Sunday, July 16, 2017

ახალი წიგნები


1) მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი – “ისევ შენამდე” (ლექსების კრებული), თბილისი, “საქართველოს მაცნე”, 2017;

2) ფრიდრიჰ ჰიოლდერლინი – “ემპედოკლე” (ტრაგედია, თარგმანი გერმანული ენიდან), თბილისი, “Carpe diem”, 2017.

მათი შეძენა შეიძლება წიგნის მაღაზიებში – ლექსების კრებულისა მაღაზიაში რუსთაველის # 16 (რუსთაველის თეატრის შესასვლელის პირდაპირ), ხოლო “ემპედოკლესი” – როგორც ამ მაღაზიაში, ისე “ბიბლუსის” ქსელის მაღაზიებშიც.


ქვემოთ მოვიყვანთ გამომცემლის მცირე ანოტაციას ჰიოლდერლინის “ემპედოკლეს” შესახებ და ასევე პოეტისა ფოლკლორის მკვლევარის ბატონ კობა არაბულის წინათქმას კრებულისთვის “ისევ შენამდე”.

ანოტაცია 

კლასიციზმისა და რომანტიზმის ზღვარზე მყოფი დიდი გერმანელი პოეტის, ფრიდრიჰ ჰიოლდერლინის, ტრაგედია «ემპედოკლე» (1800 წ.) ეძღვნება ძველ ბერძენ მოაზროვნესა და სახელმწიფო მოღვაწეს, პოეტსა და მკურნალს, ემპედოკლეს (483-423 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე), რომელიც ლეგენდის მიხედვით გავარვარებულ ეტნაში ვარდება და ამით ის ერწყმის ბუნებას, კვლავ უბრუნდება ბუნების წიაღს, კვლავ აღადგენს ადამიანისა და ბუნების ერთიანობას.

თუმცა ჰიოლდერლინი ძველი საბერძნეთის მონატრებას შეუპყრია და ანტიკურ ფორმებს ირჩევს, მაგრამ ლირიკული დრამა პოეტის თანადროულია. ნაწარმოები აგებულია პირად განცდებზე და რომანტიკული ფილოსოფიის საფუძვლების თანაზიარია. პოემის შინაარსი სოციალურ-ზნეობრივი კონფლიქტის ფონზე ვითარდება და იხატება სიძულვილისა და სიყვარულის ურთიერთდაპირისპირება.

თავად ფრიდრიჰ ჰიოლდერლინი «ემპედოკლეს» თავის მთავარ ნაწარმოებს უწოდებს; მთავარი გმირის სულიერი დრამა პოეტისთვის ერთგვარ თავშესაფარს წარმოადგენს, რომელსაც სუზეტე გონტარდთან – დიოტიმასთან ურთიერთობათა გაწყვეტის შემდეგ განმარტოებულად ერთ თვეში ასრულებს. მკითხველის წინაშე ნაწარმოები მრავალი ასპექტით იშლება, რომელთა ამოხსნაც საკმაოდ რთულია.


წინათქმა 

“ისევ შენამდე” – ასეთი სახელდება აქვს ამ ლექსების წიგნს, რომლის ავტორიც გახლავთ მარიამ ქსოვრელი.

როგორც კამკამა მდინარეში შედიხარ და თევზების ჭერას იწყებ ქვების ქვეშ – ასეთი შეგრძნება გრჩება ამ წიგნის კითხვისას – მიჰყვები ლექსთა ჩუმ მდინარეს და ვეღარ გამოდიხარ...

* * *

ქრისტეს მოწაფენიც მეთევზენი იყვნენ, რომელთაც “თევზნიც” გამოჰყავდათ წყალთა წიაღიდან: სხვა კაცობრიულ საიდუმლოსთან ერთად. და, სწორედ ისინი იქცნენ ქრისტეს მცნებათ შემთვისებლად და პირველ მაცნედ...

შვიდი კარი აქვს ამ წიგნს, შვიდ სანთელს უნთებს უფალს მარიამ ქსოვრელი. ყველა კარი უფლისკენ იხსნება: “უფლისადმი”, “ჩვენი მეოხნი”, “მშობლიური”, “ლოცვა”, “ჭიდილი”, “დაკვირვებანი”, – (“შეგონებანი”, “სურათები”...)


* * *

მშობლების სიყვარულიც უფლის სიყვარულის ნაწილია; მარიამის სიტყვას ლექსად გადათქმულს – იმედისკენ, სათნოებისკენ, სიკეთისკენ მივყავართ... იგი მუდამ წინაპრებისკენ არის გადახრილი:

ძველ თაობებში გვიდგას ჩვენ სული,
და ეს სიცოცხლე – ეს ნაბოძვარი –
უნდა დავიცვათ, გადავცეთ შვილთა!..

მართლაც არ არის ადვილი “სიცოცხლის მოვლა” და “მოფრთხილება” – სამზეოზე მოსულთა მისიის შეცნობა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა! სწორედ ეს “გადაცემა” არის სიცოცხლის არსი და უწყვეტი პროცესი:

ეს ჩუმად მეტყველ უფლის წიაღში
დავანებულთა კრთომაა თბილი...
ბუნებრივად მიწად ქცეულნი –
სულნი წარსულნი –
აწ უმოქმედოდ – ძველი ქმედებით წარმოსახულნი...

- - - - - - - - -

თანდათან ვხვდები –
წინაპართა სათუთი ლოცვით –
ჩვენ აქ მოვსულვართ...

უფალია შემწე და დამძლევი ჩვენი უმწეობის. უფლის წიაღში დაბრუნების მუდმივი ნეტარება გასდევს ამ “ლექსთა ხომლს”, ჯგუფად რომ კრთიან და “ბინდ-ბუნდობენ” მრუმე სივრცეში.

ეს ყველაფერი ჩვენ ყველამ ვიცით:
ძნელი არის გადასვლა იქით...
ჭირისუფალი ახლოს გრძნობს უფალს –
მით ითმენს ტკივილს...

წამსვლელთა და დამრჩენთა “ელეგიები”, გაზაფხული უფლის შემწეობის ნუგეშით გაფოთლილი...

განფენილია უფლის ქვეყანა
სამყარო მთელი...
ვიღაცა მიდის სამუდამოდ, რჩებიან შვილნი...


“შვილთა დარჩენის” – ეს მარადიული განცდა შველის სიცოცხლეს. და მარიამის ლექსებს არც ფილოსოფიური, არც მეტაფიზიკური ჭვრეტა აკლია. მის პოეზიას გასდევს მსუბუქი ნაღველი, როგორც მზიან ველზე ჩამდგარ ჩრდილებს.

დიდი ხანია რომ წესად მექცა
მარხვა, დათმენა და ლოცვა გულით...

მარიამი მართლაც ასეთია: იგი ითმენს და ლოცულობს, ლოცვით და დათმენით შემოდის ჩვენში, მისი თბილი, კეთილი სურვილები: გვეფერება მისი სულის ჰაეროვანი ნიმბი:

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი “ცრემლიანი წყალი” “ალტობს “მიწას გადაფოთლილს”, არც სნება და ავადობაა მცირედ ადამიანთა მიწიერ სახლში: მაინც:

კვლავ უფლის ქებად
და სიხარულის გამოვლენად გვიჩვენე თავი...

- - - - - - -

სხეულში შეჭრილ ავადობას ებრძოდი მედგრად
მრავალი ვნება გადაიტანე,
გამოხველ თმენით!..

ასეთია მარიამის შინაგანი “მე”. განსაცდელ დაძლეული და ადამიანურ ვნებათა ჭრილში თმენით ჩამდგარი... საკუთარი სიტყვით და ლექსით გაძლიერებული.

* * *

ახლა კვლავ პირველსავე სიტყვას მოვალ და თავში სათქმელს ბოლოში ვიტყვი:

მარიამ ქსოვრელის სამშობლო კავთის ხევია: დიდებული ისტორიული ხეობა: “შედედებული და ჩამთბარი” წინაპართა სამარხებსა და ციხე-გორებს შორის; ჯერ აკვირტული და მერე ჩამწიფებული ხილის ბაღებით: არეკლილი კავთის ხევის მოლივლივე მდინარე კავთურაში. აქ ძველი სახლები და სამაროვნები ისტორიის სუნთქვას გაგრძნობინებენ: და გეუფლება სამშობლოს მისტიური განცდა!..

როცა მარიამ ქსოვრელის ლექსები წავიკითხე, მაშინვე შატბერაშვილის “თვალადური ჭაშნიკი” გამახსენდა: ქართლური ენა, მისი სინატიფე, ბუნებრიობა და ხატოვანება, უბრალოება, მაგრამ სიმდიდრე: მარიამი სწორედ ამ ენაზე წერს: მას წინაპართა სულის და ლოცვის ნათელი ადგას:

მარიამი შესანიშნავი მთარგმნელია: როცა მის მიერ თარგმნილი ანგელუს სილეზილი და ჰოლდერლინი წავიკითხე: მაშინვე გავიფიქრე, რომ ეს თარგმანი შესრულებული იყო პოეტის მიერ! და კიდევ: მას სრულიად განსხვავებული სტილი ჰქონდა: რაღაც უცნაურად ბუნებრივი სინტაქსი და სიტყვათა შერწყმის მანერა – ისეთი უბრალო – ბალახი რომ ამოდის... ეს მაშინ კიდევაც აღვნიშნე...

აი, ახლა, როცა მისი პოეზიის წიგნი მიდევს წინ, გამახსენდა ის თარგმანი: პოეტის მიერ შესრულებული: და ისევ “თვალადური ჭაშნიკით” – შემკული მისი პოეზია.

მისი ეს ლექსები განათლებული, მლოცველი ადამიანის დაწერილია! – თითქოს შუა საუკუნეთა საგალობლებიდან მოწევნული, ძველიდან მოსული. იგი სრულიად განირჩევა თანამედროვე ქალთა პოეზიისაგან: მათ აქვს თავისუფალი ლექსის ბუნებაც და რითმული და რიტმული დინამიკაც.

თავისი სისუფთავით: მარიამის ლექსები თითქოს ბავშვის ნახატებია: მზეები, ენძელები... სახლები: ბოლი რომ ადის ლურჯად და სარკმელში მთვარე რომ იხედება...

მარიამ ქსოვრელის ლექსების წიგნი ერთიანი და მთლიანია: ხატის ხბოებს რომ გაუშვებენ მინდორში და ნაღვლიანი თვალებით შემოგყურებენ: ასე იხედებიან ისინი ერთად და ცალ-ცალკე... და გამშვიდებენ: შინაგანი “მოგურგურე” ემოციით...

ბევრი რამეა საგულისხმო ამ ლექსებში: ზნეობა, სული, სამშობლო, მშობლები... მასზე ფიქრი და განცდა: მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებით საგულისხმოა მოკრძალებული, თავმდაბალი ქალის სახე: რომელიც იხედება მისი ლექსების სარკმლიდან! – (მით უფრო ამ გენდერული პარანოიდული ეიფორიის ფონზე:)
ბარაქალა შენ, ჩემო ძვირფასო ნიჭიერო ქალბატონო!

კობა არაბული 
პოეტი
ესსეისტი, კინოდრამატურგი,
ეთნოკულტურათა მკვლევარი


No comments:

Post a Comment