Monday, September 5, 2016

იოჰან გიულდენშტედტის ზოგიერთი ცნობა და მოსაზრება საქართველოს შესახებ

ნაწილი II 

                                    

4. ქართული პროვინცია კახეთი 
(წიგნის გვ. 249-265)

ის შეადგენს საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილს, კავკასიის ქედსა და მტკვარს შორის. ჩრდილოეთით ესაზღვრება მაღალი მთიანეთი ქისტური და ლეკური მხარეებით – დიდო, ყაბუჩი და ანწუხი; აღმოსავლეთით მას აკრავს ლეკური მხარე ჭარი, რომელიც, როგორც ამის წინ დასახელებული მხარეები, კახეთს ეკუთვნოდა, მაგრამ, როგორც ისინი განთავისუფლდა; სამხრეთ-დასავლეთით არის თურქმანული მხარე შაქ-ყაბალახი, რომელსაც მართავს ჰუსეინ-ხანი. სამხრეთით ასევე თურქმანული მხარე განჯა – განჯის ხანისა და ნაწილი სომხითისა; დასავლეთით კახეთს აკრავს შიდა ქართლი.

მდინარეები ალაზანი და იორი თავიანთი შენაკადებით რწყავენ ამ ქვეყანას, რომელიც მოიცავს: ჩრდილოეთით მაღალ მთიანეთს, სამხრეთით კი – მთავარ ქედსა და მთისწინეთს შორის მოთავსებულ დაბლობს და თვით ამ მთისწინეთის ნაწილს მდინარეთა ხევებით. შედარებით მაღალსა და დაბალ ვაკეებზე არის საკმაოდ ნაყოფიერი თიხიანი მიწის ზედაპირი და, განსაკუთრებით, გორაკები [დაფარული] კარგი ტყით. 

რადგან მე ამ პროვინციაში ვიმოგზაურე, ამის გამო მივუთითებ ჩემს დღიურზე – 1772 წლისაზე.

კახეთს დაახლოებით 300 წლის განმავლობაში ჰყავდა თავისი საკუთარი მბრძანებლები ანუ მეფეები და მხოლოდ უკანასკნელ ხანებში ჰყავს ქართლთან ერთად საერთო მეფე. უნდა ითქვას, რომ მას იგივე ბედი ეწია, როგორიც ქართლს, სპარსელებისგან, თურქებისგან, აგრეთვე ლეკთაგან თავდასხმების, ჩაგვრის, გაუდაბურების და ა. შ. მხრით და ახლაც დიდი რაოდენობით აქვს განადგურებული ქალაქებისა და სოფლების ნანგრევები, არის ასევე ნაკლებ დასახლებული და ასევე მცირედ გაშენებული. კახეთის მთელი მოსახლეობის სულ მცირე ¾ არიან ქართველები და ბერძნული ქრისტიანები (ე. ი. მართლმადიდებლები – გ. გ.), დანარჩენი უმეტესობა – სომხებია და აგრეთვე ერთი ნაწილი ებრაელები. 

კახეთის თავადთა გვარები უკვე ზემოთ არის მოხსენიებული.

კახეთის სოფლები, რადგან ყველას მეურნეობა თავისი ვენახებისა და ხილის ბაღების, აგრეთვე ყანები გარშემო აქვთ, არიან ძალიან გაშლილი და ხშირად ერთმანეთს უახლოვდებიან (ერთმანეთს ეკვრიან). მაგრამ უმეტესად ყოველ სოფელს აქვს ერთი ან რამდენიმე, დადუღაბებული აგურითა და რიყის ქვით ნაშენი, 3-4 საჟენი სიმაღლის და ჭრილში 3 საჟენი სიგანის, ორსართულიანი მრგვალი კოშკები. თავდასხმების დროს ქვედა სართულზე თავს აფარებენ ქალები და ბავშვები, ზედა სართულზე კი იკრიბებიან შეიარაღებული კაცები და ესვრიან ყაჩაღებს. ბევრ სოფელს აქვს 1-2 საჟენი სიმაღლის კედლით გარშემორტყმული, 30-100 საჟენი განივკვეთის ოთხკუთხა მოედანი კარებებით და სასროლი კოშკებით. ასეთ ადგილებში, რომლებსაც ციხეები ჰქვიათ, ან არ ცხოვრობენ, ან ცხოვრობენ ცოტანი; თავდასხმების დროს ყველანი ცდილობენ ამ ციხეებში გადაირჩინონ თავი საქონლითა და ქონებით. მაგრამ ქვეყანა, როგორც მე ბერჯერ მითქვამს, სავსეა ამ სახის დანგრეული ციხეებით, რომლებსაც ყაჩაღთა ბანდები ხშირად იყენებენ დასამალად და თავდასაცავად.

კახეთის საცხოვრებელი სახლების არქიტექტურა ძალიან განსხვავდება ქართლურისაგან; პირველი არის მიწის ზემოთ, უკანასკნელი კი მიწაში. კახეთის სახლები, სახელდობრ, ნაგები არიან მსუბუქად, ტოტებისაგან დაწნული და თიხისა და ნაკელის ნარევით შელესილი კედლებით. სახურავები არის მარტივი ნივნივისაგან გაკეთებული და ლერწმით გადახურული. საცხოვრებელი ოთახი უმეტესად არის 5 საჟენი სიგრძისა და 4 საჟენი სიგანისა, იატაკად არის მიწა, [ეს არის] ადგილი, რომელზედაც შრება ენდრო და ბამბა. სინათლე შემოდის მხოლოდ ღია კარებიდან და ოთახიდან (?). შუაში არის სწორი ორმო ცეცხლისთვის, ხოლო მის ზემოთ [ჰკიდია] ჯაჭვი, რომელზედაც ჰკიდებენ სპილენძის ქვაბს. კვამლი გადის ჭერიდან და სახურავით, აგრეთვე ოთახის კარით გარეთ. ამ ცუდ საამშენებლო სისტემას, ქართლის მიწურთან შედარებით, ბევრი უპირატესობა აქვს სიმყუდროვის (მოხერხებულობის) და ჯანმრთელობის მხრივ. ზოგ სოფლებში გვხვდება ქვით ნაშენი საცხოვრებელი სახლები მაღალი, კონუსური საკვამლე მილებით. უმეტესად ხისა და ქვის სახლების გარშემო დგანან პატარა, მიწაში ამოთხრილი ქართლური ქოხები.

რიონის შესართავთან მდებარე თურქულ ქალაქ ფოთიდან იმერლებს თბილისში მოაქვთ ქვაბის ჯაჭვები, სპილენძის ქვაბები და საერთო სახმარი სპილენძის ჯამ-ჭურჭელი, მიუხედავად საკუთრივ საქართველოში არსებული სპილენძის საბადოსი, შემოაქვთ აგრეთვე თურქეთიდან, განსაკუთრებით არზრუმიდან. თიხის ჭურჭელს ყველა თვითონ აკეთებს. ღვინის შესანახად და პურის გამოსაცხობად იყენებენ უზარმაზარ ქილებს (ე. ი. ქვევრი და თონე – გ. გ.), აგრეთვე ყველა სახლში ცეცხლის გვერდით დიდი ქოთანია მიწაში ჩაფლული ღვინის ძმრისათვის და მეორე კი, წყლით სავსე, დგას მიწის ზემოთ. 

ოთახის კუთხის სვეტებთან მიმაგრებულია ირმის თავები რქებით, რათა მასზე რაიმე დაჰკიდონ. ამის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ ირმების სიმრავლეზე. კახეთის და ქართლის ყოველ სახლში ბალიშები ანუ მუთაქები არის ბუმბულის ან ბამბის; ბამბისაა აგრეთვე საბნები; საწოლებს კი არ ხმარობენ. ორივე პროვინციაში ხმარებული აკვნები ჰგვანან პატარა ზომის ყუთს. ბავშვს კი არ ჰკრავენ არტახებით, არამედ მთელ აკვანს; ბავშვს ფეხებს შორის უდებენ თიხის, მოკლე, ჩიბუხის მსგავს, მილაკს, რომლითაც შარდი აკვნის ფსკერზე გადმოიღვრება. ქართული საცხოვრებელი სახლების ერთადერთი [დამახასიათებელი] მწერი არის რწყილი. ირმის ჩლიქები გამოიყენება, როგორც სამარილე.

მთელს კახეთსა და ქართლში სჭამენ გაღვივებული ხორბლის პურს, ძალიან იშვიათად კი – ფეტვის პურს. პურს აცხობენ დიდ 4 ან მეტ «ვედრო ტევადობის თიხის ქვევრში (თონეში – გ. გ.) ასეთ თონეს ჩააგდებენ მიწაში, ან შემოლესავენ თიხით (მიწაზე დადგმულს) და შიგ ცეცხლს ანთებენ, რისგანაც ის უცებ ვარვარდება. რადგანაც თითის ან ცერის სისქის პურის ცომს მიაკრავენ ხოლმე შიგნითა კედელზე ნაკვერჩხალის სიცხეში, ამიტომ პური მალე ცხვება. კახეთში კარაქს აკეთებენ დაახლოებით 6 მტკაველის სიგრძის და 2 მტკაველის სიგანის გამოფუღრულ ხის ცილინდრში, რომელსაც გვერდზე აქვს ნახვრეტი მილაკისთვის. როცა ამ ცილინდრს ნაღებით ნახევრამდე აავსებენ, მას ჰორიზონტალურად ჰკიდებენ და არწევენ ბაწრის საშუალებით; ასეთი, ბავშვისთვისაც არასაძნელო მუშაობით მალე იღებენ კარაქს.

ყველაზე საპატიო მეურნეობის დარგი კახეთში და ქართლში არის მევენახეობა, განსაკუთრებით, როცა მასთან ერთად ჩავთვლით მეხილეობასაც. მემინდვრეობას, ნარგავებსა და მეცხოველეობას აქვთ გარდამავალი უპირატესობა და მათ ჩვეულებრივ მხოლოდ საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მისდევენ. ვენახები და ხილის ბაღები საერთოდ ერთადაა და შემოღობილია დაწნული ღობით, ან ერთმანეთზე დალაგებული ეკლებით.

კახეთში უფრო მეტად, ვიდრე ქართლში, ვაზს რგავენ ბორცვების სამხრეთ კალთებზე და, რადგან მისი მორწყვა არ შეიძლება, ამიტომ გაზაფხულზე ყოველ ძირს ნაკელს შემოაყრიან. მართალია, შემოდგომაზე შედარებით მცირე ტკბილს იღებენ, მაგრამ ეს იძლევა მაგარ [ცეცხლივით] ღვინოს, ამიტომ კახურს უპირატესობა აქვს იმასთან, რაც მტკვრის დაბლობზეა ქართლში. შემოდგომის ვაზს მიწაში კი არ ფლავენ, არამედ, ყურძნის კრეფის შემდეგ ისე შეჭრიან, რომ სტოვებენ მხოლოდ 4 ან 6 კვირტს და, რადგან ახალი ნაზარდი მაგარი არ არის, ამიტომ ვაზს ჯოხზე ამაგრებენ. აქვთ მხოლოდ წითელი ყურძენი.

მწიფე ყურძენს ყრიან კირით შელესილი აგურითა და ქვით გაკეთებულ, მიწაზე დადგმულ ნებისმიერი სიდიდის ჭურჭელში, ხოლო კაცები ჭყლეტენ ან წურავენ. ამ ჭურჭელს ერთ ადგილას აქვს ხვრელი, მის წინ კი [მოთავსებულია] წნელებით დაწნული ბადე. ამის საშუალებით ყურძნის წვენი ჩადის ღარში, სადაც ის 4-5 ფუტი სიღრმის და 4 ფუტი სიგანის, მთლიანად მიწაში ჩადგმულ ქვევრში ჩაისხმება. ქვევრზე ადებენ პურის ლავაშს, ამაზე კი თიხას, და ასე უცდიან დადუღებას; მიწას კი ისე ასწორებენ, რომ ვერც კი გაიგებთ დამალული განძის შესახებ. ხმარებისას ანკარა ღვინოს ამოხაფავენ ხოლმე. ამის გადაგზავნა ხდება თხის ან ხარის ტყავის ტიკით, რომელსაც შიგნით წასმული აქვს კუპრი. თხლიდან ხდიან არაყს, ხოლო ცარიელ ქვევრებს გულმოდგინედ წმენდენ. ერთი ციტრა (დაახლოებით შვიდი ზომა) კახური ღვინო, უშუალოდ პატრონისაგან თუ იყიდი, ღირს 10-15 კაპიკი და განთქმულია მთელ საქართველოში. საწნახელი და საცავი [მარანი – გ. გ.] შემორტყმულია კედლით და გადახურულია მსუბუქი სახურავით. ამ მარანში ფლავენ აგრეთვე თავიანთ ხორბლისა და ხილის მარაგს.

ყურძნის წურვა არ მიმდინარეობს სუფთად. ღვინოს ვნებს ერთი მხრით კირი, აგრეთვე დაუდევარი შენახვა; ჭაჭის გადაყრაც არ არის ეკონომიური და მთელი მეღვინეობა მცდარად წარიმართება.

ამიტომ ეს ღვინო, რომელსაც შეეძლო ყოფილიყო მშვენიერი, ერთ წელზე მეტს ვერ ძლებს.

ლეღვი, ბროწეული, ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ალუბალი და ბალი, კომში, ნუში, ატამი, გარგარი და კაკალი კახეთისა და ქართლის ბაღებში უამრავია და მოდის ადვილად მოსავლელ ადგილობრივ ხეებზე; ყველა ეს ხილი ძალიან კარგად ხარობს. წაბლი არ არის კახეთში, გარდა ალაზნის აღმოსავლეთ ნაპირისა.

კახეთში ადამიანის საკვებად ხშირად მოჰყავთ ხორბალი, ხოლო ფეტვი ცოტა, ცხენებისათვის კი უმეტესად ქერი და ცოტა შვრია. ბათმანი ხორბალი 1772 წელს ღირდა 6 კაპიკი, ხოლო ქერი – 4 კაპიკი.

აქ მოჰყავთ აგრეთვე ბევრი ბამბა, რომელიც ერთი ბათმანი ღირდა 1 მან. და 40 კაპ.-დან – 1 მან. და 50 კაპ.-მდე.

ბრინჯს კახეთში სულ არ სთესენ, ის ჭარელ ლეკებს შემოაქვთ და ჰყიდიან ციტრას 15-18 კაპიკად.

აბრეშუმს ამზადებენ მხოლოდ საკუთარი მოხმარებისათვის.

ენდრო კახეთში ძალიან გავრცელებულია და გაზაფხულობით, ვიდრე ბალახი ამოვა, ისევე როგორც თერგზე, ამოთხრიან ხოლმე დიდი რაოდენობით, მაგრამ მიწის ორმოებში კი არ ახმობენ, როგორც იქ, არამედ ჰაერზე – სახურავის ქვეშ, ოთახის თავზე. ერთი ციტრა ახალი (ნედლი) ფესვები 1772 წ. ღირდა ერთი მანეთი, ხოლო გამხმარი – მანეთი და 40. კაპ. – მანეთნახევარი.

მეცხოველეობა მხოლოდ უმნიშვნელოა; ამასთან ყველას ჰყავს საუკეთესო ცხენი, რომლებიც მთელ საქართველოში განთქმულია, რამდენიმე ძროხა, ხარები გუთნისთვის და დუმიანი ცხვრები, რომლებიც აქ მხოლოდ ჩვეულებრივი ცხვრის სიდიდისა არიან, ამასთან კარგი მატყლი აქვთ. ცხენებს, რომლებიც საჯინიბოში ჰყავთ, კვებავენ ქერით და თითოზე 24 საათში მოდის 16 ფუნტი (გირვანქა), ამასთან ცხენს აძლევენ ჩალას რამდენიც სურთ, რათა კუჭი გაევსოს, ხოლო მუცელი არ გაებეროს; მესამე დღეს კი [აძლევენ] ერთ ლოტ სუფრის მარილს. თივა, რადგან ის მუცელს უზრდის, მხოლოდ ზოგ ადგილებშია გამოყენებული. მთლად ასევე ინახავენ თავის სიმშვენიერით განთქმულ სპარსულ კვიცებს.

მეფუტკრეობა კახეთში საკმაოდ მნიშვნელოვანია. სკები გაკეთებულია გამოფუღრული, 6 მტკაველი სიგრძის მრგვალი ნამორიდან, ორი შესატყვისი ნახევრებით, ერთ ბოლოში ჩასაფრენი ხვრელით. ისინი მოთავსებულია ორი ფუტის სიმაღლის დანადგარზე მსუბუქი სახურავის ქვეშ. სანთელი და თაფლი საღდება თბილისში; აქ არ იციან მეტი. თაფლს ძალიან ხარშავენ და მასში ამოავლებენ კანაფზე აგებულ ნიგოზს და ასე ასხმობით ჰყიდიან.

სადაც კახეთსა და ქართლში მაღალი მთები ხევებისაკენ და დაბლობებისაკენ ეშვებიან, იქ ისინი ჩვეულებრივ დაფარული არიან მუხისა, წითელი და თეთრი წიფელის, თელის, თხმელის, გარეული ხეხილის, თხილის, თეთრი და შავი ეკლის ტყეებით; ეს ტყეები ძალიან მოხერხებულ, თავშესაფარად აქვთ ირემს, ქურციკს, გარეულ ღორს, ტურას, მელას და კურდღელს.

კახეთი, საერთო ქართული წყობილების მიხედვით, იყოფა მხარეებად (Distrikt), რომლებიც ზოგჯერ რაიონებადაა (Kreise) დაყოფილი. თითო მათგანს ეკუთვნის არაერთნაირი რაოდენობა ე. წ. ქალაქებისა, ციხე-სიმაგრეებისა, მსხვილი სოფლებისა ან ადგილებისა (Flecken), პატარა სოფლებისა და დასახლებული ადგილებისა, აგრეთვე უმეტესად ზოგი მონასტრებისა. უკვე აღნიშნული იყო, რომ მმართველი ადგილისა ან რამდენიმე პატარა სოფლისა, თვით არჩეული მოსახლეობის მიერ და დამტკიცებული მეფის მიერ – «კ ა მ ხ ა» არის, ხოლო მხარის მმართველი მოხელეა (მურავი), რომელიც მხარის მიხედვით ატარებს სახელს, მაგ. ქიზიყის მხარის მოხელეა – ქიზიყის მოურავი და საერთოდ ის არის თავადთა გვარიდან; ხოლო დიდსა და რამდენიმე მცირეს ჰყავს გუბერნატორი (ერისთავი); თუმცა კახეთში ასეთი სრულებით არ არის.

კ ა ხ ე თ ი ს | მ ხ ა რ ე | ქ ი ზ ი ყ ი
 (იხ. 1772 წ. თებერვლის დღიურში)

ის მდებარეობს მტკვრის მარცხენა მხარეს, არის უკიდურესი აღმოსავლეთი [მხარე] კახეთისა და მთელი საქართველოსი; აღმოსავლეთით ესაზღვრება ლეკეთი, ანუ ლეკების ქვეყანა, ჩრდილოეთიდან აქვს ქედი (მთიანეთი), სამხრეთით – მტკვარი, დასავლეთით – კახეთის მხარე თვალსაგარეჯო. ის მოიცავს ალაზნის ქვედა დინების ორივე მხარეს და ამასთან მთისწინეთის და გვერდითი ანუ კირიანი მთის ერთ ნაწილს და ზეგანს მათ შორის. მისი სოფლები უმეტესად ამ მთების კალთებზე მდებარეობენ, დაბლობებისა და მდინარის ხეობების პირდაპირ. მხარის სიგანე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ არის დაახლოებით 20 ვერსი.

ამ მხარის დასახლებული ადგილები, რომელთაგან უმრავლესობა მე თვით მოვიარე და უკვე დღიურშია აღნიშნული, შემდეგია: (და ჩამოთვლილია 26 დასახლებული ადგილი, რომელთაგან გარკვეული ინფორმაციები არის შემდეგ სოფლებზე):

10. ვაქირი – ამ დაბას აქვს დიდი მონასტერი ქართული წარწერებით. ვაქირიდან თოვლიან მთებამდე არის 6 დღის სავალი. გზა მიდის ალაზანზე, შემდეგ კახეთის განაპირა სოფელ გაუარზე (გავაზზე ?), თოვლიანი ქედის ჩრდილოეთით არის პირველი სოფელი ხეტშორუკი (?).

22. ზიარი. ამასთან, მხარეში კიდევ არის ორი მონასტერი:

23. ნინო წმინდა, რომელიც მე 1772 წ. 26 ნოემბ. მოვიხსენიე და

24. წმინდა სტეფანე ხირსელი ან მოკლედ სტეფან-წმინდა. ორივეში მხოლოდ რამდენიმე ბერი არის.

25. ყარაღაჯი, აგრეთვე თოფყარაღაჯი (იხ. გერბერის «რუსეთის ისტორიის» კრებულში: ტაპკარაგან), ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, სადაც შეიძლება მისი გადასვლა ცხენით; ის ლეკთა ყაჩაღურმა ბანდებმა გამოიყენეს; იყო რეზიდენცია მაჰომედ ყული ხანისა, მაგრამ არის ლეკთა მიერ განადგურებული და გაუდაბურებული. ჯერ კიდევ არის იქ კედლები და კოშკები შერჩენილი. როგორც კი ლეკების ყაჩაღთა ბრბოები ალაზანზე გავლენ, ისინი მიცოცავენ ერთი ხევიდან, ბუჩქიდან, დანგრეული ბინიდან მეორეზე, ასე მიდიან იმერეთამდე და თვით თურქთა ახალციხემდე, სადაც თავიანთ ნადავლს ასაღებენ.

26. სიღნაღი ამჟამად არის ამ მხარის ერთადერთი სიმაგრე. ის მდებარეობს სამხრეთის მთისწინეთის ჩრდილო ფერდობზე, კირიანი მთის პირდაპი, სოფლების საქობოს (# 8) და მაშნარის (# 9) ახლოს. მისი 10 ფუტი სიმაღლის, 4 ფუტი სისქის ქვიშაქვის და კირქვის, კირით ამოყვანილი კედელი აძლევს მას 80 საჟენის დიამეტრის კვადრატის ფორმას და [აქვს] სამი მხრიდან კარები. მისი თავდაცვა შედგება 5 ექვსფუნტიანი ქვემეხისაგან, რომლებიც მოდარაჯე გარნიზონის ხელში მას აქაური იოლი მტრისთვის აუღებელს ხდის, ისე კი კედელი სუსტია. 1772 წ. მისი მცხოვრებლები შესდგებოდნენ 84 სომხური კომლისაგან, რომლებიც აგრეთვე იცავენ მას, თუმცა უმეტესად კედლის გარეთ ცხოვრობენ. გაჭირვების შემთხვევაში აქ მოედინება ყველაფერი, და ყველა გამოქცეული მამაკაცი აძლიერებს გარნიზონს. თბილისის და გორის შემდეგ, რომლებიც მტკვარზე მდებარეობენ, ის [სიღნაღი] არის უდიდესი და უძლიერესი სიმაგრე მთელ საქართველოში.

ქიზიყის ახლანდელი მოურავი იყო თავადი სირვან (?) [ = რევაზ] ანდრონიკაშვილი, ბატონიშვილ გიორგის ცოლისძმა.

მეფის საომარი საჭიროებისათვის ამ მხარეს შეუძლია გამოიყვანოს 3000 ცხენოსანი და შეიარაღებული კაცი.

ნატურალურ გადასახადად ამ მხარეს შეწერილი აქვს ცისფერი ია, რომლიდანაც სამეფო კარისათვის მზადდება სითხეები [სურნელოვანი ?].

კახეთის მხარე გ ა ღ მ ა მ ხ ა რ ი მდებარეობს ქიზიყის ზემოთ ალაზანზე.

მხარე თ ი ა ნ ე თ ი მოიცავს მდ. იორის ზემო უფრო მაღალ მხარეს.

მე არ შემიძლია ამ მხარეზე დაბეჯითებითი ცნობების მოცემა. უკანასკნელს ეკუთვნის თიანეთის ციხე. 

კახეთის მხარეს თ ვ ა ლ ს ა გ ა რ ე ჯ ო ს (იხ. 1772 წ. თებერვლის დღიური) უჭირავს იორის ქვედა დინება და მთისწინეთის ქვემო ნაწილი და მისი ვაკეები.

მასვე ეკუთვნის კედლებით და ციხეებით აღჭურვილი ადგილები: (და ჩამოთვლილია 10 ასეთი ადგილი, მათ შორის მანავი, მარტყოფი, ნორია, მონასტერი ნინოწმინდა და საგარეჯო).

მხარე კატარეთი (იქნებ – კაჭრეთი ? – გ. გ.) და ჩულავერდი (შულავერი ?) მდებარეობენ ალაზანსა და იორზე და მათ შორის; მათ დასახლებულ პუნქტებს ვერ დაგისახელებთ. შემდეგი ქართული პუნქტები კი, უმეტესად ალაზანზე და იორზე, ნაწილობრივ კი იორის შენაკადებზე მდებარენი, ეკუთვნიან ერთს ან მეორეს ამ მხარეთაგან (და ჩამოთვლილია მთელი ორი აბზაცი ამ დასახლებული პუნქტებისა).

საერთოდ ფიქრობენ, რომ კახეთს შეუძლია გამოიყვანოს 13000 ცხენოსანი და შეიარაღებული კაცი; საცხოვრებელი ადგილების დაცვისა და გადასახადთა გადახდის [უზრუნველსაყოფად] მეფეს მოქმედი არმიისთვის შეუძლია გამოიყვანოს არაუმეტეს 5000 კაცისა.

ხუთ თათრულ სოფელში ითვლიან 250 ოჯახს.

ეს საკმაო მოსახლეობა არის ალაზანზე და მის შენაკადებზე; იორზე კი, პირიქით, თითქმის ყველაფერი უდაბური და განადგურებულია.

თ უ შ ი ს | ა ნ უ | თ უ შ ე თ ი ს | მ ხ ა რ ე | დ ა | ხ ა ლ ხ ი

მდ. სტორის ზემოთ, 1 დღის სავალზე ჩრდილოეთისკენ, ამბობენ, რომ მის დასავლეთ მხარეზე სამხრეთისკენ, არის ცხელი წყაროები, რომლებიც სუნით თბილისისას წააგვანან.

ზემო ალაზნის მარცხენა მხარეს, მდინარე სტორზე ზემოთ სუნჯის დაკონ (დიდ)-არღუნზე, მთაში, არის თუშების მიერ დასახლებული მხარე თუში (თუშეთი), მთავარი ქედის ძირიდან 1 ½ დღის სავალზე, კახეთის მხარეში, ქიზიყში, სტორზე, ზემოთ. მას უჭირავს სამხრეთის ფიქალიანი მთის მწვერვალები, წყაროებთან და მდინარეებთან, რომლებიც ნაწილობრივ სამხრეთით ალაზნისკენ მიედინებიან, ნაწილობრივ ჩრდილოეთით – არღუნისკენ, ან აქსაისკენ; ამიტომ აქ ხშირია ჯეირანი.

თ უ შ ე თ ი ს | ს ო ფ ლ ე ბ ი ა: (შემდეგ ჩამოთვლილია ეს სოფლები) 

ყველა ამათ უნდა შეეძლოთ 500-მდე შეიარაღებული კაცის გამოყვანა.

თუშები, როგორც ამას მათი ენა მოწმობს, რომელიც ქართული დიალექტია, მრავალი ქისტური სიტყვით შენარევი, რასაკვირველია, არიან ქართველები, ქისტებთან შერეულნი, და ერეკლე მეფე მათ უყურებს როგორც თავის ქვეშევრდომებს, და ჩაყენებული ჰყავს მათთან მოურავი (თუშეთის მოურავი), რომელიც ზის არა მხარეში, არამედ ბალისყურში (ქვემოთ შენიშვნაა: შესაძლებელია ეს იყოს ლალისყური);1772 წელს [თუშეთის მოურავი] ჩერქეზიანთა თავადური გვარიდან იყო. წლის გარკვეულ დროს ისინი მეფეს აძლევენ სასახლის მცველებს, ხოლო ომში გამოჰყავთ ჯარი. მაგრამ ყველაფერი ეს მხოლოდ აჩრდილია ბატონობისა (მორჩილებისა), რადგან ისინი არც გადასახადს უხდიან, არც ბრძანებებს ემორჩილებიან.

პირიქით, ლეკების ავარ-ხანს ანუ ნუცალს ისინი ყოველწლიურ ხარკად უხდიან 10 ჯორს, ან თითოეული ჯორის მაგიერ უნაზღაურებენ 60 ცხვარს; თითო (ცხვარი) კი რუსულ ფულზე 80 კაპიკად ფასდება.

პირველ ოთხ სოფელში (ზემოთ ჩამოთვლილი სოფლებიდან, ესენია: წოვა, საგირთა, ეტელთა, ინდურთა – ი. ხ.) ლაპარაკობენ ქართულ-ნარევ ქისტურად. მცხოვრებლები შესაძლებელია, უფრო მეტად ვიდრე სხვაგან, ქისტური შთამომავლობისა იყვნენ.

პირთა სახელები უფრო შერეულია, უფრო მეტად ქართული მამაკაცთა სახელებია, მაგალითად: (შემდეგ მოყვანილია კაცებისა და ქალების სახელები).

მამაკაცები ქართულად იცვამენ; ქალებიც ქისტურ რქისმაგვარ ჩაფხუტს კი არ იხურავენ, არამედ, ქართული წესით, თავშალი აქვთ მოხვეული თავზე.

კაცები ატარებენ წვერს და იპარსავენ თავს როგორც ჩერქეზები.

უმეტესი ნაწილი იცავს დიდმარხვას, მაგრამ მხოლოდ მცირეოდენი ინთლება სულელი მღვდლების მიერ. არ აშენებენ ღორს, მაგრამ ღორის ხორცს კი ჭამენ. ამ მხარეში, რამდენიმე ქვიტკირის ეკლესიაა, მაგრამ ხალხი იქ უკვე აღარ დადის.

5. შუა ანუ შიდა ქართლი 
(წიგნის გვ. 267-279)

ეს პროვინცია, როგორც მთავარი ნაწილი ქართლისა, საერთოდ იწოდება «ქართლი», ანუ ევროპულად «კარდუელ».

ის, როგორც კახეთი, მდებარეობს ჩრდილოეთით კავკასიის ალპურ ქედსა, ოსების მეზობლად, და სამხრეთით მტკვარს შორის, რომლის მარჯვენა მხარეზეც ზემო და ნაწილობრივ ქვემო ქართლი მდებარეობენ.

აღმოსავლეთით არის კახეთი, ხოლო დასავლეთით გამკვეთი ქედი, რომელიც კავკასიის მთავარ ქედს აერთებს მის სამხრეთ მთისწინეთთან და რომლის მეორე მხარეს იმერეთია. 

ეს პროვინცია ირწყვება ქედიდან ჩამომავალი მდინარეებით – მტკვრის მარცხენა შენაკადებით – არაგვით, ქსნით, ლეხურათი, პატარა და დიდი ლიახვით და სურამულათი და ყველა მათი შენაკადებით. ის გარეგნულად – მთების მდებარეობით, ნიადაგით, ჰავით, მოკლედ ყველაფრით, კახეთს წააგავს. სახლების მშენებლობის სისტემა ქართლში სხვაა კახეთთან შედარებით; ქართლში გლეხთა სახლები წარმოადგენენ მიწურებს. მათ შესახებ ჯერ კიდევ ადრე იყო აღნიშნული.

რაც შეეხება მოსახლეობას და მის მცირერიცხოვნობას, განადგურებათა მრავალ კვალს და მცირედ მოშენებულობას, ამაშიც მთლიანად კახეთს ემსგავსება. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილებია – გორი, ქრცხინვალი და სურამი.

ამ პროვინციის ჩრდილოეთი ნაწილი უკავიათ ოსებით დასახლებულ მხარეებს. ამ პროვინციის მხარეებია: ოსური მხარე გ უ დ ა, არაგვს ზემოთ, 7 სოფლით. ეს ოსები, ისევე როგორც სხვა ოსურ რაიონებში მცხოვრებნი, არიან ქართლის მეფის კარგი და წყნარი ქვეშევრდომები, ჰყავთ თავიანთი არჩეული უფროსი და მთლიანად სარგებლობენ ქართველებით დასახლებული მხარეების უფლებებით. ზოგიერთი მომდევნო ოსური მხარეები ემორჩილებიან არა პირადად მეფეს, არამედ ქართლის თავადებს. ოსეთის მხარეებს მე აგრეთვე დავასახელებ ოსეთის პროვინციის მოხსენების დროს.

მ ხ ა რ ე | ხ ა დ ა | ა ნ უ | კ ი უ ლ ე

[მდებარეობს] ზემო არაგვზე ფიქალიან მთებში, გუდის ქვევით. მისი სოფლებია: (ცხრა სოფელს, მათ შორის კაიშაურთკარს, მლეთეს, უწერია – ყველა დასახლებულია ქართველებით, ხოლო ორ სოფელს, ახალსოფელსა და ჩონჩოს, – მოსახლეობა ოსებია).

მ ხ ა რ ე | ხ ე ვ ს უ რ ე თ ი

ეს მხარე არის მაღალ მთიანეთში კიდევ უფრო ზევით არაგვზე; მთლიანად ოსებითაა დასახლებული, მაგრამ ისინი არიან ქართლის მეფის არასაიმედო ქვეშევრდომები, ამიტომ მე ვერ შევძელი მიმეღო მათზე ზუსტი ცნობები.

მ ხ ა რ ე | გ უ დ ა მ ა ყ ა რ ი

მას უჭირავს ამავე სახელის მდინარის, არაგვის მარცხენა შენაკადის, მიდამოები მაღალ ფიქალიან და მასთან ახლოს მდებარე კირიან მთებში.

მ ი ს ი | ს ო ფ ლ ე ბ ი | ზ ე ვ ი დ ა ნ | ქ ვ ე ვ ი თ | ა რ ი ა ნ:

(დასახელებულია 13 სოფელი). მოსახლეობა ქართველებია და შეადგენენ 80 ოჯახს.

მხარე გ ა რ ე შ ე მ ო, არაგვზე, გუდამაყრის ქვემოთ. მისი მოსახლეობა, რომლის სოფლებს და რიცხვს ვერ გეტყვით, არის ქართული.

მხარე მ რ ე ვ ლ ი, არაგვზე, გარეშემოს ქვემოთ, რომლის სოფლებია: (დასახელებულია ხუთი სოფელი, მათ შორის ნადიბაანი, ჩოხელიანი).

მ ხ ა რ ე | ც ხ ა ო ტ ი, მხარე გარეშემოს ქვემოთ არაგვზე.

(შემდეგ თვით არაგვზე და მის მახლობლობაში ნაჩვენებია 22 სოფელი და უწერია – მოსახლეობა ქართველებია).

მხარე ფ შ ა ვ ი, [მდებარეობს] არაგვის მარცხენა შენაკად ფშავის მდინარეზე, ზემოთ, მაღალ მთებში, თუშეთის დასავლეთით და ხევსურეთის აღმოსავლეთით. თუმცა მისი მოსახლეობა ქართველებია, მაგრამ არასაიმედო ქვეშევრდომებია ქართლის მეფისა; ამიტომ მე არ შემიძლია რაიმე ვთქვა დაბეჯითებით მათ შესახებ.

მხარე ს ა ე რ ი ს თ ა ო [არის] არაგვზე, ფშავის ქვემოთ. მისი სოფლებია: 1. ანანურის ციხე არაგვის მარჯვენა ნაპირზე. მას მიაკუთვნებენ ქალაქთა რიცხვს. იქ არის აგურით ნაშენები დიდი ეკლესია, გარედან ქვიშაქვის ფილაქნებით [და] დიდი გუმბათით. შენობა სიგრძით არის 28 ნაბიჯი, სიგანით – 23. მასში, ერთ კედელზე, არის გრძელი ქართული წარწერა. ამ ეკლესიაში ამასთანავე არის 15 წლის წინათ გარდაცვლილი არაგვის ერისთავისა და თუშეთის მოურავის ჯიმშერ ჩოლოყაშვილის საფლავი; [არის] აგრეთვე გიორგი ერისთავის საფლავიც, ორივეს აქვს ქართული წარწერები. ამ დიდი ეკლესიის გარდა არის კიდევ ერთი ძველი ეკლესია, რომელშიც ასევე არის ქართული წარწერა. (შემდეგ დასახელებულია კიდევ 50 სოფელი) 

მოსახლეობა უმთავრესად ქართველებია, არიან ცოტა სომხებიც. ამ მრავალრიცხოვან სოფელთაგან ზოგი დარბეულია.

ქალაქი დუშეთი (# 18) – მდებარეობს გზაზე მოზდოკიდან თბილისისკენ.

მ ხ ა რ ე | ქ ა რ თ ლ ი, | ა ნ უ | გ ა ღ მ ა მ ხ ა რ ი არის მდინარის იქითა მხარეს, სახელდობრ თბილისიდან. ის მდებარეობს მტკვრის მარცხენა მხარეზე, იორსა და არაგვს შორის, დასახლებულია ქართველებით, აქა-იქ სომხებით და აქვს შემდეგი სოფლები: (შემდეგ ჩამოთვლილია 25 სოფელი, მათ შორის გომიჯვარი, თელადგორი, კავთიხევი, ახალქალაქი, ხანდაკი, ქვახვრელი, გრაკალი, მეტეხი, ნიჩბისი და სხვა. მათ შორის წერია: «18. გირელიციხე /= გველიციხე/ მდ. ჭერემხევზე. ეს პუნქტი დაცულია ოთხკუთხა კედლით, რომლის ოთხივე მხარე 100 ნაბიჯის სიგრძისაა და არის მეფის მეუღლის, დედოფლის, მამული. სახლები ქართლურად არის ნაშენი, სახელდობრ, მიწურებია და მათთან ახლოს დაყენებულია საქონელი, ისე რომ კაცი შეიძლება მოკვდეს მისი სუნისგან. როცა შაჰ-აბასმა აქედან 3 ვერსზე მდებარე ქალაქი ჭერემი დაანგრია, მაშინდელმა დედოფალმა თამარმა მისი მცხოვრებლებისაგან შეადგინა ეს სოფელი» /ქვემოთ გაკეთებულია შენიშვნა: გიულდენშტედტს აქ აურევია კახეთისა და ქართლის სოფლები/).

ო ს უ რ ი | მ ხ ა რ ე | ვ ა ნ ა თ ი. ქციას, ჟამურსა და ლომისას ზევით, ყველა ქსნის ზემოთ, ემორჩილებიან ქართლის მეფეს და ქართლის თავადებს (ქვემოთ შენიშვნაა: ქციის ნაცვლად «ქსანი» უნდა იყოს). ამ მხარეებიდან ოსთაგან [დასახლებულია] ც ხ რ ა ზ მ ა ანდა ც ხ რ ა ზ მ უ ლ ა.

ამავე სახელის ქსნის შენაკადზე, ლომისას ქვევით, ქართველებით დასახლებული სოფლებია: (და ჩამოთვლილია 10 სოფელი).

ჭ უ რ თ ა ანუ ჟ ა მ უ რ ი. ქსნის შენაკად ჭურთაზე. მისი სოფლებია: (და დასახელებულია 40 სოფელი) 

ესენი არიან ერთმანეთში არეული ქართული და ოსური სოფლები, რომლებიც კარგად ეთვისებიან ერთმანეთს.

ო ს უ რ ი | მ ხ ა რ ე | ს ა ფ ე რ შ ე თ ი ქსანს ზემოთ, მთლიანად ოსურია და მეფეს ექვემდებარება.

ქსანზე ზევიდან ქვევით კიდევ არის სოფლები: (ჩამოთვლილია 39 სოფელი) 

ყველა ეს სოფლები ემორჩილებიან ქსნის ერისთავს, რომელსაც მათი უმეტესობა ეკუთვნის. ბერძენმა კეისარმა იუსტინიანემ ეს მხარე გადასცა როსტომს, ოსს, გამოაცხადა ის თავადად და ერისთავად, მისცა მას ბეჭედი და აჩუქა ძვირფასი საპატიო სამოსელი. ნაჩუქარი სოფლების რიცხვი იყო 38: წირქოლი, ახალდაბა, ბურული და ა. შ., რომელთაგან შემდგომ ზოგი განადგურდა, ზოგი გადატანილ იქნა, ზოგსც სახელი შეეცვალა. ახლანდელი ქსნის ერისთავი დავითი, როსტომიდან მოყოლებული, ამ ხნის განმავლობაში, არის 275-ტე.

ლეხურაზე არის ნაწილობრივ განადგურებული სოფლები: (ჩამოთვლილია 10 სოფელი, მათ შორის ჭალა /ციხე/, სამთავისი /ციხე/, კასპი /განადგურებული ციხე/)

მხარეები და სოფლები დიდ და პატარა ლიახვზე, თუ ჩემი შენიშვნების მიხედვით აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ვივლით. მეჯუდის მიდამოებში: (დასახელებულია 18 სოფელი) 

იკორთა /# 6/ განთქმული, გამაგრებული მონასტერია, სადაც არის ერისთავების სამარხები.

პ ა ტ ა რ ა | ლ ი ა ხ ვ ზ ე | ზ ე მ ო დ ა ნ | ქ ვ ე მ ო თ | ა რ ი ს:

ოსური მხარე გ უ ნ გ ო (?), სათავეებთან. მის შესახებ იხ. ოსებთან.

ოსური მხარე პ ა ჩ უ რ (?), პატარა ლიახვის ზემო შენაკადზე. იხ. ოსები.

ოსური მხარე გ უ ფ თ ა, პატარა ლიახვის მარცხნივ. იხ. ოსები.

ოსური მხარე გ ნ ა ს უ რ ი, პატარა ლიახვის მარჯვენა მხარეს. იხ. ოსები.

ოსური მხარე კ ო ბ ა ი ს ი, პატარა ლიახვის მარჯვენა მხარეს. იხ. ოსები.

ოსური მხარე გ რ ი ა, პატარა ლიახვის მარჯვენა მხარეს, კობაისის ქვევით, მის შესახებ იხ. ოსებთან.

ამ ოსური მხარეებიდან შემდეგნი არიან ქართველებით დასახლებული ადგილები, ნაწილობრივ სომხებთან შერევით: (და ჩამოთვლილია 59 სოფელი) 

დ ი დ | ლ ი ა ხ ვ ზ ე | ზ ე მ ო დ ა ნ | ქ ვ ე მ ო თ | ა რ ი ს:

ოსური მხარე უ რ ს ტ ვ ა ლ ა დ (?), დიდ ლიახვზე, ფიქალიან მთებში. იხ. ოსეთი.

ქართულ-ოსური მხარე ს პ ა, დიდი ლიახვის ზემოთ და მარცხნივ, წინას საპირისპიროდ. იხ. ოსები.

ქართულ-ოსური მხარე ჯ ო ნ ა ხ ი, ამავე სახელის მდინარეზე, რომელიც ზემოთ, ლიახვს მარჯვენა მხრიდან ერთვის. იხ. ოსები.

ქართულ-ოსური მხარე გ უ დ ა, ზემოთ, დიდი ლიახვის მარცხენა მხარეს, სპის მხარის ქვემოთ. იხ. ოსები.

ქართულ-ოსური მხარე ჯ ა ვ ა თ კ ა რ ი, დიდი ლიახვის მარცხენა მხარეს, გუდის ქვემოთ. იხ. ოსები.

ქართულ-ოსური მხარე ჯ ა უ კ ო მ ი, მდ. ფაწაზე, დიდი ლიახვის მარჯვენა შენაკადზე. 

ქართული მხარე მ ა ღ რ ა ნ - დ ვ ა ლ ე თ ი და მ ე ჯ ვ რ ი ს ხ ე ვ ი მთიანეთის ძირში, რომლებსაც ეკუთვნიან შემდეგი, არა ყველა ქართველებით დასახლებული სოფლები ლიახვის ქვემო დინებაზე, რომელთაც მე ზუსტად ვერ გადმოგცემთ: (და ჩამოთვლილია სულ 44 ქალაქი და სოფელი, არა მაღრან-დვალეთში, არამედ მთლიანად დიდი ლიახვის ხეობაში, მათ შორის თამარაშენი, თაქთაქიანი, აჩაბეთი, ქურთა, კეხვისციხე /დანგრეული/, ქრცხინვალი /«ოსურად კრება, რომელსაც ქალაქად სთვლიან»/, ნიქოზი, შინდისი, ვარიანი და ა. შ.) 

ს უ რ ა მ უ ლ ა ს მხარე მოიცავს ქართულ მხარე საწერეთლოს.

ის ეკუთვნის იმერეთის თავადს წერეთელს და, მაშასადამე, ამდენად იმერეთს, თუმცა მდებარეობს ქართლში. ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება იმერეთის მხარე რაჭა. ამ მხარეში ზემოხსენებულ მდინარეზე არიან:

1. სურამის ციხე 2. იტრია 3. ციხე ოსიაური 4. ციხე სატივე 5. დანგრეული ციხე მოხისი 6. ძაღინა, სადაც სპილენძის მადნებია (ქვემოთ შენიშვნაა: ვ ა ხ უ შ ტ ი /აღწერა 80/: «ძაღინა... აქა არს ლითონი ვერცხლისა»). 7. ციხე აბისი და 8. სამწერისი.

დანარჩენი ადგილების შესახებ დანამდვილებით ვერას გეტყვით. მოსახლეობა არის იმერელი ქართველები და მათ შორის ბევრია სომეხი.

6. ქართული პროვინცია იმერეთი და იმერეთის სამეფო 
(წიგნის გვ. 281-309)

იმერეთის სამეფო მოიცავს ქართულ პროვინციას იმერეთს. აღმოსავლეთით მას ესაზღვრება გადამკვეთი ქედი და ქართლი, სამხრეთით – სამხრეთ კავკასიის მთისწინეთის ჩრდილოეთ კალთები, თურქული ნასახლარები (ნაოხარები) და მხარეები, სამხრეთ-დასავლეთით – გურია, დასავლეთით – სამეგრელო, ხოლო ჩრდილოეთით – კავკასიის ალპური ქედი სვანეთითა და ბასიანიით.

ამ მხარეს რწყავს რიონი ზემო დინებით, თავისი შენაკადებით ვიდრე ცხენისწყლამდე, რომელიც ერთვის რიონს ყვირილის შესართავიდან 30 ვერსის მოშორებით და ნაწილობრივ შეადგენს იმერეთის საზღვარს.

მართალია, იმერეთი მდებარეობს იმავე ჩრდილოეთ განედზე და აქვს იგივე მდებარეობა, როგორც ქართლს, სახელდობრ – იგი მდებარეობს კავკასიის ქედის სამხრეთ ფერდობზე, აქვს ფიქალიანი მთები, კირქვიანი თხემები, მდინარეების ხევები და დაბლობები მთავარ და გვერდით ქედებს შორის, აგრეთვე თიხნარი ნიადაგი და მცენარეული საფარი (ტყეები); მაგრამ ეს ქვეყანა მაინც ძლიერ განსხვავდება ქართლისაგან. მთები და საერთო მდებარეობა უფრო მაღალია, ჰავა უფრო ცივი და ზოგიერთი კულტურისათვის ძალიან ცივი. ზოგ დაბლობს აკლია ქარის ნიავი და წყალსაც სადინარი არა აქვს. ამიტომ ბევრია ტალახი; სველი ნიადაგი და ნესტიანი ჰაერი ხელს უშლის ნიადაგის დამუშავებას და განსაკუთრებით მეორე პირობა მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისა და პირუტყვის მოშენებისათვის. სხვა მხრივ იმერეთს განადგურების ნაკლები კვალი არ აქვს, ისიც ასევე ნაკლებაა გაშენებული და დასახლებული.

იმერეთი დამოუკიდებელია სხვა ქართული პროვინციებისაგან. ამ პატარა სამეფოს ჰყავს თავისი საკუთარი მემკვიდრეობითი მეფე; მის ოჯახზე უკვე ზემოთ იყო ნათქვამი.

ი მ ე რ ე თ ი ს | თ ა ვ ა დ თ ა | გ ვ ა რ ე ბ ი (თავადიშვილები) 15-ია, სახელდობრ:

1. რაჭის ერისთავი, რომელიც ახლანდელი მეფის სოლომონის მიერ ძალიან არის დაქვეითებული.

2. ჯაფარიძე, 3. წულუკიძე, 4. იაშვილი, 5. ყიფიანი. ამათ თავიანთი მამულები აქვთ რაჭაში.

6. წერეთელი, 7. ლორთქიფანიძე და 8. მიქელაძე ძალიან მრავალრიცხოვანი არიან და თითოეულ მათგანს ჰყავს დაახლოებით 50 მოგვარე. 9. აბაშიძე, 10. ჩხეიძე, 11. (მ)ხეიძე, 12. აგთაშვილი (ალბათ აგიაშვილი), 13. გაბ(უ)აშვილი, 14. ფინეზიშვილი, 15. ჯიჯავაძე. ხუთი უკანასკნელი [გვარის თავადები] არ არიან მდიდრები.

იმერეთში აზნაურები თითქმის ისევე ბევრია, როგორც გლეხები, ამასთან მესხები და კვინიხიძეები გამოირჩევიან სიმდიდრით.

იმერეთის სამეფოს სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური წყობა არ განირჩევა ქართლის წყობისაგან. იგივე წოდებებია და ხალხები, მხოლოდ იმერეთში ცოტაა თათრები და ოსები. ისეთივე წოდებრივი ურთიერთობაა, ისეთივე სამხედრო [წყობა] და ცუდი მართლმსაჯულება, იგივე კარის და ქვეყნის მოხელეები [ჰყავთ] (მხოლოდ უფრო ცოტაა დაუკავებელი თანამდებობა) და ისეთივე საპატიო წოდებანი მოეპოვებათ, ისეთივეა გადასახადები და მათი აკრეფის სახეები, მხოლოდ იმერეთში არავითარი საბადოები არ არის. ისევე როგორც ქართლს, მასაც არა აქვს საკუთარი მარილი. ქვეშევრდომთა კლასი ისევე ყმები არიან და ეწევიან მხოლოდ სამიწათმოქმედო მუშაობას; მევენახეობა და ხორბლის მოყვანა, აგრეთვე მესაქონლეობაც მცირეა და მოსახლეობა საერთოდ უფრო ღარიბია, რისი მიზეზიც არის მთიანი მდებარეობა და ამის შესაფერისი ჰავა.

იმერული ენა დიდად არ განსხვავდება ქართლურისაგან. აქაც ვერ აძლევენ ზოგად-საგანმანათლებლო ცოდნას.

რადგან იმერეთის მეფე, დადიანი და გურიელი არ ჭრიან ფულს, ამიტომ იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში შემდეგი თურქული მონეტები ტრიალებს: (დასახელებული და დახასიათებულია ეს მონეტები).

წ ო ნ ი ს | ე რ თ ე უ ლ ე ბ ი | ი მ ე რ ე თ შ ი | შ ე მ დ ე გ ი ა:

[ერთი] ქ ს ა ნ ი უდრის რუსულ ნახევარ ფუნტს (ნახევარ გირვანქას).

[ერთი] ჩ ა რ ე ქ ი უდრის 4 ქსანს ანუ 2 ფუნტს, უდრის 1 ლიტრას.

[ერთი] ლ ი ტ რ ა უდრის 4 ჩარექს ანუ 8 ფუნტს.

[ერთი] ბ ა თ მ ა ნ ი არის 9 ჩარექი ანუ 18 ფუნტი.

ს ი თ ხ ი ს | ს ა წ ყ ა ო ს | ე რ თ ე უ ლ ე ბ ი ა:

[ერთი] დ ო ქ ი იტევს 4 «ზომას» ანუ ½ რუსულ ვედროს; 1 რუსული ვედრო კი არის დაახლოებით 8 ფუნტი.

[ერთი] კ ო კ ა იტევს 6 დოქს, ანუ 3 ვედროს.

ს ი გ რ ძ ი ს | ს ა ზ ო მ ი | ე რ თ ე უ ლ ი ა

ა დ ლ ი: უდრის 3 ფუტს 4 დუიმს ინგლისური ერთეულებით.

მიუხედავად ბევრი ტანჯვისა, რაც იმერეთმა 200 წლის განმავლობაში განიცადა თურქებისაგან, მან ძირითადად მაინც შეინარჩუნა [სიწმინდე] იმერეთის ხაზისა ანუ ბაგრატიონთა ძველი გვარისა, რომელსაც ეკუთვნის ახლანდელი (1772) მეფე სოლმონიც. ის [თავის უფლებებში] უმთავრესად რუსულმა იარაღმა აღადგინა, მხოლოდ ლეჩხუმის მხარე დარჩა შემოუერთებელი. ყოველგვარი განადგურების მიუხედავად, იმერეთი ქართულ პროვინციებს შორის ერთი ყველაზე დასახლებულთაგანია.

ამ ქართული პროვინციის ანუ სამეფოს მთელი წყლები ეკუთვნის რიონის სისტემას, რომელიც იწყება კავკასიის ალპებში და შავ ზღვაში ჩადის (შემდეგ ჩამოთვლილი და დახასიათებულია რიონი და მისი შენაკადები: ჩოშური, ჯეჯო, ბორჩანა, ხეორი, მურეხანა, ბარულა, ლუხუნი, კრიხუნა, კიცკაული, საკეცურა, ჩორჩა, შამლა, ასკი, ლეხადური, ლაჯანური, წყალწითელა, ყვირილა, ჩეხურა, ჭიათურა და კაცენურა, გარგუმელა და საძალისხევი, დუმალა, ძირულა, ოდაურა, ნარალა, ჩიშურა, ხანი, ცხენისწყალი, კუმი, გუბისწყალი) 

ი მ ე რ ე თ ი ს | მ ხ ა რ ე | რ ა ჭ ა

ამ მხარეს ჩრდილოეთით ესაზღვრება კავკასიის ალპები და დუგორები, უფრო დასავლეთით – ბასიანები, ჩრდილო-დასავლეთით, მდ. ჯეჯოზე – ოსური მხარე დვალეთი და უფრო ჩრდილოეთისკენ – მხარე ანუ პროვინცია სვანეთი; აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება საწერეთლო, სამხრეთ-დასავლეთით – ოკრიბა, დასავლეთით – ლეჩხუმი, რომელიც სამეგრელოს დადიანს ეკუთვნის.

ამ მდებარეობით ის მოიცავს მდ. რიონის მთელ ზემო დინებას და არის როგორც ყველაზე ჩრდილოეთით [მდებარე] მხარე, ისე ყველაზე დიდიც იმერეთში.

ამ მხარის დასახლებული ადგილებია: (და ჩამოთვლილია სულ 108 დასახლებული ადგილი) 

ამ მნიშვნელოვან მხარეს, რაჭას, ჰყავს თავისი საკუთარი მმართველი რაჭის ერისთავის სახით. მაგრამ, როცა ის, თუმცა იმერეთის თავადი იყო, მიემხრო იმერეთის მეფის სოლომონის მოწინააღმდეგე (მტრულ) პარტიას, რომელიც 1769 წ. დმარცხდა, ის გადაყენებულ იქნა მეფის მიერ. ამის შემდეგ მეფე ამ მხარეს უყურებდა როგორც კანონიერად დაპყრობილს, რომელსაც აღარავინ ეცილებოდა (იხილე 1772 წ. 9 ივლისის დღიური).

ამ მხარის მოსახლენი არიან ნამდვილი ქართველები და ბერძენი ქრისტიანები (მართლმადიდებლები – გ. გ.). ისინი, როგორც სერთოდ მთელ იმერეთში, ლაპარაკობენ ქართულ ენაზე, ქართლურისაგან ოდნავ განსხვავებულ იმერულ დიალექტზე. ქართველთა შორის ბევრია სომეხი და საკმაო რაოდენობით არიან ებრაელებიც. ამ მხარეს შეუძლია გამოიყვანოს 5600 მეომარი.

სოფლები მთაში უფრო მჭიდროდაა დასახლებული, დაბლობში კი სახლები უფრო დაშორებულია ერთმანეთისაგან და ხშირად ყანებით არის გამოყოფილი. უმეტესად ყოველ სოფელს, ისე როგორც ქართლში, აქვს ერთი, აგრეთვე ხშირად რამდენიმე გალავნიანი კოშკი.

საცხოვრებელი სახლები არის დიდი; მთაში – დაწნული და შელესილი წნელის კედლებით, ხოლო ბარში – მაგარი ფიცრებით. სახლი შედგება ერთი ოთახისაგან. ცეცხლის კერა მოთავსებულია სწორი იატაკის შუა ადგილას. ოთახის ერთი ნაწილი, ხანდახან მხოლოდ ძელებით გამოყოფილი, თითქმის ყოველთვის საქონლისთვისაა განკუთვნილი. მარცვლეულის მარაგს ინახავენ დაწნულ კალათებში, რომლებიც თიხითაა შელესილი და ოთახშია მოთავსებული; ისე რომ, ოთახი ერთსა და იმავე დროს წარმოადგენს საცხოვრებელს, სამზარეულოს, ბოსელსა და საწყობს.

მაღალ ადგილებში, განსაკუთრებით ჩრდილოეთით მდებარე სოფლებში, ცხოვრობენ ღარიბად, რადგან მათ ორმწკრივიანი ქერის, გაზაფხულის ხორბლისა და შვრიის გარდა ვერაფერი ვერ მოჰყავთ. ბარის სოფლებში უკეთეს პირობებში არიან, რადგან ისინი თესავენ იმაზე მეტ გახაფხულის ხორბალს (იმერულად დიკა, აგრეთვე ახალთესლი), საშემოდგომო ხორბალს (იმერულად ხულუგა), მრავალმწკრივიან ქერს (იმერულად კეჯირი ქერი), ორმწკრივიან ქერს (იმერულად კტეკლი ქერი), უფრო ძუნწად სთესენ Tr. monococcum-ს (იმერულად ზორდური), რომელიც იძლევა მშვენიერ თეთრ პურს. Secale orientale (იმერულად ზობისი) კიდევ უფრო იშვიათად ითესება; მაგრამ ხშირად თვითონ იზრდება ხორბალთან ერთად და იძლევა შავ პურს.

შ ვ რ ი ა დაბლობში უფრო ნაკლებ ითესება, ვიდრე მთაში.

სიმინდი და ფეტვი, იმერულად ესესუმი, დაბლობ სოფლებში ხშირია; Holcus sorgum – იმერულად ჯ ი ქ უ რ ა, პატარა panicum – იმერულად ქ ვ რ ი მ ა, დიდი panicum italicum – იმერულად ღ ო მ ი, ითესება ყველაზე დაბლობ ადგილას, ისიც იშვიათად.

ღვინოს რიონზე, უწერას ქვემოთ, ხშირად აყენებენ. მას სწურავენ ხის ჭურჭელში და ინახავენ დიდ ქვევრებში, რომლებიც მიწაშია ჩადგმული.

ვენახები ამავე დროს ხილის ბაღებიცაა.

საღებავებისათვის თესენ ნ ა რ შ ა ვ ა ს და ს უ რ ნ ე ლ ს, ხოლო ძაფებისათვის – ცოტა კ ა ნ ა ფ ს.

მესაქონლეობა მთელ მხარეში მეტად სუსტად არის განვითარებული; ჰყავთ ცოტა ცხენები, არ ჰყავთ ვირები; ჩვეულებრივი ევროპული მსხვილფეხა რქოსანი საქონელი ცოტაა; არ ჰყავთ კამეჩები, არც ბევრი ცხვარი და თხა, მაგრამ ბევრია ღორი; ფრინველებიდან კი – მხოლოდ ქათამი. ამზადებენ ბევრ ცუდ ყველს; სულ არ აკეთებენ კარაქს (?)

აქაური სატვირთო ტრანსპორტი განსაკუთრებულია. მოძრავ ღერძს აქვს ორი უძრავი თვალი, გაკეთებული მთლიანი შრიული ხისაგან, რომლის დიამეტრი 2 ფუტს უდრის. ღერძზე გადებულია 2 სარი, რომლებიც უკანა ბოლოებით მიწაზე ეთრევა; ამ სარებზე დევს ტვირთი, რომელსაც უღელში შებმული ორი ხარი სწევს.

რაც რაჭის შესახებ ვთქვი, მცირეოდენი ცვლილებებით ეხება იმერეთის ყველა მხარესაც, ამიტომ მათი აღწერის დროს ამ საკითხებს მოკლედ შევეხები. 

მ ხ ა რ ე | ო კ რ ი ბ ა

[მდებარეობს] ფიქალიანი და კირქვიანი მთების სამხრეთ კალთებზე; ჩრდილოეთით რაჭას ესაზღვრება, სამხრეთით აღწევს იმერეთის დაბლობამდე, აღმოსავლეთით ესაზღვრება საწერეთლოს, დასავლეთით ლეჩხუმს და სალორთქიფანიძეოს. ის უმთავრესად მდებარეობს მდინარე ჭალაზე და მის შენაკადებზე.

მე დამისახელეს ოკრიბის შემდეგი ადგილები: (და ჩამოთვლილია 30-ზე მეტი სოფელი) 

აქ უმთავრესად თესენ ღომს, შვრიას უფრო იშვიათად და ცოტას. თესვისთვის ვარგის მინდორზე კაფავენ მურყანს, წაბლს და ა. შ. გარდა რამდენიმე ხისა, რომლებსაც საჩრდილობლად სტოვებენ. ხის ტანს იყენებენ საამშენებლო მასალად, ტოტებს სწვავენ, რის შემდეგაც მიწას ხნავენ რაჭაში აღწერილი პატარა გუთნით და მარტში თესენ. რამდენიმე წლის თესვის შემდეგ მიწას ასვენებენ, რათა ეს ადგილი კვლავ ბუჩქნარით დაიფაროს. და იმგვარადვე იქცევიან სხვა ადგილის მიმართაც. მიწის ასეთი დამუშავება მოგვაგონებს ლიფლანდიურ ყამირს.

ი მ ე რ უ ლ - ო ს უ რ ი | მ ხ ა რ ე | თ ვ ა ლ დ ა

აგრეთვე დვალა, [ძევს] ზევით ჯეჯოზე, რიონის მარცხენა შენაკადზე (იხილე ოსებთან).

მ ხ ა რ ე | ლ ო მ ს ი ა თ ხ ე ვ ი [მდებარეობს] ძირულაზე მთისწინეთის ძირას და ძირულის ახლობელ მიდამოებში. მისი მცხოვრებნი არიან იმერლები და სახლობენ შემდეგ სოფლებში: (და ჩამოთვლილია 16 სოფელი, მათ შორის ცხრაწყარო, სადაც მეფის კარია დაბანაკებული და პატარა ციხე შორაპანი, ამჟამად დარბეული, ყვირილასა და ძირულას შუა).

მ ხ ა რ ე | ზ ე მ ო ქ ვ ე ყ ა ნ ა

მას უჭირავს ზემო ყვირილის და მისი ზედა შენაკადების მიდამოები, აგრეთვე მდ. დუმალის, საძალისხევისა და მარცხენა შენაკადის ისმანის (?) ნაპირები, ასევე ჯიქურას, ჯრუჭულის, ჭიათურისა და კაცხურის მიდამოები. ეს უკანასკნელი არის ყვირილის მარცხენა შენაკადი; ეს მხარე ვრცელდება ძირულის შესართავამდე. იგი არის ყველაზე დიდი ნაწილი ალპებიდან სამხრეთისკენ გადაჭიმული გადამკვეთი ქედის იმერული კალთებისა. აღმოსავლეთის, ანუ ქართლის გასწვრივ და ქედის თხემზე მდებარე ნაწილი ამ დიდი მხარისა იწოდება სააბაშიოდ. მოსახლეობას იმერლები შეადგენენ. აქაური სოფლებია: (და დასახელებულია სულ 70 სოფელი; წერია: სოფლები 14-66 მდებარეობენ ყვირილაზე, საძალისხევსა და ძირულაზე და მათი უმეტესობა ეკუთვნის თავად წერეთელს, დანარჩენები კი – მეფესა და მის ძეს გიორგისა და არჩილს).

ი მ ე რ უ ლ ი | მ ხ ა რ ე | ხ ე ფ ი ნ ი ხ ე ვ ი

ის დასახლებულია იმერლებით და უჭირავს დუმალისა და ძირულის ნაწილი. (დასახელებულია 22 სოფელი) 

მ ხ ა რ ე | ა რ გ ვ ე თ ი

მას უკავია დაბლობი გვერდით მთიანეთსა და მთისწინეთს შორის ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ და გამკვეთი ქედიდან რიონამდე – აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და ირწყვება ძევრულათი და ჩიხურათი (ყვირილის შენაკადებია) და რიონის შენაკად წყალწითელათი. მის მოსახლეობას იმერლები შეადგენენ.

მას ეკუთვნის შემდეგი სოფლები: (და დასახელებულია 33 სოფელი) 

უმეტესობა ეკუთვნის მეფეს, ხოლო ზუსასა და ბუჯაზე მდებარენი კი – მეფის ძმას, არჩილს.

მ ხ ა რ ე | ფ თ ი ს | ც ა ხ ლ ი («მთის სახლი»)

ეს არის საერთო სახელი იმერეთის ყველაზე უფრო სამხრეთი მხარისა, საჯავახოდან ლომსიათხევამდე. სახელი ნიშნავს «სახლები მთაზე».

იმერეთის მხარე საჩინო მდებარეობს ჩუანთიდან (შუამთიდან ?) მდ. სებეკაზე მთისწინეთის ძირას, ქვევით რიონამდე და აქვს შემდეგი სოფლები: (დასახელებულია 14 სოფელი და წერია: მას შემდეგ რაც თავადები დაიხოცნენ, საჩინოს მხარე, ისევე როგორც საჯავახო, ეკუთვნის მეფეს).

მხარე ს ა ე რ ი ს თ ა ო, მდებარეობს წინა მხარის აღმოსავლეთით მთის ძირას, მდ. კუნიზე. მისი სოფლებია: (და დასახელებულია 12 სოფელი). ეს მხარე ეკუთვნის რაჭის ერისთავს და ახლაც იქ ზის მისი ბიძაშვილი. ორივე მხარის მოსახლეობა იმერლებია.

მ ხ ა რ ე | ს ა ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე ო

ის მოქცეულია აღმოსავლეთით რიონსა და დასავლეთით ცხენისწყალს შორის და არის თავად ლორთქიფანიძეების საკუთრება.

მას ეკუთვნის შემდეგი სოფლები: (დასახელებულია 23 სოფელი) 

პირველი ხუთი მდებარეობს რიონის დასავლეთ ნაპირზე, ოფურჩხეთი – ზარათის პირდაპირ [და სოლომონს (ეკუთვნიან)]; შემდეგი ოთხი მდებარეობს უფრო მაღლა და ეკუთვნის დადიანს; 3 უკანასკნელი მეფისაა. დანარჩენები ლორთქიფანიძისაა. გვიშტიბთან არის ციხე ცხენისწყლის აღმოსავლეთ მხარეზე, წყალტუბოდან ჩრდილო-დასავლეთით 3 საათის სავალზე და ეს არის ჩრდილო-დასავლეთის განაპირა ადგილი სოლომონ მეფის სამფლობელოსი.

«ციხის გვერდი» ასევე ციხეა; წყალტუბოდან დასავლეთით 1 ½ საათის სავალზე ზევით მთებში, ჩრდილოეთით, ამ მხარეს ესაზღვრება ლეჩხუმი. მისი მოსახლეობა იმერლებია.

ს ა მ ი ქ ე ლ ა ძ ო ს | მ ხ ა რ ე ს სახელი აქვს მიქელაძეების თავადური გვარიდან, რომელსაც ეკუთვნის მისი უმეტესი ნაწილი.

მას უკავია დაბლობი ადგილი მდ. ცხენისწყალს, გუბასა და რიონს შორის და მოიცავს შემდეგ სოფლებს: (დასახელებულია 19 სოფელი). სამი უკანასკნელი, და საერთოდ მხარის დაახლოებით ნახევარი, ეკუთვნის მეფეს, დანარჩენი – თავად მიქელაძეებს. მოსახლეობა იმერლებია.

მ ხ ა რ ე | ვ ა კ ე ვაკის ( = ველი) მხარეს უჭირავს დაბლობი რიონსა და მდ. გუბას შორის. მასში შედის შემდეგი სოფლები: (და ჩამოთვლილია 13 სოფელი) 

მ ხ ა რ ე | ხ რ ა მ ი

მას უკავია ხევი (ხრამი) ანდა მდინარე ჩხერიმელის გაშლილი ვაკე იმერეთის ციხის ჩხერის ზემოთ. ჩხერიმელა მოედინება აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ და ერთვის ყვირილას მარცხენა მხრიდან.

წინათ ეს მხარე მთლიანად იმერეთს ეკუთვნოდა. მაგრამ, თავადი ავაშიძე, რომელსაც ეკუთვნოდა «ვახტა» და სოფლები ირგვლივ, დიდი ხნის წინ დაიმორჩილა ქართლის მეფემ; ამრიგად, ზედა ნაწილი ეკუთვნის ქართლს და მხოლოდ ქვედა – იმერეთს.

მისი სოფლებია, ჩხერიმელის შესართავიდან ზევით, ორივე მხარეს, შემდეგი რიგით: (და დასახელებულია 37 სოფელი; თანაც ნათქვამია, რომ მათგან 19 სოფელი ეკუთვნის იმერეთის მეფეს, დანარჩენები კი აბაშიძისაა, რომელიც ქართლის მეფეს ემორჩილება; გარდა ამისა, ვახანის ციხის მახლობლად ცხოვრობენ სომეხი ვაჭრები, ხოლო აბაშიძის კუთვნილი სოფლებიდან ორში – წუღრუღაშენსა და ცეიხტალაში ცხოვრობენ სომხები) 

აბაშიძეთა სოფლების უმეტესობა დარბეულია ლეკების მიერ, რომლებიც აქ განუწყვეტლივ თარეშობენ.

მნიშვნელოვანი მხარე ლ ე ჩ ხ უ მ ი ძველთაგან იმერეთს ეკუთვნოდა, მაგრამ უკანასკნელ ომში იმერეთმა ის დაკარგა და ის დაექვემდებარა სამეგრელოს დადიანს; ის (ლეჩხუმი – გ. გ.) სამეგრელოში დარჩა ახლანდელი (1772) ომის შემდეგაც.

სია იმერეთის ქალაქებისა ან ადგილებისა, რომლებიც ქალაქებს ედარებიან და ზემოთ დასახელებულ მხარეთა აღწერის დროს ყველა არ იყო დასახელებული, ამასთან ზოგი ნანგრევებადაა ქცეული: ქუთაისი ანუ ქუთათისი, ჩხერი, სადხელი (სადმელი ?), შეუპოვარი, გვიშტიბი, ხიდარი, საკაო (ზნაკვა ?), ალექსანდრაჩი, კელვანი, ხარაგაული, სასირიო, ჭალატყე, საჩინო (?), ჩარალა (?), ვარძია, გეგუთი, ლეხიდირი, ჩონთო, საკეცია, აბაშასი (?), სხიერი (?), ძევრი, ვარდი, დეხვირი, ჭყვიში, ლაჯანა, ბაბოთი, კუტებსა (?), ვაკისა თუ ვაზისუბანი (?), მღვიმე, როკითი, ტევრეს-ჯი (?), ვახანი, ხოტევი, აშეკაში (?), კვახჭირი, ბარჯაში (?), კორტი (?), ტარსისი (?), კაცხი.

7. პროვინცია გურია 
(წიგნის გვ. 311-317)

ქართულ პროვინციას – გურიას დასავლეთით აკრავს შავი ზღვა, ჩრდილოეთით – ნაწილობრივ რიონის ქვედა წელი და მის ზემოთ, ანუ აღმოსავლეთით სამეგრელოა, ხოლო ქვემოთ – ანუ დასავლეთით – თურქული მხარეები; აღმოსავლეთით ესაზღვრება იმერეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთით – ქართული მხარეები, რომლებიც ამჟამად თურქებს უპყრიათ, სამხრეთით – მდ. ჭოროხი, რომელიც სათავეს იღებს მტკვრის ახლოს და არარატის მთისწინეთის ძირის დასავლეთით მიედინება შავი ზღვისაკენ.

ამ პროვინციის სამხრეთ საზღვრები სხვადასხვა დროს საგრძნობლად იცვლებოდა თურქების წყალობით და ახლაც (1772) უკავიათ თურქებს გურიის სოფლები და მხარეები ჭოროხზე და მის გადაღმაც.

გურია თავის სამხრეთ ნაწილში უფრო ვაკეა, რადგან მას უკავია რიონის განიერი დაბლობი და სამხრეთი მთისწინეთის ერთი ნაწილი; ნიადაგი მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობისათვის ნაყოფიერია და გამოსადეგი, ჰავაც ჯანსაღია. მაგრამ ქვეყანა უაღრესად გაჩანაგებულია (მოსახლეობისაგან გაცლილია) და გაუშენებელი თურქების ხშირი შემოსევების გამო, რომლებიც მიერეკებიან მოსახლეობას და საქონელს და ანადგურებენ სახლებს; აგრეთვე დიდად მოქმედებს თურქთა «თამაში» გურიის მმართველ წრეებთან, რაც გამოიხატება თავადთა დანიშვნა-გადაყენებაში თურქების მიერ. ნაკლებია იმის იმედი, რომ მდგომარეობა დიდად გაუმჯობესდეს.

გურიის მმართველის ტიტულია გ უ რ ი ე ლ ი. ახლანდელი მმართველი არის გურიის თავადი, არა სამეფო გვარიდან; მას სახელად ჰქვია მამია და არის მართლმადიდებელი (ქართველ-ბერძენი ქრისტიანი). ის ამჟამადაც არ არის უფრო ძლიერი და ხელშეკრულებაში სანდო, ვიდრე მაშინ, როცა სოლომონ მეფეს მძევალს აძლევდა. მისი ძმა გიორგი – გურული თავადია. წინათ გურიელი ვასალურ და ლენურ დამოკიდებულებაში იყო იმერეთის მეფესთან, ახლანდელი კი დამოუკიდებელია და უფრო მეტი კავშირი თურქებთან აქვს, ვიდრე ასე ახლობელ ნათესავ მეფესთან.

გურიის მოსახლეობის დიდი უმეტესობა ქართველებია, რომლებიც ლაპარაკობენ ქართულ კილოზე, რომელშიც ბევრი უცხო სიტყვაა შერეული, განსაკუთრებით თათრული. მათ შორის, ისევე როგორც სხვა ქართულ პროვინციებში, ბევრი არიან სომხები, თათრები, ებრაელები, აგრეთვე კავკასიელები.

გაბატონებული რელიგია არის ქართულ-ბერძნული. ქვეყანას ჰყავს აგრეთვე ორი ეპისკოპოსი; სახელდობრ, ეპისკოპოსი შემოქმედელი და ჯუმათელი, რომელთაგან პირველი ზის შემოქმედის მონასტერში, მეორე კი – ჯუმათის მონასტერში. ისინი ექვემდებარებიან იმერეთის პატრიარქს ანუ კათოლიკოსს, რომელიც ორივე ეპარქიაში ჰკრეფს გადასახადს ზოგი მამულებიდან. რადგან თურქთა ყოველი თავდასხმის დროს თურქთა მონობისაგან გადარჩენის საშუალება მაჰმადიანობის მიღებაა ქრისტიანთა მიერ, ამიტომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი გამაჰმადიანდა.

საცხოვრებელი სახლები, ტანსაცმელი, ჩვევები, ცხოვრების პირობები და წარმოების წესები (ხელოსნობა) აქ სრულიად ქართული არის.

ზღვის ნაპირას მოჰყავთ ბევრი ლიმონი, ფორთოხალი, ზეთის ხილი, რაც, სამხრეთ-თურქული მხარეების გარდა, დანარჩენ საქართველოში გავრცელებული არ არის. 

გურიაში 1772 წელს იყვნენ თავადთა შემდეგი გვარები: 1. «გურიის ერისთავი», ანუ მემკვიდრეობითი მმართველი, 2. თავდგირიძე, 3. მაჭუტაძე და 4. ნაკაშიძე, რომელთაგან არც ერთი არაა არც მდიდარი და არც ძლიერი.

მე დამისახელეს გურიის შემდეგი სოფლები: (ჩამოთვლილია 26 სოფელი; ნათქვამია, რომ ციხისძირი მდ. კინტრიშის შესართავთან მდებარე ციხეა, რომელიც თურქებს უპყრიათ, ისევე როგორც აქედან სამხრეთით ბათუმამდე და მდ. ჭოროხზე მდებარე სოფლები. ეს /ჭოროხი – გ. გ./ შეადგენს სამხრეთ-დასავლეთ საზღვარს) 

მთელს გურიაში ითვლება 5000 ოჯახი, რომლებიც ემორჩილებიან გურიელს და თავადებს.

გურიის მხარეები, რომლებიც ახლა თურქეთის ხელში, შემდეგია:

კ ა ხ ა ბ ე რ ი ს მხარე (ანუ მ ა ჭ ა ხ ე ლ ი, არა მახიკელი), მდებარეობს მდ. კინტრიშსა და ჭოროხს შორის, შავ ზღვაზე. მას ეკუთვნის ციხე ციხისძირი, მდ. კინტრიშის შესართავზე და ბათუმი ჭოროხის შესართავზე.

მხარე ა ჭ ა რ ა (და არა აიხარა), კავკასიის სამხრეთი მთისწინეთის სამხრეთ-დასავლეთ მხარეზე, კახაბერსა და ჯავახეთს შორის, კახაბერზე მიმდინარე მდინარეების სათავეებთან.

მხარე ნ ა რ ი მ ა ნ ი მდებარეობს არარატის მთისწინეთის ჩრდილოეთ ძირას, მდ. ჭოროხის სათავეებთან. ამ მხარეს ეკუთვნის ართვინი.

მხარე ჯ ა ვ ა ხ ე თ ი, მდებარეობს სამხრეთ კავკასიის მთისწინეთის სამხრეთ ძირას, მდ. მტკვრის სათავეებთან. მას ეკუთვნის ახალციხე, აწყვერი და ახალქალაქი.

ამ მხარეებს (ერთს თუ მეორეს) ეკუთვნის შემდეგი სოფლები: (და დასახელებულია 12 სოფელი, მათ შორის ბათუმი).

ოთხივე მხარე დასახლებულია ქართველებით, რომლებიც თუმცა ლაპარაკობენ თავის ენაზე, მაგრამ თურქთა ბატონობის გამო უღალატეს ქრისტიანულ სარწმუნოებას და გამაჰმადიანდნენ.

კახაბერის მხარეს სამხრეთით ესაზღვრება ლ ა ს ი, არა ლაზი, რომელიც ბაიერის ლაზიკა უნდა იყოს. ის გადაჭიმული უნდა იყოს ჭოროხის შესართავიდან ტრაპიზონამდე; მოსახლეობას თათრები უნდა შეადგენდნენ.

8. მოკლედ სამეგრელოს შესახებ 
(წიგნის გვ. 319-327)

ქართული პროვინცია სამეგრელო და მხარეები ოდიში და ლეჩხუმი ჰქმნიან საქართველოს მეოთხე სამეფოს და ჰყავთ თავისი საკუთარი, დამოუკიდებელი მმართველი, რომელიც ატარებს დადიანის ტიტულს. ახლანდელი დადიანი კაცია, მართლმადიდებელი ქრისტიანი, არის ჩიქოვანთა გვარიდან და არა სამეფო გვარიდან; მართალია, რუსთა რაზმების გამოჩენისას 1770 წ. მან ისევე, როგორც ორივე ქართველმა მეფემ, რუსეთის მომხრედ გამოაცხადა თავი, მაგრამ რამდენჯერმე შემჩნეულ იქნა, რომ მოლაპარაკებას აწარმოებდა თურქებთან, რომლებთანაც ის, თუმცა ოდესღაც იმერეთის მეფის ვასალად და ყმად ითვლებოდა, უფრო ახლო ურთიერთობაში იყო, ვიდრე ქართველ მეფეებთან. ასე იქცეოდნენ მისი წინაპრებიც. მოკლედ რომ ვთქვათ, ის არ არის კეთილად განწყობილი რუსეთისადმი და იმერეთის მეფე სოლომონთან სასტიკი მტრობა აქვს; ამასთან, მისი მიწები უფრო უკეთ არის უზრუნველყოფილი მეზობელთა ძარცვისა და თავდასხმებისაგან, ვიდრე ორივე ქართველი მეფის ქვეყნები. ეს იყო სამი გარემოება, რომელთა გამო მე იძულებული ვხდებოდი თავი შემეკავებინა ამ ღირსშესანიშნავი და უცნობი მხარეების მოვლისაგან, მიუხედავად იმისა, რომ საამისოდ დიდი სურვილი მქონდა. ქვეყნის ბატონის განსაკუთრებული დაცვის და ამალის გარეშე აქ [მოგზაურობაზე] ფიქრიც ზედმეტი იყო. მე მაინც ვიმოგზაურე ამ ქვეყნის საზღვარზე იმერეთთან; ნაწილობრივ ამ მოგზაურობისას, აგრეთვე სხვა დროსაც, უმთავრესად კი ხ ო ნ ი ს ბაზრობაზე, რომელსაც მეგრელებიც ესწრებიან, დადიანის ქვეყნის შესახებ შევკრიბე ცნობები, რომელთაგან მე აქ მოვიყვან, ჩემის აზრით, ყველაზე სინამდვილესთან ახლოს მყოფს და მნიშვნელოვანს. კაცია დადიანზე მე კიდევ გავიგე, რომ მისი ცოლი არის იმერელი თავადის ოჯახიდან, რაჭის ერისთავთაგან, ხოლო მისი და არის იმერეთის მეფის სოლომონის ცოლი.

დადიანი, მისი თავადები და მთელი მხარე მჭიდრო ურთიერთობაში არიან საქართველოს ორივე მეფესთან. ეს მხარეებიც ისევეა დასახლებული ქართველებით, სომხებით, თათრებით და ებრაელებით. აქაც ისეთივე მორჩილებაა, ისეთივე თვითნებური გადასახადები და კანონები, ისეთივე შინამრეწველობა და მათი მოდუნებული წარმოება, ისეთივე საყოველთაო სიღარიბე, [როგორიც სხვა ქართულ მხარეებში].

დადიანი ფულს არ ჭრის; მის ქვეყანაში მთლად ისევე, როგორც იმერეთში, მიმოქცევაშია თურქული და სხვა ისეთივე მონეტები. 

აბატონებული სარწმუნოება არის ქართულ-ბერძნული (მართლმადიდებლური – გ. გ.). სამეგრელოს, ლეჩხუმსა და ოდიშს თითოეულს ჰყავს ეპისკოპოსი, რომელთა ეპარქიას შეადგენენ ეს პროვინციები და მხარეები. ისინი ემორჩილებიან იმერეთის კათალიკოსს ანუ პატრიარქს, რამდენიმე წლის წინათ კი დადიანმა, სოლომონ მეფესთან მტრობის გამო, განათავიუფლა თავისი ეპისკოპოსები ამ დამოკიდებულებისაგან და პატრიარქად დასვა ბესარიონი – რაჭის ერისთავთა თავადური გვარიდან. ღვთისმსახურება წარმოებს ქართულ ენაზე.

შედარების მიზნით [ჩემ მიერ] შედგენილმა მეგრული სიტყვების «კონამ» მიჩვენა, რომ ეს ენა არის უხეში კილო ქართულ-გურჯისტანულისა, რომელშიც შერეულია ბევრი უცხო სიტყვა. ის დაახლოებით ისეთსავე მიმართებაშია აღმოსავლურ ქართულთან, როგორც ჰოლანდიური გერმანულთან.

ოდიშში ლაპარაკობენ მეგრულად, ლეჩხუმში კი – იმერულ-მეგრულ შერეულ დიალექტზე.

სამეგრელო მდებარეობს კავკასიის ალპების სამხრეთ ძირას, დაბლობზე, ამ მთებსა და მთისწინეთს შორის. სამხრეთით მას რიონი გამოჰყოფს გურიისგან, აღმოსავლეთით – ცხენისწყალი – იმერეთისგან, სამხრეთ-აღმოსავლეთით კირქვიანი მთები ჰყოფენ მას მეგრული მხარისაგან – ლეჩხუმისაგან, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს მეგრული მხარე ოდიში (რომელიც გადაჭიმულია შავი ზღვის ნაპირზე, ქედის დასავლეთი ძირიდან ენგურამდე, რომლითაც ის აფხაზეთისგან არის გამოყოფილი), სვანეთის პირდაპირ. (ქვემოთ სქოლიოშია: ამას დედანში მოსდევს შემდეგი განმარტება: «შემდეგ ჩრდილო-დასავლეთით, მდ. კაბეთის შესართავისკენ, რომელზეც მონასტერი ბიჭვინთა მდებარეობს. აფხაზეთს ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრებიან ჯიქეთი და ალალეთი; აღმოსავლეთით, კაბეთის ზემოთ, სონეთი ანუ სვანეთი. აფხაზეთის მოსახლეობას ქართულად ჰქვია აფხაზი, მრავლობითში – აფხაზები. ჯიქეთისას – ჯიქი, ალალეთისას – ალალი; ერთი უნდა იყოს ბაიერის ალანია, მეორე კი ციხია /ჯიქია/») 

სამეგრელოს ველებზე მიედინებიან:

1. ცხენისწყალი.

2. ნოღელა ჩრდილოეთით, ხოლო ცივი ჩრდილო-დასავლეთით ან დასავლეთ – ჩრდილო-დასავლეთით მოედინებიან ალპებიდან, ორივენი ერთდებიან და ასე ერთვიან რიონს. 

ოდიშზე მიედინებიან – აღმოსავლეთიდან, მთიდან მომავალი [მდინარეები], რიონიდან დაწყებული:

3. აბაშა, რომელიც პატარაა 4. ჩეური, ძალიან დიდი (5. ტეხენ, დიდი მდინარე) 6. ოჩხომური 7. ხობისწყალი 8. ჭანისწყალი და 9. დიდი მდინარე ენგური. ისინი ამ მიმდევრობით უერთდებიან სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ შავ ზღვას. ჩრდილოეთით მოდიან აფხაზეთის მდინარეები.

სამეგრელოს და დადიანის კუთვნილი ორივე მხარის თავადური გვარებიდან მე დამისახელეს შემდეგი:

1. ჩიქოვანი, რომლიდანაც დადიანი არის.

2. ჩიჩუა 3. ფაღავა 4. ჩხეიძე 5. მიქაძე 6. დგებუაძე 7. აფაქიძე

მეგრელები სამეგრელოს ეძახიან ქ ა ც ა რ ი ა ს; ქაცარო მეგრულად ნიშნავს «თხას». 

ღარიბული სახლებით, ცხოვრების საერთო პირობებით და აგრეთვე ჩაცმულობით მეგრელები დიდად არ განსხვავდებიან იმერლებისაგან.

სამეგრელოს აქვს ორი მხარე: 1. (ვ)აბაშა და 2. ბანძა (არა ბანკა).

ჩემმა ცნობების მომწოდებლებმა ამ მხარეთა სოფლები ზუსტად არ იცოდნენ, ხოლო საერთოდ შეძლეს შემდეგი ადგილების დასახელება, რომლებიც ეკუთვნიან ერთს ან მეორე [მხარეს]:

1. გორდი, პატარა ციხე ცხენისწყალზე.

 2. მარტვილი, არა მარტვირია, მონასტერი და ჭყონდიდელი ეპისკოპოსის ადგილსამყოფელი.

(და კიდევ დასახელებულია 31 პუნქტი, სულ 33, და ბოლოში აქვს მინაწერი: «და ალბათ გაცილებით მეტი [იყო სოფლები], რაც მათ არ შეხვედრიათ») 

სამეგრელოში ოდიშთან ერთად ითვლება 10.000 ოჯახი.

მ ხ ა რ ე | ო დ ი შ ი

ის მდებარეობს სამეგრელოს ჩრდილოეთით და დასავლეთით და აღწევს შავ ზღვას. ჩრდილოეთით მას აფხაზეთი ესაზღვრება. მისი მდინარეები უკვე დასახელებულია.

მას სამეგრელოსთან ერთად განაგებს ერთი მმართველი, დადიანი და, როგორც საქართველოს ერთ ნაწილთაგანს, ჰყავს იგივე მოსახლეობა, აქვს იგივე სარწმუნოება, ენა, კანონები, ისეთივე მიწა და წარმოება, როგორც სამეგრელოს.

მე დამისახელეს ოდიშის შემდეგი სოფლები:

1. სენაკი და 2. ხობი, არა კხოფა; ორივე პატრიარქისაა, უკანასკნელში დიდი ეკლესიაა. 3. ხორგა, არა კორგა 4. ხეთა, დიდი სოფელი 5. ჭაქვინჯი, ციხე 6. ზუბდიდი, არა ზუგდიდი 7. ჩაისი, ჩაისელი ეპისკოპოსის საჯდომი 8. ნაქალაქევი, ძველად განთქმული, ახლა გაუდაბურებული ქალაქი; 9. რუხი, არა ბუკი, ციხე ენგურის მარცხენა ნაპირზე, იყო თურქთა ხელში, ახლა მიტოვებულია.

(ქვემოთ სქოლიოში წერია: აქ გიულდენშტედტს მოყვანილი აქვს ცნობები აფხაზეთ-სვანეთის შესახებ: 

აფხაზეთში არის 4 მნიშვნელოვანი ადგილი: 1) ანაკლია, ციხე ენგურის შესართავთან, სასაზღვრო ადგილი ოდიშთან; 2) ანაკოფია [მდებარეობს] ზღვაზე, ქვეყნის შუაში; 3) მოგვი, არა მოქვი, წინა ორს შორის მთაზე მდებარე განთქმული მონასტერი; ბიჭვინთა, არა ბისცუნთა, მთავარი მონასტერი და სრულიად საქართველოს და აფხაზეთის პატრიარქის ადრინდელი საჯდომი, /გელათში ნაპოვნი წარწერების მიხედვით/; ეს პუნქტი მდებარეობს მდ. კაბეთის, არა კაპეტის შესართავის სამხრეთ მხარეზე და არის სასაზღვრო ადგილი ჯიქეთთან. ამ მდინარის სათავეებში მაღლა ალპებში უნდა ცხოვრობდნენ სონები ანუ სვანები. მე დამისახელეს სვანეთის მთავარი სოფლები, ციხეები ლენტეხი, ჩოლური, კალაში და ლაშხეთი და ეცერი, არა ეცერ. აფხაზეთში, სვანეთში, ჯიქეთსა და ალანეთში უნდა ლაპარაკობდნენ ენებზე, რომლებიც ერთმანეთისგან და მეზობლების ენებისგან განსხვავებული არიან. აქამდე მე ჯერ არ შემოტყვია ნამდვილი ცნობები. აფხაზეთის და სვანეთის მოსახლეობა იყვნენ ბერძენი ქრისტიანები, ქართველი მეფის ქვეშევრდომები; მხოლოდ აფხაზეთში დამკვიდრდნენ თურქი სულთანები, სვანეთში კი სამეგრელოს დადიანს აქვს ერთგვარი ძალაუფლება) 

მ ხ ა რ ე | ლ ე ჩ ხ უ მ ი იმთავითვე ეკუთვნოდა იმერეთს, მაგრამ დიდი ხანია მას მოსწყვიტეს და სამეგრელოს მმართველთა ხელში ჩავარდა. მიუხედავად [იმერეთის] ახლანდელი (1772) მმართველის, სოლომონ მეფის ძალაუფლების აღდგენისა, განსაკუთრებით რუსული იარაღის დახმარებით, ის ვერ იქნა უკან დაბრუნებული, დარჩა სამეგრელოს, ე. ი. დადიანის ხელში. ამიტომ ამ მხარეზედაც ახლა ვიტყვი.

ის მდებარეობს ოკრიბის დასავლეთით და ჩრდილოეთით და გამოყოფილია მისგან ჩრდილო-დასავლეთით მდ. ლეხადარით, რომელიც სამხრეთი მთის შტოდან გამოდის და დასავლეთ-სამხრეთ-დასავლეთის დინებით ქუთაისს ზემოთ მარცხნიდან ერთვის რიონს.

სამეგრელოს დადიანის ამ მხარეს ანდა პროვინციას ეკუთვნიან ციხე დღნორისა ლეხადარზე და სოფლები ვონშესეეისი (ქვემოთ სქოლიოშია: ონჭეიში) და უფრო ზევით ჭაშლეთი, სადაც არის ცნობილი ეკლესია; ჩორთისა, საჩხეაური (საჩხეური) და დღნორისა, ორივე ციხე ერთმანეთის ახლოსაა, დერჩი და ვორხი (ორხვი).

ეს სოფლები, არსებითად, ეკუთვნიან იმერულ მხარეს ოკრიბას, მაგრამ ახლა დადიანმა ისინი დაისაკუთრა.

მათ პირდაპირ, რიონის მარჯვენა ნაპირზე, არის სოფლები – ტვიში, ქორომიში, მექვენა და ვანი, რომლებიც აგრეთვე ოკრიბას უნდა ეკუთვნოდნენ, მაგრამ ახლა (1772) დადიანის ხელშია.

ამ მხარის შესახებ დღემდე შემდეგი გავიგე:

ის მდებარეობს ფიქალიან და კირქვიან მთებს შორის, ნაწილობრივ რიონის იმ მიდამოებზე, რომელსაც მდინარე ასკი და ლაჯანური შემოფარგლავენ, ნაწილობრივ – მდინარე ცენისწყალზე.

მე დამისახელეს ამ მხარის შემდეგი სოფლები: (და ჩამოთვლილია 42 სოფელი) 

ენა, სარწმუნოება და სახლები ლეჩხუმში ისეთივეა, როგორც რაჭაში.

ამ პროვინციაში ანუ მხარეში ითვლება 4000 ოჯახი.

მშენებლობა სამეგრელოში, ოდიშსა და აფხაზეთში უნდა იყოს იმერეთის მსგავსი; მხოლოდ [ქვეყანა] აქ უფრო გაუდაბურებული და უფრო ხშირი ტყით უნდა იყოს დაფარული.

ქართული პროვინცია სვანეთი 
(წიგნის გვ. 329-333)

სვანეთი ანუ სონი არის ქართული პროვინცია, რომელიც შემდგომში ჩამოშორდა [სამეფოს] და თვითონ გახდა თავისუფალი და დამოუკიდებელი.

ახლა ის უმთავრესად სრულიად თავისუფალია და არ ჰყავს სხვა მმართველი; მხოლოდ სამეგრელოს დადიანი ცდილობს ლეჩხუმის ახლოს მდებარე [ადგილებზე] გაავრცელოს თავისი ბატონობა.

მდ. ცხენისწყალი სათავეს იღებს სვანეთში და ჰქვია იქ ლაშეხეთი. მის სათავესთან არის ტყვიისა და სპილენძის საბადოები.

სვანეთი მდებარეობს სამეგრელოს აღმოსავლეთით, უმთავრესად მაღალ ფიქალიან მთებში.

სვანი, მრავლობითში სვანეთი, ანდა – სონი, ან სონეთი, ასე უწოდებენ ქართველები ხალხს, რომელიც თავის თავს «შნაუ»-ს ეძახის (ქვემოთ სქოლიოშია: შდრ. მ~შუან /ასე ქვია სვანურად «სვანს»/).

ეს პატარა პროვინცია, ჩვეულებრივი ქართული დაბოლოებით, იწოდება სვანეთად. 

სვანები ცხოვრობენ კავკასიის ალპების სამხრეთ კალთებზე, მდ. ცხენისწყლის (ამას ლაშხურს უძახიან) სათავის ზემოთ, ენგურზე და ზოგი ცნობების მიხედვით კაბეთზე. 

ლაშხურზე მდებარეობენ სოფლები ლაშხეთი, ჩოლური, კალაში და იენტხა ანუ ქართულად იენტეხი.

ენგურზე მდებარეობენ უშკური (უჟგული), კაია (კალა), ადიში, მიჯალი (მუჟალი), იფარი, ბოგრეში, წვირში, იელი, მილახი, მესტია, ლენჯარი (ლენჟერი), ლანტელი, ბეჩო, დოლი, იებუტი, ცხუმარი, ეცერი და ლახმურა (ლახამულა).

კონუსისებრი თოვლიანი მთა ფასა უნდა ჰყოფდეს მას ბასიანიიდან. მის (ფასის მთის – გ. გ.) აღმოსავლეთ მხარეში იღებს სათავეს რიონი, ხოლო სამხრეთ მხარეში – ცხენისწყალი და დასავლეთ მხარეში – ენგური. ეს ალბათ არის იალბუზი ანუ შახგორი – დიდი ყაბარდოსი.

სვანები, რომლებიც, ეჭვს გარეშეა, არიან გერბერის სონტი, უნდა იყვნენ არაუმეტეს 5000 ოჯახისა.

მათი ენიდან მე მხოლოდ სიტყვების უმნიშვნელო რაოდენობა შევკრიბე, ისიც სხვა კავკასიური ენების შესატყვისი სიტყვები, და ვნახე, რომ ძველისაგან ძლიერ განსხვავდება; მაინც ნათლად ჩანს რომ ქართული არის [მისი] დედა-ფუძე.

სვანები ძველად უშუალოდ საქართველოს ეკუთვნოდნენ და იყვნენ ბერძენი ქრისტიანები. ამჟამადაც ყველგან არის ქვიტკირის კარგი ეკლესიები და ისინი, ვინც ცხენისწყალზე ცხოვრობენ, ახლაც [ქრისტიანები] არიან და ჰყავთ მღვდლები ლეჩხუმის ეპისკოპოსის ანდა ცაგერელი ეპისკოპოსისაგან. ესენი ახლაც დადიანს ჰყავს მორჩილებაში.

ენგურზე მცხოვრებნი თავისუფლები არიან და ქრისტიანული სარწმუნოება დაჰკარგეს, თუმცა არავითარი სხვა არ მიუღიათ.

მათი ჩაცმა მთლად ისეთივეა, როგორც იმერლებისა, სახელდობრ, მათ აქვთ პატარა ქუდები, გრძელი თმები, მოპარსული წვერი, მხოლოდ ნიკაპზე იტოვებენ წვერს; აცვიათ თეძოებთან ნაოჭებიანი, მოკლე ჩოხები, რომლებიც მუხლებამდეც კი არ აღწევს, წვივებზე შემოხვეული აქვთ სახვევი, [წელზე არტყიათ] ბრტყელი ქამარი და ა. შ.

ისინი ხშირად ამზადებენ ტლანქი მაუდის ჩოხებს და მიაქვთ იმერეთში (ლაშხეთიდან სარდმელამდე არის ერთ დღეზე ნაკლები სავალი გზა, რომელიც ამ ხალხმა გაიყვანა სვანეთიდან რაჭისაკენ).

მათ (სვანებს – გ. გ.) აქვთ ტყვიის და სპილენძის საბადოები და იციან ორივეს დნობა, აგრეთვე შეუძლიათ თოფის წამლის დამზადება. მაგრამ არ იციან რკინის დნობა.

მარილი შემოაქვთ ბასიანიდან; ეს არის, რა თქმა უნდა, რუსული.

მათ ჰყავთ თავისი საკუთარი თავადები, რომლებიც მათზე ბატონობენ.

მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა



No comments:

Post a Comment