Friday, August 26, 2016

აკადემიკოსი დუბროვნი რუსული მმართველობის პირველი დღეების შესახებ საქართველოში

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ნიკოლოზ დუბროვინის წიგნის «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе» /томъ III, Санктпетербургъ, 1886/ შესაბამისი თავის თარგმანს)

თავი XXII 

(რუსული მმართველობის პირველი დღეები საქართველოში)

საქართველოს ჩვენს ქვეშევრდომობაში მიღების შემდეგ, მთავარსარდალმა საქართველოს მმართველთან ერთად მიიღეს უფლება, თავიანთი შეხედულებისდა მიხედვით, შეეცვალათ წესები და ინსტრუქციები, რომელთა საფუძველზეც უნდა ემოქმედათ ადგილობრივ სამმართველოებს, ანუ, ეგრეთ წოდებულ, ექსპედიციებს; და ამ უფლებაში მდგომარეობდა კიდეც უწინარეს ყოვლისა ყველა ბოროტად გამოყენებისა და მათ კვალდაკვალ მომყოლი უწესრიგობების ფესვები.

თანამდებობების განაწილებაში ყველაზე უფრო სრული თვითნებობა არსებობდა; თანამდებობის პირები, ერთი ადგილიდან მეორეზე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მმართველის შეხედულებისდა მიხედვით, გადაჰყავდათ.

სენატის ბრძანებით სახაზინო საქმეების ექსპედიციაში უფროსად დაინიშნა კოლეგიის მრჩეველი ტარასოვი, მაგრამ მმართველობის გახსნის შემდეგ ეს ექსპედიცია მმართველის ღვიძლ ძმას ჩააბარეს, ტარასოვი კი სისხლის სამართლის საქმეთა ექსპედიის უფროსად აღმოჩნდა.

ქართველი თავადებისა და აზნაურების დანიშვნაც მმართველობის შემადგენლობაში არანაკლებ თვითნებობას განიცდიდა. ჩვენი მთავრობის აზრით, ასეთი დანიშვნა აუცილებლად მიიჩნეოდა; მისი მიზანი ქვეყნის მმართველობაში ხალხური ელემენტის შემოყვანა გახლდათ.

ამ მიზნით კნორინგს თუმცა კი მიეცა თავადების არჩევის უფლება, მაგრამ ერთადერთი მხოლოდ კეთილსინდისიერების პირობით, რათა «პირველ ჯერზე თანამდებობები დაიკავონ ყველაზე უფრო უნარიანმა ადამიანებმა, რომლებიც თავიანთი თანამოქალაქეების საერთო პატივისცემითა და ნდობით გამოირჩევიან».

იმპერატორის ასეთი სურვილი და აზრი უკუღმა განხორციელდა. ქართველები ან სრულიად იქნენ ჩამოცილებულნი მმართველობაში მონაწილეობისგან, ან კიდევ ისეთები შეკრიბეს, რომლებსც მმართველის მიერ ზედმეტი ძალაუფლების მითვისებისა და მისი თვითნებობისთვის ხელის შეშლა არ შეეძლოთ. ასე, საქართველოში მცხოვრებ თათრებთან, პრისტავების თანაშემწეებად ქართველთაგან ისეთი პირები იქნენ დანიშნულნი, რომლებიც არა მხოლოდ საერთო პარივისცემით არ სარგებლობდნენ და არც კარგი სამსახურით გამოირჩეოდნენ, არამედ, ამის საპირისპიროდ, ისეთი ღირსებები ჰქონდათ, «რომელთა შესახებ მოხსენიებასაც აქ წესიერება გვიკრძალავს» (Донесенiе Соколова).

თავად მთავარსარდალს არ ჰქონდა შეგნებული თავისი მდგომარეობა და ის ვალდებულება, რომლისთვისაც იყო მოწოდებული. კნორინგი ქართველებს რუსეთის ქვეშევრდომებად არ თვლიდა და იმდენად ეშლებოდა, რომ შენიშვნა მისცა ლაზარევს, რომელმაც ერთერთ თავის მოხესენებაში მათ ქვეშევრდომები უწოდა. ლაზარევს მოუხდა თავის გასამართლებლად ორი მანიფესტის ნამდვილი სიტყვები, კნორინგის საკუთარი წერილობითი ბრძანებები და სხვა დოკუმენტები მოეყვანა.

«თქვენმა აღმატებულებამ ინებეთ შენიშვნა მოგეცათ და გაგეოცებინათ, – წერდა იგი (Кноррингу, отъ 11-го марта 1803 г. Акты Кавк. Археогр. Комм., изд. 1866 г., т. I, 353), – რომ მე ქართველებს ვუწოდებ ქვეშევრდომებს, ამიტომ ამაში გთხოვთ პატიებას, მაგრამ ეს გაკეთებულია არა წინასწარგანზრახულად და ეფუძნება ორივე მანიფესტსა და თქვენს წერილობით ბრძანებას, და ამაზე ზევით პეტერბურგიდან ჩემს მიერ მიღებულ პარტიკულარულ წერილებსაც, სადაც მათ სხვანაირად არ მოიაზრებენ... და ამის გამო მეც არ შემეძლო სხვანაირად მევარაუდა, როგორც ისე, რომ ისინი ნამდვილად ქვეშევრდომები არიან, როგორც ეს მათ გამოეცხადათ კიდეც; მაგრამ ახლა, ვხედავ რა ჩემს შეცდომას, რა თქმა უნდა, ამ სიტყვას მეტად აღარ გამოვიყენებ».

საქმეებზე ასეთი შეხედულებით, კნორინგს არ შეეძლო საქართველოსთვის დიდი სარგებელი მოეტანა. მმართველობაში სულ თავიდანვე მსხვილი უწესრიგობები გამოვლინდა. უზენაესი ბრძანებები მეტად ხანგრძლივი დროით არ სრულდებოდა. ხეფინის-ხეობის ოლქში თავად აბაშიძისათვის სამი სოფლის მიცემა თვით 1802 წლის ოქტომბრამდეც აღსრულებაში მოყვანილი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორის ბრძანება ტფილისში უკვე რამდენიმე თვის მიღებული იყო. თავადი ჩიოდა, მაგრამ წარუმატებლად. მთელი საჩივრები საქართველოს უმაღლეს მმართველობაში, როგორც თითოეული ქართველისთვის ყველაზე უფრო მაღალ დაწესებულებაში ჩერდებოდა. საქართველო ხუთ მაზრად იყო დაყოფილი, მმართველობა კი ოთხ ექსპედიციად. უკანასკნელებს მეტად ფართო ძალაუფლება ჰქონდათ მიცემული. სისხლის სამართლის საქმეები რუსეთის იმპერიის ზოგადი კანონების მიხედვით წყდებოდა. ბრალდებულს, გადაწყვეტილებაზე უკმაყოფილების შემთხვევაში, თუმცა კი ჰქონდა აპელირების უფლება, მაგრამ მისი აპელაცია, კნორინგის მიერ მიცემული ინსტრუქციის მიხედვით, საქართველოს უმაღლესი მთავრობის საერთო კრებაში გადაიტანებოდა, ზუსტად ისეთივე საფუძველზე, «როგორც სამთავრობო სენატში» («какъ въ правительствующiй сенатъ») (Наставленiе уголовной экспедицiи. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, 447), და ტფილისის იქით აღარ მიდიოდა. სამოქალაქო საქმეთა ექსპედიციას სამოქალაქო პალატის ძალაუფლება მიეცა, «ამიტომ ამ ექსპედიციიდან საერთო კრებაში საქმეების გადატანაც იმავე წესით უნდა ხდებოდეს, რომელიც პალატიდან სამთავრობო სენატში საქმეების გადატანის დროს დაიმზირება» (Наставленiе гражданской экспедицiи, тамъ же, стр. 449).

ამრიგად, საქართველოს უმაღლესი მთავრობის საერთო კრება ქართველებისთვის იგივე იყო, რაც სენატი მთელი რუსეთისთვის. სრული გამოყოფისა და უფრო მეტი დამოუკიდებლობისთვის კნორინგმა და კოვალენსკიმ მოახერხეს თავიანთთვის გამოეთხოვათ (выхлопотать) უფლება თავიანთ მოქმედებებში არ ჩაებარებინათ არანაირი ანგარიში სენატისთვის და არ ჰყოლოდათ მმართველობაში პროკურორი (პროკურორი მხოლოდ 1803 წ. 19 ივლისს იქნა დანიშნული. См. II. Собр. Закон., т. XXVII), რომელიც, თავისი თანამდებობით, ვალდებული იყო სამთავრობო ადგილის (დაწესებულების) მოქმედებათა სისწორისთის თვალყური ედევნებია. ამის შედეგად, მთელი უმნიშვნელოვანესი საქმეები უმაღლეს მთავრობაში წყდებოდა, რომელსაც თავისი დადგენილებები აღმასრულებელ საქმეთა ექსპედიციის მეშვეობით აღსრულებაში მოჰყავდა. ამ უკანასკნელ ექსპედიციაში წყდებოდა აგრეთვე საქმეები ისეთი საჩივრების მიხედვით, რომლებიც შედავებას არ ექვემდებარებოდა, მაგალითად, მოვალის მიერ ხელმოწერილი ანგარიშები, ვექსელები, კონტრაქტები და სხვა. ექსპედიცია სამაზრო სასამართლოების, საერო (ადგილობრივი) პოლიციის სამმართველოების (управы), კომენდანტებისა და მოურავების, აგრეთვე მათი თანაშემწეების მეშვეობით მოქმედებდა. 

საერო სამმართველოებს მოვალეობად ეკისრებოდათ ჰქონოდათ ცნობები სავაჭრო ფასების შესახებ, თვალყური ედევნებიათ წონისა და ზომის სისწორეზე, რომ მაზრაში არ ყოფილიყვნენ გაქცეულები, რომ ისინი არავის არ მიეღო, თავისთან არ გაეჩერებინა და არ დაემალა.

სამმართველოში იჯდა კაპიტან-ისპრავნიკი ორი მსაჯულით.

სამაზრო ქალაქებში დაყენებულ იქნენ კომენდანტები რუსი მოხელეებიდან; ისინი სამხედრო ოფიცრების რიგებიდან დანიშნეს, და თავისი მოქმედებების წრე და თავად თანამდებობის მიზნებიც კი არავინ იცოდა.

კაპიტან-ისპრავნიკებისა და კომენდანტებისთვის მიცემული ინსტრუქციები თუ სრულებით ერთნაირები არ იყო, იმდენად მსგავსები მაინც გახლდათ, რომ ერთნიცა და მეორენიც თითქმის ერთნაირ მოვალეობებს ასრულებდნენ. ამის გამო კომენდანტების მოვალეობა უფრო მეტად ქალაქის უფროსის მოვალეობა იყო (была скорее городническая). თავად მთავარსარდალმა კომენდანტების მოქმედებათა წრე და მოვალეობანი თავისთვის საფუძვლიანად ვერ გაიაზრა. ლაზარევი სთხოვდა კნორინგს აეხსნა მისთვის, თუ სამხედრო უფროსები კომენდანტებთან რა დამოკიდებულებაში უნდა ყოფილიყვნენ. მთავარსარდალი პასუხობდა: როგორც ქალაქის უფროსებთან (გოროდნიჩებთან), და წერდა, რომ მათ უკვე გოროდნიჩების ინსტრუქცია დაურიგა, და რომ კომენდანტების სახელწოდება მათ მხოლოდ «პოლიტიკური მიზეზების გამო» მიეცათ. როგორც არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასეთი პოლიტიკური მიზეზებისგან დიდი უხერხულობანი ხდებოდა. კომენდანტების ჯარებთან დამოკიდებულება ინსტრუქციის მიხედვით უკიდურესად ჩახლართული გახლდათ. ისინი უშუალოდ მმართველს ექვემდებარებოდნენ და ვალდებულნი იყვნენ მმართველობის ყველა ექსპედიციის გადაწყვეტილებები აღსრულებაში მოეყვანათ. საქართველოს მმართველი, თავისი ინსტრუქციებითა და ახსნა-განმარტებებით, მათ მოვალეობებს კიდევ უფრო მეტად ხლართავდა. ტფილისის კომენდანტი, მმართველის ღვიძლი ძმისწული, სავექსელო საჩივრების მიხედვით საქმეების გარჩევას განაგებდა.

თითოეულის მოვალეობათა ჩახლართულობას შედეგად მოჰყვა გაუგებრობანი საქართველოს მმართველსა და ლაზარევს შორის, რომელიც აქ განლაგებული ჯარების უფროსი გახლდათ.

ყარსის ფაშამ ლაზარევს წერილებით თავისი წარმოგზავნილი გამოუგზავნა. კოვალენსკიმ ეს წერილები ჩამოართვა, და ისინი, რომლებიც ლაზარევისადმი იყო დამისამართებული, მას გაუგზავნა, დანარჩენები კი თავისთან დაიტოვა. მათი გადათარგნისას აღმოჩნდა, რომ ფაშამ თავის წარმოგზავნილს დაავალა ლაზარევთან სიტყვიერად ესაუბრა. როცა ამ უკანასკნელმა წარმოგზავნილი თავისთან მოითხოვა, ის უკვე ტფილისში აღარ იყო – კოვალენსკიმ იგი უკანვე გააგზავნა. ლაზარევმა კნორინგს მოახსენა და გასცა ბრძანება, რომ ქალაქის კარებებთან ჰაუპტვახტებზე ყარაულებს საზღვარგარეთიდან მოსული ყველა მსგავსი წარმოგზავნილისთვის ეკითხათ, ხომ არა აქვთ მათ წერილები ჯარების სარდალთან, და უკანასკნელ შემთხვევაში ისინი მასთან მიეცილებინათ. ლაზარევის ასეთი განკარგულების გამო კოვალენსკი კნორინგთან ჩიოდა. მთავარსარდალმა, რომელსაც ბრმად სჯეროდა საქართველოს მმართველისა და არ გაერკვა რა საქმეებში, ლაზარევს საყვედური გამოუცხადა და აცნობა, რომ საზღვარგარეთიდან ყველა ჩამოსული უნდა გამოცხადდეს კომენდანტთან, რომელიც უშუალოდ მმართველს ექვემდებარება. ლაზარევისადმი წერილობითი ბრძანების ასლი კნორინგმა კოვალენსკისაც გაუგზავნა, რომელმაც ის ყველა კომენდანტსა და საერო (ადგილობრივ) უფროსს დაუგზავნა. ლაზარევი საკუთარ თავს დაჩაგრულად თვლიდა. ორ პირს შორის ძველმა მტრობამ ისევ დუღილი დაიწყო. სამხედრო ხელისუფლებამ მტრობა დაიწყო სამოქალაქო ხელისუფლებასთან. ბოროტად გამოყენებანი, უწესრიგობები და დაუდევრობანი გაიზარდა. ლაზარევმა შეიტყო, რომ დარეჯან დედოფალს განზრახული აქვს ერევანში ალექსანდრე ბატონიშვილს 1.000 მანეთი, ხიფთანი და აღმაშფოთებელი წერილები გაუგზავნოს. მან წარგზავნილის დაკავება და მისი მასთან მოყვანა მოითხოვა. კომენდანტმა, რომელიც რამდენიმე დღე არ პასუხობდა, განმეორებით მოთხოვნაზე ლაზარევს შეატყობინა, რომ წარგზავნილი ერევანში იმ ბილეთის მიხედვით გაემგზავრა, რომელიც მას საქართველოს მმართველმა მისცა. 

ექსპედიციებისა და მმართველობის დაარსებასთან ერთად არანაირი ზომები არ ყოფილა მიღებული იმისთვის, რათა ახალი დაწესებულებები ხალხისთვის გაეცნოთ. არც ერთმა თვით განათლებულმა ქართველმაც კი არ იცოდა, თუ რომელი საქმით ვისთვის უნდა მიემართა. ეს სიძნელე მით უფრო საგრძნობი იყო, რომ უმაღლეს მმართველობას მოვალეობად ჰქონდა დაკისრებული თითოეულის ქონება ნათელი გაეხადა. თხოვნებისა და ახსნა-განმარტებათა მიცემის მოთხოვნილება უზარმაზარი იყო, მაგრამ თხოვნები არ შეჰქონდათ იმის არცოდნის გამო, თუ სად უნდა შეეტანათ. აქედან მოხდა ის, რომ წლის განმავლობაში ამ საკითხში სრულიად არაფერი გაკეთებული არ ყოფილა.

საქართველოში რუსული კანონების მოქმედების შესახებ გამოცხადებასთან ერთად, არავინ არ იცოდა, თუ როგორი ფარგლები აქვს საერო (ადგილობრივ) მოხელეთა ძალაუფლებას. მემამულეებმა არ იცოდნენ გლეხებზე თავიანთი ძალაუფლების შესახებ, გლეხებმა – მემამულეებთან თავიანთი დამოკიდებულების შესახებ. ქართული ადათ-წესებისა და კანონების მოსპობასთან ერთად, რუსული კანონები ქართულ ენაზე გადათარგმნილი არ ყოფილა.

თხოვნები, საჩივრები და ა. შ. რუსულ ენაზე უნდა შეეტანათ. სამმართველოს შემადგენლობაში არც მოხელეები იყვნენ, არც მთარგმნელები, რომლებსაც ქართული ენა ეცოდინებოდათ. მოხელესა და მთხოვნელს ერთმანეთისა არ ესმოდათ. ამის მოსახსნელად მეორე, მეტად უცნაურ უკიდურესობაში ჩავარდნენ. წესით დაადგინეს, რომ თითოეულ მთხოვნელს მთელი თავისი საქმე რუსულ ენაზე ზეპირად უშეცდომოდ უნდა მოეხსენებია, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლებოდა ჩივილის უფლება დაეკარგა (Изъ донесенiя кн. Цицiанова Государю Императору 13-го феврвля 1804 г. Арх. Мин. Внутр. Делъ. Дела Грузiи, ч. VI). თავად ექსპედიციებში რუს მოხელეებს თავიანთი ქართველი ამხანაგებისა არ ესმოდათ. ამის გამო «საქმეები წყდებოდა უფრო მეტად შინაური წარმოებით საქართველოს მმართველთან, ვიდრე აშკარა და კანონიერი დინებით თავად პალატებში, რაც, როგორც შესამჩნევია, იწვევს საყოველთაო უკმაყოფილებას» (Акты Кавк. Археогр. Комм., изд. 1866 г., т. I, 398).

საქართველოს მმართველი დაწესებულებაში არასოდეს მიდიოდა, არამედ საქმეებს სახლში წარმართავდა. საქართველოს უმაღლესი მთავრობის საბჭო მხოლოდ ქაღალდზე, და არა სინამდვილეში არსებობდა. მოქალაქეთა მიერ აღმასრულებელ ექსპედიციაში მიტანილ თხოვნებს არავინ ღებულობდა. ექსპედიციაში მყოფი ორი მრჩევლიდან, ერთი, ჯანმრთელობის სისუსტის გამო, ხოლო მეორე კი, ახალგაზრდობისა, ადგილზე არასოდეს იმყოფებოდა. მთხოვნელები დაკმაყოფილების გარეშე მიდიოდნენ და არ იცოდნენ, ის სად ეპოვათ. «საქართველოს მცხოვრებნი, – წერს ლოფიცკი (Записка Лофицкаго, поданная Императору Александру 30-го апреля 1806 г. Арх. Гдавн. Штаба в С.-Петербурге), – რომლებიც მართლმსაჯულების ძიებაში მხოლოდ მმართველის პიროვნებისკენ იყვნენ მიბრუნებულნი, არ ჰქონდათ რა კმაყოფილება კანონ-დაცულობის საგნებში თავიანთი იმედები აღსრულებული ეხილათ, ამიტომ თავიანთ სახლებში მოღუშული (მწუხარე) შთაბეჭდილებითა და ეჭვით ბრუნდებოდნენ იმ კეთილდღეობასთან მიმართებაში, რომელსაც რუსეთის მთავრობისგან მოელოდნენ». 

«მოკლედ რომ ვთქვათ, – მოახსენებდა ლაზარევი, – ახლა ყველანი იმდენადვე უკმაყოფილონი არიან, რამდენადაც აქამდე რუსული მმართველობა უნდოდათ». 

საქონელი და სასიცოხლო პროდუქტები საქართველოში გაძვირდა; ოქროს კურსი განსაკუთრებით დაქვეითდა, ვერცხლისა კი სრულებით გაქრა. საერთოდ ყველანი, ვინც მსახურობდნენ, გასაჭირს განიცდიდნენ, განსაკუთრებით კი ჯარები. ჯარებს ხელფასს ჩერვონცებით 4 მანეთისა და 80 კაპიკის კურსით აძლევდნენ. ტფილისში კი ჩერვონეცი 13 აბაზამდე დაეცა (აბაზი 20 კაპიკს უტოლდება), რაც 2 მანეთსა და 60 კაპიკს შეადგენდა. ყველაზე უფრო ხელსაყრელ პირობებში ჩერვონეცში მხოლოდ 4 მანეთის მიღება იყო შესაძლებელი. სანამ ჩერვონეცის ვერცხლზე გადაცვლა შეიძლებოდა, დრტვინვა ჯერ კიდევ არ ხდებოდა, თუმცა კი თითოეული არანაკლებ 80 კაპიკისა კარგავდა; მაგრამ როცა ჩერვონცების გადაცვლა სრულებით შეწყდა, მაშინ დრტვინვა ყოველი მხრიდან გაისმა. ჯარისკაცს, რომელსაც უმეტეს წილად წვრილმანი ნივთების საჭიროება ჰქონდა, ბაზარში არაფრის ყიდვა არ შეეძლო, იმიტომ რომ მას, ჩერვონცების გარდა, არაფერი ჰქონდა. ვაჭრები ხურდას არ აძლევდნენ, არამედ გამოართმევდნენ რა ნაყიდ საქონელს, მყიდველს ფულს უბრუნებდნენ. სამოქალაქო მოხელეები ჯამაგირს ვერცხლით ღებულობდნენ და ამიტომ რამდენადმე უფრო უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. თუმცა კი, სამოქალაქო მოხელეთა დიდ ნაწილს, საქართველოში თავიანთი ჩამოსვლის დროიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით, ჯამაგირი სრულებით არ მიუღია. საქართველოს მმართველმა მოხელეთა უმეტეს ნაწილს უფრო ნაკლები ჯამაგირი დაუნიშნა, ვიდრე ისინი შესაბამის ადგილებზე რუსეთის შიდა გუბერნიებში ღებულობდნენ. ვერ სარგებლობდნენ რა კრედიტით, ბევრი მათგანი ისეთ მდგომარეობამდე იყო მიყვანილი, რომ მათ არც საჭმელი, არც ტანსაცმელი, არც ფეხსაცმელი არ ჰქონდათ. ეძიებდნენ რა თავიანთთვის საკვებს შემორჩენილი ქონების გაყიდვით, მოხელეები თანამდებობას უკვე ვეღარ ასრულებდნენ. ამასთან კოვალენსკიმ ბრძანა ხელფასი ფულით კი არ მიეცათ, არამედ მაუდის ქსოვილებით. საბრალო მოხელეები საკუთარ თავს ბედნიერად მიიჩნევდნენ, თუ მის გაყიდვას ღირებულების ერთ მესამედში მოახერხებდნენ, და ამიტომ ყველაფერში უკიდურეს გაჭირვებას განიცდიდნენ.

მთელი თანხები საქართველოს მმართველის განკარგულებაში იმყოფებოდა, რომელიც მათ თავისი თვითნებობის მიხედვით გასცემდა. შეკრებილი ფულები, რომლებიც შემოსავლებში შემოდიოდა, უწყისებში ყოველგვარი წესრიგის გარეშე იყო ნაჩვენები. მუხლებში ეწერა, რომ «ამდენი და ამდენი ფული ამა თუ იმ ხარკის (გადასახადის) სახით საქართველოს მმართველის მიერაა მოძიებული და მის მიერვე საკუთარ ჯამაგირში ჩარიცხული» (Арх. Мин. Внутр. Делъ, дела Грузiи, ч. II, 271-276). 10.000-დან, კანცელარიის მოსამსახურეთა შენახვაზე დანიშნული თანხიდან, წარმოდგენილ იქნა ანგარიში, რომელზედაც უსახელო სია იყო დართული უბრალო დათქმით, რომ «რომ ეს მოხელეები ჯამაგირით 1-ლი სექტემბრის ჩათვლით არიან დაკმაყოფილებულნი, და ზოგიერთი კი შემდეგშიც». სიაში კანცელარიის მოსამსახურეთა შორის ისეთი მოხელეებიც იყვნენ ნაჩვენები, რომელთაც მმართველი თავისი საკუთარი მომსახურებისთვის იყენებდა, «ხოლო ერთი მათგანი კი არცთუ იშვიათად ლივრეაში გამოწყობილიც დადიოდა» (Следственное дело надъ Коваленскимъ).

სახაზინო ექსპედიციაში, მისი დაარსების დღიდან, ფულადი თანხების შემოწმება ერთხელაც არ მომხდარა. ხაზინა ექსპედიციაში კი არ ინახებოდა, არამედ ხაზინადარის სახლში, და ყოველგვარი ყარაულის (დაცვის) გარეშე. სისხლის სამართლის საქმეთა ექსპედიცია მისთვის ასიგნებისა და იმ თანხის გამოყოფის შესახებ ითხოვდა, რომელიც ხარჯებისთვის იყო აუცილებელი, მაგრამ ეს გამოყოფა არ მომხდარა. კოვალენსკისა და კნორინგთან თავისი საჩივრების მიუხედავად, სისხლის სამართლის საქმეთა ექსპედიციას, თავისი დაარსების დროიდან, არც ვახმისტრი და არც დარაჯი არ ჰყოლია, «და მასში, როგორც იგი მოახსენებდა, ოთახები არ იგვება და არც თბება» (Акты Кавк. Археогр. Комм., изд. 1866 г., т. I, 506).

მთელი ფულები მმართველის ახირებათა დაკმაყოფილებაზე მიდიოდა. მან თავისთვის მოიწყო ბინა, თავის მსახურებს გულუხვ ჯამაგირს უხდიდა და ხარჯების მუხლში ის მოკრძალებული აღნიშვნით გამოჰქონა – «ტფილისის მახლობლად მტაცებლებზე თვალყურის დევნებისთვის ყარაულის შესანახად», და ამ დროს ტფილისში ქვეითი ჯარის რამდენიმე ბატალიონი იდგა.

მსხვილ ბოროტად გამოყენებებს შედეგად უფრო წვრილებიც მოჰყვა, – მმართველს ტფილისში ყველაზე უფრო მდიდარ ვაჭართან, ბეგთაბეგოვთან გარიგებაში ადანაშაულებდნენ, რომელიც საგუბერნიო ხაზინადარად იქნა დანიშნული. ბეგთაბეგოვი, ჯერ კიდევ ქართველი მეფეების დროს, საქართველოში ყოველთვის ფულის კურსის მონოპოლიზაციას ახდენდა; ახლა კი, როცა მთელი სახაზინო ფულები მის ანგარიშმიუცემელ განკარგულებაში იმყოფბოდა, ის მათ კიდევ უფრო მეტად ბოროტად იყენებდა. ბეგთაბეგოვისა და მმართველის სახლში ღიად ცვლიდნენ (ახურდავებდნენ) ვერცხლის მონეტას, რომელიც მცხოვრებთაგან სახაზინო უწყებაში იკრიბებოდა. თავისი მმართველობის დროის არცთუ დიდ შუალედში მმართველმა გამონახა საშუალება, რათა საქართველოში მთელი მატყლი შეესყიდა, ჰქონდა რა მხედველობაში ის ტფილისში მშენებარე მაუდის ფაბრიკაში მოგებით გაესაღებინა. 

ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ეს ფაბრიკა სახაზინო ფაბრიკის სახელით, ხაზინის კუთვნილ მიწაზე შენდებოდა, და ამასობაში მის მშენებლობაზე მასალას ყოფილი სამეფო სასახლის კედლებიდან იყენებდნენ, რომელიც აღა-მაჰმად-ხანის საქართველოში უკანასკნელი შემოჭრის დროს იქნა აოხრებული და რომელიც დავით ბატონიშვილს ეკუთვნოდა.

ბატონიშვილი მმართველის თვითნებობაზე, მისი საკუთრების დატაცებაზე ჩიოდა, მაგრამ კედლებს უწინდებურად ანგრევდნენ და მათგან ფაბრიკას აშენებდნენ. კოვალენსკი თავს იმით იმართლებდა, რომ ამაზე კნორინგის ნებართვა მიიღო, და რომ ვითომ სასახლის კედელი, ავიწროვებს რა ქუჩას, ჩამოქცევის საფრთხესაც ქმნის (След. дело надъ Коваленскимъ). «უმთავრესი კი ისაა, – მოახსენებდა სოლოკოვი (Кн. Куракину. Арх. Мин. Иностр. Делъ), – რომ მმართველმა სამეურნეო დაწესებულებებში გამოყენებისთვის აქ უცხოელი ფაბრიკების მუშები ჩამოიყვანა, რომლებიც, ვერ ღებულობენ რა მისგან კონტრაქტების მიხედვით ანაზღაურებას, აქ ქვეყნად დაეხეტებიან. ეს ადამიანები არაერთხელ მოიოდნენ ჩემთან უცვლელი თხოვნით, რომ დავხმარებოდით მათ და აქედან წაგვეყვანა».

შემოსავლების ცნობილად გახდის (ცნობილობაში მოყვანის) შესახებ არავინ არც კი ფიქრობდა. მხოლოდ 1802 წ. სექტემბრის თვეში, როცა საქართველოში უკვე ახალი მთავარსარდალი იქნა დანიშნული, პოლიციის მოხელეებს წერილობით ებრძანათ ამაზე ყურადღება მიექციათ. ამ დრომდე კი საქმე როგორც გამოვიდოდა, ისე მიდიოდა. ღალის მუხლებში შესული ორი ბაღი ტფილისში, რომლებიც იულონ და ალექსანდრე ბატონიშვილებს ეკუთვნოდა, შესასყიდად იქნა გადაცემული. გრაფი მუსინ-პუშკინი სთავაზობდა ერთერთი მათგანისთვის შესასყიდ თანხად 300 მანეთი მიეცა. კოვალენსკიმ გრაფს უარი უთხრა და ისინი სხვას გადასცა. ანგარიშების მიხედვით ამ ბაღებმა წელიწადნახევრის მანძილზე 23 მან. 7 კაპ. შემოსავალი მოიტანეს, მაშინ როდესაც მათზე მეთვალყურეობისთვის დადგენილი პირი წელიწადში 300 მანეთ ჯამაგირს ღებულობდა. 

საქართველოს უმაღლესი მთავრობის დაარსების დროიდან 1803 წლამდე მას მხოლოდ თერთმეტი საერთო კრება ჰქონდა ჩატარებული. საქმეები მმართველის საშინაო კანცელარიაში შედიოდა და ცხრა-ცხრა თვის მანძილზე ყოველგვარი აღსრულების გარეშე რჩებოდა. «ჩემი აქ ჩამოსვლიდან მეექვსე დღეს, – წერდა თავადი ციციანოვი შინაგან საქმეთა მინისტრს, – მე საქართველოს უმაღლესი მთავრობის დაწესებულებებს ვესტუმრე და აღმასრულებელ ექსპედიციაში ვერც ერთი მოხელე ვერ ვნახე, მდივნის თანამდებობის შემსრულებელი მოხელის გარდა, რომელმაც, სამაგიდო რეესტრის ნაცვლად, პრივატული წერილი მომაწოდა ცრუ ჩვენებით, რომ საქართველოს მმართველი, მოვიდა რა დაწესებულებაში 5 რიცხვში, საღამოს 8 საათზე, ისმენდნენ, და სხვა, როცა, მდივნის საკუთარი აღიარებით, კოვალენსკი იქ არ გამოცხადებულა... 

სახაზინო ექსპედიციაში ასეთივე მოუწყობლობა და სრული უმოქმედობა დამხვდა, რადგანაც სახაზინო ნაწილის მთელი საქმეები ჩემი წინამორბედისგან ასევე საქართველოს მმართველს ჰქონდა ჩაბარებული, ვისი საშინაო კანცელარიაც საქართველოში მთელ საქმეებს დაწესებულებების სახით მართავდა, ერთპიროვნული ძალაუფლებით, რომელიც მმართველს არ შეიძლება ჰქონდეს» (Отнош. гр. Кочубею 10-го февраля 1803 г. Арх. Мин. Внутр. Делъ, по Деп. Общ. Делъ, дела Грузiи, ч. II, 271-276).

«ერთი სიტყვით, – წერდა ციციანოვი სხვა მოხსენებაში, – ბატონ კოვალენსკის სახლი მთავრობის უმაღლესი ადგილი გახლდათ, საიდანაც ბრძანებები, ძიებაზე, დაპატიმრებასა და კონფისკაციაზე განკარგულებები იგზავნებოდა» (Письмо его же гр. Кочубею 27-го февраля. Тамъ же).

მოხელეთა ბოროტად გამოყენებანი უკიდურეს საზღვრებამდე მიდიოდა. საქართველომ, რომელიც მისი გამჩანაგებელი მრავალრიცხოვანი სამეფო გვარის უღელს გაურბოდა, თანამედროვის მოწმობით, კოვალენსკის ნათესავების მიერ დადებული უფრო მძიმე უღელი მიიღო, რომელთაც მთავრობაში უმთავრესი ადგილები ეკავათ (Следственное дело надъ Коваленскимъ).

«კოვალენსკი ჩაგრავს იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთის მომხრეები არიან, იმყოფება რა მჭიდრო კავშირში სამეფო საგვარეულოსთან, რომელიც თავის ჩანაფიქრებში მონაწილეებს მფარველობს და მათთვის მმართველის წინაშე შუამდგომლობს». ისპრავნიკები, მგზავრობდნენ რა სოფლებში, გლეხებს უკრძალავდნენ თავიანთ მემამულეებს დამორჩილებოდნენ და მათთვის გადასახადები ეხადათ, ეუბნებოდნენ რა, რომ ისინი სახელმწიფო გლეხების შემადგენლობაში შევიდნენ და გადასახადებს მხოლოდ ხაზინას უნდა უხდიდნენ, მაგრამ ეს თავად ისპრავნიკებს ხელს არ უშლიდა იმაში, რომ გლეხებისგან მიეღოთ ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა. ქართველებს ყველა მათი მოთხოვნა სიტყვაშეუბრუნებლად უნდა შეესრულებინათ, იმიტომ რომ თავიანთ გასაჭირში არსად თავშესაფრის გამოძებნა არ შეეძლოთ, «ვინაიდან სადაც არ მიმართავენ, ყველგან ნახულობენ ან კოვალენსკის ნათესავებს, ან მის მომხრეებს, ან მოსამართლეებს სამეფო გვარისადმი ერთგული თავადებისა და აზნაურებისგან, რომლებითაც კოვალენსკიმ უმაღლესი მთავრობა აავსო» (Арх. Мин. Внутр. Делъ, дела Грузiи, ч. II, 360-363).

ქართველები საერთოდ ძალზედ უკმაყოფილონი იყვნენ კოვალენსკითა და მისი კერძო აღმასრულებლებით, «რომელთა დიდი ნაწილიც მასთან ნათესაობაში იმყოფება ან უწინდელი კავშირებით მისდამი ერთგულია და რომლებიც ბუნებრივად თავიანთ აღსრულებაში მისი წესებით ხელმძღვანელობენ და მისგან საყვედურების მიღების შიში არანაირ შემთხვევაში არა აქვთ. ეს მეთაური ანუ მმართველი, როგორც ცნობილია, მისდამი უზენაესად ჩაბარებული ხალხების მართვაში, შეუდგა რა უფრო მეტად უფართოეს სპეკულაციებს თავისი სარგებლისთვის, როგორც ჩანს, უფრო მეტ მზრუნველობას იჩენდა მათ შენარჩუნებაზე, ვიდრე ხალხის კეთილდღეობაზე; მან მიმართა კიდევ ცრუ და მავნებლურ პოლიტიკას, თავისი ისპრავნიკების მეშვეობით სხვადასხვანაირი შეგონებებით ეთესა ხალხში სიძულვილი რუსეთის მამაცი მხედრობისადმი, რომელიც მას იხსნის და მტრებისგან იცავს. თავისკენ იზიდავს ადამიანებს არა მართლმსაჯულების აღმოჩენით, არამედ ცდუნებით, შესაძლოა მხედველობაში ჰქონდა რა, ჯილდოების მოხვეჭა ამ გაუნათლებელი ხალხის სისუსტისა და მჩატე გონების ხარჯზე. და ბოლოს, გააბოროტა რა ხალხი და დათესა რა მასში ერთსულოვანი დრტვინვა და გოდება მთავრობაზე, იგი შეცდომაში ჩაითრია და, ასე ვთქვათ, აიძულა, რომ ხალხს მოქმედება მიზეზად მიეჩნია» (Изъ донес. Соколова 20-го января 1803 г. Арх. Мин. Иностр. Делъ, 1-5, 1802-3, № 1).

საერო (ადგილობრივი) პილიციის ინსტრუქციაში გადმოცემული წესი, რომ არავის გაებედა ხალხი, დადგენილის გარდა, სხვა რაიმენაირი გადასახადებით დაემძიმებინა (Акты Кавк. Арх. Комм., изд. 1866 г., т. I, 451), სულ თავიდანვე არ სრულდებოდა. ზუსტად ასევე არ სრულდებოდა ის დადგენილებაც, რომლის მიხედვითაც საერო პოლიციის წევრები ვალდებულნი იყვნენ, გამოძიების წარმოებისთვის, შემთხვევის ადგილზე წასულიყვნენ, იმისთვის, რათა მცხოვრებნი მათი სამუშაოებისგან არ მოეწყვიტათ. ამის საპირისპიროდ, მხოლოდ ეჭვის გამო მაცხოვრებლებს ხელს სტაცებდნენ, ზურგს უკან ხელებს უკოჭავდნენ, კისერზე ყულფს ჩამოაცმევდნენ და როგორც სისხლის სამართლის დამნაშავეები 50 ვერს და მეტ მანძილებზე ფეხით მიჰყავდათ. მოხელეებსა და ოფიცრებს ქალები და ქალწულები სოფლებიდან ძალით მიჰყავდათ და აუპატიურებდნენ.

იქაური მმართველობის საერთო დასუსტება და დაჟინებულობა სულ უფრო მეტად ვლინდებოდა (კავკასიიდან წერილების უცნობი ავტორი /«Русскiй Вест.» 1865, № 10, стр. 713/ თუმცა კი ამბობს, რომ კოვალენსკის დროს მმართველობის ფორმები უფრო მარტივი იყო, «ხარჯები ნაკლები და ამასთან ერთად ნაკლები არეულ-დარეულობაც საქმეებში, მაგრამ მას, სამწუხაროდ, არ შეიძლება დავეთანხმოთ»). ქართველები დღითი-დღე სულ უფრო მეტ შევიწროვებებს განიცდიდნენ. სამხედრო უფროსები ქვეყნის საშინაო მართვაში ერეოდნენ. თვითნებურად, თავიანთი ახირებების მიხედვით, საზიდრებისა და ცხენების განწესს აკეთებდნენ; მგზვრობის ფულს არ იხდიდნენ, მცხოვრებლებისთვის «საქონლის, შინაური ფრინველის, ნაყოფებისა და სხვათა წართმევას უშვებდნენ». ლაზარევი იძულებული შეიქნა მკაცრი ბრძანება დაეწერა და ჯარებისთვის გამოეცხადებინა, რომ მცხოვრებთა შეურაცხყოფასა და მათზე ძალადობაში დამნაშავეები სამაგალითოდ დაისჯებიან (Акты Кавк. Арх. Комм., т. I, 412, № 516).

ქვეყნის მდგომარეობა არაბუნებრივი იყო. ხალხი უკიდურესად უკმაყოფილო გახლდათ და ჩიოდა «წვრილი მოხელეების მრავალრიცხოვნებაზე, რომლებიც თავიანთი ჯამაგირით აქაურ შემოსავლებს ნთქავენ». უბრალო ხალხი გაღატაკებას განიცდიდა, ჩვენდამი ერთგული თავადები უკმაყოფილონი იყვნენ იმით, რომ არა მხოლოდ დაუსაჩუქრებელნი დარჩნენ, არამედ ის წარჩინებაცა და შემოსავლებიც კი დაკარგეს, რომლებიც თავიანთი ადგილების მიხედვით ჰქონდათ. ამის საპირისპიროდ, ბევრნი «რუსეთის მოწინააღმდეგეთაგან წარჩინებით ან ჯამაგირით იქნენ დაჯილდივებულნი» (Письмо графа Мусина-Пушкина Трощинскому 20-го августа 1802 г., № 61. Тамъ же, стр. 398, № 502), მაგრამ ჯილდოებმა ისინი რუსეთის მთავრობასთან ვერ დააკავშირა, არამედ მხოლოდ მმართველისადმი დამოკიდებულება გაუძლიერა (а усилили лишь одно исканiе въ лице правителя).

ქართველების საყოველთაო დრტვინვამ პეტერბურგამდე და იმპერატორ ალექსანდრემდე მოაღწია. ისარგებლა რა საგარეო საქმეთა კოლეგიიდან კოლეგიის მრჩევლის სოკოლოვის იმერეთში გაგზავნით, პეტერბურგის კაბინეტმა მას დაავალა საქართველოში საქმეების მდგომარეობას გაცნობოდა და თავისი შენიშვნები პეტერბურგში ჩამოეტანა. საგანგებო საიდუმლო ინსტრუქციაში სოკოლოვს ევალებოდა (Секретная инструкцiя Соколову. См приложенiе № 1): «აქ მოსული ხმების გამო, ქართველის ხალხისა და განსაკუთრებით იქაური თავადაზნაურობის უკმაყოფილებისა და დრტვინვის შესახებ იმ პირებზე, რომელთაც უზენაესად რუსეთის იმპერიისადმი შემოერთებული ამ სამეფოს ახლანდელი განათლების მოქმედებაში მოყვანა აქვთ დავალებული, საჭიროა, რათა თქვენ გულდასმით მიაქციოთ ყურადღება ყველაფერს, რაც იქ ხდება». სოკოლოვს მოვალეობად დაეკისრა ყოველივეს შესახებ დაწვრილებით მოეხსენებია და «ჟურნალი ან ყოველდღიური ჩანაწერები ეწარმოებია».

არ იცოდა რა სოკოლოვისთვის მიცემული დავალების შესახებ, მაგრამ ხედავდა მასში ზედმეტ და თავისთვის სახიფათო თვალს, კოველენსკი ურჩევდა მას რაც შეიძლებოდა სწრაფად გამგზავრებულიყო იმერეთში და იქიდან, არ შემოივლიდა რა საქართველოში, პირდაპირ კავკასიის ხაზზე წასულიყო. «დროის სიმცირე, – წერდა კოვალენსკი სოკოლოვს (В письме отъ 30-го iюля 1802 г. Арх. Мин. Ин. Д., 1-5, 1802-3 гг., № 1), – არ მაძლევს საშუალებას თქვენ აქაური გარემოებები საფუძვლიანად აგიხსნათ, ამიტომ ამოვიღებ მათგან იმათ, რომლებიც თქვენ შეიძლება გეხებოდეთ. მე გირჩევდით თქვენი უკან დაბრუნებისას პირდაპირი გზით გამგზავრებულიყავით (როგორც ეს, ისე შემდეგი ფრაზაც, დედანშია ხაზგასმული). საქმეების შინაგანი მდგომარეობა საქართველოში, თუმცა კი კახეთში რამდენადმე შეირყა, მაგრამ ამ რჩევის საბაბი ეს არ არის, არამედ კავკასიის ხაზთან კომუნიკაციის შეწყვეტა, ჩვენს წინააღმდეგ ოსების ამხედრებით, რომლებიც აქედან (რუსეთში) მიმავალ პირდაპირ გზაზე ცხოვრობენ, არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ, როგორც ჩანს, აქედან თქვენი გამგზავრება უსაფრთხო შეიძლება არ იყოს».

მიიღო რა ეს წერილი, სოკოლოვმა კოვალენსკის სიტყვებს დაუჯერა და, არ შეუვლია რა საქართველოში, პირდაპირ იმერეთში გაემგზავრა.

დანართი 

საგანგებო საიდუმლო ინსტრუქცია კოლეგიის მრჩეველს სოკოლოვს 

მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის სიგელით იმერეთის მეფე სოლომონთან თქვენი გაგზავნისას იმ საგანზე, რომელიც თქვენდამი მოცემულ ინსტრუქციაშია განმარტებული, ხელმწიფე იმპერატორის უზენაესი ნება იყო ებრძანებია ჩემთვის დაგაკისროთ კიდევ უმნიშვნელოვანესი დავალებაც, რომლის აღსრულებასაც, სამსახურისადმი თქვენი გულმოდგინებისა და მოშურნეობის მიხედვით, მოვალე ხართ შეუდგეთ უდიდესი წინდახედულებით, რის შედეგადაც გავალებთ:

1) თუ თქვენი მგზავრობისას მთიელი თავადები, მფლობელები, სპარსელები და სხვები იქაური ხალხებიდან წარმოგიდგენენ (გეტყვიან) თქვენ თავიანთ საჭიროებათა ან მათ მიერ განცდილი რაიმენაირი შევიწროვებების შესახებ, მიიღებთ რა მათ ალერსიანად, თითოეულს ყურადღებით მოუსმინეთ და აქ დაბრუნებისას ყოველივეს შესახებ მოსახსენებლად თქვენთვის ჩაიწერეთ. ხოლო თუ ისინი თქვენ წერილობით თხოვნებსაც გადმოგცემენ, მაშინ ისინიც, მიიღებთ რა მათგან, აქ ჩამოსვლამდე თქვენთან შეინახეთ. მათ ქვეშ იგულისხმებიან ის აზიელი ხალხებიც, რომლებიც რუსეთის ფარგლებში ცხოვრობენ, როგორი წოდებისა და სარწმუნოებისაც ისინი არ უნდა იყვნენ, რუსეთის იმ მცხოვრებთა გამოკლებით (исключая россiянъ), რომლებიც სამოქალაქო კანონების ჩრდილქვეშ იმყოფებიან და საგარეო საქმეთა სახელმწიფო კოლეგიის განმგებლობაში არ შემოდიან.

2) აქ ჩამოსული ხმების გამო ქართველი ხალხისა, და განსაკუთრებით კი იქაური თავადაზნაურობის უკმაყოფილებისა და დრტვინვის შესახებ იმ პირებზე, ვისაც უზენაესად დავალებული აქვთ მოქმედებაში მოიყვანონ რუსეთის იმპერიისადმი შემოერთებული ამ სამეფოს ახლანდელი განათლება, საჭიროა, რათა თქვენ ყველაზე უფრო მეტი გულმოდგინებით მიაქციოთ ყურადღება ყველაფერს, რაც იქ ხდება, შეეცდებით რა უდიდესი სიფრთხილით დაზვეროთ (გაარკვიოთ), თუ რა მიზეზებს შეეძლოთ ხალხში უკმაყოფილება და ჩივილი გამოეწვიათ (მოეხდინათ); ხომ არ არის მათ საქმეებში რაიმე განსაკუთრებული საგანი, რომლის მიმართაც ხალხის სულს უფრო მეტი მიდრეკილება გააჩნია, რისთვისაც, საქართველოს გავლით თქვენი მგზავრობისას, და განსაკუთრებით კი იმერეთიდან თქვენს უკანა გზაზე, როცა თქვენ დასვენების საბაბით გარკვეული ხნით ბატონიშვილთან ტფილისში გაჩერდებით, შეგეძლებათ სარგებლით გამოიყენოთ თქვენთან გამწესებული კოლეგიის ასესორი იაკოვლევი, მის მიერ ქართული და სომხური ენების ცოდნის გამო, ყოველივე ამის შესახებ ფარულად დაზვერვისთვის, სადაც და ვისთანაც ეს შესაძლებელი იქნება. ეს იაკოვლევი, რომელიც ამაზე უწინ საქართველოში იმყოფებოდა და აქვს რა იქ ბევრთან ნაცნობობა, და ამიტომ ამ ხალხის ხასიათის ცოდნაც, უნდა ეცადოს შეიძინოს იქაურ მაცხოვრბელთა მისდამი გულახდილობა, და ამის მეშვეობით კი ოსტატურად დაზვეროს ყველაფერი ზემოაღნიშნული საგნების მიხედვით და ყოველივეს შესახებ თქვენ დაწვრილებით მოგახსენოთ, რომლიდანაც თქვენ უკვე უნდა შეადგინოთ ჟურნალი ანუ ყოველდღიური ჩანაწერები.

3) როცა საქარველოს გავლით თქვენი მგზავრობისას, თქვენ მრავალი სალმით ესტუმრებით ქვრივ დედოფლებს, მეფის ძეებსა და მეფის ასულებს, თუ რომელიმე მათგანი ან ვინმე იქაური თავადაზნაურებიდან თქვენ წარმოგიდგენენ, რომ მათ სამშობლოში ახლანდელ გარემოებათა გამო, წაერთვათ უწინდელი თავიანთი შემოსავლები და სარგებელი, და რომ საქართველოში მთავარი უფროსის მიერ მათთვის განსაზღვრული შენახვის თანხები საკმარისი არ არის, თქვენ მათ უნდა უპასუხოთ, რომ მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა საქართველს სამეფოს რუსეთის იმპერიისადმი შემოერთებაში სხვა მიზნებითა და გრძნობებით არ ყოფილა წახალისებული, თუ არა ერთადერთი მხოლოდ სურვილით შეამსუბუქოს ამ ქრისტიანი ხალხის ხვედრი და სავალალო მდგომარეობა მასთან მოსაზღვრე ურწმუნო ხალხების ხშირი თავდასხმებისგან და უბოძის მას სიმშვიდის ურყევი საფუძველი და უსაფრთხოება, და რომ ყველაზე უფრო მომწიფებული მოსაზრების მიხედვით მათი კეთილდღეობის აღსრულების ერთადერთ საშუალებად რჩებოდა რუსეთის იმპერიისადმი მისი შემოერთება. რომ როცა მისი იმპერატორობითი უდიდებულესობისადმი მთავარსარდლის მიერ იქნება წარდგენილი საფუძვლიანინ მოხსენება ყველაფრის შესახებ, თუ სამართლისა და იქაური კანონების მიხედვით ვის რა ეკუთვნოდა, მაშინ ყოველივეს თაობაზე გაცემულ იქნება საფუძვლიანი განკარგულება, რომლის მიხედვითაც განაწყენებული არავინ დარჩება და ყველა იმ უფლებით ისარგებლებს, რომლებიც კანონების მიხედვით ერთგულ ქვეშევრდომებს შეიძლება ეკუთვნოდეთ.

4) თუ ზოგიერთი ბატონიშვილი თქვენ განგიმარტავთ, რომ მათ შესახებ სხვადასხვანაირი ცილისწამებებია გავრცელებული და მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის ყურამდე მოტანილიც, და რომ ისინი, წარმოდგენილი არაინ რა თავიანთი სამშობლოსადმი არაკეთილმოსურნეთა და ხელმწიფე იმპერატორის უზენაესი ხელისუფლებისადმი ურჩების სახით, მისი უდიდებულესობის მრისხანების გამო შიშობენ, მაშინ ეცადეთ ისინი დაარწმუნოთ, რომ ხელმწიფე იმპერატორისათვის ასეთი ეჭვები დამახასიათებელი არ არის, და რომ მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა ყველა შემთხვევაში და ყველა საქმეში ავლენს თავის დიდსულოვნებასა და გულმოწყალებას.

5) ტფილისში თქვენი ყოფნის დროს, ეცადეთ შეიტყოთ ქართველი ბატონიშვილების, გარდაცვლილი ერეკლე მეფის შვილების, ადგილსამყოფელის შესახებ, რომლებიც დღემდე იმერეთის ფარგლებში იმყოფებიან, და ამის თანაბრად შეიტყოთ მათი აზრების მიმდინარეობათა შესახებაც; და თუ მოგიწევთ რომ მათი სამშობლოს ახლანდელ გარემოებათა თაობაზე მათთან რაიმენაირი სახით პირადი ახსნა-განმარტება გქონდეთ, მაშინ ყველა შემთხვევაში ეცადეთ მათ ჯეროვნად აგრძნობინოთ, რომ, ხელმწიფე იმპერატორის მფარველობისგან მათი წასვლის ნაცვლად, მათთვის გაცილებით უფრო სასარგებლო იქნებოდა ეს მფარველობა მოეძიებინათ, რაშიც მათთვის საუკეთესო მტკიცებას წარმოადგენენ: მათი ძმა, მირიან ბატონიშვილი და ძმისწულები: იოანე, ბაგრატ და მიხეილ ბატონიშვილები, რომლებიც იმპერატორის წყალობითა და სრული კეთილდღეობით ნეტარებენ.

6) თქვენთვის ცნობილია, თუ როგორი შემობრუნება ჰპოვა საქმემ არარატის ეპარქიებში სომეხთა მთავარეპისკოპოსის დავითის არჩევის შესახებ და როგორ გარემოებათა გამო მის ნაცვლად ამ პატივში მანამდე არჩეული მთავარეპისკოპოსი დანიელი იქნა უზენაესად დამტკიცებული (ამ არჩევის შესახებ იხ. ტ. IV); ამიტომ თუ ვინმე სასულიერო ან საერო სომეხთაგან თქვენ ამის საპირისპიროს მტკიცებას დაგიწყებთ, მაშინ ამ შემთხვევაში თქვენ მტკიცედ უნდა უპასუხოთ, რომ რამდენადაც ჯერ კიდევ პატრიარქ ლუკას სიკვდილის დროს ყველა სომხის საერთო-სახალხო სურვილი იყო ცნობილი, რომ მის მონაცვალედ დანიელი ჰყოლოდათ, და რომ უძველესი დროიდან არსებული უფლებების მიხედვით, ამ ღირსებაში არჩევა მთელი სასულიერო წოდებისა და მთელი სომეხი ხალხის ხმით ხდებოდა, ხოლო ზოგიერთთა ხრიკებით ამ ღირსებაში დავითი იქნა აყვანილი, ვითომდა ამის შესახებ განსვენებული იოსების ანდერძის ძალით, მაგრამ მისმა იმპერატორობითმა უდიდებულესობამ, დაინახა რა მთელი სომეხი ხალხის ბევრი თხოვნიდან, რომ დავითმა ეს წმინდა ღირსება ძალადობრივად შეიძინა, და რომ მის არჩევაზე ანდერძი არასოდეს არსებობდა, და ასეთი რამ ხალხის უფლებათა დარღვევის გარეშე არც შეიძლებოდა ყოფილიყო, ამდენად დამაჯერებელი მიზეზებისა და მთელი სომეხი ხალხის მიერ ერთხმად გამოთქმული სურვილის პატივსაცემად, ასევე ოტომანის პორტას მიერ პატრიარქის ღირსებაზე დანიელისთვის უკვე მიცემული ბარათის შედეგადაც, ინება თავისი უავგუსტესი წინაპრების მაგალითის მიხედვით ეს პატრიარქი თავისი საიმპერატორო სიგელისა და უზენაესი მფარველობის ღირსი გაეხადა, და რომ ამისთვის სომეხი ხალხი მოვალეა, არ ცდუნდება რა ჭეშმარიტი გზიდან, დანიელი თავის კანონიერ პატრიარქად აღიაროს და მას ჯეროვანი მოწიწება და დახმარება აღმოუჩინოს, რათა ამით თავისი უწინდელი ცდომილება გამოასწოროს.

7) შეიძლება მოხდეს, რომ ერევნის ხანმა რომელიმე ქართველის ან სომხის მეშვეობით გამოგითქვათ თავისი სურვილი მონარქის მაღალი წყალობისა და მფარველობის მოძიების შესახებ, ვინაიდან ასეთი რამ მისი მხრიდან ბატონ გენერალ-ლეიტენანტ კნორინგისათვის უკვე იქნა გამოქმული, რომელმაც ამის შესახებ მის იმპერატორობით უდიდებულესობას უკვე მოახსენა, მაშინ ასეთ შემთხვევაში თქვენ უპასუხეთ, რომ ხელმწიფე იმპერატორი თავს არასოდეს არიდებს სიკეთის გაკეთებას, რა რადგანაც ხანი რუსეთის იმპერიასთან ასეთ ახლო მეზობლობაში იმყოფება და ყოველთვის საქართველოს მეგობარი იყო, ამიტომ ხელმწიფე იმპერატორისათვის, რა თქმა უნდა, სასიამოვნო იქნება თავისი მფარველობით ღირს ჰყოს როგორც თავად იგი, ისე მისი ძალაუფლების ქვეშ მყოფი მთელი ხალხიც, რათა ამის მეშვეობით მის სამფლობელოს კეთილდღეობითი სიმშვიდე მოუტანოს.

8) თუ ასევე ვინმე ერევნის ხანის პირთაგან ამა თუ იმ სახით დაგიწყებთ ახსნა-განმარტებებს პატრიარქად დანიელის არჩევის შესახებ, მაშინ თქვენს პასუხებში იხელმძღვანელეთ ამ საგანზე თქვენდამი წინა (6) პუნქტში მოწერილით, დაუმატებთ რა მას, რომ რადგანაც თავდაპირველი სომხური ეკლესია და საპატრიარქო ტახტიც ეჩმიაძინში მისი, ხანის სამფლობელოებში შედგებიან, ამიტომ მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა იმედოვნებს, რომ მისი მაღალღირსება ყველანაირად შეეცდება, როგორც ღვთის ეკლესიას, თავად პატრიარქს, სასულიერო წოდებას, ისე მთელ სომეხ ხალხსაც მასზე დამოკიდებული ყველანაირი დახმარება და დაცვა აღმოუჩინოს, მით უმეტეს, რომ მისი ძალაუფლების ქვეშ მყოფი ხალხის კეთილდღეობით მისი საკუთარი ძალა და ძალმოსილებაც იზრდება.

9) აქვე დართული წერილიდან თქვენ იხილავთ, თუ როგორ ეწყალობა ყოვლადმოწყალედ წმ. ალექსანდრე ნეველის ორდენი ოდიშისა და ლეჩხუმის მთავარს დადიანს, და როგორი ცვლილებები შეემთხვა ამის შემდეგ ამ მფლობელს, რომელთა გამოც ჩემგან ბატონ გენერალ-ლეიტენანტ კნორინგს განმეორებით ეცნობა უზენაესი ბრძანება, რათა მან ოდიშისა და ლეჩხუმის მფლობელთან მომხდარი არასასურველი შემთხვევის ნამდვილი მიზეზების გარკვევამდე, აღნიშნული ორდენი მომავალში მიღებულ ბრძანებამდე თავისთან შეინახოს. ზედმეტი არ იქნება თუ თქვენ გამოიჩენთ მცდელობას თავად იმერეთში, დაზვეროთ, ზუსტად როგორი ჩანაფიქრით იქნა თავადი დადიანი, რომელმაც საკუთარ თავზე იმერეთის მეფის რისხვა დაიტეხა, განდევნილი თავისი ოლქიდან, და ეს მისი განდევნა სამართლიანობის მოქმედებაა თუ მხოლოდ ძალადობისა სოლომონ მეფის მხრიდან. მიცემულია ს.-პეტერბურგში 1802 წ. 27 მაისს. 

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment