Sunday, December 21, 2014

აკადემიკოსი დუბროვინი აღა-მაჰმად-ხანის მოკვლისა და იმპერატორ პავლე I-ის ერეკლე მეფესთან მოლაპარაკებათა შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ნიკოლოზ დუბროვინის წიგნის «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе» /томъ III. С-Петербургъ, 1886/ შესაბამისი თავის თარგმანს)

თავი IX. 

(საქართველოს მდგომარეობა იმპერატორ პავლე I-ის ტახტზე ასვლისას. – შიშები საქართველოში სპარსელთა ახალ შემოჭრაზე. – აღა-მაჰმად-ხანი შუშაში. – მისი მოკვდინება. – იმპერატორ პავლე I-ის ურთიერთობა და მოლაპარაკებები საქართველოს მეფესთან.)

ცნობამ იმპერატორ პავლე I-ის ტახტზე ასვლის შესახებ აიძულა ერეკლე მეფე 1797 წლის დასაწყისში ს.-პეტერბურგში სრულუფლებანი მინისტრის სახით თავადი გარსევან ჭავჭავაძე გამოეგზავნა. წარმოგზავნილი ჩვენს კარზე ორი სიგელით გამოცხადდა, რომლებშიც საქართველოს მეფე, ულოცავდა რა იმპერატორს, ამასთან ერთად ამბობდა, რომ თავისი ელჩი გამოგზავნა “ჩემი, ჩემი სახლისა და ამასთან მთელი ჩემი სამეფოს თქვენი მაღალი საიმპერატორო უდიდებულესობის მფარველობის ქვეშ შემოვრდომის გამოსათქმელად” (Письма Ираклiя императору Павлу I отъ 3-го февраля и 16-го апреля 1797 г.).

აპრილის თვეში თავადი ჭავჭავაძე უკვე ს.-პეტერბურგში იმყოფებოდა და ითხოვდა ჩვენი ჯარების საქართველოში დანიშვნას იმისთვის, რათა აღა-მაჰმად-ხანისგან ახალი თავდასხმა და აოხრება არ განეცადათ და საერთოდ გარეშე მტრებისგან მხარის უზრუნველყოფისა და საქართველოზე რუსეთის მფარველობის განმტკიცებისთვისაც (Письма князя Чавчавадзе къ князю Безбородко 28-го апреля 1797 г.). მალევე თავად ერეკლეც სთხოვდა იმპერატორ პავლეს მისთვის 4.000 ადამიანის გაგზავნას აღა-მაჰმად-ხანის მიერ დატყვევებისგან ქრისტიანების დასაცავად, რომელიც ახალი აოხრებით იმუქრებოდა და ერეკლეს თავის ფირმანს უგზავნიდა, “ვისაც მთელი სამყარო ემორჩილება”.

ჩვენი ჯარების უკან დახევა და რუსეთის ფარგლებში მათი დაბრუნება აღა-მაჰმად-ხანისთვის ზეიმი და მისი უცხოველესი სიხარული გახლდათ. იგი იჩქაროდა, რომ საკუთარი თავი გამარჯვებულად წარმოედგინა და თავისთვის დაუმსახურებელი წარმატებები მიეწერა.

“თქვენთვის უცნობი არ არის, წერდა იგი დაღესტნელებს, თუ როგორი წარმატება მაქვს ხორასანში, და თქვენ საკმარისად შეგიძლიათ იხილოთ, რომ რუსული ჯარი, შეეშინდა რა ჩემგან მოსალოდნელი ძლევისა, იძულებული შეიქნა არცთუ მცირე გაუბედაობითა და მოშლილობით უკანვე დაბრუნებულიყო. გჯეროდეთ, რომ მე მალე ადერბაიჯაბში ვიქნები და ჩემდამი მორჩილებს ჩემს წყალობას არასოდეს მოვაკლებ, მოწინააღმდეგეთ კი მკაცრად დავსჯი. ამიტომ გაცნობებთ კიდეც ამის მეშვეობით, რათა ჩემდამი ერთგულებმა საკუთარი თავი მოწინააღმდეგეთაგან ჯეროვნად განასხვაონ და თავიანთი მდგომარეობის შესახებ მე მაცნობონ, რომელთაც ჩემი დახმარების გარეშე არ დავტოვებ და ისინი მშვიდად იცხოვრებენ”.

ამის კვალდაკვალ შემდეგ მსგავსი ფირმანი საქართველოშიც იქნა გამოგზავნილი. წარმოგზავნილის ტფილისთან მოახლოებისას, ხალხმა როგორც კი ის კარებთან დაინახა, უნდოდა ქვებით ჩაექოლა, მაგრამ სიროხნევის მიერ იქნა შეჩერებული, რომელიც მაშინ საქართველოდან ჯერ კიდევ არ გამოსულიყო. რუსული ჯარების ბადრაგით სპარსელი ელჩი ერეკლე მეფესთან იქნა მიყვანილი, რომელსაც გადასცა კიდეც თავისი მბრძანებლის ფირმანი.

“რუსები, წერდა აღა-მაჰმად-ხანი თავის ფირმანში, ყოველთვის ვაჭრობას ეწეოდნენ (всегда промышляли торгомъ и купечествомъ), მაუდსა და კარმაზინს ყიდდნენ, და არავის უნახავს, რომ მათ ოდესმე ხმლის, შუბისა და სხვა მხედრული იარაღის მოხმარება შეძლებოდეთ. 

როცა ახლა მათ გაბედეს იმ ოლქების ფარგლებში შემოსვლა, რომლებიც ჩვენი სამპყრობელოს (დერჟავის) ქვეშ შედგებიან, მაშინ ჩვენც ჩვენი უზენაესი ფიქრები მაგ მხარეს მოვმართეთ, და ჩვენი უბედნიერესი დროშებიც მოვაბრუნეთ, რათა ისინი დაგვესაჯა და გაგვეჟლიტა. ისინი კი, შეიტყვეს რა ჩვენი ასეთი განზრახვის შესახებ, თავიანთ საზიზღარ მიწაზე დაბრუნდნენ. ჩვენ სახელმწიფო მზერა ჭვრეტს იმას, ვინ უნდა დავსაჯოთ, ვინ გაწყვიტოთ, და ამისთვის ჩვენი დიდებული სხივებით ჩვენ ეს მხარე გავანათეთ. ამ ქვეყნებში და ველებზე დედამიწა ჩვენი ჯარების კარვებით იქნება მოფენილი, და რადგანაც თქვენი უმაღლესობა სპარსეთის იმპერიაში მთავარია თავისი გვარითა და ღირსებით (достоинство), რაც თქვენ ჩვენს მოწყალე თვალში პატივისცემასა და ღირსებას (честь) გძენთ, ამიტომ ამით გატყობინებთ ძველი დროიდან აქამომდე თქვენდამი ჩვენი ყოვლადმოწყალე დამოკიდებულებისა და წყალობის შესახებ, რომელიც თუ მყარად ინახებოდა ჩვენს მეფურ გულში, ახლაც წყალობათა და კეთილმოსურნეობის გადმოღვრის გარდა სხვა არაფერს საკუთარ თავში არ ინახავს. იმ შემთხვევის მიზეზი კი, რომელიც ახლახანს თქვენ დაგემართათ, თავად თქვენი უმაღლესობაა, ხოლო რადგანაც ჩვენი გულმოწყალება ყველგან ცოცხლდება და გულიც უმართლმსაჯულებრივესად არის განწყობილი, ამიტომ თქვენს უმაღლესობასა და თქვენს ვაჟებს თქვენი დამსახურებით შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა ჩვენი სამეფო საგანძურიდან და ჩვენი საგანგებო წყალობაც დაიმსახუროთ. ამიტომ შეგიძლიათ კიდეც ჩვენს სამეფო კარებს თქვენთვის გაღებულად თვლიდეთ; რის შედეგადაც თქვენ უნდა იყოთ ჩვენს სამსახურში, და შეგიძლით თქვენ ან ვინმეს თქვენს ძეთაგან შიშის გარეშე გამოემგზავროთ ჩვენი სამეფო ზღურბლისკენ, სადაც მიიღებთ კიდეც ჩვენგან სხვადასხვანაირ წყალობებს. ხოლო რაც ამის მეშვეობით თქვენ გებრძანათ და დაგევალათ, თუ ამას არ შეასრულებთ, მაშინ თავად იცით, თუ ამას რა მოჰყვება”.

ასეთი მუქარების დროს ერეკლე მეფეს მხოლოდ ერთი რუსთაგან დაცვის იმედიღა დარჩენოდა. ნებართვამ, რომ ტფილისში პოდპოლკოვნიკ სპეშნევის უფროსობით იქ მყოფი ორი ბატალიონი დაეტოვებინათ, ქვეყანაში საყოველთაო სიხარული გამოიწვია (Письмо изъ Грузიи къ князю Чавчавадзе 16-го мая 1797 года)

ტფილისში ეს ცნობა 7 მაისს იქნა მიღებული და ერთდროულად იმავე დღეს ქალაქის ყველა ეკლესიაში ლოცვითი მსახურება იქნა აღსრულებული “ყველა მცხოვრების გამხნევებისთვის”. გამხნევება აუცილებელი იყო ქართველებისთვის, განსაკუთრებით კი ახლა, როცა შაჰმა რამდენიმე დღის შემდეგ ერეკლეს თავისი ელჩი გამოუგზავნა, მბრძანებლური მოთხოვნით, რომ აეღო წერილობითი ვალდებულება შაჰის მორჩილი ყოფილიყო, და დაპირება, რომ ამის მეტს მისგან არაფერს მოითხოვდნენ. თავის ძიებათა უფრო მეტი წარმატებისთვის, სპარსეთის მბრძანებელი, თითქოსდა სხვათა შორის წერდა ერეკლეს, რომ თავად იგი მრავალრიცხოვანი ჯარით დგას მიანში, თავრიზის მახლობლად. ერეკლეს კიდევ ეშინოდა შაჰისა, რომელიც სასტიკად მოიქცა საქართველოში შემოსევისას და ზუსტად ასევე მოქმედებდა ახლა საქართველოს მეზობელი სხვა ხანებისა და მფლობელთა მიმართაც.

ასე აღა-მაჰმად-ხანმა ბრძანა, რათა ბამბაკსა და ბორჩალოში მცხოვრებნი ერევნის ხანს დამორჩილებოდნენ და მისი სამსახურისთვის მზად ყოფილიყვნენ, ყაზახები და შამშადილელები კი განჯის ხანის მორჩილებაში ყოფილიყვნენ. ნახჭევნის ხანს მან თავიდან თვალები ამოთხარა, ხოლო შემდეგ კი “ჯოხების ცემით” სული ამოხადა; ზუსტად ასევე მოექცა ხოის ხანსაც; განჯელი ჯავად-ხანი თავისთან გაიწვია, ხოლო მის ადგილზე კი სხვა დანიშნა; ერევნის ხანს ჩამოხრჩობას დაპირდა, თუ იგი 500.000 მანეთს არ გადაიხდიდა. ხანმა 200.000 მანეთი გადაუხადა, ხოლო დანარჩენის გადასახდელად კი თავის უძრავ ქონებას ჰყიდდა. ნახჭევნის მცხოვრებნი ყველანი გაძარცვულნი იყვნენ, ხოლო ბევრი მათგანი კი აღა-მაჰმად-ხანმა სად გადაასახლა, არავინ იცოდა. ეს საქციელი აიძულებდა საკუთარი თავის გამო შიში ჰქონოდათ როგორც ქართველებს, ისე თავად მათ მეფეს ერეკლე II-საც.

იმპერატორ პავლე I-ის დაგვირგვინებამ და ამ შემთხვევის გამო მისმა მოსკოვში ყოფნამ ჩვენი კარის მოლაპარაკებები საქართველოს ელჩთან გარკვეული დროით შეაჩერა. მხოლოდ ივნისის თვეში შეძლო თავადმა ჭავჭავაძემ თავისი თხოვნის იმპერატორ პავლე I-დმი წარდგენა. იგი ითხოვდა: 1) საქართველო რუსეთის მფარველობის ქვეშ მიეღოთ; 2) ტახტის მემკვიდრედ, თავად ერეკლეს დანიშვნის მიხედვით, პირველი ქორწინებიდან მისი ძე, გიორგი დაემტკიცებინათ, და “მეფისა და ხალხისთვის, სახელმწიფოს სამართავად, სრულიად რუსეთის კანონი მიეცათ, რათა ამით უძველესი დროიდან შემოპარული აზიური უსამართლოებანი ამოეძირკვათ, რომლებიც მართლმადიდებელი ქრისტიანული აღმსარებლობისთვის მავნე და საწინააღმდეგო გახლდათ”. («Дать царю и народу всероссიйскiй законъ, для управленiя государствомъ, дабы онымъ исторгнуть некоторыя, вкравшiяся издревле, азიятскiя несправедливости судопроизводства, служащiя во вредъ и противность православному христiанскому исповеданiю».)

ერეკლე ითხოვდა მისი ძეებისა და შვილიშვილების რუსულ სამსახურში მიღებას და, ხალხის სახელით, შუამდგომლობდა რუსული ჯარებისთვის ბრძანების მიცემაზე დარჩენილიყვნენ საქართველოში იმ დრომდე, სანამ მასში არეულობანი და ძარცვა-რბევა არ შეწყდებოდა. მხარის დაწყნარებისა და არეულობათა შეწყვეტის შემდეგ კი, თავადი ჭავჭავაძე იმდენი ჯარის დატოვებას ითხოვდა, რამდენსაც იმპერატორი ინებებდა, დაპირებით, რომ მეფე “არანაირად არ გათავხედდება მასთან მყოფი რუსული ჯარები, საგანგებო ბრძანების გარეშე, საქართველოს საზღვრებს გარეთ გამოიყენოს და თავის მეზობლებთან ურთიერთბებშიც ყველაზე უფრო მეგობრულად მოიქცევა და იმდენად დიდხანს, რამდენადაც მას ამის გაგრძელებას უბრძანებენ. თავად კი არაფრის გამო და არავისთან ვერანაირი საქმის დაწყებას ვერ გაბედავს მასზე მაღალმონარქიული ნების გარეშე და ყველანაირად დაიწყებს საშუალებათა გამოძიებას, რომ მეზობლებთან მშვიდობიანად, მეგობრულად და თანხმობით იცხოვროს” (... царь «никакъ не дерзнётъ находящагося у него россiйскаго войска, безъ особаго повеленiя, употребить вне границ Грузiи и съ соседями своими будетъ обращаться самымъ дружественнымъ образомъ и столь долго, сколько то угодно будетъ повелеть ему продолжать. Самъ же собою ни изъ чего и ни съ кемъ никакого дела начать не отважится безъ высокомонаршей на то воли и всячески будетъ изыскивать средства жить съ соседями его мирно, дружелюбно и согласно») (Донесенiе князя Гарсевана Чавчавадзе Государю Императору 11-го iюня 1797 года).

ერეკლე, რომლისაც მთელს ამიერკავკასიას სჯეროდა, როგორც დაუმარცხებელი ადამიანისა, ახლა რუსულ ჯარებს საჭიროებდა, როგორც საკუთარი დაცვისთვის, ისე თავის ხალხისა და სამეფოს დაცვისთვისაც. თავად ჭავჭავაძის სიტყვებით, ქართველებისთვის აუცილებელი იყო რუსული ჯარი, “როგორც ერთგვარი ფარი”, როგორც მცხოვრებთა გამხნევება მათ მშვიდ და უსაფრთხო ცხოვრებაში. ის აუცილებელი იყო თითოეულის თავის ვალდებულებებში შენარჩუნებისთვისაც, როგორც დაცვა და მათი მოთვინიერება, რომლებიც საერთო სიწყნარისა და სიმშვიდის შერყევას ან დარღვევას მოისურვებდნენ. 

ყველა ამ უმთავრესი თხოვნის ზევით, საქართველოს ელჩი რწმუნებული იყო ჩვენი მთავრობისთვის ეთხოვა:

1) რუსეთის გამგებლობაში მიეღოთ კახეთსა და ქართლში არსებული ყველა ციხესიმაგრე და იქ, იმპერატორის მიერ დანიშვნით, რუსი უფროსები და კომენდანტები განემწესებიათ; ზუსტად ასევე თავიანთ გამგებლობასა და განკარგულებაში მიეღოთ საქართველოში არსებული მადნების ყველა საბადოც. თავად ჭავჭავაძის სიტყვებით, ამ საბადოებში უხვად იყო ოქრო, ვერცხლი და სხვა ლითონები. მეფე ერეკლეს არ შეეძლო მათით სარგებლობა ისეთი ხალხის არყოლის გამო, ვისაც მათი დამუშავება ეცოდინებოდა; ურჯულოთათვის დასამუშავებლად მათი მიცემისა კი მეფეს ეშინოდა, რათა “ამ გზით ურჯულოები არ გაემდიდრებინა და თავის სამეფოში მაჰმადიანები არ გაემრავლებინა”.

2) საქართველოს მეფე ითხოვდა, ნება მიეცათ ფული ისე მოეჭრა, რომ ერთ მხარეს იმპერატორ პავლე I-ის პორტრეტი (ბარელიეფი) ან მისი სახელის პირველი ასოები ყოფილიყო, ხოლო მეორე მხარეს კი “მეფისა და საქართველოს ნიშანი”, ერთადერთი იმისთვის, რათა “შეძლებოდათ იმის შეცნობა, რომ ეს მონეტა საქართველოში მოიჭრა”. 

საქართველოს ელჩს ჯერ კიდევ ვერ მოესწრო ჩვენი მთავრობის პასუხის მიღება, რომ მთელი საქართველო უკიდურესად იყო შეშფოთებული ცნობით მის საზღვრებთან აღა-მაჰმად-ხანის მოახლოების შესახებ.

სპარსეთის მბრძანებელს არ შეეძლო იმ შეურაცხყოფის დავიწყება, რომელიც მის ღირსებას მიადგა იმით, რომ შუშის უმნიშვნელო ხანმა გაბედა არ დამორჩილებოდა მის ძალაუფლებას და არც მთელი სპარსეთის შაჰად სურდა მისი აღიარება. მრავალრიცხოვანი სპარსული ჯარი 1797 წელს ისევ გამოჩნდა არაქსზე და ყარაბაღის მცხოვრებთა ახალი ძარცვა-რბევა დაიწყო. შუშელმა იბრაჰიმ-ხანმა გადაწყვიტა თავისი სამფლობელო დაეტოვებინა და თავის ოჯახთან და რამდენიმე ბეგთან ერთად ჭარ-ბელაქანში გაქცეულიყო. ორი ათასი მხედარი, საუკეთესო მხედართუფროსების მეთაურობით, გაგზავნილ იქნა აღა-მაჰმად-ხანის მიერ იბრაჰიმის დასადევნებლად და, თუ შესაძლებელი იქნებოდა, მის ხელში ჩასაგდებადაც. თუმცა კი ისინი დაეწიენ გაქცეულს მდინარე თერგზე გადასვლისას, მაგრამ იბრაჰიმ-ხანმა, შეუპოვარი ბრძოლის შემდეგ, შეძლო სპარსელები დაემარცხებინა და მთებში მიმალულიყო (Карабагъ. Соч. Джемаля Джеваншира-Карабаги. Газета «Кавказъ» 1855 г., № 68).

აღა-მაჰმად-ხანმა ყარაბაღის დედაქალაქი, შუშა, ბრძოლის გარეშე დაიკავა და მისი შემოგარენის აოხრება დაიწყო.

ციცაბო კლდის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს დგას ყარაბარელი იბრაჰიმ-ხანის უფროსი ვაჟის, მეჰმედ-ჰასან-აღას, კარეს სახით აშენებული სასახლე. აქ დაესახლა აღა-მაჰმად-ხანი.

“ფართო კარებს შიდა ეზოში შევყავართ. წინა ხედის გაყოლებაზე დახურული გალერეა მიემართება, რომელიც მზის სხივებისგან იცავს მოსასვენებელს, რომელშიც, აწეული სახეებიანი ფანჯრების იქით, რომლებიც სხვადასხვა ფერის შუშებისგანაა შემდგარი, სულ ცოტა ხნის წინ შეიძლებოდა ყარაბაღის მბრძანებლის ნახვა, რომელიც თავის დღეებს რბილ ხალიჩებზე, თავის შინაყმათა შორის უმოქმედობაში ატარებდა...”

სადარბაზო ოთახები შაჰმა თავის კარისკაცებს დაუთმო, თავად კი პატარა ოთახში მიიმალა, რომელიც გარეშე თვალთათვის მიუწვდომელი იყო. მისი საყვარელი ნუქერები, აბას-ბეგი და საფარ-ალი, მეორე ოთახში მოთავსდნენ, რომელიც შაჰის ოთახისგან დერეფნით იყო გამოყოფილი.

პირქუში იყო შაჰის ოთახი, ყოველგვარი ავეჯის გარეშე. “იატაკზე მხოლოდ მდიდრული ხალიჩა იყო დაფენილი, რათა მბრძანებლის ფეხი ქვის ფილებთან ხისტი შეხებისგან დაეცვა, ხოლო კედელთან კი შაჰის იმ ხანებში სახელგანთმული სალაშქრო საწოლი იდგა, რომელიც მას საწოლის სამსახურსაც უწევდა და ტახტისაც, ანუ საპარადო დასაჯდომისა. მარგალიტითა და ძვირფასი ქვებით უხვად მორთული ქსოვილი ამ საწოლს იატაკამდე ფარავდა, ხოლო მის შუაგულში კი იყო მორთულობათაგან თავისუფალი არე მეწამული ხავერდისა, რომელიც ხანის დასაჯდომ ადგილს წარმოადგენდა. აქ ჩვეულებრივ ჯდებოდა ხანი, მორთხმული ფეხებითა და ფართო ხალათში გამოწყობილი, რომელიც წითელი ფერის მდიდრული შალით იყო დაფარული (Ага-Магометъ-ханъ въ Шуше. «Зурна» 1855 г.).

სასახლის წინ სპარსელები ირეოდნენ, ხოლო მოედანზე კი ბანაკად შაჰის გვარდია იდგა. შუშაში ყველაფერი წყნარად იყო; ყველას ეშინოდა შაჰის სიმშვიდე დაერღვია და მისი მახვილი სმენა რაიმეთი შეეწუხებია. ასე გავიდა შვიდი დღე შუშის ციხესიმაგრის დაკავების შემდეგ.

მერვე დღის საღამოს აღა-მაჰმად-ხანი ლოცულობდა, როცა მისი ოთახის ზღურბლზე შეკაკელი სადიკ-ხანი (шекакიйскiй), შაჰის მთელი კავალერიის უფროსი გამოჩნდა.

– როგორ გაბედე შენ, უვარგისო მონავ, ჩემს წინაშე დაუძახებლად გამოცხადება? ჰკითხა განრისხებულმა შაჰმა.

– შენი უღირსი მონა თავისი მბრძანებლის ნებას ასრულებს, რომელიც მე საფარ-ალის ბაგეებით გადმომეცა, პასუხობდა ხანი ათრთოლებული ხმით და მდაბლად ეთაყვანებოდა. 

შაჰმა საფარ-ალის დაუძახა.

– როდის გიბრძანე მე შენ სადიკ-ხანის დაძახება? ჰკითხა შაჰმა შემოსულს.

– ნახევარი საათის წინ.

– სტყუი ძაღლო! წამოიძახა შაჰმა, მიმართა რა დამბაჩის ლულა საფარ-ალის მკერდისკენ, მაგრამ უმალვე დაბლა დაუშვა...

– ვერ გათავხედდება უმნიშვნელო მატლი, წაილუღლუღა საფარმა, იცრუოს ზეციური ღმერთის წინაშე და მისი მიწიერი მზის წინაშე! შეიძლება ბოროტმა სულმა მოატყუა ჩემი სმენა და მე ვერ გავიგე ჩემი მბრძანებლის ბრძანება... შაჰის მონის სიცოცხლე შენს ხელთაა.
– თუ შენს ყურებს მოსმენა არ შეუძლიათ, მაშინ ისინი მე არ მჭირდება... წადი! დაე მოგაჭრან ისინი!

საფარ-ალიზე მბრძანებლის განაჩენი აღასრულეს... დადგა ღამე. “მიაბჯინა რა მზერა ლამპრის სუსტ ალს, შაჰი საწოლზე იწვა, ხოლო მისი სული კი ძალაუფლების მოყვარეობისა და პატივმოყვარეობის ფარგლებში დაფარფატებდა; იგი თავისი მპყრობელობითი (დერჟავული) ძალმოსილების გაზრდაზე ან განმტკიცებაზე ოცნებობდა. 

უეცრად იგი შეიჭმუხნა, იდაყვზე წამოიწია და მიაყურადა. მას მოეჩვენა, თითქოს ჩურჩული და ჩუმი ქვითინი ისმოდა.

განგაშით მოცულმა მან თავის ნუქერებს დაუძახა. ისინი შემოვიდნენ. საფარ-ალი მოჩვენებასავით ფერმკრთალი იყო; თავი მას გასისხლიანებული ხელსახოცებით ჰქონდა შეხვეული. აბას-ბეგს თვალები დავლა დაეხარა...

– შენ ბედავ ტირილს, ქალივით, – უთხრა შაჰმა საფარ-ალის, – როცა შენ დიდი წყალობის გამო უნდა ხარობდე, რომელმაც სიცოცხლე გაჩუქა!... შენ კი, აბას, გაბედე რომ ჩემი მოსასვენებლის ახლოს ხმამაღლა გელაპარაკა და ჩემთვის ძილი დაგეფრთხო... თქვენ ორივენი ზედმეტი ხართ დედამიწაზე, და მზის ამოსვლისას თქვენი თავები დაგორდება. თქვენი მსგავსი კიდევ რამდენიმე ნაძირალა არის. ხვალ მე საშინელ სასამართლოს გავმართავ ყველაზე და თქვენი თავის ქალებისგან მინარეთს ავაშენებ, შამქორის მინარეთის მსგავსს... მოისმინეთ? წადით!...”

პარასკევის ღამის დადგომის გამო, რომელსაც, ჩვეულებრივ, ლოცვას უძღვნიდა, შაჰმა, აუცილებლობის გამო, თავისი განაჩენი მომდევნო დილამდე გადადო. შაჰმა დაიძინა, მაგრამ მის ნუქერებს არ ეძინათ, რომლებმაც იცოდნენ, რომ შაჰი თავის სიტყვებს არ გადათქვამდა. ან მოთმინებით უნდა დალოდებოდნენ თავიანთ ხვედრს და დილით სიცოცხლეს გამომშვიდობებოდნენ, ან კიდევ თავიანთ უბედურებებში დამნაშავისთვის სიცოცხლე მოესწრაფათ. ნუქერებმა უკანასკნელი გადაწყვიტეს.

ხანჯლებით შეიარაღებულნი, ისინი ჩუმად გამოვიდნენ დერეფანში და აბრეშუმის ფარდის წინ გაჩედრნენ, რომელიც მბრძანებლს ოთახში შესასვლელს ფარავდა.

ღრმა სიჩუმე, მბრძანებლის უძრაობა მისი ღრმა ძილის შესახებ მოწმობდა. “ფრთხილად შეეხო აბასი ფარადს, აბრეშუმმა გაიშრიალა. ხელი გაუშეშდა შეშინებულს, სუნთქვა გაუჩერდა მკერდში, გული კი ისე ძლიერ აუძგერდა, თითქოს მძინარე მსხვერპლის გაღვიძება სურდა. მკვლელებმა ერთმანეთს შეხედეს. მათ მზერაში ორი გრძნობის ბრძოლა გამოიხატა, რომლებიც ადამიანში ყოველთვის განუყოფელია: შიშისა და თვითშენარჩუნების გრძნობებისა. მაგრამ ბრძოლა დიდხანს არ გაგრძელებულა: თვითშენარჩუნების გრძნობამ იზეიმა.

“საფარ-ალიმ უფრო გაბედულად ჩაავლო ხელი ფარადს, და მისმა სწრაფმა მზერამ საძინებლის სიღრმეში შეაღწია. ვერცხლის ლამპრიდან ამოსული პატარა ალი სუსტი ციმციმით ანათებდა შაჰს, რომელიც ღრმა, მშვიდ ძილში იყო ჩაძირული.

უხმაუროდ მისრიალებდა რბილ ხალიჩაზე ფეხი, რომელსაც შალის წინდა ემოსა. ორი მკვლელი, მათი შურისძიებისთვის განწირულის საწოლთან, მოჩვენებასავით აღიმართა. 

მაღლა ავიდა ხანჯალი, ლამპრის სუსტი სინათლის ანარეკლით გაიელვა და მძინარის მკერდი ღრმად განგმირა...”

“შაჰმა წამოიწია. მიიდო რა ხელი მკერდზე, მან მკვლელზე მიმქრალი მზერა შეაჩერა და წარმოთქვა:

– უბედურო, შენ ირანი მოკალი...

ეს მრისხანე შაჰის უკანასკნელი სიტყვები იყო”. მისი მზერა ჩაქრა; თავი მძიმედ დაეცა ბალიშზე.

მისი ბედი აღესრულა...” («Зурна» 1855 г., 265; «Кавказъ» 1855 г., № 68).

ასე დაიღუპა აღა-მაჰმად-ხანი თავის საკუთარ მსახურთაგან, რომლებსაც საშინელ ტირანიაში ამყოფებდა. მკვლელები, წაიღეს რა მასთან არსებული მთელი სიმდიდრე, მათ შორის შაჰის გვირგვინიც, შეკაკელ სადიკ-ხანთან მივიდნენ და მომხდარის შესახებ გამოუცხადეს. სადიკს დაჯერებისა ეშინოდა, ვარაუდობდა რა ამაში ტყუილს, ეშმაკობასა და აღა-მაჰმად-ხანის სურვილს მისი ერთგულება გამოეცადა. ბევრი დარწმუნებისა და ფიცის შემდეგ სადიკმა გადაწყვიტა იმ სახლში მისულიყო, სადაც ირანის მბრძანებელი იდგა. შიშითა და თრთოლვით გადააბიჯა მან საშინელ ზღურბლს, ხოლო საფარ-ალიმ კი ამ დროს ასწია საბანი, რომლის ქვეშაც აღა-მაჰმად-ხანის უსულო გვამი იდო. სადიკის პირველი საქმე იყო მოკლულის განძეულის მითვისება და მისი სიმდიდრით სარგებლობა (Газета «Кавказъ» 1855 г., № 68).

აღა-მაჰმად-ხანის სიკვდილის შესახებ ცნობა სწრაფად გავრცელდა ბანაკში, და სპარსელები გასაძარცვად მიესიენ, მთელი ქონება დაიტაცეს და ამის კვალდაკვალ შემდეგ, დატოვეს რა შუშა, სპარსეთში წავიდნენ (Рапортъ Гудовича 20-го iюня 1797 г.).

შაჰის სიკვდილის შემდეგ უსარგებლოდ იქნა მიჩნეული რუსული ჯარების საქართველოში დატოვება და მათ ებრძანათ კავკასიის ხაზზე დაბრუნებულიყვნენ. სექტემბრის თვეში ჩვენი ჯარები საქართველოში უკვე აღარ იყვნენ, და ერეკლე მეფემ დაკარგა დასაყრდენი ქვეყნის გარეშე მტრების მოგერიებისა და შინაგან უთანხმოებათა მოსპობისთვის. 

იმპერატორი პავლე I საქართველოს მეფის თხოვნაზე არანაირ გადაწყვეტილებას არ იძლეოდა. თავადმა ჭავჭავაძემ რამდენჯერმე მიმართა კანცლერს და სთხოვდა მას პასუხის გაცემა ეჩქარათ. დეკემბერში კანცლერმა სიტყვიერად უპასუხა, რომ საქართველოს მეფის თხოვნა ვერ შეიძლებოდა დაკმაყოფილებული ყოფილიყო. ელჩმა სიტყვიერი პასუხისთვის მადლობა გადაუხადა, მაგრამ წერილობით პასუხსა და პირად პაემანს თხოულობდა (Письма князя Чавчавадзе канцлеру отъ 30-го сентября и 80-го декабря 1797 года).

ჰპირდებოდა რა დარჩენილიყვნენ მუდმივ მორჩილებაში, “როგორც ერთმორწმუნენი და მართლმადიდებლური ტახტისადმი ერთგულები”, ის კითხულობდა, არსებობს თუ არა ახლა ხელშეკრულება, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის 1783 წელს იქნა დადებული. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში თავადი ჭავჭავაძე თხოულობდა ჩვენი მთავრობის ნებრთვას, უწინდელი ჩვეულებების მიხედვით, ქვეყნის უკეთესი დაცვისთვის, საქართველოში ლეკების მოწვევაზე, რომლებსაც საქართველოს მეფის კმაყოფაზე იყოლიებდნენ.

ეს თხოვნაც ასევე პასუხის გარეშე დარჩა. მაშინ ელჩმა თხოვნით თავად იმპერატორს პევლე I-ს მიმართა, რომელშიც თავისი სინანული და საჩივარი გამოხატა, რომ მისთვის ერთი წლით ადრე არ გამოუცხადებიათ ის, რომ რუსეთს მისი თხოვნის დაკმაყოფილება არ შეუძლია (Тамъ же).

“მაშინ, – წერდა ის (Прошенiе его же Государю Императору отъ 31-го декабря 1797 г. Тамъ же), მეფეს, ჩემს ხელმწიფეს, სხვა ზომების მიღება შეეძლებოდა თავისი სამეფოს შენარჩუნებისთვის.

მე კი არ შემიძლია საკუთარ თავს ნება მივცე ვიფიქრო, რომ თქვენს იმპერატორობით უდიდებულესობას შეეძლო ებრძანა მეფისთვის, რომელიც თავისი შთამომავლობითა და ხალხით სრულიად რუსეთის იმპერიის სამუდამო ქვეშევრდომობაში მოვიდა, ასეთი პასუხი მიეცათ. ვემყარები რა ორმხრივ საზეიმო ვალდებულებათა სიწმინდეს, რომელსაც ჩემი მეფე და მისი სამეფო ურღვევად იცავენ, როცა არც მან და არც მისმა ხალხმა თავიანთი საკუთარი სისხლი არ დაინდეს და ის მსხვერპლად გაიღეს, მივმართავ ყოვლად უმდაბლეს თავხედობას (прiемлю всеуниженнейшее дерзновенiе), რომ ჩემი მეფის ყველა იმ თხოვნის შესახებ, ამით უშუალოდ შეგახსენოთ და გკითხოთ: გსურს თუ არა შენ, დიდო ხელმწიფევ, შეინარჩუნო ეს ტრაქტატი უწინდებურად თავის ძალაში, და გექნება თუ არა სურვილი, რომ ჩემს მეფეს, რომელიც იმ ტრაქტატის ვალდებულებებით უკიდურესად შევიწრივებულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი, (ამ დოკუმენტით) დაპირებული დახმარება გაუწიო? თუ რაღაც დრომდე, რაიმენაირ მიზეზთა გამო, ამის გაკეთება არ შეიძლება? დიდო ხელმწიფეო, გამხადე ღირსი, რომ ამაზე (შენი) უმოწყალესი პასუხით დაარღვიო ჩემი გაოცება და მთელი საქართველოს მოლოდინი, რათა ჩემი მეფე და მისი ხალხი, რჩებიან რა გაცბუნებაში, რომელშიც მეც ამ დრომდე ვიმყოფები, იმ წმინდა ტრაქტატის აღთქმებით არ იქნენ მიყვანილინი სრულ დაღუპვამდე, და რათა მას, ექნება რა ადერბაიჯანის ოლქის მის მეზობელ სპარსელ ხანებთან და დაღესტნის მთიელ მფლობელებთან მისი სამეფოს დაცვისთვის საჭირო ურთიერთობებისა და კავშირების დამყარების თავისუფლება, შეეძლოს მათ შეუდგეს, დარჩება რა თავის სულში სამუდამოდ შენი ერთგული...”

(«Я же не могу позволить себе помыслить, чтобы ваше императорское величество могли царю, пришедшему съ потомствомъ своимъ и народомъ въ вечное Всероссiйской Имперiи подданство, повелеть такой дать ответъ. Основываясь на святости обоюдныхъ торжественныхъ обязательствъ, царёмъ моимъ и царствомъ его нерушимо соблюдённыхъ, когда ни онъ, ни народъ его не пощадили собственной крови своей въ пожертвованiе онымъ, прiемлю всеуниженнейшее дерзновенiе, по всемъ темъ прошенiямъ царя моего, симъ безпосредственно напомнить и спросить: угодно ли тебе, великiй Государь, содержать оный трактатъ по прежнему въ своей силе, и угодно ли будетъ дать царю моему, приведённому обязательствами того трактата въ теснейшiя обстоятельства, обещанную онымъ помощь? или до времени, по какимъ ни есть причинамъ, того сделать не можно? Великiй Государь, удостой расторгнуть недоуменiе мое и ожиданiе всей Грузiи милостивейшимъ на сiе ответомъ, дабы царь мой и народъ его, оставаясь въ недоуменiи, въ какомъ и я по сiе время нахожусь, обетами того священнаго трактата не были доведены до совершенной гибели, и дабы онъ, имея свободу заключать съ соседственнысм ему Адербайджанской области персидскими ханами и горскими Дагестана владельцами потребныя къ охраненiю царства его дружественныя сношенiя и связи, могъ приступить къ онымъ, пребывая въ душе своей вечно тебе вернымъ и преданнымъ...»)

საქართველოს ელჩი სთხოვდა იმპერატორ პავლეს, ერეკლე და მისი მემკვიდრე თავისი სიგელის ღირსი გაეხადა (удостоить Ираклiя и его наследника своею грамотою) მხცოვანი მეფის წლების პატივსაცემად, რომელიც, “რამდენადაც მისი ღრმა მოხუცებულობის”, იმდენადვე აოხრებული სამშობლოს გამო მისი გულის “შემჭმელი” მწუხარებისგანაც, სიკვდილის სარეცელზე იწვა.

მიიჩნევდა რა აუცილებლად თავად გამგზავრებულიყო საქართველოში, თავად ჭავჭავაძეს სურდა მიეღო ჩვენი მთავრობისგან ინსტრუქცია სამშობლოში თავისი მოქმედებებისთვის. 

“იმასთან დაკავშირებით კი, წერდა ის (Московскiй Арх. Иностр. Делъ), როცა მე ისევ ჩემს სამშობლოში ვიქნები, თუ როგორი შეგონება უნდა მივცე მეფეს, მის დიდებულებსა და ხალხს, და რაში უნდა ვარწმუნებდე მათ, რათა თავიანთ ფიცში მყარად იყვნენ, რომელიც მათ სრულიად რუსეთის იმპერიის ტახტის მფლობელსა და მის მაღალ მონაცვალეებს მისცეს, ამის შესახებ ღირსი გამხადე შენს სამინისტროს უბრძანო, რომ მე წერილობითი დარიგება მომცენ, რათა შემეძლოს, ვემსახურები რა ჩემს სამშობლოს, არც შენს ნებას დავშორდე, როგორც ტრაქტატის მიხედვით საქართველოში ერთიანი უმაღლესი ძალაუფლების მქონესი, და არ შევცოდო არც ყოვლადძლიერი ღმერთის წინაშე, და არც შენი იმპერატორობითი უდიდებულესობისა”.

(«Касательно жь того, писалъ онъ, когда я обратно буду въ моёмъ отечестве, какое мне делать тамъ внушенiе царю, вельможамъ его и народу, и какiя подавать имъ уверенiя, что бы пребывали твёрды въ присяге своей, данной ими обладателю престола Всероссiйской Имперiи и высокимъ его преемникамъ, о семъ министерству своему удостой повелеть снабдить меня письменнымъ наставленiемъ, чтобы могъ я, служа моему отечеству, не удаляться и отъ воли твоей, яко единой предержащей верховной по трактату въ Грузiи власти, и не погрешить ни передъ Богомъ всесильнымъ, ни передъ твоимъ императорскимъ величествомъ.»)

1797 წლის ბოლოს ს.-პეტერბურგში მიღებულ იქნა ცნობა ერეკლე მეფის ხანგრძლივი და საშიში ავადმყოფობის შესახებ. მისი მკურნალობისთვის მაშინვე ტფილისში იქნა გაგზავნილი ექიმი ჰერცეზიუსი, რომელიც ერეკლეს ვაჟიშვილთან, მირიან ბატონიშვილთან ერთად გაემგზავრა, რომელიც რუსეთში 1784 წლიდან იმყოფებოდა და რუსულ სამსახურში გენერალ-მაიორის ჩინით შედგებოდა. მირიანმა თავის მამას ცოცხალს ვეღარ მიუსწრო; ცუდმა გზამ და ავდარმა ის გზაში დააყოვნა. იგი თელავში მხოლოდ 15 თებერვალს ჩამოვიდა, როცა “საქართველოში, წერდა ის (Письмо царевича Мирiана Государю Императору 10-го марта 1798 года), წინაპართა მემკვიდრეობით ტახტზე მეფედ დასმულია ჩემი უფროსი ძმა გიორგი, ხოლო მის შემდეგ კი მემკვიდრედ იულონ ბატონიშვილია დანიშნული.

თუმცა კი ოტომანის პორტა და სხვა ჩვენი მეზობლები ყველანაირი საშუალებით დაუღალავად ეძიებენ შემთხვევას, რომ საქართველო თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის ყოვლადმოწყალე მფარველობას ჩამოაშორონ, და თვით ჩვენგანაც კი ზოგიერთი უკვე იჩენს აქეთკენ მიდრეკილებას; მაგრამ დედაჩემი, თავის შვილებთან ერთობლივად, მათ არ აძლევს ამ ბოროტული განზრახვის აღსრულების შესაძლებლობას (но мать моя, въ купе съ детьми своими, не допущаетъ ихъ учинить сiе злодейское намеренiе).

ჩემი სულის სიღრმიდან, ცხარე ცრემლებით ვბედავ ყოვლად უქვეშევრდომილესად მოგახსენოთ იმის შესახებ, რომ თუ ახლო დროში არ იქნება გაძლიერებული ჩვენი სამშობლო, მაშინ მთელი საქართველო შეიძლება მაჰმადიანთა ხელში ჩავარდეს”. 

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment