Sunday, January 25, 2015

აკადემიკოსი დუბროვინი იმპერატორ პავლეს მიერ საქართველოზე რუსეთის მფარველობის განახლებისა და ტახტზე გიორგი მეფის დამტკიცების შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ნიკოლოზ დუბროვინის წიგნის «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе» /томъ III. С-Петербургъ, 1886/ შესაბამისი თავის თარგმანს)

თავი XI

(საქართველოს მდგომარეობა ტახტზე გიორგი XII-ის ასვლის სულ დასაწყისში. – ს.-პეტერბურგში ელჩობის გამოგზავნა გიორგის თხოვნით ტახტზე მისი დამტკიცების შესახებ. – იმპერატორ პავლეს რესკრიპტი გიორგისადმი. – საქართველოს მეფის კარზე ჩვენს რწმუნებულ მინისტრად კოვალენსკის დანიშვნა.)

გიორგი XII მაშინ ავიდა ტახტზე, როცა გარეშე მტრებისგან დაუცველ საქართველოს წესრიგი არც საშინაო მმართველობაში ჰქონდა. ქვეყანა გაძარცვული იყო, ხალხს მძიმე გადასახადების ტვირთი აწვა; ყველგან სიღარიბე და სიღატაკე იყო გავრცელებული. 

ტფილისი ნანგრევები გროვას წარმოადგენდა. მხოლოდ ორი ქუჩა იყო გაწმენდილი მგზავრობისთვის; და მათაც ორივე მხარეს დანგრეული სახლები მიუყვებოდა (Изъ записокъ Тучкова. Арх. Главн. Шт. въ С.-Петербурге).

თავად მეფე, როცა აოხრებულ დედაქალაქში გადმოსახლდა, თავად ბებუთაშვილის ერთადერთ გადარჩენილ სახლში უნდა მოთავსებულიყო, სადაც თავის გარდაცვალებამდე ორ მეტად პატარა ოთახში კიდეც ცხოვრობდა (Записано со словъ князя Д. О. Бебутова. См. также письмо Коваленскаго Кноррингу 2-го декабря 1799 года. Т. А. К. Н.).

მიიჩნევდა რა სახელმწიფოს შემოსავლებს ძალზედ არასაკმარისად თავისი მრავალრიცხოვანი ოჯახის შენახვისთვის, ერეკლე თავადებსა და აზნაურებს მათ კუთვნილ მამულებს ართმევდა და მათ საუფლისწულოებად თავის შვილებს აძლევდა. ამ დარიგებასთან ერთად მან საქართველოს დიდი ნაწილი მათ თვითნებობას მიანება. ხოლო როცა არეულობის გარემოებებმა ბატონიშვილებისგან მეფისთვის თავიანთი ჯარებით ან ფულებით დახმარება მოითხოვეს, მაშინ ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ ასრულებდნენ ისინი მეფის მოთხოვნებს, იყვნენ რა მუდმივად ურჩები მისი ნებისა და მოთხოვნებისადმი. 

დარეჯან დედოფლის ხრიკებით, რომელიც ქმრის ავადმყოფობის გამო სამეფოს მართავდა, ერეკლე ერთგვარად იმ აუცილებლობაში იმყოფებოდა, რომ თავისი ვაჟებისა და ნათესავების დანაშაულებანი დაუსჯელად დაეტოვებინა (Изъ рапорта Кнорринга Государю Императору 22-го iюна 1801 года. Арх. Мин. Иностр. Делъ. Дела грузинскiя. Книга I).

საერთოდ, რუსეთთან 1783 წ. ტრაქტატის დადების დროიდან, მეფემ, საქართველოს ყველა ჩინოსანმა და ქართველმა ხალხმა, იმედოვნებდნენ რა რუსეთის მფარველობასა და მის ძლიერ დახმარებაზე, საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვას თავი ანებეს და სულის სიმხნევეც იმდენად დაკარგეს, რომ მათ ხმებიც კი აშინებდა იმის შესახებ, რომ საქართველოში ლეკები ან სპარსელები შემოიჭრებოდნენ. სარგებლობდა რა ამით, ავარიის ხანმა ქართველებს ყოველწლიურად 5.000 მანეთის ხარკი დააკისრა, რომელიც გარეგნულად საქართველოს მეფისგან საჩუქრების სახით იკრიბებოდა.

ერეკლე იმედოვნებდა ამ საშუალებით ავარელთა და ლეკთა თარეშებისგან ქვეყნისთვის უსაფრთხოება მოეტანა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია, არამედ მხოლოდ ხალხისგან გადასახადები და ხარკი გაზარდა. გადასახადები, იმის გარეშეც მნიშვნელოვანი, სამეფო სახლის შესანახად, ახალი ხარკის გადახდის აუცილებლობასთან ერთად, ხალხისთვის მძიმე შეიქნა, მით უმეტეს, რომ მხარის მუდმივი გაჩანაგებისგან სამუშაო ხელების რიცხვი კი არ იზრდებოდა, არამედ მცირდებოდა.

მემამულები, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ შევიწროვებულ გარემოებებში მეფეს მიხმარებოდნენ, საკუთარ თავს შემდეგ უხვად ისაჩუქრებდნენ, ძარცვავდნენ რა გლეხებს, რომლებიც იქამდე იყვნენ მიყვანილნი, რომ თავშესაფარს უცხო სამფლობელოებში ეძიებდნენ, ამჯობინებდნენ რა მეზობლების ხელში მონობას, ვიდრე იმ შევიწროვებებს, რომელთაც სამშობლოში განიცდიდნენ. მეფის თითოეული ძე და თითოეული ასული, მისი ყოველი ნათესავი ეგრეთ წოდებულ ბარათს (ბრძანებას) (бератъ /указъ/) იძლეოდა ვაჭრის ან გლეხისგან ყველაზე უკეთესის წამოღებაზე იქიდან, რაც კი მას გააჩნდა.

გარეშე მტრების მოგერიებისთვის საქართველოს საკუთარი ჯარები არ ჰყავდა, და მეფე ერეკლე იძულებული იყო თავისთან 5.000-დან 10.000 ადამიანამდე დაქირავებული ლეკი შეენახა, რომლებიც, იკისრეს რა ვალდებულება, რომ ხალხის უსაფრთხოების მოზღუდვისთვის (დაცვისთვის) ემსახურათ, ტფილისში თვითნებობებს ჩადიოდნენ. შეისწავლეს რა ქვეყანაში ყველა შემოსასვლელი გზა, ლეკებს მასში თავიანთი თანამემამულები ღიად მოჰყავდათ, რომლებიც უბედურ მოსახლეებს ძარცვავდნენ და ტყვედ მიჰყავდათ და, ასეთნაირად, საქართველო ყოველწლიურად 200-დან 300-მდე ოჯახს კარგავდა. ერეკლემ ყველაფერი ეს იცოდა, მაგრამ ამის წინააღმდეგ ვერანაირ ზომებს ვერ ღებულობდა, რადგანაც კიდევ უფრო მეტი უბედურებებისა ეშინოდა (Донесенiе Кнорринга Государю Императору 21-го iюля 1801 года. Арх. Мин. Внутр. Делъ по Департ. Общ. Делъ).

ხალხის უბედურებაზე დამატებით (Къ довершенiю народнаго бедствiя), 1798 წლის დასაწყისში ტფილისში და საქართველოს სხვა ადგილებშიც შავი ჭირი გამოჩნდა, რომელიც, როგორც ვარაუდობდნენ, განჯის სახანოში იქ დაწყებული შიმშილის გამო წარმოიქმნა (Изъ рапорта графа Гудовича Государю Императору 18-го января 1798 г. Георг. Арх. Коменд. Правленiя).

ნათესავებისა და ხალხის მიერ გიორგის საქართველოს მეფედ საზეიმოდ აღიარება ვერ ამშვიდებდა მას, არამედ პირიქით, ქვეშევრდოებსა და ქვეყანაზე ახალ საზრუნავებს აკისრებდა, რომელიც შინაგანი უწესრიგობებით გაძარცვული და გაწეწილი იყო.

“თქვენ თავად – წერდა გიორგი ერთერთ თავის წერილში ჩვენს კანცლერს (Отъ 11-го октября 1798 года. Московскiй Арх. Мин. Иностр. Делъ) – ჩვენზე არანაკლებად იცით იმის შესახებ, თუ როგორი მეზობლებით ვართ გარშემორტყმულნი, და ისინი ჩვენ თავიანთი ძლიერებით როგორ აღგვემატებიან. ერთის მხრივ, ჩვენმა მეზობლებმა სპარსელებმა გასულ წლებში ჩვენ ისე დაგვფანტეს, რომ ამ დრომდეც ჩვენს გაღარიბებულ ქვეშევრდომებსა და ჩვენ ერთმანეთის მოძებნა არ შეგვიძლია; მეორეს მხრივ, თურქებმა ჩვენ ლეკები შემოგვისიეს, ჩვენი სოფლები დაარბიეს, ჩვენი ნათესავი თავადი ციციშვილი ტყვედ წაიყვანეს, რომელიც ახლაც ახალციხეში ტყვედ ჰყავთ; მესამე მხრივ კი – იგივე ლეკები ჩვენში განუწყვეტლივ ბოროტ საქმეებს სჩადიან”.

ქვეყნის მდგომარეობა ნამდვილად საუბედურო იყო. უბედური მცხოვრებნი, რომლებიც სიცოცხლის გადასარჩენად მოწინააღმდეგეს გაექცნენ, თავიანთი სახლების ნანგრევებისა და ნახანძრალების, გაჩანაგებული სოფლების დასატირებლად დაბრუნდნენ, და მათი ხვედრი იმათზე უფრო მეტად შესაშური არ იყო, რომლებიც სპარსელებმა ტყვედ წაიყვანეს. ხალხი თუმცა კი შეუდგა ხვნა-თესვას, როგორც თავის მთავარ ხელობას, მაგრამ აოხრების კვალი ყველგან თვალში საცემი იყო. დარღვეული სახლები, გადამწვარი და განადგურებული მინდვრები, საყოველთაო მიუსაფრობა იყო იმის მიზეზი, რომ პური საკუთარი თავის გამოკვებისთვისაც ძლივსღა კმაროდა, ხოლო ჭარბი მოსავლის გასაყიდად გატანაზე კი ლაპარაკიც არ იყო.

საქართველოს ნაყოფიერ მიწას, კარგი მოწყობისა და მეურნეობის დროს, უხვი მოსავლის მოცემა შეეძლო; მაგრამ ქვეყნის მაშინდელი პოლიტიკური და ადმინისტრაციული მოწყობისას ის მიწათმოქმედის შრომას ვერ ანაზღაურებდა. ხალხმა, რომელსაც როგორც სამეფო სახლის, ისე თავადებისა და აზნაურებისგან დაწესებული სხვადასხვა გადასახადები მძიმე ტვირთად აწვა, იცოდა, რომ შეგროვებული ნაყოფები უმეტეს წილად მას არ ეკუთვნოდა, რომ მოიტანდა რა თავის ნაწარმს ქალაქში, იგი რისკავდა იმით, რომ თავადი ან ბატონიშვილი მას უფულოდ ჩამოართმევდა (Замечанiя Лазарева о Грузiи. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, стр. 186). შრომის ამაო ხარჯვა და ქართველების თანდაყოლილი სიზარმაცე, რომელთაც უფრო ღატაკებად ერჩივნათ ეწანწალათ, ვიდრე ემუშავათ, მხარეში ყოველგვარ მწარმოებლურობას საბოლოოდ კლავდა.

“ყველა ჩინი აქ მემკვიდრეობითია, – მოახსენებდა ლაზარევი, – ადამიანთა ღირსების მიუხედავად, ამიტომ ბევრ ადამანს არა თავის ადგილზე ვხედავთ: ქალაქებისა და სოფლების მმართველობა დავალებული აქვთ, ეგრეთ წოდებულ, მოურავებსა და ნაცვალებს, რომლებიც როგორც შესაძლებელია ცდილობენ სწრაფად გამდიდრდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო შევიწროვებებს მათი ხელქვეითები განიცდიან, ვინაიდან თავისი ადგილისა და მფლობელობის შენარჩუნებაში არც ერთი მოხელე დარწმუნებული არ არის (управленiе городовъ и сёлъ препоручается, такъ называемымъ, моуравамъ и нацваламъ, кои елико возможно стараются поскорее нажиться, не взирая, что терпятъ отъ того ихъ подчинённые, ибо никакой чинъ не уверенъ въ своёмъ месте и владенiи). ყველაფერი კეთდება ბარათებით (по бератамъ): ასე ეწოდება მეფის მიერ გაცემულ ბრძანებებს (повеленiя), რომლებიც არსად არ ჩაიწერება, და აქედან გამოდის, რომ დღეს ერთს მისცემენ, ხვალ კი იმავე მამულს ან ადგილს მეორეს; მთელი მართლმსაჯულება მათთან ზეპირსიტყვიერად წარმოებს და, რამდენადაც მე შემეძლო შემენიშნა, ან მიკერძოებით, ან ძლიერის უფლებით, და დაცვის არმქონენი ხშირად სავსებით გაძარცვულები ჩანან (всё правосудiе у нихъ отдаётся словесно, либо по пристрастiю, либо по праву сильнпго, и часто видны неимущiе защиты совсемъ ограбленными). ვაჭართაგან საქონელს, ხოლო მრეწველთაგან კი სურსათს, ყველაფრს ღებულობენ უფულოდ, ბარათებით, რომლებსაც გასცემენ მეფის ყველა ძე და ასული, და, ბოლოს, ყველანი, ვისაც კი რაიმე თანამდებობა აქვს ჩაბარებული. ხელფასი არც ერთ ჩინს არა აქვს, არამედ საზრდო ყველამ თავისი ადგილიდან უნდა იშოვნოს, და ამის გამო კიდევ უფრო მეტ შევიწროვებას განიცდიან ვაჭარიც, მეშჩანიცა და მოსახლეც და, ერთი სიყვით, თითოეული ადამიანი”.

ასეთ პირობებში საჭირო იყო ძლიერი ხასიათი და მტკიცე ნება, რათა ყველაფერი წესრიგში მოეყვანა. არც ერთი, არც მეორე საქართველოს ახალ მეფეს არ გააჩნდა.

გიორგის ავადმყოფობა და თავად მისი ხასიათიც მავნებელი იყო ქვეყნისთვის და სამეფოს დანგრევისკენ გადახრიდა. უკიდურესად ფიცხი, მეფე მეტად კეთილი და სუსტი ხასიათისა გახლდათ. არ ჰქონდა რა ის დაჟინებულობა, რომელიც აუცილებელია მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის, ის იყო ავად, იშვიათად ტოვებდა თავის ოთახს და თითქმის არასდროს ხალხს არ ეჩვენებოდა.

იყო რა ჯერ კიდევ ბატონიშვილი, ახალგაზრდულ ასაკში, გიორგის გემრიელად და ბევრის ჭამა უყვარდა, რამაც გამოიწვია კიდეც მისი ავადმყოფობის დაწყება და, შემდგომში კი, განვითარება.

“ბატონიშვილს, – წერს მისი თანამედროვე (Артемiй Араратскiй, изд. 1813 года, ч. II, стр. 17), – ფლავისა და საკმაოდ მოზრდილი ბატკნის უზარმაზარი კერძი მოართვეს, რომელიც ცხარე სანელებლებითა და აკუწული ხორცით იყო გატენილი. აქ მე პირველად მომიხდა ამ ბატონიშვილის ნახვა. იგი, აზიური წესით, იატაკზე დაგებულ ხალიჩაზე იჯდა და უკვე მხოლოდ იმით იყო შესამჩნევი, რომ მე არასდროს მენახა ვინმე, ვინც მას სიმსუქნით გაუტოლდებოდა. ვახშამზე მას თუმცა კი ასეთივე პორცია მოუტანეს, მაგრამ მან, ჩემდა განსაკუთრებით გასაოცრად, მისთვის გამოგზავნილი სურსათის უკმარისობა მისაყვედურა”.

თვალითმხილველები ჰყვებიან, რომ გიორგიმ, როცა უკვე საქართველოს მეფე იყო, კარგად ჭამის თავისი ჩვევა და მიდრეკილება შეინარჩუნა.

ჩვეულებრივ, თუ ის სადილით კმაყოფილი რჩებოდა, მაშინ თავისთან მზარეულს მოუხმობდა და, ამოიღებდა რა საფულიდან ანუ მუდამ ქამარზე ჩამოკიდებული გრძელი ქისიდან აბაზს, მას თავისი კმაყოფილების გამომწვევს აძლევდა.

“ჯერ კიდევ ახალია გადმოცემა, რომ საქართველოს მეფე გიორგი XII სადილზე ერთწლიან ზაქს ჭამდა; რამდენიმე კერძი ფლავის შეჭმა მისთვის არაფერი იყო. მეფის ერთერთი მხცოვანი კარის ექიმი (ლაიბ-მედიკოსი), ჯერ კიდევ ცოცხალი მოწმე, ჰყვება, რომ ასეთი გიგანტური სადილის შემდეგ ეს ამდენად პატივცემული პირი ბრძანებდა რომ ზეწრებზე მწოლიარე მოესულიერებინათ და საფაღარათო საშუალებებს ღებულობდა” («Грузинскiе очерки и типы» К. Вилемска. «Кавказъ» 1847 года, №№ 16 и 17. См. также «Кавказъ» 1868 года, № 58).

საჭმლის ზომაზე მეტად ბევრი მიღებისგან მეფემ მალევე ქოშინი და სუნთქვის შეკრულობა იგრძნო, ხოლო შემდომში კი მას წყალმანკი დაემართა, რომლის შემოტევებიც მის სიცოცხლეს ხშირად საფრთხეს უქმნიდა (Изъ донесенiя Кнорринга Государю Императору 7-го октября 1800 года. Тифлисскiй Арх. Главн. Шт. Кавказской армiи). ტფილისში ექიმების არყოლის გამო მეფეს კათოლიკი ქსენძები და სხვა უცხოელი მკურნალები უვლიდნენ, რომლებსაც მედიცინა პრაქტიკაში ჰქონდათ ნასწავლი.

არ გამოდიოდა რა არსად ოთახიდან, გიორგიმ სამეფოს მართვა თავისთან დაახლოებულ პირებსა და ნათესავებს გადასცა. იცოდნენ რა მეფის ხასიათის სისუსტე, მათ ამ გადაცემით ისარგელეს და თავიანთი პირადი ინტერესების მიყოლა დაიწყეს. მეფეს იმას მოახსენებდნენ, რასაც თავიანთთვის აუცილებლად და ხელსაყრელად თვლიდნენ; მის სახელს ყველგან ბოროტად იყენებდნენ.

ხალხს ხშირად სხვადასხვანაირი გადასახადებით ტვირთავდნენ, რომლებსაც იმ მეფის ბრძანებით კრეფდნენ, ვისაც იმ ბოროტად გამოყენებათა შესახებ ეჭვიც კი არ ჰქონდა, რომელთაც მისი სახელით სჩადიოდნენ (Лазаревъ Кноррингу 24-го января 1801 года. Тифлисскiй Арх. Канц. Наместника).

მალე მეფე სამეფოს მართვას სავსებით ჩამოშორდა. 1800 წლის აგვისტოში, კნორინგისადმი ერთერთ წერილში, გიორგი საქართველოში თავისი მცირე მნიშვნელობის შესახებ გულწრფელად აღიარებდა. “ჩვენს სამეფოში გასაცემი ყველნაირი განკარგულება, – წერდა ის, – ჩაბარებული აქვთ მინისტრსა (კოვალენსკის) და ჩვენს ვაჟს იოანეს: ის წერილები მათ მიერაა განხილული, ხოლო თუ მათში რა ეწერა, ამის შესახებ თქვენ მინისტრი შეგატყობინებთ”. მეფე თუნდაც რომელიმე წერილის წაკითხვას უსარგებლოდაც კი მიიჩნევდა.

მეფის ნების აღმსრულებელთა ძარცვებმა და თავაშვებულობამ გოლიათურ ზომებს მიაღწია. მცველები და ლეკები, რომლებიც გიორგიმ მოიწვია, არა მხოლოდ პროვინციაში თვითნებობდნენ, არამედ თავად ტფილისშიც აძლევდნენ საკუთარ თავს ძარცვისა და ძალადობის ნებას. ერთხელ ისინი ქუჩაში ანჩისხატის ტაძრის წინამღძვარს, სოლომონ ალექსიშვილს შეხვდნენ, მას ქუდი მოხადეს და შეურაცხყოფდნენ.

“ალექსიშვილი მეფესთან გამოცხადდა და გიორგის ყველაზე უფრო მკვეთრი გამონათქვამებით საყვედურობდა, რომ მან, მოიწვია რა ლეკები, ხალხი და ეკლესიის მსახურნი, ქრისტიანულ ქალაქში, მაჰმადიანთა ხელში ჩააგდო შესაგინებლად” («Кавказъ» 1846 г., № 33).

გიორგიმ ბრძანა დაქირავებული ჯარის უფროსები მასთან მოეხმოთ. ისინი 80 მცველის თანხლებით გამოცხადდნენ. მეფე თავიდან ლანძღავდა მათ, მაგრამ შემდეგ კი იმდენად გაიტაცა ამან, რომ, დაივიწყა რა თავისი ავადმყოფობის შესახებ, ლოგინიდან წამოხტა, კეტს ხელი დაავლო და ლეკების მთავარი უფროსის ცემა დაიწყო. დაშინებული უფროსები და მათი მცველები ოთახიდან გარბოდნენ გაფიცხებული მეფისგან, რომელიც მათ კეტით მისდევდა. ეშინოდათ რა მეფის მრისხანების და დევნისა, ტფილისში მყოფი ყველა ლეკი რაღაც დროით ქალაქიდან ავლაბრის კარს იქით გავიდა.

წუთიერი აფეთქება გაივლიდა, მეფე მორბილდებოდა, და უწინდელი უწესრიგობანი და თვითნებობანი თავიანთ უფლებებში შედიოდა.

მარიამ დედოფალი, გიორგის მეუღლე, თავისი მამის, თავად ციციშვილის, ხარბი და ანგარი ადამიანის რჩევებითა და დარიგებით, იყო რა ქმრის მიერ ძალზედ ყვარებული, თავისი მოთხოვნებითა და გადასახადებით ხალხს ხშირად ტვირთს მეტად უმძიმებდა. 

გიორგი, მთელი თავისი პირადი სიკეთისა და თავისი ხალხისთვის კეთილი სურვილების მიუხედავად, ქართველებს არ უყვარდათ.

მისი ვაჟიშვილი და მემკვიდრე, დავით ბატონიშვილი, მხოლოდ თავისი სარგებლისთვის ზრუნავდა და საქმეებში ასევე არ ერეოდა. ხალხის წეს-ჩვეულებათა წინააღმდეგ, სომეხ ქალზე დაქორწინებული, იგი თავადებს არ უყვარდათ; და თუ მაინც ჰყავდა რამდენიმე მომხრე, ესენი იმ პირთაგან იყვნენ, რომლებიც მის წყალობებზე იმედოვნებდნენ, როგორც მომავალი მეფისა, მაგრამ გულწრფელად მისდამი ერთგულნი კი არ ყოფილან.

იოანე ბატონიშვილი, სხვებზე უფრო მეტად დადებითი და სერიოზული ადამიანი, მხარის მართვაში ყოველგვარი ჩარევისგან ასევე თავს განზე იჭერდა, მიუხედავად იმისა, რომ გიორგის ყველაზე უფრო მეტი ნდობით სარგებლობდა. თითოეული ბატონიშვილი თავის საკუთარ სარგებელს იცავდა, და არა სახელმწიფოსი. თავიანთ სოფლებში წასულ-წამოსული ბატონიშვილები, რამდენადაც შესაძლებელი იყო, მათ განვრცობას ცდილობდნენ, არ ირცხვენდნენ რა იმ შემთხვევაშიც, თუ ეს განვრცობა სხვისი საკუთრების მიტაცებასთან ან მოყვასისთვის წყენის მიყენებასთან იყო შეუღლებული.

მეფის ძენი ბაგრატი და თეიმურაზი, თუმცა კი სრულწლოვანები იყვნენ, “მაგრამ – მოახსენებდა ლაზარევი – თავიანთი წლებისთვის ახალგაზრდული აზრები აქვთ”. უმცროსი ბატონიშვილი, მიხეილი, რომელიც მაშინ მეთექვსმეტე წელში იყო, ყოველგვარი აღზრდის გარეშე რჩებოდა და რეგულარული ჯარის მოწყობით იყო დაკავებული. შეკრიბა რა თავის თანატოლთაგან ეგერთა ასეული, იგი ჩვენი ჯარების სწავლებას ადევნდებდა თვალს და შემდეგ, მათი ნიმუშის მიხედვით, თავის თანატოლებს ასწავლიდა.

აცნობიერებდა რა თავის სისუსტესა და უძლურებას, გიორგის ასევე შეგნებული ჰქონდა, რომ მარტოს, გარედან დახმარების გარეშე, მის მიერ მართული ხალხის სარგებლისთვის არაფრის გაკეთება არ შეუძლია.

ყველას აზრით, გარედან სწრაფი და, თუ შესაძლებელი იქნებოდა, უანგარო დახმარება, აუცილებელი იყო საქართველოსთვის. თავის მეზობელთა წრეში გიორგის თავისთვის არც დახმარების პოვნა შეეძლო, და არც მხარდაჭერისა. მხოლოდ რუსეთს, თავისი ერთმორწმუნეობისა და უანგარობის გამო, შეეძლო საქართველოს მხსნელად მოვლინებოდა; მხოლოდ მას შეეძლო ქართველებს მწარე ხვედრში შესწეოდა, რომლებსაც მეზობლები და საკუთარი თავადები ძარცვავდნენ. სწორედ მას მიმართა კიდეც თხოვნით გიორგიმ.

თავადი გარსევან ჭავჭავაძე, რომელმაც პეტერბურგის გზა კარგად იცოდა, იმპერატორ პავლესთან იქნა გამოგზავნილი, სრულუფლებიანი მინისტრის სახით, წერილით, რომელიც გიორგის ტახტზე ასვლის შესახებ იტყობინებოდა, ასევე მფარველობის თხოვნით მისთვის და მისი ვაჟისა და მემკვიდრის დავითისთვის (Письмо Георгiя Государю Императору 30-го iюля 1798 г. Московскiй Арх. Мин. Иностр. Делъ. См. также Константинова, ч. II, 99 /рукопись/).

საქართველოს მეფე არ იშურებდა სიტყვებს იმისთვის, რათა იმპერატორი პავლე თავის მიმართ კეთილად განეწყო და მისი ყურადღება მოეპოვებინა. იგი წერდა, რომ ადრეული წლებიდან სურდა რუსეთის იმპერატორის “წმინდა ფეხებს” მთხვეოდა, მაგრამ ამ დრომდე ამას ბევრი გარემოება ხელს უშლიდა. “ახლა თქვენ ჩემს ხელმწიფედ გიმზერთ, – წერდა მეფე, – ჩემს მონარქად და ვსასოებ, რომ ჩემი გამოწვდილი ხელები უარყოფილი არ იქნება”.

მეფე თხოულობდა არ წაერთმიათ მისთვის და მისი ძის დავითისთვის, რომელიც მაშინ რუსულ სამსახურში მსახურობდა, ის წყალობანი, რომლებიც მისი მამის ერეკლე თეიმურაზის ძისთვის იყო დანაპირები და რომლის შემდეგაც მან კანონიერი მემკვიდრეობა მიიღო.

გიორგის სამშობლოს გადარჩენისთვის გადამწყვეტი ნაბიჯი სჭირდებოდა; ნახევარზომები უფრო მეტად დამღუპველი შეიძლებოდა ყოფილიყო, ვიდრე სასარგებლო, ქვეყნის მოწყობისა და ახალ უთანხმოებათაგან ხალხის უზრუნველყოფისთვის.

მეფეს სურდა და უნდა მიეღო კიდეც საბოლოო პასუხი იმპერატორ პავლესგან; სურდა სცოდნოდა, თანახმა იქნება თუ არა რუსეთი ნამდვილი დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს.

ჩვენი კარის უარის შემთხვევაში გიორგი ფიქრობდა სხვა დერჟავისთვის მიემართა და ს.-პეტერბურგიდან თავადი ჭავჭავაძე გაეწვია.

“თუ თქვენგან არ იქნება გამოგზავნილი (ინვესტიტურის) ნიშნები, – წერდა მონაზონი ექვთიმე თავად ჭავჭავაძეს, – მეფე მირონს მაინც იცხებს (Московскiй Арх. Мин. Иностр. Делъ).

რუსულ მთავრობას ჯერ კიდევ ვერ მოესწრო გიორგის თხოვნებზე პასუხის გაცემა, როცა პეტერბურგში ცნობა იქნა მიღებული საქართველოში სპარსელთა ახალი შემოჭრისა და ქვეყნის აოხრების შესაძლებლობის შესახებ, იმის მსგავსისა, რა 1795 წელს მოხდა. ივნისში ტფილისში შაჰის ფირმანით სპარსეთიდან გამოგზავნილი ელჩი მოვიდა. პირველი ცნობისთანავე, ისე რომ ელჩი ჯერ კიდევ არ ენახა და არც მისი გამოგზავნის მიზანი იცოდა, გიორგიმ იჩქარა ამის შესახებ ჩვენი მთავრობისთვის შეეტყობინებინა. დავით ბატონიშვილი სთხოვდა თავად ჭავჭავაძეს მიეცათ საშუალებები (სახსრები) საქართველოსთვის, რათა სპარსელთა ახალი თავდასხმისგან საკუთარი თავი დაეცვა, და ფიქრობდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ან სრულებით ააოხრებდნენ საქართველოს, ან კიდევ აიძულებდნენ მათ მბრძანებელს დამორჩილებოდა (Тамъ же). თავად გიორგი ვარაუდობდა, მოელაპარაკებოდა რა სპარსეთიდან წარმოგზავნილს, შაჰთან თავისი სიმამრი, თავადი ციციშვილი, საჩუქრებით გაეგზავნა (Письмо царевича Давида къ С. Лошкареву 21-го iюля 1798 г.), ხოლო თავადი გიორგი ავალიშვილი კი პეტერბურგში ახალი თხოვნით მოევლინა (Письмо монаха Ефимiя князю Чавчавадзе): 1) მარადიული ფიცის დადების შესახებ, 2) მეფისთვის დასახმარებლად 5.000-იანი რუსული ჯარის წყალობის შესახებ, იმ დაპირებით, რომ ხუთი წლის შემდეგ, როცა მეფე მდგომარეობას გამოისწორებს, საქართველოში რუსული ჯარის მხოლოდ 500 კაცს დაიტოვებს, ერთადერთი მიზნით, რათა რუსეთის მფარველობის შესახებ ყველასთვის ცნობილი გახადოს.

სპარსელთა მუქარებმა მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანეს საქართველოს. სპარსელთა ახალი თავდასხმის შესახებ პირველი ცნობებისთანავე პეტერბურგის კაბინეტმა იჩქარა კატეგორიული პასუხი გაეცა საქართველოს მეფის თხოვნებზე და საქართველოს რუსეთის მფარველობის ქვეშ მიღების თაობაზე განაცხადა.

იმპერატორი პავლე, ულოცავდა რა გიორგის საქართველოს ტახტზე ასვლას, ჰპირდებოდა, რომ ტახტზე დამტკიცების შესახებ მისგან თხოვნის მიღების შემდეგ სამეფო ინვესტიტურის ნიშნებით მასთან თავის მინისტრს გააგზავნიდა, და გამოთქვა იმედი, რომ გიორგი, ტახტთან ერთად, იმ ერთგულების მემკვიდრეც შეიქნებოდა, რომელსაც რუსეთის იმპერატორისადმი მისი განსვენებული მამა ინარჩუნებდა (Рескриптъ Георгiю 23-го августа 1798 г. Московскiй Арх. Мин. Иностр. Делъ).

გენერალ-ლეიტენანტმა გრაფმა მარკოვმა, რომელიც კავკასიის დივიზიას მეთაურობდა, მიიღო ბრძანება ჩაეგონებინა გიორგისთვის, რომ მის მიერ ჩვენი მთავრობისადმი ერთგულების შენარჩუნების ხარისხსა და სპარსეთის მიმართ მის ქცევაზე იქნება რუსეთის შემდგომი მფარველობა დამოკიდებული.

მიიღო რა ნებართვა და პასუხებიც თავის პირველ თხოვნებზე, გიორგიმ თავად ჭავჭავაძეს ახალი თხოვნა გამოუგზავნა, რომელიც თავად საქართველოს ელჩის მიერ იქნა პავლე იმპერატორისთვის ჩაბარებული.

– დიდო იმპერატორო (Речь князя Чавчавадзе. Московскiй Арх. Мин. Иностр. Делъ), ქართლისა და კახეთის სამეფოს მფარველო და დამცველო, და ბევრთა სხვათა მფლობელო, – ამბობდა თავადი ჭავჭავაძე, როცა თხოვნას გადასცემდა, – მე, თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის ერთგული ქვეშევრდომი, ღირს ვიქმენ რა ბედნიერებისა ჩემი მეფის გიორგი ერეკლეს ძისგან და მისი ძალაუფლების ქვეშ მყოფი ყველა ხალხისგან მისი სახელით თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის წმინდა ფეხებს ვემთხვიო, ჩემი მოვალეობის მიხედვით გთხოვოთ გააბედნიეროთ იგი ამ მეფობაზე დამტკიცებით, როგორც კანონიერი მონაცვალე (преемникъ), მისი სამეფო ნიშნებით შემოსვით, და გააგრძელოთ მის მიმართ და მთელი მისი ხალხების მიმართ თქვენი მოწყალება. ხოლო ჩემს მიერ მორთმეული ეს თხოვნები კი მაღალმონარქიული მოხედვის ღირსი გახადოთ.

საქართველოს მეფე ითხოვდა ის ტახტზე დაემტკიცებინათ და იმდენად უზრუნველეყოთ, რომ მას საჭიროება არ ჰქონოდა დახმარების შესახებ რომელიმე სხვა კარისთვის მიემართა; რომ ტახტის მემკვიდრედ მისი ძე დავითი დაემტკიცებინათ, “და წინდაწინ დამაიმედოთ დაპირებით, რომ ჩემს მონაცვალეთ ექნებათ მარადიული და ურყევი მეფობა საქართველოში, რომ სხვა არავინ ჩემს საშინაო განკარგულებებს არ ეხებოდეს და როგორც აზნაურებთან, ისე ჩემს ყველა ქვეშევრდომთანაც, ჩემი საკუთარი ნების გარეშე საქმე არ ჰქონდეს” (Переводъ прошенiя царя Георгiя отъ 11-го октября 1798 г. Арх. Мин. Иностр. Делъ). ეს თხოვნის არსებითი და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი გახლდათ. დამტკიცება და ამ თხოვნაზე თანხმობა საბოლოოდ განამტკიცებდა გიორგის საქართველოს ტახტზე და უკანასკნელს მეფის შთამომავლობაში მემკვიდრეობითად აქცევდა. საქართველოს მეფისთვის არ იყო საკმარისი მხოლოდ მისი მეფედ ცნობა: მისთვის აუცილებელი იყო ტახტის მის შთამომავლობაში მემკვიდრეობითად ცნობაც. ერეკლეს ანდერძი ხალხის უმრავლესობისთვის ცნობილი არ იყო. ტახტზე მემკვიდრეობის წესის შეცვლის შესახებ საკითხი, რომელიც სამეფო ოჯახის ნათესავთა ვიწრო წრეში იყო გადაწყვეტილი, და მხოლოდ არცთუ ბევრი თავადისთვის გახლდათ ცნობილი, ცხრაკლიტულში საიდუმლოდ ინახებოდა. ჩვენ ვნახეთ, რომ მცდელობა ტახტზე მემკვიდრეობის წესში რაიმენაირი ცვლილება ხმამაღლა განეცხადებინათ, ვერ გამოუვიდათ; რომ ხალხი, რომელსაც შესთავაზეს დარეჯანი დედოფლად ეღიარებინათ და მისი სახელი მეფეზე უწინ მოეხსენიებინათ, ამ წინადადებას თანაგრძნობით არ გამოეხმაურა და საგანთა ძველ წესრიგს უფრო მეტად ემხრობოდა, ვიდრე ახალს. გიორგის არ შეეძლო არ დაენახა, რომ რუსეთის იმპერატორის მიერ მისი მეფედ აღიარება, ხოლო დავითისა კი – მემკვიდრედ, მეფისა და მის შთამომავალთა უფლებების სამართლიანობაში ხალხს საბოლოოდ დაარწმუნებდა. ვერ პოულობდა რა მხარდაჭერასა და საყრდენს ვერც საკუთარ ოჯახში, ვერც ახლო ნათესავთა წრეში, გასაგები იყო, თუ რატომ ითხოვდა იგი ასე დაჟინებით ამ აღიარებას. ტახტზე მემკვიდრეობის წესის შესახებ ერეკლეს მიერ დატოვებული ანდერძი მაშინ თავის ძალასა და მნიშვნელობას კარგავდა... 

მიუთითებდა რა თავის წინაპრებზე, რომლებიც ყოველთვის რუსეთისადმი ერთგულნი იყვნენ, საქართველოს მეფე პირობას დებდა ერთგული ქვეშევრდომობის გრძნობით მათთვისაც კი გადაეჭარბებინა (превзойти ихъ въ верноподданническомъ чувстве). იგი ითხოვდა, რომ ყველა მნიშვნელოვან საქმეზე არა კავკასიის ხაზის სარდლისთვის მოეხსენებინა, არამედ პირდაპირ ჩვენი მთავრობისთვის, თავისი მინისტრის მეშვეობით, რომელიც ს.-პეტერბურგში იმყოფებოდა. გიორგი იმაზე მიუთითებდა, რომ ერეკლეს ასეთი ურთიერთობებისგან “საქმეები ძალიან ნელა მიუდიოდა” და, ვერ ღებულობდა რა სწრაფ დახმარებას, საქართველოში აღა-მაჰმად-ხანის შემოჭრისა და ტფილისის აოხრებისგან ბევრი რამ გადაიტანა.

მომავალი დროისთვის მსგავსი შემთხვევებისგან უზრუნველსაყოფად კი გიორგი ითხოვდა მისთვის 3.000 “რუსი ჯარისკაცი იარაღითა და მთელი სამხედრო კუთვნილებით” გამოეგზავნათ.

“როცა საქართველოში, – წერდა გიორგი იმპერატორ პავლეს, – ძლევამოსილი რუსული ჯარები იყო, მაშინ ყოველთვის ბოროტი ადამანები, თავიანთი სხვადასხვანაირი გამონაგონებით, მათ და ჩვენს უფროსებს შორის მტრობას აგდებდნენ, ამიტომ გთხოვთ უბრძანოთ ამ ჯარის მომავალ მეთაურს საქმე ჰქონდეს მხოლოდ ჩემთან ან მასთან ვისაც ჩემგან დავალებული ექნება”.

მეფე ითხოვდა, რათა მეზობლების მხრიდან რაიმენაირი მტრული მოქმედებების შემთხვევაში, ნაბრძანები ჰქონოდა კავკასიის დივიზიის სარდალს, რომ პირველივე შეტყობინებისას, საქართველოსკენ 7.000-იანი ჯარი დაეძრა, არ იკითხავდა რა ამისთვის წინასწარ ჩვენი მთავრობის ბრძანებას.

არ მიუღია რა პასუხი თხოვნაზე საქართველოს მეფედ გიორგის დამტკიცების შესახებ, მისმა ელჩმა მიიღო ახალი წახალისება საქართველოდან იმპერატორ პავლეს მიერ გადაწყვეტილების რაც შეიძლებოდა სწრაფად მიღების თაობაზე ეზრუნა.

“თქვენთვის უცნობი არ არის ქართული ანდაზა – წერდა დავით ბატონიშვილი (Кн. Чавчавадзе отъ 3-го февраля 1799 г. Московскiй Арх. Мин. Иностр. Делъ) – რომ ყველა საქმე თავის დროზე უნდა იქნას გამოყენებული, სხვა შემთხვევაში კი ისინი ყურადღებას არ იმსახურებენ. ჩვენს სამეფოს არ შეესაბამება ახლა ის საქმეები, რომლებიც კამათით იწარმოება”.

მართლაც, მხოლოდ მოლაპარაკებები საქართველოსთვის ცოტა იყო: მისთვის ფაქტიური დახმარება იყო აუცილებელი უკვე იმიტომაც, რომ მტაცებელ მეზობელთა განუწყვეტელი თავდასხმები უნდა მოეგერიებინა.

თურქები თავიანთი თავდასხმებით გაუჩერებლად აწუხებდნენ ხალხს. ახალციხის ფაშა ლეკებით ქართლს აჩანაგებდა (Письмо царевича Давида Лошкареву 21-го iюля 1798 г. Тамъ же). ლეკები, გამოივლიდნენ რა ოტომანის პორტას სამფლობელოებს, საქართველოში შემოიჭრებოდნენ, სოფლებს არბევდნენ, მათი მცხოვრებნი ტყვედ მიჰყავდათ და, შეეძლოთ რა უსაფრთხოდ უკან დაეხიათ, თავიანთ თარეშებს ძალზედ ხშირად იმეორებდნენ (Рескриптъ Императора нашему посланнику въ Константинополе отъ 2-го ноября 1798 г. Тамъ же).

თურქეთის მხრიდან თავდასხმების თავიდან ასაცილებლად თუმცა კი გაეგზავნა კონსტანტინოპოლში ჩვენს წარგზავნილს ტამარას ბრძანება ეთხოვა პორტასთვის, რათა მას ახალციხის ფაშისთვის საქართველოში შემოჭრების მოხდენა აეკრძალა, და საერთოდ თავის სამფლობელოებზე ლეკები არ გამოეტარებინა, მაგრამ ეს შუამდგომლობა წარმატებით არ დაგვირგვინებულა. ფაშა, რომელიც პორტაზე მეტად სუსტად იყო დამოკიდებული და თავისი მთავრობის ბრძანებებს ყურადღებას არ აქცევდა, თავის ანგარებიან მიზნებს მიჰყვებოდა, რომლებიც მეზობელთა მძარცველობასთან იყო შეერთებული. 1798 წლის სექტემბერში ის საქართველოში ისევ შემოიჭრა (Донесенiе гр. Маркова Государю Императору сентября 1798 г.) და თავად ციციშვილის ტყვედ წაყვანა მოახერხა, რომლისთვისაც სამი ათას მანეთს გამოსასყიდს მოითხოვდა.

გიორგი თხოულობდა ისევ დაგვეცვა იგი ამ შემოჭრებისგან, და თუ ის თავად მიიღებდა ზომებს ახალციხის ფაშის თვითნებობათაგან თავისი ხალხის დასაცავად, მაშინ იგი ჩვენი მთავრობის წინააღმდეგ “ამაში დამნაშავედ არ ჩაგვეთვალა”.

ქვეყნის მთელ ამ მოუწყობლობებს სპარსელთა შემოჭრის შიშიც დაემატა, რომლებიც, ცნობების მიხედვით, თავიანთი ძალების თავმოყრას გოგჩის ტბის მახლობლად აპირებდნენ, რომელიც საქართველოსა და ერევნის ოლქს შორის მდებარეობდა. ამ პუნქტში თავმოყრა მხოლოდ საქართველოში შემოჭრის სურვილით შეიძლებოდა ყოფილიყო ახსნილი. დავით ბატონიშვილი თავად ჭავჭავაძისგან “რაიმენაირ ყველაზე უფრო სასარგებლო რჩევას (მოითხოვდა) და ეკითხებოდა მას, როგორ მოქცეულიყვნენ, რათა თავიდან აეცილებინათ ის ხვედრი, რომელიც მათ აღა-მაჰმად-ხანის შემოჭრისგან განიცადეს”. “დამიჯერე, – წერდა ბატონიშვილი (Кн. Чавчавадзе отъ 3-го февраля 1799 г. Московскiй Арх. Мин. Иностр. Делъ), – რომ თუ სრულიად რუსეთის ჯარები, რომელთაც შეუძლიათ მის განზრახვას წინ აღუდგნენ, მოკლე დროში არ გამოჩნდებიან საქართველოში, მაშინ საეჭვოა, რომ მისი მიზანი წარმატებით არ დაგვირგვინდეს”. 

სწორედ ამ მიზეზებმა აიძულეს კიდეც გიორგი, რათა თავადი ჭავჭავაძე მასზე დაკისრებული დავალების უსწრაფესად აღსრულებისთვის წაეხალისებინა. საქართველოს ელჩი უფლებამოსილი იყო ეთხოვა კიდევ იმის შესახებ, რათა რუსულ ჯარებთან ერთად, რომლებიც საქართველოში იქნებოდა გაგზავნილი, არ გაეგზავნათ ქართველები, რომლებიც ჩვენს სამსახურში იმყოფებოდნენ და “უფრო მეტად კი პოლკოვნიკი თავადი დიმიტრი ორბელიანი, რომელიც თუ აქაურ კორპუსთან ერთად იქ იქნება გაგზავნილი, არ შეიძლება ჩემი მეფის, ჩემი ხელმწიფისთვის, სასიამოვნო იყოს”.

თავადი გარსევან ჭავჭავაძე ითხოვდა მიეცათ მეფისთვის უფლება, საჭიროების შემთხვევაში, მეზობელ მფლობელთა თარეშების მოსაგერიებლად რუსული ჯარები გაეგზავნა და ამით ისინი მორჩილებაში ჰყოლოდა. საქართველოს ელჩი პირდებოდა და “ფიცით არწმუნებდა, რომ მეფე, უკიდურესი აუცილებლობის გარეშე, ამ რუსული ჯარების გამოყენებისთვის არასდროს არ გათავხედდება (не дерзнетъ), არამედ მხოლოდ სურს მათი ყოლა თავის ჯარში მოწინააღმდეგეთა დასაშინებლად და რათა ექოდ გაისმოდეს, რომ საქართველოში მყოფ რუსულ კორპუსს ნაბრძანები აქვს ქართულ (კორპუსთან) ერთად მოწინააღმდეგის წინააღმდეგ მოქმედებდეს”.

 თავადი ჭავჭავაძე ითხოვდა დავით ბატონიშვილისთვის წმ. ალექსანდრე ნეველის ორდენი ეწყალობებინათ, იმ მაგალითის მიხედვით, რომ თავად გიორგისაც ეწყალობა ეს ორდენი, როცა ის ტახტის მემკვიდრე გახლდათ; მომდევნო ვაჟის, იოანესთვის კი, წმ. ანას ორდენი ეწყალობებინათ; მისი მეუღლე, მარიამ დედოფალი, წმ. ეკატერინეს ორდენით დაეჯილდოვებინათ და, ბოლოს, წმ. ნინოს ჯვარი საქართველოში დაებრუნებინათ (Переводъ ноты грузинскаго посла отъ 16-го декабря 1798 года).

საქართველოს მეფისა და მისი სრულუფლებიანი ელჩის თხოვნებზე საპასუხოდ, გენერალ-მაიორ თავად ურაკოვს, რომელიც, სამსახურიდან გარიცხული გენერალ-ლეიტენანტ კისელიოვის ნაცვლად კავკასიის ხაზს სარდლობდა, ებრძანა ლაზარევის ეგერთა პოლკი საქართველოში წასასვლელად მოემზადებინა (Рескриптъ кн. Уракову 23-го фквраля 1799 года). პოლკთან ერთად გაგზავნილი უნდა ყოფილიყო არტილერიაც, რომელიც ჯერ კიდევ ერეკლეს იმპერატრიცა ეკატერინე II-მ უწყალობა.

ჩვენი მთავრობის მიერ ერეკლესთან 1783 წელს დადებული ხელშეკრულებით, დადგენილი იყო საქართველოს მეფის კარზე სრულუფლებიანი მინისტრი ან რეზიდენტი გვყოლოდა. 1799 წლამდე ეს პირობა არ სრულდებოდა. ხოლო როცა საქართველოსთან ხშირი ურთიერთობები წარმოიქმნა, და მისი მეფე, როგორც რუსეთის დახმარებას, ისე დადებული ხელშეკრულების დაცვასაც დაბეჯითებით მოითხოვდა, მაშინ, ურთიერთობათა მოხერხებულობისთვის, პეტერბურგის კაბინეტმა გადაწყვიტა საქართველოს მეფის კარზე თავისი სრულუფლებიანი მინისტრი დაენიშნა.

სახელმწიფო მრჩეველი (Статскiй советникъ) კოვალენსკი ჩვენი კარისგან მინისტრის სახით საქართველოში მუდმივად ყოფნისთვის იქნა დანიშნული. უფრო მეტი პატივისთვის, იმპერატორმა ბრძანა კოვალენსკისთვის სამი რიგითისა და ერთი ოფიცრისგან შემდგარი ყარაული დაენიშნათ (Рескриптъ Императора Кноррингу отъ 8-го августа 1799 г., № 960). კოვალენსკისთან ერთად გაგზავნილ იქნა ორდენები მეფის ოჯახისთვის და სამეფო ღირსების ინვესტიტურის ნიშნები.

“ვღებულობთ რა მადლიერებით – წერდა იმპერატორი პავლე გიორგის თხოვნებზე პასუხად (Утвердительная грамрта царю Георгiю отъ 18-го апреля 1799 г. Тифлисскiй Арх. Канц. Наместника) – თქვენს თხოვნას, ტრაქტატის მესამე მუხლის საფუძველზე, გამტკიცებთ თქვენ ახლა ამ სამეფოს მონაცვალედ (преемникомъ онаго царства), ხოლო თქვენს ძეს დავითს კი თქვენს შემდეგ მომავალ მემკვიდრედ”.

რადგანაც გვირგვინი, რომელსაც საქართველოს ტახტის ყველა მონაცვალე თავზე იდგამდა, აღა-მაჰმად-ხანის ტფილისში შემოსევის დროს იქნა გატაცებული, ამიტომ იმპერატორმა პავლემ კოვალენსკის ხელით ახალი გვირგვინი და ინვესტიტურის სხვა ნიშნები: დროშა, ხმალი, სამბრძანებლო კვერთხი, ტახტი და “ყარყუმის” მანტია გაუგზავნა. 

რუსეთის იმპერატორი სთხოვდა გიორგის, ყველა ნიშნის მიღების შემდეგ, რუსეთის იმპერიისადმი “ერთგულებასა და გულმოდგინებაზე” და რუსეთის იმპერატორების უმაღლესი ძალაუფლებისა და მფარველობის აღიარებაზე დაეფიცა. ხოლო რაც წმ. ნინოს ჯვრის საქართველოში დაბრუნებას შეეხებოდა, პავლემ შესთავაზა (предоставилъ) ბაქარ ბატონიშვილის მეუღლის შვილიშვილისთვის, თავად გიორგი გრუზინსკისთვის მიემართა, რომელთანაც ეს ჯვარი იმყოფებოდა*.

(*“მთელი ქართველი ხალხის სახელით, გავბედავ ამ ჩემი თხოვნით შევაწუხო თქვენი უგანათლებულესობა, წერდა თავადი ჭავჭავაძე კანცლერს. – საქართველოდან ჩემი გამომგზავრების დროს, ყველა იქაურმა მცხოვრებმა დამავალა ყოვლადუმდაბლესად გთხოვოთ მათთვის მოწყალე შუამდგომლობის შესახებ რათა ისინი შემდეგ სათხოვარში მარტო არ დატოვოთ: ქრისტეს შობიდან 312 წელს, მეფის მირიან-ხოსროს დროს, წმ. ნინომ მოიტანა ჩვენი მაცხოვრის ჯვარი, რომლითაც კიდეც მთელი ჩვენი ოლქი კერპთთაყვანისმცემლობიდან მართლმადიდებლობაში მოაქცია. 

ეს ჯვარი, საქართველოს ნეტარხსენებული მეფის ვახტანგის საქართველოდან რუსეთში გადმოსვლის დროს, ქართველი მღვდელმთავრის რომანოზის მიერ საქართველოდან აქ საიდუმლოდ იქნა ჩამოტანილი და მიეცა მის დას, ანა გიორგის ასულს, ბაქარ ბატონიშვილის მეუღლეს, და დღემდე მის სახლში იმყოფება, ხსენებული თავადის ქალის შვილიშვილთან, თავად გიორგი გრუზინსკისთან. რისი გულისთვისაც ყველა იქაური მცხოვრები ყოვლადუმდაბლესად ითხოვს მაცხოვრის ამ ჯვრის ქართველი ხალხისთვის დაბრუნების შესახებ, როგორც სიწმინდისა, რომელიც მას ფარველობს და რომელიც მთელი სამართლიანობით მას სამუდამო მემკვიდრეობად უნდა...” 

კანცლერმა შესთავაზა ბატონიშვილს ეს ჯვარი დაებრუნებინა; მაგრამ ბაქარმა უპასუხა, რომ, აქვს რა უდაო უფლება, წინაპართაგან მიღებული, მისი მიცემა არ შეუძლია. /См. ноту кн. Чавчавадзе отъ 8-го декабря 1798 г. Письмо Лопухина Кочубею 5-го апреля 1799 г. Московскiй Арх. Мин. Иностр. Делъ/.) 

მიიღო რა ასეთი პასუხი, თავადი ჭავჭავაძე ნებართვას ითხოვდა თავად გამგზავრებულიყო საქართველოში, რათა რუსეთის ერთგულებაზე ფიცს დასწრებოდა, რომელიც მეფემ “საზეიმოდ უნდა დადოს, როგორც იშვიათ საქმეებზე და რომლებიც საუკუნოდ აღესრულება, და რათა იმ დროს, რადგანაც მე უკვე რამდენიმე წელია უზენაეს კარზე ვიმყოფები, წესების დაცვაში რაიმე საჭირო გამოტოვებლ არ იქნას” (Нота Чавчавадзе министерству 15-го февраля 1799 г. Моск. Арх. Мин. Иностр. Делъ).

ტფილისში მოსვლის შემდეგ, კოვალენსკი, ცერემონიისა და კრედიტიული სიგელის ჩაბარების შემდეგ, მეფის ყველა შვილსა და ნათესავს უნდა სწვეოდა, წინასწარ გაუგზავნიდა რა მათ დრაგომანს (Инструкцiя Коваленскому 16-го апреля 1799 г. Тифлисскiй Арх. Канц. Наместника. Акты Кавк. Арх. Комм., т. I, стр. 93).

მას მოვალეობად ეკისრებოდა თვალ-ყური ედევნებინა დარეჯან დედოფლის, გარდაცვლილი ერეკლე მეფის ქვრივისთვის, რომელიც, ცნობების მიხედვით, ადვილად შეიძლებოდა შესულიყო “რამენაირ ჭორებში, რაც იმ მხარისთვის ამდენადაა ჩვეული”, რომლებიც ჩვენი მთავრობის შეხედულებათა და მიზნების საწინააღმდეგო იქნებოდა. თანაც ყოველ შემთხვევაში კოვალენსკის ებრძანა მისთვის და მისი შვილებისთვის “მთელი ის პატივისცემა და ალერსიანობა (გამოეხატა), რომელსაც მისი სახელგანთქმულობა და თავად მეფესთან ნათესაობაც მისგან (მინისტრისგან) მოითხოვს” (Ответная нота министерства Коваленскому 31-го мая 1799 г. Моск. Арх. Мин. Иностр. Делъ).

იქაურ მფლობელთა ცვალებადობისა და არცთუ იშვიათად მათი ორპირი საქციელის გამო, კოვალენსკის თავად მეფე გიორგის ქცევისთვისაც თვალყური უნდა ედევნებინა. ოტომანის პორტასგან, ან მეზობელი სპარსელი ხანებისა და სხვა ლეკი მფლობელებისგან რაიმენაირი წინადადებებითა და შეგონებებით დესპანების გამოგზავნის შემთხვევაში, კოვალენსკის უნდა ეცადა იმისთვის მიეღწია, რათა მეფეს მასთან თათბირი ჰქონოდა, როგორც თავისი პასუხების მიმართებაში, ისე შემდგომი ქცევისაც.

ჩვენს მინისტრს უნდა ეზრუნა ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის გავრცელებისა და ქართველო ხალხის განათლებისთვის, აგრეთვე ქვეყნის მმართველობაში სისასტიკის, გარყვნილებისა და უუფროსობის მოსპობისთვისაც, რაც სპარსელ და სხვა აზიელ მფლობელებს შორის არსებობდა. საქართველოში გაგზავნილი ეგერთა პოლკის ჩვენი ოფცრების დახმარებით, ეცადა რეგულარული ქართული ჯარი მოეწყო, რომელსაც შეეძლებოდა, საჭიროების შემთხვევაში, “სპარსელთა აულაგმავ და მრავალრიცხოვან ბრბოებს” წინ აღდგომოდა, და მხედველობიდან არც ჩვენი ჯარებისა და ქვეშევრდომთა კეთილდღეობა გამორჩენოდა, რომლებიც, სხვადასხვა შემთხვევის გამო, საქართველოში იმყოფებოდნენ.

წარგზავნილისა და მთელი მისი მისიის საკუთარი ქცევა ქართველი ხალხის ნდობისა და სიყვარულის შეძენისა და რუსეთის იმპერატორის მის მიმართ კეთილგანწყობის დამტკიცებისკენ უნდა ყოფილიყო მიდრეკილი.

(На обязанность его возложено было наблюдать за поступками царицы Дарьи, супруги умершаго царя Ираклiя, которая, по сведенiямъ, легко могла вступить «въ какiя-либо сплетни, столь въ техъ краяхъ свойственныя», но противныя видамъ нашего правительства. Во всякомъ же случае Коваленскому было приказано оказывать ей и детямъ ея «всю ту учтивость и ласковость, какихъ знаменитость ея и самое родство съ царёмъ отъ него /министра/ требуютъ».

По превратности тамошнихъ владельцевъ и нередко по двуличному ихъ поведенiю, Коваленскiй долженъ былъ следить за поступками самого царя Георгiя. Въ случае присылки къ Георгiю посланныхъ отъ Порты Оттоманской или отъ соседственныхъ персидскихъ хановъ и другихъ лезгинскихъ владельцевъ съ какими бы то ни было предложенiями и внушенiями, Коваленскiй долженъ былъ стараться достигнуть того, чтобы царь советовался съ нимъ, какъ относительно своихъ ответовъ, такъ и принимаемаго поведенiя.

Министръ нашъ долженъ былъ заботиться о распространенiи православной нашей церкви, о просвещенiи грузинскаго народа и объ уничтоженiи въ правленiи страны лютости, разврата и безначалiя, существовавшихъ между персидмкими и другими азiятскими владетелями. При содействiи нашихъ офицеровъ отправляемаго въ Грузiю егерскаго полка, стараться завести регулярное грузинское войско, могущее противостоять, въ случае нужды, «необузданнымъ и многочисленнымъ толпамъ персидскимъ», и не упускать изъ вида благосостоянiя нашихъ войскъ и подданныхъ, находившихся, по разнымъ случаямъ, въ Грузiи.

Собственное поведенiе посланнаго и всей его миссiи должно было клониться къ прiобретенiю доверенности и любви грузинскаго народа и къ доказательству расположенiя къ нему русскаго Императора.)

მიიღო რა ინსტრუქცია და კრედიტიული სიგელი (Кредитивная грамота царю карталинскому и кахетинскому 26-го апреля 1799 г. Моск. Арх. Мин. Иностр. Делъ), კოვალენსკიმ, საქართველოში ჩასატანად, მიიღო სამეფო ინვესტიტურის ნიშნები, წმ. ანდრია მოციქულის ორდენი (Рескриптъ царю Георгiю 19-го мая 1799 г. Тамъ же), წმ. ეკატერინეს ორდენი, რომელიც მარიამ დედოფლისთვის იყო განკუთვნილი (Рескриптъ царице Марiи отъ 7-го апреля 1799 г. Тамъ же), და წმ. ანას ორდენი – დავით ბატონიშვილისთვის (Рескриптъ царевичу Давиду отъ того же числа), და სხვა საჩუქრები*. 

(*კოვალენსკისთან ერთად გაგზავნილ იქნა: 

სამეფო ქვირგვინი, ოქროსი, თვლებით იშვიათად მოოჭვილი (осыпанная каменями изредка). 

სკიპტრა, ასევე იშვიათად მოოჭვილი. 

ხმალი, ოქროთი მოჭედილი, მდიდრულად მოოჭვილი. 

სამეფო პორფირა, ჟოლოსფერი ხავერდისა, ყარყუმის ბეწვით გაწყობილი, съ хвостиками; მასზე ამოქარგული რუსეთისა და საქართველოს გერბებით. 

თეთრი შტანდარტი ორთავიანი არწივით, რომლის შიგნითაც საქართველოს გერბია. (წერია რუსეთის გერბი, მაგრამ ალბათ ბეჭდვის შეცდომა უნდა იყოს, ვინაიდან ორთავიანი არწივი თავად რუსეთის იმპერიის გერბი გახლდათ – ი. ხ.) 

ჟოლოსფერი ხავერდის ტახტი არშიით, ფართო ოქროქსოვილი ბუზმენტით შემოვლებული, ოქროქსოვილივე დიდი ფოჩებით და ასეთივე სამი ბალიშით. ტახტის შიგნით საქართველოს გერბია, ხოლო მახლობლად და გვერდებზე კი რუსეთის გერბები. 

ტახტთან ერთად ორი პატარა მაგიდაც, ასეთივე ხავერდით დაფარული, ასეთივე ბუზმენტითა და ფოჩებით. 

მაგიდებისთვის თითო-თითო ბალიში, რომლებზედაც იდება რეგალიები: ე. ი. ერთზე გვირგვინი და სამეფო კვერთხი (სკიპტრა), ხოლო მეორეზე კი უზენაესი სიგელი და ხმალი. 

ალმასებით შემკული სამი ორდენი, რომელთაგან წმ. მოციქულის ანდრია პირველწოდებულის (ორდენი) მის უმაღლესობას მეფეს გიორგი ერეკლეს ძეს; წმ. დიდმოწამის ეკატერინესი მის უმაღლესობას დედოფალს მარიამ გიორგის ასულს; წმ. ანასი 1-ლი კლასისა მემკვიდრეს დავით ბატონიშვილს. 

ამაზე ზევით, ყოვლადუმოწყალესად ბოძებული ნივთები: 

მის უმაღლესობას დედოფალს მარიამ გიორგის ასულს ოქროს თაიგული ბრილიანტებით და რუსული მდიდრული კაბა, ფართოდ გაწყობილი ყარყუმის ბეწვით, съ хвостиками. 

მათ უმაღლესობათა შვიდ ვაჟიშვილს თითო-თითი მდიდრული ბეჭედი, მერვეს კი ოქროს საათი მარგალიტით (აქ შესაძლოა ერეკლეს ძენიც, გიორგი მეფის ნახევარძმებიც იგულისხმებოდნენ – ი. ხ.). 

ორ ქალიშვილს: გაიანეს – ოქროს საათი ბრილიანტებით და ოქროს ძეწკვი, ხოლო თამარს კი – ბრილიანტის ბეჭედი. 

მისი უმაღლესობის სულიერ მოძღვარს, არქიმანდრიტ ექვთიმეს – ოქროს ჯვარი აკვამარინებით, ბრილიანტებითა და ოქროსავე პატარა ჯაჭვით. მეფის სიძეს, თავად ბაგრატიონს – ოქროს სათუთუნე ფერწერიანი მინანქრით დაფარული და ბრილიანტით შემკული (თავადი იოანე მუხრანბატონი არა გიორგის, არამედ ერეკლე მეფისა და დარეჯან დედოფლის ქალიშვილის ქმარი და დარეჯანის პარტიის გავლენიანი წევრი გახლდათ – ი. ხ.). მეფის სიმამრს თავად ციციშვილს – ძოწის დიდი ბეჭედი, ბრილიანტებით მოოჭვილი. /См. реестръ вещамъ, отправленнымъ царю. Моск. Арх. Мин. Ин. Делъ/) 

საქართველოში ჩვენი ჯარების გაგზავნასთან ერთად, წამოიჭრა საკითხი იმის შესახებაც, თუ ისინი მეფისადმი როგორ დამოკიდებულებაში და მასთან როგორ ურთიერთობებში უნდა იყვნენ? შეუძლია თუ არა გიორგის იყენებდეს მათ თავისი სურვილისა და საჭიროებათა მიხედვით, თუ ის წინასწარ კოვალენსკის უნდა ეთათბირებოდეს? თუ გიორგის ნება მიეცემა ჩვენი ჯარების თავისი შეხედულების და მიხედვით გამოყენებაზე, რამდენად შორს ვრცელდება ეს ნებართვა? და, ბოლოს, რა გააკეთონ ჩვენმა ჯარებმა საქართველოში სპარსელთა შემოჭრის შემთხვევაში?

“ამაზე სამინისტრო იტყობინება, რომ ჯარი საქართველოში იგზავნება ერთადერთი იმის საჩვენებლად, რომ მეფე რუსეთის იმპერიის უზენაესი მფარველობის ქვეშ შედგება; რომ მისი რიცხვი თავისთავად, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, რათა საქართველოზე თავდასხმის შემთხვევაში სპარსელებს წინ აღუდგეს, მაგრამ როცა ქართველები თავიანთ მხრივაც მიმართავენ ძალისხმევას, მაშინ საკმარისიც შეიძლება იყოს. საქართველოზე მოსალოდნელ ხელმეორე შემოსევასთან დაკავშირებით კი, მინისტრი, გარემოებების და მიხედვით, ვალდებულია მოახსენოს ამის შესახებ მის უდიდებულესობას ხელმწიფე იმპერატორს, ვისი ნებართვის გარეშეც ჯარი საქართველოს საზღვრებს გარეთ სულაც არ უნდა გადიოდეს” (Ответная нота министерства Коваленскому 31-го мая 1799 г. Московскiй Арх. Мин. Иностр. Делъ).

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა


No comments:

Post a Comment