Wednesday, August 10, 2016

აკადემიკოსი დუბროვინი კნორინგის მოხსენების, სახელმწიფო საბჭოს მიერ მისი განხილვის, ალექსანდრე I-ის მანიფესტისა და საქართველოს საშინაო მმართველობის დებულების შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ნიკოლოზ დუბროვინის წიგნის «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе» /томъ III, Сатктпетербургъ, 1886/ შესაბამისი თავის თარგმანს)



თავი XIX 

(კნორინგის აზრი საქართველოს საშინაო და საგარეო მდგომარეობის შესახებ. – სახელმწიფო საბჭოს 1801 წ. 8 აგვისტოს სხდომა. – მისი წევრების აზრი საკითხზე რუსეთისადმი საქართველოს შემოერთების შესახებ. – მანიფესტი საქართველოს შემოერთების შესახებ. – დებულება ქვეყნის საშინაო მმართველობის შესახებ.)

ოცდაორი დღე დაჰყო კნორინგმა საქართველოში.

15 ივნისს იგი უკვე კავკასიის ხაზზე იმყოფებოდა და ს.-პეტერბურგში გამომგზავრებას აპირებდა.

მისი აზრით, საქართველოს საშინაო და საგარეო მდგომარეობა ისეთი იყო, რომ მხოლოდ თავისი ძალებით მას არ შეეძლო წინ არც სპარსეთის ძალაუფლებისმოყვარულ პრეტენზიებს აღდგომოდა, არც თავისი გარემომცველი მთიელი ხალხების თარეშები მოეგერიებინა. აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის შემდეგ საქართველო ისეთი სუსტი იყო, რომ 61000 ოჯახიდან, რომლებიც შემოსევამდე მოითვლებოდა, ახლა მასში 35000 ოჯახი ძლივსღა თუ იქნებოდა (Рапортъ Кнорринга Государю Императору 28-го iюля 1801 г. Арх. Мин. Внутр. Делъ, дела грузинскiя. Кн. 1. См. также Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, стр. 425).

საქართველოს გარეშე მტრების მოქმედებები და საქციელი არ შეიძლებოდა ჩვენს მთავრობას საგანგებო ყურადღებად არ მიეღო. სამეფო ესაზღვრებოდა: აღმოსავლეთში ავარებს, ლეკებსა და სხვა დაღესტნელ ხალხებს; დასავლეთში თურქულ სამფლობელოებსა და იმერეთს; სამხრეთში განჯისა და ერევნის სახანოებს; ჩრდილოეთში კი სხვადასხვა კავკასიელი ხალხებით იყო შემორკალული, რომლებიც ჩვენს კავკასიის ხაზს ემეზობლებოდნენ.

ჩრდილოეთიდან საქართველოს დიდი საფრთხე არ ემუქრებოდა, მაგრამ აღმოსავლეთისა და სამხრეთის მხრიდან კი იგი დაღესტნელი ხალხებისა და განჯის ხანის განუწყვეტელ თავდასხმებს განიცდიდა. უკანასკნელი შამშადილის პროვინციაზე, რომელიც დიდი ხანია ქართული იარაღით იყო შეძენილი, თავის უფლებებს ეძიებდა. ავარებისა და ლეკების მრავალრიცხოვანი ძალები ყოველთვის მავნებელი იყო საქართველოსთვის. ცხოვრობდნენ რა ძარცვითა და ყაჩაღობით, დაკავებული იყვნენ რა განუწყვეტლად ომით – ან დაქირავებით, ან ნადავლის მიღების იმედით – ეს ხალხები მრავალრიცხოვან ბრბოებად იჭრებოდნენ საქართველოში, რომლის გახსნილი საზღვრებიც ამისთვის არანაირ სიძნელეს არ წარმოადგენდა. მთები და ტყეები ქვეყნის შიგნით და მზა ჯარების არყოლა ლეკების ქურდულ შემოჭრებს ახალისებდა. მაცხოვრებლებს, რომელთაც თავისთან დამაკმაყოფილებელი იარაღი არ გააჩნდათ, თარეშები თავად უნდა მოეგერიებინათ. განჯის მხრიდან საქართველო, ასევე, არც ბუნებრივ და არც ხელოვნურ დაბრკოლებებს არ წარმოადგენდა. გზა სპარსელებისთვის ისე მოხერხებული და ღია გახლდათ, რომ ისინი ერთ დღეღამეში განჯიდან ტფილისის კედლებთან შეიძლებოდა გამოცხადებულიყვნენ. განჯის ხანი სპარსელთა საუკეთესო მეგზურად ითვლებოდა: მან ტფილისთან აღა-მაჰმად-ხანი მოიყვანა, საქართველოში მისი შემოჭრისას.

თურქები თუმცა კი თავის თავად თავდასხმებს არ ახდენდნენ, მაგრამ მოსაზღვრე ფაშები, უფროსობდნენ რა ოლქებში მემკვიდრეობით და ინახავდნენ რა თავიანთ საკუთარ ჯარს, მას ლეკებითა და სხვა დაღესტნელი ხალხებით აკომპლექტებდნენ. ჩვეულებრივი თვითნებობისა და მოუთვინიერებლობის გამო, ლეკები ზოგჯერ ახალციხის მხიდან ქართლში იჭრებოდნენ და მის სოფლებს არბევდნენ. მათ მოგერიებაში საქართველოს თვით თავისი თანატომელი იმერლების იმედიც არ შეიძლებოდა ჰქონოდა, რომლებიც მათ სარგებელზე უფრო უფრო მეტ ზარალს აყენებდნენ. იმერელთა ქცევები აღა-მაჰმად-ხანის შემოჭრისას მოწმობს, თუ რამდენად შეეძლო საქართველოს მათ დახმარებას დაყრდნობოდა.

თავად ქართველებს კი არ შეეძლოთ მოწინააღმდეგეს წინ აღდგომოდნენ. ხალხი თავადაზნაურობის მხრიდან უკიდურესად დამონებული გახლდათ, რომელიც (თავადაზნაურობა) მხოლოდ საკუთარ სარგებელს მიჰყვებოდა. თავადებისა და აზნაურთა უმრავლესობა ორ მტრულ პარტიად იყოფოდა. იულონ და დავით ბატონიშვილები ამ ორი პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, რომელთაგან უფრო მრავალრიცხოვანი იულონის პარტია ჩანდა. ორივე მხარეს ერთი-მეორისთვის დათმობა არ უნდოდა, და საქართველოს, მისცემდა რა ერთერთ ბატონიშვილს ტახტს, წინასწარ სასტიკი სისხლისღვრა და ძმათაშორისი ომი უნდა გადაეტანა, და მაშინ უკვე «თავისი სამწუხარო ნარჩენებისგან თვითმყოფადი სამეფოს სუსტი აჩრდილი შეედგინა», იმისთვის, რათა ან სპარსელების თვითმპყრობელობას ჩავარდნოდა ხელში, ან კიდევ სხვა მტაცებელი ხალხების ძარცვა-რბევა განეცადა.

გასაკვირი არ არის, რომ მოწინავე ადამიანებს, ქართველი ხალხის წარმომადგენლებს, დიდი ხანია სურდათ საქართველო რუსეთის დაცვის ქვეშ გადმოეცათ. ერეკლე II ერთერთი პირველი გახლდათ, რომელმაც თავისი სამეფოს სწრაფი დაღუპვა წინასწარ შეიგრძნო (предвидел). იგი ჯერ კიდევ იმპერატრიცა ეკატერინე II-ს თხოვდა ნებართვას პირადად შეხვედროდა გრაფ გუდოვიჩს, იმ საქმეებზე ახსნა-განმარტებისთვის, რომლებიც რუსეთისა და «კავკასიის ქვეყნის» ინტერესებს შეეხებოდა. აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის გამო ეს პაემანი ვერ შედგა. ერეკლე II-ის მონაცვალე, მისი ვაჟი გიორგი, თავისი მამის სურვილსა და შეხედულებებს იზიარებდა და, კარგად იცოდა რა ქვეყნის მდგომარეობა, თავისი ხალხის თვისებები, სამეფო ოჯახში უკვე დაწყებული უთანხმოებები, მას ესმოდა, რომ საქართველო გარედან დახმარების გარეშე ძმური სისხლის ნაკადებში ჩაიღრჩობა. გიორგიმ ამჯობინა, საერთო კეთილდღეობა თავისი ძმებისა და ნათესავების ძალაუფლებისმოყვარეობისათვის მსხვერპლად არ შეეწირა, არამედ ქვეყანა რუსეთის ქვეშევრდომობაში მოეცა. მოუწოდა რა, თავისი ნათესავებისგან საიდუმლოდ, თავადებს ჭავჭავაძეს, ავალიშვილსა და ფალავანდიშვილს, მან მათ თავის სულში დამალული სურვილი გაანდო, მოქმედებათა ინსტრუქცია გადასცა და პეტერბურგში გამოგზავნა...

თავად ბატონიშვილებიც კარგად აცნობიერებდნენ როგორც თავიანთ მაშინდელ მდგომარეობას, ისე ქვეყნის მდგომარეობასაც, რომელიც მათ მიერვე ირბეოდა. ჯერ კიდევ 1801 წლის დასაწყისში ვახტანგ ბატონიშვილი, შეიტყო რა იმპერატორის სურვილის შესახებ, რათა საქართველოს მეფედ არავინ არ ყოფილიყო დამტკიცებული, სხვათა შორის კნორინგს წერდა, «რომ ასეთი ცნობა მისთვის მეტად სასიამოვნოა». «და ამის გარეშეც, – უმატებდა იგი, – რუსეთის იმპერატორი არის ჩვენი ხელმწიფე, ხოლო ჩვენ კი მისი ქვეშევრდომები და მონები ვართ, და მე ჩემთვის დიდ ბედნიერებად ვთვლი, რომ საქართველოში მეფედ არავინ არ იყოს».

ბატონიშვილი იმაზე მიუთითებდა, რომ თუ მაინც იმპერატორის ნების წინააღმდეგ იქცევა, ამაზე იგი მოწინააღმდეგეთა, დავით ბატონიშვილის და მისი ნათესავების, მიერაა იძულებული.

«ეს რომ არ ყოფილიყო, – წერდა იგი, – და ჩვენ საგანთა ნამდვილი მდგომარეობა გვცოდნოდა, მე წინააღმდეგობას არაფერში არ გაგიწევდით, არამედ, პირიქით, ამ საქმის გამო მოხარული ვიქნებოდი; და ჩემი სხვა დანარჩენი ძმებიც, ვფიქრობ, თქვენს მიერ შეტყობინებულ უზენაეს ნებას ასევე მიიღებენ» (Изъ письма царевича Вахтанга Кноррингу 7-го февраля 1801 г. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, стр. 263).

«მე ვერ გავბედავ ვამტკიცო, – მოახსენებდა კნორინგი (Арх. Мин. Внутренныхъ Делъ, по Деп. Общ. Делъ. Дела Грузiи, кн. I), – რომ უმაღლესი წოდების ყველა ადამიანი იმპერიისადმი საქართველოს შემოერთებას უწინაც და ახლაც გულგრილად უყურებდეს. საქართველოს თავადაზნაურობაში აღმოჩნდება მსურველთა ნახევარი, რომ თავიანთ ზემოთ იხილონ მეფე და სახე თავიანთი უწინდელი მმართველობისა, რათა მხოლოდ შეინარჩუნონ უფლებები, მემკვიდრეობით ღებულობდნენ ღირსებასა და მასთან შეუღლებულ შემოსავლებს, რომლებსაც ბატონიშვილები ერთის მხრივ აცდუნებენ და მეორეს მხრივ კი ცვლილებებით მოჩვენებითად აშინებენ, და რომლებიც, თუმცა კი, საქართველოში ჩემი ყოფნის დროს თავიანთ გრძნობებს უთქმელად ინახავდნენ. მაგრამ ყველა დანარჩენს, რომლებიც უფრო საფუძვლიანად ფიქრობენ, იციან რა თავიანთი სამშობლოს საშინაო და საგარეო მდგომარეობა, იციან, თუ რამდენად არამყარია თითოეულის ქონება ასეთ მმართველობაში, რომელშიც არ არის არც მყარი საფუძველი, არც საშუალებანი წყობილების შესანახად, რომლებიც მსჯელობენ, რომ უმჯობესია დათმონ თავიანთ უპირატესობათა ნაწილი და იყვნენ განუხრელი კეთილდღეობის ჩრდილქვეშ, ვიდრე, იქნებიან რა ყოველწუთიერ შიშში, ან შინაგანი მღელვარებებისგან, ან კიდევ მტაცებელი მეზობლებისგან სიცოცხლისა და საკუთრების დაკარგვას მოელოდნენ, გულწრფელად სურთ თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის ქვეშევრდომობაში იყვნენ.

ამრიგად, თუ თავისი სამშობლოსადმი არაკეთილმოსურნეთა ნაწილს – ვგულისხმობ ზოგიერთ ბატონიშვილსა და თავადაზნაურს – დავუპირისპირებთ მეორე ნაწილს, რომლებიც თავიანთ და თავიანთი სამშობლოს სარგებელზე უფრო უკეთ მსჯელობენ, და მას მივუმატებთ მთელ ხალხს, რომელსაც სწყურია სრულიად რუსეთის იმპერიის კანონების ქვეშ იყოს, მაშინ ამ უბედური ადამიანების გულითადი სურვილი, რომლებიც მთელ თავიანთ სასოებას თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის დიდსულოვნებაზე ამყარებენ, პატივისცემას იმსახურებს».

კნორინგის სიტყვები მალე გამართლდა. პირველივე ცნობების შემდეგ იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოდის, 17-მდე ქართული ოჯახი, რომლებმაც თავიანთი სამშობლო დროებით დატოვეს, მოვიდა ლაზარევთან თხოვნით ისინი საქართველოში დაესახლებინათ და მიწა გამოეყოთ. იმპერატორმა ალექსანდრემ ნება მისცა არა მხოლოდ ისინი მიეღოთ და მათთვის გამოეყოთ მიწა, არამედ ყველა იმათთვისაც, რომლებიც სამშობლოში მომავალში დაბრუნდებიან (Рескриптъ Кноррингу 28-го августа 1801 года. Акты Кавк. Арх. Комм., т. I, стр. 432).

ამრიგად, კნორინგის ადგილობრივი დაკვირვება საქართველოს შემოერთების აუცილებლობაზე მეტყველებდა. მას არ უხსენებია ამ დროს არც სარგებლის შესახებ, არც უხერხულობათა, რომლებიც რუსეთისთვის შეიძლებოდა წამოჭრილიყო, რომელიც ახალ ქვეშევრდომებს ღებულობდა. კნორინგმა ჩვენი საკუთარი ინტერესები განზე დატოვა. ამის საპირისპიროდ, გრაფმა მუსინ-პუშკინმა, რამდენიმე დღით ადრე, ახალი წერილი მიართვა (Письмо графа Мусина-Пушкина Беклешеву 11-го iюля 1801 года. Арх. Мин. Внутр. Делъ по Деп. Общ. Делъ. Дела грузинскiя, кн. I), რომელშიც ცდილობდა რუსეთის შინაგანი კეთილდღეობისთვის ამ შემოერთების მთელი სარგებლიანობა წარმოედგინა.

მისი აზრით, მდინარეების ვოლგის, დონის, დნეპრისა და ურალის გავლით შავ და კასპიის ზღვებთან შეტყობინების მოხერხებულობა და ამ უკანასკნელთა საქართველოსთან სიახლოვე, განსაკუთრებით სპარსეთთან და საერთოდ აზიასთან, კასპიის ზღვის მეშვეობით, ჩვენი ვაჭრობის მნიშვნელოვნად გაფართოების იმედს იძლეოდა.

გასული ასწლეულის დასაწყისში მთელი აბრეშუმი, რომელიც აზიიდან ევროპაში გადიოდა, აუცილებლობის გამო, არხანგელსკის გავლით მიემართებოდა, რომელიც ხელოვნურად იყო სავაჭრო ქალაქად გადაქცეული, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის მოუხერხებლობის მიუხედავად. არხანგელსკის გავლით შეტყობინების მოუხერხებლობამ აიძულა იმპერატორი პეტრე I სხვა გზა ეძია – კასპიის ზღვის მახლობლად. ინგლისელებიც ასევე თანაუგრძნობდნენ რუსეთის დიადი გარდამქნელის აზრებს, ცდილობდნენ რა მისი მეშვეობით მოეძიათ უსაფრთხო გზა კასპიის ზღვის ფარგლებისკენ, რათა შემდეგ ვოლგითა და ბალტიის ზღვით აზიასთან უმოკლესი სავაჭრო გზა ჰქონოდათ. მათმა უიღბლო მცდელობებმა ამ მიმართებით დასაწყისი დაუდეს ინდოეთის კომპანიას და გამოიწვიეს უზარმაზარი ხარჯები ინდოეთში ჯარების შესანახად («რუსეთის ისტორიისა და სიძველეთა საზოგადოების საკითხავებში» /1862 წ. წიგ. 2/ მოთავსებულია წერილი სათაურით: «იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და აფხაზეთის პოლიტიკური მდგომარეობა და ის ცვლილება, რომელიც რუსეთის ჯარების მოსვლას მოჰყვა». ასეთი ვრცელი სათაურის ქვეშ ტექსტის შვიდი გვერდია მოთავსებული, რომელიც შეადგენს ექსტრაქტს, თუმცა კი ძალზედ ზედაპირულს, ლიტვინოვის ჩანაწერებიდან, რომელიც თავად ციციანოვის მიერ იქნა გაგზავნილი იმერეთსა და სამეგრელოში იმერეთის მეფესა და სამეგრელოს დადიანს შორის შუამავლობისთვის. 

ლიტვინოვი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში მსახურობდა, თავად ციციანოვის თხოვნით გაგზავნილ იქნა საქართველოში, მისი კანცელარიის გაძლიერებისთვის, იყო ამ კანცელარიის მმართველი და შემდგომში საქართველოს მმართველადაც იქნა დანიშნული. მან თავის შემდეგ მეტად საყურადღებო ჩანაწერები დატოვა, რომელთა კარგი ასლიც მთავარი შტაბის არქივში ინახება. ამ ჩანაწერების ორიგინალი მე ხელთ არ მქონია. «საკითხავებში» მოთავსებული წერილი სიმოკლისა და აღწერილი მოვლენების არათანამიმდევრულობის გამო, ვერ შეიძლება დამაკმაყოფილებელ წყაროდ გამოდგეს, თუმცა კი პირთა გარკვეული დახასიათებისთვის სასარგებლოა. როგორც ჩანს, ეს ლიტვინოვის შავი ჩანაწერები გახლდათ. 

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ «საკითხავების» ამავე პატარა წიგნში მოთავსებული შემდეგი წერილიც: «მსჯელობა, საქართველოს, იმერეთისა და ოდიშის /სამეგრელოს/ შემოერთების სარგებელთა და უხერხულობათა შესახებ მთელ გარემომცველ ხალხებთან ერთად», ასევე ლიტვინოვს ეკუთვნის. ამ სათაურის ქვეშ, ასევე მეტად ვრცელისა, შვიდ გვერდზე გადმოცემლია გრაფ მუსინ-პუშკინის აზრის უარყოფა რუსეთისადმი საქართველოს შემოერთების სარგებლიანობის შესახებ. პუშკინის მოსაზრება ორჯერ იქნა /მთავრობაში/ მირთმეული: პირველ ჯერზე იმპერატორ პავლე I-დმი 1800 წელს, და მეორე ჯერზე კი – ალექსანდრე I-დმი 1801 წელს. უარყოფა, შინაარსის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, 1808 წლის შემდეგაა დაწერილი. მათ შორის შუალედი ბევრ რამეს გვიხსნის, ბევრი რამ გვასწავლა, და იმ ქვეყნებში მეტად მნიშვნელოვანი მოვლენები აღესრულა. რუსეთისადმი საქართველოს შემოერთების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას კი გრაფ მუსინ-პუშკინის /მოსაზრების/ გაბათილება, იქაური საქმეებისა და ხალხების სრულიად არცოდნის გამო, არავის არ შეეძლო).

თუ, ერთის მხრივ, იყვნენ პირები, რომლებიც გატაცებულნი იყვნენ იმ სარგებლით, რომელიც სინამდვილეში არ ყოფილა, თუ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და მისი სიმდიდრეები ზედმეტად იყო გაზვიადებული და შემდგომში არ აღმოჩნდა იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც ვარაუდობდნენ, მეორეს მხრივ, იყვნენ მოწინააღმდეგენიც, რომლებიც ასეთ სარგებელს უარყოფდნენ. გრაფები ვორონცოვი (ს. რ.), კოჩუბეი და თავადი ჩარტორიჟსკი საქართველოს შემოერთების წინააღმდეგნი იყვნენ. მათ მიერ ამ შემთხვევის გამო შედგენილი მოხსენება იმპერატორმა ალექსანდრემ განსახილველად სახელმწიფო საბჭოს გადასცა კნორინგის ანგარიშთან ერთად. 

სახელმწიფო საბჭოს 1801 წ. 8 აგვისტოს სხდომა ხმაურიანი გახლდათ. წევრების უმრავლესობა საქართველოს რუსეთთან შემოერთების მომხრე იყო. გრაფები ვორონცოვი, კოჩუბეი და თავადი ჩარტორიჟსკი არა მხოლოდ უარყოფდნენ ახალი შენაძენის სარგებლიანობას, არამედ ამბობდნენ, რომ იმპერიისადმი საქართველოს შემოერთება რუსეთის სარგებელს ეწინააღმდეგება. ჩარტორიჟსკი ამბობდა, რომ ქვეყნის ქვეშევრდომობაში მიღებით რუსეთის მის გარეშეც ზედმეტად ვრცელი საზღვრები კიდევ უფრო გაიზრდება, რომ მათ დასაცავად საჭირო მეტად მნიშვნელოვანი ხარჯები და სახსრები შეიქნება.

იცოდნენ რა, რომ საქართველო უშუალოდ არ ებჯინებოდა რუსეთის საზღვრებს, არამედ, ამის საპირისპიროდ, ჩვენდამი მტრული მოსახლეობის შუაში იმყოფებოდა, შეიძლებოდა დათანხმებოდნენ მისი შემოერთების მოწინააღმდეგეთა აზრს იმაში, რომ ქვეყნის დაცვა რუსეთს მნიშვნელოვან ხარჯებში ჩაითრევდა. მაგრამ მათ მიერ ამის სანაცვლოდ შემოთავაზებული ზომები კრიტიკას ვერ უძლებდა.

ვიცე-კანცლერი (ე. ი. გრაფი ს. რ. ვორონცოვი) უხსნიდა, რომ ასეთი შემოერთება უსამართლოდ მიაჩნია, იმიტომ რომ ბაგრატიონების საგვარეულო საქართველოში არჩევითი სახით კი არ მეფობს, არამედ მემკვიდრეობით, რომ ამიტომ სამეფოს შემოერთებას ძალადობის შესახედაობა ექნება.

თავადი ჩარტორიჟსკი ხალხის სამართლიან სურვილს უარყოფდა; იგი ხალხისთვის ხმის უფლებას არ აღიარებდა, მის უბედურ მდგომარეობას ყურადღებას არ აქცევდა. ამბობდა რა, რომ მნიშვნელოვანი საზღვარი თავდაცვისთვის მნიშვნელოვან სახსრებს მოითხოვს, იგი სთავაზობდა საქართველო ვასალობაში შეენარჩუნებინათ, რომელშიც იგი იმპერატრიცის ეკატერინე II-ის მიერ იქნა მიღებული; სთავაზობდა იქ მთელი ის ჯარები დაეტოვებინათ, რომლებიც ამ დრომდე იმყოფებოდნენ, და ტფილისში რწმუნებული დაენიშნათ, რათა მას საქართველოში განლაგებული ჯარების უფროსობა გაეწია. ახალგაზრდა და გამოუცდელი დიდგვაროვანი ადვილად მსჯელობდა ხალხის ბედის შესახებ და, უარყოფდა რა ერთ წინადადებას, როგორც უვარგისს, სთავაზობდა თავისას კიდევ უფრო მეტი ნაკლოვანებებით.

არ ვიტყვით რა იმის შესახებ, რომ თუ რუსეთი საქართველოს ვასალურ სამეფოდ აღიარებდა, მაშინ შინაგანი მოუწყობლობისა და გარეშე შემოჭრებისგან მისი დაცვა რუსეთს რა სახსრები დაუჯდებოდა, ჩვენ ჩარტორიჟსკის სიტყვებს მოვიყვანთ, რომლებიც თავადვე გვიჩვენებს მისი აზრის მცდარობას. იგი სთავაზობდა, რათა ჩვენს რწმუნებულს ჰქონოდა «მზრუნველობა სამეფო გვარის პირებს შორის კეთილი თანხმობის შესახებ, აგრეთვე მეფეთა თვითნებური საქციელისა და მოთხოვნებისგან ყველა მაცხოვრებლის დაცვის შესახებ. ხოლო ახლანდელი მტრობა დავით ბატონიშვილსა და მის ბიძებს, ერეკლე მეფის შვილებს, შორის დავაწყნაროთ ერეკლე მეფის ანდერძის მხარდაჭერით, რომელიც მისი გვარისა და მხარისთვის კეთილსასურველია, ვინაიდან მის შემდეგ მემკვიდრეობის წესისა და რიგის მიხედვით, რომელიც მასში ჯერ კიდევ მის სიცოცხლეშია გამოხატული, საქართველოს მთელმა ჩინოსნებმა საზეიმოდ ფიცი დადეს».

საბჭოს წევრებს არ შეეძლოთ ასეთ აზრს დათანხმებოდნენ. დატოვებდნენ რა საქართველოს დამოუკიდებლად, შუძლებელი იყო ისეთი საშუალებების გამოძებნა, რომელთაც შეეძლებოდათ სამეფო გვარის პირთა შერიგება, როგორც ურთიერთ შორის, ისე ხალხთანაც. ხალხს, რომელმაც გამოხატა სურვილი იყოს რუსეთის ქვეშევრდომი და ამით თავის წინააღმდეგ განაწყო ბატონიშვილები, კიდევ უფრო მეტ შევიწროვებათა მოლოდინი უნდა ჰქონოდა. შეეძლო კი ჩვენს რწმუნებულს მხოლოდ სიტყვებით, ძალაუფლების გარეშე, იგი ძარცვისა და რბევისგან დაეცვა? შეეძლო კი რუსეთის იმპერატორს, რომელმაც ერთხელ განაცხადა თანხმობა ქვეყნის თავის ქვეშევრდომობაში მიღებაზე, უარი ეთქვა ხალხზე, რომელიც მხოლოდ ერთგულებაზე ფიცის დადებას ელოდებოდა? მისი უარყოფითი პასუხი ხალხის ყველაზე უფრო მრავალრიცხოვან და უკეთეს ნაწილს ბატონიშვილების შურისძიებისა და ურთიერთშორის ბრძოლის მსხვერპლად გადააქცევდა.

ერთის მხრივ კნორინგის მოხსენება და გრაფ მუსინ-პუშკინის წერილი, რომელიც ფაქტებზე იყო დაფუძნებული, თუმცა კი მცდარ და გაზვიადებულ ფაქტებზე, და მეორეს მხრივ რუსეთისადმი საქართველოს შემოერთების მოწინააღმდეგეთა უსაფუძვლო მოსაზრებანი სახელმწიფო საბჭოს მიერ გულდასმით იქნა განხილული. პირველების აზრმა მიიღო უპირატესობა მეორეთა წინაშე.

სახელმწიფო საბჭო მიიჩნევდა, რომ პროტექციამ, რომელსაც რუსეთი საქართველოს 1783 წლიდან უწევდა, «ეს უბედური მიწა-წყალი ბოროტებათა უფსკრულში ჩაითრია, რომლებითაც იგი სრულ ქანცგაწყვეტილობაშია მოყვანილი, და ამის იმავე საფუძვლებზე გაგრძელება მას აუცილებლად სრულ დაღუპვას უქადის».

«თუ საქართველოს გადარჩენისთვის, – ნათქამია საბჭოს ჟურნალში (Отъ 8-го августа 1801г. Госуд. Арх.), – მასში ყოველთვის იმდენივე ჯარებს ვიყოლიებთ, რამდენიც იქ ახლა იმყოფება, ამას რუსეთისთვის მნიშვნელოვანი და სრულიად უსარგებლო ხარჯები მოჰყვება. ხოლო მისი მცირე ლაშქრით კი შინაგანი მოუწყობლობისა და გარეშე მტრებისგან მისი დაცვა შეუძლებელია. საჭირო იქნება მივცეთ მას მეფე, დავამკვიდრებთ რა ტახტზე ერთერთ ბატონიშვილს, რომელიც თვლის, რომ ამაზე უფლება გააჩნია. პირველი ბატონიშვილი, იულონი, ერეკლე თეიმურაზის ძის ანდერძის მიხედვითაა დადგენილი; მეორე ბატონიშვილი, დავითი, მის ვაჟის, გიორგის ანდერძის მიხედვით. მართალია, რომ მეფე გიორგიმ თავისი მშობლის ანდერძი დაარღვია; მაგრამ, შესაძლოა, ამის მიზეზი მას ბატონიშვილებმა, მისმა ძმებმა მისცეს, და, გარდა ამისა, მის მიერ საქართველოს სამეფოს მემკვიდრედ დანიშნული დავით ბატონიშვილი, განსვენებული იმპერატორის მიერაა დამტკიცებული, რომელსაც ასეთი დამტკიცების უფლება ჰქონდა. ამრიგად, ამ ორ კანდიდატს შორის არჩევანი მიდრეკილია, ერთის მხრივ, წინააღმდეგობისკენ უკვე დავით ბატონიშვილის სასარგებლოდ მომხდარ დამტკიცებასთან, მეორეს მხრივ კი ხალხის უკმაყოფილებასთან, ერეკლე მეფის ანდერძის დარღვევითა და მეფობაზე იმ თავადის დამტკიცებით, რომელმაც თავისი ქცევით ხალხი თავის საწინააღმდეგოდ განაწყო. თუმცა კი, საქართველო არც ერთი მათგანისგან ხსნას არ ელოდება, და თავად მეფემ გიორგი ერეკლეს ძემაც, ითვალისწინებდა რა ყველა იმ უბედურებას, რომელიც სამეფო გვარის გახრწნისგან ხალხს უნდა დაატყდეს თავზე, სხვა ხსნა მისთვის ვერ მოიგონა, თუ არა ის, რომ იგი რუსეთის ქვეშევრდომად დაემკვიდრებია, მიჰყვებოდა რა თავისი მშობლის შეხედულებებს, რომელსაც იგივე განზრახვა ჰქონდა, როცა თავისი წარმოგზავნილის, თავად ჭავჭავაძის მეშვეობით, 1795 წელს ითხოვდა ნებართვას, რომ მოზდოკში ან სხვა ადგილას კავკასიის ხაზზე სარდალს გენერალ გრაფ გუდოვიჩს შეხვედროდა, რაც იმდროინდელი ქაღალდების მიხედვით მჟღავნდება. მთელი ეს ახლად გამოვლენილი გარემოებები არ წარმოუდგენენ საბჭოს საქართველოს შემოერთებაში თუნდაც სულ მცირე უსამართლობას, არამედ იგი მასში ხედავს იმ მხარის გადარჩენას, რუსეთისთვის კი მნიშვნელოვან სარგებელს, ამჟამად მისი საზღვრების საიმედო დაცვაში მტაცებელი მთიელი ხალხებისგან, რომელთათვისაც ლაგამის ამოდება უფრო მოხერხებული შეიქნება, ხოლო მომავალ დროში კი თვით თურქებისაგან, რომ არაფერი ვთქვათ სპარსელებზე, რომლებიც უეჭველად, როგორც კი საქართველო დატოვებულ იქნება, მას თავს დაესხმიან და დაეუფლებიან».

სამეფო გვარის პირებთან და მათ შენახვასთან მიმართებაში სახელმწიფო საბჭო ვარაუდობდა საქართველოში მათგან ისინი დაეტოვებინა, რომლებიც, «თვინიერი ზნე-ხასიათისა და ქცევის მიხედვით არ გამოიწვევენ ეჭვს იმაში, რომ დაიწყებენ მეზობლების ამხედრებას ან სხვა მოუწყობლობათა მოხდენას; ყველა დანარჩენი კი გადმოვასახლოთ რუსეთში, სადაც თითოეულისთვის მისი ოჯახის თანაზომადი პენსიის განსაზღვრით მათი ხვედრი ადვილად შეიძლება იქნას მოწყობილი».

საბჭოს აზრი ამჯერად იმპერატორ ალექსანდრეს მიერ ისეთი დაჯერებულობით იქნა მიღებული, რომ არაოფიციალური კომიტეტის წევრებს უკვე მისი გადარწმუნება აღარ შეეძლოთ.

პატივს სცემდა რა იმპერიის პატივსა და ღირსებას, ყური უგდო რა ქართველ ხალხის თხოვნებს, იმპერატორმა გადაწყვიტა «საქართველოს სამეფოში, მის საკუთარი სიკეთისთვის, მმართველობა და წესრიგი მოეწყო» (Рескриптъ Кноррингу 12-го сентября 1801 г. арх. Мин. Внутр. Делъ).

ნიშნავდა რა კნორინგს მთავარსარდლად საქართველოში და კავკასიის ხაზზე, იმპერატორმა ალექსანდრემ დაავალა მას მყარ საფუძველზე მოეწყო საქართველოს კეთილდღეობა და ყველაფერში «ხალხის ზნე-ჩვეულებებს, ადათებსა და გონების მიმართულებას (умоначертанiя)» შეხამებოდა. კნორინგს მოვალეობად დაეკისრა წესრიგში მოეყვანა სასულიერო ნაწილი, მოეწყო სასწავლებლები, შეექნა სამისიონერო მთიელი ხალხების ქრისტიანობაში მოქცევისთვის, მოესპო მთელი მემკვიდრეობითი ჩინები და ადგილები, ისე, რომ პირებს, რომლებიც ამ უფლებით სარგებლობდნენ, სიცოცხლის ბოლომდე თანაზომადი პენსიონები მიეღოთ. «რაც შეეხება სამეფო გვარის წევრებს, წერდა იმპერატორი ალექსანდრე (Въ рескрипте отъ 12-го сентября 1801 г. Арх. Кабинета Его Величества), მხარის დამშვიდებისა და რაიმენაირ მავნე ჩანაფიქრებზე ყოველგვარი ცდუნების თავიდან აცილებისთვის, სასურველი იქნებოდა, რომ ორივე დედოფალი და ყველა ბატონიშვილი, განსაკუთრებით კი უფრო მოუსვენრები, თანახმა იყვნენ რუსეთში გამომგზავრებაზე. რომელ შემთხვევაშიც, იმ პატივის შენარჩუნებით, რომელიც მათ სახელოვან საგვარეულოს შეეფერება, ისინი აქ მიიღებენ ყველანაირ შესაძლო სარგებელს მათთვისა და მათი გვარისთვის მემკვიდრეობით ისეთი პენსიონების წყალობით, რამდენსაც შეადგენს ის შემოსავლები საქართველოში, რომლებსაც ახლა ღებულობენ». 

ტფილისში საქმეს სხვანაირად უყურებდნენ. რუსეთის მომხრე ზოგიერთმა თავადმა ლაზარევს შეატყობინა, რომ დავით ბატონიშვილისთვის საიდუმლოდ გამოგზავნილია პეტერბურგიდან მანიფესტი, რომლის მიხედვითაც საქართველო შეადგენს გუბერნიას და ასეთი სახით იქნება რუსეთთან შეერთებული.

მიიღო რა ეს ცნობები, დავით ბატონიშვილი, თავისი ძმის იოანეს რჩევით, რომელიც ჩვენს დედაქალაქში იმყოფებოდა, აგროვებდა თავადების ბეჭდებს (ხელმოწერებს) (Донесенiе Лазарева Кноррингу 18-го и 19-го ноября 1801 г.) იმპერატორისადმი თხოვნაზე ქართველთა საყოველთაო სურვილის შესახებ, რომ მეფედ იგი (დავითი) ჰყოლოდათ. არა მხოლოდ იოანე ბატონიშვილი, არამედ ბევრი თავადიც, რომლებიც პეტერბურგში იმყოფებოდნენ, ჩქარობდა თავისი მეგობრებისთვის ამ მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ ეცნობებინა. თავადი ზაალ ანდრონიკაშვილი წერდა (Письмо кн. Андронникова къ Iоанну Орбелiани и Соломону Тарханову 12-го октября 1801 г.), რომ საქმე სამშობლოს ხვედრის შესახებ მას მშვენივრად ჰქონდა მოწყობილი, მაგრამ უეცრად გამოცხადდა კნორინგი და დააჯერა იმპერატორი, რომ ვითომ ხალხს არ სურს რომ მეფე ჰყავდეს.

«ამ შემთხვევის გამო, – წერდა იგი, – საქმე გაჩერდა და გამოგვიცხადეს, რომ საქართველოში არ იქნება მეფე, და არც რუსეთის ქვეშევრდომი იქნება. იფიქრეთ, თუ რა იქნებით და ვისად იწოდებით? მანდაურმა უსაქმო ყბედობამ აი თქვენ რა შეგძინათ! განა თქვენ იქ არ იყავით? ხალხის ცოდვაში რატომ შეხვედით და საკუთარ თავსაც ეს რატომ გაუკეთეთ? ნუთუ არ რცხვენიათ იმათ, ვინც ეს ჩაიდინა და განივრად დარჩა (осталисъ на просторе): არც ბატონია, არც პატრონი».

ის ამბობდა, რომ როცა საქართველოს წარმოგზავნილებს ეს განსაზღვრება გამოეცხადათ, მაშინ მათ ყველამ, არ დაეთანხმენ რა მას, იმპერატორს თხოვნა მიართვეს. თავადი ანდრონიკაშვილი თავის ტფილისელ მეგობრებს საქმის კეთილსასურველად შემობრუნებით აიმედებდა და მხოლოდ ურჩევდა, რომელიმე კითხვის შემთხვევაში, მათ შეხმიანებოდნენ, ვისაც პეტერბურგში თავიანთი წარგზავნილები ჰყავთ და ბატონიშვილებს, რომლებსაც დაეთანხმებიან ყველაფერში, რასაც ისინ სასარგებლოდ მიიჩნევენ.

ქვეყნის მდგომარეობა იმდენად ცნობილად და ნათლად ითვლებოდა, რომ ჩენმა მთავრობამ საჭიროდ არ ჩათვალა რაიმე კითხვა დაესვა. იგი საქართველოსთვის ერთადერთ სიკეთედ და სარგებლად რუსეთთან მის შემოერთებასა და სამეფო სახლის ძალაუფლებისა და თვითნებობის მოსპობას აღიარებდა.

მთავარსარდალს საქართველოში დაევალა ქვეყნის შემოსავალი და გადასახადები, რომლებსაც ამ დრომდე ხალხი იხდიდა, ცნობილი გაეხადა. შესაკრებლებისა და გადასახადების მრავალფეროვნებამ აიძულა ჩვენი მთავრობა ესურვა, რათა ყველა სახის გადასახადი ფულად და პურით გადასახადებზე ყოფილიყო გადაყვანილი.

საქართველს მოსახლეობის უმნიშვნელობა, რომელმაც უკანასკნელი შემოჭრებისგან ბევრი რამ გადაიტანა, იყო იმის მზეზი, რომ ქვეყნის საკუთარი კეთილდღეობისთვის აუცილებლად იქნა მიჩნეული მისი მოსახლეობის გაზრდა გადმოსახლებულთა მოწოდებით, უპირატესად ქრისტიანებისა მეზობელი სახანოებიდან. კნორინგი უფლებამოსილ იქნა მათთვის საკმარისი რაოდენობის მიწა გამოეყო და შინაური მეურნეობის პირველი მოწყობისას მატერიალური დახმარებაც აღმოეჩინა.

ამასთან ერთად კნორინგს უნდა ეზრუნა კავკასიის ხაზის საქართველოსთან უსაფრთხო შეტყობინების მოწყობაზე, გარეშე თავდასხმებისგან მის უზრუნველყოფაზე და ერევნის, განჯის, შექის, შირვანის, ბაქოსა და სხვა ხანების, რომლებზედაც ბაბა-ხანის ძალაუფლება ჯერ კიდევ არ იყო დამყარებული, რუსეთის მხარეს გადმოხრაზე.

მათ შორის იმათთან ურთიერთობების მეშვეობით, რომელთა სამფლობელოებიც არაქსის მარცხენა ნაპირზე მდებარეობდა და მდინარე მტკვარს ებჯინებოდა, ჩვენი მთავრობა ფიქრობდა ჯარებისთვის პროვიანტისა და მძიმე ტვირთების წყლით მიწოდების შესაძლებლობისთვის მიეღწია ასტრახანის გავლით, და არა ხმელეთის გზით კავკასიონის მთებზე გადავლით. ამ შემთხვევაში ყველაზე მეტ ყურადღებას ბაქოს ხანი იქცევდა, რომელიც როგორც მდინარე მტკვრის შესართავს ფლობდა, ისე საუკეთესო პორტსაც კასპიის ზღვაზე. უწინარეს ყოვლისა სწორედ მისი დაყოლიება იყო ჩვენ მხარეზე აუცილებელი. წარუმატებლობის შემთხვევაში, პეტერბურგის კაბინეტი კნორინგის ყურადღებას აქცევდა შტყობინების შესაძლებლობაზე შავი ზღვისა და იმერეთის გავლით, მდინარე რიონის გაყოლებაზე.

«იმერეთის მეფესთან, – წერდა ალექსანდრე კნორინგს (Въ рескрипте отъ 12-го сентября 1801 г. Арх. Кабинета Его Велич., дела Грузiи), – და ოდიშის ოლქის მფლობელ დადიანთან (სამეგრელოსი) თქვენ უნდა გქონდეთ კარგი ურთიერთობები, არ მისცემთ რა, თუმცა კი, ამით დაეჭვების საბაბს ოტომანის პორტას მოხელეებს, რომლებიც იმ მხარეში უფროსობენ.

და როგორც თქვენი მოხსენებებიდან არის ჩვენთვის ცნობილი, რომ იმერეთის მეფეს, რომელიც თავისი ბებიის საქართველოს ქვრივი დედოფლის დარეჯანის ნებას მიჰყვება, სურს ჩვენს მფარველობაში იყოს, ამიტომ ამ გარემოების გამო თქვენ საგანგებო წერილობითი ბრძანებები მოგეცემათ. თქვენს საგანგებო მეთვალყურეობასვე გადმოვცემთ, რომ სომეხი ერი ყველანაირი ალერსით თქვენსკენ მოიზიდოთ: ეს ხერხი საქართველოს მოსაზღვრე მხარეებში ამ ტომის მრავალრიცხოვნების გამო ერთერთი ყველაზე უფრო საიმედოა ხალხის ძალის გამრავლებისა და ამასთან ერთად საერთოდ ქრისტიანების უფროსობის დამკვიდრებისთვის. ამის გამო ვინებებთ, რათა თქვენ, აღმოუჩენთ რა, შეძლების და მიხედვით, თქვენს მფარველობას არარატის საპატრიარქო მონასტერს ეჩმიაძინს, ამ ეკლესიის მეთაურთან კარგი ურთიერთობები იქონიოთ. სპარსეთში მბრძანებელ ბაბა-ხანთან და სხვა სპარსელ მფლობელებთან ურთიერთობებში კი უნდა ხელმძღვანელობდეთ იმავე წესებით, რომლებსაც ამის წინ თქვენ იცავდით». 

შეაერთა რა კნორინგის სახით სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლება, იმპერატორმა დაავალა მას თვალყური ედევნებინა, რათა ყველა რუსი მოსამსახურე კავკასიაში «იჩენდეს უანგარობას, პატიოსნებას, სიმართლისმოყვარეობას, მიუკერძოებლობას, თავისუფალ ხელმისაწვდომობას, ალერსს, მოწყალებას და მზადყოფნასაც კი ყველას უჩვენოს, თუ სად შეუძლია მას ეძიოს მართლმსაჯულება. თქვენ თავად ყველაფერ ამაში, რა თქმა უნდა, თქვენი ხელქვეითებისთვის მაგალითი იქნებით, ხშირ-ხშირად დაარწმუნებთ რა მათ, რომ მთავრობის პირველი საწყისების ჩადებისას ყველაზე უფრო საჭიროა ხალხის სიყვარულისა და ნდობის შეძენა და რომ მმართველობის დამკვიდრება, მისი მოწყობა და წესიერი მოძრაობა მომავალი დროისთვის მეტად ბევრადაა დამოკიდებული პირველ შთაბეჭდილებაზე, რომელსაც უფროსები იმ ადამიანებზე მოახდენენ თავიანთი ქცევით, რომლებიც მათ მმართველობაში ჰყავთ ჩაბარებული». 

თავის ახალ ქვეშევრდომებს კი იმპერატორმა მანიფესტის ასეთი სიტყვებით მიმართა (П. С. З. т. XXVI, стр. 782, № 20007).

«მფარველობა და უმაღლესი ძალაუფლება რუსეთის იმპერიისა საქართველოს სამეფოზე ყოველთვის აკისრებდა რუსეთის მონარქებს დაცვის ვალდებულებასაც. 1796 წელს, აღა-მაჰმად-ხანის ძლიერი თავდასხმის წინააღმდეგ, სასუფეველში განსვენებულმა დიდმა ხელმწიფამ იმპერატრიცა ეკატერინე ალექსის ასულმა გაგზავნა თავისი ჯარების ნაწილი, იმდენად წარმატებული მაშინ არა მხოლოდ საქართველოს სამეფოს გადარჩენა, არამედ მთელი ოლქებისა და ხალხების ბედნიერი დამორჩილებაც კასპიის ზღვის ნაპირებიდან მდინარე მტკვრამდე და არაქსამდე გიცავდათ თქვენ ყოველგვარი საფრთხისგან. რჩებოდა მხოლოდ შინაგანი კეთილმოწყობით თქვენი კეთილდღეობა სამუდამოდ დაგვემკვიდრებინა. მაგრამ მოულოდნელმა და სწრაფმა უკანდახევამ რუსეთის ჯარებისა სპარსეთიდან, სომხეთიდან და თქვენი ფარგლებიდან თქვენი სამართლიანი მოლოდინი ძირს დასცა. თქვენს მიერ შემდეგ გადატანილი ყველა უბედურება: ურჯულო და უცხოტომელი ხალხების შემოსევა, ქალაქებისა და სოფლების დარბევა, თქვენი მამების, დედების, ცოლებისა და შვილების დამონება და ტყვედ წაყვანა, დაბოლოს, სამეფო საგვარეულოს უთანხმოება და სამეფო ღირსების სხვადასხვა მაძიებლებს შორის ხალხის გაყოფა თქვენ ძმათაშორის ბრძოლებში გითრევდათ. თქვენი გარემომცველი მტაცებელი ხალხები მზად იყვნენ თავს დასხმოდნენ თქვენს სამეფოს და მისი ნარჩენები დაუსჯელად გაეწეწათ. მთელი ამ ბოროტებების შეერთებით არა მხოლოდ ხალხი, არამედ თვით ქართველი ხალხის სახელიც კი, რომელიც უწინ სიმამაცით იყო სახელგანთქმული მთელს აზიაში, პირისაგან მიწისა აღიგვებოდა. იდექით რა ამ უფსკრულის პირას, არაერთხელ მოუხმობდით თქვენ რუსეთის მფარველობას. ჩვენი ჯარების შემოსვლამ და ავარელი ომარ-ხანის დამარცხებამ თქვენი დაღუპვა გააჩერეს, დააშინეს რა ყველა მტაცებელი, რომლებიც კავკასიონის მთებს ავსებენ, და ისინიც, რომლებიც სპარსეთისა და დიდი სომხეთის ოლქს სწეწავენ. ჩაწყნარდა კრამოლები თქვენს შორის და თქვენ ყველამ ერთსულოვნად და საზეიმოდ მოუწოდეთ რუსეთის ხელისუფლებას რომ თქვენ უშუალოდ ემართეთ. ჩვენ, ავედით რა სრულიად რუსეთის ტახტზე, საქართველოს სამეფო რუსეთისადმი შემოერთებული შევიძინეთ, რის შესახებაც 1801 წლის 18 იანვრის მანიფესტი უკვე იყო გამოქვეყნებული სრულიად სახალხო შეტყობინებისთვის. ვეცნობოდით რა თქვენს მდგომარეობას და ვხედავდით, რომ ამ დრომდეც ერთადერთი რუსეთის ჯარების საშუალება და ყოფნა საქართველოში აკავებს ჩვენთა ერთმორწმუნეთა სისხლის დაღვრასა და საბოლოო დაღუპვას, რომელიც თქვენთვის მტაცებელ და ურჯულო თქვენს მოსაზღვრე ხალხებს აქვთ გამზადებული, ჩვენ გვსურდა კიდევ გამოგვეცადა, ხომ არ არის შესაძლებლობა, რომ აღვადგინოთ პირველი მმართველობა ჩვენი მფარველობის ქვეშ და თქვენ სიმშვიდესა და უსაფრთხოებაში შეგინარჩუნოთ. მაგრამ ამ საკითხში უახლოესმა გამოკვლევებმა, საბოლოოდ, დაგვარწმუნეს, რომ ქართველი ხალხის სხვადასხვა ნაწილები, რომლებიც ადამიანურად ჩვენთვის თანაბრად ძვირფასნი არიან, სამართლიანად შიშობენ მათგან დევნისა და შურისძიების გამო, ვინც მეფობის ღირსების მაძიებელთაგან შეძლებდა თავისი ძალაუფლებისთვის მიეღწია, რამდენადაც ყველა მათგანის წინააღმდეგ უდიდესმა ნაწილმა ხალხში თავი ასე აშკარად გამოავლინა. მხოლოდ ეჭვი და შიში ამ შედეგებისა, ააღორძინებდა რა შეშფოთებას, გარდაუვალად ძმათაშორის ბრძოლებისა და სისხლიღვრის წყარო იქნებოდა. გარდა ამისა, ყოფილმა მმართველობამ, თვით მეფე ერეკლეს მეფობაშიც კი, რომელმაც თავისი სულითა და ღირსებით ყველანი თავისი ძალაუფლების ქვეშ გააერთიანა, ვერ შეძლო ვერც საგარეო და ვერც საშინაო უსაფრთხოების დამყარება. პირიქით, იმდენჯერ გითრევდათ თქვენ ბოროტებათა უფსკრულში, რომლის პირასაც თქვენ ახლაც დგეხართ და რომელშიც, ყველა მოსაზრებით, უნდა გადაეშვათ, თუ სამართლიანი ხელისუფლების ძალმოსილი ხელი ამ დაცემისგან თქვენ არ შეგაკავებთ. ამ გარემოებათა ძალამ, ამის გამო თქვენმა საერთო გრძნობამ და ქართველი ხალხის ხმამ დაგვიყოლიეს ჩვენ, რომ არ დავტოვოთ და უბედურების მსხვერპლად არ მივცეთ ერთმორწმუნე ხალხი, რომელმაც თავისი ხვედრი რუსეთის დიდსულოვან დაცვას ჩააბარა. თქვენი წარმოქმნილი იმედი ამჯერად მოტყუებული არ იქნება. არა ძალების მომატებისთვის, არც ანგარებისთვის, არც ქვეყნად ისედაც უკვე უვრცელესი იმპერიის საზღვრების გავრცელებისთვის ვიღებთ ჩვენ საკუთარ თავზე საქართველოს სამეფოს მმართველობის ტვირთს. ერთადერთი ღირსება, ერთადერთი პატივი და ადამიანობა გვაკისრებს ჩვენ წმინდა მოვალეობას, ყურად ვიღებთ რა ტანჯულთა ვედრებას, მათ მწუხარებათა თავიდან აცილებაზე, დავაარსოთ საქართველოში მმართველობა, რომელიც შეძლებდა მართლმსაჯულება, პირადი და ქონებრივი უსაფრთხოება დაემკვიდრებინა და თითოეულისთვის კანონის დაცვა მიეცა. ამიტომ, ავირჩიეთ რა ჩვენი გენერალ-ლეიტენანტი კნორინგი, რომ იყოს მთავარსარდალი თქვენს შორის, მივეცით მას სრული დარიგებანი, რათა მან ჩვენი სახელით გაკეთებული განსაკუთრებული განცხადებით დაარსოს ეს მმართველობა, ძალასა და მოქმედებაში მოიყვანოს ჩვენს მიერ წინასწარ მოხაზული დადგენილება, რომლის აღსრულებისთვისაც მოიწვევს რა ღირსებებითა და საერთო ნდობით თქვენგან არჩეულ პირებს, ვსასოებთ, მიენდობით რა ამ მმართველობას, მის ჩრდილქვეშ უეჭველად შეიძენთ თავიდან სიმშვიდესა და უსაფრთხოებას, ხოლო შემდეგ კი კეთილდღეობასაც და სიუხვესაც.

ჩვენ ვბრძანეთ, რომ მთელი გადასახადები თქვენი მიწა-წყლიდან თქვენს სასარგებლოდ იქნას გამოყენებული, და რაც მმართველობის შენახვიდან დარჩება, დარბეული ქალაქებისა და სოფლების აღდგენისთვის იქნა გამოყენებული. თითოეული თავისი წოდების უპირატესობებში იქნება, თავის სარწმუნოებას თავისუფლად აღიარებს და მისი საკუთრებაც ხელშეუხებელი იქნება. ბატონიშვილები შეინარჩუნებენ თავიანთ საუფლისწულოებს, არმყოფების გარდა, და ამით წლიური შემოსავალი მათი საუფლისწულოებიდან ყოველწლიურად ფულებით მიეცემათ, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი, ოღონდ კი ფიცისადმი ვალდებულებას ინარჩუნებდნენ. ყველას და თითოეული თქვენგანის სიკეთეზე ჩვენს ამ დიდსულოვან მზრუნველობაზე საპასუხოდ, ჩვენ მოვითხოვთ, რათა თქვენ, თქვენზე დადგენილი ხელისუფლების დამტკიცებისთვის, მოგვცეთ ერთგულების ფიცი იმ ფორმით, რომელიც აქ არის დართული. სასულიერო წოდებამ, როგორც სულიერმა მწყემსებმა, მაგალითი პირველმა უნდა მისცეს.

დაბოლოს, დაე თქვენც შეიცანით კეთილი მმართველობის ფასი, დაე თქვენს შორის დამყრდეს მშვიდობა, მართლმსაჯულება, დარწმუნებულობა როგორც პირადი, ისე ქონებრივიც, დაე აღიკვეთოს თვითნებობანი და მძვივარე ტანჯვანი, დაე თითოეულმა მიმართოს თავის უკეთეს სარგებელს და საზოგადოებრივსაც, თავისუფლად და აუკრძალავად იმეცადინებს რა მიწათმოქმედებაში, სარეწებში, ვაჭრობაში, ხელსაქმეში, კანონების ჩრდილქვეშ, რომლებიც ყველას თანაბრად დაიფარავენ. თქვენი სიუხვე და კეთილდღეობა ჩვენთვის ერთადერთი და ყველაზე უფრო სასიამოვნო ჯილდო იქნება». 

მანიფესტთან ერთად საქართველოს უმაღლესი მთავრობა იქნა დაარსებული, და საქართველომ ახალი დაყოფა მიიღო. ის ხუთ მაზრად იქნა დაყოფილი, რომელთაგან სამია ქართლში: გორის, ლორესი და დუშეთის, და ორიც კახეთში: თელავისა და სიღნაღის. მმართველობა იყოფოდა ოთხ ექსპედიციად (Высочайше постановленное внутреннее въ Грузiи правленiе. П. С. З. т. XXVI): პირველი აღმასრულებელი საქმეებისთვის ანუ მმართველობისა; მეორე სახაზინო და ეკონომიკური საქმეებისთვის; მესამე სისხლის სამართლის საქმეებისთვის; მეოთხე სამოქალაქო საქმეებისთვის. დაარსებულ იქნა სამედიცინო მმართველობა (управа). თითოეულ მაზრაში დაარსდა სამაზრო სასამართლო, საერო პოლიციის მმართველობა, კაპიტან-ისპრავნიკის მეთაურობით. ქალაქებში დანიშნულ იქნენ ხაზინადარები, კომენდანტები და მათ დასახმარებლად პოლიცმაისტერები ანუ ნაცვლები. პირველები დაინიშნენ რუსი მოხელეებისგან, უკანასკნელნი კი ქართველი თავადაზნაურებისგან. საქართველოში მცხოვრებ თათრებთან: ყაზახის, ბორჩალოსი და ბამბაკისა, განსაზღვრულ იქნა თითო-თითო პრისტავი ანუ მოურავი, ქართველი თავადებიდან, ხოლო ხევსურების, ფშავლებისა და თუშების ტომებში კი ყველასთვის ერთი (პრისტავი ანუ მოურავი). თითოეულ მოურავს დაენიშნა თანაშემწე რუსი მოხელეებიდან. ყარაბაღიდან ახლად მოსული სომხები თავიანთი მელიქების მმართველობის ქვეშ იქნენ დატოვებულნი.

საქართველოს მმართველი, ექსპედიციების უფროსები და მრჩევლები გახლდნენ საქართველოს უმაღლესი მთავრობის წევრები (ოთხი ექსპედიციიდან თითოეულში თავმჯდომარეობდნენ: პირველში – საქართველოს მმართველი და ორი მრჩეველი ანუ მდივან-ბეგი, ერთი რუსი მოხელეებიდან და ერთიც ქართველი თავადებიდან; მეორეში – უფროსი რუსი მოხელეებიდან, ოთხი მრჩეველი ქართველი თავადებიდან /ორი ქართლისა და ორიც კახეთის/, საგუბერნიო ხაზინადარი ანუ სალთხუცესი; მესამესა და მეოთხეში – უფროსი რუსი მოხელეებიდან და ოთხი მრჩეველი ქართველი თავადებიდან). თანამდებობებზე ქართველი თავადების დანიშვნა, თავად მმართველობის გახსნისას, კნორინგს მიეცა ასარჩევად, ხოლო ერთი წლის ამოწურვის შემდეგ კი იმპერატორმა ალექსანდრემ ამ არჩევანის გაკეთება თავად ქართველ თავადებსა და აზნაურებს მიანდო.

უზენაესად ბრძანებულ იქნა, რომ სამოქალაქო საქმეები ეწარმოებინათ «ახლანდელი ქართული წეს-ჩვეულებებისა» და ვახტანგ მეფის მიერ გამოცემული კანონმდებლობის მიხედვით, როგორც ძირული ქართული კანონისა. ამ კანონებისა და ხალხური წეს-ჩვეულებების საფუძველზე, კნორინგს, მმართველ კოვალენსკისთან ერთად, ყველა სამთავრობო ადგილი და პირი დაწვრილებითი დარიგებებითა და ინსტრუქციებით უნდა მოემარაგებინათ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ისინი თავიანთი თანამდებობების აღსრულებისას.

თავად მთავარსარდალს მოვალეობად დაეკისრა «ფხიზლად ადევნოს თვალ-ყური, რათა ყველა მხარეში, რომლებიც მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის სახელით იმართება, აღკვეთილ იქნას ყოველგვარი ბოროტად გამოყენებანი, უსამართლობანი, ჩაგვრა, მკვლელობანი და ასევე წამება სისხლის სამართლის საქმეებში. «მთავარსარდლის ვალია – შეამციროს თავად ბოროტმოქმედთა ხვედრიც რუსეთის კანონების სიკეთით და მოსპოს წამება და სიკვდილით დასჯა (Арх. Мин. Внутр. Делъ, по Дер. Общ. Делъ. Дела Грузiи, кн. 1).

გადაწყვიტა რა საკითხი საქართველოს რუსეთისადმი შემოერთების შესახებ, იმპერატორ ალექსანდრეს, თავისი დიდსულოვნებით, არ შეეძლო არ დაჰყოლოდა ბატონიშვილების თხოვნებს პეტერბურგიდან საქართველოში გამგზავრების შესახებ.

გამოუთქვა რა თავიდან კნორინგს თავისი სურვილი სამეფო სახლის ყველა დანარჩენი წევრები საქართველოდან გამოეძახებინა, იმპერატორმა ახლა დაუთმო მათ თხოვნებს სამშობლოში დაბრუნების შესახებ. სახელმწიფო საბჭომ, რომლის მიერ დასამტკიცებლადაც იქნა შეტანილი წერილი ბატონიშვილთა საგზაო ხარჯებისთვის აუცილებელი სახსრების შესახებ, მათთვის უკან საქართველოში გამგზავრებაზე ნებართვის მიცემა შეუძლებლად მიიჩნია. 28 ნოემბრის სხდომაზე (Протоколъ государственнаго совета 28-го ноября 1801 г. Государ. Арх.) დადგენილ იქნა ბატონიშვილები რუსეთში გაეჩერებინათ, მისცემდნენ რა ხაზინიდან თითოეულს სახარჯოდ 10.000 მანეთს ყოველწლიურად. უკეთესი მატერიალური უზრუნველყოფისთვის კი ბატონიშვილებს ნება მიეცათ აერჩიათ ერთერთი საგუბერნიო ქალაქი, როგორებიც იყო: კიევი, კალუგა, კურსკი, ვორონეჟი, ხარკოვი ან ასტრახანი, სადაც ცხოვრება არ შეიძლებოდა ისეთი ძვირი ყოფილიყო, როგორც დედაქალაქში. სახარჯო თანხები ხაზინიდან მათთვის იმ შემოსავლების განსაზღვრამდე შეენარჩუნებინათ, რომლებსაც თითოეული ბატონიშვილი საქართველოში ღებულობდა. აუცილებლობის შემთხვევაში დაეიმედებინათ, რომ იმ საგუბერნიო ქალაქებში, რომლებშიც ისინი დასახლებას მოისურვებენ, მოძებნილ იქნება სახლები და მომზადებული პირველი შინაური მოწყობილობა. ბატონიშვილების ამალას კი თავად უნდა გადაეწვიტა ან რუსეთში დარჩენილიყო, ან კიდევ საქართველოში დაბრუნებულიყო და უკანასკნელ შემთხვევაში მათთვის სამგზავრო სახსრები მიეცათ. 

სახელმწიფო საბჭოს განსაზღვრება იმპერატორის მიერ იქნა დამტკიცებული, ხოლო ქართველი ბატონიშვილები კი რუსეთში დატოვებულნი.

საქართველოს ყოფილი ელჩები წარმოებულ იქნენ: თავადი ჭავჭავაძე ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის წოდებაში, ხოლო თავადები ავალიშვილი და ფალავანდიშვილი – სახელმწიფო მრჩევლებისა (Протоколъ государственнаго совета 9-го декабря 1801 г. Госуд. Арх. Указъ 16-го декабря 1801 г. С.-Петербургскiй Арх. Мин. Иностр. Делъ)

ვარაუდობდნენ სამეფო სახლის საქართველოში დარჩენილი პირებიც ასევე რუსეთში გამომგზავრებაზე დაეყოლიებინათ; მაგრამ ყველა ძალისხმევა ამაო აღმოჩნდა. დედოფლები ტფილისის დატოვებაზე გადაჭრით უარს აცხადებდნენ. დავითი გამოხატავდა სურვილს მიეცა თხოვნა თადარიგში განთავისუფლების შესახებ და სამოგზაუროდ სხვადასხვა აზიურ ქალაქებში გამგზავრებულიყო. ლაზარევი და ტუჩკოვი ურჩევდნენ მას პეტერბურგში გამომგზავრებას, საიდანაც სამოგზაუროდ ევროპაში გაემართებოდა; «მაგრამ, – მოახსენებდა ლაზარევი, – როგორც ჩანს, ამაზე დათანხმება მას არცთუ ძალიან უნდა» (Письмо Лазарева Кноррингу 11-го января 1802 г. Тифлисскiй Арх. Канц. Наместника).

ცნობამ, რომელმაც მოაღწია ტფილისამდე იმის შესახებ, რომ რუსეთში გამგზავრებულ ბეტონიშვილებს არ მისცეს ნება საქართველოში დაბრუნებულიყვნენ, კიდევ უფრო მეტად გაამყარა დავითი თავის არსურვილში რომ ჩვენს დედაქალაქში გამომგზავრებულიყო. უცნობი პირისგან თავად ორბელიანის მიერ პეტერბურგიდან მიღებულმა წერილმა სამეფო სახლის პირებს შორის ყველაზე უფრო არახელსაყრელი შთაბეჭდილება მოახდინა.

«თუ შენ გაინტერესებს აქაური ცნობები, – წერდა უცნობი (Князь Орбелiани, 3-го января 1802 г. Тифл. Арх. Канц. Нам.), – მაშინ მანიფესტი, რა თქმა უნდა, უკვე ნახე, ახლა დიმიტრი ორბელიანს სარდლობა მისცეს, შენ კი ის უკვე აღარ გაქვს. ბატონიშვილებს უკან აღარ უშვებენ, და ისიც მოვისმინე, რომ მათაც, რომლებიც თქვენთან იმყოფებიან, აქ მოითხოვენ; ხოლო როდესაც ისინი გადმოყვანილ იქნებიან, მაშინ საქმე ისეა მოწყობილი, რომ ბაგრატიონების ყველა ნათესავი და ახლობელი აქვე გადმოიყვანონ, და მათთან ერთად კი ყველა ცნობილი ადამიანის, მანდაური თავადების, აზნაურებისა და გლეხების აქეთ გადმოყვანა და დასახლება უნდათ, ხოლო აქაური კაზაკები კი, 1400 კომლი, საქართველოში გადმოჰყავთ».

ამ წერილის შემდეგ დავით ბატონიშვილმა მაშინვე წარადგინა წერილი თადარიგში გასვლის შესახებ (Прошенiе Давида 15-го января. Рапортъ Кнорринга Государю Императору 5-го февраля 1802 г. Тамъ же); მაგრამ მისი გადადგომა იმპერატორ ალექსანდრეს მიერ არ იქნა მიღებული, და ბატონიშვილი სამსახურში უნდა დარჩენილიყო.

ასე შემოუერთდა წერილობითი აქტებით საქართველო რუსეთს. ურთიერთობები ახლად შემოერთებულ ხალხსა და ჩვენს მთავრობას შორის განსაკუთრებით გაურკვეველი იყო. ჩვენ სრულებით არ ვიცნობდით ქვეყანას, რომელიც რუსეთის დერჟავისადმი იქნა შემოერთებული. ქართველები მეტს მოელოდნენ. ისინი იმედოვნებნენ პავლე I-ის დაპირებათა შესრულებას, ფართო შეღავათებსა და პრივილეგიებზე, რომელთა მიცემასაც განსვენებული იმპერატორი ფიქრობდა, დაბოლოს, ზოგიერთს იმის იმედიც ჰქონდა, რომ შედგებოდნენ რა რუსეთის ქვეშევრდომობაში, ისინი მართული იქნებოდნენ თავიანთი ბუნებრივი მეფის მიერ ბაგრატიონთა საგვარეულოდან.

განათლების უკმარისობა, ხალხის განვითარების მცირე ხარისხი არ აძლევდნენ საშუალებას ქართველებს დაენახათ, რომ მათი ასეთი სურვილის აღსრულება დადებითად შეუძლებელი იყო. ამიტომ ხალხი თავისი ბედით სავსებით დაკმაყოფილებული არ დარჩენილა. ქართველები რაღაცნაირ გაურკვეველ მდგომარეობაში იყვნენ, თან კმაყოფილები, თანაც უკმაყოფილოები. გამოჰყოფდა რა კერძო ინტერესს საზოგადოებრივისგან, თითოეულს სურდა უწინარეს ყოვლისა გადასახადებისა და ვალდებულებეთაგან განთავისუფლება, და როცა შეიტყვეს, რომ ქვეყნის შემოერთების შესახებ მანიფესტში ამის თაობაზე არაფერია ნათქვამი, ქართველებს თავიანთ მოლოდინში იმედები გაუცრუვდათ.

საგანთა ასეთი მდგომარეობისას, ახალი მთავრობა განსაკუთრებით ფრთხილი, გულისხმიერი და დელიკატური უნდა ყოფილიყო. საქმეების მომრგვალებისთვის აუცილებელი იყო კუთხეები ქვეშ-ქვეშად ჩამოეთალათ, რბილად და თანაბრად, არ აღაგზნებდნენ რა ვნებებს, არ შელახავდნენ რა ხალხის სიამაყესა და ღირსებას...

თავიანთ მხრივ, პეტერბურგის კაბინეტმა, და მის სათავეში იმპერატორმა ალექსანდრემ, ყველაფერი გააკეთეს, რასაც შეიძლებოდა ხელი შეეწყო საქართველოს კეთილდღეობისთვის. რუსეთი, არ ღებულობდა რა დიდხანს არანაირ შემოსავალს ახლად შემოერთებული ქვეყნიდან, თავის საკუთარ ფულებს იყენებდა ქართველთა როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივი საკუთრების მოწყობისა და უზრუნველყოფისთვის. უერთებდა რა თავის სამფლობელოებს თავის ერთმორწმუნე ხალხს, რუსეთის სავსებით უანგაროდ იქცეოდა, ჰქონდა რა მხოლოდ ერთი მიზანი – თავისი შესაწირავებით ახალ თანამემამულეთა და ერთი დიდი სახელმწიფოს ერთმორწმუნე ძმების კეთილდღეობა დაემკვიდრებინა.

საუბედუროდ, იმპერატორის დიდსულოვნება და კეთილი განზრახვები მისი ნებისა და წინასწარგანზრახულებათა ზოგიერთ აღმსრულებელზე სავსებით ვერ აისახა. იმედს ამყარებდა რა თითოეული იმ პირის პატიოსნებასა და კეთილგონიერებაზე, რომლებიც ქვეყნის მართვისთვის იყვნენ მოწოდებულნი, და სჯეროდა რა მათი, ალექსანდრე I-მა უნებურად დაუშვა თავის წინასწარგანზრახულებათა შეცვლის შესაძლებლობა, «ნებას აძლევდა რა მთავარსარდალს, მმართველთან ერთად, ისინი იქაური ხალხის გონების მიმართულებასთან შეეხამებინა (сообразить ихъ съ умоначертанiями тамошняго народа)». 

სწორედ ეს ნებართვა იქცა კიდეც შემდგომში საბაბად ზოგიერთი უწესრიგობისთვის საქართველოში, რომლებიც მოახდინეს ადამიანებმა, ვინც რუსეთის მთავრობის მითითებებს უპირობოდ არ მიჰყვებოდნენ, არამედ ერთადერთი თავიანთ პირად ინტერესებს ისახავდნენ.

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment