Monday, April 17, 2017

სოლომონ ნადიმაშვილის ლექსების შესახებ

«მილენიუმის კარიბჭესთან», ასე ჰქვია სოლომონ ნადიმაშვილის ლექსების კრებულს. დიახ, დგას დღევანდელი ქართველი მოქალაქე ევროპის კულტურის ერთ-ერთი კერის ზღურბლთან. დგას და ის გვიჩვენებს თავის თავს. ვინ არის იგი, საიდან მოვიდა, როგორია მისი კულტურა და მისი დღევანდელი სულიერი ფასეულობანი. დიახ, გასახარია, რომ იგი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, სისხლით ხორცამდე ქართული კულტურის ცნობიერების მატარებელია. მას ეს ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი. მას აქვს თავისი შეგრძნება-განცდა სამყაროს მიმართ. ის პოეტია. მას არა აქვს დავიწყებული საკუთარი ქვეყნის წარსული და არც ადვილად შეიძლება გადაეწყოს სხვის კულტურაზე, თუკი ამას ზნეობა არ კარნახობს, ზნეობა კი ჩაკირულია მის სულში, მისი წინაპრებისგან ნასათუთები: ლექსში «მამას» ვკითხულობთ:

«პატიოსნება გაცვდა, გახუნდა...
შენი პროფილი –
რამსეს მეორის, –
ეულად დარჩა...»

მაგრამ იგი მამას ეფიცება, რომ მისი სწამდეს და სჯეროდეს, რომ «სიცოცხლის ბოლო ფეთქვამდე» იგი ამას შეინარჩუნებს.

აუღელვებლად ვერ წაიკითხავ დღეს ამ სტრიქონებს. დარჩნენ მისი დამფასებლები და გამგრძელებლები, ვისთვისაც მაღალ ფასეულობათა პატივისცემა უმთავრესია და იგი შინაგანი იდუმალებით დაკავშირებულია ამ გრძნობასთან.

* * *

მისი ლექსები წარსულით სუნთქვა და მასთან შეზიარებაა. იგი კულტურას, ქვეყანას მოწყვეტილი კი არ არის, მისი განმცდელი და ქმედითია. ლექსები: «თამარი და შოთა», «ამობრწყინდება», «ძველად ხატობას», «წმინდო რაჟდენ, შეგვეწიე», «ქართლის ველები», «არასდროს არ არის გვიან» საქართველოს წარსულსა და მის ბუნებას ეხება.

* * *

ანტიკური ცივილიზციისა და, საერთოდ, კულტურის მცოდნე გულგრილი ვერ რჩება და ემოციებს გამოხატავს ზოგიერთ ლექსში: «მარინა ცვეტაევას ხსოვნას», «მოსკოვი – პარიზი – მოსკოვი».

* * *

დრო წარმავალია. ყველაფერს ედება მტვერი, მაგრამ მის ნაცვლად სული გაგრძნობინებს სითბოსა და სიყვარულს, რითაც ესოდენ გაჟღენთილია მისი ლექსები.

ძიება არაა მისთვის უცხო, ამოხსნას უნდა საიდუმლოს მიგნება საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის.

«თურმე
მეხსიერების უძირო ტაძარსაც
ჰქონია თავისი ფსკერი
და განთიადი
ლოცვისკენ გვიხმობს ზარებით».

* * *

პოეტი მუდამ ემიჯნება ყოველდღიურობაში ჩაფლულ ადამიანებს, რომლებსაც არა აქვთ საკუთარი სახე.

«არ ენდოთ მას,
ვინც რაიმეს, თითქოსდა
«დიდ საიდუმლოს» განდობთ».

«უმრავლესობას» ეძახის ამ ხალხს, ვისაც საკუთარი «ცხოვრების წესი» აქვთ და გამორჩეულს, პიროვნულს უბიძგებენ, იგივე აკეთოს.

* * *

«ათასწლეულებს ჩაუვლით დროის შრიალით», მაგრამ «ერთხელ დაბადებულმა ადამიანმა» უნდა მიაგნოს თავის დანიშნულებას. ეს კი ძალზე ძნელია, უძნელესი. ამ გზას გვიჩვენებს და გვიხატავს პოეტი იმ სათუთი გრძნობებით, რომელთა გამოხატვაც ბევრს არ ძალუძს. მან შეძლო: უამრავი შეკითხვა დასვა და ხან უპასუხოდ, ხან კი პასუხით გადმოსცა სათქმელი... თბილი სევდა გაჰყვება მის თითქოს ყოველდღიურ აღწერილ სურათებს. ქართლი და ბებია, ბევრს რომ უნატრია «ცივილურ ხვატში» ყოფნას ბუნებაში გაჩერება, სახლისკენ მიმავალი გზა, ოთახი, კუთხე.

* * *

ნიკო სამადაშვილმა სულიერებით სავსე პოეზია მოგვიტანა. ჩუმად გამოჩნდა მისი კრებული, მერე აღიარეს. იგი ხიდისთავიდან, ქართლის მყუდრო და მშვენიერი კუთხიდან გახლდათ, რომლისთვისაც სოლომონ ნადიმაშვილი არ იშურებს საოცარ სიტყვებს:

«კვრინჩხრისფრად ელავს ხიდისთავს მტკვარი,
გამთენიისას აყივლდება საქათმის «მწყემსი»
და აუყვები ტანას ნაპირს სიონისაკენ –
გაგახსენდება ბეთანიის «პკე» მათხოვარი».

* * *

ისევ ვსტუმრობ შენდა ხსოვნად ბეთანიას, ატენს;
კი დროებამ დაიბრუნა, თითქოს, ფერი,
მაგრამ ისევ გულს ეხვევა ქაცვის ეკალ-ბარდი,
მზე კი მზეობს ძველებურად და აწითლებს ასკილს.

* * *

ხიდისთავთან მთებზე გაწვა კვრინჩხისფერი ბინდი.

მას ლექსებში გამოყენებული აქვს ისეთი საოცრი შედარებები, რომლებიც შეიძლება ეთქვა მას, როგორც შვილს, როგორც თავისი ქვეყნის ტკივილგამზიარებელსა და მშვენიერების აღმქმელს.

«აქ სიჩუმეა:
მზე შეკიდულა ჰორიზონტს,
ჰაერში თაფლის სურნელი დაქრის,
შორს სამრეკლოა –
მუხის ხეებზე ჩამოკიდული
ბებერი ზარი».

მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი

No comments:

Post a Comment