Tuesday, April 18, 2017

ივანე ჯავახიშვილი ქართველთა მონასტრების შესახებ უცხოეთში XVI საუკუნეში

(ამონარიდი წიგნიდან: ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტომი IV, 1967 წელი /გვ. 276-278/)

ძველ დროს ქართველი ერის სულიერი ძლიერებისა და დიდი ქონებრივი კეთლდღეობის ერთ-ერთ ცხადლივ დამამტკიცებელ საბუთთაგანად საბერძნეთისა და პალესტინა-სინასმთის განათლების ცენტრებში მრავალრიცხოვანი, მშვენივრად მოწყობილი ქართული მონასტრების არსებობა და მათი ინტენსიური მოღვაწეობა უნდა ჩითვალოს: ამგვარადვე როდესაც საქართველო პოლიტიკურად დასუსტდა, სახელმწიფოებრივად დაკნინდა და მცირე სამეფო-სამთავროებად იქცა, მოსახლეობაც გარეშე თუ შინაური პირობების წყალობით შემცირდა და ეკონომიურად დაეცა, ჩვენი ერის ესოდენ დაუძლურება და სავალალო მდგომარეობა ამ უცხოეთში მდებარე ქართულ მონასტრებს დაეტყოთ. ხალხი ცოტა-ღა იყო და არამცთუ უცხოეთისათვის ძალა აღარ შესწევდა, შინაც მცხოვრებთა სიმცირე მეტად საგრძნობი შეიქმნა. ამიტომ აღარც ბერები-ღა მიდიოდნენ მრავლად სამოღვაწეოდ და წმიდა ადგილების მიმოხილვისა და მოლოცვის მსურველიც აღარ ჩანდნენ და, თუნდაც რომ აღმოჩენილიყვნენ, წინანდებურად ქონებრივი შეძლება აღარ ჰქონდათ, რომ თავიანთი სურვილი ასე ადვილად აესრულებინათ.

ცხოვრების ასეთმა გაჭირვებამ, სამშობლოსთან მიმოსვლის გაძნელებამ და გულუხვ მლოცველთა შემცირებამ ყველა უცხოეთში არსებული ქართული მონასტრები საშინელს მდგომარეობაში ჩააგდო და არსებობის უმთავრესი წყარო მოუსპო. ძმობას თავისი თავის შენახვაც კი უჭირდა და რა გასაკვირველია, თუ რომ გადასახადების გამოღება გაუძნელდებოდათ და საშინელს სიღარიბეში ჩაცვივდებოდნენ. რაკი სხვა სახსარი არ მოეპოვებოდათ, გადასახადების გადაუხდელობა კი მათ მთელი ქონების დაკარგვას უქადდა, ამიტომ სხვა გზა არ იყო, უნდა სადმე დროებით ესესხათ იმ იმედით, რომ ცხოვრების პირობები გამოიცვლებოდა, მათი მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა, ვალსაც თავითგან მოიშორებდნენ და უძრავი ქონებაც შერჩებოდათ. ვისაც ქართული მონასტრებისა და უცხოეთში მცხოვრებ ქართველი ბერების მაშინდელი ქონებრივი გაჭირვების მთელი სიმკაცრის და საშინელების ნათლად წარმოდგენა სურს, მან უნდა იმდროინდელ ქართველ მოგზაურთა და ქართული ხელნაწერების მინაწერების ცნობები გადაიკითხოს. ამ ცნობებითგან, მაგალითად, ირკვევა, რომ გოლგოთის ქართველთა მონასტრის ბერები სრული უსახსრობის გამო იძულებული ყოფილან სიწმინდის სამსახურებელიც კი დაეგირავებინათ. ფილიპე შაქარაშვილი ათონის აღაპებში მოგვითხრობს, რომ 1565 წელს რომ იერუსალიმს ჩაველ, «ოცდა ათრვამეტის ფლურის წინდი ბარძიმ-ფეშხუმები დავიჴსენ» და მონასტერს დავუბრუნეო (ათონის აღაპ. 276)

თავისთავად ცხადია, რომ ასეთს გაჭირვებაში, როდესაც ლუკმა პურის შოვნაც უძნელდებოდათ და სახელმწიფო გადასახადების გადასახდელად საეკლესიო ნივთების დაგირავება უხდებოდათ, აღარც სამონასტრო ქონებისა და შენობების მოვლისა და შენახვის თავი ექნებოდათ. ამიტომ მოუვლელობისა და შეუკეთებლობის გამო შენობები, რასაკვირველია, თანდათან ზიანდებოდნენ და ფუჭდებოდნენ. სწორედ ცხოვრების ასეთი სიდუხჭირის გამო იოანე და ეფთჳმეს მიერ დაარსებული და თორნიკესა და სხვა გულუხვ ქართველთა შეწირულებით აგებული ათონის ქართველთა პორტაიტისა ღვთისმშობლის მონასტერი 1565 წელს ფილიპე შაქარაშვილს ისეთს გაჭირვებაში დახვედრია, რომ თვით მთავარი ეკლესია უკვე «ფრიად ძველი და მოშლილი, დაქცეული, ცუარისა და წჳმისა არა დამჭირველი» ყოფილა (იქვე).

[ათონის აღაპებში მოთავსებული ეს ძეგლი მოგვყავს აქვე მთლიანად. – რედ.]. 

«შეწევნითა წმიდისა სამებისა და ერთარსებისა და ერთღუთეებისა მამისა, ძისა და წმიდისა სულისათა და მეოხებითა დედოფლისა ჩუენისა ღუთისმშობელისათა მე, გლახაკი და უნარჩევესი ყოველთა კაცთაი, ცოდვილი და უღირსი, სახით ოდენ მღდელმონაზონი, საფლავი განგოზილი, უღირსი ფ ი ლ ი პ ე | შ ა ქ ა რ ა შ ვ ი ლ ი, ჟამთა ამათ უკანასკნელთა მრავალთა ცოდვათა ჩემთა შენდობის მოსაღებელად წამოვედ ქუეყანით ჩუენით სამცხით აღთქუმისა ქუეყანად, ცხორებისა ჩუენისა წმიდათა, ადგილთა, წმიდად ქალაქად იჱრუსალემად წელთა ჴოგ, ხოლო მუნით წარმოსლვასა ჩემსა სურხანის შვილმან, პატრონმან, თამაზ ყოფილმან თ ა დ ე ო ზ მისის სულის საჴსრად სამლოცველო წარმომატანა, ფლური თუ ოქროჲ – ყოველივე ხ უ თ ა ს ი ს | დ რ ა ჰ კ ნ ი ს ა უმცროჲ იყო. წარმოვედ ჩუენითა ქუეყანით და ჴმელთათ წმიდად ქალაქად მშჳდობით მივიწიე, და მოვილოცენ ყოველნივე წმიდანი ადგილნი და, რაცა ოდენ ძალ-მედვა, წმიდათა მონასტერთა და ძმათა და დათა საწირავი და სამლოცველო მოვაჴსენე, და მოსაჴსენებლები, ჩასაწერელი და აღაპები უყავ, და ა ს ფლურად გოლგოთას კანდელი დაუკიდე საუკუნოჲ, ოცდაათრვამეტის ფლურის წინდი ბარძიმ-ფეშხუჱმები დავიჴსენ, კიდევ ვაგე: ორთ პატრიაქთ მათის კრებულით ჟამი ვაწირვე, ორგზის ტრაპეზი უყავ და ჯეროვანი საწირავი მოვაჴსენე. ეგრეთვე საბას ლავრას ჩასაწერელი და საწირავი და ცალკე ყოველთა ძმათა სამლოცველოჲ მივეც, და სინელთა ოქროჲს საყური ჩასაწერელად და სამლოცველოდ თორმეტის მიტყლის წონა და სინის მამას ორი ფლური. ერთი წელი და ნახევარი იჱრუსალემს ჯურის მონასტერში დავყავ მე, უღირსი და ქუაბ-ავაზაკ ქმნილი, იმ საშინელთა წმიდათა ადგილთა ღირს ვიქმენ თაყუანისცემად და ორი წმიდაჲ ნათელი ვიხილე: მუნამდის მთავარდიაკონი ვიყავ და ვეკურთხე მღდელად საფლავსა ზედა საუფლოსა, გერმანეს მიერ პატრიარხისა, ამის შემდგომად წარმოვედ წმიდით ქალაქით და წმიდასა ამას მთასა ათონისასა მშჳდობით მოვიწიე მონასტერსა ამას ცათა მობაძავსა ქართველთასა; ვიხილე ეკლესია სასოჲსა ჩუენისა პორტაიდისა ღუთისმშობლისა ფრიად ძუჱელი და მოშლილი, დაქცეული, ცუარისა და წჳმისა არა დამჭირველი. ასის დრაჰკნის ოქროჲ მქონდა, შევეხუჱწე მამასა და ყოველთა ძმათა, თუ: «ეს აღმაშენებიეთ თ ა მ ა ზ ი ს სულისთჳს»-მეთქი; გაცვალეს ოქროჲ და ესე ყოვლად წმიდისა ეკლესია ახლად აღვაშენებინე და ტყჳთა გადავაბურვინე და ორი ხატი – ერთი მაცხოვრისა და მეორე ჩუენთა მამათა...».

No comments:

Post a Comment