Sunday, July 9, 2017

1920-იანი წლების გლობალიზაციის «მარგალიტები»

საბჭოთა ხელისუფლება როგორც მთლიანად რუსეთში, ისე საქართველოშიც გლობალიზაციის მიმდინარეობა გახლდათ, ისევე როგორც მაშინდელი სრულიად რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია (რსდმპ) მისი მენშევიკური და ბოლშევიკური განშტოებებით. და ამის მკაფიო დასტურია მარქსიზმის მთავარი ლოზუნგი – «პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით», რასაც აქტიურად ეხმიანება და მისდევს კიდეც კონსტანტინე ლორთქიფანიძის 1920-30-იანი წლების მთელი შემოქმედებაც. ასე, რომ, დღევანდელი გლობალიზმი ახალი მოვლენა არ გახლავთ და მისი არცთუ შორეული წინაპრები და წინამორბედნი იმ ავადსახსენებელი კომპარტიის ბელადები და მეხოტბენი არიან – «შრომის მსოფლიო ძმობისთვის», «მთელი მსოფლიოს მშრომელების გაბედნიერებისთვის», «მთელ დედამიწაზე სოციალური თანასწორობის დამყარებისთვის» მონდომებული და თავგამოდებული ადამიანები. და როგორც დღესაც, XIX-XX საუკუნეებშიც ისინი თავისთავად არ წარმოშობილან და განვითარებულან, არამედ გარკვეული მსოფლიო ძალები აძლევდნენ მათ დასაბამს და დახმარებას თუ მხარდაჭერასაც აღმოუჩენდნენ, ფინანსურსა და სხვა, როგორც დღესაც. ქვემოთ გთავაზობთ ასეთი წესით განვითარებული იდეოლოგიის ერთერთ ნიმუშს, რათა მკითხველმა უფრო თვალნათლივ იხილოს როგორც მაშინდელი გლობალისტების მისწრაფებები, ისე დაინახოს კავშირიც უწინდელ და დღევანდელ გლობალისტურ იდეებს, ასევე მათ მეთოდებსა და ხერხებს შორის.

ქვემოთ შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ვრცელ ამონარიდს კონსტანტინე ლორთქიფანიძის ლექსების კრებულიდან «ღიმილი», რომელიც თბილისში 1927 წელს იქნა გამოცემული.

ირაკლი ხართიშვილი 

კონსტანტინე ლორთქიფანიძის კრებულიდან «ღიმილი» (სახელგამი, 1927 წ.) 

ბრძოლებში გამოწრთობილ ლენინის თაობას
საქართველოს ბოლშევიკურ პარტიას



ციკლიდან: პოეზია 

პოეტი 

მშრომელთ

თქვენ გადათხარეთ მიწის მკერდი ცეცხლით და რკინით,
თქვენ დაიუფლეთ სივრცეები, ზღვები, მდინარე;
ყოველ საგანში თქვენი ნება ძლიერი ჰკივის,
მაგრამ არც მე ვარ ხელდაკრეფით ან და მძინარე.

თქვენ ამუშავებთ რკინას, ფოლადს, აბრუნებთ ჩარხებს,
მე კი თქვენ შრომას მშობელივით მინდა ვუარდე;
მუდამ თქვენში ვარ, სიხარულით თქვენ გულებს ვარხევ,
როს გაგრძნობინებთ ამ სიცოცხლის გამთბარ ჟრუანტელს.

მჭედელს ჩაქუჩი არ დაუკრავს ისე ძლიერათ,
როგორც მე სიტყვა, გავსებული მქუხარე რისხვით;
ვერ აწვალებდა ყვავ-ყორანი ისე ამირანს,
ვით ჩემს გულს ლექსი, თუ მოუნდა დალევა სისხლის.

ცხოვრების ტკივილს კაცი ხშირათ ლექსებით უძლებს,
სიტყვების სიღრმე უძიროა, ვინ გადაზომავს;
გინდა მოხუცო შენს მოკეცილ, უსისხლო გულზე
კვლავ ავაგორებ დაქანებულ ახალგაზრდობას.

სევდის მორევმა თუ ოდესმე გადაგითრიათ,
მაშინ ეს ლექსი მშობელივით ჩაგეკონებათ.
რამდენჯერ მშიშარ კაცის გულში მე დამინთია,
ბრძოლის სურვილი და მხედრული ატორტმანება.

ყველაზე მეტად მიწიერი მიწიერთ შორის,
ყველაზე მეტად მოყვარული ადამიანთა –
პოეტი მაშინ გავივსები სიმწუხრის შმორით,
თუ სიტყვა ტკბილი ჩაგრულთათვის დამიგვიანდა.

1925 წელი.

შეხვედრა 

აკაკის ძეგლთან

ღამეა, ნისლი, ფიფქების გროვას
სახეზე მაყრის ქარი სიცილით,
ვიცი ამაღამ ცა სულ ჩამოვა
და ჩამოგვართმევს ხელს მოხუცივით.

ქუჩაზე გული აღარ ჩერდება:
ქუჩაზე არ სჩანს კაცის ნასახი:
ბაღში შევდივარ და მეჩვენება,
სხვა ქვეყანაში თითქო დავსახლდი.

აქ შარდევანთან როგორც ქალწული,
თეთრი ყვავილი დაეცა მტვრევით.
გზა აბნეული და მოქანცული,
ტრიალებს თოვლის რძისფერი მტვერი.

მე ჩამოვჯდები აკაკის მხართან,
ზეცა ფიფქების გვირგვინს გვახურავს;
შორიდან მოსჩანს მთაწმინდის კალთა,
ვით გაყინული დიდი ღამურა.

სავსეა მთვარე უბეს გაივსებს
და თოვლის ტბაზე ყვითელ რძეს დაღვრის,
ჩვენ კი ვსაუბრობთ და მხოლოდ გვისმენს,
ყრუ, დაქცეული პატარა ბაღი.

– სიცოცხლით შეზრდილს ხალხის აკვანთან
დღეს შემაწუხა მე სიმარტოვემ,
ძველი სამარხი მამა-პაპათა,
რათ დაივიწყე, რათ მიატოვე!

ლექსი საკუთარ სისხლით მიღებავს,
ლექსი ტკბილი მაქვს ნანინასავით...
რატომ არ არის თქვენი სიმღერაც,
ჩემებრ სინაზის გულში მთესავი.

დიდო მოხუცო, ნუ გაიკვირვებთ,
ჩემი სიმღერა შენს თუ ერჩევა;
ბარიკადებზე ვინც დაიყვირებს,
ხმაში სინაზე აღარ შერჩება!

თქვენს თავს ათასი ვინმე უვლიდა,
თქვენ საცხოვრებლათ გქონდათ ბაღები;
ჩვენ კი გვდიოდა სისხლი გულიდან,
როს სარდაფების კარებს ვაღებდით.

რა არის გულზე ლექსების ჯვარცმა,
ჩვენ გულიც ლურსმანს ჩამოვახიეთ;
დიდო პოეტო, ლექსების ნაცვლათ,
მე სისხლი ქუჩას გადმოვანთხიე.

აი თქვენ ეხლა დეკემბრის ქარში,
გარეთ ხართ ერთხელ, სულ მარტოთ-მარტო...
და ისე გცივათ, რომ ყოველ ხმაში
მე გამჩნევთ სადმე თბილ ოთახს ნატრობთ.

მე კი ოთახი სურვილებს მიკლავს,
რა გამაჩერებს როგორც მუმიას:
ნეტავ იცოდე თუ რამდენ გრიგალს
ჩვენს გულზე ერთად გადაუვლია.

თქვენმა გზამ ბაღში გადაიარა,
სიკვდილის შემდეგ ბაღს ვერ შორდებით,
როგორ ვიმღეროთ ჩვენ ერთნაირად,
როცა ქუჩაა ჩემი მშობელი?

ტფილისი.1925 წელი. დეკემბერი.

ციკლიდან: მინიატურები 

სიცოცხლისათვის 

ხშირია ღამით, როს ადამიანს
აედევნება ფიქრების გროვა;
არყოფნის წამი გულში გაგიარს
და უნებური ცრემლები მოვა.

მაგრამ მე ლექსებს არ დავწერ მაშინ,
არ ვიტყვი: – ქვეყნათ არვის ვახსოვარ!
მე უფრო მიყვარს მძვინვარე ქარში,
სიცოცხლის მგვრელი ლექსის გასროლა.

დღეს უნაყოფო ლექსებს ვინ გაცლის,
იგი ცხოვრებამ გაატიალა;
მწამს, სიხარული ნიჭია კაცის
და ეს ქვეყანა სავსე ფიალა.

გაბოროტებულს რამდენჯერ ღამით
ჩემს სხეულიდან სისხლიც მიღვრია;
მაგრამ ცხოვრება თავისი შხამით
კომუნარ-პოეტს მე მიმიღია.

1926 წ.

ვიღაცას ჩემთვის 

ვიღაცას ჩემთვის თოვლიან ღამით
ტკბილი ცხოვრების ზღაპარი უთქვამს;
– რა კარგი არის ცხოვრების შხამი
როცა არ გაწევს, როცა არ გხუთავს.

ბავშვურ დღეების დაშლილი ტივი
ნუ დაბრუნდება, ნუ დაბრუნდება;
გულ აჩუყებულ ნორჩობის ტირილს
ვერ ურიგდება ჩემი ბუნება.

ჩვენ უჩვეულო ხანაში ვცხოვრობთ,
დღეში ღმერთიც კი ათასჯერ კვდება;
გუშინდელ გრძნობებს რა ცეცხლი ვთხოვო
თუ დღვანდელიც დღესავე ჰქრება?

სწრაფია, სწრაფი დღეთა გორება,
სწრაფი ვართ ყველა, უღვინოთ მთვრალი:
რომ არ ჩამორჩე – ამ სწრაფ ცხოვრებას
დღევანდელ გულში ჩაასე თვალი.

1926 წ.

უსმენ სიჩუმეს 

უსმენ სიჩუმეს ხმაგაკმენდილი,
მივყვები მთისკენ მიმავალ შარას,
და ღამე როგორც დიდი წერტილი
მოდის, მოგორავს მიწაზე შავათ.

ათასი ფიქრით გამოდევნილი
თქვენთან მოვდივარ კალთებო მთისა;
ღამეა, მიწვა ბაყბაყ დევივით
მუხლ-მოკვეთილი ხმაური დღისა.

– დროთა ტრიალში შენც დაეცემი
და ხშირათ შავი ფიქრები გაგხვევს;
ცხოვრებას მაინც ვერ გაექცევი,
როგორც სარკეში საკუთარ სახეს.

როცა ცხოვრების გულზე ჰკიდია
გაცოფებული დღეების წყება,
ჰამლეტობაზე უფრო დიდია
დონკიხოტური თავდავიწყება.

1926 წ.

ხან სიტყვა 

ხან სიტყვა მოგავს ზღაპრულ გოლიათს,
ხან ქალწულივით სინაზეს იშლის;
ლექსიც ხომ მისთვის მოგონილია
რომ დაგვავიწყოს სიკვდილის შიში.

რკინის ეპოქის ნაკვამლი ფარდა
ბურავს და ახრჩობს მწვანე ბუნებას;
ველებო, თქვენზე ლექსების გარდა
ტკივილით არვინ მოიღუნება.

ვხედავ რომ ცაზე გადაუშლიათ
ვარსკვლავთ მაგიერ ფრთოსანნი შავი;
ვხედავ რომ მალე ხალხის გულშიაც
ჩაჯდება ტვინი, ცივი და მშრალი.

გულში გრძნობები აღარ დარჩება,
ციფრები გვაქცევს კაცებს მონებათ –
და მაშინ ხალხის გადასარჩენათ,
ქვეყანას ლექსი მოაგონდება.

1926 წ.

ციკლიდან: ღიმილი 

ლენინ 

დღეს სულგანაბული ვიქცევი ფიქრებათ,
ხსოვნა დაამძიმებს გონებას ლოდივით...
და წუთით ისეთი დუმილი იქნება,
როგორც უდაბნოში ქარიშხლის ლოდინით.

დღეს ისე შევხედავთ ჩვენ ერთი მეორეს,
ისე ერთნაირი გრძნობები მოცვივა,
რომ ვიგრძნობთ უსიტყვოთ, ლენინის მეომრებს,
გულშიაც ლენინის სისხლი და ხორცი გვაქვს.

ჩვენ ძველი ცოვრების გარდაქმნას უნდებით,
სუნთქვაც ხომ რა არის, მასაც შევედავეთ...
და მჯერა იქნება ისეთი წუთები –
როდესაც სიზმარშიც ლენინს შეხედავენ.

როცა დაიბადე ცივ ვოლგის ნაპირზე,
არ ვიცი მოვიდენ თუ არა მოგვები;
მე ვიცი მხოლოდ რომ შენს განვლილ მანძილზე,
უბრალო ქვაც არის სიცოცხლის მომგვრელი.

ცხოვრება ჩვენია და ნაცვლად მახვილის,
ქუჩებზე ელავენ ქარხნების ალები;
მეც ვმღერ: თუ მომესმა ბრძოლების ძახილი,
დავაგდებ კალამს და ხმლით დავტრიალდები.

გასწორდით, ვინა სთქვა ბრძოლები გათავდა,
პარტიის ფოლადი – მკლავი ვინ მოღუნა?
დავიცვათ, ვაშენოთ, მზათა ვართ, მზათა ვართ
სისხლში გაბანილი დროშა და კომუნა.

1926 წ.

ღიმილი 

რა ვქნა, თუ ვერ მოვშორდი გაშლილ ველთა სიმშვიდეს
და განთიადს ღობესთნ;
მითხრეს გული გიშრება, დროა გრიგალს იშლიდე,
ნუ თუ ცეცხლი მოგბეზრდა!

ვფიქრობ; მართლა ასეა და ეს გული გომბორა
გაშრა გამხმარ მორივით,
ეგებ დამნაშავეა, რომ ჩემ გულში მოგორავს
სიყვარულის მორევი?

ღამე – შავი ღამურა ჭადრებს გადმოეხურა;
ვსვამ სიჩუმეს თვალებით...
პასუხს შენგან მოველი, ცაო, შენ გინახულე...
მითხარ, ხომ გებრალები!

მაშინ ზეცა შეირხა და ჩურჩული მომესმა:
– ვინ არის უმადური!
შემომხედე, ხომ გახსოვს მეც ვიყავი ოდესღაც
გრიგალის საბადური.

გახსოვს, როს მობღაოდა შავ ღრუბლების ქარავანს
ქარი, როგორც აფთარი,
გაიხსენე დღეები როცა ჩემ თვალს ფარავდა.
ქარიშხლების ფაფარი!

ეხლა ცა მოფარჩულა, ქარიშხალი ჩაჩუმდა;
შორს ღრუბლები მიდიან,
და ასეთ კარგ ღამისთვის ცას, მგონია, საჩუქრათ,
გულზე მთვარე ჰკიდია.

კაცის თვალი შეამჩნევს შორს ვარსკვლავის შერხევას,
ცა ისეა ანკარა...
ნეტავ ვარსკვლავთ ფოთოლი ცის შტოებს რომ ეხვევა,
თავზე გადამაყარა.

ყვავილს გვერდს არ აუარ რომ არ მოუალერსო,
ყლორტებს ცისკენ აღერილს;
დღეს ცხოვრებას ღიმილით ბაგეები გაევსო,
მეც ამ ღიმილს უმღერი...

უმღერ ველებს, განთიადს, გოგოს მკერდებ ფიქალოს...
მთვარითაც გულს გავითბობ;
და თუ ბრძოლა მომთხოვეს, თუ წამოდექ, გრიგალო,
მაშინ გულს შენ დაგითმობ!

1926 წ.

წინაპრებს 

ასწიეთ თასი, გამოსცალეთ: ყოველი მხრიდან
ჩვენს შორის ჩატყდა სამშვიდობო გზა იარალი;
ვიგონებ იმ დროს, როს ქართლოსის მზეს მკლავით თხრიდა,
პატარა კახი ირემივით ციდან მყვირალი.

დარიალიდან დერბენტამდე ყოველი თხრილი,
გულებ დალეწილ რაინდების არის სამარე:
გამხმარ თვებით აშენებულ ქედების ირგვლივ
დავდივარ როგორც უცხოელი ცნობისმოყვარე.

მომაგონდება როს არაბთა მძვინვარე ხროვამ,
დევის მუხლივით შეგინგრიათ გულის ფიცარი:
დროთა ტრიალმა ჩვენ ერთმანეთს გამოგვათხოვა,
ჩვენ წინაპრებო, ერთმანეთი გადავიცანით.

თუ თქვენ კისერზე დაიმტვრიეთ ოსმალოს ხმალი,
ჩემთვის ერთია დღეს ერეკლე და მამად-ხანი...
დღეს შემოგვხედავს მეგობრულათ აზიის თვალი,
ერთ დროს მრისხანე სააკაძით გადანათხარი.

რა უყოთ მერე, რომ სიცოცხლე ჩემიც აქ ენთოს...
ეს რას მავალებს! მე სიცოცხლეს სხვა თვალით უმზერ;
არ არის სივრცე, რომელმაც დღეს ჩვენ შეგვაერთოს,
არ არის სიტყვა, ერთნაირად რომ მოგვხვდეს გულზე.

არ მეშინია უცხოეთშიც ბედის მოღუნვის,
ტკივილს ვერ მომგვრის მე სამშობლო მიწის სიშორე;
თუ სადმე ელავს გაბასრული ხმალი კომუნის,
მე ჩემს სამშობლოს ქვეყანაზე ყველგან ვიშოვი.

1926 წ.

სიკვდილი 

ყორანივით მოფრინდა ღამე აუტანელი,
ქარი, ვით მეფანდურე არ მასვენებს ზუილით:
და ყვითელი ფოთოლი, ხიდან ჩამოტანილი
ჩემს ფანჯარას დაეცა თითქო ხელის გულივით.

ნეტავ მალე გათენდეს, თვალნი ღამე ნათევი
საით მიგყავს მითხარი, ფიქრო, ბნელი ღამისა!
გულში რეკავს სურვილი, წლიდან წლამდე ნათრევი,
– უხილავი ცის გული ნეტავ წუთით გამიხსნა:

ვინატრებდი: ღრუბლებში მოცურავე მთვარიდან,
იღვრებოდეს ოთახში სიხარულის მორევი:
ჩემი ლექსი სიცოცხლის სიყვარულით მთვრალია,
სიკვდილამდე დარჩება მომღერალი ცხოვრების.

უცნაური ღამეა, მაწევს მძიმე ლოდივით,
არ მასვენებს, დამჩხავის, ძილი არ მეკარება...
დავწვები და ფიქრები იდუმალნი მოდიან
და მგონია ვიღაცა დგას ოთახის კარებთან.

მესმის ფრთხილი კაკუნი, მძაფრი და ერთნაირი;
გულში შიშის წვეთები ირევა და მაღვიძებს...
ფიქრი ქუსლეფ-აკრებით კარებისკენ გაივლის,
უხმობს, უხმობს, უხილავს: – ჰა, შემოდი, გამიძეხ!

უძილობის წუთები ასე მიდის დილამდე,
რა ვქნა, ვერ მოვითმინე და შევსძახე:
– ვინა ხარ! მაშინ სწრაფად კარები შემოაღო სიკვდილმა,
ცელით, ჩვეულებრივათ, როგორც წიგნში მინახავს.

მოახლოვდა, საწოლთან დადგა ძონძის შრიალით;
ტუჩზე ცივი ღიმილი გააცურა გველივით:
გამეცინა, ვუთხარი; – ბინა ხომ არ შეგშლიათ,
ეგებ მე თქვენ გგონივართ ტაბიძე ან გრანელი?

ეხლა ცელებს ველებზე გლეხებიც არ ხმარობენ,
თორემ მუხის გადაჭრა ცელით ვინ გაიგონა.
მეც მუხა ვარ, ფესონი ისე მაგრათ ხარობენ,
შენისთანა ათასი გულზე გადაიგორა.

ხვალ რომ ვეღარ დავესწრო ამომავალ განთიადს,
მზეს რომ დაუგვიანდეს, გული ამოიყვირებს...
ხედავ, გულში სიცოცხლე კოცონივით ანთია,
ინდუსტრიის ხანაში სიკვდილს ცელით მიპირებ?

ვაჟკაცს მაინც მოგავდე, ვინმეს შეუყვარდები;
მხოლოდ შენებრ ფერმიხდილ პოეტების ხასა ხარ:
მომშორდი, დრო გავა და გნახავ ისე დადნები,
მათაც შეეზარები ახლო დასანახავათ.

შემობრუნდა, თეთრდება ღამე აუტანელი;
მხოლოდ ქარის ფანდური არ მასვენებს ზუილით;
და ყვითელი ფოთოლი, ხიდან ჩამოტანილი
ჩემს ფანჯარას დაეცა თითქო ხელის გულივით.

1926 წ.

წერილი ნოე ჩხიკვაძეს 

სიკვდილიც პოეტს ვერ ჩამოხსნის გოლგოთას მხრიდან
წაიღე სევდა, სამარეში თვალი გებურვის
როს მონგოლივით გაყვითლებულ მთვარეს შეხედავ
მოგაგონდება სამშობლოში ქუსლი თემურის.

ნეტავ მანახა შენი სახე გაუხარელი,
ნეტავ ვიცოდე სამუდმო ბინა სად ჰპოვე:
ამოგძახებდა კაცს შემოსილს სიმწუხარეთი:
– საქართველოში დღეს ყვავილიც გამოზრდის პოეტს!

წინამორბედო, ჩვენს მხრეში ცეცხლი მოვიდა;
უკუღმართობა ქართლის ბედის გადაიარა...
დროა, პოეტო, ანთებულ ცის კაბადონიდან,
გადმოიხედო ვით ახალმა ადამიანმა.

შენც ხომ მღეროდი აქ მჭედლების საომარ ხმაზე,
შენი ლექსიც ხომ «მონა-ქალის» ტრფობით ანთია...
ნეტავ გენახა დღეს ისინი გაკრულნი ხმალზე,
როცა ხვდებოდენ გამარჯვების წითელ განთიადს.

ვის რათ უნდოდა ამ დღეებში, ფშაველას ხარის
მთიდან ბღავილი ან ქუხილი ბარათაშვილის;
როცა გულიდან ხმა – საომრათ ამონათხარი,
ქვეყნის დამამხობ წარღვნასავით იყო გაშლილი.

როცა მიწაა გახვეული სისხლში და ქარში,
ვიღამ იფიქროს მოშაირის რითმების ნავზე:
ათასს აბაშელს, ათასს მერანს გავცვლიდით მაშინ,
თითო მეომრის ხმალის მარჯვე შემოქნევაზე.

ნეტავ მანახა შენი სახე გაუხარელი,
ნეტავ ვიცოდე სამუდამო ბინა სად ჰპოვე:
ამოგძახებდი კაცს შემოსილს სიმწუხარეთი:
– საქართველოში დღეს ყვავილიც გამოზრდის პოეტს!

1926 წელი.

რამდენიმე სიტყვა სერგეი ესენინს და სხვებს 

შევსვამთ საწამლავს ჩვენ როგორც მირონს!
ლექსი «ესენინ». ტ. ტაბიძე

ახლა ლექსიც დავიწყე, ირგვლივ არ სჩანს არავინ,
ღამე არის და გული მოგონებით აძგერდა.
შორს ქუჩიდან მიმქრალი, ფერმიხდილი ფარანი,
ესენინის ჩამოხრჩვალ თავივით დამაცქერდა.

მწუხარებამ შემიპყრო, მსურს გავძახო: – მავნეა,
შენი უკანასკნელი ხულიგნობა ესენინ!
განა ჩვენი ცხოვრება ისე ჩლუნგი რამეა,
სასიკვდილოთ თოკზე რომ გადმოჰკიდო კისერი?

დღეს, როდესაც ქვეყანამ მოიგლიჯა ბორკილი,
შავ სიკვდილზე ფიქრებსაც არ იკარებს გონება;
სჯობს გრიგალი კისერზე მოვიხვიოთ თოკივით,
საწამლავის მაგიერ დავლიოთ ეს ცხოვრება.

 1926 წელი.

მე და შენ 

ამბობდა ოხვრით: – რათ გაგიცანი,
თუ კი შენ ეხლა უნდა დამშორდე;
რად გადამიპე გულის ფიცარი...
ო, უბედური, ბედო, რათ მშობე!

აბა ესენი სად შემიძლია,
რომ ვიყო შენი ერთგული ქმარი;
ან მითხარ, მითხარ თუ მომიცია,
შენთვის ოდესმე სიტყვა ამგვარი.

თითონ არ ვიცი ხვალ რა მომელის,
ჩემთან ცხოვრება არ მსურს გირჩიო...
გულში ზედმეტი ფიქრების ქსელი,
რათ გინდა, ქალო, რომ გამიჩინო.

მე შენ გულქვავი ნუ გეჩვენები,
ჩემშიც ტრიალებს ტრფობის ალმური...
მაგრამ ერთ ფიქრზე ვეღარ ვჩერდები
ათასს იდუმალ ფიქრით ნაბური.

ოჯახზე ფიქრი გამიხმობს ისევ,
მოუმწიფებელ ფიქრების მტევანს...
ქალო, ამაოთ იკაწრავ კისერს,
მითხარ მშვიდობა და მომიტევე.

1926 წელი.

ქუჩაზე 

უეცრათ მე შემხედეთ, გამიღიმეთ მაცდურათ;
ჩემი თმები ხუჭუჭი მგონი ბუჩქი გეგონათ...
ნაზათ მომიახლოვდით, ხელი გადააცურეთ
და ჭაბუკის თვალები თვალებს გადაეკონა.

თქვენ მითხარით: – მძიმეა ამ ქალაქის ხმაური,
მომენატრა სოფელი გულს ფოთლით რომ იქსოვდა...
მეგობარო, ქალაქმა ტკბილი, სხვა სიყვარული
მოძველებულ ჩვარივით სადღაც გადაისროლა... –

გიპასუხეთ: – დავშორდეთ, ჩვენ არა ვართ ტოლები.
თქვენ უბრალო გუგუნი ტრამვაების გაშინებთ;
დრო რომ დადგეს, ქუჩაზე გაჩნდეს ცეცხლის ბორბლები,
მაშინ საით გავექცე მე თქვენ წუხილს საშინელს?

1926 წელი.

უცხოეთში 

დღეს უცნაურათ გული ხარობდა,
დღეს მოგონებით ვიყავი მთვრალი:
სამშობლო მიწის სანახაობას
ვინ არ ახსენებს ნატვრითი თვალით.

შემოხვეულებს ნაცრისფერ ნისლით
ჩემი სალამი თოვლიან კარვებს,
შორიდან კაცი სხვა მოდგმის სისხლით:
შენთან მოვსულვარ უცნობო მხარევ.

სხვა ბუნებაა აქ გადაშლილი,
არ მოსჩანს თეთრი მაღალი მთები;
სადაც მერანმა ბარათაშვილის,
გადაირბინა გულის ანთებით.

მე მივატოვე ჩემი სამშობლო,
სადაც მიმღერა ნანა მშობელმა,
მაგრამ აქ გული ჩემი არ ობლობს
და სიხარული აღარ მშორდება.

უცხო მხარეში და უცხო ველზე
არ განმიცდია ჯერ მარტოობა,
სხვის სამშობლოში სამშობლოს ვეძებ,
– გულმა წაშალა შური და მტრობა.

მესმის ნიავის ნელი სისინი
და მეც, ნიავო, გულისთქმას გეტყვი:
– ჩემი დედაა ყველა ისინი,
ვინც შობა შვილი ახალი ქვეყნის.

ო, მე მსურს ძმობა ადამიანთან,
რომელიც ჩემებრ ცეცხლის მგზავრია;
ღამდება, ფიქრში დამიგვიანდა,
შავი ღრუბლები მიიჩქარიან.

იქნება წვიმა, გული ღონდება
მარტო ვარ, ღრუბლებს მიღმუის ძაღლი;
მცივა, თბილისელს მომაგონდება
მიტოვებული პატარა სახლი.

მაგრამ გარეთ ვინ დამტოვებს თოვლში,
და მინდა სადმე კვამლს მოვკრა თვალი:
ვხედავ, მეძახის ღობიდან ქოხში
თავსაფრიანი უცნობი ქალი.

მივდივარ ნელა, ნაბიჯებს ვარჩევ;
ატალახებულ შარას გვერდს ვუვლი...
შევალ, ჟუჟუნა თვალებში ვამჩნევ,
– არ არის უცხო მისთვის ეს გული.

მე დაუხატავ თბილისის უბნებს,
ვეტყვი: – იქ დამრჩა ძვირფასი ქალი!
შორიდან ძაღლი მიღმუის ღრუბლებს,
თოვს და ეზოში გუგუნებს ქარი.

1926 წ.

მე და ღამე 

(აქ და შემდეგ ქვემოთაც ლექსებში ავტორს სტრიქონები მარჯვნივ აქვს შეწეული, რაც აჩვენებს როგორც აზრის გამოყოფას, ისე წინა სტრიქონთან უფრო მეტ კავშირსაც. ვინაიდან ბლოგში ასეთი სახით სტრიქონების განთავსება არ შეგვიძლია, ამიტომ მათ გამოსაყოფად ვარჩიეეთ აღნიშვნა || – ი. ხ.)

ვინ იცის რამდენს || მოიგებდა ადამიანი
რომ ტრიალებდეს || სხვანაირად მორგვი მიწისა.
არ მიყვარს ღამე || უსახო და შავნაბდიანი,
მომდუნებელი || ახალგაზრდულ გრძნობა-სისხლისა.

მენშევიკივით || უიმედოთ ხელგაშვერილი,
დადგება საწყლათ || ფანჯარასთან და თავს მაბეზრებს.
ვერ მოიშორებ || თუნდ ათასი კომკავშირელის
მანდატი ერთად || მიაყარო მაშინ სახეზე.

როს განთიადი || გამარჯვებულ კომუნარივით,
გადმოიჭრება || კლდეებიდან სხივთა ციმციმით,
ზღვისებრ მომსკდარი || სიხარული გულს გადამივლის,
და კმაყოფილი || დღეს შეხვედრით ჩუმად ვიცინი.

ვიწყებ სიცოცხლეს, || თვალნი ხარბად ამენთებიან,
აგუგუნდება || ჩემი გული ქარხნისებურად.
– რამდენი ღამე || შავი ღამე განთენებია
იმდენი ახალ || სიმღერებით ამოვსებულვარ.

უსათაურო 

ხედავ მიცურავს დიდების ტივი
და მოგონებას გული ვერ ითმენს,
დეკემბრის წვიმა ბინებთან სტირის
და ნერვიულათ აწვალებ თითებს.

– გთხოვთ მინახულოთ! – ასე ამბობენ
შენი წერილის ეს სტრიქონები:
თუ ჩემი ნახვით გასიამოვნებ,
შენი მორჩილი მონა ვიქნები.

მაგრამ რათ გინდა, მე ძველებურათ
შენ სასთუმალთან ვერ გეტყვი ზღაპარს:
ჩემს გულს სხვა ფიქრი გადაებურა
და უშენოთაც შევხარი ზამთარს.

შენი ოცნების ძველი სადგური
ჩემს გაჩერებას შენთან ხელს უშლის;
დღეს მე სახლიდან გადაკრგული
მშობელ დედასაც ვებრძვი ჩემს გულში.

შენ ცისფერ თვალებს, ნაძვივით დახრილს
ეხლა ამძიმებს მელანქოლია.
უწინ კი შენი მაღალი სახლი,
ყვაოდა ისე ვით მაგნოლია.

როცა მოწყენის წუთი აგიყვანს
თათრულ მუთაქას ჩუმათ ეხვევი;
ძველი ტფილისი შენ ისე გიყვარს,
როგორც გრიშაშვილს ქალის ფეხები.

როცა მოვდივარ ნაღველით გავსებ,
სდუმხარ და თითზე იხვევ თმის ნაწნავს;
მოდუნებული – მომიგდებ ალერსს,
ვით პაპიროსის დაღეჭილ ნამწვავს.

ასეთი ცეცხლი ჯერ არ მქონია
შენ კი დამდნარი, – ქცეულხარ ძვლებათ,
მითხარ, ნადირი ხომ არ გგონივარ
მხოლოთ ძვლებზე რომ მოვიკლა ვნება!

1925 წ.

მეგობრებს 

პ. ქიქოძეს და შ. რადიანს

მე თქვენ გიწოდებთ მეგობრულ ხელებს,
სალამი ძმებო, თქვენთან ვარ ისევ:
ფრინველებივით ნაცრისფერ დღეებს
ვინ გაეპარა სამხრეთულ მზისკენ?

ვინ გამოაკლდა ჩვენს დაძახილებს,
ხმა საომარი ვის ემძიმება!
დღეს ეს შეხვედრა გაგვამახვილებს
და გულში ცეცხლათ ჩაგვეძირება.

ჩვენი ენაა, ჩვენი დედანი
და ტკბილზე ტკბილი შესახედავი;
როცა გვესმიან მძაფრი ბგერანი,
ლურჯას ტორებზე გაკრულ მხედარის,

ამხანაგებო, დღეს მე ვფიცავარ
ჩვენი სიცოცხლის გაჩენის წუთებს,
დეე, შემჭამოს ხვალე მიწამაც,
დღეს მე ამ მიწას სიმღერებს ვუნთებ.

და თუ გვეწვია კვლავ შემოდგომა,
თუ გადაგვიხსნეს გულზე იარა –
ავენთოთ: იტყვის შემდეგი მოდგმა,
ამ ხალხმა ცეცხლზე გადაიარა.

1926 წ.

ციკლიდან: იმ დღეების მოსაგონებლად 

მებრძოლთ სიმღერა 

ამხანაგო, მოდი, მოდის,
აზვირთებულ ხალხთა გროვა;
მათ მეომარ მკლავს რა მოღლის,
რა ჩააქრობს ცეცხლის თოვას.

მძიმე, ბნელი საუკუნე
განიავდა როგორც მტვერი,
მუდამ, მუდამ იგუგუნებს
ეს წითელი ოქტომბერი.

დაჰკათ ზარებს, დაჰკათ ზარებს,
მეომარო, თოფი ხელში...
ძველ ცხოვრებას შავს და მწარეს
დაუმიზნე საფეთქელში.

ხედავთ, ხედავთ მოდის, მოდის,
აზვირთებულ ხალხთა გროვა,
მათ მეომარ მკლავს რა მოღლის,
რა ჩააქრობს ცეცხლის თოვას.

ცეცხლში ვიშვით, ცეცხლი არის
ჩვენი სევდის გადამწყვეტი;
დე დაეცეს გულს ისარი
დე შუბლს აჩნდეს სისხლის წვეთი. 

წინ გავსწიოთ მედგრად, ერთად,
აყიჟინდი ბუკ-ნაღარავ;
დღეს ბრძოლებმა შეგვაერთა
ახალგაზრდა და ჭაღარა.

დაჰკათ ზარებს, დაჰკათ ზარებს,
მეომარო, თოფი ხელში...
ძველ ცხოვრებას შხამით მწარეს
დაუმიზნე საფეთქელში.

ჩვენ რამდენჯერ მხნე მკლავებით,
ქვეყნათ ცეცხლი დაგვინთია,
დღეს ასრულდა, ვესალმებით
მოელვარე ჩვენს განთიადს.

ამხანაგო, მოდის, მოდის,
აზვირთებულ ხალხთა გროვა,
მათ მეომარ მკლავს რა მოღლის,
რა ჩააქრობს ცეცხლის თოვას.

1926 წ.

ახალგაზრდობას 

დღეს გავშალოთ დროშები,
სისხლში ამობანილი,
ვიმღეროთ და სიმღერით
შევარხიოთ მიდამო.

ეს თვალები, თვალები
მზეზე გამოტანილი,
ითხოვენ, სიხარული
უფრო მეტი გვინდაო.

რა დააცხრობს ზღვების გულს
გრიგალ გადატარებულს,
რა ჩაუკლავს სურვილებს
გაცოფებულ ღელვისას.

ჩვენი გულიც ზღვა არის
ბრძოლას დანატრებული,
ძლიერია მისი ხმა,
ვით გავარდნილ მეხისა.

წინ გავწიოთ, რიგები
შევაერთოდ რიგებთან.
წინ გავწიოთ, მიგველის
მხარე გასაკვირველი...

და როცა მსოფლიოზე
ბრძოლის გრგვინვა იქნება,
იმ ბრძოლაში იცოდეთ,
ჩვენ ვიქნებით პირველი...

1925 წ.

პიონერების მარში 

მოვდივართ, გაშლილი
დროშები ფრიალებს,
ქუჩებზე გაისმის
გუგუნი ნაღარის:
მოვდივართ, ნაბიჯი
ნაბიჯთან კრიალებს,
ნაბიჯი – იმედი
მშრომელთა ჭაღარის.

ნორჩნი ვართ, ნორჩია
ცხოვრებაც ჩვენსავით,
ჩვენ ერთად ვიშლებით,
ჩვენ ერთად ვიზრდებით,
მშრომელთა გულშია
იმედის მთესავი,
ჩვენი შეწყობილი
ქუჩებზე რიგები.

ცხოვრება ალერსით
გვეხვევა პატარებს,
გვიელავს სხივებით
მოსილი თვალები.
ლენინის ანდერძებს
ჩვენ გულით ვატარებთ,
ჩვენ უნდა შევცვალოთ
დაღლილი მკლავები.

სალამი სიცოცხლევ,
გავსილო მშვენებით,
სალამი ქარხნებო,
ველებო მწვანეო.
მოვდივართ სიმღერით,
დროშებით, ჭენებით,
დავაშროთ ტკივილის
მორევი მწარეო.

ყვავილით მოირთო
გაშლილი ველები,
მხურვალე სხივებმა
გაათბო, დაჰფარა.
ეს ჩვენი მუხლები
ეს ჩვენი ხელები,
მოჰქრიან, მოჰქრიან
ნავარდით მთა ბარათ.

ვიშლებით, სხეულში
ძალა დაგროვდება,
ვიშლებით, გაივლის
დღეები თარეშის.
და როცა ბავშვობა
გავა, გაგორდება,
ოფლის დასაღვრელათ
ჩვენც მოვალთ ქარხნებში.

1925 წ.

თემა მეორე 

(მასალა ლექსების)

ჩვენ ამოვედით სარდაფებიდან,
სადაც იმედებს
ცრემლით ვათბობდით;
გავშალეთ ბრძოლა
ბარიკადებზე
და გული გვქონდა
ცეცხლით ნათოვი.
ხელში ავიღეთ
ქვეყნის სადავე,
გავანიავეთ
მონობის მთები,
ახალ ცხოვრების
ახალ სათავეს
თავისუფალი მივეცით ფრთები.
გადმოვანგრიეთ
ზეცის თავანი
ვიწამეთ მტერთან
ხმლით შერკინება;
სასაცილოა,
რომ ამის შემდეგ
ნიაგარული ცეცხლის დინება,
გულში გაგიქროს
დღეს სიმშვიდის
ტკბილმა სავანემ.

II

უნდა მობრუნდეს
პოეზია
დღეს მეგობრებო,
ბრძოლისთვის ხალისს
ისევ მოვსჭრით
მიწის გულიდან...
მიწაზე ვდგევართ
არასოდეს არ მოვედებით,
აღტაცებისთვის
ჰერკულეს ან ქალებს ლუვრიდან.

III

სხვა ბრძოლის ველი
ჩვენ წინ იშლება,
იარაღს ვილესთ:
დღეს იარაღი ჩვენია ბურღი:
ვხედავ
რკინები ნადირივით
ალესილ კბილებს,
ასობენ მიწას
ვერაგულ ბრუნვით.
თხრიან და თხრიან
მიწის ქვეშ მადანს,
შავი ნახშირი
მოაქვთ რონოდებს...
და მთხრელი
ისეთ სიყვარულს ატანს,
თითქო სინედლე დედამიწის
თითონ ჰქონოდეს.

IV

როცა კლდის ნაპრალს
ცეცხლი ეხვევა,
წივის,
გუგუნებს,
ფეთქს დასაქცევათ,
მაშინ მშრომელის
უენო ჩურჩულს
ისე განვიცდი,
როგორც საკუთარ
მაჯების ცემას.
მშრომელის გულში
სიდიადის შეგნება თრთოლავს,
აბრუნებს ხელში
რკინას, როგორც ჩქერი ნაფოტებს,
მასში ღვივდება ხალისი და
გრძნობს კიდევ მოვა,
აქ ვით მებრძოლი
რომ სიცოცხლეს
შვენება ჰქონდეს.

V

ჰოი,
დიდია სიხარული
და აღტაცება...
თუ ბუნებისთვის
ადამიანს დასაბამიდან,
დაუცვეთია დაგეშილი
ძაღლივით წლები,...
დღეს იღუნება შეტევისგან
ძირს დასაცემათ.
და როგორც ძველის ძველი აფიშა
იხევა ისევ
შიგანი მიწის;
დროა
ლექსების ფრთებზე აიშვას,
შრომა სადაც დღეს
კუნთები იწვის.

VI

ხშირია,
მიწა
მოსკდება რისხვით.
გადმოაგორებს
სიკვდილის მორევს,
ო, ჩვენ გვინახავს
მეტი ბრძოლა
და მეტი სისხლი,
რა შეგვაშინებს
ბარიკადზე
შობილთ და მცხოვრებთ.

VII

ვიღამ უბრძანოს
შეჩერება მზისფერ ალიონს,
ვინ ამოაშროს
მოელვარე ვრცელი უდაბნო:
ქინაქინივით ეს ცხოვრება
არ გვსურს დავლიოთ,
მაშ, ისევ ბრძოლა ბუნებასთან
დაუსაბამო.

VIII

როს ძირს ებმება
ორი სტიქია, მესმის
გუგუნი,
ვით მეხი ციდან,
ვამბობ: ყოველი გრძნობით და ფიქრით
ეხლა ამ ბრძოლის
შექება მინდა.

1925 წ.

ციკლიდან: ექვსი სიმღერა 

სიმღერა პირველი 

აი ის, აი ის, ახალი დღეების
ბაგენი სამშობლოს მიწაზე მღერს;
ახალო ქვეყანავ, მე გულით გეხები
და სიმღერების ქსოვილში გხვევ. 

მე ერთხელ ვინატრე ღრუბლების შერხევა,
– ოქრო-ვარსკვლავების გაფენა გზათ,
მგზავრი ვარ, მივდივარ, დილა დღის შეხვედრა
მირეკავს გულში იმედის ზარს.

მე ღამე ყოველთვის მოწყენას ამინთებს,
ეს გული მიმიგავს დავარდნილ ქვას...
ვღონდები, სანამდე ჭაღარა განთიადს
არ ამოათრევს მამლების ხმა.

ო, მზეო, გადარებ ამირანს ახოვანს,
შენს, მთაზე ამოსვლას გულივით ვგრძნობ:
ღამე კი რა არის! ისე უსახოა,
თითქო გაიცვითა, გავარდა ძრო.

სიმღერა მეორე 

გულაღმა დავვარდი, მტკვრის ნაპირია...
ზვირთებო, ზვირთებო, რას მეტყვით სხვას!
ეგ თვენი დუდუნი თუ სხვანაირია,
მეც თქვენ სადღეგრძელოს თვალებით ვსვამ.

მთებში და ღრეებში სად ქარნი ღმუიან,
სადაც ამირანი ელოდა ხსნას...
იქ შენ დამიჯერე, ნუ გინდა, ნუ იარ...
იქ მხოლოდ ფიქრები ოცნებას წვავს.

გახედე, მტკვრისაკენ თვალები გაშალე,
რკინის ამირანი უმშვენებს შუბლს:
მორისხო თვალები, აცვია ჯავშანი
და ღრუბლებს ურიგებს ელვების შუბს.

ქარია, ზვირთები ჯირითით მორბიან,
მაყრიან რკინებით გატკვერილ ხმებს...
მღერიან; ნაპირებს ასკდება მორევი,
თითქო სამეგობროთ მიწოდებს ხელს.

სიმღერა მესამე 

დილამდე ებრძოდა გრიგალებს გრიგალი,
ქუხდენ და მეხები რეკავდენ ზარს:
ველებს მიკიოდენ, – მთვარე მოგიკალით,
ღრუბლები ფარავენ ცასა და გზას.

რა ბნელი ღმეა, რა მღვრიე თვალება,
მთვარის გულს მეხების ქუსლები ხევს;
მშვიდობით მთვარეო, ღამე ნამთვრალევი
გრიგალი ღრუბლების ჩვარებით გხვევს.

თუ ჩვენი დღეები ეხლა ერთფერია
და აღარ გვიტაცებს შრიალი ტყის,
იცოდე მთვრეო, ეს იმის მთქმელია,
რომ შენი ციალიც ნემსათ არ ღირს.

ზვირთები მორბიან, ზვირთები ღმუიან;
– რკინის ამირანო სადა ხარ, სად!
გადმოდი, აენთე... ხომ შენახულია,
შენში მოელვარე უღრუბლო ცა.

სიმღერა მოთხე 

ყვავიან ტყემლები, იები, ბუჩქები;
ნიავი შრიალით ყვავილებს ჰყრის...
ო, ეს საღამოა ასეთი უჩვევი,
თუ მუდამ ველებზე სიჩუმე ჰქრის.

დავდივარ, თვალები სილაღით მთვრალია;
გზები თუ ამებნა, სადა ვარ, სად!
მითხარი ყვავილო: – ნუ თუ მართლია,
რომ ისევ ტკბილია ცხოვრების გზა.

ბედითი ბრძოლებში ვიყავით გართული.
ვშიშობდით, უცქერდით დღეების წვას...
მითხარ, თუ არ ისმის ფლოქვების თქარუნი
სამშობლო მხარეში, რას ნიშნავს, რას!

დაღლილი მივეგდე, გვიბრა და ფშანია,
ფოთლები მასხურებს მოვერცხლილ რთვილს;
ვიგრძენ ეს სიმშვიდე ძლევის ნიშანია,
ვიგრძენ გამარჯვების დუმილი თრთის.

სიმღერა მეხუთე 

დილამდე გიცდიდი, დილამდე გელოდე
და გულში ღელავდა ლოდინის ზღვა:
ბნელოდა... ბინდები დნებოდნენ მდელოზე,
ბნელოდა... ვამბობდი; – არ მინდა სხვა. –

შენ არც ლამაზი ხარ, არც ფარჩის ქსოვილით;
სინაზეც აჩუქე ბრძოლების ქარს...
შენ ჩემთვის გმირი ხარ, დიდებით მოსილი
და მინდა გიმღერო მეგობარ ქალს.

სხვებმა რა იციან რომ შენი სიცილი,
ეხლა რათ მოაგავს გაბზარულ ზარს;
სხვებმა რა იციან, მაგ თვალთა ციმციმი,
თუ რატომ უნათებს სტრიქონებს გზას.

ერთად გავიარეთ დარი, უდარობა,
გზა დაღლილს მესროდი იმედის ხმას;
და რადგან შენ გრძნობდი ამ გულის გოდებას,
არ მინდა, არ მინდა უმღერო სხვას.

სიმღერა მეექვსე 

აცივდა, ნისლები ეხვევა მთაწმინდას,
ბაღებში დაკარგულ ღამეებს გლოვს;
დუმილში მარტო ვარ, გული დამიმძიმდა,
შიშით ვეფარები სამარის ლოდს.

ლოდებო, სამარის ხსოვნათა მფარავო,
მე თრთოლვით გაშორებთ სუროს და ხავსს:
მიჩვენეთ ზვიადი მოხუცის საფლავი,
გული რომ აჩუქა სამშობლოს, ხალხს.

მთაწმინდის გადაღმა ხევები ღმუიან,
ღრუბლები, ღრუბლები მიდამოს ხევს;
ირხევა ლოდები... ძვლების ჩხარუნია
და ვიღაც ნისლიდან მიწოდებს ხელს.

მოვდივარ, მომყვება; რა ვქნა, მიხარია,
და ჩუმათ შევცქერი შევერცხლილ თმას;
– მოხუცო, გეძებდი რამდენი ხანია,
მოწმეა ღამე და ფიქრების მთა. –

მობრუნდა; ღიმილი გაგორდა ბაგეზე,
ქედი მოუხარე აკაკის ლანდს...
მან გაიშრიალა: – მითხარ რათ დამეძებ,
და ან საქართველოს რა დარდი წვავს?

– ძვირფასო მოხუცო, სუნთქვა მიგუბდება;
თვალებს სიხარულის მორევი რწყავს:
ეგ შენი ტკივილი თუ გულს დაუბრუნდეს,
მაშინ ჩემი გულიც ჩაჰქოლოს ქვამ. –

იჩოქებს; ეხვევა ბალახებს ნამიანს,
სივრცეში ჩაძირავს მშობლიურ თვალს,
გაოცდა: ჩურჩულებს, – ზეცა რომელია,
ან ის რა ანათებს თბილისის თავს?

ცა ვინ შეარხია, ვარსკვლავთ საბუდარი,
და ვინ გააფინა მნათობნი ძირს...
მითხარ, რამ დააშრო ტკივილი ქართული,
სევდა უნაპირო – დუდუნი მტკვრის!

თენდება; თეთრდება მთაწმინდის მაღლობი,
აკაკის ჭაღარაც განთიადს გავს...
შორიდან მოისმის ბულბულის გალობა
და ტყის სურნელება გადმოაქვს ქარს.

ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტის სევდათა
მოწამე აჩრდილო, რა გითხრა, რა!
გინდა საქართველოს გულზე მოგათავსებ,
ტკბილია; ვერ იგრძნობ ეკალს და ნარს.

დრო იყო, მიწაზე გულები გიმძიმდათ,
ეტრფოდით ვარსკვლავებს, იმედის ცვარს...
ეხლა გადახედე, ზეცა დაიბინდა...
რა უფრო ელვარებს, მიწა თუ ცა?

მიჯაჭვულ ამირანს უმღერდით, ელოდით;
იქნევდით მოლესილ სიმღერის პირს...
მაგრამ მდუმარებდა ბედი და ბნელოდა,
ამირანს კორტნიდენ ყორნები კლდის.

ზვიადო, თბილისზე თვალი გადახსენი,
იცანი... ამირან მიმღერის გზებს...
მთებიდან ბრძოლებით იგი დავიხსენით,
რომ ჩამოეტანა ცეცხლი და მზე.

მღეროდით, სხვა კუთხე ისეთი სად არის,
როგორც საქართველოს ბარი და მთა...
მეც გეტყვი მოხუცო, არა ჰყავს სადარი
მზისკენ მის გაფრენილ ცეცხლოვან თვალს

მიცქერის, უჩვევი ალერსით მივიწევ,
მინდა ვეამბორო საყვარელ ლანდს...
უამბო სხვა რამეც, უეცრათ ვიღვიძებ
და თურმე ვეხვევი ლოდების ხავსს.

თბილისი.
1926 წელი. ზაფხული.

ციკლიდან: საგუშაგო 

სიტყვა საქართველოს 

უწინ პოეტი || თობების || იყო მედროშე,
ერთის სიკვდილით || მოკვდებოდა || მთელი თაობა;
დღეს კი ცხოვრება || განახლებულ || საქართველოში,
ისე ჩქარია, || რომ პოეტიც || უკან დატოვა.
ყველას ბევრი გვაქვს || ჩვენ წარსული, || მაგრამ გონება
დედაბერივით || მოგონებით || ვერ დაბერდება;
ნესტან-დარეჯან || ხომ არ არის || ჩვენი ცხოვრება,
რომ მოგვტაცონ და || გადამალონ || სადმე ქაჯებმა.

2.

მოღელავს მტკვარი, || გამურული || შავი ქარხნები,
ირგვლივ ნაპირებს || ჩაშავებულ || ზეცას ხურავენ,
შორს უგზოუკვლოთ || გაბნეული || ცის ვარსკვლავები,
კვამლების ნისლში || თევზებივით || თვალებს ყურავენ.
კვლავ ვინახულე || ეს ნაპირი || ზვირთები რბოდენ;
ვისმენდი დუდუნს || ავჭალაში || რკინით გატკვერილს,
ვერ წარმოვიდგენ, || დღეს ცხოვრებას || ის ემდუროდეს,
ვინც ძველად იყო || დაჩაგრული || და გულნატკენი.

3.

აქ განიცდიდა || მარტოობას || პოეტის ლანდი,
მე მიფიქრია: || – ამ ნაპირზე || რა იზიდავდა,
ნუ თუ მხოლოდ რო || უსაქმური || ზვირთები გარბის
და მთვარის შუქზე || ალმასივით || კენჭები ბზინავს.
ჩვენ მარტოობის || გრძნობა როგორ || გაგვეკარება,
როცა წუთები, || დატვირთული || საქმით, გველიან;
ამხანაგებო || საქართველოს || ახალ კარებთან
მწამს მწუხარება || სიხარულზე || უფრო ძნელია.
ჩვენ წინ მივდივართ || და სიცოცხლე || ჩვენით ინთება;
ვხედავ მდინარე || თავადივით || უსაქმოთ მრბოლი,
დღეს მთიდან მთაზე || ფრინველივით || გადაფრინდება,
რომ ბნელ ღამეებს || დააყაროს || სხივების ბროლი.
ვინ მიმიხვდება, || ძველი სისხლის || დასამიწებლად,
რა გააფთრებით || ჩავიკალი || გულში მშობელი;
ეხლა ამ ქვეყნის || ერთგულების || დასამტკიცებლად,
მინდა შევიქმნე || რკინის მოსვლის || მახარობელი.

4.

დავმუნჯდებოდი || ვეფხვებივით || ჩვენი გულები,
დროთა ტრიალში || ამ გრიგალს არ || გადაეყარა;
მე მაგონდება || უცხოეთში || დაღუპულები
და ვეუბნები || ვინც გაურბის || მშობელ ქვეყანას.
– თუ დედის გულთან || შენი გულიც || ერთ ფიქრებს ჰკონავს,
არ შეიძლება || რო დედის რძე || შეგერგოს შხამად;
ორი სამშობლო || იმ მიწაზე || ვინ გაიგონა,
სადაც შრომაა || სიყვარულის || აღსანიშნავათ!

5.

ჩვენ დღეს მომხრე ვართ || რომ ლექსებიც || ბრძოლაზე ვწეროთ,
ცა და მდინარე || დედამიწა || გვინდა მონებათ;
კარლო, ალიო || ამ ბრძოლების || საბედისწეროთ
საქართველოში || ცეცხლით სუნთქავს || ჩვენი გონება.
დღეს წითელ ფერს თუ || ეპარება || ფერი ყვითელი,
და თუ ელიან || ფოთლებივით || დღეთა დაცვენას...
ჩვენ გავცოფდებით, || ვით მხურვალე || გული სკვითელის,
და კვლავ მოგასმენთ || ამხედრებულ || ტყვიების ენას. 

1927 წელი.
იანვარი.
თბილისი.

ჩინელ მხედრებს 

რაო! ავიღეთ? ჩვენ ეს ვიცოდით,
ჩვენ ამ ცოდნით ვართ დროთა მფლობელი;
თითო ნაბიჯი ჩვენი სიცოცხლის
არ არის ჩვენთვის შეუცნობელი.

იმდენი ვნახეთ ჩვენი თვალებით,
ისე დავრწმუნდით ჩვენს სიმძლავრეში –
არ გავიკვირვებთ ხვალ ჩინელების
გასაბჭოებას აღმოსავლეთში.

ყოველ დღიური გამარჯვებები
ჩვენი პურია, ჩვენი საზრდოა,
ჩვენ ყოველ დილას შევეგებებით,
როგორც ზეიმებს ახალგაზრდობა.

ვიცით ამ დილით სადმე შიშველი
მონა საომარ ხმით აივსება...
ნურც გამინათდეს, თუ გუშინდელი
დღენი ხვალინდელს დაემსგავსება.

კონსტანტინე ლორთქიფანიძის წერილი მენშევიკ ნოე ჟორდანიას 

1

შეშლილ ქარივით || ჯერ კიდევ ზუის,
ცოცხლად დამარხულ || მცხოვრებთა გული,
როცა ამოსკდა || მთა ვეზუვიის –
ავ მრისხანებით || გამოპირული.
გეგონებოდათ, || ვერ აიტნა
ყელთან მომდგარი || ქალაქის კუნთი...
და ამ სიმუხთლეს || ადამიანთა,
გადმოაყარა || ქვებისა გუნდი.
თითო მებრძოლი – || უდრის ვეზუვის:
უფრო დიდია – || მებრძოლთ ბელადი;
სადაც არ იყოს, || ჩვენ ის გვეგულვის,
ამოვსებული || ცეცხლით ყელამდე.

2

მშრომელთა ბელადს || თავს რომ უძახდე;
მათი ტკივილით || გეწოდეს აზრი,
მაშინ იგრძნობდი, || როგორ გხუთავენ
მანდ ქალაქები || ბურჟუაზიის.
გეკავებოდა || ხმალი მკვეთელი,
გულს ამოთხრიდი || ვეზუვის მეხებს;
შენ კი, მონობის || ერთი კედელიც,
ექვს წელიწადში || ვეღარ შეტეხე,
რა შეგვარიგებს! || დაულეწველი,
როდის გადურჩა || მტერი ტფილისელს;
დღეს მანდ რომ იყოს || გადმოხვეწილი,
კავკასიელი ორბი || ფილიპე...
მაშინ ნახავდით || პარიზს და ვერდენს,
ამბოკარების ჯანყში || გახვეულს;
და კავკასიელს || ან თავს მოკვეთდენ,
ან ამართავდა || დროშას დახეულს.

3

გადასულია დრო || ლეგენდების
სასწაულები || აღარ ხდებიან;
თქვენ – უთვისტომო || ებრაელები,
წინ გასავალი || მქუხრნი ზღვებია
არა ხარ მოსე || და ვერ გააპო
თვალბედით გზაზე || დამდგარი წყალი;
წამოვა ტალღა || უკიდობანოს,
თავს დაგატყდება || მეორე წარღვნით.
ჩამოგექცევა || ცა საფირონის,
შეგასმევინებს || დღეებს შხამივით;
შორს კი ჩინეთის || სანაპირონი,
გამოწრთობილან || ქარიშხალივით.
ერთხელ ამტყდარი || ბრძოლის ხმაურით
გამარჯვებამდე || ხმალზე რჩებიან
ხედავ, გინდენბურგს – || აღმოსავლური
ფანატიკოსი || რათ გვირჩევნია?
უცხოა შენთვის || ქართველი ხალხი,
ქართული მიწის || ფესო – ურგია;
ბუნებრივია, || როდესაც მახვილს,
დასცემს სამშობლოს || ღამით, ზურგიდან.
ისევ აინთო, || ისევ გაღვივდა,
კერია – თქვენით || გათელილ ქვეყნის:
ნოე, გურიის ამბავს || შავ ზღვიდან,
მანდ მოხეთილი || ტალღებიც გეტყვის!
გული გულს იცნობს, || ფიქრს ფიქრი ერთვის;
– თქვენ გსურთ სამშობლო || ვერსალში ნახოთ,
მაგრამ მადაურ || რუტენბერგს ფერფლი,
კრემლის კედლებთან || უნდა დამარხოს.
დასავლეთისკენ || გრიგალებს ველით,
დატრიალდება || ცეცხლის ბორბალი...
და ეს წერილი კომკავშირელის, || იყოს იმ დღეთა
მოსაგონარი.

თუ შეგიძლია 

მუშფაკელების საერთო საცხოვრებელ სახლს

თუ შეგიძლია || განიცადო ადამიანთა
ქარტეხილივით || გულ-მზარავი ამქუხარება;
თუ შეგიძლია || განიცადო დასაბამიდან
ჩაგრულთა ყველა || ტკივილები და მწუხარება...
თუ შეგიძლია || განიცადო ჩვენი ომები
და გუშინდელი || მოურჩენი მწარე იარა,
თუ შეგიძლია || შეიყვარო მილიონები
და ყველაფერი, || რამაც თვალწინ გადაიარა
თუ გრძნობ როდესაც || სასეირნოთ ქუჩებს გადიარ,
რომ ეს ქუჩები || ჩვენი ძვლებით მოკირწყლულია...
– იმდენი თერგი არ შეუსვამს || გულ ხარბ დარიალს
რამდენი სისხლიც || დაგვდენია ჩვენ აქ წყლულიდან,
თუ ამ დღეების || შინაარსი გულამდე გახწევს
და ძველი ქვეყნის || არაფერი არ დაგრჩენია,
მაშინ გაიგებ რომ || ევროპის კოშკებს და ცამწვდენს
მე ეს უბრალო || ჩვენი სახლი რათ მირჩევნია?

ნეპ. 

ის მაშინ მოდის ჩემთან ოთახში,
როს გულსაკლავი წვიმები ასხამს;
და მის უბრალო ქუდის მოხდაშიც
ვგრძნობ, ჩემნაირი გული აქვს მასაც.

დაჯდება, მეტყვის: – მოვიდა წვიმა,
შენთან მსურს მოვკლა მძიმე წუთები;
ნეტავ სად გაქრა რაც იყო წინათ,
რამ მომიდუნა ყველა კუნთები!

ვხედავ დღეები სიჩუმით კვდება,
შემოხვევიათ ცისფერი ნისლი;
ნუ თუ ამისთვის ვიბრძოდით მტერთან.
ნუ თუ ამისთვის დავღვარეთ სისხლი?!

მოურჩენელი ჭრილობა გულის,
ისევ გამეხსნა, ისევ ვწვალდები...
რატომ დავტოვეთ ეს ნავთსადგური,
თუ აღთქმულ ნაპირს ვერ მივაღწევდით.

ჩუმდება, უცქერს ფანჯრის მინაში
აკანკალებულ ფოთლებს ვერხვისას;
მე ვფიქრობ, ხშირათ მსხვერპლის წინაშე
გაინაბება წუთით ვეფხიცა.

მსხვერპლს კი ჰგონია, საფრთხე შენელდა
და სანავარდოთ ახალ გზებს არჩევს;
ვეფხი – ვეფხია, მოულოდნელათ
მსხვერპლს მაინც დასცემს გაბასრულ კლანჭებს.

1926 წელი.

No comments:

Post a Comment