Monday, January 12, 2015

ნიკოლოზ დუბროვინი ქართველი ხალხის იურიდიული, სამოქალაქო და სამხედრო მოწყობის შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს აკადემიკოს დუბროვინის წიგნიდან «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе», Томъ I. Очеркъ Кавказа и народовъ его населяющихъ. Книга II. Закавказье. Санктпетербургъ. 1871, ვრცელი წერილის “ქართველური ტომის” /Картвельское племя/ შესაბამისი თავის თარგმანს)


თავი V 

(ქართველი ხალხის იურიდიული, სამოქალაქო და სამხედრო მოწყობა)

საქართველოს იურიდიული, სამოქალაქო და სამხედრო მოწყობის თავისებურებებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში არის ფესვგადგმული, ყველაზე უკეთ შეუძლიათ აგვიხსნან ის მოვლენები, რომლებიც თან ახლდა რუსულ ბატონობას ამ ქვეყანაში მისი დამკვიდრების პირველი დღეებიდანვე.

საქართველოს ისტორიის სულ დასაწყისიდანვე, მმართველობის მონარქიული ფორმა მასში მუდმივად გაბატონებული რჩებოდა. მეფეს შეუზღუდავი ძალაუფლება ჰქონდა და ყველა მისი ბრძანება (повеленiя) კანონად ითვლებოდა; ის გახლდათ მართლმსაჯულების მეთაური, და მისი კარი სასამართლოს თითქმის ჩვეულებრივ ადგილს წარმოადგენდა. მაგრამ ქალაქებში იყო სალაყბოები (салакбо) – საზოგადოებრივი საუბრის ადგილები, სადაც ყველა წოდების ქართველები სახელმწიფო საქმეებზე საუბრებისა და მსჯელობათათვის იკრიბებოდნენ. აქვე წარმოებდა სასამართლო და აღსრულება. ტფილისში სალაყბო მეფის სასახლის წინ იყო. სასამართლოებში და სადაო საქმეების განხილვისას, მეფე მხოლოდ თავისი საკუთარი ნებითა და აღმოსავლეთის წეს-ჩვეულებებით ხელმძღვანელობდა: მისი განაჩენით დამნაშავეს კვეთდნენ სხეულის ასოებს, თხრიდნენ თვალებს და ა. შ.

“საქართველო ყველა სიკეთით დაჯილდოებული ქვეყანაა, ამბობს ვახტანგ მეფე საქართველოს კანონთა კრებულის შესავალში; მაგრამ დროთა და გარემოებათა ცვალებადობის გამო მასში თავიანთი ბრძნობის მიხედვით (по своему мудрованiю) ასამართლებდნენ: ერთნი – ნათესაობისა და მეგობრობის მიხედვით, მეორენი – შიშის გამო, სხვები – ღვთის შიშის არქონის გამო, ხოლო ზოგიერთნი კი მექრთამეობით – ერთი სიტყვით, ვისაც როგორ მოესურვებოდა”.

ვახტანგი პირველი იყო მეფეთაგან, რომელმაც ქართველი ხალხისთვის კანონების შედგენაზე იზრუნა. მის მიერ შეკრებილი და გამოცემული კანონები* მხოლოდ მოსამართლეებისთვის იყო სახელმძღვანელო (*ეს გამოცემა საქართველოში ხელნაწერის სახით დადიოდა. კანონთა კრებული არასოდეს ყოფილა დაბეჭდილი ქართველთა მიერ, თუმცა კი საეკლესიო წიგნები ტფილისში იბეჭდებოდა. 1801 წელს მთელ საქართველოში ძლივს თუ იპოვნეს სამი ეგზემპლარი, და ისიც არასრულები. თავად კრებულში ნათქვამი იყო, რომ თუ რომელიმე ადგილას კანონები არ აღმოჩნდება, მაშინ სამართალი იმ ადგილის წეს-ჩვეულებათა მიხედვით უნდა იქნას წარმოებული. Зап. Буткова /рукоп./ Арх. Глав. Шт.). მეფე კი, თავის გადაწყვეტილებათა მიღებისას, მათით არასოდეს ხელმძღვანელობდა, ვინაიდან საკუთარ თავს ყოველგვარ კანონზე მაღლა და მის გარეთ თვლიდა. ვახტანგის სამართალი წესებისა და ხალხის წეს-ჩვეულებათა უბრალო კრებული გახლდათ; მასში მოთავსებული მუხლები ხშირად ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა. ასე, სასულიერო კანონები ზოგიერთ ადგილას სამოქალაქო კანონებს არ ეთანხმებოდა. პირველთა მიხედვით, მაგალითად, სასულიერო წოდების პირებს ეძლეოდათ უფლება საერო საქმეებში გადამწყვეტი მოსამართლენი ყოფილიყვნენ, მაშინ როდესაც, სამოქალაქო კანონებით სასულიერო პირებს საერო საქმეებში ჩარევა ეკრძალებოდათ* (*ეს წინააღმდეგობა იქიდან წარმოიშვა, რომ სასულიერო კანონები და წესები დომენტი კათოლიკოსის, ვახტანგ მეფის ძმის მიერ იყო შედგენილი, ყველა ქართველი მღვდელმთავრის კრებასთან ერთად. ვახტანგმა ისინი სამოქალაქო კანონებთან შედარების გარეშე დაამტკიცა, რომლებიც სხვა პირთა მიერ იყო დაწერილი, რომელთაც სასულიერო წოდებასთან თათბირები არ ჰქონიათ). სამართალში ადგილი ჰპოვეს ამონარიდებმა ბერძნული და სომხური კანონებიდან და მოსეს წიგნებიდან. ბარბაროსული ხალხების კანონები, როგორებიცაა, მაგალითად, მკვლელობისა და ჭრილობისთვის საზღური, გავარვარებული რკინითა და მდუღარე წყლით გამართლება, ასევე სამართლის შემადგენლობაში შევიდა.

ქართველთა ოჯახურ ურთიერთობებში ქვრივ კაცს ქალწულის ცოლად მოყვანა ეკრძალებოდა. ქრისტიანებს თავიანთი ქალიშვილები სხვა რჯულის კაცებისთვის არ უნდა მიეთხოვებინათ და, თავიანთ მხრივაც, მათი ქალიშვილები ცოლად არ უნდა მოეყვანათ. თუ ვინმე თავის რძალს ცოლად მოიყვანდა, მაშინ “ორივენი კირში უნდა იქნან დამწვარნი”. ბავშვის ან ვინც არ უნდა ყოფილიყო ქრისტიანისთვის მიყიდვა ისჯებოდა როგორც სისხლის საზღაური, ხოლო იმავე პირის მაჰმადიანისთვის მიყიდვა კი, ამაზე ზევით, სულისთვის დაკმაყოფილებითაც.

ქმარი და ცოლი, უშვილობის მიზეზით, არ შეიძლებოდა გაყრილნი ყოფილიყვნენ. ცოლ-ქმრობის გაწყვეტის ნება მხოლოდ სიძვა-მრუშობის შემთხვევაში ეძლეოდათ; მაშინ მზითვი და უკანონო შვილი ცოლს ეძლეოდა.

ქართველთა რწმენის მიხედვით, “როგორც არ უნდა სძულდეთ ქმარსა და ცოლს ერთმანეთი, გაყრის ნება მათ არა აქვთ. ამ შემთხვევაში კათოლიკოსმა ისინი შეგონებით უნდა შეარიგოს”.

ქართველ ქალს საზოგადოებაში თითქმის არანაირი მდგომარეობა არ გააჩნდა, არანაირი იურიდიული უფლებებით არ სარგებლობდა, ან მეტად უმნიშვნელო უფლებებით. ყოველ მამაკაცს, როგორი წოდებისაც არ უნდა ყოფილიყო ის, ყველაზე უფრო მაღალი საგვარეულოს ქალის წინაშეც კი უპირატესობა ჰქონდა. მამაკაცთა საზოგადოებაში ქალი თითქმის არასდროს არ ყოფილა, მის რჩევებს არ კითხულობდნენ. ეკლესიაში, მაგალითად, მამაკაცები ყოველთვის წინ იდგნენ, ქალები – უკან; ორივე სქესი ცდილობდა ერთმანეთს არ შერეოდა. სამეფო პირები ამ საერთო წესიდან არ გამოირიცხებოდნენ. თუ ქალს თან მსახური კაცი ახლდა, მაშინ ეს უკანასკნელი არასოდეს უკან არ მიჰყვებოდა ქალბატონს, არამედ, მამრობითი სქესისადმი პატივისცემის გამო, ყოველთვის წინ მიდიოდა. ქალისგან არ ღებულობდნენ დასმენებს, არ უშვებდნენ მას სასამართლოში, მისგან ფიცს არ ღებულობდნენ.

(Грузинка не имела почти никакого положенiя въ обществе, не пользовалась никакими юридическими правами, или весьма незначительными. Каждый мужчина, какого бы званiя онъ не былъ, имелъ преимущество передъ женщиною самаго высшаго рода. Женщина не бывала почти никогда въ обществе мужчинъ, ея советовъ не спрашивали. Въ церкви, например, мужчины всегда стояли впереди, женщины – позади; оба пола старались не смешиваться. Царскiя особы не исключались изъ этого общаго правила. Если женщине сопутствовалъ слуга, то онъ никогда не шёлъ позади, а всегда впереди, изъ уваженiя къ мужскому полу. Отъ женщины не принимали доносовъ, не допускали до суда, не приводили къ присяге.)

“ქალს შეუძლია მოიტანოს მამაკაცზე საჩივარი სასამართლოში, მაგრამ მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს ფიცი, ან მას რაიმე ჩამოერთვას. თუ ეს ქალი მამაკაცის მოწმობაზე მიუთითებს, მაშინ ასეთი მოწმის დაფიცებაც არ შეიძლება”. ქალებს შორის დავები და საჩივრები სასამართლო ადგილებში ასევე არ განიხილება, რომლებთანაც – ნათქვამია სამართალში – მათ საქმე არა აქვთ, არამედ მათ საზოგადოებისგან არჩეული პირი განიხილავს (а оканчиваются выборнымъ отъ общества) (Законы Вахтанга, § 216).

არც ერთი ქართველი ქალი არაფერში თავმდები არ შეიძლებდა ყოფილიყო. გათხოვებამდე მის მიერ აღებული ვალებისთვის ქმარი პასუხს არ აგებდა: ისინი მას თავად უნდა გაესტუმრებინა. ქალი არანაირი დანაშაულისთვის საპყრობილეში არ შეიძლებოდა ჩაესვათ.

ცოლს არ შეეძლო თავისი მზითევი გაეფლანგა, მაგრამ გარეშე შენაძენებს კი თავისი ნებით განკარგავდა. თუ ქალი უშვილოდ მოკვდება, მაშინ მზითევი მშობლების სახლში ბრუნდება, ხოლო დანარჩენი მემკვიდრეობა კი ქმარს რჩება. ქალებს ეკრძალებათ სამხედრო საქმეში თავიანთი ქმრების გაკიცხვა; ამის თაობაზე ქართველებში ანდაზაც კი არსებობს: “ქმარი ბრძოლის ველიდან ბრუნდებოდა, მის შესახვედრად გამოსული ცოლი კი ომის შესახებ უყვებოდაო” («Грузинскiя пословицы и изреченiя» И. Евлаховъ. Зап. кавк. отд. Им. рус. геогр. общ. кн. I, стр. 263). კანონი კრძალავდა: ახალდაქორწინებულთა განშორებასა და ომში წაყვანას; კაცებს არ შეეძლოთ ქალის ტანისამოსის ჩაცმა, ქალებს კი მამაკაცის სამოსისა.

მამას თავისი შვილების კეთილად აღზრდაზე მზრუნველობა უნდა ჰქონოდა. დედას არ ჰქონდა უფლება ვაჟიშვილი დაესაჯა. ვაჟიშვილს არ შეეძლო სასამართლოში თავის მამას გატოლებოდა და მასთან ერთნაირი პატივისცემის იმედი ჰქონოდა.

აკრძალული იყო დაქვრივებული ქალის ცხრა დღის მანძილზე რაიმეთი შეწუხება. ცოლის სივდილის შემდეგ მამაკაცი ძაძებს ექვსი თვის მანძილზე ატარებდა, ქალი კი, ქმრის სიკვდილის შემდეგ მას, არც თუ იშვიათად, ახალ ქორწინებამდე ატარებდა, რომელიც ათ თვეზე ადრე არ შეიძლებოდა შემდგარიყო – სხვანაირად ის, ვახტანგის სამართლის მიხედვით, ყოველგვარი მემკვიდრეობის უფლებას და თვით კეთილ სახელსაც კი კარგავდა. ქვრივს, რომელსაც ქმრის სივდილის შემდეგ, ვაჟიშვილიც მოუკვდებოდა და ის შემდეგ უშვილო დარჩებოდა, შეეძლო, თუ სურდა, ქმრის სახლში დარჩენილიყო და თავისი წილიც ჰქონდა.

თუ ყმა-გლეხს მცირეწლოვანი ვაჟიშვილი დარჩებოდა, მაშინ ბატონს მისთვის მეურვე უნდა დაედგინა. მეურვე არ შეიძლებოდა ყოფილიყო არც ყრუ, არც მუნჯი და არც 25 წელზე ნაკლები ასაკისა. მშობლების სიკვდილის შემდეგ მამულს ვაჟიშვილები ღებულობდნენ. იმისთვის, რათა საგვარეულო მამულებში გარეშე შემთავსებლებს გამოჩენა არ შეძლებოდათ, გაუთხოვარ ქალიშვილებს კი, მამულის გაყოფისას, მზითევი გამოეყოფოდათ. ამ საფუძველზე ქალთა სქესი უმეტეს შემთხევებში, ქვრივთა გამოკლების გარეშე, უძრავ მამულზე მემკვიდრეობისგან ჩამოიცილებოდა. საგვარეულო მამული არავის არ გადაეცემოდა მომაკვდავის სურვილით (по произволу умирающаго), ვაჟიშვილების გარდა, და მხოლოდ მათი არყოლის შემთხვევაში ქალიშვილის მფლობელობაში შედიოდა; შეძენილი მამულები კი მას თავისი ნებით შეეძლო განეკარგა (Записки Буткова /рукоп./ Арх. Главн. Шт.). სახაზინო მიწათმფლობელთა უპატრონოდ დარჩენილი მამულები მეფეს მიეწერებოდა, სამემამულეო კი – მემამულეს. ანდერძების შედგენა და კანონების მიერ მათი აღიარება მხოლოდ მაშინ ხდებოდა, როცა მათ ადგილობრივი უფროსის ბეჭედი ჰქონდათ დასმული. ბრმის ანდერძი მაშინ ითვლებოდა კანონიერად, როცა მასზე ხელს ექვსი ან შვიდი ადამიანი აწერდა. ვერ ღებულობდა მემკვიდრეობას ის, ვინც მამის ნების გარეშე მოიყვანდა ცოლს, და ქალიშვილიც, ვინც შეგონებისა და მზითევის მომზადების შემდეგაც, გათხოვებას არ მოისურვებდა. 

მემკვიდრეებს შორის მამულების გაყოფა მავნედ ითვლებოდა, თუმცა კი კანონით აკრძალული არ ყოფილა. ადამის დროიდან – ნათქვამია მასში – მიწა იყო გაყოფადი, და ამიტომ მომავალშიც ამის დაუშვებლობა არ შეიძლება.

“როგორი უთანხმოებაც არ უნდა წამოიჭრას, ნათქვამია ვახტანგის კანონების § 98-ში, ძმებს შორის, ბიძასა და ძმისწულებს შორის, ბიძაშვილებს შორისა და განუყოფელ ნათესავებს შორის, ისინი არ შეიძლება განიყვნენ მეფის ან ბატონის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, მეფე ან ბატონი ყველანაირად უნდა ცდილობდეს, უფროსების შეგონებით, უმცროსებზე მუქარითა და მათ შორის უთანხმოებების მთესველთა დასჯით, დააწყნაროს ისინი და გაყოფაზე ხელი ააღებინოს, და ამასობაში დააწესოს მათზე საგანგებო მეთვალყურეობა, რათა მათ საერთო გლეხები არ გაძარცვონ და ღვინო და პური ამაოდ არ დახარჯონ”.

ამ კანონს შედეგად ის მოჰყვა, რომ ერთ მამულს არცთუ იშვიათად მთელი საგვარეულო ფლობდა, და ამის გამო ნათესავებს შორის უთანხმოებები არ წყდებოდა. გვარში უფროსი მამულს განაგებდა და, იცავდა რა მხოლოდ თავის პირად ინტერესებს, მისი გაუმჯობესებისთვის მეტად მცირედ ზრუნავდა (весьма мало заботился объ его улучшенiи).

ძმებს შორის მამულების გაყოფა ყოველთვის წერილობით ხდებოდა, სხვანაირად მას არ ამტკიცებდნენ. ძმები, შეუდგებოდნენ რა გაყოფას, უწინარეს ყოვლისა თავიანთი დებისთვის მზითევი უნდა გამოეყოთ.

უფროსი ძმა თავისი უფროსობისთვის ზედმეტ ნაწილს ღებულობდა, ხოლო დანარჩენი მამულიდან კი ერთი მეოცედი ნაწილი გაყოფისთვის მეფესთან შედიოდა. ამ ნაწილს გასამყრელო (гасамкрело) ეწოდებოდა, და მასში ის გამოიყოფოდა, რომლის არჩევასაც მეფე ისურვებდა. ყველაზე უმცროს ძმას, ნაწილის ზევით, ეძლეოდა სახლი და ყველაფერი, რაც ღობის შიგნით იყო განლაგებული. შემდეგ მთელი დანარჩენი მამული ძმებს შორის თანაბრად იყოფოდა. სასაფლაო, საეკლესიო ქონება და საეკლესიო მამული საერთო მფლობელობაში რჩებოდა* (*გაყოფის დაწვრილებითი ამბები შემდეგი იყო. უფროსი ძმა ღებულობდა “უწინარეს ყოვლისა გლეხების კომლებიდან საუკეთესო მეოცედ ნაწილს, თავისი არჩევით, და ყველაზე უარეს მეოცედ ნაწილს, სხვა ძმების არჩევით. ყველაზე უმცროსი ძმა ერთ უარეს მეოცედ ნაწილს, მშობლების სახლთან ერთად. შუათანა ძმები ყველანი ერთად ასევე ერთ მეოცედ ნაწილს, და შემდეგ კი დანარჩენი თანაბრად იყოფოდა”).

თუ უფროსი ძმა უშვილოდ მოკვდებოდა, მაშინ უფროსობისთვის განკუთვნილ ნაწილს შემდეგი ძმა მიიღებდა.

არავის, 25 წელიწადზე ნაკლები ასაკის მქონეს, არ ჰქონდა უფლება თავისი უძრავი მამული გაეყიდა. ყიდვისა და გაყიდვის დროს გამყიდველები ვალდებული იყვნენ ეს თავიანთი ნათესავებისთვის შეეტყობინებინათ და გარიგებაც მოწმეების თანდასწრებით დაემტკიცებინათ, რომლებსაც დაწვრილებით ჰქონდათ გამოკვლეული ის გარემოება, რომ გასაყიდ სიაში სხვისი რაიმე არ ყოფილიყო შეტანილი. გამყიდველი, რომელმაც აიღო ბე და შემდეგ კი ნივთის მყიდველისთვის მიყიდვაზე უარი თქვა, ვალდებულია ბე ორმაგად დაუბრუნოს.

ვალის გამო წარმოქმნილ საჩივრებში, კანონი კრძალავდა ვალად მიცემულ ფულში სარგებლად 12 %-ზე მეტის აღებას. “ამ საგანს, ამბობს ვახტანგი, საქართველოში ყურადღებას არ აქცევდნენ: ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის წინ სესხს 120 პროცენტად აძლევდნენ, და ხშირად პროცენტების პროცენტებსაც კი იღებდნენ”.

“ვინც უსამართლოა, ამბობს ის შემდეგ, და სძულს თავისი სული, ის ფულს სესხად აძლევს 30 %-ად; ვისაც თუნდაც ცოტათი მაინც უყვარს ის – 24 %-ად; ვისაც უფრო მეტად უყვარს – 18 %-ად; ხოლო ვისაც კი ნამდვილად უყვარს – 12 %-ად. სულისთვის ყველაზე უკეთესი ის არის, რომ პროცენტი სულაც არ აიღონ. პროცენტების პროცენტი არავითარ შემთხვევაში არ მოითხოვონ, არ მისცენ და არც გადახდა დააკისრონ. პროცენტები წყდება თუ კაპიტალს გაუთანაბრდება”.

პურით სესხის აღებისას კი 36 %-მდე სარგებლის აღება დაიშვებოდა. ვალის ამღებმა ვალის მიმცემს ვალი იმავე მონეტით უნდა დაუბრუნოს, რომლითაც მიიღო. ვალის აღების დროიდან 30 წლის შემდეგ არ ეძლეოდათ ნება, რომ მისი ერთჯერადად გადახდა დაეკისრებინათ.

“როცა შენი ძმა ან გარეშე უძრავი მამულს გაყიდვას დაიწყებს ვალის გადახდისთვის, და შენ კი მის ვალს გადაიხდი და მას გაჭირვებისგან გაათავისუფლებ, მაშინ ეს მამული შვიდ წელს შეგიძლია გირაოდ გქონდეს”.

თუ პატრონი ამ დროის მანძილზე მამულს ვერ გამოისყიდდა, მაშინ ის ნაყიდად ითვლებოდა.

ვალის მიმცემს არავისგან არ შეუძლია მისი გადახდის მოთხოვნა, თავისი მოვალის გარდა, მაგრამ მამა ვალდებულია შვილის ნაცვლად გადაიხადოს; მამის ვალს კი ისინი იხდიან, რომლებიც დატოვებულ მამულს ფლობენ. თუ გარდაცვლილ მოვალეს ქალიშვილი დარჩა, მაშინ მისი მამულიდან თავიდან გამოიყოფოდა ნაწილი ქალიშვილის შესანახად, და შემდეგ კი დანარჩენი ვალის გადახდაში მიდიოდა.

ვალის სანაცვლოდ არავის არ შეეძლო სხვისი რაიმე თვითნებურად, მეფის ნებართვის გარეშე დაეკავებინა.

ქართული კანონების მიხედვით, სიკვდილით დასჯა, თავადიდან მონამდე, ერთადერთი მეფეზე იყო დამოკიდებული. მაგრამ დიდებულებს მიცემული ჰქონდათ უფლება, რომ მათი ძალაუფლების ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის ამოეთხარათ თვალები, მოეკვეთათ კიდურები და სხვა.

მტაცებლები, ყაჩაღები, ქურდები, ადამიანთა გამტაცებლები მხედველობის წართმევითა და სხვა საშინელი (лютые) სასჯელებით ისჯებოდნენ. ქურდის დამჭერს უფლება არ ჰქონდა ის მოეკლა, ან რაიმენაირად დაესახიჩრებინა. ცეცხლის წაკიდებისთვის წვავდნენ; ცეცხლის წაკიდებზე წაქეზებისთვის – თავს ჰკვეთდნენ. ყალბი ფულის მჭრელებს ხელებს აჭრიდნენ. ვინც სანთელზე ან მარცვლებზე მკითხაობდა, მას კანონი ჯადოქრად აღიარებდა, ხოლო ვინც ამბობდა, რომ ამა თუ იმ ვარსკვლავის მიხედვით, ესა თუ ის დიდებული უნდა მოკვდეს, მას ვარსკვლავთმეტყველს (звездословъ) უწოდებდნენ. სასამართლოები გრძნეულობის გამო საშინელი იყო.

საქართველოში არსებობდა სისხლის ზღვევინება და ეს ფულით წარმოებდა, ამასთან ითვალისწინებდნენ გვარსა და წოდებას. ზღვევინების უმაღლესი ხარისხი უპირველესი თავადის მკვლელობისთვის 15.360 მანეთის თანხას შეადგენდა* (*ასეთ უპირველეს თავადად მხოლოდ ექვსი ითვლებოდა: არაგვის ერისთავი, თავად პირადად გაყოფამდე; ქსნის ერისთავი პირადად გაყოფამდე; ამილახვარი პირადად გაყოფამდე; ორბელიანი – უფროსი სახლში გაყოფამდე; ციციშვილების სახლში უფროსი, როდესაც გვარი ჯერ კიდევ არ იყო გაყოფილი, და სომხეთის მელიქი. См. собранiе законовъ Вахтанга, § 17-41). კათოლიკოსთან (საქართველოს სასულიერო წოდების მეთაურთან) მიმართებაში ნათქვამია: “მეფისა და კათოლიკოსისთვის წყენის (შეურაცხყოფის) მიყენება ერთნაირია, ვინაიდან ერთ მათგანს ძალაუფლება აქვს სხეულზე, ხოლო მეორეს კი სულზე. ღვთისგან კურთხევასა და ადამიანთაგან პატივისცემას (მოწიწებას) ისინი ასევე თანაბრად მიიღებენ. თუმცა კი მეფეს უფრო მეტად გამოუხატავენ მოწიწებას, მაგრამ ეს მხოლოდ შიშის გამოა”. ყველაზე უფრო დაბალი საზღაური მხვნელ-მთესველის ან ხელოსნის სისხლისთვის 120 მანეთი იყო. ფულის ნაცვლად შესაძლებელი იყო გადახდა ხარებით, ძროხებით, ცხენებით, იარაღით, რკინისა და სპილენძის ვარგისი ნივთებით.

მამის მიერ ვაჟიშვილის მოკვლა, ანდა ვაჟიშვილის მიერ მამისა და ძმის მიერ ძმისა, სასულიერო სასამართლოს ექვემდებარებოდა, მაგრამ თუ, ძმის სიკვდილის შემდეგ რჩებოდნენ შვილები, მაშინ მკვლელი სისხლისთვის ერთნახევარ დაკმაყოფილებას (საზღაურს) იხდიდა. ყაჩაღს სამმაგი ანაზღაურება ეკისრებოდა. გლეხისგან, რომელმაც დაჭრა ან მოკლა ბატონი, ნათქვამია კანონში, არ შეიძლება განისაზღვროს სისხლისთვის დაკმაყოფილება, ვინაიდან ყველაფერი, რაც კი გლეხს გააჩნია, უამისოდაც ბატონს ეკუთვნის.

მეფის ნებართვის გარეშე, კანონი კრძალავდა სისხლისთვის გადახდევინებას. თუ მოკლულ ადამიანს არ ჰყავდა შვილები, არამედ რამდენიმე ძმა, მაშინ სისხლის საზღაური ეძლეოდა მას, ვინც მასთან გაყოფილი არ იყო, გარკვეული ნაწილის გამოკლებით, რომელიც მოკლულის ცოლის დაკმაყოფილებაზე მიდიოდა. თუ ყველა ძმა გაყოფილი იყო, მაშინ კანონი განსაზღვრავს წესს, თუ როგორ უნდა გაეყოთ ურთიერთ შორის სისხლის საზღაურად მიღებული. თუ მოკლულს ჰყავდა შვილები, მაშინ სისხლისთვის გადახდევინებული ფული მათ დაკმაყოფილებაზე მიდიოდა. ვისაც არ გააჩნდა შეძლება სისხლის საზღაურის გადასახდელად, ის სიკვდილით, ან სხვა მკაცრი სასჯელით ისჯებოდა.

განუზრახველი (неумышленное) მკვლელობისთვის არ იყო სისხლის საზღაურის გადახდევინება, და მკვლელი მხოლოდ საეკლესიო სინანულს ექვემდებარებოდა. 

განუზრახველ მკვლელობათა რიცხვს მიეკუთვნებოდა: მოკვლა ბრძოლაში, მოკვლა თავდასხისგან დაცვისას, მაგრამ გლეხს უფლება არ ჰქონდა მასზე თავდამსხმელი ბატონი მოეკლა; თუ ვინმე დაჭრის სხვას ხმლით და მეორე დარტყმის მიყენებას მოისურვებს, ის კი მას მოკლავს.

სისხლის აღება არ დაიშვებოდა: თუ ვინმე მოკლავს შემაცდენელს, მისუწრებს რა მას თავის ცოლთან ან ქალიშვილთან; ხოლო თუ ვინმემ მიუსწრო შემაცდენელს მოახლესთან და მოკლა ის, მაშინ დაკრძალვის ფულის ნაწილი უნდა შეიტანოს. გლეხს დაუსჯელად შეეძლო მოეკლა თავისი ბატონი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას თავის ცოლთან მწოლიარეს მიუსწრებდა.

ფულადი გადახდევინება განსაზღვრული იყო ჭრილობის მიყენებისთვისაც. კანონი განსაზღვრავს, თუ როგორი ჭრილობისთვის და რა უნდა გადაახდევინონ.

ორივე თვალის, ხელებისა და ფეხების დაზიანება მკვლელობას უთანაბრდებოდა, და სისხლისთვის დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა. ამ ასოთაგან ერთ-ერთის დაზიანებისთვის კი სრული დაკმაყოფილების მესამედ ნაწილს ახდევინებდნენ; ხელის თითოეული თითისა და კბილისთვის – მეხუთედ ნაწილს; ფეხის თითისთვის – მეათედს. ჭრილობა, ასოთა დაზიანების გარეშე, რიგში ჩაწყობილი ქერის მარცვლებით გაიზომებოდა, ამასთან თითოეული მარცვლისთვის უხდიდნენ: გლეხს 2 მანეთს, მსახურს 4 მანეთს და ა. შ. თანდათანობით ახდენდნენ რა გაორმაგებას. თუ ჭრილობა ტყვიის, ისრის ან შუბისგან იყო, მაშინ ზომავდნენ სიღრმეს, ალაგებდნენ ისევ მარცვლებს და თითოეულისთვის სხეულზე გარე ჭრილობასთან შედარებით ორმაგს ახდევინებდნენ. ვინც სხვის სახლს დაესხა და ვინმე მოკლა ან დაჭრა, ორმაგ დაკმაყოფილებას იხდიდა. მთვრალ მდგომარეობაში მოკვლა ან დაჭრა დანაშაულს ვერ ამსუბუქებდა და გადახდევინება არ მცირდებოდა.

სახლის გატეხვითა და თაღლითობით ქურდობისთვის გადახდევინება ერთნაირად განსაზღვრული არ ყოფილა: ის ძველი ადგილობრივი ადათებით განსჯას ექვემდებარებოდა და ამგვარი სასამართლო არა მხოლოდ ქართველებს შორის გამოიყენებოდა, არამედ სომხებსა და თათრებს შორისაც.

თუმცა კი, საქართველოს უმეტეს ნაწილში ქურდისთვის გადახდევინების ზომა პირველ ჯერზე მოპარულზე შვიდჯერ უფრო მეტს შეადგენდა. ამ გადახდევინებიდან ორი ნაწილი მომჩივანის დაკმაყოფილებაზე მიდიოდა, ოთხი – მეფის ანუ ხაზინაში და ერთიც მოურავისა, რომელიც საქმეს განიხილავდა.

ქალაქებში ტფილისში, გორსა და თელავში, აგრეთვე ქიზიყის სოფლებსა და ცხინვალის ციხესიმაგრეში, სადაც ებრაელები ცხოვრობდნენ, საგანგებო წესები არსებობდა (Записки Буткова /рукоп./ Арх. Главн. Шт. въ С.-Петерб.). ებრაელების მიერ დადგენილი კანონით, ქურდს მოპარულზე ორჯერ მეტი უნდა დაებრუნებინა.

მემამულეთა მამულებში, ქურდობასთან მიმართებაში, დამნაშავეებს მემამულენი ასამართლებდნენ იმ წესებით, რომლებიც ძველი დროიდან იყო ნაკურთხი. სომხებთან შულავერში ქურდს ხუთმაგს ახდევინებდნენ, მათგან ორი ნაწილი მომჩივანთან მიდიოდა, ორი მეფესთან და ერთიც მოურავთან. თათართა ზოგიერთ სოფელში მომჩივანს მხოლოდ დაკარგულის ღირებულება ანუ ზარალი უბრუნდებოდა, ხოლო დამნაშავეს კი მოურავის დანიშნულების მიხედვით ახდევინებდნენ. ამ გადახდილიდან ცხრა-მეათედი მეფეს ეკუთვნოდა, ხოლო ერთი-მეათედი კი – მოურავს. თათართა სხვა სოფლებში მოურავს გადახდილის მესამედი ნაწილი ეძლეოდა, ორი-მესამედი კი – მეფეს. თავადების, მეფისა და მემამულეთა მამულებში შემოსავალი ამ მუხლიდან მთლიანად მფლობელს ეკუთვნოდა.

მეორე ქურდობისთვის, ქურდისთვის მატერიალური გადახდევინების გარდა, მას აჭრიდნენ ყურებს, ცხვირს, ხელს და სხვა. ამგვარი საქმეების უმეტესი ნაწილი კი ფულადი საზღაურით ნაზღაურდებოდა.

მოსამართლე დასმენებს (доносы) სხვანაირად არ ღებულობდა, თუ არა წერილობით. იმ ადამიანის დასმენა, რომელიც რაიმე დანაშაულისთვის იყო დასჯილი ან ბრძოლის ველიდან გამოიქცა, არ შეიძლებოდა მიღებული ყოფილიყო.

ქართული წეს-ჩვეულებებისა და წესების მიხედვით, ბრალდებულს ექვსი ხერხით შეეძლო თავი გაემაერთლებინა: 1) ფიცით, 2) გავარვარებული რკინით, 3) მდუღარე წყლით, 4) ხმალში ანუ ორთაბრძოლაში გამოწვევით, 5) მოწმობით, და 6) საკუთარ თავზე ცოდვის მიღებით ან საკუთარი თავის შელოცვისადმი დაქვემდებარებით (принятiемъ на себя греха или подверженiемъ себя заклятiю).

იმისთვის, რათა თავისი სიმართლე ფიცით დაამტკიცოს, ბრალდებულმა თავისი უდანაშაულობის მოწმე უნდა წარმოადგინოს. თუ მას ბრალს დებენ დასმენით, მაშინ, თავისი მოწმის გარდა, კიდევ ერთი მოწმე უნდა ამოირჩიოს იმ პირთა რიცხვიდან, რომლებიც დამსმენის მიერ არიან დანიშნულნი. მან, ვინც აიძულებს ფიცი დადოს, ხატი უნდა მოიტანოს. თუ ბრალდებული და მის მიერ მიღებული მოწმეები მის უდანაშაულობაზე ხატის წინაშე დაიფიცებენ, მაშინ მათი ჩვენების სამართლიანობა ეჭვის ქვეშ არ დგება.

დაფიცებას იშვიათად მიმართავდნენ, არამედ საქმის გარჩევას სხვა ხერხებით ცდილობდნენ. ქალებს დასაფიცებლად არ უშვებდნენ; მათ სანაცვლოდ ფიცის დადება არ შეეძლოთ გარეშეებს, არამედ მხოლოდ ყველაზე უფრო ახლო ნათესავებს.

ბრალდებულს ხელებზე ქაღალდის ფურცელს აფარებდნენ, ხოლო მასზე კი გავარვარებულ რკინას დებდნენ. თუ ის, გადადგამდა რა წინ სამ ნაბიჯს და შემდეგ დააგდებდა რა რკინას, ხელებს არ დაიწვამდა, მაშინ გამართლებულად ითვლებოდა, და გამართლების ამ ხერხს გახურებული რკინით გამოცდა ეწოდებოდა.

მდუღარე წყლით გამოცდა იმაში მდგომარეობდა, რომ წყლიან ქვაბში სამკერდე ჯვარს უშვებდნენ. როცა წყალი ადუღდებოდა, ქვაბს ცეცხლიდნ გადმოიღებდნენ – და ბრალდებულს, ღვთის სახელით, ქვაბიდან ჯვარი უნდა ამოეღო.

ამის შემდეგ ხელზე პატარა ტომარას ჩამოაცმევდნენ, პირს მოუკრავდნენ და ბეჭედს დაადებდნენ; თუ მესამე დღეს ხელი დამწვარი არ იქნებოდა – მაშინ ბრალდებული მართალი იყო.

ორთაბრძოლის დახმარებით გამართლების წინ, დამსმენი და ბრალდებული 40 დღეს ღვთის წინაშე ლოცულობდნენ; შემდეგ თითოეულ მათგანს კისერზე ან შუბზე უმაგრებდნენ ქაღალდის ფურცელს, რომელზედაც მოკლე ლოცვა იყო დაწერილი. 

მართლმსაჯულო ღმერთო! ნათქვამია ლოცვაში. მე, ესა და ეს, გთხოვ და გევედრები, არ გაიხსენო დღეს სხვა ჩემი შეცოდებანი. მაგრამ თუ მე, ჩემზე აღძრულ ამა და ამ საქმეში მართალი ვარ, მაშინ მიბოძე მისი თავი; ხოლო თუ არა ვარ მართალი, მაშინ ჩემი თავი მას უბოძე.

შეიარაღდებოდნენ რა, ისინი ცხენებზე ამხედრებულნი არენაზე გამოდიოდნენ, და თან ფარებითა და მათრახებით შეიარაღებული მოწმეებიც (სეკუნდანტებიც) ჰყავდათ. ორთაბრძოლა მეფის თანდასწრებით ხდებოდა და იმდენ ხანს გრძელდებოდა, სანამ ერთი მეორეს ცხენიდან არ გადმოაგდებდა. მაშინ მოწმეები დამარცხებულს, როგორც დამნაშავედ აღიარებულს, მეფეს მიჰგვრიდნენ, რომელიც მას თავისი შეხედულების და მიხედვით ექცეოდა. დამარცხებულის იარაღი გამარჯვებულს ეძლეოდა, ცხენი კი – მოწმეს. თუ ორივე გადმოვარდებოდა ცხენიდან, მაშინ ქვეითად უნდა ებრძოლათ იმ დრომდე, სანამ ერთი მათგანი მეორეს არ წააქცევდა.

ორთაბრძოლა უპირატესად ღალატის, საეკლესიო სალაროს გაძარცვისა და სიწმინდეთა შეურაცხყოფის შესახებ საქმეებში იმართებოდა.

თუ ბრალდებული პირი უმაღლეს წოდებას ეკუთვნოდა, ხოლო დამსმენი კი უმდაბლესს, მაშინ კანონი უშვებდა, რომ ბრალდებულს ორთაბრძოლაში თავისი ძალაუფლების ქვეს მყოფი რომელიმე პირი გამოეყვანა, რომელიც თავისი ქონებითა და მდგომარეობით დამსმენის თანატოლი იქნებოდა.

ჭკვიანი და კეთილსინდისიერი მოწმე ორი პირი საკმარისია; წინააღმდეგ შემთხვევაში კი საჭიროა ოცი და არანაკლებ ათისა.

საკუთარ თავზე ცოდვის აღებით მეტად უმნიშვნელო საჩივრები წყდებოდა, რომლებიც ერთ მარჩილს (ვერცხლის დაახლოებით 60 კაპიკს) არ აღემატებოდა. ზოგჯერ ეს ზომა ხარის შესახებ დავებშიც დაიშვებოდა. ბრალდებულმა მომჩივანი ზურგზე უნდა შეისვას და თქვას: “დაე შენი ცოდვა ჩემზე იყოს მეორედ მოსვლისას, და დაე მე შენს ნაცვლად ვიქნე გასამართლებული, თუ მე გამეკეთებინოს ის, რაშიც შენ ბრალს მდებ”.

კანონი განსაზღვრავდა შემთხვევებს, რომლებშიც სახელდობრ რომელი გვარეობის განწმენდა უნდა გამოეყენებინათ. ბრალდებულთა ან ბრალმდებელთაგან არავის არ შეეძლო ფიცისგან თავი აერიდებინა. ფიცის დამდებს მოფიქრების დრო ეძლეოდა, რათა სიჩქარით, ცრუ ფიცის მიცემა არ აეძულებინათ. “ცრუ ფიცი ღმერთისგან განდგომაა, და სიცრუით მიცემულ ფიცს უფალი არ დაივიწყებს. ვინც ცრუ ფიცს დადებს, ნათქვამია სამართალში, ის ურიაა, და მასთან პურიც კი არ უნდა ჭამო. მცირეწლოვანი ბავშვები და სასულიერო პირები ფიცის დასადებად არ დაიშვებოდნენ.

მოწმე ღირსეული ადამიანი უნდა იყოს, არანაკლებ 20 წლის ასაკისა. სხვა რჯულის კაცის მოწმობა არ მიიღებოდა. ამიტომ მოწმის შესახებ, უწინარეს ყოვლისა, გებულობდნენ, როგორი აღმსარებლობისაა ის და როგორი თვისებების. მოწმეთა მხოლოდ ის ჩვენებები მიიღებოდა, რომლებიც მოწმემ თავად იხილა, და არა მათზე მოისმინა; მაგრამ მიწის საზღვრების, სახლის აშენების შესახებ განაგონის დამოწმებაც შეიძლებოდა. ღარიბები და ღატაკები მოწმეებად არ დაიშვებოდნენ. ნაყიდი ადამიანი არ შეიძლებოდა არც თავისი ბატონისთვის, არც მისი ვაჟისთვის მოწმე ყოფილიყო. მამა ძისთვის და ძე მამისთვის ასევე არ შეიძლებოდა მოწმეები ყოფილიყვნენ. მოწმეები იმ პირთა წინაშე უნდა ყოფილიყვნენ წარდგენილნი, რომელთა დანაშაულის შესახებაც ამოწმებდნენ.

ასეთი იყო, ზოგადი და მოკლე ნიშნებით, ქართველი ხალხის იურიდიული ყოფა-ცხოვრება.

საზოგადოების თითოეული წევრის უფლებების დასაცავად, არსებობდა სამთავრობო დაწესებულებანი, რომელთა სათავეშიც უზენაესი სამეფო სასამართლო იდგა.

ამ სასამართლოს თავმჯდომარე თავად მეფე გახლდათ, და მასში ესწრებოდნენ: ა) მეფის მემკვიდრე; ბ) სხვა ბატონიშვილები, მეფის მიერ საგანგებოდ დანიშნულნი; გ) მდივან-ბეგები – მეფის მრჩევლები ანუ, საკუთრივ, მოსამართლეები – ოთხი ქართლელი თავადი და ოთხიც კახელი* (*1804 წ. მათ დაერქვათ კოლეგიისა და კარის მრჩევლები /коллежскiе и надворные советники/); დ) მდივნები, ანუ პირები, რომლებიც სწორედ სასამართლოში წარმოებული საქმეების შესრულებისთვის ინიშნებოდნენ; და ე) თავალიდარი, მეფის უზენაესი სასამართლოს წერილობითი საქმეებისა და სხვადასხვა აქტების შემნახავი. მის მოვალეობებში დამნაშავეთაგან სასამართლოს მიერ ამოღებული ფულების შენახვაც შედიოდა.

უზენაეს სასამართლოში როგორც ქართლის, ისე კახეთის საქმეებიც განიხილებოდა. 

ნათელ საქმეებს მეფე თავად წყვეტდა, მაგრამ თუ ისინი ჩახლართული, არასრული, ან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, მაშინ იგი მათ უზენაეს სასამართლოში გადასცემდა, სადაც ზოგჯერ საქმის წარმოებისას თავადაც ესწრებოდა. უმეტეს წილად კი, ის მხოლოდ მოსამართლეებს ავალებდა მათ გადაწყვეტას, რომლებიც, ხელმძღვანელობდნენ რა კანონებში დადგენილი ფორმით, სხდომაზე იწვევდნენ დამნაშავეს, მომჩივანს, მოპასუხესა და მოწმეებს, განიხილავდნენ მათ ჩვენებებს, ავსებდნენ მათ საბუთებით (მოწმობებით, удостоверенiя), და, მოიყვანდნენ რა საქმეს სრულ გარკვეულობაში, შეასაბამებდნენ რა მას კანონებთან ან იმ ხალხის წეს-ჩვეულებებთან, რომელშიც განსახილველი შემთხვევა მოხდა, წარმოთქვამდნენ განაჩენს და შეჰქონდათ ის მეფესთან დასამტკიცებლად. მეფის ნებაზე იყო დამოკიდებული, უზენაესი სასამართლოს განაჩენის თანახმად მოიქცეოდა, თუ სხვანაირად.

მეფესთანვე მოჰქონდათ საჩივრები დაბალი სასამართლოებისა და ხელისუფალთა არასწორ გადაწყვეტილებაზეც, და, ასეთ შემთხვევაში, საქმე ან მეფის მიერ იქნებოდა განხილული, ან კიდევ უზენაეს სასამართლოში.

მოსამართლედ შეიძლებოდა ყოფილიყვნენ არანაკლებ 25 წლის ასაკისა. სადღესასწაულო ან საზეიმო დღეებში მათ სამართალწარმოება ეკრძალებოდათ, მაგრამ მკვლელებისა და ყაჩაღების გასამართლებას კანონი დიდმარხვაშიც (и въ св. четыредесятницу) ავალებდათ. დამნაშავეებს მაშინვე არ სჯიდნენ, არამედ რაღაც დროის შემდეგ. კანონებში ნათქვამი იყო, რომ, რომ თუ მეფე ბრძანებს დასაჯონ დამნაშავე, მაშინ ბოქაულებმა უნდა დააყოვნონ (есаулы должны помедлить). თუ მეფე დამნაშავეს ბრალეულად აღიარებს, მაშინ ხალხიც თანახმა უნდა იყოს.

საერთოდ ყველა საქმე მეტად ჩქარა და თითქმის ყოველგვარი წერილობითი წარმოების გარეშე, მხოლოდ ზეპირი გარჩევით წყდებოდა. უზენაესი სასამართლოს ყოველი გადაწყვეტილების შესახებ კი გამოდიოდა ბარათი, ანუ ბრძანებულება მეფის ბეჭდით, რომელიც საკუთარ თავში შეიცავდა განაჩენის შინაარსს.

უზენაეს სასამართლოში გადაწყვეტილი თითოეული საქმისთვის დადგენილი ბაჟი გადაიხდებოდა, რომლიდანაც ნაწილი ეკუთვნოდა მეფეს, ნაწილი სასამართლოში მონაწილე ბატონიშვილებს, და ნაწილიც მდივან-ბეგებს, მდივნებს, თავალიდარსა და სასამართლოს სხვა წევრებს.

უშულოდ მეფის უზენაესი სასამართლოს ქვემოთ, ერთი საფეხურით უფრო დაბლა, იყო ეგრეთ წოდებული კერძო სასამართლოები: ქართლის, კახეთისა და თელავის. პირველი ორი ტფილისში იმყოფებოდა, მესამე კი თელავში. ამ უკანასკნელი სასამართლოს განმგებლობას თავად ქალაქი თელავი და შუა კახეთის მთელი ოკრუგი ექვემდებარებოდა; კახეთის დანარჩენი ნაწილი კი კახეთის სასამართლოზე იყო მიწერილი. კერძო სასამართლოები შედგებოდა: პირველი ოთხი მდივან-ბეგისგან, ქართლის თავადებისგან, ხოლო მეორე და მესამე კი – თითოეული ოთხ-ოთხი მდივან-ბეგისგან, კახეთის თავადებისგან. იყვნენ რა მეფის უზენაესი სასამართლოს წევრები და წყვეტდნენ რა იქ საქმეებს სხვა წევრებთან ერთობლივად, აქ მდივან-ბეგები მართლმსაჯულებას ცალკე აწარმოებდნენ (имели отдельное присутствiе).

სასამართლოს მოვალეობა იყო ტფილისისა და ქართლის ისეთი ადგილების მცხოვრებთა დაბალი კლასების საქმეების გარჩევა, სადაც მხარეებსა და სოფლებს ის მოურავები განაგებდნენ, რომელთაც სასამართლო ძალაუფლება არ გააჩნდათ. მდივან-ბეგთა სასამართლოში მოდიოდა ყველა ის საჩივარი ასოთდაკლებისა და ძალადობათა გამო, რომლებიც მეორე ხარისხის სისხლის სამართლის დანაშაულებებს წარმოადგენდა. ამ საქმეებზე თავიანთ განაჩენებს ისინი მეფეს წარუდგენდნენ განსახილველად, რომლის მიერ დამტკიცების გარეშეც მათი აღსრულებაში მოყვანა არ შეეძლოთ.

მდივან-ბეგები ღებულობდნენ დასმენებს სხვადასხვანაირ ბოროტგანზრახულობებზე. თუ ძიებიდან აღმოჩნდებოდა, რომ დანაშაული თავადებსა და ისეთ პირებს შეეხებოდა, რომლებიც აზნაურთა უპირატესობებით სარგებლობდნენ, მაშინ მდივან-ბეგები საქმეს უზენაესი სასამართლოს მიერ განხილვაზე გადასცემდნენ; მეორეხარისხოვან საქმეებში კი, დაბალი წოდების ადამიანთა ბრალდებისას, თავად ადგენდნენ განაჩენს და დასამტკიცებლად მეფეს წარუდგენდნენ (препровождали его царю на утвержденiе). 

უწინდელი მმართველობა საქართველოში დესპოტური და უკიდურესად სასტიკი იყო. მცირე დანაშაულისთვის ხშირად აჭრიდნენ ცხვირს, ყურებს, ართმევდნენ მამულს და საპყრობილეშიც სვამდნენ. რათა ნათელი წარმოდგენა გვქონდეს იმ მდგომარეობაზე, რომელშიც იმყოფებოდა საქართველო რუსეთის ქვეშევბრდომობაში მისი შემოსვლისას, მოვიყვან იმ დროის თანამედროვე ჩანაწერს, რომელიც თავადმა მ. ს. ვორონცოვმა შეადგინა. ქართველები ისე მიეჩვივნენ თავიანთი მეფეების სასტიკ მმართველობას, ამბობს ის, “რომ რუსი უფროსების ჩვეულებრივ შემთხვევებში მშვიდი (кроткая) და კანონებზე დაფუძნებული ძალაუფლება მათ უცნაურად ეჩვენებათ, რომელიც უფრო მეტად სისუსტიდან მომდინარეობს, და არა დიდსულოვნებიდან. მათი თავადებიდან და გამოჩენილი აზნაურებიდან ბევრი ამბობს, რომ საქართველო არ შეიძლება იმართებოდეს სხვანაირად, თუ არა ყველა საქმეში სწრაფი და სასტიკი სასჯელით. ნელი ცნობები (медлительныя справки) და კანონიერი გადაწყვეტილებანი მათ გაუგებრად და აუტანლად ეჩვენებათ, და ასეთს უფრო მეტი სურვილი ექნებოდა, რომ მისთვის იმავე დღეს ყურები დაეჭრათ, ვიდრე რამდენიმე თვეს ზომიერ სასჯელს დალოდებოდა. თავადებსა და აზნაურებს ბევრად მეტი გაგება არა აქვთ წესრიგისა და სამართლიანობის შესახებ, ვიდრე უბრალო ხალხს. როდესაც კრებდნენ აზნაურებს არჩევნებზე, ვერანაირად ვერ იყო შესაძლებელი, რომ მათთვის მათი საქმის (მოვალეობის) შესახებ ნამდვილი წარმოდგენა ჩაეგონებინათ. სულ უმცირესი საჭიროებისთვის, ან თუ ვინმეს მოსწყინდებოდა, ისინი კრებიდან სახლში მიდიოდნენ და აღარ ბრუნდებოდნენ. სხვები კი, სიამოვნებით უყურებდნენ რა ხმის მისაცემად განკუთვნილ სხვადასხვა ფერის პატარა ბურთულებს, მათ ჩუმ-ჩუმად ჯიბეში იდებდნენ და მიდიოდნენ. სხვები, რომელთაც არ ჰქონდათ უფლება კრებაზე შემოსულიყვნენ, შემოიპარებოდნენ და ამ პატარა ბურთულებს ეზიდებოდნენ, ასე რომ ყოველ ჯერზე მათი დიდი ნაწილი იკარგებოდა. თავად ციციანოვს ერთ დროს სჭირდებოდა პროვინციაში აზნაურის დაპატიმრება, მაგრამ რადგანაც იქ სამხედრო რაზმი არ ყოფილა, მან ჰკითხა ზოგიერთ მეზობელს: ხომ არ იკისრებდნენ ისინი, რომ ის კაცი დაეპატიმრებინათ (მისთვის ყარაული მიეჩინათ); მათ უპასუხეს, რომ მისი დაპატიმრება არ შეუძლიათ, მაგრამ, თუ თავადი უბრძანებს, ისინი მას ტყვიას დაახლიან (они его застрелятъ). არც ერთი ქართველი არ გამოცხადდება სასამართლოში, თუ მას ძალით არ მიიყვანენ, და ზის რა თავისთვის მშვიდად სახლში, არ ესმის, რატომ უნდა შეწუხდე და წახვიდე იქ, სადაც არ გინდა, მხოლოდ მარტო მიწვევის ძალით”.

ხალხი შეესისხლხორცა სწრაფ, ზეპირსიტყვიერ, თუმცა კი სასტიკ სასამართლოს. ასეთ სასამართლოს მოითხოვდნენ ქართველები თავიანთი მეფისა და მდივან-ბეგებისგან. 

უკანასკნელნი, სასამართლოში თავიანთი საქმიანობის ზევით, სახლთუხუცესის (салтхуцеса) ანუ სახელმწიფო ხაზინადარის მრჩევლებიც იყვნენ. უკანასკნელი თანამდებობა მდივან-ბეგებს აკისრებდა მოვალეობას – ყოველი შვიდი წლის შემდეგ პირადად მოეხილათ სამეფოს საშინაო მდგომარეობა, მისი ხალხმოსახლეობის შესახებ სანდო წარმოედგენა შეექმნათ (приводить въ известность народонаселенiе его), ხალხური მრეწველობის თაობაზე ცნობები შეეკრიბათ და მთავრობაში მიეტანათ, ამ უკანასკნელის მიერ ვალდებულებათა თანაზომადი განაწილების შესადგენად. სახლთუხუცესი ორი იყო: ერთი ქართლისთვის, ხოლო მეორე კი კახეთისთვის (Описанiе Грузiи, составленное Лазаревымъ. Акты Кавк. Арх. Ком. изд. 1866 года, т. 1, 193).

ქვეყნის ადგილობრივი მმართველობისთვის, მთელი საქართველო, – როგორც ქართლი, ისე კახეთიც – სამოურავოებად (моуравства) იყო დაყოფილი. სიტყვა მოურავი საკუთრივ ადგილობრივ უფროსს ნიშნავს* (*მოურავი მომდინარეობს სიტყვიდან ურვა – ზრუნვა, მეურვეობა, მმართველობა. სიტყვა მოურავი თავიდან გამოხატავდა ხელისუფლებას, რომელიც ერისთავზე უფრო მაღლა იდგა და შემდეგ ისინი შეცვალა. შემდგომში მოურავების წოდება უმაღლეს სახელმწიფო დიდმოხელეთა დონიდან მაზრების, უბნებისა და სოფელთა წვრილ მმართველებამდე დამდაბლდა). სარგებლობდნენ რა თანამდებობის ერთნაირი სახელწოდებით, მასში მყოფი სხვადასხვა პირებს განსხვავებული ძალაუფლება გააჩნდათ. ზოგიერთ მათგანს თავისი სასამართლო და სააღსრულებო ჰქონდა, სხვებს კი მხოლოდ სააღსრულებო უფლება-მოვალეობები ეკისრებოდათ.

მოურავებად, სასამართლოთი ან სასამართლოს გარეშე, მეფე თავადებსა და ანზაურებს განამწესებდა, რომელთაგან ბევრს ეს თანამდებობა მემკვიდრეობით ჰქონდა.

საერთოდ, მოურავის თანამდებობაზე არა თუ არ ამბობდნენ უარს, არამედ მას კიდეც ეძიებდნენ. სამშობლოსთვის გაწეული სამსახურის სანაცვლოდ, თავადები ჯილდოვდებოდნენ მოურავობის წყალობით საგვარეულოში, სიცოცხლის ბოლომდე, ან კიდევ გარკვეული დროით.

სომხები, შეადგენდნენ რა ტფილისის მოსახლეობის უმთავრეს ნაწილს და საკუთარ ხელში ეჭირათ რა მთელი ვაჭრობა და ხელობანი, მმართველობასაც თავიანთი წეს-ჩვეულებების შესაბამისს მოითხოვდნენ. თავდაპირველად მათ მართავდნენ მამასახლისები (რაც ვიწრო აზრით სახლის უფროსს აღნიშნავს) და ნაცვალები, მაგრამ შემდეგ კი ორივე ეს თანამდეგობა მელიქში იქნა გაერთიანებული. ეს წოდება ჯერ კიდევ იმ დროსაა დაარსებული, როდესაც საქართველო სპარსეთის ძალაუფლების ქვეშ იმყოფებოდა. ნადირ-შაჰმა საგანგებო სიგელით მელიქის თანამდებობაზე ქართლელი თავადი ბებუთაშვილი დაამტკიცა, და მისი ჩამომავლნი ამ წოდებას რუსული მმართველობის შემოღებამდე ატარებდნენ. ტფილისში მცხოვრები ქართველები და თათრები კი ტფილისის მოურავს ექვემდებარებოდნენ (თავად ციციშვილებისგან). მელიქისა და მოურავის ხელისუფლება ერთნაირი იყო და ორივენი ეგრეთ წოდებულ ტფილისის საქალაქო მმართველობას შეადგენდნენ, რომელიც მხოლოდ საქართველოს დედაქალაქში არსებობდა. კანონებით, მელიქს ეკისრებოდა: ვაჭართა წოდება კარგ წესრიგში ჰყოლოდა და ის სიმართლით დაერიგებინა; ზომებისა და წონის სისწორეზე თვალი სჭეროდა; ასევე ტყუილისა და გაცურების გარეშე ვაჭრობაზეც. იგი ვალდებული იყო იმისთვის ედევნებინა თვალ-ყური, რომ მოვაჭრენი ზომიერი მოგებით დაკმაყოფილებულიყვნენ, არ დაეწყოთ ურთიეთ შორის დავა-კამათები და ერთი-მეორისთვის წყენა არ მიეყენებინათ.

როცა ტფილისში ვაჭრებსა და მეშჩანებში მამულის შესახებ დავები ან მემკვიდრებს შორის გაყოფისას კამათები ხდებოდა, ასევე სავაჭრო ანგარიშების გამო ან სავექსელო საჩივრებისა და სხვა სამოქალაქო საქმეთა განსახილველად, მელიქი სახელმოხვეჭილ ვაჭრებს იწვევდა, საქმეებს წერილობითი განაჩენით წყვეტდა, მას თავისი ბეჭდითა და საქმის გარჩევისას მასთან ერთად მონაწილე პირების ბეჭდებით ამტკიცებდა. მელიქს უფლება ჰქონდა, ნაკლები მნიშვნელობის მქონე საქმეები განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად ორი ან მეტი ღირსეული მოქალაქისთვის გადაეცა, რომლებიც საყოველთაო პატივისცემით სარგებლობდნენ.

თავადს, თავის მამულებში მდივან-ბეგის ძალაუფლება ჰქონდა. იგი სამართალსა და აღსრულებას აძლევდა თავის გლეხებს სამეფოს სამართლისა და ადგილობრივ წეს-ჩვეულებათა მიხედვით, პირადად ან თავის რწმუნებულ პირთა მეშვეობით, რომელთა ყოლის უფლებასაც მას კანონი აძლევდა. პირველი ხარისხის სისხლის სამართლის დანაშაულებისთვის მეფეს უკეთებდა წარდგინებას, ხოლო მეორე ხარისხის ძალადობებისთვის კი თავადს განაჩენები თავად გამოჰქონდა და შემდეგ დასამტკიცებლად მეფესთან შეჰქონდა. ფულადი შესაკრებლები საქმეებიდან, რომლებიც სახაზინო მამულებში ხაზინაში შედიოდა, ხოლო მემამულეთა მამულებში კი მემამულეებს ეკუთვნოდა, მათი შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა. თავადები, რომელთაც თავიანთი აზნაურები ჰყავდათ, უპირატესობით სარგებლობდნენ, რომლის მიხედვითაც მათ სამართალს არა მხოლოდ ამ აზნაურთა გლეხები ექვემდებარებოდნენ, არამედ, მამულების შესახებ საქმეებში, თავად ეს აზნაურებიც. ეს უკანასკნელნი, ფლობდნენ რა თავადების მიერ მიცემულ უძრავ ქონებას, მას მხოლოდ თავიანთი თავადების ნებართვით განკარგავდნენ, და მამულების დაგირავება ან გაყიდვა მხოლოდ იმავე თავადის აზნაურებზე შეეძლოთ, იმ მიზნით, რომ სათავადო მამულების საზღვრები არ დაერღვიათ (не нарушать округлости вотчины), ე. ი. რათა, უძველესი დროიდან არსებული წეს-ჩვეულების მიხედვით, თავადებს ურთიერთ შორის სადავო სამფლობელოები არ ჰქონოდათ (чтобы... князья не имели другъ съ другомъ черезполосныхъ владенiй).

სამხედრო მმართველობა საქართველოში შემდეგი ჩინების შესაბამისად იყო განაწილებული.

1. სარდალი (Сардаръ) – სრული გენერალი. ეს ჩინი ყველაზე უფრო მაღალი იყო და მისით საქართველოს ყველაზე უფრო დიდგვაროვანი თავადები, ოთხნი ქართლში და ერთიც კახეთში, მემკვიდრეობით სარგებლობდნენ.

2. მინბაში ანუ ათასის-თავი (Минбаши или атасисъ-тави) – ათასეულის უფროსი. ისინი მშვიდობიანობის დროს სარდლის განმგებლობაში იმყოფებოდნენ და მუდმივად სამსახურისთვის მზადყოფნაში იყვნენ. თითოეულ სარდალს თავისი მინბაშები ჰყავდა, იმ ჯარების რიცხვის თანაზომადად, რომელიც მისი უფროსობის ქვეშ შეიძლებოდა შეერთებულიყო, და ამიტომ ზოგიერთს სამი მინბაში ჰყავდა, სხვებს კი ნაკლები. 

ტფილისის ციხესიმაგრის კომენდანტს მინბაშის წოდება (ჩინი) ჰქონდა; სხვა ციხესიმაგრეებში კი, რომლებიც მოურავების განმგებლობაში შედგებოდა, კომენდანტები საერთოდ არ ყოფილან.

3. ხუთასის-თავი ანუ გუნდისთავი – ხუთასეულის უფროსი; ასისთავი ანუ იუზბაში (усбаша) – ასეულის უფროსი (сотникъ), დასბაში – ათი მებრძოლის უფროსი. 

საქართველოში არტილერიის პირველი დაწესება (учрежденiе) დაახლოებით 1770 წელს მოხდა, მეფის ერეკლე თეიმურაზის ძის დროს. ამ ხანებში ქართულ საველე არტილერიაში შედგებოდა არაუმეტეს 10 ქვემეხის და 60 რიგითისა; მათი უფროსობა მინბაშს ჰქონდა ჩაბარებული. როცა საქართველოში თავადი პაატა ანდრონიკაშვილი დაბრუნდა, რომელმაც საარტილერიო მეცნიერებაში გარკვეული ცოდნა რუსეთში შეიძინა, მაშინ ქართული არტილერიის თავის განმგებლობაში მიღებასთან ერთად, მას მეფემ თოფჩი-ბაშის ჩინი უწყალობა – წოდება, რომელსაც თავად მეფეც ატარებდა. თავადმა ანდრონიკაშვილმა ტფილისში ქვემეხების ჩამოსასხმელი კარი (дворъ) მოაწყო, სადაც სპილენძის ზარბაზნებს, მორტირებსა და ჭურვებს ასხამდნენ. მან ქვეეხები ევროპული ყალიბების მიხედვით ხელახლა ჩამოასხა, მათი რიცხვი 15-მდე გაზარდა, ხოლო 1787 წელს კიდევ 12 ქვემეხის მიმატებით, 1784 წელს იმპერატრიცის ეკატერინე II-ის მიერ ერეკლე მეფისთვის ნაწყალობევი 24 ქვემეხიდან, მან არტილერიაში რუსული წოდებები დააწესა: მაიორის, კაპიტნის, პორუჩიკისა და სერჟანტის. დაბალი ჩინები თოფჩის სახელს ატარებდნენ და მათი რიცხვი 100 ადამიანამდე ადიოდა. თოფჩიები რუსი ჯარისკაცებისგან იყვნენ შეკრებილნი, რომლებიც საქართველოში დეზერტირებად დარჩნენ 1769-1787 წ. იქ რუსული ჯარების ყოფნის შედეგად, და კავკასიელი ხალხების ტყვეობიდან მეფის მიერ გამოსყიდულთაგანაც. 1794 წელს ერთნიცა და მეორენიც საქართველოში 375 ადამიანი მოითვლებოდა, ხოლო საქართველოდან რუსული ჯარების გამოსვლის შემდეგ კი, რომლებიც იქ 1796 და 1797 წლებში იმყოფებოდნენ, გაქცეულები კიდევ დაახლოებით 300 ადამიანი დარჩა. ამ ჯარისკაცების უმეტესი ნაწილი ქართველ ქალებზე იყო დაქორწინებული და იქვე დაემკვიდრა. რუსული მმართველობის გახსნისას, მათგან ყველა, ვინც სამსახურისთვის ვარგისი აღმოჩნდა, მათ მიერ ქართული ენის ცოდნის გამო, საქართველოში დაწესებულ საშტატო სამხედრო რაზმებში იქნა მიღებული.

საველე არტილერიის მთავარი ნაკლი იმაში შედგებოდა, რომ ლაშქრობებში ის საპალნეებით გადაჰქონდათ.

მეფემ გიორგი ერეკლეს ძემ, როცა არტილერია თავის ვაჟს ბატონიშვილ იოანეს ჩააბარა, მას ფელდცოიხმაისტერი უწოდა.

არტილერიის შტაბისა და ობერ-ოფიცერთა წოდებებში თავადები და აზნაურები აჰყავდათ, ხოლო უნტერ-ოფიცრებად კი სხვა წოდებების პირებსაც ამწესებდნენ. 

საქართველოს ორივე ოლქის, კახეთისა და ქართლის, ზემო, შუა და ქვემო მხარეებად სამოქალაქო დაყოფაზე ზევით, საქართველოს კიდევ სარდლობების მიხედვით სამხედრო დაყოფაც ჰქონდა.

ქართლში ასეთი ოკრუგი (სადროშო – ი. ხ.) ოთხი იყო, კახეთში ორი.

ქართლის ყველა და კახეთის ერთ ოკრუგში მთავარ უფროსებად იყვნენ სარდლები; თათრები კი, თავიანთი მოურავების წინამძღოლობით, ყოველთვის საგანგებო კორპუსებს შეადგენდნენ.

ყველა თავადი და აზნაური, რომელთაც ამ ოკრუგებში მამულები ჰქონდათ და გლეხები ჰყავდათ, ზუსტად ისევე როგორც სახელმწიფო, სამემკვიდრეო და საეკლესიო მამულების მოურავებიც, ქუდზე კაცის დაძახების შემთხვევაში (въ случае поголовнаго вооруженiя), თავ-თავიანთი ხალხით თავიანთი სარდლის ჯარებს უნდა შეერთებოდა. მეფე ყოველ ჯერზე განსაზღვრავდა, რამდენი ჯარი უნდა გამოეყვანათ და რომელი უბნებიდან. ამ ადამინებს თავიანთი იარაღი და დანიშნული დროისთვის სურსათის მარაგი უნდა ჰქონოდათ, და ომის მთელი დროის მანძილზე თავიანთი სარდლის უფროსობის ქვეშ იმყოფებოდნენ. ქალაქებისა და ხვნა-თესვისთვის გამოუსადეგარი ადგილების მცხოვრებნი, განსაკუთრებით კი ოსები, ლაშქობაში სურსათს (პროვიანტს) მეფისგან ღებულობდნენ. ძველ ქართულ წეს-ჩვეულებათა მიხედვით, ხელქვეითები ვალდებულნი იყვნენ თავიანთი სარდლებისთვის ომში შეძენილი ნადავლის მეხუთედი ნაწილი მიერთმიათ.

მოიყრიდა რა თავს რომელიმე პუნქტში, ქართლისა და კახეთის მთელი ლაშქარი შემდეგნაირად ეწყობოდა.

მეწინავე პოლკი. ის შედგებოდა: 1) ქვემო ქართლის ანუ სომხითის ჯარებისგან, თავიანთი სარდლის, თავად ორბელიანის უფროსობით, რომელსაც თავის ხელქვეით (подъ командою) 6 სხვა თავადური საგვარეულო ჰყავდა; 2) ქვემო კახეთის, ე. ი. ქიზიყის ჯარებისგან, თავიანთი სარდლისა და მოურავის, თავად ანდრონიკაშვილის უფროსობით.

დიდი პოლკი. მას შეადგენდნენ: ქართლის ჯარები, იმ სოფლებიდან, რომლებიც ტფილისიდან ზემოთ იმყოფებოდა, მტკვრის მარჯვენა ნაპირის გაყოლებით, სარდლის თავად ციციშვილის უფროსობით, რომლის ხელქვეითაც კიდევ 4 თავადური საგვარეულო იმყოფებოდა.

ზემო კახეთის ჯარები ხევსურების, ფშავლებისა და თუშებისგან, მოურავის თავად ჩოლოყაშვილისა და თავიანთი დეკანოზების* უფროსობით (*დეკანოზი – სასულიერო პირია და, ამასთან ერთად, ხალხის მმართველი და წინამძღოლი). ამ პოლკს წინ თავად მეფე უძღოდა.

მარჯვენა ხელი ანუ მარჯვენა ფრთა. ამ პოლკს შეადგენდნენ:

1. შუა, ანუ საკუთრივ ქართლის ჯარები, სარდლისა და თავიანთი მოურავის თავად ამილახვარის უფროსობით, რომლის ბრძანებებსაც სხვა თავადთა 14 საგვარეულო ემორჩილებოდა. ამავე რაზმში ყოველთვის იმყოფებოდა მეფის მემკვიდრე; და

2. შუა კახეთის ჯარები, მათთან რუსთაველი მთავარეპისკოპოსი იმყოფებოდა. ეს უპირატესობა რუსთავის მთავარეპისკოპოსს ძველი დროიდან აქვს მიცემული მნიშვნელოვანი სამხედრო სამსახურის სამახსოვროდ, რომელიც საქართველოს ამ ეპარქიის ერთერთმა მღვდელმთავარმა გაუწია. ჯარებს ერთერთი თავადი უფროსობდა, ხოლო მთავარეპისკოპოსი კი მათ მამაცობისთვის ახალისებდა.

მარცხენა ხელი ანუ მარცხენა ფრთა. ამ პოლკს შეადგენდნენ: ზემო ქართლისა და მუხრანის ოკრუგების ჯარები და ოსები, სარდლის თავად ბაგრატიონ-მუხრანელის უფროსობით, რომლის ხელქვეითაც ქსნისა და არაგვის ერისთავები იყვნენ.

თათართა ჯარები საგანგებო კორპუსს შეადგენდნენ, და ყაზახის თათრები, თავიანთი მოურავებით, ყოველთვის მარჯვენა ხელის მარჯვენა ფლანგზე იდგნენ, ხოლო ბორჩალოელი თათრები კი, თავიანთი მოურავით, მარცხენა ხელის მარცხენა ფლანგზე. 

მეფის ერეკლე II თეიმურაზის ძის არც ერთ სამხედრო ღონისძიებაში, XVIII ასწლეულის მეორე ნახევარში, 10.000 ადამიანზე მეტს არასოდეს მონაწილეობა არ მიუღია. თავადები, აზნაურები, მათი მსახურები, ქიზიყელები, თათრები და ოსები, რომლებიც მდინარეების თერგის, არაგვისა და ქსნის ნაპირებზე ცხოვრობდნენ, უპირატესად ცხენოსნებად მსახურობდნენ, ხოლო ქვეითად კი: ხევსურები, ფშავლები და თუშები და ის მიწათმოქმედნი, რომელთაც ლაშქრობაში ცხენების შენახვისთვის სახსრები არ გააჩნდათ.
შეიარაღება თოფების, დამბაჩების, ხმლებისა და ხანჯლებისგან შედგებოდა. ხევსურები ფშავლები და თუშები კიდევ პატარა ფარებს იყენებდნენ. მაგრამ ქვეით ჯარში ისეთი ღარიბებიც იყვნენ, რომლებიც ომში მხოლოდ ხის ჯოხებით (კომბლებით – ი. ხ.) მიდიოდნენ.

რადგანაც სურსათის მომარაგებას მთავრობა ვერ უზრუნველყოფდა, ამიტომ საომარი მოქმედებები საქართველოს ფარგლებს გარეთ ხანგრძლივი არ ყოფილა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საკვებს იქ მოწინააღმდეგეთა ან მოკავშირეთაგან ვერ იძენდნენ.

რუს ოფიცრებს არაერეთხელ უნახავთ, თუ ქართველი მეომრები, ამოწურავდნენ რა თავიანთი პროვიანტის მთელ მარაგს, როგორ ბრუნდებოდნენ სახლებში ჯერ კიდევ კომპანიის დასაწყისში, საკუთარი პურის მარაგის შესავსებად.

თეიმურაზ მეფემ, სურდა რა მოეზღუდა საქართველოს საზღვრები მთიელი ხალხების მტაცებლური შემოჭრებისგან, ამისთვის საგანგებო სამხედრო წოდება (сословiе) დააარსა, რომელიც ნუქერის (нокари) სახელწოდებითაა ცნობილი, და წესად დაუდო, რათა სახაზინო, სამეკვიდრეო, საეკლესიო და მემამულეთა სოფლებიდან საზღვარზე მორიგეობით თითო წლით 2.000 ცხენოსანი მებრძოლი გაეგზავნათ. პროვიანტითა და ფურაჟით ამ ჯარებს ხაზინა ამარაგებდა, ჯამაგირს კი თითოეული სოფელი აძლევდა თავის მეომარს, უხდიდა რა მას 20-დან 40 მანეთამდე წელიწადში.

მეფემ ერეკლე თეიმურაზის ძემ ნუქერის ჯარი მოსპო, ხოლო მათ სანაცვლოდ 1773 წ. სხვა ლაშქარი შემოიღო, სახელად მორიგე, იმ საფუძველზე, რათა თითოეულ მოსახლეს ქართველთა, სომეხთა ან თათართაგან, რომელიც ხვნა-თესვას, მესაქონლეობას, მებაღეობასა და სხვა სარეწავს ეწეოდა, წელიწადში ერთ თვით საქართველოს საზღვრებზე მეფის მიერ დანიშნულ ადგილას ემსახურა.

მეფის ერეკლე II-ის სამხედრო წესდების მიხედვით, რომელიც 1774 წელს გამოიცა, ხალხის ყველა წოდება სამხედრო ვალდებულებას ექვემდებარებოდა. მტაცებელი ლეკების ან რომელიმე სხვა მოწინააღმდეგის საქართველოში შემოჭრის შემთხვევაში ყველა თავადი, თანამდებობის პირი, აზნაური, გლეხი და ბოგანო თითოეული სახლიდან, თავის მორიგ სამსახურში, ვალდებული იყო მტრის დასახვედრად გამოსულიყო. ვაჭრობით დაკავებულ პირებს კი შეეძლოთ თავიანთ ნაცვლად მსურველები დაექირავებინათ და სამსახურში ისინი გაეგზავნათ.

“გლეხებისგან ამ დრომდე, კოდისპურის ნაცვლად, მოთხოვნილ სურსათსა (პურის ხარკს) და ღვინოს ჯარისთვის, ნათქვამია წესდებაში, ვაუქმებთ ჩვენ იმისთვის, რათა ისინი ამას თავიანთ სასარგებლოდ, მორიგი სამხედრო სამსახურისთვის იყენებდნენ და ამით თავიანთ ნაკლოვანებებს ივსებდნენ. ჩვენ, პურისა და ღვინის ვალდებულებათა გარდა, რომლებსაც ამ დრომდე ჩვენი სახაზინო გლეხებისგან ვკრეფდით, ვბრძანებთ, რომ ჯარისთვის პური არავისგან ან მოითხოვებოდეს”.

მთელი ჯარები თვეების მიხედვით იყო გაყოფილი, ისე რომ თითოეული მოვალე იყო, ყოველ მოთხოვნაზე სამსახურში გამგზავრებულიყო იმ თვეში, რომელშიც მას ეს სამსახური უნდა გაევლო. ასეთი პირები მათთვის დანიშნული თვის დასაწყისში და დროულად უნდა შეკრებილიყვნენ იქ, სადაც მეფის მიერ იქნებოდა მითითებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვინც თავისი პროვიანტითა და ცეცხლსასროლი მასალებით თავის დროზე არ გამოცხადდებოდა, სასჯელს ექვემდებარებოდა – თავადი იქნებოდა ის, აზნაური თუ გლეხი. შეკრებილ მეომრებს, რომელთაც თავიანთი გამოკვებისთვის ფული ჰქონდათ, ნება ეძლეოდათ აუცილებელი საჭმელი მარაგების შესყიდვაზე თავად ეზრუნათ, ხოლო მათთვის კი, რომელთაც თავიანთი გამოკვებისთვის მზა პროდუქტები: პური, ღვინო და ქერი მოიტანეს, მეფე ვალდებულებას კისრულობდა მიეცა საზიდრები ჯარის კვალდაკვალ მათ გადასატანად.

“მაგრამ თავის შენახვის ასეთი საშუალებები (такое содержанiе), ნათქამია წესდებაში, სამარხვო და სახსნილო, ვინც არ უნდა იყოს – თავადი, აზნაური თუ გლეხი – მთელი თვის ანგარიშით საკუთარი უნდა ჰქონდეს: წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ჩვენ სურსათის გადასახადის გაუქმებასთან ერთად, კიდევ პროვიანტსაც მივცემთ, ეს ტვირთად დაგვაწვება და ჩვენი ხაზინაც ამოიწურება. ამასთან ყველას უნდა ახსოვდეს, რომ წმინდა სარწმუნოებისა და კანონისთვის, მტრის განდევნისა და ჩვენს სამშობლოში მშვიდობის დასადგურებისთვის, და ღვთისა და ჩვენი სამსახურისთვის, არავინ საკუთარს არაფერს არ უნდა ზოგავდეს”.

ლაშქრობისა და მორიგე სამსახურისგან მხოლოდ ავადმყოფები და ის პირები თავისუფლდებოდნენ, რომელთაც სწორედ ლაშქრობის წინ მამა, დედა, და ან ძმა ავად გაუხდებოდათ ან მოუკვდებოდათ. იმ პირებს კი, რომელთაც ტყუილი ავადმყოფობის მოგონებაში ამხელდნენ, ორმაგი ვადით სამსახური დაეკისრებოდათ.

ჯარების სოფლებზე გავლისას, სარდლებს (ჯარის წინამძღოლებს), მინბაშებსა (ათასეულის უფროსებსა) და იუზბაშებს (ასეულის უფროსებს) ვალად ედებოდათ თვალყური სჭეროდათ იმაზე, რომ ჯარებს, მკაცრი სასჯელის შიშით, არანაირი ძარცვა არ დაეწყოთ და მცხოვრებთაგან მუქთად არაფერი არ წამოეღოთ. თუმცა კი უკანასკნელთ (მცხოვრებთ) ევალებოდათ ჯარებისთვის ფურაჟი (ცხენების საკვები – ი. ხ.) და შეშა მოეტანათ.

ყველა მხედართუფროსს ვალად ეკისრებოდა თავიანთი ხელქვეითები ყოველ კვირას დაეთვალიერებინათ და თვალყური ედევნებიათ იმისთვის, რომ “რომ ჯარს მთელი თვის განმავლობაში მარაგში, ტყვიები და დენთი საკმარისი რაოდენობით ჰქონოდა. ვისაც დათვალიერებისას მათი უკმარისობა აღმოაჩნდებოდა, მისთვის ამის გამო პასუხი უნდა მოეთხოვათ”.

მეფის განკარგულებით არმიაში დანიშნული იყვნენ ექიმები, ქირურგები და დროებითი ბაზარიც ეწყობოდა.

დაუმორჩილებლობისა და სამსახურში გამოუცხადებლობისთვის თავადს ეკისრებოდა ჯარიმა 200 მანეთი, აზნაურს – 100 მან., სოფლის თავკაცს (старшина), ნაცვალს, ქევხასა და მამასახლისს – 60 მან. ეს ჯარიმა ინიშნებოდა ერთი დღის დაგვიანებისთვის, ასე რომ ვინც სამსახურში გამოცხადებას ორი დღით დააგვიანებდა, ორმაგს იხდიდა, სამი დღით – სამმაგს და ა. შ.

“ასეთივე ნაირად, ნათქვამია წესდებაში, თუ გლეხი დანიშნული თვის პირველ დღეს არ გამოცხადდება ჩვენთან და საკუთარ თავს ლაშქრობისთვის მზადყოფნაში არ დაგვანახებს და ერთი დღით გადაავადებს: მაშინ ის ერთი დღისთვის ერთხელ უნდა გაატარონ რუსულად მწყობრში გატარებით (მწყობრში მდგომთა მიერ ზურგზე ჯოხების დარტყმით – ი. ხ.), ორი დღისთვის კი ორჯერ და ა. შ., ხოლო გაქცევისთვის კი – ოთხჯერ. თავის მორიგე სამსახურში სალაშქროდ გამოსვლაზე უარის თქმისთვის, უფროსის ან მემემულისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და ტყეში ან სადმე სხვაგან დამალვისთვის, ან უნდა მოძებნონ ის თანასოფლელებმა და ჩვენთან წარმოადგინონ, ან კიდევ მისთვის 60 მან. ჯარიმა გადაიხადონ, იმ რაზმში დასარიგებლად, სადაც ის არ იმსახურებს. თუ ის გაქცეული სხვა სოფელში დაიმალება თავის ნათესავებთან ან ახლობელ-მეგობრებთან, ან მას სოფელი დამალავს, მაშინ მათ ის ჩვენთან უნდა წარმოადგინონ და 60 მან. ჯარიმა უნდა გადაიხადონ; ასევე უნდა მოექცნენ იმ ოჯახს, რომელიც გაქცეულს თავისთან დამალავს და იმ სოფელს, რომელიც მას თავისთან მიიღებს”.

თუ პირებს, რომლებსაც სამხედრო ვალდებულებისგან თავის არიდებისთვის ჯარიმა დაეკისრათ, არ შეეძლოთ მისი გადახდა თვით მთელი თავიანთი ქონების გაყიდვის შემდეგაც კი, მაშინ ის შესაბამისი სასჯელით ეცვლებოდათ. ასე, თავადს ბორკილებს ადებდნენ და ერთი თვით საპყრობილეში სვამდნენ, სადაც მხოლოდ პური და წყალი ეძლეოდა, მაგრამ ამასთან ერთად გარკვეული რაოდენობის ღვინის მიცემასაც ვარაუდობდნენ. ჯარიმის გადახდის შეძლების არმქონე აზნაური ჯოხის ასჯერ დარტყმით ისჯებოდა და შემდეგ მასაც ისეთივე პირობებით სვამდნენ საპყრობილეში, როგორც თავადს.

“თითოეული მეომარი, რომელიც უფროსობის მიმართ დაუმორჩილებლობას გამოიჩენს, სხეულებრივად უნდა დაისაჯოს, ჯაჭვებით უნდა შეიკრას და ფეხებზე ხუნდი დაედოს. 

სოფლებისგან ამ დრომდე მოთხოვნილ სასტუმრო გადასახადს, წერდა მეფე, ჩვენთვის და ჩვენი ამალისთვის, უცხოელთა გამასპინძლებისთვის სასტუმრო გადასახადის გამოკლებით, ვაუქმებთ იმ მიზეზით, რომ როდესაც ჩვენ ქართლსა და კახეთში ვიყავით ხოლმე, ჩვენს უკან მოდიოდა ბევრი კომისიონერი, რომელთაგან მცხოვრებნი შევიწროვებას განიცდიდნენ. ჯარისთვის ამ ახალი დაწესებულების შემთხვევაში კი, ასეთი სასტუმრო გადასახადი, მორიგ სამსახურში გამოძახებულმა თითოეულმა ადამიანმა თავის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს”.

“თუ საქმის გარემოების და მიხედვით მოგვიწევს ჩვენ ჩვენი სამეფოს რომელიმე ადგილას გამგზავრება, საომარი შემთხვევების გარდა, მაშინ დაარსებული არმიიდან, რამდენ ადამიანსაც ჩვენ ვინებებთ, იმდენი თან უნდა გვეახლოს”. ყველა თანამდებობის პირსა და მეფის თანმხლებ ამალას მოვალეობად დაეკისრა მსახურთა მხოლოდ აუცილებელი რიცხვით შემოფარგლულიყვნენ, რომელთა შენახვის ხარჯებსაც თავად მეფე გაიღებდა. “მაგრამ რომელ სოფელშიც კი მივალთ, წერდა ერეკლე II, მან ჩვენ გასამასპინძლებელი უნდა მოგვიმზადოს, ხსნილის დღეებში სახსნილო, მარხვის დღეებში კი სამარხვო, ღვინით; ცხენების შენახვისთვის კი ვბრძანებთ: აპრილის შუა რიცხვებიდან ოქტომბრამდე ქერს ნუ მოითხოვენ, ხოლო ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მარტის ბოლომდე კი მოითხოვონ ორ-ორი და სამ-სამი ლიტრი (ლიტრი 9 ფუნტია), ასევე მაშინაც, როცა ჩვენ სოფელში დარჩენა ორი დღით მოგვიწევს; ბადრაგში მყოფ ადამიანებს კი საკუთარი საკვები უნდა ჰქონდეთ, რადგანაც ისინი არმიიდან არიან აყვანილნი, რომელსაც ნაბრძანები აქვს თავისი საკვები მთელი თვით ჰქონდეს მომარაგებული”. 

ასეთი იყო საქართველოში სამხედრო წესდების მთავარი საფუძვლები. მეფემ ერეკლე II-მ, შეგნებული ჰქონდა რა, რომ მხოლოდ მოთხოვნების სამართლიანობისა და ხალხის ყველა წოდების მიერ ამ წესდების აღსრულების ერთნაირი სავალდებულობის დროს, შეეძლება მას სახელმწიფოს მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს, მასში გააკეთა ჩანაწერი (დათქმა), რომ არ დაუშვებს არანაირ გამონაკლისებს არც დედიკოებისთვის, არც ბებიკოებისთვის, არც ნაზი შვილიკოებისა და სხვა ნათესავებისთვის.

“დაე ყველასთვის მცირესი და დიდისთვის ცნობილი იყოს, წერდა მეფე (Воинскiй уставъ царя Ираклiя II. Зак. Вест. 1848 г. № 28 и 29), რომ როგორც არ შეიძლება რჯულის კანონის შეცვლა, ისე არ შეიძლება ამ სამხედრო წესდების გაუქმება ან მასში რაიმეს შემსუბუქება, და არც ჩვენ, არც ჩვენს ვაჟიშვილებს, დამნაშავეთათვის რაიმე პატიების ბოძება არ შეგვიძლია. თუ სასულიერო პირი ან სახელოვანი თავადი, აზნაური ან გლეხი, ან პატივცემული ქალბატონი აქედან რაიმეს გაუქმების შესახებ საკუთარ თავზე შუამდგომლობას იკისრებს, როგორი ღირსეული და პატივცემულიც არ უნდა იყოს, დამნაშავე იქნება და სულითა და სხეულით პასუხისმგებლობას დაექვემდებარება”.

ამ სამხედრო ვალდებულებისგან მხოლოდ ოსები, ხებსურები, ფშავლები, თუშები და სხვა მთიელი ხალხები თავისუფლდებოდნენ, რომლებიც მტაცებელი ხალხების მეზობლად საზღვრებზე ცხოვრობდნენ და მუდმივად დასცვასა და დარაჯობას მოითხოვდნენ. ასეთი ლაშქარი თითო ჯერზე 5 ათას ადამიანამდე იკრიბებოდა, რომლის ათასმეთაურებად, ხუთასმეთაურებად და ასმეთაურებად თავადები იყვნენ. ეს ჯარები ნაწილობრივ ცხენოსანი იყო, ნაწილობრივ კი ქვეითი და ყველას (თავიანთთვის და ცხენებისთვის) საკუთარი საკვები ჰქონდა. საჭიროების შემთხვევაში ორ და სამ ჯერზე გასაწვევი ჯარის შეერთებაც ხდებოდა.

ამ რაზმებიდან გამოიყოფოდა ყარაულები, თითოეულში ოთხ-ოთხი ადამიანით, ყველა იმ ფარული ადგილის მცოდნე და საიმედო პირთაგან, რომელთა გამოვლითაც ახალციხიდან და სხვა ადგილებიდან საქართველოში ლეკები შემოდიოდნენ. თავიანთი მცირერიცხოვნების გამო, ყარაულებს მეტად მოხერხებულად შეეძლოთ დამალულიყვნენ და ლეკების გამოჩენისას მაშინვე რაზმებსა და ახლომდებარე სოფლებს ატყობინებდნენ. 

სამშობლოს დასაცავად ქვეშევრდომებში გულმოდგინების აგზნებისთვის მეფე ერეკლე თეიმურაზის ძე ყოველწლიურად ერთი თვით თავადაც სადარაჯოზე იმყოფებოდა. მის მაგალითს მიჰყვნენ ბატონიშვილებიც და ეს სამსახური მალე საპატიო, შეიძლება ითქვას, არისტოკრატიული შეიქნა, თუმცა კი არა დიდი ხნით. ერეკლე II-ის უფროსმა ვაჟმა, გიორგიმ, თავისი ჯერის არაღსრულებით, პირველმა მისცა საბაბი ამ დაწესებულების დასუსტებისთვის. მაშინ სხვა ბატონიშვილებმაც, ხოლო შემდეგ კი თავადებმაც, თავს არიდებდნენ რა ამ მოვალეობის შესრულებას, მალევე სრულებით მოსპეს ეს დაწესებულება. მოხუცებული მეფის სიცოცხლის უკანასკნელ წლებში, ბატონიშვილებს შორის საუფლისწულოებად საქართველოს დაქუცმაცებისას, რომლებიც მეფის ბრძანებებს პატივს ნაკლებად მიაგებდნენ, საქართველო ისეთ მდგომარეობაში იქნა ჩაყენებული, რომ მეფემ, 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის მიერ ტფილისის აოხრების შემდეგ, არ ჰქონდა რა მტაცებელი მთიელი ხალხებისგან ქვეყნის მოზღუდვის საშუალებანი, გადაწყვიტა თავისთან ქირით 5-დან 10 ათასამდე ლეკი შეენახა. მათი გამოკვება იმ მარაგებით ხდებოდა, რომელსაც ხალხისგან საგანგებო ხარკის სახით იღებდნენ. ასეთ მდგომარეობაში მიიღო საქართველო მეფემ გიორგი XII-მაც; თუმცა კი ქვეყნის უბედურებები გარედან, გეგონებოდათ, კიდეც შემცირდა, სამაგიეროდ დაქირავებული ლეკები უკანონოდ საშინელ ძარცვა-რბევას ახდენდნენ, სანამ საქართველოში რუსული ჯარები არ მოვიდნენ.

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment