Friday, August 19, 2016

აკადემიკოსი დუბროვინი რუსული მმართველობის მოწყობისას საქართველოში არსებული მდგომარეობის, სპარსელთა შემოჭრის განზრახვისა და მეზობელ ხანებთან ურთიერთობების შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ნიკოლოზ დუბროვინის წიგნის «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе» /томъ III, Санктпетербургъ, 1886/ შესაბამისი თავის თარგმანს)

თავი XX 

(საქმეების მდგომარეობა საქართველოში რუსული მმართველობის მოწყობისას. – ხმები სპარსელთა განზრახვის შესახებ საქართველოში შემოჭრილიყვნენ. – ურთიერთობები ერევნის ხანთან. – ლაზარევის მოძრაობა შამშადილში, განჯის ხანის პრეტენზიებისგან მის დასაცავად. – პოლკოვნიკ კარიაგინის მოქმედებები ნახჭევნის ხანის წინააღმდეგ.) 

საქართველოს შემოერთების შესახებ მანიფესტის გამოცხადებისას ამ ქვეყანას არ ჰქონდა სიმშვიდე არც გარეშე, არც შინაური მტრებისგან. უკანასკნელთა რიცხვში იყვნენ უპირატესად სამეფო ოჯახის წევრები, რომლებიც ერთმანეთთან იყვნენ ნაჩხუბრები, ეპოტინებიდნენ ქვეყნის მმართველობის უფლებას და აშკარად მტრულად იყვნენ განწყობილნი რუსეთის მთავრობისადმი. მათი ინტრიგების შეწყვეტა, ყველა საქმისგან მათი ჩამოშორება და რუსული მმართველობის შემოღება აუცილებელი საქმე გახლდათ. მაგრამ ამ დროს რუსეთის მთავრობისთვის ბევრი მეტად მნიშვნელოვნი საკითხი წამოიჭრებოდა: საჭირო იყო კარგად სცოდნოდათ ქვეყანა, მისი წეს-ჩვეულებები, ცივილიზაციის ხარისხი, რათა ახალი წესები, მათი მთელი კეთილი მიზნის მიუხედავად, მაცხოვრებლებს მძიმე ტვირთად არ დასწოლოდა და არ აეძულებინა ისინი ძველი წესების გამო სინანული ჰქონოდათ. საჭირო იყო მოეცილებინათ ყველაფერი, რითაც შეიძლებოდა ესარგებლათ უწინდელი სამეფო საგვარეულოს პირებს ახალი მმართველობის წინააღმდეგ უკმაყოფილების ასაგზნებად. იწყებდნენ რა ახალ საქმეს, აუცილებელი იყო სათავეში ისეთი პირების დაყენება, რომელთა უნარი და თვისებები საქმის სიძნელის თანაბარ დონეზე იდგა.

მთავარსარდლად საქართველოში და კავკასიის ხაზზე დაინიშნა გენერალ-ლეიტენანტი კნორინგი, ხოლო ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი კოვალენსკი – ახლად შემოერთებული ქვეყნის სამოქალაქო მმართველად. არც ერთი, არც მეორე თავიანთი მოწოდების სიმაღლეზე არ იდგნენ და ქართველების კეთილი განწყობით არ სარგებლობდნენ. კნორინგს არ ჰქონდა უნარი ხალხის ხასიათს შეწყობოდა და ჯერ კიდევ ტფილისში პირველი ყოფნის დროს თავისი საქციელით ხალხი არაკეთილად განაწყო. რაც შეეხება კოვალენსკის, შედგებოდა რა მინისტრად საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის კარზე, მან «საკუთარ თავზე მეფის, დიდგვაროვნებისა და ხალხის უკმაყოფილება დაიტეხა» (Записка кн. Чавчавадзе. Арх. Мин. Иностр. Делъ).

როგორც კი ტფილისში კოვალენსკის დანიშვნის შესახებ შეიტყვეს, ბაგრატ ბატონიშვილმა მაშინვე მოსწერა კანცლერს წერილი, რომელშიც სთხოვდა მას კოვალენსკი, როგორც ადამიანი, რომელსაც ქართველები ვერ იტანდნენ, რუსეთში გამოეწვია. ბატონიშვილი ითხოვდა კნორინგისა და კოვალენსკის ნაცვლად სხვები დაენიშნათ (განესაზღვრათ), «რათა, წერდა იგი (Арх. Мин. Иностр. Делъ, 1-7, 1800-1805 гг., № 1), – მომავალ დროში, როგორც ჩვენ (სამეფო გვარის პირნი), ისე ქართველი ხალხიც მის უდიდებულესობას თხოვნებით ზედმეტად არ ვაწუხებდეთ».

ამ ორი მთავარი მოღვაწის უკან მოხელეთა მთელი სერია იყო გაჭიმული, რომლებიც საქართველოს უმაღლესი მთავრობის შემადგენლობაში ყოველგვარი გარჩევის გარეშე დაინიშნენ და თავიანთი საქციელით საკუთარ თავზე მეტად არამომგებიან აზრს ქმნიდნენ. არ იცოდნენ რა არც ხალხის ხასიათი, არც მისი ენა, ისინი მთელ საქმეებს ხლართავდნენ და აჭიანურებდნენ. ჯერ კიდევ კოვალენსკის ჩამოსვლამდე, საქართველოს დროებით მმართველობაში ტფილისში, ეს საქმეები იმდენი დაგროვდა, რომ გენერალი ლაზარევი იძულებული იყო, მანიფესტის გამოცხადების უწინ, გორში, ქიზიყსა (სიღნაღსა) და თელავში სამოქალაქო სასამართლოები დაეარსებინა (Рапорты Лазарева Кноррингу 22-го октября и 22-го ноября 1801 г.тифлисскiй Арх. Канц. Наместника). ეს ზომა საქმეს ცოტათი მიეხმარა. რუსული და ქართული ენების მცოდნეთა უკმარისობა იმდენად დიდი იყო, რომ თავად მთავარსარდალმა კნორინგმა ძლივს მოახერხა ყიზლარში მოეძებნა მღვდელმსახური, რომელიც მასთან რამდენიმე წლის განმავლობაში თარჯიმნის თანამდებობას მარტო ასრულებდა. «აქედან შეიძლება დავასკვნათ, – წერდა შემდგომში თავადი ჭავჭავაძე (Въ записке, поданной въ 1837 г. Императору Николаю. Арх. Глав. Штаба въ С.-Петербурге), თუ როგორი მდგომარეობა იყო სასამართლოებში (присутственные места), რომელთაც აუცილებელი საშუალება – ენის ცოდნა არ გააჩნდათ. მაშინდელი თარგმანები შედგებოდა სიტყვებისგან, რომლებიც ქაღალდზე ყოველგვარი აზრის გარეშე იყო დაწერილი, და შესაბამისად მოსამართლეებისთვის ყველა გარემოება ცნობილი არ იყო». ასეთივე გაუგებარი გადაწყვეტილებები და განსაზღვრებანი ეძლეოდათ მთხოვნელებსაც. ქართველები სასამართლოებიდან ისე გამოდიოდნენ, რომ არ იცოდნენ, ვინ იყო მათ შორის მართალი და ვინ დამნაშავე.

ყველაფერმა ამან აიძულა პეტერბურგში მყოფი ქართველი დეპუტატები, თავადები გარსევან ჭავჭავაძე და ფალავანდიშვილი, როგორც კნორინგის, ისე კოვალენსკის შეცვლაზე იმპერატორისთვის თხოვნით მიემართათ, დეპუტატები იმაზე ზრუნავდნენ, რათა მთავარ უფროსად საქართველოში ქვეყნის რომელიმე დიდგვაროვანი პირი ან რომელიმე ბატონიშვილი დაენიშნათ. სახელმწიფო საბჭომ, რომელსაც მათი თხოვნა განსახილველად გადაეცა, მიიჩნია, რომ იმპერატორი, რომელმაც თავის მზრუნველობაში მიიღო ქართველი ხალხის კეთილდღეობა რუსი ქვეშევრდომების თანაბრად, «თავის მზრუნველობას მიაკუთვნებს მთავარი უფროსების დანიშვნასაც» (Засед. Госуд. совета 6-го февраля 1802 г. Арх. Мин. Внутр. Делъ, дела Грузiи, ч. II, 214).

ამრიგად, ელჩებისა და ხალხის სურვილი აუსრულებელი დარჩა. თავადმა ჭავჭავაძემ, რომელიც წარმატების იმედს ჯერ კიდევ არ კარგავდა, მაშინ ლოშქარიოვს მიმართა და მას დახმარება სთხოვა, როგორც პირს, რომლის მეშვეობითაც ქართველების ყველა თხოვნა მოდიოდა. ლოშქარიოვი, რომელიც მაშინ საგარეო საქმეთა კოლეგიაში მსახურობდა, საქართველოს რუსეთთან შემოერთების შესახებ მოლაპარაკებების წარმოებისთვის გრაფ როსტოპჩინთან ერთად იქნა დანიშნული, და ამ საქმეში ყველაზე უფრო ცხოველი მონაწილეობა მიიღო, რომელიც, თუმცა კი, წარმატების გარეშე დარჩა. იგი ატყობინებდა თავად კურაკინს, «რომკოვალენსკის მთელი საქართველო ვერ იტანს» (Письмо Лошкарева кн. Куракину 7-го iюня 1802 г. Арх. Мин. Внутр. Делъ, ч. II, 194); რომ მას აქვს მრავალი წერილი ელჩების, ბატონიშვილებისა და საქართველოს სხვა პირებისგან, რომლებიც ერთხმად წერდნენ, რომ ისინი კოვალენსკის «ცნობილი მიზეზების გამო, თავისთან ვერ იტანენ».

არ დალოდებია რა ლოშქარიოვის პასუხს, ელჩმა თავადმა ჭავჭავაძემ საქართველოში მანიფესტისა და შტატების ერთი ეგზემპლარი გაგზავნა. ის თავის ნათესავებს ატყობინებდა, რომ ყველა დავალება, რომლებიც მას განსვენებული მეფისგან ჰქონდა, არ შესრულებულა. «სამეფო მოსპეს, წერდა იგი, და ქვეშევრდომებადაც ჩვენ არ მიგვიღეს. არც ერთი ხალხი ისე არ არის დამცირებული, როგორც საქართველო... თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ დრო, რომ საზოგადოებამ მოწეროს აქ ერთი წერილი, რათა მე აქ ჩვენი მდგომარეობის შესახებ ვიშუამდგომლო, ვთხოვო გვყავდეს მეფე და ვიყოთ მფარველობის ქვეშ. იცოდეთ, თუ ითხოვთ მეფეს – მოგცემენ. ხოლო თუ რწმუნებებში მე არ მენდობით, მაშინ აქ ერთი რომელიმე თქვენგანი გამოგზავნეთ, – მას და მე მოგვეცით სრული ნება, და ჩვენ ორივენი შევეცდებით ამ საქმის აღსრულებას...» (Изъ следственнаго деда надъ Коваленскимъ).

სხვადასხვანაირი ხმებითა და მსჯელობებით შეხვდნენ ქართველები ახალ 1802 წელს. 

გენერალ-მაიორმა ლაზარევმა, ჩვენი სამხედრო რაზმის უფროსმა, რომელიც საქართველოში, პოლკის მეთაურის წოდებით, ჯერ კიდევ გიორგი XII-ის სიცოცხლეში მოვიდა, მოსკოვსა და პეტერბურგში მანიფესტის გამოქვეყნების შესახებ იცოდა, მაგრამ, არ ჰქონდა რა არანაირი ოფიციალური განკარგულება, გაუბედაობასა და ძნელ მდგომარეობაში რჩებოდა.

ყოველი მხრიდან გარშემორტყმული ქართველების კითხვებით თავიანთი ხვედრის შესახებ, და ტფილისში კნორინგის ჩამოსვლის მოლოდინში, ლაზარევი პასუხობდა, რომ არაფერი არ იცოდა, და მთელ ძალისხმევას მხოლოდ იმისკენ მიმართავდა, რათა ახალი მმართველობის შემოღებამდე ქვეყანა მშვიდად დარჩენილიყო. მთავარი საზრუნავი იმაში შედგებოდა, რომ ხალხის აღელვებისთვის მონდომებულ ბატონიშვილებსა და მათ ნათესავებს წინ აღდგომოდა. ინარჩუნებდა რა მათ მორჩილებაში, ხელ-ფეხს უკრავდა რა თვითნებობას, სპობდა რა ყოველ ნაბიჯზე მათ მნიშვნელობასა და ძალაუფლებას, ლაზარევმა, მეტად ბუნებრივად, თავის თავზე ბატონიშვილებისა და საერთოდ სამეფო სახლის ყველა წევრის არაკეთილგანწყობა დაიტეხა.

ქვრივი დედოფალი მარიამი ერთი მათგანი გახლდათ, რომელიც ლაზარევით ყველაზე მეტად იყო უკმაყოფილო. ქვრივი დედოფალი კნორინგთან ჩიოდა, რომ არც იგი, არც მისი შვილები არ ღებულობენ ჯამაგირს, დანიშნულს მისთვის 500 მანეთს, ხოლო შვილებისთვის კი 100-100 მანეთს თვეში თითოეულს; რომ განსვენებული ქმრის მიერ მისთვის მიცემული მამულები ჩამოერთვა, ზუსტად ასევე ჩამოერთვა ის მამულებიც, რომლებიც მის შვილებს ეკუთვნის; რომ, ბოლოს, მის მამას თავად ციციშვილს ჩამოერთვა მოურავობა (საერო უფროსობა). მარიამი ითხოვდა მისთვის და მისი შვილებისთვის მამულები, ხოლო მისი მამისთვის კი მოურავობა დაებრუნებიათ (Письмо царицы Марiи Кноррингу 22-го октября 1801 г.).

დედოფლის საჩივრები უსამართლო იყო. ლაზარევი, კნორინგის შეკითხვაზე პასუხობდა, რომ დედოფალი და მისი შვილები 1801 წლის სექტემბრამდე ჯამაგირს აკურატულად ღებულობდნენ. სექტემბერში კი დაწერილ იქნა ბარათები (ბრძანებები), რომ მას მისთვის განკუთვნილი ფულები ყაზახებისგან მიეღო (ყაზახები – თათრების განსაკუთრებული ტომი, რომლებიც საქართველოში ცხვრობენ და მისი ქვეშევრდომები არიან); მაგრამ მარიამმა, არ სურდა რა რატომღაც მათგან მიღება, ის ბარათები თავად გაანადგურა (Рапортъ Лазарева 10-го декабря 1801 г., № 500). ლაზარევი არ უარყოფდა იმის სამართლიანობას, რომ დედოფლის ნათესავი თავადი ციციშვილი ბამბაკის პროვინციის მმართველობისგან ჩამოცილებულ იქნა, მაგრამ ამბობდა, რომ ეს აუცილებლობის გამო იქნა გაკეთებული. ერევნიდან დაბრუნებულმა ბამბაკელმა აღალარებმა გამოაცხადეს, რომ ერევანში მათი წასვლის მიზეზი ის იყო, რომ თავადმა ციციშვილმა, თავისი არყოფნის დროს, მათი მმართველობა თავის სიძეს თავად ასლან ორბელიანს ჩააბარა, რომელმაც, შამშადილის მოურავად ყოფნის დროს, მცხოვრებნი სრულებით გააღატაკა. ბამბაკის აღალარები ითხოვდნენ რომ მისი მმართველობისგან გაეთავისუფლებინათ. დაუტოვა რა მოურავის წოდება და ამ წოდებისადმი მინიჭებული მთელი შემოსავლები თავად ციციშვილს, ლაზარევმა მხოლოდ თავად ორბელიანს აუკრძალა ბამბაკელების საქმეებში ჩარეულიყო და მათ მმართველობას შეხებოდა.

სამეფო საგვარეულოს პრეტენზიები, მათი უკმაყოფილება ლაზარევს ხშირ გულისტკენას აყენებდა. იგი კნორინგს თავისი გამოუვალი მდგომარეობის შესახებ სწერდა და, ვერ ღებულობდა რა ვერანაირ დამაკმაყოფილებელ პასუხს, თავისი საქმეები რუსული ანდაზის მიხედვით ისე უნდა ეწარმოებინა, რომ «ცხვრებიც მთელი ყოფლიყვნენ და მგლებიც მაძღარნი»; უკანასკნელები კი საკმარისად იყვნენ.

დავით ბატონიშვილი, რომლის თადარიგში განთავისუფლებაზეც იმპერატორმა ალექსანდრემ თანხმობა არ განაცხადა, თავის ბიძებთან შევიდა ურთიერთობებში და მათთან ჰქონდა მოლაპარაკებები ზომების შესახებ საქართველოში გამეფებული სახლის ხელში ტახტის შენარჩუნებისთვის.

დავითს, დარეჯანსა და ვახტანგს, რომლებიც ტფილისში ცხოვრობდნენ, ღამ-ღამობით ხშირი პაემნები ჰქონდათ.

ალექსანდრე ბატონიშვილმა დაავალა ლაზარევისთვის ეთქვათ, რომ სანამ საქართველოში მეფე არ არის, იმ დრომდე მისი ფეხი ამ ქვეყანაში არ იქნება (Письмо Лазарева Кноррингу 19-го февраля 1802 г.).

დარეჯან დედოფალი ტფილისში, და იულონ ბატონიშვილი იმერეთში იყვნენ ორი მთავარი ხელმძღვანელი, რომლებიც ერთმანეთთან ყოველ დღე წერილებით შიკრიკებს აგზავნიდნენ. დავითი, იულონი, ალექსანდრე და ვახტანგი, ყოფილი მოწინააღმდეგენი, ახლა მეგობრები და თანამოაზრენი შეიქნენ. მათ ერთმანეთს შეჰფიცეს სამეფო ღირსება ბაგრატიონების გვარში შეენარჩუნებიათ და მეფედ ის ბატონიშვილი აერჩიათ, რომელსაც დარეჯან დედოფალი დანიშნავდა (Рапортъ Лазарева Кноррингу 26-го января 1802 г. Тайн. Арх. Канц. Нам.). ამ მიზნით მოკავშირეებმა მიმოწერა გამართეს გარეშემო მყოფ ხანებთან, სთხოვდნენ რა მათ დახმარებას, და გადაწყვიტეს სამეფო სახლის ერთერთი წევრის მმართველობის შემადგენლობაში დაშვება ეთხოვათ, რათა შემდეგ «სამეფო ღირსების აღდგენისთვის ემუშავათ».

ალექსანდრე ბატონიშვილი დავითს არწმუნებდა, რომ ყოველ დროს მზად არის მას სამსახური გაუწიოს, როგორსაც მისგან მოითხოვენ (Рапортъ его же 14-го февраля 1802 г. Тамъ же), ხოლო დარეჯან დედოფლისთვის კი დაავალა გადაეცათ, «რომ რუსები მას ატყუებენ, გიორგი მეფის მსგავსად, და რომ მას არაფერი არ დაეჯერებინა».

დარეჯანის ამაში გაფრთხილება საჭირო არ იყო; იგი ყველანაირ ინტრიგებში ალექსანდრეზე გაცილებით უფრო გამოცდილი გახლდათ. ჰქონდა რა დიდი გავლენა ხალხის გუნება-განწყობაზე (надъ умами народа), დედოფალი, ლაზარევის გამოთქმით, მთელ მანქანას თავად მართავდა. ჰპირდებოდა რა ყველას წყალობას, თხოულობდა რა დახმარებას როგორც სამეფოს შიგნით, ისე მის გარეთაც, დარეჯანი წარმატების იმედს არ კარგავდა და, მიმოწერაში იყო რა ხანებთან და მთიელ მფლობელებთან, არც თავისი შვილების დარიგებას ივიწყებდა.

მისი ერთერთი ძე, ვახტანგი, ცხოვრობდა რა ტფილისში, ნადიმებს მართავდა, მათზე თავადებს პატიჟებდა და მათ თავის მხარეზე გადაყვანას ცდილობდა. ბატონიშვილი ხმებს ავრცელებდა, რომ რუსული გუბერნიის მოწყობის შემდეგ ქართველები ვალდებულნი იქნებიან იხადონ საგანგებო გადასახადები, მიაწოდონ რეკრუტები და სხვა ვალდებულებებიც აღასრულონ. ჩვენდამი ერთგულების თანდასწრებით კი იგი ამბობდა, რომ «მათი სახლი უთანხმოების გამოა დაქცეული, და საჭიროა ყველანი თანხმობით იყვნენ, რათა დიდი ხელმწიფის წყალობა მიიღონ».

მისი ორპირული ქცევა საიდუმლო არ ყოფილა. ბატონიშვილის უკანასკნელი სიტყვების გულწრფელობაზე დაყრდნობას არავინ ფიქრობდა. ცნობილი იყო, რომ იულონ, ვახტანგ, ალექსანდრე, ფარნაოზ და დავით ბატონიშვილებმა, აგრეთვე დარეჯან დედოფალმაც, – ყველამ ერთად, თავიანთი ბეჭდებით გაუგზავნეს წერილი ბაბა-ხანს, სთხოვდნენ რა მას დაცვას, მფარველობასა და ჯარებს. მათდამი ერთგული პირების დახმარებით, ბატონიშვილებმა ოსების აღელვება მოახერხეს, რომელთა დასაწყნარებლადაც ჯარები იქნა გაგზავნილი. მათ მიერ გადაბირებულმა ხალხმა უარი თქვა მთავრობის მიერ დაყენებულ ნაცვალს (მმართველს) დამორჩილებოდა, თუმცა კი მანამდე სამი თვით ადრე მას თავად იწონებდა. ქართველები კნორინგის ჩამოსვლას ელოდებდნენ იმისთვის, რათა გადასახადებისა და სარეკრუტო ვალდებულების გაუქმების, აგრეთვე ბაგრატიონთა სახლიდან მეფის დანიშვნის შესახებ ეთხოვათ (Письмо Лазарева Кноррингу 17-го февраля 1802 г.).

კნორინგი საქართველოში გამგზავრებას ჩქარობდა. მარტში კავკასიის ხაზზე ყველა ის რუსი მოხელე შეიკრიბა, რომლებიც ქვეყნის ახალი მმართველობის შემადგენლობაში იყვნენ დანიშნულნი. 30 მარტს, მმართველობის საჩქაროდ გახსნისა და იმ მღელვარებათა და უწესრიგობების მოსპობისთვის, რომლებსაც ოსები აწყობდნენ, ტფილისში გაემგზავრა. ცხოვრობდნენ რა მდინარეების ფაცისა და დიდი ლიახვის გაყოლებაზე, კავკასიონის მთების ხეობებში, ოსები ძველი დროიდან საქართველოს ქვეშევრდომობაში იმყოფებოდნენ და მემკვიდრეობითი უფროსები ჰყავდათ, ქართველი თავადების მაჩაბელთა საგვარეულოდან.

გიორგი XII-ის სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში, მაშინდელი ქართული მმართველობის სისუსტის გამო, ოსები ისეთ დაუმორჩილებლობასა და შფოთიანობაში მოვიდნენ, რომ, მოკლეს რა ერთერთი თავიანთი თავადი, ქართულ სოფლებზე თარეშებს ახდენდნენ, მცხოვრებთა ქონებას იტაცებდნენ, თავად ისინიც ტყვედ მიჰყავდათ და კავკასიონის მთების მეზობელ მცხოვრებლებზე ჰყიდდნენ.

იმერეთში მცხოვრები ბატონიშვილების მიერ წაქეზებელმა ოსებმა თავიანთი შემოჭრები და მტაცებლობანი კიდევ უფრო მეტად გააძლიერეს, ასე რომ კნორინგი იძულებული შეიქნა ისინი ძალით დაეწყნარებინა.

ეგერთა 16-ე პოლკის ორი ასეული და კავკასიის გრენადერთა პოლკის სამი ასეული, ორი მსუბუქი საველე ქვემეხი და 77 კაზაკი იქნენ დანიშნულნი რაზმის შემადგენლობაში, კავკასიის გრენადერთა პოლკის პოდპოლკოვნიკის სიმონოვიჩის უფროსობით, რომელსაც ოსები უნდა დაეწყნარებინა და ისინი მორჩილებაში მოეყვანა (Рап. Кнорринга Государю Императору 26-го марта 1802 г. რაზმში იმყოფებოდნენ 19 შტაბ და ობერ-ოფიცერი, დაბალი ჩინების 703 სამწყობრო და 62 არასამწყობრო ადამიანი. იხ. Рап. Симоновича 20-го февраля 1802 г. Т. А. К. Н.).

19 თებერვალს რაზმი ქართულ სოფელ ცხივალიდან გამოვიდა და იმავე დღეს სუერისხევის მიჯნაზე მივიდა. აქედან სიმონოვიჩმა ოსებთან ორი პარლამენტარი გააგზავნა წერილობითი გამოცხადებით მათი საცხოვრებლების სიღრმეში მისი მოძრაობის მიზეზის შესახებ (Обвещенiе осетинамъ, приложенное къ рапорту Симоновича 5-го марта 1802 г., № 121). რაზმი ამასობაში ოსურ სოფელ ჯავაში გადავიდა. დაშინებულმა ხალხმა, რომელიც თავის საცხოვრებლებში ჩვენი ჯარების მოსვლას არ მოელოდა, თავკაცები გამოგზავნა ჯავაში თხოვნით შეწყალების შესახებ და განცხადებით, რომ ოსები, რომლებიც მდინარეების ფაწისა და დიდი ლიახვის გაყოფებაზე ცხოვრობენ, მშვიდნი და რუსეთის მთავრობისადმი მორჩილები იქნებიან. სიმონოვიჩმა მათ ფიცი ჩამოართვა, საუკეთესო საგვარეულოებიდან ამანათები აიყვანა და, დატოვა რა აქ ერთი ქვემეხი საიმედო დაცვით (დაფარვით), თავად სხვა სოფლებისკენ დაიძრა. ყველგან მცხოვრებნი მასთან მორჩილებით მოდიოდნენ, ერთგულების ფიცს დებდნენ და არჩევის მიხედვით ამანათებს იძლეოდნენ.

მომავალ დროში ოსების მორჩილებაში უფრო უკეთ შენარჩუნებისთვის, გადაწყვეტილ იქნა მათთან სამოქალაქო სასამართლოების ფორმით მმართველობა დაეარსებინათ (სასამართლოს შემადგენლობაში დანიშნულ იქნენ: 4 თავადი მაჩაბელი, 6 ოსების თავკაცი, 6 ქართველი და ამდენივე ოსი იასაული; ერთი მღვდელმსახური ქრისტიანობის გავრცელებისთვის) და ისინი სამაზრო სასამართლოსა და პოლიციის სამმართველოსადმი (управа) მორჩილებაში ჩაეყენებიათ, რომელიც ქალაქ გორში იქმნებოდა. ეს სასამართლოები სოფლებში ჯავასა და ჩრივში იქნა მოწყობილი. პირველი იმ მცხოვრებთათვის, რომლებიც მდინარეების ფაწისა და დიდი ლიახვის გაყოლებით იყვნენ დასახლებულნი, ხოლო მეორე კი – მდინარეების არაგვისა და პატარა ლიახვის გაყოლებით (Рапортъ Кнорринга Государю Императору 26-го марта 1802 г.).

დაბრუნდა რა სურამში, სიმონოვიჩმა თან ამანათად აყვანილი 13 ადამიანი მოიყვანა ოსი ხალხისგან, რომელიც მაშინ ორივე სქესის 35.000-მდე სულს მოითვლიდა.

მღელვარებანი ოსეთში დაწყნარებულ იქნა და სამეფო საგვარეულოს წევრებისთვის არაკეთილსასურველად დამთავრდა: სულაც არა ისე, როგორც ისინი მოელოდნენ. მათი მთელი ყურადღება სპარსეთზე და იმ ზომებზე იყო მიმართული, რომლებიც ბაბა-ხანს უნდა ეღონა. სპარსეთის მბრძანებელი ერთადერთი გახლდათ, რომლის დახმარების იმედიც ახლა მათ შეიძლებოდა ჰქონოდათ.

იანვარში, ერევანში მიღებულ იქნა ცნობა, რომ ბაბა-ხანმა ერთერთ თავის მხედართუფროსს აბას-ყული-ხანს, ჯარების რაზმი ჩააბარა იმისთვის, რათა იგი, გაემართებოდა რა თავრიზში და შეიერთებდა რა იქაურ ჯარებს, ნახჭევანში წასულიყო, იქაური ხანი გაეგდო და მისი ადგილი თავად დაეკავებინა. შემდეგ, თუ ერევნის ხანი სპარსეთის მბრძანებლის მოთხოვნებს არ აღასრულებდა, მაშინ აბას-ყული-ხანს ბრძანება ჰქონდა ერევანზე დაძრულიყო. იქვე თავად ბაბა-ხანიც ჰპირდებოდა მოსვლას.

ერევნის ხანი თავდაცვისთვის ემზადებოდა და ლაზარევთან წარმოგზავნილი მოავლინა. ის ახლა წერდა, რომ თავის სახანოს საქართველოს შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს, ხოლო საკუთარ თავს კი რუსეთის იმპერატორის ქვეშევრდომად. იგი ითხოვდა ნებართვას თავისი მოხელე პეტერბურგში გამოეგზავნა და, მოუხსნა რა ქართველ ვაჭრებს 2-2 მანეთი საბაჟო გადასახადი თითოეული საპალნედან, ჰპირდებოდა ჩვენი მთავრობისთვის იგივე ხარკი ეხადა, რომელსაც საქართველოს მეფეებს უხდიდა. 

ლაზარევის მიერ ერევანში გაგზავნილმა მზვერავებმა მოიტანეს ცნობები, რომლებიც მტრული მოქმედებებისთვის სპარსელთა მზადების შესახებ ცნობებს ადასტურებდა. 

სპარსეთის მბრძანებლამდე, ამბობდა ტფილისში მიღებული ერთერთი წერილი, მივიდა «ცნობა, რომ საქართველოში კვამლი ბოლავს, და საჭიროა ამ კვამლის ამოძირკვა». შაჰმა გასცა განკარგულება 45.000-იანი ჯარის შეკრების შესახებ, ისინი თავის ძეს აბას-მირზასა და სარდალს სულეიმანს ჩააბარა და უბრძანა «ნავრუზის» დასრულების შემდეგ ერევანზე დაძრულიყვნენ და, დატოვებდნენ რა ამ ქალაქთან 10.000-ს, დანარჩენი 35.000-ით საქართველოზე წამოსულიყვნენ. ამისთვის წამახალისებელი გახლდათ ბაბა-ხანის მიერ მიღებული ალექსანდრე ბატონიშვილის წერილი, რომელიც დახმარების შესახებ ითხოვდა. საომარ მოქმედებათა თეატრად ყაზახი და ბამბაკი იქნა არჩეული. დაიყოლიებდა რა თავის მხარეზე აქაურ თათრებს და დაიკავებდა რა ამ პროვინციებს, აბას-მირზას, თავისი მამის ბრძანებით, ტფილისში თავისი წარმოგზავნილი უნდა მოევლინა მოთხოვნით, რომ საქართველო გაეწმინდათ და იქიდან რუსული ჯარები გაეყვანათ (Рапортъ Лазарева Кноррингу 27-го февраля, № 126).

ხმების სამართლიანობა ერთგვარად იმითაც დასტურდებოდა, რომ ერევნის ხანი ქალაქს ამაგრებდა და მასში სამხედრო მასალებისა და საკვების მარაგებს იქმნიდა. ამასთან ერთად, ხანმა ისევ გამოგზავნა თავისი წარმოგზავნილი ლაზარევთან რუსეთისადმი თავის მომხრეობაში დარწმუნებით, მფარველობასა და ერთგულების ფიცის დადებაზე ნებართვას ითხოვდა, თუ დარწმუნდებოდა იმაში, რომ ჩვენი ჯარები მას დაიცავენ, და «მას უკვე აღარ ექნება არანაირი საფრთხე მისი მოწინააღმდეგეთაგან» (Рапортъ Лазарева Кноррингу 9-го марта 1802 г., № 162).

ლაზარევი პასუხობდა, რომ ნებართვის გარეშე არანაირ მოლაპარაკებებში შესვლა არ შეუძლია, და დაპირდა ამის შესახებ კნორინგისთვის ეკითხა. წარმოგზავნილი პასუხის მიღებამდე ტფილისში დარჩა. კნორინგი ხანს აიმედებდა, გამოუთქვამდა თავის მზადყოფნას მასთან მოლაპარაკებების დაწყებისა და ხანის რუსეთის მფარველობაში მიღების შესახებ აქტის დადებისთვის. წარმოგზავნილს მეჰმედ-ხანის წერილობითი რწმუნება არ ჰქონდა, ამიტომ კნორინგი სთხოვდა ან მისთვის მიეცა რწმუნება, ან კიდევ ტფილისში მისი ჩამოსვლისთვის სხვა რწმუნებული გამოეგზავნა. ამასთან ერთად, ხანს ფორმალური თხოვნა უნდა დაეწერა იმპერატორ ალექსანდრეს სახელზე იმ პირობების ახსნით, რომლებზედაც რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოსვლა სურდა (Рапортъ Кнорринга Государю Императору 11-го марта 1802 года. Рапортъ его же отъ 26-го марта. Арх. Мин. Внутр. Делъ, ч. II, 18-23).

ერევნის ხანის მზადება თავდაცვისთვის და ქვეშევრდომობაზე მისი მაძიებლობა, თუმცა კი არ იძლეოდნენ იმის უფლებას, რომ ხანის განწყობის გულწრფელობის შესახებ დაესკვნათ, მაგრამ სამაგიეროდ ბაბა-ხანის განზრახვათა ნამდვილობაზე მიუთითებდნენ, რომ მის სამფლობელოებში შემოჭრილიყო, და წარმატების შემთხვევაში კი საქართველოზეც დაძრულიყო. მის უზრუნველსაყოფად კნორინგმა უბრძანა ყაბარდოსა და კავკასიის პოლკების ასეულებისგან შემდგარ გრენადერთა ბატალიონს, მათთან მყოფ არტილერიასთან ერთად, კავკასიის გრენადერთა პოლკის ფლიგელ-ასეულებს, ნარვისა და ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკებს კავკასიის ხაზიდან საქართველოში ლაშქრობისთვის მზად ყოფილიყვნენ. დონის მხედრობის ატამანს გენერალ-ლეიტენანტ პლატოვს ეცნობა, რათა მას ეჩქარა მოზდოკში გამოეგზავნა კაზაკთა ერთი პოლკი იმ ხუთი პოლკის რიცხვიდან, რომლებიც კავკასიის ხაზზე იყვნენ დანიშნულნი, იქ მყოფი პოლკების შესაცვლელად. მოზდოკში ამზადებდნენ ორცხობილებს ერთი თვის პროპორციით, ხოლო ეკატერინოგრადში კი უბრძანეს დაემზადებიათ ისინი 7.000 ადამიანისთვის. საქართველოში საბრძოლო ვაზნებისა და საარტილერიო მასალების მეორე კომპლექტი იქნა გაგზავნილი. კავკასიის ხაზის უზრუნველყოფისთვის 700 კაზაკი შეკრიბეს სხვადასხვა პოლკებიდან (Рапортъ Кнорринга Государю Императору 11-го марта 1802 г. Т. А. К. Н.).

კნორინგი ეკითხებოდა იმპერატორს, თუ როგორ მოქცეოდა ერევნის ხანის მაძიებლობას, და სთხოვდა ნებართვას, რომ საქართველოში, იქ უკვე დანიშნული პოლკების გარდა, კიდევ მოზდოკიდან და ყიზლარიდან, მათი განლაგების ადგილებიდან, ერთი გრენადერთა ბატალიონი და კავკასიის გრენადერთა პოლკის ფლიგელ-ასეულები გაეგზავნა.

ერევნის ხანის მორჩილება და მფარველობის მაძიებლობა სპარსეთთან ჩვენს პოლიტიკურ ურთიერთობებში მეტად მნიშვნელოვანი გახლდათ. საქართველო ერევნის მხრიდან იმდენად იყო გახსნილი, რომ შემოჭრილ მოწინააღმდეგეს ვერანაირ ბუნებრივ დაბრკოლებებს ვერ დავუპირისპირებდით. სპარსელები, რომლებიც მუდამ ერევნის ან განჯის მხრიდან იჭრებოდნენ, ფიქრობდნენ ახლაც სწორედ იგივე გაეკეთებინათ. დავხვდებოდით რა მათ ერევნის სახანოს ფარგლებში, ჩვენ ამით ქართველებს რბევა-აწიოკებისგან დავიცავდით, რბევა-აწიოკებისგან, რომელიც გარდაუვალია ხალხისთვის, რომლის სამფლობელოებშიც საომარი მოქმედებები წარმოებს. არ დავტვირთავდით რა ქართველ ხალხს მოთხოვნით ჯარებისთვის ყოველივე აუცილებლის მიწოდების შესახებ, დავტოვებდით რა მას თავის სამიწათმოქმედო საქმიანობაში, ჩვენ შეგვეძლო საკუთარი თავი პროვიანტითა და ფურაჟით ერევნის სახანის მცხოვრებთა ხარჯზე უზრუნველგვეყო, «მასში სასიცოცხლო მოთხოვნილებათა სიუხვის გამო». ამიტომ კნორინგი ითხოვდა ნებართვას არა მხოლოდ ხანისთვის ჩვენი ჯარებით მხარი დაეჭირა, არამედ შემთხვევაც ეძია იმისთვის, რათა სპარსულ ჯარს ერევნის ოლქის ფარგლებში დახვედროდა. იმპერატორი ალექსანდრე კნორინგის თხოვნებს დაეთანხმა, როგორც საქართველოში ახალი ჯარების გამოგზავნის შესახებ («მე ვისურვებდი მხოლოდ, – წერდა იმპერატორი, – რომ გრენადერთა ბატალიონი ერთი რომელიმე პოლკის ასეულებისგან იყოს შემდგარი, რადგანაც შეერთებული გრენადერთა ბატალიონები უკვე აღარ იქნება, როგორც ეს თქვენთვის ცნობილია სამხედრო კოლეგიის ბრძანებებიდან»), ისე ერევნის ხანის რუსეთის მფარველობის ქვეშ მიღებისა და სპარსეთის ჯარების მისი სამფლობელოების ფარგლებში დახვედრის შესახებაც.

«ამ მფლობელის ერთგულება საქართველოსთვის ყველა დროში სასარგებლოა, – წერდა ალექსანდრე (Повеленiе Кноррингу 23-го апреля 1802 г. Арх. Мин. Внутр. Делъ, ч. II, 25), – ხოლო ამ შემთხვევაში კი ეს აუცილებელია». იმპერატორმა დაავალა კნორინგს, რათა მას დაბეჯითებით მოეთხოვა იმის შესახებ, რომ ხანს ერევნის ციხესიმაგრის დაცვა ჩვენი ჯარებისთვის მიენდო. ერევანი და განჯა გახლდათ ორი პუნქტი, რომლებსაც თუ დავეუფლებოდით, ჩვენ შეგვეძლო სრულიად უზრუნველყოფილი ვყოფილიყავით საქართველოში სპარსელთა ყოველგვარი მოულოდნელი შემოჭრისგან.

ეს მნიშვნელოვნება აიძულებდა კიდეც ჩვენს მთავრობას ესურვა, რომ მათ ხანებს რუსეთის მფარველობა ან ქვეშევრდომობა ეძიათ. «დაიკავებთ რა ამ ორ მნიშვნელოვან ადგილს, – წერდა იმპერატორი მთავარსარდალს, – თქვენ საქართველოს არა მხოლოდ საფრთხის გარეშე დააყენებთ, არამედ ომის მოქმედების გარეშეც, მოწინააღმდეგეს მის საუკეთესო საშუალებებს წაართმევთ და, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ამ ადგილების მფლობელებს მისცემთ მეტად საჭირო დაჯერებულობას რუსეთის მფარველობაში და გააძლიერებთ მათ ნდობას».

მალევე ჯავადმა, განჯის ხანმა, მოგვცა მიზეზები მის წინააღმდეგ მტრული მოქმედებებისთვის.

22 მარტს ლაზარევი კნორინგს მოახსენებდა (Рапортъ Лазарева 22-го марта, № 213), რომ განჯის ხანმა, რომელიც შამშადილის პროვინციაზე თავის უფლებებს აცხადებდა, იქ ჯარებით თავისი ძე ჰუსეინ-ყული-აღა გამოგზავნა, რომელიც, თავის სამფლობელოებში მცხოვრებთა გადაყვანის მიზნით, შამშადილის სოფელ აკრუმში მოვიდა. კნორინგი სწერდა ჯავად-ხანს, უკვირდა მისი ძის საქციელი, როცა მამა მას რუსეთისადმი თავის კეთილ განწყობაში არწმუნებდა, და მოითხოვდა შამშადილელებისთვის მიყენებული რბევა-აწიოკების გამო დაკმაყოფილებას (Письмо Кнорринга хану 6-го марта 1802 г.). მთავარსარდალი ჰპირდებოდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ამას იარაღის ძალით მიაღწევდა.

ხანი სდუმდა. კნორინგმა უბრძანა ლაზარევს რაზმით შამშადილში წასულიყო და ის განჯის ხანის თავდასხმისგან დაეცვა. რაზმის შემადგენლობაში დანიშნულ იქნენ ტფილისიდან ეგერთა 17-ე პოლკის ბატალიონები: გენერალ-მაიორ ლაზარევის ოთხი ასეული და პოდპოლკოვნიკ ლიახოვის სამი ასეული; ტფილისის მუშკეტერთა პოლკის ასეული, რომელიც შამშადილში იმყოფებოდა, სამი საველე ქვემეხი და 70 კაზაკი დონელთა შჩედროვ 2-ის პოლკიდან (სულ რაზმში იყვნენ: 24 ოფიცერი, 59 უნტერ-ოფიცერი, 18 მუსიკოსი, 530 რიგითი, 52 არასამწყობრო და 31 რეკრუტი).

23 მაისს ლაზარევი შამშადილის პროვინციაში მოვიდა და თავად განჯის გზაზე მდინარე ჰასან-სუზე დადგა. მან თავისი მარცხენა ფლანგი მტკვარს მიაბჯინა, და სასაზღვრო ადგილ შამქორიდან 30 ვერსზე, ხოლო განჯიდან კი დაახლოებით 60 ვერსზე იმყოფებოდა.

ჰქონდა რა პროვიანტი მხოლოდ 1 ივნისამდე, ლაზარევი მისი საჩქაროდ მიწოდების შესახებ ითხოვდა, იმიტომ რომ ადგილზე მისი მიღება არსად იყო შესაძლებელი. 

«პროვინცია, რომელშიც ახლა მე ვიმყოფები, – წერდა იგი (Письмо Лазарева Кноррингу 24-го мая 1802 г.), – სრულებით ცარიელია, როგორც ადამიანების, ისე მცენარეულობისგანაც. მე ჯერ არც ერთი სოფელი არ მინახავს იმის გამოკლებით, რომელიც ბანაკის წინ ხუთ ვერსზე იმყოფება, მაგრამ ახლა ისიც ცარიელია».

25 მაისს რაზმმა წინ 16 ვერსით გადაინაცვლა და საღამოსთვის საზღვარს მიაღწია, რომელიც შამშადილის პროვინციას განჯის სახანოსგან გამოჰყოფდა. აქ ლაზარევმა შეიტყო, რომ 33 სოფლიდან არაუმეტეს ოთხისა იყო დარჩენილი, რომლებიც მდინარე ჰასან-სუს ზემოწელში მომთაბარეობდნენ. დანარჩენი ოცდა ცხრა სოფელი თათართა აღალარებითა და სომეხთა ქევხებით განჯის ხანის სამფლობელოებში იმყოფებოდა. წასულების რიცხვი 1.900 ოჯახამდე ადიოდა. მცხოვრებთა ასეთი გადასახლების მიზეზი შამშადილელი თავკაცის მაჰმად-ჰუსეინის მიერ მათი დაყოლიება გახლდათ. აცხადებდა რა შამშადილის სულთნის წოდებასა და ღირსებაზე პრეტენზიას, მაჰმადი, რომელიც ამის გამო უკვე ტფილისის ციხესიმაგრეშიც იყო ნაჯდომი და იქიდან განთავისუფლებულიც, განჯის ხანის დაცვას ეძიებდა. განჯის ხანმა შამშადილში თავისი ჯარები გამოგზავნა და, მაჰმადის მიერ მცხორებთა დაყოლიების დახმარებით, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი თავის სახანოში გადაიყვანა. გადასახლებულები თავიდან მდინარე შამქორის ზემოწელში მომთაბარეობდნენ, მაგრამ ჩვენი ჯარების მოსვლის შემდეგ განჯის სახანოს სიღრმეში წავიდნენ (Рапортъ Лазарева Кноррингу 26-го мая 1802 г.).

გაჩერდა რა გარკვეულ ხანს მდინარე ახანსზე, ლაზარევმა ბორჩალოსთან უფრო ახლოს გადმოინაცვლა, და ამის შემდეგ მალევე, კნორინგის კავკასიის ხაზზე გამგზავრების გამო, ტფილისში უნდა დაბრუნებულიყო.

კნორინგის გამგზავრების წინ, ჯავად-ხანმა, შამშადილის ფლობაზე თავისი უფლებების მტკიცებულებებით, ტფილისში თავისი წარმოგზავნილი მოავლინა. კნორინგი ხანის აზრს არ ეთანხმებოდა, ემყარებოდა რა იმაზე, რომ უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის სიცოცხლეში ეს პროვინცია საქართველოს ძალაუფლების ქვეშ იმყოფებოდა, და ამიტომ ახლაც რუსეთის სამფლობელოებში უნდა დარჩენილიყო. ორივე მხრიდან შეუპოვარი მოლაპარაკებები ხანგრძლივი გახლდათ: არც ერთ, არც მეორე მხარეს დათმობა არ უნდოდა. ამიტომ გადაწყვეტილ იქნა მცხოვრებნი იმავე მდგომარეობაში დაეტოვებიათ, რომელშიც იმყოფებოდნენ, მაგრამ იმ პირობით, რომ განჯის ხანი მეტად აღარ შეაწუხებს «შამშადილში დარჩენილ ხალხებს, რის სანაცვლოდ განჯის ოლქიც რუსეთის ძლევამოსილი ჯარების მიერ შეწუხებული არ იქნება» (Письмо Кнорринга хану 29-го мая 1802 г.).

განჯის ხანის წინააღმდეგ ექსპედიის შემდეგ მალევე ჩვენს ჯარებს ნახჭევნის ხანის წინააღმდეგ მოუხდათ მოქმედება. ნახჭევნელი ქიალ-ბალი-ხანი, რომელსაც აღა-მაჰმად-ხანმა მხედველობა წაართვა, ძალაუფლების მოყვარე და გერგილიანი ადამიანი გახლდათ. იცოდა რა მისი ხასიათის თვისებები, ალექსანდრე ბატონიშვილმა იმერეთი დატოვა და თავიდან ახალციხეში, ხოლო შემდეგ კი ნახჭევანში მივიდა. ბატონიშვილმა მოახერხა ორივე მფლობელი დაეყოლიებინა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ერთობლივად ემოქმედათ. ახალციხის ფაშისა და ნახჭევნის ხანის გაერთიანება შეიძლებოდა მხოლოდ ყარსის პროვინციის მეშვეობით მომხდარიყო, რომლის მფლობელიც საქართველოსადმი მშვიდობიანად იყო განწყობილი, მეზობელ მფლობელებს შორის წონასწორობას ინარჩუნებდა და მოკავშირეთა საქმეში მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებდა.

ქიალ-ბალი-ხანს სურდა იგი ამაზე ძალით აეძულებინა. იგი ჯარებით მოადგა საზღვარს, რომელიც საქართველოს ყარსის საფაშოსგან გამოჰყოფდა (Рапортъ Кнорринга, Г. И. 8-го iюня 1802 г.). მისი რაზმი, ცნობების მიხედვით, 12.000 ცხენოსანი ჯარის, 2.500 ქვეითი ჯარისა და ორი ქვემეხისგან შედგებოდა. კნორინგმა, შეიტყო რა ამის შესახებ, ბამბაკის ქართულ სოფლებში განლაგებულ მუშკეტერთა ორ ასეულს, ეგერთა 17-ე პოლკის სამ ასეულსა და 70 კაზაკს, სულ 381 ადამიანს, აგრეთვე რაზმისადმი შემოერთებულ 200 ბამბაკელ თათარს, პოლკოვნიკ კარიაგინის უფროსობით, უბრძანა საზღვარს მიახლოვებოდნენ, ქიალ-ბალი-ხანის წინააღმდეგ დამდგარიყვნენ და მისი მოძრაობისთვის თვალყური ედევნებიათ. იმავე დროს კნორინგი ხანს საქართველოს საზღვართან მისი მოახლოების მიზეზების შესახებ ეკითხებოდა. ის პასუხობდა, რომ ეს მიზეზი რუსეთს არ ეხება, და ამიტომ კითხვაზე პასუხის გაცემას საჭიროდ არ მიიჩნევს. 

ასეთმა პასუხმა და ყარსის ფაშის თხოვნებმა რომ იგი ქიალ-ბალი-ხანის თავდასხმისგან დაეცვათ, აიძულეს კნორინგი ამაზე დათანხმებულიყო. ყარსის ფაშამ, მთავარსარდლის რჩევით, შეკრიბა თავისი ჯარი 6.000 ცხენოსანი ჯარისა და 2.000 ქვეითი ჯარის რიცხვით და ისინი კარიაგინის რაზმს შემოუერთა.

28 მაისს ნახჭევნელებმა ჩვენს ჯარებსა და ყარსის ფაშის თურქულ ჯარებს შემოუტიეს. თურქული ცხენოსანი ჯარი თავდაპირველად უკუქცეულ იქნა, მაგრამ ძლიერმა საარტილერიო ცეცხლმა ექვსი ქვემეხიდან, სამი რუსული და სამი თურქული ქვემეხებიდან, საქმე სრულებით სხვაგვარად შემოაბრუნა. ნახჭევნელებმა თავიდან უკანდახევა დაიწყეს, ხოლო შემდეგ კი სრულიად გაიქცნენ.

ქიალ-ბალი-ხანს, რომელიც ასე თავდაჯერებულად ლაპარაკობდა, თავის განზრახვებზე ხელი უნდა აეღო.

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment