Tuesday, February 9, 2016

ფედია «ოპერაცია ი»-დან იყო ხელჩართული ბრძოლის ასი (დიდოსტატი). და დიდების ორი ორდენის კავალერი...

ბევრმა იცის და ახსოვს მსახიობი ალექსი მაკარის ძე სმირნოვი (28.02.1920 – 07.05.1979). ის ჩვენ ყველაზე უფრო მეტად კომედიური როლებით დაგვამახსოვრდა. მარტო მისი «ახმახი» რად ღირს «ოპერაცია ი...»-დან, ლეონიდ ბიკოვის დიდი მეგობარი გახლდათ და ომის თემაზე ზოგიერთ მის კინოსურათშიცაა გადაღებული, როგორებიცაა «მზვერავები» ან «ბრძოლაში მხოლოდ «მოხუცები» მიდიან»... 

მაგრამ ამასობაში ალექსი მაკარის ძემ მთელი დიდი სამამულო ომი თავად გაიარა, და არათუ სადმე მსახურობდა, არამედ საჯარისო დაზვერვაში. თავად არაერთხელ შესულა მტრის ზურგში. დიდების ორი ორდენის კავალერი, წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალერი, დაჯილდოვებული იყო მედლებით «ვაჟკაცობისთვის» და «საბრძოლო დამსახურებებისთვის».



 დაჯილდოვების ფურცელი 

ოცეულის მეთაურის სმირნოვის გმირობანი 

თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი თავის წიაღში ინახავს წითელ საქაღალდეს წითელარმიელის ალექსი მაკარის ძე სმირნოვის პირადი საქმით. იგი ნაღმსატყორცნების 169-ე პოლკში საცეცხლე ოცეულს მეთაურობდა. გაიარა გზა რიგითიდან ლეიტენანტამდე. დიდების ორი ორდენი – მე-2 და მე-3 ხარისხისა, წითელი ვარსკვლავის ორდენი, მედლები «ვაჟკაცობისთვის» და «საბრძოლო დამსახურებებისთვის»... და კიდევ მომავალმა კინომსახიობმა ომიდან მძიმე კონტუზიაც ჩამოიტანა, რომელიც ოდერის პლაცდარმისთვის სისხლისმღვრელ ბრძოლებში «გამოიმუშავა».

მესამე საარტილერიო დივიზიაში 1944 წლის 15 სექტემბრის ბრძანების მიხედვით დაჯილდოვების ფურცელი ალექსი მაკარის ძის დიდების პირველ ორდენს მოკლედ «თან ახლავს» (განმარტავს): «1944 წლის 20 ივნისს 283 სიმაღლის რაიონში მოწინააღმდეგემ ბატარეას 40-მდე ჰიტლერელის ძალებით შემოუტია. ამხანაგი სმირნოვი, აღაფრთოვანებდა რა მებრძოლებს, ბრძოლაში შევარდა, ჰიტლერელების თავდასხმა მოიგერია. ბრძოლის ველზე 17 გერმანელი დარჩა, თავად პირადად ტყვედ 7 ჰიტლერელი აიყვანა...»

შეიძლება მხოლოდ წარმოვიდგინოთ ის ბრძოლა. ნაღმსატყორცნების ოთხქვემეხიან ბატარეაში თხუთმეტ მებრძოლზე მეტი ალბათ არც იქნებოდა. და არც კონტრშეტევებში გადასვლაა – არტილერისტების პური. ხოლო თუ ხელჩართულ ბრძოლაში მარტომ როგორ უნდა «შეკრა» ერთბაშად შვიდი კაცი – აღმოსავლურ ორთაბრძოლათა ახლანდელი ოსტატები ძნელად თუ აგვიხსნიან.

მეორე «დიდება» მან სოფელ პოსტაშევიცეს მახლობლად ბრძოლებისთვის მიიღო. მენაღმსატყორცნეებს, როგორც ჩანს, ქვეითი ჯარი არ იფარავდა, და რა დაფარვა უნდა იყოს შეტევაში? ისევ გერმანელების შემოტევა იყო, ხელჩართული ბრძოლა და – ძუნწი ბწკარები დაჯილდოვების ფურცელში: «ამხანაგი სმირნოვი სამი მებრძოლით ეკვეთა გერმანელებს და პირადად ავტომატით მოკლა სამი ჰიტლერელი და ორიც ტყვედ აიყვანა. 1945 წლის 22 იანვარს, ინტენსიური თოფ-სატყვიამფრქვევო და საარტილერიო-სანაღმსატყორცნე დაშენის (обстрел) მიუხედავად, გათვლასთან ერთად ნაღმსატყორცნი ზურგზე მოკიდებით მდინარე ოდერის მარცხენა ნაპირზე გადაიტანა, ამავე ბრძოლაში ორი სატყვიამფრქვევო წერტილი და ოცი ჰიტლერელი იქნა განადგურებული».



ზამთარში საკუთარი ზურგით გადაიტანო მდინარეზე 120-მმ ლულა თუჯის ფილათი და ნაღმებით – ეს როგორიღაა? ოდერი, სხვათა შორის, ყველაზე უფრო ვიწრო და პატარა მდინარე სულაც არ არის...

აი ასეთი როგორც აღმოჩნდა, თავზე ხელაღებული მებრძოლი გახლდათ ჩვენი საყვარელი მსახიობი ალექსი სმირნოვი. დასანანია, რომ ჩვენ ამის შესახებ სულ ახლახანს შევიტყვეთ – ომის თაობაზე იგი არასოდეს ლაპარაკობდა. 



«და მოკვდა კი იგი, როცა ლეონიდ ბიკოვის სიკვდილის ამბავი გაიგო...» 

რეჟისორმა ლეონიდ ბიკოვმა სმირნოვი ფილმის «ბრძოლაში მხოლოდ «მოხუცები» მიდიან» გადაღებებამდე გაცილებით უფრო ადრე – ჯერ კიდევ «ლენფილმში» გაიცნო, ფილმისთვის «პატარა კურდღელი» მსახიობების შერჩევისას. მან არტისტი თავის სურათში იმ ხანებში მიიწვია, როცა ალექსი მაკარის ძეს თავისი საუკეთესო დღეები სულაც არ ედგა.

– მხატვრული საბჭოს კულუარებში იჯღანებოდნენ: «ასეთი ტიპი რა საჭიროა?» – იხსენებს ფილმის «ბრძოლაში მხოლოდ «მოხუცები» მიდიან» რედაქტორი კიეველი კინოკრიტიკოსი ემილია კოსნიჩუკი. – ამბობდნენ, რომ სმირნოვი ბევრს სვამს, ცოტა გადაღებებში მონაწილეობს, დამატებითი სირთულეები რა საჭიროა... მაგრამ ლიონია, სმირნოვის გარდა, მექანიკოსის როლში ვერავის ხედავდა. და როგორი ბრწყინვალე ალიანსი წარმოიშვა! გზადაგზა როგორ იმპროვიზაციას ახდენდნენ! გახსოვთ – მექანიკოსი ჯვარს გადასახავს საბრძოლო დავალებაზე მიმავალ თვითმფრინავს? ეს სცენარში არ ყოფილა, მაგრამ ომის სიმართლიდან მოვიდა.

სტუდიაში ქილიკობდნენ: სმირნოვი ისეთი თაყვანებით უყურებს ბიკოვს, როგორც დედა ახალშობილს.



– ან როგორც ტურგენევისეული ქალიშვილი, – იღიმება კოსნიჩუკი. – თუმცა კი ბიკოვისადმი სხვანაირ დამოკიდებულებას არავინ განიცდიდა. «ბრძოლაში მხოლოდ «მოხუცები» მიდიან» – უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფილმი. მასში კინოსეული და რეალური ბედ-იღბლის გადახლართვებს ადრეც პოულობდნენ და ამ დრომდეც იგივე ხდება.

ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გარდაიცვალა ალექსი სმირნოვი, ემილია კოსნიჩუკმა თავისი ერთი კოლეგისგან მოისმინა, რომელიც მასობრივი სცენის გადაღებაში მონაწილეობდა. როცა ბიკოვი კიევთან ავტოავარიაში დაიღუპა, სმირნოვი მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში იწვა, და იქ მყოფებმა ვერ გარისკეს მისთვის ასეთი მწარე ამბავი ეცნობებიათ. გამოწერის დღეს ალექსი მაკარის ძემ, ფართო სულის ადამიანმა, გადაწყვიტა ექიმებისთვის მადლობა გადაეხადა. პირველი სადღეგრძელო მან თავისი საუკეთესო მეგობრისა და დიდი კინორეჟისორის ლეონიდ ბიკოვისა წარმოთქვა. რომ, ლეონიდის გარეშე სიცოცხლე არც მეღირებოდაო! ვიღაცამ დაბნეულად უთხრა: «ნუთუ თქვენ არ იცით – ბიკოვი დაიღუპა...» სმირნოვი დადუმდა, მაგიგიდან ადგა, თავის პალატაში დაბრუნდა, საწოლზე დაწვა და აღესრულა.

– ვერ დავიწყებ მტკიცებას, რომ ეს მონაყოლი – ასპროცენტიანი სიმართლეა, – ამბობს კოსნიჩუკი. – თუმცა კი ალექსი მაკარის ძე მე მახსოვს როგორც ძალზედ გულწრფელი ადამიანი და ვფიქრობ: ასეთ დარტყმას შეეძლო მისი გული გაეჩერებია... 



ამ ფილმებს სმირნოვის მონაწილეობით ყოველთვის ვუყურებთ 

«ზოლიანი რეისი» (1961)
«მე მოსკოვში დავაბიჯებ» (1963)
«კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ანუ უცხოთათვის შემოსვლა აკრძალულია» (1964) «ოპერაცია «ი» და შურიკას სხვა თავგადასავლები» (1965) «ომი და მშვიდობა» (1965-67)
«აიბოლიტი-66» (1966)
«სამი ბღენძი» (1966)
«ქორწილი მალინოვკაში» (1967)
«ბრძოლაში მხოლოდ «მოხუცები» მიდიან» (1973) 

დოსიედან 



დიდების ორდენი, სპეციალისტების აზრით, ლეგენდარული გიორგის ჯვრის საბჭოთა ანალოგი გახლავთ.

ორდენს სამი ხარისხი ჰქონდა, და მას ჯილდოდ თანამიმდევრობით ანიჭებდნენ – მესამედან პირველი ხარისხის ჩათვლით. 2000 წელს რუსეთში ცოცხალი დიდების ორდენის 350 სრული კავალერიღა რჩებოდა.

დაჯილდოვებისთვის საფუძველია – პირადი ვაჟკაცობა.

დიდების ორდენის სტატუტის მიხედვით, მისით წითელი არმიის რიგითები და სერჟანტები (ავიაციაში კი – უმცროსი ლეიტენანტებიც) ჯილდოვდებოდნენ, რომლებმაც «სიმამაცის, ვაჟკაცობისა და უშიშობის დიდებული გმირობანი» გამოიჩინეს. წარდგენისთვის გმირობების ჩამონათვალშია: ნაწილის დროშის გადარჩენა, მოწინააღმდეგის 50-მდე ჯარისკაცისა და ოფიცრის ან ორი ტანკის განადგურება, «მოენის» შეპყრობა, მოწინააღმდეგის ზურგში ტყვიამფრქვევის ან ნაღმსატყორცნის განადგურება, ჭრილობის შეხვევის შემდეგ მწყობრში დაბრუნება, დაჭრილისთვის ცეცხლის ქვეშ დახმარების აღმოჩენა...

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment