Thursday, November 23, 2017

ქართლის მეფის თეიმურაზ მეორის პოეზიიდან



(ნაწილი I) 

დღისა და ღამის გაბაასება 

(ამონარიდები)

ვით ხელვჰყო აღძვრად სიტყვათა ვერ სიბრძნის ღირსმან სწავლობით,
ვერცა ღრმად გამომეტყველი რიტორებრ ენა მრავლობით?
ვბედავ კრძალვით და რიდობით გამოთქმად, ართუ მძლავრობით,
ვადიდებთ ერთარსებითა ჩვენ ღმერთსა სამბრწყინვალობით.

2
ესაიამ რა იხილა საყდართა ზედა მჯდომელი,
გარშეცულ ანგელოსთაგან დასნი ღვთის წინა მდგომელი,
ცხრა დასი წმინდა არსისა, გალობის ტკბილად მხმობელი,
გარუწერელად ძლიერი, უსაზღვრო, მიუწვდომელი.

3
მე უსწავლელმან ვითა ვსთქვა აწ შესხმა სამებისანი?
მის სიმაღლესა ვერ მისწვდეს სრულ ბრძენნი ხმელეთისანი:
რაც მეძლოს, მით ვსთქვა, ვით მესმნეს, წერილთა მოთხრობისანი,
სამხატოვნებით მონება, ერთუფლად დიდებისანი.

4
ანგელე, ზენათ ბრწყინვალე, ცანთ, ვისთვის მოივლინების!
ტომით დავითით მოსრულის ქალწულის მიმართ ინების,
ჰრქვა: „გიხაროდენ, ასულო! გთნავს, ართუ მოგეწყინების“,
ამისდა მომართ უბიწო ხმამაღლად გაცაჰკვირდების.

5
ხმობდა: „მეყავნ მე მსგავსადო შენისა ქადაგებისა!“
შეიწყნარა რა უხრწნელმან ცხოვრება უცხოებისა,
წამსვე მოვიდა მის ზედა სული ღვთის მოვლინებისა,
წმინდა ჰყო, მისცა ძალი და სიტყვისა დატევნებისა.

6
უაღრეს ცნობისა მიერ ორკერძო ბუნებითაო,
საზღვართა ქალწულებითა შობა იქმნების ღვთითაო,
 ესრეთ აგრილობს მას ძალი თვით გვამოვანი ჭკვითაო,
სიბრძნე და ძალი ღვთაების არს მისის სწორებითაო.

7
ვითარცა საღმრთო რაიმე თესლი უბიწოდ სისხლთაგან,
მისგან იშენოს ხორცნიცა უგიობელთა ნივთთაგან,
სულიერ კაცად სულიცა, სიტყვიერთ ხმათა მისთაგან,
გონიერ თბისა ჩვენისა პირველით მსგავსებითაგან.

8
არათუ თესლოვნებისა, არა ამგვარის მსგავსებით,
არამედ დამბადებლობის სახით არს ღვთისა ბრძანებით,
არცათუ მცირედ მცირედის შემატებისებრ სახებით,
წარმოაჩინა საღმრთოსა მუცლადღებისა ცხადებით.

9
არამედ მყის სრულ იპოვა, აწ სცანით საქმე მისანი!
თვით იგი სიტყვა ღვთისაჲ გვამ-იქმნა კაცებისანი,
არათუ პირველ გვამქმნილთ ხორცთ შეერთო სიტყვა ღვთისანი,
გარშეუწერლად მკვიდრ იქმნა ერთი ძე ღვთაებისანი.

10
რათა უხრწნელსა საშოსა მარადის ქალწულისასა,
მიიხვნა ჩვენი ყოველნი მას შინა გვამსა თვისასა,
ამისთვის მეყვსეულად მყის ხორცნი სიტყვასა ღვთისასა,
ხორცნი მყისთანად სულიერ მსგავს გონიერი თბისასა.

11
ვინაცა არა ლიტონად, კაცად გესმინა ხმა მისა,
ორად არსებად ვამტკიცებთ – რა ვსთქვა უამეს ამისა?
თაყვანს-ვცემ ძესა ღვთისასა, შობილსა მარიამისა,
ღმერთი და კაცი სრულქმნილი, თვით თანასწორი მამისა. 

12
ჩვენ ღმერთსა თაყვანის-ვცემდეთ სამების სამის თვითებით:
მამას უშობელს, ძეს შობილს, მამისა თანა დიდებით,
სულსა წმიდასა, გამოსრულს, მამისგან მოუწყინებით,
სამს გვამს ვქადაგებთ ერთუფლად, ღვთაებით, ერთ ხელმწიფებით.

13
მინდა აღმოვსთქვა მცირე რამ არა სიბრძნისა სადარი,
თუმცა დამცალდა სოფლისგან, ან დღე მომეცა სადარი,
არ მოგეწონოსთ, იკითხეთ: „ესე ნათქვამი სად არი?“
ვწერდი ცხენს მჯდომი, ვლაშქრობდი იქით და აქეთ, სად არი!

14
„დაბადებასა“ ვით დასწერს მხილველი ღვთისა მოსეცა:
„დასაბამად ქმნა ღმერთმანო ცა და ქვეყანა, არეცა,
განუმზადებელ იყო ეს, უხილავ, ვითა ღამეცა,
ბნელ იყო სულსა უფსკრულთა, თუცა ნათელი არ ეცა“.

15
სული ღვთისა წყალთა ზედა სამოქმედოდ იქცეოდის,
ბძანა ღმერთმან: „ნათელ იყავნ!“ – მასვე წამსა ნათელობდის,
ღმერთმან ნახა იგ ნათელი, რომელ კეთილ იქნებოდის,
გაჰყრის ღმერთი ნათელს ბნელსა, ცალ-ცალკეცა გამრჩევლობდის.

16
ნათელს უწოდა დღედ სამე, ეგრეთვე ბნელსა ღამეთა,
მოსე სწერს: „იქმნა მწუხრიო“, ქმნად კმარა ეს ერთ ჟამეთა,
განთიად იყო იგი დღე, პირველი რომელ ვწამეთა.
ღმერთი ზრახავდა პირისპირ, ჩვენ მისგან შევიწამეთა.

17
ეს არის გულის განზრახვა აწ ჩემი, რაც რომ არისო.
რადგან განწვალდა ნათელი და ბნელი შორის არისო,
დასდვა სახელი თავ-თავად, ამაზედ მოიხმარისო.
გავაბაასო დღე-ღამე დრო არის, თქმადცა კმარისო.

18
აწ დაიწყებს თეიმურაზ არ კახურად ტრაბახებსა,
ვინც ყურს უგდებს ამ ლექსებსა, ნახავს კაის სანახებსა,
შურს ჩაუგდებს დღე-ღამესა, ერთმანეთზე აჯახებსა,
ეს ვსთქვი მისთვის – დიდგუნებას მაინც სძრახვენ ჩვენს კახებსა.

პირველი ბაასი – დღისაგან თქმა: 

19
ახლა გამოჩნდეს დღე-ღამის ერთსერთზე უზესთესობა,
დღეს დაეწესა ნათელი, ღამეს – სიბნელის წესობა,
დღე ეტყვის: „დაბნელების ჟამს კაცთ აქვსთ წუხილით კვნესობა,
სინათლის მონატრულეთა ბაზმისთვის შექმნან კვესობა.

20
მოგითხრობ ტკბილის სიტყვითა, არ ძალით, არცა მხნეობით,
თქვა ღმერთმან: „იყავნ ნათელი“, სახელი დამდვა დღეობით,
თვით მისგან დაბადებული შენზე ვარ ბევრგზის მეტობით,
ღვთისაგან, არა არსებით, ყოფილხარ პირველ ბნელობით“.

ღამისაგან თქმა: 

21
„ღამე მოგითხრობ პასუხსა სიბრძნისა გულის ნაღები,
მართლ-მეტყვი, ნათლად დაგბადა, მე ვარ შავითა ნაღები,
რადგან განყოფით სახელგდვა, ამით მაქვს პირი ნაღები,
არ მეთქმის უდარესობა, ვარ ღვთისგან გამონაღები“.

დღისაგან თქმა: 

22
„გეტყვი ნათელი ღამესა: შენს ამხანაგად მზევ რათა?
დიდი ცთომილი მნათობი დღეს დაებადა მზერათა,
როს აღმობრწყინდეს ქვეყანად, დაიწყებს ჩამომზერათა,
მაშინ გამოჩნდეს სწორობა, მაჯობებ, თუმცა ვერათა?!“

(შემდეგ საუბარია ძირითადად რელიგიურ საკითხებზე, რომლებსაც აქ გამოვტოვებთ და ისეთი თემების გადმოცემას გავაგრძელებთ, რომლებიც მაშინდელი ქართველობის ცხოვრებას, წეს-ჩვეულებებსა და ზნე-ხასიათს შეეხება)

ა ქ ა | ს ა მ ა რ თ ლ ი ს | ა მ ბ ა ვ ი

დღისაგან თქმა: 

430
„დღისითა, ბნელო, მსაჯული დაჯდების სამართალშია,
ნეტარ არს სწორედ გამგენი, მართალს არ გარევს ბრალშია,
ავს მოსამართლეს, მდივნებსა, ვინც გაერევა ქრთამშია,
ეშმაკის ხელში ჩაცვივდენ, იწოდენ ცეცხლის ალშია.

431
თვით ღმერთი სინჯავს მსაჯულის სამართალს სწორეს მას დღესა,
არ უნდა უდგეს მდიდარსა, საქმეს იქმოდეს სწორესა,
ობოლთ-ქვრივთ შემაწუხებელთ სჩაგრავდეს უუმძლავრესა,
ერთმანერთისა ავობა სამართლით უნდა გაწმდესა.

432
ბევრი ქურდობა და სიძვა, რამდენი ქმნილა ბნელობას,
სისხლი უბრალო კაცისა დათხევით მისცენ მკვლელობას,
დღისით ამაებს სამართლით გაწმიდენ ახალს ძველობას,
ღამევ, შენ რას იქმ ამგვარსა, დღე ვიქმ ამ შუღლთა მშლელობას“.

ღამისაგან თქმა: 

433
„დღეო, რას მოჰკვეხ, მსაჯულმან დღითა ქმნას სამართლობანი?
დღისით იქმნების ჩხუბი და ყოვლფერი ავკაცობანი,
შური ასტყდების ღვინისგან, რა შეიქნება თრობანი,
დღით მოვა, დღითვე განწმდება, ეს არის სწორე თხრობანი.

434
ჯერ ვთქვა, ცოტა რამ კაცთათვის, ღამით რაც ჰქონდეს შვება-და,
ვით შვრების მუშაკობითა დღისითცა, იღალება-და,
მზე ჩავა, შინასკენ წავა, ვახშამს სჭამს, ექმნას ნება-და,
ღამით დაწვების მაშვრალი, ძილი აქვს მოსვენებადა“.

დღისაგან თქმა: 

435
„რას ამბობ, როგორ დარჩების კაცი ძილით და წოლითო?
ბნელო, მტყუნდები სამართლით, შენ მეუბნები ძალითო,
კაცი ვერ დარჩეს ხმელეთზე, თუ არ სჯით, მუშაკობითო,
რად ლაპარაკობ სულელად, ყმაწვილად, უჭკუობითო?

436
რა გათენდა, ყოვლი კაცი არის სახლის გაგებითა,
ღამით, ბნელო, მწუხარეა, სანამ იყოს ნათებითა,
რაც დღისით იქმს კეთილს კაცი სასმლის-საჭმლის სავსებითა,
დასხდებიან მხიარულნი წინა სუფრის დაგებითა“. 

ა ქ ა | მ ე ჯ ლ ი ს ი ს | ა მ ბ ა ვ ი

დღისაგან თქმა: 

437
დღისით იქნების განცხრომა, ლხინი და ნადირობანი,
გაღმა-გამოღმა თქარ-თქარი, ლიზღობა, კაი ზმობანი,
გალობის, სიმღერის თქმაზედ მეფეთგან გამცემობანი,
გულუხვად დარბაისელზედ იყოს მრავალი ძღნობანი.

438
ამოუშვებდენ შარდევანს, ბევრრიგ ასხემდეს აუზით,
ვინც სვამს დიდს თასებს, ეტყვიან: „მალ დალევს, ხელი აუზით“.
ნეტავი მას დღეს, ვინცა ვინ ხელმწიფეთ ახლოსა უზით,
თქვენ აივსებით საბოძვრით, ფლურით, აბაზით, აუზით.

439
ისხდენ მრავალნი მკვრელები, ერთმანერთს ტკბილად აბანოს,
ზედ თქვან ლექსები მიჯნურთა მით ცრემლით ღაწვი აბანოს,
თამაშად ზედან წამოდგენ ქალ-ყმანი მაღლა ა, ბანოს,
მუშაითს მისცენ ხალათი, ზედ წამოასხმენ აბანოს.

440
რამდენი რიგი ჭიდება იქნება ფალავნებითა,
 ძალით ვერ დასცენ ერთ-ერთი, მცდელია ბევრ ფანდებითა,
სხვის მოთამაშის მრავალთა მომსხმელი ჯამბაზებითა,
საბელზედ გავლენ კისკასად სიფიცხით, ფერხმალებითა.

441
ბაღშიგან წავლენ დღისითა, როს მოვა გაზაფხულიო,
შიგ დასხდებიან სალხინოდ, აყნოსებსთ ვარდის სულიო,
მრავალს ფერს უცხოს ყვავილთა ხედვენ, ეხაროსთ გულიო,
ბუჩქში იძახდეს ბულბული ტკბილად, ვარდისგან წყლულიო.

442
მოჰკრეფენ ყვავილს ხელითა, ვარდისას შეკვრენ კონებსა,
ვისაც სჭირს მისი სურვილი, ცრემლს დაღვრის, შეიქმს ფონებსა,
ვარდს გაუგზავნის მალვითა, ბროლს გულზე დასაკონებსა,
აწ შენ რას მომცემ პასუხსა, ამგვარსა დასაღონებსა?“

ღამისაგან თქმა: 

443
„მეც მომიგდე, დღეო, ყური, იყავ ჩემზედ დაცალებით,
ლხინსა ჰკვეხ და სიხარულსა, შენ ხარ, დია, თავის ქებით,
უზეშთაესს რამდენს მოსთვლი, მეჯლიშს ღამეს დაწესებით?
ბევრს რიგს დიდსა განცხრომასა – ღვთისგან იყოს მოსწავებით!

444
მეშვიდე საიდუმლონი მოცემით – ღვთისა ნებანი,
ღამით აღსრულდეს კურთხევით ყმა-ქალის ქორწინებანი,
რა მზადება არს წინათვე, ან მამათ, დედათ შვებანი!
ყოვლს სულს უხარის, მას დღესა არა აქვსთ შეჭირვებანი.

445
ქალს მიუტანენ წინათვე მისატანს შეძლებითაო,
ნიშნად მარგალიტს სინზედა დასდებს, წინ მირთმევითაო,
მიმრთმევი ქალს ზედ შეაბამს ლოყაზედ წამოკვრითაო,
შაქრის იარაღს მრავალსა წინ დასდგმენ ხონჩებითაო“.

ა ქ ა | ე რ თ ა ჭ ა მ ი ს | ა მ ბ ა ვ ი

446
დაჰპატიჟებენ სიძესა ჯერ უქორწილოდ, წვევათა,
რა მივა, ქალს რთვას დაუწყვენ სიძისა დასაწვევათა,
ვინც იცის უკეთ კეთება პირისა დასაშვენათა,
თვალ-მარგალიტი მოიღონ, ჯიღები დასარჭმელათა.

447
სამკაულითა მოკაზმულს ქალს დასმენ, დასხდენ სხვანიცა,
თუ სილამაზის იმედი აქვს, თავი მოსაწონიცა,
უსულიანსა ტანზედა ეშალოს ხშირად თმანიცა,
შემოიყვანონ მათ სიძე, იგ მისი შესაგვანიცა.

448
ჯერ დასმენ ყმასა პირისპირ პაშტა ხანს ჭვრეტად ქალისა,
თვით ქალიც ცდილობს შესვლაში ქმრისათვის შეკვრად თვალისა,
წუხს გული ყმისა საჯდომლად, გვერდს მდგომი ახლოდ მალისა,
მიართმენ სუფრას მოღებით ჭურჭლისა ახალ-ახლისა.

449
რა შეიქნება ლხილი და თასითა გარდალევანი,
ყმა ადგენს სერანს მიზეზით – ასე არს ზნე და ქცევანი,
კარში მიივლის, მოივლის, უნდა მზის გარდახვევანი,
შინ შევა, ქალთან გვერდს მჯდომი ფეხს ადგეს, იქნას წვევანი.

450
გარდაიყვანენ ქალისკენ, ყმა არს მადლის გარდამხდელი,
მზესა გვერდით მთვარეს დასმენ, იქნას მათი საწადელი,
ჯერ წყნარად ჯდეს ცოტას ხანსა ქალის ჭვრეტად შემხედველი,
მას უკანით დაწყნარებით გამოართვას ხელით ხელი.

451
თითზედ შეაცვან ბეჭედი, გამორჩეული თვალია,
მუხლს უდვას ვაშლი მურასა, ნატიფად განათალია,
ხელსა ჰკრავს ქალი, გარდიგდებს კდემამოსილი, მკრთალია,
კვლა იწვევს ახლოს დებასა, დაატკბოს კუშტად მწყრალია.

452
რა შეიქნება ლხინი და ღვინისა მომატებანი,
მუშაითთაგან კვრანი და ხმატკბილად ამღერებანი,
თქვან მუნასიბი ლექსები ყმისა და ქალის ქებანი,
სიძეს დაუწყონ ხუმრობა, მართ მისნი გასაბედანი.

453
ეტყვიან: „ქალსა თუ სწუნობ, ჩენა არა გაქვს, თვალშია,
თუ მორცხობით იქ, აწ ჩვენთან რად გმართებს მოყვრობაშია?
დასტური გინდა – მოგეცით მადლისვე გარდახდაშია!“
გაბედავს სიძეც მოხვევნას, აკოცებს, გახდეს მტლაშია.

454
ამაზედ ბევრსა იწყებენ თქართქრით სიცილებსაო,
თვით მოითხოვენ სასმელად დიდროანს სასმისებსაო,
ყმა სავსეს თასში ჩაიყრის ქალისა გიშრის თმებსაო,
მით დალევს ღვინოს, თმას გრძელსა ხელსახოცითა სწმენდსაო.

455
რამდენს იტყვიან ამაში გალობას, სიმღერეებსო!
ყმა ხვევნით ვეღარ გაძღება, კოცნასა გააბევრებსო,
გათენებისა მოჯრამდის ლხინსა რას ნახვენ, რეებსო!
ყმა ქალს ხელსახოცს შეუცვლის, ეკეროს მოქარგეებსო.

456
ქალსა აკოცებს, ადგება, წავა სახლს მოსასვენადო,
გათენდეს, ხალათს უგზავნის სიდედრი ჩასაცმელადო,
ჩაიცვამს, ფიცხლად მობრუნდეს მადლისა გარდამხდელადო,
დაეთხოვება, შინისკენ ცხენს შეჯდეს წასასვლელადო.

457
შინ მივა, მზადებას შეიქმს, შევა ქორწილის ფიქრებსა,
ყმას ჰკითხავს დედა რძლის ამბავს, იგი უზომოდ უქებსა,
ეტყვის: „მალ მიყავ ქორწილი, ნახავთ მის პირის შუქებსა!“
უკეთესი ვთქვა აწ ლხინი, დღეო, ვეჭვ, შეგაწუხებსა!

458
რაღას ვაგრძელებ ქორწილსა, ლხინსა და სიხარულებსო?
ყმა ემზადება სასწრაფოდ, თვალსა არ მისცემს რულებსო,
სახლის პატივად მიართმევს თეთრსა და ბევრსა ფლურებსო,
მოატანინებს ვაჭართა ფარჩებსა ზარდახშნულებსო.

459
დაუძახებენ მოყვრებსა ქორწილის წინა დღითა-და,
შემოიტანენ ფარჩებსა ფერად-ფერადსა თვლითა-და,
შაქრის იარაღს დაუდგმენ სტუმრებსა ხონჩებითა-და,
დასჭრიან ჯვარის საწერსა თეთრს კაბებს მაყრულითა-და.

460
სამჯერ იტყვიან მაყრულსა, სანამ დასჭრიდენ კაბებსა,
მკერვალს ჩააცმენ ხალათსა მას დღესვე, არ უქადებსა,
არიან სიხარულშია, თვისტომთა როგორც ჰმართებსა,
როს მოახლოვდეს ქორწილი, სიძეს ის დაამზადებსა.

461
ქალს შეიყვანენ აბანოს, დაჰბანენ თავსა, ტანებსა,
ვარდის წყალს ზედან გარდასხმენ, დააპკურებენ თავებსა,
გამოიყვანენ მას ტურფას დედოფლად მოსართავებსა,
წესია: მოამზადებენ, წარბებს უღებენ შავებსა.

462
მას ღამეს ხელის საღებლად დაულბონ ინა სადები,
ქალსა მოსტაცონ ხელშია მუჭითა წესად სადები,
იქ ყმას სამეფოს ულვაშსა უღებენ თავისი დები,
ეტყვიან ძმასა: „დღეს იქით დაგვევსო ცეცხლი სადები!“

ა ქ ა | ქ ო რ წ ი ლ ი, | შ ვ ე ბ ა | დ ა | ს ი ხ ა რ უ ლ ი

ღამისაგან თქმა: 

463
„გათენდეს, ქალის დედ-მამა მოაწვევს ბევრსა სულებსა,
თავადთა, დარბაისელთა, სულ მათსა სახლეულებსა,
პირსა დაჰბანენ დედოფალს, ფერსა წაუსმენ სულებსა,
მოაწყონ სამკაულითა, შვენოდეს ყელსა, გულებსა.

464
რაც იარაღი ქალისა წესია მოსართავადო,
სრულად შეასხმენ დედოფალს გულით ყელამდი, თავადო,
ოთხის ჯიღებით იალქანს აწყობენ სახურავადო,
მორთვენ და მოამზადებენ გვირგვინის საკურთხევადო.

465
ტანთა შემოსვენ სულ თეთრსა, ბრწყინვიდეს სამოსელია,
ტახტი შეუმკონ უცხოდა, სად ტურფა დასასმელია,
სხვანიც ბრწყინვიდეს ქალები, სჭვრეტდეს მათ მათი ხელია,
ვარსკვლავსა ჰგვანდენ შვენებით – მზე ახლად ამომსვლელია!

466
ვერ ვიტყვი მის დღის საქმესა, ენა მაქვს დასაღალები,
რას ეცდებიან მორთვასა ტურფა, ლამაზი ქალები!
იგ უებრონი მნათობნი ჩნდენ მზესთან მისათვალები,
ვითმც ედაროდენ ვარსკვლავნი? – მათგან ჩნდეს მთვარე ნალები!

467
მორთულნი ქალნი, ვით მზენი, წვეულნი ქალის სახლებსა,
მივლენ, დედოფალს უმკობენ, მას დღეს რაც ჰფერობს ქალებსა,
ზოგნი უწყობენ იარაღს, მუშკს სცხებენ, სულ ამბარებსა.
ქალი ზის წყნარად, უსულით, თავს ტურფად მოიხმარებსა.

468
პირბადეს ჩამოფარებით დედოფალს დასმენ ტახტსაო,
ვით წესად არის დადებით, გვერდით დაუსმენ მდადსაო,
ტახტს ქვევით დასმენ მხლებელთა, საზითოდ გასატანსაო,
მეერთაჭამეს ქალებსა დასმენ დედოფლის მხარსაო.

469
აწ მივიდეთ მეფესთანა, დროცა იყო აქამდიცა,
თავის მოყვრის მოხელეთა ყველას მისცენ ხალათიცა,
შემოყრილნი მეფესთანა ეჯიბი და მაყრებიცა,
გაგზავნიან მახარობელს, ჩქარად წავა, ვით ქარიცა.

470
რაკი ახარებს მისვლასა, ღვინოს მოართმენ თასითა,
თასსაც ჩაუდგმენ უბეში, ნასყიდსა დიდის ფასითა,
ხალათს მისცემენ მძიმესა, მხარს აუხვევენ ფარჩითა,
წამოვა სიხარულითა, იტყვის: „ვიშოვე გარჯითა!“

471
მეფის წასვლის დროს ასტეხონ ხმამაღლად თვით მაყრულები,
თქვან მუნასიბი ლექსები, ბრძენის რუსთვლისგან თქმულები.
ცხენს შეჯდეს, წინა გაუძღვეს, მარქაფა დაკაზმულები,
გვერდსა ახლია მაყრები, მიდიან მხიარულები.

472
რა მოვალს მეფე, დედოფლის სადა სამყოფი სრანია,
ღმერთს შეახვეწონ თვის ტომმან იგ ტურფა სიძე-სძალნია,
ქალთა შეექმნასთ ამება – ესმესთ მაყრულის ხმანია.
შევიდეს მეფე, მზის გვერდით ტახტი საჯდომლად მზანია.

473
ცოტა ხანს გამოშვებითა აღასრულებენ წესსაო:
ქალსა ჰყავს მამა ანუ ძმა – იგ ზე ადგების ფეხსაო,
წინ დაუჩოქებს ცალს მუხლზედ, ორს გამოართმევს ხელსაო,
ყმას ქალის ხელსა ხელშია მისცემს და აბარებსაო.

474
რა ხელს ჩაუთვლის მეფესა, გარდამხდელია მადლისა,
აღარ დაჯდების, არიან მაყრულთა მთქმელი მაღლისა,
ადგების მდადი, შეხვეწნით ძლივს ამყენები ქალისა,
ხელთ ეპყრას ტყავის სახელი მის უებროსა სძალისა.

475
წინ გაუძღვების დედოფალს, მოვლენ სად რიგი არია,
კარსა დაუხშვენ საყდრისას, ვით მათი წესი არია,
ბჭის მცველსა მისცენ მცირე რამ, გააღებინონ კარია,
რა შევლენ, მღვდელმან ქალ-ყმათა ხელთ მისცეს კელაპტარია. 

476
გაშლიან ხალიჩა-ფუჩსა, მას ზედა ფარჩას მძიმესა,
მეფე და დედოფალიცა უნდა მას ზედა იდგესა,
ეტყვიან ყოვლს სულს საყდარში: „მიყუდვით არვინ მიდგესა!“
უკურთხებს მღვდელი გვირგვინსა, ჯვარის საწერი მისცესა.

477
მათ გამოსთხოონ გვირგვინი დადგმის დროს მოლარესაო,
ცოტა თუ მისცენ, უწუნებს, მათ სიტყვას ეტყვის მრთელსაო,
უშუღლებსთ გაანჩხლებული, ვით ჰფერობს მოახლესაო,
ვერ გამოართმენ გვირგვინსა, სანამ არ მისცემს ბევრსაო.

478
გათავების დროს ღირს იქმნენ სიწმინდის მიახლებასა,
მღვდელი ორთავე კრძალვითა მათ მისცემს ზიარებასა,
აღასრულებენ აწ წესსა, ვით უთქვამს მამათ კრებასა,
დასდგმენ გვირგვინსა – წესად არს – სამს ღამეს გათენებასა.

479
აწ საყდრიდამე გამოვლენ ისევ მაყრულის თქმაზედა,
ხმალს ამოიღებს ეჯიბი, მიაბჯენს საყდრის კარზედა,
შიგ გაატარებს ორთავე ქვეშ ამოღებულ ხმალზედა,
გამოემართენ სრისაკენ, წყნარად მავალი გზაზედა.

480
რა მივიდნენ, ალაყაფის კარს დაუჭერს ყაფიჩები,
მეფეს სთხოვენ სათხოვარსა: „წესად არის, ამით ვრჩები!“
მათ უბოძებს საბოძვარსა, თეთრი მისცენ, არ ფარჩები,
მათ განუღონ კარი, შევლენ არ მაყრულის ნაყუჩები.

481
შევლენ სახლშია დედოფლის, დედა ტახტზედა მდგომია,
რა ნახავს სიძეს და ქალსა, მათ წინა წამომდგომია,
ორთავ ჩაუდებს პირს შაქარს, კიდეც მოხვევნის მდომია,
აკოცებს ორთავ, სიძეცა მადლისა გარდამხდელია.

482
მივლენ ტახტს წინა, ტახტისა მჭირავი იდგეს ძალითო,
დაუჭერს ასვლას; ეჯიბმან უჭვრიტოს ავის თვალითო,
მოხელეები ჩივიან: „მეფე აივსო ვალითო!“
მისცემენ, მეფეს ტახტს დასმენ, დედოფალს მდადით კრძალვითო.

483
პირის მეღვინე მას დღესა მეფის, დედოფლის ვინ არი?
შელოცვის დროცა მოვიდეს, ორნივე ვნახეთ წინარი,
მოიღონ თასი მათ უწინ ძვირფასად გასასყიდარი,
სინი დაუდგან, აწ მოვლენ ქალნი შვენებით მდინარი.

484
მიულოცვიდენ პირველად დარბაისელთა ცოლები,
ორ-ორნი მივლენ, გარდაგდონ ერთ-ერთის ღირსად ტოლები,
უსულიანი ტანითა, პირსპეტაკ, ვითა ბროლები,
რა გაათავონ ის, დასხდენ რიგზედა ჩასაყოლები.

485
შემოვლენ ჯერეთ მაყრები კაცისა, გინა ქალისა,
ცალს მუხლზედ დაიჩოქებენ გარდამგდებელი თასისა,
მას უკან მოვლენ თავადნი ორ-ორი დიდის გვარისა,
მისალოცავი ყველამან გარდაგდონ ბევრის ფასისა.

486
როს გათავდების მილოცვა, თასების გარდაგდებანი,
აჰკრეფენ პირის მწდეები, ორთავ აქვთ მისი რგებანი,
საერთაჭამოდ დამზადდენ ქალთა და კაცთა კრებანი,
ვითა ვთქვა ლხინი მის დღისა, განცხრომა ანუ შვებანი!

487
მეფეს გვერდს უჯდეს ეჯიბი, მაყრები წამოსხმულები,
დასხდენ ჯალაბთა პირისპირ თავადნი დაკაზმულები,
პირდაპირ მსხდომი ცოლ-ქმარი იყვნენ მკერდგამოსმულები,
საყურ-ჯინჯილი ვერ შეძრან ქალთა ყურზედა სხმულები.

488
რას ჩირახოვანს იქმონენ მას ღამეს ქორწილშიაო!
თამაშას ნახვენ ყოველნი მუშაკის სროლაშიაო,
დიდი ანგამა იქნების ქალსა და კაცებშიაო,
მასპინძელიცა ფეხს იდგეს სუფრისა მოსვლაშიაო.

489
მიართმევს სუფრას, რაც არის მის ღამეს შეფერებული,
მრავალი უცხო საჭმელი ბევრრიგად გაკეთებული,
თავით ბოლომდინ მიართვან, სუფრა აქვს ნოვაგებული,
სანთლებითა და ლამპრებით სახლი აქვს განათებული.

490
გაარიგებენ სუფრასა მუნ სახლსა დიდსა სეფესა,
მერიქიფენი მოართმენ თასებსა ღვინით სავსესა,
ჯერ დაილოცონ, პირველად დიდებით ღმერთი აქესა,
მას უკან: „გაუმარჯოსო!“ ეტყვიან ეჯიბს, მეფესა.

491
ასეა წესად ქორწილში ამგვარი გარიგებაო:
მიართვან ღვინო მეფესა, ხელში არ ეჭირებაო,
ეჯიბი ეტყვის მუნ მყოფთა: „მეფე თვით ილოცებაო!“
ღმრთოთა კაცთა დალოცონ, ერთმა თქვას „გამარჯვებაო“.

492
თვითო – ორ-ორის დალევით გამოვა პაშტა ხანია,
მეფეს ჰრქვან: „თასის მსმელობის დრო არის, პაემანია“.
თასი მიართვან მეფესა, ვინც უზის ახლოს ყმანია,
ორს ბოქაულსა ეტყვიან: „გააგეთ დალევანია!“

493
ეჯიბის პირით დაულევს მეფე ვინც ახლო ზისაო,
ხელჯოხიანი აქეთ დგას, ერთია იქით მხრისაო,
ეს ეტყვის, ულევს სახელით, ხმამაღლად იძახისაო;
„ამასა დაულიოსო!“ – ის მთქმელი სახელისაო.

494
ერთს რიგზედა გარდალევა ასე ჩავა ბოლომდიცა,
გვარიანი ხუმრობა და შეიქმნება თქარ-თქურიცა,
იტყვიან, თუ: „ვინცა იცით, დრო არს, ბძანეთ თქვენ ზმანიცა“.
ერთმანეთსა გაეზრახნენ, მათ დაიწყონ აწ თქმანიცა“. 

ა ქ ა | ზ მ ა | ლ ე ქ ს ა დ | თ ქ მ უ ლ ი

495
„მესამე ფეროვანებას მე ფეხის წადგმით ვპოვებდი,
ქალთა საამე ფერია წასმულსა დაუყოვნებდი,
თუმცა ვაამე ფერობით, ვარდივით აუყოვებდი,
შემეფერების ეს სიტყვა, აროდეს დაუყოვებდი.

496
დედო ფალის გახსნასა ვერა იქმს ობოლიაო,
სანამ და დისა შეყრასა ისმენდეს, გული სტკივაო,
ნაქორწინებას უსჯულოს ჰშველის ღვთისმოსავიაო,
ბაკურ თხევასა ვერ უდგა, არ ღვინის დამლევიაო!

497
ვხატე ეს არე, ჯიბით მაქვს ქაღალდზედ დახატულიო,
ეჯი ბინაზედ მიმყვანს, არ ვიყო დაღალულიო,
ეს გაამაყა რისათვის, ამით მეტკინა გულიო,
შემამაყარი სუნნელი, შენგნით ჩამედგა სულიო!

498
დავასხი, ვისაც უნდოდეს, ნელსაცხებელი თვზედო,
მასესხი ვინმე აწ ზმაცა, ვის იმედი გაქვს თქმაზედო,
საწოლს წაასხი, ვინემდის დაითრობოდეს სმაზედო,
მესხი ვინ არის აქ ცოდნით ზმასა და ხუმრობაზედო?

499
მაშ უქი ყოველთ შვენება, ვისაც აქვს ლამაზობანი,
მონათ ელიზღეთ ხუმრობით, შექენით სიცილობანი,
მე მიამა რა, ქალებო, დალევით ზარხოშობანი,
თქვენის ამარა ქართულის თუცა ვერ ძალმიცს თხრობანი!“

500
ერთს-ორსა დალევაზედა მათ დაასრულონ ზმობანი,
აწ არის დროცა წესადა ლხინზედა შაირობანი,
ვინც იცის, წამოაყენონ, მან აქოს მეფეთ ფლობანი,
წარმოსთქვას სიტყვა სიბრძნისა, მათ უქოს ხელმწიფობანი“.

ა ქ ა | შ ა ი რ ი ს | თ ქ მ ა

501
„თქვენმც სუფევთ, მეფევ, კურთხევით, ვით აბრამ მეუღლითაო,
მათებრ გაკურთხოსთ უფალმან, გამრავლდეთ შვილებითაო,
ორთავ მოგეცესთ დღის სიგრძე, გაცოცხლოსთ მრავლის წლითაო,
აწ შეგაბეროსთ ერთმანეთს თვით ღმერთმან წყალობითაო!

502
ვით უქმნა ღმერთმან ადამსა ევა მის ცოლად გვერდითა,
ადამ შეერთდა ცოლს თვისსა ხორცით და თვისთა ძვლებითა,
იყვენით მისებრ ღვთისაგან კურთხევით გაერთებითა,
ბოლოს დროს ადამს ცთომაში თქვენცა ნუ ემსგავსებითა!

503
დედოფლის ბრწყინვალებამან მზისა ციმციმი ანასო,
გიშრისა მშვილდით ისარი მეფესა გულსა მან ასო,
მეფესა მართებს სიამე – გვერდს უჯდეს იმისთანასო,
ასე შებერდეს მეუღლეს, ვით იოაკიმ ანასო!“

 ა ქ ა | გ ა ლ ო ბ ი ს | თ ქ მ ა

504
„აწ გათავდების შაირი ერთს რიგსა დალევაზედა,
ააყენებენ მგალობელს, ვის თავი მოსწონს თქმაზედა,
იტყვიან ჭრელსა საამოდ თასების დალევაზედა,
მისცემენ სამგალობოსა, დასრულდეს ტკბილსა ხმაზედა.

505
გაათავებენ გალობას მაღალ-დაბლისა საბანოს,
ვით წესად არის, მოართმენ აქ მდადსა ხელის საბანოს,
ფარჩებს რა ნახავს, იგ იტყვის გულში: „შევკერავ საბანოს“,
მუშაითები დაუკვრენ ერთმანერთისა საბანოს.

506
როს მობრუნდება თასები, ერგების თავის მსმელებსა,
ეტყვიან: „თქვითო, დრო არის, ვინც იტყვით დასდებელებსა!“
ააყენებენ მცოდნესა, გამორჩეულსა მთქმელებსა,
მოახმარებენ კარგებსა მობანეს, მომძახელებსა.

507
ნიადაგ რიგზე თასებსა დალევენ სიმღერითაო,
ოთხს-ხუთსა ჩაურიგებენ ამ რიგად დალევითაო,
მეექვსეს თასზედ – წესად არს – წამოიჩოქონ ზნითაო,
დალიონ ასე, თავის მსმელს ჰრქვან, თუ: „გაამოსთ სმითაო!“

508
ყველანი ასრე დალევენ – „გაამოსთ“ – უთხრან მსმელებსა,
დედოფლის პირის ახდის დროს მოასხმენ მოხელეებსა,
მეფე უბრძანებს ეჯიბსა, იხმარებს საქციელებსა,
ფეხზედ ადგების ეჯიბი, ხმლებსა დაადებს ხელებსა“.

ა ქ ა | დ ე დ ო ფ ლ ი ს | პ ი რ ი ს | ა ხ დ ა

509
„მდივანი მოდგეს ეჯიბთან, ორნივე ერთად წადგესო,
ნუსხით მიართვან სოფლები, რაცა მათ გულსა სწადდესო,
წაუკითხევდა მდივანი: „მეფემ მოგართვა აწ ესო!“
მათ აღასრულონ იმრიგად, როგორ ადრიდგან დაწესო.

510
წინ დაუჩოქებს ეჯიბი ორის შიშველის ხლმებითა,
პირბადეს ხლმითა ორჯელა აუწევს ჯერ დაშვებითა,
მესამედ ასწევს ბადესა, პირს აჰხდის გამოჩენითა,
მდადი ადგების, დედოფალს უკეთებს დაწყნარებითა.

511
თავს გაუკეთებს დედოფალს, როგორც მათ გულსა უნდესო,
პირის ახდითა ქალს ღაწვი ვარდივით გამოუჩნდესო,
მისი შვენება მეფესა დიდად შეფრფინვით უჩნდესო,
გამხიარულდეს აწ უფრო, გვერდს ჯდომა კვლაცა სურდესო.

ა ქ ა | ზ ი თ ვ ი ს | წ ი გ ნ ი ს | წ ა კ ი თ ხ ვ ა

512
„აწ სხვა დავიწყოთ, დრო არის წაკითხვა ზითვის წიგნისა:
არმოდგეს, წიგნი ხელთ ეპყრას, გამოჩნდეს ცოდნა მდივნისა,
მან წაიკითხის კარგგვარად წერილი ღრმისა სიტყვისა,
სულ ქალის მზითევს, რაც არის წიგნში, წაკითხვით იტყვისა.

513
რა გაათავებს წაკითხვას, დალევენ თასებს სავსესო,
ვის არ უნდოდეს დალევა, მეღვინეთ ძალით ასხესო,
მუდამ თასების რიგზედა იტყვიან ხმასა სამესო,
ჯდომით სმენ, მოურიგებენ ორსა, თუ გინა სამესო.

514
მას უკან მოინდომებენ ადგომას, ფეხზე საყენსო,
საქართველოში ვით არის წესად, დალევენ საყენსო,
დალევენ თასებს სავსესა, არგრძლად ხელშიგან საყენსო,
იტყვიან ტკბილსა სიმღერას, მის დღისა გამოსაყენსო.

515
რაკი დალევენ, თავ-თავის მსმელს აკოცებენ პირზედა,
რაც არის მსმელი, ყველანი ასე დალევენ რიგზედა,
ფეხზე გათავდეს დალევა, მოუმატებენ ლხინზედა,
ვისაც აქვს ცოდნა, გამოჩნდეს, ლხინს ნახავს მუნასიბზედა.

516
შუას ლხინს უკან თვით მეფე ადგების, გავა კარშია,
მარტო ეჯიბი იახლოს, სხვა იყვნენ შექცევაშია,
თან გაჰყვეს მასპინძელიცა სიძესა სეერანშია,
მალე შეიქცენ ისევე, მივიდენ, დასხდენ სახლშია.

517
კიდევ დალევენ თასებსა ყველანი სამსა რიგსაო,
მას უკან ადგეს ორ-ორი, ვინც იქით-აქეთ ზისაო,
თასებსა დასდგმენ ტახტს ახლოს, სვემდენ წინ დაჩოქილსაო,
უწინ მაყრებმან დალიონ, მერმე სხვათ დრო აქვსთ სმისაო.

518
წინა დაჩოქილს ყველანი დალევენ მეფის გარდა-და,
თვისს ალაგს დასხდენ ზარხოშნი, მათ ღვინის ძალი ადგა-და,
ურიგონ კიდევ სამჯერად, მეღვინემ სავსე ასხა-და,
ღვინის სმა ეყოთ; მეფისა წასვლის დროც მოახლოვდა-და“.

ა ქ ა | მ ე ფ ი ს | ა დ გ ო მ ა | დ ა | ს ა წ ო ლ ს | წ ა ს ვ ლ ა

519
„მემაყრულეთ თქვან რუსთვლისა მუნასიბები ქებისა,
ადგეს ეჯიბი მაყრითურთ, გვერთა მხლებელი მეფისა;
წავიდეს მეფე საწოლსა, მაყრული გადიდებისა,
მასპინძლები და სტუმრები, სხვა არ დამგდები სეფისა.

520
ქვეშ დაგებული მზად არის, ფეხზედ დგას მედოშაქე-და,
რა მივლენ საწოლს სათხოვრად, ქალმან მეფესა შეხედა,
არ დაზარდების სიძვირით მოხელე მოცემაზედა,
ფარაღათსა იქს აწ მეფე, ისწრაფვის დაწოლაზედა.

521
ახალუხზედა ქურთუკსა ჩაიცვამს იექლასაო,
დაჯდება, სანამ მოუვა, მოუცდის დედუფალსაო,
შევლენ მაყრები იქავე, კიდევ დალევენ თასსაო,
მეფეს უკანა იქ მსხდომნი სმენ ლხინით პაშტა ხანსაო.

522
ადგენ იქ მსხდომნი კაცები, სუფრა დაუგდონ ქალებსა,
დედოფალს ხვეწნით ცოტა რამ აჭამონ, სხვანიც ჭამებსა,
მათ სუფრა მალე აიღონ, არ ისხდენ ბევრსა ხანებსა,
მემაყრულეთ თქვან მაყრული, აწყობდენ კარგად ბანებსა“.

ა ქ ა | დ ე დ ო ფ ლ ი ს | ს ა წ ო ლ ს | წ ა ს ვ ლ ა

523
„წაიყვანენ დედუფალსა, თან მისდევენ ქალთა ჯარი,
მიიყვანენ, საწოლისა არ დაგულოს მეფემ კარი,
ქალნი შეჰყვნენ თამაშისთვის, ერთმანერთზედ შენაჯარი,
თამაშა და სიხარული ქალებისა ამ დღეს არი!

524
ქვეშსაგების ბოლოს დასმენ დედოფალსა მეფის პირსა,
ვითა ჰფერობს ქალსა წყენა, შეიფეროს, ცრემლით ტირსა,
თავს მოჰხდიან იალქანსა, გაწყობილსა, ძვირად ღირსა,
სხვაფერ მოჰრთავს დედა ქალსა, თავს დახურავს სუბუქ-მცირსა.

ა ქ ა | მ ე ფ ი ს ა გ ა ნ | დ ე დ ო ფ ლ ი ს | ტ ა ნ ს | გ ა ხ დ ა

525
მეფეს ეტყვიან: „მობრძანდი, დრო არის ტანის გახდისო“.
მივიდეს დედოფლის წინა, ცალს მუხლით დაუჩოქისო,
ორსავ ხელისა მაჯების ხრიკასა სრულად დახსნისო,
ზორტებს გაუხსნის კაბისას, მარჯვენას სახელს წაჰყრისო.

526
ქალთა გახადონ აწ კაბა, წყნარად მოჰკიდონ ხელია,
მეფე ხდის ორ ფეხს ჯორაბსა, ზედ მხარზედ გარდამყრელია,
მორჩების ამას, სიდედრთან მადლისა გარდამხდელია,
აიყვანს, მარჯვნით დაიწვენს, მას მიხვდეს საწადელია!

527
რა ქალნი ადგნენ, საწოლით გამოვლენ, იქნას ჯრანი და,
ყმამ ქალსა მისცეს საწოლად თვისი მარჯვენე მკლავნი-და,
ევედრებოდეს საუბარს, სუროდეს სიტყვის თქმანი-და,
ქალი ნაზობდეს, ჰრცხვენოდეს, არ აღძრას თვისი ხმანი-და.

528
რაც ქალნი იყვნენ, ყველანი – მასპინძელი, თუ სტუმრები,
საწოლს გარს შემოეხვივნენ, თვალთა არ მისცენ რულები,
უყურონ გათენებამდის, საცა არს მისაყურები,
არ მოისვენონ მას ღამეს, მით გაიხარონ გულები.

529
გათენდეს, კარში გავიდეს სიძე ტანს ჩასაცმელათა,
დაემზადნენ და ჰკაზმიდნენ ცხენებს შინ წასასვლელათა,
ქალს მორთვენ საცხენოსნოთა, ტყავ-კაბის წამომსხმელათა,
ტიროდენ ქალის გაყრისთვის, ცრემლი სდიოდეს ყველათა“.

ა ქ ა | ქ ა ლ ი ს | წ ა ყ ვ ა ნ ა

530
„მეფე შევა დედოფალთან, ცხენს მოასხმენ კარზედ სრულად,
მაყართ ცხენი ათამაშონ ჩუქებისთვის მხიარულად,
მეფე ადგეს, დედოფალი ააყენოს კარგმორთულად,
გამოსალმად ქალს ეხვივნენ, დედას ჰქონდეს გული წყლულად.

531
ესალმოდიან ტირილით, ეტყოდიან იმედს ქალსა:
„ნუ სწუხარო, მალ მოგიყვანთ, არ გაგიშვებთ დიდსა ხანსა!“
წესია – თან გაატანენ აწ ქალს მაყრად ერთსა ძმასა,
ხელს მოჰკიდებს, წყნარად შესვამს, მეფე ცხენზედ აიყვანსა.

532
შემოსძახებენ მაყრულსა მაღალს, ამოსა ხმასაო:
„წასვლა სჯობს წარმავალისა“ – ეს მუნასიბად არსაო,
წავლენ თქრიალით შინისკენ, არ მოეშალნენ თქმასაო,
ცხენსა არბევდენ ვაჟკაცნი – უყურონ თამაშასაო!

533
დედოფალს გაჰყვნენ მაყრები მეფეზე ერთი მეტია,
რა დაახლოვდენ სამყოფსა, კაცი გაგზავნონ ერთია
მახარობლადა დედოფლის – წავა მართ, ვითა შეთია,
მივა, ახარებს; მეფისა დედამ ადიდოს ღმერთია.

534
ხალათს მისცემენ მძიმესა, ფარჩით უხვევენ მხარსაო,
ღვინოს ასმევენ სავსესა, უბეს ჩაუდგმენ თასსაო,
წავა, მათ მიეგებება, მეფესთან იხდის მადლსაო,
დედოფლის მოსასვენებლად ჩამოხდენ ცოტა ხანსაო“.

ა ქ ა | ვ ა ჟ ი ს | ს ა ხ ლ შ ი | მ ი ს ვ ლ ა | დ ა | ი ქ | ქ ო რ წ ი ლ ი

535
„ქალი მათ მორთონ ხელახლა იალქნით ჯიღებიანი,
მას იარაღი შეასხან მარგალიტისა თვლიანი,
გვირგვინს დახურვენ თავზედა, ისევ არს პირბადიანი,
ცხენს შესვამს მეფე დედოფალს, შინ მიჰყავსთ მაყრულიანი.

536
მოაგონდეს რუსთვლის ლექსი, შემოსძახონ წამ ასია:
„მოიყვანეს იგ პირიმზე“ და შემდგომი ამისია,
მთქმელი არის მადრიელი მომძახლისა ბანისია,
ჩირახოანს დაანთებენ, დრო დაეცეს ღამისია.

537
წინ მიუძღვის ორთავ თვითო ჯვარის მტვირთვლად ბერებია,
ხელთ უპყრიათ დიდი ჯვარი – ამა დღისა წესებია,
მივლენ სამყოფს, გალავნისა ღია დახვდეს კარებია,
მეფე ცხენით გარდმოუხდეს და ჩამოსხდენ მაყრებია.

538
არ ჩამოხდების ჯერ ქალი, ისევე იჯდეს ზედ ცხენსა,
მათ არ მიართვან სანამდის, იგ ელის საავჟანდესა,
მდივანი დახვდეს მას მზათა, ნუსხები ეჭიროს ხელსა,
წაუკითხავს და მიართმევს სოფელსა ჩამოსახდენსა.

539
მეფემან ჩამოახდინოს ქალი პირმთვარე სავსები,
რა შევლენ კარის პირზედა, დახვდების ფეინდაზები,
კარიდამ მოკიდებული ტახტამდის შლია ფარჩები,
ზედ გაივლიან წყნარადა, უკან მისდევდეს ამღები.

540
ქალისა შათირობანი ვისაც აქვს მიცემულია,
ისი აიღებს ფეინდაზს, ტახტამდის ეგოს სრულია,
რაც შლია ფარჩა ტახტს, მძიმე ნაქსოვი მოფარდულია,
ფარეშთხუცესსა ერგება, ფარეშთაცა აქვს წილია.

541
რა მივლენ სეფას მეფისა, დედა დგას საჯდომს ტახტსაო,
ერთს მხლებელს თასით შაქარი ხელსა უჭირავს მზასაო,
მოეგებება მათ წინა შვილსა და თავის სძალსაო,
შეაჭმევს შაქარს ორთავე, აკოცებს პირსა, თვალსაო.

542
მეფისა დები წამოდგენ, ესალმნენ ძმასა, რძალსა-და,
ავა ტახტს მეფე, დაჯდების, მოისვამს დედოფალსა-და,
მდადი დაჯდეს და მხლებელნი, როგორც სხდენ ქალის სახლსა-და,
ვერ სჯობს მზე მას დღეს შვენებით მეერთაჭამეს ქალსა-და!

543
შეიქნების მილოცვანი, ვით ქალისა სახლში იყო,
გათავდების, მერიქიფემ ასაღებად ხელი მიჰყო,
თვით ეტყვიან ერთმანერთსა: „თეთრი თასი მართლა მიყო,
ჩვენ გვერგების ბარაქიან, ეს წყალობა ღმერთმან გვიყო!“

544
აწ მოიღებენ სუფრასა, საჭმელი მათ აქვსთ მზანია,
ის გაარიგებს, მეფესა თუ ჰყავს სახლშიგან ძმანია,
ფეხზედ დგას გარიგებამდი ძმა და მოხელე ყმანია,
მას უკან დასვას ისიცა – უნდა ძმას ძმისა თქმანია.

545
შეიქნას სმა და პურობა, ლხინი და უკუყრანიო,
მოჰყვნენ ლხინს წყნარად, რიგზედა, პირველად ითქვას ზმანიო,
მეორეს დალევის დროსა იწყონ შაირის თქმანიო,
მესამეს რიგსა თასზედა იქნების გალობანიო.

546
რაც იქნა ქალის სამშობლოს ლხინისა წესი, ქცევანი,
აქ უფრო რიგი მეჯლიშის გარდალევ-გარდმოლევანი,
მუდამ თასისა ჭერაში იყოს დასდებლის თქმევანი,
მას ღამეს ნახონ ლხინი და არ აქვს სიხარულს ლევანი!

547
დრო მოვა წამოჩოქისა, სვემდენ ღვინოსა სავსესა,
დალევენ ჩარიგებითა, ჩამოართმევენ თასებსა,
ქალსა აჰხდიან აქაცა წესითა პირის ბადესა,
ორსა ყულუხჩსა მიართმენ, ისევ იმ თავის სოფლებსა.

548
ვინც ზითვის წიგნის წაკითხვად დედოფალს მოჰყვა თანაო,
წამოაყენონ მეფის წინ, წიგნი კვლავ მოიტანაო,
ქვეშ გაუშლიან ფარჩასა, ნასყიდსა ვაჭართანაო,
ის წაიკითხავს გვარიან მოსაწონ ყველასთანაო.

549
დროც მოვა საყეენოსი, ყველა ადგება ფეხზედა,
ასე ასმევენ ზემდგომთა, თასს არიგებენ მსმელზედა,
გაათავებენ, თვის მსმელსა პირს აკოცებენ ზეზედა,
წინ დაჩოქილსაც ცოტას ხანს უკან დალევენ წესზედა.

550
რაც იმ სახლს ლხინი ინახა – ამ სახლში უკეთესია,
ქალისა გაყრა დედისთვის ბევრრიგად დასაკვნესია,
ვაჟის დედისთვის ქორწილი ამიტომ უამესია!
ქალიც შეუვა ოჯახში – იგ ამით უმეტესია!

551
რაღას ვაგრძელებ: მათა სვან, ვიდრე ქათმისა ხმობამდი,
მეფე წაბრძანდეს მაყრულით, მისდევდენ დასაწოლამდი,
ზოგთა სვან კიდევ თასითა ავსებით, იყოს თრობამდი,
ადგენ ბარბაცით, სიმთვრალე არ ეტყობოდათ ჯდომამდი!

552
კაცები კარში გავიდნენ, ქალები ვახშამს სჭამენო,
მალე აიღონ მათ სუფრა, ბევრს ხანს არ გაიყვანენო,
დაუძახებენ მთქმელებსა, სეფას კარს მოიყვანენო.
იტყვიან მაყრულს გაწყობით, დედოფალს წაიყვანენო.

553
თან მიჰყვეს დედამთილი და მულები გახარებული,
სხვანი ეხვივნენ გარშემო დედოფალს ქალთა კრებული,
მოვლენ მაყრულით, მზად დახვდეს საწოლის კარი ღებული,
შიგ შეიყვანენ ქალს, დასმენ, სად არის ქვეშ დაგებული.

554
როგორც რომ ქალის სახლშიგან, ისე აქ გახდის ტანსაო,
დაავლებს ხელსა აწ მეფე, თავის ცოლს აიყვანსაო,
მიიყვანს ქვეშაგებშია, დაიწვენს მარჯვნით მხარსაო,
ქალებმან ნახონ მას ღამეს – თამაშად მათთვის კმარისო!

555
რაკი დაიწვენს დედოფალს, ქალნი გამოვლენ გარედა,
გარს შემოერტყან საწოლსა, მოეცვასთ მისი არე-და,
ყურებაში ჰრქვან ერთამეთს: „მეც ვნახო, ქალო, მარე-და!“
ქალთათვის არის ის ღამე დიადი, გასახარე-და!

556
მას ღამეს მეფე ქალთანა იწვეს არ საქმის მქნელადო,
გათენდეს, კარში გავიდეს სხვას სახლს ტანს ჩასაცმელადო.
ქალიც ადგების, დროთ შევლენ მხლებელნი მოსართველადო,
მარგალიტს ქუდსა დახურვენ დილაზედ დასაშვენადო.

557
სადილსა სჭამენ ცალ-ცალკე, სუფრას მალ აიღებდესო,
ცოტას ხანს მოისვენებენ, საძილოდ დაწვებოდესო,
საღამოს დროსა დედოფალს მორთევდენ, მოამზადესო,
იალქანს ხურვენ გვირგვინით, არ აფარებენ ბადესო.

558
შემოსძახონ მაყრულები, რა შეიქნას დღეცა ბინდად,
შემოვიდეს საწოლს ქალთან, არ გასწყდება ხმაცა ტკბილად,
შუქი ადგეს დედოფალსა მზერავითა მოფენილად,
მეფე ადგეს, სხვას სახლს გავლენ, სადაც არის დაფენილად.

559
იტყვიან მაყრულს, წამოდგეს, თვით ვაჟი მოვა სეფესო,
დედოფალს დარჩენ ქალები, კაცი სულ ახლდეს მეფესო,
ცალკე სხდეს ქალნი და კაცნი, მას მესამესა ღამესო,
კაცთ ნახონ ლხინი ძლიერი, სვემდენ დოსტაქანს სავსესო.

560
ბევრს დალევენ მას ღამესაც, ღვინო ჭკვითა გაიყვანსა,
ადგეს მეფე, მემაყრულე თქმით სახლამდის მიიყვანსა,
მივლენ ქალთან და ეტყვიან საწოლამდის მოსაყვანსა,
მას მოჰგვრიან, გვერდს დაიწვენს, აღარ ხელით ასაყვანსა“. 

ა ქ ა | ქ ა ლ თ ა ნ | დ ა წ ო ლ ა

561
„აწე დრო არის ვსთქვა მათი შეყრა და შეერთებანი:
ყმასა რაც სწადდეს, ინებოს, არ არს ქალისა შვებანი,
აღარ მორცხობდეს სიტყვის თქმას, თავს მისცეს ბევრჯელ ვებანი,
ყმა საწოლიდამ გარ გავა – ასე არს დაწესებანი!

562
გამოვა, ფარჩას შეგზავნის მძიმესა არანასობით,
მხლებელნი შევლენ, ქალი წევს საბანწახურვით, ნაზობით,
გარდააშლიან ფარჩასა ლამაზსა, კარგსა ნახჩობით,
გამდელს ერგება ეს ფარჩა – ასეა დანაწესობით.

563
სამს დღეს იწვება თვით ქალი მდურავი თვისის ქმრისაგან,
მესამეს დღესა ადგების, თავს დახრის სირცხვილისაგან,
ქალის მაყრების გაშვება, – დრო არის – აქა ყმისაგან,
აწ გაისტუმრებს თავ-თავად, აავსებს საჩუქრისაგან.

564
ვთქვი გამოჩენით ამისთვის მეუღლეთ შეერთებანი,
წმინდა არისო ქორწილი – გვესმის წერილთა მცნებანი,
საწოლი შეუგინებელ, თუ არს ორთავე ნებანი,
ქრისტემ აკურთხა ორგზისვე, ამად აქვს ნეტარებანი.

565
მუნ კანას გალილიასა ქრისტემ ქნა სასწულები:
„წყალს ღვინოდ შესცვლის“ – გვაუწყებს სახარებაში თქმულები,
ქორწილში სასწაულიცა პირველი დაწყებულები,
მისთვის ვთქვი გამოჩენითა, არ არის დაფარულები.

566
ქორწილისთანა საამო დღე არ მოუვა კაცსა-და,
არ შეედრება მას სხვა დღე მის შვებას, სიხარულსა-და,
დღეო, მოგიყვე ამბავსა ამისთვის, გრძელსა თქმასა-და,
ღამითა მოვა ეს შვება, აწ გეტყვი სხვას ამბავსა-და.

567
რაც ქორწილში ზნეობასა კაცნი იქმენ ცხენითაო,
ბურთობა და ყაბახისა სროლა იქნას დღისითაო,
მისთვის დამრჩა, აღარა ვთქვი, არ იქნების ღამითაო,
აწ სხვა გითხრა, რაც რომ ვიცი, ვიყო თავის ქებითაო“.

ა ქ ა | ქ ა ლ ი ს | ო რ ს უ ლ ო ბ ი ს ა | დ ა | ძ ე ო ბ ი ს | ა მ ბ ა ვ ი

ღამისაგან თქმა: 

568
„როს ღმერთი კაცსა მოხედავს თავის მოწყალის თვალითა,
კაცს ცოლი დაუორსულდეს, ვითაც უნდოდეს გულითა,
ვაჟს, დედასა, დას, ვით მართებს, იხარონ სიხარულითა!
ქალის მუცელი გამოჩნდეს, ეზარდოს ცხრა თვეს სრულითა.

569
რა ხუთი თვისა შეიქნას, ქალსა მუცელი ეძრასო,
ცხრას თვემდის ზიდოს ყმაწვილი, მეშველის ფიქრი ექნასო,
მოჰგვრიან ერთს ქალს ბებიად, სანამ მუცელში ედვასო,
როსაც მუცელი ასტკივდეს, გარს ქალნი შემოერტყასო.

570
ქალის მუცლისა ტკივილში – ქმრისაგან წესი ის არი –
შევიდეს სახლში მშვილდითა, ოთხს კუთხესა ჰკრას ისარი,
თუ უჭირს საქმე ტკივილით – ესეცა წამლად ქმრის არი:
პერანგის უკან კალთითა ცოლის დამლევი წყლის არი.

571
გამოვა კაცი, ცოლისთვის წუხს, დაჯდეს სხვასა სახლსა-და,
დრო მოვა, ღმერთი შვილს მისცემს ქალს – ვაჟსა ანუ ქალსა-და,
მახარობელი მოვიდეს, კაცს შვილი ახაროსა-და,
ფიცხლავ ჩააცვამს ხალათსა, საბოძვრით აავსოსა-და.

572
ბებიას მისცენ მაშინვე, ფლური ჩაუდვან ხელადო,
მისცემენ ყმაწვილისათვის ჭიპისა მოსაჭრელადო,
მოსჭრის, ხელ მიჰყოფს, ხოჭიჭში ჩააწვენს მოსასვენადო,
ქალს დაუგდებენ ნაბადსა ქვეშ პირველ დასაწვენადო.

573
კაცი გზავნონ მახარობლად სამშობლოსა ქალისასა,
მივა ფიცხად, მათ ახარებს მორჩომასა შვილისასა,
მე ვერ ვიტყვი მათს ამბავსა მათის სიხარულისასა,
საბოძვარსა ბევრს მისცემენ მას საამოს გულისასა.

574
შვილი მიეცეს თუ გინა ღამითა ანუ დღისითო,
ძეობა, ლხინი ისევე გაიმართების ღამითო,
მენესტვეებსა მოასხმენ იქ დასაკვრელად სტვირითო,
ქალი და კაცი მუდამად ღამეს ათევდენ ლხინითო.

575
მესამეს დღესა ბინდის დროს ქალს შეაწვენენ ტახტზედა,
ბადეს მოქსოვილს კარავად ზედ გარდადგმენ თავზედა,
ქალნი მორთულნი კეკლუცად წამოდგენ მილოცვაზედა,
ჯერ მიულოცონ ქალებმა, კაცნი მზად იდგნენ კარზედა.

576
მას უკან შევლენ კაცები, მათ მიულოცონ რიგითო,
კარში გაასხმენ სალხინოდ, უთხრან: „დიდს სახლში მიდითო“,
გარეთ სხდენ სახლსა კაცები, შიგნით ქალები ჯიღითო,
რას ლხინსა ნახვენ საამოს, თუცა არ ითქმის სიტყვითო!

577
რაც იყო რიგი ქორწილში, ისრე გამართვენ მსმელობას,
არ დააკლებენ გალობას, არც დასდებლისა მთქმელობას,
ღვინოში შევლენ, იქმონენ ფერხისის დაუკლებლობას,
იქით და აქეთ ჩაებნენ, შემოსძახებენ ძეობას.

578
გარეთ გამოვლენ, ფერხისას შევლენ, სად ქალი წევსა-და,
იტყვიან გაღმით-გამოღმა, ააყოლებენ ფეხსა-და,
სიმღერით შიგნით შესვლასა დაჰპატიჟებენ მზესა-და,
არ დააკლებენ ძეობას, რიგი რაც არის წესადა.

579
რა გაათაონ ფერხისა, გამართვენ ერთაჭამასო,
დასხდენ ქალების პირდაპირ, არვინ დაიშლის ამასო,
შემოიყვანენ მესტვირეს, უკრვენ, ჩააბმენ სამასო,
მისთანა ლხინი უხარის ყმაწვილის დედას, მამასო.

580
დიდნი კაცნი შინა სხედან – მასპინძლები და სტუმრები,
სხვანი გარეთ ღამეს ათევს ფერხისითა მსახურები,
მხლებენლი და ახალგაზრდა, ვინც კარგია მომღერლები,
ღამით სამით, ფერხისითა ათენებენ თვით მთქმელები.

581
ცალგნით არის კაცის ხმანი, ცალგნით იყოს ქალებისა,
ძეობაში უკუყრა და ყოფა არის მენესტვისა,
სამაიაში ქალებსა იღლიაში უძვრებისა,
შაირს ეტყვის სამიჯნუროს, უკრავს, ახლოს უდგებისა.

582
თხუთმეტამდის ასე ლხინით იყვნენ ღამით განცხრომაში,
ქალს წამოსმენ ქვეშსაგებით ჭავლებისა დახურვაში,
მოიტანენ თეთრსა, თასსა, რაც გარდვარდა მილოცვაში,
ვინც ათივეს ღამე ქალთა, მისთვის სთვლიდენ გაყოფაში.

583
თეთრი და თასი ყველასა თავ-თავად გაუგზავნოსა,
ქალი არ ადგეს, ორმოცი სანამ არ გაიყვანოსა,
ეს შვება, სიხარული და ღამემან მოიყვანოსა,
აწ შენ თქვი, დღეო, ჩემმა თქმამ არამც რომ დაგაღონოსა“.

აქა დღისაგან თქმა: 

584
„ბნელო, თუმც გეყო ლიქნობა, ამ სიგრძე ჩემი თხრობანი,
მეცა მომიგდე აწ ყური, რა არის ცუდი მბობანი?
უდღეოდ მარტო ღამითა რით იქნას ქორწილობანი?
უჩემოდ როგორ მოხდების ქორწილი, ან ძეობანი?

585
დღისით მოხდების ქორწილის, ძეობის რაც რომ რიგია,
სანამ დაღამდეს, სულ მათი საქმე მე გავარიგია,
ლხინსა და გაჭირვებაში კაცისთვის ბევრი მირგია,
კაცის სიცოცხლე დღე არის, სიტყვაცა მათი იგია.

586
თუნდა ლხინი ღამით მოჰხდეს, ქორწილი და ძეობანი,
ბევრი სმა და გაუმაძღრად სიმთვრალე და ლოთობანი,
როდის იყოს, თუ არ დღისით, ვაჟკაცთ ცხენზე ზნეობანი?
გითხრა სროლა ყაბახისა, მოჭირვებით ბურთობანი“.

ა ქ ა | ყ ა ბ ა ხ ი ს | ს რ ო ლ ი ს ა | დ ა | ბ უ რ თ ა ო ბ ი ს | ა მ ბ ა ვ ი

587
„როდის იქნების ქორწილი ან სხვა დღეობა კარგიო,
ყაბახზედ ოქროს ვაშლს შესმენ ძვირფასის, იყოს ვარგიო,
კარგა დაკაზმულს ცხენს ისხდენ, ზედ არ ეკიდოს ბარგიო,
კურტაკინთა ვაჟთა თქვან: „სროლაში, მკლავო, მარგიო!“

588
ცხენს ისხდენ კარგსა, დაკაზმულს რახტითა, უნაგრითაო,
მძიმეს ნაკერის ორთუქით, ბუშტით და ყუთაზითაო,
ვაჟკაცთა ეცვასთ კურტაკი ბრტყელისა ზორტებითაო,
დაუწყონ სროლა ყბახსა მათ ცხენის ჭენებითაო.

589
ასე უნდა მას დღეს კაცმან ამ გზით სროლას ეცადოსა,
მკლავზე მშვილდი შემოიცვას, წელს ყოდალი გაირჭოსა,
ცხენი შეძრას, პირველ მშვილდსა ხელით ფეშრი მან უყოსა,
მერმე ყოდალს ხელი მიჰყოს, კილოს მაგრად დაზიდოსა.

590
უნდა მშვილდი დაზეული ცოტა ხანი გაატაროს,
ჩქარად მიდგეს ყაბახზედა, ცხენი აღარ დააზაროს,
ყაბახს მუხლი გააცილოს, მაშინ უნდა გარდიხაროს,
ესროლოს; თუ ჩამოაგდოს, თავის გული გაახაროს.

591
ასე უთქვამსთ: „მისვლა სჯობსო უფრო ჩამოგდებისაგან“.
თუ ორივ სჭირს, ხომ ისი სჯობს, უფრო იქოს ბევრისაგან,
სანამდის არ ჩამოაგდონ, არ მოეშვნენ სროლისაგან,
მას დღეს ღმერთი ვისაც მისცემს, მოხვდეს მისის ხელისაგან.

592
ვინც ჩამოაგდებს ოქროს ვაშლს, მიართმევს მეფეს წინადა,
ფიცხლავ ჩააცმევს ხალათსა თავიდამ ფერხამდინადა,
დაამზადებენ საბურთლად ვაჟკაცებს ჩოგანითა-და,
ცხენს კაცსა შეადარებენ წილისა მოღებითა-და.

593
ორად გაჰყოფენ, თვითოს მხარს თორმეტს იქმონენ კაცებსა,
მობურთალს კაცის თავზედა მას დღეს მისცემენ ფარჩებსა,
ზედ გარდაშლიან ფერადსა იქით და აქეთ მაყებსა,
მათთვის სასმელად შარბათსა თულუხით დასდგმენ სავსებსა.

594 მობურთლებს ბურთი შეუგდონ შუაზედ მოედანსაო,
იწყონ მოჭირვით ბურთობა, ცდილობდენ გარდახრასაო,
ზოგი სცემს შიგნით და ზოგი ნაპირს ურბენდეს მზასაო,
გამოუვარდეს გარს ბურთი, ეცადოს მოტაცნასაო.

595
მაშინ გამოჩნდეს, ვინც იყოს მაყამდის ბურთის წამღები,
ეცადოს დაბრუნებასა სხვა კაცი ხელის დამღები,
ხელუკუღმართა შემოჰკრას მაღალი, თავის სავლები,
რა დაუბრუნოს მას ბურთი, იქმნების გულის საკლები.

596
ვინცა იცის კარგად ტაცნა, ცხენის ყელს არ აცილოსა,
ასე უნდა გარდეხაროს, თავი აღარ აიღოსა,
ბურთი ჩოგნისა ცემითა მაყამდინა წაიღოსა,
ხელგარდაყოფით შემოკვრა ზნეობაში ჩაიგდოსა.

597
გამოჩნდეს სადაგის ცოდნა ჯრასა და ბურთობაშია,
ვინცა ამრიგად აბურთებს, იქნების ამხანაგშია,
რომელიც იქით და აქეთ გააძვრენს ბურთს მაყაშია,
ჯობნა ეს არის – გახევენ ფარჩებსა აღებაშია.

598
აიღონ თვითო თვითომან, ამხანაგს ვინც აჯობისო,
ცხენს აჭენებენ, იძახდენ: „მჯობი ვარ ამხანაგისო,
ჩვენ შევიქნებით წითლისა ფარჩით შემხვევი ჩოგნისო!“
ეს კი გათავდეს, სხვა რიგი ვთქვა ბურთის თამაშობისო.

599
ერთი არის სხვა ბურთობა რადრაბაგანს ეძახიან,
გადრის ბურთის უფრო ესე ზნეობაში ჩააგდიან,
ბევრს კი არა, სამს-ოთხს კარგსა მობურთალსა შეადრიან,
ოთხისათვის სათამაშოდ ბურთი მიწას გააგდიან.

600
ის არის, რომე ცხენმალეთ ბურთი აიღოს ჩოგნითა,
უნდა შეიგდოს მან მაღლა ცხენისა თამაშობითა,
როს ჩამოვიდეს, ხელფიცხად მიუხდეს კაის ცოდნითა,
რა ბურთი შეხტეს, შემოჰკრას ხელრადათ მაღლა ტყორცნითა.

601
ბურთი შეიგდოს, ეცადოს მერმე ფეშრების ქმნასა-და,
სანამ ჩამოვა, დაასწრებს ჩოგნისა შეგდებასა-და,
ჩოგნისა ქათალ-მალაყი კვრამდინა დაასწრასა-და,
ის ჩაუვარდეს სამჯერა, ზედიზედ თუცა ჰკრავსა-და.

602
ორი რადათა მესამედ უნდა წინ ამოკვრანიო,
უნდა დაასწროს ამოკვრას ქიჩილოვიას ქნანიო,
ესეები ქნას, შესძახოს „ჱეე-ჱევიას“ ხმანიო,
დასრულდა ეს ხომ დრო არის აწ სხვის ზნეობის თქმანიო?“

ა ქ ა | ა შ ფ ა შ ა გ ი ს | ს რ ო ლ ა

603
„ერთია კარგი ზნეობა: სროლა ვთქვა აშფაშაგისა,
პატარა დასვან ნიშანი ქაღალდის, ანუ რაცისა,
როგორც ყაბახზე მისვლა არს, მასზედაც ისრე არისა,
დაზევით მივა ცხენფიცხად, ხელმობრუნებით ესვრისა.

604
სხვა გითხრა კიდევ, მოედანს ცხენს როგორ გააჭენებენ:
ორს კაცს ცხენიანს – ერთს იქით, ერთს აქეთ დააყენებენ,
შუაზედ გზასა აგდებენ, კარს ისე გააკეთევბენ,
დასძვრენ ცხენსა, ჰკვრენ მათრახსა, ჯერ თავს არ დაანებებენ.

605
პირველ თავის შენახვითა ცხენი ყირით მიჰყვანდესა,
რა მივიდეს კარის ახლოს, იქ მათრახი კიდევ ჰკრესა,
გასარბენლად კარზედ ფიცხად ცხენს დააყრის სადავესა,
მესამეს ჰკრავს, კიდეც აზევს, რა რომ კარსა გასცილდესა“.

ა ქ ა | ი ს რ ი თ | ნ ა დ ი რ ო ბ ი ს | თ ქ მ ა

606
„ცხენზე ზნეობა კაცისთვის მისთვის სჯობს სხვასა შვებასა,
ვიმოწმებ ბრძენსა რუსთველსა, ვიტყვი მის თქმულსა ყველასა,
მაშინ გამოჩნდეს მოედანს, ვისძი უთხრობდენ ქებასა,
აწ გეტყვი ნადირობასა, ვაჟკაცთა გახარებასა.

607
ოდეს მოუნდეს მეფეთა გულზედა ნადირობანი,
კაცი გაგზავნონ ჯელგისთვის, დაუწყონ მოგროობანი,
სოფლეურთ შეჰყრის სწრაფათა გზირისა მაღლა ხმობანი,
შესხდენ, წავიდნენ მინდორად – წვრილად მწადს მისი მბობანი.

608
მოვიდნენ მინდორს, სადაცა ბევრი ჯერანი დგებისა,
გაგზავნონ ჯელგა ღამითვე, სულ გარე შემოერტყმისა,
გათენდეს, დარჩეს ნადირი, ალყას შუაზედ რჩებისა,
მეფე-ვაჟკაცნი დახარდენ, მესროლნი კარგ ისრებისა.

609
ზოგი დაუდგეს მართალს მხარს, ზოგნი წინ გარდამხტარსაო,
მართალი მხარი ის არის, მოუვა მარცხნივ მხარსაო,
წინ გარდამხტარსა მარჯვნისკენ მიაწევს ცხენის ყელსაო,
უნდა მიუხდეს, ესროლოს წინ გარდამხტარსა წამსაო.

610
წინ გარდამხტარსა ნადირსა კაცმან თეთრსა ჰკრა ისარი,
ზნეობითა და ცოდნითა ისპად სიკვდილი ის არი,
გარდააბრუნოს ყირაზედ, აღარ არბინოს ისარი,
ვინც მოჰკლავს ასრე ნადირსა, კაცის მიმცემი ის არი.

611
მართალს მხარსა მოსულს ჯერანს სჭირს ავჟანდის მიწოლა-და,
უნდა სადავე გაუკრას, თორემ დარჩეს ძუასა-და,
რა ცხენის ყელს გააცილოს, ხელი მიჰყოს სროლასა-და,
სამოსართვეს წინ არა ჰკრას, უკან უნდა თეძოსა-და.

612
სწორედ არ ერჭოს ისარი, ნადირს არ ჩაუგდებენო,
ვის რა მოუკლავს მას დღსა, მეფესა მიართმევენო,
რამდენი მოკლეს, შეიტყოს, დათვლასა დაუწყებენო,
მას დღეს რაც მოკლეს ნადირი, მდივნები სულ დასწერენო.

613
მინდორს რა გაათავებენ, ინადირებენ ტყეებსა,
უნდა დავარდენ სარბევსა, ზედ ისხდენ კაის ცხენებსა,
წინ გარდამხტარსა მართალს მხარს მეფე მათ დააყენებსა,
შემოუშვებენ ჯელგასა, ასტეხენ კიჟინაებსა.

614
მინდორს გავიდეს ნადირი ჯელგისა გაფთხობილია,
მათ აუვიდეს, ვინც არის სასროლად დადგომილია,
მშველი, ღორი და ირემი მათკენა ნახტომილია,
შეუტიონ და ესროლონ ისარი გაწყობილია.

615
ის ესვრის ისარს, ვინც რომე ცხენს კარგად გაუჭენებსო,
თუ ავს დროს ცხენი დაუძრა ნადირსა, დააშავებსო,
კიდეც გალახვენ ამგვარს კაცს, ზედ დაჰკვრენ ბევრსა ჯოხებსო,
ახლა სხვა ნადირობა ვთქვა თოფითა კლდესა, ტყეებსო“. 

ა ქ ა | თ ო ფ ი თ | ნ ა დ ი რ ო ბ ა

616
„სანამდის წავლენ სარეკლად, შინა დამართვენ თოფებსა,
წაასხმენ საბელადოთა კარგისა ტყისა მცოდნებსა,
მივლენ რა სანადიროსა, ჯელგას უშვებენ ბევრებსა,
ბელადს მისცემენ ორთავე – ჯელგას და მესახუნდრებსა.

617
წინ წაუძღვება ბელადი მეთოფეს შესაკრავადა,
საცა ნადირის ყელია, გაუსახუნდრებს კარგადა,
ჯერ დასხამს უფროს კაცებსა კარგს ალაგს, არა ავადა,
ჯელგას ჰყავს, ვინც რომ უჩინეს მათ ბელადები თავადა.

618
გაგზავნონ პირველ ჯელგიდამ მეიწვერიეთ კაცები,
ეტყვიან: „წვერ-წვერ მოჰყევით, უწინ ასტეხეთ ხმაები,
არ გაგივიდესთ ნადირი: ხარი ან ტახი, ვაცები“.
შემოუძახის ბოლოსა ჯელგამ ხმა გასაოცები.

619
მეიწვერიე უძახებს: „ხმა ასტეხეთ ჯელგამ ბოლოს!“
ბელადებმა კიჟინითა კაცნი ტყესა შეაყოლოს,
რაც ნადირი ტყეში არის, ვერცა ერთი დაემალოს,
მიუვიდეს მესახუნდრეს, თოფის ხმანი გაამრავლოს.

620
სახუნდრისა თოფი კაცმან ფიცხად უნდა ესროლოსა,
თუცა მოჰკლავს მორბენალსა, უფრო კარგად ჩაეგდოსა,
ჯელგამ თავიდამ ბოლომდის ის ტყე სრულად შერეკოსა,
ვის მოუკლავს, მას უხარის, ვინც დააცდენს, ეწყინოსა.

621
გაათაონ სახუნდარი, ვის მოუკლვს, მოაქვს მთელი,
ხელმწიფის წინ მოიტანონ ხარი, ტახი, გინა მშველი,
წინ დაუწყონ მათ ნადირი, ფიცხლავ მიჰყონ ლხინსა ხელი,
შინ გაგზავნის ნანადირევს, ვინცა არის ნადირთ მკვლელი“.

ა ქ ა | ყ ვ ი რ ი ლ ო ბ ი ს | ა მ ბ ა ვ ი

622
„აწ გავათავე ამბავი ჯელგითა ნადირობისა,
სხვა რიგის ნადირობისა მე ვარ მომდომე თხრობისა:
ენკენისთვე რომ დადგება, არის თვე შემოდგომისა,
ხარმან დაუწყოს ფურს დევნა, დრო ჰქონდეს ყვირილობისა.

623
წავლენ ვაჟკაცნი სასროლად, ნუზლი აქვსთ ერთის კვირისა,
სადა სადგურობს ირემი, ვლონ პირი კლდისა კიდისა,
მათ მიატანონ, სადაცა მუნ ხარი ხშირად ყვირისა,
სიფრთხილით წარვლონ მეთოფეთ ნაპირი ტყისა ხშირისა.

624
ადვილი არის სიკვდილი გალეშებულის ხარისა,
ვერას გაიგებს შეპარვას, გარინდებული არისა,
ფური გაუფრთხობს, აფრთხილებს კაცის შემკრავი თვალისა,
ხარსა თუ ფური არ ახლავს, კაცისგან მალ მოიკვლისა.

625
ოსტატი კაცი მალ ესვრის, თუ უნდა ფური ახლდესო,
მონადირისგან ხარზედა მას დღეს თოფის ხმა ასტყდესო,
რა შეედრება, ვინც მოჰკლავს დიდს რქიანს, თავს რომ ადგესო,
ამხანაგს მასრის კივილით შეატყობინებს: აქ ძესო.

626
ფიცხლავ ივლიან, მასრის ხმა რა რომ მათთანა გავა-და,
ივლენ, უშველენ ტყავებას, ხარს აჭრან თეძო, გავა-და,
თქვან: „თავი გავა მივართვათ, ბატონთან კარგად გავა-და,
წყალობა დაგვემართების, თუ არა – არა მგავა და“.

627
დაფანტული მონადირე ყველა შეკრბეს ყავლზედაო,
ვის მოუკლავს, მხიარულად იყოს გუნებაზედაო,
ტყეში ჭამას სიამოვნე აქვს, ღვინის სმა მწვადზედაო,
წინ რომ ხარის თავი ედვას, რა სჯობს, სვემდეს რქაზედაო?

628
იტყვიან მცოდნე ირმისას სამსა-ოთხს რიგსა გვარსა-და,
სხვადასხვა რიგი რქა უდგეს გამთავრებულსა ხარსა-და,
არ შეედრება მას სხვა რქა, ქორბუდიანსა რქასა-და,
მას უკან ამჯობინებენ სხვას რქასა ნებოანსა-და.

629
ეს გათავდა, აწ სხვას გეტყვი ბევრს რიგს ქურდულს ნადირობას,
ვინც ეწყობა ნადირობას, ტყეში წავა ამინდობას,
დილაზედან ინადირებს, მოისვენებს სადილობას,
სამხრობისას კიდევ წავა, შემოიცდის დაბინდობას.

630
ზამთარ და ზაფხულ კარგია ნადირობანი დილისა,
ზაფხულით წავლენ სათოფეთ, რა დრო დაეცეს წვიმისა,
მიწა არ იყოს დამბალი, ნადირს ვერ შეეპარვისა,
ფიცხობის დროსა ფეხისგან ნადირი გაიფთხობისა.

631
რა დადგეს გიორგობისთვე, ვაპირებ ამის მბობასო,
როგორც რომ ხარი ღრიალსა დაიწყებს ყვირილობასო,
ისრე იქს ტახი ნეზვზედა ზარსავით ხივილობასო,
წავლენ თვით მონადირები, ტახს მოჰკლვენ კეშილობასო.

632
როდესაც დადგეს ზამთარი, მოვიდეს თოვლი, ყაპყი-და,
წავიდნენ, თან წაიყვანონ მათ დაგეშილი ძაღლი-და,
მაშინ მიუშვან ძაღლები, რა ნახონ ღორის კვალი-და,
გაყვნენ კვალს ძაღლნი, ძებნითა წამოაყენონ ტახი-და.

633
გარს ერტყან ძაღლნი ყეფითა, ღორი მით დაიხუთების,
თან გაჰყვნენ კაცნი მსწრაფლ მრბოლნი, კისკასად გაჩაუქდების,
ძაღლსა უშველის სხვათ უწინ მალე სრბა, იგი უხდების,
თოფს უკრავს, ღორსა წააქცევს, ცხენიდამ გარდაუხდების.

634
მას დღსა თოვლზედ ღორებსა ბევრს მოუტევენ ძაღლებსა,
დაყენებულსა თოფს უკრავს, უწინ ვინც მიასწრაფებსა,
რა ნადირობა გათავდეს, წილი გაუგდონ კაცებსა,
მომკვლელსა თავი ერგება, ხორცი – სულ მონადირებსა“.

ა ქ ა | კ ნ ა ვ ი ლ ო ბ ი ს | ნ ა დ ი რ ო ბ ა

635
„აწ ნადირობა სხვა გითხრა მაისსა, თიბათვესაო,
ფური ირემი ხბოს დასვამს, მაისში მოიგებსაო,
ეწყობა მის დროს ჩალიანს და ელტვის სიმაგრესაო,
მგლის შიშით ხბოსა დამალავს, მარტოსა დააწვენსაო.

636
ფური დრო-დროთა მივიდეს, თავის ხბოს მოაწოვებსა,
გამოეცლება ისევე, მარტო თავს მოაძოვებსა,
მონადირეცა სათოფედ მივიდეს, რა იდროებსა,
სად ეგულება ჩალაში, ხბოსავით დაიკნავლებსა.

637
ეგონოს ფურსა უცილოდ, ხბო შემიჭამა მგელმანო,
მოატანს ფიცხად საშველად, მას ავნის ტყვიამ ცხელმანო,
ფეხის ხმა ესმის, ჩახმახი აზიოს მეთოფემანო,
მოკლას ამრიგად კნავილზე ხელფიცხად მესროლემანო.

638
არვინ იცის სხვას ქვეყანას, თუ არ კახეთს, კნავილობა,
კახეთშიგან შემოსულა ეს ამგვარი ნადირობა,
დღისით იქნას კაცისაგან ამ გზით ბევრი მოკვლელობა,
ამგვარს კარგსა ნადირობას კაცი დია გაეწყობა“.

ა ქ ა | ვ ე ძ ა ზ ე | ნ ა დ ი რ ო ბ ა

639
„ერთი კარგი ნადირობა თოფით არის ზაფხულისა,
მაშინ იქნას დრო იმისი პირველ მთვარის სიახლისა,
ნადირი ლოკს ყველა ვეძას, მოყვარული სიმლაშისა,
მონადირემ იცის, დროთა წავა მნდომი ნადირისა.

640
მივა, სულ დაჩხრეკს ვეძასა, ნახავს სად ბევრსა კვალსაო,
„ნდირს უვლია მლაშეზე“, – იტყვის, – „აქ მოცდა ხამსაო“,
ვეძაზედ ახლოს საყუჩსა გაუკეთებდეს კარგსაო,
შიგ დაუჯდება, ნადირმან ვერ ნახოს მისვლის დროსაო.

641
სანამ მიუვა ნადირი, უნდა სჭამს, უნდა სვამსა-და,
მოსვენებით ზის თავისთვის, თოფი გვერთ ედვას მზასა-და,
მოვა, დააცდის, სანამდის მლაშეში ჩაჰყოფს თავსა-და,
მაშინ შენიშნავს, იღლიას ესვრის თოფს, ფიცხად ჰკრავსა-და.

642
გათავდეს ეს კი, სხვა გითხრა ცოტა-რამ ნადირობანი:
გაზაფხულზედა მწვანის დროს, რა იყოს ჯეჯილობანი,
გავლენ საკურდღლად, მზე დაჰხდეს, დღემ შექმნას საღამობანი,
დაუსხდენ კურდღელს თოფითა, დაუწყონ ლოდინობანი.

643
გაუკეთებენ საყუჩსა ყანის ჯეჯილის პირსაო,
შიგ დაუჯდება მეთოფე, მომლოდნე კურდღელისაო,
საღამოს ხანსა გამოვა, თოფს ესვრის, მოჰკლევდისაო,
ეს გავათავო, სხვა გითხრა – შექცევა ფრინველისაო“.

(დასასრული იხ. ნაწილი II)

No comments:

Post a Comment