Sunday, November 6, 2016

ნიკოლოზ დუბროვინი თუშების, ფშავლებისა და ხევსურების წეს-ჩვეულებების, მათი საცხოვრებელი ადგილების, შესახედაობის, ტანსაცმლისა და შეიარაღების შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს აკადემიკოს დუბროვინის წიგნიდან «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе», томъ I, Очеркъ Кавказа и народовъ его населяющихъ, книга II. Закавказье. Санктъ-Петербургъ, 1871, ვრცელი წერილის «ქართველური ტომი» /«Картвельское племя»/ მესამე განყოფილების «თუშები, ფშავლების და ხევსურები» /«Тушины, пшавы и хевсуры»/ შესაბამისი თავის თრგმანს)



თავი I 

(თუშები, ფშავლები და ხევსურები; მათი დახასიათება და მათ მიერ დაკავებული ადგილი. – გარეგნული შესახედაობა, ტანსაცმელი და შეიარაღება.)

კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთები, მდინარეების არაგვის, არღუნის, ალაზნის, იორის სათავეები და ერწოს ხეობა, თუშებით, ფშავლებითა და ხევსურებითაა დასახლებული, რომლებიც საგანგებო ოკრუგს შეადგენენ 31.449 სული მოსახლეობით, რომელიც 3.932 კვადრატულ ვერსამდე ფართობზე ვრცელდება.

ამ ოკრუგს ჩრდილოეთით ესაზღვრებიან ჩეჩნური ტომის ხალხები: ღალღას საზოგადოების ქისტები, არამშვიდობიანი ქისტები და მთიელ ჩეჩენთა მიწა, რომლებიც მდინარე არღუნის სათავეებში სახლობენ; აღმოსავლეთით – დაღესტნური საზოგადოებები: უნკრატლი, დიდო, ანუ წუნთა, და ნაწილობრივ თელავის მაზრა; სამხრეთით – ტფილისის მაზრა და გუდამაყრელი მთიელები.

უზარმაზარი მთები, მდინარეების ნაპირებზე მეტად მწირედ ამოსული ფიჭვებით, უფსკრულები და გაუვალი ხეობები, რომლებამდეც მეტად იშვიათად აღწევს მზის სხივები, ხმაურიანი ხევები (шумные потоки), რომლებიც ბევრ ადგილას გაყინული ჩამონაქცევებითაა დაფარული, რომლებზედაც თითქოსდა თაღების ქვეშ ხშირად გიწევთ მგზავრობა, ძნელად სავალი ბილიკები და კლდეთა გამონაშვერებზე დაკიდებული სოფლები – ყოველივე ეს წარმოადგენს დიდებულ, თუმცა კი ველურ სურათს იმ ადგილმდებარეობისა, რომელზედაც დაესახლნენ ეს ხალხები.

ხვნა-თესვისთვის მოსახერხებელი მიწა მეტად ცოტაა. უყურებთ რა ნახნავების პატარა ნაგლეჯებს, რომლებიც კლდეებს შორის და მთათა თხემებზეა მიმოფანტული, ძნელია დაიჯეროთ, რომ ადამიანს ასეთ სიმაღლეზე შეეძლო ამოსულიყო, – ხოლო ხევსური კი იქ ადის წყვილი ხარით, მხოლოდ ქერის რამდენიმე მარცვლის დასათესად. საწვავი შეშა კიდევ უფრო მეტი სიძნელეებით მოიპოვება, და გეშინია უყურებდე ხევსურ ქალს, როცა იგი ფიჩხის მძიმე ტვირთით ციცაბოზე ეშვება. სამაგიეროდ ხევსურეთში უხვადაა ჩინებული საძოვრები და სათიბები.

ზამთარი ხევსურეთში კუშტია (ცივია): თოვლის უზარმაზარი ნამქერები ავსებენ ყველა ხეობას, სოფლებს შორის შეტყობინება წყდება და რამდენიმე თვე მიყოლებით მხოლოდ ქარის ზუზუნი ისმის, ასევე ყინულებით ნახევრად შებოჭილი ჩანჩქერების ყრუ ჩუხჩუხი, და მგლების ყმუილი, რომლებიც ვერაფერს პოულობენ, რათა შიმშილი მოიკლან. ფრიალო კლდეების საშინელი სიმაღლიდან ჩამოსული ზვავები მდინარეთა კალაპოტების თავზე ადგილ-ადგილ მტკიცე თაღებს წარმოქმნიან; სოფლების ნაცვლად, მხოლოდ ნაძვების წვერები და შებოლილი კოშკების თავებიღა მოჩანს.

გაზაფხულის დადგომასთან ერთად, მთელი ეს თოვლის მასა ჩაწოლას იწყებს (начинаетъ оседать), და მასზე სიარული კიდევ უფრო ძნელი ხდება. თითოეულ ნაბიჯზე მგზავრი წელამდე თოვლში ეფლობა, და, ვერ მოასწრებს რა იქიდან ამობობღებას, ისევ იძირება. თვალები მზის სხივების უჩვეულო ბრწყინვალებისგან იტანჯებიან, რომლებიც თოვლის უკიდეგანო ზღვის ზედაპირზე ელვარებენ. ციცაბო აღმართები და მთის იშვიათი ჰაერის გასაოცარი გამჭვირვალობა სუნთქვას გიკრავენ...

ხშირად სხვა გზა არ არის, თუ არა უზარმაზარი ქვებით ჩახერგილი მდინარის კალაპოტის გაყოლებით, რომელიც ქაფის მთელ მასებს ხმაურით მოაგორებს. მაშინ, ჩაკიდებული აქვთ რა ერთი-მეორისთვის ხელები, და ებჯინებიან რა წვერწამახულ ჯოხებს, მგზავრები ძლივძლივობით დგამენ ნაბიჯებს და წყლის ძლიერ დაწნევას (напоръ) ებრძვიან. ადგილ-ადგილ, თოვლი მდინარეების თავზე თაღებს, ცოცხალ ხიდებს წარმოქმნის, რომლებზე გავლისას ტკაცანი ჩავარდნისა და რამდენიმე საჟენის სიმაღლიდან პირდაპირ წყლის ნაკადში აღმოჩენის შესაძლებლობის შესახებ გატყობინებთ, რომელიც ყრუ ღმუილით იკვალავს მკერდით გზას თოვლის ლოდებს შორის (Воспоминанiе о кистахъ А. Зиссермана. Кавказъ 1851 года № 93).

ფშავის ბუნება არანაკლებ მრისხანე და დიდებულია. ყველგან მთებია და ტყე, ტყე და მთები, აქა-იქ სოფლებია მიმოფანტული; გზა ასევე უმეტეს წილად მდინარეების გაყოლებით მიემართება, მაგალითად, არაგვის გაყოლებით, რომელიც თავისი ხმაურით გაყრუებთ. არაგვის ხეობა თავისი თვალწარმტაცობით გამოირჩევა, ამასთან უკიდურესად ძნელი გზითაც. მისი ნაწილი უკვე ასატანია, მაგრამ უმეტეს წილად მოგზაური შეჩვეული ცხენის ნებას მიჰყვება, და თუ თავად იგი პირველად არის ამ ადგილას, მაშინ უნებურად ხუჭავს თვალებს და ლოცვას აღავლენს. საჭიროა სწრაფი დინების გადაკვეთა, რომელიც გამაყრუებლად ქუხს. «ტალღები თუხთუხებენ, მთელი ფსკერი ცხენის ფლოქვების შორიახლოს მიედინება, აი-აი თქვენ წაგიღებთ... თავბრუ გეხვევათ... მდინარე წყალცემით ნაპირს უტყლაშუნებს... ცხენი ძალებს ძაბავს – და თქვენ ფშავის სოფელ შუაფხოს მახლობლად ხმელეთზე გამოაღწიეთ. გზა განაგრძეთ, და თქვენ მოგიწევთ ხან ცამდე აღმართში ასვლა, ხანაც ქვესკნელამდე დაღმართში დაშვება, ბილიკით, რომლის სიგანეც ნახევარ არშინზე მეტი არ არის, რომლის მარჯვნივ ციცაბო კლდეა, ხოლო მარცხნივ კი უძირო უფსკრული, და მაშინ თქვენ მიაღწევთ არღუნამდე, რომელიც არაგვზე კიდევ უფრო მეტად ქუხს და ხმაურობს. მგზავრებმა უნდა იყვირონ, რათა ერთი-მეორეს რაიმე გააგებინონ. წვეთები პირი-სახეში გცემთ და ყველაფერს წყლის მტვერი ესხმება» (Поездка въ Шатиль А. Зиссермана. Кавказъ 1847 года № 18).

თუშეთის ბუნება ყველაზე უფრო მრავალფეროვან სურათს წარმოადგენს. იქ არის მაღალი მთები, რომლებიც მარადიული თოვლითაა დაფარული და სხვადასხვა მიმართულებებით ღრმა ხეობებით გადაკვეთილი; არის მყინვარები, მიუვალი კლდეები, თვალწარმტაცი ველები და გაუვალი ტყეები. წყლების ვერცხლისფერი კასკადები, რომლებიც გარეშემო მთებიდან ხმაურით ეცემიან, პატარა ნაკადულებს წარმოქმნიან, რომლებიც, მიედინებიან რა მინდვრებზე, შემდეგ დიდ ნაკადებად ერთიანდებიან და ან დამოუკიდებელ მდინარეებს, ან კიდევ მათ შენაკადებს წარმოქმნიან. მიუვალი მთები, რომლებიც მოღუშული წიწვოვანი ტყითაა დაფარული, მიჭეჭყავენ რა ცოფიან მდინარეს ვიწრო და ციცაბო ნაპირებში, აგრეთვე ხეობების მოულოდნელი ხვეულები და კლდეთა მწვერვალებიდან ჩამოქცეული უზარმაზარი ქვები, კიდევ უფრო მეტად ზრდიან მის მძვინვარებას, და ისიც, ხტება რა ქვიდან ქვაზე, მაღლა ტყორცნის თავის მღვრიე და ქაფიან წყლებს და ახშობს ადამიანის სუსტ ლაპარაკს, მტაცებელი მხეცების ყმუილსა და უდაბნოს არწივების ძახილს.

ემყარებიან რა იმას, რომ თუშების, ფშავლებისა და ხევსურების ენაში უძველესი ქართული ენა ისმის, რომელიც თვით წმინდა წერილის მათეულ (ქართულ) წიგნებშიცაა შენარჩუნებული, ბევრი მათ ქართული წარმოშობის ხალხად მიიჩნევს (Записки академика Буткова /рукоп./ Арх. Главн. Штаб. въ С.-Петерб. О Тушино-Пшаво-Хевсурс. округе, кн. Р. Эристова. Зап. Кав. отд. Имп. Р. Геогр. общес. кн. III изд. 1855 г. См. также Кавказъ 1868 г. № 42).

სხვები, ამის საპირისპიროდ, ვარაუდობენ, რომ თუშები მთიანი თუშეთიდან არიან გამოსულნი, რომლებიც მდინარე ალაზნის ნაპირებზე ჩამოვიდნენ, სადაც მათ, შევიდნენ რა ქართველებთან უშუალო ურთიერთობაში, დაივიწყეს თავიანთი მშობლიური ენა და ქართული შეითვისეს, თუმცა კი არა სრულყოფილი სიწმინდით, არამედ თავიანთ თავდაპირველ ენასთან შერეულად (Кавказскiй Календарь 1858 г. 302. Краткая характеристика тушинскаго языка, Шифнера въ Bulletin histor. Philolog. т. VII. См. также Кавказъ 1855 года № 12 и 13).

ყოველ შემთხვევაში, ისინი როგორი წარმოშობისაც არ უნდა იყვნენ, სარწმუნოა ის, რომ თუშები, ფშავლები და ხევსურები, ყველაზე უფრო უძველეს დროში, მათ მიერ ახლა დაკავებულ მიწაზე სახლობდნენ. ქართულ მატიანეებში სამივე განშტოება ფხოველების სახელითაა ცნობილი (известны подъ именемъ пховеловъ), რომლებიც აქ ყველაზე უძველეს დროში ცხოვრობდნენ და ჯერ კიდევ წმ. ნინოს მიერ ქრისტიანობაში იყვნენ მოქცეულნი. ქისტების მეზობლობას, რომელთაგანაც ისინი მხოლოდ კავკასიონის მთავარი ქედით იყვნენ გამოყოფილნი, მათზე იმდენად ჰქონდა გავლენა, რომ ამ ხალხების ენაში ბევრი ქისტური სიტყვა ისმის. ასე, ხევსურული საზოგადოებები (თემები) არხოტიონი და შატილიონი, ორი საზოგადოების თუშები, წოვისა და პირიქითელის, ჩეჩნური ენის ქისტურ კილოზე ლაპარაკობენ, ხოლო თუშების დანარჩენი ორი საზოგადოება კი – გომეწრისა და ჩაგლის, ძველი ქართული ენით ლაპარაკობს (Кавказскiй Календарь 1858 г. 302. Кавказъ 1855 г. № 70), იმ ენით, რომელზედაც ქართველების წმინდა წერილია დაწერილი.

წოვის საზოგადოების თუშები ქისტური ტომიდან წარმოსდგებიან, ღილღოს (Гилго) საზოგადოებიდან, რასაც მათი ენების მსგავსება ადასტურებს, და განსაკუთრებით კი გადმოცემებისა, რომლებიც ხალხის მეხსიერებაში ცოცხლადაა შემონახული. გადმოცემის მიხედვით, რამდენიმე ქისტური ოჯახი, რომლებმაც მშობლიური აული დატოვეს, თავიანთთვის თავშესაფარს შორეულ მთებში ეძიებდა და ის წოვათას მთებს შორის ჰპოვა, არანაყოფიერ, პატარა ხეობაში, რომელსაც მათი დაკმაყოფილება მხოლოდ ყველაზე უფრო მწირი საკვებით შეეძლო. ჩინებულმა ჯანსაღმა კლიმატმა აიძულა გადმოსახლებულნი ამ ადგილას გაჩერებულიყვნენ და აული წა (Ца) – სახლი დაეარსებინათ, რომლისგანაც თავად გადმოსახლებულებმაც წოველების სახელი მიიღეს (получили названiе цовцевъ).

ყველა მთიელის წეს-ჩვეულების (ადათის) მიხედვით, აიშენეს რა თავიანთთვის ოთხკუთხა ქვის სახლები კოშკებით, რომლებიც მათ ციხესიმაგრეთა მაგივრობას უწევდა, მათ მოკლე ხანებში საკუთარი თავი თავიანთი მეზობლების მტაცებლური თავდასხმებისგან თავიანთი დამოუკიდებლობის დაცვის შესაძლებლობაში ჩააყენეს. 

საქართველოს რუსეთთან შემოერთებისას ხევსურები სწორედ იმავე ადგილებში ცხოვრობდნენ, სადაც ახლა ცხოვრობენ, ე. ი. არაგვისა და არღუნის სათავეებთან და ერწოს ხეობაში.

ახლანდელი ხევსურეთი იკავებს «კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ ნაწილს, რომელიც საქართველოს სამხედრო გზას, მთის ჩეჩნურ საზოგადოებებსა და თუშეთს ებჯინება». მისი მთავარი სოფლები იმყოფება არაგვის ხეობაში და არღუნის გაყოლებით; რამდენიმე სოფელი გვერდითი მდინარეების ხეობებშია მიმოფანტული, რომლებიც თავიანთ წყლებს არაგვსა და არღუნს უერთებენ; რამდენიმე კი მდინარე ასას სათავეებთან ძევს, ღალღაველებთან საზღვარზე.

სოფელი შატილი, რომელიც არღუნზე მდებარეობს, ქისტებთან სულ საზღვარზე, წარმოადგენს კარებს ხევსურეთში შემოსასვლელად. ამიტომ ამ სოფლის მცხოვრებნი თავიანთი ტომის განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობენ. მათ ხშირად შუამავლებად ირჩევენ და მათ გადაწყვეტილებებსაც წმინდად სრულებენ, როგორც უმწიკვლო სიმამაცის მქონე პირებისა, რაც ხევსურის გაგებით (მამაკაცის) საუკეთესო და ერთადერთი ღირსებაა («Очерки Хевсурiи». Изъ записокъ А. Зиссермана. Кавказъ. 1851 года № 22. «Десять летъ на Кавказе». Соврем. 1854 г. т. 47).

1800 წელს ცამეტი ხევსურული გვარი მოითვლებოდა, რომლებიც ხუთ საზოგდოებას (თემს) შეადგენდნენ, და მათი მთელი მოსახლეობა 400 კომლს არ აღემატებოდა. რამდენიმე ხევსური, ამაზე ზევით, ქართველებთან ერთად სოფელ თიანეთში ცხოვრობდა (თავად ერისთავის წერილებში «თუშ-ფშავ-ხევსურეთის ოკრუგის შესახებ» ნათქვამია, რომ 1854 წ. ხევსურებს ხუთი საზოგადოებს /თემი/ ჰქონდათ /См. газету Кавказъ 1854 г. № 43 или Кавк. отд. Имп. Р. Геогр. общ. книга III/, ხოლო 1858 წ. «კავკასიის კალენდარში» ნათქვამია, რომ ხევსურებს ოთხი საზოგადოება აქვთ).

ეს ხალხი იმდენად ველური გახლდათ, რომ თავის საცხოვრებლებში არავის უშვებდა, საქართველოში გამეფებული ბაგრატიონთა გვარისა და თავიანთი მოურავის გარდა, თუმცა კი ისიც უმნიშვნელო ამალით. მათი შინაური ცხოვრება სიმდიდრითა და სიუხვით არ გამოირჩეოდა. მიწათმოქმედებისთვის ვარგისი ადგილების არქონის გამო, ისინი ფეტვისა და ქერის თესვით იფარგლებოდნენ; მათი ხვნა-თესვა ამ დრომდე (დღემდე) პირველყოფილ მდგომარეობაში იმყოფება (Кавказъ 1854 года № 49).

რქოსანი საქონელი მათ მთავარ სიმდიდრეს შეადგენს, ხოლო საკმარისად კარგი მუდის დამზადება კი ერთადერთ საფაბრიკო მწარმოებლურობას (Записки Буткова. ფშავლებისა და ხევსურების მრეწველობის, მათი სიმდიდრის, მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის შესახებ იხ. Кавк. 1851 г. № 81 и 82. О Тушино-Пшаво-Хевсурскомъ округе кн. Р. Эристова, З. к. о. И. Р. Г. о. книга III).

ხევსური თავისი დიდი სიმაღლის პროპორციულად არ არის აგებული. შავგვრემანი სახე, გრძელი ცხვირი, რუხი ან ყავისფერი თვალები, გადაპარსული თავი, მოქერო ულვაში და წვერი, ხევსურის ტიპს შეადგენენ. იგი უხეში, ქედმაღალი, შარიანი, ამაყი და უდარდელია. მხოლოდ სიმამაცეს სცემს პატივს და საკუთარ თავს ყველა ხალხზე უფრო აღმატებულად მიიჩნევს. მის დაბალ ქუდს ირგვლივ ცხვრის ტყავი აკრავს; მასზე წითელი ბიაზისგან (ბამბის ქსოვილისგან) ჯვრებია დაკერებული და ზოგჯერ კი მას ზოლიანი ქსოვილის ან ჩვრის ნაჭერი აქვს შემოვლებული, რომლის ბოლოებიც კოკარდების მსგავსად გვერდზე დაბლ ეშვება; ლურჯი ან წითელი ჩოხა, მოკლე ჩაჭრილი სახელოებითა და მათზე ნაოჭებით, ასევე მკერდზე და მხრებზე დაკერებული წითელი ჯვრებით, მის კოსტიუმს შეადგენს. ჩოხის ქვეშ ახალუხი და პერანგი აქვს ჩაცმული; შარვალი მოკლე და ვიწროა, თასმით შემოკერებული; მოკლე ჩექმები (сапожки) სხვადასხვა ფერის შალისგანაა მოქსოვილი და, «გარდა ამისა ხუნჩები ანდა ბანდულები (хунчи или бандули), ტყავის ბაშმაკები, დაწნული ძირებით».

16 წლამდე ხევსური ქალიშვილები ძალედ საყვარლები და ტანკენარები არიან, მაგრამ დამქანცველი სამუშაო, უსუფთაობა და უხეში საკვები მათ 25 წლისებს უკვე მოხუცებად აქცევს. უკანასკნელნი უკიდურესად შეუხედავები არიან და, თვალითმხილველის გამონათქვამით, კიეველ კუდიან დედაკაცებს მოგვაგონებენ.

ქალები (თავს) ძროხის შარდით იბანენ, რომელიც, მათი გაგებით, ფუფხისგან იცავს (предохраняетъ отъ струпьевъ и коросты), და მეორეც იმიტომ, რომ თმების ამოსვლას უწობს ხელს.

ხევსური ქალები საკმარისად ლამაზ ტანსაცმელს ატარებენ. მათ თავზე ირგვლივ შავი შალი აქვთ შემოხვეული, რომელიც კინკრიხოს არ უფარავთ, და მარჯვენა ყურის ზევით პატარა ფუნჯით თავდება; ყურებში უზარმაზარი ვერცხლის ან სპილენძის საყურეები. დაწნული თმები, შემოეხვევა რა ირგვლივ ლოყებსა და ყურებს, კეფაზე რკალად იკვრება. 

«პერანგი შალისაა, მუხლებამდე შავი ფერის შემონავლებით, ხოლო მუხლებს ქვემოთ კი ირგვლივ თითო გოჯის სხვადასხვა ფერის შალი შემოიკერება, სანამ სიგრძე კანჭებამდე არ მიაღწევს; პერანგის უკანა კალთა კი, მუხლების საპირიპირო ხაზიდან, ნაოჭებიანი უნდა იყოს.

გარდა ამისა, პერანგზე, მკერდის საპირისპიროდ, კიდევ შალის ნაჭერია მიკერებული, ხოლო მასზე კი წვრილი მონეტები, მძივები და სხვადასხვა წვრილმანები და ჟღარუნები». ქამარი შალისაა, მისი ბოლოები მუხლებამდე ეშვება. პერანგის ზემოდან იცვამენ მოკლე ჩოხას ნაკეცებით. შარვლის ნაცვლად ნაქსოვი წინდები, ხოლო ფეხზე კი ნაქსოვი წაღები. ზამთარში როგორც მამაკაცები, ისე ქალებიც უსაპირო ტყაპუჭებს (нагольные тулупы) იცვამენ.

თითქმის ყველა ქალი თამბაქოს ეწევა მოკლე ჩიბუხებით, რომლებსაც თავსახვევის უკან ატარებენ; 30 წლის ასაკში ისინი თამბაქოს ყნოსვას იწყებენ («Очерки Хевсурiи» А. Зиссерманъ. Кавк. 1851 г. № 22-24. Записки о Тушино-Пшаво-Хевсурскомъ округе кн. Р. Эристова. Кавказъ 1854 г. № 43-49. Записки Кавказ. отд. Имп. Рус. Геогр. общества кн. III. «Десять летъ на Кавказе». Современникъ 1854 года. т. 47).

ფშავლები ხევსურებისგან აღმოსავლეთით ცხოვრობენ, მდინარეების არაგვისა და ივრის სათავეებთან, თერთმეტ საგვარეულოდ იყოფიან და 1 ათას კომლამდე მოსახლეობა გააჩნიათ (Записки Буткова /рукоп./ Арх. Главн. Штаба. «ფშაველთა თითოეული საზოგადოების /თემის/ მცხოვრებნი, ამბობს თავ. ერისთავი, ყველა ერთი გვარისანი არიან, და ეს მაიძულებს ვიფიქრო, რომ ისინი თერთმეტი ოჯახისგან წარმოდგებიან, ატარებენ რა გვარებს თავიანთი მამამთავრების სახელების მიხედვით». შევუდარე რა თავად ერისთავის ვარაუდი ბუტკოვის ფაქტობრივ ჩანაწერებს, სადაც ნათქვამია, რომ ფშავლები ათ ან თერთმეტ საგვარეულოდ იყოფოდნენ, მე უკანასკნელი რიცხვი უფრო სწორად მივიჩნიე. 1855 წ. «კავკასიის კალენდარში» ფშავლებთან 12 საზოგადოებაა ნაჩვენები).

მათი ტერიტორია თუმცა კი ასევე მეტად მთა-გორიანია, მაგრამ უფრო მდიდარიც არის, ვიდრე ხევსურებისა. მათ უმთავრეს სარეწს ასევე მესაქონლეობა შეადგენს და უპირატესად კი ცხვრების მოშენება. თავიანთ საქონელს ისინი კახეთის ველებზე ჩამორეკავენ ხოლმე, სადაც მწყემსავენ კიდეც. ფშაველთაგან ბევრი ფლობდა და ახლაც ფლობს ვენახებსა და ხეხილის ბაღებს თელავის მაზრაში, რომელთაგან ღვინოსა და არაყს ღებულობენ.

ფშაველი საშულო სიმაღლისაა, მაგარი აგებულების; მრგვალი პირი-სახე, ყავისფერი თვალები, წაბლისფერი თმები, თავი გადაპარსული და წვერი მოპარსული; თავზე ქოჩორს იტოვებენ, რომელიც იმას ჰგავს, რომელსაც მალოროსიელები ატარებენ. ფშაველის სიარული მედიდურია, ხასიათი გულკეთილი. ფშაველი განსაკუთრებით ველურია და, არ რცხვენია რა არავის ყოფნისა, აკეთებს ყველაფერს რაც კი მას მოესურვება, და არ გააჩნია არანაირი წარმოდგენა მორცხვობის შესახებ. ფშაველი ქალები უმეტეს წილად ქერათმიანები არიან, სანდომიანები, ისე მალე არ ბერდებიან როგორც ხევსურებისა, მაგრამ სამაგიეროდ მალე სუქდებიან.

ხევსურები ფშავლებს მსუქან მეწველ ძროხებს უწოდებენ და კიდეც ავიწროვებენ. ხევსურების პრეტენზიები ფშავლების მიმართ, რომლებსაც სასამართლოებში აყენებენ, რამდენადაც სასაცილოა ხოლმე, იმდენადვე უაზროც (დაწვრილებითი ამბები ამ პრეტენზიების შესახებ შეიძლება ვიპოვნოთ გაზეთებში: Кавказъ 1851 г. № 24. Кавказъ 1854 г. № 43-49. Зап. Кав. отд. Имп. Русск. геогр. общества кн. III).

თავიანთ ნამდვილ ადგილსამყოფელში, თუშებისა და ხევსურების მეზობლად, ფშავლები მხოლოდ გაზაფხულზე და ზაფხულში ცხოვრობენ, იმიტომ რომ იქ თავიანთი სათიბები და საძოვრები აქვთ. შემოდგომაზე და ზამთარში კი ისინი თავიანთი საცხოვრებლებიდან დიდ მანძილებზე მომათაბარეობენ, იქითკენ, სადაც თავიანთი ფარებისთვის უფრო მეტ საძოვარ ბალახს პოულობენ. ისინი ალაზნის ველზე მომთაბარეობენ მდინარეების ალაზნისა და ივრის მახლობლად. ფშავლები მომთაბარეობისთვის ერთდროულად კი არ აიბარგებიან ხოლმე, არამედ რამდენიმე ოჯახი, წაიღებს რა თან მთელ თავის ბარგი-ბარხანას, გაიწელებიან მცირე პარტიებად, თავიანთ საქონელთან და ბარგით დატვირთულ ცხენებთან ერთად. თავიანთ ქოხებს ისინი ველებზე, მთა-გორების თხემებსა და კალთებზე აშენებენ, და ერთად არაუმეტეს ორი-სამი ოჯახისა ცხოვრობენ. 

თავიანთ მეზობლებთან შედარებით ფშავლები უფრო მეტად შრომისმოყვარენი არიან: ისინი მაუდს, ნაბდებს, მხარზე გადასაკიდებელ ჩანთებს, ქეჩებსა და ურმებისთვის სხვადასხვა საჭირო ნივთებს ამზადებენ; აგრეთვე ჭურჭელს, ფინჯნებს, კოვზებსა და სხვა. «ყველაფერ ამას, გარეულ ფრინველთან და ნადირთან ერთად, რომლებსაც ხოცავენ, და ტყის პროდუქტებთან ერთად, ისინი ქართულ სოფლებში ჰყიდიან, სადაც ასევე, ვაზის კრეფისას და სხვა დროსაც, მუშებად მიექირავებიან ხოლმე. მიწათმოქმედება ფშავლებს შინაგანად არ მოსწონთ და ბევრი მათგანი ამით სულაც არაა დაკავებული, თან სახნავ-სათესი მიწებიც მათში ცოტაა. შეძლებულებს კი ბაღები და წისქვილები აქვთ. მათი განსაკუთრებული სარეწი მეცხვარეობაა, და ზოგიერთი ფშაველი ცხვრებს კახელებთან პურსა და ღვინოზე ცვლის» (Моё знакомство съ пшавами Дм. Бокрадзе. Кавк. 1850 г. № 97). 

ბევრი ფშაველი აცნობიერებს, რომ მომთაბარე ცხოვრება მათ კეთილდღეობაზე მავნედ აისახება, მაგრამ თავიანთი ცხოვრების წესის შეცვლას ისინი, მხოლოდ სიძველისა და მამათა მაგალითისადმი ერთგულების გამო, ვერ ბედავენ.

– თქვენ შეგებრალებით, ეუბნებოდა ერთი ფშაველი ქალი დიმიტრი ბაქრაძეს, თუ ჩვენი ცხოვრების მთელ მოუხერხებლობებს გაიგებთ. სხვას კარაქი, თაფლი და ნადირის ხორცი საკმარისად აქვს, ჩვენ კი ყველაფერ ამაში გაჭირვებას განვიცდით. ძალზედ იშვიათად არის ხოლმე ჩვენთან სუფრაზე ხორცი, ზოგჯერ პურის გამოცხობაც კი არ შეგვიძლია, იმიტომ რომ მშრალ შეშას დიდი შრომით თუ იშოვნი. აი როგორია განმარტოებული ცხოვრება! კარგი იქნებოდა ამ მთის იქით სოფელში დავსახლებულიყავით; მაგრამ რა ვქნათ, ჩვეულებაა... ჩვენ აქ ყოველ ღამეს ჩვენი სიცოცხლის გამო უნდა ვშიშობდეთ, იმიტომ რომ ირგვლივ დათვები დაწანწალებენ, მგლების ხროვები დადიან და ისეთ საშინელ ყმუილს ტეხენ, რომ თმები ყალყზე გვიდგება; წინა დღეებში ძროხა ზედ კარებთან შეგვიჭამეს. ჩვენ მეხის საშინელ დარტყმებს მივეჩვიეთ და ელვასაც ჩვეულებრივად ვუყურებთ, მაგრამ როგორ ვიქნებით, როცა ქარიშხალი მძვინვარებს! ყველას მაშინ საშინელი შიში შეგვიპყრობს, ცხოველები თავიანთ სოროებში მირბიან და დიდხანს აღარ ჩნდებიან. თქვენ ხედავთ, რამდენი სოფელი შეირყა, ანდა სულაც დაიქცა: ეს ყველაფერი ქარიშხლის მოქმედებაა. თუმცა კი, ჩვენ ღმერთი გვწყალობს და უბედურებათაგან გვიფარავს; კარგია, რომ ჩვენი სახლი თითქმის სულ მიწაშია. ჩვენ უწინ ველდაბლობზე (лошина) ვცხოვრობდით, მაგრამ იქ სინესტე და ჭაობების სიმყრალე ადამიანს ავადმყოფობებით აზიანებს. მაგრამ მთის თხემზეც უკეთესად ვერ ვგრძნობთ თავს, იმიტომ რომ აქაც ვავადმყოფობთ...

ფშაველი შავ ჩოხას იცვამს უკან გადასაყრელი პატარა სახელოებით, მწვანე ან ლურჯ ახალუხსა და განიერ შარვალს, საკუთარი დამზადების შავი ან რუხი მაუდისაგან. ფეხებზე იცვამს ქალამნებს (каламяны) მოქნილი ტყავისაგან. თვზე მრგვალი ნაბდის ქუდი ახურავს; ქამარზე ხანჯალი ჰკიდია (на поясе кинжалы), მარჯვენა ხელის ცერა თითზე კი რკინის ალესილი რგოლი აქვს წამოცმული.

ქალები თითქმის ისევე იცვამენ, როგორც ქართველი ქალები. თეთრი თავსაფარი თავზე, წითელი პერანგი და შარვალი; ფეხსაცმელი იგივეა რაც კაცებისა.

თუშები (тушины) აღმოსავლეთით კიდევ უფრო შორს ცხოვრობენ. მათი სამფლობელოები კახეთს, ფშავს, ხევსურეთს, ქისტეთს, უნკრატლსა და დიდოელთა საზოგადოებას (თემს) ესაზღვრებიან. თავისი ადგილმდებარეობის მიხედვით, თუშეთი იყოფა: მთის თუშეთად, რომელიც კავკასიონის მთიანეთის თითქმის სულ სიღრმეშია ჩამწყვდეული, თუშეთის ალაზნის სათავეებთან, რომელიც დაღესტანში ანდიის-ყოისუსა და სულახის სახელით მიედინება, კახეთის თუშეთად, რომელიც ალვანის დაბლობისგან შედგება, ხოლო ეს უკანასკნელი კი კახეთის ალაზნის სულ ნაპირამდეა გადაშლილი. 

მიწის ნიადაგი მთის თუშეთში სრულიად უნაყოფო და ქვიანია, ხოლო ნაყოფიერი ნიადაგით კი მხოლოდ რამდენიმე სოფელი სარგებლობს. თავად ალვანის ველი, რომელიც დასავლეთ კახეთის ერთერთი უნაყოფიერესი ადგილია, სრულებით არაა დამუშავებული და თუშების მიერ მხოლოდ საქონლისა და ცხვრის უზარმაზარი ფარების საძოვრად გამოიყენება. ალვანის ველზე შეიძლება ამიერკავკასიის მხარის ბევრი ნაყოფი მოიწიო, მაშინ როცა მთის თუშეთში ის ნაყოფები ითოშებიან (прозябаютъ), რომლებიც მხოლოდ მკაცრი კლიმატისთვისაა დამახასიათებელი. თუშეთის ჰაერი უპირატესად მთისაა და ჯანმრთელი. შეტყობინების გზები, გზათა დაუმუშავებლობის გამო, ზაფხულში მოუხერხებელია, ზამთარში კი სრულიად წყდება.

თუმცა კი თუშების ცხოვრების მუდმივი ადგილი მთის თუშეთია, მაგრამ, მათ მიერ ალვანის ველის, რამდენიმე ხეობისა და შირაქის ველის შეძენის შემდეგ, მათ მთებიდან გამოზამთრებისთვის კახეთში ჩამოსვლა დაიწყეს, თავიდან მხოლოდ ცხვრის ფარებით, ხოლო შემდეგ კი ოჯახებითაც, ასე რომ ახლა ალვანის ველზე «ჩანს საკმარისი მოსახლეობა და ნაგებობანი, სადაც გამოსაზამთრებლად მთებიდან თუშების თითქმის ნახევარი ჩამოდის». ზაფხულის დადგომასთან ერთად კი, ივნისის თვეში თუშები, როგორც განსაკუთრებით მესაქონლეობით დაკავებული ხალხი, ისევ მთებისკენ მიეშურებიან».

მაისის ბოლოს ისინი ემზადებიან, ხოლო ივნისის დასაწყისში კი გზას ადგებიან. მათი ჭაპანაკიდებული ცხენები ტვირთის სიმძიმის ქვეშ ფეხს ძლივს ადგამენ; მათ ქალები ფეხით მიჰყვებიან, ხოლო ბავშვები კი გადაკიდებულ ჩანთებში სხედან; ქარავანს გარშემო შეიარაღებული მამაკაცები მიჰყვებიან, რომლებიც ყოველ წუთს მოწინააღმდეგის თავდასხმას ელოდებიან. ხმაურით, ლაპარაკით, ცხენების ჭიხვინით, ცხვრების ბღავილითა და სროლით, ისინი თავიანთ ზაფხულის საცხოვრებლებს უახლოვდებიან. 

მათი ორსართულიანი ქვის პატარა სახლები იქ ფიჭვებით დაფარულ თვალწარმტაც ადგილებშია მიმოფანტული. იქიდან ხედები ერთი მეორეზე დიდებულია. თქვენს ზევით დაკიდულია მთები, მუდმივად თოვლით დაფარული, რომლებიც მზის დაცემული სხივებისგან სხვადასხვა ფერად, ცისარტყელას ფერებით ბრწყინავენ; ქვემოთ ღრმა უფსკრულები და ხეობებია, რომლებშიც ნაკადულები ხმაურობენ და ხმაურით გზას მიიკვლევენ, და ეს ნაკადულები აქა-იქ პატარა წისქვილებითაა დაფარული; ირგვლივ ფიჭვების ტყეა, რომელიც მწვერვალებს გვირგვინად ადგას, მთებისა და ხეობების კალთებზე იზრდება, საკუთარ თავზე დაცემული ჩანჩქერების ხმაურით, არწივთა ყივილით, ტურების ყმუილით აცხადებს – ყოველივე ეს თუშეთის ბუნებას ველურად დიდებულს ხდის (Изъ моихъ записокъ, Зиссермана. Кавказъ 1846 г. № 22). აქ ისინი სექტემბრამდე რჩებიან, ხოლო გამოზამთრებისთვის კი ისევ კახეთის დაბლობებზე ეშვებიან.

«თუმცა კი, ამბობს ი. ცისკაროვი (ცისკარიშვილი), თუშების წოვის საზოგადოებამ (თემმა) გარკვეული დროიდან ამ აღთქმულ ჩვეულებას ნაწილობრივ გადაუხვია. ერთი სოფელი ამ საზოგადოებიდან, საგირტა, მთებიდან მოვრდნილი ღვარცოფით იქნა დარბეული; მის მცხოვრებთა დიდი ნაწილი დაიღუპა; ამ შემთხვევის შემდეგ გადარჩენილებმა, რომლებიც დიდხანს მთების სხვადასხვა ადგილას ცხოვრობდნენ, გადაწყვიტეს ეთხოვათ მთავრობისთვის ნებართვა პანკისის ხეობის უკან (за Панклесскимъ ущельемъ), მთიან თუშეთში მიმავალ გზაზე, მთა ტოატანზე დასახლებულიყვნენ. მათი თხოვნა აღსრულებულ იქნა და ამის კვალდაკვალ შემდეგ ამ საზოგადოების დანარჩენი სამი სოფლის მცხოვრებლებმაც არ დააყოვნეს მათ შეერთებოდნენ, თავიანთ ძმებთან მჭიდრო კავშირის მიზეზით და, განსაკუთრებით კი, კახეთთან ახლო შეტყობინების მოხერხებულობის გამო. ამრიგდ, ამ საზოგადოების საზაფხულო მომთაბარული ტაბორი ახლა მთა ტოატანზე იმყოფება. და იშვითად თუ ვინმე, თავიდან რომ ასეთი ცვლილებითა და წინაპართა საფლავების დავიწყებით უკმაყოფილო იყო, მოვა ხოლმე წოვათოში, მშობლიურ აულში, რათა თავის სახლში ჩამქრალი კერა აანთოს, იმათ გარდა, ვისაც წილად ერგო ვალდებულება წმინდა სამსხვერპლოებს იცავდეს და მათთან დადგენილ წესებს აღასრულებდეს».

ასეთ ადამიანებს აბორბადებს (аборбады) უწოდებდნენ, ყოველი სოფლიდან თითო ადამიანს ირჩევდნენ და ისინიც წლის განმავლობაში სამსხვერპლოებთან განუშორებლად რჩებოდნენ. რამდენიმე ღარიბი ქისტური უჯახი, პატრონების ნევართვით, წოვათოში გადასახლდა და მიტოვებულ სახლებში ცხოვრობდა, ხოლო შემდეგ კი თავად წოველებმაც ისევ უკან წოვათოში გადასახლება დაიწყეს და თავიანთ უწინდელ საცხოვრებლებს აახლებდნენ.

1801 წელს თუშებში 22 სოფელი მოითვლებოდა (Записки Буткова /рукоп./ Арх. Главн. Штаб. въ С.-Петербурге), რომლებიც ოთხ საზოგადოებას (თემს) შეადგენდნენ; და ყველას ერთად შეეძლოთ 500 კაცამდე ჯარი გამოეყვანათ (См. Кавк. 1849 г. № 7; 1854 г. № 43. Кавк. календ. на 1855 г. стр. 303. О тушинахъ вообще. См. Кавк. 1846 г. № 20, 21 и 50)

ითვლებოდნენ რა საქართველოს ქვეშევრდომებად, თუშები იმავე დროს დაღესტნელებს ხარკს უხდიდნენ. ეს ხარკი 600 ცხვრისგან შედგებოდა, რომელთაგან თითოეული ჩვენს ფულზე 80 კაპიკად ფასდებოდა. თავიანთ მხრივ, ფლობდნენ რა კარგ საძოვრებს, თუშები საზღაურის სანაცვლოდ ნებას აძლევდნენ მათ თავიანთი საქონელი მათ მინდვრებზე ეძოვებინათ. ამის გამო მათი მეზობელი დაღესტნელები ყველაზე უფრო მშვიდებად ითვლებოდნენ.

საქართველოს მეფეს თუშები ყოველწლიურად განსაზღვრულ ხარკს უხდიდნენ, და მის გარდა არანაირ სხვა გადასახადს არ სცნობდნენ. ეს ხარკი 400 ცხვრისა და 200 ბატკნისგან შედგებოდა და საბალახოს (сабалахо) სახელით იყო ცნობილი (Записки Буткова. 50-იან წლებში ფშავლებისგან აღებული საბალახო 1425 მანეთს შეადგენდა, თუშებისგან კი – 1040 მანეთს). ამ ხალხების სამივე განშტოება საქართველოს ქვეშევრდომებად ითვლებოდა. ისინი იმ პირთა მიერ იმართებოდნენ, რომლებიც საქართველოს მეფეთა მიერ უპირატესად ქართველი თავადებისგან იყვნენ დანიშნულნი. თუშებს ჰყავდათ საგანგებო მმართველი ფშავლებისა და ხევსურებისგან, რომლებიც ერთი პირის მიერ იმართებოდნენ. მმართველთა ძალაუფლება მხოლოდ იქამდე ვრცელდებოდა, რომ ისინი საქართველოს მეფის დამოკიდებულებაში ემყოფებინათ და, სამხედრო საჭიროების შემთხვევაში, მათგან დახმარება ჰქონოდათ. ამ ხალხების გამოცდილი სიმამაცე აიძულებდა ქართველ მეფეებს მათი ქვეშევრდომობა დაეფასებინათ (ან მათ ქვეშევრდომობას მოფრთხილებოდნენ /дорожать ихъ подданствомъ/). თუშები, ფშავლები და ხევსურები ქართულ ჯარებში ყოველთვის საუკეთესო რაზმებს შეადგენდნენ. ძველ დროში, თითოეული საზოგადოება, ჩვეულების მიხედვით, არა მხოლოდ თავისი სამშობლოს ცნობილ პუნქტს იცავდა, არამედ, განგაშის შომთხვევაში, კიდიდან კიდემდე, თითოეული საზოგადოება მეორეს მეტად ჩქარ დახმარებას აწვდიდა. თუშები იშვიათად თუ მარცხდებოდნენ და თითქმის ყოველთვის მათზე მომხვდური მოწინააღმდეგე ძლიერ ზარალს განიცდიდა. ეს ხალხი უძველესი დროიდან, და რუსული მმართველობის დროშიც კი, ყველაზე უფრო უკეთეს საყრდენს შეადგენდა საქართველოსთვის, მის ფარგლებში მტაცებელ მთიელთა შემოჭრისგან.

1846 წელს, ჩაგლის საზოგადოების (чаглинскаго общества) რამდენიმე სოფლის მცხოვრებლებმა, რომლებიც 60-ზე მეტი დამცველის გამოყვანას ვერ შეძლებდნენ, მათზე მოულოდნელად თავდამსხმელი 3 ათასზე მეტი ლეკისა და დიდოელის ხროვა მოიგერიეს. ამ მოგერიებაში მონაწილეობას თხუთმეტ წელზე უფრო ახალგაზრდა ბიჭებიც ღებულობდნენ. მათ, ადგილობრივი ჩვეულების მიხედვით, მათ მიერ მოკლულ მოწინააღმდეგეთა ხელის მტევნები ზეიმით მოჰქონდათ. მრავალი დაჭრილისა და უგზო-უკვლოდ დაღუპულის ჩაუთვლელად, მოწინააღმდეგის ზარალი ას გვამამდე ადიოდა, რომლებიც გამარჯვებულებს ნადავლად ერგოთ, ვინაიდან თუშებს ტყვეთა აყვანის ჩვეულება არ ჰქონიათ.

თუშების სიმამაცის შესახებ კავკასიონის ყველა კუთხეში ჰყვებიან. მთიელები იშვიათად აქებენ და უმღერიან სიმამაცეს – თვლიან რა მას მეტად ჩვეულებრივ საქმედ – მაგრამ თუშების შესახებ კი დაღესტნის შუაგულ ცენტრში, ავარიასა და სხვა ადგილებში, სიმღერებია შეთხზული და მათ მღერიან. თუში ამჯობინებს უმალ მოკვდეს, ვიდრე ტყვედ ჩავარდეს, მაგრამ რაიმენაირად, მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო, ეს რომ მომხდარიყო, მაშინ იგი მძიმე ტყვეობაში, როგორც იტყვიან, სახელითა და დიდებით მოკვდება, მაგრამ არ დათანხმდება, რომ მოწინააღმდეგის დატყვევებულ ქალიშვილზე იქნას გაცვლილი.

– შვიდ კაცს ნაკუწებად ავჩეხ, ამბობს თუშური სიმღერა, თუ არა და მე თათარ ქალიშვილში გამცვალეთ – ეს სირცხვილზე უფრო მეტია, რომელიც მხოლოდ კი შეიძლება მამაცი თუშისთვის იყოს.

ჯერ კიდევ ამ დრომდე არსებობს სახიფათო თუშური ბილიკი, მთების თხემებზე გათელილი ჭარსა და ბელაქნამდე. ამ ბილიკით გაღწევა და ლეკებისგან საქონლის გამორეკვა თუშებისთის ჩვეულებრივი საქმე გახლდათ. სოფელ ბუნოს მახლობლად, დაღესტანში, ამ დრომდე არსებობს ქვა, რომლის შესახებაც ჰყვებიან, რომ თუშები, რომლებიც დაღესტნის სიღრმეში სალაშქროდ მიემართებოდნენ, ცხენების ხელახლა დაჭედვისთვის აქ ჩერდებოდნენ, რის გამოც თავად ქვას უწოდებენ ქვას, სადაც თუშები ცხენებს ჭედავდნენ, არცთუ იშვიათად უკუღმა, რათა თავიანთი კვალი შეუმჩნეველი გაეხადათ («Записки о Тушетiи» И. Цискарова. Кавказъ 1849 г. № 13. См. также Кавказъ 1855 г. № 33).

«თუშები, ფშავლები და ხევსურები, ამბობს ერთი ქართული სიმღერა (ეს სიმღერა ერეკლე II-ის მეფობის ხანას მიეკუთვნება და 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის საქართველოში შემოსევის დროსაა შექმნილი. იხ. Закавк. Вест. 1853 г. № 14. Кавказъ 1853 г. № 25), მიმართავს რა მეფეს, ყველანი თავს შემოგევლებიან (ე. ი. მთელი ძალებით დაგიცვენ), მტრებს შევარდნებივით დავესხმებით თავზე, მათ ჰაჯიებს გავაქცევთ. მაგრამ თუ ღმერთი დაუშვებს შენი კარგი დედაქალაქის აოხრებას, მაშინ ჩვენსკენ (არაგველებისკენ) გამოეშურე – ჩვენ, მთიელები, შენ დაგიცავთ. თუშები, ფშავლები და ხევსურები შენთვის თავს დადებენ, შენ ბოლო სამსახურს გაგიწევენ, ვნახოთ, ვინ იქნება შენს შემდეგ ერეკლე...»

თავიანთ ერთგულებაში ასეთი დარწმუნებით, მთიულებმა (მთიელმა ქართველებმა), როგორც გადმოცემა ლაპარაკობს, ერთი მალემსრბოლი გაგზავნეს, და იმისთვის, რათა იგი უფრო ჩქარა ჩასულიყო, ის სწრაფ არაგვს მიანდეს და, ჩააგდეს რა უბრალოდ მდინარეში, მას ექსპრომტად სიმღერაც უმღერეს.

«ჩადი ასე, მღეროდნენ ისინი, მცხეთამდე, მცხეთიდან სწორი დაბლობი იწყება (არაგვის კალაპოტი /ложе Арагвы/ მცხეთამდე ციცაბო და ქვიანია. მცხეთასთან არაგვი მტკვარს ერთვის და უფრო თანაბარი /სწორი/ ხდება). ქაღალდებს გაუფრთხილდი, არ დაასველო ისინი, თორემ ბატონი (მეფე) განრისხდება. ყველი და პური თან გაქვს – წყალიც არ მოგაკლდება; სავარცხელი თან გაქვს, შენს წვერს ხავსი არ მოეკიდება. როცა მეფის სასახლესთან მიხვალ, ნაზირი (კარისკაცი) შემოგეგებება. მაშინ წვერზე ხელი დაისვი, რათა ის აწეწილი არ იყოს, რათა მკერდზე ეფინებოდეს... ნაზირი შენ კარგად გიცნობს, ის შენ დარბაზში შეგიყვანს. თან ჯოხი არ წაიღო – თავსაც შეირცხვენ და ჩვენც შეგვარცხვენ. როცა ბატონს დაინახავ, მას გამარჯვებით მიესალმე, უთხარი მას გამარჯობა! (Какъ увидишь батони, приветствуй его съ победою, скажи ему гамарджоба!) მას მუხლებზე მოეხვიე; იგი მეფური ღიმილით გაგიღიმებს, რომელსაც მთელი ხალხი აფასებს. როცა ლაპარაკს დაიწყებ არ ახველო – ეს ბატონს არ ეამება.

გადაეცი მას, როგორც შეგიძლია, ყველაფერი, რაც ჩვენ გაჩვენეთ. უთხარი, რომ არაგველებს – ხელმწიფეო, შენთან თხოვნა აქვთო; დაე არ შეგაშინოს შენ სიბერემ; საკუთარ თავზე არ მიიღო კაცთაგან განქიქება; ისევ შემართე შენი მახვილი, შენ ეს სიბერეშიც შეგიძლია» (Кавказъ 1853 г. № 25).

ამ ხალხების ერთგულება იმის მიზეზი იყო, რომ საქართველოს მეფეს ყოველთვის ჰყავდა თავისთან მცველები თუშების, ფშავლებისა და ხევსურებისგან. მისი მოთხოვნით ისინი, თავიანთი სულიერი მწყემსების წინამძღოლობით, ომში მიდიოდნენ.

ემზადება რა საქმეზე წასასვლელად, ხევსური მთლიანად რკინაში ჯდება. თავზე ჩაჩქანს იხურავს (чачкани, მუზარადი ბადით, რომელიც მას კისერს უფარავს), ტანზე რკინის მავთულისგან დაწნულ პერანგს იცვამს, ხელებზე ასეთივე ხელთათმანებს იკეთებს, სწორი პალაში (ერთ პირზე ალესილი სწორი ხმალი) და დაშნა (дашна) – მოკლე ხმალი, რომელიც ხანჯლის ნაცვლად გამოიყენება. ჩვეულებრივი თოფი დათვის ტყავისგან შეკერილ შალითაში და ფარი, მოწინააღმდეგის გასროლებისგან დასაცავად, ავსებენ მის შეიარაღებას (აღსანიშნავია, რომ ყველა ფარსა და სწორ პალაშს აქვს წარწერები: Genua, Souvenir, Vivat, Stephan Batory, Vivat Husar და სხვა. იხ. «Очерки Хевсурiи» А. Зиссермана. Кавк. 1851 г. № 24). შუბი, როგორც იარაღი, მოხუცების კუთვნილებაა, ზუსტად ისევე, როგორც ისრებიც.

ფშავლები და თუშები იმდენად არ ზრუნავენ დაცვის საშუალებებზე, რამდენადაც ხევსურები. კარგი შაშხანა და ხმალი მთელ მათ იარაღს შეადგენს («Записки о Тушино-Пшаво-Хевсур. округе» кн. Эристова. Кавказъ 1854 года № 43-49). სამივე განშტოება (Все три поколенiя) ყოველთვის მამაცურად იბრძოდა და ზურგში ჭრილობის მიღება მეტად სამარცხვინოდ ითვლებოდა.

ამ ტომებში არსებობდა ტყვიების გაცვლის ჩვეულება, და მაშინ ისინი, ვინც ტყვიები გაცვალეს, უმალ საკუთარ მამას ესროდნენ ტყვიას, ვიდრე ერთმანეთს.

ამხანაგობის, ეგრეთ წოდებული დიბ-ალარის (дибъ-аларъ, ფიცის – თავგანწირვის გამოხატულება) დაცვა მოწინააღმდეგის წინააღმდეგ მოქმედებისას თუშებში პირველ და მთავარ მოვალეობად ითვლება. ამხანაგები არ ტოვებენ ერთმანეთს, დაე თუნდაც ეს მათ სიცოცხლის ფასად უჯდებოდეთ. ძმური სიყვარულისა და ერთგულების დასამტკიცებლად, ამხანაგები, ბრძოლის ყველაზე უფრო გადამწყვეტ და ცხელ წუთში, ერთმანეთზე გადააბამენ თავიანთი სამოსის კალთებს, ან, ჩაჰკიდებენ რა ერთმანეთს ხელებს, მტერს ერთად ეკვეთებიან. ამ წეს-ჩვეულების (ადათის) დამრღვევი საყოველთაო ზიზღს იმსახურებს. თუშები თავიანთი თანამემამულის გვამს მოწინააღმდეგის ხელში არასოდეს ტოვებენ, – ეს მათში ზუსტად ისეთივე უღირსებად ითვლება, როგორც ცოცხლის მიტოვება. მას, ვინც მოწინააღმდეგისგან გამოქცევისას იქნება მოკლული, არ დაიტირებენ, და მის ნათესავებსაც თავიანთ სინანულს არ გამოუთქვამენ (Записки о Тушетiи И. Цискарова. Кавк. 1849 года № 11).

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment