაინახეს, რომ ციხე დაპყრობილია, სეიდი აჰმედ-ფაშა ციხეშია და საომარი მასალის მოწყობას ხელმძღვანელობს. თურმე, ეს ჯარი გამოუგზავნია არზრუმის განმგებელს, ჩვენს ბატონს დავთარდარ ზადე მეჰმედ-ფაშას. არზრუმის ვილაიეთის ჯარი ყარსის ფაშის – ქეთენჯი ომერ-ფაშას სარდლობით ხუთ დღეში მოსულა არზრუმის ველებიდან გონიოს ციხის ძირას და შვიდი ათასი რჩეული მეომარი ჰყოლია. გონიოს ძირას, მდინარე ჭოროხის ნაპირზე უკარვებოდ დაბანაკდნენ. ერეთ მხარესაც ბასიანის სანჯაყის მფლობელი ქენან-ფაშა დაბანაკდა. მეორე მხარეს კი ბასიანის სანჯაყის თიმარებისა და ზეამეთების მფლობელებთან ერთად დაბანაკდა მეციხოვნეთა ნახევარი, რომელთა [საერთო] რაოდენობა ორი ათასს შეადგენდა. ცალკე განლაგდნენ ქეთენჯი ომერ-ფაშას ძე თავილ მეჰმედ-ფაშა, რომელსაც ახალციხის დაცვა ევალებოდა თავისი ურფას ვილაიეთის ჯარით, ბირეჯიქის ბეგის, ალი მერდან-ბეგის ლივას ჯარი და კიდევ სხვა მოხალისეთა და განწირულთა* რაზმები (*თითქმის ყოველ ლაშქრობაში ოსმალთა ჯარს ახლდნენ თავისი ნებით წამოსულთა რაზმები, რომლებიც საშოვარზე იყვნენ გამოსული და მოსახლეობის ძარცვის საშუალებით გამდიდრებას აპირებდნენ - გ. ფ.). მანასკერტის ბეგი მეჰმედ-ბეგი ორი ათასი დარჩეული, მამაცი, სახელოვანი ვაჟკაცით მდინარე ჭოროხის ნაპირზე დაბანაკდა. ქიღის სანჯაყის მფლობელ თაბანი ჲასი მეჰმედ-ფაშას მეჩირაღე დელი ჰუსამ-ბეის ებრძანა ლივას ათასი ჯარისკაცით ციხის ძირას, ზღვის ნაპირზე ხელში ჩაგდებული ნავების დაცვა. ერთი სიტყვით, ქემახის, ერზინჯანის, თერჯანის, ქელქექის, კუჲულუ ჰისარის, ჰაჯი მურადის ციხის, გუმუშხანეს, ბაიბურთის, ხნუსის, ისპირის, თექმელის, კუზუჯანის, თორთუმის, მეჯენკერტის, მამირვანის სანჯაყებისა და სხვა ციხეებისა და დაბების ყველა სანჯაყ-ბეგი და ალაი-ბეგი ჩერიბაშიებთან ერთად მოვიდნენ და გონიოს ციხის ძირას დაბანაკდნენ. ამათ შემდეგ ჭოროხის ნაპირზე ორი ათასი რჩეული მეომრით დაბანაკდა მუსლიმ სარი დერვიში – ქეთხუდა ყარაჰისარის სანჯაყისა, რომელიც ახალციხის ფაშის – პატიოსანი, პირნათელი კოჯა საფარ-ფაშას არფალიკი იყო. ეს [მუსლიმ სარი დერვიში ზემოხსენებული] სანჯაყების უკანმავალი იყო. ციხის ძირას შედგა დიდი სახელმწიფო დივანი. მეორე სარდალმა ბაკი-ფაშამ ფეხზე წამომდგარმა თქვა: „ბედნიერი იყოს შენი საღვთო ომი! არზრუმის ვეზირმა, ჩვენმა დიდებულმა სარდალმა დავთარ[დარ] ზადე მეჰმედ-ფაშამ სალამი გიძღვნათ და ეს ოქროთი ნაქარგი ხალათი და სიასამურის მოსასხამი გიბოძათო“. ეს რომ თქვა, თან წამოღებული ხალათი და მოსასხამი ყაზი სეიდი აჰმედ-ფაშას ზურგზე წამოასხა, თავზე თუღი მიამაგრა, დალოცა და აკურთხა.

ღვთის სიბრძნით, სამხრობის ჟამს ზღვაში ორმოცი-ორმოცდაათი ლაზური „მენექსილა“ ნავი გამოჩნდა. რომ მოდიოდნენ, შიგ მყოფებმა დაინახეს, რომ ციხე მუჰამედის ხალხითაა სავსე და მის გარეთაც კარვებში ამდენი ოსმალო მეომარია დაბანაკებული; ერთიმეორის მიყოლებით იწყეს ნავების უკან გაბრუნება. ესენი იყვნენ ურჩი აზნაურები, რომლებიც ციხეში [მყოფი] კაზაკების დასახმარებლად მოდიოდნენ. სეიდი აჰმედ-ფაშას ჯარი მაშივე ორი მხრიდან გაქანდა და ტყვია დაუშინა. საღამომდე გაგრძელებული დიდი სროლა შეიქნა. ორმოცდაშვიდი ნავი დაიპყრეს და ისლამის ჯარმა უხვი ნადავლი ჩაიგდო ხელთ. ნავებში მყოფნი ტყვედ ჩაცვივდნენ. იმ ღამეს ციხეში და მის გარეთ ისევ ატყდა თოფ-ზარბაზნის შედლუხი და დილამდე საზეიმოდ იყო გაჩირაღდნებული. მეორე დღეს, დილაადრიან მდინარე ჭოროხის ნაპირიდან დაძრული მტვერი ცას მისწვდა და ქვეყნიერების მნათობის ბრწყინვალებამ და ჯავშნის, აბჯრის, მუზარადების ნათებამ [ხალხს] თვალი მოსჭრა. მწკრივებად დაწყობილი სამაგალითო ჯარი გამოჩნდა და მოახლოვდა. თურმე, ჩვენი ბატონის, არზრუმის ვალის – მეჰმედ-ფაშას პატიოსანი ბრძანებით ჩილდირის ვილაიეთის მფლობელი ვეზირი კოჯა საფარ-ფაშა* ახალციხიდან ჭენებით წამოსულა და გონიოს დასახმარებლად მოსულა (*ამ დროს საფარ-ფაშა მოხუცებული იყო და ევლია ჩელები მას კოჯას უწოდებს. ზემოხსენებული ამბავი 1647 წლის შემოდგომაზე მოხდა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ გავრცელებული აზრი, თითქოს საფარ-ფაშა 1635 წელს გარდაიცვალა, სწორი არ არის და იგი კიდევ დიდხანს /1651 წლამდე/ განაგებდა ახალციხის საფაშოს /საფარ-ფაშას ახალციხის საფაშოში მოღვაწეობის თარიღების შესახებ დაწვრილებით იხ. მ. სვანიძის მონოგრაფია – „საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII სს“. თბილისი. 1971, გვ. 300-305/ - გ. ფ.). მასთან ერთად საქართველოდან მოვიდნენ ექვსი ათასი გულადი ქართველი მეომრით თეიმურაზ-ხანის ძე, ლევან-ხანის ძე და ალექსანდრე-ხანის ძე** (**ჩვენის აზრით, ევლია ჩელების მხედველობაში ჰყავს ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ I, რომელიც ამ დროს იმერეთში იყო გადასული, ოდიშის მთავარი ლევან II დადიანი /1611-1657/ და იმერეთის მეფე ალექსანდრე III /1639-1660/ - გ. ფ.). როგორც კი ასეთი ამბავი მოუვიდა სეიდი-ფაშას, ბაკი-ფაშა, ქუთფაჰ-ფაშა სხვა მირ-ლივები, ალაი-ბეგები, ჩერი-ბაშიები თავით ფეხებამდე შეიარაღდნენ და საფარ-ფაშას შესახვედრად გავიდნენ. ფრიად სამაგალითო სანახაობა ვნახეთ. საფარ-ფაშა საგანგებო ჯარით, წყლის მზიდავებით, მეთოფეებითა და შათირებით რომ მოვიდა, სეიდი-ფაშამ და ბაკი-ფაშამ ცხენდაცხენ უპასუხეს სალამზე. [შემდეგ] სეიდი-ფაშა მარჯვნივ ამოუდგა, ბაკი-ფაშა – მარცხნივ და დიდი ჯარით ციხის ძირას მოვიდნენ. ციხის კედელ-ბურჯებიდან ზარბაზნის ერთი ბათქი გავარდა – „კეთილი იყოს თქვენი მობრძანებაო“, ერთიც – თოფების ბათქი: – „მოხარული ვართ თქვენი ნახვითო“. საფარ-ფაშა თავისი ჯარით ციხესიმაგრის ძირას დაბანაკდა. მას შემდეგ მოსვლა იწყო სურსათმა გურჯისტანის, სამეგრელოს, ბათუმის, ლაზისტანის სანჯაყებიდან. მეორე დღეს, დილით გონიოს ციხის სამხრეთ მხარეს გამოჩნდა დიდი ჯარი, რომელიც ხოფასა და რიზეს მხრიდან ზღვის ნაპირ-ნაპირ [მოდიოდა]. თურმე ტრაპიზონის*** ფაშას მოუყვანია (***ტექსტში შეცდომით წერია – „არზრუმის ფაშა“; ქვემოთ მოთხრობილი ამბების განვითარება ცხადყოფს, რომ აქ ტრაპიზონის ფაშაზეა საუბარი - გ. ფ.). სამი ათასი სახელოვანი მეომარი, სამოცდაათი სანდალი, ასი ლაზური „მენექსილად“ წოდებული ნავით ჯარი და სურსათი. ათი „შაჰი“ ზარბაზანი მოუტანია და გონიოს ციხის დასახმარებლად მოსულა. როდესაც [ამის შესახებ] ამბავი მოუვიდა სეიდი აჰმედ-ფაშას, მის შესახვედრად არც თვითონ წავიდა და არც ჯარი გაგზავნა. ტრაპიზონის ფაშა მოვიდა და ციხის ერთ მხარეს დადგა. შემდეგ, როდესაც იგი ციხეში მოვიდა, რათა სეიდი აჰმედ-ფაშასთან [შეხვედრით] პატივი მიეღო, [სეიდი აჰმედ]-ფაშამ მას სრულებით არ სცა პატივი და იქ დამსწრეებს მიმართა:

„– შეხედეთ, ერთი, მაჰმადიანებო! მე რომელი სანჯაყის მბრძანებელი ვარ?“

ვილაიეთის წარჩინებულებმა უპასუხეს: „ამჟამად თორთუმის სანჯაყის მფლობელი ხართ“.

ფაშამ ბრძანა: – „კი, მაგრამ, თორთუმი ამ გონიოს ციხიდან რა მანძილზეა?“ 

კეთილშობილმა დამსწრეებმა თქვეს: – „ოთხი-ხუთი დღის სავალია“.

ფაშამ რისხვით თქვა: „ოთხი-ხუთი დღის სავალზე დაშორებული ადგილიდან მოვედი და გონიოს ციხე გავათავისუფლე, თუმცა ეს სრულიად არ მევალებოდა. მე ვცდილობდი მიმესწრო და ღვთის ბრძანებით, ჭეშმარიტი სარწმუნოების გადარჩენის მიზეზი გავმხდარიყავი. მომხედე, ფაშა, შენ ტრაპიზონის ფაშა იყო, ორთუღიანი მირ-მირანი იყო, გონიოს ციხე შენი ვილაიეთის მიწაზე და ტრაპიზონიდან ორი დღის სავალზე იყოს და შენ კი ამ შვიდი დღის განმავლობაში რატომ არ უნდა მოხვიდე ციხის დასახმარებლად. მე ამას ჩემს ფადიშაჰს მოვახსენებ. საჩქაროდ დამიძახეთ მდივანმწიგნობარსო!“ – გასცა ბრძანება ფაშამ.

როდესაც მისი სურვილის შესაბამისად საქმის მოხსენებას ადგენდნენ, ფაშამ ბრძანა: „მთავარო ბოლუქ-ბაშიებო! მომაშორეთ ეს ტრაპიზონის [ვილაიეთის] მოღალატეები!“, [შემდეგ ტრაპიზონის] სამოცდაათ წარჩინებულს უთხრა: „რატომ არ წააქეზეთ თქვენი ფაშა ამ ციხის გასათავისუფლებლად?“ ძალზე გაუწყრა, გაკიცხა და ყველანი ციხეში ჩაამწყვდია. მდივანმწიგნობარმა კი დაწერა ბრძანება ციხის დაპყრობის შესახებ, ტრაპიზონის ფაშის დაუხმარებლობის შესახებ და როდესაც სამი მირ-მირანისა და სხვა მოხელეების, გონიოსა და ტრაპიზონის ყადიების ბეჭედდასმული საერთო მიმართვა ფადიშაჰისათვის უნდა გაეგზავნათ, ტრაპიზონის ყველა წარჩინებული სეიდი აჰმედ-ფაშას ფეხებში ჩაუვარდა და შეევედრა: – „შეგვიბრალე, ბატონო! ჩვენს ამბავს ფადიშაჰს ნუ მოახსენებო“. სეიდი-ფაშამ არ დათმო, თავისი სიტყვა არ გადათქვა და „უსათუოდ მოვახსენებ ამ თქვენს ურჩობასო“, – დაიჟინა. ბოლოს ტრაპიზონელები ფაშებს ჩაუვარდნენ ფეხებში და ისინი სეიდი-ფაშასთან სათხოვნელად მიგზავნეს. საქმე მორიგებითა და შეთანხმებით გაათავეს და სამი დღის დავის შემდეგ, როგორც იქნა, ტრაპიზონის ფაშამ, მისი ვილაიეთის წარჩინებულებმა და მთელი ტრაპიზონის ვილაიეთმა ძალაუნებურად გაიღეს საქმის მისაჩქმალად ორმოცდასამი ქისა ყურუში, სამი ცალი სიასამურის ქურქი, თორმეტი მონა და თორმეტი მხევალი. პირადად ტრაპიზონის ფაშამ მისცა ერთი ოქროთი მოქარგული აბრეშუმი და თავისი ახლად მოქარგული შვიდგანყოფილებიანი კარავი, ერთი ძვირფასი ქვებით მოჭედილი ხმალი, მოოჭვილი დაშნა, შვიდი კაპარჭი, ტრაპიზონის ქებული ოქრომჭედლების ჩინებული ნახელავი ნაირ-ნაირი ჭურჭელი, სასაკმევლო, ვარდის წყლის ჭურჭელი, ნაირნაირი რახტი, ვერცხლის შანდლები, გურზები და საომარი ცულები; სამი წყება აქლემი, სამი წყება ჯორი, ჭენებით დავარდნილი ცხენების სანაცვლოდ ას ოცი ცხენი მიიღეს და საქმე იმით გაათავეს, რომ ფადიშაჰს არ მოახსენეს. ფადიშაჰის კარს მოახსენეს მხოლოდ ის, რაც შეეხებოდა გონიოს ციხის დასაპყრობად და დასახმარებლად მოსული მირ-მირანების, ალაი-ბეგებისა და სანჯაყ-ბეგების მონაწილებას ფადიშაჰის სამსახურში. სეიდი აჰმედ-ფაშამ გონიოს ციხის გათავისუფლების სასიხარულო ამბის შესატყობინებლად ერთი კაფუჯი-ბაში გაგზავნა, რომელიც „გურჯი ბეჲზადეს“ სახელით იყო ცნობილი. მეორე კაფუჯი-ბაშის ხელით კი ეს ამბავი ჩვენ ბატონ არზრუმის ფაშას შეატყობინა. ამ დროს მდინარე ჭოროხის ნაპირიდან მტვერი ავარდა და ისლამის ლაშქარი გამოჩნდა. თურმე არზრუმის ვალის, ჩვენ ბატონ მეჰმედ-ფაშას აღა – აღაჯა ათლი ჰასან-აღა გონიოს ციხის დასახმარებლად სარდლად გამხდარა. არზრუმის სანჯაყის თიმარებისა და ზეამეთების მფლობელებთან ერთად თავისი ციხეების მეციხოვნეთა ნახევარი, ორმოცი ბაირაღი სეკბანი და სარიჯა, ბაშ ბოლუქ-ბაში, ბოლუქ-ბაშიები: – ქუჩუქ აჯემ კულუ, ჩათალი, მუმუჩეთუ, ჯალიკ ალი, ჰეინელი, ნაკიშლი, ჯალიკ ალი, ზერექეთლი, ჲამალი აშკუნა, სენჯაბლი, ჰადირლი ჰაჰალი, მესჯაჰ-ოღლუ, გენეთ-ოღლუ, ყარა ფირი, სოლაკ-ველი, ქულჯა ალი, კაფან არსლანი მაჰმადიანური ყიჟინით გადმოვიდნენ. მათ გადმოყვნენ: ერთი ბაირაღი – სამასი მამაცი ცხენოსანი, ერთი ბაირაღი – სამასი ცხენოსანი მოხალისე, ექვსი ბაირაღი – ქარივით სწრაფი შიკრიკი, მეომრები, ერთი ბაირაღი – ექვსასი მუთეფერიკა, ერთი ბაირაღი – სამასი პატივის ღირსი აღა, ერთი ბაირაღი გულადი ჭაშნაგირი, ერთი ბაირაღი – ორასი სარაჯი, ერთი ბაირაღი გარე ქილერჯიებისა, ორასი შეიარაღებული ახალგაზრდა, ორასი ჯავშან-ირაღში ჩამჯდარი ხელშუბიანი იჩ-აღები. მათ მეწინავეთა ბაირაღით მოჰყვებოდნენ მიფთაჰ ღულამ აღასის მეთაურები, ორმოცი „სანდალის“ პატრონი ორმოც-ორმოცდაათი ამხანაგით და ცხენებზე ამხედრებული კაფუჯი-ბაშიები. მათ ნაღარის დაკვრით გადმოჰყვა სარდალი ალაჯა ათლი ჰასან-აღა. გონიოს ციხის ძირას კარვებში დაბანაკდნენ. სეიდი აჰმედ-ფაშამ დიდი წვეულება გაუმართა. მეორე დღეს ყველა სოფელ-დაბიდან კალატოზები და დურგლები მოიყვანეს და დაიწყო ციხის შეკეთება. პირველად თხრილები გაწმინდეს. ციხის დამწვარი ნაწილი და შიდა ციხეში მდებარე [სულთან] ბაიაზეთ [II] ველის ჯამე შეკეთდა. 700 ახალი ჯარისკაცი და ციხისთავი ჩააყენეს. დატოვეს მოწყობილობა, ჯაბახანა, ურწმუნოებისაგან დავლად აღებული თოფები და ასე მოაწყვეს. ტრაპიზონის ვილაიეთის და ბათუმის სანჯაყის ჯარი ციხის დასაცავად დავტოვეთ. 6000-მდე ძლევამოსილი ჯარით მდინარე ჭოროხის ნაპირ-ნაპირ არზრუმისაკენ გავემართენით. გზაში [მდინარის] ნაპირზე ერთ მდელოიან ადგილზე გავჩერდით. სეიდი აჰმედ-ფაშამ ყველა მუსლიმი გმირი სათათბიროდ მოიხმო და თქვა: „ეს სამეგრელო ტრაპიზონის ვილაიეთის მბრძანებლობაშია და მაშინ, როდესაც საჭირო იყო ჩვენთვის მაშველი ძალის გამოგზავნა, კაზაკებს დაუჭირეს მხარი და ფადიშაჰს განუდგნენ. მათი ნავები და რუსების „ჩაიკები“ ჩემს ფადიშაჰს მივართვი. დაე, ტრაპიზონის ციხის ნავსადურში იდგნენ. ფადიშაჰის მიერ რა ბრძანებაც არ უნდა იყოს გამოცემული, ვილაიეთის ვალი მის მიხედვით უნდა მოქმედებდეს. ამდენი ათასი კაზაკი და მეგრელი ტყვე კი [სულთნის] ტახტს მივართვი. მაგრამ ახლა, როდესაც ამ დიდებულთა კრებული ამხედრებული ისლამის ჯარისა მზადაა, როგორ ვიძიოთ შური მეგრელ ურჯულოებზე, რომ ამდენ მგზავრობაგადატანილმა მართლმორწმუნეებმა ნადავლ-ნაშოვრით ისარგებლონ?“ როგორც კი საქმის განხილვა დაიწყო, გურჯისტანის განმგებელმა საფარ-ფაშამაც მეგრელებისადმი თავისი სიძულვილის გამოსახატავად თქვა: „ისლამის ლაშქრის ქვეითი და ცხენოსანი ჯარი მეგრელებს შევუსიოთ. ჩვენი, ახალციხისა და გურჯისტანის გმირები მეგზურებად მივცეთ და საღვთო ომის ნადავლი მათაც გავუზიაროთ“. ასე დამთავრდა ბჭობა და მე, მწირმა, ამ განზრახვას ფათიჰა წავუკითხე. იმავე წამს მუსლიმ გმირებს შორის ძახილი დაიწყეს მაცნეებმა. მთელი თავისი იარაღით გაემზადნენ და იდგნენ სარდლის ბრძანების მოლოდინში.

 LXXXII 

ღამე თავდასხმა საქართველოს ქვეყანაზე

ქუფთაჯ-ფაშა ლაშქრის მეწინავე გახდა და 3000 სახელოვანი მეომრით მდინარე ჭოროხის ნაპირის გაყოლებით სამხრეთისაკენ გაემართა. მას უკან გაჰყვა სამეგრელოს მიმართულებით 3000-მდე გურჯისტანის ახალციხის ჯარი, სეიდი აჰმედ-ფაშა კი მათ მიჰყვა მხოლოდ 9 რჩეული მეომრით. ბაკი-ფაშა კი 3000 მეომრით უკან გაჰყვა დუმდარად. არზრუმის შიბინ ყარა-ჰისარის ჯარებს ებრძანათ მარჯვენა ფრთაზე ევლოთ და ქიღის, ბასიანის, მამერვანის ჯარებს – მარცხენა ფრთაზე. ხნუსის, თექმანის, მანასკერტის სანჯაყთა ბეგებს დაევალათ ისლამის ლაშქრისათვის სურსათის, ქერის, ალაფისა და თივის მომარაგება. იმ დღეს ათი საათი ვიარეთ და გავჩერდით ბათუმის სანჯაყისა და სამეგრელოს შორს მდებარე ადგილას, რომელსაც „ზარ ჩაირი“ ეწოდება. დილაადრიან მდინარე ჭოროხზე ფონით რომ გავდიოდით, საფარ-ფაშამ საქართველოს ჯარით დაიწყო სამეგრელოს ნაჰიეს – დერანიეს (წერია „დერანიჲე“ - გ. ფ.) რბევა-აკლება. ეს რომ დაინახა მეგრელმა მოსახლეობამ, გაქცევა არჩია და მთებში გაიხიზნა. მაშინვე ჩვენი ბატონი დავთარდარ ზადეს პირველი სადროშე, 22 ბოლუქის მთავარი ბაირაღი 2200 მებრძოლით ციცაბო მთებში გაიშალნენ და ბაჯანას მეგრელებს გარს შემოერტყნენ... ტყვიის ერთი ბათქი დაახალეს და მათთან დიდი ბრძოლა დაიწყეს. ამის შემდეგ ბაჯანა დაპყრობილ იქნა და იქიდან შვიდასი ტყვე წამოიყვანეს. ჯარი ნადავლით აივსო. ამ ბრძოლაში [ოსმალო] გმირთაგან შვიდი ვაჟკაცი დაეცა. ბაკი-ფაშაც ნადავლ-ნაშოვრით გამდიდრდა და ისლამის ჯარს შეუერთდა. მუსლიმი გმირები დაიგზავნენ და გუნდ-გუნდად დაყოფილნი, მთებს, ხეობებსა და ბაჯანელებს ყოველი მხრიდან შეესივნენ. თვით „მერვე“-ს ციხემდე მიაღწიეს. [ციხეში] მყოფებმა ციხის ორ მხარეს კარი გააღეს და ისლამის ჯარს ბრძოლა დაუწყეს ციხის გარეთ. სამ საათს იბრძოდნენ და ონიქის ციხის ბეგმა ალი-ბეიმ, ველი-ბეიმ და ნაკიშლი ბოლუქ-ბაშიმ როდესაც ნახეს, ციხის დასავლეთი მხარე ცარიელიაო, ქამანდი რაღაცნაირად ესროლეს, ციხეზე აძვრნენ და ნელ-ნელა თავისი ვაჟკაცებიც აიყვანეს. კედელ-ბურჯებზე აზანი წაიკითხეს. გარეთ გამოსული ურჯულოები შეგ ვეღარ შევიდნენ და ხმლის ლუკმა გახდნენ. ხმალს გადარჩენილები კი ტყვედ ჩაცვივდნენ. ამ ბრძოლაშიც სამოცდაათმა მუსლიმმა შესვა მოწამეობრივი სიკვდილის შარბათი. 300 მეგრელი დაატყვევა და 700 მოკლა. ისლამის ჯარი სიმდიდრითა და ნადავლით აივსო. ბრძოლის დროს დატყვევებული ბიჭები და ქალიშვილები ძლევამოსილ სარდალს ჩააბარეს. აქედან ისევ ავიყარენით, ტყიან ადგილებში 9 საათი ვიარეთ და ბოღდოს ველს მივაღწიეთ. [სულთან] სელიმ-ხან პირველი უფლისწულობის დროს ტრაპიზონის განმგებელი იყო და რადგანაც ამ ულამაზეს მიდამოებში გაჩერდა, მდინარე ზობარის ნაპირზე ერთი მაღალი სოფა [ააგეს]. მხოლოდ ბზის ხეებით დამშვენებული ხეივანია. აქაც გავჩერდით. ისლამის გმირებმა მიდამოები ღამე დალაშქრეს. მეწინავე ქუფთაჯ-ფაშას ფრთაზე ორი გაიძვერა დაიჭირეს. ისინი სეიდი აჰმედ-ფაშას მიჰგვარეს და ალაპარაკეს. მათი ნაამბობი შემდეგი იყო: „ჩვენ მეგრელი ბეგის – ჟაფშხუს კაცები ვართ. ჩვენმა ბეგმა იმისათვის გამოგვგზავნა, რომ გაგვეგო გონიოს ციხე რუსებმა დაიპყრეს, თუ ამჟამად ოსმალთა ხელშიაო? ღვთის ნებით, აი, ტყვეობის მარწუხებში მოვხვდით. ახლა თქვენ იცით!“ ამათ დაიწყეს ჩვენი მეგზურობა იმ სოფლებისაკენ, სადაც ბევრი ნადავლის აღება შეიძლებოდა. სეიდი აჰმედ-ფაშამ ისინი გამოიყენა და წინ გაიძღოლა. მათ მიერ ნაჩვენებ მიმართულებას მაინც არ ენდობოდა და ისლამის ჯარისკაცები ერთად იყვნენ, თავით ფეხებამდე შეიარაღებულნი; ასე გადავსერეთ გზები და თეიმურაზ-ხანის ქვეყანაში შევედით. თურმე ეს ტომი ახალციხის ვეზირის – საფარ-ფაშას ქვეშევრდომი ყოფილა. თეიმურაზ-ხანის შვილი სამი ათასი შეიარაღებული, სრულყოფილი, თავით ფეხებამდე რკინაში ჩამჯდარი ქართველი ვაჟკაცებით, ორი ათასი ქვეითი ჯარით და მეთოფე ჯარით მოვიდა და [ოსმალო] ჯარის ერთ მხარეს დადგა. სარდალ ყაზი სეიდი აჰმედ-ფაშას საჩუქრები გამოუგზავნა. ამ თეიმურაზ-ხანის შვილსაც ჰყოლია განდგომილი ტომები. ისლამის ჯარს გაუძღვა, ფერნაქის, სელსელის, ფარაკანის, ფენაქის, ქომლას, სამარღას ნაჰიეები დაიპყრო და სამი დღის შემდეგ ახარის ციხის ძირას დაბანაკდა. ეს ციხეც დაიმორჩილეს. ერთ გორაკზე პატარა, მრგვალი ციხეა. ანუშირვანის შვილის – ჰორმუზ გვირგვინოსანის აშენებული ყოფილა. პატარა ზარბაზნები აქვს. მისი მცხოვრებლები მეომარი ხალხი არ ყოფილა. მაგრამ საშინელი ქურდობა იციან. მათ შეუძლიათ ციდან ვარსკვლავიც კი მოიპარონ. ქუფთაჯ-ფაშას ფრთიდან ორი ისეთი ვარსკვლავივით ლამაზი ქალწული წამოიყვანეს, რომ მათი მსგავსი ვერ მოიძებნება თვით იმ ფერიებში, რომლებიც დამასკოს ახლოს არიან (მუსლიმთა წარმოდგენით სამოთხეში ცხოვრობდნენ ულამაზესი ფერიები /ჰურიები; დამასკო და მისი სანახები / კი სამოთხის ქვეყნად ესახებოდათ - გ. ფ.). თითქოს იმათ ამბავს აუწყებს ქვეყანას ყურანის დიდებული აჲა: „ჩვენ შევქმენით ადამიანი საუკეთესო აღნაგობით“ (არაბული ფრაზა /ყურანის 95-ე სურა, მე-4 მუხლი/ - გ. ფ.). სეიდი აჰმედ-ფაშამ ისინი ქუფთაჯ-ფაშასაგან ათას-ათას ყურუშად იყიდა და ოც სხვა ქალიშვილთან ერთად სულთან იბრაჰიმ-ხანს გაუგზავნა. ამ დროს მანასკერტის ფრთას ტყვედ ჩაუვარდა სამეგრელოს ბეგის ბიძაშვილი. მან ასი ტყვე, ათასი სული საქონელი, მრავალი საპალნე ოქროქსოვილი, მრავალი საპალნე ფარჩა მისცა და თავი გამოისყიდა. ამ ძლევამოსილ ლაშქრობაში ერთი ზროხა ნახევარ ყრუშად იყიდებოდა და ერთი ცხვარი – ხუთ ახჩად. ამ დროს სეიდი აჰმედ-ფაშას აჩიკ-ბაშის ბეგისაგან საჩუქრად მოუვიდა ხუთი მონა და ხუთი მხევალი. მე, მწირსაც ერთი მონა და ერთი მხევალი მიბოძა. აქედან ძლევამოსილი ლაშქრით გამარჯვებულად ვიარეთ დასავლეთისაკენ და 11 საათში ნიჯახის ციხეში მივედით; იქიდან – ახჩა-ყალაში; იქიდან – ჯიქის ციხეში; იქიდან – ნიკერტის ციხეში; იქიდან ქუჩუკ-ყალაში. ამგვარად, გურჯისტანი და სამეგრელო თავიდან ბოლომდე დაპყრობილ-დამორჩილებულ იქნა. მათი ბეგები ყაზი სეიდი აჰმედ-ფაშასთან საჩუქრებით მოვიდნენ. რადგანაც ეს ციხეები მთიან ადგილებში მდებარეობენ, მათ აღარ მივხედეთ, გვერდი ავუარეთ და ჲუვანეს ნაჰიე დავიპყარით. აქედან გზა განვაგრძეთ, თექრექის ციხის ძირას გავჩერდით და შევისვენეთ. ჯარის ხმაური რომ გაიგონეს, მეგრელები შეშინდნენ, ციხიდან საჩუქრებით გამოვიდნენ და შეწყალება ითხოვეს. თხოვნა მხედველობაში არ მივიღეთ და ჩვენი ჯარი ტყვეებითა და ნადავლით აივსო. ამგვარად ყველა ისე დაიტვირთა, რომ აღარ შეეძლო წაეღო შარიათით გათვალისწინებული თავისი წილი [ნადავლისა] (ყურანის მე-8 სურა, რომელსაც ეწოდება „სამხედრო ნადავლი“, ყველა მუსლიმს ნებას აძლევდა „საღვთო ომში“ დაეხოცა, ან ტყვედ წამოეყვანა „ურჯულოთა“ ქვეყნის მამაკაცები, მონებად ექცია ქალები და ბავშვები და დავლად აეღო ყოველგვარი უძრავი და მოძრავი ქონება /ოქრო-ვერცხლი, ჭურჭელი, ტანსაცმელი, პირუტყვი, სახნავ-სათესი მიწები და ა. შ./. მთელი ამ ნადავლის 1/5 /ხუმს/ სახელმწიფოს მეთაურისა იყო და 4/5 ლაშქრობის მონაწილე მეომრებს უნდა გაენაწილებინათ - გ. ფ.).

მდინარე ჭოროხს დავყევით, გონიოს ციხის ძირას დავბანაკდით და დავისვენეთ. ნადავლი ტრაპიზონში გაიგზავნა და გონივრულად გაიყიდა.

LXXXIII

მეგრელების ენა*

(* შესწავლილი აქვს ს. ჯიქიას /იხ. С. Джикия, Евлия Челеби о мингрельском и грузинском языках, «Советское языкознание», II Л-д. 1936/ და ბლაიხშტაინერს /იხ. R. Bleichsteiner, Die Kaukasischen Sprachproben in Evliya Celebis Seyahatname, Caucasica, II, 1934/)

ართი – ერთი; ჟრი – ორი; შ(ს)უმი – სამი; ომ(თ)ხ – ოთხი; ხუთი – ხუთი; ფშქვი – ექვსი; იშქეთი – შვიდი; რუუო – რვა; ჯ(ჩ)ოღ(ხ)ორ – ცხრა; ვთი – ათი; ართი ვთი – თერთმეტი; ქოჲ(ბ)ალ – პური; დაჰ(ჩ)ხირ – ცეცხლი; ფორ – ფარი; იშხური – ცხვარი; დრკ(ყ)ათ – ქამარი; დუდი – თავი; დშქა – შეშა; ჯოღოზ(რ) – ძაღლი; ჯ(ჩ)ხუ – ძროხ; გისინ – ხბო; იჯმ – მარილი; იჯ[ც]ხნ – ცხენი; ღაჯ – ღორი; გრუთ(ნ) – ვირი; თუთ – დათვი; კ[ყ]ვლ – ყველი; მრჯვან – მაწონი; ვაჲ – მოდი; ჩ[წ]აჲ – ადამიანი; დახორ(დ) – დაჯექ; მლაული – არ წახვიდე, თინა – გოგო; ოჯ[ჭ]კომ – ვჭამოთ; ვაჲ ჩ[წ]აჲ – მოდი კაცო; აშ მორთ – აქეთ; მლაული ჩ[წ]აჲ – არ წახვიდე, კაცო; აში მორნ(თ) ცაჲ მამად – ღომი არის მამა; ვაჲ დიას – მოდი, დედა; ართი ღაჯ ოჯ[ჭ]კომ – ერთი ღორი ვჭამოთ; ჯოღოზ(რ) – ძაღლები; თნი იავუ ბჯუდ ჰათმა ღაფა – შევთხოვ, რათა ღმერთმა ქვად გაქციოს; დბ(ი)ჰრ მლად(ვ)ლი იშხური ქობალ ოჯ[ჭ]კომ – დაწექ, არ წახვიდე ცხვარი, პური ვჭამოთ; ვაჲ ჩ[წ]აჲ დახოდ კ[ყ]ვლ ქობალ ჯრჰვან ოჯ[ჭ]კომ – მოდი, კაცო დაჯექ, ყველი, პური, მაწონი ვჭამოთ. კ[გ]დმობრუთ(ნ)დი და მაკოჯ(ც)ე მამა დაგრჩინო – გადმობრუნდი და მაკოცე მამაშენის გულისთვის.

ამ სამეგრელოში ყოველ ტომს თავისი დამახასიათებელი, განსაკუთრებული კილოკავი ქვს. დიდი ქვეყანაა. სამოცდაათნაირი მოსავალი მოდის. ბევრი ჰყავთ ცხვარი, თხა, ღორი. მთებში – ირემი, შველი... ქეჰეილანის ცხენები ჰყავთ, მაგრამ თათარისტანში, გურჯისტანსა და სამეგრელოში სულ არ იცის ვირი და ჯორი. ამ ქვეყნებში ბევრია კვერნა, მელა, გარეული კატა, მგელი და [გარეული] ქათამი. რადგანაც პურსა და ქერს ცოტას თესენ, ცოტაც მოდის; სიმინდი და ღომი ბევრი მოდის. მაღალ მთებში უხვად არის კაკლის, ბზის, ფიჭვის და ღვიის ხეები; კიპარისის ხეები იშვიათია. ესენიც აბაზა და ჩერქეზი ხალხებივით მთებში ცხოვრობენ. მათი სოფლები მუდამ ერთ ადგილზეა – არ მომთაბარეობენ. ბაღ-ვენახიანი, ეკლესიებიანი, კეთილმოწყობილი ციხეები და სოფლები აქვთ. ეს იმიტომ, რომ ისინი ძველი ხალხია და მათი მიწა დიდი ქვეყანაა.

აქედან სამხრეთით, არზრუმისაკენ გავემართენით და მესამე დღეს დავანლის ნაჰიეში მივედით. თორთუმის სანჯაყის მიწაზე მდებარეობს და მორჩილი ნაჰიეა. რადგანაც უსაფრთხო და მშვიდობიან ადგილას შევედით, ახალციხის ვეზირმა საფარ-ფაშამ სეიდი აჰმედ-ფაშასაგან ნებართვა აიღო და მრავალი ტურფა და იშვიათი საჩუქარი მიართვა. ჩვენ ბატონ არზრუმის განმგებელსაც საჩუქრები გაუგზავნა. [ახალციხის] ვილაიეთის ჯარი თეიმურაზ-ხანის შვილთან, ალექსანდრე-ხანის შვილთან და ქართველ ბეგებთან ერთად ჩილდირისაკენ გაემართნენ. ყაზი სეიდი აჰმედ-ფაშა კი ძლევამოსილი ლაშქრით 4 საათში მივიდა ერთ ადგილას, რომელსაც ჲუვანეს ხევი ეწოდება. ისპირისა და თორთუმის მთელი მოსახლეობა საჩუქრებით მოვიდა სეიდი აჰმედ-ფაშასა, ბაკი-ფაშასა და ქუფთაჯ-ფაშასთან. საჩუქრები მიართვეს. აქაურობა, სეიდი აჰმედ-ფაშას სანჯაყის საზღვარია. აქედან გზა განვაგრძეთ და ქალაქ თორთუმში შევედით. ყველა წარჩინებული სეიდი აჰმედ-ფაშას შესახვედრად გამოვიდა. შარაგზის მარჯვენა და მარცხენა მხარეს იდგნენ და ულოცავდნენ: – „კეთილი იყოს თქვენი საღვთო ომიო“. მთელი ჯარი რომ გადავიდა, „სამ“-ისა და „ნერიმან“-ივით (იგულისხმება „შაჰ-ნამეს“ და ხალხური ეპოსის გმირები. სამი ნერიმანის მამა და როსტომის პაპა იყო - გ. ფ.) ბედნიერი ყაზი სეიდი-ფაშასთვის ჩვენი ბატონის – დავთარდარ ზადე-ფაშას მიერ გამოგზავნილი კარვის მოწყობილობა კარავში შეიტანეს და მის ცხენს ექვსი ცალი ნახჭევნური ფოლადის ცხენის ჯავშანი გადაჰკიდეს. იმ ქეჰეილანის [ცხენზე] ყაზი [სეიდი აჰმედ-ფაშა] შეჯდა. სუნიტების წესზე თავზე მოხვეული თეჲლესანი ძირს ეშვებოდა, თავით-ფეხამდე რკინაში იყო ჩაფლული, „ბურლუკ“ და „უჲლუკ“ შვიდთავიანი გველეშაპივით მოდიოდა და მარჯვნივ და მარცხნივ სალამს აძლევდა. ხალხი ორივე მხრიდან ლოცვა-კურთხევას უთვლიდა: „ღმერთი შეგეწიოს, ჰეი, ალაჰისათვის მებრძოლო გმირო!“ ამ დროს ციხეში ზარბაზნები გავარდა მისი კეთილი მობრძანების აღსანიშნავად და ქალაქ თორთუმის მთებმაც გუგუნი გამოსცეს. სეიდი აჰმედ-ფაშა დიდი ზარ-ზეიმით მივიდა თავის სასახლეში. ბაკი-ფაშა, ქუფთაჯ-ფაშა და სხვა მუსლიმი გმირები, რვა სანჯაყის ბეგი სამ დღეს ქალაქგარეთ ვბანაკობდით. მეოთხე დღეს არზრუმისაკენ გავემართენით.

ჩვენი მგზავრობის მესამე დღეს, ათას ორმოცდაჩვიდმეტი (1647) წლის კასიმის პირველ დღეს (1647 წლის 8 ნოემბერი - გ. ფ.) ფეხი შევდგით არზრუმის მიწაზე და გავიარეთ ადგილი, რომელსაც საქართველოს ყელი (გურჯი ბოღაზი) ეწოდება. სოფელ უმდუმში მივედით. აქედან ძლევამოსილი ლაშქარი დიდი ზეიმით არზრუმში უნდა წასულიყო...

ტექსტში არსებული თურქული ტერმინების განმარტებანი 

(ამ ნაწილში წიგნის ჩვენს ხელთ არსებულ ეგზემპლარში იყო ბეჭდვის წუნი და მთელი რიგი ფურცლები სრულებით ცარიელი იყო. შესაბამისად, ქვემოთ მოყვანილ ტექსტშიც გადმოსულია ეს ნაკლი და ბევრი სასარგებლო ინფორმაცია აკლია, რომლის შევსებასაც მომავალში ვიმედოვნებთ) 

ა ღ ა – პატივისცემის გამომხატველი სიტყვა, რომლითაც მიმართავდნენ ოჯახის უფროსს, პაპას, უფროს ძმას. ასე უწოდებდნენ სასახლის სხვადასხვა კატეგორიის მსახურთა უფროსებს (საჭურისთა აღა, ჭაშნაგირთა აღა...), სამხედრო (იანიჩართა აღა, აზაბთა აღა, თოფჩუების აღა, მეციხოვნეთა აღა) და სამოქალაქო მოხელეებს, ამქართა მამასახლისებს, ვაჭრებს, რომელთა საკუთარ სახელს ერთვოდა (ოსმან-აღა).

ა ხ ჩ ა – თ ე თ რ ი. თურქული ვერცხლის ფული. პირველად ორხან-ბეგის სახელზე მოიჭრა 1328 წელს. 1,54 გ იწონიდა და უმაღლესი ხარისხისა იყო. ევროპელები ასპერს უწოდებდნენ. XVII საუკუნეში წონა ერთ-ხუთად შემცირდა და ისე გაფუჭდა, რომ სპილენძისაგან ვეღარ არჩევდნენ. ეკონომიკისა და ფინანსების კრიზისული მდგომარეობის პირობებში ახჩის ღირებულების დაცემა ვაჭრების, ხელოსნებისა და ღარიბების დიდ უკმაყოფილებას იწვევდა და ხშირი არეულობის მიზეზი ხდებოდა. 1687 წლიდან ახჩა ყურუშმა შეცვალა, რომელსაც ევროპაში პიასტრს უწოდებდნენ.

ბ ა ი რ ა კ ი – ბ ა ი რ ა ღ ი, დ რ ო შ ა. ასევე ეწოდებოდათ, როგორც ზოგადი სახელი, იანიჩართა ასეულებს – ოდებს, რადგანაც ყოველ ოდას თავისი ბაირაღი ჰქონდა. ეს ბაირაკი 50-60 იანიჩარისაგან შედგებოდა.

ბ ა შ-ჩ ა უ შ ი – იანიჩართა კორპუსში მეხუთე ბოლუქის მეთაური და იანიჩართა ჩაუშების უფროსი. მას „სერ-ჩაუშს“ და „ჩაუშ-ი ბუზურგ“-საც უწოდებდნენ. ქეთხუდა-ბეგის შემდეგ ყველაზე მაღალი რანგის მეთაური იყო და მხოლოდ იანიჩართა აღას ემორჩილებოდა.

დ ი ვ ა ნ ი – 1. სულთნის ან დიდვეზირის საბჭო, რომელიც უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო საქმეებს სწყვეტდა. დივანი ეწოდებოდა მაღალი თანამდებობის მოხელეების კანცელარიებსაც, მაგალითად: „კაზიასკერის დივანი“, „ვილაიეთის ვალის დივანი“ და ა. შ. 2. ლექსების კრებული.

დ ი ვ ა ნ-ხ ა ნ ა – შენობა, რომელშიც სახელმწიფო საბჭოს სხდომები ეწყობოდა, სასამართლო იმართებოდა და საპატიო სტუმრებს მიღებას უწყობდნენ. დივანხანა ფაშების კანცელარიებსაც ეწოდებოდა.

დ უ მ დ ა რ ი – ლაშქრობის დროს არიერგარდში გამწესებული რაზმი, რომელიც ჯარის აღალს მიჰყვებოდა. მას „არდაჯიც“ (ზურგისა) ეწოდებოდა.

ე მ ი ნ ი – ნ დ ო ბ ი თ ა ღ ჭ უ რ ვ ი ლ ი, რ წ მ უ ნ ე ბ უ ლ ი, გ ა მ გ ე; სახელმწიფო ორგანიზაციაში სხვადასხვა საქმეს განაგებდნენ. მაგალითად: ზარაფხანის ემინი ფულის მოჭრას უწევდა მეთვაყურეობას; ჯიზიას ემინი – ჯიზიას გადასახადის გაწერასა და აკრეფას; მაჰქემე ემინი – სასამართლო ოქმების წარმოებას; მადენ ემინი – ვერცხლს, სპილენძისა და გვარჯილის მოპოვებას. იყვნენ საბაჟოს ემინი, ყაფანის ემინი, თევზჭერის ემინი, მარილის ემინი, ღვინის ემინი და სხვა.

ე შ ი კ ა ღ ა ს ი – აქ ნიშნავს ირანის ხანების სასახლეში მსახურთა გამრიგეს, ადმინისტრატორს.

ვ ა ლ ი – ოლქის მმართველი. ოსმალეთში ეწოდებოდა ვილაიეთის გამგებელს – ბეგლარბეგს. ტერმინები: ვილაიეთის ვალი, ბეგლარ-ბეგი, მირ-მირანი სინონიმებად იხმარებოდა. ირანში – ადგილობრივი მბრძანებლების საგვარეულოს წევრი, რომელიც შაჰის მოადგილედ ითვლებოდა თავის ქვეყანაში. სეფიანთა ირანში 4 ვალი იყო: არაბისტანის, ლურისტანის, გურჯისტანისა და ქურთისტანის.

ვ ე ზ ი რ ი – ოსმალეთში უმაღლესი სამოქალაქო და სამხედრო მოხელე. ვეზირთა ერთი ნაწილი სულთნის დივანის წევრები იყვნენ და და მათ ეწოდებოდათ პირველი ვეზირი, მეორე ვეზირი და ა. შ. ვეზირები ეწოდებოდათ ზოგი ვილაიეთის ფაშებსაც, მაგალითად სულეიმან I დროიდან (1520-1566) ვეზირის ტიტულს ანიჭებდნენ ზოგი ვილაიეთის განმგებლად დანიშნულ სამთუღიან ფაშებს; როდესაც ეგვიპტის ვალი გახდა ჩობან მუსტაფა-ფაშა, მას ვეზირობა ეწყალობა. შემდეგ ხანებში ბაღდადის, იემენის, ბუდინის, არზრუმის ბეგლარ-ბეგებს ვეზირის ტიტული ეძლეოდათ. ესენი განაპირა ქვეყნები იყო და პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით სახელმწიფო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. XVI საუკუნის ბოლოდან თითქმის ყველა ვილაიეთის განმგებელს, იანიჩართა აღას და სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდალს – კაფუდან-ფაშასაც ეძლეოდა ვეზირის ტიტული. განსაკუთრებული ადგილი ეჭირათ კუბბე-ვეზირებს (6-8 ვეზირი), რომლებსაც განსაზღვრული სახელმწიფო თანამდებობა არ ეკავათ, მაგრამ სულთნის საგანგებო საბჭოს შეადგენდნენ დიდვეზირთან ერთად. ვეზირთა შორის უპირველესი იყო დიდვეზირი (ვეზირ-ი აზამ, სადრაზამ), რომელიც მთელი სახელმწიფოს ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა და ოსმალეთის ჯარების მთავარსარდალი იყო.

ვ ი ლ ა ჲ ე თ ი/ე ჲ ა ლ ე თ ი – ქ ვ ე ყ ა ნ ა, ო ლ ქ ი. ოსმალეთში – ყველაზე მსხვილი ადმინისტრაციული ერთეული. ვილაიეთის ........

თ ე ლ ე ი ს ა ნ ი – აქლემის ან თხის თივთიკის ქსოვილის თავსაბურავი, რომელიც მამაკაცებს თავიდან ზურგზე ჰქონდათ გადმოფარებული. ულემები და ყადიები შავი ფერისას ატარებდნენ და უფრო გრძლად იყო ჩამოშვებული – ეს სუნიტების წესად იყო მიჩნეული.

თ ი მ ა რ ი – პირველ ხანებში თიმარი ეწოდებოდა ყოველგვარ საკარგავს, რომელიც სამხედრო-ფეოდალურ არისტოკრატიას ეძლეოდა და უმეტეს შემთხვევებში – სამხედრო სამსახურისათვის. შემდეგ ასე უწოდებდნენ იმ მიწებს, რომელთა წლიური შემოსავალი 1000 ახჩიდან 20 ათას ახჩას აღწევდა და სამხედრო სამსახურის პირობით ეძლეოდათ ფეოდალებს. თიმარის მფლობელებს ეწოდებოდათ „ს ა ჰ ი ბ ი თ ი მ ა რ“, „თ ი მ ა რ ლ ი ს ი ფ ა ჰ ი ლ ე რ“. თიმარები და ზეამეთები ფეოდალური ლაშქრის – სიფაჰიების შესანახი, სახელმწიფო მიწების ფონდი იყო და მათ საერთო სახელად ეწოდებოდა „კ ა ლ ი ჩ“ – ხ მ ა ლ ი.

თ ო ფ ჩ უ – მეზარბაზნე. ოსმალეთის რეგულარული ჯარის სახეობა, „საარტილერიო კორპუსი“. ორ მთავარ ნაწილად იყოფოდა: ...........

........წლებიდან კი, როდესაც ვეტერან იანიჩარებს ცოლის შერთვისა და ოჯახის მოკიდების უფლება მისცეს, მათი შვილები შედიოდნენ იანიჩართა კორპუსში.

იანიჩართა კორპუსი სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგებოდა: 1. ჯ ე მ ა ა თ ო რ თ ა ლ ა რ ი. ყველაზე უფრო ძველი სახეობა იყო და იანიჩართა კორპუსი რომ დაარსდა, მხოლოდ 101 ორთასაგან შედგებოდა. რადგანაც ყაზარმებში ცხოვრობდნენ და თითო ორთა ცალკე ოთახში – ოდაში იყო მოთავსებული, ორთას ოდასაც უწოდებდნენ. მათ მეთაურობდნენ ჲაჲა-ბაშიები, მე-60, 61-ე, 62-ე და 63-ე ოდები სულთნის ამალაში შედიოდნენ და მათ „სოლაკებს“ უწოდებდნენ. სოლაკების მეთაური იყო სოლაკ-ბაში. 2. ს ე კ ბ ა ნ ე ბ ი – მეჰმედ II დროს (1451-1481) შეიქმნა. მას 65-ე ორთას უწოდებდნენ, მაგრამ ფაქტიურად 35 ბოლუქისაგან შედგებოდა. ერთ ბოლუქში მხედრები იყვნენ და 34-ში – ქვეითები. ბოლუქების მეთაურებს ბოლუქ-ბაში ეწოდებოდათ და მათ უფროსს, ე. ი. სეკბანთა ყველა ბოლუქის მეთაურს – სეკბან-ბაში. სეკბანბაში იანიჩართა აღის შემდეგ პირველი კაცი იყო და ხშირად მას აწინაურებდნენ იანიჩართა აღის თანამდებობაზე. დღიური ჯამაგირი 70 ახჩა ეძლეოდა. 3. ა ღ ა ბ ო ლ უ ქ ლ ე რ ი (აღის ბოლუქები) – 61 ბოლუქი იყო. უშუალოდ იანიჩართა აღის განკარგულებაში იყვნენ. მათ მეთაურებს ბოლუქ-ბაშიები ეწოდებოდათ. 

იანიჩართა სხვადასხვა ოდები შეიარაღებული იყვნენ მშვილდისრით, არკებუზით, მუშკეტით, დამბაჩით, ხმლით, გურზით, საომარი ცულით, იათაგანითა და სხვა.

ი ა ნ ი ჩ ა რ თ ა ა ღ ა – „ჲ ე ნ ი ჩ ე რ ა ღ ა ს ი“. იანიჩართა კორპუსის მეთაური და მთავარსარდალი. XVI საუკუნის დასაწყისამდე იანიჩართა კორპუსში აღზრდილი და დაწინაურებული ენერგიული ადამიანები ინიშნებოდნენ ამ თანამდებობაზე – ძირითადად სეკბან-ბაშიები. შემდეგ ეს წესი მოიშალა და უმეტეს შემთხვევაში, სასახლის დიდკაცები ინიშნებოდნენ. XVII საუკუნეში ისევ აღადგინეს ძველი წესი. დღიური ჯამაგირი 400-500 ახჩა ჰქონდათ და ბოძებული არფალიქის (იხ. არფალიქი) წლიური შემოსავალი – 500 ათასი ახჩა.

1645 წლიდან დაიწყეს იანიჩართა აღებისთვის ვეზირის ხარისხის ბოძება და მათ „აღა-ფაშას“ უწოდებდნენ.

იანიჩართა აღა განაგებდა იანიჩართა ვარჯიშს, ჯამაგირის გაცემას, დანიშვნასა და გადაყენებას. ის განიხილავდა საჩივრებს და დამნაშავეებს სჯიდა.

იანიჩარების რაზმები საზღვრისპირა ციხეებშიც იყვნენ ჩაყენებული და მათ მეთაურებსაც „იანიჩართა აღა“ ან იანიჩართა სარდალი ეწოდებოდა.

ი ა ნ ი ჩ ა რ თ ა ს ა რ დ ა ლ ი – საზღვრისპირა რაიონების ციხეებში ჩაყენებული იანიჩართა რაზმების მეთაური.

ი ჩ-ა ღ ა – შ ი დ ა ა ღ ა. საერთო სახელწოდება სულთნის შინა-მოსამსახურეთა ხელმძღვანელებისა, რომლებიც სახელმწიფოს წარჩინებულებად ითვლებდნენ. მათ შორის უპირველესი იყო კაფუ-აღასი, რომელიც XVI საუკუნის ბოლომდე სასახლის ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო.

იჩ-აღები ხელმძღვანელობდნენ მუსიკოსებს, მესაწოლეებს, მესანთლეებს, იარაღის ოსტატებს, დალაქებს, მექისეებს და ა. შ. იჩაღად ითვლებოდა სულთნის პირადი ხაზინის განმგებელი – ხაზინადარ-ბაში, რომელიც, გარდა ამისა, ჩაცმის დროს ჩალმას აწვდიდა სულთანს და სალოცავ ხალიჩას უშლიდა. იჩ-აღა იყო ქილერჯი-ბაშიც, რომელიც სულთნის სუფრის გაშლას და საჭმელ-სასმელით უზრუნველყოფას ხელმძღვანელობდა. 

კ ა ჲ მ ა კ ა მ ი – მ ო ა დ გ ი ლ ე, შ ე მ ც ვ ლ ე ლ ი – როდესაც დიდვეზირი ლაშქრობაში გაუძღვებოდა ოსმალეთის ჯარს, მის მაგივრად სახელმწიფო საქმეების გასარიგებლად დედაქალაქში რჩებოდა სახელმწიფოს წარჩინებული, რომელსაც ვეზირის ხარისხი ჰქონდა და ამ შემთხვევაში მას უწოდებდნენ „რიქაბ კაიმაკამ-ი“ („რიქაბ“– უზანგი). თუ ამ დროს სულთანიც ლაქრობაში იყო, კაიმაკამს ეწოდებოდა „სტამბოლის კაიმაკამი“. თუ დიდვეზირიცა და სულთანიც დიდი ხნით იყვნენ დედაქალაქიდან წასული, სულთანს ახლდა „რიქაბ კაომაკამი“ და დედაქალაქში რჩებოდა სტამბოლის კაიმაკამი.

კაიმაკამები ეწოდებოდათ იმ მოხელეებსაც, რომლებიც გადაყენებული ბეგლარბეგებისა და სანჯაყ-ბეგების მაგივრად განაგებდნენ მიმდინარე საქმეებს, სანამ ახალი მმართველი ჩამოვიდოდა.

კ ა ჲ ნ ა რ ჯ ა – ცხელი წყარო.

კ ა ნ ა ვ ა თ ი – მიწისქვეშა არხი, რომლითაც სასმელი ან სარწყავი წყალი მიწოდებოდა.

კ ა ნ უ ნ-ნ ა მ ე – „კ ა ნ ო ნ თ ა წ ი გ ნ ი“. ოსმალთა ფეოდალური სახელმწიფოს და შესაბამისი კანომდებლობის განვითარების ეტაპი გამოიხატა მეჰმედ II-ის (1451-1481), სელიმ I-ის (1512-1520), სულეიმან I-ის (1520-1566) და აჰმედ I-ის (1603-1617) „კანუნ-ნამეებში“.

კ ა ფ უ დ ა ნ ი – კ ა პ ი ტ ა ნ ი (იტალიურიდანაა) – სამხედრო ხომალდის ან ხომალდების ჯგუფის მეთაური. XVII საუკუნის დასაწყისამდე სამხედრო ხომალდების მეთაურებს რ ე ი ს ი ეწოდებოდათ. შემდეგ იგი კ ა ფ უ დ ა ნ მ ა შეცვალა და რ ე ი ს ი სავაჭრო ხომალდის უფროსს ან პატრონს ეწოდებოდა.

კ ა ფ უ დ ა ნ-ფ ა შ ა – ოსმალთა მთელი სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდალი. მას „კაფუდან-ი დერია“-საც („საზღვაო კაპიტანი“) უწოდებდნენ. ვეზირის ხარისხი ჰქონდა მას სამი თუღით. იგი განაგებდა, აგრეთვე, კაფუდან-ფაშას ვილაიეთს, რომელსაც ხმელთაშუა ზღვის კუნძულები შეადგენდნენ. მას უდიდესი შემოსავალი ჰქონდა.

კ ა ფ უ ჯ ი, კ ა ფ ი ჯ ი – სასახლის კარისკაცი.

კ ა ფ უ ჯ ი-ბ ა შ ი, კ ა ფ ი ჯ ი-ბ ა შ ი – სულთნის სასახლის ერთ-ერთი დიდებული. მეჰმედ II დროს ერთი კაფუჯი-ბაში იყო, შემდეგ – ორი; XVII საუკუნეში – 12 და ზოგჯერ მეტიც. ისინი სხვადასხვა დროს 500-2000 კაფუჯის საქმიანობას ხელმძღვანელობდნენ. უხუცესს ბაშკაფუჯი-ბაში ეწოდებოდა და კაფუჯი-ბაშიების მეთაური იყო. კაფუჯი-ბაშიები განაგებდნენ სულთნის სასახლის კარებისა და დივანის სხდომების დაცვას. სულთანს და სახელმწიფო დივანს წარუდგენდნენ ხოლმე ელჩებსა და საპატიო სტუმრებს. კაფუჯი-ბაშიები იგზავნებოდნენ ვილაიეთებში ბეგლარ-ბეგებთან მნიშვნელოვანი ან საიდუმლო დავალებებით. როგორც მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლებს, ხშირად ევალებოდათ ხოლმე სულთნისათვის არასასურველი ფაშებისა და სხვა დიდი მოხელეების თავიდან მოშორება და მოკვლა. ასეთ საქმეებში კაფუჯი-ბაშიები თავანთ ერთგულ კაფუჯიებს იყენებდნენ.

კაფუჯი-ბაშიების დღიური ჯამაგირი ჯერ 100 ახჩა იყო და XVII საუკუნეში 150 ახჩას მიაღწია. მათ ეძლეოდათ აგრეთვე არფალიქები (იხ.).

კ ო ნ ა კ ი – 1. სასახლე. 2. ღამის სათევი, სადგური. სადგურთან მოწყობილი იყო ფუნდუკი, თავლები აქლემებისა და ცხენებისათვის, იყიდებოდა სურსათ-სანოვაგე, საქონლის საკვები. 3. მანძილი კონაკებს შორის, ერთი დღის სავალი („კონაკი... სავალი გზაა იმ ანგარიშით, რომ ერთ კონაკს თორმეტ საათს ივლის კაცი“. „ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი“, ნაკვ. I, გვ. 135), ე. ი. როდესაც ავტორი ამბობს „4 კონაკი გავიარეო“, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ მანძილზე უსათუოდ 4 სადგური იყო მოწყობილი – 4 დღის სავალი იყო.

დიდი ლაშქრობისათვის მზადებისას სარდლობა წინასწარ აწყობდა კონაკებს და ცდილობდა ამ სადგურების რიცხვი ისე გაეზარდა, რომ ყოველი დღის სავალზე დროებით მაინც ყოფილიყო თითო სადგური – კონაკი.

კ ო ნ ა კ ჩ ი – 1. მოხელე, რომელსაც ევალებოდა სალაშქრო მარშრუტზე ჯარისათვის მოემზადებინა სადგომები, სურსათი, წყალი და ფურაჟი. ამისათვის ადგილობრივ მცხოვრებლებს ახდევინებდა საგანგებო გამოსაღებს, რომელსაც ავარიზი და ნუზლი ეწოდებოდა. 2. როდესაც სულთანი ლაშქრობდა, მისი ექვსი თუღიდან (იხ. თუღი) ორი თუღი ერთი დღის სავალით წინ მიჰქონდათ. რომელიმე სანჯაყის ბეგს ან ვილაიეთის ფაშას დაავალებდნენ თუღებს ხლებოდა და შეემოწმებინა სადგურის – კ ო ნ ა კ ი ს მზადყოფნა; თუ საჭირო იყო, ზომები უნდა მიეღო სადგურის სრული მზადყოფნისათვის. ამ მოვალეობის შემსრულებელს კ ო ნ ა კ ჩ ი ს უწოდებდნენ ლაშქრობის დამთავრებამდე.

კ ო ჯ ა – 1. მ ო ხ უ ც ი; 2. ზორბა; 3. სახელგანთქმული.

ლ ი ვ ა – 1. დროშა; 2. სადროშო. იხ. სანჯაყი.

მ ი ლ ი – მანძილის საზომი. წყაროებში სხვადასხვანაირად არის განმარტებული: 1. მანძილი, რომელიც 1000 ზირას – წყრთას შეიცავდა – დაახლოებით 750 მეტრი. 2. ათასი ნაბიჯი. 3. ფარსანგის 1/3. 4. საშუალო ნაბიჯით საათის 1/3-ში გავლილი მანძილი.

მ ი რ-ლ ი ვ ა – ერთთუღიანი ფაშის სამხედრო წოდება; აგრეთვე – სანჯაყის (ლივას) ბეგი (იხ. სანჯაყბეგი).

ნ ა ჰ ი ე – ქვეყანა, მხარე, ოლქი; XVI საუკუნიდან – სასამართლო-ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც ყაზაში შედიოდა და რამდენიმე სოფელს აერთიანებდა.

ჲ ა ჲ ა – მუდმივი, ჯამაგირიანი ქვეითი ჯარი, რომელიც იანიჩართა კორპუსის შექმნამდე არსებობდა. მის დაარსებას ჩანდარლი ყარა ჰალილს მიაწერენ. ჯარის ამ სახეობის მეომრები ლაშქრობის დროს დღიურად ორ ახჩას იღებდნენ. ლაშქრობის დამთავრების შემდეგ თავიანთ ქვეყნებში ბრუნდებოდნენ და სოფლის მეურნეობას მისდევდნენ. სამხედრო სამსახურის სანაზღაუროდ ყოველგვარი გადასახადებისაგან თავისუფალი იყვნენ. იანიჩართა კორპუსის დაარსების შემდეგ ომიანობის დროს ზოგი თავის ქვეყანაში რჩებოდა გარნიზონებში, ზოგი ლაშქრის ზურგის სამსახურში იყო: საომარ მასალასა და სურსათს ეზიდებოდნენ, გზებს წმენდნენ, ხიდებს აშენებდნენ და ციხეებს ამარაგებდნენ. თიმარები ეძლეოდათ ჯერ ოც-ოც კაცს ერთად და XVII საუკუნეში – ოცდაათ-ოცდაათ კაცს. ლაშქრობისას ამ ჯგუფებიდან 5 კაცი ჯარში მიდიოდა და „ე შ ქ ი ნ ჯ ი“ ეწოდებოდათ; დანარჩენები სახლში რჩებოდნენ და მათ ჲამაკებს უწოდებდნენ. მეთაურებს ჲაჲა-ბეგი ეწოდებოდათ.

ჲაჲა-ბაში – მხოლოდ იანიჩართა 1-101 ორთების მეთაურებს ეწოდებოდათ ეს სახელი. დღიურად 24 ახჩას იღებდნენ გასამრჯელოს.

ჲ ა ს ა კ ჩ ი – იანიჩარები, რომლებსაც ევალებოდათ სტამბოლში ჩამოსული უცხოელი ელჩებისა და მათი საელჩოების დაცვა. გარდა ამისა, იანიჩართა კორპუსის სხვადასხვა ორთებს მორიგეობით წესრიგი უნდა დაეცვათ მათი განლაგების რაიონში, ქალაქში ან ციხე-სიმაგრეში. ამისათვის გადასახადების გადამხდელები გასამრჯელოს აძლევდნენ.

ჲ უ ზ ბ ა შ ი – ასისთავი.

ჲ უ რ თ ა ქ ი – „ჲურთ“ ნიშნავს: 1. ქვეყანა, მხარე. 2. სამშობლო. 3. საცხოვრებელი. 4. მომთაბარე ტომის მიწა, რომელიც ან სრული საკუთრება იყო, ან სამხედრო სამსახურის პირობით ეძლეოდა. ამგვარად, „ჲურთექი“ ნიშნავს ჲურთის მფლობელს. ევლია ჩელები ასე განმარტავს: „ეს მანსურლუს ტომები ყირიმის იურთაქები ე. ი. ყირიმის ნახევარკუნძულის მფლობელები არიან“ („ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი“, ნაკვ. 1. გვ. 118).

ჲ უ რ თ ლ უ ღ ი, ჲ უ რ თ ლ უ ქ ი – მიწები, რომლებსაც სახელმწიფო აძლევდა დაპყრობილი ქვეყნების ადგილობრივ ფეოდალებს. ესენი ისლამს მიიღებდნენ მიწას ინარჩუნებდნენ და ოსმალეთის მთავრობას დახმარებას უწევდნენ ქვეყნის დამორჩილების საქმეში. ეს მიწები მემკვიდრეობის წესით გადადიოდა. აშარის შემოსავალი მფლობელისა იყო, სამაგიეროდ იგი სამხედრო სამსახურში იყო და ფეოდალურ ლაშქართან ერთად გაჰყავდა რაზმები. ჲურთლუღები იყო დიარბაქირის, შეჰრიზონის ვილაიეთებში, აგრეთვე საქართველოს იმ ტერიტორიაზე, რომლებიც ოსმალებმა მიიტაცეს. ევლია ჩელები წერს: „შავშეთის სანჯაყები ჲურთლუღი და ოჯაკლექსებია და მულქიეთის წესით არის მფლობელობაში“ („ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი“, ნაკვ. 1. გვ. 299).

ო დ ა – 1. ოთახი. 2. იანიჩართა ყაზარმა. იანიჩართა ბოლუქებსა და ორთებს ცალკე ყაზარმები ჰქონდათ ჯერ ედირნეში და კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ – ძირითადად სტამბოლში. 3. ოდა ეწოდებოდა იანიჩართა იმ ნაწილებსაც, რომლებიც ოდებში – ყაზარმებში ცხოვრობდნენ და ეს ტერმინი ორთას პარალელურად იხმარებოდა.

ო დ ა ბ ა შ ი – 1. იანიჩართა ყაზარმის განმგებელი. ლაშქრობისას ცალკე კარავში იყო და იანიჩართა ოდის კარვები მის გარშემო ეწყობოდა. 2. სასტუმროს მოხელე, რომელიც სასტუმროს ოთახებს განაგებდა.

ო ჯ ა კ ი – 1. კერია. 2. ოჯახი. 3. იანიჩართა კორპუსის საერთო სახელწოდება.

ო ჯ ა კ ლ ი ქ ი – სახელმწიფო მიწების კატეგორიაში შედიოდა და სამემკვიდრეოდ ეძლეოდა დაპყრობილი ტერიტორიის ფეოდალებს, ტომის ბელადებს. ძირითადად ეს იყო სანჯაყი, რომლის მფლობელი სამხედრო სამსახურში იყო და გადასახადების ნაწილი ეკუთვნოდა. ასეთი სანჯაყები აღმოსავლეთ ანატოლიაში შეიქმნა და იმ ადგილობრივ ფეოდალებს აძლევდნენ, ვინც ოსმალეთს ეხმარებოდა ქვეყნის დამორჩილების საქმეში (იხ. ჲურთლუქი).

რ ა ბ ა თ ი – ციხის გარეუბანი, რომელიც გალავნით იყო შემოზღუდული.

რ ა ი ა, რ ე ა ჲ ა – ქ ვ ე შ ე ვ რ დ ო მ ე ბ ი; XV-XVII საუკუნეებში ოსმალეთში ასე ეწოდებოდა გადასახადის გადამხდელ, ფეოდალურად დამოკიდებულ სოფლის მოსახლეობას, გლეხებს („რაია ვე შეჰირლი“ – გლეხები და ქალაქელები). XVII საუკუნიდან, უმეტეს შემთხვევაში, ქრისტიანი მოსახლეობის აღმნიშვნელი ტერმინი.

რ ა ი ა თ ი – („რაიას“ მხოლობითი რიცხვი) გ ლ ე ხ ი.

რ ე ი ს ი – 1. უფროსი, რაიმე საქმის განმგებელი: „რეის ულ-ქუთთაბ“ – სახელმწიფოს კანცელარიის უფროსი და ა. შ. XVII საუკუნემდე ასე ეწოდებოდა სამხედრო გემის მეთაურს, შემდეგ კი მას კაფუდანს უწოდებდნენ და რ ე ი ს ი სავაჭრო გემის მფლობელს ან კაპიტანს ეწოდებოდა.

რ უ მ – 1. ბიზანტია. 2. მცირე აზია. 3. ანატოლია.

რ უ მ ი – ბერძენი; ბერძნული, ბიზანტიური, ანატოლიური.

ს ა დ რ ა ზ ა მ ი – იგივე დიდვეზირი – სახელმწიფო დივანის ხელმძღვანელი, სახელმწიფოს პირველი დიდკაცი. იგი ხელმძღვანელობდა ქვეყნის მართვა-გამგეობას, საგარეო საქმეებს, სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნასა და გადაყენებას. ლაშქობის დროს ოსმალეთის ჯარებს სარდლობდა და საპატიო ტიტულად „სერდარ-ი ეკრემ“ ეძლეოდა. სამსახურისთვის სახასო მიწები ჰქონდა, რომელთა წლიური შემოსავალი 2,5-3 მილიონ ახჩას აღწევდა.

ს ა ვ ო ე ვ ო დ ო (ვოევოდალიქ) – თანამდებობა, რომელიც ვოევოდას ეჭირა. ვოევოდები ეწოდებოდათ: 1. ევროპული ვილაიეთების ზოგ ბეგლარ-ბეგსა და სანჯაყის ბეგებს. 2. სანჯაყის ბეგის ხასების განმგებელს ერთ ან რამდენიმე ნაჰიეში. 3. ბეგლარ-ბეგების, დიდვეზირების, სულთნის ხასების განმგებელს.

ს ა ნ ჯ ა ყ-ბ ე გ ი – სანჯაყის მმართველი და ლაშქრობის დროს სანჯაყის ფეოდალური ლაშქრის მეთაური; სამხედრო და ადმინისტრაციულ საქმიანობაში ვილაიეთის ბეგლარ-ბეგს ემორჩილებოდა. ზოგ სანჯაყ-ბეგს ერთთუღიანი ფაშის ტიტული ეძლეოდა. სანჯაყ-ბეგს მუთასარიფსა და მირ-ლივასაც უწოდებდნენ.

ს ა ნ ჯ ა ყ ი – 1. დროშა. 2. სადროშო – სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც ვილაიეთში შედიოდა.

ს ა რ ა ჯ ი – მეუნაგირე, ცხენის საკაზმის ხელოსანი. სულთნის სასახლის საჯინიბოს მსახურთა შორის 200 სარაჯი იყო.

ს ა რ ა ჯ ხ ა ნ ა – უნაგირებისა და ცხენის მოსართავების სახელოსნო.

ს ე კ ბ ა ნ ი – მეძაღლე, ძაღლებით მონადირე იანიჩართა კორპუსის ერთი ძირითადი ნაწილი (კორპუსში სამი ძირითადი კატეგორია იყო). მეჰმედ II ფათიჰამდე (1451-1481) რეგულარული ჯარის დამოუკიდებელი კატეგორია იყო და მათი მეთაური სხვა ნაწილების მეთაურებზე უფროსად ითვლებოდა. მეჰემდ II ისინი იანიჩართა კორპუსს შეუერთა. რიგითი სეკბანები დღეში 6-8 ახჩას იღებდნენ. მათ შორის პრივილეგირებული იყვნენ 33-ე ბოლუქის სეკბანები, რომლებიც სულთანს სანადიროდ ახლდნენ ხოლმე. ესენი ძირითადად წარჩინებულთა შვილები იყვნენ (იხ. იანიჩარი).

სეკბანები ეწოდებოდათ აგრეთვე სასაზღვრო სამსახურის რაზმებს, ვიალიეთების და სანჯაყების მმართველთა ჯარების ნაწილებს, რომლებიც ჯამაგირს იღებდნენ. მათ დანაყოფებს, იანიჩართა სეკბანების ბოლუქებისაგან განსხვავებით, ბ ა ი რ ა ღ ე ბ ი ეწოდებოდათ. თითო ბაირაღში 60 სეკბანი იყო.

ს ი ფ ა ჰ ი – 1. მხედარი. 2. ფეოდალური ლაშქრის წვრი, თიმარის ან ზეამეთის მფლობელი (იხ. თიმარი). 3. „ექვსი პოლკის“ – რეგულარული ცხენოსანი ჯარის – პირველი პოლკის მეომარი. ამათ „ულუფელი სიფაჰი“ ეწოდებოდათ. ფეოდალური ლაშქრისაგან განსხვავებით, ძირითადად წარჩინებულთა და მსხვილ ფეოდალთა შვილები იყვნენ; აქ შედიოდნენ აგრეთვე სასახლის დაწინაურებული მსახურები. პოლკი 300 ბოლუქად იყოფოდა და თითო ბოლუქში 20-30 კაცი იყო. მათ ბოლუქ-ბაშიები მეთაურობდნენ. სიფაჰიების მეთაური იყო ს ი ფ ა ჰ ი-ა ღ ა ს ი, რომლის თანაშემწე და სამეურნეო საქმეების გამრიგე იყო სიფაჰიების ქეთხუდა.

ს ი ფ ა ჰ ს ა ლ ა რ ი – ს პ ა ს ა ლ ა რ ი. ევლია ჩელები ამბობს: „ირანში სარდალ ვეზირს სიფაჰსალარი ეწოდება“ („მოგზაურობის წიგნი“, ნაკვ. 1. გვ. 250).

ს ო ლ ა კ ი – იანიჩართა კორპუსის მე-60, 61-ე, 62-ე და 63-ე ორთების (ოდების) და მისი ჯარისკაცების სახელწოდება. თითო ორთაში 100 ჯარისკაცი იყო. მათ მეთაურებს სოლაკ-ბაში ეწოდებოდათ. ესენი სულთნის მცველებად ითვლებოდნენ და ლაშქრობაში მას ახლდნენ.

ს უ ბ ა შ ი – ორი მთავარი კატეგორის იყო: 1. „მირ-ი სუბაში“ – ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს უ ბ ა შ ი ე ბ ი – მოხელეები, რომლებიც ქალაქებში საპოლიციო საქმიანობას განაგებდნენ. დღისით მეთვალყურეობდნენ ბაზრებს, სავაჭრო რიგებს, სახლებს. ამათ ხელქვეითებსაც სუბაში ეწოდებოდათ (მაგ: ნაგვის საყრელის სუბაში). სუბაში ასასაბაშიებთან ერთად ღამღამობით ქუჩებში დადიოდა და საეჭვო პირებს ჩხრეკდა, აპატიმრებდა. ამ საქმიანობაში ყადის ემორჩილებოდა. 2. თ ი მ ა რ ი ს ს უ ბ ა შ ი – სამხედრო ფეოდალი, რომელიც მშვიდობიანობისას დაბაში ან ციხე-სიმაგრეში იჯდა და განაგებდა; ომის დროს სათავეში ედგა ფეოდალური ლაშქრის რაზმს – 250-300 სიფაჰის – და ა ლ ა ი-ბ ე ი ს ემორჩილებოდა.

ამას გარდა სუბაში ეწოდებოდა იანიჩართა შესავსებად მოწყობილი დაწესებულოების „ა ჯ ე მ ი ო ჯ ა ღ ი ს“ უმცროს მეთაურს; სუბაში მიყო აგრეთვე რეგულარულ ჯარშიც, რომელიც ლაშქრობისას დისციპლინას და წესრიგს იცავდა და მშვიდობიან დროს გადასახადების ასაკრეფად აგზავნიდნენ.

ს უ ლ თ ა ნ ი – 1. ოსმალთა სახელმწიფოს მბრძანებელი, ფადიშაჰი. 2. თურქულ ტომებში – უფლისწული, ტომის ბელადი. 3. მაღალი თანამდებობის პირის საპატიო ტიტული მიმართვის დროს; როდესაც სულთნის დედის, ცოლების, ქალიშვილების სახელს ახსენებდნენ, სახელის შემდეგ სულთანს იტყოდნენ (მაგ., მურად IV-ის ერთ-ერთ ქალიშვილს კაჲა-სულთანი ერქვა).

ს უ ნ ა – მუსლიმანური რელიგიური გადმოცემების ერთობლიობა, რომელიც შედგება მუჰამედის შესახებ მონათხრობებისაგან. ყოველ ასეთ გადმოცემას, რომელიც მუჰამედის გამონათქვამებს, საქციელს, მსჯელობას შეეხება, ჰადისი ეწოდება. ამ ჰადისების კრებულებმა ფართო გავრცელება ჰპოვეს IX საუკუნის შემდეგ და მუსლიმთათვის ყოველდღიური ცხოვრების, საქმიანობისა და ყოფა-ქცევის სახელმძღვანელოდ იქცნენ. სუნა ეწოდება აგრეთვე ტრადიციას, კანონს.

ს უ რ ა – ყურანი 114 თავისაგან შედგება და ყოველ მათგანს ს უ რ ა ეწოდება.

ტ ა რ უ ღ ა – სეფიანთა ირანში – მოხელე, რომელიც ხელმძღვანელობდა ქალაქსა და მის სანახებში, განსაკუთრებით ბაზრებში, წესრიგის დაცვას; იღებდა ღონისძიებას ბოროტმოქმედების აღსაკვეთად. ევლის ჩელები განმარტავს: „ირანში სუბაშის ტარუღა ეწოდება“ („ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი“, ნაკვ. 1. გვ. 250) იხ. სუბაში.

ფ ა დ ი შ ა ჰ ი – ხელმწიფე, სულთნის ოფიციალური ტიტულები იყო: ხ ა ნ ი, ს უ ლ თ ა ნ ი, ჰ უ ნ ქ ი ა რ ი (ხონთქარი), მაგრამ ხალხში ხშირად ტიტულად ფ ა დ ი შ ა ჰ ს ხმარობდნენ. სულთნები, თავის მხრივ, ფადიშაჰს უწოდებდნენ ევროპის დიდი სახელმწიფოების მბრძანებლებს.

ფ ა რ ს ა ნ გ ი, ფ ა რ ს ა ხ ი – სიგრძის საზომი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მანძილს აღნიშნავდა და საშუალოდ 6 კილომეტრი უნდა ვივარაუდოთ. ზოგი წყაროს მიხედვით იგი აღნიშნავდა 4 საათის სავალს, 12 ათას ნაბიჯს. ევლის ჩელები განმარტავს: „თითო ფარსანგი 12 ათასი ნაბიჯია“ („მოგზაურობის წიგნი“, ნაკვ. 1. გვ. 254).

ფ ა შ ა – ბეგლარ-ბეგების, ვეზირების, საზღვაო ფლოტის სარდლის, დიდვეზირის და ზოგი სხვა დიდი სამხედრო და ადმინისტრაციული მოხელის ტიტული. მეჰმედ II ფათიჰამდე (1451-1481) ეს ტიტული მაღალ რანგის ღვთისმეტყველებსაც ეძლეოდათ. XVI საუკუნის ბოლომდე სანჯაყის ბეგებსაც ფაშას უწოდებდნენ (ერთთუღიანი ფაშა).

ქ ა ფ ი რ ი – გ ი ა უ რ ი, უ რ წ მ უ ნ ო, უ რ ჯ უ ლ ო. ასე უწოდებდნენ მუსლიმები სხვა რელიგიის მიმდევრებს, მათ შორის – ქრისტიანებს. ხშირად ასე უწოდებდნენ ს უ ნ ი ტ ე ბ ი – ორთოდოქსალური ისლასმის მიმდევრები – შ ი ი ტ ე ბ ს.

ქ ე თ ხ უ დ ა – მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი, მ ო უ რ ა ვ ი. სასახლის, სახელმწიფო დაწესებულებების და სხვადასხვა სახეობის ჯარების მეთაურთა მოადგილეები, რომლებსაც ძირითადად სამეურნეო საქმიანობა ევალებოდათ (ხაზინის ქეთხუდა, გემსაშენის ქეთხუდა, დავთრის ქეთხუდა, ჩაუშების ქეთხუდა).

ქ ე თ ხ უ დ ა-ბ ე ჲ – 1., დიდვეზირის თანაშემწე. 2. იანიჩართა აღის მოადგილე.

ქ ე თ ხ უ დ ა-ჲ ე რ ი – 1. ქეთხუდას თანამდებობის მოხელის მოადგილე, 2. პროვინციებში განლაგებული რეგულარული ცხენოსანი ჯარის უფროსი, რომელიც იმ არე-მარეზე ყველაზე მაღალი რანგის მეთაურად ითვლებოდა.

ქ ი ლ ა – საწყაო, რომელსაც ოსმალეთში მარცვლეულისათვის ხმარობდნენ. სხვადასხვა ქვეყანაში და ოსმალეთის სხვადასხვა მხარეში სხვადასხვა იყო. სტამბოლის ქილა 18-20 ოყას ე. ი. 25 კილოგრამამდე იწონიდა.

ქ ი ს ა, ქ ე ს ე – 1. ქისა, პარკი. 2. ფულის სათვალავის მნიშვნელობითაც იხმარებოდადა 1687 წლამდე შეიცავდა 500 ახჩას, შემდეგ 500 ყურუშს ე. ი. 40 ათას ახჩას.

ღ უ ლ ა მ ი – 1. მონა. 2. ტყვე-ბიჭი. 3. მსახური. 4. ფაშების საკუთარი რაზმების წევრები და ფეოდალთა მეომრები. 5. ირანის შაჰის ცხენოსანი გვარდიის მეომარი.

ყ ა დ ი – მოსამართლე, რომელიც შარიათის და ადათის საფუძველზე განსჯიდა. იურიდიული საკითხების გარდა, მის მოვალეობას შეადგენდა თვალ-ყური ედევნებინა ვაკუფების, მაღაროების, გზების მშენებლობის, ბაზრებისა და სხვა საქმეების განმგებელთა მუშაობისათვის. ყადიები განათლებას მედრესეში იღებდნენ და მათი იერარქიული გზა შემდეგი იყო: ნაჰიეს ყადი, სანჯაყის ყადი. ამის შემდეგ რომ დაწინაურებულიყო, მედრესეში უნდა ემუშავა მუდარისად და შემდეგ გახდებოდა ვილაიეთის ყადი; შემდეგ – ხუთი ქალაქის ყადი (კაირო, ალეპო, ედირნე, ბურსა, ფილიბე), მექასა და მედინას ყადი, გალათას ყადი, სტამბოლის ყადი, ანატოლიის ყაზი-ულ-ისლამი. დღიური ჯამაგირი 60-70, 150, 300, 500 ახჩა იყო და ყადის რანგსა და თანამდებობაზე იყო დამოკიდებული. ამას გარდა ყადიებს ეკუთვნოდათ იურიდიული აქტების შედგენისათვის აღებული გასამრჯელო.

ყ ა ზ ა – 1. ყადის თანამდებობა. 2. ის ტერიტორია, რომელზედაც ვრცელდებოდა ყადის უფლებები. 3. სანჯაყში შემავალი ადმინისტრაციული ერთეული.

ყ ა ზ ი, ღ ა ზ ი – მუსლიმი, რომელიც ურჯულოების წინააღმდეგ მოწყობის „წმინდა ომში“ – ღ ა ზ ა ვ ა თ შ ი მონაწილეობდა. საპატიო ტიტული, რომელიც მიეკუთვნებოდა ამ ომის სახელმოხვეჭილ ადამიანს.

ყ უ რ უ შ ი – ვერცხლის ფული, რომელმაც ოსმალეთში 1687 წლიდან შეცვალა გაუფასურებული ახჩა. 80 ახჩას უდრიდა. მანამდე ყურუში (გროში) ეწოდებოდა ევროპის სახელმწიფოთა ვერცხლის ფულს, რომელიც ოსმალეთშიც ტრიალებდა. ევროპელები ოსმალურ ყურუშს პიასტრს უწოდებდნენ.

შ ა ჰ ს ე ვ ა ნ ი, შ ა ჰ ს ე ვ ე ნ ი – შ ა ჰ ი ს მ ო ყ ვ ა რ უ ლ ი. შაჰ-აბას I-ის დროს (1587-1629) ასე უწოდებდნენ ყველას, ვინც თავისი ნებით შედიოდა შაჰის სამსახურში და ასევე ეწოდებოდა ყიზილბაშური ტომების ზედაფენის წარმომადგენლებისაგან შექმნილ სამხედრო ორგანიზაციას.

შ ე ი ხ ი – (სიტყვასიტყვით – მოხუცი) 1. ტომის ბელადი. 2. მუსლიმი ღვთისმეტყველი და სამართლისმცოდნე; 3. მუსლიმური რელიგიური ორდენის (ტარიკათის) მეთაური.

შ ე ი ხ უ ლ-ი ს ლ ა მ ი – მუსლიმური სასულიერო წოდების მეთაური ოსმალეთში.

ჩ ა რ ხ ჩ ი – ლაშქრის მეწინავე ცხენოსანთა რაზმი.

ჩ ა უ შ ი – ბაიაზეთ I ილდირიმის დროს (1389-1402) დაარსდა ჩაუშთა ორგანიზაცია. ჩაუშები სხვადასხვა დავალებებს ასრულებდნენ: იგზავნებოდნენ ელჩებად, ბრძანებები და განკარგულებები მიჰქონდათ პროვინციებში, სახელმწიფო დივანის სხდომებს ემსახურებოდნენ. ჯარის სარდლების განკარგულებებს გადასცემდნენ რაზმების მეთაურებს.

ჩ ე თ ე ჯ ი – მოთარეშეთა (აკინჯიები) ცხენოსანი რაზმების (ჩეთე) მეომრები, რომლებიც საზღვრებთან იყვნენ განლაგებულნი, გამუდმებით ესხმოდნენ თავს მოწინააღმდეგის მიწებს და ძარცვავდნენ მის მოსახლეობას. ომიანობის დროს ისინი ძირითადად მტრის ზურგში მოქმედებდნენ.

ჩ ე ლ ე ბ ი – განათლებული, დახვეწილი ადამიანი. სულთან მეჰმედ I ჩელების დრომდე (1413-1421) სიტყვა „ჩ ე ლ ე ბ ი“ ერთვოდა უფლისწულის სახელს. ჯეალ ედ-დინ რუმის შთამომავლებსა და მევლევიელთა ორდენის წევრების მეთაურებსაც ჩ ე ლ ე ბ ი ს უწოდებდნენ.

ჩ ე რ ი-ბ ა შ ი – ფეოდალური ლაშქრის (თიმარების მფლობელი სიფაჰიების) ერთ-ერთი სარდალი, რომელსაც სამსახურისათვის ზეამეთი ეძლეოდა. ჩერიბაშიები უშუალოდ ემორჩილებოდნენ ალაი-ბეგს და ალაი-ბეგი – სანჯაყის ბეგს. ლაშქრობა რომ დაიწყებოდა, ჩერი-ბაშიები სიფაჰიებს შეყრიდნენ თავიანთი ჯებელიებით და ალაი-ბეგის დროშის ქვეშ დადგებოდნენ. მშვიდობიანობის დროს თავის რაიონში ჯებელიები მუდმივ მზადყოფნაში ჰყავდათ და წესრიგს იცავდნენ. ჩერიბაშიებს უწოდებდნენ, აგრეთვე, ანატოლიიდან რუმელიაში გადასახლებული და დამკვიდრებული თურქების სარდლებს. მათ „ე ვ ლ ა დ-ი ფ ა თ ი ჰ ა ნ“ – დ ა მ პ ყ რ ო ბ ე ლ თ ა შ ვ ი ლ ე ბ ი – ეწოდებოდათ.

ჩ ო რ ბ ა ჯ ი – რეგულარულ ჯარში და კერძოდ, იანიჩართა კორპუსში ერთ-ერთი ორთის მეთაური. ხშირად ბოლუქ-ბაშის უწოდებდნენ. „ჩ ო რ ბ ა“ წ ვ ე ნ ი, შ ე ჭ ა მ ა ნ დ ი. რადგანაც ითვლებოდა, რომ რეგულარული, დაქირავებული ჯარის მეომრები სულთნის ულუფაზე იყვნენ, მეომართა უშუალო მეთაურს „ჩ ო რ ბ ა ჯ ი“ – მ ე წ ვ ნ ე ეწოდებოდა და იგულისხმებოდა, რომ სულთნის სახელით ჰკვებავდა მათ.

ხ ა ნ ი – 1. მბრძანებელი. 2. ოსმალეთის სულთნის ტიტული, რომელიც სახელის შემდეგ ითქმოდა. 3. ოსმალეთის აღმოსავლეთ მხარებში ადგილობრივი ბეგებისა და ყირიმის თათართა მმართველების ტიტული. 4. ირანის ოლქების სახანოების მმართველები. ევლია ჩელები ამბობს: „ირანში მირ-მირანს ხ ა ნ ი ეწოდება“ („ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი“, ნაკვ. 1. გვ. 250).

ხ ა ნ ლ ა რ-ხ ა ნ ი – ხ ა ნ თ ა ხ ა ნ ი; ირანის გამოჩენილი ხანების ტიტული. ევლია ჩელები განმარტავს: „ირანში სამთუღიანი ვეზირის თანამდებობას ხ ა ნ ლ ა რ-ხ ა ნ ი ეწოდება“ („ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი“, ნაკვ. 1. გვ. 250).

ხ ა რ ა ჯ ა – დაპყრობილი, არამუსლიმი გლეხობის გადასახადი. ორი სახის ხარაჯა უნდა გადაეხადა გლეხს: 1. თავისი ნაკვეთის ყოველგვარი მოსავლის 1/10 ნატურით – „ხარაჯ-ი მუკასემე“. 2. სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთის ფულადი გადასახადი – „ხარაჯ-ი მუვაზზაფ“. ხარაჯის ამ სახეობას „რ ე ს მ ი ჩ ი ფ თ ი ც“ ეწოდებოდა. ხარაჯას გადახდის სწორედ ეს ნაწილი აყენებდა გლეხობას მუსლიმებთან შედარებით მძიმე მდგომარეობაში.

ხ ა ს ი – მიწა, რომელიც სამხედრო ან ადმინისტრაციული სამსახურის პირობით ეძლეოდათ დიდ სახელმწიფო მოხელეებს, მაგალითად: სანჯაყ-ბეგის ხასი, ბეგლარ-ბეგის ხასი, ვეზირების ხასი და ა. შ. სანჯაყის ბეგებსა და ვილაიეთის ბეგლარ-ბეგებს, გარდა თიმარებისა და ზეამეთების მფლობელების ფეოდალური ლაშქრისა, შემოსავლის ყოველ 3 ათას ახჩაზე (ანატოლიაში) ან 5 ათას ახჩაზე (რუმელიაში) უნდა გამოეყვანათ ჯებელიების საკუთარი ლაშქარი. ხასების მიწებზე აკრეფილი გადასახადების შემოსავალი 100 ათასი და მეტი ახჩა უნდა ყოფილიყო. ხასი თიმარებისა და ზეამეთებისაგან იმით განსხვავდებოდა, რომ მის ყველა მფლობელს არ ევალებოდა სამხედრო სამსახური და შეიარაღებული მხედრების გამოყვანა, მაგალითად: ხასები ეძლეოდათ სულთნის საგვარეულოს წევრებს (ხას-ი სელათინ), ხასებსა ფლობდა სულთანი (ხას-ი ჰუნაჲუნ), ხასებიდან აძლევდნენ მიწებს სულთნის საგვარეულოს ქალებს მზითვად და სარჩენად – ბ ა შ მ ა კ ლ ი ქ ი (ფეხსაცმლის ხარჯი).

ხ ი ფ თ ა ნ ი – შალის ძაფით მოქსოვილი ჩასაცმელი, რომელსაც ჯავშნის ქვეშ ატარებდნენ; ზოგჯერ ჯავშანსაც აღნიშნავდა.

ხ ო მ ა ლ დ ე ბ ი – ოსმალეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ნაწილი სახელმწიფო გემსაშენებში შენდებოდა; ეკიპაჟები და მებრძოლები ძირითადად ა ზ ა ბ ე ბ ი იყვნენ. მეორე ნაწილი სანაპირო ბეგების მიერ, მათთვის ნაბოძები მიწების შემოსავლის ხარჯზე. აშენებული ხომალდებისაგან შედგებოდა და თიმარებისა და ზეამეთების მფლობელების ლაშქარი ემსახურებოდა საზღვაო ქვეით ჯარად.

ოსმალეთის ფლოტში მრავალი სახეობის ხომალდი იყო, რომელთაც ძირითადად დამახინჯებული იტალიური სახელები ჰქონდათ. ევლია ჩელები ასახელებს შემდეგს: 1. ბ ა შ თ ა რ დ ა, ბ ა ს თ ა რ დ ა – იალქნიანი და ნიჩბიანი საომარი ხომალდი. ძირითადად ორი სახეობისა იყო: ა) სიგრძით 57 არშინი, 26 წყვილი ნიჩბით გამართული; თითო ნიჩაბს 5 მენიჩბე უსვამდა. ბ) სიგრძით 72 არშინი, 32 წყვილი ნიჩბიანი; თითო ნიჩაბს 7 მენიჩბე უსვამდა. კაფუდან-ფაშას ბაშთარდა საზღვაო ფლოტის მთავარ ხომალდად ითვლებოდა. ამ ხომალდზე ნიჩბებს 500 მენიჩბე უსვამდა. ხელჩართული ბრძოლისათვის 250 მეომარი იყო. სამი ზარბაზანი გემის თავში იდგა, და 4-5 გვერდებზე. ცალკე სულთნისათვისაც იყო სამეფო ბაშთარდა და სხვებისაგან იმით გამოირჩეოდა, რომ იალქნები, ნიჩბები და დროშა მწვანე ფერისა ჰქონდა. 2. გ ა ლ ი ო ნ ი, კ ა ლ ი ო ნ ი – ოსმალთა ფლოტის ყველაზე დიდი, იალქნებიანი სამანძიანი ხომალდი. 60-120 ზარბაზნით იყო შეიარაღებული. 3. დ ო ნ ბ ა რ ა – მცირე სატვირთო ხომალდი. 4. ზ ა რ ბ უ ნ ა – მცირე ზომის სატვირთო ხომალდი. 5. კ ა ლ ი ფ ე – იალქნიანი და 38-48 ნიჩბიანი ხომალდი. თავში 1 ზარბაზანი იდგა. 6. კ ა რ ა ვ ა ნ ა, კ ა რ ა ვ ე ლ ა – იალქნიანი, სამანძიანი ხომალდი გალიონის ტიპისა. მას კ ა რ ა ვ ა ნ ა გ ა ლ ი ო ნ ს ა ც უწოდებდნენ. 7. კ ა რ ა მ უ რ ს ა ლ ი – სამკუთხა იალქნიანი, მცირე ხომალდი, რომელზეც ზოგჯერ ნიჩბებიც იხმარებოდა. მარმარილოს ზღვის სანაპიროებზე და სრუტეებში პატრულობდა და ზოგჯერ მდინარეზეც იყენებდნენ. სახელწოდება მიიღო ორხანის (1334-1359) დროინდელი პირველი კაფუდანის სახელის მიხედვით. ამ კარა მურსალმა იზმითის ყურეში დააარსა გემსაშენი და დაიწყო ფლოტის აშენება. 8. კ ა დ ი რ გ ა, კ ა ტ ა რ ღ ა – იალქნიანი, ორანძიანი გალერა, რომელსაც 48 ნიჩაბი ჰქონდა და თითოს 5 მენიჩბე უჯდა. სიგრძე 165-168 და სიგანე 21-22 ნაბიჯი ჰქონდა. შეიარაღებული იყო 1 დიდი, 4 საშუალო და 8 პატარა ზარბაზნით. გარდა მეზღვაურებისა და მეზარბაზნეებისა, 196 მენიჩბე და 100 მეომარი ჰყავდა. 9. მ ა ვ უ ნ ა, მ ა ვ ნ ა – ერთანძიანი, იალქნებითა და 26 წყვილი ნიჩბით მოძრაობდა. ნიჩბები ორ სართულად იყო გაწყობილი და თითი ნიჩაბს 7 მენიჩბე უსვამდა. კადირგაზე მაღალი ბორტები ჰქონდა და უფრო ფართო იყო. მენიჩბეები, მეომრები, მეზარბაზნეები და ეკიპაჟი 600 კაცს შეადგენდა. 24 ზარბაზნით იყო შეიარაღებული. მას კ ა რ ა მ ა ვ უ ნ ა ს ა ც უწოდებდნენ. 10. მ ე ნ ე ქ ს ი ლ ა – „ლაზებისა და მეგრელების დიდი ნავები“; ამ ნავებს თურქებიც იყენებდნენ ზღვის ნაპირებზე და მდინარეებზე ცურვისათვის. 11. ს ა ნ დ ა ლ ი – ერთალქნიანი დიდი ნავი, რომელიც ტვირთის საზიდად გამოიყენებოდა. 12. ფ ი რ კ ა თ ა – ფ რ ე გ ა ტ ი. იალქნიანი და ნიჩბიანი ხომალდი. 10-17 წყვილი ნიჩაბი ჰქონდა და თითოს 2-3 მენიჩბე უსვამდა. 80 მეომარი ჰყავდა. ძირითადად სადარაჯოდ და დაზვერვისათვის იყენებდნენ. 13. ჩ ა ი კ ა, შ ა ი კ ა – მცირე ზომის ნიჩბიანი ხომალდი, რომელიც მდინარეზე ცურავდა და ზღვის ნაპირზეც იყენებდნენ. ბრტყელძირა, დიდი ნავის მოყვანილობისა იყო. 20-50 მებრძოლი ჰყავდა. ზოგჯერ სამ პატარა ზარბაზანსაც დგამდნენ. მდინარეების შესართავებთან პატრულობდა და წყნარ ამინდში გაშლილ ზღვაშიც ახლდა ხოლმე დიდ გემებს. 14. შ ი თ ი ე, შ ე ჰ თ ი ე – ორანძიანი, იალქნიანი ხომალდი. დიდი 30-45 არშინის სიგრძისა იყო და მცირე 23-27 არშინისა. ზოგ დიდი ზომის შითიეს სამი ანძა ჰქონდა.

კიდევ რამდენიმე დასახელების ხომალდი იყო, რომლებიც ფაქტიურად არ გასხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. მაგალითად, ჩექმელი, ჩაკალი, ჲუნაჰი, ბუთენი. ყველა ზემოხსენებული ხომალდის მენიჩბეები ძირითადად ომში დატყვევებული ან ნაყიდი მონები იყვნენ. მეომრებად – აზაბები და ფეოდალური ლაშქარი. მეზარბაზნეები – რეგულარული ჯარის ჯამაგირიანი მეომრები.

ჯ ა ბ ა ხ ა ნ ა – („ჯ ა ბ ა“, „ჯ ე ბ ე“ – ჯ ა ვ შ ა ნ ი) – საომარ მასალას, ჯავშან-იარაღსა და მათ საწყობს ეწოდებოდა. ჯაბახანა ეწოდებოდა როგორც სტამბოლისა და სხვა ქალაქების არსენალებს, აგრეთვე ციხეების, იარაღისა და საომარი მასალის საერთო სახელი იყო. ასევე ეწოდებოდა იმ საომარ მასალას, რომელიც ლაშქრობაში თან მიჰქონდა ჯარს.

ჯ ა მ ა ა თ ი – 1. შეკრება, თავშეყრა, საზოგადოება. 2. მუსლიმანური თემი, მრევლი.

ჯ ა მ ე – საკრებულო მეჩეთი, რომელშიც საპარასკევო და სადღესასწაულო ლოცვა იმართებოდა. უბნების მცირე მეჩეთების მრევლი პარასკეობით ჯამეში იყრიდა თავს და იქ ლოცულობდა.

ჯ ე ბ ე ლ ი – „ჯ ე ბ ე“– ჯ ა ვ შ ა ნ ი; „ჯ ე ბ ე ლ ი“– ჯ ა ვ შ ნ ი ა ნ ი. ჯებელიები ეწოდებოდათ ცხენოსან მეომრებს, რომლებსაც თიმარებისა და ზეამეთების მფლობელები თავის ხარჯზე აიარაღებდნენ, საჭმელ-სასმელს აძლევდნენ და ლაშქრობაში გამოჰყავდათ. ჯებელიების საკუთარი რაზმები ჰყავდათ სანჯაყების ბეგებსა და ვილაიეთების ბეგლარ-ბეგებსაც (იხ. სიფაჰიები). თუ ჯებელი გმირობას გამოიჩენდა ბრძოლაში, მას თიმარი ეწყალობებოდა და სიფაჰი გახდებოდა.

ჯ ე ბ ე ჯ ი – მ ე ი ა რ ა ღ ე ე ბ ი, მ ე ა ბ ჯ რ ე ე ბ ი. დაქირავებული ჯარის სახეობა, რომელიც ძირითადად სამეურნეო საქმიანობას ეწეოდა: ნაწილი იარაღს ამზადებდა, ნაწილი იცავდა ამ იარაღს, ნაწილი ეზიდებოდა და ჯარში ანაწილებდა. იარაღის დასამზადებელი სახელოსნოები და საწყობები სტამბოლში, ედირნეში, ბურსაში და საზღვრისპირა ციხეებში იყო მოწყობილი. მათი მეთაური და ხელმძღვანელი იყო ჯ ე ბ ე ჯ ი-ბ ა შ ი, რომელიც წლიურად 20 ათას ახჩას იღებდა.

ჰ ა ფ ი ზ ი – მუსლიმი, რომელმაც ყურანი ზეპირად იცოდა.

ჰ ა ქ ი მ ი – 1. მსაჯული. 2. შარიათის კანონების აღმასრულებელი. 3. მმართველი.

ჰ ა ჯ – მექასა და მედინას წმინდა ადგილების მოლოცვა.

ჰ ა ჯ ი – მექასა და მედინას წმინდა ადგილებში სალოცავად ნამყოფის საპატიო ტიტული.

პროფესორ გიორგი ფუთურიძის წიგნიდან ამონარიდები ამოიღო და მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment